თაბუკაშვილი ლაშა

ათვინიერებენ მიმინოს

                           პიესა ორ მოქმედებად და შვიდ სურათად

 

მოქმედი პირები:

გიო

ანი

პატრონი

იონა

მერი

მელოტი

ცალთვალა ბაზიერი

პირველი ბაზიერი

ყრუ-მუნჯი ბაზიერი ქალები

ბაზიერი ქალები და კაცები

 

 

სურათი პირველი

 

ყვითლად ჩამუქებული, ოვალური ფორმის ბუნგალო, გრძელი მაგიდა. კანტიკუნტად გარშემოწყობილი სკამებით. კუთხეში მაღალი ბუხარია, ტაბლა და სკამებად გამოყენებული ჯორკოები. გრძელ მაგიდაზე დიდი, თეთრი ბოთლი დგას, ნახევრამდე შინდისფერი ღვინით სავსე. ბოთლის გვერდით მოზრდილი პურის ნატეხია, შლაპასა და ძველმანებში გამოწყობილ მაწანწალას თავი გვერდზე გადაუხრია და მაგიდის კიდეზე რაღაც ყრუ რიტმი გამოჰყავს. მაგიდაზე, ბოთლის გარშემო ზორბა მელოტი კაცი ცეკვავს, მუცელზე განასკვული შინდისფერი პერანგი და გრძელი ჩექმები აცვია. კაცი უხმოდ ცეკვავს ბოთლის გარშემო.

ბუხართან გრძელკაბიანი ქალი ზის, კაბა მუხლებამდე აუწევია და შიშველი ფეხები ბუხრის ქვაზე მიუფიცხებია. კუთხეში ჩვიდმეტიოდე წლის ქოჩორა ბიჭი ზის.

 

მერი. (შეშას შეაგდებს ბუხარში. გაღიზიანებით) აღარ მოგბეზრდა მაგიდაზე ძუნძული, ბაზიერო!?

(კაცი ჯიუტად განაგრძობს როკვას)

(ფეხებს ჩამოუშვებს ბუხრიდან)

ოჰ, როგორ ჩაგაფარებ მაგ მოტვლეპილ თავში!

(დაიხრება და ქოშს ესვრის კაცს, ის ჰაერშივე დაიჭერს, მერე მოწყვეტით ჩამოჯდება მაგიდის კიდეზე და დაკვირვებით ათვალიერებს ფეხსაცმელს.

მელოტი. (ბოთლს წაატანს ხელს) შენი ქოშით უნდა დავლიო პატრონის სადღეგრძელო, მერი!

(ღვინის ჩასხმას აპირებს, მაგრამ მერი დგება და ხელიდან გლეჯს იმპროვიზებულ სასმისს)

იონა. (შლაპას მოიხდის და მაგიდის ძგიდეს ჩამოეყრდნობა იდაყვით) აცალე, გალაღება ბავშვს, ძლივს გამხიარულდა!

მერი. კარგი გალაღებაა, ვირს დაემსგავსა ამხელა კაცი.

იონა. ვირს რას ერჩი, შე ქალო!?

მელოტი. ჩემზე ლაპარაკობთ?

იონა. (ღვინოს ისხამს) არა, ვირზე!

მელოტი. ნუ მაბრაზებთ, ნუ მაბრაზებთ!

მერი. მელოტო, წადი, შეშა დაჩეხე!

მელოტი. ახლავე!

(მაგიდაზე წამოგორდება და იძინებს)

მერი. შვიდ ხმაში ხვრინავს, ოხერი!

იონა. მოდი, დავლიოთ, მერი!

(გარედან წვიმის ხმაური ძლიერდება)

მერი. მთელი დღეა წვიმს, წვიმს... გამომაშტერა ამ წვიმამ (პაუზის შემდეგ) წადი, იონა! პატრონმა არ მოგისწროს, თორემ მოგკლავენ ბაზიერები! ხომ იცი, როგორ სძულხართ!?

იონა. შენც გძულვარ?

მერი. ისე, რა...

იონა. (ღვინოს სვამს) წვიმს... წვიმს...

მერი. (ბიჭს) შენ მას ელი...

გიო. პატრონს!

მერი. ის კაცი რა იქნა, შენ რომ მოგიყვანა?

გიო. დამტოვა და წავიდა.

მერი. ბაბუაა შენი?

გიო. არა. მამა!

მერი. სახელი რა გქვია?

გიო. გიო!

მერი. რაო. ურევ?

გიო. შიგადაშიგ, ისე ცუდი ბიჭი არა ვარ...

მერი. ქალაქში ცხოვრობ?

გიო. დიახ. ისე ცუდი ბიჭი არა ვარ...

მელოტი. (თავს წამოყოფს, ზანტად გადაწვდება რაღაც საქაღალდეს, ქაღალდს ამოიღებს და კითხულობს).

პოტენციურად საშიში. თამამად აზროვნებს.

გიო. მამაჩემს ურჩიეს პატრონისათვის მიემართა, ახალი აღმზრდელობითი სისტემა შეიმუშავაო.

მერი. წინათ კაცთმოძულეს და ყალთაბანდს უწოდებდნენ პატრონს ქალაქში.

იონა. ახლა პატრონის ავტორიტეტი ძალზე ამაღლდა. ვაი, თქვენს პატრონს!

მერი. მერე და, დაგიყოლიეს აქ წამოსვლაზე?

გიო. ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია.

მერი. რატომ?

მელოტი. (განაგრძობს კითხვას) ბავშვობიდან უყვარდა ერთი ქალიშვილი, შემდეგ ის გოგო მშობლებმა პოლიციის უფროსის ვაჟიშვილზე გაათხოვეს. გიო მაშინ ქალაქში არ იყო. დანგრეული საყდრის შესაკეთებლად იყვნენ წასულები ეგ და მისი მეგობრები. დაბრუნებისას გიომ გოგონას გათხოვების ამბავი რომ შეიტყო...

მერი. რა ჰქვია გოგონას?

გიო. ანი! (გამოერკვევა) რა მკითხეთ?

მერი. შენ უკვე მიპასუხე!

მელოტი. როგორც კი ანის გათხოვების ამბავი გაიგო, თოფით შეუვარდა საქორწილო სუფრაზე პოლიციის უფროსს და მის ვაჟიშვილს.

იონა. წარმოუდგენელია, პოლიციის უფროსს?

მელოტი. ჰო!

იონა. პოლიციის უფროსს!

მელოტი. ჰო-მეთქი და მის ვაჟიშვილს!

იონა. პოლიციის უფროსის ვაჟიშვილს?

მერი. იონა, ნუ მაიმუნობ!

მელოტი. განაიარაღეს და სცემეს. ორჯერ დაკარგა გონება! ლოგინად ჩავარდა და მთელი სამი დღე აბოდებდა... გათხოვდა, გათხოვდაო.

მერი. ვინ გათხოვდა?

გიო. რა მკითხეთ?

მერი. არაფერი...

მელოტი. მერე ისევ მიუვარდა და...

მერი. და ისევ სცემეს, არა?

გიო. დიახ, ამჯერად უფრო საფუძვლიანად!

მერი. პატრონი მოგივლის, სულ ამოგიგდებს მაგ სიყვარულობიას თავიდან და ისეთ კაცს გაგხდის...

იონა. ხომ შეიძლება სულ მალე თვითონ გახდეს პოლიციის უფროსი...

გიო. ვინ, მე?!

იონა. ჰო, შენ!

გიო. აბა, კარგად იყავით!

მერი. სად მიდიხარ?

გიო. სტუმრად!

მერი. ვისთან?

გიო. პოლიციის უფროსთან...

იონა. და მის ვაჟიშვილთან?

გიო. და მის ვაჟიშვილთან.

მერი. შენ აქედან ვეღარსად წახვალ!

გიო. რატომ?

მერი. იმიტომ, რომ აქ მოსული თავის ჭკუაზე ვეღარ ივლის...

გიო. ვინა ხართ თქვენ?

მერი. ბაზიერები, აქ მიმინოებს გეშავენ, ათვინიერებენ.. შენც მოთვინიერდები, პატრონი მალე მოვა.

(გადის)

იონა. აქ ათვინიერებენ!

გიო. გავიგე, მიმინოებს!

იონა. არა მარტო მიმინოებს, შენნაირებსაც. ეს ბაზიერთა სექტაა, რომელიც მიმინოების მოთვინიერების ხერხებს ახალგაზრდებზე იყენებს. შენ იცი, როგორ ათვინიერებენ მიმინოს?

გიო. არა.

იონა. საშინელი პროცესია, გამოთაყვანების პროცესი, შელოცვას ეძახიან ესენი.

გიო. მერე რა მოხდება, რომ შემილოცონ?

იონა. რა და თოფით შევარდნის მაგივრად საქორწილო საჩუქარს მიართმევ პოლიციის უფროსის ვაჟიშვილს!

გიო. მე? მე მივართმევ?

იონა. მე დაგეხმარები გაქცევაში, თორემ დაბრუნდებიან ნადირობიდან ბაზიერნი...

გიო. ჩემთვის სულ ერთია! კისერი უმტვრევიათ ბაზიერებსაც და მიმინოებსაც.

იონა. შენ არ იცი, როგორი გახდები შელოცვის შემდეგ, შენში ყველაფერს მოკლავენ ლამაზს, კეთილს, სიყვარულს მოკლავენ.

გიო. (ჩაფიქრდება) სიყვარულს მოკლავენ?

იონა. მოკლავენ.

გიო. მაშინ დავრჩები!

იონა. რას იზამ?

გიო. დავრჩები!

 (სიღრმეში ბაზიერები რიტუალურ ცეკვას იწყებენ, სცენის სიღრმიდან კოჭლობით შემოდის ორმოციოდე წლის კაცი, მას მელოტი ეხმარება. ვიღაც შესძახებს "პატრონი". ბაზიერები ცეკვას წყვეტენ და მას მიეჭრებიან)

პატრონი. (ტკივილისაგან იმანჭება) არაფერია, არაფერი. ნაღრძობია მხოლოდ.

(მერი ჩაიჩოქებს და ჩექმას ხდის კაცს)

არაფერია-მეთქი, დამანებე, მერი, თავი!

(გიოს შეხედავს)

ეს არის ის ბიჭი?

(მერი დაიხრება და ყურში უჩურჩულებს რაღაცას)

მამამისმა ორი ოქრო დატოვა?

მერი. დიახ.

პატრონი. იონა, შენ რატომ მოხვედი?

იონა. სოკოს ვკრეფდი და წვიმამ მომისწრო.

პატრონი. თუ მერის სიყვარულმა გაგიხსენა? (ბაზიერები იცინიან) სულ ჩვენს ლანძღვა-გინებაში ამოგდის სული და ახლა მოგენატრეთ?! მწყერი აჭამეთ და შავი ღვინო არ მოაკლოთ, თორემ წავა და სტუმარ-მასპინძლობას შეგვიგინებს. იონა! ხედავთ, როგორ გართულა სოკოს კრეფით. ჩემი დალესილი ბიჭებისაც აღარ ეშინია. მომითმინეთ, იქნებ ჩვენს რაზმში გადაწყვიტა შესვლა, ჰა?

(საერთო ხორხოცი)

მე მგონი, მისგან კარგი ბაზიერი დადგება. გაწვრთნა სჭირდება მხოლოდ!

(სახემოცინარი ბაზიერები გარს შემოეხვევიან იონას და პატრონს აჰყვებიან თამაშში).

I ბაზიერი ბიჭი. უპირველეს ყოვლისა, თეთრი ღაჟოა საჭირო მიმინოს მოსატყუებლად და კედით ნაქსოვი დიდრონთვალება ბადე...

მიმინოს დანახვაზე ვშლით ჩიტ-ბადეს და ბუჩქს ვეფარებით. გრძელ ჯოხზე გამობმულ ღაჟოს კი ფეთქვას ვაწყებინებთ. მიმინო ღაჟოს ჩამოუქროლებს კლანჭებში ჩასაგდებად და ბადეში ებმება... ბადეში გაბმული მიმინოს ფეხზე ზონარებს ვაბამთ და თვალებს ძაფით ვუხვევთ... გარდა ამისა, სამხრე სალტეს ვუკეთებთ, რომ ხელიდან გადავარდნისას წელი არ გადატყდეს... პირველ მწყერს რომ მოინადირებს, თავი უნდა გაუტეხო მწყერს და ტვინი ამოაკენკინო მიმინოს... მაგრამ მანამდე სახლში მიყვანილ ტყვეს კანაფს შევხსნით და ღამეს ვუთევთ... ვაშიმშილებთ... მერე ვაძღობთ... გაუთავებლად ჩავყვირით რაღაცას ყურში და ვაჯანჯღარებთ, ვათაყვანებთ.

პატრონი. (იცინის. ამჩნევს გიოს). მოდი, ბიჭო, აქ! (გიო ადგილიდან არ იძვრება). მოდი-მეთქი!

გიო. (ნელი ნაბიჯით მიდის მასთან) გამარჯობათ!

პატრონი. გაგიმარჯოს! რა გქვია?

გიო. გიო!

პატრონი. რამდენი წლის ხარ?

გიო. თქვენ?

პატრონი. რა, მე?!

გიო. რამდენი წლის ბრძანდებით?

პატრონი. (იცინის) ორმოცდახუთის გავხდები მალე, მოხვალ ჩემს დაბადების დღეზე?

გიო. (მხრებს იჩეჩავს) თუ დამპატიჟებთ!

პატრონი. რატომ გაუშრე მამაშენს სისხლი, ბიჭო?!

გიო. სახელი მისთვის მკითხეთ, რომ ბიჭო მეძახოთ!

პატრონი. (გაკვირვებული) უყურე ამას შენ?!

ცალთვალა ბაზიერი. როგორ ელაპარაკები პატრონს?

პატრონი. დაანებე თავი! (ინტერესით შეჰყურებს). შენ იცი, რატომ მოგიყვანეს ჩემთან?

გიო. ვიცი.

პატრონი. რატომ?

გიო. ვიცი-მეთქი!

პატრონი. მერე, თანახმა ხარ?

გიო. ჩემთვის სულერთია!

პატრონი. რომ არ გავხარ სულერთია კაცს?!

გიო. ჩემთვის სულერთია!

I ბაზიერი. ძალზე შეგითამამდათ, პატრონო!

პატრონი. შენ ჩემზე უფრო თავმოყვარე ხარ?!

I ბაზიერი. მაპატიეთ.

პატრონი. (გიოს) მოგწონს აქაურობა?

გიო. ისე რა...

პატრონი. შეყვარებული ხარ?

გიო. ნახვამდის!

(ტრიალდება და მიდის, მაგრამ ბაზიერები მკლავში წაატანენ ხელს და შეაჩერებენ)

პატრონი. გინდა დაისვენო და ლაღი კაცი გახდე? გინდა ამოგათალო ეგ სიყვარული?!

გიო. (მოუტრიალდება) მინდა! (პაუზა) მინდა!

პატრონი. (დგება. კოჭლობით მიდის მასთან და მხარზე ადებს ხელს)

შენ კარგი ბიჭი ხარ, მე შენ ნაღდ ბაზიერს გაგხდი. ბაზიერნო, აბა, დააკვირდით, რაღაცით არ გაგონებთ ჩემს ახლგაზრდობას?

(ბაზიერები ჩუმად არიან).

ნუთუ ვერც ერთი ვერ ამჩნევთ მსგავსებას?

მერი. ჰო, რაღაცით თითქოს გგავს!

პატრონი. (ხელს ჩაიქნევს) დაბრმავებულხართ ყველა! (გიოს) მოდი, სიბნელეში დაჯექი და რაც არ უნდა დაინახო, ხმა არ გაიღო! ის გოგო შემოიყვანეთ.

გიო. (მხრებს იჩეჩავს და სიბნელეში გადის) კი, ბატონო!

პატრონი. მართლა საოცრად მაგონებს ჩემს ახლგაზრდობას. (მერი გადის და ანი შემოჰყავს).

პატრონი. გამარჯობა!

ანი. გამარჯობათ!

პატრონი. დაწყნარდი. მოისვენე ცოტა?

ანი. დიახ!

პატრონი. ხომ კარგად გეპყრობოდნენ?

ანი. დიახ.

პატრონი. რა გქვია?

ანი. ანი.

პატრონი. რატომ მოხვედი ჩვენთან, ანი?

ანი. მე არ მოვსულვარ?

პატრონი. აბა?

ანი. მომიყვანეს.

პატრონი. ვინ მოგიყვანა?

ანი. არ ვიცი. ვიღაც კაცებმა.

პატრონი. ქმარმა რატომ გამოგაგდო სახლიდან?

ანი. ვტიროდი.

პატრონი. რაო, რაო!

ანი. ვტიროდი ბევრს.

პატრონი. რატომ ტიროდი?

ანი. ისე... მეტირებოდა!

პატრონი. მტირალა გოგო ხარ?

ანი. ალბათ.

პატრონი. მკლავები მიჩვენე! (მაჯებს უსინჯავს) რატომ დაისვი მკლავზე სამართებელი?

ანი. ცუდ გუნებაზე ვიყავი!

პატრონი. ყოველ უგუნებობაზე იჭრი ძარღვებს?

ანი. არა. მაშინ ძალიან ცუდ გუნებაზე ვიყავი.

პატრონი. იმიტომ, რომ ქმარი უნდა შემოგწოლოდა ლოგინში? მშვენიერია, არა, ქორწილის პირველ ღამეს პატარძალი სისხლში რომ ცურავს! მაგიტომ გამოგაგდეს სახლიდან?

ანი. დიახ.

პატრონი. და კიდევ ტირილის გულისთვის?

ანი. დიახ, მობეზრდათ.

პატრონი. რა მობეზრდათ?

ანი. ჩემი ტირილი მობეზრდათ.

პატრონი. მოკლედ, სხვა გიყვარს და ძალით გაგათხოვეს, არა?

ანი. დიახ.

პატრონი. რა ჰქვია იმ ბიჭს, შენ რომ გიყვარს? (ანი ჩუმად დგას)

არ გინდა მიპასუხო?

ანი. არა.

პატრონი. გინდა იმ ბიჭის ნახვა?

ანი. არა.

პატრონი. რატომ?

ანი. იმიტომ, რომ ციხეში წაიყვანენ.

პატრონი. ასე გითხრა მამამთილმა?

ანი. დიახ, თვალიც რომ მოკრა, ციხეში ამოვალპობო!

პატრონი. ღირსია ის ბიჭი შენი სიყვარულის?

ანი. მე ვარ მისი უღირსი, ბატონო!

პატრონი. მაშ ასეთი კარგი ბიჭია გიო?!

გიო. ანი! (მორბის მისკენ, მაგრამ ბაზიერები უყელავენ გზას, შებოჭავენ და გაჰყავთ)

ანი. გიო! (ტირილი აუვარდება)

პატრონი. საკმარისად ავიჩუყეთ გული. ხვალ ჩაუტარებთ შელოცვას. მანამდე კი... ერთმანეთს არ შეახვედროთ. მელოტო! შენ უდარაჯებ გოგოს. ახლა კი წადით. მიმინოები ჩააპურეთ! მერი, ტაშტი მომიტანე თბილი წყლით, თორემ გამათავა ტკივილმა.

(ბაზიერები გადიან. ანი მელოტს გაყავს)

პატრონი. (წასასვლელად გამზადებულ იონას) მტოვებ, სიყრმის მეგობარო? დარჩი რამდენიმე დღე, იქნებ მოგეწონოს აქაურობა.

იონა. დავრჩები.

პატრონი. ბაზიერების არ შეგეშინდეს. ხელს არ გახლებს არავინ!

იონა. აბა, როდის ვიყავი მშიშარა?

პატრონი. ჰო, მაგას ვერ დაგაბრალებს კაცი. ისე კი, დღეს შეიძლება რომელიმეს ალერსიანად გამოეჭრა შენთვის ყელი. მე გადაგარჩინე.

იონა. გმადლობთ.

პატრონი. არაფერს. ახლა რამდენიც გინდა იტლიკინე ჩემზე ქალაქში, ვეღარაფერს დამიშავებ.

იონა. ვიცი. ძალიან მომძლავრდი!

პატრონი. წადი ახლა და დაისვენე. ხვალ ვილაპარაკოთ, ბავშვობა გავიხსენოთ.

იონა. გავიხსენოთ! (გადის. შემოდის მერი ტაშტით ხელში და ფერხთით უდგამს პატრონს).

პატრონი. (კვნესის) უჰ, ცოტა დამიამა, ეს რა ბალახ-ბულახი ჩაგიყრია?

მერი. სამკურნალო ბალახია.

პატრონი. საქმეზე ვილაპარაკოთ, ქალაქთან ვაჭრობა როგორ მიდის?

მერი. ყველა დუქანი ჩვენი ნანადირევითაა სავსე.

პატრონი. პოლიციის უფროსს თუ გაუგზავნეთ ოცი ოქრო?

მერი. დიახ, დღეს დილით.

პატრონი. გაგვატყავა ოხერმა! ახლა რძალიც რომ გამომიგზავნა!

მერი. ასეთი რთული წყვილი ჯერ არ შეგვხვედრია.

პატრონი. რთული, არა, რთული მე არ ვიცი. ბიჭი ისე მგავს, თითქოს ჩემი შვილი იყოს. კარგი ბიჭია! მე და ეგ ბიჭი დიდ საქმეებს გავაკეთებთ. ძალა ვიგრძენი მასში, ჩემეული ძალა! იონა არ გაუშვათ, ახლა ჩვენთვის საშიში აღარ არის. ბევრი ასვი, რაც უფრო გაიბითურებს თავს სიმთვრალეში, მით უკეთესი, ბაზიერების მასხარად უნდა ვაქციოთ იონა, ჩემი სიყრმის მეგობარი!

მერი. იყოს ნება შენი!

პატრონი. ისე, კინაღამ შევეწირე თქვენს სიყვარულს. ახლაც მტკივა სინესტეში ნატყვიარი მხარი!

მელოტი. (კვნესა-კვნესით შემოდის, თავზე ქალივით წამოუხურავს თავსაფარი). ვაიმე, პატრონო, მტკივა, მტკივა...

პატრონი. რა გტკივა?

მელოტი. (კვნესის) თავი, პატრონო, თავი!

პატრონი. ეგ შენ დიდი ხანია გტკივა!

მელოტი. არა, არა. ახლა სხვანაირად მტკივა. ქვა ჩამარტყა იმ ბიჭმა!

პატრონი. ვინ ბიჭმა?!

მელოტი. იმ გიომ, იმ გიომ გამაბრაზა!

პატრონი. (შეაჯანჯღარებს) თქვი, რა მოხდა, რეგვენო?!

მელოტი. ნუ მაჯანჯღარებ, ნუ მაჯანჯღარებ, პატრონო!

პატრონი. თქვი!

მელოტი. ის გოგო გაიტაცა გიომ, შენ რომ მითხარი, უდარაჯეო! მე დანით გავეკიდე, იმან კი ქვა ჩამარტყა გამაბრაზა, გამაბრაზა!

პატრონი. როდის მოხდა ეს?

მელოტი. არ მახსოვს.

პატრონი. (მერის) სასწრაფოდ დაადევნე ბაზიერები. იპოვონ და ადგილზე შეულოცონ, იონა ასწავლიდა მაგათ გზას. შორს ვერ წავლენ ამ წვიმაში.

მერი. ახლავე! (გარბის)

მელოტი. (კალთაში თავს ჩაუდებს პატრონს) მაბრაზებენ, ყველა მე მაბრაზებს, პატრონო!

 

სურათი მეორე

წვიმის ხმაური. სიბნელე. სინათლის მკრთალი შუქი ავანსცენაზე შეგროვილ წიწვის გროვაზე წამოწოლილ გიოს და ანის ეცემა. გიოს წელზევით გაუხდია და პერანგით თმას უმშრალებს გოგონას.

ანი. გაცივდები, გიო, ჩაიცვი, გთხოვ! (იცინის). დამანებე თავი! (უცებ ჩაცქერდება გიოს შიშველ მკერდს) რა დალურჯებული გაქვს ტანი... როგორ გცემეს ასე უმოწყალოდ? აქ... აქ, აქ კი თეფშისხელა სილურჯეა! (კოცნის ნაიარევ ადგილებში ბიჭს)

ღმერთო, ნეტა ეს სიზმარი არ იყოს, ჩემს გვერდით რომ ხარ, რომ შემიძლია შეგეხო, გაკოცო, თვალებში ჩაგხედო!

(თავზე მოკიდებს ხელებს და დიდხანს უყურებს თვალებში). მე აღარ მჯეროდა... აღარ მჯეროდა, თუკი ოდესმე გნახავდი.. აღარც მესიზმრებოდი! შენ? გესიზმრებოდი?

გიო. არ მახსოვს!

ანი. თითქოს საზარელი სიზმარი იყო, არა?

გიო. კარგი ადგილი გვასწავლა იონამ. სიმშრალეა, წიწვიც ბლომად არის. სამწუხაროდ, ცეცხლს ვერ დავანთებთ, მოგვაგნებენ ბაზიერები.

ანი. რატომ გეშინია მათი, განა ასეთი ცუდი ხალხია? მე მგონია, ის იონა რაღაცას აჭარბებს, ვერაფერი გავიგე, ვერც შელოცვა-მოთვინიერების, ვერც სიყვარულის მოკვლის. როგორ უნდა მომიკლან ის, რაც ჩემშია და რამაც ყველაფერს გაუძლო?!

გიო. რასაკვირველია, მაგრამ იქ ჩვენი დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ისევ მოგაკითხავდა პოლიციის უფროსი და ის... (უჭირს სიტყვა ქმარი თქვას) მისი შვილი.

ანი. (მოეხვევა) სულელო, სულელო ბიჭო! ნუთუ არ გესმის, რომ მე იმ ვაჟბატონის ხელი არ შემხებია. შეხედე! (ხელებს ამოატრიალებს და ნაიარევს უჩძვენებს გიოს) ახლა აღარ მაქვს ისეთი ლამაზი ხელები. სამაგიეროდ, შენ ასე უფრო მოგეწონები... გახსოვს, თითის გადაჭრაზეც გული რომ მიმდიოდა?! მაშინ კი, იმ ღამეს, სულ არ შემშინებია სამართებლის დასმა. ნახე, რა ღრმა ნაიარევია!

გიო. (იცინის) მოკლედ, დიდი ნაომარი წყვილი ვართ, ნაიარევებით დამშვენებულნი.

ანი. (შეაცქერდება) შენ ტირი, ტირი... (ხელებს ზურგსუკან მალავს) აღარ გაგიფუჭებ გუნებას... (ეხვევიან ერთმანეთს. შორიდან, წვიმის ხმაურში შემოიჭრება მგლებისა და ტურების ყმუილი, ღამეული ტყის ხმაური და ეჟვნების წყნარი წკარუნის ხმა).

ანი. (შემკრთალი) მეშინია!

გიო. რისი?

ანი. ღამის, ყმუილის, წვიმის, ტყის ამ ეჟვნების წკარუნის... თითქოს ეჟვნებიაო, არა?

გიო. ჩემი არ გეშინია?

ანი. (სერიოზულად) არა (უღიმიან ერთმანეთს. უცებ, ანი კვლავ შეკრთება).

გიო. რა მოგდის?

ანი. ისევ ეჟვნების წკარუნი მომესმა!

გიო. გეჩვენება, ტყის ხმებია!

ანი. ჰოო... იცი, რატომ მეშინია ეჟვნების?

გიო. რატომ?

ანი. ბაზიერებს აქვთ შებმული ჩექმებზე!

გიო. ეჟვნები?

ანი. ჰო.

გიო. დაგტოვებ ცოტა ხნით, დავზვერავ აქაურობას!

ანი. არ წახვიდე, მეშინია!

გიო. მხოლოდ ორი წუთით.

(გადის. ანი მარტო რჩება. მოიბუზება და თავს ჩაკიდებს. უცებ საიდანღაც წყნარად და შემპარავად შემოდის გიოსა და ანის სიყვარულის მუსიკალური თემა. მელოდია ძლიერდება. ანი თავს მაღლა სწევს და ნათელი ეფინება სახეზე).

გიო. (ბრუნდება) არავინაა! მოგეჩვენა!

(წვება მის გვერდით. ანი მუხლებში ჩაიდებს მის თავს)

ანი. რა უხეში ქოჩორი გაქვს, გიო?!

(ეფერება თმაზე) იცი, რა მითხრა მერიმ? მიმინოებს, საერთოდ, ოქროსწინწკლებიანი თვალები აქვთო. მაგრამ არის მეორე, ძალიან იშვიათი ჯიშის მიმინოცო, მისმენ?!

გიო. ჰო!

ანი. ამ იშვიათი ჯიშის მიმინოს შავი თვალები აქვსო, ამ მიმინოს თითქმის ვერასდროს ვერ იჭერენ ბაზიერები, მაგრამ თუ დაიჭირეს, მაშინვე კლავენო.

გიო. ვიცი! შავთვალა მიმინო არ თვინიერდება. ამიტომაც კლავენ.

ანი. მართლა რა უხეში თმა გაქვს, გიო?!

გიო. (თვალდახუჭული) მიყვარხარ!

ანი. (დაიხრება, კოცნის) ხვალ რას ვაპირებთ?

გიო. ცოტა ხნით ქალაქში შევივლით, მერე უბიანეთის საზღვართან მივალთ და მეტყევესთან გავათევთ ღამეს. ზეგ კი უკვე სხვა ქვეყანაში ვიქნებით.

ანი. მაგრამ ოდესმე ხომ დავბრუნდებით აქ?

გიო. რასაკვირველია.

ანი. საწყალი მელოტი. როგორ გაიმეტე ასე, მე ვიფიქრე მოკლა-მეთქი!

გიო. ნუ გეშინია, მელოტის შტერ თავს არაფერი მოუვა.

ანი. რამხელა დანით გამოგვეკიდა...

 

(გიო თავს ასწევს, ეხვევიან ერთმანეთს და თივაზე წვებიან. სულ უფრო მატულობს აქამდე ყრუდ მჟღერი ეჟვნების წკარუნის ხმა. ფეხაკრეფით შემოდიან ბაზიერნი, თავზე დადგებიან გატრუნულ წყვილს და უზარმაზარ ჩიტ-ბადეს გადააფარებენ).

სიბნელე.

 სურათი მესამე

ბუნგალო. ბუხართან თავშეხვეული მელოტი, მერი და იონა ჩამომსხდარან, სიღრმეში პატრონი სცემს ბოლთას. სამი ბაზიერი გოგონა ჩიტ-ბადეს ქსოვს.

 

მელოტი. (უეცრად აღრიალდება)

გაბედული ნაბიჯით,

ბაზიერო, იარ,

ჩემს მიმინოს სად წაუხვალ,

შტერო ჩიტუნია!

(წყენით) რატომ არავინ ამყვა?

იონა. ხელი არ შეგიშალეთ!

მელოტი. შენ გგონია, ჩემზე უკეთ მღერი?

იონა. არა, ღმერთმა დამიფაროს!

მელოტი. (ნიშნისმოგებით)

გაბედული ნაბიჯით

ბაზიერო, იარ,

ჩემს მიმინოს სად წაუხვალ,

შტერო ჩიტუნია!

მერი. დავყრუვდით, მელოტო!

მელოტი. ნუ მაბრაზებთ! ნუ მაბრაზებთ!

მერი. დაიგვიანეს ბაზიერებმა!

მელოტი. იპოვიან, ნუ გეშინია!

მერი. პატრონი ისე ღელავს! შენც რამ გამოგაშტერა, იმ ღლაპს როგორ გაალხვინე თავი?!

მელოტი. (წყენით) ე, იმას ქვა ჰქონდა და... (თავზე წაივლებს ხელებს) აი, ისევ ამტკივდა.

იონა. ეს იმიტომ, რომ მელოტი ხარ!

მელოტი. ჰო, თმა რომ მქონოდა, ასე არ მეტკინებოდა!

იონა. გინდა თმის ამოყვანის უებარი ხერხი გასწავლო?

მელოტი. (გახარებული) მასწავლე, რა!

(იონა გადაიხრება და უჩურჩულებს ყურში)

მელოტი. (ჩაფიქრდება) კი, მაგრამ თავზე ვის დავაფსმევინო?!

იონა. ეგ უკვე გადასაწყვეტი პრობლემაა, მელოტო!

მელოტი. საკუთარი არ შეიძლება?

იონა. როგორ არა, მაგრამ სხვისი სჯობია!

მელოტი. რამდენ ხანში ამომივა?

იონა. შარდს გააჩნია!

მელოტი. (დაეჭვებით) მატყუებ შენ რაღაცას?!

იონა. ღრუტ, ღრუტ, ღრუტ!

მელოტი. ნუ მაბრაზებ, ნუ მაბრაზებ!

იონა. მაინც საკვირველია, როგორ გაგხადეს ასეთი იდიოტი, შენ მშვენიერი ყმაწვილი იყავი, მე ხომ მახსოვხარ!

მერი. (მკვახედ) ჰოდა, შენთვის შეინახე ეგ მოგონებები, ტვინს ნუ ურევ მელოტს!

იონა. რაც აღარ აქვს, რა უნდა ავურიო, ისე, შენც მახსოვხარ, ჩემო მერი... ისიც მახსოვს, როგორ მიყვარდი!

მერი. მეც მშვენიერ ქალწულად გახსოვარ?

იონა. არა, შენ თავიდანვე კახპას გული გქონდა!

მერი. ყველა ქალწული პოტენციური კახპაა, ჩემო იონა!

მელოტი. (წყენით) მე არ მოვწონვარ კახპებს! სანამ ერთ გემრიელ თავურს არ ვგლიჯავ, არავინ მომყვება!

პატრონი. (რაღაც განკარგულებას აძლევს ბაზიერ გოგონებს, შემდეგ ბუხართან მიდის და ჯორკოზე ჩამოჯდება) დამალევინეთ ერთი ჭიქა!

(ფეხზე წამომდგარი მელოტი და მერი სწრაფად უვსებენ სასმისს) გაგიმარჯოთ!

მერი. ღელავ, პატრონო!?

პატრონი. არა, შორს ვერ წავიდოდნენ. ჰა, იონა ბატონო, გააპარე ბავშვები და გიხარია, არა?!

იონა. მე გზა ვასწავლე მხოლოდ!

პატრონი. (მკლავებს შლის გაკვირვებისაგნ) განა ეს ცოტაა?

იონა. სამწუხაროდ, ცოტაა!

პატრონი. აღარ დაიღალე ჩემთან ბრძოლით?

იონა. დავიღალე, სამწუხაროდ! (ღვინოს სვამს)

მერი. ნუთუ იპოვიან?

იონა. გაბედული ნაბიჯით, ბაზიერო იარ...

მელოტი. (წამსვე აყვება) ჩემს მიმინოს სად წაუხვალ, შტერო ჩიტუნია?

პატრონი. შენი ნასროლი ტყვია ახლაც მხარში მაქვს ჩარჩენილი. სინესტეში მახსენებს ხოლმე თავს, წვიმები კი ხშირი იცის ამ დალოცვილ ტბიანეთში!

იონა. იქ ვერ მოგარტყი, სადაც გიმიზნებდი...

მერი. რა სამწუხაროდ, სამწუხაროდს გაიძახი მთელი დღე! რას აიკვიატე ეგ სიტყვა!

იონა. ბევრ რამეზე ვწუხვარ, ჩემო მერი!

პატრონი. რა ბოროტები ხართ სიკეთეზე თავგადადებული კაცები!

იონა. ეგ პარადოქსები შენი გამოშტერებული ბაზიერებისათვის შეინახე.

მელოტი. როგორ ელაპარაკები პატრონს?!

იონა. ღრუტ, ღრუტ, ღრუტ!

მელოტი. მაბრაზებს, პატრონო!

პატრონი. მეც მაბრაზებს, მაგრამ რა ვქნა, სტუმარს ხომ არ დავსჯი?! სტუმარი ღვთისაა!

მერი. სადილს გავაწყობ, პატრონო, დღეს ლუკმა არ ჩაგსვლია პირში!

პატრონი. დაეგდე მანდ!

იონა. ვერ დაეწევიან ბავშვებს შენი ბაზიერები, დევნილი ყოველთვის უფრო სწრაფად გარბის, ვიდრე მდევარი!

პატრონი. (მშვიდად) ვერ დაეწევიან და შენზე ვიყრი ჯავრს, ჩემო იონა, წამებაში ამოგხდი სულს!

იონა. (გაკვირვებული იცინის) მე მაშინებ წამებით და სიკვდილით? მე ხომ ისედაც ვიცი, რომ ადრე თუ გვიან მომკლავ!

მელოტი. გამოვჭრა ყელი?

იონა. გაბედული ნაბიჯით, ბაზიერო, იარ!

მელოტი. (წამსვე აყვება) ჩემს მიმინოს სად წაუხვალ, შტერო ჩიტუნია!

პატრონი. მარტო დაგვტოვეთ მე და იონა!

(მერი და მელოტი გადიან. სასმელს ჩამოასხამს)

ეს ჩვენს ბავშვობას გაუმარჯოს, ჩემო იონა! მე მართლა მიყვარდი მაშინ, მაგრამ რა მომიტანა ამ სიყვარულმა ტკივილების გარდა?

იონა. მეც მიყვარდი!

პატრონი. და მაგიტომ მესროლე ტყვია? ბოზანდარა მერის გულისთვის?!

იონა. გიკვირს?

პატრონი. მიკვირს, მიკვირს! შენ, ჭკვიანმა კაცმა, რატომ არ მოინდომე გაგერკვია, როგორ და რატომ მოხდა ეს ამბავი?

იონა. უნდა მომეკალი მაშინ!

პატრონი. სიკეთის ყველა მქადაგებელი ბოროტმოქმედზე უარესია!

იონა. უმაღლესი სიკეთე სამართლიანობაა!

პატრონი. კარგი, მასე იყოს, ჩემო სამართლიანო და კეთილო იონა! ახლა ისიც მითხარი, რატომ მოხვედი ჩემთან?

იონა. არ ვიცი!

პატრონი. არ იცი?

იონა. მართლა არ ვიცი! ერთ მშვენიერ დღეს გამეღვიძა ჩემს თევზითა და ნაარყლით აშმორებულ სარდაფში, გარეთ გამოვედი, შებინდებამდე ვიბოდიალე მტვრიან ქალაქში და ისეთი სიმარტოვე ვიგრძენი, რომ კინაღამ ყმუილი მოვრთე. თქვენი სიძულვილი მირჩევნია ქალაქელთა გულგრილობას. შენთან ბრძოლითაც დავიღალე, უფრო სწორად, დავიწვი. გადამწვარი კაცი კი მალე უნდა მოკვდეს.

პატრონი. მოკლედ, მარტო არ გინდოდა სიკვდილი, არა?

იონა. ჰო, ეგეც არის! შენ ისიც არ იცი, შენი იარაღის საწყობიც რომ ვიპოვე, ერთი ამბავი ავტეხე ქალაქში, მაგრამ კაცმა ყური არ შეიბერტყა!

პატრონი. ქალაქი დიდი ხანია ჩემია!

იონა. ჰო, ვიცი!

პატრონი. მაშ იარაღის საწყობსაც მიაგენი? ეს უკვე ჩემი შეცდომა! ეჰ, ჯანდაბას ყველაფერი, მოდი, დავლიოთ! გაგვიმარჯოს!

იონა. გაგვიმარჯოს!

პატრონი. მგლების ჯოგები დარბიან გარშემო, ჩემო იონა, ამიტომაა მგლებად რომ ვზრდი ჩემს გოგო-ბიჭებს, უფრო მარდ, უფრო ბასრკბილებიან, დაუნდობელ მგლებად, ვერავინ რომ ვერ მიაყენოს მათ ის ჭრილობები, აქამდე რომ ვილოკავ ტანზე!

იონა. რა ჭრილობები გქონდა ასეთი?! შენ ერთი გამწარებული პატარა კაცი ხარ!

პატრონი. სტყუი! პატარები ვერაფერს აღწევენ

(სვამენ. უცებ თითქოს რაღაცამ იფეთქაო, ყიჟინით და სტვენით შემორბიან ბაზიერნი და რიტუალურ ცეკვას იწყებენ. ფეხზე წამოჭრილი პატრონი აღელვებით შესცქერის მათ).

ცალთვალ ბაზიერი. (გამოეყოფა მოცეკვავეთა ჯგუფს) ვიპოვეთ, პატრონო, შევიპყარით! ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც მივაგენით კვალს, იქვე ჩავუტარეთ შელოცვა!

პატრონი. (მკერდში ჩაიკრავს მას) გმადლობთ, ბაზიერნო, გმადლობთ!

ცალთვალა. ძალიან რთული წყვილი აღმოჩნდა, ჯვარს გვაცვეს! საბოლოო ჯამში გოგონა მოთვინიერდა!

პატრონი. ბიჭი? (უეცრად სიჩუმე დაიბუდებს ბუნგალოში) ბიჭი-მეთქი?!

ცალთვალა. ბიჭი არ დაემორჩილა შელოცვის წესს!

პატრონი. რაო?

ცალთვალა. ბიჭი შავთვალაა, პატრონო!

პატრონი. (ნაძალდევი სიცილით) შეუძლებელია, ბაზიერო!

ცალთვალა. (ჯიუტად) რატომ? ჩვენ ხომ გვქონდა ასეთი შემთხვევა ამ ათიოდე წლის წინ.

პატრონი. (შეკავებული რისხვით) შეუძლებელია-მეთქი!

ცალთვალა. ეს გიო ნამდვილი შავთვალაა, მისი მოთვინიერება შეუძლებელია! ჩემი თუ არ გჯერათ, სხვა ბაზიერებს ჰკითხეთ!

(ბაზიერთა ჯგუფი დუმს)

პატრონი. მე კი დაგიმტკიცებთ, რომ თქვენ ცდებით. (შეშფოთებით) სად არის გიო? ახლავე მოიყვანეთ!

ცალთვალა. უგონოდაა, პატრონო!

პატრონი. სად არის-მეთქი?

ცალთვალა. მიმინოების დარბაზშია! სიკვდილისთვის ამზადებენ ბაზიერები!

პატრონი. მელოტო! ახლავე ჩემს ოთახში დააწვინე და გვერდიდან არ მოცილდე!

ცალთვალა. (გააფთრებით) რატომ? შავთვალას ხომ კლავენ?! მე ყოველთვის ვკლავდი შავთვალა მიმინოს, ასე მასწავლე შენ! რა გემართება, პატრონო, ვეღარ გცნობ! ჩვენ ერთს გვიქადაგებ, თვითონ კი პირველი არღვევ ურყევ კანონს?

პატრონი. (რბილად) კარგი, ნუ ღელავ, ბაზიერო, წადი, დაისვენე, გადაღლილი ჩანხარ! ხვალ გავარკვევთ ამ საკითხს!

(ცალთვალა მოღუშულად აკოცებს გამოწვდილ ხელზე და გადის. პატრონის წარბის აწევა და მელოტი ორი ბაზიერის თანხლებით უკან გაყვება მას).

პატრონი. (გასამხნევებლად გაუღიმებს გასულ ბაზიერებს) ყველაფერი რიგზე იქნება. მას შემდეგ, რაც ბიჭი მესაუბრა, ის შინაგანად მხოლოდ მე მემორჩილება! მე თვითონ ჩავუტარებ შელოცვას და ჩვენს რაზმს მამაცი და ძლიერი ბაზიერი შეემატება. ხომ გჯერათ ჩემი!

ბაზიერთა რაზმი. (არეულ-დარეულად) გვჯერა!

(შემოდიან ორი ბაზიერი და მელოტი, მელოტი დანას იმშრალებს ქურთუკის კალთაზე).

I ბაზიერი. უბედურება მოხდა, პატრონო, ცალთვალა წაიქცა და საკუთარ დანას წამოეგო!

მელოტი. უკვე მოკვდა!

პატრონი. საკუთარმა გაუფრთხილებლობამ დაღუპა!

მელოტი. ჰო, ეგრეა!

იონა. (პატრონს ჩუმად) დროზე გადაიყვანე შენს ოთახში გიო, თორემ შეიძლება ვინმემ ჩუმად მოკლას!

პატრონი. (გაღიზიანებით) არაა ეგ შენი საქმე! (მელოტს) ჩემს ოთახში გადაიყვანე ბიჭი და უდარაჯე!

(ხელს აიქნევს და თვითონ იწყებს რიტუალურ ცეკვას. სხვა ბაზიერები აჰყვებიან).

 

 სურათი მეოთხე

სისხლისფრად ჩამუქებული, დაცარიელებული ბუნგალო. სიღრმეში ბოძზე გაკრული გიოა. თავი უღონოდ ჩამოუგდია მკერდზე და მძიმედ სუნთქავს. წელზევით ტიტველი, გაოფლილი მელოტი ტანს იმშრალებს პირსახოცით, შემდეგ წეკოს გაახვევს და ნაზად გააბოლებს. შემოდის პატრონი.

 

პატრონი. (ცოტა ხანს უყურებს გონდაკარგულ გიოს) ახსენი!

მელოტი. (წამოხტება) საკმარისად დამუშავებულია პატრონო! მე მგონი, მეტი აღარ უნდა!

პატრონი. (მიდის და თვალის უპეს აუწევს გიოს) ძალიან გიცემია!

მელოტი. ჰო, ცოტა ზედმეტი მომივიდა!

პატრონი. ახსენი-მეთქი!

მელოტი. ახლავე! გამოვაფხიზლებ ჯერ!

(გვერდზე გადის, წყლიანი კასრი შემოაქვს და სახეში შეასხამს ბიჭს. გიო ძლივძლივობით წევს თავს, მელოტი თავის შინდისფერ პერანგს იცვამს და თოკებიდან ახსნის გიოს. ის ბარბაცით გადადგამს რამდენიმე ნაბიჯს და მაგიდის კიდეს დაეყრდნობა).

პატრონი. რამდენი დღე აშიმშილე?

მელოტი. სამი, პატრონო! როგორც თქვენა ბრძანეთ, მეტს ვეღარ გაუძლებდა წინა შელოცვიდან დასუსტებული!

(გიოს სკამზე დაჯდომა უნდა, მაგრამ ფეხს გამოკრავს სკამს მელოტი და ბიჭი ეცემა)

პატრონი. (წამოაყენებს გიოს და მსუბუქად გაკრავს სილას მელოტს) რაებს სჩადი?

მელოტი. აბა, ის კარგი იყო, ქვა რომ მკეკვა თავში!

პატრონი. (რისხვით) გაეთრიე აქედან!

(მელოტი ბურტყუნ-ბურტყუნით იქვე შორიახლოს ჩამოჯდება და კვლავ წეკოს შეახვევს)

პატრონი. (დაყვავებით გიოს) არ უნდა გეწყინოს მაგ მუტრუკისაგნ, ვირის წიხლი, აბა, რა საწყენია? რას დაუმსგავსებიხარ, ბიჭო, მაგ ოხერს?! ისარგებლა არა, ჩემი აქ არყოფნით?! არაფერია! სამაგლითოდ დავსჯი ამისთვის. რა იყო? ვერ დგახარ ფეხზე. (დაიხრება) აუჰ, როგორ დაგსიებია! არ მოგცა, ხომ, ფეხსაცმლის გახდის უფლება?! გაიხადე, გაიხადე ფეხზე, თორემ მოკვდები, შე საწყალო! (ეხმარება ფეხსაცმლის გახდაში) ამოისუნთქე ცოტა? (წყალს ასმევს)

გიო. (ძლივ-ძლივობით ამოღერღავს) ჰო, ცოტა დამიამდა!

პატრონი. მაგრად დაგსივებია! ეს იმიტომ, რომ ამდენ ხანს ფეხზე მოგიწია ყოფნა. ცოტა გაიარ-გამოიარე ჩემთან ერთად და სულ დაგიცხრება ტკივილი, ახლა, რაც უფრო გასივდება ფეხი, მით უფრო ნაკლებად გეტკინება.

(აქეთ-იქით გაატარებს გიოს. ბიჭი კვნესის)

ჩემი ბრალია, როგორ ჩაგაგდე მაგ პირუტყვის ხელში, მაგრამ რა მექნა? სანადიროდ ვიყავი ახლად დაგეშილი მიმინოს გამოსაცდელად და სულ ამომვარდა შენი ამბავი თავიდან. შენ მშიერიც იქნები. რა გიყო მაინც ასეთი, მაგ ოხერმა? გაშიმშილა, ალბათ, გაჯანჯღარა...

გიო. ყურში ჩამძახოდა რაღაცას განუწყვეტლივ! ოთხი ბაზიერი ენაცვლებოდა!

პატრონი. კარგი, დაწყნარდი, დამშვიდდი, ჩემო ბიჭო! (თმაზე ეფერება გიოს ალერსიანად)

ეჰე, შენი საქმე ვერაა მთლად კარგად! რა დღეში გაქვს, ბიჭო, ნერვები. ჩემს მოფერებაზე ცრემლი რომ მოგდის?! ასეთი რა გაწამეს მაგ ძაღლიშვილებმა?! დამშვიდდი, მოიწმინდე ეგ სიმწრის ცრემლი! ახლა უკვე ვეღარავინ გაგიბედავს მასეთ რამეებს, რახან მე აქა ვარ! (მაგიდასთან მიჰყავს)

ბიჭოს, რამხელაზე გაგისივდა ფეხები! ჩამოჯექი აქ! (დასვამს ჯორკოზე. ცოტა ხანს უხმოდ უყურებს, შემდეგ შეცვლილი ხმით ეუბნება)

ახლა კი ადექი, შე ლაწირაკო, და ეგ ფეხსაცმელი ისევ ჩაიცვი!

გიო. (გაოგნებული) რა ვქნა?

პატრონი. რა და, ეგ ფეხსაცმელი ჩაიცვი-მეთქი! რა იყო? გინდა შემაფურთხო?! მაგას ვერ მოახერხებ, ნერწყვი გაგიშრა პირში. მელოტო, მოდი, დაეხმარე, თორემ გაგვიზარმაცდა საწყალი!

მელოტი. (მოირბენს) გისმენ!

პატრონი. ფეხსაცმლის ჩაცმაში მოეხმარე გიოს!

მელოტი. (დაიხრება და ცდილობს რამენაირად ჩატენოს ბიჭის გასიებული ტერფი ფეხსაცმელში) არ ეტევა, პატრონო!

პატრონი. ჩააცვი-მეთქი! (პაუზის შემდეგ) რატომ არ კვნესის?

მელოტი. (ხვნეშის) თავს იკავებს, პატრონო!

პატრონი. ჩემს ჯინაზე, არა?! სჯობია, ცოტა იწრუწუნო, შეგიმსუბუქებს ტკივილს! (გიო სკამიდან ვარდება) რა დაემართა?

მელოტი. გონება დაკარგა! რა ვქნა, აღარ ეტევა, პატრონო!

პატრონი. კარგი, დაანებე თავი და სავარძელი შემოიტანე!

(მელოტი გადის და უმალ შემოაგორებს თეთრ, მაღალზურგიან სავარძელს)

მელოტი. მოწყობილობები შევუერთო?

პატრონი. არა, აღარ არის საჭირო! მეტს ვეღარ გაუძლებს!

მელოტი. მეც ასე მგონია! ამდენი არასოდეს გვიწვალია. ოთხ ბაზიერს გაძვრა სიქა. სხვები დაიღალნენ, ტირიან, გვემუდარებიან.

ამას კრინტი ვერ დავაძვრევინეთ. ცოტას კვნესოდა მხოლოდ!

პატრონი. (კმაყოფილებით) ასეთი ბიჭი მჭირდება სწორედ, შავი ღვინო და უმი ხორცი მომიტანე!

(მელოტს პატარა კალათა და კვარტიანი ბოთლი მოაქვს. პატრონი ჯიბიდან რაღაც შეკვრას იღებს და მელოტს უწვდის).

პატრონი. აჰა, აიღე, შეპირებული სათამაშოა!

მელოტი. (ბავშვივით გახარებული) საპნის ბუშტების გასაშვებია?

პატრონი. ჰო, ქალაქიდან ჩამოვატანინე!

მელოტი. (ხელზე კოცნის მას) გმადლობთ, პატრონო! გმადლობთ! ახლა ისეთ ბუშტებს გავუშვებ!

(სცენის სიღრმეში გადის. პატრონი ბოთლს გადმოაპირქვავებს, პეშვს გაივსებს და სახეში შეასხურებს ღვინოს ბიჭს. გიო ნელა ახელს თვალებს)

პატრონი. (მხიარულად) ახლა ცოტა წაისადილე, გიო! ხორცი, მართალია, უმია, მაგრამ ტრადიციას ვერ ვუღალატებ, მიმინოების ჩაპურება ასე ხდება!

(ძალით ატენის პირში უმი ხორცის ნაჭრებს, შემდეგ ბოთლსაც მიაყუდებს ტუჩებზე)

დალიე, დალიე, გიო! გიჭირს ყლაპვა? ცოტა დაისვენე! ახლა ხორცი შეჭამე! ნუ მეწინაღმდეგები! ღვინო მიატანე... აი, ასე! მელოტო, კასრი! გული ერევა!

(მელოტი კასრს მოარბენინებს, ბიჭი ზედ გადაეყუდება, პატრონს შუბლით უჭირავს გიო)

ეს იმიტომ, რომ ნაშიმშილარი ხარ ჩემო ბიჭო!

(წამოაყენებს, ხელსახოცით უწმენდს ბაგეს)

ახლა მოხერხებულად მოეწყვე მაგ სავარძელში და ყურადღებით მომისმინე! ძალზე საინტერესო ამბავი უნდა გიამბო. მერწმუნე, ამჯერად გულწრფელი ვარ!

(სიგარეტს მოუკიდებს და ტუჩებში ჩაუდებს გიოს, ის უღონოდ ურტყამს რამდენიმე ნაფაზს)

ვფიცავ, ვილაპარაკო სიმართლე და მხოლოდ სიმართლე.

ტბიანეთში ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი კაცი. წინასწარ რომ არ დაგაბნიო, გეტყვი, რომ ის ყმაწვილი მე გახლავარ! უბრალოდ, მესამე პირში უფრო ადვილია მოყოლა, ვიდრე საკუთარ თავზე.

ლამაზი და ღონიერი იყო ის ყმაწვილი, უბადლო ბაზიერი და დაუღლელი მოქეიფე, ხელგაშლილი და მხიარული მეგობარი. ჰყავდა ერთი ძმასავით შეზრდილი ამხანაგი, სახელად იონა. და ჰყავდა იმ იონას საცოლე, სახელად მერი, მშვენიერი მერი. ბედნიერი და უდარდელი ეგონა ყველას. და არავინ უწყოდა, რამხელა ჭრილობას ატრებდა იგი მკერდში. ეჰ, ჩემო გიო, საუბედუროდ, მას საკუთარი ძმაკაცის საცოლე შეუყვარდა, შეუჩნდა მას, თავიც შეაყვარა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი ყოჩაღი ბაზიერი უძლური აღმოჩნდა საყვარელ ქალთან ალერსში. გვიან მიხვდა, რომ ღმერთს მისთვის მამაკაცობაზე უარი ეთქვა, იცი, რა ძნელია, გიყვარდეს ქალი, მასაც უყვარდე, მთავარი კი აკრძალული გქონდეს. ჰოდა, დასცინა მას მერიმ, მწარედ დასცინა, თუ არაფრის თავი არ გქონდა, რაღას შემომიჩნდიო. დაცინვას კი, ჩვენი ბაზიერი ვერავის აპატიებდა და მანაც, მიმინოს მოთვინიერების წესის თანახმად, ბნელში ჩაკეტა ერთ დროს საყვარელი გოგონა, აშიმშილა, ჩააპურა, გამოათაყვანა, და რამდენიმე უფროს ბაზიერს მიუგდო საჯიჯგნად. შემდეგ, იონამ იძია შური მეგობარზე და მხარში დაკოდა ის... დაჭრილმა ბაზიერმა ტყეს მისცა თავი, იონა ციხეში ჩააყუდეს, მერი კი გაბოზდა.. რა იყო, ისევ გული გერევა?.. (კვლავ გადააყუდებს ბიჭს კასრზე და შუბლს უჭერს ხელით)

აი, ასე მინდა აგერიოს გული, სიყვარულის ხსენებაზე, რა არის, ბოლოს და ბოლოს, ეს სიყვარული? ხაფანგი ნაბიჭვრებისათვის! აი, ის საპნის ბუშტია, მელოტი რომ უშვებს! რა მოგიტანა ამ სიყვარულმა თვითგვემის გარდა. სიყვარულის ყველა ცნება ჭკვიანმა ადამიანებმა მოიგონეს სხვების გასაბრიყვებლად.

უნდა გესმინა, როგორ წყევლა-კრულვას უთვლიდა ის შენი ანი სიყვარულს, მოთვინიერების შემდეგ, სიყვარული ხომ ბინძური ღალატია, შხამიანი ჭრილობა!

შეხედე მელოტს. ის დიდხანს არ დაემორჩილა შელოცვის ხერხებს და სრულყოფილ იდიოტად იქცა. შენ კი უფრო ფაქიზი სულის ბიჭი ხარ და მე არ მინდა, რომ შენც ტვინგამოლაყებულ ლაქიად გაქციო. მე არასოდეს მეყოლება შვილი და გადავწყვიტე შენ გიშვილო, ჩემო გიო. მე და შენ დიდ საქმეებს გავაკეთებთ! სულ მალე მე ტბიანეთის მეზობელი ქვეყნებიც დამემორჩილებიან. მე შენ გაჩვენებ ჩემი იარაღის უზარმაზრ საწყობს, მე შენ სხვა საიდუმლოებებსაც გაგანდობ, მაგრამ მანამდე ისე უნდა ამოვწვა შენს სულში სიყვარული, რომ ფერფლიც არ დარჩეს მასში, ფერფლიც არ დარჩეს!

(სადღაც იქუხებს და ქარიშხლის ღრიალი შემოვარდება ბუნგალოში, ქრება და ინთება სინათლეები, მელოტი საპნის ბუშტებს უშვებს, პატრონი ბეჭებში ჩაფრენია გიოს და რაღაცას ჩაყვირის ყურში, ცოტა ხანში ქარიშხლის ხმაური წყდება და მისავათებული პატრონიც თავს ანებებს გიოს)

პატრონი. (მელოტს) ანი შემოიყვანე!

(მერის ანი შემოჰყავს, პატრონი გიოს წამოაყენებს და ოდნავ უბიძგებს ხელს).

ანი. გამარჯობა!

გიო. გამარჯობა, ანი!

ანი. სულ ნაცემმა უნდა იარო, ბიჭო!

გიო. (მხრებს იჩეჩავს) რას იზამ, უიღბლო ვარ! მაგრამ დღეიდან იშვიათად მნახავ გალხულს!

ანი. აბა, შენ იცი!

გიო. რა გადაწყვიტე!

ანი. რისი? დარჩენის? ჰო, ასე აჯობებს, დავრჩები!

გიო. მეც იგივე გადავწყვიტე! (პაუზა)

აღარაფერი დამრჩა მკერდში, ანი!

ანი. რა აღარ დაგრჩა? ჰოო, მივხვდი, შენ ნუ მიაქცევ ყურადღებას!

გიო. ფერფლიც არ დარჩა!

ანი. ჰო, ფერფლიც არ დარჩა!

გიო. (პატრონს) მე მჯერა შენი!

ანი. (მერის) მე მჯერა შენი!

 

პირველი ნაწილის დასასრული

 

 

 II ნაწილი

 

 

სურათი მეხუთე

 

 

ბუნგალო. მერი ბუხართან ზის და ქსოვს, მის გვერდით ანი ჩამომჯდარა. ისიც ქსოვითაა გართული. სამი ბაზიერი გოგონა ბადეს ლამბავს. მაგიდას მელოტი და ოთხი ბაზიერი შემოსხდომიან და ბანქოს თამაშობენ. ყოველი წაგებული ხელის შემდეგ მელოტი კბილებს აღრჭიალებს და მუშტს ურტყამს მაგიდას. სცენის სიღრმეში გიო და პატრონი სხედან. რაღაცაზე საუბრობენ.

 

მერი. ძალიან დაიახლოვა პატრონმა გიო, გვერდიდან აღარ იცილებს!

ანი. ჰო, მეც შევამჩნიე!

მერი. (ჩაფიქრდება) უცნაურია, მაინც როგორ შეცდა ასე ცალთვალა?

ანი. მიტომაც ჩაყვინთა ორმოში! ისე, მართალი გითხრა, არც მე მჯეროდა გიოს მოთვინიერების, მაგისი ამბავი რომ ვიცი!

მერი. რაო, ღელავდი?

ანი. არა, ჩემთვის უკვე სულერთი იყო!

მერი. (მკაცრად) არ უნდა იყოს შენთვის სულერთი. ყოველი ახალი წევრის შემომატება ძალზე საჭიროა ჩვენთვის!

ანი. ჭკუას ნუ მასწავლი, მერი! მე ხომ მივხვდი, რატომ დაინტერესდი ჩემი მღელვარებით?!

მერი. მე დედაშვილურად.

ანი.  არ მაინტერესებს შენთან დედაშვილობა! საკმარისად დავუმტკიცე ჩემი ერთგულება პატრონს. ასე რომ, გამოცდები აღარ მჭირდება!

მერი. კარგი, დამშვიდდი! (პაუზა)

ანი. შენ ერთი ეს ამიხსენი! წელიწადია აქ ვარ და კაცმა ვერ გამიბედა ხელის ხლება. თქვენ ხომ ამ ამბებში თავისუფლება გაქვთ!

მერი. პატრონი პირველი ღამის უფლებას ყველაზე ღირსეულს აძლევს.

ანი. მერე და ვინ არის ის ყველაზე ღირსეული?

მერი. ვნახოთ! ძალიან გეჩქარება?

ანი. (მხრებს იჩეჩავს) არა, საჩქარო რა მაქვს? უბრალოდ, მაინტერესებს.

(გარედან ხმაური შემოიჭრება. კვნესა-კვნესით შემორბის I ბაზიერი, მას მათრახით მოსდევს გიო და გამეტებით ურტყამს).

გიო. ღორივით დაგკლავ, შე მათხოვარო!

I ბაზიერი. მაპტიე, მაპატიე, გიო!

გიო. მაგ ენას ამოგაძრობ, ბაზიერო!

I ბაზიერი. წამომცდა, წამომცდა!

(მელოტი წამოხტება და ისიც ხეთქავს ბაზიერს)

გიო. დაანებე, მელოტო, თავი! ნუ ერევი ჩემს საქმეებში, ეს მარტო მე მეხება! (დანას ხსნის)

I ბაზიერი. არ მომკლა! (უჩოქებს) შემინდე, შემინდე!

გიო. (დანას ინახავს) დაიმახსოვრეთ შენ და შენისთანებმა!

პატრონი. (შემოდის ხმაურზე) რა ხდება, გიო!

გიო. არაფერი.

პატრონი. როგორ თუ არაფერი!

გიო. არაფერი-მეთქი!

მელოტი. ბაზიერმა გააბრაზა გიო! პატრონმა თავისი ნაბიჭვარი რატომ დაგვასვა ყველას თავზეო?!

პატრონი. წადი აქედან! (გიოს მოხვევს მკლავს) დაწყნარდი! ზედმეტად ფიცხი გახდი!

გიო. შენი დამსახურებაა!

პატრონი. სად იყავი მთელი ღამე!

გიო. ბოზებში.

პატრონი. (გაეცინება) თავი დაანებე მაიმუნობას და მიპასუხე!

გიო. ქალაქში!

პატრონი. რატომ არ მკითხე?

გიო. არ ჩავთვალე საჭიროდ!

პატრონი. რაზე წახვედი?

გიო. ისე, გავისეირნე!

მელოტი. საქმე არა გვქონდა და დიდხანს ვიბოდიალეთ ქალაქში. მერე გადავწყვიტეთ, პოლიციის უფროსის სახლი გადაგვეწვა!

პატრონი. რაო?

მელოტი. გიომ თქვა, ბარემ რახან საქმე არა გვაქვს, პოლიციის უფროსის სახლი გადავწვათო!

პატრონი. მერე?

მელოტი. მერე გადავწვით, დედა ვუტირეთ! თვითონ პოლიციის უფროსიც გიომ ვირზე შესვა უკუღმა და ასე ატარა ქალაქში! გახარებული ხალხი სულ კუდში დაგვდევდა, გვლოცავდა!

პატრონი. მართალია, რასაც ეს იდიოტი ამბობს?

გიო. მართალია.

პატრონი. (გააფთრებით) როგორ გაბედე ჩემთან შეუთანხმებლად?! პოლიციელები რაღას აკეთებდნენ?

გიო. მელოტს ჰყავდა შეყენებული ორი იარაღით! ნუ ღელავ, ნიღბები გვეკეთა, ვერავინ გვიცნო!

პატრონი. რომ ეცნეთ?

გიო. მერე რა, ქალაქი მაინც შენია. პოლიციის უფროსი ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ გვჭირდება!

პატრონი. საიდან იცი, გვჭირდება თუ არა?

გიო. თუ არ ვიცი, ეგეც შენი ბრალია!

პატრონი. რა არის ჩემი ბრალი?

გიო. ყველა საქმეს რომ მარიდებ!

პატრონი. იმიტომ, რომ გიფრთხილდები!

გიო. არ მჭირდება მე შენი მოფრთხილება!

პატრონი. ვაი, რომ ძალიანაც გჭირდება და საერთოდ, არ იფიქრო ყველაფერი გაპატიო! წადი, მიმინოები ჩააპურე!

გიო. გული მერევა უკვე იმ დასკლინტული დარბაზისგან!

პატრონი. ძალიან ადვილად გერევა გული, წადი! (გიო ყოყმანობს, შემოდის მთვრალი იონა).

იონა. მეც რომ ეგ მინდა.

იონა. რაო, პატრონის შვილობილო, ვერ მორიგდი მამიკოსთან? დაუჯერე, დაუჯერე, ხომ იცი, შენთვის კარგი უნდა!

გიო. დამანებე, იონა, თავი!

იონა. როგორც ატყობ, მე დიდი ხანია უკვე თავი დაგანებე! (პატრონს) შენ კი რა ადვილი გეგონა კაცის გაზრდა!

პატრონი. რას დაბოდიალობ აქ, იონა? ვერ ხედავ, რომ ყველას ნერვებს უშლი? ერთხელაც იქნება, მოგკლავს რომელიმე ბაზიერი!

იონა. მეც რომ ეგ მინდა.

პატრონი. რა გინდა?

იონა. რომ მომკლან და წარწერა ჩამომკიდონ "იონა, რომელიც ყველას ნერვებს უშლიდა", გადამწვარი კაცი ვიცი, რომ უნდა მოკვდეს, მაგრამ თავის მოკვლის თავიც რომ აღარა მაქვს?

პატრონი. მართლა ძალიან დამღალე, იონა, კისერი გიმტვრევია, რაც გინდა, ის ქენი!

იონა. რაც მინდა? დალევა მინდა!

პატრონი. მაინც არ მესმის, რას დაეძებ აქ?

იონა. (თავს დახრის) სულ ორი ადამიანი დამრჩით, ვისთანაც რაღაცა მაკავშირებს, შენ და მერი!

პატრონი. კიდევ გიყვარს მერი?

იონა. რასაკვირველია!

პატრონი. არა, შენ ნამდვილად გიჟი ხარ!

იონა. (სევდიანად) რატომ, იმიტომ, რომ მიყვარს? შენ, შენ განა ნორმალური ხარ? შენ ხომ არასოდეს გყვარებია!

პატრონი. შენ მიყვარდი!

იონა. ხომ კი?!

პატრონი. მართლა, მართლა და ვერ ავიტანე, კახპას გამო რომ შემიძულე!

იონა. ნეტა მომეკალი მაშინ!

პატრონი. ნანობ?

იონა. ვნანობ რომელია?!

(პატრონი ხელს გაარტყამს, იონა ეცემა)

იონა. (სტუმართმოყვარე კილოთი) გვერდზე მომიჯექი, პატრონო, ვისაუბროთ!

მერი. რა იყო, რაზე იჩხუბეთ?

იონა. ვერაფრით ვერ გადავწყვიტეთ, მელოტის თავზე დაფსმის პრობლემა

მელოტი. რაც პატრონმა დაგაკლო, მე დაგიმატებ!

იონა. ღრუტ, ღრუტ, ღრუტ!

მელოტი. აი, ასე მაბრაზებს სულ! (იონა დგება, კასრთან მიდის და ღვინით ავსებს ჭიქას)

იონა. (გიოს) იცი, რატომ მიყვარდი, გიო?

გიო. რატომ, იონა?

იონა. მე შენ შავთვალა მეგონე! მე დიდი ხანია ველოდი, რომ მოვიდოდა ბიჭი, ვისაც ვერ მოათვინიერებდნენ, ვერ მოკლავდნენ მასში ადამიანს!

გიო. ახლა აღარ გიყვარვარ?

იონა. ახლა? (ჩაფიქრდება, შემდეგ ღვინოს შეასხამს სახეში გიოს)

გიო. ხელი არ გაანძრიო, მელოტო! (იონას) იცი, იონა, ტბისპირეთში ნადრევად დანგრეული საყდრის კედელზე ფრესკა ვნახე!

იონა. (ფლეგმატურად) არ მაინტერესებს!

გიო. მისმინე! თვალებბრიალა, ხარისკისერა ბიჭი იყო იმ ფრესკაზე, თავზე ეკლის გვირგვინი ჰქონდა...

იონა. არ მაინტერესებს!

გიო. მისმინე-მეთქი! იმ ბიჭს ყოველთვის მიბნედილს და სევდიანს ხატავდნენ, ხოლო ფრესკაზე მებრძოლი და ძლიერი იყო, როგორც მაშინ, ფარისევლები რომ გაყარა საყდრიდან!

იონა. არ მაინტერესებს!

გიო. (უკან მიჰყვება) ნუთუ, ვერაფერს ხვდები?

იონა. (მერის) როგორ ხარ, ტურფა ასულო?

მერი. დავბერდი, იონა!

იონა. (მიდის მასთან და თმაზე ეფერება) არა, მერი, შენ დღეს ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც მაშინ, ოცდახუთი წლის წინათ!

მერი. რატომ დღეს?

იონა. სწორედ დღეს, სწორედ დღეს!

ანი. (სიცილით) ხვალ აღარ იქნება, იონა?

იონა. აღარაფერი იქნება ხვალ!

ანი. ნუ გვატირებ, გთხოვთ!

იონა. შენც შავთვალა მეგონე, ანი!

ანი. სისულელეების ლაპარაკს ვერ ვიტან!

იონა. მე კი შენ ვერ გიტან! რა გიყოთ მაინც ასეთი პატრონმა? რითი დაგიკოდათ სული (ყვირის) ხელები მაჩვენე! ეს ნაიარევები მაინც არ გახსოვს, მისი გულისათვის რომ დაიფატრე ვენები.

ანი. (გულგრილი ღიმილით) მერე რა, რომ მახსოვს!

შენ ცოტა სისულელე ჩაგიდენია?

იონა. თქვენი დედა ვატირე მე... ყველასი!

მელოტი. ჩემიც?

იონა. შენი არა! შენი არა, მელოტო!

მელოტი. (ნასიამოვნები) მოდი დავლიოთ!

იონა. მოიცა! (მერის) გახსოვს ზღვისპირა სახლზე რომ ვოცნებობდით!

მერი. მახსოვს. (იონა უეცრად მიდის მასთან, წელში გადაზნექს და ტუჩებში კოცნის)

მერი. რა გემართება, იონა!

(იონა ცეკვას იწყებს, რაღაც უცნაურ, აღტკინებულ ცეკვას. ყველა გაოგნებული უყურებს, იონა ასევე უეცრად შეჩერდება და დიდხანს უყურებს ყველას)

ანი. რა იყო იონა, გვიმახსოვრებ?!

იონა. ჰო, ალბათ!

ანი. რა დაგემართა?

მერი. არ ვიცი!

ანი. (გიოს) როდემდე ვიქნები ასე?

გიო. რა გინდა?

ანი. სთხოვე პატრონს მოგცეს პირველი ღამის უფლება, თორემ შენი შიშით კაცი ვერ გამკარებია.

გიო. შენთვის ხომ სულერთია?

ანი. არა, რატომ? შენთან მაინც უფრო მიჩვეული ვარ. აბა, რომელიმე ბინძურ ბაზიერს გინდა დავუწვე?

გიო. ვინა ხარ შენ, იქნებ არც გიცნობდი?

ანი. არ მიცნობდი?

გიო. კარგი, მერე ვილაპარაკოთ!

იონა. მელოტო, საქმე მაქვს შენთან!

მელოტი. რა საქმე გაქვს, იონა? (იონას გვერდით გაჰყავს, მერიმ რომ არ გაიგონოს)

იონა. თავი მინდა ჩამოვიხრჩო!

მელოტი. რატომ?

იონა. ასე მომინდა უცებ!

მელოტი. მერე?

იონა. მერე ის, რომ ყულფის გაკეთება არ ვიცი.

მელოტი. ყულფის გაკეთებას რა უნდა.

იონა. გამიკეთე.

მელოტი. თოკი გაქვს?

იონა. მაქვს! (აწვდის ჩუმად თოკს) მაინცდამაინც ნუ გამოაჩენ!

მელოტი. კი, მაგრამ თავს თუ ჩამოიხრჩობ, ხომ მოკვდები?

იონა. რასაკვირველია.

მელოტი. არ გაგიკეთებ!

იონა. მე შენ გთხოვ!

მელოტი. (გაკვირვებული) რას შვრები?

იონა. მე შენ ძალიან გთხოვ, გამიკეთე ყულფი!

მელოტი. იცი, ჩემთვის არავის არასოდეს არაფერი უთხოვია. მხოლოდ მიბრძანებენ ხოლმე.

იონა. მე კი გთხოვ, გეხვეწები!

მელოტი. შენ პირველი ხარ, ვინც არ მიბრძანა და შემეხვეწა! კარგი, გაგიკეთებ!

(მელოტი და იონა გადიან)

მერი. დასალევად წავიდნენ!

ანი. ალბათ!

მერი. მე უცნაურად მიყურებდა!

ანი. უყვარხარ!

მერი. რაო?

ანი. უყვარხარ-მეთქი!

მერი. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ სიყვარული არ არსებობს, არ არსებობს! აბა, გაიმეორე!

ანი. არ არსებობს!

მერი. რა?

ანი. სიყვარული.

მერი. აბა, ახლა ერთად ვთქვათ!

ანი. მერი. სიყვარული არ არსებობს!

(შემოდის მელოტი)

მელოტი. საწყალი იონა, არ უნდა დამეჯერებინა მისთვის, რა კარგად მღეროდა! საწყალი!

ანი. რა მოხდა?

მელოტი. არ უნდა დავთანხმებოდი იონას!

მერი. რა მოხდა-მეთქი, მელოტო?

მელოტი. იონა მეცოდება!

ანი. რატომ? რა სჭირს შენი შესაცოდი?

მელოტი. განა ცოდო არ არის?  ქანაობს საწყალი ქარში.

მერი. მოიცა, კაცო, აგვიხსენი, ვინ ქანაობს, სად ქანაობს?

მელოტი. ხეზე ქანაობს იონა.

ანი. რატომ?

მელოტი. თქვენ გადამრევთ მე! თავი ჩამოიხრჩო და ქანაობს ახლა საწყლად-მეთქი, რაა ამაში გაუგებარი?!

პატრონი. (კვლავ შემოდის გიოსთან ერთად) კიდევ მოხდა რამე?

ანი. იონამ თავი ჩამოიხრჩო!

გიო. რაო?

მერი. თავი ჩამოიხრჩო იონამ!

პატრონი. ეჰ, იონა, იონა...

მელოტი. მე ვკითხე, სიკვდილის წინ რამე ხომ არ გინდა მითხრა-მეთქი?

გიო. (სწრაფად) მერე, გითხრა რამე?

მელოტი. კი.

გიო. რა გითხრა?

მელოტი. ღრუტ, ღრუტ, ღრუტ; ისევ გამაბრაზა საწყალმა! ღრუტ, ღრუტ, ღრუტო, მითხრა!

 

 სურათი მექვსე

ბუნგალო. გახვითქული მელოტი ბუხარს შეშას უკეთებს. ანი და მერი გიოს ემსახურებიან.

გიო გრძელი მაგიდის თავში ზის და უგემურად ილუკმება. ჟამი-ჟამ რაღაცაზე ჩაფიქრდება ხოლმე და დანით კაწრავს მაგიდას. ანის ღვინით სავსე დოქი შემოაქვს, მაგრამ გიო ანიშნებს, არ მინდაო და ისიც მორჩილად შეტრიალდება. მერის ყვავილების კონა მოაქვს და ცალ-ცალკე შემოუწყობს გიოს თეფშს.

 

გიო. (კუშტად) რა უბედურებაა ეს?

მერი. (დამფრთხალი) მინდვრის ყვავილებია, თვითონ დავკრიფე!

გიო. მოაშორე აქედან!

I ბაზიერი. (მოწიწებით ეკითხება გიოს) რას მიბრძანებ, გიო?

გიო. (გაკვირვებით) რა უნდა გიბრძანო, ხომ არ შეიშალეთ დღეს სუყველა?!

I ბაზიერი. ნება მომეცი, ერთი საიდუმლო გაგანდო!

გიო. ჩემი მემკვიდრედ შერაცხვის საიდუმლო?

I ბაზიერი. (ნირწამხდარი) პატრონმა მე დამავალა დღევანდელი დღესასწაულის მომზადება!

გიო. აბა, შენ იცი!

I ბაზიერი. მოხარული ვარ, ასეთი ღირსეული მემკვიდრე რომ ეყოლება პატრონს! იმედია, არ დამივიწყებ, გიო!

გიო. მელოტს დაუძახე!

(პირველი ბაზიერი მელოტს უხმობს)

მელოტი. (ტანსაცმლის ფერთხვით მიდის გიოსთან) რას მიბრძანებ, გიო?

გიო. დაჯექი და ჩემთან ერთად ივახშმე!

მელოტი. გმადლობთ (ჩამოჯდება)

გიო. ჭამე! (მელოტი ილუკმება) რას გელაპარაკებოდა იონა თავის ჩამოხრჩობის წინ?

მელოტი. (პირგამოტენილი) ყულფი გამიკეთეო!

გიო. კიდევ?

მელოტი. (ჩაფიქრდა) ძალიან გთხოვო!

გიო. სხვა არაფერი გითხრა?

მელოტი. სხვა არაფერი.

გიო. კარგად გაიხსენე!

მელოტი. კიდევ ის მითხრა... ღრუტ-ღრუტო!

გიო. გადი რა, მელოტო, სანამ რამე არ გდრუზე თავში!

(მელოტი ბუხარს უბრუნდება. გიო ცოტა ხანს უძრავად ზის და მაგიდის ზედაპირს ჩაშტერებია, შემდეგ გამოერკვევა და თუთუნის ქისას დაიბერტყავს ხელზე)

ანი. (მაგიდასთან შეჩერდება) მომეცი, გაგიხვევ!

გიო. დაჯექი, ანი!

ანი. (ჩამოჯდება) გახსოვს, ჩემი გულისთვის მეთევზეებთან ჩხუბი რომ მოგივიდა და ხელი მოგტყდა, მაშინ ვისწავლე, შენ გიჭირდა ცალი ხელით გახვევა!

გიო. (ჩაახველებს) მახსოვს!

ანი. დღეს შენ მემკვიდრე ხდები და ჩვენი მომავალი პატრონი!

გიო. ვიცი.

ანი. პატრონმა ჩემთან პირველი ღამის უფლება შენ მოგცა!

გიო. ეგეც ვიცი.

ანი. შენთვის მინახავდა თურმე ამდენ ხანს!

გიო. (პაუზის შემდეგ) თმები შეგიჭრია, ანი!

ანი. ჰო, ცხელა! თუ არ მოგწონს, ისევ გავიზრდი!

გიო. არა, ასეც კარგია! (მთელ მათ საუბარს თან სდევს მათი სიყვარულის მუსიკალური თემა)

ანი. (აწვდის წეკოს) სწრაფად მეზრდება!

გიო. (გააბოლებს) გმადლობთ!

ანი. მომისმინე, ჩვენ მაინც ბევრი რამ გვაკავშირებს!

გიო. (დაძაბულად) რად მეუბნები მაგას!

ანი. იმედია, მე გამხდი მთავარ ბაზიერ ქალად. მერი დაბერდა და გამოშტერდა! შენი მხარდაჭერა მჭირდება! გიო, მერი ძალიან მავიწროვებს!

გიო. (პაუზის შემდეგ) კარგი, მე ვიფიქრებ ამაზე, სხვათა შორის, სად არის შენი შინდისფერი კაბა? მახსოვს, ერთ დილას შენმა სიცილმა გამაღვიძა, თვალი გავახილე და შენ დაგინახე იმ შინდისფერ კაბში, ყურებზე ბლის კუნწულები გეკეთა საყურეებად... ძალიან კარგი იყავი!

ანი. ახლა არ ვარ კარგი?

გიო. შენ ახლა ძალიან ავად ხარ, ანი, მაგრამ მე მჯერა, მალე გაგივლის ეგ დაწყევლილი...

ანი. (განცვიფრებით) სულაც არა, მშვენივრად ვგრძნობ თავს. რატომ მითხარი, ავად ხარო!

გიო. ალბათ, მომეჩვენა!

ანი. შენს ოთახში დავაგო ლოგინი?

გიო. ამაზე მერე ვილაპარაკოთ!

(ანი გადის, შემორბის მერი)

მერი. ყველაფერი მზად არის, გიო! ახლავე გაგპარსავ და გაგალამაზებ! ტანისამოსი საკუთარი ხელით გაგიუთოვე, არავის ვანდე! მობრძანდი, ზეიმი უკვე იწყება!

 

 სურათი მეშვიდე

ბუნგალო სავსეა ბაზიერებით. პატრონი შემაღლებულზე შემდგარა, უკან მერი, მელოტი, ანი და პირველი ბაზიერი დგანან. ბაზიერთა რაზმი სულგანაბული უსმენს პირველ ბაზიერს

 

I ბაზიერი. ბაზიერნო, ამაყო ტომო, ვინ გაგწმინდათ, ვინ შეგილოცათ პირველმა?! ვინ მოვიდა, ვინ აგიხვიათ თვალები კანაფით, ვინ გაშიმშილათ და შიმშილის შემდეგ ვინ დაგაპურათ უმი ხორცითა და შავი ღვინით?! ვინ ჩაგჩურჩულებდათ უზენაეს აზრებს, ვინ გაგწვრთნათ და გიჩვენათ ერთადერთი სწორი გზა?! ვინ აგიხილათ თვალები ცხოვრების მკაცრ, ჟანგიან ფერებზე, ვინ შთაგინერგათ არსებობის წარუშლელი ჟინი, ვინ გაგხადათ მონადირენი?! და რომელი ზეკაცის დაბადების დღეს ვზეიმობთ გაზაფხულის ამ საღამოს?!

ბაზიერთა რაზმი. პატრონის!!! პატრონის!

(პატრონი ხელს მაღლა სწევს)

პატრონი. ბაზიერნო! ამას დიდი მადლიერების გრძნობით ვისმენ.

ჩემი შეგნებული ცხოვრება, მთელი ჩემი ენერგია და სულისკვეთება მე მოვახმარე გზას აცდენილი ყმაწვილებისა და მიმინოების მოშინაურება-მოთვინიერების საქმეს. თვალს რომ გადავავლებ გაფრენილი წლების ქარიშხლიან დღეებს, კანონიერი სიამაყე მეუფლება, არც ერთი წუთით, არც ერთი წამით არ შევყოყმანებულვარ არჩეული გზის სისწორეში.

დადგა დრო დიდი ცვლილებებისა, კაცობრიობა უნდა გათავისუფლდეს მოგონილი და უაზრო ტვირთად ქცეული გრძნობებისაგან. ამიტომაც გამოვღლიტეთ იმ მატყუარა ლიბრგადაფარებული ხილვების სამყაროს...

თქვენ მე ზეკაცს მიწოდებთ! ეს არ არის სწორი. მე ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ ჩვენი დიადი საქმისა.

(საპროტესტო ღრიანცელი)

ბაზიერნო, გულწრფელად გეტყვით, ცხოვრებამ უხვად დამაჯილდოვა, არაფერი მაქვს საწუწუნო, მხოლოდ ერთი რამ მიკოდავს გულს; წლები გარბიან. ორმოცდამეათე შემოდგომას ვეზიარე, ხოლო მემკვიდრე შვილი, ძე არა მყავს.

მე ვერ დავტოვებ ჩვენს საქმეს ობლად, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. დამასაფლავეთ ტრიალ მინდორში. არ არის საჭირო ქანდაკებები, ერთი ლოდი დაადეთ საფლავს და თან ჩამაყოლეთ ჩემი ერთგული, ოქროსთვალება მიმინო მეწამულა!

მერი. (დაუჩოქებს პატრონს) უბრძანე, თუ ცოცხალი ვიქენ, მეც მომკლან და საფლავში ჩამატნონ შენთან და მეწამულასთან ერთად.

I ბაზიერი. (წინ წამოვარდება) მეც, მეც!

პატრონი. (ჩაფიქრდება) კარგი, მერიც ჩამატანეთ!

(მერი ხელზე კოცნის პატრონს, შეშინებული ბაზიერი სასწრაფოდ მიიმალება)

პატრონი. (ღიმილით) ახლა ყველა თუ დავიხოცეთ, ვინღა გააგრძელებს ჩვენს საქმეს? გვეყოფა სევდა, სიკვდილი შორსაა. დღეს ჩემი დაბადების დღეა, ვიმხიარულოთ. გაიღიმეთ.

(ბაზიერები უაზროდ იღიმებიან)

დღეს მინდა გაგანდოთ ის დიდი საიდუმლო, მე და მერიმ წლების განმავლობაში რომ ვინახეთ და თქვენც კი არ გაგიმხილეთ. ეს იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ცდა. ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში ჩვენს რაზმში სამოცამდე ბავშვი დაიბადა. არც ერთმა თქვენგანმა არ იცოდა რომელი რომლის შვილი იყო. ბავშვები ქრებოდნენ. მერისა და ექვს ყრუ-მუნჯ ბაზიერ ქალს სადღაც მიჰყავდათ ისინი და საიდუმლოდ მალავდნენ. ბავშვები ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. ჩემი უკანასკნელი ცდაც ის იყო, რომ აქ გაჩენილ ბავშვებს აღარ დასჭირებოდათ გამოლოცვის მძიმე დღეები და მიმინოს მოთვინიერებისებური ხერხები, მათ ჩემი მოსაზრებით, სისხლით უნდა გადაცემოდათ მშობლებისაგნ ის თვისებები, რაც მე ჩაგინერგეთ, ბაზიერნო!

ისინი მოგვევლინებიან პირველ სრულყოფილ თაობად, რომელიც დაუდებს სათავეს თავისუფალი კაცობრიობის ბედნიერ მომავალს. დღეს ამ სამოცი ბავშვიდან ათი თექვსმეტი წლის ხდება. ბოლო წელიწადს მათზე მზრუნველობა და აღზრდა დაევალა თქვენს მეგობარს გიოს და იგი ჩემგან ამ საიდუმლოს ეზიარა!

დღეს ათი გოგო-ბიჭი მინდორზე გავა, ისინი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს, ნდობით აღჭურვილი ბაზიერები თვალყურს ადევნებენ მათ და ბოლოს უნდა მოგახსენოთ მთავარი სათქმელი, დღეს არჩეული უნდა იყოს ჩემი მემკვიდრე, ჩემი შვილობილი!

მე ჩემს ძედ და მემკვიდრედ ვრაცხ ჩვენს რიგებში ყველაზე უფრო გვიან შემოსულ წევრს გიოს!

(და უცებ თითქოს რაღაცამ იფეთქაო, გაისმის სულის ამაფორიაქებელი ბაგუნი, მგრგვინავი მუსიკის ჰანგებს თან ერთვის ზარების მძლავრი რეკვის ხმა.

შემაღლებაზე გამოჩნდება გიო. ბაზიერები მწკრივდებიან და ორი მხრიდან მიემართებიან მისკენ. გიო ოდნავ ზიზღიანი გამომეტყველებით, ორივე ხელს უწვდის საამბოროდ მოწიწებისაგნ წელში მოხრილ, რიგში ჩამდგარ ქალებს და კაცებს.

ბაზიერები იწყებენ რიტუალურ ცეკვას, სადღესასწაულოდ მორთულ გიოს შუაში ჩაიყენებენ და აღტკინებული შეძახილებით, დანაგაშიშვლებულები როკავენ მის გარშემო. გიოც იშიშვლებს სატევარს და მათთან ერთად იწყებს ცეკვას წრეში. პატრონი ბედნიერი ღიმილით შესცქერის ამ სურათს. ბაზიერნი ველური შეძახილებით ტოკავენ ადგილზე)

პატრონი. გამოაგორეთ ღვინის კასრები. გაშალეთ სუფრა, დღეს ჩაპურების დღეა. იმხიარულეთ.

(ბაზიერი ქალები და კაცები სასწრაფოდ შლიან სუფრას. მოაგორებენ მუხის კასრებს. მხიარული შეძახილებით დარბიან წინ და უკან. ისმის ლანძღვა-გინება, სიცილი. გრძელ სუფრას შემოუხსდებიან. იწყება ღრეობა).

ანი. (მერის) ჩემთან პირველი ღამის უფლება გიოს აქვს!

მერი. ვიცი, გილოცავ!

I ბაზიერი. (მელოტს) მელოტო, მოდი, შერიგებისა დავლიოთ!

მელოტი. დავლიოთ, ოღონდ, გიო აღარ გააბრაზო!

(ანის პირველი ბაზიერი მიუჯდება გვერდით და რაღაცაზე უწყებს ჩუმად საუბარს. ანი გულგრილად უსმენს, ქაღალდის ჩიტებს აკეთებს და მაღლა ისვრის. პირველი ბაზიერი გაღიზიანებით შეჰყურებს მას).

I ბაზიერი. როგორ მოგეწონა ჩემი დღევანდელი გამოსვლა?

ანი. კარგი იყო!

I ბაზიერი. (მოშლილი) დაანებე მაგ ჩიტებს თავი და მე მისმინე!

(ყურში ჩასჩურჩულებს რაღაცას)

ანი. (მოუტრიალდება) განა არ იცი, ბაზიერო, გიოს რომ მისცა პირველი ღამის უფლება პატრონმა?! წერას აუტანიხარ, უბედურო!

I ბაზიერი. მაპატიე, ნუ გამამხელ!

ანი. (იცინის) ამ ერთხელ მიპატიებია!

(პირველი ბაზიერი შვებით ამოისუნთქავს და იქაურობას გაეცლება)

პატრონი. ახლა ჩვენს უფლისწულს მოვუსმინოთ!

(გიო ფეხზე დგება, მაგრამ ამ დროს ყველას ყურადღებას დარბაზში შემოვარდნილი ყრუ-მუნჯი ბაზიერი ქალი მიიპყრობს. ყრუ-მუნჯი მერის მიეჭრება და თითების მოძრაობით უხსნის რაღაცას).

მერი. (თვითონაც თითებით ეკითხება ქალს, შემდეგ პატრონს მოუტრიალდება) უცნაურ ამბებს ჰყვება ეს ყრუ-მუნჯი, პატრონო... ის ათი ბავშვი, მინდორზე რომ გაიყვანეს...

პატრონი. თქვი, ნუ დამილიე სული!

მერი. მე არაფერი ვიცი, ბოლო წელი გიო ზრდიდა მათ!

                                                   ფინალი

 

გიო. მე გეტყვი, პატრონო! შენ მიერ მოწამლული ლეკვები ერთ წელიწადში ადამიანებად ვაქციე. ყოველღამ ვახვედრებდი ტყეში, ვამეგობრებდი და ვაყვარებდი ერთმანეთს!

პატრონი. (ზარდაცემული) გიო!

გიო. ერთი სიბნელეს ჩააკვირდი, პატრონო! მოკლული ბაზიერის აჩრდილი ხომ არ გიპაჭუნებს თვალს?! ის მართალი იყო, შავთვალა მიმინოს კლავენ! შენც დროზე უნდა მოგეკალი!

I ბაზიერი. (დანას იძრობს) არც ახლაა გვიან!

გიო. გვიან არის, ბაზიერო, გვიან!

პატრონი. (მკლავებს შლის და ბარბაცით მიდის მისკენ) გიო!

გიო. ბაზიერნო! თქვენ, ვინც დაივიწყეთ და ფეხქვეშ გაითელეთ ყველაზე წმინდა, სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, თავგანწირვა, ვინც გაივერანეთ საკუთარი სულის მინდვრები, მძულხართ და მეცოდებით! არ გაპატიებთ საყვარელი გოგონას სულის დასახიჩრებას, არ გაპატიებთ იონას თვითმკვლელობას და არც თქვენს მოკლულ კაცობას ვაპტიებ მას, ვისაც თქვენ პატრონს უწოდებთ! მე თქვენთან დავრჩი, რათა შური მეძია და მე ვიძიე შური! შავთვალა არ თვინიერდება, ბაზიერნო!

თუ გაიგონე, პატრონო, შორი აფეთქების ხმა?! ეს შენი იარაღის საწყობი აფეთქდა! სუნი თუ გცემს კვამლის? ეს შენი მიმინოების დარბაზი იწვის! ყვირილი თუ გესმის ბებერი მეწამულასი?! ყველა მიმინოს თოკი გადაჭრილია. გესმის მათი ფრთების შხუილი? არ გიკვირს, რა უეცრად დაბნელდა ამ გამთენიისას. შენი მიმინოების ჯარმა დაფარა მზე! ცნობ მეწამულას ფრთების სიმღერას?! შენი საპანაშვიდო ზარია, პატრონო! დღეს მე მომკლავენ, მაგრამ გლოვის ზარი შენზე რეკავს, შენზე, უდღეურო ტირანო! ჩემმა გამოზრდილმა ბავშვებმა გააკეთეს ეს, იმ ბავშვებმა, შენ რომ მანდე და ჩამაბრე!

ბაზიერებო, ბაზიერებო, მე თქვენ მძულხართ, მიყვარხართ და მეცოდებით!

პატრონი. (წინ გამოვარდება) არ მომიკლათ შვილი! არ მოკლათ! არ მოკლათ ჩემი შვილი!

(ბაზიერები დანებს იშიშვლებენ)

I ბაზიერი. აქედან მოაშორეთ ეგ ბებერი მძორი!

პატრონი. (ბოდვასავით) ჩემი შვილი! ჩემი შვილი!

(კრუნჩხვაქცეულ პატრონს მკლავებს უტრიალებენ)

გიო. ანი, ანი, მოდი ჩემთან!

(ხელს იწვდის მისკენ, მაგრამ ადგილიდან მოსხლეტილი ბაზიერი დანას ურტყამს ფერდში. ბაზიერი გოგო-ბიჭები ორი მხრიდან მიემართებიან გიოსკენ და სათითაოდ ურტყამენ დანას. დაჩეხილი გიო ადგილზე ქანაობს, მაგრამ არ ეცემა)

გიო. მე თქვენ მიყვარხართ და მეცოდებით!

(ბოლოს ანი რჩება მარტო. ის ნელი ნაბიჯით მიდის გიოსკენ და უკანასკნელ, სასიკვდილო დარტყმას აყენებს ბიჭს) ანი!

(შემდეგ თვალები ეხუჭება, საყვარელი გოგონას მხრებზე ჩამოცურდება და ძირს ეცემა. ანი მოტრიალდება და რაღაც სომნამბულურ ცეკვას იწყებს. ბაზიერები უკან-უკან იხევენ და ბოლოს მხოლოდ გიოს გვამთან ჩაჩოქილი პატრონი და მერი, იქვე მდგარი მელოტი და მოცეკვავე ანი რჩებიან)

პატრონი. გიო, გიო!

გიო. (თვალს ახელს) ანი.. ანი სად არის!

მელოტი. ანი ცეკვავს!

გიო. ცეკვავს? რა ალერსიანი ყოფილა.

მერი. ვინ, გიო?

გიო. რა ალერსიანი ყოფილა სიკვდილი!

(თავი გადაუვარდება)

პატრონი. (ბღავის) გიო!

მელოტი. (თვალს უხუჭავს გიოს) დაანებე თავი, გიო მოკვდა.

პატრონი. (ზედ დაემხობა, შემდეგ თავს მაღლა სწევს) მარტო მე და შენ დავრჩით, მერი, აღარც იონაა, აღარც გიო! ეჰ, დროზე უნდა მომეკლა გიო! დროზე უნდა მომეკლა, სანამ შევიყვარებდი!

მერი. სანამ შეიყვარებდი?

პატრონი. ჰო, სანამ შევიყვარებდი!

მერი. (ჩაფიქრებით) შენ მთელი ცხოვრება მატყუებდი!

პატრონი. შავთვალა გოგო-ბიჭები დარბიან მინდორზე. თითოეულში გიოს სულის ნაწილია, მერი! ჩვენ დავმარცხდით!

მერი. შენ მთელი ცხოვრება მატყუებდი!

პატრონი. (დიდხანს უყურებს მერის, შემდეგ დანას უწვდის). გამომართვი და აქვე გამათავე!

(მერი დანას იღებს და შემართავს)

მელოტი. (რბილად ჩამოართმევს დანას) რაღა აზრი აქვს, წავიდეთ, მერი!

(ფაქიზად წამოაყენებს და მიჰყავს)

პატრონი. მე შენ მინდორზე წაგიყვან, შვილო, შენ შავთვალა გოგო-ბიჭებთან!

(ხელში აიტაცებს გიოს და ნელი ნაბიჯით მიდის)

ანი. (წამით წყვეტს ცეკვას, პატრონთან მიდის და თავგადაგდებულ გიოს თმაზე გადაუსვამს ხელს) რა უხეში ქოჩორი გაქვს, გიო!

(პატრონი გადის. ანი ცეკვას განაგრძობს, მაგრამ უეცრად საიდანღაც შემოიჭრება მიმინოების ფრთების შხუილის ხმა, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდება და თანდათან ფარავს ყველას და ყველაფერს!)

 

                                            დასასრული

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / ათვინიერებენ მიმინოს