თაბუკაშვილი ლაშა

...მაგრამ უფლება არ მოუცია!

 

ორნაწილიანი პიესა

 

 

მოქმედი პირები:

ლენიკო - 21 წლის

გია, მისი ძმა - 15 წლის

კახა - 27 წლის

ირინე - 25 წლის

დათო - 23 წლის

 

ოთახი, მაგიდა, ტახტი, სკამები... მოკლედ, ჩვეულებრივი სასადილო ოთახი. იმავე სიბრტყეზე მეორე ოთახიცაა, რომელიც კედლით ებჯინება პირველს, მაგრამ ეს უკვე სხვა ბინაა, კახას ერთოთახიანი ბინა. აქაც მაგიდა, ტახტი და სკამებია... და კიდევ კედლის აყოლებაზე რამდენიმე გრძელი წიგნის თარო, ამჟამად დაუტვირთავი, რადგანაც წიგნები მეტწილად იატაკზე ყრია. კახაც იატაკზე ზის და წიგნებს არჩევს. შემდგომში ნელინელ შეივსება ცარიელი თაროები.

მეზობელ ბინაში კი და-ძმა ცხოვრობს - ლენიკო და გია. გია ახლა სკოლაშია, ლენიკო არა ჩანს, მხოლოდ მის სტუმარს ვხედავთ, მაგიდასთან გვერდულად მჯდარ, დახვეწილი გარეგნობის ახალგაზრდა ქალს, ირინეს.

 

ირინე -  (ყავის ცარიელ ჭიქას ატრიალებს ხელში) და მაინც, და მაინც, და მაინც... არ უნდა წამოსულიყავი!

ლენიკოს ხმა - არ მესმის!

ირინე  -  (ხმამაღლა) არ უნდა წამოსულიყავი-მეთქი!

ლენიკოს ხმა - მოიცა რა, გამოვალ და მითხარი!

(შემოდის სასადილოში, ეტყობა, ახალი თავდაბანილია, გრძელი სააბაზანო ხალათი აცვია, თავი ფადიშაჰურად აქვს წაკრული პირსახოცით).

ლენიკო  -  რას ამბობდი?

ირინე  -  ქმარს შეურიგდი-მეთქი!

ლენიკო  -  კარგი რა...

ირინე  -  რა კარგი რა, სამი თვეც არ გასულა და ქუდმოგლეჯილი გამოვარდი სახლში!

ლენიკო  -  (საერთოდ უხალისოდ ლაპარაკობს ამ თემაზე) ის თვითონ ცხოვრობდა აქ!

ირინე  -  რატომ, იმხელა ბინა აქვს?

ლენიკო  -  გიას მარტო ხომ არ დავტოვებდი!

ირინე  -  მერე რაო, რას ამბობს?

ლენიკო  -  ვინ?

ირინე  -  დათო!

ლენიკო  -  რა ვიცი, ხან რას და ხან რას!

ირინე  -  შერიგება უნდა?

ლენიკო  -  უნდა...

ირინე  -  მერე?

ლენიკო  -  მოვრჩეთ რა ამაზე!

ირინე  -  კი ბატონო!

ლენიკო  -  ნუ გწყინს!

ირინე  -  ასეთ ბუტიად მიცნობ? ისე კი, მართალი გითხრა, მაშინებს შენი მაქსიმალიზმი!

ლენიკო  -  აღარ მიყვარს! ესაა და ეს!

ირინე  -  ასე სწრაფად გაგიტყდა?

ლენიკო  -  აბა წარმოიდგინე შენს გვერდით კაცი, რომელიც ვერაფრით ვერ ამოიცანი!

ირინე  -  (ირონიული მაღალფარდოვანებით) მაგაშიც ხომ არის რაღაც იდუმალი, მშვენიერი?!

ლენიკო - - არა, სხვა რამეს ვამბობ! ერთ დღეს მკერდგაღეღილი ყარაჩოღელია... (დგება და მკლავებს გაშლის) Кპთყრით მ რქრჭნმე ვყეხ დენწმნ სმპთ, გენაცვალოთ თქვენი დათუნა! წავიდეთ ხოხბებზე, ვიქეიფოთ, ბეთანიაში! მეორე დღეს თავმოდრეკილი ბუდისტია, მესამე დღეს - ბაპტისტი, მეოთხე, - დღეს კომკავშირელი, მეხუთე დღეს, - დისიდენტი...

ირინე - მეექვსე დღეს?

ლენიკო  -  მეექვსე დღეს ქურდული გაგების, ნესტოებდაბერილი ახალგაზრდაა. დაგჭრი, დაგკეპავ, დაგაწყობ, შე ახვარო!

ირინე  -  (სიცილით) მეშვიდე, მეშვიდე დღეს?

ლენიკო  -  (უცებ მოეშვება და სკამზე ჯდება) მეშვიდეს აღარ დაველოდე!

ირინე  -  (ცნობისმოყვარეობით) მოკლედ, ვერ გაიგე, რა მასტია, არა?

ლენიკო  -  ჰო, ვერ გავიგე!

ირინე  -  სამ თვეში მოასწრო ყველაფერი ეს?

ლენიკო  -  ისე არ არის ცუდი გულის ბიჭი!

ირინე  -  ვგლიჯავთ ქართველები! კაცი მოთხარე და ახლა გულს უქებ?

ლენიკო  -  სულ არ მინდოდა მისი გალანძღვა...

ირინე  -  გიამ განიცადა?

ლენიკო  -  გიას უმცროსი ძმის კომპლექსი ჰქონდა... მგონი უხაროდა კიდეც, რომ დავცილდით!

ირინე  -  რომელ კლასშია ახლა?

ლენიკო  -  მეცხრეში, თხუთმეტი წლისაა!

ირინე  -  თხუთმეტი წელი, თხუთმეტი წელი... ჩართე რა რამე!

ლენიკო  -  გამიფუჭდა მაგნიტოფონი... გია ხან მთაში დააპროწიალებს, ხან ბარში...

ირინე  -  კარგია მთა... ამასწინათ ჩემი ზურგჩანთა ვიპოვე სარდაფში და კინაღამ ავტირდი!

ლენიკო  -  მერე რა გიშლის ხელს! როცა მოისურვებ, მაშინ წავიდეთ... ჩემი მეგობრები...

ირინე  -  (აწყვეტინებს) რა შუაშია შენი ან ჩემი მეგობრები?! თვითონ გამოვეთიშე ყველაფერს...

ლენიკო  -  ბავშვი?

ირინე  -  არა! ამოვწურეთ მთის თემა. თქვენების რა ისმის?

ლენიკო  -  იგვიანებს წერილი!

ირინე  -  მდაა... მშობლები სამი წლით უცხოეთში, გადარეული უმცროსი ძმა გარდამავალ ასაკში, დიპლომი დასაცავი... ქმარი გაგდებული...

ლენიკო  -  (იცინის) კარგი სურათი დაიხატა, არა?

ირინე  -  (რაღაც საკუთარზე ჩაფიქრდება) უკეთესს ვერ ინატრებ!

(ამასობაში კახა ათიოდე წიგნს აარჩევს და ცდილობს ზემო თაროზე დადოს, მაგრამ ამას ერთობ უხერხულად აკეთებს, ხელში ვეღარ შეიკავებს და წიგნები ხმაურით ცვივა ძირს).

ირინე  -  (შეკრთება) რა ხდება?

ლენიკო  -  არაფერი, მეზობელია! ისე კი, მაგრად მომენატრე, ორი თვეა არ მინახიხარ!

ირინე  -  (ღიმილით) ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს გავიცანით ერთმანეთი!

ლენიკო  -  (ღიმილით) ტურიზმუს!

ირინე  -  მშვენიერი იყო! ჩვენი გაოფლილი ტურისტები საყიდლებზე რომ დაძუგძუგობდნენ დროგის ცხენებივით...

ლენიკო  -  (აიტაცებს) ჩვენ კი პატარა დუქანში ვქეიფობდით! ბელლა სინიორიტი, ბენვენუტო ა კაზა მია!

ირინე  -  (სიცილით) როგორ გადავიყვანეთ ჭკუიდან ის პატრონი, ერთმანეთს რომ გავექაჩეთ გადახდაზე, გამიშვი და გაგიშვებო.

ლენიკო  -  (სიცილით) ორი გიჟი ქართველი ქალი!

ირინე  -  მგონი ლესბიანკები ვეგონეთ!

ლენიკო  -  (უკმაყოფილოდ) ნუ იცი რა...

ირინე  -  (იცინის) ჩემო აზიზო მეგობარო!

(წიგნების რჩევით გაბეზრებული კახა სიგარეტს უკიდებს და მაგნიტოფონს რთავს. წყნარი ჰანგები გამოჟონავს კედლებში).

ირინე  -  (გაკვირვებით) როდიდან დაიწყო შარაფისტმა ვანიჩკამ ამ ტიპის მუსიკით ტკბობა?

ლენიკო  -  ვანიჩკა ერთი თვეა გადავიდა.

ირინე  -  აქ ვინ გადმოვიდა?

ლენიკო  -  ახალგაზრდა კაცია...

ირინე  -  მაინც რა ხნის?

ლენიკო - - 26-27 წლის იქნება!

ირინე  -  დანარჩენი ინფორმაცია!

ლენიკო  -  იჯდა ბოლო ექვსი წელი...

ირინე  -  დიდუ, ნაციხარი მეზობელი გაკლდა!

ლენიკო - - არა, განათლებული, ზრდილი ბიჭია!

ირინე  -  ლამაზია?

ლენიკო  -  (მხრებს იჩეჩავს) რა ვიცი?! ისე რა! თუმცა... არ ვიცი!

(კახა ჩაქუჩს იღებს და დამატებით ლურსმანს აჭედებს სამაგრად თაროში).

ირინე  -  მოუსვენარი მეზობელი გყოლია!

(კახა უეცრად ჩაქუჩს გვერდზე გადადებს, ორად მოიკეცება და მძლავრად დააცემინებს).

ირინე  -  (მთელი ხმით) ხეირი, გენაცვალე!

(გაკვირვებული კახა კედლისკენ იხედება, ხომ არ მომეყურადაო. გოგონები ჩუმად იგუდებიან სიცილით).

ირინე  -  მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა...

ლენიკო  -  მართლა არ გშია?

ირინე  -  არა-მეთქი. (პაუზის შემდეგ) თქვენებმა გაიგეს?

ლენიკო  -  (მოიწყენს) არა, ჯერ არა!

(კახა ისევ ლურსმანს აჭედებს).

ირინე  -  (უარყოფითად) არ გაახურა შენმა ნაციხარმა?!

ლენიკო  -  ერთი თვის გადმოსულია, ეწყობა!

ირინე  -  შავები ბევრი დადიან?

ლენიკო  -  რა ვიცი, შავები არიან თუ თეთრები, მშვენიერი მეგობრები კი ჰყავს!

ირინე - - შენ რა, იცნობ?

ლენიკო  -  (უბრალოდ) რამდენჯერმე გადაგვიპატიჟა მე და გია! გიას კერპია, ჭკუას კარგავს.

ირინე  -  უყურე შენ, მეზობლური კონტაქტებიც გქონიათ?! რა უნდა მიიღოს გიამ მისგან, ციხის რომანტიკა?

ლენიკო  -  რას ამბობ, პირიქით... ის კი არა, იქით ვთხოვ ხოლმე ჩარევას...

ირინე  -  (ირონიით) და ყველაფერი ეს, ერთ თვეში?

ლენიკო  -  (ჩაფიქრდება) ჰო, ერთ თვეში!

(პაუზა. კახა მაგნიტოფონს გამოთიშავს).

ირინე  -  უთხარი რა, ისევ ჩართოს!

ლენიკო  -  უხერხულია! აი, გია მოვა წუთი წუთს და შევაგზავნი!

ირინე  -  (სიგარეტს უკიდებს) გია ზარმაცობს?

ლენიკო  -  მომკლა მაგასთან ერთად მეცადინეობამ! უნდა ნახო, რა ყიყლიყოებს უშვებს! მაგრამ სახე სუფთა აქვს!

ირინე  -  მოსწონს ვინმე?

ლენიკო  -  მოსწონს კი არა, შეყვარებულია!

ირინე  -  (გამოცოცხლდება) ვინ არის დულცინეა?

ლენიკო - - (კრიტიკულად) გრძელი ფეხები, მწვანე თვალები...

ირინე  -  აწვალებს?

ლენიკო  -  სისხლს უშრობს! თანაც მეათე კლასშია, გიაზე ერთი წლით უფროსი!

ირინე  -  გასაწყვეტები ვართ ქალები! მაშ შენს ქმარზე აღარ ვილაპარაკოთ?!

ლენიკო  -  ჰო, თუ ღმერთი გწამს.

(კახა ოთახიდან გადის. ზარის ხმა ლენიკოს კარზე).

ლენიკო  -  გიაა! უცნაურია, ფეხით რომ არ გააღო კარი! (დგება)

ირინე  -  ფეხით როგორ?

ლენიკო  -  (მიდის კარის გასაღებად) რამდენჯერმე ჩაგვკეტა და ამ გზით გავაღეთ. ვერაფრით ვერ მოვიყვანე ოსტატი!

(აღებს კარს და უკან გახტება კახას დანახვაზე).

ვაიმე, მაპატიე, კახა, გია მეგონე!

(ხალათში იფუთნება და გზას უთმობს).

კახა  -  დარეკვა მინდოდა! მაშ, მერე მოვალ!

ლენიკო  -  არა, არა მობრძანდი!

(კახა ოთახში შემოდის, ირინე მისკენ მოტრიალდება).

გაიცანით, კახა... ირინე...

უკაცრავად, წუთით დაგტოვებთ... კახა, დარეკე.

(გადის. კახა ტელეფონის ყურმილს იღებს ხელში. ირინე მონუსხულივით მისჩერებია მას).

ირინე  -  გამარჯობა!

კახა  -  ლექსოს სთხოვეთ... ხუთ წუთში? გმადლობთ! (კიდებს ყურმილს).

ირინე  -  არ გამოცვლილხარ!

კახა  -  შენსკენ ხომ მშვიდობაა?

ირინე  -  ნაწილობრივ! ბებიას ჩამოუსწარი?

კახა  -  ვერა!

ირინე  -  თუმცა... მე ვიყავი პანაშვიდზე!

(პაუზა)

მიმაგრება გაქვს?

კახა  -  არა, მოვრჩი ყველაფერს!

ირინე  -  დაიწყე მუშაობა?

კახა  -  ჰო, დოკში!

ირინე  -  დოკი რა არის?

კახა  -  ხის დამამუშავებელი კომბინატი!

(იღებს ყურმილს).

ნოდარი მინდა... როდის? გმადლობთ!

ირინე  -  დაანებე რა თავი მაგ ტელეფონს! ექვსი წელია...

კახა  -  ის ექვსი წელი ჩემი დათვლილია!

ირინე  -  არც მე მილხინდა!

კახა  -  ეგ უკვე შენი პრობლემაა! (კვლავ რეკავს) არ მოსულა ლექსო?.. ხუთ წუთში? (კიდებს ყურმილს).

ირინე  -  შენი წერილები მაქვს... გადმოგცე?

კახა  -  ძალიან დაგიმადლებ!

ირინე  -  შემხვდები?

კახა  -  რა საჭიროა... აქ ხომ მოდიხარ ხოლმე... ჩემი ფოსტის ყუთში ჩააგდე!

ირინე  -  ბევრი მაქვს სალაპარაკო შენთან...

კახა - (რბილად) შენ ხომ მე მიცნობ?

ირინე  -  გიცნობ, ისე როგორც არავინ!

კახა  -  ჰოდა, სავსებით არ გამოვცვლილვარ!

ირინე  -  შენი უფლებაა არ მაპატიო...

კახა  -  გეყო რა! (რეკავს) ლექსოს სთხო... ხუთი წუთი აღარ მიხსენოთ, ძვირფასო... გადაეცით, რომ კახამ დაურეკა... დიახ, კახამ! გამარჯობათ... ლილი? დიახ, დიახ, როგორ არა... გმადლობთ... მაშ გადასცემთ? ჰო, არ ვიცოდი, ერთად თუ მსახურობდით... როგორ არ მახსოვხართ... თვალების ფერი?.. ეგ უკაცრავად არ მახსოვს... ქერა! ლილი, გამოგიტყდებით და დალტონიკი ვარ! (კიდებს ყურმილს) აუ!

ირინე  -  (უეცრად გაეცინება) შენ მართლა არ გამოცვლილხარ!

კახა  -  ხეირიო, შენ მომაძახე?

ირინე  -  ჰო! (რაღაც დათბება მათ შორის).

კახა  -  ბავშვი რა ხნისაა?

ირინე  -  ოთხი წლის!

კახა  -  ღმერთმა გაგიზარდოს!

ირინე  -  ბებიას ბინა გადაცვალე?

კახა  -  ჰო, ფული მჭირდებოდა.

ირინე  -  მომენატრე!

კახა  -  კიდევ რას იტყვი ჭკვიანურს? (დგება).

ირინე  -  არ წახვიდე რა...

კახა  -  (ჯდება) მარიამს ნახულობდი ხოლმე?

ირინე  -  ხშირად... სავადმყოფოშიც... სახლშიც... სულ შენს ხსენებაში იყო! საფლაზე იყავი?

კახა  -  ვიყავი!

ირინე  -  მართლა შვილივით უყვარდი!

კახა  -  შენ... ყველაფერი რიგზე გაქვს?

ირინე  -  არა!

კახა  -  ჰოოო...

ირინე  -  დედაშენი ნახე?

კახა  -  ერთი-ორჯერ!

ირინე  -  ისევ ძველებურად ხართ?

კახა  -  რას გულისხმობ?

ირინე  -  არ შეურიგდი?

(პაუზა)

(ღიმილით) კახა, ძალიან დავბერდი?

კახა  -  არა, მშვენივრად გამოიყურები!

ირინე  -  შენ კი მართლა არ გამოცვლილხარ!

კახა  -  ეტყობა დამაკონსერვა იქაურობამ!

ირინე  -  შენი ძმაკაცები როგორ არიან?

კახა  -  ზოგი კარგად, ზოგი ისე რა...

ირინე  -  დღემდე არცერთი არ მესალმება!

კახა  -  თუ ეს გაწუხებს, ვეტყვი, რომ მოგესალმონ!

ირინე  -  კახა, რად გინდა ეს ფარიკაობა?

კახა  -  დავაშავე რამე?

ირინე  -  არა, დაშავებით მე დავაშავე, მაგრამ მაინც შენი ბრალია ყველაფერი!

კახა  -  ლოგიკურია!

ირინე  -  მე შენზე უფრო ცუდად ვარ!

კახა  -  მერე, ვინ გეჯიბრება?

ირინე  -  მე მინდა, რომ შენ ეს იცოდე!

კახა  -  ჩემზე უფრო ცუდად რომ ხარ?

ირინე  -  ჰო!

კახა  -  მეცოდინება!

ირინე  -  არ შედგა ჩვენი საუბარი!

კახა  -  მე წავალ, კარგი?

ირინე  -  მოიცა, შეიძლება რაღაცა გკითხო?

კახა  -  ბრძანე!

ირინე  -  იმ ექვს წელიწადში...

კახა  -  დაანებე მაგ ციფრს თავი!

ირინე  -  (იმეორებს) იმ ექვს წელიწადში მე სულ არ ვყოფილვარ?

კახა  -  (რბილად) ძალიან ცოტა ხანს... მერე აღარ!

ირინე  -  (თავს ჩაქინდრავს) ასეც ვიცოდი!

ლენიკო  -  (შემოდის, კაბა ჩაუცვამს, თმაც გადაუვარცხნია) კახა, რით გაგიმასპინძლდეთ?

კახა - გმადლობთ, ლენიკო, მეჩქარება!.. (ირინეს) კარგად იყავი!

(გადის. ლენიკო გაკვირვებით მისჩერებია თავჩაკიდულ მეგობარს).

ლენიკო  -  რა დაგემართა?

ირინე  -  არაფერი...

ლენიკო  -  (სიგარეტს და ასანთის კოლოფს უწვდის) ცუდად ხომ არა ხარ?

(ირინე თავს უქნევს, სიგარეტს უკიდებს და სახეს ხელებში ჩარგავს).

რა მოხდა ამ ხუთ წუთში?

ირინე  -  დასალევი გაქვს რამე?

ლენიკო  -  ღვინო!

ირინე  -  არა, რამე უფრო არსებითი!

ლენიკო  -  მოიცა ვნახავ...

(გადის და კონიაკი შემოაქვს).

ირინე  -  (სუსტი ხმით) დამისხი რა!

ლენიკო  -  იქნებ ვალერიანის წვეთები.

ირინე  -  არა, ეგ დამისხი! (სვამს და პირზე ივლებს ხელს).

კონიაკს ვერ ვიტან. (პაუზის შემდეგ) მაგარი საჩუქარი დამახვედრე!

ლენიკო  -  კახა!

ირინე  -  ჰო, კახა, ჩემი საქმრო!

(ლენიკო მოულოდნელობისაგან სკამზე ჯდება).

ირინე  -  არ მითქვამს შენთვის?

ლენიკო  -  არა!

ირინე  -  ჰო, ჩემი საქმრო იყო!

ლენიკო  -  როგორ?

ირინე  -  ჭრელად! მეცხრე კლასიდან მიყვარდა... ცოტა მიშველა...

ლენიკო  -  გინდა კიდევ?

ირინე  -  არა, თორემ ავჯღავლდები! (პაუზის შემდეგ) აი, თურმე რა მეზობლები გყოლია!

ლენიკო - თუ გიჭირს, ნუ მოყვები!

ირინე  -  არც რაა მოსაყოლი... მიყვარდა, ბედნიერი ვიყავი, მერე დაიჭირეს, მერე გამოუშვეს და მერე ისევ დაიჭირეს! ამ შუალედში გავთხოვდი! ცოტა დამისხი რა...

(ლენიკო კონიაკს უსხამს ჭიქაში. ირინე ბოლთას სცემს ოთახში).

ლენიკო - - რაზე დაიჭირეს?

ირინე  -  პირველად იჩხუბა... ცოტა ხანს იჯდა, მერე უნივერსიტეტშიც აღადგინეს და საქორწილო კაბაც შევიკერე...

ლენიკო  -  მშობლები?

ირინე  -  მამა ადრე დაეღუპა. დედა მალე გათხოვდა მამამისის მეგობარზე... კახამ ეს არ აპატია!

ლენიკო  -  საქორწილო კაბა?

ირინე  -  არა მარტო კაბა, თვითმფრინავის ბილეთებიც... ვიპარებოდით და უცებ მიცხადებს, ეგ კაბა გაიხადე, ორი თვით გადაიდო ჩვენი წასვლაო!

ლენიკო  -  რატომ?

ირინე  -  მგონი დავთვერი!

(ჩამოჯდება და სახეს ხელებში რგავს. ლენიკო მოუთმენლად წრიალებს სკამზე).

ლენიკო  -  მერე?

ირინე  -  (ყრუ ხმით) მაცალე რა... ცუდი შეგრძნება მაქვს... გავალ ცოტა ხნით!

(ლენიკო წამოხტება, ხელს აშველებს მეგობარს და ოთახიდან გაჰყავს. კახა იატაკზე ზის და სიგარეტს ეწევა. ლენიკო ოთახში ბრუნდება და სავარძელში ჯდება, საფეთქლებს ისრესს. კახა მექანიკურად ფურცლავს წიგნებს).

ირინე  -  (ბრუნდება) ლოთური სინდრომი...

ლენიკო  -  უკეთ გახდი?

ირინე  -  ახლა არა მიშავს!

(პაუზა)

რას გიყვებოდი? ჰო, მითხრა, გადაიდო ჩვენი ქორწინება, ორი თვეც უნდა მოვითმინოთო. თურმე მისი მეგობარი ციხიდან გაქცეულა და კახამ ითავა პატრონობა... ეს უკვე ბოლო წვეთი იყო...

ლენიკო  -  ვეღარ დაელოდე?

ირინე  -  (რისხვით) ბოლო წვეთი იყო-მეთქი! გადავიწვი!

ლენიკო  -  (პირდაღებული შესცქერის) და გათხოვდი?

ირინე  -  ჰო, ერთ კვირაში!

ლენიკო  -  კახა?

ირინე -  კახა ერთი თვის შემდეგ დაიჭირეს. იმ რეციდივისტის გაპარება სცადა მცხეთის სადგურიდან... მოკლედ, სროლა ატყდა, ორივე მხარე ისროდა...

ლენიკო  -  კახაც ისროდა?

ირინე  -  არა, ჭკუა დაუშლიდა! მეც დამღუპა და თავიც დაიღუპა! ახლა დოკში მუშაობს, პროლეტარი! მისი მეგობრები ნებისმიერ ადგილზე მოაწყობდნენ!

ლენიკო  -  რა ადგილზე?

ირინე  -  ფულიან ადგილს არ ვგულისხმობ. მაგას ფულის წართმევა შეუძლია, ფულის კეთება კი არა!

ლენიკო  -  აბა სად უნდა მოეწყოთ?

ირინე  -  სადაც გინდა... განათლება და ნიჭი არ აკლია!

ლენიკო  -  ჰო, გიას ამეცადინებს ხოლმე ინგლისურში...

ირინე  -  ენა, ეტყობა, ციხეში დაამხეცა!

ლენიკო  -  აქეთ ღიზიანდები?

ირინე  -  (ცივად) შენ წარმოიდგინე! იმ ხე-ტყის კომბინატში მუშაობაც პოზაა და სხვა არაფერი!

ლენიკო  -  განა პოზიორია?

ირინე  -  როგორც არ უნდა დაგწყდეს გული, ხანდახან ეგეც ახასიათებს!

ლენიკო  -  კიდევ რა ახასიათებს?

ირინე  -  კიდევ თავს შეაყვარებს ადამიანს და მერე ტანკივით გადაუვლის... საკუთარი პრინციპების გამო!

ლენიკო  -  (წამოხტება) შენ გადაგიარა, შენ?

ირინე  -  დიახ, მე!

ლენიკო  -  შენ, რომელმაც მიატოვე?

ირინე  -  რას თხოულობ ჩემგან?

ლენიკო  -  უნდა მოგეცადა!

ირინე  -  დეკაბრისტის ცოლი გავმხდარიყავი?

ლენიკო  -  როგორც შენ მიამბე, მაშინ კახა გარეთ იყო!

ირინე  -  ჰო, იმ რეციდივისტში კი გამცვალა! გაფრთხილებ, სასწაულად უიღბლო ბიჭია!

ლენიკო  -  ო, ღმერთო ჩემო!

ირინე  -  მე პირადად დედა მიტირა!

ლენიკო  -  შენ რაღა გაქვს სათქმელი, მშვენიერი ქმარ-შვილი გყავს!

ირინე  -  ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს... არც ვამტყუნებ... ეტყობა, არ შემიძლია არტისტობა! თუმცა ალბათ ეგეც შემიძლია! Кრნჩენ ქთო, არგთყომ ყვეჩმ! (კონიაკს დაასხამს).

ლენიკო  -  აღარ დალიო, ცუდად გაგხდის!

ირინე  -  ამაზე ცუდად? (სვამს, საწვიმარს იცვამს და ლენიკოს კოცნის). კარგად იყავი და აღარ დამირეკო!

ლენიკო  -  რატომ?

ირინე  -  ნათელმხილველი ვარ და იმიტომ!

(გადის. ლენიკო სავარძელში ჩაეშვება).

(ოთახის შუაგულში სკოლის ჩანთა ეცემა ზათქანით. ლენიკო შეკრთება. ჩანთას მაღალი, ლამაზი ბიჭი შემოყვება, სკოლის ფორმაში გამოწყობილი).

ლენიკო  -  (საყვედურით) გია!

გია  -  მოშიებული მხეცი თუ გინახავთ, იგი თქვენს წინაშეა!

ლენიკო  -  კატლეტი და სუპი მაქვს.

გია  -  ყველი?

ლენიკო  -  გათავდა.

გია  -  ის შენი დაქალი შემხვდა კიბეზე... მგონი ცუდად იყო, ხომ არ გაგაცილოთ-მეთქი და არაო... (გაკვირვებით ატრიალებს კონიაკის ბოთლს ხელში). ეს რა არის, უბერავდით?

ლენიკო  -  (მაგიდას აწყობს) ირინას გული გაუხდა ცუდად!

გია - მერე კონიაკი შველის? (დასუნავს ბოთლს და იმანჭება) ამას როგორ სვამთ ქალები? ჰო მართლა, ორიანი მივიღე! ქოთქოთამ დამაჯილდოვა!

ლენიკო  -  ო, ღმერთო ჩემო!

გია  -  ეგ კიდევ არაფერი, პედსაბჭოზე გავყავართ...

ლენიკო  -  რატომ?

გია  -  კოლექტიური შატალოს ორგანიზატორად...

ლენიკო  -  კიდევ რას მეტყვი?

გია  -  რა გითხრათ, რით გაგახაროთ? დაბადების დღეზე მივდივარ!

ლენიკო  -  ჰო, რასაკვირველია, დაიმსახურე დროსტარება!

გია  -  კატლეტი არ გააცხელო, ცივი მირჩევნია!

(ლენიკო სუფრას გააწყობს. გია გამგელებული ჭამს).

ლენიკო -  - წყნარად ჭამე, არავინ მოგდევს! (გია რაღაცას ზმუის აღშფოთებით) რა ვქნათ ახლა?

გია  -  კახას წავიყვან პედსაბჭოზე. ერთხელ უკვე იყო ჩვენთან სკოლაში, გიას ბიძა ვარო, ნელის უთხრა... მას შემდეგ ნელი სულ კითხულობს, ბიძაშენი როგორ არისო და თვალებს ნაბავს. ეტყობა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა!

ლენიკო  -  კარგი, გეყო ტლიკინი, ჭამე!

გია  -  ჯერ წყნარად ჭამეო, მერე...

ლენიკო  -  ორიანი რაში მიიღე?

გია  -  ისტორიაში!

ლენიკო  -  ისევ?

გია  -  ჯერ საქართველოს ისტორია გვასწავლონ ნორმალურად, მერე სხვისას ვისწავლი!

ლენიკო  -  რა გულით მიდიხარ დაბადების დღეზე.

გია  -  ანკარა, ლაღი გულით, ჩემო ანგელოზო! (გადაიხრება და კოცნის).

ლენიკო  -  უჰ, შე კატლეტიანო! (იწმინდავს ლოყას). ის გოგო იქნება?

გია  -  (პაუზის შემდეგ) ალბათ! აი, ნახე!

(შარვლის ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯს იღებს და ლენიკოს უწვდის).

ლენიკო  -  (გამოართმევს) რა არის?

გია  -  ჩემი ლექსია!

(ლენიკო კითხულობს. გია იძაბება).

ლენიკო  -  (ამთავრებს კითხვას) კი მაგრამ, იმ გოგონას ხომ ლელა ჰქვია?!

გია  -  (წყენით) მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

ლენიკო  -  აჰა, კონსპირაცია!

გია - მომე აქ! (ხელიდან გამოგლიჯავს ქაღალდს).

ლენიკო  -  მშვენიერი ლექსია!

მშვენიერია-მეთქი! (პაუზა) რას მებუსხები აქეთ! ორიანი მე მივიღე თუ შენ?

გია  -  ნუ გავიწყდება, რომ კაცი მე ვარ ამ ოჯახში!

(ფალცეტზე გადადის).

ლენიკო  -  ყიყლიყ!

გია  -  რაო?

ლენიკო  -  (სიცილით დარბის მაგიდის გარშემო) ყიყლიყ, ყიყლიყ!

გია  -  (ვერ დაიჭერს) დიდი ხანია, აღარ მიმიტყეპიხარ!

ლენიკო  -  კარგი, დაამთავრე სადილი, უნდა ავალაგო!

გია  -  ჩემი თეთრი კურტკა სად არის?

ლენიკო  -  გავრეცხე!

გია  -  (შეშფოთებით) ხომ გაშრა?

ლენიკო  -  არა მგონია!

გია  -  (ყვირის) გაგიჟდი, ეგ უნდა ჩამეცვა!

ლენიკო  -  (შეწუხებული) მე რა ვიცოდი!

გია  -  ვაიმე! (გარბის ოთახიდან. ლენიკო უკან მიყვება მას. კახა კვლავ მაგნიტოფონს რთავს და ტახტზე წვება).

გია  -  (ისევ შემორბის) არა, ეს შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმაა.

ლენიკო  -  რა, გია?

გია - (ღრიალებს) რა და, ისტერიულად რომ რეცხავ ყველაფერს! (გამწარებული მღერის) Оვრეცხავთ დღისით და ღამითМ...

ლენიკო  -  მე რა ვიცოდი...

გია  -  (ყვირის) მაინც ჩავიცვამ!

ლენიკო  -  სველს ჩაიცვამ?

გია  -  დიახ, სველს!

(გარბის. ლენიკო კედელს ეცემა და მუშტით აბრახუნებს).

ლენიკო  -  კახა! კახა!

კახა  -  (შემორბის ღია კარში) მოხდა რამე?

ლენიკო  -  უკაცრავად, მაგრამ... სველი კურტკით აპირებს წასვლას!

კახა  -  ვინ?

ლენიკო  -  გია! დაბადების დღეზე მიდის... ის ლელა იქნება იქ...

კახა  -  მერე სველი რატომ უნდა ჩაიცვას?

ლენიკო  -  გიხდებაო, იმ გოგომ უთხრა! მე კი მაინცდამაინც დღეს გავურეცხე! მიშველე რამე!

გია  -  (შემოდის. კურტკის სახელოებიდან წურწურით ჩამოსდის წყალი) აი, ასევე წავალ!

ლენიკო  -  ვაიმე, ფილტვების ანთება...

კახა  -  ანდა ტვინის!..

ლენიკო  -  გეხვეწები... გაიხადე!

კახა  -  გია, პატარა სტრიპტიზს ხომ არ ჩაატარებდი?

გია  -  (უყურებს ორივეს) შეთქმულებას აქვს ადგილი?

კახა  -  (ღიმილით) გაიხადე! გაიხადე!..

გია  -  (ბურტყუნით იხდის) მრეცხავი ლენა...

ლენიკო  -  კარგი, დამნაშავე ვარ!

გია  -  (ცხრება) რა ვქნა ახლა?

კახა  -  ჩემი კოსტუმი ჩაიცვი...

გია  -  კოსტუმი?

კახა  -  ჰო, უხმარია... თანაც პატარა მაქვს!

გია  -  კოსტუმი არასოდეს მცმია...

კახა  -  არ გვინდა მარჩიელობა, ჯერ გაისინჯე!

(გადის თავის ოთახში)

გია  -  მოუხმე ხომ საშველად?

ლენიკო  -  აბა რა მექნა?

კახა  -  (ბრუნდება) ლენიკო, შარვალია დასაუთოებელი!

ლენიკო  -  უთოს ჩავრთავ! (გადის).

გია  -  დაბადების დღეზე მივდივარ!

კახა  -  გუშინ არ მითხარი?!

გია  -  დამავიწყდა! ნახე რა მაჩუქეს! (ჯიბიდან დანას იღებს და ტკაცანით ხსნის) კნოპკიანია!

კახა  -  მაჩვენე! (ხელში ატრიალებს დანას, შემდეგ კეცავს და ჯიბეში იდებს) მსოფლიო განიარაღებას ცდილობს, შენ კი იარაღდები?

გია  -  სუვენირია!

კახა  -  ჰო, თანაც ძალიან ლირიული სუვენირი!

გია  -  დამიბრუნე რა!

კახა  -  მე არ წამირთმევია!

გია  -  ხომ იცი, დანას არ ვატარებ!

კახა  -  მით უმეტეს!

გია  -  რა მით უმეტეს, მუშტის მოქნევას ვერ მოასწრებ, რომ ხუთი დანა მოდის... ყველა ატარებს, ჩემს გარდა!

კახა  -  (გაღიზიანებით) ჰოდა, ეგ მეომრული ენერგია ერთმანეთის ჟუჟვაში არ უნდა დახარჯოთ!

გია  -  (ჯიბრით) შენ რაში დახარჯე?

(პაუზა).

მაპატიე!

კახა  -  მე მაგალითად არ გამოვდგები!

გია - - ხომ გთხოვე, მაპატიე-მეთქი!

კახა  -  მოდი, ეს დანა მე მაჩუქე, კარგი?

გია  -  (უხალისოდ) კი, ბატონო!

კახა  -  ხომ გემეტება ჩემთვის?

გია  -  (ეცინება) კარგი რა...

(პაუზის შემდეგ)

გეოგრაფიაშიც ორიანი მჭყლიტეს!

კახა  -  რა ამბავია ამდენი?

გია  -  არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვუდებ გულს!

კახა  -  გინდა გამეცადინო გეოგრაფიაში?

გია  -  (გაკვირვებით) შენ რა, ასეთი ბეჯითი მოწაფე იყავი?

კახა  -  არა... მაგრამ ეგ საგანი კარგად ვიცი... მამა რომ დამეღუპა, ცოტა შენზე პატარა ვიყავი... ჰოდა, მოვიგონე ასეთი თამაში, მამასთან ერთად ვმოგზაურობდი პლანეტის ყველაზე ლამაზ ქვეყნებში... ეს მისი ოცნებაც იყო, მაგრამ არ დაცალდა!

ლენიკო  -  (შემოდის) მოისინჯე!

(კახა ჯიბეში იდებს დანას. სიბნელე. როცა სცენა განათდება, კოსტუმში გამოწყობილ გიას ლენიკო და კახა ატრიალებენ აქეთ-იქით).

კახა - მხრებშიც გამართა... სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მეცვა მხოლოდ... აბა მშვიდობაში და ფეშქეშ!

ლენიკო - - ო, არა!

კახა  -  გიამაც მაჩუქა რაღაც, ასე რომ ბარი-ბარში ვართ!

გია  -  (ეჭვით) მიხდება?

კახა  -  (ლენიკოს უკრავს თვალს) გიხდება და მგონი წლებსაც გმატებს!

ლენიკო  -  ჰო, სტუდენტივით გამოიყურები!

(გია ოთახიდან გადის).

ლენიკო  -  საერთოდ საშინელი ფეთხუმია... პირველად ვნახე, ასე რომ იპრანჭება!

კახა  -  სიყვარულო ძალსა შენსა...

ლენიკო  -  გმადლობთ, გადამარჩინე გიას რისხვას!

გია  -  (ბრუნდება. კმაყოფილია) ცოტა მოგოიმო ტიპი ხომ არა ვარ?

ლენიკო  -  კახას რა უნდა უთხრა?

კახა  -  რა უნდა უთხრა ბიძიას?

ლენიკო  -  (ერთხმად) გმადლობთ!

კახა  -  მაგას კაშნე-გალსტუკიც მოუხდება!

(კისერში ჩაუფენს კაშნეს)

გია  -  ძალიან ნეკერმანის ბიჭი ხომ არ გავხდი?

ლენიკო  -  არა, ეგ არ გემუქრება!

(გია კვლავ კახას ოთახში გარბის. ლენიკო და კახაც მას მიჰყვებიან).

გია  -  მართლა, წიგნები მაქვს შენთვის დასაბრუნებელი!

კახა  -  მერე იყოს!

(გია გარბის, სკოლის ჩანთიდან სამ წიგნს იღებს და უკან ბრუნდება).

გია  -  ეს ნიკო ლორთქიფანიძე, ეს გურამ რჩეულიშვილი და Оმობი დიკიМ.

კახა  -  ასე სწრაფად წაიკითხე?

გია  -  გადავყლაპე! როდის გავარჩიოთ?

კახა  -  (ჩაფიქრებით) როდის?

გია  -  ხვალ გეცლება?

კახა  -  მოდი, ზეგ ჩავუჯდეთ!

გია - ზეგ იყოს! ლენიკო, შენ ხომ არ გადიხარ?

ლენიკო  -  არა!

გია  -  აბა წავედი! (მღერის)

და მე მარტო ვარ ისევ,

პისტოლეტებით ხელში!

(გადის. კახა და ლენიკო მარტო რჩებიან ოთახში).

კახა  -  დაბრძანდი, ლენიკო!

ლენიკო  -  არა, აღარ შეგიშლი ხელს!

კახა  -  კარგი რა...

ლენიკო  -  მილაგებაში ხომ არ დაგეხმარო?

კახა  -  (ოთახს შეათვალიერებს) არა!

ლენიკო  -  მართლა, არ მოგერიდოს!

კახა  -  დიეტურში დამლაგებელი ქალი შევიპირე, კვირაში ორჯერ მოვა...

ლენიკო  -  (ფეხს ითრევს წასვლაზე) როგორ მოუხდა კოსტუმი?

კახა  -  (იცინის) გია თვითონ უხდება ყველაფერს!

ლენიკო  -  შენ კი კოსტუმში არასოდეს მინახიხარ!

კახა  -  ჰო, გადავეჩვიე ცოტა არ იყოს!

ლენიკო  -  (თაროებს ათვალიერებს) თითქმის მოეწყვე უკვე.

კახა  -  პატარა რეკონსტრუქციასაც გავაკეთებ და საბოლოოდ დავსახლდები!

ლენიკო  -  წავალ, მივხედავ ჩემს დიპლომს... ჰო, სულ დამავიწყდა... წაგიკითხა ლექსი?

კახა  -  გუშინ!

ლენიკო  -  მე ნაკლებად მომეწონა!

კახა  -  სამაგიეროდ გულწრფელია!

ლენიკო  -  გულწრფელი... ეს უკვე რაღაცას ნიშნავს?

კახა  -  ალბათ!

ლენიკო  -  ესე იგი, კარგი ლექსია!

კახა  -  კარგია, რომ გულწრფელია!

ლენიკო  -  აუცილებელია გულწრფელი იყო?

კახა  -  პოეზიაში?

ლენიკო  -  არა, ცხოვრებაში!

კახა  -  გამომძიებელთან არამც და არამც!

ლენიკო  -  მე მართლა მაინტერესებს!

კახა  -  არ ვიცი, ალბათ უნდა იყო, ან...

ლენიკო  -  ან?

კახა  -  ან არ უნდა იყო!

ლენიკო  -  (დიდხანს უყურებს კახას) რა სწრაფად პასუხობ ყველა შეკითხვას!

კახა  -  ზედმეტად სწრაფად?

ლენიკო  -  აღარ მოგაცდენ!

(გადის. კახა ტახტზე ჩამოჯდება და სახეს ხელებში ჩარგავს. ლენიკო თავის ოთახში შედის და უმიზნოდ სცემს ბოლთას. კახა მაგნიტოფონს რთავს. ნაღვლიანი მელოდია დაიღვრება ოთახებში. ლენიკო და კახა ერთდროულად მიდიან გამყოფ კედელთან... ორივე თითქმის სინქრონულად იწევს კედელზე დასაკაკუნებლად, მაგრამ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უღონოდ ჩამოეშვებათ შემართული ხელები. კახა ტახტს უბრუნდება, ლენიკოც გამოდის სომნაბულური ტრანსიდან, სათვალეს იკეთებს, სავარძელში ჯდება და სქელტანიან რვეულს დაიდებს მუხლებზე. ზარის ხმა კარზე).

ლენიკო  -  (დგება და კართან მიდის) ვინ არის?

დათოს ხმა  -  მიტუა ვარ, კახეთიდან ძღვენი ჩამოვიტანე!

ლენიკო  -  დათო, წადი რა!

დათო  -  კარი გააღე!

ლენიკო  -  გთხოვ!

დათო  -  გააღე, თორემ შემოვამტვრევ!

(ლენიკო კარს აღებს. შემოდის დათო, ლენიკოს ყოფილი ქმარი).

მარტო ხარ?

ლენიკო  -  ჰო! (დათო ოთახს შეათვალიერებს, შემდეგ სავარძელში ჯდება და ფეხებს მაგიდაზე ააწყობს) ჩამოიღე ფეხები!

დათო  -  რატომ?

ლენიკო  -  ჩვენ აქ ვსადილობთ!

დათო  -  ამ ჩემს ფეხებს, თუ სადილობთ! ერთ დროს მეც ვსადილობდი!

ლენიკო  -  დათო, რა გინდა?

დათო  -  ანი, ბანი და განიდა,

ნეტავ რა მინდა... რა მინდა?!

ლენიკო  -  რაზე მოხვედი?

დათო  -  მშია!

ლენიკო  -  (დგება) კატლეტს გაგიცხელებ!

დათო  -  დაჯექი, გადავიფიქრე!

ლენიკო  -  გია მოვა მალე!

დათო  -  მოვიდეს, ვინ უშლის! სხვათა შორის, შენს ლაწირაკ ძმას გადაეცი, სალამი ისწავლოს!

ლენიკო  -  გადავცემ!

დათო  -  გაკერილი სიფათით რომ მხვდება... რა გონია?! მე მიგატოვე თუ შენ? მიტოვებული კაცის კომპლექსი მე არა მაქვს, მხოლოდ ველი, როდის მოხვალ გონს! უჩემოდ ვერ იკვინტრიშებ, ძვირფასო!

ლენიკო - - ჩამოიღე ფეხები!

დათო  -  (დგება და სიგარეტს უკიდებს) საფერფლე მომეცი.

(ლენიკო საფერფლეს დებს მაგიდაზე. კახა კვლავ რთავს მაგნიტოფონს).

დათო  -  (კედლისკენ გაიხედავს) ეს, შენი ბლატნოი მეზობელი გუგუნობს?! კიდევ დაეთრევა აქ ტელეფონზე დასარეკად?

ლენიკო  -  ხანდახან შემოდის ხოლმე!

დათო  -  გადაეცი, რომ მორჩეს აქ ბოდიალს!

ლენიკო  -  კიდევ ვის რა გადავცე, ხომ ვერ მეტყვი?!

დათო  -  (კარისკენ მიდის) მაშინ მე თვითონ ავუხსნი საქმის ვითარებას!

ლენიკო  -  (გადაეღობება) ნუ სულელობ!

დათო  -  რა იყო, რა მატროსოვივით გადაეფარე?!

ლენიკო  -  სკანდალი არ მინდა!

დათო  -  აი, მე კი მინდა!

(ტელეფონის ზარი, ლენიკო ყურმილის აღებას აპირებს, მაგრამ დათო დაასწრებს).

დათო  -  გისმენთ! არ არის სახლში... მე დათო ვარ... (კმაყოფილი კიდებს ყურმილს) მაგრად გაუკვირდა ვიღაცას ჩემი აქ ყოფნა!

ლენიკო  -  არ მესმის, რას აკეთებ?

დათო  -  რა და ხვალ ჭორი წავა ქალაქში, შერიგდნენო!

ლენიკო  -  ნასვამი ხარ თუ...

დათო  -  აი, ეგ კი შენი საქმე არ არის! მე მინდა გავიჩხირავ, მინდა დავლევ, მინდა ქალს გავწეწავ...

ლენიკო  -  კი ბატონო, მაგრამ არ შეგიძლია უჩემოდ აწარმოო ეგ პროცესები?

დათო  -  უშენოდ? (პაუზის შემდეგ) უშენოდ სიცოცხლე არ ძალმიძს! რას დადუმდი? არ იცი, რომ მიყვარხარ?

ლენიკო  -  კარგი რა, დათო!

დათო  -  არ იცი, რომ სულიერად გავპარტახდი? მოვისპე? ლენიკო, დაბრუნდი, სისულელე არ ჩამადენინო! აღარ იქნება არც ნარკოტი, არც უაზრო ცხოვრება... იმ შტერ დედაკაცთანაც არაფერი მქონია... უბრალოდ, ყოველი ლამაზი ქალის დანახვას პირად შეურაცხყოფად ვთვლიდი!

ლენიკო  -  დათო, გვიან არის უკვე!..

დათო  -  სახლიდან მაგდებ?..

ლენიკო  -  არა, საერთოდაა გვიან!

დათო  -  რა, აღარ გიყვარვარ?

ლენიკო  -  შემიცოდე რა!

დათო - შენ, შენ შემიცოდე?

ლენიკო  -  მე არც გაკადრებ მაგას!

დათო  -  თავმოყვარეობაზე მაწვები? გინდა დაგიჩოქებ!

(აპირებს დაჩოქებას).

ლენიკო  -  (შიშით) ო, ეგ კი არა ქნა!

დათო  -  (გაბზარული ხმით) ლენიკო!

(მიდის მასთან და მკლავებს მოხვევს).

ლენიკო  -  (უკან გახტება) არ მომეკარო!

დათო  -  (თავს ჩაქინდრავს) ასე გეზიზღები?

ლენიკო  -  (შეწუხებული) ნუთუ ვეღარ გაგაგებინე...

(მიდის მასთან და მხარზე შეახებს ხელს. იმწამს დათო ძალუმად ჩაბღუჯავს მკლავებში და ცდილობს აკოცოს).

ლენიკო  -  (კივის) არა!

(მაგნიტოფონთან ჩამჯდარი კახა ფეხზე წამოხტება).

დათო  -  (გაწბილებული) აკი არ მეზიზღებიო?!

ლენიკო  -  (სავარძელში ჩაჯდება და ტირის) წადი რა, წადი რა, გთხოვ!

დათო - (თვითონაც სავარძელში ჯდება და ფეხებს კვლავ მაგიდაზე აწყობს) აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს!

(ზარის ხმა კარზე).

ლენიკო  -  (შეკრთება, ცრემლებს იწმენდს და დგება) ეს გიაა, ახლა კი მართლა წადი!

(აღებს კარს).

კახა  -  შეიძლება?

ლენიკო  -  დიახ... შემოდი!

დათო  -  (პოზის შეუცვლელად) ეს თუ შენი უმცროსი ძმაა, მაგრად გამოცვლილა!

კახა  -  უკაცრავად, უდროო დროს...

დათო  -  (სტუმართმოყვარედ) აბა, რას ბრძანებთ, ჩვენს ოჯახში ცხოვრება ამ დროს იწყება!

ლენიკო  -  დარეკვა გინდოდა?

კახა  -  დიახ, მაგრამ არა უშავს... მერე დავრეკავ!

დათო  -  ჩემი წასვლის შემდეგ?

კახა  -  არა, ხვალ დილით!

დათო  -  მობრძანდით, დარეკეთ... ჩვენ ხომ არ გიშლით ხელს?

კახა  -  არა, ბატონო... (მიდის ტელეფონთან, რეკავს, შემდეგ ყურმილს კიდებს და წასასვლელად მოტრიალდება) არავინ პასუხობს... გმადლობთ!

დათო  -  (დგება და სკამს მიუდგამს კახას) დავსიდდაუნდეთ! წავიჟღურტულოთ აქეთურზე-იქითურზე. კეთილ მეზობლობას როგორც ეკადრება!

ლენიკო  -  (რისხვით) რას მაიმუნობ?

დათო  -  მე კი არ ვმაიმუნობ, ვმასპინძლობ! მშვენიერი ჩანაწერები გქონიათ, გისმენდით... და ვტკბებოდი!

ჰეი, ჯუ, დონთ ბი ეფრეიდ,

ლა ლა ლა ლა, ლა ლა, ლა ლალ ლალ ლალ ლა!

კახა  -  თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.

დათო  -  ჩემის ნებართვით, მანდ დაეგდები, შე ქარაქუცა!

ლენიკო  -  (ყურებზე წაივლებს ხელს) ვაიმე!

(კახა სკამზე ჯდება)

დათო  -  (კვლავ მაგიდაზე აწყობს ფეხებს) შენ რომელ ლაგერში იჯექი?

კახა  -  (დინჯად) მე... პიონერთა!

დათო  -  (დამცინავად ათვალიერებს მას) შავი ხარ?

კახა  -  არა, შავგვრემანი!

დათო  -  გლანდები ამოჭრილი გაქვს?

კახა  -  არა!

დათო  -  ჰოდა, აქ სიარულს თავი დაანებე, თორემ სულ გლანდებში გიტრიალებ ნაგანის ლულას! რა იყო, რა გაცინებს?

კახა  -  ისე, გამოთქმა მომეწონა... ახლა კი წავალ!

(დგება).

დათო  -  სულ ასკინკილით იარე!

ლენიკო  -  კახა, მე გიხდი ბოდიშს!

(კახა გაუღიმებს მას და გადის).

დათო  -  ნუ გადაიღლი ბოდიშებით თავს!

ლენიკო - (კარს მიხურავს და რისხვით მოუტრიალდება) ოჰ, შე მართლა ქარაქუცა!

დათო  -  (მხიარული განცვიფრებით) რა გინდა, ცუდად ჩავატარე? ნაღდი საკონცერტო ნომერი იყო!

ლენიკო  -  (დაღლილად) წადი, რა!

დათო  -  კი, ბატონო... ახლა მართლა წავალ! შენ კი გონს მოდი, გირჩევნია!

(კარს გაიჯახუნებს. ტახტზე ჩამომჯდარი კახა კარის ბრახუნის ხმაზე, სწრაფად დგება და ოთახიდან გადის. ლენიკო ბოლთას სცემს და ისტერიულად ისრესს საფეთქლებს)

დათოს ბღავილი - ვაიმე, მკლავს!

(დათო შემოანგრევს კარს და ლენიკოს ფეხებთან ეცემა).

ლენიკო  -  (კივის) რა მოხდა?

დათო  -  მმმკლავდა! კკკარი ჩაკეტე!

(სავარძელში ჩაჯდება. ლენიკო კარს კეტავს).

ლენიკო  -  ვალერიანის წვეთები?

დათო  -  მმმოიტა!

(ლენიკო წამალს უმზადებს და ჭიქას უწვდის).

ლენიკო  -  დალიე!

დათო  -  (თავს აწევს და სვამს) დაბლა დამიდარაჯდა!

ლენიკო  -  კარგი, დაწყნარდი!

დათო  -  (ფეხზე წამოიჭრება) დავწყნარდე? დავწყნარდე კი არა, მაგას...

ლენიკო - გინებას ნუ ატეხავ!

დათო  -  (ფეხს ურტყამს კედელს) ეს მე ვარ ბოზის ტრიკო? მე შენ განახებ, ვინ არის ბოზის ტრიკო! (ისტერიულად ქალივით კივის) ქურდებში გაგირჩევ საქმეს!

(ოთახში დაბრუნებული კახა იცინის და მაგნიტოფონს უწევს ხმას).

ლენიკო  -  კარგი, ნუ ყვირი!

დათო  -  მაგის სისხლს დავლევ მე!.. ქურდებში გაირჩევა საქმე! ასევე გადაეცი!

ლენიკო  -  (შეკავებული ღიმილით) გადავცემ, გადავცემ!

(დათო ფრთხილად აღებს კარს და გადის. ლენიკოც კედელზე აკაკუნებს. კახა სიცილს მოსხიპავს და ლენიკოს ოთახში შემოდის).

კახა  -  მეძახდი!

ლენიკო  -  ბოდიში მინდოდა მომეხადა.

კახა  -  (მხრებს იჩეჩავს) ხომ მომიხადე უკვე!

ლენიკო  -  (პაუზა) ესე არ უნდა შეგეშინებინა!

კახა  -  მე არაფერი... თვითონ დაფრთხა რაღაცაზე!

(ერთმანეთს შეჰყურებენ).

ძილი ნებისა, ლენიკო!

ლენიკო  -  ნახვამდის!

(კახა გადის, ლენიკო კაბას იცვლის, ხალათში შეიფუთნება, კვლავ სავარძელში მოიკალათებს და რვეულს გადაშლის. კახა ტახტზე წვება).

(სიბნელე. როცა სცენა განათდება, ლენიკოს გაუხდელად სძინავს სავარძელში. ოდნავ ბჟუტავს ღამის ნათურა. კახა შხაპის შემდეგ ხალათმოსხმული სველ თმას ივარცხნის სარკის წინ. ზარის ხმა ლენიკოს კარზე).

ლენიკო - (განმეორებითი ზარის შემდეგ, ნამძინარევი ხმით) ვინ არის? (პასუხი არაა). გია, შენა ხარ? (თანდათან ფხიზლდება) გია? (დგება და კართან მიდის, შემდეგ აღებს. გია უხმოდ შემოდის ოთახში). ვერ მიპასუხებ? (ამთქნარებს) რომელი საათია? რატომ დაიგვიანე? (გია უხმოდ ჯდება მაგიდასთან). რამ დაგამუნჯა? (ჭაღის ანთებას აპირებს, მაგრამ გია ხელით შეაჩერებს მას). რა, არ ავანთო? რატომ? თითქმის ვერ გხედავ? გია, ჭკუიდან არ გადამიყვანო, ხმა გამეცი! (იცინის) გეყო რა, მაიმუნობა, ღამის ორი საათია! (შეშფოთებული მისჩერებია უძრავად მჯდარ გიას). გია, ნუ მაშინებ, დამელაპარაკე! მოხდა რამე?

გია  -  მშია, ლენიკო!

ლენიკო  -  (შვებით იცინის) დღეობიდან მოსულს? გაგიცხელო?

გია  -  (ჩახლეჩილი ხმით) როგორც არის, ისე მოიტანე!

ლენიკო  -  (უეცრად მიდის მასთან და სახეს სახესთან მიუტანს. შიშითა და გაკვირვებით) შენ რა... დალიე?

გია  -  ჰო, დავლიე!

ლენიკო  -  შეიშალე?

გია  -  (თავის მოუტრიალებლად) შევიშალე!

ლენიკო  -  (რისხვით) ვინ იდიოტმა გამოგიტანათ ბავშვებს ღვინო!? მიპასუხე!

გია  -  მშია!

(სადღაც სივრცეში გაშტერებია მზერა).

ლენიკო  -  სად იყურები?

გია  -  (თავს მოაბრუნებს) არ ვიცი!

ლენიკო  -  არ იცი? (გია მძიმედ უქნევს თავს) მოდი, დაწექი!

გია  -  მშია!

(ლენიკო სამზარეულოში გადის. გია მის მოსვლამდე ასევე უძრავად ზის. ლენიკო სუფრას აწყობს, თან თვალს არ აშორებს გაქვავებულ ძმას).

ლენიკო  -  (ნაძალადევი უდარდელობით) იქ რა, არ გიჭამია არაფერი?

გია  -  არა!

ლენიკო  -  (რბილად) არა უშავს, ერთხელ დალიე, მეორედ აღარ იზამ ასეთ სისულელეს... სანამ დიდი ბიჭი არ გახდები. ნუ განიცდი!

გია  -  (თავს შემოატრიალებს. ჩლუნგი გაკვირვებით) მე არ განვიცდი!

ლენიკო  -  ცუდად ხომ არა ხარ?

გია - მშია!

ლენიკო  -  (გაკვირვებით) აკი მოგიტანე!

გია  -  (მძიმედ შემოტრიალდება საჭმლისკენ) ჰოოო!

ლენიკო  -  ჭამე! რაღას უცდი?

გია  -  არც არაფერს.

(იწყებს ჭამას, ზანტად, ურიტმოდ. ხანდახან ჩანგალი ხელში უშეშდება. ლენიკო სულ უფრო მეტი შეშფოთებით შეჰყურებს მის ასეთ ყოფას).

ლენიკო  -  კარგი დრო ატარე?

გია  -  იშვიათი!

ლენიკო  -  (გაუბედავად იცინის) აი, ახლა უკვე გცნობ!

გია  -  (ჩაფიქრებით) მანამდე რატომ ვერ მიცანი?

ლენიკო  -  (დაბნეულად) რა ვიცი, რაღაც უცხო კაცივით იქცეოდი!

გია  -  გემრიელია ძალიან!

ლენიკო  -  კატლეტი?

გია  -  ჰო, ცივი უფრო გემრიელია!

ლენიკო  -  რაღაცა რობოტივით ლაპარაკობ!

გია  -  როგორ? გამოთქმის გარეშე?

ლენიკო  -  ჰო, უინტონაციოდ!

გია  -  რამდენს მაკვირდები?

ლენიკო  -  რაო, რაო?

გია  -  (მძიმედ) რაც მოვედი, სულ მაკვირდები! ნუ მაკვირდები, დაწექი!

ლენიკო  -  ხელს გიშლი? გაღიზიანებ?

გია  -  არა, შენ ჩემი უსაყვარლესი და ხარ! ძალიან მიყვარხარ...

ლენიკო - (ნაზად) გმადლობთ!

გია  -  (ჭამას განაგრძობს) ოღონდ.

ლენიკო  -  (დაბნეული დგება) კარგი, წავალ!

გია  -  ჰო, წადი, დაიძინე!

ლენიკო  -  ჰო! რატომ არ ჭამ?

გია  -  ვჭამ! როგორ არ ვჭამ...

ლენიკო  -  ბევრი დალიე?

გია  -  (ჩაფიქრდება) არ ვიცი! ბოლო სადღეგრძელო 14 აპრილის იყო! გახსოვს 14 აპრილი?!

ლენიკო  -  მე პატარა ვიყავი, აი, კახას კი ემახსოვრება!

გია  -  კახა, კახა!

ლენიკო  -  რა იყო?

გია  -  ძალიან მიყვარს კახა! კახასი მჯერა!

ლენიკო  -  ჩემი?

გია  -  შენი ხომ მჯერა, მჯერა და მჯერა... შენი რომ არ მჯეროდეს, თავს მოვიკლავდი!

ლენიკო  -  (სპეციალურად უხეშად) კარგი, ენას ვეღარ ატრიალებ, დაწექი!

გია  -  ნუ მელაპარაკები ასე, თორემ გავბრაზდები!

ლენიკო  -  (ნაძალადევი სიცილით) ცივ წყალს დალევ!

გია  -  (ჩუმად) არ მატკინო გული, ისედაც მტკივა!

ლენიკო  -  (ახლოს მიდის მასთან) მითხარი, მოხდა რამე?

გია  -  ბევრი რამ ხდება ჰორაციო ამ ქვეყანაზე!

ლენიკო  -  გეხვეწები, მითხარი... შენც შვებას იგრძნობ!

გია  -  მეცეკვე!

ლენიკო  -  რაო?

გია  -  მეცეკვე... - რამე ნელი, ნელი ცეკვა!

ლენიკო  -  მაგნიტოფონი რომ გაფუჭდა! (კახა მაგნიტოფონს რთავს და ლოგინში წვება. წყნარი, სევდიანი მელოდია შემოაღწევს ოთახში) როგორ დაემთხვა?!

გია  -  ტელეპატური კონტაქტით... ხომ გითხარი, მიყვარს კახა-მეთქი!

ლენიკო  -  მოდი, დავწვეთ რა... მეოთხე საათია!

გია  -  მეცეკვე!

(დგება და ხელს კიდებს ლენიკოს. და-ძმა ცეკვავს).

ლენიკო  -  ასე რატომ დააგვიანე?

გია  -  ქუჩებში დავდიოდი!

ლენიკო  -  გააცილე ვინმე? რა გატირებს? რატომ ტირი?

გია  -  ამდენს რატომ ლაპარაკობ?

ლენიკო  -  გია!

გია  -  ჩუმად მეცეკვე, უხმოდ!

(უეცრად მოწყვეტით ჯდება სკამზე და სახეს ხელებში ჩარგავს. მერე სწრაფად დგება და ოთახიდან გადის. სამზარეულოდან შუშის მსხვრევის ხმა ისმის).

ლენიკო  -  (შეჰკივლებს) გია!

(გარბის სამზარეულოში. კიდევ ერთხელ ზრიალით იფშვნება შუშა).

ლენიკო  -  რას სჩადი?

(ოთახში შემოათრევს გიას).

ხელები ხომ არ დაიჩეხე!

გია  -  ნუ წკავწკავებ, რა!

ლენიკო  -  მაჩვენე ხელები... რას იქნევ ამ მუშტებს, გაგიჟდი?

გია  -  ლენიკო!

ლენიკო  -  რა?

გია  -  არაფერი... დავწვეთ!

ლენიკო  -  ჰო, შენი ჭირიმე, დავწვეთ... ჩემი ჭკვიანი ძამიკო!

გია  -  ენას ნუ მიჩლიქავ!

ლენიკო  -  მე...

გია  -  ბავშვი აღარა ვარ! ნუ მიჩლიქავ ენას!

ლენიკო  -  არა, არა, შენ დიდი ხარ უკვე, დიდი ბიჭი ხარ!

გია  -  აი, ისევ!

ლენიკო - - რა?

გია  -  ენას მიჩლიქავ!

ლენიკო  -  ვაიმე, რა წყალს ვეცე?

გია  -  (თვალდახუჭული) დისტილირებულს... გამოხდილს...

ლენიკო - - (შიშით) ბოდავ?

გია  -  მე წავალ!

ლენიკო  -  სად?

გია  -  (ენის ბორძიკით, თვალდახუჭული) გავიტასავ-გამოვიტასავებ...

ლენიკო  -  (მკაცრად) აბა, ახლა მართლა მორჩი!

გია  -  ხმას ნუ იბოხებ, დედაშვილობას!

ლენიკო  -  გია, დაწექი რა, გეხვეწები!

გია  -  არ არსებობს!

ლენიკო  -  რა?

გია  -  დაწოლა არ არსებობს და არც იარსებებს!

ლენიკო  -  (თვარცრემლიანი) გია, შენ უკვე ბოდავ!

გია  -  გამიშვი, რა!

ლენიკო  -  არა! ვერ გაგიშვებ... გაახილე თვალი, გთხოვ!

გია  -  სული მეხუთება... ჰაერზე მინდა...

ლენიკო  -  ფანჯრებს გამოვაღებ!

გია  -  ვერ გამოაღებ! მე ჩავამტვრიე!

ლენიკო  -  მით უმეტეს!

გია  -  რა სულელური სიტყვაა Оმით უმეტესМ!

(მთელი ეს დიალოგი ლენიკოსა და გიას ჭიდაობის ფონზე მიმდინარეობს).

ლენიკო  -  იცოდე, კახას დავუძახებ!

გია  -  კახა... კახა მე მიყვარს...

ლენიკო  -  (იმედმოცემული) დავუძახო?

გია  -  როგორც უფროსი ძმა!

ლენიკო  -  ერთი წუთით ჩამოჯექი და დავუძახებ!

გია  -  არა, მარტო უნდა წავიდე! ლენიკო, ხელი გამიშვი, თორემ უცაბედად გატკენ რამეს!

ლენიკო  -  გია, საყვარელო, ვერ გაგიშვებ! ხომ იცი, რომ არ შეგეპუები.

გია  -  (იცინის) რა შეუპოვარი და მყავს... კარგი, დავწვეთ! დავიღალე!

ლენიკო  -  მართალს ამბობ?

გია  -  სიცრუე და ორპირობა...

ლენიკო  -  ავნებს ხორცსა, მერმე სულსა!

გია - ყოჩაღ!

ლენიკო  -  მართლა დაწვები?

გია  -  უსიკვდილოდ! ლოგინი გამიშალე!

(ლენიკო შიშით გაუშვებს ხელს, გია სკამზე ჯდება და თავს ჩაკიდებს. ლენიკოს თეთრეული გამოაქვს და კუთხეში მდგარ ტახტზე აწყობს).

ლენიკო  -  (ლოგინს შლის) ჩემი ჭკვიანი სულელი ძამიკო... წარმოგიდგენია, ჩვენებს რომ ენახეთ ასეთ მდგომარეობაში?..

გია  -  (თვალდახუჭული) ვინ ჩვენებს, წითლებს?

ლენიკო  -  მშვენივრად იცი, ვიზეც ვამბობ... არა, რა ბარბაროსი უნდა იყო, ბავშვებს ღვინო რომ გამოუტანო?!

გია  -  (თვალდახუჭული) ბარბაროსი, ბარბარისი, ბარბიტურატი, ბარბარიზმი, ბურბუშელა... ურბუშელა... რბუშელა... ბუშელა... უშელა... შელა... ელა... ლა... ა!

ლენიკო  -  თავი მაღალი გირჩევნია?

გია  -  Оთავები მარად კეთილშობილნი, სიმღერით ავლენ სახრჩობელაზე!М

(უეცრად მოსწყდება ადგილიდან, კარს გამოანგრევს და გარეთ გარბის. ლენიკო წამით შრება, მერე კარისკენ გაიქცევა, უეცრად შედგება და კედელზე დააბრახუნებს მძლავრად).

ლენიკო  -  (სასოწარკვეთით) კახა, კახა!

(დაფეთებული კახა ლოგინიდან წამოვარდება).

ლენიკო  -  კახა, გია გამექცა ქუჩაში! დროზე!

(თვითონაც გარბის. დარეტიანებული, ნამძინარევი კახა სწრაფად იცვამს, გზად წიგნების გროვას წამოედება და ზღართანს გაადენს, შემდეგ წამოხტება და გზადაგზა ფეხსაცმელის ჩაცმით, ასკინკილით გარბის გარეთ. ცოტა ხნის შემდეგ კახას და ლენიკოს გაკავებული გია შემოჰყავთ ოთახში).

გია  -  გთხოვთ, ოქმში აღნიშნოთ, რომ დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გამიწევია!

(გიას ძალით სვამენ სკამზე).

ლენიკო  -  (ვედრებით) გია, მითხარი, რა გემართება?

გია  -  (ფეხს ფეხზე გადაიდებს) ჩემი ადვოკატის მოსვლამდე ჩვენებაზე უარს ვაცხადებ!

ლენიკო  -  გია, ძვირფასო, რა მოხდა?

გია  -  დავთვერი!

ლენიკო  -  კიდევ?

გია  -  პირველ ჩვენებას არ შევცვლი!

კახა  -  (ეცინება) არამც და არამც?

გია  -  დიახ, არამც და არამც!

კახა  -  კარგი, დაწექი ახლა!

გია  -  კახა, შენ გაგიმარჯოს!

კახა  -  გმადლობთ!

გია - ალავერდი ლენიკოსთან!

ლენიკო  -  (კახას) მე რა ვქნა?

კახა - მადღეგრძელე!

გია  -  (დაჟინებით) ალავერდი ლენიკოსთან!

ლენიკო  -  გაუმარჯოს!

გია  -  ვის?

ლენიკო  -  კახას!..

კახა  -  (ღიმილით) სამადლობელი ვთქვა?

გია - კახა, ძალიან ცუდად ვარ...

კახა  -  რატომ, გია?

გია  -  (თვალდახუჭული) მიშველე რამე! კახა! (ტირილი აუვარდება, მაგიდას დაემხობა და მთელი ტანით ცახცახებს).

ლენიკო  -  (ისიც ატირდება) ვაიმე!

გია  -  (ტირილით) ნუ ღნავი! მეორე ხმა არ მჭირდება!

ლენიკო  -  (კახას) რას ამბობს?

(გიას უეცრად სიცილი აუტყდება).

ლენიკო  -  რა გაცინებს?

გია - (სიცილით, კახას) ყველა ლექსი გამიგრძელა, ჭკუაზე არ არის.

ლენიკო - (გაოგნებული, კახას) ხომ არ გვაშაყირებს?

კახა - (ჩუმად) ისტერიკაა, ნუ აყვები!

გია - (უცბად საკინძეს გაიხევს) კახა, მიშველე, სული მეხუთება!

ლენიკო  -  (კივის) ვაიმე!

კახა  -  (შეუყვირებს) აბა, მორჩით მოთქმას ორივე!

გია  -  კახა, რატომ არის ღალატი? რატომ არსებობს ღალატი? რატომ? მიპასუხე!

კახა  -  (სევდიანად) აბა, რა გიპასუხო?

ლენიკო - (აღშფოთებით) არა, ვინ გამოუტანა სასმელი ბავშვებს! რომელმა დეფექტიურმა?!

გია  -  ეფექტიურად ვებრძოლოთ დეფექტიურებს!

ლენიკო  -  (იფეთქებს) გეფიცები, დაგვცინის!

გია - ვინც ჩვენზე გაიცინოს...

კახა  -  (მკაცრად) არ მიქარო... და არ გარითმო!

ლენიკო - უწმაწურობა თქვა რამე?

გია - უწმაწურობა, წმაწურობა, მაწურობა, აწურობა, წურობა...

კახა  -  შემომხედე! ძალიან გთხოვ, დაწე.

გია  -  (უღონოდ ჩაჰკიდებს თავს) კახა, მიღალატეს...

კახა  -  ვინ გიღალატა?

(გიას ისევ ტირილი აუვარდება).

ლენიკო  -  კახა, რა ვქნათ?

კახა  -  წყალი მოიტანე... (ჩუმად) და ნიშადური!

(ლენიკო გადის).

გია, გინდა რამე მიამბო?

გია  -  ჰო, მინდა!

კახა  -  მითხარი!

გია  -  კახა, ვერ ვყვები!

კახა  -  გიჭირს?

გია  -  ლელა...

კახა  -  ჰო!

გია  -  ლელამ მიღალატა!

ლენიკო  -  (წყალი შემოაქვს) დალიე, გიუშკი!

გია  -  (წამოხტება) ნუ მიჩლექ ენას!

კახა  -  (ძალით დასვეს სკამზე) შესვით წყალი, გიორგი!

გია - (თვალდახუჭული სვამს წყალს) ჯერ სამჯერ ეცეკვა სხვას... (ლენიკო ნიშადურის ფლაკონს მიუტანს ცხვირთან. გია დამდუღრულივით წამოხტება) რა უბედურებაა ეს?

ლენიკო  -  (დამნაშავედ) ნიშადურია, გია!

გია  -  (დაღლილი) მოაცილე აქედან!

ლენიკო  -  როგორც შენ იტყვი, გიუშკი... (პირზე აიფარებს ხელს).

გია  -  (ამჯერად ვერ ამჩნევს ენის მოჩლექვას) სამჯერ ეცეკვა!

კახა  -  მერე?

გია  -  რაღა მერე, კახა, რაღა მერე... მაგრამ მერე სულ საშინელება გამიკეთა! კახა, რატომ ხდება ასე? მითხარი!

კახა  -  რა მოხდა მერე?

გია  -  (თვალს ახელს) მერე... სხვას ჩაუჯდა ტაქსში... სხვას გააცილებინა თავი, გესმის? სხვამ გააცილა!

კახა  -  ვინ სხვამ? ვისაც ეცეკვა?

გია  -  (აკანკალებული ხმით) არა, ის კიდევ სხვა იყო!

(ლენიკო სივრცეში უღერებს ვიღაცას მუშტებს).

კახა  -  (ღიმილს იკავებს) ძალიან ცუდად მოქცეულა!

გია  -  (წამოდგება) ყველა გოგო კახპაა!

კახა  -  (პაუზა).

გია  -  (ცრემლმორეული) ლენიკო, მაპატიე, შენს გარდა... შენ ხომ არა ხარ ისეთი?.. ლენიკო, ბოდიში! ჩემო წმინდა დაიკო!

(ხელზე კოცნის ლენიკოს).

ლენიკო - (ცრემლი ერევა) კარგი, დაწყნარდი!

გია  -  სამჯერ... (სუნთქვა ეკვრის) ჯერ სამჯერ ეცეკვა...

კახა - ასაგებია!

გია  -  (ლენიკოზე კახას) ვის უღერებს მუშტებს?

ლენიკო - - (ჰაერში უშეშდება ხელი) მე... ისე!

გია  -  14 აპრილი გახსოვს, კახა?

კახა  -  მახსოვს!

გია  -  რას აკეთებდი?

კახა  -  მეც სხვებთან ერთად ვიყავი!

გია  -  კარგი დღე იყო, არა?

კახა  -  ძალიან!

გია  -  თვალებს ვეღარ ვხუჭავ!

ლენიკო  -  რატომ?

გია  -  ყველაფერი ტრიალებს... ტრიალებს გარშემო...

კახა  -  ტაშტი მოიტანე, ლენიკო!

გია  -  არ მინდა ტაშტი!

კახა  -  კი, ბატონო... ოღონდ, წამოწექი ტახტზე. კარგი?!

გია  -  (მორჩილად) წამოვწვები! (მიყვება კახას და ტახტზე წვება. ლენიკოს ტაშტი შემოაქვს). არ მინდა ეგ!

ლენიკო  -  (შეშინებული) არ გინდა, ნუ გინდა...

გია  -  (თვალებს ხუჭავს)

Оმომე ჭიქა, სადღეგრძელო ახალი,

მომე გული, მერე გამაქვითკირე!

თუ მოგესმათ ხერხემალის ჭახანიМ...

(გრძელი პაუზა)

ლენიკო  -  (გაუბედავად) О...წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ!М

გია  -  ჩქარა, ტაშტი!

(ლენიკო კედლის პირიდან დაურბენს ტახტს. კახა შუბლს დაუჭერს გიას. ბიჭი ტახტისკენ გადაიხრება. ყრუ ხმები ისმის).

კახა  -  თავს ნუ წევ... კიდევ... (გია რაღაცას ზმუის)

ლენიკო  -  მე არ გიყურებ, ნუ გეშინია!

გია  -  კახა, ბოდიში!

კახა  -  რას მებოდიშები, თუ ძმა ხარ?! (სულმოთქმული გია ტახტზე მიესვენება. კახა ფეხზე წამოაყენებს და სააბაზანოში გაჰყავს). ახლა პირი დაიბანე და ყველაფერი გაგივლის! (სააბაზანოდან წყლის ხმაური და გიას ყვირილი იმის. ცოტა ხანში კახას თავგალუმპული გია შემოჰყავს, ლენიკო სველ თმას უმშრალებს ძმას).

გია  -  (კბილებს აკაწკაწებს) რა ცივი წყალი იყო! (ტახტზე წევს) აღარ ტრიალებს... უკვე კარგად ვარ!

ლენიკო  -  ჰო, გია, დაიძინე ახლა!

გია  -  (ბუტბუტებს) დავიძინებ... ძილი კარგია...

ლენიკო  -  ხვალ, თუ გინდა, ნუ წახვალ სკოლაში!

გია  -  ქოთქოთას ორიანი...

ლენიკო  -  ვიცი!

გია  -  კახა, მოხვალ პედსაბჭოზე? ვითომ ჩემი ბიძა ხარ...

კახა  -  მოვალ!

გია  -  უკვე მძინავს... (თვალდახუჭული ამთქნარებს).

ლენიკო  -  დაიძინე!

გია  -  (მიმქრალი ხმით) არ გავიხადო?

ლენიკო  -  მერე გაგხდით!

გია  -  ლენიკო!

ლენიკო  -  რა იყო, გია?

გია  -  სკოლაში წავალ!

ლენიკო - რატომ?

გია  -  უნდა წავიდე სკოლაში!

ლენიკო  -  კარგი, დაიძინე!

გია  -  (ბუტბუტებს) უკვე მძინავს... აუცილებლად გამაღვიძე დილით!

ლენიკო  -  რატომ?

გია  -  იმიტომ, რომ... (უცბად წამოვარდება) იმ კახპას შევაფურთხო სახეში! (კარისკენ მიიწევს. ლენიკო და კახა ზედ დაეკიდებიან და ტახტზე წააქცევენ) გამიშვით! (მალე შეწყვეტს ფართხალს და ბალიშზე მიესვენება).

ლენიკო  -  (აქოშინებული) მგონი, მართლა დაიძინა!

კახა  -  მოვიცადოთ ცოტა ხანს! (თანდათან სიჩუმე დაისადგურებს).

ლენიკო  -  როგორ გაამწარა ბავშვი იმ უსინდისომ?

კახა  -  კარგი, ნუ გამაგიჟე, შენც სერიოზულად აღიქვამ ამ სისულელეს?

ლენიკო  -  (უეცრად ეცინება) გიას ავყევი! რა ვქნათ ახლა!

კახა  -  დაველოდოთ, ღრმად ჩაიძინოს!

ლენიკო  -  აღარც ვიცი, მერამდენედ გიხდი დღეს ბოდიშს!

კახა  -  შენც ნუ მიხდი!

ლენიკო  -  მაინც რა კოშმარული საღამო იყო, ჯერ დათო... მერე...

გია  -  (ძილში) კოშმარული... ოშმარული... შმარული...

ლენიკო  -  ვაიმე!

კახა  -  ნუ გეშინია, სძინავს!

ლენიკო  -  (დგება ტახტიდან) კიდევ კარგი აქ იყავი! და საერთოდ, კარგია, რომ ჩვენს მეზობლად გადმოხვედი!

კახა  -  (სიცილით) რა, ვანიჩკა არ ვარგოდა მშველელად?

ლენიკო  -  ვანიჩკა-ლოთი იქით იყო, მოსავლელი! არა, მაინც როგორ გამოუტანეს ბავშვებს სასმელი? გიას ჭიქა ღვინოც არ გაუსინჯავს დღემდე! წარმოგიდგენია, ქუჩაში ვინმეს რომ გადაყროდა?!

კახა  -  (ისიც დგება) დაიძინე!

(ლენიკოს ტაშტი გააქვს, ცოტა ხანში ბრუნდება).

ლენიკო  -  სულ ჩაამტვრია შუშები, კიდევ კარგი, ხელები არ დაიჩეხა!

კახა  -  ჰო!

ლენიკო  -  მოწევა თუ გინდა, არ მოგერიდოს!

კახა  -  არა, წავალ უკვე!

ლენიკო  -  მე სულ გადამიარა ძილმა. შენ გეძინება?

კახა  -  მაინცდამაინც არა!

ლენიკო  -  რახან ყველა გაგვილოთდა გარშემო, თითო ჭიქა ჩვენც დავლიოთ!

კახა  -  როგორც იტყვი!

ლენიკო  -  თუ დაგღალეთ ოჯახის წევრებმა?

კახა  -  (სიცილით) სიამოვნებით შევუბერავ შენთან ერთად!

ლენიკო  -  (ღიმილით) ქუჩაში ხომ არ გაიქცევი?

კახა  -  სხვას თუ არ ეცეკვები... (უხერხული პაუზა) უკაცრავად!

ლენიკო  -  (პაუზის შემდეგ) არაფერია! (ბოთლი შემოაქვს და მაგიდაზე დგამს). კატლეტიც აქ არის, პურიც... პური ცოტა გამხმარია...

კახა  -  შენ რა, გშია?

ლენიკო  -  არა...

კახა  -  (სკამზე ჯდება) თამადა ავირჩიოთ?

ლენიკო  -  დემოკრატიულად, ბატონო ჩემო, დემოკრატიულად!

(ჭიქებს შეავსებს)

ეს გიას გაუმარჯოს!

კახა  -  გაუმარჯოს! (ლენიკო ოდნავ მოსვამს. კახა ჭიქას ცლის) ეს არის მოქეიფე ვარო?

ლენიკო  -  (თავის მართლებით) მეტი არ შემიძლია!

(გია რაღაცას წამოაბოდებს. ორივე ყურებს ცქვიტავს).

კახა  -  მშვიდობაა!

ლენიკო  -  მშვიდობას გაუმარჯოს!

კახა  -  (იცნის) გაუმარჯოს!

ლენიკო  -  (პაუზის შემდეგ) იცი, როგორ უყვარხარ გიას?

კახა  -  ვგრძნობ!

ლენიკო  -  (შეჭიკჭიკებული) ძალიან უყვარხარ!

კახა  -  მაგის ასაკში ცოტა არ იყოს, აიდეალებენ ხოლმე უფროს მეგობრებს. მე სულ ვცდილობ, გიამ ისეთი დამინახოს, როგორიც ვარ.

ლენიკო  -  რატომ?

კახა  -  მერე ორივემ ტრავმა რომ არ მივიღოთ.

ლენიკო  -  შენ კარგი ხარ!

კახა  -  უკეთესებიც არსებობენ!

ლენიკო - შესაძლებელია, მაგრამ...

კახა  -  დიპლომს ამთავრებ უკვე?..

ლენიკო  -  რატომ მაწყვეტინებ?

კახა  -  მეტს აღარ ვიზამ!

ლენიკო  -  შენ რატომ ხარ ცუდად?

კახა  -  ბატონო?

ლენიკო  -  (დაჟინებით) ცუდად რატომ ხარ-მეთქი?

კახა - (გაკვირვებით) რა შემატყვე?

ლენიკო  -  აბა, კარგად ხარ?

კახა  -  მბურძგლავს ტანში ბედნიერებისგან-მეთქი, ვერ ვიტყვი!

ლენიკო  -  მე მგონი, შენ ჯერ კიდევ ვერ ჩაერთე ამ ცხოვრებაში.

კახა - რახან ჩემზეა საუბარი, მაშინ გეტყვი, მე ცუდად კი არა, უხერხულად ვარ!

ლენიკო  -  ვისთან?

კახა  -  ყველასთან, მათ შორის საკუთარ თავთანაც!

ლენიკო  -  იქნებ ამიხსნა?

კახა  -  ალბათ გამიჭირდება!

ლენიკო  -  შეეცადე მაინც!

კახა  -  (იცინის) არ მინდა, ჩემი პრობლემებით დაგღალო!

ლენიკო  -  სიამოვნებით დავიღლები!

კახა - მოდი, ცოტა ხნის შემდეგ, კარგი?

ლენიკო  -  ასე იყოს!

(პაუზა)

შენ და ირინე თურმე იცნობდით ერთმანეთს!

კახა - - ჰო, ვიცნობდით!

ლენიკო  -  დიდი ხანია?

კახა  -  (ყურადღებით შეხედავს) რატომ მეკითხები, შენ ხომ ყველაფერი იცი?!

ლენიკო  -  (დაიბნევა) საიდან ეს დასკვნა?

კახა  -  მე მას კარგად ვიცნობ. აუცილებლად გადაგიშლიდა გულს!

ლენიკო  -  გიყვარდა?

კახა  -  არ გეწყინოს, მაგრამ ჩვენი საუბარი ცოტა დაკითხვას დაემსგავსა?

ლენიკო  -  (აგრესიულად) გიყვარდა?

კახა  -  (იცინის და მკლავებს შლის) აი, მოწოლაც ამას ჰქვია! მიყვარდა!

ლენიკო  -  (თავს ჩაქინდრავს) ძალიან განიცდის!

კახა  -  თანავუგრძნობ!

ლენიკო  -  იქნებ აპატიო?

კახა  -  ლენიკო, გაიტყიპები!

ლენიკო  -  შენ რატომ არ მეკითხები... დათოზე?

კახა  -  რატომ უნდა გკითხო?

ლენიკო  -  მე გაძლევ უფლებას!

კახა  -  მე კი არ ვისარგებლებ ამ ბოძებული პატივით!

ლენიკო  -  კარგი, შევეშვათ ამ თემას... ირინეს გაუმარჯოს!

კახა  -  (ინტერესით შეჰყურებს მას) გაუმარჯოს!

ლენიკო  -  (ჭიქას დგამს მაგიდაზე და კახას შეჰყურებს) აი, ახლა კი დავრწმუნდი!

კახა  -  რაში?

ლენიკო  -  რომ აღარ გიყვარს!

კახა - (ინტერესით) რამ დაგარწმუნა?

ლენიკო  -  (ჭკვიანური გამომეტყველებით) მივხვდი!

კახა  -  მე მგონი, შენ ცოტა შეთვერი!

ლენიკო  -  რა ვქნა, იუზგარ, ყველა გალოთდა კრუგომ!

(კახას სიცილი აუტყდება):

იცი, მე შენ ერთხელ ოპერაში გნახე... კიბეზე ჩამოდიოდი ორ მეგობართან ერთად... შინდისფერი ჯემპრი გეცვა... გოგოებმა შუშუნი ატეხეს... ეს არის, ეს არისო... დიდი ალიაქოთი გამოიწვიე!- მე კი სულ პატარა ვიყავი... დიდი ბაფთით... აი, რას ნიშნავს დრო, ახლა ერთად ვქეიფობთ ღამის 4 საათზე.

კახა  -  ჰო, მართლა გვიანია!

(წამოდგება)

ლენიკო  -  (შიშით) შენ ვერ გაიგე... არ წახვიდე!

კახა  -  (სკამზე ჯდება) დავრჩე?

ლენიკო  -  (ჩუმად) ჰო! (ცოტა ხანს უხმოდ სხედან). ანგელოზმა გაიფრინა!

კახა - ეს დიპლომი...

ლენიკო - - რატომ ჩააცივდი ამ დიპლომს? სხვა არაფერი გაქვს საკითხავი?

კახა  -  როგორ არა!

ლენიკო  -  (წელში გაიმართება) მკითხე!

კახა  -  (ხელისგულს ჩამოუსვამს ცხვირზე) ეს ცხვირი ასე რომ ჩამოდის... ასე რატომ არ ადის?

ლენიკო  -  (გაბუტული) შენ მე გიას ტოლი ხომ არ გგონივარ?! იცი, ბავშვობიდან, თითქმის დღემდე, მეგონა, რომ ყველაფერი, როგორც ზღაპარშია, ყოველთვის კარგად მთავრდება...

კახა  -  ასეც იქნება, ლენიკო! შეგხვდება ახლო მომავალში ღირსეული, საინტერესო პიროვნება, ვისაც შეიყვარებ!

ლენიკო  -  (აგრესიულად) შენ ხომ არ გამირიგებ ვინმეს?

კახა  -  (იბნევა) ვერ გავიგე?

ლენიკო  -  ჩემს ჭიქაში ნუ იმკითხავებ, კარგი?!

კახა  -  გაწყენინე რამე?

ლენიკო  -  დიახ, მაწყენინე! და მოვრჩეთ ამაზე!

კახა - (ღიმილით) მეც ხომ არ გავიბუტო?

ლენიკო  -  შენ არა! მოდი, მარტო მე გავიბუტები!

კახა  -  მოდი!

ლენიკო  -  ОმოდიზეМ გამახსენდა! ერთ ბიჭს მოვწონდი მეშვიდე კლასში... მე არ მომწონდა... ჰოდა, დიდ შესვენებაზე ვუთხარი, გავიგე თურმე მოგწონვარ და მოდი, კარგი ამხანაგები დავრჩეთ-მეთქი!

კახა  -  მერე რა გიპასუხა?

ლენიკო  -  მოდიო! (კახას სიცილი უტყდება) სახლში ცოტა წავუტირე კიდეც! შენს ოთახში რამდენიმე ფოტოა... სამი ბიჭია და ერთ ხნიერი ქალი...

კახა  -  ჰო, არცერთი აღარაა ცოცხალი... ის ქალი, ქალბატონი მარიამი, მართლაც მარიამ-ღვთიშობელივით იყო ჩემთვის... ის ბიჭებიც დაიღუპნენ! საერთოდ, ბევრი დაიღუპა იმ მშვიდობიან დროს ჩვენს თაობაში... იმდენია, რომ გიდად შემიძლია ვიმუშაო სასაფლაოზე!

ლენიკო  -  მაინც რატომ გრძნობ უხერხულად თავს!

კახა  -  (ეცინება) არ დაგავიწყდა?

ლენიკო  -  არა!

კახა - მაგარი ჩაციება გცოდნია... (პაუზის შემდეგ) იმიტომ, რომ ის სიახლე თუ მოძრაობა, რაც დამხვდა, ჩემი მონაწილეობის გარეშე მოხდა, მე არანაირი წვლილი ან დამსახურება არ მიმიძღვის ამაში. პატიმრობიდან პირდაპირ ამ ცხოვრებაში ვტკუცე თავი... და არ ვიცი, რა ვაკეთო, რა სარგებლობა მოვიტანო... ამიტომ ვგრძნობ თავს უხერხულად. თითქოს თვითონ წავართვი ჩემს თავს მოძრაობის უფლება! ის, რომ მე გადავრჩი ფიზიკურად და თან არაფერი გავაკეთე, უკვე, უკვე საუხერხულოა! ეტყობა, უფრო ელასტიური აღმოვჩნდი, ვიდრე ჩემი დაღუპული ძმაკაცები!

ლენიკო  -  რატომ? კომპრომისებზე წახვედი? ოღონდ არ მითხრა, მთელი ჩვენი ცხოვრება კომპრომისიაო!

კახა  -  არა, მაგას არ გეტყვი!

ლენიკო  -  აბა, რა ელასტიურობას იბრალებ? ერთხელ მაინც უღალატე შენს სინდისს?

კახა  -  (ჩაფიქრდება) არ ვიცი... მგონი, არა!

ლენიკო  -  მაშ რას ერჩი საკუთარ თავს? რა მაზოხიზმია ეს?

კახა  -  ტყუილად რომ დავრჩი ცოცხალი... უნაყოფოდ! ჩემი ძმაკაცები კი მიწაში წვანან!

ლენიკო  -  მიწაში კი არა ცაში არიან! სიყვარული არ ქრება, მათ დღესაც უყვარხართ შენ, ოღონდ შორიდან, ისინი შენი უხილავი მფარველები არიან, მამაშენიც, მარიამიც, შენი მეგობრებიც... შენ მათ წინაშე ხარ მოვალე, წუწუნით შორს ვერ წახვალ!

კახა  -  (წყენით) მე არ ვწუწუნებ!

ლენიკო  -  სწორედ წუწუნებ! საკუთარ თავზე ხელის ჩაქნევა ძალიან ადვილია! უხერხულად გრძნობს ბიჭი თავს!

კახა  -  (გაკვირვებული) დავაშავე, გულწრფელად რომ გიპასუხე?

ლენიკო  -  (უეცრად ნაზად გაუღიმებს) არა! (პაუზა. ერთმანეთს უყურებენ).

კახა  -  მაშ არ ქრება?

ლენიკო  -  რა?

კახა  -  სიყვარული!

ლენიკო  -  არა! არც სიძულვილი არ ქრება!

კახა  -  გვარიანად დამძიმებულა ჩვენი პატარა პლანეტა!

ლენიკო  -  აბა, სულ ჭრაჭუნით ტრიალებს თავის ღერძზე! კახა, მე მჯერა, შენ გააკეთებ შენს გასაკეთებელს! ცხოვრებამ მოგვცა ურწმუნობის ბევრი საბაბი! მაგრამ უფლება არ მოუცია!

კახა  -  (ღიმილით) ღმერთმა გისმინოს!

ლენიკო  -  შენ ძლიერი ხარ! კეთილი...

კახა  -  გაჩერდი, თორემ გავყოყოჩდები!

ლენიკო  -  გიას ტყუილად არ უყვარხარ!

კახა  -  აი, გიაც რომ მიყურებს ბოჩოლას თვალებით, მაშინვე უხერხული შეგრძნება მაქვს... მას სულ სხვა მაგალითები სჭირდება...

ლენიკო  -  ზედმეტად ხომ არ იმდაბლებ თავს?

კახა  -  გეფიცები, გულწრფელი ვარ!

(უეცრად ბრაგვანის ხმა ისმის).

ლენიკო  -  (წამოხტება) გია გადმოვარდა!

(ორივე ძლივ-ძლივობით ასწევენ ტახტზე გიას).

გია  -  (ბურტყუნით) დამანებეთ თავი... მეძინება... არსადაც არ წამოვალ!

კახა  -  გულდაღმა დავაწვინოთ! ბოდავს!

ლენიკო  -  ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც მონოლოგებს კითხულობს ძილში!

(მაგიდასთან ბრუნდებიან)

რაღაც დაესიზმრა ალბათ!

მომშივდა! მოიცა, დანას მოვიტან!

კახა  -  არ წახვიდე, მაქვს!

(ჯინსის ჯიბიდან დანას იღებს, ხსნის, ხელსახოცით წმენდს და პურს ჭრის)

ლენიკო  -  რა დანაა?

კახა  -  გიას პრეზენტია, დღეობაზე წასვლის წინ მაჩუქა!

ლენიკო  -  საიდან აღმოაჩნდა?

კახა  -  ვიღაცამ მისცა!

(ლენიკო ოდნავ მოციცქნის პურს).

ლენიკო  -  გასაგებია! (პაუზა. კახა დგება) მიდიხარ?

კახა - წავალ უკვე! ჩემს ოთახამდე გრძელი გზაა!

(ლენიკოც დგება).

კახა  -  რა კარგი სიტყვაა, კომპრესორი!

ლენიკო  -  (გაკვირვებით) კომპრესორი რას ნიშნავს?

კახა  -  მოწყობილობაა ასეთი, კედლის განგრევა შეუძლია!

ლენიკო  -  (სუსტი ხმით) კედლის?

კახა  -  ჰო, კედლის! (პაუზა). ძილი ნებისა!

ლენიკო  -  ლამაზ სიზმრებს!..

(უეცრად ერთმანეთს მოეხვევიან. კოცნიან. შემდეგ უხმოდ შეაცქერდებიან ერთმანეთს და კახას ოთახში გადიან. ლენიკო სკამზე ჯდება გვერდულად და მაგიდას ჩამოეყრდნობა იდაყვით. კახა უძრავად დგას).

ლენიკო  -  ცოტა ხანს მაცალე, კარგი?!

(ასე ზის რაღაცაზე ჩაფიქრებული, თითქოს ძალას იკრებსო, შემდეგ დგება და გახდას იწყებს. სიბნელე, შემდეგ ბაცი ფერის სინათლე. გარიჟრაჟია.

გია ტახტზე წამომჯდარა, მუხლებში ჩადებულ ბალიშს დაყრდნობია იდაყვებით.

კახას ოთახში სინათლე ანთია. ჩაცმული ლენიკო მაგიდასთან ზის, სიგარეტს ეწევა. კახა თმას ივარცხნის).

ლენიკო  -  ლამაზი ჯვარია!

კახა  -  ჰო, მეგობარმა მისახსოვრა!

ლენიკო  -  ჩიტებიც აჭიკჭიკდნენ, კატებიც აკნავლდნენ. თითქოს ბავშვები ტირიანო, არა?

კახა  -  გარიჟრაჟია!

ლენიკო  -  გარიჟრაჟი, არიჟრაჟი, რიჟრაჟი, იჟრაჟი... ვაიმე გია!

კახა  -  (სწრაფად მიტრიალდება) გაიღვიძებდა?

ლენიკო - არ ვიცი! შენ მერე შემოდი!

(შერბის გიას ოთახში)

გია  -  (თავს სწევს მაღლა. პაუზის შემდეგ) ტანსაცმელი ვერ გამხადე?

ლენიკო  -  როგორ გრძნობ თავს? (პაუზა) წყალს ავადუღებ! (გადის სამზარეულოში. შემოდის კახა).

კახა  -  გაიღვიძე?

გია - შენ როგორ მატყობ?

კახა  -  ცუდად ხომ არა ხარ? (გია დაჟინებით მისჩერებია მას და არ პასუხობს). რა დაგემართა? (ისევ სიჩუმე) არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი?

გია  -  როგორ არა!

კახა  -  მითხარი!

გია  -  ჯერ რუქაზე ხომ არ გვემოგზაურა?

კახა  -  გია, შენ ხვდები...

გია  -  რას?

კახა  -  ეს არ იყო ღალატი!

გია - (დგება) არ იყო? არ იყო?!

(ხელს დაავლებს მაგიდაზე დაგდებულ დანას და ფერდში ურტყამს დანას. კახა ორად იკეცება და სკამზე ჯდება).

კახა  -  დანა მომეცი! (გია უძრავად დგას) დანა მომეცი! (გაოგნებული ბიჭი მთვარეულივით მიდის კახასთან და დანას აძლევს. კახა დანას დახედავს). ტარამდეა სველი! (სკამზე ჯდება).

ლენიკო  -  (შემოდის) კახა, ჩაის დალევ?

(სიბნელე. სასწრაფო დახმარების სირენის ხმა, რომელიც ხან ძლიერდება მოქმედების განმავლობაში, ხანაც მიმქრალად ისმის. სინათლე ინთება, მაგრამ ამჯერად ბლანტი, ხან ყვითელი და ხან შინდისფერი... ირეალური განათებით. შემოდის ირინე... შემოდის დათო... კუთხეში, ანთებული სანთლით ხელში, მუხლებზე დაჩოქილია გია... ლენიკო ბოლთას ცემს აქეთ-იქით... აქეთ-იქით, კახა მათ შორის ტრიალებს. დათოც ანთებს სანთელს, ლენიკოც, ირინეც).

დათო  -  არ მოკვდე!

გია  -  არ მოკვდე!

ირინე  -  არ მოკვდე!

ლენიკო  -  (წამით შედგება) კახა, ჩაის დალევ?

(კახა ხან ერთს ჩააჩერდება, ხან მეორეს. სირენის ხმა ხან მატულობს, ხან ოდნავ ისმის).

კახა  -  ირინკა!

ირინე  -  მაპატიე!

კახა  -  გეყო, რა!

ირინე  -  შენ არ გესმის, რატომ ვარ შენზე ცუდად?

კახა - არ მესმის!

გია  -  ღმერთო, გევედრები, გადაარჩინე კახა!

კახა  -  ადექი, გია!

ირინე  -  მაშ, არ გესმის, რომ ის ვინც საპატიებელია, უფრო ცოდოა, ვიდრე მპატიებელი?

დათო  -  არ მოკვდე რა!

კახა  -  შენ ვინ ხარ? (დათო მეორე სანთელს ანთებს და კახას უწვდის) ვინ ხარ?

დათო  -  მე ჯემო ვარ!

კახა  -  არა!

დათო  -  მე გია ვარ!

კახა - არა!

დათო  -  მე დიმიტრი ვარ!

კახა  -  არა!

დათო  -  მე გოგი ვარ!

კახა  -  არა! არა! არა! შენ ჩემი დაღუპული ძმების სახელებს მეუბნები! შენ დათო ხარ!

დათო  -  მერე რა, მეც ხომ შენი ძმა ვარ, ქრისტესმიერი?!

გია  -  გევედრები!

კახა  -  გია, დაწყნარდი, მე შენი ხელით არ მოვკვდები!

ირინე  -  მაშ მპატიობ?

კახა  -  ირინ, რომ იცოდე, რა ხნის ნაპატიები ხარ?! მე ვინ მაპატიებს?

გია  -  ნუ დამამძიმებ კახას სისხლით! გევედრები...

ირინე  -  ყველაზე დიდი ჭრილობა მე მოგაყენე!

კახა - გია, გაიგე, რომ შენ მკვლელი ვერ გახდები!

დათო - მე ძმა ვარ შენი ქრისტესმიერი... მე ჯემო ვარ, გია, დიმიტრი, გოგი!..

კახა - მესმის, დათო, ახლა მესმის, რასაც ამბობ!

ლენიკო  -  იცი, ბავშვობიდან, თითქმის დღემდე მჯეროდა, რომ როგორც ზღაპრებში ყველაფერი ყოველთვის კარგად დამთავრდება... არ მოკვდე, რა!

კახა  -  არა, ლენიკო, ეს მხოლოდ დასაწყისში მეგონა... იცი, თითქოს რაღაც ტალღას წავყევი... მივნებდი... წყალს სიკვდილის მოტკბო სუნი ასდიოდა... მაგრამ მერე მაგრად ავფართხალდი და ნაპირისკენ გამოვცურე!

გია  -  მე მიყვარს კახა!

ირინე  -  გამოცურე, კახა!

დათო  -  გამოცურე!

ლენიკო  -  გარიჟრაჟი, არიჟრაჟი, რიჟრაჟი, იჟრაჟი...

გია  -  მე ხომ ვიცოდი, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ!

დათო  -  გაკვირვებული დარჩნენ ექიმები, ასეთი ჭრილობა და არცერთი დაზიანებული სასიცოცხლო ორგანო!

კახა  -  თითქოს რაღაც შავი ტოპრაკი მქონდა ჩაკერებული სხეულში ბალღამითა და შხამით სავსე... სწორედ ის გაფატრა გიას დანამ... არასოდეს მიგრძვნია ასეთი ნეტარება! მინდა ვიცოცხლო, მინდა მიყვარდეს, მინდა საჭირო ვიყო!

ლენიკო - - არ მოკვდე, თორემ მოგკლავ, იცოდე!

გია  -  (უეცრად გაეცინება) რაო? რაო?

ლენიკო  -  არ მოკვდე, თორემ მოგკლავ!

კახა  -  რას მერჩის ეს და-ძმა, ვერ გამიგია!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / ...მაგრამ უფლება არ მოუცია!