ხუციშვილი ნათია 

 

მოთხრობები

 

 

სარჩევი:

vort 28 ლარი

მაგ სიმართლით იარე! (ანუ ჩემი ლამაზი ოჯახი)

FB

ბუნების კანონი

და ჩვენ?       

 

 

vort 28 ლარი

 

ბავშვობაში ერთი ბიჭი მომწონდა. ბაზარში საკანცელარიო ნივთებს ყიდდა...

თვეში ხუთჯერ ვიმიზეზებდი რვეულებს, სახაზავებს, პლასტელინებს, დედას ვითანხმებდი, -მაინცდამაინც იმ ბიჭთან გვეყიდა ეს ნივთები და ორი-სამი საათი ,,ვარჩევდი” რვეულებს, ტრანსპორტირებს, სახაზავებს...

***

გავიზარდე.

ტელევიზიაში მივედი.

პირველი სიუჟეტის მოსამზადებლად გამგზავნეს.

სად?.. – ბაზარში!

***

უუფრო გავიზარდე.

ჟურნალში დავიწყე მუშაობა.

სტატიისთვის თემა მომცეს.

რაა?..- გარემოვაჭრეები!

ფაქტია, საეჭვოდ დავახლოვდით მე და ბაზარი დაა... დიდ ჟურნალისტიკაში თუ არა, შეიძლება სადმე პატარა დახლთან მაინც მიხილოთ 5–6 წელიწადში.

 

***

 

ორშაბათ დილით, როგორც არაორგანიზებულ ჟურნალისტებს სჩვევიათ, -ყოველგვარი გეგმებისა და კითხვების გარეშე, ჩავჯექი მიკროავტობუსში...

,,მთავარია იყოს ბაზარზე და რაც გინდა ის დაწერე და მომიტანე!” ციბრუტივით მიტრიალებდა თავში ჩემი პუტკუნა რედაქტორის სიტყვები.

წავედი ჩემს მოვაჭრეებთან...

ვფიქრობდი, იქვე მოვიფიქრებდი  თემას, რომელზეც მოვამზადებდი ნამუშევარს.

თიითქმის გამიმართლდა მოლოდინი. შევედი თუარა ბაზარში, გაეღვიძა მუზას!   არცაა გასაკვირი; ჰაერში ყველისა და თევზის ისეთი მძაფრი სუნი ტრიალებდა, მუზა კი არა, მკვდარი ადგებოდა საფლავიდან.

 

***

 

წვიმა ახალი გადაღებულია.

მაგრამ გადაღებამდე მოუსწრია პატარ-პატარა გუბეების დაყენება.

მე არ მიყვარს გუბეები.

მით უფრო, თუ მათ ზედაპირზე ფერადი ცელოფნები და სიგარეტის ნამწვები ტივტივებს.

სამაგიეროდ მიყვარს წვიმაგადატანილი მიწის სუნი ... (ეს ისე....... ლირიკული გადახვევისთვის, თორემ სად აქვს თბილისში მიწას სუნი. ჰაა-ჰააა აქ ის სუნი იგრძნო, მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობის სურვილს რომ გვიკარგავს ყველას.. )

ჩემი დისთვის ჩანთაც მქონდა საყიდი და ,,ოფტავოისკენ” ჩავედი.

გზაზე სიარული ისე აღარ გამჭირვებია, როგორც ეს ორი წლის წინ ხდებოდა.

,,ტროტუარებიდან დახლების აღება ნამდვილად ,,ჩვენი გამარჯვებაა!” – გავიფიქრე და ის იყო გზა უნდა გადამეკვეთა, ვიღაცამ მთლად ყურში თუ არა, -ყურთან ახლოს მთელი ხმით ჩამყვირა:

– დაროგაა! დაროგააა!......

გავუთავისუფლე ,,დაროგა”.

ბავშვი იყო. ასე 12–13 წლის.

...დიიდი ,,ტაჩკით”.

დასვრილ ჩექმაში ასეთივე შარვალი ჩაეტანებინა, შარვალში,  თავის მრივ,- ჭრელი ნაქსოვი ზედა... შარვლის წელი თითქმის მკერდამდე აეტანა და ე.წ. სარეცხის თოკით შეეკრა.

გზადაგზა ჩერდებოდა, სიგარეტს ,,ნაფაზს არტყამდა“ და ახლა სხვების ყურებში ყვროდა: ,,დაროგა!.. დაროგაა!...”

***

დახლთან ვიღაც სრული ქალი იდგა.

– ზურგჩანთები გაქვთ?

– კი შვილო, მაქვს,– და გადმომიწყო მხარზე გადასაკიდი სამი ჩანთა.

– არა,  მე ზურგჩანთა მინდა...

– აქედან აარჩიე მერე... ნახე რა კარგი ხარისხია!

– არ მინდა ქალბატონო მხარზე გადასაკიდი...

– რა მნიშვნელობა აქვს, მხარზე იქნება თუ ზურგზე. ნახე, რამხელებია, რასაც გინდა ჩატევ!..

ვიდრე არ ამახსნევინა, რომ ჩანთა ჩემი დისთვის მინდოდა.... რომ დას ხერხემლის პრობლემა აქვს...... რომ ხერხემლისთვის ზურგჩანთა უკეთესია,– შეურყევლად იდგა თავის პოზიციაზე.

 

***

გამყიდველი ისევ ქალია. ამჯერად – სუსტი...

– ზურგჩანთა მინდა.

ხაჭაპურის ჭამა არ შუწყვეტია, ისე გადმოაწყო ზურგჩანთები.

– ეს რა ღირს?

– 27 ლარი.

მოულოდნელად ის 12–13 წლის ბავშვი მომიდგა გვერდით:

– მზია დეიდა, როგორ ხარ?

– რა გინდა? –გამყიდველს ახლაც არ შეუწყვეტია ჭამა.

– არაფერი, ისე...

ქალს ფული მივაწოდე, 23 ლარი დამიბრუნა, საფულეში ჩავდე, საფულე–ჩანთის წინა ჯიბეში და წიგნაკების თვალიერება დავიწყე.

შევარჩიე, ყიდვა გადავწყვიტე, მაგრამ ...

ჩანთაში ფლეშკისა და ფანქრების მეტი არაფერია.

დასვრილჩექმებიან-ნაქსოვზედატანიანი ბავშვი არსად ჩანს.

გადაირია მზია დეიდა!

– აი ვიცოდი რა!.. გულმა მიგრძნო, რაღაცას აპირებდა! არასდროს მოსულა და მოვუკითხივარ. ქურდბაცაცა! ეგ მათხოვარი!.. ასე დაეთრევა და ხან რას გვპარავს, ხან – რას. ვაიმე რა გიყო შვილო, რით დაგეხმარო!...

რით შეეძლო მზია დეიდას დახმარება?.. – არც არაფრით.

 

***

სახლამდე ხუთლარიანი ჯარიმაც გამომიწერეს.

გამოდის, ათლარიანი საგაზეთო სტატიის მომზადებაში 28 ლარი გადამიხდია.

კარგი ჟურნალისტი ჟურნალისტი არ ვიცი, მაგრამ ჩემგან ბიზნესმენი რომ ვერასდროს დადგება, ეგ ამბავი უდავო ჭეშმარიტებაა.

 

 

მაგ სიმართლით იარე! (ანუ ჩემი ლამაზი ოჯახი)

 

ცოლის შერთვა არ უნდოდა... ძალით მოაყვანინეს...

ცოლს დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა... ძალით აცხოვრეს...

დედამთილს ,,კაპასი“ რძალი არ უნდოდა... ძალით... თუმცა რაღა ძალით!...თვითონ შეირჩია შვილის ცოლი და რაღა ეთქმოდა!.. გოგო უკვე მისი რამაზიეს ცოლი იყო...

6 თვის შემდეგ:

რამაზიეს დილის ძილი ყვირილმა დაუფრთხო:

– რას ბრუტუნებ შენ თუ იცი?!. ვის გაუგია ტომატის უასპირინოდ მოხუფვა?! ოჯახიდან გამოგიყვანე – მეგონა. თურმე თვალების მოხატვა-მოთხაპნის მეტი არაფერი უსწავლებია დედაშენს!.. მიმიშვი!.. გადი, გამეცალე აქედან!..

ოთახში თვალებმოხატული... თუმცა არა, – უკვე ტირილისგან თვალებმოთხაპნილი გოგონა შემორბის და ენაზე მომდგარ პირველსავე სიტყვებს ანგარიშმიუცემლად ისვრის:

– თქვენ მე უპატრონო ხომ არ გგონივართ?!.დღესვე ჩავალაგებ ბარგს და ეძებოს მერე დედაშენმა მეორე ჩემნაირი რძალი! არ შემიძლია მე ამის გაძლება! ა რ ა ! ვერ გაიგე?!. თუ აუცილებელია, მეც ლანძღვით ავიკლო? მომაშორე-მეთქი აქაურობას, თორემ მე მოგშორდებით ამ საგიჟეთიდან!

– ქალო... რა დროს აქედან მოშორებაზეა ლაპარაკი... ექვს თვეში ბავშვი დაიბადება! რით მოგიაროთ მე?– ჩემი კაპიკებით?!. ამათ თუ არ წაგვაშველეს ხელი, ვის იმედზე ვიქნებით?.. კაი, ,,ვსიო“...მორჩი... მოდი ჩემთან...

გავიდა  7 თვე:

რამაზიეს ახლა ბავშვის ტირილი აღვიძებს...

– მოდი ქალო, მიხედე!.. გასკდა შუაზე! ხოო შენ კიდე!..რა გჭირს!.. ჩუუ-მეთქი!

ბავშვი ტირილს უმატებს.

ოთახში რამაზიეს დედა შემორბის, ხელებს ხალათის ჯიბეებიდან იღებს, ჰაერში ასავსავებს და იწყებს:

– გოგოოოო!.. სად წაეთრევა ხოლმე, ამ წუთას აქ იყო...

ბებია შვილიშვილს ,,იღებს“ და ოთახიდან გარბის.

ცოტა ხანში:

– რას დაწოწიალობ წინ და უკან! მიხედე, დამაწყდა ნერვები! მე ვერ ჩავიდოდი მაღაზიაში?!. თუ მაინცდამაინც შენ ნებაზე უნდა მიაფშვნა ჩემი ქმრის ფულები!!!

რძალს გაბრაზებისგან სახე უწითლდება და პანიკურად ყვირის:

– ვინ? მე ვაფშვნი ჩემ ნებაზე ფულს?!. მაგ სიმართლით იარე! კაპიკს კაპიკზე ვაწებებ, ბავშვს რომ რამე არ მოაკლდეს! როგორ გიბრუნდება ენა მაგის სათქმელად?.. საერთოდ მოგშორდებით აქედან! შვილიშვილის უნახავს გაგხდი იცოდე!..

***

ცოლ-ქმრის საუბარი დღის ბოლოს:

– რას შვები, შეუთანხმდი ბინის ქირაზე?

– შევუთანხმდი რაა........ ვილაპარაკეთ. მაგრამ დაფიქრდი რა ცოტა; 200 ლარის გადამხდელები ვართ ჩვენ თვეში?.. ,,პლიუს“ ამ ბავშვის პამპერსებიო... მაზებიო... პედიატრებიო...  დაფიქრდი რა!.. რაც უნდა იყოს, ესეც ხო გაშველებს არა ხელს?.. გაგიჭირდება მარტოს ბავშვის მოვლა. წამოიზრდება და ვიზამთ რამეს. ბაღის ასაკის გახდეს ჯერ და გადავალთ მერე, აბა რას ვიზამთ... კაი, ,,ვსიო“...

 

4 წლის შემდეგ:

ბაღის მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს, ისაუბრონ თემაზე: ,,ჩემი ლამაზი ოჯახი“.

ბავშვი:

– ჩემი ლამაზი ოჯახი ძალიან ლამაზია... მე და დედიკო და კიდე მამიკო და ბებო ვცხოვრობთ ხოლმე ჩემ სახლში. ბაბუც მოდის ხოლმე. დედიკოს ბებო სულ ეჩხუბება ხოლმე და არ უყვარს დედიკოს ბებო...

– კარგი ლიკუნა, დაჯექი. კარგი გოგო ხარ.

მეორე პედაგოგი აწყვეტინებს პირველს და ბავშვს ეძიება:

– ... და რაო ბებომ, რატო გეჩხუბებიო, რას ეუბნება ხოლმე დედიკოს?

პირველს არ მოეწონა თანამშრომლის საქციელი, მაგრამ თავადაც დაინტერესდა პასუხით.

– ბებო ამბობს, წადით შენ და შენი შვილი აქედან... ჩემი სახლიაო ეს... და მერე დედა ტირის ხოლმე და მამიკო ეუბნება, ახალ სახლში წავალთო საცხოვრებლად...

 

***

მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა.

დედიკო აღარ ,,ტირის ხოლმე და მამიკო“ აღარ ,,ეუბნება ხოლმე, ახალ სახლში წავალთო საცხოვრებლად“. იმიტომ, რომ დედიკო უკვე თავის დედიკოსთან ცხოვრობს და ლიკუნას ბოლო ხუთი წელია, მამიკო აღარ უნახავს...

მამიკოს ახალი ლიკუნები ჰყავს სახლში და ბებიკო ახლა იმათ დედიკოს ეუბნება, წადით ჩემი სახლიდანო.

 

 

FB

 

…მომეწონა ხევსურეთი.

ჩემს მეგობრებსაც...

 თან, გამოცდები ახალი გადატანილი გვაქვს და მთაში კიარა, SS ბრიგადაში რომ გავეშვით მშობლებს, იმასაც ,,დასვენება” ერქმეოდა ჩვენთვის.

 მოვეშვით ყველაფერს; ტელევიზორს, ტელეფონს, mp3 player-ს, წიგნებს, კონსპექტებს...

 მარტო ჩვენ… და ჩვენი ფოტოაპარატი...

 სამმა დღემ ლაშქრობებში გაიარა. მეოთხე დღეს ჩვენი მასპინძლის ოჯახს კიდევ ერთი სტუმარი ეწვია თბილისიდან.

 სტუმარი თავიდან ჩვეულებრივი გოგო იყო... მერე ცოოტა უცნაური... ბოლოს რაღაც არეული მეჩვენა და სადღაც მესამე დღეს ვიფიქრე, რომ მხრებსზემოთ ყველაფერი რიგზე ვერ უნდა ჰქონოდა.

 

 * * *

 – დამილაიქა!.. დამილაიქააააააააა!!! – დილის 9 საათზე მაღვიძებს ვიღაცის განწირული კივილი.

 ძლივს ჩავყლაპე ბოღმა, რომელსაც ჩემი გამღვიძებლები იწვევენ ხოლმე ჩემში და გარეთ გავიხედე. სტუმარი ჰამაკში ჩამჯდარიყო და გიჟივით კოცნიდა I Pod-ს...

 თმის დავარცხნამდე და გარეთ გასვლამდე, კიდევ ერთმა განწირულმა კივილმა გადამიტრიალა გული:

 – კომენტარიიიიიი!.. სამ სურათზე დამიტოვა კომენტარი!..

 როცა ვკითხე, ყველა ,,დალაიქებასა” და კომენტარზე ეგრე კივი-მეთქი?.. მიპასუხა: ,,გააჩნია, ბიჭი ,,დამილაიქებს” თუ გოგოო”..

 თავიდან დავიბენი... მერე გაირკავა, რომ თუურმე ,,ბიჭები ყოველთვის გულწრფელები არიან და თუ Face-ზე რამეს ,,ალაიქებენ”, ე.ი. ძალიან მოწონთ, ან თუ კომენტარად ტოვებენ ,,ძალიან საყვარელი გოგო ხარ”- აუცილებლად ,,ევასები” და ა.შ.

 ის დილა როგორღაც გადავიტანე და როცა საღამოს მეზობელ სოფელში, ფეხბურთის საყურებლად გადავწყვიტეთ წასვლა, გოგომ კიდევ ერთხელ ამატანინა წარბები შუბლზე:

 facebook-ზე სიახლის ,,note” არ მაქვს... მაგარი ცუდ ხასიათზე ვარ და რომც წამოვიდე, მაინც ვერ გავერთობი... თქვენ წადითო...

 მთელი თუ არა, ნახევარი გზა მაინც, იმაზე ვფიქრობდი, ეს სტუმარი მეხუმრებოდა თუ მართლა.....

 მეორე დღეს მითხრა, სურათები გადამიღე, FB-ზე უნდა ავტვირთოო.

 ...კარგი სურათები გამოგვივიდა... გოგო ლამაზიც იყო და ძალიან ფოტოგენურიც.

 ატვირთა...

 საღამოს მოწყენილი სახით ჩაჯდა ჰამაკში და როცა ვკითხე, რა სჭირდა, მიპასუხა: ,,ერთი სურათიც არავინ ,,დაალაიქა” და ყველა წავშალე... დავიჯერო, ისეთი მახინჯი ვარ, არცერთ სურათზე არ გამოვდივარ კარგად?!.”

 ეს კიდევ არაფერი... მეორე დღეს მთეელი დეპრესია გადაიტანა; ინტერნეტში ვერ შედიოდა და I Pod-ი ჯერ ე. წ. ,,სტენკას” მიახეთქა, მერე ნაწილები ფანჯრიდან გადაყარა...

 როგორ აღარ ვცადეთ, დაგვემშვიდებინა... ჩვენი ტელეფონები შევთავაზეთ FB-ში შესასვლელად. ამაზე სულ გადაირია,- ,,თქვენ მე გიჟი გგონივართ და იმიტომ მექცევით ასეო”-კიოდა.

 მიდი ახლა და უთხარი, გიჟი არ ხარო!..

 დავტოვეთ ოთახში მარტო.

 მეორე დღეს ბედნიერი, ,,რაღაცის მომლოდინე” სახით დაგვემშვიდობა, თბილისში მივდივარო!..

 ჩემი არდადეგები ისევე გაგრძელდა, როგორც დაიწყო; ისევ ბევრი სიარული, ბეევრი ფოტო... ოღონდ არცერთი მათგანი Facebook-ზე არ აგვიტვირთავს... ამ სიტყვის გაგონებაც გვზარავდა.

 

 

ბუნების კანონი

 

თებერვლის შუა რიცხვებია. ის დრო, როცა დედაბუნება ცოტა უფრო თბილი და გულისხმიერი ხდება. რა ბედნიერებაა!.. აგერ, ჩემი ატმის ხე უკვე თითებზე ითვლის, როდის შემოაბიჯებს გაზაფხული,– მართალია ჩვეული სიჯიუტით, მაგრამ მაინც... ატამმა კარგად იცის, როგორი სიხარული და ჟრიამულია ხოლმე ხეხილის ბაღში; ხეები ერთმანეთს ულოცავენ, ეხვევიან, მწვანე კვირტები და ყვავილები ერთმანეთში ერევა და თავბრუდამხვევი სურნელით იჟღინთება ჰაერი. პატარა ატამი ვეღარ ითმენს, აღარ შეუძლია მეზობელი მოხუცი ატმის ბუზღუნის ატანა; ინათებს თუ არა, მაშინვე ხმამაღლა იწყებს:

– რა არის, ამ დალოცვილ მზესაც მრიცხველი ხომ არ დაუყენეს? ასე რამ გააძუნწა და გააბოროტა? (მოხუცმა ატამმა კარგად იცის სიტყვა ,,მრიცხველის“ მნიშვნელობა. ამის მეტი რა მოუსმენია აივანზე ,,გადაკიდებული“ მეზობლებისგან, გამუდმებით გადასახადებსა და მრიცხველებზე რომ წუწუნებენ)..

ყველამ იცის, რა კარგია თბილი მიწა, თბილი მზე, თბილი წვიმა...

შენც, ჩემო ატამო, გამშვიდდი და გჯეროდეს, მალე, ძალიან მალე დათბება, ფესვებიც გაგითბება, ჰო... და მზეც მალე ჩაგიკრავს გულში. რას იზამ... ბუნებასაც აქვს თავისი კანონები და ჩვენგან განსხვავებით, არასდროს არღვევს...

 

 

და ჩვენ?

 

უცებ დაიჭექა და წვიმა წამოვიდა.

დაჭექების შემდეგ წვიმას ნელა, ზანტად დაშვება არ სჩვევია. მთელი ინერციით, რაც შეიძლება დიდ წვეთებად ეხეთქება,  ეხეთქება ტოტებს, სახლების სახურავებს...

მაშინაც სამი დღე გადაუღებლად იწვიმა. არც დღე, არც ღამე არ შეუსვენია.

ფანჯარასთან დავჯექი.

ეზოში შუა ხნის ხე დგას. ტოტები გულღიად გადაუშლია და ცას მიშტერებია. წყლის წვეთები, რომლებიც ასობით, ათასობით ეცემიან მის სხეულს, ერთ ადგილას, – ტოტების შეერთების ადგილას იკრიბებიან და ერთი პაწაწინა ნაკადულივით მოჩქეფენ მის მსხვილ წელზე. თავბრუდამხვევი სისწრაფით მოგორავენ დაბლა, მიწისკენ. ერთიანად გაჟღენთილ გზას ათობით პატარა ნაკადული მიუყვება. ხიდან ჩამოწურული წვეთების გუნდიც მათ შეუერთდა და მდორედ, აუჩქარებლად დაუყვა გაყინულ ასფალტს.

პატარა იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა თავმომწონედ, სიძლიერის დასამტკიცებლად, გზადაგზა პატარა, უძლური ტალღები წარმოექმნა, რომლებიც ჯიუტად მიიკვლევდნენ გზას, რათა უფრო დიდ და ძლიერ ნაკადს შეერთებოდნენ.

იმათ ის მაინც იცოდნენ, საიდან მოდიოდნენ და საით მიისწრაფოდნენ, რისკენ...

და ჩვენ?..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხუციშვილი ნათია / მოთხრობები