ჯანიკაშვილი ბასა 

 

Eine kleine Nachtmusik

 

 

 

სარჩევი:

Eine kleine Nachtmusik

გაუმარჯოს

თითით საჩვენებელი

კოღო

მფრინავი თევზები

სველი ძაფები

სიკვდილი დელტაპლანით

სინათლე და სითბო ანუ დაბადების დღე

ფერადი ჩრდილი

 

 

 

 

Eine kleine Nachtmusik

 

თეთრი დღეები დამიდგა.

 სარკეში თავი დავლანდე. პირი მქონდა გასაპარსი. როცა პარსვას მოვრჩი, ცხვირი გამეზარდა. აი, ასე, აიღო და გაიზარდა. თავად პროცესი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.

 პირი გავიპარსე.

სახეზე პეშვით წყალი შევისხი, ალაგ-ალაგ შერჩენილი საპონი მოვიბანე და ის იყო ნაკვთების მოხილვა დავაპირე, თვალში ცხვირი მომხვდა.

 თავდაპირველად იგი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. არაფერი განსაკუთრებული. შემდეგ კი ცხვირმა ნელ-ნელა მოძრაობა იწყო, ჯერ მარცხნივ გადაიზნიქა, შემდეგ – მარჯვნივ... ვიფიქრე – მომელანდა-მეთქი.

 ნაოჭების დათვლა დავიწყე. ხომ იცით, როგორ ხდება – ერთი ნაოჭი, ორი ნაოჭი, სამი ნაოჭი... საშიში ამაში არაფერია. მთავარია, მარტო არა ხარ.

შენი სევდა და წუხილი სხვას ატყდება თავს – ეს "სხვა" შენს სახეზე გაკვალული ნაოჭებია. მათი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ შენ გადაგეყარნენ. აქ იწყება და მთავრდება მათი ტრაგედია და კომედია. ნაოჭების დათვლა დავიწყე თუ არა, ცხვირის წვერი ჩამოიზნიქა, წამოიწოწა და ქვედა ტუჩთან გაჩერდა. შემეშინდა. ცხვირს ხელი ვერ ვახლე, უარესი არ დამემართოს-მეთქი და გავიტრუნე. ცხვირმა თითქოს ისმინა და აღმართს აუყვა; ნელ-ნელა თავის ალაგს უბრუნდებოდა.

ახლა კი ვიფიქრე, ბევრი არ მოუვიდეს, სულ არ დაპატარავდეს-მეთქი და უფრო შემეშინდა.

 რა კარგია, როცა არაფერი გაწუხებს. საკუთარ თავში მცირეოდენ ცვლილებასაც კი შიში მოსდევს – გეშინია საკუთარი თავის და უფრთხი ცვლილებებს. ამ შემთხვევაში ორი გამოსავალია – გეშინია, ან უფრო გეშინია.

 ამასობაში ცხვირი დალაგდა, ჩვეული ფორმა მიიღო და ვითომც არაფერი მომხდარაო, გაყუჩდა.

 შუბლზე მომდგარი ოფლის წვეთები წყალს გავატანე, სახე შევიმშრალე და ის იყო სააბაზანოდან გამოსვლას ვაპირებდი, რომ ცხვირით კარს შევეჯახე.

 უკან შემოვბრუნდი. კარი ჩავკეტე. ხელსაბანს დაყრდნობილი, სარკის წინ თავჩაღუნული, თვალდახუჭული ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ეს მოჩვენებაა.

 ჩემს სააბაზანოში ერთი პატარა ფანჯარაა. ჭადრის ხეს ამოფარებული ფანჯარა, რომელიც დაუღალავად აკვირდება ეზოს. ერთი შეხედვით, ჩრდილს შეფარებული, თვალებდაჭყეტილი, ყველასთვის გულღია გეგონებათ, მაგრამ ეს მოჩვენებითია.

ჩემი ფანჯარა მორცხვი, მშიშარა, უსუსური და ყველაფერთან ერთად, ჭორიკანაცაა.

 ასეთი ფანჯრის პატრონს, ისღა დამრჩენოდა, გარეთ გამეხედა და კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი – ეს ყველაფერი მოჩვენებაა, თუ არა.

 ჩემს მეზობლად სომხების ოჯახი ცხოვრობს. წესიერი, პატიოსანი ხალხი. მოხდა ისე, რომ ოჯახის თავკაცმა – ალიკამ ქალიშვილი გაათხოვა. მომდევნო წელს ალიკა ბაბუა გახდა, ორიოდე წელიც და, ჩემი ფანჯრის წინ ალიკამ და რუდიკამ ხელიხელჩაკიდებულებმა გაისეირნეს ეზოში. დადიან ალიკა და რუდიკა ეზოს ერთი ბოლოდან მეორეში და პირიქით. თვალს ვადევნებ და ვფიქრობ, რომ მათ ცხოვრებაში ძნელად თუ შეიცვლება რამე.

 ჯერ კიდევ ალიკას მამამ – გოგანამ თქვა: მშობლიურ კერას მოწყვეტილი კაცისთვის, დრო კეთილი გულით ბოძებული საჩუქარიაო. ივლიან ასე ალიკა და რუდიკა მთელი ცხოვრება.

ხან ბაბუა ჩაჰკიდებს ხელს, ხანაც შვილიშვილი. ასე მოდიოდნენ, ასე წავლენ.

 დასაფლავებაზე ცოტა ხალხი იქნება. ასეთ დროს წვიმა უხდება. წვიმის გარეშე ხომ დამარხვა დამარხვას არ ჰგავს და ტირილი ტირილს.

 წვიმა, როგორც მადლიერი ნაცნობი, ტაშის ცემით გააცილებს იმქვეყნად. წვიმა დაუღალავად, ხელების დახეთქვამდე იაპლოდირებს. ყური დაუგდე წვიმას...

 ქელეხში ნათესავები ჩამოვლენ მეზობელი რესპუბლიკიდან. ეზოში სეფა გაიშლება.

მრავალრიცხოვანი სომეხი ნათესავები რუდიკას კიდევ ერთხელ მიართმევენ ძვირფას ძღენს – დროს. რუდიკა, თავის მხრივ, როგორც ფასდაუდებელ სუვენირს, ტელევიზორის თავზე შემოდგამს და გაიხსენებს დიდი ბაბუას სიტყვებს: მშობლიურ კერას მოწყვეტილი კაცისთვის დრო კეთილი გულით ბოძებული საჩუქარიაო.

 სარკმელს მოვცილდი, სარკეს მივაგენი და იქ ცხვირის მეტი ვერაფერი დავლანდე. ცხვირი სიგრძეში კიდევ უფრო გაზრდილიყო.

 დრო კი გადის. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ დრო მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გავიდეს. დრო გადის – ეს შეუქცევადია და იმდენად პრიმიტიული, რომ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, არსებობს კი საერთოდ დრო?

 ეზოდან ტირილი შემომესმა. რუდიკამ მიწიდან რაღაც აიღო, პირში ჩაიდო, ალიკამ კი წაართვა და გადაუგდო. რუდიკა ხელს იშვერდა და ტიროდა.

ბაბუამისი მას სახლისკენ მიაქანებდა.

 საინტერესოა, რა უდგას რუდიკას ტელევიზორის თავზე. თუ დრო არსებობს, რატომ უნდა შეგეპაროს ეჭვი მის ყოფნაში? რატომ არის დრო ასე მარტივი. ხომ არ შეიძლება დრო მხოლოდ იმიტომ არსებობდეს, რომ გაილიოს და არ დაილიოს. ბოლოს და ბოლოს, დროსაც ხომ შეიძლება აევსოს მოთმინების ფიალა და მოგვაძახოს, თქვენი არ ვიცი, მე დავიღალე და თავი დამანებეთო. კარგი სანახავები ვიქნებით დროის გარეშე.

 ალბათ, დრო არ არსებობს და შესაბამისად, არც გადის. ის მხოლოდ ჩვენ გვჭირდება, რომ მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცებივით გავითვალოთ ერთიდან უსასრულობამდე; დასაწყისიდან დასასრულამდე. და თუ ამ დათვლას დროს დავარქმევთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ დრო თითოეულ ჩვენგანთან ერთად იბადება, შემდეგ კვდება და ის მხოლოდ ჩვენი საკუთრებაა, ჩვენი მოგონილია.

 ჩემს ეზოში ნატა ცხოვრობს.

ნატა იასამანს ჰგავს. საჭირო იყო მონდომება, რომ თავაზიანი იასამანი ნოემბრის იმ უკანასკნელ მზიან დღეს დამგვანებოდა, მორცხვად რომ ნებდება ზამთარს. ნატა იმ მერცხალსაც ჰგავდა, ცაში მარტო მოელვარეს გაზაფხული რომ მოჰყავს... მის ფანჯრებს ავხედე. იქ არავინ დამხვდა.

 ჰო, მართლა...

 ცხრამეტი წლის რუდიკამ ვენაში პირველად შეუშვა "შავი". ცელოფნის ნაფლეთში გახვეული "შავი" პირით აფხიკეს, ჯამს შეაწმინდეს და ანჰიდრიდის მძაფრი სურნელით ცეცხლზე შემოდგეს. "შავი" დუღდებოდა და საშველს ითხოვდა.

 ბუმ-ბუმ – ოხრავდა წამალი და რუდიკას ძმაკაცები მკლავებს იკაპიწებდნენ.

 სიგარეტის ფილტრი გაციებულს ჩაუფინეს და ყველაზე თამამმა ბაიანი შეაყენა.

რუდიკაც მოემზადა და ბლანტი სითხით გაჯერებულმა ერთჯერადმა დაიწრიპინა.

 რუდიკას თავი გადაუვარდა, პირი დააფჩინა და მას მოეჩვენა, რომ დრო იყო, ყველასათვის ენა გამოეყო.

 ბეეყ – დაიყვირა და ნახევრადმელოტი პრეზიდენტის თავს ეძგერა. ჭაღარა თმები აიფოფრა, აიშალა, ახლა იგი საცოდავი ჩანდა და წამით რუდიკას შეეცოდა კიდეც. მსხვილი "ტეტე"-ს ლულა ოფლიან თავზე მიაწება და ჩახმახს გამოჰკრა.

 ბუმ – დაიქუხა პისტოლეტმა და რუდიკამ პირიდან მჟავე, ფერადი სითხე გადმოანთხია.

 რუდიკას თავი იატაკზე იდო.

უნდოდა წამოეწია იგი, თმებში ხელიც ჩასჭიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო. თავი ჯიუტად ეწებებოდა სააბაზანოში დაგებულ ლინოლიუმს. რუდიკამ ზეცას ახედა და იქ უცნაური რამ დაინახა. ლაქა ახლოვდებოდა, იზრდებოდა...

 ჩემი სიმშვიდე – ამბობდა რუდიკა – მხოლოდ ცაში გამოკიდებულ ღრუბელს შეედრება.

 დედა, – წაიჩურჩულა რუდიკამ, როცა მოფრენილ დედამისს მოჰკრა თვალი.

მან მხოლოდ ახლა შეძლო თავის აწევა. დედამ შვილს შემოუფრინა და მის ცხვირთან შეჩერდა. რუდიკას სმენას დედის ფრთების ფართხუნი ჭრიდა.

 – დედა, ნუ ფრენ ასე ხმამაღლა, – შეევედრა და რუდიკას მოეჩვენა, რომ მის ხმას დამაჯერებლობა აკლდა.

 – ნუ ფრენ ასე ხმამაღლა, –  გაუმეორა თხოვნა. არა, ასე არ ივარგებს. რუდიკამ დედისკენ ხელები გაიშვირა, მოიხარა, თავი მარცხნივ გადააგდო და თხოვნა გაიმეორა – დედა, ნუ ფრენ ასე ხმამაღლა...

 რაღაც მსგავსება იყო ლერმონტოვის ვადიმსა და მას შორის. მხოლოდ, რუდიკას წარბების აზიდვა დაავიწყდა. წარბაზიდული სახე მეტ სიბრალულს იმსახურებს.

 დედა...

ნუ ფრენ ასე ხმამაღლა, ნუ ფრენ ასე ხმამაღლა!..

 დედამ იასამნისფერი შარვლის ჯიბიდან ხელი ამოიღო და ცხვირზე უჩქმიტა, – ეს არ იკმარა და თავისკენ გამოსწია, მოქაჩა – მეზღვაური რომ ღუზას შეეჭიდება, ისე.

 ცხვირიც დანებდა.

 დედამისმა ბაწარივით ცხვირი ჩემი სააბაზანოს ფანჯრიდან გადააგდო. იასამნისფერ შარვალში ხელები ჩაიწყო და გაფრინდა. ხმაური ნელ-ნელა მიწყდა.

 დედის ლაქა ცაზე გაიდღაბნა. იქ მხოლოდ თბილი ღრუბელი დარჩა.

 სარკმელს მივვარდი. ალიკა ის იყო, სადარბაზოში შედიოდა.

 – ალიკა, ალიკა! – მივაძახე.

 ალიკა შეჩერდა, მოტრიალდა, თვალებით ჩემი ძებნა დაიწყო.

 – ალიკა, ბასა ვარ, აქეთ, აქეთ, – ფანჯრიდან ხელიც გადავყავი და დავუქნიე. ალიკამ შემნიშნა და რა გინდაო, – შორიდან დამეკითხა.

 – ალიკა, – დავუყვირე, – აქეთ მოდი, დედაჩემმა ჩემი ცხვირი ფანჯრიდან გადამიგდო და ამომიგდე-მეთქი!

 ალიკამ ხელი ჩაიქნია და სახლში შევიდა.

 რა ვქნა ახლა მე? ცხვირი ძალიან გრძელი და მძიმეა. თუ მისი ბოლო არავინ ამომიგდო, მარტოკა ვერ ამოვწევ.

 ვიჯექი ასე, სარკმელთან, კისერზე კოღონაკბენი განდეგილივით და შველას ველოდი.

უცებ ეზოში ჩემი მეზობელი ნატა გამოჩნდა. დამინახა ცხვირჩამოშვებული და თვალის არიდება გადაიფიქრა. ფანჯარას მოუახლოვდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ცხვირის ბოლოს დასწვდა და ამომიგდო.

 ხელი გადავყავი და დავიჭირე!

 ცხვირს მაგრად დავწვდი და ამოვქაჩე. ბაწარივით გამონასკვული ცხვირი ერთ კუთხეში მივკუჭე და კვლავ სარკმელს ვეცი ნატასთვის მადლობის სათქმელად. დამინახა თუ არა, გამიღიმა.

 

 

გაუმარჯოს

 

 ბაბუაჩემი გარდაცვალების შემდეგ არ მინახავს. გუშინ მოვიდა. ხელში დოქი და ორი ღვინის ჭიქა ეჭირა.

მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია – ბოლოს და ბოლოს კაცი ცოცხალი აღარ არის – არ გამკვირვებია.

 მას პატარა ბიჭი მოჰყვა – ეს ჩემი შვილიაო – არც ეს ვიუცხოვე. გაიღვიძეო, – მითხრა.

 მეც გავიღვიძე იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. მინდორი, მწვანე ბალახი, ხის ჩრდილი და ორი სამფეხა სკამი მუხის მაგიდასთან ერთად.

 ერთი ჭიქა მე დამიდგა, მეორე – თვითონ. თავის შვილს უბრძანა, ჩამოასხიო. ბიჭმა ჩამოასხა და მეგონა, რომ იგი ვერც ღვინის დოქს ხედავდა, ვერც ჭიქებს, ვერც ამ მაგიდას და ვერც ჩვენ; მაგრამ ღვინო არ დაუქცევია.

 სახელდახელო სუფრამ დიდხანს გასტანა: დავლიეთ ბაბუაჩემის პაპის, მამის, ძმის, ბიძების, შვილების სადღეგრძელო. არც ერთი ცოცხალი აღარ არის.

 ღვინო გათავდა. ბაბუაჩემმა შვილი მდელოს გადაღმა, პატარა ნაკადულთან გააგზავნა.

უთხრა – დოქი წყლით აავსე, სანამ აქ მოიტან, დაღვინდებაო.

 დავლიეთ უდროოდ და დროულად წასულების სადღეგრძელო; მათიც, ვინც გვიან წავიდა... შევსვით ომში დაღუპულების, მუხთალი ტყვიით გარდაცვლილების სადღეგრძელო...

 ღვინო გათავდა. პატარა ბიჭი კვლავ გაცუნცულდა მდელოს გადაღმა, დოქს წყალი დაალევინა და ჩვენთან ღვინო მოიტანა.

 შევსვით წასული დედაჩემის, მამაჩემის და ბებიაჩემის სადღეგრძელო. ახლა ჯერი ჩემზე მიდგა. ფეხზე ადგომით ბაბუას ჭიქა წავუქციე. ესიამოვნა და ვერ დამალა – გულიანად გადამკოცნა.

 ბაბუამ სიტყვა დაიბრუნა. მოვიხსენიეთ შორეული ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები და უცნობები.

 პატარა ბიჭი კვლავ ნაკადულთან გაეშურა, დოქში წყალი ჩაასხა, გზაში დაღვნიდა და ისე მოიტანა სუფრასთან...

 ქართველი ხომ ამაყია, ნასვამი ქართველი კი – ყეყეჩი.

 ნათელში ამყოფოს ყველა ქართველი მეფე – ვინც სამშობლო ასახელა, ქვეყანას თავზე დიდების გვირგვინი დაადგა, სიცოცლე არ დაიშურა და მტერს თავი შესწირა.

 გაუმარჯოოოს...  ღვინო გათავდა.

თვლა ამერია, მერამდენედ მოიტანა ბიძაჩემმა, პატარა უდროოდ წასულმა ბიჭმა დაღვინებული წყალი. განსხვავებული მოვითხოვე: შემცვლელი ვერ ვნახეთ და ორი ჭიქით ისინი მოვიგონეთ, ვინც მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. მათიც განსხვავებულით შევსვით, ვინც ელოდა სიკვდილს და დაგვტოვა. მესამე განსხვავებულით მათი შესანდობარი ვთქვით, ვინც ჯერ არ წასულა და ადრე თუ გვიან მაინც მოკვდება.

 დოქი გამოვცალეთ. ბიჭმა გაშეშებული მზერით დოქს ხელი დასტაცა და ღვინის მოსატანად გაიქცა. ბაბუაჩემმა მითხრა, ახლა ფეხზე ადგომით შენი ხსოვნა-არდავიწყებისა უნდა დავლიოო. მართალი გითხრათ, მეც მესიამოვნა და ფეხზე ავდექი.

 ბიჭმა დოქი მოარბენინა, ჭიქები შეავსო და, ის იყო, პურზე უნდა წაგვექცია, შევნიშნეთ, რომ ღვინის მაგივრად წყალი იყო.

 რა არის ბაბუ ეს – ვკითხე – წყალი არ დაღვინდა-მეთქი?

 აღარ გახსოვართო – მიპასუხა – ჩენ იქ აღარავინ გვიგონებსო – თქვა და წავიდა.

ბიჭმა გამიღიმა და მითხრა – ყველა კაცი კვდება, მაგრამ ყველა როდი ცოცხლობსო..

 

 

 

თითით საჩვენებელი

 

 თითით საჩვენებელი ხალხი ძალზე ცოტაა და სხვებისგან გამოირჩევიან. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ არსებობენ ისინი, ვისაც რაღაც შეემთხვა და ჩვენ, ვინც ამბობს, რომ მათ რაღაც შეემთხვა.

 ასე ვფიქრობდი მანამ, სანამ მე არ დამატყდა თავს ისეთი რამ, რამაც თითის საჩვენებელი გამხადა. უჩვეულო კი თითქოს არაფერი მომხდარა.

 კარებზე ზარის ხმა მომესმა. საჭვრეტში არ გამიხეტავს, თუმცა კი ყოველთვის ვიყურები ხოლმე. საშუალება რომ მოგცენ, საათობით შეიძლება დააკვირდე სტუმარს, სულმოუთქმელად რომ ელის კარის გაღებას. შენ მას ხედავ, ის კი – ვერა. საინტერესოა, რას აკეთებს იგი მაშინ, როდესაც ჰგონია, რომ ვერ ხედავენ? კარებში გაბურღული საჭვრეტი ლიტერატურული გადმონაშთია, თანამედროვე ჯადოსნური სარკე.

გაცილებით საინტერესოა იცოდე, ვინ გელოდება კარებს მიღმა, მანამ კარებს გააღებ. კარგია, როდესაც მოვლენებს (თუნდაც უმნიშვნელოს) რამდენიმე წამით უსწრებ.

 კარი გავაღე. დავინახე მამაკაცი – საშუალო ასაკის, მაღალი, მოსული, არა მსუქანი. მკითხა, თუ შეიძლება შემოვალო. მართალი გითხრათ, შეკითხვა ვერ გავიგე და ვკითხე, რა ნებავდა. არ მეგონა, ასე თუ გაღიზიანდებოდა. ლაბადის ჯიბიდან დანა ამოიღო, კისერზე მომადო, ხელით ოთახში შემაგდო და კარები მიხურა.

აი, ახლა კი ვიფიქრე, თავს დამესხნენ-მეთქი. გამიკვირდა, არ მეგონა, ასე ჩვეულებრივად თუ მოხდებოდა ეს. ყაჩაღი ჩემს წინ დგას, მძარცვავს და თითქოს არაფერია ამაში არანორმალური.

 რაც არ უნდა იყოს, ბოროტმოქმედი ბოროტმოქმედია და თავდასხმა ყოველდღე არ ხდება, მაგრამ მე არ შემშინებია, უბრალოდ გამიკვირდა.

 "აი, თურმე როგორი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი არაფერი, რომ თითით საჩვენებელი გახდე". – გავიფიქრე.

 ქურდმა დანა კისერზე მომადო და ფული მომთხოვა. მე ვუპასუხე, რასაც ვფიქრობდი. ვუთხარი, რომ სხვანაირად წარმომედგინა ჩემს სახლში ქურდი.

ყაჩაღი გაბრაზდა და ყბაში მითავაზა. მე არ გავბრაზებულვარ. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თვითონ ბოროტმოქმედიც არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა.

 ... შევეცადე ამეხსნა, რომ მან არასწორად გამიგო, რომ ხალხში დადის ისეთი აზრი, როდესაც თავს დაგესხმებიან, თითით საჩვენებელი ხდები და სხვებისგან გამოირჩევი, ხოლო სინამდვილეში, თავგამოსაჩენი ამაში არაფერია. შემოხვედით, ფულს მთხოვთ, დანით მემუქრებით და მალე წახვალთ. ეს არის და ეს. მართალი გითხრათ, მიხარია კიდეც: აქამდე მეგონა, რომ თავდასხმისათვის მზად უნდა ყოფილიყავი, დაგეცვა კაცური ღირსება, აღელვებულიყავი...

სინამდვილეში კი, ისეთი არაფერი ხდება. უბრალოდ შემოხვედით და მორჩა. კარგია, ახლა ჩემზეც თითით აჩვენებენ და ვინ იცის, ეგებ კარგ საცოლესაც გამოვკრა ხელი. დროა უკვე... რეალურად კი არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ფული გინდათ? ახლავე.

 ფული გამოვიტანე და ქურდს გავუწოდე.

 იმედი მაქვს, არავის ეტყვით, რომ ყველაფერმა ასე ჩვეულებრივად ჩაიარა. როგორც წესი, დაზარალებული და თავდამსხმელი ამის შესახებ არ ლაპარაკობენ.

ორივენი ჩუმად არიან. რომ წახვალთ, მილიციას გამოვუძახებ. მილიციაზე მეზობლებიც შეიყრებიან და საქმეც აგორდება. ამის თქმა იყო და კიდევ ერთი მუშტი მომხვდა ყბაში. მეტკინა და წავიქეცი, მაგრამ ტკივილზე მეტად გამიკვირდა. რატომ? რის გულისთვის? დიდი ენა რომ გაქვსო – მიპასუხა; შემდეგ წიხლი მითავაზა, საყელოშიც მწვდა, ფეხზე წამომაყენა და ხელი მკრა. უკან გადავვარდი, მაგიდის კუთხეს თავი დავარტყი, წავიქეცი.

გავიგონე, როგორ გააღო ქურდმა კარები და გაიქცა.

 გონება დავკარგე. იატაკზე გაწოლილმა თვალების გახელა ვერ გავბედე. ვფიქრობდი, რომ რადგან გონება მქონდა დაკარგული, ამიტომ თვალების გახელა არ შეიძლებოდა. ვიცოდი, რომ შემეძლო თვალების გახელა, მაგრამ გონებადაკარგული კაცი აბა, თვალებს როგორ გაახელს, გამოდის, რომ გონება არ მქონია დაკარგული. მე კი გონება მქონდა დაკარგული და თვალებს არ ვახელდი. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის მთავარი.

 აი, ვიწექი ასე გონებადაკარგული, თვალებდახუჭული და ვფიქრობდი, რომ ეს-ესაა თითით საჩვენებელი გავხდი. ამიერიდან, ყოველი მეზობლის დანახვისას ვიფიქრებდი, რომ მეზობელი ჩემზე ფიქრობს, რომ მე თითით საჩვენებელი ვარ; ამიერიდან ყოველი მეზობელი ახლა ჩემზე ისე ფიქრობს, როგორც ერთი სართულით ზემოთ მობინადრე მეზობელზე ვფიქრობდი, როდესაც შარშან ყაჩაღები დაადგნენ თავს.

 ახლა ყველაფრის უფლება მაქვს (რა თქმა უნდა, ფარგლებს არ უნდა გასცდე), ახლა მეზობლები შემოვლენ, მილიციაც მოვა.

რა აუცილებელი იყო ქურდისთვის მეთქვა? მაგრამ სინანულის დრო არ არის. თუმცა არც ვნანობ. ბოლოსდაბოლოს, ქურდის სახლში შემოსვლა ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ეს მე არ გამომიწვევია.

 უეჭველია, ქურდს სართული აერია, თორემ ჩემსავით გამოზომილ კაცთან არ შემოვიდოდა.

 უნდა ვაღიარო, რომ გულაღმა წოლა მსიამოვნებდა. დიდი ხანია, საბაბი არ მქონია, ასე არხეინად წამოვგორებულიყავი უსაქმოდ, უდარდელად, უზრუნველად, როდესაც იცი, რომ შენთვის ყველაფერი შენს გარეშეც გაკეთდება...

 ამის უფლება, დამეთანხმებით, მქონდა. ათასში ერთხელ ყაჩაღი სახლში შემოგივარდება, გცემს და თავს უფლება არ მისცე, არხეინად წამოგორდე და კარგად დაისვენო ასეთი ორომტრიალის შემდეგ? საინტერესოა, მომცემს თუ არა მილიცია ცნობას, რომ სტრესგამოვლილი, თითით საჩვენებელი მოქალაქე ვარ? ამ ცნობას სამსახურში წარვადგენდი, იქნებ ერთ საგზურსაც გამოვკრა ხელი პროფკავშირის ხაზით?.. კარგი აზრია.

რა ხანია ქალაქიდან არ გავსულვარ.

 მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მეგონა. პირველად კარის მეზობელი შემოვარდა, სანდომიანი სახის ქალბატონი, დაახლოებით იმ ასაკის, მარია სტიუარტმა თავისი ქმარი რომ მოწამლა. შემოვარდა, დამხედა და გაიქცა, მაგრამ მჯეროდა, რომ ასე უპატრონოდ არ დამტოვებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ქალის იმედი ყოველთვის მქონდა. იმავე წუთს დაბრუნდა, თან დედამისი შემოჰყვა, თვითონ კი კვლავ გავიდა.ოთახში მე და მოხუცი მეზობელი დავრჩით.

 სიმართლე უნდა ითქვას, ის ქალი რომ არა, არც ვიცი, როდემდე ვიწვებოდი გონდაკარგული. მალე მილიციაც მოვიდა, მეზობლებიც შეიყარნენ. ისღა დამრჩენოდა, თვალები გამეხილა.

 ტყუილი საერთოდ არ მიყვარს.

მოვყევი ისე, როგორც მოხდა. მეზობლები თავს მიქნევდნენ, მითანაგრძნობდნენ, მეტსაც გეტყვით, სულგანაბულნი უსმენდნენ ჩემს ნაამბობს. ეს უდიდესი სიამოვნება იყო ჩემთვის. მათ უმეტესობას არ ვიცნობდი, ზოგიერთი მათგანი სალამსაც არ მაძლევდა. ახლა კი ყველანი ჩემს წინ იყვნენ. სურვილიც რომ მქონოდა, ამდენ კაცს თავს მაინც ვერ მოვუყრიდი.

 თავმდაბალი კაცი ვარ და ჩემი უშიშროების შესახებ კრინტი არ დამიძრავს.

მეზობელმა ქალბატონმა კი – პირველად რომ შემოვიდა – რატომღაც თავი გამოიდო და ცოცხლად დარჩენა ანუ გადარჩენა სწორედ რომ ჩემი დიდი ვაჟკაცობის დამამტკიცებელ საბუთად გამოიყენა.

მე არ შევკამათებივარ.

 ... რომ არა ჩემი ვაჟკაცური ხასიათი, რომ არა ღირსება, ვინ იცის, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი. და მაგალითად უამრავი დაყაჩაღების და გაძარცვის ფაქტი მოიყვანა, სადაც დაზარალებული ყოველთვის ცოცხალი და უვნებელი როდი რჩება. არ შეიძლებოდა არ დავთანხმებოდი.

 და მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ მეზობლების შეკრება და მათი ყურადღების მიპყრობა საკმარისი არ იყო. მადლიერების თვალით შევხედე მარია სტიუარტს – მომეჩვენა, რომ იგი საოცრად ჰგავდა მას – და თხრობა განვაგრძე. ასე რომ, რასაც არ ვამბობდი, რომელ დეტალსაც არ ჩავეძიე, ყველაფერი ჩემს ვაჟკაცობაზე მეტყველებდა. ეს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა.

მე არც მიფიქრია. გულში, რა თქმა უნდა, მესიამოვნა. მთავარი კი წინ მელოდა.

 ამ ხნის კაცი ვარ და დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ხეირიანად ჩემზე არავის უზრუნია. აქ კი, სანდომიანმა ქალბატონმა ცივი საფენები დამადო სახეზე. გამოირკვა, რომ ნეკნებთან ტკივილს ვგრძნობდი. პერანგი ავიწიე და მსუბუქზე ოდნავ მეტი ზედაპირული დაზიანება აღმომაჩნდა. მეზობლები თავაზიანად გავისტუმრე სახლებში, მილიცია ცნობას დამპირდა და მალე წავიდა.

 ამდენი წელია ეს ქალბატონი ჩემი მეზობელია და ხეირიანად არც კი ვიცნობდი.

დამადო ყველა ზომისა და შესაძლებლობის საფენი, მომიარა, მომხედა. მე კი ვფიქრობდი, რომ ახლა მისთვისაც თითით საჩვენებელი გავხდი.

 უცებ გონება ამენთო, თავში სისხლი ამივარდა და კარის მეზობელი საღამოს ფინჯან ჩაიზე შემოვიპატიჟე. ეს კი ნამდვილად ჰეროიკული ნაბიჯი იყო. მე ამას ვხვდებოდი, მაგრამ უკან არ დამიხევია, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დღეს მქონდა ამის უფლება. ყველას, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, უფლება აქვს გააკეთოს რაღაც გამომრიცხავი და უცნაური. ქალბატონი დამთანხმდა და საღამომდე დამტოვა.

 მარტოხელა კაცი ვარ. ზრუნვა და ოჯახური სითბო მე არ გამომიცდია.

როდესაც ასეთ უჩვეულო საქციელს ჩადიხარ, განსაკუთრებით მზად უნდა იყო. აქ იმდენი წვრილმანია, რომ ძნელია ერთ-ერთი ბოლო არ დაგეკარგოს. ვინც იცის, რა არის ოჯახური სითბო, ის ერთი თავით მაღლა დგას მათზე, ვინც ეს არ იცის. ამიტომ, ასეთი ხალხი თითით საჩვენებელია. მათზე ამბობენ – ამან ცოლი მოიყვანაო, ამას ბავშვი შეეძინაო, ამას კარგი ოჯახი აქვსო და ა.შ.

 ასეთი თითით საჩვენებელი ხალხი ცოტაა და სხვებისგან გამოირჩევიან.

 სულმოუთქმელად ველოდი მის შემოსვლას. საინტერესოა, რას გრძნობს ადამიანი, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს? ამ ნაბიჯის გადადგმას დიდი გამბედაობა სჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ არსებობენ ისინი, ვისაც ოჯახი ჰყავს და ჩვენ, ვინც ამბობს, რომ მათ ოჯახი აქვთ.

ეს უბრალო საქმე არ არის; გაცილებით სერიოზულია, ვინემ ბევრს ჰგონია. ასე ვფიქრობდი მანამ, სანამ მე არ შემემთხვა ისეთი რამ, რამაც თითით საჩვენებელი გამხადა..

 

 

 

კოღო

 

 ეს იყო ღამით...

 შემ-ჭა-მეს! – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გულაღმა ვიწექი და კოღოს პწუილი სტერეოფონულად ერთი ყურიდან მეორეში გადადიოდა. კოღო დიდხანს ჩხვლეტდა ღამის სიჩუმეს და არ ისვენებდა.

 ფხიზლად ვიყავი. ველოდი, როდის დაჯდებოდა კოღო ჩემს სხეულზე, რომ შემდეგ ხელის ელვისებური მოძრაობით ადგილზე მიმესრისა. კოღო კი ფრენდა და ფრენდა. ამ ფრენაში ყველაზე გულისგამაწვრილებელი მისი პწუილი იყო.

 პწწწწ... პწწწწ...

 როდესაც ეს ხმა გესმის, რწმუნდები, ბუნებაში საჭიროა ერთი მოკვდეს, რათა მეორემ გაიხაროს.

ამ შემთხვევაში, კოღოს სიკვდილი ჩემი მშვიდი ძილისა და დაზოგილი ნერვების ტოლფასია.

 საინტერესოა კბენისწინა მოსამზადებელი პროცესი. წარმოვიდგინე, რომ მე ვარ კოღო... აგერ, ჩემი მომავალი მსხვერპლი, ლოგინზე გაწოლილა და ხვრინავს. პირიდან მყრალი სუნი ამოსდის, რომელიც მთელს ოთახშია მოდებული. საკმარისია მიუახლოვდე, მიხვდები, რომ მისი დაუბანელი ფეხები, საბნიდან რომ გამოჩრილა, არანაკლებ ეხმარება კუჭის წყლულს და პლომბიან კბილებს სურნელების მოფრქვევაში. კარგი, ფეხებს სუნთქვაშეკრული გადავუფრინე, მივუახლოვდი წელის შუა ნაწილს – იქ შეიძლება ჩამოვარდეს კიდეც კოღო (კაცი). საბანი ძლივს აკავებს ჭუჭყიანი საცვლებისა და აყროლებული ტანის არომატს.

ამ დროს ხვდები, რომ ფრენის თავი აღარა გაქვს, მაგრამ პწუილს უმატებ, ფრთების ტყლაშუნს განაგრძობ და მიფრინავ უფრო ზემოთ, საშველის საძებნად. მაგრამ სახეზე წურწურით ჩამოსული ოფლის წვეთები გხვდება, რომელიც მსხვერპლს გაზმურტლული თავიდან ჩამოსდის და მაშინ რწმუნდები, რომ მეტი სიქა აღარ დაგრჩენია; ეძებ ადგილს, სადაც შეიძლება მცირე ხნით დაისვენო. დაფრინდები თუ არა, გშივდება კიდეც.ფიქრობ, ბარემ აქ ვარ, წავიხემსებ, თორემ მთელი ღამე შიმშილით მოვკვდებიო. ოთახში სუნიანი კაცის გარდა არავინაა და იძულებული ხარ, ისევ იმ კაცს უკბინო, მისი სისხლი დალიო. მას არც ტანსაცმლის გამოცვლა სჭირდება, არც დაბანა და არც მოვლა, მაგრამ დახეთ საოცრებას – სისხლი უგემურია. გემოს უსინჯავ – პწა... პწა...

ლეიკოციტები მომატებულია... პწა... პწა... ერითროციტები შემცირებულია... საცოდავი. პწა... პწა...

მათ ადგილას რეტიკულოციტები, რეტიკულობლასტები და სხვა ახალგაზრდა განუვითარებელი უჯრედები მომრავლებულა... მართლა მსხვერპლი ყოფილა ეს საცოდავი... ორი თვეღა დარჩენია. მომიწევს მთელი ღამე მშიერი ყოფნა. თფუ! სისხლს გადააფურთხებ და ის არის, უნდა გაფრინდე, რომ ტყლაშ! კოღოს ცარიელი მუცელი ჩემს ხელისგულსა და ლოყას შორის გაიჭყლიტა. ხელისგული სველი მაქვს, ამიტომ კოღო ხელზე ამყვა და ხელი ლოგინს შევაწმინდე.

 ესეც ასე, შეიძლება დაიძინოს კაცმა, მაგრამ იმავე წუთს კიდევ ერთი კოღო ფხაჭნის ღამეს...

 ზეზე წამოვვარდი. დილის ოთხ საათზე წყალიც მოდის და შუქიც მაქვს.

აბაზანაში შევედი და სასწრაფოდ დავიბანე, კბილები ჯაგრისით გავიხეხე, სუფთა საცვლები ჩავიცვი, თეთრეული გამოვიცვალე და გახამებულ-გაქათქათებულ ლოგინში შევცურე. საბანი ყელამდე დავიფარე, რომ მხოლოდ თავი მქონოდა გარეთ, კოღოს სატყუარად დატოვებული.

 ვიწექი და ველოდი კოღოს მოფრენას. ღამის დაჭაობებულ სიჩუმეში კოღოს პწუილი ბაყაყის ყიყინივით თავგასული და მომაბეზრებელია. კოღო მომიახლოვდა და ისევ სტერეოფონულად, ერთი ყურიდან მეორეში იწყო პწუილი. ამ ბრძოლაში მთავარი ნერვებია. ვინ გადასძლევს – მე თუ კოღო. ახლა საჭიროა მოთმინება.

არ უნდა გაინძრე, თორემ შეიძლება კოღო დაფრთხეს და ოთახს კიდევ ერთხელ შემოუფრინოს. ბოლოს მაინც შენთან მოფრინდება, მაგრამ ამას დრო სჭირდება, დროს კი – ზედმეტად დახარჯული ნერვები. ამიტომ ჩუმად უნდა იწვე. დასაშვებია, თუ ინსტინქტურად, კოღოს ფრენის ხმას თვალებით დაუწყე ძებნა. ეს ხელს არ გიშლის, მხოლოდ მეტისმეტი არ უნდა მოინდომო, არც ეცადო, კოღო დაინახო. ამ ბრძოლაში უხილავ მტერთან გიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება – მეც და კოღოსაც. ორივე ვგრძნობთ ერთმანეთის სიახლოვეს, ორივემ ვიცით, რა გვინდა.

 კოღოს არ ვეძებთ, მხოლოდ ვუსმენთ.

მან საკბენად მარჯვე ადგილი მონახა. მე ვიცი, სად ზის კოღო. ახლა საჭიროა, ჩამასოს ნესტარი და ძალაუნებურად ჩემს კანზე იქნება მიბმული; სანამ მოსაკლავად მოქნეული ჩემი ხელი კოღოს ადგილზე არ მიასრისავს, ვერ მოასწრებს გაფრენას. ორიოდე წამი ჩემს ხელთ არის. დრო მაქვს წინასწარ დავტკბე გამარჯვებით. ახლა კოღო მყარად ჩაებღაუჭა ჩემს სხეულს და ძალიანაც რომ მოინდომოს, იქიდან გაქცევას ერთ-ორ წამს მაინც მოანდომებს. ჩემი გაბოროტებული ხელი კი მასზე გაცილებით სწრაფია.

 ტყლაშ! და კოღო მოკვდა.

 ჰა...

ჰა... ჰა...

 ძილის დროა. გასრესილ კოღოს საბნის პირზე ვახოცავ, მარჯვნივ ვტრიალდები და ვიძინებ.

 მართალია – ერთი უნდა მოკვდეს, რომ მეორემ იცოცხლოს. თავისუფალი კოღო სიკვდილისათვის იბადება. მას არანაირი მიზანი არ ამოძრავებს. იბადება წუმპეში, რომ ისეთივე ცხოვრებით იცხოვროს, როგორიც მისი დაბადების ადგილია. კოღოსთვის მთავარია, ვინმე გაამწაროს.

მისთვის სულ ერთია ვის უკბენს, ძროხას თუ თაგვს, ადამიანს თუ არაადამიანს. სანამ შეჭამენ ან მოკლავენ, ვინმე თუ გაამწარა, მაშინ იმ კოღოს შეუძლია თქვას, რომ ცხოვრების გემო ნახა, ძნელი წარმოსადგენია ბედნიერი კოღო. მისი სიფათი იმდენ ბოღმას ატარებს, შეუძლებელია, რომ რითიმე იყოს კმაყოფილი. კოღო ნასიამოვნები არც მაშინ არის, როდესაც იგი სექსუალურ კონტაქტს ამყარებს, ანუ როგორც ჩვენ მას ვეძახით, მრავლდება. აბა, ერთი წარმოიდგინე კოღო ორგაზმის დროს?! ხომ შეუძლებელია? მაგალითად, ძროხის და ხარის აქტი ბევრს უნახავს და იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ერთიც და მეორეც სიამოვნებისგან ბღავის. ეგ კი არა, ტელევიზიით მარტორქების "სცენა" აჩვენეს. მამალი მარტორქა იმდენად შეიჭრა როლში, რომ უკანა ფეხებით მიწას მოსწყდა, დედალს ტანზე გადააწვა და ბოლოს ჩამოვარდა.

 ერთ სასულიერო პირს ლოცვის დროს კისერზე კოღო დააჯდა და მწარედ უკბინა.

მღვდელმა ვერ მოითმინა და კოღო ადგილზე მოკლა. როდესაც ტკივილმა გაუარა და გონს მოეგო, მიხვდა თუ რა ჩაიდინა: ხელში დასისხლიანებული კოღო შერჩა. მღვდელმა თავში ხელი იტაცა, ეს როგორ მომივიდა, ცოცხალი არსება სიცოცხლეს გამოვასალმეო და სამი დღე-ღამე, უჭმელ-უსმელი, მუხლებამდე ჭაობში იდგა. კოღოებმა გაიხარეს. სამი დღე-ღამე ათიათასობით კოღო მღვდელს სასტიკად კბენდა.

 ხალხში ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ათასებს და ათიათასებს დაიცავს კოღოს შხამიანი კბენისაგან და ყველა ნესტარს საკუთარ ლოყას შეუშვერს. მთავარია ქმედებას გამართლება ჰქონდეს.

ჭეშმარიტად ქრისტიანული საქციელია.

 თავის მხრივ, ათიათასში ერთი კოღო თავისი სიკვდილით მღვდელს ცოდვებს მოანანიებინებს და თანამოძმეებს სამი დღე-ღამე საკუთარ ქელეხში აქეიფებს.

ამასაც სჭირდება გამართლება და ქრისტიანული თვითდაჯერება.

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯანიკაშვილი ბასა / Eine kleine Nachtmusik