ხოფერია გია

კოკორიას აღსასრული

 

მოთხრობა

 

ზუსტად მახსოვს:  2004 წლის 17 მარტს ღამის 2 საათსა და 20 წუთზე გავათავისუფლე დედაჩემი. მოიცილა საწყალმა ჩემი ტვირთმზიდაობა და გამადენინა ძნიყვა სოფლურად არაკომფორტული ბოსელის აქა-იქ ამოკბეჩილ იატაკზე. იმ სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ დაბადება მაინც გამიხარდა.  ცალკე არსებად, ვინმეზე ან რაიმეზე ერთეულად მისათვლელ მსუნთქავად წარმოვიშვი და ასეთი ბედნიერების დაუმახსოვრებლობა იშვიათი სულიერი სიძუნწეა. თქმით ხომ უნდა ვთქვა: რაც პირველადვე შემოგეფინება გულზე ოთხფეხი იქნები თუ ორფეხი, რა მნიშვნელობა აქვს ან ფეხების რაოდენობას ან საუკუნის ნომერს, მაგრამ სიბნელე რომ დამხვდა, თანაც იმ ოღრო-ჩოღრო განფენილობაზე, რკინიგზის მოძველებული შპალებისა და ალიზის ურთიერთშევსებულობით რომ გამოირჩევა, მოვადინე ჩასველებულ-გაწუწულ-ჩაოხრებულმა ძნიყვა, რაც მართალი მართალია, ქუჩის ენაზე რომ ვთქვა, გამიტყდა, ხოლო შუაგულ ენობრივად, არ მესიამოვნა. უფრო მაღალი საფეხურითაც შემიძლია გამოვხატო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ დაბადებისთანავე ხომ არ მოვაღებ პირს და ტლიკინს ხომ არ დავიწყებ ზოგიერთი უკულტურო სულდგმულივით. არადა, მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, პირველი გამოცხადებიდანვე, როგორ გარემოსა და საზოგადოებაში მოხვდები. რამდენი ჩემნაირი დაბადებულა, მათგან განსხვავებული და სპეციალური პროგრამით ჩაფიქრებულ-გამოსხლეტილი კი არ ვარ, რამდენს შეფანცქალებია პაწაწინა გული, სიახლისაკენ გამოქანებისას. მოდიხარ, მოდიხარ და რომ გგონია, ერთი სამოთხიდან მეორეში გადადიხარ, თავისებურ სისხლაჩქოლებას გრძნობ, რაც არ უნდა იყოს, ადგილმონაცვლეობ, სხვაგან გადადიხარ საცხოვრებლად, სხვა თვალი შემოგხედავს, სხვანაირი ასპარეზი გადაგეშლება და ხარ ასე გართულ-წამოსული, ასე გაარხეინებული, ასე ახლებურმოლოდინიანი და უცებ სიბნელეში მოადენ ბრაგვანს. ესეც საოცრებაა, მაგრამ უკუსაოცრება, რომ აგატირებს და აგაღელვებს სიხარულისაგან. რას შვრები, რა უნდა ჰქნა, რანაირად გინდა წახვიდე, თორემ ნაღდად სჯობია უკან მიბრუნება.

მერე და მერე, კარგად რომ დავაკვირდი, ჩემი ვარიანტი, დაბადება მაქვს მხედველობაში, მთლად ოქრო და ვერცხლი ყოფილა, უწვალებლად, გადაქაჩვა-გადმოქაჩვების გარეშე გამოვბრძანდი, კულტურულად რომ მოვიხსენიო ის წუთი, ის დროულობა. შენ და თქვენ, რამდენიც არ უნდა იყოთ, სხვა ვარიანტები უნდა გენახათ, ჩემი შემდგომების, ხან ერთ ფეხს ექაჩებოდა ასპანიე ბებიი და ხან მეორეს. რომ ვერ ჰქნა, რაც უნდა ექნა, შეაწვა იმ ფეხებს უკან და ცოტა ხნის მერე ოთხი გამოჩნდა, მისი დაგრეხილი ქართულით რომ ვთქვა, ერთათინე. ორს ვერაფერი უქნა და ოთხს რას უზამდა, ის ლეღვის ჩირი! გასკდა ძროხა ბღავილით. ტყუილა იწვალა ლეღვის ჩირმა. მე კი ვიყავი კაი ხნის დაბადებული და რა მენაღვლებოდა სხვისი გასაჭირი, მაგრამ თუ აზროვნებ, ბოლომდე წესიერად უნდა იაზროვნო. შემეცოდა ამქვეყნად წვალებისათვის მოსავლინებელი. ეტყობოდა ასპანიასაც რაღაც ახალი სირთულე შეხვდა პრაქტიკაში, თუმცა არ დაბნეულა და ისევ შეტენა ოთხივე ფეხი უკან. ხან წელი ჩაუზნიქა გაჭირვებულ მაკეს, ხან მუცელზე ჩააწვა გამჭკნარი ხელებით, აქედან, იქედან მიავიშვიშ-მოავიშვიშა და როგორც იქნა გამოყო წინა ორმა ფეხმა თავი, რასაც სულ მალე, ფეხების თავი კი არა, ჩემისთანა მაიმუნის თავი მოჰყვა.

მალე სინათლე აინთო და შემომესივნენ გახარებული ადამიანები. ეტყობოდა, დედაჩემმა მესიჯი გაუგზავნა პატრონს. ქალი და კაცი იყვნენ. ისე მეალერსებოდნენ, სულ დამავიწყდა წეღანდელი გულმოსულობა. კინაღამ გავბრაზდი ჩემს თავზე, ცუდი სიტყვები რომ წამომცდა გამოვლინებისთანავე. მეალერსებოდნენ და მეფერებოდნენ, რაღაც-რაღაცეებს ენის მოჩლექვითაც კი მიწოდებდნენ, მაგრამ დედიკონეს ძუძუებთან პირველმა მიახლებამ და პირველმა აპეტიტურობამ იმდენად შთანთქა ჩემი ჯერ კიდევ განუვითარებელი გონება, ყურადღებას არ ვაქცევდი ამ გახარებულთა სიხარულს.

მაგრამ გამოპარვით მაინც არ გამომპარვია, როგორი შურით მიყურებდნენ ჩემიანები. ზრდილობის ოდნავი დატყობის მიზნით, რომელიმე ერთხელაც რომ წამომდგარიყო, ერთხელაც რომ მომსალმებოდა, მიპასუხე, თუ ჩემი ძმა ხარ, ცხოველი ცხოველად არ დარჩებოდა, თუ რა! წამოდგომისას მაჭინკე გაუსკდებოდა, კუდი მოწყდებოდა და გვარიშვილობა შეეცვლებოდა? მაგრამ მეც კაი ოხერი ვარ! იმათ ჯინაზე, ვაბურთავებდი და ვაბურთავებდი დედაჩემის ჯიქნებს და კუდსაც წარამარა ვაქიცინებდი აქეთ-იქეთ მომეტებული სიამოვნების გამო.

უზრდელები და ბრიყვები! ისე ჩვენში დარჩეს და ლუარსაბ თათქარიძე ნებისმიერ სულდგმულში ყოფილა. მხოლოდ ჩოხა-ახალუხის ჩაცმასა და ხანჯლის შემოჭერაზე კი არაა ლაპარაკი.

განსაკუთრებით ჩემი პატრონი, ბიჭი რომ აღმოვჩნდი, იმან გაახარა. ცალკე კარგად მოსუფთავებული ადგილი გამომიყო, ახალთახალი თოკი ჩამაბა, სახელიც შემირჩია და ჭამა-სმაზე ხომ ერთხელაც არ სჭირდებოდა შეხსენება. ხანდახან ცოლისგან მალულად ამიშვებდა. ვეცემოდი მოშიებული ძუძუებს და ოთხივეს უცებ დავაყვავილებდი. ვიშვიშებდა პატივცემული ქალბატონი, მაგრამ მისი ქმარი, შემდგომში ჩემი ძმაკაცი, თითქოს ჩემს გასალანძღად, საგანგებო მწუხარებით იტყოდა:

–  ბაწარი გაუწყვეტია ამ გასადღლეზს და აწი უფრო მსხვილით დავაბამ!

ამ სიტყვებს ისე არტისტულად ამბობდა, კარგად ვხდებოდი ცოლს რომ ატყვილებდა და მე მეალერსებოდა, ამიტომაც თანადგომისა და სიყვარულობის ნიშნად, იმ წინადადების დამთავრებისას თვალი ჩავუკარი. მართლაც გამგებიანი კაცი იყო ჩემი აღმზრდელი და პატრონი ლუკიანე, ნამდვილი ჯიგარი.

– გეხვეწები, ამიშვი, რა იქნება, თალიკო დეიდას მოსვლამდე! – შევუჩნდებოდი ბოსელში შემოსვლისთანავე.

– რაზეა კოკორია ლაპარაკი, მიდი, მიაწექი ოთხივე ფეხებით, შე დაფსხრიკულო! – წამახალისებდა იგი და თოკის შეხსნას არ ვაცლიდი.

დედა, რას იწყევლებოდა აქაქანებული თალიკო! წყევლის მეტი რა მომისმენია სოფლის ორღობეებში, დუდგავდნენ ყველაფერს ჩამოჩხლარტული ქალები, მაგრამ ეს დეიდა რომ წამოარტყამდა, ამნაირი კოკისპირული არსად მინახავს და მყურებია. ავულკანებულ-აქლოშინებული ბოსლიდან რომ გარბოდა, გეგონებოდა თვითონ ცალკე მიდიოდა და ვალინკები ცალკე.

– მაგას შეატენე ყველაფერი, მაგას! სტუმრები და განსაკუთრებით შენი ძმაკაცები რომ ჩამოგიბრძანდებიან, შევხედავ, ერთი, ყველის მაგიერ რას გამოუტან! თქვენ გამსკდარხართ ორივე მუცელზე! რავა მარბენიებენ ტყვილა იქეთ-აქეთ! არ წახვალ სადმე, სულ ხვარ იქნები სახლში, მაგას ქე გავუჭეჭკავ თავს, მა ჭიაღელას! ვკვდებოდით ორივე სიცილით. აუ, ღმერთმა მოგცეს კარგ ადამიანთან საქმე! სულ ჩემ ბიჭსა და ჩქიმ ბაღანას მიძახდა.

გლახა ქალი არც თალიკო დეიდა ყოფილა, მაგრამ ერთი ძუძუს მეტს არ მიტოვებდა გამოუწველავს. თან მომაძახებდა, მოდი და გასკდიო. ერთი ძუძუ რას გამხეთქავდა. ვეღარ მოვითმინე და ნაწყენმა ვთხოვე:

–  თალიკო დეიდა, ისა, ისა, არ შეიძლება ორი ძუძუ დამიტოვო? გეხვეწები, დამიტოვე რა, ძალიან გემრიელი რძე აქვს დედაჩემს!

იმდენი მირტყა, იმდენი, რაც გამოვწოვე, ისიც უკან გადმოვანთხიე. ვერ გავიგე, რას მერჩოდა ის ქალი. დაბეგვილ-დამტვრეულმა ტირილი დავიწყე და კიდევ რომ არ მოეცხო, საპირეში ჩავხტი და ჩავიმალე.

როგორც იქნა, გაშორდა იქაურობას თალიკო. დედაჩემმა მითხრა, რა ბოთე ხარ, ბიჭო, რა ბოთეო, დეიდას რომ ეძახი იმ ქალს, გაგლახავდა, აბა, გულში ჩაგიხუტებდაო.

ვაი, ჩემს თავს! მე მეგონა, რძის უხვად მოსურვილების გამო მეშიპიტებოდა! თურმე ვლანძღავდი იმ პატივცემულს, დედაჩემის დას ვუწოდებდი და მომცხებდა, აბა, რას მიზამდა! კიდევ იოლად გადავრჩი! თუმცა მეორე დღეს, კულტურულობა გამოვიჩინე და წარბებაძგიბულს შიშნარევი მოწყენილობით მივმართე, ვიდრე წამითაქებდა არაპედაგოგიურად:

–  ძალიან რომ შემიყვარდი, მიტომ გიწოდებდი ალერსობით სიტყვას, თორემ მე, პატარამ, ძალიან კარგად ვიცი, ადამიანი, თანაც თქვენისთანა მშვენიერი, საქონლის ანუ პირუტყვის დეიდა რომ არაა. მეტჯერ არ ვიზამ თქვენს საწყენ უხეშობას სიტყვიერი გამოთქმით და გემუდარებით არც დამემდუროთ, არც წამითაქოთ და მთლად თუ არა, ცოტათი სამყოფი რძე მაინც დამიტოვოთ დედიკონეს ჯიქნებში.

იცინა, მარა რა იცინი, იმ პედაგოგიურმა ქალმა, ლამის კინაღამ შეწუხდა. იმწუთშივე შევატყვე, რა ფსიქოლოგია დავატრიალე და ჩემი პატარა ლამაზობითობის გამო, იმ გაცინებულის გამო, მეც გავცინდ-ავკვინტრიშდი.

ასეა, ზოგჯერ ერთი ფინჩხა მოხერხებულობა წაადგება საქმეს სასიკეთოდ. ცოტა უნდა მიიხედ-მოიხედო, მიატრიალ-მოატრიალო ჭკუა და, რაც არ უნდა გაჭირვება გამოგიხტეს, იმ გაჭირვებისგან დაძრომა ყოველთვის გამოინახება. კინაღამ შეწუხებული ოდნავ რომ მომჯობინდა, სულ კუდრაჭა და სასიამოვნო მაიმუნი მიძახა, თუმცა მხოლოდ ეს არ მაკმარა და იქვე გამომიწერა ლიმიტი ჩემს დედიკონასგან დამაკმაყოფილებელი საკვების მისაღებად.

მაგრამ ლუკიანე უფრო მიყვარდა მაინც. სულ სხვაა კაცი პატრონის ყურადღება და თილისმური შემოფერება. თანაც ბიჭი რომ ვიყავი, ეს აგიჟებდა. მალე წამოიზრდები და ხარი რომ გახდები, ჩემი მარჯვენა და მარცხენა ხელი იქნებიო. რა თქმა უნდა, ციცქნაობისას არც კი ვიცოდი, ხარი რა ჯადოქრულობა იყო იმ ბედნიერისთვის, მაგრამ გლახა რაიმეს რომ არ მიქადდა, გონივრულად ვხვდებოდი.

როგორც იტყვიან სოფლის მაცხოვრებელნი და მათ შორის ლუკიანეც, წინ და უკან მატენიდნენ საჭმელს. წესითა და რიგით მალე უნდა გავზრდილიყავ, ამეყარა ტანი, მაგრამ ორი-სამი თვის მერე რა ჯანდაბა და ოხრობა მეცა, ვერც პატრონმა გაიგო და ვერც მე. გაძლიერებულ კვებაზე კი ვიყავი, მაგრამ წონაში ვერ ვიმატებდი და გადაგდებულ მძორივით ჩამოვტიალდი. ჩემს დამნახველს, შინაურსაცა და გარეულს, გულზე ეყრებოდა. ლუკიანეც დამისედიანდა. მართალია, არ შევზიზღებივარ, მაგრამ ნაკვდავა მაინც შემარქვა. აქა-იქ თუ წამოცდებოდა ჩემი ნამდვილი სახელი – კოკორიი.

თავის მოკვლა კინაღამ დავაპირე ექვსი თვისამ. დამაწყდა ნერვები. ჩემი ტოლანები დაბალ მესერს ახტებოდნენ უკვე, მე კი ოდნავადაც რომ წამოესისინებინა ქარს, ბოსელში მამწყვდევდნენ, ეზო-კარმიდამოში გამოლენჩებულად მდგარი, რიონიდან გამოფრენილ ჰაერს მეზობლისას რომ არ მოვეშტვიალებინე. ნაკვდავა და მკვდრის სუნადინებული კი ვიყავი, მაგრამ რახან სული შერჩენილი მქონდა, თავმოყვარეობაშელახულად ვგრძნობდი თავს. ნამუსიანად რომ გითხრათ, მრცხვენოდა. თვალებს ვერ ვუსწორებდი ლუკიანეს და მისი გამოვლისას ორ-სამ ფოთლიანი პატარა მცენარეც კი მკმაროდა დასამალავად.

დედაჩემმაც ამაღო ხელი. სხვებთან ერთად მეც რომ გამიშვებდნენ საბალახოდ, თვითონ დაადებდა თავს და ისე გლიჯინ-გლიჯინით გარბოდა წინა დღით შეთვალიერებული საზრდოსკენ, იმას ვინ დაეწეოდა. ყველა მე მირქენდა, გვერდზე მაგდებდა, არავის სურდა ჩემს სიახლოვეს ყოფნა და ამხანაგობა. ამიტომაც, დილით იყო თუ საღამოს, სულ ბოლოში მივჩანჩალებდი, ჩემი პატარა ჩაფიქრებულობითა და უსახელო ნაღველ-სიმწარით. რამდენჯერმე სახლშიც არ მივსულვარ იქვე ახლო ტყეში უაზროდ გატრუნული. მაგრამ, ბედი ჰქვია ამას თუ უბედობა, თქვენ თვითონ განსაჯეთ, არც ტურა მომკარებია დასაფეთებლად და არც ორი კაკალი მგელი, ხანდახან იქაურობას რომ იკლებდნენ კივილით. ეტყობა, გლახაკი და ლენჩად შემომყურე მტერსაც ეზარება საჭმელად.

სიცოცხლის, თანაც გამწარებული სიცოცხლის სითბო, როგორც ჩანს მაინც თავისებურ ბიძგს იძლევა და მეც, ვითომ სულიერი, დავათრევდი ოთხივე ფეხს ამ ვალდებულებით.

ერთხელ, უკვე წლისამ, ოცდახუთ კილოგრამს რომ ვიწონიდი მთლად, ყური მოვკარი ლუკიანეს შეპასუხებას ვიღაც ოხერ-მუდრეგი მეზობლისადმი, რომელიც ჩემს გადაგდებას ურჩევდა ჩემთვის ისევ და ისევ საყვარელ პატრონს. მაგარი იყო ლუკიანე და იმ დამპალს მიახალა:

– შენ, ბიჭო, თორმეტი წლის იყავი, პირველად სიტყვა დედა რომ ამოგცდა მაგ ორმოცკბილიან პირიდან და კარგა ხანს სხვას ეკითხებოდი ქუჩაში გადმოსული, თუ სად ცხოვრობდი, კოკორია ახლა შესრულდა ერთის და ამის დეფექტები რატომ უნდა გამიკვირდეს. გაიარე და მეორედ ცუდი არ წამოგცდეს ამ ჩემს აღსაზრდელზე, თორემ უფრო მაღალ საფეხურებრივი საწყენით მოგმართავ.

ქუჩის ბიჭების ენაზე რომ ვთქვა, მაგრად გამისწორდა.

ამ გამოქომაგების შემდეგ ჩემთან მოვიდა ლუკიანე. არ განვძრეულვარ. ზურგზე გადამისვა ხელი და ჩაიმუხლა. მორიდებისაგან ისე დამიწყო ყურებმა შიშინი, კარგად ვერ გავიგე, რას მებუტბუტებოდა, თუმცა ის ბუტბუტი ალერსი რომ იყო, კარგად ვგრძნობდი და ჩემი უმნიშვნელო წონა მემსუბუქებოდა.

– რა დაგემართა, კოკორია ჭირიანო, რა ეშმაკი გეტაკა, ბიჭო! რა ჩაგყვა ამისთანა მოუნელებელი, რომ ვერ გეიტანე და გააღწევინე, სანამ გინდა, ასე მჩატე და ფარატინა იყო! ნუ დამიხოცავ მეზობლებს ჯავრით, თორემ ხომ გაიგონე წეღან, მხოლოდ ჯავრით არ კმაყოფილდებიან და შეიძლება ზოგი მალე გასასვენებელიც კი შეგვექმნეს!

რა უნდა მეპასუხა, მაგრამ აქა-იქ შემორჩენილი ძალა როგორც იქნა მოვიკრიბე და მთლად მკვდარი რომ არ ვგონებოდი პატრონს, ძლივს ვთქვი:

– ტკივილით არაფერი მტკივა, პატრონო ლუკიანე, ისე, ჩემთვის გაუგებარ სისუსტეს ვგრძნობ, არც მომკლა და არც დამარჩინა.

–  ნუ გეშინია, კოკორია, სუსტებისა და ცოცხლად მკვდრების მეტი რაა ამ ქვეყანაზე. მარტო ჩვენს ქუჩაში მაგისთანა დუჟუნი დაღოღავს და იმის იქეთ უთვალავია კიდევ, მაგრამ ფერს ნელ-ნელა ყველა იცვლის და ისე უცებ ღონიერდებიან, ტელევიზორი და გაზეთი მაგათზე უკეთესს ვერავის ამჩნევენ.

–  ადამიანებში რანაირად ხდება მაგ ფერისცვალება, მე საიდან უნდა ვიცოდე, ძვირფასო პატრონო, ერთი გაფსიორებული ოთხფეხა ვარ! მე შენ რომ გაწყენინე, იმას ვდარდობ!

– არ იდარდო,კოკორია! აი, ნახავ, სულ ცოტა ხანში რა მაგარი ბიჭი იქნები! თუ გინდა ექიმს მოგიყვან!

– არა, ძვირფასო ლუკიანე, ჩემთვის ექიმი და წამალი შენი მოფერებაა. გუშინ ანგელოზი გამომეცხადა, ლამაზი ფრთები ჰქონდა, ორჯერ შემომიქროლა და ორჯერვე მითხრა, ცოტაც და მტრების ჯინაზე სამი კვირის გასაზრდელი ერთ კვირაში გაიზრდებიო. კიდევ რა მითხრა, იცი?

– რა, კოკორია?

– რადა, შენ ახლა იმიტომ ჯავრიანობ, სამი წლის მერე მოკვდები, სამი წლის მერე წვალებით დალევ სულს და ამჟამად რაც გჭირს, სამი წლის მერე მოსალოდნელის წინასწარ შეტყობინებააო!

–   რას მეუბნები, კოკორია?!

–  ასე მითხრა, ნამდვილად!

ლუკიანეს მეტი არაფერი უთქვამს. ერთხანს მეფერა კიდევ. ნუ გეშინია, ჩემო ბიჭოო, დამიბარა და გამეცალა. მაშინვე მივხდი, რომ ჩემი საქმე უკეთ წავიდოდა, მალე გამოჯანსაღება დამეტყობოდა. იმასაც მივხვდი, რომ მე და ლუკიანე გახარებულებს, წეღანდელი ცუდწინასწარმეტყველური ნაუბარი დაგვავიწყდებყოდა, სქელი ლაქა გადაეფარებოდა ამჟამინდელობას და წესიერი დღე წესიერ დღეს დაემსგავსებოდა, წესიერი ღამე კი ასევე წესიერ ღამეს.

ჩავარდა ყინული წყალში. გაირღვა ჩემი მოთენთილობა და ჩემთვის არც კი უკითხავთ, ისე მოვარდა უეცარი ტალღა, რომელსაც ჩემი წალეკვა აზრადაც არ მოსვლია. პირიქით, მთელს შიგნეულობაში დამიტრიალდა მისი სიღონივრე და ისე გამაქან-გამომაქანა ლუკიანეს კოინდრიან ეზოში ახალგაზრდული ამობღავლებითა და ატლინკავებით, გაოცებულმა ჩემთვის უცნობი ფიზკულტურა წამოვიჭყე ყოველგვარი თეორიული მომზადების გარეშე. ხოლო არანაკლებად გაოცებული ლუკიანე კინაღამ გამეჯიბრა იმ ფიზკულტურულობაში, მაგრამ ნიკოტინით დაფარჩაკებული სხეული მალევე აუბათქუნდა საწყალს და მხოლოდ აქლოშინებულ ხარხარს თუ რაღაც ამდაგვარს დასჯერდა.

– აი, ასე უნდა ახალი დაბადება! – ვიყვირე მე და ძლიერ გათამამებულმა რკინის ჭიშკარი წარმოვიდგინე თამასად, თუმცა დამავიწყდა ძველებური შეგონება, ფეხები იქამდე გაშალე, სანამ საბანი გაგწვდებაო და კინაღამ კისერი მოვიტეხე. მხოლოდ კინაღამ.

მოვიდა კარგი სიცოცხლე! მოვიდა, მაგრამ რა მოვიდა! დაბნეულად გამოლენჩებული ჩემები ჩუმ-ჩუმად ეკითხებოდნენ ერთმანეთს, თუ რა ჯანდაბამ დამრია ხელი, მაგრამ სწორ პასუხს ვერ ღებულობდნენ. მარტოღა დედაჩემმა დამიბღავლა ერთხელ:

– გაგიჟდი, შე უპატრონო?!

მე იმწუთშივე გამახსენდა მისი ადრინდელი გულცივობა და ცხვირწინ ისე მოსწრებულად ავუტლინკავდი, უმალვე ჩაიგდო ენა და გაბუსულმა განაგრძო გზა. თურმე ბუღასკენ მიეჩქარებოდა იმ სექსუალურად აღტკინებულს და მაინცადამაინც არ ეცალა ჩემთვის დამრიგებლურ-აღმზრდელობითი მეცადინეობის ჩასატარებლად.

რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. რიკ-ფაინის ჟამი თანდათან გამოილია. წარამარა ვიზრდებოდი და ვაჟკაცობაც მემატებოდა. თანაც ბევრი რაიმე გავიგე და დავიმახსოვრე. ჩვენი სოფლური მიდამოები ამისათვის ზედგამოჭრილი გახლდათ. მართალია, ლუკიანე საერთო საძოვარზე არ მიშვებდა, ხელზე გამობმულივით ვყავდი, ყოველთვის გამორჩეულ მენიუს მთავაზობდა, ძალიან შინაარსიან ზღაპრებს მიყვებოდა, მანათლებდა და მანათლებდა, მაგრამ ჩემთვისაც, მარტოყოფნობისასაც, აურაცხელ დასაკვირვებელ ობიექტს ვაგნებდი ხოლმე და თითქმის დღე არ გამომიტოვებია დამოუკიდებელი თვითგანვითარების გარეშე. თავიდანვე ბაწარს ვერ შევეგუე, რადგან ჩავთვალე, ჩემი პირადი ღირსებები ილახებოდა, დემოკრატიულ რომანტიკას მიმძიმებდა ერთ ადგილზე წრიალი, მაგრამ დროულად მივხვდი ლუკიანეს გადაწყვეტილების მთავარ აზრს, საჭირო იყო რაც შეიძლება მალე შევშვებოდი ხულიგნობასა და სხვის ეზოებში წანწალს, რაც ავტორიტეტს გამიფუჭუბდა, არა მხოლოდ პატრონის, არამედ შემხედვარე საზოგადოების თვალში. და რაც უსწრაფესად ჩამენასკვა გონებაში იყო ის, რომ პატიოსნება და მორიდება ადამიანს კი არ სჭირდება მხოლოდ, ცხოველისთვისაც აუცილებელია.

კაცმა რომ თქვას, რაში მჭირდებოდა ცუდი სახელის მოხვეჭა. საჭმელი მაკლდა, სასმელი თუ სუფთა ბოგა. წამიერად დაურღვეველ რეჟიმში ვიყავი და მალე დამეტყო კიდეც ფიზიკური და გონებრივი განვითარება.

ბევრი რამ მოისმინეს ჩემმა ყურებმა, ბევრი რამ ნახეს ჩემმა თვალებმა. წლინახევრისა თუ ცოტა მეტის ვიყავი, ჩამოყალიბებული რომ მეთქმოდა ნორმალური ცხოვრებისათვის. ამ ასაკის ადამიანებს მშობლები ერთი წუთითაც ვერ მოაცილებენ თვალს. სულ ჩაფსმულ-ჩაოხრებულნი არიან, ატატებულებს დააპორწიალებენ იქეთ-აქეთ და ნამდვილად არავინ იცის, რა ეშმაკი გამოვა მათგან. დილაობით სკოლაში მიმავალ ბავშვებს რომ ვუყურებდი, სიცილით ვკვდებოდი. სიფათზე ეტყობოდათ ნახევარზე მეტი ლენჩი რომ იყო. მაგათი ხნის პირუტყვი ძროხა თუა, უკვე მოთავებული დედაა, თანაც მრავალშვილიანი და ჩემი სქესისანი, გახედნილ-გამოცდილი ხარები არიან, დინჯად დააბიჯებენ და ძნელად თუ მოუვათ ძლივს დასამჩნევი შეცდომა. ისე, ჩვენში დარჩეს, სკოლისაკენ მიმსწრაფებს შორის სხვა ნათესაურ სპირალებთან ერთად, მთლად ახლობლურიც აღმოვაჩინე. ისინი იშვიათად ლაპარაკობდნენ ან საუბრობდნენ, უფრო მეტად ბღაოდნენ და გამიხარდა, რომ იმ ცოცხალ არსებებთანაც იოლად შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა. მათ ლაპარაკისას სიტყვაძუნწობა ეტყობოდათ. დედ-მამასა და იმათ შვილებს ისე ხშირ-ხშირად უხსენებდნენ ერთმანეთს, ჩემი აზრით, არაკეთილთვისებიანი განწყობით, ვითომ მე სიმინდის ტაროს ვახრამუნებდი და ისინი კარაქიან პურს სჭამდნენ.

ერთხელ ლუკიანემ ტელევიზორისთვის მაცქერინა. ძალიან მადიანად მესიამოვნა მუსიკა, სურათები. აუ, რამდენი რაიმე ხდება თურმე ქვეყანაზე! თვალებგადმოკაკლული მივჩერებოდი ყველაფერს და, რაც მთავარია, ვიმახსოვრებდი. ცრემლებიც კი გადმოვღვარე ილია ჭავჭავაძის “ გუთნის დედა" რომ წაიკითხა ერთმა არტისტმა, ხოლო მოგვიანებით უფრო ავცრემლდი, ლუკიანემ “ ღვინია გადაიჩეხა" რომ გამაგებინა მხატვრული სევდიანობით. რა კაი ყოფილა, მაგისი, ლიტერატურა და ხელოვნება. ფიროსმანმა სულ გამაოგნა. ისიც ჯიგარ კაცად მივიჩნიე ლუკიანესავით.

ჩვენ, ცხოველები, როგორც მოგეხსენებათ, ტანზე არ ვიცვამთ. არც ფეხსაცმელი გვჭირდება და არც ქოლგა წვიმაში. მაგრამ შიშველი ადამიანები ქუჩაში რომ დაშტუალობდნენ, გადავირიე კინაღამ. მართალია, მაშინ თითქმის ბაღანა ვიყავი და წესით გული უნდა ამთრთოლებოდა ამდენი შიშვლობის შემყურე, მაგრამ ჩვენ ათრთოლებისა და ავარდნის დრო და საათი მშვენივრული რეჟიმობით ვიცით. იმის იქით ნამდვილად არ წავალთ, ვერანაირად ვერ დავარღვევთ ჩვენი გვარ-ჯილაგის ტრადიციებს. უფროსი მოზვრების ნაამბობიდან და ჩემივე დაკვირვებიდანაც მშვენივრად მომეხსენება, რომ სექსი აუცილებელია როგორც პირადი მოთხოვნილებების შესავსებად, ისე შთამომავლობის გასამრავლებლად და ამას დიდი-დიდი რომდენიმე წამი სჭირდება სულ. ესენი კი რა ამბავში არიან! ლუკიანეს ტელევიზორი ბოზი ქალებითაა გამოტენილი. იტყლაშუნებენ და იტყლაშუნებენ, გესმის, ნაირგვარ ფალოსს. აღარ დაადგა საშველი იმათ დაცხრომას! საიდან არ ახტებიან ზედ და სად არ იკვეხებენ იმ გავარვარებულს, თანაც რამდენჯერ, დათვლა შეუძლებელია. კვნესიან და წკმუტუნებენ ტაკუია ტანაკასავით, ძაღლზეა საუბარი, რომელსაც სიბნელის ეშინია, და მიტომ გამოჰყოფს ისეთ ბგერითობას. ოთხასი სერია აჩვენეს ერთი ფილმის ლუკიანე ტელევიზორში და შვიდი ქალი ცალ-ცალკე ოცჯერ გათხოვდა. ყოჩაღ, იმათ გაძლებას და აპეტიტს. თვითონ ლუკიანესაგან გავიგონე სიტყვა ბოზი იმათ მიმართ წარმოთქმული ფიცხელი აღელვებისას, თორემ მე საიდან მოვიგონებდი. ჩვენში ხომ ბოზობა გამორიცხულია. გულზე ხელი დაიდეთ და მთლად ტუტუცი ვინცაა თქვენს შორის, იმან თქვას, თუ გაუგონია გამოთქმანი: სექსუალური ძროხა, სექსუალური მოზვერი ან ხარი. ბოზი ძროხა, ლესბოსელი ძროხები  ა.შ. ვაა, ესენი ვინ ყოფილან, კაცო!

მაპატიეთ, ამგვარიანებით რომ მოგიწამლეთ გონება, პატიოსანნო! მაგრამ ცხოვრება უთავბოლო რომაა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და მეც ამჟამად გავუთავბოლოვდი. ბოდიშს ვუხდი ჩემს თავს, რომ ენა დავიბინძურე, თუმცა თქვენთვის ჩემგან წამომავალი ინფორმაცია უფრო სენსაციური აღმოჩნდება, ვიდრე იგივეობა თქვენშივე დატრიალებული.

ასე რომ, ძალიან ცუღლუტურია საერთო სიცოცხლე ე.ი. ჩვენებურიცა და თქვენებურიც. ანტენები ყველგანაა დამაგრებული და დასამალიც რომაა ხანდახან, ისიც არ იმალება.

ეს უწმინდური მოსაზრებანი ლუკიანეს გავუმხილე. იგი ცოტა ხანს მდუმარედ იდგა. მხოლოდ ცოტა ხანს. მგონი, არც ეშმაკმა იცოდა, რას მიედებ-მოედებოდა მისი გონება. მე კი, როგორც განვითარებულს სჩვევია ხოლმე, მივხვდი, საითკენაც მიუწევდა გული და მდუღარე გადასხმულივით შევხტი.

–  არ ქნა მაგ, ლუკიანე პატრონო!

–  რა არ ვქნა?

–   რაც წაიბოროტე თავში.

– სხვაგვარად არ შეიძლება. შენ დიდი საქმეებისთვის ხარ მოვლენილი ამქვეყნად და უფლება არ გაქვს, საამსოფლო ვნებებით იბინძურებდე უმანკოებას. ამიტომაც კი არ წავიბოროტე, წავიკეთილე!

– ცოტაც დამაცალე, თუ ჩემი კაი პატრონი ხარ, ნუ გამომატოვინებ ასაკობრივ ციებ-ცხელებას!

– ვერ დაგაცლი, ძვირფასო კოკორია, ახლავე უნდა შეუდგე გზას დახარებისას!

–  ხომ ხედავ, მაგ ლამაზი თვალებით, ჯერ კიდევ პატარა ვარ, უმწიფარი!

–  ნუ ცუღლუტომ, კოკორია, პატარა კი არა, სახედარს ააყვირებ!

–  არავის არ ავაყვირებ, ჩემო პატრონო, გამზრდელო და ოქროს მადანო, ჩემს ჯილანგარე დედას ვფიცავარ, არავის არ ავაყვირებ, ვივლი წყნარად და პატიოსნად, ერთხელაც არ გავიხედავ ატეხილებისაკენ, ჩემთვის ვისიამტკბილავებ!

– არავითარ შემთხვევაში! მოკეტე, რომ გეუბნები და  თუნდაც მოჩვენებითი ნებაყოფლობით ჩააბარე შენი სქესობრივი სიამაყე ჯაყანია ფათარას.

– ოღონდ მაგ კაცი არ დამანახო და ჩემივე ფეხებით გამევიდღლიზავ სათესლეებს. ჯაყანია ორჯერ მყავს სულ შენახვედრი და დღეში სამჯერ ვარწყიე, მაგის მსგავსი უგვანო სახიერება სხვა დედამიწაზე თუ დადის, თორემ ჩვენსაზე ვარიანტი არ არსებობს.

–  კარგი, კარგი, აგაცილებ ჯაყანია ცალღრანჭას! სპიდომეტრას მოგიყვან მაღლაკელს!

– არ ვჩივი, ვინც იქნება, ოღონდ ის სარწყევი არ იყოს!

–  მაშ, მოვრიგდით! მოიტა რომელიღაც წინა ფეხი სადასტუროდ!

– კი მოვრიგდით, რახან შენსას არ იშლი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხომ არ მოგვეცადა, თანაც ახლა ცინცხალი მთვარეა და ჭრილობანი არ გამიმიზეზდეს!

– ნუ ციგნობ, შე მუტრუკო კოკორია, რა შენი სახსენებელია პრეზიდენტი ან მთვარის ფაზები, სულ ნუ გაგივა თავს!

– ბოდიში უნებლიე უზრდელობისათვის, მაგრამ ამას წინათ შენ არ იძახოდი, ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ამომრჩევლებისა ჩემს კოკორიაზე მეტი დებილები არიანო. მე, რა თქმა უნდა, ცუდად შედარება მეწყინა! უნდა გეთქვა, ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტის ჭკუა კოკორიას ჭკუასთან ვერ მივა ან კოკორია უფრო სამართლიანი არსებაა, ვიდრე ის ორფეხოსანნიო. უფრო უკეთესადაც შეგეძლო გამოგეხატა ჩემი უპირატესობანი, მაგრამ შეგრცხვა, შენც ადამიანი ხომ ხარ და გამიმეტე. თუმცა, არა უშავს, გულში ბოღმა არ ჩამიდვია და ახლაც ჩემდამი რომ არ გართულდე, გითანხმდები, მოიყვანე მაღლაკელი სპიდომეტრა და ხვალიდან სხვანაირად გავწიოთ მომავლისკენ!

–  ვაა! შენ რამოდენაზე შეგიბერია,ბიჭო! საიდან და როდის დაიმარტოხელე ასეთი ესენი?

–  ანგელოზის გამოცხადებამდე და უფრო მერედაც!

–   მაგრამ მაინც უნდა შედგე სტანოკზე!

– გემორჩილები და თავს ვხრი თქვენს წინაშე, დიდო ლუკიანე! მხოლოდშენი ხათრით ვაკეთებ ამას! თუ დაიმახსოვრებ, სულ არ ვიგრძნობ ტკივილს, იმ ვითომ ქირურგის ქირურგობისას!

წამოქცევა მომინდომეს ლუკიანემ და სპიდომეტრამ, მაგრამ მათ არ ვაღირსე კაცური შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად უსამართლობის ჩადენა და ჩემითვე წამოვწექი. ავუპლაკე უკანა ფეხები ჯაყანიაზე ცოტა უკეთესი  სახიერების მქონე სპიდომეტრას და ჩემი მშვენიერი თვალებით ვანიშნე, მიმიხედე ყვერებსთქვა. მაგრად მატკინა იმ არაადამიანიშვილმა თუ ძაღლის ნაშიერმა დაბიზინებულები! იოდში ამოსვრილი ბრიტვა დამისვა ორივეზე და ისე სწრაფად ამოაკარკლია თვალები ჩემს ამდენი ხნის მოფერებულებს, სად მქონდა გაოცების თავი, მაგრამ მაინც გავკვირდი და გინების ხასიათზე დამდგარმა, კინაღამ ქება დავუწყე იმ ჩემის წვრილ კოლიბრიანს.

კიდევ სხვადასხვაგვარი წვრილმანობანი ჩამიტარა სპიდომეტრამ და ლუკიანეს ჩაუღიმილა – მაგარი ვინმეა, ხო იცი, ას წელს იცოცხლებსო! არადა, იმ დეგენერატმა ვერ განსაზღვრა, ორიოდე წლის სასიარულო საწვავი რომ მესხა ავზში.

ცოტა კი გამიჭირდა წამოდგომა, მაგრამ ჩემი მტრების ჯინაზე ნახევარი სისხარტით წამოვდექი და ნიგვზის ჩრდილში ავიტუზე გულგაბრიგინებული. რაც არ უნდა ხათრიანი და ალალი იყო, მითხარით, თუ ვინმე ხართ ჩემი ძმა, როგორია რომანტიკულობიდან კრიტიკული რეალიზმის გამოტოვებით მხოლოდ მშრალ ცხოვრებაში შესვლა! მართლა უნდა დაიკიდო ოთხივე ფეხზე ყველაფერი, მაგრამ ლუკიანეს სიყვარულმა ჩამჭრა და მისროლა ნატურალიზმში.

ბევრ წყალს ნამდვილად არ ჩაუვლია, რაც ახლებურად გამოჩარხვა დამიწყო ცხოვრებამ. ლუკიანე კიდევ უფრო გამისიყვარულდა. დილით ადრე მიმარბენინებდა ქორფა საძოვარზე. კარგადაც გამიტოულებდა ბაწარს და ჩემს მოსვლამდე ჭკუით იყავიო, დამიბარებდა. სამსახურიდან ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა, მაგრამ საღამომდე მაგარ გაბურთვამდე მაბალახებდა და ჩემთან გლახავში ნელ-ნელა იცილებდა ალკოჰოლის ბაცილებს. ტყუილის თქმა რაში მჭირდება, არანაირი დღე არ მახსოვს, მშიერი ვყოფილიყავ ან წყალი მომკლებოდა ან საჭმელი. მგონი, ასეთ დისციპლინარულ გრაფიკში ცოლ-შვილიც არ ჰყავდა ლუკიანეს. ოი, როგორ ეჩქარებოდა ჩემი ნახევრადსრულყოფილი დავაჟკაცება მაინც, რადგან აბორიგენი სოფლელების სიზარმაცისა თუ უნიათობის გამო, ხარს ვერასდროს ნათხოვრობდა ზუსტი საჭიროებისას. თუმცა იმ ბედოვლათებს ხარი კი არა, ზოგჯერ კაპიკის საღირალი სასოფლო ინვენტარიც არ გააჩნდათ და აქეთ, ლუკიანეს, აწუხებდნენ ხშირად.

ძალიან ვეჩქარებოდი, ძალიან, და მეც ვცდილობდი ღონიერების მომატებას.

– ე, ბიჭო, გეიზარდე რა იქნება, დეემგვანე რაღაცას! – მეხვეწებოდა ლუკიანე.

– რა ვქნა, პატრონო, ვიზრდები რაც შემიძლია, ძალით ხომ ვერ გავიწელები! – ვითომ გულმოსული შევეპასუდებოდი, მაგრამ სიტყვას ნაღდად ვასრულებდი. იმას რომ ეჩქარებოდა, კარგად ვიცოდი, მაგრამ ბავშვ პირუტყვს მოსთხოვო ის, რაც ორმოცდათორმეტჯერ აღემატება მის ნამდვილ შესაძლებლობებს, კუბში აყვანილი უსამათლობაა.

პირუტყვი ადამიანივით ცრუპენტელა კი არაა. თვითონ კი ნიშნავდნენ ცხვირმოსახოც ბაღნებს მინისტრებად, მაგრამ ჩვენში ასეთი ჩალიჩ-მალიჩი არ მოდის. მოზვერი, თანაც ოდნავადაც გაუხედნავი, ხარობას ვერ გასწევს, თანაც არ იკადრებს ამას. ხარი ჩვენს გვარ და ჯილაგში ძალიან გამოცდილ, ჭკვიან და დინჯ პიროვნებად ითვლება. ამიტომაცაა რომ მას ბევრ საპასუხისმგებლო საქმეს ავალებენ.

დეკემბრის პირველი კვირა იქნებოდა, ხო, ასე იყო, თუ არ ვცდები, ვხედავ, ლუკიანე სოფლის ორღობეში ქლოშინ-ქლოშინით შეშას მოათრევს და ჩუმად იმას აგინებს დედას, ვინც ხარი არ ათხოვა და ხმამაღლა თავის გაჩენას. ძველმანებში გახვეული ლუკიანე მაგარი სიფათის კი იყო, მაგრამ დაკვირვებისთვის რომ დამეხარჯა ის წუთები, ტუტუცი ვიქნებოდი. ვამჩნევდი, მძიმე იყო ტვირთი, რადგან იმ სიცივეში  შუბლი გაოფლილი ჰქონდა. უფრო მეტად იხარჯებოდა ჩემი პატრონი, ვიდრე თვითონ იყო. არ შემცოდებოდა? შემეცოდა ალალად. ჯერ ერთი, იმიტომ, ლამაზი ინტელიგენტი ბრძანდებოდა, მაგრამ ამ სატყეურეში ტყუილად ცვდებოდა მისი სილამაზე. მეორეც, აბორიგენები ფეხებზე იკიდებდნენ მის დასაფასებლობას. მესამეც, ცოტაოდენი ფული გააჩნდა და ამიტომაც ღარიბი იყო. მეოთხეც, გაჩათლახებულ ქვეყანაში ცხოვრობდა ეს მართლა სამინისტრე კაცი. მეხუთეც, ჩემი კარგი პატრონი იყო. და სწორედ ამ მეხუთეს გამო, განსაკუთრებით მეხუთესთვის, უცებ პიროვნება გავხდი და წინ გადავუდექი ლუკიანეს.

– ვინც შენ დღეიდან გვერდით არ დაგიდგეს და არ მოგეხმაროს, იმის დედა ვატირე ჩემდა თავად!

ლუკიანემ შეშა დააგდო და ჩაჯდა დამეხილ წნევა დარტყმულივით.

–  მართალს გეუბნები, პატრონო ლუკიანე, მთლად იმხელა არ ვარ, ხარობა გავწიო, მაგრამ თუ უკან დავიხიო, დანა გამომისვი კისერში!

– რა გინდა, ბიჭო, კოკორია, რამ გადაგრია ამ დეკემბრობისას! – ძნელად ამოსაცნობი შემოხედულობით მითხრა ლუკიანემ.

–  დატოვე აქ ეს ოხერი ტვირთი და წამო, გამაბი ურემში! მაგას კი არა, ათ მაგდენს წამოვიღებ, თუ ვყოფილვარ ბიჭი!

–  გაიწი იქით, ნუ იტყლაჭები ტყვილა!

–  ნაღდს გეუბნები! ჩემს ჯილანგარე დედას ვფიცავარ და მამასაც დავიფიცებ, რომ ვიცოდე ვინაა!

–  გაჩერდითქვა!

–  რაც ვთქვი, გამკეთებელი ვარ!

–   ჩაისვრები, კოკორია და მოგეჭრება თავი ძმაკაცებში!

–   ვინც ჩაისვაროს! არ მათქმევიო, ამის მერე რაცაა საჭირო, იგი!

–  აბა, მაგარი ხარ?!

–   ვარ!

ხუმრობით რომ ვთქვათ, წამოვეგე ჩემს კეთილშობილურ შეთავაზებაზე. აპეური რომ შემიკრა ლუკიანემ, მაშინ მივხვდი, თუ რა ხათაბალაში გავიხლართე, მაგრამ რაინდი კოკორიი უკან დახევას განვიზრახავდი?! გაუვარჯ

იშებელი კისერიც კი ამეწვა თუ მეტკინა უღლის სიმძიმისა და მიდი-მოდისაგან, თუმცა ესეც არარად ჩავაგდე და ისე მშვენივრად გავაკვანკვალე შვეულმფრენის საბურავებზე შემდგარი ჯაბახანა, ქუჩაში გავლისას ორმა ბებერმა ხარმა შურით გამომაყოლა ბებერი თვალები.

–  აბა, მოდი კოკორია, ჯიგარი ხარ, ბიჭო! – მაქებდა ლუკიანე და მის სიხარულს არც ერთი საზღვარი არ ჰქონდა.

მოვიტანეთ შეშა. მერე კიდევ მოვიტანეთ შეშა. მერეს მერეც მოვიტანეთ შეშა და არა მხოლოდ ის სათბობი საშუალება, უამრავი მრავლობითობაც საჭირონი ოჯახისთვის. ერთხელ მაინც უნდა გენახათ, როგორ დაიჯგიმებოდა ლუკიანე. ამაყად და თვალტანადად გამოირჩა. აუ, რა თბილი მოფერება იცოდა, დედმამიშვილური!

– შენ ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხარ, კოკორია! – შემომძახებდა, მაგრამ ბოგაზე მაბამდა მაინც. მე არასდროს მიგძვნია ამის გამო მისგან შემპარავი აფირისტობა. აბა, სახლში ხომ არ დამაძინებდა, რაც არ უნდა იყოს, პირუტყვსა და ხვადაგს.

კავშიც მომსინჯა ერთი-ორჯერ. კავის გაწევას სულ სხვა ტექნიკა სჭირდება, ჩემო პახვალა, ამიტომაც გამიჭირდა. არც ლუკიანე მომძალიანებია. თეორიული სწავლა-განათლების ამაღლების შემდეგ ეს ბედნიერებაც გეწვევაო, ჯაგარზე მომითათუნა ხელი და როგორც იქნა დამამშვიდა აფორიაქებული. კაი ლამაზი კავი და უღელი იყიდა ჩემთვის, თუმცა, ვაგლახ, მათი ათვისება ვერ მოვასწარი!

ჩვენთან, სოფელში, ბევრი შეყვარებული წყვილი მინახავს, პირველ გათბობას რომ სინჯავდნენ ერთმანეთისთვის. ცოლ-ქმრისა და ბავშვებ-მშობლების ალერსობითობაც უამრავჯერ მოუსმენია ჩემს ყურებს, მაგრამ ჩემი და ლუკიანეს გრამატიკა და ლექსიკონი აბსოლუტურად განსხვავებული იყო მთელი ქუჩისაგან, სოფლისაგან, მთელი დედამიწისაგან. მხოლოდ ერთი სიტყვა კმაროდა ჩვენს შორის, თუნდაც ერთი მინიშნება და პირადად მე მიხვედრილი ვიყავი, რას მთხოვდა საჭიროს საქმიანი დანიშნულებით.

განსაკუთრებით ჟღერადი წინადადებების ცალ-ცალკე გახსენება შეიძლება გამიჭირდეს, რადგან უამრავი კარგი ვთქვი უკვე, მაგრამ მთლად სასაჩუქრონიც იყვნენ, სულ ცინცხალნი და ე.ი. უკვდავნიც. სხვის გასაგონად გავიმეტებ ცოტაოდენს:

– კოკორია, მოდი ჩემთან, ჩემი კაი ბიჭი! – შემომძახებდა ლუკიანე, და მეც – აჰა, მოვედი!

–  ხომ მომეხმარები, კოკორ?

– რაზეა ლაპარაკი!

–  მოდი, ლექსებს მოგიყვები!

– გავგიჟდები თუ მომატყვილე!

უფრო და უფრო, ლუკიანეს ხელში სიმინდის ტაროს თუ მოვკრავდი თვალს, მაკვინტრიცებდა დაუფარავად. ის ტარო ან ტაროები მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი და უსწრაფესად მივირბენდი მასთან. ო, რა სიამოვნებაა დაუმადლებელი ჩახრატუნება! მერე მოვასვენებდი ლუკიანეს მე! მთელი დღე დავსდევდი გამსუნაგებული და კაი ბიჭი იყო, ყოველ მოთხოვნაზეა არ დაეკმაყოფილებინა ჩემი სამართლიანი მოთხოვნა. სამაგალითოდაც რომ მინდოდეს, უმნიშვნელო შემთხვევაც არ ყოფილა, სახრე მოექნიოს ლუკიანეს ჩემთვის. ათვისებული გვქონდა ფრიადი ორმხრივი გაგება და რა საჭირო იყო შუასაუკუნოებრივი დასჯის მეთოდების გამოყენება. უზრდელობანიც არ წამოგვცდენია ერთმანეთისთვის და სულ მიხაროდა  კულტურასა და ზნეობრივ სიმაღლეებს დაუძალებლად რომ ვწვდებოდით. რამდენჯერ მომთანაღრებია გული, ჩემს ლუკიანეს შვილი ან ცოლი გამაღიზიანებელი ლექსიკით რომ მიმართავდნენ, ან ხმას აუწევდნენ მის მიმათ. არც ერთმა არ იცოდა, ლუკიანე პროფესორის ფასი. აფსუს, მე ცხოველი უნდა მრქმეოდა და იმათ ადამიანი! მე არცერთნაირ სკოლასა და უნივერსიტეტში გაუვლელსაც კი გადაბდღიალებული მქონდა გული, ამოდენა რანგის პატორონი რომ მყავდა, ხოლო ისინი ლუკიანეს არსებობას ჩვეულებრიობად  თვლიდნენ და ხანდახან ორშაურიანი კაცივით უტლიკინებდნენ ენას. მაგრამ ჩემი ლუკიანე გენიოსი იყო და იმათთვის შეგვიანებულ გაწვრთნილობას არც აპირებდა. მხოლოდ ჩემთან რომ ამართლებდა მისი მარტივად ნათქვამი შეგონებანი უხაროდა და უხაროდა.

მაგრამ “ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა"! ყოველგვარად მომზადებული და შემეცნებული საცაა სწორ გზაზე უნდა გავსულიყავ, ძველმა ანგელოზებმა ძველივე წინასწარმეტყველება რომ შემახსენეს.

ვერ გეტყვით, რა მოხდა. ვერც ლუკიანემ შემატყო უეცარი დაძაბუნება. საიდან გამოტყვრა ის ბოროტი ციება, რომელმა ქარმა თუ ღამეულმა ზმანებამ მოიტანა ჩემამდე. ტემპერატურაც ისე ამწევია, ისე მომთენთა და მომღვლიჭა, წამიერად დაცემული მეხი მეგონა.

მოისპო და გათავდა ლუკიანე, ერთ დილით ჩემს მშობლიურ ბოგაზე სიკვდილისაგან თვალებში ჩახედული რომ მნახა. შევირცხვინე თავი. ვერანაირი მონდომებით ვერ წამოვდექი და სიცხისაგან აძიგძიგებულმა ამაოდ გავიქნიე ფეხები.

ორ წუთში გამიჩინა ექიმი ლუკიანემ. საიდან არ მიტრიალა იმ მიტროფანემ, საიდან არ მსინჯა და მეხლაფორთა, ნემსიც კი დამკრა. ჩემს ცხოვრებაში ღვინოსა და საერთოდ ალკოჰოლისაკენ რომ არ წამცდენია სურვილი, სიკვდილის წინ ისიც გამომაცდევინეს და ძალისძალად სამი ლიტრა შაქარგარეული წითელი ღვინო დამალევინეს.

მეტი არ იყო ჩემი მტერი! არც გასინჯვა-გამოსინჯვამ მიშველა, არც ნემსებმა და არც ღვინომ. წარამარა ვუახლოვდებოდი ფინიშს, გუშინდელი სრულიად ჯანმრთელი ვაჟკაცი და ლუკიანეს შეხედულებით დახატულად ლამაზი კოკორიი. ექიმის ნათქვამმა, დაგვიანებულია მკურნალობა და წასულია მაგის საქმე ხელიდანო, ხერხივით გამიარა სხეულში. ურჩევდა ლუკიანეს ის მართლა მიტროფანე, დაკალი და სულ ნუ იზარალებო, ორი კაპიკი მაინც დაგრჩებაო. ხოლო ჩემი ლუკიანე, ჯერ კიდევ გაუთიშავი გონებით ვატყობდი, აღარ უსმენდა ექიმს და ცრემლებს ძლივს მალავდა.

წავიდა მიტროფანე. წაიღო ტყუილად ნაშოვნი გასამრჯელო და წავიდა.

– ერთი სიტყვა მაინც მითხარი კოკორია! – მევედროებოდა ლუკიანე – ერთი სიტყვის თქმაც არ შეგიძლია, ბიჭო! ასე ცივად, უხასიათოდ, დამდურებულივით უნდა მიმატოვო? ა, ჩემო კარგო კოკორია! რა იმედი მქონდა, ბიჭო, შენი! რავა უცებ ჩაყარე წყალში ყველაფერი! ცივ ნიავს არ გაკარებდი და საიდან გამომეპარა შენსკენ ჯოჯო და ეშმაკი, რა გამაძლებინებს უშენოდ!

 

ნელ-ნელა ვცივდებოდი. ნელ-ნელა სუსტებოდა ჩემი ხროტინი და მივდიოდი ბურუსისაკენ, თუმცა მაინც ვგრძნობდი, თვალებიდან შეუწყვეტლად გადმოდინებულ ცრემლებს, რითაც დიდი სინანულით გამოვხატავდი ლუკიანესთან საბოლოო განშორებას.

მოვკვდი! მოუკვდა პატრონი ჩემს სიკვდლს! ვეგდე ამოდენა სახარედ გამზადებული ბოსელის წინ და ბუზები მესეოდნენ.

გუშინ, გუშინწინ, იმის იქით ვიყავი, ამჟამად აღარ ვარ. არ იქნება ჩემი ხვალ, ზეგ და ა.შ. და რაც მთავარია ვეღარ შევხედავ ჩემს ლუკიანეს, უჩემოდ დაღვრემილს და უჟმურს.

ვიცი, რომ არ გამომჭრა ყელი პატრონმა, არავინ მომაკარა დანით. ვიცი, რომ დამდვეს ურემზე, რომელსაც მე დავატარებდი და ვიღაცის ხარი მიმაგორებდა ახლო ტყისკენ, სადაც ლუკიანემ იმოდენა სიღრმეზე გამითხარა საფლავი მამაძაღლი ნადირი რომ ვერ ჩამომწვდენოდა. ვიცი, ახლა მხოლოდ ჩემი ძვლები რომაა ამ საფლავში. ვიცი, ლუკიანე ისევ მდარდობს, ისევ მნატრულობს, მაგრამ სამსახურში მაინც დადის, მაინც სვამს, მაინც კითხულობს, წერს, მაინც ეფერება ჩემს ყოფილ ბოსელში მოთავსებულ ცხოველებს, მაგრამ ისე ვერა, ჩემთან რომ იცოდა, ჩემთან რომ გამოსდიოდა. ვიცი, შენახული აქვს სიმინდის ის ტარო, ბოლოს რომ გამომიწოდა და ვერ შევახრამუნე.

ვიცი!..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხოფერია გია / კოკორიას აღსასრული