ჯავახიშვილი მიხეილ 

 

პატარა დედაკაცი

 

 

1

 

– სოფიო ქალო, ახალი ამბავი გაიგე? – ჰკითხა ექიმ ქალს სამკურნალოს გამგე ექიმმა სოლომონ ბარავიძემ.

 

– არა, არაფერი არ გამიგია. ხომ არავინ მოგვიკვდა?

 

– სიკვდილი ახალი ამბავი არ არის სამკურნალოში. მაგაზე უკეთესს გეტყვი: ახალი მთავარი დოსტაქარი მოდის. აბა გამოიცანი, ვინ დანიშნეს?

 

– ღმერთმანი, არ ვიცი. ნეტა ვის დანიშნავდნენ?

 

– ვითომ არ იცის!

 

– არ ვიცი მეთქი.

 

– მაშ გეტყვი: შენი ქმარი ამირან რიმანიძე დაგვინიშნეს.

 

– ბატონო სოლომონ, – ოდნავ ხმა აიმაღლა და შუბლიც აიკრა სოფიომ, – ჩემს ქმარს სხვა სახელი და გვარი აქვს...

 

– კარგი, შენი ჭირიმე. – გააწყვეტინა სოლომონმა. – უბრალოსთვის ნუ დამედევნები ხოლმე. მეც ვიცი, რომ შენს ქმარს სპირიდონი ჰქვიან, ხოლო გვარი თქვენი – რონველია. მხოლოდ ერთი სიტყვა შემცდა: ნაქმრევის მაგიერ ქმარი წამომცდა. ეხლა ამისთვის ხომ არ ამიკლებ, ქალო?

 

რა თქმა უნდა, ექიმი ქალი არ აიკლებს "ჩაჩანაკ სოლოს" – თავის მფარველს, რომელიც მამად გამოადგება, მაგრამ პატარა დედაკაცს მაინც ეწყინა: სოლომონ ბარავიძეს სიტყვა "ქმარი" არ უნდა ეხმარა.

 

– კარგი, ნუ აპილპილდი. მოდი, შევრიგდეთ.

 

სოფიომ ფაფუკი მოვლილი ხელი გაუწოდა საკოცნელად, ხოლო მეორე ხელი შევერცხლილ თმაზე გადაუსვა და წაიბუტბუტა:

 

– ნუ მაჯავრებ ხოლმე, თორემ...

 

მერმე დაჯდა, თეთრი ხალათი შეისწორა და ამოიოხრა:

 

– ღმერთმანი, არაფერი არ მესმის, სადაც კი მივედი, ყველგან ამირანზე ლაპარაკობენ. ვისაც შევხვდი, ყველას ისევ რიმანიძე აკერია პირზე. იმ კაცს ჩემზე კარგად არავინ არ იცნობს, ამიტომ...

 

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – შეაწყვეტინა ბარავიძემ. – მჯერა, ოღონდაც, შენ ძალიან კარგად უნდა იცნობდე ამირანს. ორ წელიწადს უწექი გვერდით. მაგრამ, ჩემო ფუნჩულავ, მე ისიც ვიცი: თქვენ არ გაიყრებოდით, ამირანს რომ ქმრობა შესძლებოდა.

 

– სამწუხაროდ, ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. რა ვუყო, ჩემი ბრალი არ არის.

 

– არც არავინ გამტყუნებს, ფუნჩულა ქალო. ჩვენ, ექიმებმა, სხვებზე მეტი ვიცით, ამიტომ ზნეობის საზომიც სხვანაირი გვაქვს. რასაც სხვები ღალატს ეძახიან, ზოგჯერ ჩვენ ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია. ხალხი ამბობს: გარყვნილიაო! ჩვენ კი ვიტყვით: ბუნებამ თავისი გაიტანაო. ბრბო გაჰკივის: უზნეობაა! ჩვენ კი ვიცით, რომ აქ სისხლის კანონმა გაიმარჯვა. მორჩა და გათავდა!

 

სოლომონ ბარავიძემ ერთხელ კიდევ იხელთა და "ჯერ კიდევ გამოუცდელ" ექიმ-ქალს გრძელი დარიგება მისცა. ეუბნებოდა: ადამიანს სიბრძნე ამშვენებს, ესე იგი დაკვირვება, გამოცდილება და ბუნებრივი ჭკუა. მშრალი ცოდნა მხოლოდ ჭკუის სამკაულია, ამიტომ ბარავიძეს ჭკუიანი, გამოცდილი და დაკვირვებული უმეცარი ტეტია ურჩევნია წიგნებით გატენილს დიპლომიან "დურაკს", რომელიც მხოლოდ ნარევია კერპი ჯორის, დაგეშილი თუთიყუშისა და გახედნილი მაიმუნისა. უნდა მივუმატოთ თავხედობა უმეცარისა, კადნიერება ტუტუცისა და სიბრიყვე ველურისა, სადაც ყოველივე ყირამალა დგას ხოლმე.

 

მადლობა უფალსა, სოფიო ოცდაექვსი წლისა ძლივს იქნება! ამიტომ მას ამაზე მეტიც არ მოეთხოვება. სიბრძნე და გამოცდილება მოსდევს მხოლოდ სიბერეს, რომელიც ჯერჯერობით "შეწევნითა ღვთისათა", ძალიან შორს არის ექიმ ქალისაგან.

 

– ისიც ცხადია, რომ ჭკუა და დაკვირვება შენისთანა ლამაზსაც მოუხდება.

 

– მადლობელი, ჩემო ჩაჩანაკო. მაგრამ ვერ გავიგე, რისთვის მომაგონე ეხლა ჭკუა და დაკვირვება?

 

– ვერ გაიგე? გაიხსენე რაზე ვლაპარაკობდით. რაც სხვამ ცოდვად ჩაგითვალა, ის ჩემთვის ისეთივე ბუნებრივი მოვლენა არის მეთქი, როგორც სეტყვა და თოვლი, წვიმა და მზის დაბნელება, გათენება და დაღამება. ამიტომ მე ქმრის გამოცვლა ცოდვად არ მიმაჩია...

 

სოფიომ გაიცინა, პაწაწინა, სავსე და წითელი ტუჩებიდან მსხვილი კბილები გამოიჩინა და მერმე სთქვა:

 

– თუ მაგისთანა ცინიკური აფორიზმით ჩემი გამართლება გინდა, დიდად გმადლობ, მაგრამ ქმრის გამოცვლა ჩვენს დროში არავის აღარ გააკვირვებს.

 

– აკი გითხარი, პატარა დედაკაცო, არ გამტყუნებ მეთქი. ღმერთმა დამიფაროს, რომ შენი მსაჯული ვიყო. რამდენჯერ გითხარი და ეხლაც გიმეორებ: თავით-ბოლომდე მართალი ხარ მეთქი.

 

– მაშ რად გაიხსენე ჩემი წარსული?

 

– იმიტომ, რომ ერთი გარემოება მაკვირვებს: სამივემ აქ მოიყარეთ თავი: შენც, შენმა უწინდელმა და ეხლანდელმა ქმრებმაც. "მენაჟ ა ტრუა" – სამთა ოჯახი არ დაარსდეს.

 

– სოლომონ! – წყრომით წამოიძახა სოფიომ და პაწაწა მუშტი მაგიდას დაჰკრა: – დღეს ხუმრობის გუნებაზე არა ვარ.

 

სოლომონ ბარავიძემ იგრძნო, რომ პატარა დედაკაცი მართლა ხუმრობის გუნებაზე არ იყო, და უმალვე კილო გამოიცვალა:

 

– კარგი, გენაცვა, კარგი. ნუ გაცხარდი. მაინც საკვირველია, რაღა ჩვენ დაგვინიშნეს რიმანიძე? შენი ქმარი სპირიდონი პირველი კანდიდატი იყო.

 

– არც მე მესმის, რად აუარეს გვერდი სპირიდონს. თუმცა, მეორე მხრით, საკვირველი არაფერია. ერთი თვეა, რაც ამირანი დაბრუნდა და უკვე მთელი საქართველო აალაპარაკა. "რიმანიძე დიდი მეცნიერია. რიმანიძე ბედნიერი დოსტაქარია. რამანიძემ სთქვა, რიმანიძე მოვიდა, რიმანიძე წავიდა, ადგა, დაჯდა, დაამთქნარა". ახა-ხა! ამირანი და დიდება?! დავიჯერო?

 

სოლომონი სოფიოს ნაძალადევ სიცილსა და კილოს არ აჰყვა.

 

– უნდა დაიჯერო. მართლა ღირსეული კაცია.

 

ბარავიძის კილომ ქალის სიცილი თითქო მახვილით მოჰკვეთა. სოფიომ ტუჩები შეიკეცა და მოხუცის დაფიქრებულ სახეს დააშტერდა. მერმე თვითონაც გამოიცვალა ხმა:

 

– მაშ დაგიჯერო!

 

– გეუბნები, ქალო, კაცური კაცია მეთქი: ჭკუიანი, მცოდნე, ნიჭიერი, დინჯი და ძლიერი.

 

– დინჯი და ძლიერი? – გაიკვირვა სოფიომ. – ამირანი და დინჯი? ძლიერი? მაშ სასწაული მომხდარა. ასეთი გარდაქმნა?!

 

– შენს ქმარს... შენს ნაქმრევს უწინ არ ვიცნობდი, ეხლა კი დავაკვირდი და გავიცანი. ძლიერი ადამიანია მეთქი.

 

სოფიომ მხრები აიშმუშნა და წამოდგა:

 

– ღმერთმა ხელი მოუმართოს.

 

– ჯერ არსად არ შეგხვედრია?

 

– არა, ჯერ არ მინახავს. დღეს ხომ არ მოვა?

 

– ნახევარ საათში აქ იქნება. ხვალინდელი დღიდან კი მუშაობასაც შეუდგება.

 

– როდის? ხვალ?

 

– დიაღ, ხვალ რამდენიმე რთული საქმე აქვს. ბევრნი დავესწრებით. შენც მოდი. გამოგადგება.

 

– მადლობელი ვარ. მე არ მცალიან. – სთქვა სოფიომ და უფრო სწრაფი ბაკუნით წავიდა კარებისაკენ, ვიდრე ჩვეულებრივ დადიოდა ხოლმე, კარის გამოსაღებად ხელი გაიშვირა, მაგრამ ჰაერშივე შერჩა: კარი მეორე მხრიდან გაიღო და ხუთი წლის უნახავი ნაქმრევი და ნაცოლარი ერთმანეთს პირისპირ შეეფეთნენ.

 

სოფიო გუნებაში ადრევე შეემზადა ამირანის დასახვედრად, – ცივი და გულგრილი სალამი მიეცა, მაგრამ ნაქმრევის მოულოდნელმა შეფეთებამ უმალვე დაურღვია გეგმა: სოფიო ქურდობაში დაჭერილ ბავშვივით გახევდა და გაშრა. მერმე გზა მისცა და ძლივს წაილუღლუღა:

 

– მობრძანდით...

 

– თქვენ მობრძანდით, ქალბატონო სოფიო, – გზა მისცა ამირანმაც.

 

სოფიოს ბარავიძე მიეშველა. წამოდგა და კარებისაკენ გაეშურა:

 

– მობრძანდით, ბატონო ამირან, მობრძანდით.

 

ოთახში მაღალი და სრული ადამიანი შემოვიდა: სუფთად ჩაცმული, წვერულვაშგაპარსული და ისეთივე შუქიანი, როგორც ის ოთახი იყო....

 

სოფიომ გზა მისცა. სამი ნაბიჯი დაიწია უკან და კედელს მიეყუდა.

 

– ბოდიშს ვიხდი, – სთქვა სუფთა მკვრივი ხმით ამირანმა და სოფიოს მიჰყვა. – სოფიოს ვახლავართ.

 

თავი მოიდრიკა, ნაცოლარს ფუნთუშა ხელზე აკოცა და ბარავიძეს მიუბრუნდა:

 

– დილა მშვიდობისა, ბატონო სოლომონ!

 

– გამარჯვება, ბატონო ამირან, გამარჯვება! მობრძანდით... დაბრძანდით... ძალიან მესიამოვნა, რომ ასეთი დიდი დოსტაქარი დანიშნეს ჩვენს სამკურნალოში.

 

დასხდნენ და ბაასი გააბეს. გონდაბნეული სოფიო კი ისევ კედელთან იდგა. ამირანს შესცქეროდა, ყურს უგდებდა და უკვირდა:

 

"ეს კაცი ჩემი ნაქმრევია?! ის დამდნარი ჩონჩხი, ფიცხი, სნეული და თითქმის მომაკვდავი ამირანია, რომელმაც თავისი გვარი მომცა, ორი წელიწადი მაცხოვრა თავის ჭერ-ქვეშ და კინაღამ ჭკუაზე შემაცდინა?! ამ ქვეყნად თურმე სასწაული ხდება ხოლმე. არ მეგონა, ვერ დავიჯერებდი, რომ მომაკვდავი წამოდგებოდა".

 

და ყურს უგდებდა რიმანიძის ლაპარაკს და ფართოდ გახელილი თვალებით, გულის ფანცქალით, აცქვეტილი ყურებით და ოდნავ გახსნილი პირით ათვალიერებდა ოდესღაც განწირულ ნაქმრევს.

 

ამირანმა სოფიოს გადაჰხედა, მიიწია და მერმე ბარავიძეს ისე შეჰხედა, თითქოს ეუბნებოდაო: ეს ქალი... უხერხულია... ან დაბრძანდეს, ან გავიდეს.

 

ორივენი მიუხვდნენ სათქმელს: სოფიოც და ბარავიძეც.

 

– სოფიო, ქალო, დაბრძანდით, – მიაძახა უკვე მიმავალ სოფიოს გამგე ექიმმა.

 

– მადლობელი ვარ. არა მცალიან... მეჩქარება, – უპასუხა სოფიომ და გავიდა.

 

II

 

ამირან რიმანიძემ სოფიო შვიდი წლის წინათ შეირთო. ამირანი მაშინ ოცდახუთი წლის ახალგაზრდა ექიმი იყო, ხოლო სოფიო ის იყო მაშინ შეუდგა ექიმობის შესწავლას. ორივენი ერთ სახლში იდგნენ და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ახალგაზრდა სტუდენტი ქალი კვირაში ორჯერ მაინც შეირბენდა უსაქმო ექიმთან და ეტყოდა:

 

– ბატონო ამირან, მიშველეთ.

 

ამირანიც ხალისით ჰშველოდა და ზოგჯერ ორ-ორ საათს ანდომებდა ქალისთვის გაუგებარის ახსნა-განმარტებას.

 

მაშინ სოფიო ცელქი, უდარდელი და მხიარული ქალი იყო და მაშინაც დიდი თვალები, გრძელი წამწამები, სავსე მკერდი, შავი დალალები და ხალვათი გული ჰქონდა, თვითონაც სავსე იყო სიცოცხლის ხალისით, წითელი სისხლით, ათასნაირი ლანდებით და წყურვილით. მთელი დღე ბეღურა ჩიტივით დაჰხტოდა და ქედანივით ღუღუნებდა.

 

თითქო თავისთავად მოხდა მოსახდენი. ანცი სოფო ანცად ჩაუვარდა მკლავებში ამირანს და იმ დღიდან პატარა და სისხლით გატენილ ტუჩებს ვაჟის კოცნა უფრო შეუყვარდათ, ვიდრე ანატომიის დასაზეპირებელი ცმაცუნი, ხოლო სავსე და მოკლე თითებს ამირანის ხუჭუჭი თმის ალერსი უფრო ეხალისებოდა, ვიდრე სქელი და გაუგებარი წიგნების ფურცვლა.

 

რამდენიმე თვის შემდეგ სოფიო ისე შევიდა ამირანის ოთახში, როგორც საკუთარ სახლში: თეთრი ატლასის კაბით, თეთრიყვავილებით და თეთრივე იმედებით, ხოლო მძიმე წიგნები, ძველი გვარი და უბიწო ვიწრო საწოლი ძველ ბინაზე დასტოვა.

 

იმ ღამეს პატარძალი ჯერ მაყრიონმა არ დააძინა. მერე გალეშილი ამირანი შემოვიდა და თავისი ხვედრი მოითხოვა. დედოფალი გულუხვად და ხელგაშლით დაუხვდა, მაგრამ მეფემ ვერ იმეფა: გასატანი ვერ გაიტანა და მალე ახვრინდა.

 

"რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, ამირანი მთვრალია", – გადასწყვიტა გულნაკლულმა პატარძალმა და ძლივს ჩასთვლიმა.

 

მეორე დღეს ისევ მეფე-დედოფლის ღამე დადგა. მაყრიონი წავიდა. ამირანი გამოფხიზლდა, მაგრამ ისედაც ფიცხი და თვალმიმქრალი ექიმი იმ ერთ დღეში უარესად შეხმა და მოიღრუბლა. "შევრცხვები", – გადასწყვიტა მან გულში და მართლა ერთხელ კიდევ შერცხვა.

 

მერე წამოდგა და მეორე ოთახში ჩუმად რაღაც წამალი დალია. ცოტა ხნის შემდეგ აიშალა, გამოცოცხლდა და იმძლავრა.

 

მეორე დღეს სოფიომ იმ წამლის ძებნაში მთელი ბინა გადაჰქექა და აივანზე ტახტის მავთულში ორი შუშა და შპრიცი იპოვნა. წამლები გასინჯა, დაჰსუნა, მაგრამ ვერაფერიც ვერ გაიგო. ნაპოვნი ისევ შეინახა და ამირანს უთვალთვალა.

 

ამირანი იმ დღეებში ნაცემი ძაღლივით დაბარბაცებდა. შიშნაჭამი, მოწყვეტილი და პირქუშიანი იყო. საღამო-ჟამზე ახალგაზრდა ქმარი მოუსვენრად იყო. მერე აივანზე გავიდა და იქიდან თავის ოთახში შეიპარა. სოფიომ დილანდელი ნაპოვნი გასინჯა. შპრიცი და შუშები იქ აღარ იყო. ამირანი ხელმეორედ გავიდა აივანზე და დაბრუნდა. ცოტახნის შემდეგ გუშინდელი ცვლილება დაეტყო: თანდათან შეხურდა და გამხიარულდა.

 

ღამით კი, სანამ დაწვებოდნენ, სოფიომ ამირანის პირიდან ისევ გუშინდელი წამლის სუნი იგრძნო.

 

"ალბათ ისევ ის წამალი დალია", – გეშით მიაგნო მან და მალე დარწმუნდა, რომ მისი ქმარი შუშხუნას ჰგავდა: წინდაწინვე წამლებით იტენებოდა, მერე უცაბედად იფეთქებდა და უმალვე ჩაქრებოდა.

 

იმ ღამიდან ერთმანეთის ჯვარცმა დაიწყეს.

 

"არ შემიძლიან", – ჩაიდო თავში ახალგაზრდა ქმარმა და მოულოდნელ გოლგოთას შეუდგა, თან ცოლიც გაიყოლია.

 

ქმარმა თვითონაც კარგად იცოდა თვითშთაგონების ავი ძალა და "არ შემიძლიან"-ის შედეგი და ამიტომ ბოროტ სულს ჯერ ნებისყოფა დაუხვედრა.

 

"შემიძლან! შემიძლან!" – გაჰკიოდა მისი გონება და ამირანსაც იმედი ეძლეოდა, მაგრამ, როცა დრო მოვიდოდა, ბოროტი ორეული მხოლოდ ერთხელ ჩააწვეთებდა:

 

"არ შეგიძლიან... ისევ შერცხვები". და ღონემიხდილი, დაწურული და სირცხვილისაგან ალესილი ქმარი სიბნელეში იწვოდა. სტიროდა და ოფლიან თმებს იგლეჯდა.

 

თავის ცოდვით და უბედო ქმრის სიბრალულით ნაწამები სოფიოც სტიროდა და ატირებულ მამაკაცს არიგებდა:

 

– გენაცვალოს სოფიო! ალბათ ავადა ხარ. ექიმს ეჩვენე.

 

ამირანი ჟინიანობდა და აფრიკული წამლებით, ბრაზით, ურჩობით და კაპასობით ებრძოდა უჩინარ ორეულს, რომელმაც იმედგადაწყვეტილი და დაოსებული ექიმი საბოლოოდ ჩაბღუჯა და მოსრისა.

 

ერთხელ სოფიომ ის წამლები მოიტაცა და ამირანის მეგობარ ექიმთან გაიქცა. სპირიდონ რონველმა წამლებს დაჰსუნა და შუბლიც აიკეცა.

 

– ეს მორფინია, ეს კი...

 

და მეორე წამალიც დაასახელა. მერმე მოჰყვა და ისედაც შეშინებული ქალი ისე დააფეთა, რომ შემდეგ თვითონვე გაუხდა დასამშვიდებელი.

 

– შეიძლება ჯერ დაგვიანებულიც არ იყოს. იქნება მოვარჩინოთ. ოღონდ არ უნდა დავიგვიანოთ. საქმეს დღესვე უნდა შევუდგეთ, შენც უნდა დამეხმარო, – უცებ "შენ"-ზე გადავიდა სპირიდონი, – თორემ მარტო მე ვერაფერს გავხდები, – უთხრა ექიმმა და იმ დღიდან სოფიომ და რონველმა პირი შეჰკრეს და ამირანის მოსარჩენად შეითქმნენ.

 

უბედურ ამირანს ეშველება, თუ სოფიო სპირიდონს ყველაფერს დაუჯერებს და სავსებით დაემორჩილება. სოფიოს სხვა გზა არცა აქვს, ოღონდ სპირიდონმა უბრძანოს და ყველაფერს შეუსრულებს.

 

იმ დღიდან მართლა ისე გაჰყვა თავის მხსნელს, როგორც ყურმოჭრილი და შებორკილი მონა.

 

ამირანს ცოდვის გამჟღავნებისა რცხვენოდა. ურჩობდა, იხერხებოდა, ილეოდა. ბოლოს მაინც მოტყდა და ცოლს დაუთმო. იმავე საღამოს სპირიდონი მიიწვიეს.

 

ამირანმა ლუღლუღით უამბო ყოველივე. სპირიდონმა სოფიო მოიშველია, წამლები გადაღვარეს, შპრიცი დაამტვრიეს და ამირანს ფიცი დაადებინეს, რომ აფრიკულს ახლოსაც აღარ მიუდგებოდა.

 

ამირანმა იმ დღიდან გულმოდგინე მკურნალობა დაიწყო. მაგრამ განკურნება არ დაეტყო. გოლგოთის გზა უფრო გამძაფრდა. გაგრძელდა და ამ გზაზე ქანცგამოლეული ქმარი თავის ცოლს დავარდნილ ბავშვივით მიათრევდა.

 

მოდრეკილი და მოღრუბლული ამირანი საღამოობით სადღაც მიდიოდა და ისევ მალე ბრუნდებოდა – პირმცინარე და გამარდებული. მაგრამ აფეთქებულ შუშხუნას ისევ უიმედო წვალება და სასოწარკვეთილთა ღამისთევა მოსდევდა.

 

სოფიო ეჭვმა შეიპყრო. გასაღიზიანებელი წამლის სუნი აღარ მისდიოდა. არც იმ წამლის შედეგი მოსჩანდა. "მაგრამ, – ფიქრობდა, – მგონი ისევ მორფინს უნდა ხმარობდეს".

 

ეს ეჭვი სპირიდონს გაუზიარა. ისევ მოიყარეს თავი და ამირანს ბრალდებულივით დაჰკითხეს. ამირანი ფიცულობდა: იმ დღიდან ის "დაწყევლილი" თვალითაც აღარ მინახავსო.

 

ხანგრძლივი კვნესისა და ჩურჩულის შემდეგ გადაწყვიტეს: ამირანი და სოფიო დროებით გაიყრებიან. ქმარი აბასთუმანში წავა და ერთ თვეს დაისვენებს. დღეში ათ კვერცხს და ორ გირვანქა ხორცს შესჭამს, მუდამ ფიჭვის ოფლს ისუნთქავს, ივლის, იბანავებს, მოსუქდება და დაბრუნდება. სოფიოც ქალაქში დაისვენებს და მოკეთდება.

 

– საიმისო არაფერი არა გჭირს. ნერვები უნდა დაიმშვიდო. ეს არის შენი ერთადერთი სენი. გაზეთსაც კი არ მიეკარო. შენც ექიმი ხარ და იცი, ჩემი დარიგება აღარ გინდა. მერე სოფიოც გაშინჯა და უთხრა:

 

– ამირანი აბასთუმანში წავა, შენ კი აქ დარჩები. წამლობა შენც გჭირდება, მაგრამ ამაზე ამირანს არაფერი არ უთხრა, თორემ შენს დარდსაც თან წაიღებს და ისევ ისეთი დაბრუნდება, როგორიც მიდის.

 

მეორე დღეს ამირანი აბასთუმანში წავიდა, ხოლო სოფიო საღამოზე სპირიდონს ეწვია.

 

ექიმი რონველი მარტოხელა კაცი იყო. შუა ტანისა, ჩასხმული, სქელკისერა, მრგვალბეჭება და მგელკაცივით შავპირა. პატარა და მუდამ ზეთში ამოვლებული თვალები უსიამოვნოდ უბრწყინავდა, ხოლო ხშირი და შავი წვერ-ულვაშით შემოსილი თხელი ტუჩები ავი ღიმილით უღიმოდა. ლაპარაკის დროს ჩიფჩიფებდა, ხელებს ყოველთვის იფშვნეტავდა და ისე დადიოდა, თითქო ვიღაცას ეპარებაო.

 

სოფიოს კარები თვითონვე გაუღო და პატარა ოთახში შეიყვანა. ჯერ ბედზე ჩამოუგდო სიტყვა და ისეთ მაჯლაჯუნად გამოიყვანა იგი, რომ პატარა დედაკაცი შიშით და ძრწოლვით აივსო.

 

სოფიოს ავი ბედი ჰქონდა. ყოვლად უვარგისი ქმარი შეჰხვდა. ამირანი ფუღურო და უნაყოფო კაცია. სქესობრივ უძლურებას საშინელი შედეგი მოსდევს. სოფიო ერთ წელიწადში დაილევა და ისეთი მელანქოლია შეეყრება, რომ შესაძლებელია მან თავისი ჭაბუკი სიცოცხლე საგიჟეთში დაასრულოს. საწყალი ქალი უკვე შეყვითლდა, დადნა და მოიბუზა.

 

– უბედურობა ის არის, რომ მე ამირანის სრული განკურნების იმედი არა მაქვს. – ეუბნებოდა სპირიდონი.

 

სოფიო ცრემლს იწმენდავდა. მაშ დაიღუპა ახალგაზრდა ქალი! მაშ ეხლავე დაქვრივდა საწყალი!

 

– არა, გენაცვალოს სპირიდონი. არც ეგრეა საქმე.

 

გაყრა? ძალიანაც ძნელია. გაქცევა? სოფიოს სახელი გაუტყდება. ახლოსაც აღარავინ მიეკარება. მერე წადი და დაუმტკიცე მთელ ქალაქს, რომ ამირანი უძლურია, ცვედანია, არა, არც ერთია საჭირო და არც მეორე.

 

– მაშ რას მირჩევთ? როგორ მოვიქცე?

 

ნუ ჩქარობს სოფიო. მიიხედ-მოიხედოს, სხვა ქალებსაც დააკვირდეს და თვითონვე მიჰხვდება.

 

სოფიოც მიუხვდა:

 

– არასოდეს! არასოდეს!

 

– ნუ ჩქარობ მეთქი, ქალო. ყოველივე თავისთავად მოხდება.

 

მაგრამ თუ სოფიომ "არასოდეს" დაიჟინა, თუ გაკერპდა და დაიგვიანა, სპირიდონს ნუღარ დააბრალებს. თუმცა, აკი გითხრა ქმრის მეგობარმა: ნუ ავჩქარდებითო.

 

მერმე სიტყვა ბანზე შეაგდო. სოფიოს ფაფუკ მკლავში რაღაც შეუშხაპუნა, ჩაი და ტკბილი ღვინო დაალევინა და ხვალისთვის დაიბარა.

 

წვეთწვეთად სწამლავს ექიმი სოფიოს. დღე არ გავა, რომ ხუთიოდე მაგალითი არ დაუსახელოს.

 

– ასე ცხოვრობენ ელენე ბარიშვილისა, მარო კულაძისა, თეკლე ბარიძე და ათასი სხვაც.

 

არა, არა და არა! სოფიო პატიოსანი ქალია. სოფიოს მაინც უყვარს უბედური ქმარი. ამირანი განიკურნება და მათი ცხოვრებაც თავის კალაპოტში ჩადგება.

 

– გიყვარს თუ გებრალება? – ნართაული ღიმილით ეკითხება სპირიდონი.

 

სოფიო აილეწა, მაგრამ პასუხი უმალვე მიახალა:

 

– კიდევაც მებრალება და კიდევაც მიყვარს.

 

სპირიდონს ქალის ხმაში გაბზარულის კილო მოესმა და ამაზე მეტიც არ უნდოდა.

 

– ჰო... რა თქმა უნდა, მაგრამ...

 

– ხომ გჯერათ ამირანის მორჩენა?

 

– შეიძლება მორჩეს, მაგრამ...

 

ეჭვისა და შიშის სამსალი დღითიდღე წვრილად ჰბურღავს "ავადმყოფ" დედაკაცს და დარეტიანებული სოფიოც ისე დაბორიალებს უჩინარ ხაფანგში, როგორც გალიაში პირველად ჩამწყვდეული ფრინველი.

 

ამირანი მოულოდნელად დაბრუნდა, მთელი დღე გახარებული იყო. სოფიოს არწმუნებდა: სენი მოვიშორე და ასე კარგად ბავშობაშიაც არა ვყოფილვარო.

 

მაგრამ იმავე ღამეს ორეული ისევ მოერია.

 

და ცოლ-ქმარი კვლავ გოლგოთის გზას შეუდგნენ:

 

ხანი მიდიოდა და ცოლის სიყვარულიც თან მიჰქონდა. და სიყვარულის ნაცვლად სოფიოს გულში თანდათან სიბრალული და ზიზღი გუბდებოდა.

 

ერთ საღამოს სოფიო ჩვეულებრივ ეწვია სპირიდონს.

 

ექიმმა ჩვეულებრივ წამალი შეუშხაპუნა, მერმე ჩაი დაალევინა და ტკბილეული შესთავაზა. სოფიომ ჯერ არაფერი არ იგრძნო, მერმე კი ისე უცნაურად შეფიცხდა და აიშალა, თითქოს ძარღვებში ადუღებული სითხე ჩაუსხესო. მხოლოდ ბინდ-ბუნდად დაამახსოვრდა იმ ღამის თავგადასავალი.

 

– თავი დამანებე... გამიშვი... არ მინდა, – ლუღლუღებდა პატარა დედაკაცი, მაგრამ ვეღარ ინძრეოდა და თანდათან ცხელ ბურანში დნებოდა.

 

ამირანის ნაცვლად სრულყოფით სპირიდონმა იმეფა, მაგრამ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ იმძლავრა, ისიც ჯადოსნობით და სოფიოს უნებურად გაიტანა.

 

ხანი ისევ მიდიოდა. ამირანი თითქოს მომაგრდა, მაგრამ ვერ განიკურნა. სიყვარულშიც ისეთივე ფიცხი და თავშეუმაგრებელი გამოდგა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო. მალე ისევ მოსწყინდა და თავთავქვე დაეშვა, თან ცოლსაც მიათრევდა და აწამებდა.

 

სოფიომ სპირიდონის სახლიდან სამუდამოდ აიკვეთა ფეხი. ამირანის მეგობარი კვლავ ქალის შეტყუებას სცდილობდა, მაგრამ ვეღარ დააჯერა.

 

– ქალო, შენც დაიღუპები, – ეუბნებოდა.

 

– რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, – უპასუხებდა სოფიო და მართლა იღუპებოდა.

 

მისი მაღალი სიცილი თანდათან უნდილმა ღიმილმა შესცვალა. შემდეგ ღიმილიც წაიშალა. უნაყოფო ღიზმა ძილი დაუკარგა. ჩატყვივებული თავი დილდილით ბალიშიდან ძლივსღა აჰქონდა. კანიც უარესად შეუხმა და შეუჭკნა. ბნელი შეიყვარა და დუმილი შეიჩვია. ზოგჯერ მთელ საღამოს წყვდიადში იჯდა და კედელს შესცქეროდა.

 

სპირიდონი კვლავ მოდიოდა და თითქო თავის ჯერს ელოდებოდა.

 

ერთხელ სოფიომ შიგნეულობაში შვილის ფაჩუნი იგრძნო.

 

იმ დღიდან სიცოცხლის აზრი იპოვა და გამოცოცხლდა. ფეხაკრეფით დადიოდა და გულისფანცქალით ელოდებოდა, ზოგჯერ კი ავი აზრი უღრღნიდა მოდუნებულ თავს.

 

"ნეტა ვისია, ამირანისა თუ სპირიდონისა?"

 

იქნება ვერც კი გაიგოს. შესაძლებელია დედას დაემსგავსოს. მაგრამ ვაითუ სპირიდონს ჰგავდეს! მერე, რას იზამს სოფიო? რას იფიქრებს ამირანი? ესღა აკლია უბედურს!

 

და შიშით გატენილი დედაკაცი მთრთოლვარე გულით ნატრულობდა, რომ განგებას მისთვის თავიდან აეცილებინა შხამიანი ხიფათი. ეხლანდელი დარდიც ეყოფა საბრალო დედაკაცს და უბედურ ამირანს.

 

ჟამი მოვიდა და სოფიოს ახალი სამსალი მოუტანა. ბავშვი პირწავარდნილი სპირიდონი გამოდგა. დედამ უმალვე იპოვნა მსგავსება: იგივე თავის-ქალა, იგივე ცხვირი, იგივე დიდი ხალი მარცხენა ყურის ძირში. თვეები იანგარიშა და იმ უვიწყარ დღეს მოახვედრა.

 

გახარებული ამირანი ჯერჯერობით ვერაფერს ამჩნევდა და დაჟინებით იმეორებდა:

 

– მე ვარ! მე მგავს! ჩემია, ჩემი!

 

და თავის ტანში რომ სასიცოცხლო ძალა აღმოაჩანა, თვითონაც გამოცოცხლდა და გაიშალა.

 

– შენია... შენა გგავს. – აგონებდა ცოლიც და სიმხნევისა და ნუგეშის ბანგით ათრობდა. მაგრამ მაინც შიშით თრთოდა და შვილის ყოველდღიურ ცვლილებას კანკალით ადევნებდა თვალყურს:

 

"ვაი თუ თვალი აეხილოს ამირანს! ვაი თუ მიჰხვდეს და დაინახოს!".

 

სპირიდონმა პირველად რომ გაშინჯა ბავშვი, სოფიოს გადაჰხედა და ამირანის შვლი თვალებით დაიჩემა:

 

"ჩემია, ჩემი!"

 

მაგრამ ხმა არ ამოიღო და იმ დღიდან ისე იქცეოდა, თითქოს იმ ბავშვს ვერც კი ამჩნევდაო.

 

ამირანის პირველი აღტაცება და მამობრივი სიყვარული თანდათან შენელდა და მიჰქრა. გული ჩაიკეტა და თავის ოთახს ისე მიეკრა, თითქო იმ ოთახის მოძრავ ავეჯად გადაიქცაო. სულში უცნაური შიში ჩაუძვრა და შავი ნაღველი ჩაესახლა. თვალებს დაჭერილი კურდღელივით აცეცებდა და ბებერივით ცახცახებდა. უწამლოდ ამირანი ვერ ისვენებდა: ჰბორგავდა, ჰკვნესოდა და ბურანში წასული, უცნაურს გაჰკიოდა. ტანი უმიზეზო ტკივილებით უბჟუოდა, სუნთქვა ეკვრებოდა და გული უფანცქალებდა.

 

ერთხელ საწოლი ოთახიდან თავისი ლოგინის გადატანა მოინდომა, მაგრამ სოფიომ არ დაანება: ეშინოდა, ღამით არაფერი მოუვიდეს, ან თავისთავს რაიმე უბედურება არ დაჰმართოსო.

 

ერთხანს სოფიოს აუხირდა: "ეგ ბავშვი შენ კი არ გააჩინე, ვიღაცა თათარმა მოგვიგდოო".

 

მერმე გაჩუმდა და წინანდელზე უარესად მოიბუზა.

 

ერთხელ სოფიომ დაინახა: ამირანს ბავშვი მუხლებზე დაესვა და გულმოდგინედ შინჯავდა. უცებ ყურის ძირს ჩააშტერდა და გახევდა. დიდხანს ათვალიერა დიდი ხალი, მერე ბავშვი ლოგინზე დააგდო, ააყვირა და თავის ოთახში გავარდა.

 

და იმ დღიდან დაიჟინა:

 

– ეს ბავშვი შავპირა აფთარმა შემოგვაპარა.

 

სოფიოს სპირიდონი გაახსენდა: მართლა შავპირა იყო. ქუშიანი, საზარელი ღიმილი და მიმპარავი სიარული ჰქონდა და მართლა აფთარს – მგელკაცსა ჰგავდა.

 

ამირანმა დიდხანს აწამა სოფიო აფთარით. მერმე სინანულს და გლოვას მოჰყვა. ცოლს დაყუდებული ბერივით შესჩიოდა. მე დაგღუპე, შენი ღირსი არა ვარ. გათხოვდი და თავს უშველე. მე კი ბერად შევდგები და ცოდვებს მოვინანიებო.

 

ჯერ ტაატით დაჩოჩავდა, მერმე ტახტს მიეჭედა და იმ ხალიჩას დაემგვანა, რომელზედაც გაშოტილი იწვა ხოლმე.

 

როდესაც მორფინს მიიღებდა ხოლმე, აღტკინებას მძიმე ძილი მოსდევდა.

 

შემდეგ ბერად შედგომის აზრიც ამოიგდო თავიდან და გადასწყვიტა: ღმერთი ცოდვას არ შემინდობს და ჩემ ბერობას არ მიიღებს, ამიტომ თავი უნდა ჩამოვიხრჩოო.

 

და ყელზე ყელსაბამს, ხელსახოცსა და პირსახოცს იბამდა.

 

მიჩენილი მოსამსახურე და სოფიო ნიადაგ ფხიზლობდნენ. ძალით აცმევდნენ, აჭმევდნენ და თავიანთი შვილივით ატარებდნენ. ზოგჯერ გულის სევდა მოერეოდა ხოლმე: მოუსვენრად დარბოდა ოთახში, ხელებით აწვალებდა ტანისამოსს, კანს იფხაჭნიდა, თითებს იკვნეტდა და თმას იგლეჯდა.

 

ერთხელ სპირიდონმა ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი მოუტანა: უდაბნოში შავ ქვაზე შავი და პირქუში დედაბერი ზის, წვეტიანი ნიკაპი გამხმარ ხელზე დაუბჯენია. მეორე ხელში მკვდარი თავი უჭირავს. ფეხებზე ჭირიანი ძაღლი ჰყავს მიბმული. იქვე გაცრეცილი და უფოთლო ხე დგას, ხოლო ხეზე საზარელი და უცნაური ღამის ფრინველი ზის, – ბაიყუში, მიკიოტი, ბუკნაჭო თუ ჭოტი. აქა-იქ დაცოცავენ გველი, მორიელი, ობობა, ნიანგი და გველეშაპი. შავი ქვის უკან პირშავი აფთარი, ანუ როგორც სპირიდონმა განმარტა, მგელკაცა, ანუ მიწის მგელი, ანუ უზარმაზარი, ატუზულა.

 

"ანუ სპირიდონი" – დაუმატა გუნებაში პატარა დედაკაცმა.

 

სურათის ქვეშ დაბეჭდილია წარწერა: "მელანქოლია" და სპირიდონის ხელით მიმატებული ჰქონდა: "ანუ გულს ნაღველი, ანუ გულის სევდა". 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯავახიშვილი მიხეილ / პატარა დედაკაცი