ყოფითი კულტურა

 

საინტერესოა, როგორ ყოფით ტრადიციებს ფლობდნენ მე-10, მე-12 სს-ში როგორც აზნაურნი, ასევე წვრილი ერი, გლეხობა. ქართული საისტორიო წყაროები გვაძლევენ ცნობებს აზნაურთა სახლობისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ასეთ რეზიდენციას ცნობებში საჯდომი ეწოდებოდა. ამასთან ზოგ აზნაურს შეიძლებოდა ჰქონოდა რამდენიმე საჯდომი - ციხის საჯდომი (თუ აზნაური ციხის მფლობელი იყო) და ვაკის საჯდომი. საჯდომი სახლი სამეურნეო საცხოვრებელ ნაგებობათა კომპლექსი იყო. მასში გარდა საცხოვრებელი სახლისა შედიოდა ბეღელი, მარანი, ბოსელი, სამზარეულო, სამეხრეო სახლი და ფარეხი. ეს კომპლექსი გალავანშემოვლებული იყო. გალავანს დატანებული ჰქონდა ქვიტკირის ჭიშკარი. აზნაურის სახლ-კარში შედიოდა კარის ეკლესია და მონასტერიც. თუკი აზნაური მონასტრის მფლობელი იყო, იგი ამ შემთხვევაში ციხოსან-მონასტროსანი აზნაურთა ფენის წარმომადგენელი იყო. ისეთ აზნაურს კი, რომელსაც საკუთარი მონასტერი არ გააჩნდა, თავის კარ-მიდამოში გამოყოფილი ჰქონდა სპეციალური «სახლი საჯვარე», სადაც საოჯახო ხატები ინახებოდა და რომელიც სამლოცველოს ფუნქციას ატარებდა. ასე ცხოვრობდა მქონებელთა ფენა.

განვიხილოთ, როგორ ცხოვრობდნენ მოქალაქენი, ხელოსნები, თუ მეციხოვნე ჯარისკაცები. ისინი პირველყოვლისა ბინადრობდნენ ბანიან სახლებში. საკმაო სახნავ-სათესს თუ სახილ-ვენახე  მიწებს ფლობდნენ და ამუშავებდნენ (მოქალაქენიც კი). რიგიანად იკვებებოდნენ (არც ნაირ-ნაირ ხილეულს იკლებდნენ, არც პურეულსა და არც ღვინოს).

ჩაცმულობის შესახებ მონაცემებს ვხვდებით ფრესკულ და მინიატურულ ნახატებზე. ატარებდნენ სამკაულებს, ნაირფერად მინის, ბრინჯაოს სამაჯურებს, მძივთაგან შედგენილ ყელსაბამებს. ბრინჯაოს მარტივსა და ფარაკიან ბეჭდებს (ზოგიერთ ფარაკზე ამოკაწრულია სქემატური გამოსახულებები).

განსაკუთრებით საყურადღებოა თიხის ჭურჭლის მოხმარების სურათი: გარდა ჩვეულებრივი მოუჭიქავი სამეურნეო-სამზარეულო ჭურჭლისა, ეტყობა, ყველგან (სოფლებშიც) მოჭიქულს იყენებდნენ. გამოყენებულია მხატვრული ჯამები. ხოლო ისეთი უძვირფასესი კერამიკა, როგორიც ფაიანსია ნაქალაქარის გარდა, ზოგჯერ ვხვდებით ნასოფლარებშიც.

 

ხელოსნურ ნაწარმზე დიდი მოთხოვნილებაა (ჯამ-ჭურჭელი, სამკაული). თანდათან იხვეწებოდა დამზადების ტექნოლოგია, ზოგ შემთხვევაში იგი ხელოვნებამდეც კია აყვანილი. ასე, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზისას ოსტატის გამოცნობაც კი შეიძლება.საკმაოდ გავრცელებულია სამშენებლო კერამიკის ზოგი სახეობა (ყვავილოვანი კრამიტი). იგი სატაძრო მშენებლობის გარდა, სამეფო სასახლეთა მშენებლობაშიც გვხვდება. თითქმის ყველა ნაქალაქარში ძალიან ხშირად გვხვდება ქვევრები, დერგები, თონეები, მარცვლის შესანახი ორმოები, კევრები, ხელსაფქვავები, კოკები, დოქები, ხელადები, ჯამები. დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში. სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აღმოჩენილია ხელოვნურად მოწყობილ ბექობებზე არსებული საცხოვრისები, რომლებიც ძველისძველი კარ-მიდამოების ხალხური დაგეგმარების წესებითაა შესრულებული. ასეთ ხელოვნურად მოწყობილ ბორცვებზე, რომლებიც უფრო დას. საქართველოს ჭაობიან ადგილებში გვხვდება, განლაგებული იყო წრიული მოყვანილობის ხელოვნური წნული ფაცხა-ხურვილები, რომლებიც ზოგჯერ გვარის ან საძმო საკუთრებასაც შეადგენდა. საგვარულო სათემო დასახლების სისტემაში შეინიშნება უძველესი სოფლის ცენტრალური ნაწილის გამოყოფა, სადაც ქრისტიანული ხანიდან უკვე ადგილი აქვს გუმბათიანი ტაძრების მშენებლობას. დასახლებული პუნქტების, სოფლების სტრუქტურის სრული სურათის წარმოსადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარი შარაგზებისა და სოფლის შიგა სამიმოსვლო ქუჩების კლასიფიკაციის დადგენას. გვხვდება როგორც მაგისტრალური შარაგზები, ასევე სოფლის ქუჩები. მაღალთაღოვანი ქვითკირის და მორულ-ძელური კონსტრუქციის უძველესი ტიპიური ხის ხიდების დღემდე უხვად მოღწეული ნაშთები მრავალმხრივი შარაგზების არსებობაზე მეტყველებენ. ამ მხრივ ყურადღებას იზიდავს ბესლეთის (აფხაზეთი მე-11, მე-12 სს.), რკონის (აღმ. საქართველო მე-11 ს.), დონდალოს (აჭარა მე-12 ს.) თაღოვანი ქვის ხიდები, რომლებზეც გადიოდა მთავარი მაგისტრალური გზები. ეს სამი ხიდი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ მხრივაც იმსახურებს, რომ შესრულების ტექნიკითა და ფორმებით ფაქტიურად იდენტურია. ბესლეთის ხიდს ქართული ასომთავრული წარწერაც ამშვენებს. ცხადია, მთავარ გზებს განშტოებებიც ჰქონდა ქვეყნის სიღრმეში, სხვადასხვა მიმართულებით დასახლებულ ადგილებამდე მისასვლელად.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართული სოფლის კარ-მიდამოს დაგეგმვის ტიპები და წესები. «სახლ-კარი», «კარ-მიდამო» ეს უძველესი ქართული ტერმინები სახლსაც ნიშნავს და მის ირგვლივ არსებულ მიდამოსაც. ტიპიური კარ-მიდამოებად ჩამოყალიბების პირველი ეტაპი, რომელსაც თან გადაჰყვა საგვარეულო დასახლების გეგმარების ზოგიერთი უძველესი ტრადიცია, დღემდე შემორჩა მთის სოფლების კარ-მიდამოებს. კარ-მიდამოები დაყოფილია სხვადასხვა დანიშნულების ეზოებად:

1) სუფთა - დეკორატიული ანუ საცხოვრებელი ეზო (სამეგრელოში მას «შუა ეზოსაც» უწოდებენ).

2) წინა ეზო.

3) სამეურნეო-საწარმოო ეზო.

4) საბაღო-საბაღჩეები.

სუფთა-დეკორატიულ ანუ საცხოვრებელ ეზოს ყველაზე ცენტრალური ადგილი უკავია. მას ფარავს ბალახის მწვანე საფარველი, დიდტანიანი საჩრდილობელი ხეები. მთავარი ადგილი უკავია საცხოვრებელ სახლს. ეზოს ამშვენებს განმარტოებით მდგარი ისეთი მაღალი ხეები, რომლებიც ნაკლებ ჩრდილს იძლევიან, მეჩხერფოთლიანობის გამო, ასეთია თხმელა. ყოველ ხესთან მირგულია «მაღლარი» ჯიშის ვაზი ოჯალეში ან უფრო ხშირად იზაბელა.

სამეურნეო-საწარმოო ეზო შედგებოდა: ა) საქონლის სადგომად ანუ ქართა (საჩეხი). ბ) საბაღო ანუ საბაღნარო. ქართას, საჩეხს იგივე აგვრას (აფხაზურად) იცავენ ქარსაცავებით მცენარეული მჭიდრო საფარველით. მთელ ფერდობზე მოწყობილი იყო მიწისქვეშა ხელოვნური საწრეტები. სამეურნეო დანიშნულების ეზოს ეკუთვნის აგრეთვე ე.წ. «საბაღო» ანუ « საბაღნარო» ეზოც. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს იგი წარმოადგენს ხეხილის გასაშენებელ ადგილს (ეზოს). საერთოდ, ცნობილია, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე ხეხილის და ვენახის მოშენება საყვარელ სახალხო საქმედ იყო აღიარებული.

ძველ ტიპიურ კარ-მიდამოებში «წინა ეზო» («წინკარი») წაგრძელებული მოხაზულობისაა და აქვს ორი ჭიშკარი, ერთი თავშია, გზის პირზე, ხოლო მეორე ბოლოში - «სუფთა ეზოს» შესასვლელში.

ძველი ხალხური კარ-მიდამოების კომპლექსში შემავალი ეზოების დანიშნულება და განლაგების სისტემა თავისი ხუროთმოძღვრული ხასიათით არაფრით არ განსხვავდება აფხაზეთის, გურია-სამეგრელოსა და იმერეთის მთის რაიონებში დღემდე მოღწეული უძველესი ხალხური კარ-მიდამოების გეგმებისაგან.

 

 

 

 

               საკარმიდამო ღობეები.

 საცხოვრებელი ადგილის შეღობვა-შემოზღუდვა ცნობილია უძველესი დროიდან. ძველი დროიდან საქართველოში ცნობილია, რომ ბაღ-წალკოტების, ვენახებისა და სხვა დანიშნულების ადგილ-მამულების დაცვა-პატრონობის ერთ-ერთი საშუალება შემოღობვა იყო. დასავლეთ საქართველოს ღობეები (აფხაზური, მეგრული, გურული, იმერული) საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ყველაზე გავრცელებული უძველესი სახეა წაბლისა და მუხის სარებს შორის თხმელის წნულისაგან მეჩხრად მოწნული ღობეები. ღობის ეს ტიპი, როგორც ჩანს, ძალზე მარტივია, მაგრამ თავისუფალი ირიბულ-მეჩხრული მოღობვით შექმნილი რომბული და ტრაპეციული ღიადებისაგან წარმოქმნილი აბსტრაქტული ფორმის შუქ-ჩრდილებს ერთგვარი ხუროთმოძღვრული სილამაზე და სიხალისე შეაქვს მის პრიმიტივებში.

ჭიშკრები . ძველი კარ-მიდამოების გეგმის გადაწყვეტაში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ჭიშკრების მოწყობის ტრადიციას. ტერმინი «ჭიშკარი» გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მას ალაყაფს უწოდებენ. ჭიშკარი ორი სიტყვისაგანაა ნაწარმოები «ბჭე პლიუს კარი» უდრის «ბჭისკარი», რომლისგანაც შემდეგში ჭიშკარია წარმომდგარი. ბჭე და ბჭენი ძველ საქართველოში თავისთავად ნიშნავდა კარს და კარებს. საბას განმარტებით, «ბჭე ეს არის სახლთა და ტაძართა შესავალი, ხოლო კარი გასაღები და მისაგდებელი». («სიტყვის კონა»). დადასტურებულია, რომ ბჭე დიდ კარს ნიშნავს, შემდეგში რომ ალაყაფი ეწოდა.

დიდი ან რთული ჭიშკრები არის ორი სახის გადახურული და გადაუხურავი. ჭიშკრის სახურავებსა და ბოძებზე დღესაც გვხვდება ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულება. ოთხქანობიანი «დიდი ჭიშკრების» იდენტურ ძველ ტიპებს ვხვდებით ზემო სამეგრელოსა და საინგილოს სოფლებში.

გადახურული ჭიშკრის ტიპები გავრცელებული იყო აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აღმ. საქართველოში, განსაკუთრებით, საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე - საინგილოში.

ჭიშკრის ძველთაძველი ტიპი დაკავშირებულია გვერდზე არსებულ ბოსტანთან და სასიმიდესთან. ძველ ქართულ წყაროებში გვხვდება «შევქმენ ჭიშკარი ბოსელ-ქორედიანი», «დავდგი ჭიშკარი ზემოქუემო».

 

 

 

 

საცხოვრებელი სახლების ძველი ტიპები.

წნული სახლი, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, არის ფაცხა სახლი. ეს უძველესი სახელწოდება ცნობილი იყო თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში. ქოხ-ფაცხები უძველესი დროიდან გადაიქცა ღარიბი ხალხის საცხოვრებელ ბინად.  კოლხური ტიპის წნული სახლები გავრცელებული იყო აფხაზეთიდან ჰერეთის ჩათვლით.  არსებობდა წრიული და ოთხკუთხა ტიპის წნული სახლები. კედელი შქერის წნულისაგან არის მჭიდროდ მოწნული (მოღობილი) იატაკიდან 215 სმ. სიმაღლემდე. თარაზულად მოშანდაკებულ მიწის ზედაპირზე, ზუსტად შემოხაზულ წრეხაზზე, 20-25 სმ. დაშორებით და 25-30 სმ. სიღრმეზე ჩასობილია 6-7 სმ. დიამეტრის გაბრტყელებული მუხის სარები. სარებს შორის წნელის ჩაღობვა იწყება უშუალოდ მიწის დონიდან. ასეთი ტიპის სახლს საძირკველი არა აქვს.

ოდა-სახლის ტიპის საცხოვრებელი სახლები

წერილობითი წყაროებით მტკიცდება, რომ ოდა-სახლები ჯერ კიდევ მე-11 ს-ში არსებობდა და იგი სტუმრის მისაღებად იყო განკუთვნილი. იგი დასავლეთ საქართველოში გახლდათ გავრცელებული. მისი ზოგადი სახელია «კოლხური ოდა-სახლი». მას დღესაც «სასტუმრო ყუდეს», «ოხოროს» ან კიდევ «ახალ სახლს» ეძახიან. ოდა-სახლები არის ერთოთახიანი, რომელიც გავრცელებულია, როგორც მთის ისე ბარის სოფლებში. მათი კომპოზიცია არ განსხვავდება ჯარგვალისა და წნული სახლების გეგმისაგან. ოდა-სახლი დადგმულია 70 სმ. სიმაღლის ქვის ბოძებზე, იგი მიწაში არ არის ჩამაგრებული, არამედ პირდაპირ მიწაზეა დაყენებული.

კედლები ამოყვანილია მუხის ან წაბლის ფიცრებისაგან, შეიძლება მისი დაშლა და სხვა ადგილზე გადატანა. ოდა- სახლის ფასადის კომპოზიციის ძირითად საფუძველს მოჩუქურთმებული აივანი წარმოადგენს. ოდა-სახლები მოგვიანებით ოროთახიანი და სამოთახიანიც გვხვდება. ოდა-სახლების ტიპები აფხაზეთში, გურია-სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თითქმის ერთნაირი გეგმითაა ნაგები, აივნის ჩუქურთმების ხვეულებიც კი საოცრად ჰგავს ერთმანეთს. აფხაზურად ოდა-სახლს «აკვასკა» ეწოდებოდა.

 

 

                               ბეღელი

 

საველე მეურნეობის განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა მარცვლეულის შესანახის შექმნა. იყენებდნენ კიდობნებს, დიდი მორებისაგან გამოყარულ კასრისმაგვარ ე.წ. ბუყნებს (კასრ-ბეღელი).

 

 

საქართველოში მარცვლეულს მიწაშიც ინახავდნენ. ამგვარ ნაგებობას ხარო და ღუი ეწოდებოდა. მარცვლეულის შესანახ ნაგებობად დაწნულ სახლებსაც იყენებდნენ. ზოგჯერ ასეთი ნაგებობანი ორსართულიანიც კი ყოფილა, მიდგმული კიბით. სურსათ-სანოვაგის შესანახ ნაგებობას აფხაზეთში «აცა» ერქვა. დღესაც გვხვდება გურია-იმერეთში «ნალია», «მაღაზა», «ნანია». სამეგრელოში ამ ნაგებობებს ღომის, ჩხვერის, ფეტვის და სხვა მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ. მასალად გამოიყენებოდა წნელის ლარტყი. თხილის ან წაბლის მსხვილი ღეროები.

საყურადღებოა, რომ დაჩუქურთმებულსახიანი წნულის სტრუქტურული სქემა და მოწვნის ტექნიკა კოლხეთის თითქმის ყველა კუთხეში, აფხაზეთში, გურია-სამეგრელოსა თუ იმერეთში, ერთნაირია. მათი აშკარა იდენტურობა კოლხური კულტურის მემკვიდრეობით აიხსნება.

სურსათის შესანახად სხვადასხვა მოჩუქურთმებულ კარადებსა და კიდობნებს იყენებდნენ. ხალხურ ორნამენტულ დეკორში ყურადღებას იპყრობს ცალკეული სახოვანი ელემენტების - ემბლემური ფორმების თემატიკა. ჩუქურთმის კომპოზიციის მთავარ თემას, მთვარე და მზე, ფრინველები და ცხოველები წარმოადგენენ. ასევე გამოყენებულია «სიცოცხლის ხის» სიუჟეტები, რომელიც მრავალფეროვანი მოტივებისაგან შედგება და საერთოდ, ლაზური ჩუქურთმის მოტივებად არის აღიარებული, გავრცელებულია მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, რადგან საუკეთესო მშენებლებად და ჩუქურთმის მჭრელებად ლაზები იყვნენ აღიარებული.

ამოხერხვის წესით მიღებული «ჰაეროვანი ჩუქურთმის» ფრიად საყურადღებო მაგალითს გვაძლევს ლეკალური მეანდრის მოტივით დამუშავებული სახურავის არშიები (ლენტური ორნამენტი). ამავე არშიების ქარგაზეა დამზადებული მხატვრული მოაჯირებიც, რაც იძლევა სხვადასხვა ვარიაციების შესაძლებლობას. ერთი ხუროთმოძღვრული ელემენტი (მეანდრი) აქ ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. ერთ შემთხვევაში იგი სახურავის არშიაა, მეორე შემთხვევაში გამოიყენება მოაჯირისათვის, ხოლო მესამე შემთხვევაში ბრტყელი კაპიტელების მოსართავად გამოიყენება და სხვა. ეს ფაქტი კი ხის მხატვრული დამუშავების მაღალ კულტურაზე მეტყველებს, რომლის იდენტური მაგალითები არსებობდა აფხაზეთში, სამეგრელო-გურიასა და იმერეთში.

 

 

ამოხერხვით მიღებული ორნამენტული დეკორის გამოყენება მარტო ხალხური ნაგებობების ექსტერიერების დამუშავებით არ ამოიწურება. იგი გამოყენებულია აგრეთვე როგორც საერთო, ისე რელიგიური ნივთების დამუშავებაში.. ისეთი, როგორიცაა ხის ჯვარი სოფ. მოქვიდან. ხის ჯვარი გამოჭრილია მოხარშული მასალის ხისგან, რომლის მკვეთრად პროფილირებული მკლავები მთლიანად დამუშავებულია ამოხერხვის წესით მიღებული ლამაზი აჟურული ხვეულებით.

ამოხერხვის წესით მიღებული ჩუქურთმები გვხვდება აგრეთვე ზოგიერთი მცირე მოცულობის ავეჯის მხატვრულ დამუშავებაში. ამის საუკეთესო მაგალითია ორგინალური ფორმის კედელზე დასაკიდებელი ბრტყელი კარადა, რომელზეც სამკუთხედის მოტივებისაგან შედგენილი კომპოზიციები ძალზე მრავალფეროვანია.

გეომეტრიული ნაკვეთებით ხეზე კვეთილი რელიეფური ჩუქურთმა, როგორც დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, უძველესი დროიდან გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.სვანური, ფშავ-ხევსურული, აჭარული, ქართლ-კახური და სხვა სკივრ-კიდობნებისა და «ადაფას» (აფხაზეთი) მხატვრული დამუშავების ელემენტები - სამკუთხედებისა და პარალელური სწორი ხაზების ირიბი კვეთის ტექნიკა, ასევე მზისა და ვარსკვლავების უძველესი სიუჟეტის სიმბოლური გამოსახულებანი - იმდენად იდენტურია, თითქოს ერთი და იმავე ავტორის ნახელავი იყოს.

 

 

                             ჩუქურთმა ქვაზე

 

ძველ საქართველოში საკმაოდ გავრცელებული იყო ქვის დამუშავების ხალხური ტრადიცია. ქვის მხატვრული დამუშავების ხელოვნება ხის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგიით იმეორებს ამოხერხვის მეთოდს, რასაც აღწევს ყრუ ფონზე პირდაპირი ღრმა ჩაჭრის წესით. ამის მეოხებით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩუქურთმა ჯერ ხეზე ამოუხერხავთ და მერე მიუკრავთ ყრუ ფონზე. ისე, როგორც ეს გვხვდება აჭარაში, ლაზური ნამუშევრების მორთულობაში ჩასაყენებული ხის ჩუქურთმის სახით.

ხალხური ჩუქურთმა ქვაზე საკმაოდ მდიდარია რთული სახის არშიებითაც.

აფხაზეთის მიწა-წყალზე სხვადასხვა ადგილას ნაპოვნია ქვაში გამოკვეთილი ცხვრისა და ხარის მრავალი გამოსახულება. ხალხური პლასტიკური ხელოვნების საყურადღებო ნიმუშებია ქვაში შესრულებული ცხვრის თავის ორი ქანდაკება საქართველოში. ვერძის სიუჟეტი სათავეს ჯერ კიდევ ხალხურ ფოლკლორში იღებს. ამ ხანიდან მოყოლებული ქვისაგან ვერძის - ყოჩის გამოქანდაკების ტრადიცია ცნობილია მთელ საქართველოში, სახელდობრ, სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ხევში. ამას ადასტურებს ვერძის თავის ქანდაკება სოფ. ლიხნიდან, რომლის იდენტური მაგალითები უხვად გვხვდება ზემო იმერეთის ტერიტორიაზე, მდ. ყვირილას ხეობის ზემო წელში, მღვიმევის დედათა მონასტრის მცირე სალოცავსა (მე-9, მე-11 სს) და სოფ. ჭალარის (აბაშა) წმ. გიორგის ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესიების ფრონტანებზე. შედარებისას ნათელია, რომ ორივე შემთხვევაში მხატვრული დამუშავების ტექნიკა ისე საოცრად ჰგავს ერთმანეთს, თითქოს ერთი ავტორისა იყოს და ავტორს პირველის ასლით შეექმნას მეორე.

არანაკლებ საინტერესოა ხალხური პლასტიკური ხელოვნების მსგავსების თვალსაზრისით სოფ. ილორში ნაპოვნი ხარის თავი და სვეტიცხოვლის ტაძრის კედლებზე ამოკვეთილი ხარის თავის ორ რელიეფი.

აფხაზეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების ტერიტორიაზე შემორჩენილი ძველი ხალხური დეკორატიული და პლასტიკური ხელოვნების ნიმუშებით ირკვევა, რომ მათი სიუჟეტების მხატვრული დამუშავების მოტივები აღებულია სრულიად ქართული ხალხური ხელოვნების ეროვნული თემატიკის არსენალიდან, რომლის მასაზრდოებელი წყაროა ძველ ქართულ ნიადაგზე წარმოქმნილი ეროვნული ტრადიციების მარაგი.

 

 

                        სხვადასხვა სახის ნაკეთობანი

 

მე-10, მე-12 სს-ის საქართველოს ხალხური ხელოვნების საინტერესო დარგია ხალხური საცხოვრებელი სახლის შინაგანი მორთულობა - დღენიადაგ სახმარი საოჯახო ნივთების ხალხური დამუშავების უძველესი ხელოვნება. ხისგან დამზადებული დგამ-ჭურჭლიდან თავისი ორგინალური ფორმით გამოირჩევა ტიპიური ტაბლები, სკამლოგინები, სამფეხა დაბალი სკამები, ჩამოსაკიდებელი სხვადასხვა წვრილმანი საგნები.

ხის ჭურჭლიდან ყურადღებას იქცევენ რძის გრძელტარიანი ჩამაჩები, მაწვნის მოზრდილი სახაპულები, ღვინის თასები, რძის მცირე კასრები. ყურძნის საკრეფი სხვადასხვა ფორმის გიდელები. უძველესი პერიოდიდან ქართველები თიხის ჭურჭელს იყენებდნენ. განსაკუთრებით გავრცელებული იყო წითელი თიხისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობანი, რომლებიც დაკავშირებულია მევენახეობა-მეღვინეობასთან, სხვადასხვა ზომის ქვევრები (ლაგვინები), კოვები (ფოხალები), სუფრის დოქები, ორყურა სურები, სასმისები, თასები. მემინდვრეობა- მესაქონლეობისათვის სხვადასხვა ზომის დერგები და ამფორები. მეფუტკრეობისათვის წელში გამოყვანილი უნიკალური ფორმითა და შესრულების ტექნიკით აშკარად იდენტურია კოლხეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი დგამჭურჭლისა, რომელთა შორის არავითარი განსხვავება არ არის. მაგ. ღვინის ხის თასი ლიხნიდან და ანალოგიური ღვინის თასი სოფ. წირქვალიდან, ჭიათურის რაიონი.

აშკარაა, რომ მათი წარმოშობის ფესვები მჭიდროდაა დაკავშირებული უძველესი კოლხური ზოგადქართული კულტურის ღრმა ტრადიციებთან.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეთნოლოგია / უავტორო / ყოფითი კულტურა