ჯავახაძე ირაკლი 

 

ადამიანი ZERO

 

 

სარჩევი:

ადამიანი ZERO

თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი

კოლია

ობლიგაცია

შავი სიის კავალერები      

 

 

 

 

ადამიანი ZERO

 

 

არაფრით გამორჩეული კაცი მე არა ვარ... ჩემნაირებზე არაფერს წერენ... ჩემნაირებზე არაფერს წერენ, თუ მაინცადამაინც ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლნი არ შევიქენით... თუმცა, ამის ალბათობა ნულის ტოლია...

 

მანქანა ჯერ არ დამჯახებია (მხოლოდ მეტროთი ვსარგებლობ და მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს); ჩემ ბინაში ხანძარი არ გაჩენილა და, ალბათ, არც არასოდეს გაჩნდება (ოჯახის ბიუჯეტი გაზისა და ნავთის შეძენის საშუალებას არ იძლევა); არც ქუჩაში გადავყრივარ მოძალადეს, რომელიც დაუფიქრებლად გამიყრიდა დანას, როდესაც, ვთქვათ და, შეშინებული მანდილოსნის ღირსებას დავიცავდი (საეჭვო პირების გამოჩენისას მიწისქვეშა გადასასვლელის ძებნას ვიწყებ და ყოფილა შემთხვევა, ქუჩა ზემოდანაც კი გადამიჭრია)... ერთადერთი, რაც რჩება –თვითმკვლელობაა... მაგრამ ჩემნაირები თავს არ იკლავენ... ჩვენ ღრმა მოხუცებულობამდე ვცხოვრობთ და ლოგინში, ხანგრძლივი ტანჯვა-წვალების შემდეგ ვკვდებით...

 

აბა, ჩემნაირებზე ვინ რა უნდა დაწეროს?!

 

ჩემნაირებზე მე ვწერ:

 

სიმაღლე – 176 სანტიმეტრი, წონა – 67 კილოგრამი.

 

პროფესია – ერთ-ერთი ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე თხუთმეტიოდე წლის წინ და ერთი დღეც კი არ მიმუშავია ჩემი პროფილით. ოჯახური მდგომარეობა – დაცოლშვილებული...

 

ჩემი დაოჯახება ათ წელს ითვლის უკვე...

 

ათ წელს ითვლის და, ბუნებრივია, იბადება კითხვა – ვარ თუ არა ბედნიერი?..

 

გადაჭრით შემიძლია ასეთი პასუხი გავცე ამ კითხვას – ვერა, ბედნიერი ნამდვილად ვერ ვარ!

 

თუმცა, ძალზე გამიჭირდება, გადაჭრით განვაცხადო, რომ უბედური ვარ!

 

ასეა თუ ისე, დაოჯახების ერთადერთ გამართლებად ჩვენი რვა წლის ბიჭუნას არსებობა შეიძლება დასახელდეს...

 

მყავს სიდედრიც, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენთან არ ცხოვრობს, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარია...

 

ვერც იმას ვიტყვი, თითქოს სიდედრი მეჯავრებოდეს, მაგრამ იმის თქმაც ძალზე გამიჭირდება, მიყვარს-მეთქი.

 

აი, ცოლი კი ნამდვილად მიყვარს...

 

ალბათ, მასაც ვუყვარვარ...

 

მაგრამ, ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისათვის...

 

სიყვარული იმდენად ემოციური და ყოვლისმომცველი გრძნობაა, რომ შეუძლებელია მისი გამოხატვა განუწყვეტლივ...

 

ორ ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანს კიდევ სჭირდება რაღაც, რაც იმ ვაკუუმს შეუვსებს, სიყვარულის გამოუხატველობის პერიოდში რომ ისადგურებს...

 

ამას, ალბათ, შეჩვევა ჰქვია...

 

თუმცა, როგორც მწერალი ამბობს: «გაცილებით უფრო ადვილია ვინმეს თავი შეაყვარო, ვიდრე – თავი შეაჩვიო...»

 

მე და ჩემი ცოლი კი ვერაფრით შევეჩვიეთ ერთმანეთს...

 

აი, სიდედრს შევეჩვიე...

 

შევეჩვიე მის ვიზიტებს ყველაზე შეუფერებელ დროს; მის მიერ ჩემი მისამართით გამოთქმულ საყვედურებს, რომელთა უმრავლესობაც – ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს – სამართლიანია; რუსული ფრაზებით შეზავებულ მის საუბარს ამაღლებულ თემებზე; მის მიერ ნამწვავებით გავსებული საფერფლის გადაყრას და, თქვენ წარმოიდგინეთ, მის კოცნასაც კი, რაც ყოველი ვიზიტის აუცილებელი ატრიბუტია...

 

სიდედრს შევეჩვიე, მაგრამ სიდედრი არ მიყვარს...

 

და, რა გამოვიდა?

 

ვინც მიყვარს – იმას ვერაფრით შევეჩვიე, ვინც არ მიყვარს – იმასთან შეჩვევა არც გამჭირვებია...

 

თუმცა, იქნებ, ამას შეჩვევა კი არა, შეგუება ჰქვია?..

 

ვინც იცის?!

 

ყველაზე უმტკივნეულო დამოკიდებულება ჩემს ბიჭუნასთან მაქვს...

 

საერთოდ, ადვილია ადამიანის სიყვარული, როცა საპასუხო გრძნობას არ ელი და არც მოითხოვ...

 

აი, მოკლედ ჩემი ოჯახური გარემოს შესახებ.

 

რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროფესიაა და არც ღირს დაზუსტება – ისტორიკოსი ვარ, ფილოლოგი თუ ფსიქოლოგი...

 

მთავარი ისაა, რომ ამჟამად ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი და თვეში ზუსტად იმდენს მიხდიან – ოცდაათ პურს, ოცდაათ კვერცხს, ოცდაათ კოლოფ იაფფასიან სიგარეტსა და ერთ კილო ხორცს რომ ჰყოფნის...

 

ერთ ამდენს უხდიან ჩემს ცოლსაც, რომელიც თავისი პროფილით მუშაობს – ექიმია...

 

ერთ ამდენს სიდედრიც იმეტებს საყვარელი ქალიშვილისა და შვილიშვილისათვის (არა მგონია, ჩემზე ზრუნავდეს) და ასე გვიდგია სული...

 

სხვათა შორის, სიდედრის მიერ გამეტებულ «ერთ ამდენსაც» ძალზე შევეჩვიე და სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები...

 

ერთადერთი, რაც შიშს იწვევს ჩემში, გაუთვალისწინებელი ხარჯებია...

 

მე, როგორც პატიოსანი მოქალაქე, უკანასკნელ გროშამდე ვიხდი ელექტროენერგიის, საცხოვრებელი ფართის, წყლისა და ტელეფონის ფულს...

 

მართალია, ყველაფერ ამას ოჯახის ბიუჯეტის მეოთხედი მიაქვს, მაგრამ არ შემიძლია, სხვაგვარად მოვიქცე...

 

არ შემიძლია, მოველაპარაკო ინკასატორს და დანახარჯის მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტი გადავიხადო და, არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არა მაქვს, უბრალოდ, ამაზე საუბრის დაწყებაც კი მიჭირს ინკასატორთან, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დავიწყებ ამაზე საუბარს. რომელიც თვითონ მაგრძნობინებს, რომ არსებობს ათასი ხერხი სახელმწიფოს მოტყუებისა და მეც კმაყოფილი დავრჩები და თვითონაც. ჰოდა, ვუყურებთ თვალებში ერთმანეთს მე და ინკასატორი, გადამწყვეტი სიტყვა ჩემზეა და, ვიღებ ჯიბიდან ფულს და პატიოსნად ვიხდი საკუთარ ვალს სახელმწიფოს წინაშე. იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც ჩემი შრომა რამდენიმე პურად, ამდენივე კვერცხად და ამდენივე იაფფასიან სიგარეტის კოლოფად უღირს. ვიხდი ვალს და ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები ინკასატორს, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია...

 

აი, გაუთვალისწინებელი ხარჯები კი მაშინებს...

 

ელეთ-მელეთი მომდის, როგორც კი ტელევიზორის ეკრანი ციმციმს იწყებს...

 

სუნთქვა მეკვრება, როდესაც ჩვენს ბიჭუნას სკოლაში შეშის ან წიგნების ფულს სთხოვენ...

 

ცივი ოფლი მასხამს, როცა მეზობელი გადაწყვეტს შეწყვიტოს ამქვეყნიური არსებობა და სული უფალს მიაბაროს...

 

პულსი მიჩქარდება, როდესაც რომელიმე თანამშრომელი ხურდა ფულს მთხოვს იმ მოტივით, რომ მხოლოდ დიდი კუპიურების ასიგნაციები აქვს და წვრილი ნივთის შეძენის სურვილი გასჩენია...

 

პულსი მიჩქარდება, რადგან ყოველი გროში გამოანგარიშებული მაქვს...

 

ყოველი ნაბიჯი გაზომილი მაქვს...

 

დიახ! ყოველი ნაბიჯი გაზომილი მქონდა...

 

ასე მეგონა წინა ორშაბათამდე.

 

ორშაბათს კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

 

მოსწავლეებმა გაკვეთილი გამიცდინეს და ორმოცდახუთწუთიანი ვაკუუმის შესავსებად ქუჩაში გავედი...

 

სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან და ის-ის იყო ცეცხლი უნდა გამეჩაღებინა მიტყუპებულ ხელისგულებს შორის, მანქანამ დაამუხრუჭა ჩემს ფეხებთან...

 

მუქი ლურჯი, ლაპლაპა, დიდი «მერსედესიდან» ქალი გადმოვიდა, მოხდენილი მოძრაობით კარი ჩაკეტა, გასაღები ხელჩანთაში ჩააგდო და ჩემსკენ შემობრუნდა...

 

ძვირფასი, მანქანასავით ლაპლაპა ქურქი გახსნილი ჰქონდა და ქურქის შიგთავსს – ჩამოქნილ ფეხებსა და მკვრივ ძუძუებს ტანზე მოტმასნილი როლინგი და ზედმეტად მოკლე ქვედაკაბა ვერაფერს აკლებდნენ...

 

მხოლოდ წამის მეათასედით შევავლე თვალი, ასანთი ავანთე და ცხვირ-პირი ხელისგულებს შორის ჩავყავი...

 

ვიგრძენი, როგორ მიყურებდა, მაგრამ იქით აღარ გამიხედავს.

 

ღრმა ნაფაზი დავარტყი და სახე საპირისპირო მიმართულებით მივატრიალე...

 

რამდენიმე წამში კეფა ამიხურდა...

 

ქალს ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი ჩემსკენ მომართულ მის მზერას...

 

და, უცებ გადავწყვიტე...

 

გადავწყვიტე, და გავაკეთე ის, რაც ოჯახის შექმნის დღიდან არ გამიკეთებია – მივტრიალდი და თავხედურად გავუსწორე თვალები უცხო ქალს...

 

ასეთი სილამაზე იშვიათად მინახავს...

 

თითქმის, არც მინახავს არასოდეს...

 

მისმა სახემ მისი სხეული დამავიწყა...

 

ოდნავ გამოზრდილი ყვრიმალები, სწორი ცხვირი, დაბერილი, ხორციანი ტუჩები, კუპრივით შავი თმა, თეთრი კანი და მოელვარე, მწვანე თვალები ჰქონდა...

 

თითქოს, მეცნო კიდეც...

 

მერე გავიფიქრე – ალბათ, სწორედ ასეთად წარმომიდგენია იდეალური ქალი და ამიტომაც მეცნობა-მეთქი...

 

აბა, საიდან უნდა მცნობოდა?!.

 

გაშტერებული მივჩერებოდი...

 

მინდოდა, თავი მიმებრუნებინა, მაგრამ ყოველგვარი ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

 

თვალი ვერ მოვწყვიტე...

 

და, აი, აქ მოხდა სასწაული...

 

ქალმა გაიღიმა...

 

წამით ვიფიქრე – მე დამცინის-მეთქი...

 

მართლა დასაცინი ვიყავი, ალბათ...

 

პირდაღებული ვიდექი და თვალებში ვუყურებდი...

 

მაგრამ, აშკარა იყო – მე მიღიმოდა...

 

მერე დაიძრა...

 

რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ნახევარი მეტრის სიახლოვეს დამიდგა:

 

– ვერ მიცანი?

 

ეტყობა, ადამიანის ტვინს მართლაც უამრავი რეზერვი გააჩნია. წამის მემილიონედში ჩემი გონების ყველა სარქველი ერთდროულად ჩაირთო. მერე გონება სმენას დაუკავშირდა და...

 

ხმით ვიცანი...

 

ჩემს წინ ჩემი კლასელი იდგა, რომელიც ოცი წლის უნახავი მყავდა...

 

ავირიე, მაგრამ მოვახერხე, თავს მოვრეოდი და, მგონი, დიდად არ დამტყობია დაბნეულობა...

 

დაახლოებით ხუთი წუთი მელაპარაკა და ხუთ წუთში მთელი ის ოცწლიანი პერიოდი მომიყვა, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ განვლო...

 

მომიყვა, როგორ გათხოვდა, როგორ არ გაუჩნდა შვილი ათი წლის განმავლობაში, როგორ გაცილდა ერთი წლის წინ ქმარს, როგორ დაიწყო მუშაობა უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის ოფისიც, თურმე, ჩემი სკოლის პირდაპირ არის განთავსებული...

 

ვუყურებდი და ვუღიმოდი...

 

ისიც კი გავიფიქრე, მე რატომ მიყვება ამ ყველაფერს-მეთქი?..

 

მერე ხელი მხარზე დამადო და ამოიოხრა:

 

– გახსოვს, როგორ მიყვარდი?..

 

და, საათს დახედა:

 

– დამაგვიანდა... ხომ იცი ამ უცხოელების ამბავი... ხუთზე ვამთავრებ და მოდი, ჩემს მანქანასთან შევხვდეთ ერთმანეთს... მოხვალ?..

 

ძლივს გადავყლაპე ნერწყვი...

 

ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და თავი დავუქნიე...

 

თვალები გაუბრწყინდა – ის მწვანე თვალები...

 

გამიღიმა, მიტრიალდა და ქუჩა გადაჭრა...

 

ტროტუარზე რომ ავიდა, შემობრუნდა, ხელი დამიქნია და ისევ გამიღიმა...

 

ძლივს ავამოძრავე მკლავი და ძლივს დავუქნიე მარჯვენა...

 

შეტრიალდა და შენობაში შევიდა...

 

«გახსოვს, როგორ მიყვარდი?..»

 

და, გამახსენდა, რომ მართლა ვუყვარდი...

 

ვუყვარდი ნული კლასიდან სკოლის დამთავრებამდე...

 

მაშინაც ასეთი ლამაზი იყო?..

 

ლამაზი როგორ არ იყო, მაგრამ – ასეთი?..

 

ჩვენი კლასის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული, მას კი მე ვუყვარდი...

 

გამახსენდა, როგორ მიწერდა საშინაო დავალებებს, როგორ მეხმარებოდა საკონტროლო წერების დროს, როგორ მიცავდა მასწავლებლების აგრესიისაგან...

 

რაც სკოლა დავამთავრე, ერთხელაც არ გამხსენებია...

 

დღეს რომ მოსწავლეებს გაკვეთილ;ი არ გაეცდინათ ჩემთვის?..

 

მივტრიალდი და სკოლის შენობაში შევედი...

 

ზუსტად პირველი საათი იყო...

 

კიდევ ორი გაკვეთილი მქონდა ჩასატარებელი... როგორი ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, მშვიდად და აუღელვებლად რომ გამეკეთებინა ეს?!.

 

პირველ გაკვეთილს, ასე თუ ისე, გავართვი თავი და შვებით ამოვისუნთქე ზარის დარეკვაზე... აი, მეორე გაკვეთილის ჩატარება ბევრად უფრო გამიჭირდა... ეტყობა, რაც უფრო ახლოვდებოდა ხუთი საათი, მით უფრო ვღელავდი...

 

მოსწავლეებმაც კი შემატყვეს დაბნეულობა და გაისუსნენ. ისე გაისუსნენ, სხვა დროს სიხარულით ცას ვეწეოდი, მაგრამ ახლა ეს სიჩუმე ხელს მიშლიდა.

 

ყურს უსიამოვნოდ ხვდებოდა საკუთარი ხმა... ახსნას თავი დავანებე და ბავშვებს საკლასო წერის გაკვეთილი ჩავუტარე...

 

სამის ნახევარზე სამასწავლებლოს კარი შევაღე, სეიფიდან მეთერთმეტე კლასელების რვეულები გამოვიღე, მაგიდას მივუჯექი და გასწორება დავიწყე...

 

ვერაფრით დავუდე გული... ყოველ ათ წუთში საათზე ვიხედებოდი...

 

ოთხის ოც წუთზე რვეულები ისევ სეიფში შევინახე და სამასწავლებლოს კარი გამოვიხურე... სკოლის შენობა დაცარიელებული იყო...

 

დარაჯს დავემშვიდობე და ქუჩაში გავედი... «მერსედესი» ისევ იქ იდგა...

 

ქურთუკის საყელოები ავიწიე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და ქუჩას დავუყევი...

შეხვედრამდე საათნახევარი იყო...

 

ვიფიქრე – ჩემს ბიძაშვილთან შევივლი, ჩაის დავლევ, ძალას მოვიკრებ-მეთქი...

 

მერე ფიქრმა წამიღო... ისევ ის სახე დამიდგა თვალწინ...

 

ათი წელი შვილს ელოდა თურმე. ალბათ, როგორ იტანჯებოდა...

 

როგორ ვუყვარდი...  რამდენი რამ გამოცადა... თერთმეტი წელი ატარა ჩემი სიყვარული... იქნებ, მეტიც?..

 

შვილიც არ აღირსა განგებამ... ქმარმაც არ გაუმართლა... ისე, რამდენი ოჯახია, ბავშვი რომ აჰყავს...

 

ჩვეულებრივი ამბავია – თუკი წლების მანძილზე შვილი არ უჩნდებათ, სხვა რა უნდა ქნან?!.

 

მაგრამ, ეტყობა, ქმართან ცხოვრებაც უჭირდა... ალბათ, არ უყვარდა და იმიტომ... როგორ დატანჯულა...

 

ისე წამიღო ფიქრმა, ვერც შევამჩნიე, როგორ გავცდი ბიძაშვილის სახლს... საათს დავხედე. ოთხს ხუთი წუთი აკლდა...

 

გავჩერდი და ქუჩა მოვათვალიერე... მერე მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე – ღვინის სარდაფში ჩავედი და ერთი ბოთლი «კახეთი», კარტოფილი და სალათა ავიღე...

 

ჩემს სიცოცხლეში პირველად დავლიე მარტომ... მერე სარდაფის ტელეფონიდან სახლში დავრეკე და ცოლი მოვატყუე – დირექტორმა თათბირი დანიშნა და ერთი-ორი საათი შემაგვიანდება-მეთქი...

 

სინდისის ქენჯნა არ მიგვრძვნია, მშვიდად დავკიდე ყურმილი – ეტყობა, სასმელი მომეხმარა...

 

ფული გადავიხადე და ქუჩაში გამოვედი... ხუთს თხუთმეტი აკლდა...

 

დღეს რომ მოსწავლეებს გაკვეთილი არ გაეცდინათ ჩემთვის?..

 

როდისღა შევხვდებოდი?!.

 

არასოდეს?..

 

და, აღარასოდეს გამახსენდებოდა?..

 

რა უცნაურია ცხოვრება... ნუთუ, არავინ ჰყავს?..

 

ერთი წელია, ქმარს დავშორდიო... ასეთ ქალს მოსვენებას არ მისცემდნენ... მართლა ძალიან ლამაზია... თუ, მე მეჩვენება?!.

 

არა, მართლა არ მინახავს ასეთი სილამაზე... არ შეიძლება, ვინმე არ ჰყავდეს... უცხოელებთან ვმუშაობო... ნეტავ, ის თუ იცის, მე სად ვმუშაობ?..

 

არაფერი უკითხავს... ისიც კი არ უკითხავს, ცოლ-შვილი თუ გყავსო... ანდა, რატომ უნდა ეკითხა, რაში აინტერესებდა?..

 

რა, ჩემს ჩაცმულობაზე ვერ მიხვდებოდა, დაახლოებით სადაც ვმუშაობ?!.

 

არ მეტყობა რამდენი კვერცხის ფულს მიხდის სახელმწიფო?!.

 

კვერცხების სახელმწიფო!

 

მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობით მაინც რატომ არ დაინტერესდა?..

 

ნუთუ, სრულიად სულერთია მისთვის, მყავს თუ არა ცოლი?..

 

რომ მკითხა – გახსოვს, როგორ მიყვარდიო?..

 

ნუთუ, უკვალოდ გაქრა თერთმეტი წლის სიყვარული?!.

 

რომ მთხოვა – ხუთ საათზე ჩემს მანქანასთან შემხვდიო?..

 

«მერსედესი» ისევ იქ იდგა...

 

ზუსტად ხუთი საათი იყო... თვითონ არ ჩანდა...

 

მანქანას მივეყრდენი ზურგით და გავაბოლე... ორ წუთში გამოვიდა შენობიდან...

 

დამინახა, გამიღიმა და ხელი დამიქნია... მეც გავუღიმე... უცებ გადმოჭრა ქუჩა, მომიახლოვდა და კარი გამიხსნა... ისევ გამიღიმა, მანქანას შემოუარა და თავისი კარი გააღო...

 

– დალიე? – მკითხა, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით.

 

– ხო, ცოტა...

 

თანამშრომლის დაბადების დღეა, – სკოლის შენობისკენ ავიქნიე თავი – თვითონ არ ვიცი, რატომ ვიცრუე.

 

– ხშირად სვამ? – დაძრა მანქანა.

 

– არაა.. – გულწრფელად ვუპასუხე, – თითქმის არასოდეს.

 

ისევ გაიღიმა...

 

– თანამშრომელმა პატარა პურ-მარილი მოიტანა... დაბადების დღე ჰქონდა, – თავისმართლებასავით გამომივიდა.

 

არ უკითხავს – ვინ თანამშრომელი, სად მუშაობო... ცოტა ხანს ორივენი ჩუმად ვიყავით... მერე მაგნიტოფონი ჩართო დაბალ ხმაზე...

 

– საით წავიდეთ?..

 

დავიბენი... ხომ არ ვეტყოდი – სახლში მიმიყვანე-მეთქი...

 

– რამდენი დალიე? – ჩემსკენ მოატრიალა სახე.

 

– ერთი ბოთლი.

 

– ღვინო?

 

– ღვინო, – დავუქნიე თავი.

 

– ახლა მე დავლევ ერთ ბოთლ შამპანურს.

 

ჯიბეში ზუსტად ერთი ბოთლი იაფფასიანი შამპანურის ფული მედო...

 

– დავლევ ერთ ბოთლ შამპანურს და თუ დავთვერი, მანქანაზე შენ დაჯდები.

 

თავი შევიკავე და აღარ ვუთხარი – მანქანის ტარება არ ვიცი-მეთქი...

 

– სად წავიდეთ? – გამომხედა ისევ.

 

მე მხრები ავიჩეჩე.

 

– მაშინ მე ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ, გპატიჟებ, – მითხრა და სწრაფად გააქანა მანქანა.

 

შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა... სახეზე ეტყობოდა, ურყევი გადაწყვეტილება მიეღო...

 

ნეტავ, არ შევხვედროდი-მეთქი, ვინანე... უკვე ცუდად ვგრძნობდი თავს... ის კი იღიმოდა...

 

ქალაქის მთავარ მოედანზე დაატრიალა მანქანა და ცალმხრივ ქუჩას საპირისპირო მიმართულებით დაუყვა...

 

იმ წამსვე ინსპექტორი გადაგვიდგა...

 

– წადი, შენი, – შეიგინა გულიანად და სიჩქარეს მოუმატა.

 

ინსტიქტურად უკან მივატრიალე თავი – ხომ არ გამოგვეკიდნენ-მეთქი...

 

– ნუ გეშინია, ეტყობა, ნომრები ვერ დაინახა. ფეხებს ვერ მოგვჭამს, – თქვა ამაყად – არც გამოუხედავს ჩემსკენ.

 

«ნუ გეშინიაო», რაღაც ისე გამოუვიდა – დაცინვასავით... ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი სახეზე...

 

– აი, აქ მოვდიოდით, – მიაყენა მანქანა ტროტუართან და ძრავი გამორთო.

 

კარი გავაღე და გადავედი... ორ წამში გვერდით ამომიდგა, ხელკავი გამომდო და რესტორანში შემიძღვა...

 

მერე ერთი წამით შეყოვნდა, დარბაზი მოათვალიერა და კუთხის მაგიდისკენ დაიძრა... მორჩილად გავყევი...

 

– ისევ ღვინოს დალევ? – მკითხა, როგორც კი მაგიდას მივუჯექით.

 

ყელი გამშრალი მქონდა... ხმა ვერ ამოვუშვი...

 

ერთი წამით თვალი გამისწორა და მითხრა:

 

– ძალიან გთხოვ, დღეს მე დაგპატიჟებ.

 

ნუ გამიბრაზდები, კარგი?!

 

კარგი-მეთქი, დავუქნიე თავი – სხვა რა გზა მქონდა... უცებ გამხიარულდა...

 

ოფიციანტი რომ მოვიდა, თვალებით მანიშნა – მიდი, შენ შეუკვეთეო...

 

ჩავახველე და ოფიციანტს ავხედე:

 

– რა გაქვთ?

 

– ჩვენ ყველაფერი გვაქვს, – მიპასუხა მკაცრად.

 

ცოტა არ იყოს, დავიბენი.

 

უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე პირველად მოვხვდი რესტორანში...

 

– ჰოდა, მოგვიტანეთ ცოტ-ცოტა ყველაფერი, – გაუღიმა ჩემმა ქალბატონმა ოფიციანტს.

 

– მაინც? – მიაშტერდა ოფიციანტი მის მკერდს.

 

– ძროხის ხორცი გაქვთ?

 

– დიახ.

 

– რა ნაჭრები გაქვთ? – სახეზე დაეტყო აღელვება.

 

– თქვენ რომელი გნებავთ? – გაიღიმა ოფიციანტმა.

 

– მკერდი თუ გაქვთ? – და, უცებ ძუძუებზე დაიწყო ხელები.

 

– რა ბრძანეთ?

 

– რა ვბრძანე კი არა, გაეთრიე შე ლაწირაკო აქედან. რას მომჩერებიხარ? ეს რესტორანია თუ ბარდელი, ა?

 

ოფიციანტმა თავი უკან გადააგდო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მე შემომხედა...

 

არ ვიცი, რა მოხდა ჩემში. თვალებში მივაჩერდი ოფიციანტს და კბილებში გამოვსცერი:

 

– ვერ გაიგე, რა გითხრეს? დაითესე და სხვა ოფიციანტს დაუძახე. დროზე!

 

მგონი, ჩემი ქალბატონიც გავაკვირვე ჩემი საქციელით... უცნაურად შემომხედა...

 

მერე ისევ ოფიციანტს მიუბრუნდა:

 

– ზეზვა აქ არის?

 

– არა... გასულია...

 

– მოკლედ, – საჩვენებელი თითი დაარტყა მაგიდის კიდეს, – ერთი შამპანური, ერთი ღვინო და რაც გაქვთ გემრიელი... გაიგე? – და, წარბები შეკრა.

 

ეს გაბრაზებაც უხდებოდა...

 

– გავიგე, – თავი ჩახარა ოფიციანტმა და მოგვშორდა.

 

– ზეზვა ვინაა? – ვიკითხე მე.

 

– პიჟონია ერთი, ამ რესტორნის მეპატრონე.

 

– აჰა, – გასაგებია-მეთქი, დავაქნიე თავი.

 

– ძველბიჭობა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყე?

 

– რა შემატყე?

 

– რა ვიცი, – გადაიკისკისა გულიანად, – კი შეაშინე ოფიციანტი და...

 

– მე კი არა, შენ შეაშინე, – გავიცინე მეც, – ძროხის მკერდი რამ მოგაფიქრებინა?

 

– ლამის თავი ჩამიყო, – ისევ ძუძუებზე დაიწყო ხელისგულები, – თავხედი...

 

ცოტა ხანში სუფრა გაგვიშალეს.

 

ჭიქები შევავსე და ერთსიტყვიანი სადღეგრძელო ვთქვი:

 

– გაგვიმარჯოს...

 

– გაგვიმარჯოს, – გამიღიმა ჩემმა ქალბატონმა და მომიჭახუნა.

 

მეტი სადღეგრძელო არ მითქვამს...

 

ისე დავცალეთ ორი ბოთლი, მე მეტი სადღეგრძელო არ მითქვამს...

 

თვითონ ლაპარაკობდა...

 

სადღეგრძელოებსაც თვითონ ამბობდა... მიყვებოდა სტუდენტობის პერიოდზე...

 

როგორ გათხოვდა... როგორ გაეყარა ქმარს... როგორი მძიმე სამუშაო აქვს...

 

ვუსმენდი და მისი სილამაზით ვტკბებოდი...

 

ვუთხარი კიდეც:

 

– რა ლამაზი ხარ...

 

ხელი ჩაიქნია:

 

– მერე?..

 

– მერე – არაფერი... ძალიან ლამაზი ხარ...

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯავახაძე ირაკლი / ადამიანი ZERO