ჰიუ ოდენი უისტან

თაბლე თალკ 

 

თარგმანი ინგლისურიდან – მიხო ხარაძე

ჩაიწერა ალან ანსენმა

8 იანვარი, 1947 წ.

 

ოდენი შელი ერთადერთი ინგლისელი პოეტია, რომელიც მართლა არ მიყვარს. შესანიშნავი რიტმით ხასიათდება, მაგრამ აუტანელი დიქცია აქვს, პირდაპირ კოშმარული. ბრაუნინგი არაა ჩემი პოეტი, მაგრამ მისი ლექსები სიამოვნებას მაინც მანიჭებს. საშინელი ლირიკა აქვს, მაგრამ გრძელ პოემებს არა უშავს. “ეპისკოპოს ბლუგრამის აპოლოგია” უდიდესი ნაწარმოებია. ბრაუნინგი საშუალოზე ცოტათი დაბალი დონის პოეტია. დრამის “ბეჭედი და წიგნი” საფუძველში მითი არ დევს და საერთოდაც, დოსტოევსკი გაცილებით უკეთ დაწერდა ყველაფერ ამას. კითხულობ ბრაუნინგს და ტკბები პროსოდიით, იგი შესანიშნავია, მაგრამ რაღაც მაინც აკლია.

ბლეიკის დიდი პოემებიც მოიკოჭლებენ, მთელი თავისი ფანტასტიკური შიგთავსით. ვორდსვორთს არა უშავს. მომწონს მისი დიდი ნაწარმოებები. “პრელუდია” შესანიშნავია. მეც იგივე მხარეები მიტაცებს, რაც ვორდსვორთს, უბრალოდ მას სხვა ადგილები მოსწონს. ჩემი პეიზაჟები განსხვავდება ვორდსვორთისგან. ეს პეიზაჟები – მე მგონი, ამის შესახებ ჯერ არასდროს მითქვამს – პირველად წიგნებიდან ავიღე.

სინამდვილეში ინგლისური პოეზიისადმი სიყვარული ალექსანდრ პოუპით იზომება. იგი ღრმა აზროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ შესანიშნავი, უმშვენიერესი ენა აქვს. “კულულის მოტაცება” ინგლისურ ენაზე დაწერილი იდეალური ლექსია.

სხვათა შორის, ვინ თარგმნიდა ყველაზე კარგად კატულუსს? მე მგონი, კამინგსი. ანსენი. ვითომ რილკე ვერ გაართმევდა თავს?

ოდენი. რილკე ზედმეტად schongeistik-აა. იგი ვერასდროს თარგმნიდა “Paedicabo ego vos et irrumabo”.

ანსენი. იგი მხოლოდ “Odi et amo”-ს თარგმნიდა კარგად.

ოდენი. დიახ, თუმცა პაუნდს რომ არ გაეფრინა, მარციალს კარგად თარგმნიდა. მისი კატულუსი კი რაღაც ბანჯგვლიან ტორსს დაემსგავსა.

ვერდი და მოცარტი საუკეთესო კომპოზიტორები არიან. ორივეს ხუთიანს დავუწერდი პლუსით. ბახი, ბეთჰოვენი და ჰაიდნიც ხუთიანზე ქაჩავენ. ვერდის საუკეთესო ქმნილება – “რექვიემია”. მე მგონი, მოცარტის რექვიემსაც სჯობია. ამბობენ, რომ “რექვიემი” სიკვდილზე მოგვითხრობს, მაგრამ იგი ხომ ცოცხალ ადამიანთა სმენისთვისაა განკუთვნილი. როგორც სიმფონისტი, ჰაიდნი მოცარტზე ძლიერია. მოცარტთან საუკეთესო ოპერები და კონცერტებია. მე მაქვს “ფიგარო”, “დონ ჟუანი”, “ჯადოსნური ფლეიტა” და “კოზი”. “კოზი” სრული საოცრებაა.

უკანასკნელი ხუთი წელი ვერდის აღმოჩენას მოვუნდი. მისი სამი უკანასკნელი ოპერის გარდა “ბალ-მასკარადიც” ძალიან მიყვარს. “ტრავიატა” სოციალური იდეების მიღმა დამალული დიდი ნაწარმოებია. “პარსიფალის” მეორე აქტი შესანიშნავია, მეყვავილეს სცენის გამოკლებით. არ მიყვარს “ნიურნბერგელი მაისტერზინგერების” სიუჟეტი – ხელოვნებისა და სხვა რაღაცების ქადაგების გამო. თავიდან ბოლომდე მხოლოდ “ვალკირია”, “ღმერთების დაღუპვა” და “ტრისტან და იზოლდა” მიყვარს. საერთოდ, “ნიბელუნგების” ციკლშიც “ვალკირიასა” და “ღმერთების დაღუპვას” ვამჯობინებ... შესანიშნავია შუბზე ფიცის დადების სცენა, ასევე ბრუნჰილდასა და ვალტრატის დუეტი. საინტერესო რამეა, სოპრანო მაღლა-მაღლა რომ მიიწევს: “Das ist kein Mann”. “პარსიფალში” მხოლოდ ერთი რამ არ მომწონს – ქალწულობაზე აქცენტი. გარშემო ყველამ რომ უბიწოების აღთქმა დადოს, ერთადერთი დაოჯახებული მოკვეთილი როდი აღმოჩნდება საზოგადოებიდან. მთელი ეს სპექტაკლი “პარსიფალში”, თავისი დიდი პარასკევით, უბრალოდ საშინელებაა. ნამდვილად არა ვარ ხელოვნებაში ეკლესიის წინააღმდეგი (იტალიურ ოპერებში ზარებს ისე არისხებენ, სამყაროს დასასრული გეგონება), მაგრამ “პარსიფალში” ყველაფერი ძალიან სერიოზულია. აპლოდისმენტების აკრძალვა და ა. შ. ძალიან ცუდი რამეა. საინტერესოა, თავდაპირველი ჩანაფიქრით “ტრისტანი” რაღაც უბრალო და ყველასთვის მისაწვდომი ნაწარმოები უნდა ყოფილიყო.

იცით, საერთოდ, “ტრისტანი” მე მგონი, უნდა შეასრულოს ორმა ლესბოსელმა, რომელთაც სამყარო ვერ გაუყვიათ. იზოლდა – ინგლისელი პრანჭია ქალბატონი იქნება, ტრისტანი კი სპორტული აღნაგობის აქტიური გოგონა.

საოპერო “დონ-ჟუანი” ჰომოსექსუალისტი მამაკაცის ტიპია. შეუძლებელია ტრისტანისა და დონ-ჟუანის წარმოდგენა ჰეტეროსექსუალურ სიყვარულში.

კარგი იქნებოდა, კირკეგორი “ტრისტანს” რომ მოსწრებოდა. შესაძლოა, არც მოსწონებოდა, მაგრამ შთაბეჭდილებას ნამდვილად მოახდენდა. ამის შემდეგ რაღაც ძალზე საინტერესოსაც დაწერდა.

სი-მინორულ მესაში არის რაღაც არამიწიერი, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენიცაა. ბახთან თავიდან ბოლომდე მხოლოდ “მათეს ვნებანი” მომწონს. ბახზე გავიზარდე, მთელი ბავშვობის განმავლობაში მისი მუსიკა მესმოდა. უკვე მაშინ მივხვდი, რომ “ჩაკონა” მოსაწყენი რამეა. უკეთესია, ბახს თავად უკრავდე, ვიდრე უსმენდე. 48 პრელუდია და ფუგა, მაგალითად.

მე მგონი, ბეთჰოვენის “სადღესასწაულო მესა” გენიალური ქმნილებაა. მიუხედავად იმ მონაკვეთისა, “აღდგომას” რომ მოსდევს. ერთხელ, თავისი კარიერის დასასრულს, ვაგნერმა თქვა: “ძალიან მიყვარს როსინი, მაგრამ გთხოვთ, ნუ ეტყვით ამას ჩემს თაყვანისმცემლებს”-ო.

ანსენი. მე “კარმენით” დავიწყე. შემდეგ კი უკვე გერმანელებზე გადავედი.

ოდენი. “კარმენი” უდიდესი ნაწარმოებია. უბრალოდ შეყვარებული ვარ ლისტში, ჰოფმანსტალი კი ერთადერთი ლიბრეტისტია, რომლის ლიბრეტოსაც უბრალოდ წაიკითხავ, მუსიკის გარეშე. მარშალინის მონოლოგი, მაგალითად.

საინტერესოა, როგორ განიცდიან ხოლმე ამერიკელი კრიტიკოსები, როცა აღმოჩნდება, რომ რომელიმე ბრწყინვალე მწერალი საშინელი ადამიანია. იგივე დაემართა კურციო მალაპარტეს და მის რომანს “კაპუტ”. აქაოდა, თუ ფაშისტი არ იყო, საიდან მოიტანა მასალა თავისი რომანისთვისო?

სემუელ ჯონსონს შტატებში არ სწყალობენ. არადა, ჯონსონი სინამდვილეში დიდი რომანტიკოსი და მელანქოლიკი იყო და მის კალამს რამდენიმე შესანიშნავი ნაწარმოები ეკუთვნის. რაც შეეხება ბენ ჯონსონს, მასთან განსაკუთრებით მომწონს “ალქიმიკოსი” და “ბართლომეს ბაზრობა”. “ვილპინე, ანუ მელა” ნაკლებად მომწონს. ახლა მე ნიღბებში ვარ გადავარდნილი.

15 იანვარი, 1947 წ.

 

ოდენი. რენდალ ჯარელს უნდა, რომის პაპს აჯობოს. ფაქტობრივ დონეზეც კი ცდება! კარგია, ასე მოხერხებულად რომ გამოიჭირეთ “არჩევანის მომენტზე”. იგი ხომ არსებითად, ძალიან კარგი ადამიანია, ამიტომაც მისი შეცდომები ასეთი გამაღიზიანებელია. თქვენ სწორად გაიგეთ ლექსი “მითხარი სიმართლე სიყვარულზე”. ჩემთვის ეს ლექსი ძალზე მნიშვნელოვანია, ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობისას დავწერე, 1938 წელს, ჩინეთში რომ მივდიოდი. კრისტოფერი მაშინვე მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი ლექსი დავწერე. საინტერესოა, როგორი წინასწარმეტყველური შეიძლება აღმოჩნდეს ესა თუ ის ნაწარმოები. ეს ლექსი მცირე ხნით ადრე დავწერე, მანამ, სანამ შევხვდებოდი ადამიანს, ვინც მთელ ჩემს სამყაროს ყირაზე დააყენებდა.

იგივე დაემართა ჩემს სხვა ლექსებსაც, როცა ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში ვსაუბრობდი არამხოლოდ ჰიტლერზე, მუსოლინიზე და რუზველტზე, არამედ ჩერჩილზეც. არადა, მაშინ იგი მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა პოლიტიკურ არენაზე, თუმცა უკვე გაემარჯვებინა დამატებით არჩევნებში.

სინამდვილეში მე სანგვინიკი ვარ. ყოველთვის ვტკბებოდი ცხოვრებით. შესაძლოა საშინელ ტკივილს განიცდიდე, სიმწრისგან ღრიალებდე, მაგრამ არსებითად მაინც გაგიმართლა, რადგანაც ჯერ კიდევ შეგიძლია ღრიალი.

საკმარისი ფული რომ მქონოდა, ამერიკაში არ ვიცხოვრებდი. აქ საშინელი კლიმატია. სადღაც სამხრეთ ევროპაში დავსახლდებოდი. ადრე ძალიან მომწონდა ბალკანები, კარპატები, რომელიმე ციხე-სიმაგრე ტრანსილვანიაში. ბევრს ვიმოგზაურებდი. არა, საბერძნეთში ძალიან სახიფათოა ცხოვრება და თანაც ცხელა. სიამოვნებით გავლევდი ჩემს უკანასკნელ დღეებს ჰამერფესტში... მაგრამ მე ხომ არასდროს მყოფნის ამისთვის ფული. რას არ ვასწავლიდი: არითმეტიკას (სახელმძღვანელოების წერაც დავაპირე), ხატვას, ფრანგულ ენას, ლათინურს, ისტორიას. სამსახურში რომ დაწინაურდე, სკოლის დირექტორის ცოლს უნდა ეარშიყო, გოლფი უნდა ეთამაშო ხოლმე, თან სულ უნდა აგებდე და ა.შ. ერთი სიტყვით, სკოლის მასხარად უნდა იქცე. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლობა ძალიან ბევრს მოითხოვს ადამიანისგან, მაინც ვნანობ, რომ მივატოვე საშუალო სკოლა, თორმეტი წლის ბიჭუნები ხომ ყველაზე საინტერესო თანამოსაუბრეები არიან. ეს გამჭრიახი ყმაწვილები შეიძლება ხუთი წუთით გაიტაცო, მაგრამ ცოტა ხანში საერთოდ დაავიწყდებათ, რაზე ესაუბრებოდი.

ჩვენს დროში მშობლებმა ან ფიზიკა უნდა ასწავლონ შვილებს, ან საბალეტო ხელოვნება. სხვაგვარად ფულს ვერ იშოვი. მეცნიერები აბსოლუტურად უპრინციპოები გახდნენ, მაგარ მაყუთსაც ღუნავენ, ერთ მხარეზეც მუშაობენ და მეორეზეც. პოეტობა ძალიან სახიფათოა. მუსიკოსებსაც უჭირთ.

პოეზიის დიდი პროფესორები მეტიუ არნოლდი და ვ.პ.კერი იყვნენ. დე სელინკური კარგი მკვლევარი იყო. ყოველთვის პატივს ვცემდი მეცნიერებს. მათ ხომ ამდენი რამე იციან თავიანთ სფეროში. ზოგჯერ, როცა მართალი ვარ და სხვა ცდება, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ ხოლმე, რათა სიმართლე დავასაბუთო. ცუდია, რომ მათ ელიოტს არ მისცეს ნობელი, მართლაც რომ საერთაშორისო რეპუტაციის ადამიანს. ვგიჟდები, როგორ მისცეს პრემია იმ ვიღაც პერლ ბაკს. არ ვიცი. სინკლერ ლუისი რაღაცას მაინც წარმოადგენს. შესაძლოა არ იყო პრემიის ღირსი, მაგრამ ხომ დაწერა “ბებიტი”, “დოდსვორდი”, “ეროუსმიტი”. პერლ ბაკმა კი...

ელიოტი აცნობიერებდა სხეულის მანიქეველური გმობის საშიშროებას. მაგრამ პოეზია ხომ ჩვენი გრძნობების პროდუქტია. არსებობს შესანიშნავი ანეკდოტი ელიოტის შესახებ. ერთმა ქალბატონმა, რომელიც მის გვერდით იჯდა მაგიდასთან, ჰკითხა ელიოტს: “შესანიშნავი საღამოა, არა?” “დიახ, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ საშინელებას, რაც მის მიღმაა დაფარული” – უპასუხა ელიოტმა.

ამერიკაში ჩამოვედი, რადგან აქ უფრო ადვილია ფულის კეთება, საკუთარი ნიჭითა და უნარით ცხოვრება. ბენეტ ცერფი მიყვებოდა, ერთხელ, ოციან წლებში, როგორ წარადგინა სადილზე პლაზაში ერთი ევროპელი მწერალი. სადილამდე ცერფმა რაღაც აქცია იყიდა, სადილის შემდეგ გაყიდა, მეორე დღეს კი სამასი დოლარის ქვითარი გაუგზავნა იმ ევროპელ მწერალს. კარგია არა, როცა არ მუშაობ და ფული გაქვს. თუნდაც ის ადამიანი ავიღოთ, 1923 წელს სამასი დოლარით რომ დაიწყო საქმე და 10 მილიონი გააკეთა. შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი საქმე კრახით დამთავრდა, მაგამ 3 მილიონი მაინც დაიტოვა. სამი ყელში ამომივიდოდა. მაშინ ბევრს ეშინოდა, რომ კრიზისი დაიწყებოდა და ფულს იშოვიდნენ თუ არა, უცებ ამთავრებდნენ საქმეს. კაპიტალის ჩადების მექანიზმი უბრალოდ საოცრებაა. არანაირ ბალზაკს არ მოაფიქრდება ასეთი რამ. ახლა მეც კაპიტალისტი ვარ. სახლის გირავნობის სიგელი მაქვს სიკლიფში, ჩრდილოეთ სანაპიროზე.

მეცხრამეტე საუკუნეში, იბსენის გამოკლებით, დრამა არ არსებობდა. სამაგიეროდ, ოპერა ყვაოდა! ვერდი, დონიცეტი, ვაგნერი. ახლახან ვიყიდე “დონ პასკუალეს” ფირფიტა. საოცრებაა... ცუდია, რომ მას ძალზე იშვიათად დგამენ. შესაძლოა დონიცეტი იაფფასიან რაღაცეებს წერდა მასებისთვის, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. რა სჯობია “ლუჩიასა” და “დონ პასკუალეს”.

ორი იდეა-ფიქსი მაქვს: ადგილი დავიმკვიდრო ინგლისური პროსოდიის ისტორიაში და ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონში მოვხვდე, ანუ ახალი სიტყვების განსამარტავად ჩემი ციტატები მოჰყავდეთ. ჩემდა სამარცხვინოდ, ინვერსიებს ისე კარგად ვერ ვიყენებ, როგორც ეს ფლექსიურ ისლანდიურშია შესაძლებელი.

ოდესღაც კრისტოფერთან ერთად პიესა დავწერე და თავის დროზე არ გამოგვიქვეყნებია. მერე რა, რომ კრისტოფერი ახლა ჰოლივუდის მწერალია – სამაგიეროდ, მაგარი ბიჭია. მე უფრო მისი თამაშები მადარდებს ვედანტასთან. ამის თაობაზე მივწერე კიდეც, მაგრამ წერილში ყველაფერს ხომ არ იტყვი. ახლა ჩვენ დავშორდით ერთმანეთს და ისე განვსხვავდებით, როგორც სტოიკოსი და ეპიკურელი. კიდევ ერთი პიკანტური დეტალი – კრისტოფერი ახლა ოპოზიციაში ჩაუდგა ყველაფერ ინგლისურს.

მარტი, 1947 წ.

 

ოდენი. როგორც იცით, ყველაფერი “ფრანგული” მეზიზღება. ბოდლერი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა “L-esprit de Voltaire”-ზე ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ვოლტერმა და სხვებმა თავისი ისტორიული როლი ითამაშეს, მაგრამ ნახეთ, როგორი ვულგარულები არიან ისინი! საფრანგეთი სხვა ქვეყნებზე მეტად ჰგავს რომს. არა ვატიკანს, არამედ რომის იმპერიას. ბიზანტია კიდევ მესმის, მაგრამ რომი...

რატომ ვერ ვიტან ფრანგებს? იმიტომ, რომ ომის დროს იმალებოდნენ და დამთავრდა თუ არა ომი, გააფთრებულები შურისძიებას ითხოვდნენ. ინგლისში ხალხი შოკირებული იყო საფრანგეთის კაპიტულაციით. ისინიც, ვინც მათ ამართლებდა. რა თქმა უნდა, ფრანგებმა იმიტომ წააგეს ომი, რომ ძალიან სექსუალურები იყვნენ. გახსოვთ პარიზი ომის წინ? საშინელი სანახავი იყო! ამ ხალხს უბრალოდ სწყუროდა გერმანელები, ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიპყრობდნენ – არაფერია უფრო საზიზღარი, ვიდრე ფრანგული პეტიტ ბოურგეოის. შემდეგ კი გერმანელ ტყვეებს მონებივით ექცეოდნენ. ინგლისში ასეთ რაღაცეებზე პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ.

ეგზისტენციალისტები კაი თაღლითი ხალხი აღმოჩნდა... ინგლისში მათ ძალზე ცოტა მიმდევარი გამოუჩნდათ. საფრანგეთში კი ეგზისტენციალისტები ან დაბერდნენ, ანდა საერთოდ, მოკვდნენ. სულ ფეხებზე მკიდია ელუარი. კამიუ სარტრზე ათი თავით მაღლა დგას. საერთოდ, ინგლისში რეაქციონერები ისეთი გამძლეები ვერ არიან, როგორც საფრანგეთში. როცა გარდაქმნები დაიწყება, ცოტას გაიბრძოლებენ, მაგრამ შემდეგ მაინც შეეგუებიან სიტუაციას. საფრანგეთში კი გარდაქმნები დასასრულს ნიშნავს. მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ წარმოიდგინონ საკუთარი მომავალი და არც იუმორისტები ჰყავთ. საფრანგეთში არავინაა სმიტის ან შოუს მსგავსი. მაგალითად, ანატოლ ფრანსი ვერ გადავხარშე, რაბლეც ნაკლებ საინტერესოა. მათ არ ჰყავთ თავისი ნიცშე, რომელიც ხანდახან ძალიან სასაცილო იყო, – ერთადერთი სასაცილო მწერალი მთელ გერმანიაში. მონტენი ძალიან პირქუში ვინმეა, ჟიდიც. მონტენი არ მომწონს. საქმე იმაშია, რომ თქვენ საფრანგეთს ისევე უყურებთ, როგორც მე ირლანდიას – ანუ, ესაა ბუკოლიკური მომხიბვლელობის მქონე ქვეყანა.

ახლა ლექციებს ვკითხულობ ძიების მოტივის შესახებ ლიტერატურაში, მაგრამ არა ბარნარდში, არამედ კოლუმბიის უნივერსიტეტში. არგონავტებით ვიწყებ, შემდეგ მოდის ოდისევსი (პასუხისმგებლობის ძიება), “ენეიდა”. ხვალ გრაალის შესახებ ვკითხულობ. მალე დონ-კიხოტზე გადავალ. სტუდენტებს კი ძირითადად ფეხებზე კიდიათ ყველაფერი ეს.

კათოლიკებმა კარგად ვერ განავითარეს ქრისტიანობის ესთეტიკა. მათ არისტოტელეს მეტაფიზიკაც ვერ აითვისეს, წარმართობის ესთეტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა ხელოვნების ნაწარმოები მათ მაინც არ მიაჩნიათ არაქრისტიანულ ობიექტად. თომა აქვინელიც კი არისტოტელეს ესთეტიკას ეფუძნება. ზოგჯერ თავს ვეკითხები ხოლმე – იყო კი თომა ქრისტიანი? საოცარია, სიცოცხლის ბოლოს მთელი თავისი Summa-ს შესახებ უთქვამს: “სისულელეა ეს ყველაფერი”-ო. გახსოვთ, რა თქვა კირკეგორმა ჰეგელის შესახებ? “ჰეგელს რომ თავისი ნაშრომები თაღლითობად და ოინბაზობად მოენათლა, ყველაზე დიდი ადამიანი იქნებოდაო კაცობრიობის ისტორიაში”.

იცით, რაც დრო გადის, მგონია, რომ დანტეც არაა მთლად ქრისტიანი ავტორი. იგი სინამდვილეში უდიდესი პოეტია. საინტერესოა, როგორ უჭირს ადამიანს, როცა საგნებს ძალზე სერიოზულად აღიქვამს. მანამ, სანამ მორწმუნე გავხდებოდი, უფრო ადვილი იყო მიმეღო დანტეს თეოლოგია. ახლა კი ეჭვი მეპარება... იყო კი იგი საერთოდ ქრისტიანი? იგი ვერ აცნობიერებდა, რომ ღმერთი იტანჯება. დანტეს ჯოჯოხეთში ცოდვილებს გარეგანი ძალა სჯის და არა მათი ცოდვილობა, როგორც ქრისტიანული დოგმა გვეუბნება. სხვა მხრივ კი, არ ვიცი, როგორ გაიგებს არაქრისტიანი “დონ კიხოტის” საზრისს. თუკი ქრისტეს ორბუნებოვნება ნონსენსი გგონია, მაშინ დონ კიხოტისა და სანჩოს წყვილი შენთვის არაფერს ნიშნავს. საერთოდაც, ეჭვი მეპარება, საჭიროა თუ არა რელიგიური პოეზია. როცა რომანტიულ სასიყვარულო ლირიკას წერ, გესმის მისი უპასუხისმგებლობა, ხოლო როცა რელიგიურ ლექსებს თხზავ, არა ხარ დარწმუნებული ამაში, ამიტომაც, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მას. აუცილებელი არაა, მესამ ემოციურად შეგძრას. თეოლოგიური გრძნობა, როგორც ნებისმიერი სხვა გრძნობა, არაა დაკავშირებული რელიგიურ პასუხისმგებლობასთან. არა, მე არ ვფიქრობ, რომ რელიგიური ლექსების წერას აზრი არა აქვს. უბრალოდ, ამ ლექსების წერისას იმდენად დიდია დაძაბულობა, რომ საკუთარი თავის გიკვირს ხოლმე...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჰიუ ოდენი უისტან / თაბლე თალკ