ხომლელი გიორგი 

ზოგიერთი ფიქრი

 

(ოდესიდამ მოწერილი)

 

 აგერ ორი თვე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც ახალი წელიწადი დადგა, რომელსაც ყოველი ცოცხალი ადამიანი ყოველთვის სიხარულით მიეგებება ხოლმე იმ იმედით, რომ იქნება მან ჩემი სიცოცხლე, უფერული ცხოვრება შესცვალოს, მეც გამაბედნიეროს და ქვეყნისათვის ნათელის თვალით მაყურებინოსო. მეც, თქვენი უმორჩილესი მონა, რასაკვირველია, როგორც ცოცხალი არსება ამ ტკბილს და სასიამოვნო გულის მომფხანს ჩვეულებას ვერ წავუვიდოდი და სხვებთან ერთად ვმხიარულებდი. მაგრამ, დალახვროს ღმერთმა, რამდენიც დრო მიდიოდა, იმდენიდ უსიამოვნებისა და მოწყენილობის დაღი აჯდებოდა ჩემს არსებას, აგებულებას. გული უწინდებურად როდიღა სძგერდა და ჰფეთქავდა; სულს მოაწვა გამოურკვეველი ტვინისმჭამელი სევდა და ძლივს ვიბრუნებდი სულს დაუძლურებისა და მოქანცულობის გამო. ალბათ, ცუდმა ტაროსმა, ჩრდილოეთის ცივმა ზამთარმა იქონია ჩემზე ასეთი მოქმედება, რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ, ბუნება და თვით ტაროსიც თავის მოურიდებელ ბეჭედს აჭდევს ადამიანის არსებას, მისი სულის მდგომარეობას. გარედ კი ცივი, იანვრის ტაროსი იდგა და წარბშეჭმუხვნილ, დაღვრემილ ცას ტყვიის ფერი ედო. თვალ-გადასავლებელი სივრცე გულის მომწველ წყვდიადს მოეფინა, ღრუბლებს მოეცვა მისი არე-მარე. გაზეთებისაგან აღძრული საგნების თვალ-ყურის დევნებაზე ხელი ავიღე და ჩემს სმენას აღარ ატკბობდნენ პოლიტიკური ამბები, დიპლომატების თვალთ-მაქცური მითქმა-მოთქმა. მომწყინდა, ჩემსავით მოწყენილი მეგონა ყველაფერი.

 ამნაირ მდგომარეობამდე მისული, სხვა, ჩემს ალაგს მყოფი, გულის-წყრომით იტყოდა: ახლა დადგა ისეთი დრო, როდესაც შენი ოთახის კარები მაგრად უნდა ჩაიკეტო, წიგნები ბლომად შემოიმწკრივო, მოიმზადო ქაღალდი, საწერ-კალამი და იფიქრო, იოცნებო, იცხოვრო შენი შინაგანი ავ-კარგიანობით, ყველაფერი დავიწყებას მისცე და მიუჯდე გაწუმპულ ცხოვრებას, რომელსაც, სამარესავით მოწყენილს, დაღვრემილს და გალურჯებულს, შენს ოთახს გარედ მწარედ სივილი გააქვს. ხოლო მე ასე ცოცხლად დამარხვას, სწორე მოგახსენოთ, ვერ მოვახერხებ. მე ახალგაზრდა ვარ, დაუდგრომელი სისხლის პატრონი და ამით აიხსნება, რომ ცხოვრებას, რაც უნდა დაღვრემილი მეჩვენოს იგი, მაინც ნუგეშისა და იმედის ლოდინით შევსცქერი, სანატრელი თვალით გავიყურები შორს, შორს... შეიძლება ზემო წარმოთქმულ სიტყვების პატრონმა, დაჯავრიანებულმა და სასოწარკვეთილებამდის მისულმა ადამიანმა პირნათლად დაუწყოს ყურება თავის თავს, თავის განმარტოებული სულის მდგომარეობას. შეიძლება, რატომაც არა? ყველას თავისი საკუთარი მოსაზრება და ეგრედწოდებული ფილოსოფია აქვს.

 გუშინ დილით, ლოგინზე წამოწოლილს, ერთი თანამედროვე მსწავლულის თხზულება ხელში მეჭირა გადაშლილი და შიგ ჩავჩერებოდი, ხოლო იმდენათ არ ვკითხულობდი, რამდენადაც ვფიქრობდი იმისგან ცხოვრების შესახებ წამოყენებულ მწარე საგნებზედ.

 ამ დროს კარი გაიღო და ჩემს პატარა ოთახში შემოიჭრა ერთი ჩემი კარგი მეგობარი სტუდენტი, მაღალი, ახოვანი, მხარ-ბეჭიანი ახალგაზრდა. ამ ყმაწვილ-კაცს ახლადამოსული მაყვალივით შავი, კოკობი წვერ-ულვაში, განიერი შავი შლაპის ქვეშ ხუჭუჭი თმა, სადა ტანისამოსი მეტად ალამაზებდა და აშნოიანებდა.

 – გამარჯვება, ბიჭო. რას წამოწოლილხარ, რამ მოგაწყინა? – მომაძახა თავისებურად: – წოლაღა დაგრჩა სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა? – მეგობრული, მარილიანი დაცინვა იცოდა ხოლმე.

 შევხედე თუ არა ამ ყმაწვილ-კაცს, რომლის თვალშიაც იყო გამოხატული სიცოცხლე, მიმზიდველი თავგამომეტება და გაბედულება, გუნებაზედ მოვედი, სისხლმა შეითამაშა, სიცოცხლე მომემატა, ზეზე წამოვარდი და ორივენი სტოლს მივუჯექით.

 – რამ მომაწყინა? ღმერთი, რჯული, არც მე ვიცი რამ მომაწყინა. ამის პასუხს რომ სადმე ვიპოვიდე, მაშინ ხომ ასე აღარ მნახავდი.

 – მერე ასე ნაღვლიანობა, ოცნებობა არაფერსა და არარაობაზე ვის რას შეჰმატებს, ჩემო მეგობარო! – მითხრა მან, – კარგი, თუ ღმერთი გწამს და თუ კაცი გებრალება, ხელი აიღე, მაგ უსაგნო მოწყენილობაზედ. მაგისთანებს ნუღარ მიედ-მოედები ახლა მაინც, როდესაც უმაგისოდაც გულის ამრევი ამბებით გატენილი წერილები მივიღე ქუთაისიდგან და ტფილისიდგან.

 – რა წერილები! აბა წამიკითხე.

 მან ამოიღო წერილი ქუთაისიდგან და დაიწყო: ,,ძმაო სანდრო”...

 ,,ახალი ამბები რა მოგწერო. უფერული ცხოვრება ჩვეულებრივ უფერულად მიმდინარეობს. თავისი ოდესმე მიმზიდველი ძალა ბუნებამ დაჰკარგა და მის მაგიერ ჭია-ჭუები და მორიელები ფუსფუსებენ. ზოგი იმათგანი იხოცება, იხრწნება, ჰლპება. ყველა უჩივის ამისთანა ცხოვრებას და უფულობას, ვაჭრობას და მეურნეობის არარაობას. რისი ბრალია? რომ დამავალო, დაახლოებულ პასუხსაც ვერ მოგცემ, თქვენმა მზემ”...

 – ახლა ვნახოთ წერილი ტფილისიდგან.

 ,,დაუვიწყარო სანდრო!..

 ...ახალ წლიდგან დაიწყო გამოსვლა ჩვენმა ერთად-ერთმა პოლიტიკურმა გაზეთმა და უეჭველია თქვენც, სტუდენტები მიიღებდით გაზ. ,,ივერიის” პირველ #-ს. ამდენი ხანია ჩვენი ლამაზი ქვეყნიდგან გამოგზავნილი ერთი ქართული გაზეთიც არ გინახავსთ და უთუოდ ახალი გაზეთის იმ პირველს №-ს ნამეტანი სიხარულით მიულოცავთ ახალ წელს... აქაური რა მოგწერო, ძმაო! აქ ზამთარია და ხომ იცი, სიფრთხილე უნდა ადამიანს, თორემ შეუპოვარი სიცივე თუ სწვდა ყანყრატოში, ძნელია მერე იმისგან თავის დახსნა. ამიტომაც კარში არავინ არ გამოდის და ქუჩებში, როგორც სამარეში, დუმილია. მხოლოდ, ათასში ერთხელ, სასახლის ქუჩაზე თუ გაირბენს მდიდრულად მორთული ეტლი და ისიც პეგას-შებმული ეტლივით თვალის დახამხამების უმალვე თვალიდგან გეკარგება... საზოგადოდ ფულის სიძვირემ აქაური ოდესმე აღტაცებული და უზრუნველი ქართული ცხოვრება უარესზედ შეცვალა. ყველას თავისი კუჭი გაუღმერთებია, სხვაზედ ყველაფერზედ გულგრილობს, აინუნშიაც არა მოსდისრა, არაფერზედ ყურსაც არ იბერტყავს. დააკვირდები ამ ცხოვრებას, გგონია, ორიოდე კაცი რასმეს აკეთებს, მოძმეს შველის სიტყვით და საქმით, ტანჯულს და დავრდომილს ტანჯვის უღელს უმსუბუქებს... მაგრამ თუ კიდევ უფრო ღრმად ჩაუკვირდები, უნებურად პირზედ მოგადგება, მართალი – თუმცა კი მწარე სიტყვები:

 ,,...აგერ ორ კაცთა რაღაც უგრძვნიათ,

 ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ,

 მაგრამ ერთმანეთს არ ენდობიან,

 ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,

 თუმც ერთისათვის ორნივ იღვწიან,

 თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან”.

 ორივე გავუჩუმდით ამ წერილებს, დუმილი ამ დროს მეტის-მეტად აუტანელი და ლოდსავით მძიმე იყო ჩვენთვის.

 – ახლა შენ კიდევა გაქვს საბუთი მითხრა, რომ რისთვის მოგწყენია და დაღრეჯილხარო, – დავიწყე მე. – სად არის, თუ ძმა ხარ, ნამდვილი ცხოვრება, იმისი თუნდ ერთი სანუგეშო მხარე, რომელსაც კაცმა ხელი წაავლოს და მისით გამხნევებული, აღტყინებული გაუმკლავდეს სულის სიმდაბლეს, ფარისევლობას, ცუდ-მედიდობას, გულ-მოკლე თავმოყვარეობას, ერთის სიტყვით, იმას, რაც იმ სანუგეშო მხარის მართალსა და ჭეშმარიტ მსვლელობას ფეხს უბორკავს და გზას უჭერს. დამერწმუნე, ძმაო, დამერწმუნე, რომ ეს ძნელი ასატანია, გულის გამყინველი და სულის მომშხამველია ნამეტურ იმათგან, რომელთაც განუზრახავთ... ის მსწავლულიც, რომლის თხზულება მე ეხლა ხელში მიჭირავს, სასოწარკვეთილი ეკითხება თავის თავს: რაშია აზრი და საგანი ცხოვრებისაო და, ხანგრძლივი დამჯდარი მოსაზრებისა და მწარე ფიქრის შემდეგ სოლომონ ბრძენის გულსაკლავ სიტყვებს იმეორებს: ,,ამაოა ამაოებათა და ყოველივე ამაოო”...

 ეს გამოჩენილი მწერალი ამბობს, რომ კეთილ-დღეობა, ბედნიერება ქვეყანაზე არ არის და არც იქნებაო. ბედნიერება – იმის აზრით – ლამაზი სიტყვაა, რომელიც თუმცა ყურისთვის ერთობ სასიამოვნოა, მაგრამ სრულიად უშინაარსო და უაზროა. კაცობრიობის ცხოვრებისათვის, როგორც დიდი ხანია დაამტკიცა და აღიარა თანამედროვე ფსიქოლოგიამ, არსებობს ორი გზა. ანუ უკეთ ვთქვათ, ორი ფარგალი, რომელსაც იგი ვერ გადასცილდება. ეს არის ტანჯვა და წუხილი. იტანჯება ადამიანი მაშინ, როდესაც ის ეწვალება და ეძებს მომეტებულ და უახლოეს ბედნიერებას, თავისი ძვირფასი საგნის აზრის განხორციელებას. ადამიანი ძალისაგან ილევა, მაჯისცემა უცხრება და წვალობს იმის შუა, რაც არის და იმისა, რაც უნდა ყოფილიყო; და იტანჯება და იქანცება ძარღვებით, გულით, თავით, ტვინით და აზრით, საზოგადოებაშიც, მარტოობაშიც ყოველ დღე და ყოველ ღამ და ყოველი თავისი არსებით.

 ამისთანა ადამიანების რიცხვი შეადგენს გარდამეტებულს ქვეყანაზე და იმათ გვერდზე უდგას ყოველთვის უმცირესი რიცხვი იმ მცირე ნაწილისა, რომელმაც განახორციელა თავისი საგანი ცხოვრებისა, გაამართლა თავისი მოქმედების დანიშნულება და დააკმაყოფილა თავისი სულის მიდრეკილება და მოთხოვნილება და ამიტომაც ისინი ითვლებიან, როგორც ბედისაგან რჩეულნი; კეთილ-დღეობის გვირგვინით თავშემოსილნი, მფლობელნი ქვეყნიური ბედნიერებისა...

 ეს სულ მტკნარი ტყუილია, ფრაზაა, რომელიც ვერ იჭერს და ვერ უმაგრდება დარბაისელ, დამჯდარ და გონიერ კრიტიკას...

 – ჰერი ჰა! შენ ერთობ ძლიერ შორს შეგიცურებია, ძმაო, შენი ტვინის პატარა ნავი ფილოსოფიის მორევში. ფილოსოფოსებს კაცმა ყური რომ ათხოვოს, სულ ერთიანად დავთარი დაებნევა და, ერთი ოხუნჯისა არ იყოს, კოჭებში ძვლების ტვინის ანთება დაემართება. აი, თუნდ ისტორიაში, როგორც შენ თვითონ იცი, ასეთი მაგალითი იშვიათი არ არის. ძველი ფილოსოფოსები ქრისტეს ქვეყნად მოსვლის დროს ეჭვისა და უნუგეშო შეხედულების წყვდიადმა მოიცვა. ერთი მიმართულების სწავლა მეორეს ეჯახებოდა და თავპირს ამტვრევდა, მეორე, თავის მხრით, პირველს და მესამეს და, ბოლოს, ისე დაიბნა და დაიშალა ძვირფასი სალარო ადამიანის გონების ნაშრომისა და ნაღვაწევისა, რომ ერთმანეთს ვერასფერი გაუგეს. ამ დროს ზოგი იმათგანი, საკუთარი დავის დავიწყების ჟინით გატაცებული, განუსაზღვრელი ლხინისა და მსუნაგობის ზღვის მორევში ბანაობდა, ზოგი, მეუდაბნოსავით ხელ-დაკრეფილი, სტოიკური სიდინჯით ცას შესცქეროდა. თითქმის, ამნაირი თუ არა, მსგავსი ისტორია განმეორდა მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეების ევროპიელთა გონებრივ მოძრაობის დროს... მე შევხვედრივარ ისეთ ახირებულ ფილოსოფოსებსაც, რომელთაც თავიანთი არსებობის შესახებაც ეჭვი შეჰქონდათ. რაც შეეხება იმ ჩვენი თანამედროვე გამოჩენილი მსწავლულის აზრს, რომელსაც მეც კარგად ვიცნობ და რომლის აზრი შენ ახლა გადმომეცი – ამაზედ მსურს განვაგრძო შენთან ლაპარაკი, რადგანაც იგი მსწავლული სხვა ვინმეა და იმისი სწავლაც სხვანაირად გაემკლავა და შეეჭიდა განვითარებული კაცობრიობის ტვინს და გონებას, გულსა და სულს.

 საქმე ის არის, რომ ამ მსწავლულის მოძღვრებას მეორე სრულიად წინააღმდეგი მოძღვრება დაუდგა დღეს პირის-პირ და ერთმანეთს გულის შემაძრწუნებელი დანით და ნესტარით ცხვირ-პირს უსერავენ. მოწინააღმდეგე მოძღვრება სათავედ იხდის კრიტიკას, რომელიც გამომდინარეობს ზემომოყვანილის მსწავლულის შეხედულობის უმთავრესის დედააზრიდგან და პირიქით ამტკიცებს, რომ ქვეყანაზე კეთილი სჭარბობს ბოროტებას, მადლი – ცოდვას, ბედნიერება – უბედურებას და მუდმივი კულტურული ბრძოლა მომავალში ნელ-ნელა, თანდათან დაგვაახლოვებს იმ აღნიშნულს იდეალს, რომელსაც მოჰყვება კერძოდ ადამიანისა და საზოგადოდ კაცობრიობის კეთილ-დღეობა და წარმატებაო. შესანიშნავია, რომ თვითონ ამ მოძღვრების გამოჩენილი ფალავანი დაბრმავდა და დაბრმავებული, თავისი ტანჯული ცხოვრების მაგალითით, სრულიად წინააღმდეგ აზრს მიადგა და დაიწყო ქვეყნად საჯაროდ მისი ქადაგება.

 ადამიანის ბუნების არსების გამოხატვა თუმცა ძნელია, მაგრამ იმაში კი ეჭვი არ უნდა იყოს, ვგონებ, რომ მას თვით ბუნებისაგან შთანერგილი აქვს ინსტიქტური ძალა, რომელიც მიეზიდება ადამიანის წარმატებისა და განვითარებისადმი. და იმიტომ, რომ ამ ძალამ, ამ მიზიდულებამ თავი გაიტანოს, მართალი და სწორი განვითარების გზას დაადგეს, საჭიროა დაუბრკოლებელი მოქმედება, ყოველი იმის ხელისშემშლელი წინააღმდეგობის მოსპობა და განადგურება. აი ამისთვის, რასაკვირველია, ეს მიზიდულება, ეს ძალა უსიტყვოდ ეუბნება და ამხილებს კაცს, რომ მან არც სხვას, მისთანა მეორე არსებას, რომელსაც სახელად ადამიანი ჰქვიან, ხელი არ შეუშალოს, არავითარი მხრით არაფერი ავნოს, რადგანაც ამითი იგი თავის თავსაც ავნებს და, მაშასადამე, თავის მიზიდულებასაც წარმატებისადმი თვალსაჩინოდ შეაფერხებს.

 რაკი ადამიანში აღვიარეთ ამნაირი ბუნებითი მიზიდულება წარმატებისადმი, ჩვენ მხოლოდ, მარტო აქედან შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

 – პირველი, რომ ადამიანის ბუნებითი კანონიერი მოთხოვნილება არ შევიწროვდეს.

 – მეორე, რომ ადამიანში არის ისეთი უხილავი ბუნებითი მიდრეკილება, რომ არც იგი უნდა ედავებოდეს და ავიწროებდეს სხვის უფლებას და მოქმედებას. ეს ისეთი მარტივი კანონი არის, რომლის ძალითაც არც ერთი ფრინველი არ იკეთებს ბუდეს იმ ადგილს, სადაც მეორე ფრინველს უკვე მოუსწრია იმის გაკეთება, ზოგიერთი პირუტყვი საძოვარ მინდვრებს იყოფენ ერთმანეთში და სხვა და სხვ. ამ კანონსვე და მხოლოდ ამას ექვემდებარებიან ადამიანის ბუნების მიზიდულება დამოუკიდებლობისა, თვითარსებობისა და მყოფობისადმი, ყოველნი კეთილშობილურნი და კაცთმოყვარე გრძნობანი და მისწრაფებანი... რაც შეეხება ჰუმანიურ გრძნობას, საზოგადოებრივ ინსტიქტს (ალტრუიზმი), ე. ი. იმას, რომ არავის ევნოს, არავის არაფერი წაერთოს და წაეგლიჯოს ძალით – ამას, ვგონებ, ამ დედააზრს ჩვენ გარეულ, ტყის ნადირებშიც საკმაოდ ვხედავთ. მგლები ერთმანეთს როდი აკვდებიან, რომ ერთმა მეორეს მსხვერპლი წაჰგლიჯოს, არამედ ყოველი იმათგანი ცალკე, საკუთრად, თავისთვის ეძებს, ტურები ერთად გროვად დადიან, მაგრამ სისხლის ღვრა და ჩხუბი მათ შორის ძვირად შეუნიშნავთ. საზოგადოდ, ჩვენ ჯერ საკმაოდ ვერ ვიცნობთ პირუტყვთა ცხოვრებას; მხოლოდ ამ საუკუნის დასაწყისს ბიოლოგია გულმოდგინედ შეუდგა ამ რთულ მასალას და რაც მეცნიერულმა გამოკვლევამ და პირუთვნელმა ანალიზმა აუწყა კაცობრიობას, ისიც საკმაოდ ამტკიცებს, რომ პირუტყვშიაც აღვიაროთ ჰუმანიურ გრძნობათა არსებობა.

 მართალია, ადამიანის ბუნებითთა თვისებათ, სხვადასხვა მიზეზების წყალობით, იმთავითვე დაებნათ დავთარი და მიიღეს ცდომილი, გზადაბნეული მიმართულება, მაგრამ რამდენიც დრო გადის, ადამიანის ცხოვრება იმდენად უფრო და უფრო უახლოვდება თავისი პირვანდელი არსების გონიერად გაგებას და შეგნებას. ჩვენ ახლა აღარა გვაშინებს ათასნაირად გამხრწნელი ცრუმორწმუნეობა და მისი გავლენა; ჩვენ ახლა განათლებულ ქვეყანათა წრეში აღარ გვყვანან სინდისის მოვაჭრე და ტვინ-გაშეშებული ორფეხა ცხოველები; ჩვენ ახლა უარს ვყოფთ მონებას და თავს აღარ ვიწონებთ იმითი, როგორც თავს იწონებდა ძველი ქვეყნები: საბერძნეთი და რომი, თავისი ფილოსოფოსებით. ჩვენ უარს ვყოფთ მას, რადგან ის წარმოადგენს ადამიანის პიროვნების ბინძურად თელვას; ჩვენ ინკვიზიციისა ხომ აღარაფერი გვრწამს. ყველა ამის უვარგისობის, ადამიანის ბუნების წინააღმდეგობის შეგნებამ დიდი ხანია მიიღო მოქალაქეობრივი მოძრაობა იქ, იმ წრეში, რომელიც შეადგენს საუკეთესო ნაწილს კაცობრიობისას და, ვიტყვით, თვით კაცობრიობასაც...

 თუმცა ისიც მართალია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკანონობა ახლაც შეხვდება კაცს და შეხვდება უფრო ოსტატურად მომართული, ხოლო საზოგადოდ კი რომ ვსთქვათ, ცხადია, – ადამიანის ბუნების შეგნებამ უკეთესი ფერი და სახე მიიღო. მაგრამ... ჰმ, მაგრამ დახე ბედს! ამდენი დრო მიდის, ამდენი ძვირფასი საათი მიჰქრის და ადამიანები ჯერ კიდევ ბევრში ვერ მიმხვდარან იმას, თუ რა შეადგენს იმათ ბუნებით მოთხოვნილებას და ერთმანეთშიაც ვერ შეთანხმებულან იმისთანა აზრის გამოსარკვევად, თუ რა არის კაცისათვის მართლა გამაბედნიერებელი და გამაუბედურებელი, გამაკეთილშობილებელი და გამაბოროტებელი. იმ აზრის გამოხატულებას, რომ ადამიანი ინსტიქტურადაც კი ეტანება კეთილდღეობას, გაუკეთესებას, ყველა აღიარებს, მაგრამ სრულიად სხვადასხვა, თითქმის ერთმანეთის წინააღმდეგი აზროვნება წარმოსდგება იმის შესახებ, თუ რა უნდა შეადგენდეს კერძოდ კაცის და საზოგადოდ კაცობრიობის ბედნიერებას, კეთილდღეობას.

 აი, ამითი აიხსნება, სხვათა შორის, ისიც, რომ იმ ორ ზემოთ მოყვანილ თანამედროვე მსწავლულთა შორისაც ერთი-ერთმანეთის მოწინააღმდეგე აზროვნება დაიბადა.

 ,,კეთილი და ბოროტი, ცოდვა და მადლი, – ამბობს შინაური მიმომხილველი, – მარტო ადამიანის გულის-ხმის საქმეა, უტყვის ბუნების წინაშე არ არსებობს ეგ განსხვავება. ადამიანის გარედ ცოდვა და მადლი არ არის და, რადგანაც ადამიანი ყველგან ადამიანია, მაშასადამე, რაც ერთგან და ერთისათვის ცოდვაა და ბოროტია, მეორესთვისაც ცოდვა და ბოროტი უნდა იყოს ყველგან, ყოველთვის და ყველა შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ და დღე-მუდამ მაგალითებით ვრწმუნდებით, რომ ეს ასე არის. რატომ? რატომაო?! საქმეც იმაშია, რომ ,,რატომს” ჯერ აქამდე ადამიანმა გულდაჯერებული პასუხი ვერ მოუპოვა”.

 ჩვენ რას ვუყურებთ ფილოსოფოსებს? დეე იმათ ერთმანეთს თავი ამტვრიონ. ჩვენ იმათ ვერ ავყვებით. ძმანო-ჯან! შინაური მიმომხილველისა არ იყვეს: ,,აბა პატარა დაიქვეითონ და ზოგი ჩვენა გვკითხონ, ჩვენ მდაბიოთა, სიკვდილის შვილთა, რომელთაც ყველასფერი გვენატრება, რომელნიც ყველასფერს ჯაფით, ოფლით, წვითა და დაგვით ვშოულობთ და წილად გვხვდომია იმავე წვითა და დაგვით ნაშოვნ-ნაამაგევი დავიცვათ და შევირჩინოთ. ჩვენ გვკითხონ და ჩვენ ვეტყვით რაშიაც არის აზრი, საგანი ცხოვრებისა. მაშინ გამოჩნდება. – რა არის ცოდვა, რა არის მადლი, მაშინ ერთ-ნაირად გაისაზღვრება ერთიც და მეორეც ყველგან. ყველასათვის და ყოველ შემთხვევაში”. ავტორი შემდეგი სიტყვებით ათავებს მიმოხილვას: ,,მე შორს, ფილოსოფიის მორევში არ შევდივარ, თავი ხომ არ მომძულებია, რომ დასახრჩობად გავიმეტო. მე მოკლედ ვსჯი და მოკლედ ვსჭრი: აზრი ცხოვრებისა იმაშია, რომ შეიტყო, შეიმცნო: ჟამი რას ითხოვს, ტირილსა, თუ სიცილსა, გაყრასა, თუ შეკრებას, დუმილსა, თუ მეტყველებას, სიყვარულსა, თუ სიძულვილს, შფოთსა, თუ მშვიდობას და სხვათა და სხვათა ამისთანათა, რაც ჩამოთვლილია სოლომონ ბრძენისაგან”. კი, მაგრამ, თუ შავი თეთრად გამოჰყავთ, თეთრი – შავად და ჭეშმარიტება ილახება იმ დროს, როდესაც ერთი რომელიმე მხარე დუმილს და მშვიდობას თხოულობს, მეორე კი მეტყველებას და ბრძოლას, – მაშინ რა ჰქნას ადამიანმა, როგორ უნდა მოიქცეს იგი? მე დარწმუნებული ვარ, რომ ,,შინაური მიმომხილველი” ნამდვილ გულდასაჯერებელ პასუხს მოგვცემდა ამ კითხვაზე, რომ ერთი საოცარი, უცნაური სენი არ სჭირდეს და რაღაც თვალ-წინ სულთამხუთავსავით არ აგტუზებოდეს... ტყუილად შეგიწუხებია თავი, ძმაო, და ტყუილადაც მეკითხები: საით არის ტყუილი და საით სიმართლე და ჭეშმარიტებაო. მოგიგებ ამ სიტყვებით:

 ,,...სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...

 ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი, -

 ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,

 თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!...”

 ჩვენ ახლა თავი დავანებოთ ამნაირ მსჯელობას და გულში აქედანვე ჩავიწვეთოთ, რომ სანამ ცოცხალი ვართ ვიმეცადინოთ: ჩვენი კეთილდღეობის ყოველი მხრით განვითარება და შეგნება, მშობელი ხალხის დახმარება სიტყვით, საქმით, აზრის წერით და ზეპირგადაცემით, რადგანაც ჩვენი ვალია შევეწიოთ, ვიგრძნოთ ის, რასაც მოძმე, ჩვენი მკვებელი ჰგრძნობს. ,,იცან თავი თვისი”, ,,ცოდნა არის სიკეთეო,” – დიდი ხანია წარმოთქვა სოკრატმა. ვიცნოთ თავი ჩვენი, დავუახლოვდეთ ჭეშმარიტებას, და ჯვარცმულის ღმერთის ღვთიური სიტყვებისა არ იყოს, ჭეშმარიტება გაგვანათლებს ჩვენ. ახლა კი დავმღეროთ რამე, ჩემო მეგობარო!

 მე სისხლის ადუღება ვიგრძენ და ჟრუანტელმაც დამიარა ტანში ერთსა და იმავე დროს. ამ დროს მომესმა ამხანაგთა სიმღერა და ყური ჩემი გაიტაცა სანუგეშო და იმედიანმა სიტყვებმა:

,,...წინ წასვლაში არ დავიხევთ,

არ გავსწირავთ უკან რჩომილს,

ჩვენც ვიცით, რომ შველა უნდა

უღონოსა და დავრდომილს.

უანგაროთ მივალთ წინა”...

 ანაზდეულად გაიღო ჩემი ოთახის კარი და ათიოდე სტუდენტმა აღტაცებულის სიმღერის: შაუდეამუს იგიტუვ... ...ერთად იგრიალა. რა შევხედე ამ მეცნიერების მსახურ ყმაწვილ-კაცობას, გული გამეღო სიხარულისა და იმედისათვის.

 1886 წ.

 

 

ზოგიერთი ფიქრი

 

,,ივერიის” მე-100 ნომერში დაბეჭდილი იყო ერთ ფელეტონად წერილი:,,ფიქრი და შენიშვნა გარეთ-ყოფილისა”, რომელიც ჩვენი ახალი ლიტერატურის ორ ხანას, ინტელიგენციის ორ თაობას შეეხება და, წერილის ავტორის აზრით, ამ ორივე სხვადასხვა გზით მავალ განათლებულ საზოგადოებას ერთმანეთს ადარებს. მეტად პატივცემული ავტორი ისეთი დახელოვნებული და მკაცრი კრიტიკით შეუდგა თავისი წერილის უმთავრეს საგანს, რომ მკითხველს ძალაუნებურად აჯერებს და ღრმად აფიქრებს. ეს კიდევ არაფერი. იგი თავისივე გულწრფელი სიტყვა-პასუხით თქვენს გულ-მკერდში თავისთავად იწვევს კეთილშობილურ გრძნობას, უანგარო სიყვარულს ჭეშმარიტებისა და კეთილისას. ძლიერი სურვილი მოქმედებისა, ვაჟკაცური გრძნობა ღირსებისა და ვალდებულებისა იპყრობს თქვენს არსებას. მართალია, თუმცა თქვენ წერილის დაწყებისთანავე გრძნობთ ავტორის დაბოლოებითს აზრს, ტანში ჟრუანტელი გივლისთ და სიწითლე მოგდისთ სახეზე, როდესაც ავტორი ორი თაობის ღვაწლსა და მოქმედებას პირისპირ ერთმანეთს უყენებს, მაგრამ ეს გარემოება თვითონ აღებულ საგანსა და ფაქტს უფრო ამჟღავნებს და იმ წერტილამდის მიჰყავს, სადაც თვითეულისათვის ყველაფერი გასაგებია და ნათელი.

 აი, ამ ღირსებითა და ზედ-მოქმედებით არის ასახული ეს ძვირფასი წერილი და გვიხარიან, რომ შემთხვევა გვეძლევა გამოვთქვათ ჩვენი აზრი.

 მართლად და შეუცდომლად სჯის ავტორი თუ არა, ეს სულ სხვა საქმეა. მან თავისი ფიქრი და შეხედულობა საჯაროდ გამოსთქვა და, თუ ამ გაკრულს შენიშვნებში ჩვენ ცალმხრივობას და, მაშასადამე, შეცდომას ვპოულობთ, ვალდებულნი ვართ მკითხველი საზოგადოების წინაშე ეს ნაკლი ვუჩვენოთ და თან ვსთხოვოთ მკითხველს წამოყენებულ საგანს და საკითხს ფრთხილი კრიტიკითა და ყურადღებით ჩაუფიქრდეს.

 როგორც ვსთქვით, ავტორი ადარებს ორი თაობის ღვაწლს, ჩვენი ახალი მწერლობის ორ ხანას და ამბობს, რომ წინანდელი თაობა აღიზარდა მაშინდელ რუსეთის განათლებულ საზოგადოებისა და ლიტერატურის გავლენის ქვეშე და იმან საქართველოში დაბრუნებისათანავე ამ გავლენის ფერი და ხასიათი მისცა თავის ნაყოფიერ მოღვაწეობასა და მოქმედებასაო. საქართველოში პირველად გაისმა საკაცობრიო ხმა და ყმაწვილ-კაცობის კრებულთა მეთაურებმა უშიშრად მოჰფინეს ის ნათელი აზრები, რომელნიც რუსეთის მოწინავე ინტელიგენციის ჭკუის უხვს ნაყოფს შეადგენდა. უეჭველია, თქვენც გაგეგონებათ, მკითხველო. გამარჯვებულად თერგდალეული გამოვიდა. შემდეგი მისი მოღვაწეობა, ძმობისა და ამხანაგობის გრძნობა, მისი შეუსყიდველი სინდისი საზოგადო სამსახურის ასპარეზზედ თვით მტრებისაგანაც კი იყო თითით საჩვენებელიო. ამნაირი მოქმედებით თერგდალეული ქართული ჭკუის, ზნეობის, ენისა და მწერლობის გამდიდრებას გულ-წრფელად და სინდისიერად ემსახურებოდაო.

 რა იყო მიზეზი თერგდალეულების გამარჯვებისა?

 ,,ერგდალეულები ძლიერნი და გამარჯვებულნი იმიტომ გამოდგნენ, რომ იმდროის ნათელი აზრები მართლა შეითვისეს და განახორციელესო”.

 წინანდელ თაობას, თერგდალეულებს მოჰყვა ახალი თაობა, ე. ი. ის საზოგადოება, რომელიც თერგდალეულების შემდეგ ბევრს ჰყვირის ისეთ საჭირო ცალკე საქმეებზედ, როგორც სკოლაა, გაზეთი, თეატრი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა, მაგრამ არავითარი საზოგადო დედააზრი კი არ მოეძებნება: ამ თაობამ არა იცის-რა, არც უცხო მწერლობისა და მეცნიერებისა და არც საკუთარი ვითარებისა. აი, ეს არის უმთავრესად მიზეზი იმისა, რომ ,,ჩვენ ინტელიგენცია არა გვყავს, თორემ მოგეცა ღვთის წყალობა, რომ მაშინ დედააზრიც გვექნებოდა და კრიტიკაც. ეს აუცილებელი და დაუფასებელი ფარხმალი ყოველი ლიტერატურის წარმატებისათვისაო”.

 ჩვენ სრულიად ვეთანხმებით პატივცემულ ავტორს, რომ საზოგადო სურათი ძველი და ახალი თაობისა, ლიტერატურის წინანდელისა და ახალის ხანისა ნამდვილად ისეთია, როგორც იმან თავის წერილში დახატა. ამ აშკარა ამბავის სიმწვავე ყველას თვალში ჰხვდება და გვერდს ვერავინ აუვლის.

 თქმა არ უნდა, რომ თვითოეული ჩვენგანი თავმოწონებით იხსენიებს იმ უკეთილშობილესი გრძნობითა და ღრმა რწმენით აღვსებულ ორიოდე გამოჩენილ, თითით საჩვენებელ თერგდალეულს, მაგრამ შემცდარია ავტორი, როდესაც იგი იმათი მოღვაწეობისა და მოძრაობის გავლენას მხოლოდ გარეგანი საქმის მსვლელობით ჰხსნის. მაშინდელი თაობის საქართველოში ჩამოსვლამ დასძრა ჩვენი ცხოვრებაო, ამბობს იგი. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ 60-იან წლებში რუსეთიდგან დაბრუნებულმა ყმაწვილ-კაცებმა მისცეს ჩვენში ცხოვრებას ახალი მოძრაობა? რასაკვირველია, იმათ მიმართულება მისცეს ამ მოძრაობას, თავისი განვითარებული გონების ფერი და ნიშან-წყალი დააჩნიეს.

 ჩვენ ამ რთული ამბავის კვლევას დაწვრილებით აქ ვერ შევუდგებით. მოკლედ ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს იშვიათი მოძრაობა, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება არც ჩვენსა და არც რუსეთის ისტორიაში, ლოგიკური შედეგი იყო მშრომელი ხალხის.

 გარდა ამისა, ბ-ნი გ-ლი თერგდალეულების ღვაწლს ერთობ მეტის-მეტ და გაზვიადებულ მნიშვნელობას აწერს და ეს, ჩემი აზრით, იმიტომ მოსდის პატივცემულ ავტორს, რომ უკანასკნელ თაობას საზოგადოების თვალში სრულიად ბოლო მოუღოს. საჭირო იყო, აუცილებლად, საზოგადო, საეკონომიო მიზეზების ძიება, შემუშავება და შემზადება... აი, აქ უნდა გამოჩენილიყო სწორედ, არა პირველზედ ნაკლები, ღონეცა და უღონობაც.

 მაგრამ აქ თერგდალეულმა ვერ გაატანა თავის პირვანდელ გზაზე სისწორით მსვლელობა და ნიადაგი თავის მოქმედებისა, შინაარსი თავისი პროგრამისა ვიწროდ შემოისაზღვრა და შემოიფარგლა. მართალია, ჩვენში 1864 წელს, ბატონ-ყმობის მოსპობის შემდეგაც, უბრუნდებოდა თერგდალეული თავის საკაცობრიო და სახალხო საგნებს, მაგრამ ეს მოსდიოდა ისე, თავის-თავად, ინერციის ძალით. მოგეხსენებათ, ცხოვრებაშიაც ხშირად ვხედავთ ისეთ ბრმა ინერციას, როგორც ფიზიკურ მოვლენათა გამოხატულებაში არის ხოლმე რაიმე ისტორიული მიზეზებისაგან გამოწვეული მოძრაობა და ეს მოძრაობა თავის პირვანდელ გზას ადგია კიდევ მაშინაც, როდესაც ყოველივე აზრი ამ მოძრაობისა დიდი ხანია დაიკარგა და ისტორიის საკვლევ ამბად გადაიქცა. ასე მოხდა ჩვენშიაც, მაგრამ ასეთი ინერციით მსვლელობაც დიდხანს არ გაგრძელებულა. თერგდალეულების ყურადღება უმთავრესად მიიპყრა საკუთარი ქვეყნისა და ერის ვითარებამ და ისტორიამ. ,,ნასწავლმა თერგდალეულმა, – სამართლიანად ამბობს ბ-ნი ნ. გ-ლის წერილის გამო დაწერილი ,,ივერიის” მეთაური წერილი, – გარდა იმისა, რომ მოჰფინა, რამდენადაც შეეძლო, ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ნათელი აზრები, ხელი მიჰყო საკუთარს ვითარებასაო... მას აქეთ თანდათან ძლიერდება საკუთარი წარსულისა და აწმყოს შესწავლა, რომლის მნიშვნელობას ვერავინ ვერ უარყოფს, რადგანაც ის მწერლობა უქმი და მკვდრად შობილია, რომელსაც საძირკვლად საკუთარის ვითარების შესწავლა არ დაუდვია. ეს საქმე მოიქმედა იმ ძველმა თაობამ და ეს არის უმთავრესი იმისი სამსახურიო”.

 მე, ჩემის მხრით, გულწრფელი და ღრმა პატივისმცემელი ვარ ჩვენი ცნობიერად და სინდისიერად აქნობამდე მომუშავე სასიქადულო მამულიშვილებისა და აი, სწორედ ეს ჩემი შეხედულება მაიძულებს პირდაპირ გამოვსთქვა ჩემი საკუთარი აზრი და მწამს, რომ მომისმენენ, რადგანაც ჩვენი პატიოსნებითა და ენერგიით სავსე თერგდალეული დღესაც მხურვალე თაყვანისმცემელია ჭეშმარიტებისა და სათნოებისა. მხოლოდ ბრმა და ტვინდამთხვეული უარჰყოფს თერგდალეულთა იმ მადლიან ღვაწლსა და სამსახურს, რომელზედაც ასეთი გულწრფელი დარწმუნებით გვითითებს ,,ივერიის” მეთაური. ჩვენ სხვაზედ ნაკლები არ გვესმის საჭიროება და მნიშვნელობა ასეთი სამსახურისა და არ ვივიწყებთ, რომ თერგდალეულების ერთმა მეთაურთაგანმა ჩვენს საკუთარს ისტორიასა და ცხოვრებაზედ მოჭრილი საისტორიო ფილოსოფიური ნაშრომი უძღვნა ჩვენს მწერლობას. ჩვენ გადაგვითვალიერებია ჩვენი ახალი მწერლობა, ვიცნობთ იმას და ვაღიარებთ, რომ თერგდალეულთა ნათელი გონების ამ ნიადაგზე მომართულმა მუშაობამ დიდი ღვაწლი და სამსახური გაუწია მშრომელ ქვეყნისა და ერის ბედ-იღბლის შესწავლას. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებამ თერგდალეულების ხელში ცალმხრივი, მარტო ეროვნული სახის გამომეტყველება და ხასიათი მიიღო, ახალთაობის ხელში კი იგი მიმართულება სრულიად გამოთაყვანდა და შემარცხვენელი, გონების დამამცირებელი ფერი დააჩნდა.

 ...ნამეტანი სიყვარულით გატაცებული თერგდალეული გულწრფელად შესცდა, როდესაც ჰფიქრობდა, რომ მარტო საკუთარი ვითარების შესწავლით შეემუშავებინა თავისი ქვეყნის ბედნიერების პროგრამა.

 ჩვენ აქ არავის სასაყვედუროდ არა ვლაპარაკობთ და, უმდაბლესი მთხოვნელნი ვართ, ჩვენი ნათქვამი საწყენად არავინ მიიღოს. თერგდალეულმა ის გააკეთა, რაც მოეხერხებოდა; ერთს მიმართულებას რომ გაჰყვა, მეორესათვის დრო და მოცლა სადა ჰქონდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, და შეუძლებელი არავის მოეთხოვება. საყვედურს აქ ადგილი არა აქვს...

 თერგდალეულთან მომდევარს, ეგრეთ წოდებულს ,,მეორე თაობას” მაინც ადვილად უნდა შეევსო ის ნაკლი, რომელიც ძველი თაობის მოქმედებაში აუცილებელი მოვლენა იყო, მით უმეტეს, რომ იმას წინ უძღოდა თერგდალეულების მიერ შემუშავებული ახალი ნიადაგი, ახალი ლიტერატურა, ენა, მაგალითის მაჩვენებელი წინა-მოადგილეთა ხასიათი და ენერგია. თერგდალეულთა ვაჟკაცურსა და სასიქადულო მოძარობას უნდა მოჰყოლოდა ის, რაზედაც გულის ტკენით და ნაღვლიანი დაცინვით გვითითებს ბ-ნი გ-ლი. ,,მაშინ, როდესაც, – ამბობს იგი, – რუსეთის ახალგაზრდობას ჭკუისა და გონების გამხსნელი, ზნეობისა და ხასიათის გამაფაქიზებელი აზრი მოჰქონდა მდაბიო ხალხთან, ჩვენი ახალი თაობა მიიზიდების სოფლისაკენ სრულებით უაზროთ და ჰგონია, რომ მარტო ღორებისა და ცხვრების ფარების პროექტებით თავის ქვეყანას ბედის კარს გაუღებსო”.

 რამ მიიყვანა ამ გულსაკლავსა და სატირალ მდგომარეობამდის დღევანდელი ჩვენი ახალი თაობა, რომ, რაც კი რამ შესანიშნავი მოიპოვება ჩვენს ახალ მწერლობაში, სულ მთლად თერგდალეულების თაობას ეკუთვნის და დღევანდელ ახალ თაობისაგან ჩვენს მწერლობას არაფერი სიმდიდრე არ შეუმატია და ვერც შეიმატებს. ,,უნდა ჭეშმარიტად აღვიაროთ, – ამბობს ბ-ნი ნ. გ-ლი, – რომ სალიტერატურო ასპარეზისათვის ახალი თაობა სრულებით მომზადებული არ არის. ასე რომ რუსულს ლიტერატურასაც დაახლოვებით ვერა სცნობს და, ჩვენდა სამარცხვინოთ, ჯერაც თერგდალეულებმა უკეთ იციან და უკეთ შეუძლიათ დააფასონ რუსეთის ლიტერატურა, ვიდრე ჩვენმა ახალმა თაობამ”. ამიტომაც, ჩვენმა ახალმა თაობამ თერგდალეულებსავით ნამდვილი სამსახური ვერ გაუწია საქართველოს, რადგანაც იგი თავის დროის შესაფერ გონებით მომზადებულობას, ხასიათის სიმტკიცეს, ზნეობის თვისებათა პატიოსნურ, გაბედულ ტრიალს, ჭკვიან ლაპარაკსა და წერას მოკლებული იყო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხომლელი გიორგი / ზოგიერთი ფიქრი