ხვედელიძე ბესო 

ყველა

 

(რელიგიურ- ფილოსოფიური მოთხრობა)

 

 კოკას აქვს პერიოდები, როდესაც ეღვიძება არაჩვეულებრივი განცდით, რომ ის – არც მეტი, არც ნაკლები, ერთდროულად ყველა ადამიანია: ანუ – ნებისმიერი და თითოეული, სადაცარგინდამყოფი – მკვდარი, ცოცხალი, კაცი, პირიქით, დიდი, პატარა, ჯერარშობილი...

ლოგინშივე ცდილობს კოკა ამის გამომწვევ მიზეზამდე მისვლას – წრიალებს, იხუჭება, თვალებს ისრესს, ამთქნარებს, მაგრამ არაფერი გამოსდის: უჩვეულო განცდა არაფრით ტოვებს და საშინლად აფრთხობს. იქვე გრძნობს, რომ არანაირი ზუსტი პასუხი ამ შეგრძნების წარმომავლობის შესახებ არ არსებობს და იქვე ხვდება, რომ ეს მდგომარეობა, ამ მოულოდნელ გარდასახვასთან დაკავშირებით ისევე ვერ მისცემს პასუხს, როგორც ვერც ერთი ადამიანი ვერ აუხსნის სხვას, თუ რატომაა ის ადამიანი, და არა, სიტყვაზე – არავინ. ამიტომ ბევრს არ ფიქრობს ხოლმე კოკა – უბრალოდ, დიდ ოთახში გადის და სარწეველაში მჯდომ ბებიას ეუბნებFა:

– ბებო, მე აღარ ვარ მხოლოდ კოკა!

– ჩადი, პური ამოიტანე! - აგდებულად პასუხობს ლუპით გაზეთს ჩაშტერებული ბებია.

– გაიგე, რა ვთქვი?! - ბრაზდებFა კოკა.

– ჯერ არ დავყრუებულვარ! - თავს სწევს ბებია. – ძველებური, ევროპული მოკლე თოფი!... ექვსასოიანი!...

– აბრეზი! - უხეთქებს კოკა: – კი არ გატყუებ... მართლა ყველა ვარ... სუყველა ერთად!...

– ვიცი... ვიცი... - ამშვიდებსსავით ბებია. – ცოტა მამაშენიც... ცოტაც - დედა... ბაბუაშენებიც... ცხონებული ლიდაც... ცოტაც მე და...

– ეგ ცოტაა... სუ-სულყველა-მეთქი!!

– ზანგებიც? - უკვირს ბებიას.

– ზანგებიც და ინდიელებიც! - ამბობს ხაზგასმით კოკა და ბებიას თვალს თვალში უყრის.

– ჩადი... ჩადი... – იქნევს ბებია ხელს. – ფული სერვანტზეა... სამი ცალი... და ერთიც შავი წამოიღე!...

– ჯერ რადიო მაქვს...

– მაშინ, მერე არ დაგავიწყდეს……...

მოწყენილი ბრუნდება ოთახში კოკა. აშკარა განცდა, რომ ისევ ყველა Fადამიანია ერთდროულად, მაინც არ ტოვებს. “არავინაც არაფერი არ იცის!” - ბრაზობს ბებიასა და ამავდროულად ყველაზეც, ვინც თვითონაა ამ დროს – სულ-სულ ყველაზე, მათ შორის საკუთარ თავზეც. მერე უცებ იკაზმება, ფულს ჯიბეში იდებს და სახლიდან გადის.

 

***

სადარბაზოს კიბეზე დაშვებისას, აუცილებლად მეზობლის ხორციანმკლავება, შავკაბიან ქალს უნდა გადაეყაროს კოკა.

– გამარჯობათ... - Fამბობს თავისთვის კოკა და ცდილობს ისე ჩაიაროს, ზედ არ შეხედოს მეზობელს, მაგრამ ამას ვერასდროს ახერხებს, რადგან ქალი თავად აყოვნებს ხოლმე.

– გაზზე იყვნენ თქვენთან?

– ვინა?

– გაზისკაცები – ვინა?! - ღიზიანდება მეზობლის ქალი. – რა გჭირს ამ ბოლო დროს, კოკა?!

მხრებს დაბნეული იჩეჩავს კოკა.

– მე არა მხოლოდ კოკა ვარ აწი, ნანული დეიდა...

ცბება ამის გაგონებაზე მეზობლის ქალი. ჯერ ფიქრდება. მერე ფართოდ ეღიმება და ლოყებზე ფოსოები ჭიპებივით ემჩნევა.

– ძალიან კარგი მერე, კოკა! არ იყო დრო თუ? თან რვის ნახევარია უკვე... მაგას რა სჯობს, ჩემო კოკა! როგორ გამახარე, თუ იცი, როგორ... არა, მაინც მითხარი, აი როგორ გრძნობ, ჰა?... მაინც როგორ ყველა – კორადო კატანიც?

– კორადო კატანიც და აბდულოვიც! - ამბობს ხაზგასმით კოკა და ხელებს განზე შლის.

მეზობლის ქალს თვალები უფართოვდება და აღტაცებით უკრავს ტაშს.

– არა, შენ მართლა არ იცი, როგორ მიხარია და ყოჩაღ, კოკა! ყველას ყველაფერს მოვუყვები, კოკა! ყველას ვეტყვი, რომ ეს შენ დაგემართა, კოკა და თეთრ კაბასაც ჩავიცვამ!

– დიახ...

– ალბათ მაგიტომაც გააძვირეს გაზი, არა? - მეზობლის ქალი გემრიელად უკოცნის ორივე ლოყას კოკას და მოკლე ნაბიჯით არბის კიბეს.

“...ყველა მინდა ახლა მე?” - ეკითხება საკუთარ თავს კოკა, ნოტიო ლოყებს ხელისგულებით იწმენდს და კიბეზე კისრისტეხით ეშვებFა. უცნაური შეგრძნება, რომ ერთდროულად ყველა ადამიანია ისევ, მაინც არ ტოვებს კოკას.

სადარბაზოდან ეზოში გამოვარდნილს თვალს ახლად ამოწვერილი მზე ჭრის და შუბლს აჩრდილებინებს. იქაც აუცილებლად სხვა მეზობელს უნდა გადააწყდეს კოკა – მარად შავებში გამოწყობილ მამაკაცს: ცალ ხელში მოღერებული ნაჯახითა და მეორეში – აფრთხიალებული თეთრი ქათმით.

წელში იმართება კოკას დანახვაზე მეზობელი და დაბლა უშვებს ნაჯახს.

– რაო, ამ უთენიას?

მისალმების ნიშნად ხელისგულს ანახებს მეზობელს კოკა:

– აღარაფერი ვიცი, ედიკო ძია...

და მეზობელსაც ამის გაგონება ძალიან სიამოვნებს:

– ძალიან კაი მერე!... ვინც იჩემებს – ვიციო, ზუსტად იმან არ იცის არაფერი!... რამე იცოდნენ, ეგრე კი არ იქნებოდა!...

– აბა? - ინტერესდება უგულოდ კოკა.

– ჩაიკეტებოდნენ!... დაიმალებოდნენ!... ყველაფრის დავიწყებაზე იჩალიჩებდნენ!...

პასუხად მხრებს იჩეჩავს კოკა.

– და ერთდროულად ყველა რომ ვარ?

ამის გაგონებაზე მეზობელს ნაჯახიან-ქათმიანად აჟრიალებს და თვალები უბრწყინავს.

– მაიცა, და ჯორჯ ბუშიც?

– ჯორჯ ბუშიც, რეიგანიც და მამამაგათებიც! - ამბობს ხაზგასმით კოკა და მეზობელიც უმალ ჰყვება:

– ვა, აბა ძმაო, შენ გაგიღვიძია, თუ გაგიღვიძია!... უჰ, შენ გაიხარე, კოკაჯან!... ეგ რა კაი რამე მითხარი, თუ იცი!... მოიცა, მაგიტომ დებდა ეს დამთხვეული წითელ კვერცხებს, არა? - ზიზღით დაჰყურებს თან გალურსულ ქათამს. – მეც არა ვთქვი, რა ამბავია?...

თავს თანხმობით უქნევს მეზობელს კოკა.

– აბა შენ თუ ყველა ხარ და აღარაფერი იცი, დაგვდგომია, ესე იგი საშველი და ეგაა!... აღსანიშნია ეს ამბავი, კოკა-ჩემო...

– არ ვიცი... არაფერი აღარ ვიცი...

– ახლა ამას წავაგდებინებ თავს... მერე ნანუჩიას შევაბრაწინებ... შუადღისკენ ასაღები ავიღოთ და მოვირთხათ ფეხი... მოვყვეთ რამე... რაც ვიცით და არ ვიცით...

“და არავინაც არაფერი არ იცის...” - ფიქრობს ამ დროს კოკა, თავს კიდევ ერთხელ აქნევს და ბნელი თაღის გავლით ეზოდან გადის.

ქუჩაში გამაყრუებელი ბზუილი დგას – სტაფილოსფერქუდიანები ელექტროხერხებით მსხვილ ხეებს ჭრიან. ხის ტოტები ლაწალუწით ცვივა ასფალტზე. “ცეცხლიც მაშინ მოიგონეს, როდესაც პირველი ხე გახმა...” - ახსენდება თითქოს საიდანღაც ამოკითხული კოკას და ამ გაუთავებელი ბზუილის ფონზე, მარჯვნიდან ჯერ თითქოს ცოცხების ქნევის, კიდევ უფრო შორიდან კი მამლის ხრინწიანი ყივილის ხმა ესმის.

 

***

შენობის კარის ანჯამები სევდიანად ჭრიალებენ. მარმარილოთი მოპირკეთებულ გრილობში მკაფიოდ ესმის საკუთარი ნაბიჯების ექო კოკას. ლიფტის გუგუნი ამშვიდებს, აწყნარებს, სადღაც თენთავს კიდეც. ცოტა ხანში ლიფტით ბოლო სართულისკენ მიექანება და გონებაში სართულებს ასეულებად ითვლის კოკა.

“სამასი…... ოთხასი... ხუთასი... ექვსასი... შვიდასი... რვაასი... ცხრაასი... ათასი...”

ლიფტი ჩერდება და კარები ხმაურით იღება. სტუდიის მოღიავებული კარიდან მაილს დევისის საყვირის ნაღვლიანი ხმა ესმის კოკას. ჯერ ყოვნდება და ინაბება. მერე ეღიმება და თვალები უწყლიანდება. ახსენდება, რომ ისევ ყველა ადამიანია ერთდროულად, მათ შორის მაილს დევისიც და ერთბაშად ამსუბუქებული სტუდიაში შედის. სტუდია რიჟრაჟის ფერებითაა სავსე. კუთხეში, გორგოლაჭებიან სკამზე ღამის წამყვანი თვლემს და სახეზე მზის ათინათი დასთამაშებს. თაროდან “ლედ ზეპელინის” კომპაქტს Bიღებს კოკა და ეთერში გასაშვებად ამზადებს. თან ჯიბიდან პაპიროსს იცურებს და უკიდებს. ოთახში მომწკლარტო სურნელი იწყებს ტრიალს. ბზრიალა სკამზე ჩამომჯდარი მუსიკას აყურადებს კოკა. საყვირBის ხმა ისევ ახსენებს, რომ კვლავაც ყველა ადამიანია ერთდროულად და მორიგ ნაფაზს არტყამს. ბოლს კაი ხანს იჩერებს ფილტვებში. მერე კუთხეში მთვლემარე ღამის წამყვანისკენ უშვებს და Bისიც უმალ იBფშვნეტს თვალს.

– ვა... როდის მოხვედი?

– მოწევ?

– კი... ახლახანს ჩამეძინა.

პაპიროსს კიდევ ერთ ნაფაზს არტყამს კოკა და ღამის წამყვანს უწვდის. ის ფეხზე დგება, პაპიროსს ართმევს და კბილებში იჩრის.

– რა ხდებოდა?

– არაფერი... რეკავდნენ...

– რაო?

– არ მესმის ამ ზანგებზე რატომ ირევიან...

– მაგათაც უნდა გაუგო...

– ვისა?

– დარვინისტებს...

პულტისკენ მიტრიალებული,B თავზე ყურსაცვამებს ირგებს კოკა და მიკროფონს ხსნის:

– დედაქალაქში ახლახანს შესრულდა დილის რვა საათი, საეთერო სტუდიიდან ყველას კოკა მოგესალმებათ. დილა მშვიდობის, ადამიანებო... იმედია, თავს საუკეთესოდ გრძნობთ რადიომიმღების სიახლოვეში, სხვანაირად არც უნდა იყოს – ეს “ლედ ზეპელინი” გახლდათ, ჩვენი შემდეგი სტუმარი კი წარმოგიდგენთ...

ოთახი ენერგიული სიმღერით ივსება. ყურსაცვამებს განზე დებს კოკა და ღამის წამყვანს უტრიალდება. ის გაღიმებული სახით დგას და სანახევროდ ჩამწვარ პაპიროსს უწვდის.

– აღარ მინდა... გავგიჟდები...

პაპიროსს ართმევს და ღამის წამყვანს თვალს უკრავს კოკა.

– სხვა რას შვები?

– არ ვიცი ცოლი მოვიყვანო, თუ თურქეთში წავიდე?

– ჯერ ერთი ქენი, მერე მეორე...

– ჯერ რომელი?

– ჯერ სახლში წადი და დაიძინე.

– სიმღერა თავდება.

ტრიალდება კოკა. კვლავ ყურსაცვამებს ირგებს. მიკროფონში ომახიანად ამბობს რამდენიმე ფრაზას. თან სიმღერას სიმღერით ცვლის და ყურსაცვამშეხსნილი ისევ ღამის წამყვანს უტრიალდება. ის უკვე კარებთან დგას.

– წახვედი?

– კი... და თავი რატომ გადაიხოტრე? – ეკითხება ღამის წამყვანი კოკას.

– გამამწარა.

– თმაამ?

– არასწორმა ცხოვრებამ.

– მერე?

– მერე დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ ყველა ერთდროულად ვარ...

– ეგ როგორ... სტენლი ტარენტაინიც?

– ტარენტაინიც და ბობ მარლიც...

– ვა... აბა შენ იცი!

ღამის წამყვანBი კოკას გამოსამშვიდობებლად ანახებს ხელისგულს. პასუხად პაპიროსს უკანასკნელ ნაფაზს არტყამს კოკა და ფართოდ ეღიმება. ღამის წამყვანი მიდის – ენერგიული მუსიკის ბურუსში გახვეულBი კოკა კი ფანჯრიდან ხელისგულივით გადაშლილ ქალაქს ხედავს. თითებს მაგიდაზე ათამაშებს და სიმღერის რიტმს აყოლებს. ამ დროს სელექტორიც ხრიწინებს.

– მოხვედი? - ეკითხებიან პირველი სართულიდან.

პასუხად თითს ღილაკს აჭერს კოკა:

– როგორა ხარ?

სელექტორი ისევ ხრიწინებს.

– ბედოვლათი როგორ დაგხვდა?

– არა უშავდა... რა ქენი?

– გავასხი, ამის დედა ვატირე...

– რომელზე?

– კალათბურთში ორი ნიჩია დაჯდა.

– გეუბნებოდი.

– შენა?

– მე კიდევ დილიდან ყველა ვარ ერთდროულად...

– მალადეც! რეკლამების გაშვება არ დაგავიწყდეს.

მზით განათებულ ქალაქს დილის ორთქლი ასდის. ბზრიალა სკამიდან წამომდგარი ფანჯარას უახლოვდება და იზმორება კოკა. დილის სიგრილე სასიამოვნოდ ელამუნება სახეზე. ცხოველი შეგრძნება, რომ ისევ ყველა ადამიანია ერთდროულად, მაინც წამით არ ტოვებს. სიმღერა სრულდება. სიგარეტს უკიდებს კოკა და ეთერში გასაშვებად სარეკლამო ბლოკს ამზადებს. ნელ-ნელა შუადღეც აბიჯებს სტუდიაში – შუადღე ცხელი, დამხუთავი, უჰაერო და პაპანაქება...

 

***

მორიგეობის დამთავრებამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი, ტელეფონი შეთქმულივით რომ იწყებს წკრიალს.

– გამარჯობა! - ესმის ყურმილში ასევე წკრიალა ხმა კოკას.

– დიახ-თ...

– როგორა ხარ?

– როგორ ვიქნები... - იწყებს და აღარ ამთავრებს კოკა.

– ... მე დიდი მადლობა მინდოდა მეთქვა ყველას მაგივრად...

– ...რაა?

– ალო!... არ ისმის?

– ... ვინ ყველას მაგივრად?

– რა ვიცი... დილიდან რადიო მაქვს ჩართული... და ერთი სიმღერაც რომ?...

– რომელი?

– აი ის... ყველას რომ უყვარს... ჯონ ლენონის... სათაურში “სთართინგ ოვერ” რომ ურევია.

დილიდან მოყოლებული პირველად უვლის კეთილი წინათგრძნობა კოკას. ჯონ ლენონის შეპირებულ სიმღერას სულ ბოლოსკენ უშვებს და მის ფონზე ყველას ემშვიდობება.

სიმღერას ყურადღებით უსმენს კოკა. ცდილობს, მასში მისი მთხოვნელის სახება იპოვოს. თითქოს პოულობს კიდეც. ისევ ცხადად იპყრობს შეგრძნება, რომ ერთდროულად ყველა ადამიანია. მერე თავს აქნევს და ფხიზლდება.

თავზე შემდეგი სმენა ადგას.

– რას ჰგავხარ?

– რას ვგავარ?...

– ნამეტანი კაი ეთერი გქონდა...

– დილიდან მგონია, რომ ყველა ადამიანი ვარ ერთდროულად... ბაია როგორაა?

– ძველებურად... ორ ღერ სიგარეტს დამიტოვებ?

– სამს.

– სამი არ მინდა... ერთი უკვე მოვწიე...

ისევ ლიფტით ეშვება პირველზე კოკა. ადმინისტრაციაში მდივნის მეტი არავინ ხვდება.

– სად არიან?

– ანძაზე წავიდნენ.

მდივანი გამოცარიელებული სახით ჩასცქერის კროსვორდს.

– ვაიმე, ხომ არ იცი, ფეხბურთის მეფე, პ-ზე იწყება, ე-ზე მთავრდება. Oოთხასოიანი!

– ოთხასოიანი? - ღიმილით ხვანჯარზე იხედება კოკა.

– დებილო! - ეუბნება მდივანი და თავს კვლავ კროსვორდში რგავს.

შენობიდან გამოსული ქუჩას ჭრის და ჩერდება კოკა. დრო თავზე საყრელად აქვს და აქეთ-იქით იყურება. მარჯვნივ მეტროს შესასვლელია. ხელმარცხნივ ქუჩა გრძელდება. პირდაპირ მიწისქვეშა გადასასვლელს აქვს პირი დაღებული. მეტროს შესასვლელისკენ ხალხის ნაკადი მიემართება. ქუჩაში უფრო კანტიკუნტად არიან – ძირითადად მაინც ჭრელაჭრულებში გამოწყობილი ტურისტები. “მართლა ყველა ვარ... ყველა ერთდროულად...” - ბუტბუტებს თავისთვის კოკა. მერე პირველივე სამარშრუტო ტაქსს უქნევს ხელს და მძღოლის გვერდით ჯდება.

– სარკეზე არ მომეფარო! - აფრთხილებს მძღოლი და კოკაც ვიწროვდება, საზურგეს ეყრდნობა. რადიოში საინფორმაციო გადის. აცხადებენ, რომ მსოფლიოში უკვე ორთავიანი ადამიანები იბადებიან.

“სად ვცხოვრობ... რეები ხდება...?” - ღიზიანდება თავისდაუნებურად კოკა და ქუჩას გაჰყურებს. გარბიან ხეები, სახლები, ნაგვის ურნები, გაზეთის ჯიხურები. ყველა და ყველაფერი ერთად.

სამარშრუტო ტაქსს სახლთან აჩერებინებს კოკა. აქ კვლავ ელექტროხერხების გულისგამაწვრილებელი ბზუილი დგას. ისევ ხეებს ჭრიან. იქვე მდებარე პურის მაღაზიაში შედის კოკა. იქაც, როგორც ყოველთვის – ამ დროს, არავინ ხვდება.

– ვერა! - აკაკუნებს დახლზე და აყურადებს.

თაროები შავი და თეთრი პურითაა გადავსებული. კედელზე პლაკატია გაკრული, რომელზედაც ყვითელი უდაბნო ჩანს. იქვე მინაწერია: “მე მქვია მიწა, რომელსაც არ მიჰკარებია ქუსლი და თოხი, სადაც არ დათესილა პური და სიმინდი, რომელიც არ გადაუჭამია სარეველას!”

– ვერა! - იმეორებს კიდევ უფრო ხმამაღლა და პურს თავად სწვდება კოკა. სამ თეთრსა და ცალ შავს პაკეტში დებს და ჯიბიდან ფულს იღებს. ზუსტად ამ დროს მაღაზიის საწყობის მიხურული კარი იღება და იქიდან საანგარიშოთი ვერა გამოდის.

– ვერა, სამი პური ავიღე, და ერთიც შავი... აგერ ფული!

გამყიდველი ფულს აცქერდება და სახიდან ღიმილი გადასდის.

– ვინაა შენი ვერა?!... ვერას მე ქმარი არ მეძახდა მე!! Pპირველი!... არც მეორე! ვერა გიორგევნა – ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომეთ ყველამ – შენც და იმ დანარჩენებმა!!

– ვინ დანარჩენებმა? – თავს იკატუნებს კოკა.

– ვითომ არ იცის?!... უყურე ერთი ამათ! არ გაუტოლეს თავი ყველას?!

“ერთხელ და სამუდამოდ...” - იმეორებს თავისთვის კოკა და ძალიან უნდა პურიანი პაკეტი დაუშვას გამყიდველს თავზე. მერე იქაურობა მიმოლეწოს და ისე გავიდეს მაღაზიიდან – თუმცა იქვე ახსენდება, რომ დილიდან ყველაა ერთდროულად და ბრაზიც უცებ გასდის. ალალი ღიმილით მიაქვს სახე ახლოს აფოფრილ გამყიდველთან და უცებ თვალებს ჭყეტს.

– ვერა გიორგევნა, იცით, დღეს ჩემი ხელისგულები – თქვენი ცხონებული თანამეცხედრეების ხელისგულებიცაა...

გამყიდველი მოულოდნელობისგან ადგილზე ხტის და სახეს ჭარხლისფერი უფარავს.

– რაო-რაო?!... - უღერებს კოკას საანგარიშოს. – დახე, ვის მიდარებს თავს ეს არანორმალური, ესა?! რეებს კადრულობ შენ, თუ იცი, რეებს?!

– ვერა გიორგევნა, დღეს მე სუყველა ერთდროულად ვარ... - პასუხობს მშვიდად კოკა და ისიც ამის გაგონებაზე საერთოდ ხევდება.

– ვანგაც? - უკვირს ხმის კანკალით.

– ვანგაც და კაშპიროვსკიც! - ამბობს ხაზგასმით კოკა და მაღაზიიდან ქუჩაში ძალიან სწრაფად გადის.

იქ ისევ ხეებს ჭრიან. ისევ ბზუილი. “ერთი წავა და სხვა მოვა...” - მოსდის თავში და ბნელი თაღის გავლით ეზოში უხვევს კოკა.

ეზოში თავმოჭრილი ქათამი ხტის. მისი მოჭრილი თავი კუნძზე დევს და უმწეოდ ასავსავებს ენას. შავტანსაცმლიანი მეზობელი გაბადრული შეჰყურებს ამ სცენას.

– უჰ, შენ კიდევ გღვიძავს? - იღრიჯება კოკას დანახვაზე. – ადი, ადი, ცოტა დაიძინე... თორე ძაან ბევრი ხარ აი... მერე ჩამოდი და რაც გითხარი, ისე... გადამრია ამ ქათამმა... ცოცხალი მკვდარი გინახია?... მეხუთე საათია ასე დახტის, არა ჩერდება... პურიც მოგიტანია... მე კიდევ ღვინო უკვე ჩამოვასხი... წითელი-წითელი – სუ სისხლივითაა... ამ ქათამმა კიდევ მართლა გადამრია...

– ვიცი, ედიკო ძია... უკვე ყველაფერს ვხვდები...

– ვა, მაშინ შენ იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ დღეს “რომას” დღეა, ჩელენტანო ვიყო...

– როგორ?

– უეჭველი იქს დვაა, შავ ტრუსებში თამაშობენ და კიდევ “ბადახოსს” მივყვები იქსზე – ეგენი ხომ თეთრი ფორმით სხვას ვერაფერს შვრებიან. მე და პატარა ჩორტიკა მკითხავთან ვიყავით... ერთიანებია: “მალმიო”, “პაოკი” და “მალათია.” აზრზე ხარ?... ყველა თეთრებში თამაშობს...

სადარბაზოს გრილ კიბეზე ისევ მეზობლის ხორციანმკლავება ქალი ეფეთება კოკას. ამჯერად ის ჩამოდის. ერთმანეთს რომ უსწორდებიან, ქალი ალმაცერად შეჰყურებს და თავს დანანებით აქნევს.

გაკვირვებული სახით ყოვნდება კოკა.

– ეჰ, კოკა-კოკა! როგორ გამანაწყენე, თუ იცი?... სად აღარ ვრეკე, ვის აღარ ვახარე... მომტყდა თითი... ყველამ მაინც ერთი და იგივე... სულ ყველამ... ტელევიზიებშიც კი ვიკითხე... ნიუსებშიც და ყველგან...

– რაო? - იყურსება ადგილზე კოკა.

– რაღა რაო?!... ეგ ხომ უკვე მოხდაო... ვიღას ახსოვსო... ერთი ამბავი იყოო... ხელისგულებიც დაუხვრიტესო... შავ მიწას მიაბარესო... ეჰ, კოკა-კოკა... ამხელა ბიჭი ხარ და სულ აღარ გრცხვენია... მე გავდივარ ორი საათით... სბერკასიდან დარეკეს... თუ მოვიდნენ, თქვენთან დატოვონ!

– რა? - ვითომ ვერ ხვდება ვერაფერს.

– მაჯლაჯუნები! - უცინის მეზობლის ქალი და კიბეზე ჩადის. – და სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ!

“ყველას ერთდროულად”... - ეფიქრება ლამის კივილით და სართულს სირბილით არბის კოკა.

“ვა... რა ვუყო?” - ეკითხება იქვე თავს და ცდილობს, აი აქ, საკუთარი ბინის კართან მდგომი მაინც მიხვდეს ყველაფრის მიზეზს – და მაინც არაფერი გამოსდის.

კარს აღებს, ბინაში შედის და ბებიას გასძახის კოკა:

– ბებ, მოვედი!! - მერე პურს საპურეში დებს და სარკეში იყურება.

ახალს ვერაფერს ამჩნევს – უბრალოდ სარკეშიც კი ატყობს თავს, რომ კვლავაც ყველა ადამიანია ერთდროულად.

– რატომ მომატყუე, კოკა? - ესმის ამ დროს ბებიას ძახილი. – აბრეზი არ გამოდის!... ძველებური, ევროპული მოკლე თოფი-მეთქი!...

“არ უნდათ და ნუ...” - ეფიქრება თავისთვის და საწოლი ოთახისკენ დასაძინებლად მიდის კოკა, რადგან მშვენივრად ხვდება, რომ ხვალ დილით, ისევ ასეთი – ყველა და უფრო მეტი – კიდევ უფრო ვეღარ იცნობს ამ ქალაქს, ამ ქვეყანას, ასეთ მსოფლიოს... ამიტომაც იძინებს თავიდან – რათა კიდევ ერთხელ, ისევ ძველებურსა და არავისგან არაფრით გამორჩეულს, უბრალოდ გაეღვიძოს...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / ყველა