ჯავახიშვილი მიხეილ

 

ფინჯანი

 

I

 

შუადღე მიღწეული იქნებოდა, როდესაც ორსართულიანი სახლიდან,  12, ლევერის ქუჩაზე, კიდევ ერთი კაცი გამოვიდა და საკონსულოს კარები ბრაზით გამოიჯახუნა.

 

ერთხანს შესდგა და ხელში ნაჭერი დაჭმუჭნული რბილი ქუდი ვითომ შეასწორა, ნამდვილად კი უარესად მოსთელა. მერმე ისევ აავლო თვალი იმ შენობას, როგორც სასამართლოს აჰხედავს ხოლმე მომჩივანი, რომელმაც უეჭვო საქმე წააგო, და მცირე ყოყმანის შემდეგ ლიუქსენბურგის ბაღისკენ წავიდა.

 

უცებ ისევ შესდგა, ჯიბეზე ხელი მოუსვენრად მოიფათურა და, რა დარწმუნდა, რომ ყოველივე თავის რიგზე იყო, ხშირი ნაბიჯით განაგრძო გზა.

 

საკონსულოს პირდაპირ ფილაქანზე მუდმივ დარჭობილმა აგენტმა მიმავალს თვალი აადევნა და გაიფიქრა:

 

"ვერ მორიგდნენ".

 

შემდეგ უბის წიგნაკი ამოიღო და რაღაც ჩაინიშნა იმ ფურცელზე, სადაც ადრევე ჰქონდა ჩაწერილი: " 86. შავი ჯაგარი. 40 წლისა. მკვრივი. მოუხეშავი. 170 სანტიმეტრი. მარცხენა ხელი დამწვარი. მარტო მოდის". მერმე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ქვის კაცივით დაიწყო ნელი ბიჯება, თანაც მჭრელ თვალებს სახიფათო სახლს არ აშორებდა.

 

ნოდარ შუბიძე სენატს გამოსცდა, ოდეონის ქვეშ ვეება მაღაზიის წინ შესდგა და ახალ წიგნებს გადაავლო თვალი. მაგრამ გული ვერ დაუდო, რადგან იმ დღეს აღარ ეწიგნებოდა, და დამწვარი ხელით თავის წვერივით შავი საათი ამოიღო და დაჰხედა.

 

საუზმის დრო იყო და ქუჩაში ხალხმა იმატა. სენ-მიშელის ბულვარზე ამოვიდა და ხელახლა შესდგა. რომელ კაფეში ისაუზმოს? იქვეა ნაცნობი "სუფლო", "დარკური

, "ვოლტერი", "პასკალი" და სხვა მრავალი. მაგრამ...

 

არა, არც ერთ ამ კაფეში არ შევა. იქ უეჭველად შეხვდება გადმოხიზნულ ქართველებს, რომელნიც... არა, საჭირო აღარ არის. ვისთვის? რაღასთვის? ზეპირადაც იცის ნოდარმა, ვინ რას იტყვის, რა გეგმას გადმოუშლის. მთქმელი სხვებსაც შეახურებს და თვითონაც გაღვივდება. ისიც იცის, თვითონ ნოდარიც როგორ მოიქცევა: სახეზე უნდობლობის ღიმილს აიკრავს და ერთ სიტყვასაც ვეღარ დასძრავს, გულზე კი მწვავე სევდა მოაწვება და მეათასეჯერ გაიფიქრებს:

 

"ნეტარ არიან მორწმუნენი, მე კი".

 

თვითონ კი დიდი ხანია ჭიანაჭამთა სიაში მოექცა. უკან ეყარა რვა უგრძესი წელიწადი (უფრო გრძელი, ვიდრე მანძილი პარიზიდან ტფილისამდე), ეკლით დაფენილი და შხამით მორწყული გზები (უფრო საურვე და მწვავე, ვიდრე გზანი გოლგოთისანი), დამსხვრეულ იმედების გორები (ძველ ნაქალაქევზე მეტად დანგრეული) და კიდევ იდუმალი რაღაც, თუ ვიღაც, რომელიც მოკვეთილ სხეულივით დარჩა იქ, შორს, ძალიან შორს, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადაღმა, და რომელიც ერთხელ... ოდესღაც...

 

და ერთხელ, – აბა ვინ იტყვის, როდის და როგორ დაიწყო ის დიდი ნგრევა, – ერთხელ ნოდარ შუბიძემ ცხადად იგრძნო და გაიგო, რომ გაღმა დარჩენილი კი არ იყო მისი მონაკვეთი, არამედ თვითონ ნოდარი იყო იმ ცოცხალისა და უზარმაზარის მონაჭერი, ჩანაბერი და ჩანათესლი – იმდენად მცირე და უმნიშვნელო, რომ აგერ იმ ტელესკოპშიც კი ვერ გამოჩნდება, აგერ იმაში, რომელიც იქ, ლიუქსენბურგის ბაღის ბოლოში, ვეება ცალთვალა დევივით ასვეტილა ცისკენ.

 

და ყველაფერიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

 

არა, აღარ შევა კაფე "პასკალ"-ში, არც "სუფლო"-ში, არც "დარკურ"-ში.

 

ერთხელ კიდევ მოიფათურა ჯიბე და სწრაფი ნაბიჯით წავიდა პანთეონისკენ. ქუჩა რომ გადაჭრა, გაღმა მიმავალ ავტობუსს შეახტა და მთვარეულივით ჩამოჯდა.

 

დღეს რომ სევრიდან პარიზში მოდიოდა, ჰფიქრობდა: კონსული ვიზას მომცემს. მერმე ტელეფონებსაც ავამუშავებ და პნევმატური ფოსტითაც დეპეშებს დავუგზავნი... ყველას, ყველას, უკლებლივ ყველას – ამხანაგსაც და... ნაამხანაგარსაც. დეე, ყველანი მოვიდნენ და უკანასკნელად მნახონ. ერთხელ მაინც გადაუხდი დიდ ნადიმს და... არა, მშვიდობით დარჩენას მაინც ვერ ვუსურვებ. საშინელი ალიაქოთი ასტყდება. ვინ იცის, იქნება მომდრიკონ და დამტოვონ კიდევაც.

 

საღამოზე ლათინთა უბანს დაივლის, სორბონის მიდამოებში ოციოდე ქართველს წააწყდება და ყველას დაჰპატიჟებს. საღამოზე კი გაღმა წაიყვანს და სადმე, ოპერის მახლობლად, თუნდაც, "გრანდ ჰოტელ

-ში, დიდებულ სადილს მიართმევს... იქიდან ელისეს მინდვრებზე გაივლიან და იქ კი კავკასიელთა "სელექტ"-ში შეიხედავენ.

 

შემდეგ გამობრუნდებიან, დიდ ბულვარებზე ავლენ, მონმარტრის აღმართს შეუდგებიან და შუაღამეზე პიგალის უბანში ავლენ.

 

"იქ ჩვენებურებს ღამის კაბარე აქვთ გამართული – "შატო კოკაზიენი". წინ წითელ ჩოხიანი მეკარენი დაგვიხვდებიან, შიგნით კი ყველაფერი ჩვენებური იშოვება: საცივიც და ღომიც, ჩიხირთმაც და ხარჩოც, ჩახოხბილიც და ცოცხალიც, ტაბაკაც და... და წითელი ბორდოც, რომელიც კახურს ენათესავება".

 

წითელი ბორდოც, ტკბილი დუდუკიც და გიჟური ლეკურიც – ნამდვილზე უნამდვილესი, თითის წვერებზე შემდგარი, ორბივით მქროლავი, ცეცხლივით მწვავე და ჩაბარუხივით მჩქეფავი. გული გაიხსნან მეგობრებმა! სვან და სჭამონ დევებივით! იმღერონ, იცეკვონ და თუნდაც ყველაფერი ყირაზე დააყენონ!

 

ნოდარს ეხლა ფული აქვს. დანახარჯს გადაიხდის, მერმე სევრში დაბრუნდება, ბარგს აიკიდებს და გზას გაუდგება, იმ ნაცნობ გზას დაადგება, რომელიც ოდესღაც... იქიდან... დაულეველი... დაფშვნილი მინით იყო მოფენილი, ეხლა კი, აქედან, მკლავზე უმოკლესად და ბამბაზე ურბილესად ეჩვენება.

 

დიაღ, ასე ჰქარგავდა დილას, პასპორტის მიღების მოლოდინში, ახლა კი...

 

ახლა შატლეს თეატრთან ჩამოხტება, იქვე სადმე შესჭამს რასმეს და დღესვე სევრში დაბრუნდება. მერმე კი – "მერმე ვნახავ, რაც მოხდება".

 

ავტობუსმა სენ-მიშელის ხიდზე გაისრიალა და შატლეს წინ შესდგა. არავინ არ ჩამოხტა და ისევ თავის გზით წავიდა.

 

ჭკუაც ისე სჭამს რწმენას, როგორც მზე – ყინულს.

 

– წრეულს, გაზაფხულზე დაიწყება, – მუდამ ესმოდა ნოდარს ყოველ მხრიდან.

 

– უეჭველად!

 

– აუცილებლივ!! – ადასტურებდნენ ათასები.

 

ნოდარს კი ომის რწმენა უდნებოდა და მის მაგივრად მეორე უღვივდებოდა: რომ ამ ქვეყნად მშვიდობის წყურვილი ომის ჟინზე უფრო ძლიერიაო.

 

ჭკუა რწმენას თოვლსავით სჭამს, მაგრამ –

 

"მაგრამ – ლურსმანივით ჩაუჯდა ფიქრი შუბიძეს – ვინც ერთხელ იგემა ომის ზარი, მეორეჯელ ალაგიდან ვეღარ დასძრავ".

 

– ნოტა მზადდება, ნოტა! – თოფივით სადმე გავარდებოდა დროგამოშვებით და ირგვლივ ზოგიერთი იმავე თოფის წამალივით იფეთქებდა ხოლმე:

 

– იწყება!. იქნება!..

 

– უეჭველად!

 

– აუცილებლივ!

 

ნოდარ შუბიძე კი ისევ უნდობლად იღიმებოდა და გულში თავისთვის ამბობდა: "ყველა ნოტები, და მუქარაც კი, ჯერჯერობით ზავის ღმერთს ემსახურება, შემდეგ კი – ვინ იცის, ვინ იტყვის, ვინ გამოიცნობს? აკი თვითონ "პაპაც" გამოტყდა: შეიძლება წითელმა ქვეყანამ ოცი და ოცდაათი წელიწადი გასძლოსო.

 

მაშ შესაძლებელი ყოფილა ორმოცდაათსაც გასტანოს, ან ასსაც, ან რამოდენიმე საუკუნეც გადაიტანოს. უკვე გაცვეთილი ამბავია: ძველი ქვეყანა ახალს მუდამ ეშუღლება და მის დასანგრევად იჭურვება. ასჯერ და ათასჯერ აშლილან ერთმანერთის შესამუსრავად, მაგრამ მუდამ, თითქმის მუდამ ისევ მორიგებულან და ახალს ათასი წლობით უცხოვრია და თავისი გზით უვლია, ეხლაც იგივე განმეორდება, ან შეიძლება განმეორდეს, ამიტომ...  და ნოდარს სწორედ ამიტომ დაელია იმედიც და მოთმინებაც – როდის და როგორ, ეს ხომ სულ ერთია!

 

ჭკუა იმედს სჭამს მეთქი, როგორც სითბო თოვლს, და ეს თოვლი – ოდესღაც ღრმა და გაუვალი – ნელ-ნელა შეთხელდა, შემდეგ აქა-იქ ლილო გამოჩნდა, ქაჩალივით დაიკორტნა, მერმე კი სულაც აიკრიფა და სენას წყალს გაჰყვა.

 

ახლაც ეცინება ნოდარს, წარსული რომ აგონდება. დილით-დილამდე ან წიგნებში იყო ჩაჭედილი, ან ფაიფურის ქარხანაში ორად მოკეცილი მუშაობდა, დროგამოშვებით უცებ საიდანმე ფაჩუნი მოესმოდა, თვითონაც სხვებივით აიშლებოდა და ბარგის ჩალაგებას შეუდგებოდა.

 

ყველანი დარბოდნენ, მხნეობდნენ და ემზადებოდნენ. მერმე ის ფაჩუნი ისევ გაჰქრებოდა, ნოდარს კი ორიოდე კვირა ეკარგებოდა და თავისსავე თავს დასცინოდა.

 

ხანი გავიდოდა. სადმე ცაზე ჩიტი გაიფართხალებდა, ან შორს სადმე მონადირე თოფს გაისროდა და ლევილშიც და "ბულმიშშიც" ყველას ხელახლად ააფორიაქებდა.

 

სევრიც იქვეა, ჩოჩქოლი იქაც ჩაფრინდებოდა, ნოდარსაც მეასეჯერ შეაფართხალებდა და სწავლა-შრომას შეაწყვეტინებდა.

 

– გაიგე?.. წაიკითხე? – მდუღარე ხმით ჰკითხავდნენ ხოლმე ნოდარს.

 

გაგებულიც ჰქონდა და წაკითხულიც, მაგრამ მაინც გულგრილი კილოთი უპასუხებდა ხოლმე.

 

– რა, რა მოხდა? – და მოსაუბრის ნაამბობში ჩაუქრობელი წყურვილით ეძებდა უკვე წაკითხულისა და გაგონილის ახალს, ზედმეტ სიტყვას, მეხუთე ვარიანტს, ახალ ანარეკლსა და აზრის ახალ მინახვევს.

 

ასე ხდებოდა ოდესღაც, რამოდენიმე წლის წინათ, ახლა კი, ვინმე რომ ჰკითხავდა: "გაიგე? წაიკითხე?", გულდინჯად უპასუხებდა:

 

– გავიგე... წავიკითხე. – და ყურებს ნებისყოფით იცობდა, გონება კი მუდამ იქ ჰქონდა. სევრში, ფაიფურის ქარხნებში, ლაბორატორიაში, ღუმელებსა, ქურასა და ასნაირ თიხაში.

 

– უკანვე მიბრძანდებით, ბატონო? – გამოაფხიზლა ნოდარი ავტობუსის კონდუქტორმა.

 

– როგორ თუ უკან? – გაოცდა შუბიძე, – განა სადა ვართ?

 

– სენ-ლაზარეს სადგურზე – ღიმილით მიუგო კონდუქტორმა და შოფერს საოხუნჯო რაღაც მიუგდო.

 

ნოდარმა მიმოიხედა. ავტობუსი დაიცალა და ხელახლად ივსებოდა. შერცხვა, ფაცა-ფუცით ჩამოვიდა, ფორი გადასჭრა, მაღაზიის წინ შესდგა, ჯიბე ისევ მოიფათურა და შვებით ამოიოხრა, რადგან იქ ნადები იქვე აღმოჩნდა.

 

"დაბნეულობა დამჩემდა – გაიფიქრა – არსად არაფერი დამემართოს".

 

მართლაც უკანასკნელ დროს გულმავიწყობა მეტის-მეტად შეეპარა. დილით რომ შეუდგებოდა თიხების, კაოლინებისა და სხვადასხვა ნივთიერებათა შეზავებას, ანალიზსა და დაწვას, დროც ავიწყდებოდა, ჭამაც, წესრიგიც და ყოველივეც, რაც ირგვლივ ხდებოდა.

 

– საუზმის დროა, ბატონო შუბიდზე. – ეტყოდნენ ხოლმე თანამშრომლები და მოსამსახურენი.

 

– ეხლავე. – წაილუღლუღებდა და ეს "ეხლავე" ზოგჯერ შუაღამესაც ძლივს მოვიდოდა.

 

დიასახლისი მუდამ გამწყრალი ჰყავდა, რადგან ნოდარის კერძი ცივდებოდა, და თვითონ ნოდარიც დიდი ხანია ცხელ საჭმელს თითქმის გადაეჩვია.

 

ზოგჯერ კი მუშაობის ნაცვლად რამდენიმე საათს იჯდა გახევებული, ან მიდამოებში დაჰბორიალებდა და თავის-თავს გაოცებით ხან ვერსალში აღმოაჩენდა, ხან მედონის ტყეში იპოვნიდა, ხან სენ კლუს ბაღში და ზოგჯერ კი უფრო შორს, სადმე უცნობ სოფელ-ქალაქში გამოფხიზლდებოდა ხოლმე.

 

ქარხნის დირექტორი ბუზღუნებდა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია და ბოლოს "ანარშისტ შუბიდზეს" ხელფეხი გაუხსნა: როცა ჰსურდა – ეძინა, როცა უნდოდა – ეღვიძა, სჭამდა, შიმშილობდა, დაეხეტებოდა, ან სადმე კუთხეში ბერივით იდგა დაყუდებული, ან კიდევ როდენის "აზრი"-ვით იჯდა და იმავე ძეგლივით სდუმდა.

 

აი ეხლაც: ნოდარს შატლეს თეატრთან უნდოდა ჩამომხტარიყო, იქვე სადმე ესაუზმნა, იქვე ასულიყო გემზე და სევრში დაბრუნებულიყო, ნამდვილად კი სამი ზედმეტი კილომეტრი ბრმასავით გამოიარა და აღარ იცის, სად ისაუზმოს, ან იქნება სჯობდეს უჭმელი დაბრუნდეს და საღამოზე ისადილოს?

 

ნოდარ შუბიძე უფრო ქიმიურ ლაბორატორიისთვის იყო გაჩენილი, ვიდრე აქტიურ პოლიტიკისთვის. ერთ დროს ბრწყინვალედ დაასრულა ეს დარგი და ქიმიკოსთა ოჯახში გაშლილი დროშით აპირებდა შესვლას, მაგრამ ფორისა და ქუჩის ყივილმა გამოაბრუნა, მოსტაცა და ნაფოტივით დააბორიალა.

"ჯანსაღ მეცნიერებას წინ ჯანსაღი კონსტიტუცია უნდა უძღოდეს

. – ჰფიქრობდა მას აქეთ და ამ წინამავალისათვის მუდამ წინა რიგებში იდგა.

 

მაგრამ მეცხრე ტალღამ მათი ლაშქარი – წინანიც და უკანანიც – ქვეყანაზე განაბნია და ნოდარ შუბიძე პარიზის ბულვარებზე გადააგდო. მაშინღა მოაგონდა უნებურად, რომ ერთი ხელობაც ჰქონდა მარაგად შენახული და უცხოელ მფარველთა წყალობით მალე სევრის ქარხნების ლაბორატორიაში უბრალო მოსამსახურედ შევიდა.

 

განცხრომილი კაბინეტის მაგიერ – მყრალი ბუღით და მოწამლული ოხშივარით სავსე უბადრუკი ოთახი, პორტფელის ნაცვლად – ვარვარი ღუმელი და ცხელი სარჩილავი, ხოლო ხელში – ადამიანის სულისა და ხასიათის გამოკვეთის მაგივრად – მიწის ყალიბი, სველი ალიზი, თიხა, კაოლინი, ფაიფური და მინანქარი.

 

მაგრამ ნოდარი ქიმიკოსი იყო და კარგად იცოდა, რომ თიხა ოქროზე უფრო საინტერესო მასალაა და ხშირად მასზე მეტსაც იწონის, გარდა ამისა, საჯდომი რკინისა ჰქონდა, მოთმინება – კამეჩისა და შრომის უნარი – მომართული საათისა.

 

მალე თვალი დაადგეს. შემდეგ ვერცხლად დააფასეს, მერმე კი ოქროსაც აღარ აკადრებდნენ. დღე-ღამეში თექვსმეტ საათს მუშაობდა და მუშაობის ნებართვის გარდა არასოდეს არაფერს არ თხოულობდა.

 

სხვები რომ სამსახურის კიბეებზე მუჯლუგუნებით მიიწევდნენ, ნოდარს ზედამდეგები მიათრევდნენ და თანდათან რთულ საქმეს აბარებდნენ. შუბიძემაც ზედიზედ მისცა ქარხანას მინანქრის რამდენიმე ახალი შენადუღი, ფაიფურის თიხის შენაზავი და ძალიან დიდი მოგება, სამაგიეროდ პატარა ლაბორატორია მოითხოვა, რომელიც უმალვე მიუჩინეს და თავი მიანებეს.

 

სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ. შუბიძე თითქმის დაივიწყეს, რადგან იმანაც დაივიწყა ქარხანაც და მთელი ქვეყანაც. მხოლოდ ერთხელღა გაიხსენეს, რადგან ეგონათ "ჟეორჟიენი" გაგვიგიჟდაო.

 

ერთ დილას ნოდარ შუბიძე ლაბორატორიიდან თავშიშველი გამოვარდა და მედონის ტყისკენ გაიქცა. ხუთ დღეს იყო დაკარგული. ტელეფონების, დეპეშებისა და პოლიციის დახმარებით ეძებდნენ. ბურლარეინში ენახათ – თავჩაღუნული მიჰქელავდა მაღალ ყანებს და გლეხებს ჯოხებით გამოეგდოთ ნათესებიდან. შარანტონში კინაღამ საგიჟეთში ჩაემწყვდიათ. ჟუანვილში დედაკაცები ცოცხებით დასდევნებოდნენ. შემდეგ ობერვილიეში ამოეყო თავი და რადგან სადილის ფული ვერ გადაეხადნა, ოქმი შეედგინათ და ოდნავ მოეთელნათ კიდევაც, ხოლო რომენვილში უპასპორტოდ ხეტიალის გამო დაეპატიმრებინათ და პოლიციელის თანხლებით სევრში გამოეგზავნათ. ძლივსღა იცნეს თავიანთი ქიმიკოსი, რადგან აპაშს ჰგავდა და ჭკუაზედაც შეთხელებულიყო.

 

"ჟეორჟიენი“  ისევ ჩაიკეტა, ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა და საკონსულოს მიადგა, სადაც დღეს, სამი თვის შემდეგ, ცივი უარი მიიღო.

 

ეხლა ნოდარი დინჯად არის, მაგრამ არ იცის, სად წავიდეს და რა იღონოს. ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ უცბად ფილაქანს მოსხლტა, გავლილი გზა ხელახლად გადასჭრა და იმავე ავტობუსზე შეხტა, რომელმაც სამიოდე წუთის წინ სენ-მიშელის ბულვარიდან მოიყვანა.

 

ოციოდე წუთის შემდეგ "ო შანჟ-ის ხიდთან ჩამოვიდა და პატარა გემით სენას წყალს დაჰყვა, ხოლო საათის სამზე სევრის ქარხნების დირექტორის კაბინეტში იჯდა და მელოტ კაცს ჩუმი ხმით ეუბნებოდა:

 

– თითქმის რვა წელიწადია თქვენთან ვმუშაობ...

 

– მართალია, ბატონო შუბიდძე. მერმე, რა გნებავთ?

 

– და ერთხელაც არ დამისვენია.

 

– ეგეც მართალია. გნებავთ, დაისვენოთ?

 

– დიაღ, მინდა დავისვენო... მინდა ინგლისში წავიდე და კერამიკული ქარხნები დავათვალიერო. ჯამაგირის და გზის ფულს არ მოვითხოვ.

 

– დიდებული აზრია, – მოეწონა დირექტორს, – უეჭველად ნახეთ მინტონის ქარხანა სტრაფორდშირში. არც კოპლანდისა დაივიწყოთ.

 

– მინდა ვეჯუდისაც დავათვალიერო.

 

– დიდებულია, მშვენიერია! – აღფრთოვანდა დირექტორი, რომელსაც მისი კონკურენტი ინგლისელები დამპალი კბილივით აწვალებდნენ. – ნამეტნავად დააკვირდით კედლისა და იატაკის ფერად აგურებს, ფაიანსსა და ქვის ჭურჭელს, რომელსაც ლამბეტში დოულტონის ქარხანა ამზადებს, და უფრო მეტად კი – ფაიფურის ქარხანა გაჩხრიკეთ ვორჩესტერში.

 

– დიაღ, მეც ვფიქრობდი... ვორჩესტერში შევლას.

 

– იქნება ზოგი რამ გაიგოთ და... იმედია მოხსენებას დაგვიწერთ.

 

– უეჭველად.

 

დირექტორი გახარბებულიც იყო: არაფერს ჰხარჯავდა, მოგებით კი... ვინ იცის, შეიძლება "ანარშისტ შუბიდზეს" საიდუმლოება რამ გაეგო და ჩამოეტანა.

 

– როდის აპირებთ? – ჰკითხა დირექტორმა.

 

– ხვალ დილით.

 

– რამდენი ხნით?

 

– ერთი ან ორი თვით.

 

– მშვენიერია. იქნება... მფარველი გყავთ ვინმე და რომელიმე ქარხანაში მოახერხოთ სამსახური?

 

– შეიძლება. ვეცდები.

 

– რა თქმა უნდა, ჩვენს სიკეთეს არ დაივიწყებთ და ისევ დაგვიბრუნდებით.

 

– უეჭველად დავბრუნდები და ყველაფერს მოგახსენებთ.

 

– მაშ მშვიდობით მგზავრობას და გამარჯვებას გისურვებთ. ადგილს, რა თქმა უნდა, შეგინახავთ.

 

– დიდად გმადლობთ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო დირექტორო – და გამოვიდა.

 

– წუხელის მშვენივრად გეძინათ, ბატონო შუბიდზე, – უთხრა მეორე დილას დიასახლისმა, რომელიც დიდი ხანია მდგმურის ძილს გადაეჩვია. – რა მოხდა? რომელმა წამალმა გარგოთ?

 

ნოდარს მართლა ქვასავით ეძინა. რა მოხდა? ეს ბებრუცანას საქმე არ არის. სულ ერთია, ვერ გაიგებს.

 

– მაშ ერთი თვით მიბრძანდებით? – ჰკითხა დიასახლისმა.

 

– დიაღ, ერთი თვით მივდივარ.

 

ერთი თვის ქირა წინდაწინვე ჩაუთვალა და დაუმატა:

 

– თუ დავიგვიანე... ვინ იცის, რა მოხდეს? თუ დავიგვიანე, ჩემი ბარგი აქ სადმე შეინახეთ, ან იმას გადაეცით, ვინც ჩემს წერილს მოგიტანთ, ოთახი შეგიძლიანთ ერთი თვის შემდეგ გააქირავოთ.

 

– ტრე ბიენ, მესიე შუბიდზე, ტრე ბიენ.

 

– იქ წიგნების მეტი არაფერია.

 

– ვიცი.

 

– ყუთებში ჩავალაგე.

 

– ვნახე.

 

– მაშ მშვიდობით იყავით.

 

– მშვიდობით კი არა, ნახვამდის, ბატონო შუბიდზე.

 

– ნახვამდის, ქალბატონო, ნახვამდის.

 

და ერთი საათის შემდეგ ნოდარ შუბიძე ერთი პატარა ჩემოდანით სენ-ლაზარეს სადგურის ნაცვლად ლიონის სადგურს მიადგა, ხოლო ნაყიდ ბილეთზე მცირე ასოებით ეწერა: "პარიზი – მარსელი.

 

კუპეში რომ ჩაჯდა, დამწვარი ხელი ჯიბეში ნერვიულად მოისვა და ოდნავ გაიღიმა. სამი მგზავრიდან ერთმა გაზეთის კითხვა შესწყვიტა და ნოდარს თვალი დაადგა.

 

შუბიძე უცებ შეშფოთდა და გაიფიქრა: "ვინ იცის, იქნება ჯიბგირია, აქ არაფერი იფიქროს"... და ჯიბიდან აბრეშუმის ხელსახოცში შეხვეული რაღაც ნივთი ამოიღო, ფრთხილად გაშალა და ხელში ყავის პატარა ფინჯანი შერჩა – უსწორ-მასწორო, ფაიფურის მსგავსი და უცნაური ფერისა: არც ყვითელი, არც წითელი, არც ჩალისფერი, არამედ ერთიც, მეორეც და რაღაც მეხუთეც. და მას ისეთი სიყვარულით, სინაზით და სიფრთხილით დაუწყო სინჯვა, თითქო ქვეყნის თვალი ეჭირა და დამსხვრევისა ეშინოდაო.

 

დიდხანს ატრიალა, სამივე მგზავრს დაანახვა, მერმე ისევ შეახვია და განძივით შეინახა, ნამდვილი განძი კი – შვიდი წლის მწარე შენაძენი, ათას-ფრანკიანების სქელი დასტა, რომელიც დღეს დილით გამოიტანა ბანკიდან, – დაუდევრად ედო უბის ჯიბეში და თითქმის არც კი ახსოვდა.

 

მესამე მგზავრმა ერთხელ კიდევ აათვალიერა ნოდარი, მის ხელში გაზეთ "Humanite"-ს მოჰკრა თვალი და გაიფიქრა: "რა ამის საქმეა პირველ კლასში ჯდომა?..

 – და ისევ თავის "ფიგარო-ს დაუბრუნდა.

 

ნოდარი კი მსხვილი ასოებით დაბეჭდილ სათაურებს კითხულობდა: "კაპიტალისტური ევროპა საბჭოთა კავშირს თავდასხმას უპირობს. ომი ახლოა... ულტიმატუმი იწერება... მაგრამ ჩვენ ნებას არ მივცემთ".

 

გაზეთი გადასდო და ჩაფიქრდა. ომს უპირებენ, ნოდარი კი სწორედ იქ მიდის, სადაც შეიძლება მალე ჯოჯოხეთი დატრიალდეს. მაშ გაგიჟდა? იმ ერთ ქათამსავით დანა მოენატრა? და თუ მართლა დღეს თუ ხვალ, ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ ომი იქნება, ეგებ სჯობდეს...

 

და უცებ მტკიცედ გადასჭრა:

 

"არა, არა მჯერა. ისინი, პარიზში რომ დავტოვე, მუდამ ომს ნატრულობენ, რადგან მხოლოდ გამარჯვებული ომია მათი მხსნელი. მაგრამ ესენი?.. ესენი ომს ჭირსავით ერიდებიან, და არც ევროპას სცალიან ომისათვის. მუდამ ემზადებიან, მაგრამ არ ეძებენ. დიდი ხანია ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაიჭედა და ასე ადრე და ასე ადვილად ვერ ამოვარდება". ნოდარ შუბიძეს კი აღარ შეუძლია უთავბოლო მოცდა, აღარ ძალუძს ლანდების დევნა, ღრუბლებში ფრენა და მოჩვენებასთან მუდმივი ბრძოლა. მას ვალი ადევს კისერზე – უმძიმესი, უმაღლესი, უნეტარესი – და ეხლა ამ მწვავე ტვირთის მოსახდელად მიდის და შვებით მხოლოდ მაშინღა ამოისუნთქავს, როცა მოსახსნელს მოიხსნის და მისართმევს მიართმევს – მიდის და სიხარულით მიართმევს იმ დიდსა და მარადიულს, რომელიც რვა წლის წინათ მოსწყდა და კინაღამ დაეკარგა.

 

კარი დაკეტილია? ფანჯრიდან გადავა.

 

ფანჯარაც მიხურულია? საკვამლეში ჩაეშვება.

 

საკვამლეც დაცობილია? თაგვის ხვრელით შეძვრება და მაინც თავის ოჯახში შევა – დიდ ოჯახშიც და პატარაშიც, საერთოშიც და საკუთარშიც, სადაც რვა წლის უნახავი ცოლი – თითქმის დაქვრივებული სიდონია – მოლოდინით დასჭკნა, დაილია. სადაც სამარის პირზე მიმდგარს დედა მართას ნატვრად გადაექცა ერთხელ და უკანასკნელად ნახვა თავის ერთა ნოდარისა. სადაც ნოდარის სამი წლის ვაჟი გაიოზი ახლა თერთმეტისა სრულდება და მამა ჯერ არც უნახავს. რადგან აღარ ახსოვს. სადაც რვა წლის წინათ უამრავი მეგობარი და ნათესავი დასტოვა. ნათესავი და მშრომელი ხალხი, რომელსაც მან, ნოდარ შუბიძემ, თითქმის ყველაფერი შესწირა, და რომელიც ეხლაღა სწავლობს უმძიმეს მეცნიერებას – შრომას, და უძნელეს ხელოვნებას – საკუთარ ფეხზე სიარულს. და განა არსებობს სადმე მოვალეობა უტკბესი და უმაღლესი იმ ხარკისა და ძღვენისა, რომელიც ნოდარ შუბიძეს მიაქვს.

 

არა, არ არსებობს.

 

მაშ დროა, ნოდარ შუბიძევ, დრო! 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯავახიშვილი მიხეილ / ფინჯანი