ჯავახიშვილი მიხეილ

 

ჯაყოს ხიზნები

 

 

ნაწილი პირველი

 

I

 

– გამ...მმარჯვება, ჯაყო!

 

– ნათლია კნიაზს გახლავარ!

 

– კაცო, სადა ხარ, სად და...დდაიკარგე?

 

და ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი ღიმილით და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს – ჯაყო ჯივაშვილს,რომელმაც ძველადვე ნაჩვევი ხელით ოსური ქუდი მარდად მოიშვლიპა, უცნაურად დაიჭიხვინა და თავისი ნაბატონევის ორივე ხელი, – დამდნარი, დონდლო და უძვლო ხელები ბუმბულზე გაზრდილ და წიგნებით შეჭმულ თეიმურაზ ხევისთავისა უმალვე თავის დათვურ თათში ჩაიმალა და ჩაიბღუჭა.

 

სალამის შემდგომ ბეცმა თეიმურაზმა ოდნავ უკან დაიხია. მარცხენა ხელით სათვალეები შეისწორა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი მაღლა ასწია, გოლიათ ოსს ქვევიდან აჰხედა და გაიკვირვა:

 

– საკ... კკკვირველია!.. საოც... ცცარია! როგორ გადიდებულხარ, ჯაყო, როგორ გასუქებულხარ!

 

ჯაყომ ცალის ხელით დოინჯი შემოიყარა, ცხენის კბილები გააელვა და დაიჭიხვინა:

 

– მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

 

მისი ნაჭიხვინევი მთელმა ქუჩამ გაიგო. მავალებმა მოიხედეს, იმ ორ ადამიანს აჰხედ-დაჰხედეს და გაიღიმეს.

 

**

 

ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. დედაბოძივით სქელი და გაჩაჩხული ფეხები ძლივს იმაგრებდნენ უშნოდ და ისე განივრად დადგმულ თეძოებსა და მხარ-ბეჭს, რომ ვიწრო ტროტუარი მარტო ჯაყოს ძლივს იტევდა.

 

რამდენიმე ნაჭრილობევით დასერილი თავი და პირსახე ისეთი შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით ჰქონდა შემოსილი, თითქო ჯაყოს ბეჭებზე კუპრში ამოვლებული უუზარმაზარი ზღარბი აცოცებულიყოო.

 

შავი ჯაგრის ბუჩქნარი თვალებამდე სწვდებოდა და იმ ჯაგნარიდან მხოლოდ ხარის თვალებს, წინ-წამოყრილ ცხენის კბილებსა და აჭყლეტილ ცხვირს ამოეყოთ თავი.

 

ერთი მტკაველის სიგრძე ულვაშები გადმობრუნებულ ჯამებივით გამოყრილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ, ხოლო იმ ჯამებს დინჯად და მედიდურად ლამბაქების ყურები დასცქეროდნენ.

 

შუბლი დაბალი და ჩაზნექილი ჰქონდა; ცხვირი – მოკლე და აჭყლეტილი; თვალები – მსხვილი კაკლის ოდენა და ამოყრილი, თანაც ცოცხალი და ცუღლუტი, მოელვარე და მოუსვენარი; თვალებს ზედ დასწოლოდა დაბურვილი, ხშირი და გრძელი წარბების ლარი, რომელიც მაღალსა და წინ-წამოვარდნილ კვინიხზე შუაზე გადატეხილიყო.

 

თავთ ეხურა ყავისფერი ოსური ნაბდის ქუდი, ტანთ ეცვა ოსური შალის გაპოხილი ჩოხა, ხოლო ფეხებზე – ხალვათი პაიჭები, თათრული ჭრელი წინდები და ახლად ნაყიდი დაბახანური ჩუსტები.

 

ერთი ადლის სიგრძე და ვერცხლით შეჭედილი თეიმურაზის პაპისეული ხანჯალი ტლანქსა და ბეჭგანიერ გოლიათს ხალვათ სიარულისთვის თეძოზე ჩამოეკიდნა.

 

ჯაყოს ერთ ხელში რკინით ნაჭედი მაჯის სისქე კომბალი ეჭირა, ხოლო მეორე იღლიაში ჭედილა – ცხვარი ამოეჩარნა, რომელიც ისე ადვილად მიჰქონდა, თითქოს ის ცხვარი ვარიაზე მძიმე არ ყოფილიყოო. ბეჭებზე რუსული თოფი ჰქონდა გადაგდებული, გულმკერდსა და წელზე სამი სავაზნე ჰქონდა შემორტყმული, ხოლო თეძოზე გრძელი მაუზერი ეკიდა.

 

ნაბატონევი თეიმურაზ ხევისთავი თავის ნამოურავალს იღლიამდე ძლივს სწვდებოდა. თეიმურაზი უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო, ნატიფად ასხმული და ნაქანდაკევი, მაგრამ გამხდარი და გაძვალებული, მხრებაყრილი და მკერდჩავარდნილი, ბეცი და მელოტი, გაფუფქულ ქათმის მინამგვარი, მწიგნობრობით დაღლილი, დაშრეტილი, გამოწურული და დამდნარი ნაკაცარი, რომელსაც მომავლად თვალწინ მხოლოდ შავი ნისლი ჰქონდა აფარებული, ხოლო ყველაფერი, რაც კი ოდესმე გაჩნდა, წარსულში ჰქონდა დარჩენილი: ტკბილი მოგონებანი, საერთო პატივი, მეგობართა სიყვარული, მუდმივი მოლოდინი უცნაურ მომავლისა და მარადიული დევნა ბუნდოვან ლანდებისა.

 

თეიმურაზ ხევისთავი ლბილისა და ჩუმის ხმით, ტაატით და ბორძიკით ლაპარაკობდა:

 

– საკ...კვირველია! – ერთხელ კიდევ წაიჩურჩულა თეიმურაზმა და ორივე ხელით ჯაყოს მორგვის მკლავს ჩამოეკიდა: – როგორ გამოცვლილხარ! წამო, ჯაყო, წამოდი ჩემთან. აქვე ვ...ვდგევარ. მარგოსაც ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. ხომ წამოხვალ, ჯაყო?

 

– წამოხვალ, შენი წირი მე, რატომ არ წამოხვალ!

 

– მართალია, წინანდებურად ვეღარ დაგიხვდები. მაგრამ, ხომ იცი, ყველი და პურიო, კეთილი გულიო.

 

– წამოხვალ, შენი წირიმე, ეხლავე წამოხვალ! – კვლავ როყიო ხმით ახვიხვინდა ჯაყო. – ჩემი კნიაზი ისე არ გაღარიბდება, რომ ჯაყოს ვერ დავუხვდებოდე.

 

თეიმურაზმა ხმა უფრო დაიმდაბლა:

 

– ოჯახი დადნა, ჯ...ჯჯაყოჯან, დადნა! ცხოვრებამ ყველანი დაგვადნო.

 

 

– ნათლია მარგო როგორა ხარ?

 

– კარგად ვერ არის. ისიც დნება და ილევა. აი, შენ თვითონვე ნახავ. ნათლია მარგოსაც ესიამოვნება შენი ნახვა. ბარემ ხ...ხხუთი წელიწადიც იქნება, რაც მარგოს არ უნახავს შენი თავი. იქნება ვერც კი გიცნოს, რადგან მეტის-მეტად გა...მმოცვლილხარ. – მერმე მიიხედ-მოიხედა და ხმას ჩურჩულამდე დაუწია:

 

– მართლა, ჯაყო, კნიაზს ნუღარ მ...მმეძახი, თორემ... ხომ იცი... ვინ იცის, რას იტყვიან.

 

ღვინით შებრუჟებული ჯაყო შესდგა და უარესად აყვირდა:

 

– ფეხებზე გკიდია ჯაყოს ყველანი! რაც გინდა, ის იტყოდეს! შენ ჯაყოს ნათლია კნიაზი ხარ, მარგოც ნათლია კნეინა ხარ. დანარჩენი ჯაყოსა ფეხებზე გკიდია! არავისიც არ გეშინია ჯაყოსა, მაშ, მაშა!

 

თეიმურაზი დაფეთდა. მიიხედ-მოიხედა და აჩიფჩიფდა:

 

– ჯაყო, ნუ გაგიჟდი! ხმა აღარ ამოიღო, გაჩუმდი, თორემ...

 

– რათ უნდა გაჩუმდე?! აკი გითხარი, ჯაყოს არ გეშინიან მეთქი!

 

და უმიზეზოდ ერთხელ კიდევ ისე აყროყინდა, რომ მავალებმა გაცრეცილ ნაბატონევსა და იმის უცნაურ ნამოჯამაგირევს კვლავ ღიმილით აჰხედეს და თვალი გააყოლეს.

 

კარგა ხანს იდგა გალაჯული ჯაყო ვიწრო ტროტუარზე. გზას აღარავის არ აძლევდა, არავის არ ერიდებოდა, კეტის სისქე კომბალს ანჯღრევდა, ხარხარებდა, რახრახებდა და იქადნიდა:

 

– ფეხებზე გკიდია მეთქი ყველანი ჯაყოსა! მოდი, ვისაც გინდებოდეს! თუნდ კომბალით გახვიდეთ, თუნდ ხანჯლითა, თუნდაც მუშტითა, მაშ, მაშა!

 

თეიმურაზმა ძლივს დასძრა გათამამებული ნამოურავალი. ორივენი კვლავ მიდიოდნენ და იგონებდნენ წარსულ დროებას: ერთად შეზრდას, ყრმობას, სოფლურ გასართობს, თევზაობას, ფრინველზე ნადირობას, უდარდელ წარსულსა და ბედის ცვალებადობას.

 

თეიმურაზი ხშირად აჩერებდა თავის ნამოჯამაგირევს. ერთხელ კიდევ აჰხედავდა, სათვალეებს შეისწორებდა, თითს მაღლა ასწევდა და ისევ გაოცდებოდა:

 

– ს...სსაოცარია საკ...კკვირველია!

 

ჯაყოც ცალი ხელით დოინჯს შემოიყრიდა, ღოჯის კბილებს გააელვებდა და უმიზეზოდ დაიხვიხვინებდა:

 

– მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

 

ზოგჯერ ჯაყოს თიოქო დაავიწყდებოდა თეიმურაზის ტაატი და თოხარიკით მოსხლტებოდა. აქაქანებული თეიმურაზი ჯაყოს ძლივს მისდევდა, თან ბავშვივით მკლავზე ეკიდებოდა და მოაგონებდა:

 

– ნელა, ჯაყო! ნუ სჩქარობ, თორემ დავიღალე.

 

მიუხვ-მოუხვიეს და ერთ ძველ შენობას მიადგნენ.

 

განიერი ჯაყო პატარა სახლის პატარა კარებში ძლივს შეეტია და ვიწრო კარებიც კინაღამ თან შეიტანა და შეანგრია.

 

თეიმურაზმა თავის ცოლს მარგოს ქოშინით ჰკითხა:

 

– მარგო, იც...ცცანი ეს კაცი?

 

მარგო შავსა და ნუშის თვალებს ჰჟუტავდა, ხან მოღიმარე ჯაყოს შესცქეროდა, ხან თეიმურაზს იშველებდა და ისე ბუტბუტებდა, თითქო ქურდობაში წაასწრესო:

 

– მაგონდება... ვიცნობ... მაგრამ...

 

– ჯაყოა, მარგო, ჩვენი ჯაყო, ჩვენი ნათლი-მამა, აღარ გახსოვს?

– ღმერთო ჩემო! გამარჯვება, ჯაყო!

 

გაბადრულმა ჯაყომ ხაფი ხმით წამოაყრანტალა:

 

– კნეინა ნათლიას გახლავარ!

 

და ნაკნეინარ მარგოს გაცომებული ხელი კინაღამ მოსტეხა. მარგომ ნათლიდედა და ნათლულები მოიკითხა და ნათლიმამას უსაყვედურა:

 

– სადა ხარ ჯაყო? რას აკეთებ? სულ დაგვივიწყე, აღარა სჩანხარ.–

 

– მუშაობ, შენი წირი მე, მუშაობ, მაშ! ბევრი საქმე გაქვს

 

ჯაყოსა, ძალიან ბევრი. სოფელს პატრონობა გინდა. სამი დღეა ქალაქში დადიხარ. ჯაყოი მთავრობასთან იყავი, მაშა! ვერ მოიცალე, შენი წირი მე, თქვენთვის ვერ მოიცალე ჯაყომა.

 

– მთავრობასთან რა გინდოდა, ჯაყო?

 

– ეხლა სოფლის "პოვერენია" ხარ ჯაყოი, მაშა! სოფელს სკოლაც გინდა, ჩითიც, ნავთიც და მარილიცა. ღარიბი სოფელია ნაშინდარი, ამიტომ ჯაყომ სთხოვე მთავრობას, რომა ნალოგი არ წაიღო, თორემ სოფელს მოსავალი არ გქონდა. წრეულს ნაშინდარს სეტყვაც მოგივიდა, დიდი წვიმაც და გოლვაც. სულ გაგიფუწდა მოსავალი, სულ!

 

– მეტის-მეტად გამოცვლილხარ, ჯაყო, გასუქებულხარ. – გაუღიმა მარგომ.

 

– მაშ, მაშა! ძალიან გაიზარდე ჯაყოი, შენი წირი მე, ძალიან გაიზარდე.

 

– ალბათ კეთილი ცხოვრება გექნება, ჯაყო, იმიტომ გასუქებულხარ.

 

– რატომ არ გექნება ჯაყოსა კეთილი ცხოვრება, შენი წირი მე, ჯაყო ახლა კარგათა ხარ, ძალიან კარგათა ხარ. იმიტომ გასუქდი ჯაყოი. ეხლა ჯაყოს ბევრი გაქვს პურიც, ხორციც, დუმაც, კარაქიც, რძეც და მაწონიცა. ჯაყოც მთელი დღე სწამ და სწამ, სწამ და სწამ! სუქდები და სუქდები, სუქდები და სუქდები, მაშა!

 

მარგო სუფრის გაშლას შეუდგა. ჯაყომ ნათლიდედას თვალი მიაბჯინა და იმის ტანის მისახვევებში გაშტერდა.

 

– დაბ... ბბრძანდი, ჯაყო, დაბრძანდი და გვიამბე შენი ამბავი, – მიიპატიჟა თეიმურაზმა.

 

– დაბრძანდები, შენი წირი მე, ეხლავე დაბრძანდები.

 

ჭედილა კუთხეში მიაგდო, კომბალიც იქვე მიაყუდა, მორგვის მკლავები დაიმკლავა, დინჯად ჩამოჯდა და სკამს ჭაჭა-ჭუჭი დააწყებინა. ჩამოჯდა და თვალი მიავლო ბინდიანს, ტენიანსა და ობიან ოთახს, რომელიც თავის მდგმურებივით სევდიანად, ქუშიანად და ნაღვლიანად გამოიყურებოდა.

 

მერმე ჯაყომ თეიმურაზს გადაჰხედა და მოკლედ მოუჭრა:

 

– ძალიან გაღარიბდი, შენი წირი მე.

 

მარგო მოიღრუბლა. პირი მიიბრუნა და ცრემლ-მორეული თვალები სარკმელს გაუშტერა.

 

თეიმურაზი სირცხვილით აილეწა. თავი ჩაჰღუნა და დიდხანს სდუმდა. შემდეგ გამოტყდა და დანაშაული აღიარა:

 

– ჰო, ჯაყო, გავღარიბდით... ძალიან გავღარიბდით...

 

II

 

თეიმურაზ ხევისთავი ორმოცი წლის ახალგაზრდა მოხუცი გახლდათ. ნათავადარი, ნამამულევი, ნამოღვაწარი და ნავექილარი.

 

ერთ დროს ლიახვის ნაპირზე, სოფელ ნაშინდარში, მას ჰქონდა პაპისეული ციხე-დარბაზი, ქვიტკირის მოზრდილი ბოსელი, მუხის ბეღელი, თავმონგრეული კოშკი, მარანი, ხუთიოდე დღიური ბაღ-ვენახი, კაკლის დიდი ჭალა და სამიოდე ათასი დღიური სახნავი. ლიახვის სათავეში, როკის ხეობაში მასვე ეკუთვნოდა ოთხი ათასი დღიური ხელუხლებელი ნაძვნარი, რომელიც თეიმურაზის მამამ ავთანდილმა ისე შეჰკრა და შეინახა, რომ – სანამ ცოცხალი იყო – იმ ტყეში ერთი ხეც არავის მოაჭრევინა. მერმე, როცა ავთანდილი გარდაიცვალა და თავისი მეუღლე სოფიოც თან წაიყვანა, ერთადერთმა მემკვიდრემ, ახალგაზრდა თეიმურაზმა ხევისთავთა მოურავობაში დაბერებულ პეტრე დევდარიშვილს უთხრა:

– ტყეც და სსს... სახნავ-სათესიც ხალხს ეკუთვნის, თავი და... დდაანებე, ღალას ნუღარ გამოართმევ. ხალხი არ შეაწუხო. აყალმაყალს მოერიდე, თორემ ჩემი მტრები ისარ... რრგებლებენ, გაზეთებში გ...გგამლანძღავენ და საქვეყნოდ თავს მომჭრიან.

 

ჭკვიანი პეტრე უმალ მიხვდა, რომ უპატრონო მამულში საქმე აღარ ექნებოდა, და მოურავობა ახალგაზრდა ჯაყოს გადაულოცა, რომელიც ყრმობიდან ხევისთავთა ოჯახს მოჯამაგირედ შეეზარდა.

 

ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან დედიან-ბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა. ობოლი ჯაყოც თავის ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ დაუდგა და თავიდანვე ისეთი ძაღლური ერთგულება, ხელმარჯვება და მუყაითობა გამოიჩინა, რომ ქანც-მილეული პეტრე მალე ხელში ჩაიგდო და მისი მაგივრობაც დაიმკვიდრა.

 

თეიმურაზი თავის ძვირფას ნაძვნარის სანახავად როკის ხეობაში არასოდეს არ ასულიყო, რადგან ვერც ცხენზე ჯდებოდა და ვერც სამიოდე დღე მოიხელთა შორეულ მგზავრობისთვის. ერთხელ თეიმურაზმა მართლა დააპირა ჯავის ხეობაში გამგზავრება, მაგრამ იმ ხეობიდან დაბრუნებულმა ჯაყომ თავის ბატონს შეატყობინა:

 

– იმ ტყეში, შენი წირი მე, ერთი ბუჩქიც აღარ დარჩებოდე წამლად. ჯაველებმა სულ გაგჩეხე შენი ტყე. საწყალი ტყე! ჰაი დედასა, რა ტყე გაფუწდი!

 

ამის შემდეგ თეიმურაზმა გადასწყვიტა, რომ იმ სიშორეს წასვლა ზედმეტი იყო, და არც წასულა.

 

ჯაყომ ისიც დააჯერა თეიმურაზს, ვითომ ხელსაყრელი აღარ ყოფილიყო საბალახედ გადაქცეულ როკის მამულის დევნა, მოვლა და ასიოდე მანეთის ღალისათვის იმ სიშორეს ხეტიალი.

 

დაიჯერა თეიმურაზმა და ის მამული ვინმე ბრინკა ჯივაშვილს ორას თუმნად მიჰყიდა.

 

ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ერთხელ ნაშინდარის მღვდელმა ივანემ თეიმურაზს უთხრა: მამულის მყიდველი ბრინკა, – ტუტუცი და გამოჩერჩეტებული ლოთი, – ჯაყოს ბიძაშვილი არისო, ვითომ იმ ბრინკას ნამდვილი მყიდველი – ჯაყო ჯივაშვილი ამოეფარაო, ვითომ ჯაყომ ის მამული მეორე დღესვე ვინმე ფარასტაშვილს ექვს ათას მანეთად მიჰყიდა და იმ ტყეში ასი ათასი უზარმაზარი ნაძვი, ფიჭვი და სოჭი კიდევ დარჩაო.

 

თეიმურაზმა ეს ამბავი მარჯვენა ყურში შეიშვა და მარცხენა ყურიდან გაიფრინა. არც ეცალა თეიმურაზს ჭორების გამოძიებისთვის. სწორედ იმ დროს თავისი სახლის ჭერის თავზე სამი ყუთი აღმოაჩინა დამპალ და ჩრჩილ-ნაჭამ გუჯრებით და ძველი წიგნებით გავსებული. თეიმურაზმა ამ გუჯრებსა და წიგნებში ისე ღრმად ჩაჰყო ცხვირი და ისეთის გულმოდგინებით ჰქექავდა იმ ნაგავს, რომ კინაღამ თვითონაც დალპა, გაჩრჩილდა და გაჭიავდა.

 

ახალგაზრდა მეცნიერს ჯერ ეგონა, ვითომ საქართველოს ისტორიის მეჩვიდმეტე საუკუნე გადმოატრიალა, ზოგ ბუნდოვან ამბავს შუქი მოჰფინა და ძველის-ძველი ქრონიკების უუძველესი ვარიანტები აღმოაჩინა. მაგრამ, როცა ერთ მოხუც მწიგნობარს თავისი სიხარული გაუზიარა და ის ნაწერებიც წააკითხა, მოხუცებულმა მეცნიერმა აქაფებული იმედი ხუთ წუთში გაუქარწყლა და ადუღებული თავიც დაუმშვიდა. იმოდენა ნაწერებში არაფერი ახალი არ აღმოჩნდა, – გარდა ხევისთავთა უთავბოლო დავისა ამილახორებსა, ერისთავებსა, მაჩაბლებსა, ამირეჯიბებსა და ყველა შორეულ-მახლობელ ქართველ მეზობლებთან – შესახებ ყმების, საციციანო და სამაჩაბლო ტყეების, ღალების, სამონასტრო ადგილების, ზვრებისა და ათიოდე კუთხეში გაფანტულ მამულებისა, რომელთა რაოდენობას და ნუსხას თეიმურაზმა თავიც ვერ მოუყარა.

 

**

 

როგორც შეეფერებოდა ნასწავლ თავადიშვილს, თეიმურაზს მუდმივი ბინა ტფილისში ჰქონდა, ხოლო ნაშინდარი მეწველ ფურად და აგარაკად იყო გადაქცეული.

 

ერთ დროს ახალგაზრდა, ქველი, თავის დროის აზრებით გაჟღენთილი ბატონი ზაფხულში და შემოდგომაზე ნაშინდარში სცხოვრობდა და დღე-ღამეს წერა-კითხვაში ასწორებდა. მაგრამ ნაშინდრელი გლეხები ბატონს მოსვენებას არ აძლევდნენ. დღე არ გაივლიდა, რომ მემამულის ციძე-გალავანში გლეხები არ შესულიყვნენ, თეიმურაზის ფანჯრის ძირში არ ატუზულიყვნენ და ყაყანი არ დაეწყოთ.

 

– რა იყო, რა მ... მმოხდა? – იკითხავდა თეიმურაზი.

 

ასტყდებოდა ჩივილი, ვაჭრობა, ღიჯინი და თხოვნა-მუდარა ორიოდე კოდი ხორბლის, ან რომელიმე ღალისა და ვალის შემცირება-პატიებაზე.

 

ბოლოს, გლეხებს მაინც თავიანთი გაჰქონდათ. მაგრამ შემდეგ ჯაყოს ჭიხვინი და საყვედური იქაურობას გასტენავდა ხოლმე:

 

– რათ გაპატიე ილასა?.. რათ მისცემოდე თედოსა? ყველას რომ ეგრე დაურიგებოდე ღალასა, ზამთარში რაღას მოგართმევდე ქალაქში? ის ტყაპუჭებიც მაშინ მოდიხარ შენთანა, როცა ჯაყო სახლში არა ხარ. იმათაც ისწავლე ეშმაკობაი, განა! მორჩი და გათავდი! აღარ გინდა ჯაყოს სამსახური! აბა ეხლა სხვა ჯაყო იშოვნებოდე!

 

სხვა ჯაყოს თეიმურაზი ვეღარ იშოვნიდა, ამიტომ დატუქსულ შეგირდივით ბოდიშს იხდიდა და გამწყრალ მოურავს ამშვიდებდა:

 

– ნუ ჰყვირი, ჯ... ჯჯაყო. ამიერიდან უშენოდ არავის აღარავითარ შეღავათს არ მივცემ.

 

ჯაყო ძლივს დამშვიდდებოდა. მაგრამ მეორე დღესვე ხელმეორედ აყვირდებოდა, რადგან გულუხვი თეიმურაზი დადებულ პირობას ვერ ასრულებდა. ბოლოს, ჯაყომ თეიმურაზს თავისი განაჩენი გამოუცხადა:

 

– ბატონო, შენ უნდა წახვიდე აქედანა, თორემა მე და შენ ვერ მორიგდებით.

 

თეიმურაზი ტფილისში წამოვიდა. მას შემდეგ ნაშინდარის პატრონი, – მუდამ მოუცლელი და ყოვლად გადაუდებელ საქვეყნო საქმით დატვირთული და პოლიტიკურ გაზაფხულით გატაცებული – ორ-სამ წელიწადში მამა-პაპეულ ნაბინადარში ერთხელ ძლივს-ღა ავიდოდა. იქ ორიოდე კვირას მოისვენებდა, მეზობლებს დახედავდა, სოფლელებს კვლავ სათხოვარს შეუსრულებდა და თავის მოურავს ჯაყოს გლეხების აწიოკების გამო ასეთ დიალოგს გაუმართავდა:

 

– ჯ... ჯჯაყო, რამდენჯერ მითქვამს შენთვის – გლეხებს ლბილად მოექეცი მეთქი.

 

– ლბილად კი არა, ახლა იმ ტურტლიანებს გაკოცებ კიდეცა!

 

– ნუ აკოცებ, მაგრამ ნურც დასჩაგრავ.

 

– ვინა? მე დაგჩაგრე გლეხები? – გაცხარდებოდა ჯაყო. – მე კი არა, გლეხებმა დაგჩაგრეს საწყალი ჯაყოი, გლეხებმა! რამდენჯერ გცემეს ჯაყოსა, რამდენჯერ გაგიტეხეს თავი!

 

– ჯაყო, ყური დამიგდე. ათჯერ მითქვამს შენთვის, რომ მე პ...პპოლიტიკური მოღვაწე ვარ, მე და ჩემი მტრები ერთმანეთს ვებრძვით. ამას წინათ ჩემი ოინები გაიგეს და გ... გგაზეთში ჩამიწერეს. რა პასუხი უნდა გავცე ეხლა ჩემს მტრებს?

 

– რა პასუხი? ჯაყო გითხრამს: ასე დასწერებდე შენ გაზეთში: წადი, თქვენი დედა და მამა... თქო!

 

– ჯაყო, ჯაყო! ნუ ხარ უზ...ზზრდელი, აგეთი ლანძღვა არ შეიძლება.

 

– ძალიანაც შეიძლება! მე შენი პალტიკა-მალტიკა არ ვიცის. ჯაყო ქალაქში რომ ჩამოხვალ, ერთი ის კაცი აჩვენებდე იმასა, გაზეთში რომ დაგწერებდა. მერე შენ ნახავდე სეირსა: ისე გაბურთავო ის ოხერი, როგორც ჩილიკა-ჯოხი, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

 

თეიმურაზი გაიცინებდა, ბრძანების ნაცვლად ჯაყოს კვლავ დარიგებით გაბერავდა, მერე მარჯვნივ და მარცხნივ ნასწავლის რჩევას უხვად გააბნევდა, გლეხებს ათასს იმედს მისცემდა, მიწების განაწილებას დაჰპირდებოდა და, სვინდის-დამშვიდებული, ისევ ტფილისისკენ მოეშურებოდა.

 

**

 

თეიმურაზი სოფლიდან დაბრუნებას ძალიან მოიჩქაროდა: ტფილისში მოუთმენლად ელოდებოდნენ მჭლე გაზეთი, კოტრი კოოპერატივი, ძილმორეული კულტურული საზოგადოება, სახალხო სახლი, უფასო კურსები და ათასი უთავბოლო ჩხირკედელობა, ფუსფუსი, ჩურჩული, ლაყბობა და ენის მოსაფხანი ამბავი.

 

ხევისთავი რწმენით უუკიდურესი რადიკალი და ხალხოსანი იყო. თუმცა მუდმივსა და აქტიურ პოლიტიკურ მუშაობას არ მისდევდა, მაგრამ მაინც ერთ ჯგუფში თანაგრძნობის ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი და ზოგჯერ სახიფათო საქმეშიც ოდნავ თითსაც ურევდა, კალამი მსუბუქი და ხალისიანი ჰქონდა, ხოლო საგნის ცოდნა – ღრმა და ფესვიანი, ამიტომ როცა საჭიროება მოითხოვდა, შესაფერ მოხსენების ან მემორანდუმის შედგენას მას მიანდობდნენ ხოლმე.

 

თეიმურაზს მთელი ტფილისი იცნობდა: ზრდილი, პატიოსანი, დინჯი, ჭკვიანი და ენამჭევრი საზოგადო მოღვაწე იყო. თუმცა ლაპარაკში ოდნავ ენას უკიდებდა, მაგრამ ბორძიკი არაფერს არ ჰვნებდა, ზოგის თქმით კი – უხდებოდა კიდევაც.

 

სამი კაცი იშვიათად მოიყრიდა თავს, რომ მეოთხედ თეიმურაზი არ ჩარეულიყო, შუაში არ ჩამდგარიყო, სათვალეები არ შეესწორებინა, თითი მაღლა არ აეწივნა და მაშინვე ბაასის სადავე ხელთ არ ეგდო:

 

– მ... მმოითმინეთ, მ... მოვისაზროთ. ჯერ კამათის საგანი გამ... მმოვარკვიოთ.

 

და რაზედაც უნდა ყოფილიყო ბაასი, – შესახებ სუდანის ირიგაციისა, ინგლისის პოლიტიკისა ეშმაკის კუნძულზე, გერმანელების დამკვიდრებისა აფრიკაში, პორტ-ჯიბუტის გარშემო ატეხილ დავისა, ზანზიბარის სულთანის გარდაცვალებისა, თუნდ ჩარტისტულ მოძრაობისა. თუნდ ახალ ზელანდელ ქალების საარჩევნო უფლებისა, ან ახალ მნათობის აღმოჩენისა, ან რომელიმე მეცნიერულ გამოკვლევისა, კომბის ან ლოიდ-ჯორჯის გეზისა, ან რომელიმე ქვეყნის რომელიმე მოღვაწის რომელიმე სიტყვის ახსნა-განმარტებისა, – თეიმურაზი მუდამ უდავო მსაჯული და მცოდნე იყო ყველასი და ყველაფრისა.

 

თუ ვინმე გაჰბედავდა და თეიმურაზს კამათს აუტეხავდა, ქაღალდის ჩრჩილი მოპირდაპირეს უმალ ავტორებისა და ციტატების სეტყვით გააბრუებდა.

 

სადაც მცირედი დავა და კამათი ასტყდებოდა შესახებ რომელიმე ამბავის სისწორისა ან მცნების განმარტებისა, იმის მაგივრად, რომ მოდავეებს ენციკლოპედიურ ლექსიკონში ჩაეხედნათ, დავის გადასაჭრელად თეიმურაზთან მირბოდნენ. თეიმურაზიც ცნობას და განმარტებას ხალისით აძლევდა. თან ორ-სიტყვიან ცნობას რთულ ლექციად გადააქცევდა. ერთ ნათქვამს მოიმიზეზებდა, უბრალოს გაართულებდა, გაჰყვებოდა, გასჭიმავდა და მსმენელს ისე გაჰგუდავდა, რომ ერთმანეთს ძლივს-ღა დაშორდებოდნენ ხოლმე. ამის გამო ვიღაცამ თეიმურაზს ცოცხალი ენციკლოპედია დაარქვა. მას აქეთ თეიმურაზს ეს ზედმეტი სახელი სამუდამოდ შერჩა და ისიც ამ სახელს ამაყად და თავმომწონედ ატარებდა.

 

თეიმურაზის კარებს ვექილის წარწერა ჰქონდა. ათასში ერთხელ ვინმე გზა-დაბნეული გაბრიყვდებოდა და თეიმურაზს საქმეს ჩააბარებდა. მერმე იმ საქმის პატრონი ნანობდა და თავში ხელს იცემდა: თეიმურაზი საქმეს ხალისით აიღებდა, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიატანდა. ხან არზას დროზე არ დასწერდა, ხან განსაჩივრების ვადას გადააცილებდა, ხან ნაკისრი საქმე სულ დაავიწყდებოდა, ხან კიდევ საქმის გარჩევას ვერ დაესწრებოდა, რადგან იმ დღეს ან გადაუდებელი საგაზეთო წერილი ჰქონდა დასაწერი, ან კრებაზე იყო წასასვლელი, ან კიდევ, სასამართლოში მიმავალი, ქუჩაში ვინმეს წააწყდებოდა და ისე გაჰყვებოდა კამათსა და მუსაიფში, რომ საქმესაც დაივიწყებდა და ოჯახშიც საღამოზე ძლივს დაბრუნდებოდა.

 

**

 

ნაშინდარიდან წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ჯაყო ჩამოვიდოდა. ხელმარჯვემ, ჭკვიანმა, ყბედმა, ქვეშქვეშამ და ხერხიანმა ოსმა ძალიან კარგად იცოდა, რომ იმისმა ბატონმა ღალისა და მაზანდისა არაფერი არ იცოდა.

 

ჩამოვიდოდა და ჩამოიტანდა ღვინოს და ხილს, მწნილს და მურაბას, ჩურჩხელებს და ფულს. ჯერ ბატონს მოიკითხავდა:

 

– როგორა ბრძანდებოდე, შენი წირი მე? ალბათ ძალიან ბევრი მუშაობ ბატონი, რომ აგრე გახდებოდი.

 

მერმე თეიმურაზს პასუხსაც აღარ დააცლიდა და აწუწუნდებოდა:

 

– წრეულს ძალიან ცუდი მოსავალი გექნებოდა, შენი წირი მე. სეტყვაც გქონდა, დიდი წვიმაც და გოლვაცა. გლეხებიც ძალიან გაეშმაკდი, ღალას არ მოგცემდი... სულ ძალაზე იყურები.

 

თეიმურაზი ჯაყოს კვლავ დაარიგებდა:

 

– უნდა მ... მოითმინო, ჯაყო, ტკბილი სიტყვით და კეთილი გულით უფრო მეტს გაარიგებ, ვიდრე მუქარით და ძალით.

 

– მეც ეგეთი ხარ, შენი წირი მე. გლეხებს სულ გარიგებ და გიცინი, მაგრამ ისინი სულ კომბალზე და ხანჯალზე იყურები.

 

თეიმურაზი მორცხვად ჩაურთავდა:

 

– შენი სისტემა ძალიან მომწონს, ჯაყო, მაგრამ...

 

– მაშ, მაშა! ჯაყოს ძალიან კარგი ჩისტემა გაქვს!

 

– მაგრამ გლეხები მაინც სჩივიან, ჯაყო გვცემსო, გვაწიოკებსო, ერთხელ მიცემულს მეორეჯერ გვართმევსო.

 

– ვინა, მენა? ჯაყოი?! ჯაყო გცემს გლეხებსა?! ვაი, საწყალი ჯაყოი! ვაი, სადა ხარ სამართალი! – ჰყვიროდა გულნატკენი ჯაყო და ხუთ-გირვანქიან მუშტს განიერ მკერდზე იბრაგუნებდა. – მე კი არა გცემ, გლეხები გცემენ ჯაყოსა! ღმერთმანი, გლეხები გცემენ! ამას წინათაც ისე გცემეს, ისე გცემეს, რომ საწყალი ჯაყოი კინაღამ მოკვდი, მაშა! აბა ერთი ფერშალსა ჰკითხე, ის გეტყვის ყველაფერსა.

 

და ბატონის უმადურობით ნაწყენი ჯაყო ან ქუდს მოიშვლეპდა, ან სახელოს აიწევდა, ან ბარძაყს გაიტიტვლებდა, ან კიდევ მკერდს გაიღეღავდა და საბუთს გამოიჩენდა:

 

– აი, შენი წირი მე, აი! შენ თითონ ნახავდე. ისეთი დიდი კომბალი დაგარტყეს თავში, რომ საწყალი თავი კინაღამ გოგრასავით გაგისკდა... აი, აქაც დიდი ქვა დაგარტყეს... აქ კიდევ ხანჯალი გატაკეს... ძალიან გცემეს ჯაყოსა, შენი წირი მე, ძალიანა! უნდა თავი დაგანებო სამსახურსა, თორემა ყაჩაღები საწყალი ჯაყო მოგკლავდეს.

 

და მოჰყვებოდა გაუთავებელ წუწუნს იმის გამო, ვითომ გლეხები უკლებლივ ყაჩაღები ყოფილიყვნენ, ვითომ ერთგული ჯაყო თეიმურაზის გულისთვის იმ ყაჩაღებს დღე-და-ღამ ებრძოდა და სისხლსა ჰღვრიდა, ხოლო უმადური თეიმურაზი მოურავის ერთგულებას არ აფასებდა და ჯაყოს ისევ გლეხების დარბევას აბრალებდა.

 

– სამსახურიდან დაგითხოვე ჯაყოი, შენი წირი მე, თორემა ჯაყოს მოგკლავდნენ და შენც იმის ცოდო დაგედებოდეს.

 

დაჯერებული თეიმურაზი შიშით ჰკანკალებდა, ნაცემ ჯაყოს სიბრალულით ჰკვნესოდა და გულში მოურავის ძაღლურ ერთგულებას ამაყობდა.

 

ის კი არ იცოდა თეიმურაზ ხევისთავმა, რომ თუ გამწარებულ გლეხებისაგან ჯაყოს ერთი მოხვდებოდა, – აბეზარი, ჭირვეული, კბილმახვილი და დაუნდობელი ნადირი ჯაყო თავის მტერს ხუთჯერ მაინც მიუზღვნიდა სამაგიეროს, ერთს სამად გადაახდევინებდა და ერთ განაკაწრს, ასე თუ ისე, დიდის ქონებით აინაზღაურებდა.

 

ჯაყო რომ ჭრილობებზე ყბედობას გაათავებდა, მაზანდასა და მოსავალზე მოჰყვებოდა:

 

– მოსავალს არავინ არ ყიდულობდე, შენი წირი მე. მაზანდაც ძალიან ფინთი იქნებოდე. ცხინვალში კოდი ორ მანეთად ძლივს გაგყიდე.

 

თეიმურაზი ღალის დასათვლელად და მაზანდის გასაგებად ვერ იცლიდა, ამიტომ ჯაყოს ცნობას უცილობლივ იჯერებდა და ანგარიშსაც ისე მიიღებდა, როგორც მოურავი ჩაუთვლიდა.

 

ჯაყოც ტაბიკის თითებს მოიხმარებდა და ერთი საათი ჰხვნეშოდა: დავიწყებულს იგონებდა, მოგონებულს ივიწყებდა და ცივ ოფლში იწურებოდა. ბოლოს, როცა ანგარიშს თავსა და ბოლოს გადააბავდა, გახარებულ კვიცივით ახვიხვინდებოდა:

 

– ესეც ხომ მოგრჩი და გაგათავე. მადლობა ღმერთსა!

 

თეიმურაზი სოფლის საერთო ამბავს გამოჰკითხავდა. ჯაყოც პირს მოიხსნიდა და აღარ გაჩუმდებოდა:

 

– სოფელი ძალიან ფინთი გახდებოდე, შენი წირი მე, ძალიან ფინთი! ყველანი გაფუწდი, ძალიან გაფუწდი! ყველანი ქურდობდე და იტაცებდე. ამას წინად ჩვენი ერთი მოზვერი და ათი ცხვარი მოიპარე. ჯაყომ ქურდებს ბევრი გცემე, მაგრამ ქურდები არ გამოტყდი.

 

– ჯაყო, ცემა და ძალადობა არ შ... შშეიძლება მეთქი. –

 

მეასეჯერ ეტყოდა თეიმურაზი და ისევ ვრცელ დარიგებას მისცემდა:

 

– გლეხობა არ გადამკიდო მეთქი, ჯაყო! ჩემზე ცუდი არავის ათ... თთქმევინო; არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი პოლიტიკური მტრები საბაბს ეძებენ ჩემს დას... სსამცირებლად და დასამარხად.

 

თავჩაღუნული ჯაყო მწიგნობარის შადრევანს მოთმინებით უგდებდა ყურს, თანხმობის ნიშნად ზღარბის თავს იქნევდა და ულვაშებში იცინოდა, გულში კი ბატონს "დურაკს" უწოდებდა და ხანგამოშვებით მკერდს იბაგუნებდა:

 

– ახ, ნეტა შენი პალტიკა მტერი ჩაგივარდეს ჯაყოსა ნაშინდარის ორღობეში!

 

ბოლოს, თეიმურაზის ქადაგებით გაკრავებული, დარიგებით გაგუდული და ცოლშვილისთვის ათნაირ საჩუქრებით დატვირთული ჯაყო ისევ ნაშინდარში ადიოდა, – ისევ გლეხების დასაწიოკებლად და საკუთარ გოლიათური ტანის გასასუქებლად.

 

თეიმურაზი კი მეორე დღესვე გაზეთში ორ-ადლიან წერილს გასჭიმავდა შესახებ მოუსავლობის, დაბალ მაზანდის, გლეხების გაჭირვებისა და მემამულეთა გაუმაძღრობის, გულქვაობისა და დაუნდობლობისა. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯავახიშვილი მიხეილ / ჯაყოს ხიზნები