ხინტკირია დათო

არაქათგამოცლილი მზე 

 

წინასიტყვაობა

 

 დათო ხინტკირია ახალი სახელია ქართველი მკითხველისთვის. ის იმ თაობას ეკუთვნის, რომელსაც აფხაზეთის დაცემით გამოწვეულმა კოშმარულმა ტრაგედიამ ბავშვობისა და სიჭაბუკის ულამაზესი წლები წაართვა.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის ჩვენი თანამედროვე ისტორიის ამ ყველაზე მტკივნეული მონაკვეთით დაინტერესდა. ახალგაზრდა ავტორის თვალსაწიერი ფართოა. ის კაცობრიობის უბოროტეს დანაშაულს – ომს, ზნეობრივი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ საშინელ აგრესიად აღიქვამს. ნაწარმოებში ქართველი კაცის ოდითგანვე ცნობილი ტოლერანტული ბუნება და ჰუმანიზმი ზუსტად არის კონდენსირებული მოხუცი ესტატეს სახეში. უმძიმესი ტრაგედია იმაში დევს, რომ მოხუცს, რომელიც დევნილი საქართველოს განზოგადებულ სახეს წარმოადგენს, უწევს გარეშე მომხდურის მიერ ძალადობრივი გზით თავისი კერიის დატოვება და სამშობლოში ემიგრანტად ქცეული ეძებს გზას ხსნისას. კითხულობ ამ სულის შემძვრელ ისტორიას და უნებურად გახსენდება პოეტ დავით შემოქმედელის პოემიდან სიტყვები: – “ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი, სამშობლოს ვეძებ საქართველოდან“.

 „დიდხანს, უჩვეულოდ დიდხანს იბრძოლა მზემ, სამყაროს ამ დაულეველმა ლამპარმა, მაგრამ ნოემბრის მწუხარებამ სძლია ბოლოს, დაღალა, არაქათი გამოაცალა. . .“ რა თვალშისაცემად არის აქ მზე სიმბოლიზებული ავტორისვე სამშობლოსთან, რომელიც თავისი ისტორიის გრძელ მანძილზე ომებისაგან სისხლდაწრეტილი, არაქათგამოცლილი დგას ახალი ათასწლეულის დასაწყისში ბუნდოვანი და გამოუცნობი მომავლის წინ.

 ნაწარმოები, უმეტესად, დიალოგის პრინციპზეა აგებული, სადაც მხატვრული დამაჯერებლობით იკვეთება პერსონაჟთა სულიერი ორიენტირები და ხასიათები. ამ მხრივ გამოსაყოფია მამა-შვილის დიალოგი, საიდანაც ჩანს, რომ შვილიც მამა-პაპეული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია. ეს კი იძლევა იმედს, რომ არაქათგაცლილი სამშობლო მხოლოდ დროებით არის ჩამუხლული. მომავალი თაობის, მისი შვილების თავდადებით ის კვლავ მოიკრებს ძალას და ახალი ენერგიით შეძლებს ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

 ჩვენი აზრით, დათო ხინტკირიას ეს ნაწარმოები წარმატებული ცდაა და ყველა პირობას აძლევს ავტორს, მომავალში, ქართული მხატვრული აზროვნების სივრცეში, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

                                                                                                          მია დადიანი ნათია ჯანაშია

 

ავტორისაგან

 

ერისა და კაცის ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

ერთი კაცის ცალკე ცხოვრებასა და ერის ცხოვრებას შორის მრავალი პარალელის გავლება შეიძლება. არ არის საჭირო დიადი, ისტორიული ფაქტების მოყვანა. ხშირად ერთი, ყველასთვის უცნობი ადამიანის ცხოვრება, შეიძლება ისეთი მადლით იყოს აღსავსე, რომ მისი საჯაროდ გამოტანა მთელი თაობებისთვის აღმოჩნდეს სამაგალითო.

 საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისი წარსული ისეთი ცრემლიანია, რომ ბედის უკუღმართობის მარათონში იოლდ დავჯაბნიდით იმ გიგანტურ ქვეყნებსაც კი მსოფლიოს ბატონ-პატრონობა, რომ განუზრახავთ. თუ იმ დიდ მადლს გადავანაწილებთ, რომელსაც მსოფლიოს კეთილდღეობისთვის ზრუნვა ჰქვია, შეიძლება არაფერი გვერგოს… ასე იმიტომ კი არ ხდება, თითქოს რამე სიკეთე გვაკლდეს. არა, უბრალოდ ბედის უკუღმართობით გამოწვეული სენი შეგვყრია.

 ჩვენი უპირველესი საზრუნავი საკუთარი თავის გადარჩენაა და სხვა აღარაფერი – საკუთარი თავის, როგორც ქვეყნის, ერის და სულის. ამ სამ დიდ ცნებას შეყრია სენი და, აბა, სხვისთვის ზრუნვას როგორღა მოვახერხებთ? მტრებთან ერთად, საკუთარმა უზნეობამაც უამრავი ჭრილობა მოგვაყენა. სწორედ ამ უზნეობამ, როგორც ტერიტორიულად, აგრეთვე, სულიერადაც, დაგვანაწევრა და ვის, სად ან რისთვის მივდევთ, ვეღარ გაგვიგია.

 გარინდებულია ჩვენი სამშობლო და ჩვენ შემოგვყურებს.

ჩვენი უზნეობით დაუძლურებული, ჩვენივე გონიერების მოლოდინშია. რაში მდგომარეობს ჩვენი გონიერება თუ არა ჩვენს სულიერ ერთობაში, თუ არა ჩვენ მიერ ღვთისკენ მიმავალი ბილიკის ერთგულებაში? ამ ბილიკმა მოგვიყვანა დღემდე და მხოლოდ ამ ბილიკით მივალთ ხვალამდე. როგორც მჭედელი აწრთობს ლითონს მახვილისთვის, სწორედ ისე უნდა გამოვიწრთოთ და დავიხვეწოთ. სწორედ იმავე მახვილის ტვირთი უნდა ვიტვირთოთ, ოღონდ არა სისხლით, არამედ გონიერებითა და ღვთის რწმენით. სამაგალითოები უნდა გავხდეთ, სამაგალითოები ჩვენი შვილებისთვის, რათა მათაც, გულანთებულებმა ღვთისა და ხვალინდელი დღის იმედით, განაგრძონ სვლა. ჩვენი ცხოვრება მათ სახელმძღვანელოდ უნდა ვაქციოთ. მხოლოდ ამ გზით მოვიშუშებთ იარებს, მხოლოდ ამ გზით შეძლებს ფეხზე წამოდგომას ჩვენი სამშობლო.

ფეხზე წამომდგარს კი იმის სურვილიც გაუჩნდება, სხვას ამოუდგეს მხარში და მაშინ ის წილიც გაიზრდება, დღეს რომ არ გვაქვს და რომელსაც მსოფლიოს კეთილდღეობისთვის ზრუნვა ჰქვია…

 სწორედ ასეთ მაგალითზე და ადამიანზე მოგითხრობთ. ადამიანზე, რომელმაც ღვთისა და კაცის სიყვარულით, უტვირთებელი იტვირთა…

 

 

 

 დათო ხინტკირია

 არაქათგამოცლილი მზე

 

 აფხაზეთის, საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის, ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ცხოვრობდა ესტატე ბაბუა.

სამოცდაათ წელს გადაცილებულ, წითურ ბერიკაცს ჭაღარა წვერი ამშვენებდა … ეს ის ჭაღარა იყო, რომელიც უზარმაზარ, ენით აუწერელ მოწიწებას იწვევდა მის მიმართ. მთელი იმ კუთხისთვის ესტატე ბაბუას სიტყვა სწორედ ამ ჭაღარით ფასობდა, მისი ჭაღარა კი – მისივე სიტყვით… ქვეყნიერებაზე არსებულ მთელ ვაჟკაცობას და სიბძრნეს, სასწორის ერთ პინაზე დავდებთ, მეორე პინაზე კი ესტატეს დავაყენებთ, ეს ერთი შეხედვით, გაუნათლებელი მოხუცი, აუცილებლად გადაწონიდა... მისი მოკრძალებული ოჯახი ოთხი წევრისგან შედგებოდა: თვითონ, მისი ვაჟი – კონსტანტინე, რძალი – ნანია და ოთხი წლის შვილიშვილი – გიორგი… მეუღლე – ქეთევანი ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა… უკურნებელმა სენმა დიდხანს აწვალა ერთ დროს სიცოცხლით სავსე, სათნო, სანდომიანი სახის მანდილოსანი. ესტატეს ყოველდღიურ ლოცვებს სამშობლოსა და კაცობრიობაზე, მეუღლის სულის სავედრებელიც შეემატა და აგერ უკვე ათი წელია, მის თვალს ლოცვისას ცრემლი არ მოშორებია. ამ მცირერიცხოვან ოჯახს იმდენი სულიერება და ბედნიერება ჰქონდა, რომ მთელი სამყაროსთვის საკმარისი იქნებოდა, რომ არა ის დიდი ტრაგედია, რომელსაც ომი, მითუმეტეს, ძმათა შორის ატეხილი სისხლისღვრა ჰქვია… ომის ძირითადი კანონი სწორედ ის არის, რომ მას კანონები არ აქვს.

არც ეს სამაცხვინო დაპირისპირება ყოფილა გამონაკლისი. არ არსებობს სისასტიკის, ღალატის და ბოროტების ისეთი სახე, რომელიც ამ ომს სხვათაგან განარჩევდა. ამ არაბუნებრივმა, ზღვა სისხლმა სულ დაამახინჯა და დააჩლუნგა ისედაც გრძნობანაკლული ადამიანი. ესტატე ბაბუას საქმიანობაც შეცვალა ომმა. მოიყვანდა სახლში შემთხვევით ნანახ, უცხო მეომარს, სისხლისგან დაცლილს, უგონოს და უგძნობს. მოუვლიდა, უმკურნალებდა, გზას დაულოცავდა და ისევ გაუშვებდა. ყველას თანაბრად აქცევდა ყურადღებას. ყოფილა შემთხვევები, როცა ოდა სახლში, ზედა სართულზე, ქართველი დაჭრილი მეომარი ჰყავდა, ქვევით კი აფხაზს უვლიდა, ან პირიქით… ამ საქმიანობამ აქცია მისი ოჯახი მტრის სამიზნედ.

ვაჟს, კონსტანტინეს, ეშინოდა:

– სულს ამოგვხდიან მამა, ან ერთნი დაგვხვრეტენ ან მეორენიო.

– სჯობს ღვთის საქმის, სათნოების გულისვთის მოვკვდეთ, ვიდრე ბოროტებისთვის ვიცოცხლოთო, პასუხობდა მოხუცი.

 კონსტანტინეც ვერ ბედავდა შეკამათებას. იგი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა იმ გძნობას, მამაშვილობა რომ ჰქვია. რძალი ნანიაც არ იღებდა ხმას, მორჩილად ასრულებდა მოხუცის ყველა მითითებას. ეს განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ესტატეს. ნანია მეუღლეს აგონებდა მას და ბედნიერი იყო ვაჟის ბედით.

 იმედონებდა, რომ იარაღიანი ხალხი მის სოფლამდე ვერ მოაღწევდნენ. არ იჯერებდა, რომ ერთი ისეთი უბედური დღეც შეიძლებოდა დამდგარიყო, როცა აქაურობის მიტოვება მოუწევდა. თუმცა რამდენჯერმე სთხოვა ვაჟს, მოეკიდა ცოლ-შვილისთვის ხელი და წასულიყვნენ ნათესავებთან სამეგრელოში.

კონსტანტინე ყურად არ იღებდა მის თხოვნას. ვერ ტოვებდა ბერიკაცს მარტო… მამა-შვილს შორის იმ ავად სახსენებელ დღესაც შედგა უსიამოვნო საუბარი:

– რას აპირებთ შვილო? რატომ ცდით ჩემს მოთმინებასაც და ბედსაც, რატომ ეთამაშებით ასე ჯიუტად?... – ჰკითხა მოხუცმა სახლის სახურავზე ასულ ვაჟს.

 – ერთად წავიდეთ მამა. გთხოვ... ერთად წავიდეთ. ჩავალაგოთ ბარგი და დილითვე გავემგზავროთ.

თუ წამოხვალ რა თქმა უნდა. კონსტანტინემ უკანასკნელი სიტყვები, ისე ჩუმად წარმოთქვა, თითქოს, საკუთარ თავს ესაუბრეოდა…

 – ვის დაემსაგავსე შვილო ასეთი ჯიუტი?... რატომ არად აგდებ მოხუცებულის ვედრებას? -თითქოს ხმის კილოს ამკაცრებდა მოხუცი.

 – რასაც მთელი ცხოვრება მასწავლიდით, სწორედ ისე ვიქცევი… იცი რა, მამაჩემო? გესწავლებინათ, როგორ უნდა მიმეტოვებინა მოხუცებული მამა განსაცდელში, როგორ მიმეტოვებინა დედის საფლავი, წინაპართა ძვლები და მერე, იქნებ ისიც გესწავლებინათ, როგორ მომეყოლა ჩემი შვილისთვის ამ ღალატის შესახებ ისე, რომ გმირობად მომენათლა ... იქნებ ყოველივე ამის შემდეგ მიმეტოვებინე კიდეც… მოკლედ, აღარ ღირს ამაზე საუბარი… – კონსტანტინეს, თითქოს, კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მათი საუბარი ცხენის ფლოქვების თქარუნმა შეწყვიტა. ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ბოლოს მათ სახლთან შეწყდა.

 – ესტატე ბაბუა! ესტატე ბაბუა! – იძახდა მხედარი განწირული ხმით…

 – ეს ბიძინაა… რა მოხდა ნეტავ? – იკითხა გაკვირვებულმა ესტატემ. – მოვდივართ შვილო, მოვდივართ – გასძახა მან და დაეშვნენ სახურავიდან. ბიძინა და კონსტანტინე ერთად გაზრდილები იყვნენ.

ბიძინა ბავშვი იყო, როცა დაობლდა და ბერიკაცმა გაუწია მზრუნველობა. ბიძინას ხასიათის ყველაზე დაფარული მხარეებიც კი კარგად ჰქონდა შესწავლილი და რა გასაკვირი იყო, ახლა მის ხმაში საფრთხე რომ იგძნო?

 – რაშია საქმე? ჩამოდი ცხენიდან, შიგნით შემოდი. რა გჭირს? – მიმართა მოხუცმა მიახლოვებისთანავე.

– ცუდი ამბავია, ბაბულა, – ასე მიმართავდა იგი ესტატეს, – აფხაზები და რუსები მოდიან ქვევიდან. ყველას და ყველაფერს ანადგურებენ. უნდა იჩქაროთ და დროზე ტყისკენ გაიქცეთ. ქოშინით წარმოთქვა ბიძინამ…

 მოხუცის სახეს ღრუბელი გადაეკრა.

 – ბევრნი არიან? – იკითხა მზერაგაშეშებულმა.

 – სამი ჯავშანმანქანა, ორი პატარა სამხედრო მანქანა, ორიც ჯარისკაცებით სავსე სატვირთო.

ეს, რაც მე დავინახე. შეიძლება მეტნიც იყვნენ… აუცილებლად უნდა გაიქცეთ. ტყეში შედით, ქვევით დაუყევით. ისინი გზით მოდიან და იქნებ როგორმე ასცდეთ ერთმანეთს. ბიძინამ ცხენი ადგილზე შეატრიალა და მათრახი გადაუჭირა, – თუ ცოცხალი დავრჩი, მეც მაგ გზას გამოვყვები. წადით, იჩქარეთ… – ბოლო სიტყვები უკვე შორიდან მიაძახა.

 რაც შეიძლება სწრაფად უნდა ემოქმედათ. ერთად-ერთი ფიქრი, რომელმაც მამა-შვილის გონებაში გაიელვა, წისქვილში წასული ნანია იყო.

 – მამა, გიორგის მოჰკიდე ხელი და ტყისკენ გაეშურე! მე წისქვილში გავიქცევი.

თუ ყველაფერი კარგად იქნა, მოკლეზე გადმოვჭრი და მუხასთან შევხვდებით ერთმანეთს.

წადი, რაღას უცდი?! ახლა მაინც დამიჯერე, ბერიკაცო! – ამ ბოლო სიტყვებში მუდარა იგრძნობოდა.

 მოხუცმა სიტყვა ვეღარ დაძრა… არნახულმა ძალამ შეუბოჭა გონება და სხეული. სწორედ ასე ზარავს ადამიანს მოსალოდნელი, აუცილებელი უბედურება…

 ესტატემ ნაბიჯი გადადგა შვილისკენ. ხელები მხრებში ჩაავლო და ჩაიხუტა. კოცნიდა შუბლზე, ტუჩებზე, ყელზე… არ ყოფნიდა ძალა შვილთან დასაშორებლად…

 – ბავშვს მოჰკიდე ხელი და ტყეში წადით… – ეს იყო ბოლო სიტყვები იყო, რომელიც მოხუცმა შვილისგან გაიგონა

 ესტატეს მუხლი ეკვეთებოდა, ხელები არ ემორჩილებოდა, თუმცა ხვდებოდა, ისე სჭირდებოდა ახლა ისინი, როგორც არასდროს. თვალი ცრემლით ევსებოდა მაშინ, როცა მიმინოს მზერა სჭირდებოდა. შედგა და ხეს მიეყრდნო.

 მხოლოდ წუთი დასჭირდა გონს მოსასვლელად, მაგრამ ეს ის ერთი წუთი იყო, მთელ საუკუნეს რომ იტევდა. ცრემლი მოიწმინდა, ხელები აღარ უთრთოდა, მუხლის სიმაგრეც დაუბრუნდა. სწრაფად მიაშურა ოდას… შეაღო კარი და შიგ შევიდა… წამით ისევ შედგა, თითქოს რაღაც დაავიწყდაო. მაგიდაზე, მჭადი და ცოტაოდენი ყველი შეამჩნია, ქაღალდში გადაახვია და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. მძინარე შვილიშვილს ნაბადი მოახვია, ხელში აიტაცა და ეზოს იმ მხარეს მიაშურა, სადაც თხილის ბუჩქები ტყეს უერთდებოდა…

 მიდიოდა ესტატე. მიდიოდა გაოგნებული. დროდადრო წაიბორძიკებდა და უმალ შვილიშვილს დახედავდა.

ახლაღა შეამჩნია, რომ პატარას არ ეძინა, დიდრონი, შავი თვალებით შესცქეროდა მოხუცს. გაკვირვებისგან ხმას ვერ იღებდა. მიდიოდა ესტატე ტყე-ტყე და არც იცოდა, ვისთვის გაეგზავნა წყველა. მისი ბაგეეები რაღაცას ბუტბუტებდა. დროდადრო რაღაც უცნაურ ხმასაც ამოუშვებდა ხორხიდან, ითქოს ყვირილს ან ღრიალს აპირებსო, მაგრამ პატარა გიორგის ერიდებოდა.

 საათზე მეტ ხანს იარეს ასე ჩუმად. დანიშნულ ადგილს მიაღწიეს ბოლოს.

გაცრუვდა ესტატეს იმედი, არავინ დაუხვდა. ცოტა ხანს უნდა დალოდებოდა. პატარა მუხის ძირში დასვა. თვითონაც გვერდით ჩამოუჯდა. ხელებით სახე მოიფშვნიტა და შვილიშვილს მიაპყრო მზერა.

 – ბაბუ, სად მივდივართ? – ჰკითხა გიორგიმ და ხელები ნაბდიდან ამოაძვრინა.

-არ ვიცი, შვილო, არ ვიცი, სად მივდივართ. აქ მამიკოს და დედიკოს დაველოდოთ და ერთად გადავწყვიტოთ მერე, – თქვა მოხუცმა და ისევ გაუშეშდა მზერა.

 აფხაზურ-რუსულმა შეძახილებმა გონს მოიყვანა. ისმოდა ავტომატის ჯერიც, მაგრამ საკმაოდ შორიდან.

 – რა დაგემართა, ბაბუ?-რა ხმაურია? – შენ რომ სულ გეშინოდა, ისინი ხომ არ მოვიდნენ, ბაბუ?... – ეს კი იკითხა გიორგიმ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, “ისინი” ვინ იყვნენ, ან ბაბუას რატომ ეშინოდა მათი?

 – მაცალე ბაბუ, შენ შემოგევლოს შენი ჯიუტი ბაბუა, ცოტა ხანს მაცალე რაღაც უნდა მოვიფიქრო. მოდი, გვერდით მოგიწვები და ცოტა დავისვენოთ, სიხარულო.

 მისი გონება ახლა შვილსა და რძალს დასტრიალებდა. თითქმის დარწმუნებული იყო , რომ კონსტანტინე და ნანია ვერ გამოასწრებდნენ აფხაზებს. ცოტა ხანში მუხლზე დადგა, დაიხარა და სახე მიწაში ჩაფლო… ჩაისუნთქა ერთხელ, ჩაისუნთქა მეორედ, მიწის სუნი ვერ იგრძნო მაინც. თითქოს ერთადერთ მესაიდუმლესაც მობეზრებია მასთან საუბარი. ისე გაყინულიყო მიწა, როგორც ოკეანეში მცურავი ყინულის ნაჭერი.

გაიმართა. ირგვლივ მიმოიხედა და კვლავ მიწაზე დაემხო. თითქოს, ემუდარებოდა ხმა გაეცა მისთვის. მიხვდა, რომ უბედურებას საზღვრები არ ჰქონდა, ისევე, როგორც სიყვარულს ან სიძულვილს თუნდაც! გაუწვრთნელი, ველური ნადირის მსგავსად იბრძოდა მისი სული მისივე სხეულში… დაუფიქრებლად დაბრუნდებოდა სოფელში, იარაღს მოჰკიდებდა ხელს და თავს შეაკლავდა რუსებსა და აფხაზებს, მაგრამ გიორგი… აი, აქ დაჯაბნა გონებამ მისი სულიერი მისწრაფებანი…

 ცოტათი სული მოითქვა, დაწყნარდა… რამდენიმე გასროლის შემდეგ, ისევ სიჩუმემ დაისადგურა. აქ, ამ ბებერი მუხის ქვეშ, თავს თითქოს დაცულად გრძნობდა. აღარც შეძახილები ისმოდა სოფლიდან, აღარც სამხედრო ტექნიკის ხმაური ზარავდა იქაურობას. შუადღე გადასული იყო.

რაღაც უნდა ეღონა. ღამე ცეცხლს ვერ დაანთებდა. ნოემბრის სუსხი კი არ მისცემდა გათენების საშუალებას…

ირგვლივ ყველაფერი გაირინდულიყო. ამ სამარისებურ სიჩუმეში, როცა მხოლოდ საკუთარი გულის ძგერა გესმის, სულ რაღაც, ოც ნაბიჯში, ბიძინას ცხენს მოჰკრა თვალი. ცხენი გაქვავებული იდგა ერთ ადგილას და მას უმზერდა. ცხენმა მისკენ ნაბიჯი გადადგა, მერე უნებლიეთ უკან დაიხია, რაღაც უცნაური მოძრაობა შეასრულა და უკანა ფეხები ჩაეკეცა. მას წინა ფეხებიც მიჰყვა და საბრალო პირუტყვი ძირს განრთხმული აღმოჩნდა.

ბიძინა, -გაიფიქრა მოხუცმა. წამოდგა, ცხენს მიუახლოვდა უნაგირი სულ სისხლით ჰქონდა შეღებილი. სისხლი მოსდებოდა მის ზურგსაც, ბარძაყში კი ორი დიდი ჭრილობა ჰქონდა.

 – ბიძინა რა უყავი, საბრალოვ? – ჩაილუღლუღა ესტატემ, თუმცა პასუხი ნათელი იყო მისთვისაც და, ალბათ პირუტყვისთვისაც. სისხლიან უნაგირს მოუსვა ხელი და ცხენს თვალებში მიაშტერდა.

– შენც შეგძლებია ტირილი შე საცოდავო? ვინ იცის რამდენ რამეს ამბობ ახლა, მაგრამ ვაი, რომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. ცხენმა თვალები დახუჭა და უკანასკნელად ამოისუნთქა. მოხუცმა ირგვლივ მიმოიხედა, თვალებით ბიძინას ცხედარს ეძებდა.

ვერაფერი დაინახა. შორს წასვლა ვერ გაბედა. უკან დაიხია და ისევ მუხას შეაფარა თავი. პატარა გიორგი ფხიზლად დაუხვდა.

 – სად იყავი ბაბულა, შემეშინდა, დიდი თვალები უფრო გაფართოებოდა პატარას.

 – არსად ბაბუ, აგერ ვიყავი, გზას გავხედე. ჩვენი წასვლის დროა ჩემო სიხარულო! დედიკო და მამიკო იგვიანებენ. ჩვენ წავიდეთ, თორემ დაგვაღამდება და სიარული გაგვიჭირდება.

-სად მივდივართ, ბაბულა?

 ესტატე ჩაფიქრდა, უნდოდა, რაღაც იმედის მომცემი ეთქვა …

 – იქ მივდივართ, სადაც ყველაზე ლამაზი და კეთილი ხალხი ცხოვრობს. ხომ გინდა გაიცნო კეთილი ხალხი? – ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

ჰოდა, თუ გინდა, შემოგისვამ ახლა ზურგზე და წავიდეთ… თუ მოგშივდა, ჭადი და ყველი წამოგიღე, საყვარელ “მუჭა-მუჭას” გაგიკეთებ და დაგაპურებ… გშია?

 ბავშვმა უარის ნიშნად ისევ თავი გააქნია.

მაშინ წავიდეთ ბაბუ, წავიდეთ.

 იშვიათი ფერი მოედო ზეცას… ვერავინ გამოხატავს წამის ხასიათს ისე, როგორც ამას დედაბუნება ახერხებს…

 დიდხანს, უჩვეულოდ დიდხანს იბძოლა მზემ, სამყაროს ამ დაულეველმა ლამპარმა, მაგრამ ნოემბრის მწუხარებამ სძლია ბოლოს, დაღალა, არაქათი გამოაცალა და მოკრძალებულად გაისტუმრა ვებერთელა, ჯადოსნური ბურთის – დედამიწის იმ მხარეს, რომელიც თვალით მიუწვდომელია. დღისა და ღამის ყოველდღიური დუელი თავის მუდმივ კაონს გაურბოდა თითქოს, ეს ყველაფერი კი ისე გამოიხატა ცის ფერში, როგორც სილურჯე ზღვაში, ან თუნდაც სიწითლე სისხლში. ასე იკითხებოდა უბედურება ამ საოცარ ფერთა გამაში. ოღონდ იკითხებოდა გრძნობით და არა თვალით.

 მიდიოდა ესტატე, მიდიოდა. ვეღარც დაღლას გრძნობდა, ვეღარც წყურვილს და ვეღარც შიმშილს.

მხოლოდ ერთ რამეს გრძნობდა... გრძნობდა , რომ მხრებზე პატარა გიორგი ეჯდა... და რადაც უნდა დაჯდომოდა, უნდა დაეღწია თავი ამ უკუღმართობისთვის… მიდიოდა ესტატე ღმერთისკენ, ღმერთი კი ესტატესკენ...

 სრული სიბნელე იყო, როცა მიტოვებულ სოფელს მიაღწია… ერთი განაპირა ოდა აირჩია გასათენებლად. ოდა სოფლის ბოლოს, შემაღლებულ ადგილას იდგა. იმის იქით დაღმართი იწყებოდა, რომელიც მოშიშვლებულ მდელოს უერთდებოდა. მიუახლოვდა, ჯერ გარინდებული უსმენდა. როცა დარწმუნდა, სულიერის ჭაჭანება არ იყო, ჭიშკარს აუარა და გადათელილ ღობეზე გადავიდა. შეაღო კარი და ფრთხილად შევიდა, არაფერი ჩანდა.

ორი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. სიბნელეს თვალს აჩვევდა. მოულოდნელად ავტომატის სასხლეტის ხმა გაისმა. მეხის გავარდნას თუ შეედრებოდა ამ სიჩუმესა და სიბნელეში ეს ხმა.

 – ვინ ხარ? არ გაინძრე! ვინ ხარ მეთქი? – გაისმა ახალგაზრდა კაცის ხმა.

 – არ მესროლოთ, ბავშვით ვარ… გემუდარებით, არ მესროლოთ! – ესღა მოახერხა...

 – ქართველი ხარ? – გაისმა ისევ სიბნელიდან.

-ქართველი ვარ, ქართველი! – ისე უპასუხა, არ იცოდა, კარგი იყო მისი ქართველობა იმ წუთას თუ ცუდი...

 – რამდენი ხართ?

 – შვილიშვილთან ერთად ვარ! ღვთის გულისათვის, რაც გინდათ, მიქენით, ოღონდ ბავშვი… ბავშვი…

 – საიდან მოდიხარ? – გააწყვეტინა სიტყვა უჩინარმა ხმამ.

 – მთელი დღეა მოვდივარ… მთელი დღეა დღის შუქს ვემალები. ყველა დამიხოცეს… მხოლოდ ესღა დამრჩა, ჩემი გიორგი… ღვთის გულისათვის, გემუდარებით…

 – ნურაფერს მემუდარები… ქართველი ვარ… დაჭრილი ვარ… მარცხნივ წამოდი… – ესტატე შებრუნდა და ნაბიჯი გადადგა. მიუახლოვდა დაჭრილს, მის გვერდით დაიხარა.

მძინარე პატარა ისე დააწვინა. თვითონ გვერდით მიუწვა ჯარისკაცს…

 – სად ხარ დაჭრილი? როგორმე გადაგიხვევ ჭრილობას, ეგ საქმე კარგად ვიცი.

-მხარშიც და ფეხში ... ახლა ვერაფერს მომიხერხებ, დილამდე როგორმე უნდა გავძლოთ.

 – დილით ვინ გიშველის? როგორმე გაგიწმენდ ჭრილობებს…

 – დილით ჩვენები მოვლენ, ბაბუ… აუცილებლად მოვლენ: დაზვერვაზე ვიყავით სამნი,უაზროდ ვიბოდიალეთ და აფხაზებს გადავაწყდით… მეგობრები იქვე დამიხვრიტეს… მე ჭას ამოვეფარე… არ ვიცი, არ მახსოვს, როგორ მოვახერხე, ორი მჭიდი რომ დავცალე, მერეღა მოვედი გონს… ისღა შევამჩნიე, ერთ-ერთს როგორ გადმოუგორდა ხელიდან ყუმბარა… მთელი სხეული ამეწვა, მახსოვს… გადავრჩი, ჯერჯერობით გადავრჩი.

 – ბევრნი იყვნენ?...

 – ოთხნი…ოთხივე მოკვდა, ალბათ…

 – ჭრილობები მაჩვენე… სისხლი გდის, რაღაც უნდა ვიღონოთ. დილამდე ვერც გასტან ასე. ნაჭრები გვინდა… ჭრილობებს გადაგიხვევ.

 – აი, იქ ტომარაში ტანსაცმელია, ვერ წაიღეს, ეტყობა და აქ დარჩათ… მარჯვნივ კედელთან.

 მოხუცი წამოდგა, ტომრიდან ტანსაცმელი ამოყარა, რამდენიმე ამოარჩია. ისევ დაჭრილთან მივიდა და ჭრილობების დამუშავებას შეუდგა.

 – რამდენი წლის ხარ? ცდილობდა, საუბარი გაება, ყურადღება ტკივილზე რომ არ გაემახვილებინა დაჭრილს.

-ოცდახუთის გავხდი ოქტომბერში.

“ბავშვი ყოფილა” – გაიფიქრა ესტატემ.

 – რა გქვია?

-გიორგი… გიორგი მქვია.

მოხუცს თითქოს ეამა ამ სახელის გაგონება…

 – ჩემს შვილიშვილსაც გიორგი ჰქვია. ხუთი წლისაც არ არის ჯერ, – თქვა და მხარზე შემოახვია ნაჭერი.

– ახლა ამას შევკრავ და მერე ფეხს მივხედოთ. სად ცხოვრობ?...

– თბილისში ვცხოვრობ ბაბუ.

– თბილისში სად ცხოვრობ? – ჩაეკითხა მოხუცი.

– მთაწმინდაზე. იცი თბილისი კარგად?...

– კარგად არა, მაგრამ მთაწმინდა ვიცი შვილო.

 რამდენიმე წუთში ორივე ჭრილობა დაუმუშავა და გადაუხვია.

– შენ რა გქვია, ბაბუ? – იკითხა დაჭრილმა.

– მე, ესტატე მქვია, შვილო.

 – ესტატე ბაბუა, ცოტა შემცივდა და ის ტომარა გადამაფარე, იქნებ ცოტა გავთბე… – მოხუცი ხვდებოდა, რომ ეს სულ სხვა მიზეზით გამოწვეული სიცივე იყო, მაგრამ მაინც გულმოდგინეთ გადააფარა ტომარა, სხვა ტანსაცმელიც შემოუკეცა და გვერდით მიუწვა.

– ცოტა მჭადი და ყველი მაქვს, შვილო… ცოტას შენ გაჭმევ, ცოტას ჩემს გიორგის შევუნახავ.

– ახლა ორივე შენი გიორგი ვართ, ესტატე ბაბუა.

– კი, შვილო… ყველანი ჩემები ხართ, შენც, ისიც და სხვებიც – ჩემები ხართ… – თან მჭადისა და ყველის აზელვა დაიწყო, – მთელი საქართველოს გიორგები ჩემები ხართ… ყველა ერთად კი ღმერთის შვილები ვართ… ორი გორგოლა მუჭა-მუჭა მოზილა, ერთი გვერდით გადადო, მეორეს კი ცოტა მოატეხა და დაჭრილს მიუტანა პირთან…

-ვერ შევჭამ, ესტატე ბაბუა… რომ მომინდება, გეტყვი, არ მომერიდება.

 მოხუცმა ხელი უკან დაუშვა და მეორე გორგოლაც პირველს მიუდო გვერდში.

 – ესტატე ბაბუა, ერთი კითხვა უნდა დაგისვა – წამოწევას შეეცადა დაჭრილი, მაგრამ ამაოდ, -ახლა, აქ, აფხაზი ან რუსი რომ დაგხვედროდა, ასევე მოუვლიდი?

 – თუ ცოცხალს დამტოვებდა, მოვუვლიდი, – დაუფიქრებლად უპასუხა მოხუცმა.

 – როგორ, შენთვის სულ ერთია, აფხაზი ვიქნებოდი, რუსი თუ ქართველი?

 – ხომ გითხარი, გიორგი: ყველანი ღმერთის შვილები ვართ! როგორ უნდა მიყვარდე მეტად ან ნაკლებად? მე ღმერთი მიყვარს, შვილო და, აქედან გამომდინარე, ადამიანი მიყვარს… ადამიანი კი – ზოგი რუსია, ზოგი – აფხაზი, ზოგი ქართველი და ზოგიც – გადამთიელია.

ერთადერთი, იმისთვის ვწირავ მადლობას უფალს, რომ ქართველი შემხვდი, თორემ შეიძლება ახლა არც მე და არც ჩემი პატარა ცოცხალი არ ვყოფილიყავით… ასე რომ, არავინ არავისზე მეტნი არ ვართ, ჩემო გიორგი… უბრალოდ, ჩვენ ჩვენი უკუღმართი სიმართლე გვაქვს, მათ, თავიანთი და ვერ ვეტევით ამხელა დედამიწაზე… მიწისთვის ვიბძვით და გვავიწყდება, რომ მიწა ვიყავით და მიწადვე უნდა ვიქცეთ, შვილო… ერთადერთი ღირებული ჩვენში, სულია და სწორედ მისთვის ყველაზე ნაკლებს ვირძვით.

 – ესტატე ბაბუა, – ღვთის მსახური ხართ? -მოწიწებით იკითხა გიორგიმ.

 – შეიძლება სხვა რამის მსახური იყოს ადამიანი თუ არა ღვთისა? -კითხვითვე უპასუხა მოხუცმა.

– არა, მინდოდა მეკითხა, საეკლესიო პირი ხომ არ ხართ-მეთქი?

– არა, შვილო, არა… ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც საკმაოდ იწვალა იმისთვის, რომ ღმერთისთვის მიეგნო… არა იმიტომ, რომ ღმერთი იყო შორს, არამედ იმიტომ, რომ თავად ვიყავი ძალიან შორს.

– იმიტომ გკითხეთ, ესტატე ბაბუა, რომ საეკლესიო პირებს აქვთ ასეთი პასუხები.

– როგორი პასუხები?

– როგორი და დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული, მათ თითქოს ყველაფრის პასუხი იციან, სინამდვილეში კი მხოლოდ ეკლესიისკენ იშვერენ თითს… მათი პასუხი ეკლესიაა. -თითქოს შერცხვა გიორგის თავისი სიტყვების, მაგრამ ნათქვამს აღარაფერი ეშველებოდა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხინტკირია დათო / არაქათგამოცლილი მზე