ჯანიკაშვილი ბასა 

ოცნებით კაიროში

 

რომანი

 

გითხრათ, რომ ყველა პერსონაჟი მოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია?

ეს წიგნი ეძღვნება ჩემს მეგობრებს. მათ, ვინც ცოცხალი აღარ არის. კინოში მაგრა ასწორებს რო უყურებ, როგორ ბრიდავენ ერთმანეთს სერჯიო ლეონეს გმირები...

უცნობი ძველი ბიჭი

 

თემო

 

აუუ... ისვრიან, ჭრიან, კლავენ, ტყნავენ, იკეთებენ და ფხიზლდებიან და ისევ იკეთებენ.

ჩემი მეზობელია ერთი, კარის მეზობელი – ძებნილა. მთელი ცხოვრება მილიცია ეძებს. იჭერენ და მერე ისევ უშვებენ. იყო დრო, უბანში ამბობდნენ, ეგ და ძაღლები ერთ პონტში არიანო. მარა მერე ორი ძაღლი მოკლა, დაიჭირეს და ორი წელი იჯდა. მერე გამოუშვეს. ამნისტია შეეხო და უთხრეს,  წადი ძმაო, თავი დაგვანებე, მარა თუ კიდე დაგიჭირეთ, ჩაგხაზავთო და ამის მერე არავის უთქვამს ძებნილა გაძაღლებულაო. მერე, ვითომ ქურდობას აპირებსო და დადიოდა ხალხი საქმის გასარჩევად. ვედრო მანეთი, სიგარეტის ბლოკში ჩაწყობილები. გარეთ გამოვიდოდი და რიგები ედგა, თურმანიძის მალამოზე რო იდგნენ ადრე, ჩემს ბავშვობაში: ერთი პარტია ხალხი გამოდიოდა, მეორე შედიოდა; მეორე გამოდიოდა, მესამე პარტია შედიოდა და ასე...

უბანი პატივს ცემდა, თვითონ ზედმეტ გადაკრულ სიტყვას არავის ეტყოდა. ეგ იციან, წიგნი არ წაუკითხავთ, მარა რო შემოგხედავენ, რენტგენში გაგატარებენ და გაგშიფრავენ. ეგრევე ხვდებიან რაზე ხარ წამსვლელი, რას მოითხოვ ამ ცხოვრებაში, სად მიდიხარ და რა გინდა.

ერთხელ მახსოვს, ღამეა და მძინავს და კარებზე ფხაკუნი მესმის. ავდექი, ჩუმად მივედი კარებთან. სადარბაზოში ვიღაც ორი ტიპი ჩანს. ნიკოლსონებს იცვამენ, თვალები ამოჭრილი და რამე... ავტომატს პირში აძლევენ და ერთი ჩემს კარებს წიხლს ურტყამს და კარები იმტვრევა. მე ამ ყველაფერს ვხედავ და კარები დამეტაკა, გადავარდი და კარებიც ზედ დამეცა. შემოვარდნენ დედის გინებით, ძებნილაააა, ყვიროდნენ, შენს დედააას... და კარები გადაწიეს და მე არ ვწევარ? ცხვირიდან სისხლი მომდის...

მეთქი, მე არა ვარ ძებნილა, თემო ვარ ტო, რა გინდათ-მეთქი. ძებნილას ეძებდნენ. ეგ ფაიზაღი იყო, მარა მე ვითომ არ ვიცი. აქეთური, იქეთური... მეთქი, ძებნილას აქ რა უნდა, გვერდით სახლში ცხოვრობს, სადარბაზო აგერიათ, იგივე სართულია, მარჯვენა კარებში. სამოთახიანში ცხოვრობს-მეთქი. შემეშვნენ და მოშპნენ.

ძებნილამ გაიგო, აბა რას ვერ გაიგებდა. შემოვარდა ჩემთან, სიცოცხლე მაჩუქე თემოო, მე და შენ – ორი ძმა და ერთი ოჯახიო. ავტომატი გადატენა და იმათ დაედევნა. მარა მერე ეგრევე მობრუნდა. იმიტო რო იქ, იმ სახლში, მე რო გაუშვი, მეექვსედან ერთი ტიპი ცხოვრობდა, ძებნილაზე ნაგიჟარი. სროლა რო გაუგია, ჩამოსულა და სანამ ჩემამდე მოვიდა, ის ორი ნიკოლსონიანი ეზოში შეხვედრია. ჩაუსაფრდა, დაელოდა, მიყვა, მიყვა და საკუთარი სახლის კარების შემტვრევას რომ აპირებდნენ, ორივე ადგილზე დაბრიდა...

ამის მერე ძებნილა ორი თვე დაიკარგა. იმალებოდა. მერე დაბრუნდა და ჯერ სახლში შესული არ იყო, ეგრევე ჩემთან შემოაჭრა. თემოო, ჯიგაროო, მითხრა, კაროჩე, ბევრი ვიფიქრეო და ვეშვებიო. დავიღალეო და ვიღაც გოგო გამაცნო.

სიტყვა შეასრულა. ვინც მოდიოდა, ყველას უარით ისტუმრებდა. შევეშვი ძმებოო, ჩამოვრჩი ცხოვრებას და უფრო მეტი კომპეტენცია გჭირდებათო. მოსულები კიდე, – კომპეტენცია გამოცდილებაა... და იყო ერთი გაწევ-გამოწევა ერთმანეთის ლუბეზნოსტებში: და არიქა, შემოვალ და სამართალს ვეძებთო და არა, შევეშვიო და...

მოკლედ ეს გოგო ჩემი სკოლელი, უფრო სწორად ჩემი კლასელი ხატია იყო. ხატიაზე მთელი კლასი ანძრევდა და ნძრევას მაშინ შეეშვნენ, მე რო გამოვაცხადე, ხატია მიყვარს-მეთქი.

ეგ ამბავი ეგრე იყო: ბიჭები ხო აზზე ხარ, შესვენებაზე და ეზოში რო დგანან და ბაზრობენ და საკმარისია, ერთმა გოგომ ჩამოიაროს, ერთი პატარა ფეხის ნაწილი უჩანდეს მუხლს ზემოთ, რო ეგრევე ქალებზე იწყება ბაზარი და ქალებიდან ისე გადადიხარ ჭიმვაზე, როგორც თვალები სახიდან – ტრაკზე, ან სახიდან – ძუძუზე, გააჩნია რომელი უფრო მაგარი აქვს...

და ეგ ამბავია და სკოლაში მივედი და იმ წელს ვამთავრებდი და გაკვეთილზე არ შევდივარ. თუ შევდივარ, ამის გარკვევაში ვარ და ხატიამ ჩაიარა. ჩაიარა კი არა ჩაირბინა... და მაგ ასაკში გოგოებმა რო იციან, ჯერ ძუძუები ეზრდებათ და მერე ჭკუა და ჩაირბინა, მარა ისე, რო ხელები ერთმანეთზე შემოჭერილი აქვს და ვითომ ძუძუებს იმალავს, რო ვითომ არ გამოუჩნდეს, თუ ვერ გაიგებ კაცი მაგათ თავში რა ხდება... და ჩაირბინა და ხელები ერთმანეთზე შემოწყობილი ძუძუებს ქვემოთ და მირბის და ყველას სიცილი აგვიტყდა. იმიტო რო სასაცილო იყო, რო მირბოდა და ვითომ ამ ძუძუების დამალვა უნდოდა, თუ რა პონტი იყო... და ისე მირბოდა და უფრო ყურადღებას აქცევდი, რო დიდი ძუძუ აქვს და თამაშობს, რო მირბის და მოკლედ დაიცინა... მერე გასაგებია, რო გაკვეთილზე არავინ შევიდა და ქალებზე ვლაპარაკობდით, უფრო სწორად გოგოებზე. იმიტო რომ მაგათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ხო იცი, გოგო ტვინით ფიქრობს და ქალი – ინტუიციით...

და მოკლედ ყვება ერთი, როგორ გახადა თავის კლასელს კაბა. მერე როგორ უნდოდა ტრუსიკი შემოეხია, რაღაც ფილმში ქონდა ნანახი ასე და არ გაეყარა. იმიტო, რო მთელი წელია ეჩალიჩება და არ აძლევს ის გოგო და ეს ერთი ფიქრობდა, რო როდესმე სიმონ, ჩახაზავდა და ნახავდა გაწელილს და იმ დროს, როდესაც ეს გოგო ელოდებოდასავით როდის გაუკეთებდნენ, აი სიმონ, ზუსტად მაშინ არ მიცემდა და ტრუსიკს შემოახევდა, თუ რაღაც ეგეთ პონტში... და ამას ყვება, რო გახადა და ეს უნდა რო გააკეთოს და ამ გოგომ ხელი ჩაუყო და მეთქი, ეხლა იტყვის დაირტყაო და არ გაუთავებია ამ სირს? ყლე არ არის ამის მერე? მარა ეს ისეთ პონტში, სიცილში და რამე მოყვა...

და მეთქი აი, სიმონ ჩახაზული ვიყო-მეთქი, თუ ხატიას არ გაუკეთო ეგრე-მეთქი და მოდიო და რაზე-თქო? და გურამას ჯინსის კურტკაზეო და მოსულა-მეთქი და მაქიდან დაიწყო, რო მეთქი,  ამის მერე მე ხატია მიყვარს და სიმონ, არაფერი არ წამოგცდეთ...

ერთი თვე ვადა ავიღე და იმავე საღამოს ხატიას ნინკას ჩანთა ვაჩუქე და სახლამდე მივაცილე. მერე მეორე დღეს სკოლამდე ერთად მოვედით, მერე ისევ ნინკას თავიდან მოვხსენი რაღაც ყლეობა და ხატიას ვაჩუქე. მერე სკოლამდე ისევ ერთად მოვედით. კლასში ერთ მერხზე ვიჯექით, ნინკა უკან გადავსვი. სკოლიდან კიდევ ერთად წამოვედით სახლში და შემოდი, თუ გცალიაო. შევედი და მაგის ოთახში ვილაპარაკეთ და რაღაც კასეტებს მოუსმინეთ, მერე სახლში წამოვედი და დილით ვეღარ გაუარე. იმიტო რო ნინკას ნაბოზარმა ძმამ დამისატკავა სახლთან და დილამდე პრავებს მეკაჩავებოდა და დამეძინა და რო გამეღვიძა, ხატიამ დამირეკა, რატო არ მოხვედიო და მაშინ დათბააა! მაშინ დათბა სადღაც გულში და თითქოს ისეთი თბილი მზე ამოვიდა, რო მეთქი, სიმონ, მაგრა ასწორებს სიმონ, ტო!!!

იმ დღეს გვიან საღამომდე მე და ხატია ერთად ვიყავით და ხატია სახლში მივაცილე და მინდოდა დამშვიდობებისას მეკოცნა ლოყაზე. იმიტო რო ტუჩებისკენ ვერ გავიწევდი. ჯერ ვერ გავიწევდი და დედამისი ფანჯრიდან იყურებოდა და მივესალმე და წამოვედი.

მეორე დღეს სკოლაში ხელგადახვეულები მივედით და მეთქი, სიმონ, ძმებო, სიმონ, სიტუაცია შეიცვალა სიმონ, ეს გოგო მართლა შემიყვარდა და მაზიანი წავაგე-მეთქი და გურამას კურტკა გავხადე და ჩავაბარე... და კლასში ნინკა რო დავინახე, მივედი და თბილად მივესალმე, იმ პონტში კი არა რო მაგის ძმა და რამე, არა სიმონ, ისეთ პონტში რო მეთქი, ნინკა, მე შევიცვალე, შეყვარებული ვარ და კეთილი გავხდი და მეთქი, უფრო სწორად მინდოდა მეთქვა, რო შენი ძმის გამო დავიგვიანე და ბლა ბლა ბლა...  და იასნია არ უთხარი, მარა თბილად მივესალმე და ალბათ ნინკამ იფიქრა, რო მაგის ძმის შემეშინდასავით და მშიშარაო, თუ რაღაცა მითხრა... და იმავე დღეს ნინკას ბეჭედი და საყურეები ვაჩუქე ხატიას და საღამოს სადარბაზომდე მივყევი, კარებამდე და ხელი ხელში ავიღე და ხელზე ვაკოცე და ხატია გაწითლდა და ლოყაზე მაკოცა და ხელის გული დაუკოცნე და ხატია ლოყაზე მეფერებოდა და მე ხატიას ჩავეხუტე და ხატია მომეხვია და ვიგრძენი ხატიას თბილი ორი მზე ჩემზე როგორ მეხებოდა და კიდევ ვიგრძენი ხატიას შიშველი ზურგი ჩემს თითებზე და ხატიას ლიფი, რომლის გახსნა დავიწყე თუ არა, ხატია გამექცა და მინდოდა სიხარულისგან მეყვირა და რავი კედე რაღაც ყლეობების გაკეთება მინდოდა...

სახლთან დამხვდა ნინკას ძმა და მისი ორი ძმაკაცი და გავიქეცი. იმიტო რო ხატიას ვერ დავენახვებოდი დასიებული, ნაცემი სიფათით და მე კიდე ხატიას ნახვა მინდოდა. და ნინკას ძმა და მაგის ორი ძმაკაცი გამომეკიდა და მსდიეს, მსდიეს და დამეწიენ ეგ ბოზები, მარა ისეთი დაღლილები იყვნენ, ვეღარც მირტყამდნენ, იმიტო რო მაგრა ვირბინე, სიმონ. რავარია, სამი ტიპი საცემრად რო მოგსდევს და მირბიხარ მარა რას მირბიხარ, სიმონ, ტო. იმიტო რო იცი, რო თუ დაგიჭირეს, დედას მოგიტყნავენ და ამ სირბილის დროს გახსენდება ის, რაც მოხდება ისე, რო თითქოს უკვე გირტყამენ და მაგარი მოგხვდა ლოყაზე, სიმონ, სილა და აგიხურდა და მერე მუცელში იგრძენი მაგარი წიხლი და ტრაკით ჯდები და თავში კიდე ერთი ქუსლი, სიმონ ტო. აი, ჩახაზული ხარ სიმონ, მაგარი ჩახაზული ხარ, იმიტო რო კიდე ერთი ქუსლი გხვდება თირკმელებში და ცხვირში – მუშტი. ერთი... ორი... სამი... ოთხი... და რაღაც გაუგებარი სითბო შენს შარვალზე, რო ჯერ აზზე ვერ მოდიხარ, რა პონტში და ეს სითბო სულ არ გავს იმ სითბოს, ხატია რო დაგირეკავს და მოგიკითხავს, სკოლაში რატო არ მოხვედიო. მაგას აი ვაბშე არ გავს და იმის აზზეც ხარ, რო ისეთ შარში ხარ, რო ხატიას მოკითხვა ხვალ აღარ გიშველის. იმიტო რო ეს სითბო შენი სისხლია და ხუი ივო ზნაეტ, საიდან მოდის და ამ სირბილის დროს გახსენდება ის, რაც მოხდება, ისე რო თითქოს უკვე გირტყამენ და მირბიხარ სიმონ, მირბიხარ ბოზიშვილი ვიყო, რო არ დაგეწიონ და არ გაგწირონ, მე ამათი... და მაინც იღლები ბოლოს და თუ დაიღალე, თუ დაგენძრა და ვეღარ სუნთქავ, ეს ყველაზე საშიშია, იმიტო რო იმ მომენტში ყველაფერი სულ ერთია, ისეთი დაღლილი ხარ და გგონია, რო გინდა წიხლი სიფათში, გინდა დანა კუჭში, გინდა დაღლა – ერთი ყლეა და ეს ყველაზე საშიშია, იმიტო რო დაღლა გადაგივლის მესამე წიხლზე და გახდება ძაან მტკივნეული ეს ნაბოზარი მესამე წიხლი და მერე რაც უფრო მეტი გხვდება, მით უფრო მტკივნეულია და მერე აღმოჩდება, რომ დაღლა ჯობია ცემას, მარა უკვე გვიანია და ვერ გიშველის ვეღარაფერი. და გავჩერდი... დგანან, დგანან კი არა ყრიან, ისეთი დაღლილები არიან, ვერ სუნთქავენ და სიმონ, ღირსების პონტში, რო ვითომ ტყვილა არ მსდია, ნინკას ძმა მოდის და მეუბნება: – კიკალა მქვია, ამ და ამ უბნელი ვარო და ხვალ აქ და აქ შევხვდეთო. მეთქი, რა გინდა? რა და ნინკა ჩემი საცოლეა და მიბრაზებო და პასუხს გაგებინებო. მეთქი, მე არ მეშინია. მოვალ, მარა მეტს აღარ გავაბრაზებ და შენც უთხარი შენს საცოლეს, შეურაცყოფას ნუ მაყენებს-მეთქი... და ამ ყველაფერს ქოშინით ვეუბნები, რო ვერ ვსუნთქავთ ვერც ერთი და ამ ტიპმა, კიკალა ვარ, ხვალ მოდიო აქო და გაფითრდა ეს ჩემისა. ვაიმეო, დაიყვირა და დაეცა...

და მეორე დღეს ისევ ვერ მივედი სკოლაში. იმიტო რო კიკალას ბრმა ნაწლავი გაუსკდა და სავადმყოფოში მივიყვანეთ და იქ ვიყავი დილამდე და დამეძინა. მარა ხატიას არ დაურეკავს. საღამოს ხატიას გაუარე და გზაში ნინკა შემხვდა. თვალი ავარიდე. მაგის გადამკიდე არაფერი მინდოდა და იმანაც თვალი ამარიდა და პირველად ვნახე ნინკა სკოლის გარეთ და არა უშავდა... ხატია სახლში დამხვდა და ბევრი ვიზასავეთ, მარა მაგის იქით საქმე არ მისულა და მე მაინც კმაყოფილი ვიყავი. მარა თან ისე მინდოდა გამეყარა, რო სახლში მოვედი და გიჟივით ვიყავი. ეხლა უკვე მარტო მე ვანძრევდი ხატიაზე. ყოველ შემთხვევაში ამაზე ხმამაღლა ბიჭები აღარ ბაზრობდნენ.

სკოლა ერთად დავამთავრეთ და მერე ხატია ისეთი ლამაზი აღარ მეჩვენებოდა და მალე დავშორდით. ნინკა ერთი ორჯერ კიდევ შემხვდა კიკალასთან ერთად და მერე მე და კიკალა რო დავძმაკაცდით, ნინკა მოსკოვში წავიდა, მშობლებმა წაიყვანეს...

ეხლა კიდე ხატია ჩემი მეზობელია და მაგას და ძებნილას ერთად რო ვხედავ ხოლმე, ცოტა არ იყოს მიტყდება, მარა რას იზამ, ხდებას პონტში... და ისიც ხდება, რო ხატიას ხეხვის ხმები მესმის ხანდახან. იმ პონტში, როცა ძებნილა კაიფში არ არის ალბათ. ძებნილამ ავტორიტეტი ვერ გაიფუჭა და მოკლედ ძებნილა კიდე დაიკარგა ხატიასთან ერთად... და მერე ვიღაცა მოვიდა და მითხრა, ძებნილამ ბინა გაყიდა და ეხლა მე ვიქნები შენი მეზობელიო... 

 

 

 

მემე

 

და ვტუსაობთ მე და ჩემი ორი ძმაკაცი სადარბაზოსთან. ვდგავართ და «კენტს» ვაბოლებთ. სადარბაზო ქუჩაში გამოდის და მანქანები რო ადიან და ჩადიან, ვაკვირდებით, ვალივერებთ. ჰოდა, თან ერთ ჩემს ძმაკაცს – კიკალას ჯიბეში ფაქტი უდევს, თან მოწეულები ვართ და კიდე გვაქ და საღამოსთვის ვინახავთ...

ვეუბნები კიკალას, ჯიბეში ფაქტი უდევს, მოტეხე ეგ ჩემისა-მეთქი. გადააგდე რა სადმე კიბესთან, დააგდე ვინ წაიღებს, რად გინდა ქუჩაში ტისკებით დგომა და სიარული. სულ დარბიან ეს ძაღლები, დაგვიჭერენ და მერე იჯექი გარეთ-მეთქი... ჰო, ჰო, მეთანხმებოდა. ჰოო, ჰოო, აი, მოვკლავ, ამ ბიჩოკსაცო და მოვტეხავო. მოუკიდებდა, ეწეოდა და რო მოწევდა, მერე მეც მავიწყდებოდა, რო ფაქტით ვიდექით და იმისაც. მეორე ძმაკაცი – თემო ისეთი დაბოლილი იყო, ენას ვერ ამოძრავებდა, ჩირივით ეგდო პირში. იდგა გაფითრებული და არაფერს ამბობდა. ათასში ერთხელ კოლოფიდან სიგარეტს გამოაგდებდა და თითქოს ჩემი ხათრითო, ისე მოწევდა: მე რა, მე რა, შენთვის ვეწევიო...

და იდგა თემო და ჩვენს ვალებზე ფიქრობდა. უფრო სწორად იმ ვალებზე, ჩვენ რო გვაწერს ყოველ ფეხის ნაბიჯზე და არასოდეს არ გვაყვედრის. მე და კიკალამ ეს ხომ ვიცით, თან ვეკაიფებით. ვდგავართ სამი უგონოდ დაბოლილი სადარბაზოს შესასვლელთან, ქუჩის პირას და ვეკაიფებით ერთმანეთს. ვლაპარაკობთ ვალებზე, ჩვენ რო გვმართებს მისი და ისიც გავიხსენეთ, ფილტვების ანთება რო ქონდა და მივედით მე და კიკალა. მეთქი, რამეს აუტანთ, ცივი წვენი, ან ბანანი, ან დური... მეთქი, რამე, რაც გაუსწორდება. ამან კიდე ისე მიგვიღო, გეგონებოდა, ჩვენი მოსახდელი სიცხეც მაგან აიღო თავის თავზეო, სპონტამ! ჰოდა მაშინაც მოვწიეთ და რა მოვწიეთ?!. ვკაიფობდით...

და ეხლაც ეგეთ დღეში ვართ და ზუსტად მაშინ იწყებს ხოლმე კიკალა თავის ოფოფებს. იცის რა, როდის მოდიან ეს ძაღლები! იცის რა! ამ სიცილში რას მიხვდები, რომელი მანქანა ვისია. დადიან ეს მანქანები, აივლიან, ჩაივლიან. ვიღაცა შემოგხედავს, ვიღაცას შენ შეხედავ, მოწვავ ქუჩურად... დადიან ეს მანქანები სიცილ-ხარხარით...

უცებ კიკალა ადგა და ქუჩისკენ წავიდა. მე და თემო ვიცინით, თან ცოტა აზრზე გვინდა რო მოვიდეთ, რო მეთქი, კიკალა, სად მიდის. ის კიდე მოუხედავად ქუჩისკენ უბერავს, თან ისე მიდის, თითქოს წასვლა არ უნდაო. აი, რაღაც ნახევრად რო მიდიან ტიპები და თან რო არც მიდიან, ისე მიდის... და ამ დროს თეთრი ექვსიანი ნელ-ნელა მოგორავს ქუჩაზე და უკვე ჩვენს სადარბაზოსთანაა. გაგვისწორდა. სამნი არიან და ჩვენ გვიყურებენ, ქუჩურად კი არა, არა, რაღაც ბოზურად რო იციან ისე. ამ დროს კიკალა მანქანას გაუსწორდა და ორი ნაბიჯიც და ან მანქანა დაეჯახება კიკალას, ან კიკალა – მანქანას, ესეა. მე და თემო აღარ ვიცინით, იმიტო რო თან ვერ გავიგე კიკალა რას ჩალიჩობს, თან მივხვდი და ფერიც გადამივიდა. ვიგრძენი, იმიტო რო თეთრი ექვსიანი ეხლა დავინახეთ. ეგენი კიდე ალბათ დიდი ხანია, გვალივერებენ. ყველაფერთან ერთად გამახსენდა, რო კიკალას ფაქტი უდევს. ამ ფიქრებში ვარ და უცებ კიკალამ მარჯვნივ აიღო და მანქანის უკან მოექცა. ვააა, მეთქი, რას აკეთებს, დაიწვება-მეთქი! თემოს გადავხედე და ექვსიანივით თეთრია. ოოდა ვიფიქრე, ცოტა აზრზე მოვიყვან და ჯიგარო-მეთქი, ფაქტი კიკალას უდევს და თუ დაშმონეს უპოვიან და მაგასაც დაიჭერენ-მეთქი და ჩვენც-თქო. ვთქვი და მანქანის კარი გაიღო და გადმოცვივდნენ – ერთი, უკან რო იჯდა და მძღოლი. კიკალას ეცნენ, ხელი გადაუგრიხეს, თან ყვირიან რაღაცას...

დაგვენძრა, მოკლედ, თემო-მეთქი და ავდექი. ხელები გავშალე და პატიოსანი სახით მივდივარ ძაღლებთან და ხმამაღლა ვამბობ თურმე: რას კადრულობთ, მაგის დედა მოვტყან-მეთქი, რა პონტია, რას ჩადიხართ ქართველებო-მეთქი, რა გინდათ ჩემი მეგობრისგან, რა გნებავთ-მეთქი...

ამ დროს ერთი ჩემთან მოდის, ქსივას მაჩვენებს და მეკითხება, ვინა ხარო. მეთქი, მემე ვარ, აი აქ ვცხოვრობ, ამ სადარბაზოში ვცხოვრობ, დღეს კვირაა, ვსაუბრობთ და რამე, აბა, სხვა რა ვქნათ, ჯერ ცხელა, საღამოს დავლევთ-მეთქი. ვინ დამიჯერა. მაგათ მოატყუებ?

მე და თემო აგვყარეს და გვშმონავენ. მე უკვე ვიცი, რო დაგვიჭირეს და ვფიქრობ, ვინ უნდა დარჩეს გარეთ. ჩვენ სამიდან ვინ უფრო იშოვის ფულს, რო ჩამოვიტანოთ? მე რო დავრჩე, სად ვიშოვო ფული, რაც არა მაქვს? ბებიაჩემს ხო არ ავახევ? თემოს მამას რაღაც ცეხი აქვს და იმას კიდევ შანსი აქვს რაღაც. კიკალა ჩემსავით გაფხეკილია. არაფერი აბადია. ამ ფიქრებში ვარ და თან ენას არ ვაჩერებ, რო კაი ბიჭი გამოვჩნდე, მაგათი გაგებით წესიერი, პატიოსანი და რამე, იმიტო რო თუ ფაქტზე დაგვიჭირეს, წაგვათრევენ განყოფილებაში და ჯერ მანქანაში მაგრად გვცემენ, სულ ფილტვებში გვირტყამენ და მერე შეგვათრევენ განყოფილებაში და რო დაგაშინონ და ფული ჩამოგატანიონ, სამს ან ოთხს, მეტს არა, ისეთ მწარეს ჩაგარტყამენ ფეხის გულებზე, რო მზად იქნები სული მიყიდო და თავი დაიხსნა ჯოჯოხეთიდან. მარა ამის საშუალება არ უნდა მივცე, იმიტო რო თუ დამიწყეს ახსნა, რო პლანზე სროკია და სანამ ციხეში შეხვალ გაგაფუჭებთ, ბარიგობას შეგტენით და იქ ბარიგას სახელით შეხვალ და მერე მიდი და იჯექი ბოზი ციხეში და არ გირჩევნია, ფული ჩამოიტანო და ჩვენ ისე ვიზამთ, რო გაგიშვებენ და ამას ჩემი ხათრით რო აკეთებენ, ვითომ ეგ მართლა ბოზები, თვითონ დაბოლილები... და თუ მაგათ იმის საშუალება მიეცი, რო საქმის ვითარება აგიხსნან, ხუთი ათასიდან დაიწყებენ და ორამდე ჩამოვლენ, თუ იცი ვაჭრობა და თუ არ იცი, შეიძლება ხუთიც მოგაჯმევინონ...

მე და თემო დაბოლილები, ხელაწეული ვდგავართ თეთრი ექვსის ფონზე... და თუ ჩამსვავენ, მე ფული არ მაქვს და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება და თუ არ ჩამსვავენ და გავაგრძელე ძველებურად, იქნებ ჩემგან კაცი დადგეს რა ოდესმე! მეც ვდგავარ თეთრი ექვსის ფონზე და ეს მანქანის კარები ღიაა და ისე ალმაცერად მიყურებს, მეპატიჟება, რო ჩამსვას და მოხურავს კარს და ჰაიდაა განყოფილებაში და რატომ? ერთი მასტერკა პლანი რო მოვწიე და მეორე რო ჯიბეში მიდევს, იმიტო? და იცი რა არის ყველაზე ცუდი? იმ მეორე მასტერკას წაგართმევენ და თითონ მოწევენ, ვინც გიჭერს, ის მოწევს და გეტყვის, კაი პლანი გქონიათო, სად აიღეთო? აიღეთო, ხუმრობით გკითხავს, ხო აზზე ხარ, იმიტო რო მაგათ პლანი უფასოდ აქვთ. ჩვენისთანა სირი რამდენია? რო მოწევს და მერე ქუჩაში დადგება და სიცილს დაიწყებს? რამდენია ჩვენისთანა სირინოზი? ბევრი! ჰოდა, მაგათაც ეგ უნდათ!

უცებ კიკალა ეუბნება, რო სუფთები ვართ და რო არც ვეწევით და არც ვიკეთებთ და რო კაი ბიჭები ვართ, პატიოსანი. თითქოს ამას ელოდენ და კიკალას ისვამენ მანქანაში და არაფერს გვეუბნებიან. ვა! მე და თემოს არაფერს გვეუბნებიან და კიკალა მიყავთ. ვა! გაგიგია ეგეთი რამე? დავიბენი. კიკალა მეუბნება, დაწყნარდი, გავყვები და მომიყვანენ უკან, ნუ ნერვიულობთო, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ნუ ნერვიულობთო, ყველაფერი წესრიგშიაო. მე ენა ჩამივარდა. თემოსაც. თემო ისედაც დიდი ხანია ხმას არ იღებდა. სადარბაზოში დარტყმული ბოლო ნაფაზის შემდეგ, თემოს სიტყვა აღარ უთქვამს. ჩასვეს კიკალა, აქეთ-იქიდან შეავსეს და ის იყო, უნდა დაქოქონ მანქანა, რო ვეუბნები, ვითომ ხუმრობით, უკაცრავად, მარა როდის დაგვიბრუნებთ ჩვენს ძმაკაცს-მეთქი? სახლში მოხუცი მშობლები ყავს და რო დააგვიანდეს, ინერვიულებენ-მეთქი და პასუხი არ გამცეს და წავიდნენ...

აიღო თემომ ეგ მოსაწევი და ვფიქრობ, ეხლა რო ეს მოვტეხოთ და მივიდეთ განყოფილებაში, რო გავიგოთ რა ხდება, რო ფულის ჩატანა აღარ გვინდა, რო კიკალა სუფთაა, ვიცით... და ამ ფიქრებში ვართ, რო მანქანა ჩერდება და ვხედავ, იქიდან ვიღაც გვიღიმის. ხელით გვეუბნება დაჯექითო. ფაქტი თემოს ხელში უჭირავს და მეთქი, თემო გადააგდე და კარები გავაღე და ვა! ვხედავ ძებნილა...

ძებნილა თემოს მეზობელი იყო. მაგას რო კითხო, თემომ სიკვდილს გადამარჩინაო. თემოს რო კითხო, არ გადამირჩენიაო. ერთხელ ხო მოვყევიო და ხმას არ იღებს.

ეს თემო ჩემი ძმაკაცი კია, მარა ხანდახარ ისე მიშლის ნერვებს, მინდა, რო ის ხუთკაპიკიანი სიფათი მიუნგრიო, მარა ვერ გამიგებენ და მეც თავს ვიკავებ...

ძებნილაზე გიყვებოდი. თემოს მეზობელი იყო, ნახიშტარი. ორი-სამი წელია, სხვა უბანში გადავიდა. რავი, რაღას არ ამბობდნენ ძებნილაზე, მარა საქმე საქმეზე რო მიდგებოდა, ალაგებდნენ.

სკოლას ვამთავრებდი და მაშინ წითელი შვიდიანი ყავდა, ვერცხსლისფერი დისკებით და რამე... ჯუზონები, მაგარი დინამიკები...

საღამოა და გვეუბნება, ფრანგები ჩამოდიან სტუმრად და ვინმე წამომყევითო. მე ვარ, კიკალა და ეს გამოსირებული მაგის მხსნელი თემო. თემომ, მე ვერაო, მამაჩემის თავი არა მაქვსო. კიკალამ, მე წამოვალო, მარა ძებნილა მეუბნება, წამომყევიო. ვა?! მეთქი, წავიდეთ.

ჩავჯექით მანქანაში. მეთქი, რა უნდათ ამ ფრანგებს ძებნილასთან? მეთქი, საერთაშორისო მაშტაბების დამნაშავეები ერთად იკრიბებიან, დიდი საქმე უნდა გადაწყვიტონ-მეთქი, ფულის ამოღება და რამე? მივდივართ აეროპორტისკენ და ძებნილას ვეკითხები, მეთქი, ძებნილ, ეგ ფრანგები რატო ჩამოდიან-მეთქი, ბანკი უნდა გაიტანოთ, თუ რა-მეთქი? არაო, ედიკას უნდა შევახვედროო და ეცინება. მეც მეცინება. ძებნილა გზას უყურებს და ჩვენც აღარ ვლაპარაკობთ. თან ვფიქრობ, მეთქი, ხმას რატო არ იღებს, რატო არ მელაპარაკება, რატო წამომიყვანა მე და არა კიკალა? ან რავი, მარტო რატო არ წავიდა? მივდივართ აეროპორტში.

ფრანგები პარიზს გამოყვნენ დილის ხუთ საათზე. მთელი ღამე გავათენეთ. ორი ფრანგი იყო, ორივე კაცი და ერთი გოგო, შვეიცარიელი თუ შვედი. ყველა ერთმანეთს გავს, ეგენი ქერები არიან რა! ჰოდა დილის ხუთი საათია და ძებნილა მეუბნება, წამო ხაში ვაჭამოთო. მეთქი, წამო და მივდივართ სახაშეში. გზაში ეს ფრანგი ტიპი გვეუბნება დამტვრეული რუსულით, დავიღალეთ და გვეძინებაო. მე ვეუბნები, საქართველოში ჩამობრძანდით და ჯერ – ჭამა, მერე – ძილი-მეთქი. შევხედე და ორივეს საყურე არ უკეთია? გოგოს გავხედე, იმას არ ეკეთა. ვა! მეთქი, ეს ორი ტიპი პიდარასტია და ეს გოგო ლესბიანკა-მეთქი და რავი რატო, გული დამწყდა. ეს გოგო გვეუბნება, ლესბიანკა არა ვარ და არც ესენი არიან პიდარასტებიო. ვაა?! ძებნილ-მეთქი, ქართული თუ იცოდა, ვერ გამაფრთხილე-მეთქი? მივედით სახაშეში. ფრანგებს უკვირთ, აქ რა გვინდაო. გოგო ათვალიერებს და რუსულად გვეუბნება, ჩემს მეგობარს რესტორანი აქვსო და თუ შეიძლება ფოტოებს გადავიღებო, ესეთი დიზაინის რესტორანი არსად მინახავსო. მეთქი, ჯერ სადა ხართ, ევროპელებო, საჭმელი არ გაგისინჯავთ-მეთქი. მერე ფრანგებიც აყვენ, ეგზოტიკა, ეგზოტიკაო, ყვიროდნენ...

გვერდით მაგიდასთან სამი ტიპი სვამდა. ექვსი საათია და თითქოს არაფერი. ძებნილ, ამ ტიპებს საყურე მოახსნევიე, თორე ჩხუბი მოგვივა-თქო. ძებნილა მეუბნება, თუ რამეს იტყვიან, გავატყავებო და ხაშს უკვეთავს. ვა, ეხლა ველოდებით ხაშს და თან მეზობლებს ჩუმათ უყურებ. ვფიქრობ, ნეტა რამე არ თქვან, რამე არ მიქარონ, თორე ძებნილას ამბავი რო ვიცი, ადგილზე მიასრისავს-მეთქი. უცებ ვხედავ, სამეზობლოში ჩოჩქოლია. მივიხედე და ერთი ტიპი ჩვენსკენ მოგორავს. ეს ორი ტიპი აჩერებს. ეს უფეხო ყვირილს იწყებს, გამიშვით, მაგათთან დალევა მინდაო. ფრანგი გვეკითხება, იცნობთო?

ხაში მოვიდა. სანამ ავუხსნიდი ამ უცხოელ სირებს, როგორ უნდა ჭამონ ხაში, ეს ნიორიო, ეს მარილიო, ეს თუ გინდა ცალკე თეფშზე გადადე, პირსახოცი ქვია, ტანს რო იმშრალებ, ის არის-მეთქი. აი, ეს იმ უფეხოს ჩლიქებია-მეთქი და ამაზე იმ გოგომ ლამის იყო მომცა. ფრანგებმაც იცინეს. ეგზოტიკა ავოიე!

ვჭამთ ამ ხაშს და თან ვკაიფობთ, ვიცინით. ერთი-ორი ვხუხეთ და ხასიათიც მოვიდა, აეწყო რა ურთიერთობა და ამ დროს ამ უფეხომ არ გაატრაკა? მოგორდა და ძებნილას ეუბნება, მოდი დავლიოთო. ძებნილა პასუხობს, სტუმრები მყავს, მომეშვიო. უფეხო ეხლა ფრანგებს ჩააცივდა, საყურე მოიხსენი და მე მაჩუქეო. ფრანგებმა, არაო. ატრაკებს რა, ეს ტიპი ტვინს ტყნავს, მაშინაო, ჩემს ფეხში გამიცვალეო და არ მოიხსნა ეს ხის ფეხი? ვა-მეთქი, ეხლა ძებნილა დაბრიდავს. მარა უცებ ეს გოგო ეუბნება, მოდიო და ამ ერთ ფრანგს საყურეს ხსნის და აწვდის. უფეხო გასწორებულშია. ეხლა წადიო, ძებნილა ეუბნება და ის იყო უნდა გაგორებულიყო, ფეხი მაიტაო, შვედი ატყდა. ვერაო უფეხომ და გაიკეთა ფეხი და გაგორდა. ძებნილა უკან მიყვა...

ეხლა ქალბატონო შვედო, ეხლა ძებნილას უთხარი, რო იმ უფეხოს ფეხი აღარ გინდა, თორე დაიჭერს, მოხსნის იმ ფეხს და მოგიტანს-მეთქი! შვედი იცინის. ვეუბნები, მანდილოსანო-მეთქი, ფეხთან ერთად მაგის თავსაც გამოაყოლებს და შეიძლება მისი ორი მეგობრის ფეხებიც მოგიტანოს და ამაზე სიცილში ის ფრანგებიც აყვნენ.

ვხედავ ძებნილა მოდის და ფეხი მოაქვს. მაგიდაზე დებს და ჭამეო, ამ გოგოს ეუბნება. გოგო მოწეული იყო თუ რა იყო, იცინის. ევროპელები ეძახე და ტყიურები არიანო, ძებნილამ და ხაშის ჭამა გააგრძელა. გოგო კიდევ იცინოდა. გავიხედე და ეს უფეხოც იცინის. ვხედავ ძებნილაც ნელ-ნელა სიცილს იწყებს. ვა! მეთქი, ფრანგები? ეს ფრანგებიც აყვენ. გამოვიდა მზარეული და იცინის. ვა! მე რა, სხვა რა გზა მქონდა, მეც გავიცინე და რატო მოგიყევი ეს ამბავი...

ეხლა კიდე ძებნილას ახალი მანქანა უყიდია, მაგრა გაზმანულა, კბილები ჩაუსვამს და იცინის. როგორც მაშინ სახაშეში. გადავკოცნეთ, სად მიდიხართო? მეთქი, განყოფილებაში. რა ხდებაო? თემოც ჩავისვით და წავედით. მოვყევით, რაც მოხდა და მეკითხება, სუფთები იყავითო? ძებნილაა, როგორ მოვატყუო-მეთქი და არა-თქო. უთხარი, მანქანის ქვეშ რო შეაგდო და რო მაგრა ვაჭამეთ ძაღლებს. თან ვიცინი. თემო რატომღაც არ იცინის. მივედით განყოფილებაში. ძებნილა შევიდა და ჩვენ მანქანაში ველოდებით. დახეო, თემო მეუბნება და უკან ავტომატი აგდია. თემოს ავხედე და ის იყო უნდა მეთქვა, გაძაღლებულა-მეთქი, რო ვიღაც ტიპი მოდის და გვეუბნება, წამომყევითო. მივყვებით და გზაში თემომ, ფაქტი მანქანაში დავტოვეო, არ გადამიგდიაო, საღამოს რა ჩემს სირს მოწევო. ავოიეე, უნდა მეთქვა, საღამოს ვინ გაღირსებს, შე მართლა სირო-მეთქი და შეგვიყვანეს ოთახში...

დიდი ოთახი იყო. ერთი დიდი მაგიდა იდგა და იქ ვიღაც ბიძა იჯდა. დასხედითო, გვეუბნება. ჩვენც ვსხდებით. თქვენი მეგობარიო, მხილებულიაო ძალიან მძიმე დანაშაულშიო და რო არა  ძებნილა, მე არ ვიციოო... მეთქი, რა ხდება? თემოს როგორც ყოველთვის, ძაღლების დანახვაძე ენა ჩაუვარდა. რა ხდებაო და რო დაიწყო ამ ბობოლამ ყვირილი, მე მეგონა ეხლა დაგვარტყავს, ეხლა დაგვარტყამს-თქო. მერე მე ხო ვიცი, საით მიყავს ბაზარი? მე ხო ვიცი, რო კიკალა სუფთაა და მანდ პრობლემები არ არის? მარა ეს ძაღლი ისე დარწმუნებით ყვირის დანაშაულზე, ახალგაზრდა კაცის შეცდომებზე, რო მეთქი, აქ რამე სხვა ამბავი ხო არ არის-მეთქი. თემოს შიშისგან ფერი არ ადევს. აი ძმაკაცი ეგეთი უნდა გყავდეს. რო გინდა დახმარება და გვერდში დადგომა, მაშინ იჯვავს. ეგ იცი რისი ბრალია? იცი რისი ბრალია? აი სულ რო წუწუნებს და ვალებს რო გვადებს მე და კიკალას, იმის ბრალია! ფიქრობს, რო რაღაცით ჩვენზე მეტია და ეგ არის. გონია, რო ჩვენ კი ვართ მისი ძმაკაცები, მარა რამე რო იყოს, არც ვიქნებით. ერთი მაგრა მომინდა ჩამეცხო იმ შეშინებულ თავში და გონზე მომეყვანა. უნდა ჩამეცხო და მეთქვა, შე ყლეო, ენა რო ჩაგივარდა და შიშისგან ლამისაა ჩაიფსა, შეხედე ამ ძაღლებს და არ იცი, რო გვაბოლებენ რიჟა ბაზარით? არ იცი, რო ეხლა გვეტყვის, თქვენი ხათრით ორი ათასი მოჯვითო და იქნებ რამე მოგიხერხოთო, ხო იცი რასაც ბაზრობს და რატო გეშინია? უხ, როგორ მინდა, რო ჩავცხო ისე, რო იმ სკამიდან გადმოვაგდო და გაკვირვებით რო შემომხედავს, აი ამას ვეტყოდი. ამანაც კიდე, ხო წაიღო და არ აბრუნებს! ერთი უნდა მოუსმინო, რას ბაზრობს. მარა ის იყო თემოზე გაბრაზებამ გადამიარა, რო ფორმიანმაც გაათავა მონოლოგი...

ვართ ეხლა მე და თემო, ეს ყლე, თავჩაღუნული. მე კიდე, თუმცა მეც თავჩაღუნული ვმჯდარვარ და ამ ძაღლისთვის არაფრით განვსხვავდები თემოსგან. თემომაც ამოიხედა. შემომხედა და გაიხედა. ვა! მეთქი, ეს სირთაქვაც იმას რო ფიქრობდეს, რასაც მე მაგაზე ვფიქრობდი, ცირკი არ იქნება?

რას იტყვით ბიჭებოო, გვეკითხება ფორმიანი. მოდი ეხლა და აუხსენი ამ ტუტუცს რო არ მისმენია და მაგას ჯობია, მოკლედ თავიდან ჩამოაყალიბოს თავის სათქმელი. მარა უცებ თემო ეუბნება, კი ბატონო ჩვენ თანახმა ვართო. აი ეხლა რა მოხდება უნდა ველოდო. ძაღლი დაჯდა და გვიყურებს. მე მიყურებს. მე ჯერ თემოს შევხედე, მერე ფორმიანს, მერე ავდექი, მაგრამ უცებ დავჯექი. ძაღლი მიყურებს. არ გინდა ეხლა უპასუხო? მარა ძაღლი არ მეშვება. მე თემოს ვეკითხები, თეიმურაზ-მეთქი, იქნებ ამიხსნა რა უნდა ამ ღრმად პატივცემულ ბიძიას-მეთქი? მეუბნება, კიკალას ფაქტი უპოვეთ და ფული ჩამოიტანეთო. მეთქი, რა ფაქტი, რის ფაქტი-მეთქი, ფაქტი ეხლა ძებნილას მანქანაში არ დავტოვეთ-მეთქი?! დაეცემი ისეთი მაგარია! კიკალა

არა ძმა, დებილებთან საქმის დაჭერას ეგეთ პონტში, ჯობს საქმეს საერთოდ შეეშვა. ეს რა მიქნეს, ტო?! ეს რა გამიჩალიჩეს? ვფიქრობდი, ჩემთვის ვიქნებოდი ერთი საათი, მერე დამკითხავდნენ, ცოტას შემაშინებდნენ, ცოტას მომცხებდნენ და მორჩა, გათავდა. მეტს რას მიზამდნენ? ძალით ხო არ ჩამიდებდნენ ფაქტებს ჯიბეში? ძალით ხომ არ დამადებდნენ პრაკოლებს და პლანს ხომ არ მომაწევინებდნენ? მე სუფთა ვიყავი და მორჩა, გათავდა. რა უნდა ექნათ? არაფერი! მე თუ მკითახავ, კარგიც იყო, მე რო წამიყვანეს და არა ეს ორი პიდარასტი ისეთ პონტში. მე რომ ამწიეს, კარგი იყო. მივიდოდი, დავხედავდი, სიტუაციას შევაფასებდი, გავიცნობდი ოპერ მუშაკებს, ხომ უნდა მიცნობდნენ, არა? ვეტყოდი,  წესიერი ბიჭი ვარ. კაი შთაბეჭდილებას მოვახდენდი, ცოტას ვითომ წავიწუწუნებდი, ვითომ შემეშინდებოდა, ვითომ მადლობას ვეტყოდი, რომ ყურადღებას აქცევენ ჩვენს უბანს, ცოტასაც, ცოტასაც და ეგ არის! სახლისაკენ ჰერი-ჰერი! ერთ საათში, ჰა-ჰა ორში. მაგრამ დებილებს რომ გადაეყრები, წესიერ ცხოვრებას უნდა შეეშვა და სულ იმაზე გეჭიროს თვალი, სხვებმა საქმე არ გაგიფუჭონ.

სადარბაზოსთან ვიდექით, მოწეულები კი ვიყავით, მარა ამ ორმა იდიოტმა ხო მოწევა არ იცის. ვეუბნები მოდიან, მოდიან-მეთქი და ეს ფაქტი ხომ ვერა და ვერ მოვიცილე! ჩემს უკან ლიფტი კი იყო, მაგრამ რომ ავმდგარიყავი, ჯიბიდან ფაქტი ამომეღო, უნდა მივტრიალებულიყავი და უნდა ჩამეგდო ეს ფაქტი. არადა ეგრევე მივხვდი, ვინც მოდიოდა. დამწვრები ვიყავით. მე კიდე, ვიფიქრე, მაგათკენ წავალ, ჯერ დაიბნევიან, იფიქრებენ, თუ რამე მიდევს, რატო არ გარბისო, თუ არ მიდევს და რატო არ უდევსო, ისეთ პონტში. ჰოდა ამ ფიქრებში იქნებოდნენ, რომ მეც ნელ-ნელა ამოვიღებდი ამ ფაქტს და იქვე დაუგდებდი. სხვა გზა არ მქონდა, მე ხომ ეს ვიცოდი და ესეც მოვიქეცი. წამსვლელი ვიყავი, განყოფილებაში რომ წაგვათრევდნენ. მანქანისკენ რომ მივდიოდი, ბოლოჯერ გავხედე ამ ორ სირთაქვას. ვფიქრობდი, იქნებ ეხლა მაინც მორჩნენ სიცილს-მეთქი, მარა უკვე აზრი აღარ ქონდა, დამწვრები ვიყავით ისედაც...

ოთახში შემიყვანეს და ეს ორი იდიოტი იქ არ მხვდება? ძაღლი გადის და ჩვენ სამნი ვრჩებით. ვეუბნები, ფულია ჩამოსატანი ძმა, ფული. არაფრისგან ფულს აკეთებენ ეს ბოზები და მაინც ფულია ჩამოსატანი.

მემე ბოდიშს იხდის და ჩემი ბრალიაო, გაიძახის, თემო კიდე მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, ვისი ბრალიაო, რა ვქნათო. მე თემოს ვეტყვი ორ სიტყვას, მემეს ხმას არ გავცემ. კრეტინია და აზრი არა აქვს. თემო, ვეუბნები, თემო, ძებნილა ხო შენი მეგობარია? მეუბნება, ძებნილა რა ჩემი მეგობარიაო, ხვდება ეგ ბოზი რა უნდა ვუთხრა, მამაჩემის ხნისაა ლამისააო... ვეუბნები, რა დროს ეგ არის, ვეუბნები, თემო, ძებნილაა თუ მოძებნილი, სიკვდილს გადაარჩინე, მიდი, დაელაპარაკე. უთხარი, რომ ვიცით, რომ უფულოდ ეგ საქმე არ გამოვა ისეთ პონტში და თხოვე, უთხრას ძმებს, რომ სამივე გაგვიშვან და ერთი-ორი კვირა მოგვცენ, რომ ჩამოვიტანთ ფულს. უთხარი, რომ არსად გამქცევები არა ვართ. უთხარი, რომ თუ სამივეს გაგვიშვებენ, უფრო ვიშოვით და თუ ერთ-ერთს დაგვტოვებენ, უთხარი, რომ ან იშოვიან, ან არა და ჩემს სირს მიიღებენ. უთხარი, რომ თუ ვერ იშოვეს ფული, ის ერთი გაისროკება და არც ფულს მიიღებენ და ვერც პატივისცემას. მიდი, თემო, მიდი უთხარი, თხოვე, თუ უარი გითხრა, სინდისზე შეაგდე, გაახსენე, სიკვდილს რომ გადაარჩინე და ისიც უთხარი, რომ არსად გამქცევები არა ვართ უბნიდან. უთხარი, თუ ვერ ჩამოვიტანთ, ჩვენს დაჭერას რა უნდა, ყოველთვის მოასწერებენ, თემო, ეხლა მორიდების დრო და კაი ბიჭობის დრო არ არის, მიდი ეხლა გააჩალიჩე ეგ საქმე, თორე ბოზიშვილი ვიყო, თუ რომელიმე დაგვიტოვეს, უთხარი ფულს ვეღარ იშოვიან და ჩემს ყლეს მიიღებენ, ბიჭო, გაიგე თემო, ვუყვირი თემოს და დგება და გადის.

ვერ ვწყნარდები. მიდი და დაწყნარდი, ეს სირთაქვა მემე რო გეყოლება ოთახში თავჩაღუნული. მეტს აღარ მოვწევ ცხოვრებაშიო, ამბობს. მეტს აღარ გავეკარებიო მოსაწევსო, სულ გამომაყლევაო, სულ გამაგიჟაო, შენ რა გგონიაო, მემე მეუბნება, ეს სირი, შენ რა გგონია არ ვიცი, რო დებილი ვარო? მემე მეუბნება ამას, ტო! ხო არ ეტყვი, შე მართლა დებილო, პლანი რო ადამიანს აყლევებდეს, ნახევარი დედამიწა შენნაირი დებილებით იქნებოდა სავსე-მეთქი, ხომ არ ეტყვი, რომ პლანის მოწევამდეც ეგეთი სირინოზი იყო, ხომ არ ეტყვი? თუ უთხრა? მაგრამ მემე არ ჩერდება. პანიკაშია ეს ჩემისა. ლამისაა ცრემლები გადმოყაროს. ვახ, როგორ დამავიწყდა თემოსთვის დამებარა, მე და თემომ ძებნილასთვის ერთი საქმე რო გავაკეთეთ, ისიც გაეხსენებინა, ახალი მანქანისთვის მაგნიტოფონი რო აუწიეთ, უთხრას. ძებნილ, შენ უნდა გვიშველო, ძებნილ... და ავტომატივით მიაყაროს ცრემლები ისეთ პონტში. ეხლა ვაჟკაცობის დრო არ არის. მთავარია აქიდან გავიდეთ და ორს რამენაირად ვიშოვით. ჰოდა, მინდა რო თემომ ეგ ამბავი გაახსენოს. ვიცი, არ არის ლამაზი საჩუქრის დაყვედრება, მარა ძებნილასთან კაცობაზე ლაპარაკი იგივეა, რავი რას შევადარო...

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯანიკაშვილი ბასა / ოცნებით კაიროში