ჯანიკაშვილი ბასა

სიკვდილი დელტაპლანით 

 

 

გამოკვლევის შედეგები ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, როდესაც სისხლი ჩაგვაბარებინეს, მაგრამ ექიმებს ყველაფერში წესრიგი უყვართ და საღამოს ექვსის ნახევარზე დაგვიბარეს. გავღიზიანდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ხელახლა უნდა მივსულიყავი.

საავადმყოფოს ჭიშკარს ექვსის წუთებზე მივადექი. რამდენიმე სიკვდილმისჯილი უკვე იქ იდგა და მოუსვენრად ცქმუტავდა. ცოტა ხანში ჩვენს რიგებს კიდევ შემოემატნენ სასოწარკვეთილი თვალები. ექვსის ოცდახუთ წუთზე უკლებლივ შევიკრიბეთ. ყველას სურდა, საკუთარი განაჩენი რაც შეიძლება მალე მოესმინა.

ერთად შეყრილი ხალხის აზროვნება ასეთია – მიზნობრივი მოქმედება. ჩვენი მიზანი იყო, ექიმებს თავად ეთქვათ ის, რაც უკვე ვიცოდით. უცილობელ ჭეშმარიტებასაც ხომ დამტკიცება უნდა.

მედიცინა ადამიანს შინაარსობრივად განიხილავს. მედიცინამ იცის ადამიანის ორგანიზმის ყველა წვრილმანი და პასუხი აქვს თითქმის ნებისმიერ კითხვაზე. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც სიცივისგან გათეთრებულ ოთახში შეგვიყვანეს. ოთახში სამ რიგად განლაგებული სკამების გარდა არაფერი იყო. ისინიც, ერთ-ერთი კინოთეატრის პარტერს მოაჭრეს და თეთრად გადაღებეს. რკინის ფეხები ერთმანეთზე შეედუღებინათ, თითქოს რომელიმე გაექცეოდათ. დაკვირვებული თვალი საზურგეზე ძველი საღებავით დახატულ ნომერს გაარჩევდა, რომელიც თეთრად გადაღებვის შემდეგ, რელიეფური მხატვრობის ნიმუშად ქცეულიყო.

ოთახში შესვლისთანავე ვიფიქრე, რომ სკამები მოკრივის მონგრეული ცხვირივით იქანავებდა. დაჯდომისთანავე საზურგეს მივაწექი, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. სკამები არაბუნებრივად გაქვავებულიყო. ეს, ალბათ, ჩვენი სიმშვიდის შესანარჩუნებლადაა საჭირო.

მიმოვიხედე და მომეჩვენა, რომ სხვებიც იმავე აზრისანი იყვნენ. ზოგი ხელის ჩამოსადებს აკვირდებოდა, ზოგი საზურგეს ჩააფრინდა, ზოგიც რამდენჯერმე დაჯდა და ადგა. ფხაკუნი მომესმა და მივიხედე. უკან მჯდომ ახალგაზრდას ჩემი სკამის საზურგისთვის გასაღების წვერით საღებავი აეძრო. დამინახა, რომ ფაქტზე მივუსწარი და მომღიმარმა, დაკრეჭილ კბილებს შუა რაღაც გაურკვევლად წაიჩლიფინა. შევამჩნიე, რომ ენას უადგილოდ წინ სწევდა და სიტყვა ვერ გავარჩიე. ლაპარაკისას ძალაუნებურად დავაკვირდი და მივხვდი, რომ ნერვიულობით მეც დამკარგვოდა სახე...

 

ოთახის თვალიერება ვიწყე. კედელში ჩასმული ორი კონდიციონერი პირნათლად ასრულებდა მოვალეობას და ჩაფიქრების საშუალებას არ გაძლევდა. დიდი ლარი და ხაზი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ საავადმყოფოს მესვეურებმა ყველაფერი დეტალურად გაითვალეს, რათა პაციენტები შეძლებისდაგვარად განტვირთულიყვნენ და ავადმყოფობის შავბნელ ფიქრებს არ მისცემოდნენ.

კედელში ამოჭრილი იყო ფანჯარა, რომლის ორმაგი მინის მიღმა ექიმი უნდა გამოჩენილიყო. მინა საკმაოდ სქელი მომეჩვენა. ხელით, ალბათ, ვერც გატეხავდი. რატომ უნდა გაგჩენოდა სურვილი, რომ მინა დაგემსხვრია, მაგრამ ამას თავად შუშა თხოულობდა. ექიმი თითქოს ემალებოდა, არ ენდობოდა ავადმყოფს – განაჩენის შეტყობისთანავე არ გაბრაზდეს, თავში რამე არ დაუტრიალდეს და ავი საქმე არ დაამმართოსო. ზოგჯერ მტერი პირისპირ უფრო საშიშია, ვინემ შორიდან მოსჩანს – ხომ ასეა? მოკლედ, მთავარმა ექიმმა მოსულს და დამხვდურს თავ-თავისი ადგილი მიუჩინა.

ოცამდე პაციენტი გაფანტულად დავსხედით. ეს ის წუთებია, არამცთუ საერთო ნაცნობის ნახვას, საკუთარ თავსაც გაურბიხარ, რომ შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყო მიღებული შთაბეჭდილება.

ექიმის ლოდინში დრო უსაშველოდ გაიწელა. პირველად მაშინ დავეჭვდი – ნუთუ განაჩენი ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი-მეთქი? ბოლოს, როგორც იქნა, თეთრხალათიანიც გამოჩნდა და შუშის მიღმა დაიკავა ადგილი. ჰარმონიული იყო მისი შემოსვლა, დაჯდომა, სათვალის გაკეთება, ფურცლებში ქექვა. ეტყობოდა, რომ წინ გაშლილი ყველა საბუთი მოცემულ საქმეს შეეხებოდა. ამიტომ გადაჭარბებულად მომეჩვენა პაუზა, რომელიც ექიმმა პირველი გვარის ამოკითხვამდე გააკეთა.

– ამაშუკელი! – პირველობა არც ისე ადვილია. მაგრამ აქ არავინ არაფერს დათმობდა. ოცდათხუთმეტიოდე წლის, დაბალი, პუტკუნა, მელოტი ამაშუკელი ზეზე წამოიჭრა და ექიმს მიუახლოვდა. ექიმმა სარკმლის ქვედა ღიობში ფურცლების დასტა გამოაცურა. პაციენტმა საბუთი აიღო, მადლობით დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით გასასვლელისკენ გაემართა. პროფილს ვხედავდი და რამდენადაც შესაძლებელი იყო, თვალებში შიში ამოვიკითხე. არა მგონია, ამაშუკელი ახლახან საჯაროდ დამტკიცებულ განაჩენს ასე შეეშინებინა. ეს მან წინასწარ იცოდა. ამაშუკელი ახლა იმაზე უფრო ზრუნავდა, რომ პირველობა შეენარჩუნებინა, როგორმე ღირსების შელახვის გარეშე გასცდენოდა აქაურობას. მისი მეცადინეობა ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. ვის რა უნდა ეთქვა ამ საცოდავისთვის? ასე მგონია, როდესაც მისი გვარი ამოიკითხეს, მოულოდნელობისგან დაფეთებულმა ერთი კი იფიქრა, ამდენ ხალხში, მე უიღბლოს, პირველობა როგორ მერგოო და სულ დაიბნა, შერცხვა. კარებისკენ მიმავალმა, თვალის კუთხიდან კიდევ ერთხელ შემოგვხედა. ახლა ეს სურვილიღა ამოძრავებდა: რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო აქედან. მხოლოდ შემდეგ თუ შეეცდებოდა გაეაზრებინა, რატომ აღმოჩნდა მაინცდამაინც პირველი, ანუ ჩვენზე უკეთესი.

სულ ცხრამეტნი დავრჩით. ამაშუკელი თავისი ქცევით იმდენად არ იმსახურებდა პირველობას, რომ მისი არსებობაც და მოსალოდნელი სიკვდილიც ყველამ შეცდომად ჩათვალა. ამაშუკელი სწრაფად გავიდა და ამ აჩქარებამ კიდევ უფრო გააუბრალოვა აქ მყოფთა თვალში მისი პირველობა. ამდენი მოშურნე თვალი გადაიმტერა – ამასაც მოხერხება უნდა.

მაშ ასე! თამაში მხოლოდ ახლა იწყება. ამაშუკელი არ ითვლება. იგი თამაშგარე იყო. ახლა გადაწყდება, ვინ იქნება პირველი, ცხრამეტიდან ყველაზე გამორჩეული!

– ჩაგუნავა! ჩაგუნავა ამაყად ადგა. ახლა მისთვის რომ გეკითხა, ჩაგუნავა, რატომ ხარ შენ პირველი და რატომ მე არაო, – გაიკვირვებდა და გიპასუხებდა, სწორედ რომ მე ვიმსახურებ პირველობასო. იგი ყველას დასანახად ხაზს უსვამდა, რომ პირველია, ყველასგან გამორჩეული, თამაშში გამარჯვებული.

უცნაური გრძნობა დამეუფლა, როდესაც ექვსნი დავრჩით. გონებაში მეორედ მაშინ ამოტივტივდა, რისიც არ მჯეროდა. ნუთუ, რაღაც შეცდომაა? ნუთუ, ჩემი განაჩენი არ იქნება?

ხუთნი რომ დავრჩით, მაშინ ვიფიქრე, ალბათ, ჩემი საბუთები დაეკარგათ-მეთქი. გვერდზე მყოფთ გადავხედე. ეს საცოდავებიც იმავეს ფიქრობდნენ: ზოგიერთს ამ ამბის მეტად სჯეროდა, ზოგს – ნაკლებად. კიდევ ერთი კაცი დაგვაკლდა. წრე იკვრებოდა და ხმელი სახის, ჭაღარა, ანაფორიანმა პაციენტმა ერთი კი წაისლუკუნა, სათვალე ცხვირიდან გადმოუხტა და კალთაზე დაეცა. ხელის ფათურით იატაკზე ჩაიმუხლა. ამ დროს კალთიდან სათვალე ჩამოცურდა და იქ დავარდა, სადაც ხელით ეძებდა. საბედნიეროდ, სათვალე არ გატყდა. ანაფორიანთან ყველაზე ახლოს ჩასუქებული, კოტიტა ქალი იჯდა, შეამჩნია პატრის უცნაური მოძრაობა და შენიშნა, ახლა ამის დრო არ არისო.

მერე სწორედ ამ ქალის გვარი გამოაცხადეს. თითქოს მაღაზიაში ნანატრმა რიგმა მოუწიაო, ფანჯარას მივარდა, საბუთები გამოართვა, გაიხარეო – ერთი კი უთხრა და ქუსლების კაკუნით გაიქცა კიდევ ერთ რიგში ჩასადგომად.

სამნი დავრჩით – მე, შავანაფორიანი და ქალბატონი, რომელსაც თავი სტუმარივით ეჭირა. ახლა მთავარი იყო, ბოლო არ ყოფილიყავი. ორმაგად ძნელი ასატანი იქნებოდა. უცებ, ექიმი ადგა და გავიდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მიგვატოვესო – წაილუღლუღა პატრმა და სათვალე მოიხსნა. თეთრი საყელო ბოლო ღილზე ჰქონდა შეკრული. სახელოებზე თეთრარშიებიანი შავი ანაფორა სუფთად და სადად გამოიყურებოდა. მან მალულად ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან, გაშალა და სახე მოიწმინდა. ჩემი დასამშვიდებელი რა სჭირდა! ქალბატონი არაფერს იმჩნევდა. სახეზე ნეფერტიტის სიმშვიდე გადაჰფენოდა და ექიმის გამოჩენას ელოდა. პატრმა გამომხედა, ცოტა ხანს მიყურებდა და შემდეგ გვერდზე გაიხედა. ისე ჩანდა, ნამდვილად შევეცოდე. ხომ არ ეგონა, ვნერვიულობდი? მოდი და აუხსენი, რომ ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია, უჩვენოდ. მხოლოდ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოგვეთხოვება. პატრი ერთ ადგილზე წრიალებდა. ხან სათვალეებს წმენდდა, ხან ოფლიან სახეს იმშრალებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ადგა. სათვალე ცხიმიანი ცხვირიდან კვლავ ჩამოუცურდა, ძირს დავარდა და შუშა დაიმსხვრა. ნერვიულ სიჩუმეში ეს ხმა მართლაც რომ მეხის გავარდნას უდრიდა. ქალბატონი მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტა. მიმოტრიალდა და მისაყვედურა. საყვედური, რა თქმა უნდა, პატრს ეხებოდა. მას ვერ გაუბედა და მე მნახა დაბალი ღობე. პატრი გაოგნდა, მოიბოდიშა და ადგილზე დაჯდა. თან გაბზარულ სათვალეს ათვალიერებდა.

სიტუაცია შემოსულმა ექიმმა განმუხტა. ხელში კვლავ საბუთები ეკავა, გაშალა და ამოიკითხა – ლაბაძე. არავინ ამდგარა. ექიმმა შემოგვხედა, კვლავ გაიმეორა და როცა დარწმუნდა, რომ ლაბაძე აქ არავინ იყო, კვლავ საბუთებს მიუბრუნდა. თორმეტი ამოკითხული გვარიდან ჩვენსას არც ერთი არ დაემთხვა. ექიმი კვლავ გავიდა. მის მოსვლამდე ახალი არაფერი მომხდარა. ქალბატონი ისევ ნეფერტიტს ჩამოჰგავდა. პატრი განძრევას ვერ ბედავდა. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო აღვშფოთებულიყავი, გამომეთქვა პროტესტი და მისთანები, მაგრამ რა აზრი ჰქონდა.

სამიდან პირველობა ქალბატონს ხვდა წილად. მეორე მე გახლდით. სულ ბოლოს პატრმა ჩაიბარა განაჩენი.

ოთახიდან გამოვედი. თითქოს ახალი გრძნობა უნდა დამუფლებოდა, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი... როგორც ვიყავი, ისევე დავრჩი!

მოსაცდელში სარკე დავლანდე, ჩავიხედე. მართლაც არაფერი შეცვლილა. სახეზე ისეთივე კეთილგანწყობა მახატია, როგორც ადრე. ჩემი სახე ერთი დიდი სიკეთის გამოხატულებაა და ეს შემთხვევითი არაა. სახის გამომეტყველება ბევრს ნიშნავს არა მხოლოდ სხვებთან ურთიერთობის დროს. რა სახითაც ენახვები შენს თავს სარკეში, ანუ რა ხასიათიც გაწერია სახეზე, იმ განწყობით ხარ მთელი დღე. მოქუფრულს ხედავ შენს თავს სარკეში – მაშინ ხასიათიც უვარგისი გიხდება, სიმშვიდე გაფენია – უფრო თავდაჯერებული ხდები. ეს ნიღბის თამაშს ჰგავს. წარმოიდგინე, რომ დაკრეჭილი, მოცინარი კაცის ნიღაბი გიკეთია. შენს შემხედვარეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ მართლა იცინი. აბა, ამ დროს სარკეში ჩაიხედე, ერთი პირობა გაიკვირვებ კიდეც, იტყვი – ვიცინი და ვერ გამიგიაო. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სახეზე სიკეთე მქონდეს, ასე ვთქვათ, კეთილშობილი კაცის იმიჯი (ეს სიტყვა ზუსტად გამოხატავს სათქმელის ასოციაციურ აღქმას). ჩემი სახის გამომეტყველება იმდენად ბუნებრივია, რომ მისი შემხედვარე შეუძლებელია არ აღფრთოვანდე. სწორად გამიგეთ!

ამასობაში ოთახიდან პატრიც გამოვიდა. დამინახა. ეტყობა, არ ესიამოვნა. ალბათ, შეუჩერებლად ჩამივლიდა, რომ არა სარკე. მისი პატიოსანი სახის ნაკვთები დამძიმებულიყო. სარკის წინ გარდაცვლილი პატრი იდგა და ანაფორას ისწორებდა. ეს კაცი უკვე მკვდარია.

ექიმის მოცემულ საბუთს დავხედე. ყველაფერი წესრიგშია. როგორც მოველოდი, დადებითი პასუხია. მაქსიმუმ სამი თვე დამრჩა, მინიმუმ – ორი. საშუალოდ ორთვენახევარი ვიანგარიშოთ. დღეს რა რიცხვია? – ვეკითხები პატრს – 19 ოქტომბერი, მპასუხობს და მიდის.

ჩემი სახის გამომეტყველებით პატივისცემას ვიმსახურებ. ოდნავ მეტი ღიმილი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მავიწყდება ხოლმე. იცოცხლე, ღიმილი მაქვს! რა საქმე გინდა, რომ არ გააკეთოს, ამ ექიმებს ვერ მოუხერხა ვერაფერი. მაგრამ ახლა ღიმილის დრო არ არის.

საავადმყოფოდან გამოვედი და ქუჩას დავუყევი. წესით საავადმყოფოში სარკე ოდნავ სახეცვლილი უნდა იყოს, გამოსახულება რომ სიგრძეში გაიზარდოს. ნამეტანი არ არის საჭირო. ასეთი სარკე კარგ ხასიათზე დაგაყენებს. შენს თავს უფრო გაზრდილს და გამხდარს დაინახავ. ჩვენისთანა პაციენტებისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა.

ქუჩის ბოლოში ნაცნობი პატრი დავლანდე. კაფეში მაგიდასთან იჯდა და წინ ჭიქა წყალი ედგა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ გულზე ჯვარი არ ეკეთა. პატრს ისეთი სახე ჰქონდა, სარკეში რომ ჩაეხედა, შეეშინდებოდა. დამინახა და მომაშტერდა. დიდხანს მიყურა. როცა მივუახლოვდი, რაღაცის თქმას აპირებდა მგონი, მაგრამ თავი შეიკავა. რა უნდა ამ კაცს ჩემგან? ასე რატომ მიყურებს?

ქუჩის განათება ჩაირთო და მივხვდი, რომ ბნელდებოდა. სახლში წასვლა არ მინდოდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯანიკაშვილი ბასა / სიკვდილი დელტაპლანით