თაბუკაშვილი ლაშა

დარაბებს მიღმა გაზაფხულია

 

დრამა ორ მოქმედებად და ათ სურათად

 

 

მოქმედი პირნი:

 

კოკა მხეიძე  -  მეხუთე კურსის სტუდენტი, ფილოლოგი

ნინიკო - - მეორე კურსის სტუდენტი, არქიტექტორი

ელენე  -  კოკას ბებია

ბადრი -

გელა -   კოკას მეგობრები

კირილე -

ლენა -      კოკას მეზობლები

დედა  -  სიზმრის პერსონაჟი

 

 

                               მოქმედება პირველი

სურათი პირველი

 

 

დილის მკრთალი შუქით განათებული ოთახი, მაგიდა, რამდენიმე სკამი, ტახტი, ტახტზე ოციოდე წლის ყმაწვილს ძინავს. ოთახში ქალაქის ხმაური შემოდის.

ტელეფონის ზარი. ბიჭი შეიშმუშნება. ტელეფონის გულისგამაწვრილებელი ზარი. ყმაწვილი ტახტზე წამოჯდება და ცოტახანს უაზროდ უყურებს გამძვინვარებულ ტელეფონს. საფეთქლებს ისრესს, შემდეგ დგება, კოჭლობით მიდის და ყურმილს იღებს.

 

კოკა  -  გისმენთ! ვის? ლუიზას? არა, შეცდით, აქ არ ცხოვრობს მეგობარო, აბა საიდან უნდა ვიცოდე, სად ცხოვრობს ლუიზა!.. არაფერს! (კიდებს ყურმილს. ნატკენ ფეხს გააქნევს, ტკივილისგან ესერება სახე, შემდეგ კოჭლობით გადის, ისმის შხაპის ხმა.

ტელეფონის ზარი. პირსახოცშემოხვეული კოკა ოთახში შემოკონწიალდება და ყურმილს იღებს).

კოკა  -  დიახ... ლუიზა აქ არ ცხოვრობს და ლოთიანად, დააზუსტე რა მისი ტელეფონი... რა შუაშია სოფელი? შორიდან ჩამოხვედი? მოსავალი როგორია? აგაშენა ღმერთმა!

(კიდებს ყურმილს, ტახტზე ჩამოჯდება და სიგარეტს უკიდებს. კვლავ ტელეფონის ზარი).

კოკა- - (მოშლილი) გისმენთ! შენა ხარ, ბადრი? კინაღამ შეგიკურთხე. ამიკლო ვიღაცამ დილიდან! ვერ მოვედი, გელას ვეხმარებოდი, რემონტი წამოიწყო. შენ რა, არ იცოდი, ჰო, ორი დღეა... ფეხი ვიღრძე... კიბიდან ჩამოვვარდი. კარგი, ხვალ! აუცილებლად! შევთანხმდით!

(კიდებს ყურმილს და ჩაცმას იწყებს, შემდის ქალბატონი ელენე, კოკას ბებია, მოხუცი, ლამაზი ქალი)

ელენე  -  (შუბლზე კოცნის შვილიშვილს) გტკივა კიდევ?

კოკა  -  არა.

ელენე  -  გასიებული რომ გაქვს?

კოკა  -  არაუშავს. დაცხრება მალე.

ელენე- - კოკა, მართალი მითხარი, ხომ არ იჩხუბე?

კოკა -  დაწყნარდით, ქალბატონო ელენე, თქვენი შვილიშვილი უკვე გამოვიდა მაგ ასაკიდან.

ელენე  -  საშინელი წვიმაა გარეთ.

კოკა  -  ჰო, წვიმს.

ელენე  -  საფენს გამოგიცვლი!

კოკა  -  ბებია, არაფერია სერიოზული.

ელენე- - (ამოიოხრებს).

(საწვიმარს იცვამს და ქოლგას გაშლის).

კოკა- - სად მიდიხარ ასეთ წვიმაში?

ელენე  -  სანთლები უნდა დავუნთო შენს მშობლებს.

კოკა -  დაელოდე, გადაიღოს ჯერ.

კოკა  -  ჰო, მართლა, რა უნდა მეთქვა. გუშინ ისევ მკერავი ლენა ამოვარდა, წყალი ჩასვლიათ.

ელენე  -  (შეწუხებული) ალბათ მოშვებული დამრჩა.

კოკა  -  მალე მოხვალ?

ელენე- - შევეცდები. ხომ არ დამაბარებ რამეს?

კოკა  -  კუთხეში რომ კიოსკია, იქ მიდი, რაფიკა ჰქვია გამყიდველს და უთხარი კოკასთვის "კოლხეთი" მომეცი-თქო!

ელენე  -  კარგი. საუზმე არ გააციო.

(გადის. კოკა მაგნიტოფონს ჩართავს. ზარის ხმა კარზე და კარს აღებს).

კოკა  -  (ცოტა არ იყოს გაკვირვებული) მობრძანდით!

(შემოდის გრძელთმიანი, ლამაზი გოგონა ჩანთით ხელში).

ნინიკო  -  გამარჯობათ!

კოკა  -  გამარჯობათ!

ნინიკო  -  ქალბატონი ელენე სახლშია?

კოკა  -  არა, ეს წუთია გავიდა.

ნინიკო  -  ამ დროისთვის დამიბარა...

კოკა  -  დაელოდეთ.

ნინიკო  -  (საათზე დაიხედავს) არა, მერე მოვალ.

კოკა - არ წახვიდეთ! მალე მოვა.

ნინიკო  -  (ჩაფიქრდება) დავიცდი ათ წუთს.

კოკა  -  რასაკვირველია, ასე აჯობებს. დაბრძანდით. (საწვიმარს გახდის).

ნინიკო  -  გმადლობთ.

კოკა  -  წვიმაში მოხვდით?

ნინიკო  -  დიახ... ქოლგა არ წამოვიღე და უცებ გაწვიმდა.

კოკა  -  ჰო, თითქოს არ აპირებდა წვიმას...

ნინიკო  -  დიახ.

კოკა  -  (გადის და ბროწეული და ორი ჩურჩხელა შემოაქვს). მიირთვით.

ნინიკო  -  გმადლობთ, ნუ წუხდებით!

კოკა  -  რა შეწუხებაა?!

ნინიკო  -  დარწმუნებული ხართ, რომ მალე მოვა?

კოკა - ასი პროცენტით. (პაუზის შემდეგ) კოკა!

ნინიკო  -  ბოდიში.

კოკა  -  მე კოკა მქვია.

ნინიკო  -  (გაიღიმებს) ნინიკო.

კოკა  -  ძალიან სასიამოვნოა. (პაუზა).

კოკა  -  თქვენ სწავლობთ?

ნინიკო  -  დიახ.

კოკა  -  სად?

ნინიკო  -  არქიტექტურულზე.

კოკა  -  პირველ კურსზე თუ...

ნინიკო- - მეორე კურსზე ვარ.

კოკა  -  იმედია, ფრიადოსანი ბრძანდებით.

ნინიკო  -  არა, ორი ოთხიანი მყავს.

კოკა  -  ერთი პოლიტეკონომიაში, ხომ?

ნინიკო  -  (გაკვირვებული) დიახ, როგორ მიხვდით?

კოკა  -  ტიპიური შემთხვევა. გეპეიში ხართ თუ სამხატვრო აკადემიაში?

ნინიკო - აკადემიაში.

კოკა  -  და იქვე ახლოს ცხოვრობთ, არა?

ნინიკო  -  არა, ვაკეში ვცხოვრობ.

კოკა  -  ვაკეში ყველა ტელეფონი 22-ზე იწყება.

ნინიკო  -  დიახ.

კოკა  -  ალბათ თქვენიც.

ნინიკო  -  რასაკვირველია.

კოკა  -  შემდეგ?

ნინიკო  -  რა შემდეგ?

კოკა  -  შემდეგ რა ციფრები მოჰყვება ოცდაორს?

ნინიკო  -  (საათზე დაიხედავს) იცით, მე მგონი აღარ ღირს მეტი დაცდა.

კოკა  -  რატომ, ხომ გითხარით, ბებია წუთი წუთზე გაჩნდება-მეთქი?

ნინიკო  -  ვისი ბებია?

კოკა  -  როგორ თუ ვისი, ჩემი.

ნინიკო  -  (განცვიფრებული) ქალბატონი ელენე თქვენი ბებიაა?

კოკა  -  დიახ. რამ გაგაკვირვათ?

ნინიკო  -  მე მითხრეს ორმოცს მიტანებული ქალიაო.

კოკა  -  (იცინის) ბებია სამოცდაათი წლისაა.

ნინიკო  -  უცნაური ამბავია.

კოკა  -  თქვენ წვიმიდან მოხვედით!

ნინიკო- - (გაოცებული) რისი თქმა გინდათ?

კოკა  -  როცა ადამიანი წვიმიდან მოვა, ეს ყოველთვის რაღაცას ნიშნავს.

ნინიკო -  რას?

კოკა  -  არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ნიშნავს.

ნინიკო  -  (დაინტერესებული) თქვენ სად სწავლობთ?

კოკა  -  მე დაახლოებით ბებიაჩემის პროფესიის გახლავართ.

ნინიკო- - (ცოტა არ იყოს დაბნეული) თქვენ რა, კერავთ?

კოკა  -  რას ვშვრები?

ნინიკო  -  მკერავი ხართ?

კოკა -  ბატონო?

ნინიკო- - თქვენ არა თქვით, ქალბატონი ელენეს პროფესიაო...

კოკა  -  დიახ, მეც ფილოლოგი ვარ, ოღონდ ბებიაჩემი ენათმეცნიერია, მე კი უახლეს ქართულზე ვარ.

ნინიკო  -  (განცვიფრებული) ენათმეცნიერი?

(უეცრად სიცილი წასკდება, დიდხანს იცინის).

კოკა  -  (ცოტა არ იყოს ნაწყენი) რა ვთქვი სასაცილო?

ნინიკო  -  (თვალებს იმშრალებს) არაფერი, გაუგებრობა მოხდა.

კოკა  -  მომითმინეთ, მომითმინეთ... თქვენ მკერავი ლენა გინდოდათ?

ნინიკო -  (იცინის) დიახ.

კოკა  -  კი, მაგრამ კარზე ხომ ეწერა - მხეიძე.

ნინიკო- - მე მისი გვარი არ ვიცოდი.

(ორივეს სიცილი აუტყდება და ეს თითქოს აახლოებს მათ).

ნინიკო -  (ამჩნევს მის კოჭლობას) ფეხზე რა დაგემართათ?

კოკა  -  გაზაფხულის მზიანი დილა იყო. ბავშვები ნასახლართან თამაშობდნენ. უეცრად ერთ-ერთმა ნანგრევების ქვეშ ნაღმი აღმოაჩინა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი, ამ დროს გამოვჩნდი მე, ახალგაზრდა, ლამაზი კომკავშირელი, ხელში იების კონა მეჭირა და გაზაფხულს შევხაროდი, ჩემმა გამჭრიახმა მზერამ წამსვე შეამჩნია ნაღმი, ფიცხლად მივეჭერ ბაშვს: ნაღმი შორს მოვისროლე და... ბუჰ! კიბიდან ჩამოვვარდი!

(ნინიკო იცინის და ტაშით აჯილდოებს კოკას).

კოკა  -  ამასწინათ, ჩემს ლექტორს ვესტუმრე. საგანი მქონდა ჩასათვლელი. კარი მისმა მეუღლემ გამიღო, შემაქო, რა სწრაფად მოხვედიო, აივანზე გამიყვანა და მთელი საათნახევარი ბუხრის შეშა მახერხინა. თურმე მისი ქმარი მუშას შესთანხმებია და იმას ელოდა. ბოლოს ხუთმანეთიანი რომ გამომიწოდა, ძლივს ამოვღერღე, ქალბატონო, თქვენი მეუღლის სტუდენტი ვარ-მეთქი!

ნინიკო  -  (სიცილით) მერე რა თქვა?

კოკა  -  რა უნდა ეთქვა, უი, ჩემი სიკვდილიო!! ამ დროს ჩვენი მრისხანე ლექტორიც მობრძანდა და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ისე დაირცხვინა, რომ ულაპარაკოდ ჩამითვალა საგანი. ტყუილად ხომ არ ჩაივლიდა ეს განწირული სულისკვეთება!

ნინიკო  -  გამორთეთ მაგნიტოფონი, გათავდა სიმღერა.

კოკა  -  გნებავთ, ლიზა მინელი მოგასმენინოთ. "ნიუ-იორკ-ნიუ-იორკი". ახალი მიუზიკლი გამოვიდა.

ნინიკო- - არა, გმადლობთ, ინსტიტუტში უნდა გავიქცე.

კოკა  -  რა აუცილებლობას წარმოადგენს თქვენი მისვლა, ლექტორებს ხანდახან უნდა მოანატროთ კიდეც თავი.

ნინიკო  -  (იცინის) არა, სამწუხაროდ.

კოკა  -  რა გაეწყობა... (საწვიმარს აცმევს გოგონას) მე კი ისე მინდოდა ცოტა ხანს კიდევ მესაუბრა თქვენთან... თქვენ ხომ წვიმიდან მოხვედით, ეს კი რაღაცას ნიშნავს!

(მოულოდნელად მოატრიალებს ნინიკოს და ნაზად კოცნის ტუჩებში. გაოგნებული გოგონა ადგილზე გაშეშდება).

არაფერი მითხრათ! დამნაშავე ვარ, ვაღიარებ! მე თვითონ არ ვიცი, როგორ მოხდა ეს?! რატომღაც გადავწყვიტე, რომ წვიმიდან მოსულ ადამიანს მოფერება და სულიერი სითბო სჭირდება. შევცდი, მაგრამ მე თვითონ გამოვუტან საკუთარ თავს განაჩენს!

(ხელმეორედ კოცნის გოგონას, ახლა უფრო ხანგრძლივად. ნინიკო სახეზე აიფარებს ხელებს და შეტორტმანდება).

კოკა  -  არ გრცხვენიათ, რა გატირებთ? აი, ახლა ცხვირი დაგიწითლდებათ და აღარ იქნებით ისეთი ლამაზი! შემომხედეთ, რატომ მე არ ვტირი; მიუხედავად იმისა, რომ მკლავი ამომიტრიალეთ და ძალით მაკოცეთ, რისი საბაბიც მე თქვენთვის არ მომიცია!

ნინიკო  -  (გაოგნებული მისი თავხედობით) მე გაკოცეთ?

კოკა  -  დიახ, მკლავი ამომიტრიალეთ და მაკოცეთ! ყველაფერს ვეტყვი მკერავ ლენას!

(ნინიკო ჩანთას დაავლებს ხელს და გარბის. კოკა კოჭლობით მისდევს მას). მომიცადეთ, გაგაცილებთ!

(შედგება)

სად გდიო, ჩემო ნინუცა, ნატკენი ფეხით!

(ხელს ჩაიქნევს. ტელეფონის ზარი).

კოკა  -  გისმენთ! ლუიზა აბაზანას იღებს, გენაცვალე!

 

 სურათი მეორე

 

 

ავანსცენაზე მკერავი ლენა ზომას უღებს ნინიკოს. ჟამიჟამ შემობოდიალდება ხოლმე ლენას ქმარი კირილე, ორმოცდაათს მიტანებული მსუქანი კაცი, ულვაშის პრეხით ათვალიერებს გოგონას და კვლავ გადის.

 

ლენა  -  ესეც ასე გენაცვალე... მართალი გითხრა, ისე ვიღლები ხოლმე, რომ უარს გეტყოდი აუცილებლად, მაგრამ ვიოლას გამოგზავნილი რავა გევისტუმრო ასე?

ნინიკო  -  დიდი მადლობა!

ლენა  -  რისი მადლობა, გენაცვალე... ანგელოზივით გოგო ხარ. შენზე უკეთესს ვის შევუკერავ?!

(საიდანღაც გაისმის რიტმული მუსიკის ხმა).

ა, ბატონო, ისევ ჩართო იმ გადარეულმა!

ნინიკო  -  ვინ?

ლენა  -  მეზობლის ბიჭმა. სულ სტუმრები ჰყავს, სულ ბრაგაბრუგი და ალიაქოთია... ხულიგანი, შფოთისთავი... ისე კეთილი გულის ბიჭია, საწყალი.

ნინიკო  -  რატომ საწყალი?

ლენა  -  ობოლია, შვილო, დედამისი მაგის მშობიარობას გადაყვა, შენ რამდენი წლისა ხარ?

ნინიკო  -  თვრამეტის.

ლენა  -  ჰო, ზუსტად შენხელა იყო ცხონებული. შენ ჯვარი გწერია. მამა კოჯრის გზაზე დაიღუპა ოთხი წლის შემდეგ და ასე... ამოწყდა ოჯახი! ბებიამ გაზარდა.

ნინიკო  -  თქვენ კოკაზე ბრძანებთ?

ლენა  -  რავა, იცნობ თუ?

ნინიკო -  შორიდან.

ლენა - კირილე, ნუ დაბოდიალობ აქ, ხელს მიშლი.

კირილე  - გაზეთებს ვეძებ.

ლენა  -  შენს ოთახშია.

(ზარის ხმა კარზე. კირილე კარს აღებს. შემოდის კოკასთან ერთად).

კოკა  -  გამარჯობათ თქვენი. აბა, მაჩვენეთ სად ჩამოვიდა წყალი?

კირილე  -  (აქეთ-იქით დაატარებს) აგერ ა, აქაც, აქაც...

კოკა  -  (ზურგზე ხელდაწყობილი ყურადღებით ათვალიერებს ჭერს) მდაა... ბლომად ჩამოსულა...

ლენა  -  აბა, რა გეგონა, ვტყუოდი თუ?

კოკა  -  ტყუილს ვინ გაკადრებთ, ქალბატონო ლენა, ხვალვე მოვიყვან მღებავს (თითქოს ახლა შეამჩნიაო, გამშრალ ნინიკოს მიუტრიალდება).

ნინიკო, საიდან სადაო? მთელი სამი დღეა არ მინახიხარ. სად დაიკარგე? აკადემიაშიც ვიყავი...

ნინიკო  -  (უხერხულად აწრიალდება) მე... მე...

ლენა  -  როდის მოიყვან მღებავს!

კოკა  -  ხვალ ან ზეგ.

ლენა  -  იქნებ მაზეგ იყოს?

კოკა  -  როგორც იტყვით. თუ არა და, თვითონ შევღებავ. ოღონდ ჯერ უნდა გამოშრეს კარგად.

ლენა  -  (გაკაპასდა) ჰო, მთლად დაგაღუპინებ ჭერს, მაგ ჭკუაზე ვარ სწორედ.

კირილე  -  მაგ ჭერს რა გამოაშრობს?!

კოკა  -  აბა რა ვქნათ, იყოს ასე?

ლენა  -  მე შენ გიჩვენებ, იყოს ასე!

კოკა  -  ნინიკო, არ გაგიკვირდეს, ჩვენს კეთილმეზობლობაში შეხუმრებულები ვართ ერთმანეთს...

ნინიკო -  (ძლივს იკავებს სიცილს) ქალბატონო ლენა, კარგად ბრძანდებოდეთ... ესე იგი, გამოგივლით ამ დღეებში.

ლენა - აჯობებს ტელეფონის ნომერი დამიტოვო, ჩემო კარგო, მე თვითონ დაგირეკავ.

ნინიკო  -  კი, ბატონო... ოცდაორი... (შეცბება და ყურებდაცქვეტილ კოკოას შეხედავს) ქაღალდი და ფანქარი მომეცით, ჩაგიწერთ.

კოკა -(სწრაფად იღებს ბლოკნოტიდან ფურცელს და კალამს მოიმარჯვებს). მე ჩავიწერ, ნინიკო, სადღაც დავკარგე შენი ტელეფონი.

ნინიკო  -  (არ პასუხობს) ინებეთ! (ლენას აწვდის ქაღალდის ნაგლეჯს).

კოკა  -  არაუშავს, მაინც საქმეები მაქვს აკადემიაში, კირილე ბატონო!

კირილე  -  რა თქვი?

კოკა  -  სამხატვრო აკადემიაში ვარ მისასვლელი-მეთქი.

კირილე  -  მერე ჩემთან რა გინდა?

კოკა  -  არაფერი, იქ ვიშოვი მღებავს.

ნინიკო -  ნახვამდის.

კოკა - ნახვამდის, ქალბატონო ლენა, არ ინერვიულოთ, მე გავაცილებ ნინიკოს.

ნინიკო  -  არ მინდა.

კოკა  -  ნახვამდის, ბატონო კირილე!

(ხელკავს გაუყრის დაბნეულ გოგონას და მასთან ერთად გადის).

კირილე  -  (შურით) უყურე ახლა ამას?! ამ შემოდგომამ ხომ წაიღო ტვინი, წვიმს და წვიმს გაუთავებლად.

 

სურათი მესამე

 

კოკას ოთახი. მაგიდას ოთხნი უსხედან, კოკა, ნინიკო, ბადრი და გელა. კოკას ხელში გიტარა უჭირავს.

 

კოკა  -  (მღერის)

ყველა სნეულებაზე

სიყვარული ძნელია...

(კოკა გიტარას გადმოაბრუნებს და დოლივით ააბაგუნებს. გელა წამოხტება და ნინიკოს გაიწვევს საცეკვაოდ. ნინიკოც მოხდენილად ატოკდება ადგილზე. მშვენივრად ცეკვავს, გელას ახლა ბადრი შეენაცვლება. ცეკვა მთავრდება და ყველა მაგიდას უბრუნდება. ნინიკოს ცნობა ძნელია. ის ბავშვურ, აღტაცებულ მზერას არ აშორებს კოკას).

ბადრი  -  ნინიკო, შენ გაგიმარჯოს, ორი თვეა რაც კოკამ შენი თავი გაგვაცნო და დასავით შეგვიყვარდი მე და გელას. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ!

ნინიკო -  გმადლობთ, ბადრი!

გელა  -  და დააყოლე გმადლობთ, გელა! იმიტომ, რომ მთელი სულითა და გულით ვსვამ შენს სადღეგრძელოს. ხანდახან ბადრიც იტყვის ხოლმე ჭკვიანურ სიტყვას!

კოკა  -  გაგიმარჯოს! მართლაც ორი თვე გავიდა.

გელა  -  (ფანჯარასთან მიდის) აუ, რამხელა თოვლი დადო.

ბადრი  -  ვერ ვიტან ზამთარს. ერთი სურვილი მაქვს დათვივით ჩავიდო თათი პირში და მეძინოს და მეძინოს.

კოკა  -  იმღერე რა, ნინიკო!

ნინიკო  -  რა ვიმღერო?

კოკა - ინოლას სიმღერა, რომელიმე!

(ნინიკო მღერის, კოკა გიტარის აკომპანიმენტს უკეთებს. ოთახში შემოსული ელენე სიმღერის შემდეგ ნინიკოსთან მიდის და შუბლზე კოცნის გოგონას).

ბადრი  -  დაბრძანდით, ელენე ბებია!

ელენე  -  არა, არა, არ შეგიშლით ხელს, მე ჩვენი მშვენიერი ნინიკოს მოსასმენად შემოვედი (წასვლას აპირებს, მაგრამ კოკა ხელში აიტაცებს, სკამთან მიყავს და ფრთხილად დასვამს ზედ).

ელენე  -  (სიცილით) გადარეულო!

კოკა - ბატონებო, გაუმარჯოს ჩვენს სათაყვანებელ ქალბატონ ელენეს!

(ბიჭები ფეხზე წამოიჭრებიან).

ელენე  -  კოკა, აღარ დალიო!

ბადრი  -  (ხელზე ემთხვევა ელენეს) ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ, ელენე ბებია, და თქვენი არანორმალური შვილიშვილის ნორმალური შვილების გაზრდას!

ელენე  -  (ხელებს გაასავსავებს) რას ამბობ, ბადრი?

ბადრი  -  პროტესტს არ ვღებულობ!

(ბიჭები ფიალას დაცლიან, ელენე გადის).

კოკა  -  (თვალებს მოჭუტავს) გინდა მფრინავი თეფში გაჩვენო?

(ხელს სტაცებს ერთ-ერთ თეფშს და გელას გადაუგდებს, გელა ძლივს მოასწრებს დაჭერას).

გელა- - შე კაცო, ერთად არ ვსვამთ, რამ დაგათრო ასე სწრაფად?

კოკა  -  სიყვარულმა, ბატონო ოფიცრებო, სიყვარულმა!

ბადრი  -  მფრინავ თეფშებზე გამახსენდა, გივი მიმტკიცებდა, კუს ტბაზე წამომყევი, ყოველ ღამე სამ საათზე მკაფიოდ მოჩანსო.

გელა  -  მთელი ქალაქი ერთმანეთს უმტკიცებს, დავინახეო.

ნინიკო - ძალიანაც კარგი, არ სჯობია ადამიანებმა ისევ დაიწყონ ცაში ყურება?!

ბადრი - ისე რა იცი, იქნებ იმ თეფშებში კაი გულის ბიჭები სხედან.

გელა - ქართველები თუ უყვართ?

კოკა - კი, განსაკუთრებით ზემოიმერლებზე გიჟდებიან თურმე.

(ტელეფონის ზარი).

ბადრი - გისმენთ... ლუიზას? (კოკას შეხედავს).

კოკა - მომკლა მაგ კაცის საცოდაობამ!

გელა - (ჭიქას იღებს ხელში) გაუმარჯოს ჩვენს წასულ მეგობრებს. გავუგზავნოთ გია აბაშიძეს ერთი სადღეგრძელო...

ბადრი - თქვენ შეცდით!

(კიდებს ყურმილს).

კოკა - (ჩაფიქრებული) ფოტო ვნახე ძველი, სკოლის დამთავრების შემდეგაა გადაღებული... კიროვის პარკში ვდგავართ ათიოდე ბიჭი, მაგარი ქარია და თმები გაწეწილი გვაქვს ქარში... ყველა ბედნიერად იცინის, მხოლოდ გია და ალიკო იღიმებიან ოდნავ მორცხვად და ნაღვლიანად...

ბადრი - მე კი ნელ-ნელა მავიწყდება მათი სახეები. საოცრად გამიფერმკრთალდა მათი სიცილი, სიმღერა...

გელა - კარგი, გვეყოფა... დავლიოთ! (სვამენ).

ელენე - (შემოდის) კარტოფილი ხუთ წუთში შეიწვება.

ბადრი - აღარაფერი გვინდა, სჯობს ჩვენთან ერთად დაბრძანდეთ.

ელენე - ცოტა ხანში...

(ნინიკო დგება და ცარიელი ბოთლები გააქვს. ტელეფონის ზარი).

კოკა - გისმენთ... დიახ, აქ არის, ნელი დეიდა... ვსადილობთ. დავუძახო? არა? კარგით... ნახვამდის. დედაშენი იყო ბადრი, არ დააგვიანოსო.

ბადრი - მომკლა ამ შემოწმებებმა... სამი წლის ვგონივარ კიდევ.

კოკა - დააფასე, ძამიკო, დააფასე! ისე კი, მართლაც უცნაური ხალხია დედები... მე და ბოჩიას ჩხუბი მოგვივიდა გლდანელებთან, ჰოდა, გაგვსკვანჩეს და მილიციაში მიგვაბრძანეს... ზუსტად ერთ საათში დედამისი მოვიდა და მაიორს ეუბნება, ჩემი ბავშვი დააკავეს და ნახვა მინდაო! გამოაბუნძულეს ჩვენი ბოჩია სამორიგეოში... მაიორმა ეს ორმეტრიანი მუტრუკი რომ დაინახა, დაიკვნესა, ეგაა, ქალბატონო, თქვენი ბავშვიო? გაუშვით, გაუშვით, აქ მაინც ვერ დავატევთ მაგხელა სპილოსო.

გელა - მერე, გაუშვეს?

კოკა - (სიცილით) უშვებდნენ, მაგრამ ბოჩიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სანამ კოკასაც არ გაუშვებთ, ფეხს არ მოვიცვლი აქედანო! ამ განცხადებაზე მაიორს ლურჯი ფერი დაედო, შეაგდეთ ეს ახმახი უკან და ათ წუთში ოქმი გაუფორმეთო. მერე დედამისს მიუტრიალდა და ეუბნება, ხომ ხედავთ, ქალბატონო, რა ტუტუცი შვილი გყავთ, ძალით მაფუჭებინებს თავსო. ტუტუცი კი არა, რაინდია, დედა ენაცვალოს, მეგობარი არ მიატოვა გასაჭირშიო... აქ კი იღმუვლა მაიორმა, დანის და იარაღის არ მეშინია, ისე როგორც დედებისო, გაუშვით ორივე, მაგათი ყოფაც ვატირეო! ასე, რომ, დააფასეთ, ძამიებო... (დასევდიანდება).

ბადრი - რა კარგია, როცა მილიციის მაიორს იუმორის გრძნობა აქვს.

კოკა - ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მეგობრების თავი! მაშინ წაგვეღოს წერილი, როცა ერთმანეთი აღარ გვემახსოვრება ღრმა სკლეროზის გამო.

(სვამენ. შემოდის ნინიკო და ტაფა შემოაქვს).

კოკა - სად დაგვეკარგეთ ქალები, ბებია სად არის?

ნინიკო - ახლავე მოვა (საათზე დაიხედავს), ვაიმე, უნდა გავიქცე!

კოკა - რა გეჩქარება?

ბადრი - დარჩი, ნინიკო, უშენოდ ჩვენს სუფრას ფასი არა აქვს.

ნინიკო - სამწუხაროდ, უნდა გავიქცე!

კოკა - ტაქსში ჩავსვამ და ამოვალ.

კოკა - ნინიკო ვაკელია, არისტოკრატების უბნიდან.

ბადრი - მართალია, ვაკეში ყავამ ამოხეთქაო?

(იცინიან, ნინიკო ემშვიდობება ბიჭებს და ელენეს, იცვამს და კოკასთან ერთად გამოდის ავანსცენაზე).

ნინიკო - კოკა, ადი, გაცივდები!

კოკა - არაუშავს.

(მანქანების მოძრაობის ხმები. კოკა ხელს უწევს, მაგრამ არავინ აჩერებს. დანარჩენი დიალოგი ამ ჟესტიკულაციის ფონზე მიმდინარეობს. კოკა თან ნინიკოს ესაუბრება, თან მანქანის გაჩერებას ცდილობს).

კოკა - ნინიკო, ერთი რამე უნდა გითხრა... ხვალ ბებია მთელი დღე არ იქნება სახლში... ეი! არ გააჩერა! ჰო, რას ვამბობდი?! მოკლედ, მარტო ვიქნები... მოხვალ?

ნინიკო - (თავს ჩაქინდრავს) არ ვიცი.

კოკა - რას ნიშნავს არ ვიცი... ნინიკო, გაიგე, რომ მე შენ მიყვარხარ!

(უეცრად ორ თითს პირში ჩაიდებს და უსტვენს) არ გააჩერა ოხერმა! აღარავის უნდა ჩემი მანეთიანი?!

ნინიკო - კოკა, ადი სახლში, ძალიან ნასვამი ხარ!

კოკა - ნინიკო, აუცილებლად უნდა მოხვიდე ხვალ, მე გთხოვ, აღარ შემიძლია ასე! ორი თვეა სული ამომხადე!

ნინიკო - კოკა, გაჩუმდი!

კოკა - რა დაგემართა? ჟანა დ, არკი შენხელა იყო, ომებს რომ იგებდა, შენ კი ელემენტარული, ბუნებრივი რაღაცის გეშინია?!

(ხელს აიქნევს, ბორბლების წრიპინის ხმა. უხილავი მანქანისკენ წავლენ).

ნინიკო - კიდევ ერთხელ მითხარი!

კოკა - რა?

ნინიკო - რომ გიყვარვარ!

კოკა - მიყვარხარ! მიყვარხარ!

ნინიკო - მოვალ!

(კოკა ხელს მოხვევს, კოცნის და მანქანისკენ მიყავს, ცოტა ხანში ბრუნდება).

ბადრი - გააცილე?

კოკა - ჰო!

გელა - არ გაიყინე ასე?

კოკა - არა!

(ცოტა ხანს უმიზნოდ სცემს ბოლთას ოთახში. ამხანაგები გაკვირვებით შესცქერიან).

ბადრი - ახალგაზრდავ, იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება?!

კოკა - (გამოერკვევა) რა თქვი?

გელა - არაფერი, ნუ გამოშტერდებიო!

(კოკა მაგიდასთან მივა, მოზრდილ თასს გაავსებს ღვინით)7

ბადრი - სულ გადაირია ეს კაცი!

გელა - სწრაფად გინდა გაგვისტუმრო?

კოკა - (ოდნავ ქანაობს ადგილზე) მე მინდა იმ მშვენიერებას გაუმარჯოს, როცა ყველაფერი იცვლის ფერსა და სურნელს...

გელა - როცა დალტონიკი ხდები...

კოკა - დიახ, სწორი ბრძანდებით, ყმაწვილო! და როცა რაღაც უზარმაზარი, ნათელი და ლმობიერი შემოდის სულში...

გელა - დაუსტვინა ნიკოლოზმა!

ბადრი - არა, სიყვარულის სადღეგრძელოს სვამს.

კოკა - ბიჭებო, თქვენ რომ იცოდეთ... ეჰ!

(მოიყუდებს და სულმოუთქმელად დაცლის თასს).

ბადრი - შეყვარებულია ლომი!

გელა - ვინ არის ის ბედნიერი ქალწული?

(კოკა პასუხის მაგიერ მაგნიტოფონს ჩართავს, ნაზად მოხვევს ხელს მკლავებს უხილავ გოგონას და ნელა დაიწყებს ტრიალს ოთახში. ბიჭები ღიმილით გადახედავენ ერთმანეთს, სამზარეულოდან გამოსულ ელენეს ტუჩზე თითის დადებით ანიშნებენ არ შეაწყვეტინოთო და ჩუმად მიუჭახუნებენ ერთმანეთს ჭიქებს. ელენე გადის).

ბადრი - მაშ, გაუმარჯოს ნინიკოს!

გელა - გაუმარჯოს, ბრწყინვალე გოგოა!

კოკა - არა, არა, ძალიან კარგი გოგოა, დიდ პატივს ვსცემ, გარკვეული სიმპათიაცა მაქვს, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მე ვამბობ! მე მინდა იმ იდუმალი ფანტომის, იმ შორეული იდეალის სადღეგრძელო დავლიო, იმ გოგონასი, რომელსაც მართლა შევიყვარებ. მე პიროვნებას ვეძებ, ჩემო გელა, პიროვნებას!

ბადრი - შენ ტვინი გაქვს ამღვრეული, ძამიკო, და აქვე გაფრთხილებთ, მეც და გელაც, მაგ გოგოს მოუარე და არ აწყენინო, ბავშვს გულწრფელად უყვარხარ!

კოკა - არ გესმით ჩემი, მეც ხომ მშვენივრად ვეპყრობი? მეც ჩემებურად მიყვარს!

გელა - მე კი არ მიყვარს, როცა თვითკმაყოფილი იდიოტის შთაბეჭდილებას სტოვებ.

კოკა - (სახე აენთება) გელა, წინათ მაგ სიტყვების გამო მეგობრებიც კი დუელში იწვევდნენ ერთმანეთს.

გელა - რომელი ლერმონტოვი მნახე, კავალერგარდო მხეიძე?

ბადრი - მორჩით ბაზარს, ელენე ბებიას არ გააგონოთ!

კოკა - (მთვრალი ადგილზე ქანაობს, უეცრად მკლავებს გაშლის და...)

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია!

მე მივტირი ღამესზამბახებიანს

და სიყვარულს ათაბაგის ქალისას.

ბადრი - (შემპარავად) ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე...

კოკა - (თვალდახუჭული)

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,

შემოვამტვრიე გზები ტიალი,

მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,

ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც გადილეწება,

დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად...

გელა - დავიღუპეთ!

კოკა - (ამღვრეული თვალებით მიაჩერდება) შენ რა, მთვრალი გგონივარ?!

გელა - ნუ მიყურებ ასეთი მომაკვდინებელი ირონიით. გაიარე აბა სწორ ხაზზე!

კოკა - კი ბატონო!

(მკლავებს გაშლის და ძალიან ცდილობს სწორად გაიაროს, მაგრამ ღვინო აქეთ-იქიათ აქანავებს. ბიჭები სიცილით იგუდებიან, ელენეც ნაწყენი ღიმილით მისჩერებია მთვრალ შვილიშვილს. ბოლოს კოკასაც გაეცინება, ხელს ჩაიქნევს, წაბარბაცდება, ტახტზე დაეცემა და მოხერხებულად ეწყობა ზედ).

კოკა - თქვენ გააგრძელეთ, მე ორიოდე წუთს წავთვლემ და შემოგიერთდებით.

(მაშინვე იძინებს).

ბადრი - მოდი გავხადოთ!

(სამივე მიდის კოკასთან და ფრთხილად იწყებენ მის გახდას).

გელა - (ფეხსაცმელს გააძრობს) პირველად ვხედავ კოკას ასეთ მთვრალს.

ბადრი - (ღიმილით) სიყვარულმა დაცადა.

(შარვალს გააძრობენ)

კოკა - (უეცრად ტრუსების ამარა წამოვარდება)

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი

ვით უბინაოს ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი...

(პაუზა) მერე აღარ მახსოვს... (წამოწვება და საბანს გადაიხურავს).

ბადრი - დაიძინე, მიჯნურო, დაიძინე!

გელა - ნახვამდის, ელენე ბებია, დიდი მადლობა!

ელენე - კარგად იყავით, ბიჭებო.

(შუბლზე კოცნის ორივეს).

კოკა - (კვლავ წამოვარდება)

დედოფალო! ლურჯი რაში

მიჰქრის საშიშ ჩქარი

და ბილიკით ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალ-გადაყრილი

დოვინ, დოვენ, დოვლი...

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.

(ბიჭები ხარხარით ეცემიან და ლოგინს მიაჯაჭვებენ).

იდიოტებო! გავიგუდე!

(ბიჭები ხელს უშვებენ. კოკა წამოჯდება და სწრაფად ჩაიცვამს).

ბადრი - რას შვრები?

კოკა - რა და, გრძელდება ქეიფი! ქალბატონო ელენე, განვაახლოთ სუფრა!

(გიტარას იღებს ხელში და მღერის).

ყველა სნეულებაზე სიყვარული ძნელია...

გელა - (ამოიოხრებს) დავიღუპეთ! ეს ახლა დილამდე აღარ გაგვიშვებს!

(აჰყვებიან მის სიმღერას).

 

სურათი მეოთხე

 

კოკა საწერ მაგიდასთან ზის, სქელტანიანი წიგნებით გარშემორტყმული, შემოდის ელენე, ჩაის და ბუტერბროდს დადებს მაგიდაზე და ფეხაკრეფით გადის.

 

კოკა - - (ფურცელს იღებს ხელში და კითხულობს).

ყველაზე ტრაგიკულ მომენტში ისინი გაივლიან ღრმა ზნეობრივი კრიზისის მიჯნას, ერთგვარ კათარზისს და ახალი, მანამდე უცნობი მორალით გამდიდრებულნი აღარ უბრუნდებიან ადრინდელ შინაგანად უშფოთველ ცხოვრებას... ისინი წამიერი პროტესტანტები კი არ არიან, არამედ ზნეობრივად ახლადშობილნი...

(ტელეფონის ზარი)

გისმენთ... ლუიზა ორი თვით წავიდა მოსკოვში (შეეცოდება) არა, გეხუმრე შე კაცო, ნუ ჩაგივარდა ხმა... ჰო, ისევ ჩემთან მოხვდი... რას იზამ, არ იცი ჩვენი ტელეფონების ამბავი? აბა მე რა გიშველო, ძამია! კარგად! (კიდებს ყურმილს. კვლავ ტელეფონის ზარი). გისმენთ... ჰო, გელა, რას შვები, მორჩი რემონტს? მოგილოცავ! გვიქეიფია და ეგ არის, რამდენს? ოც კაცამდე? მერე და სად ატევ ამდენ ხალხს? (იცინის) მე ვის ჩამიჯენ მუხლებში? აბა, ლია? აჰ, ის შენი ფაშფაშა მეზობელი? დიდი მადლობა, მაგრამ მე აღმოსავლური გემოვნების კაცი არ გახლავარ! დიპლომზე ვმუშაობ; ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური". ლიტერატურა? გრიგოლ კიკნაძე, აკაკი გაწერელია, თამაზ ჩხენკელი, ბენაშვილი, ზანდუკელი, კიტა აბაშიძე, კალანდარიშვილი... ასე რომ, მაგარი გაჭედილი ვარ! კარგი, შევთანხმდით! (კიდებს ყურმილს. ზარის ხმა კარზე).

ბები, გააღე რა!

(ელენე კარს აღებს და შემოდის ნინიკოსთან ერთად)

ელენე - ჩვენი მშვენიერი ნინიკო მოვიდა... სად დაგვეკარგე, მთელი თვეა აღარ მინახიხარ!

ნინიკო - სესიები მქონდა.

ელენე - ხომ ყველაფერი რიგზეა?

ნინიკო - დიახ!

ელენე - ეჭვიც არ მეპარებოდა!

კოკა - მობრძანდით აქ, ქალბატონო ხუთოსანო!

(ელენე გადის. კოკა თმაზე მოეფერება გოგონას და სავარძელში ჩასვამს).

კოკა - ძალიან მომენატრე!

ნინიკო - მეც!

კოკა - მესიზმრებოდი ხოლმე...

ნინიკო - მეც!

კოკა - რა "მეც", "მეც" აგიტყდა, მომიყევი შენი ამბები. რა არის ახალი შენს ცხოვრებაში.

ნინიკო - (ჩაფიქრდება) მოგიყვები!

კოკა - (შეაგულიანებს) აბა, ჰე!

ნინიკო - რას მეცადინეობ?

კოკა - დიპლომს ვაკეთებ!

ნინიკო - გაცდენ!

კოკა - არაფერსაც არ მაცდენ, პირიქით... მონატრებულზე მიჭირდა კიდეც ჩაჯდომა... (ეფერება) სულ შენი სახე მედგა თვალწინ.

(შემოდის ელენე, ტახტს მიალაგებს და გადის).

კოკა - (ჩურჩულით) ბებია ამ დღეებში სოფელში მიდის ერთი კვირით...

(ნინიკო დგება, მკლავებს გადაიჯვარედინებს და ჩაფიქრებული ბოლთას სცემს ოთახში).

კოკა - (გაკვირვებული) რა დაგემართა?

ნინიკო - დედა გახსოვს? (რაღაც ფოტოსურათს ათვალიერებს).

კოკა - რა თქმა უნდა, არა.

ნინიკო - ლამაზი გოგოა, მაგრამ შენ არა გგავს. არც მამა გახსოვს?

კოკა - ბუნდოვნად. ნინიკო, რა მინორულ განწყობაზე ხარ, სხვა თემა ვერ აირჩიე სასაუბროდ?

ნინიკო - მაპატიე, კოკა, წყალი მომიტანე რა!

კოკა - კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს!

(გადის. ნინიკო ცოტა ხანს ხელებში ჩარგავს სახეს. შემდეგ მაგიდას მიუჯდება და ჭიქას აბზრიალებს ჩიკორივით).

კოკა - (შემოდის წყლით სავსე ჭიქით ხელში) ინებეთ, ქალბატონო, მურაბიანია.

ნინიკო - გმადლობთ.

კოკა - (ყურადღებით ჩააკვირდები) აღარ მეტყვი, რა მოხდა?

ნინიკო - გამოთიშე რა...

(კოკა გამორთავს მაგნიტოფონს და გვერდზე ჩამოუჯდება ნინიკოს).

ნინიკო - კოკა, მაპატიე, რომ გეკითხები...

კოკა - გისმენ.

ნინიკო - გიყვარვარ?

კოკა - არა.

ნინიკო - (შეკრთება) რა სთქვი?

კოკა - (გაიღიმებს) მე შენ არ გეტყვი, გეტრფი,

ვით სხვანი გეტყვიან...

ნინიკო - (მოეხვევა და შუბლზე აკოცებს) კარგი ბიჭი ხარ!

კოკა - იდეალური.

ნინიკო - იცი... (კვლავ პაუზა).

კოკა - (სიცილით) ე, ბოშო!

ნინიკო - მე მგონი რაღაც ხდება ჩემს თავს.

კოკა - ნუ დამილიე სული!

ნინიკო - კოკა, ბავშვი მეყოლება.

კოკა - (კიდევ ვერ მოსულა აზრზე) აბა, ბავშვი?!

ნინიკო - კოკა!

(მოეხვევა და მის მკერდში ჩარგავს თავს. ბიჭს ნელ-ნელა ეყინება სახეზე ღიმილი, ის მხოლოდ ახლა მიხვდა ნათქვამს).

კოკა - (ჩახლეჩილი ხმით) ხუმრობ თუ მცდი?

ნინიკო - კოკა!

კოკა - (რატომღაც ჰგონია, რომ სცდიან) მერე და ამას რა სჯობია, ძვირფასო, ეს ხომ გენიალური ამბავია!

ნინიკო - მე კი ისე მეშინოდა შენთვის ამის გამხელა, თითქოს ლოდი მომწყდა გულიდან.

კოკა - (წამოხტება) შენ რა, სერიოზულად ამბობ?

ნინიკო - ჰო, ძალიან მეშინოდა, მე ხომ არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდი ამ ამბავს.

კოკა - მაგას არ გეკითხები! ბავშვის ამბავი მართალია?

ნინიკო - (გაოცებული) შენ ხომ გაგიხარდა?!

კოკა - (ყვირის) მე მეგონა მცდიდი! (ცდილობს მშვიდად ილაპარაკოს) იქნებ მოგეჩვენა, ხომ შეიძლება რომ ცდებოდე?

ნინიკო - (ჩამწყდარი ხმით) არა.

კოკა - დედაშენისთვის ხომ არ გითქვამს?

ნინიკო - მე დედა არა მყავს, დაგავიწყდა?

კოკა - დამავიწყდა. არავისთვის გითქვამს?

ნინიკო - ვისთვის უნდა მეთქვა, მამას ხომ არ ვეტყოდი?

კოკა - (გიჟივით დადის აქეთ-იქით) რასაკვირველია...

ნინიკო - რა ვქნათ, კოკა?

კოკა - რა უნდა ვქნათ! შენ თვრამეტი წლისა ხარ, მე ოცდაერთის, რა დროს ჩვენი ბავშვებია.

ნინიკო - (სასოწარკვეთილი) რა მოგდის?

კოკა - როგორ თუ რა მომდის, შენ გესმის რა მითხარი?! რატომ არ გაფრთხილდი?

ნინიკო - (სახეზე აიფარებს ხელებს) გაჩუმდი!

(ტელეფონის ზარი)

კოკა - (ყურმილს იღებს) დიახ... მეტი აღარ დარეკო, შე კრეტინო, თორემ...

ნინიკო - არ შეიგინო! (ყურებზე წაივლებს ხელებს).

კოკა - (მოწყვეტით დააგდებს ყურმილს) რა მშვენიერი დილა გამითენდა! რას აპირებ ახლა?

ნინიკო - (პაუზის შემდეგ) რას უნდა ვაპირებდე?

კოკა - (უეცრად დაწყნარდება და გაღიმებასაც მოახერხებს) რამეს მოვიფიქრებთ... ხომ არა გშია?

(ნინიკო გაოცებით შეხედავს და არაფერს პასუხობს).

ელენე - (შემოდის) ნინიკო, მოდი ერთად ვისადილოთ!

ნინიკო - გმადლობთ, არ მინდა, ელენე დეიდა!

(ელენე გადის)

ნინიკო - (ჩურჩულზე გადადის) რა ვქნათ, კოკა?

კოკა - პრინციპში არაფერი ისეთი არ მომხდარა... შენ უკვე დიდი გოგო ხარ და იცი... ხვდები, რას გეუბნები?

ნინიკო - (თავს გააქნევს) ვერა.

კოკა - მოკლედ... არსებობს საშუალებები, რომ... რომ თავი დავაღწიოთ ამ უსიამოვნებას.

ნინიკო - (გაოგნებული) შენ რას მთავაზობ, მე ხომ შენ მიყვარხარ?

კოკა - (კბილებში გამოსცრის) მე არ მიყვარხარ, მე!

ნინიკო - (გაფითრებული) დაგავიწყდა, რა სიტყვებს მეუბნებოდი?

კოკა - როდის გეუბნებოდი?

ნინიკო - (უმწეოდ) მეუბნებოდი!

კოკა - (სწრაფად) ლოგინში არ ითვლება! არ იტირო! არ იტირო-მეთქი!

(ნინიკო სახეს ხელებში ჩარგავს და ტირის. კოკა ცდილობს დაამშვიდოს, თავზე ხელს გადაუსვამს).

კოკა - კარგი, დაწყნარდი, რას არ იტყვის გამწარებული კაცი... ისე მოულოდნელად დამატაკე ეგ ამბავი, რომ...

ნინიკო - შენ მე არ გიყვარვარ!

კოკა - ვინ გითხრა, სულელო?

ნინიკო - (ტირილს უმატებს) შენ... შენ მითხარი და მიყვირე კიდეც. ჩემთვის მამასაც კი არ უყვირია.

კოკა - (მოშლილი) უნდა ეყვირა, ქამრითაც უნდა ეცემე... (ყალბი ღიმილით) ასეთი მტირალა გოგო!

ნინიკო - (თავს სწევს და განცვიფრებით შეჰყურებს კოკას) არა, შენ ვიღაც სხვა ხარ, მე შენ ვერა გცნობ.

კოკა - გავმდიდრდები!

ელენე - (შემოდის) კოკა, გეძახიან!

(კოკა გადის)

სად აპირებ წასვლას არდადეგებზე, ბიჭები ბაკურიანში აპირებენ.

ნინიკო - არ ვიცი, ალბათ არსად.

კოკა - (შემოდის და კურტკას იცვამს) მე უნდა გავიდე ცოტა ხნით, ამხანაგი მეძახის.

ელენე - კი, მაგრამ, ნინიკოს არ უხდი ბოდიშს!

კოკა - ნინიკო შემინდობს, შინაურია!

(გადის)

ელენე - ყოველი მისი გასვლა ლახვარივით მცემს გულში. ისეთი ფათერაკიანია. შენ ხომ გესმის, ნინიკო, მის გარდა არავინ მყავს ქვეყანაზე.

ნინიკო - დიახ.

ელენე - რაღაც სევდიანი მეჩვენები!

ნინიკო - (მკრთალი ღიმილით) დავიღალე!

ელენე - ჰო, თუმცა გამოცდები... მოდი, ჩაი დავლიოთ!

(ნინიკო უღონოდ დაიქნევს თავს თანხმობის ნიშნად. ელენე ყურადღებით ჩახედავს, მაგრამ აღარას კითხავს და გადის. ცოტა ხანში კვლავ შემოდის და სუფრას აწყობს).

ნინიკო - (წამოიწევს) დაგეხმარებით!

ელენე - დაჯექი! აბა, რა დახმარება მჭირდება?!

ნინიკო - ნუ წუხდებით!

ელენე - ნინიკო, ნუ შემაწუხე შენი კარგი აღზრდილობით, რა შეზუხებაა, პირიქით, მიხარია, შენთან ერთად ყოფნა. ვინ იცის, იქნებ არც მოგეწყინოს ჩემთან.

ნინიკო - რას ბრძანებთ?

ელენე - (პაუზის შემდეგ) ნინიკო, კოკა როგორი ბიჭია.

ნინიკო - (ჩაფიქრების შემდეგ) რთული!

ელენე - რთული?

ნინიკო - ძალიან მრავალწახნაგოვანია... ერთბაშად ვერ გაუგებ.

ელენე - (ცოტა არ იყოს ნაწყენი) მეგობრებს ძალიან უყვართ!

ნინიკო - (გაუღიმებს) მეც მიყვარს!

ელენე - (ჩაფიქრდება) ძალიან ნათელი ბავშვი იყო. ცოტა სევდიანიც გახლდათ... შემდეგ მამლაყინწობა დაიწყო. ქუჩა, ჩხუბები, უიმედო სიყვარულები, რომლებსაც თვითონვე იგონებდა, მოსწონდა რომანტიული კაეშანი... (იცინის) ლექსებს წერდა, სხვათაშორის არცთუ ისე ცუდად... შემდეგ გატლანქდა, რაღაც ნიღაბს ეძებს აქამდე... მაგრამ მე მჯერა, რომ მობეზრდება ეს ძებნა და ისევ ისეთი ნათელი ბიჭი დამიბრუნდება... (ხაზგასმით) უფრო სწორად, დაგვიბრუნდება, ნინიკო, შენ, მე, თავის მეგობრებს. ამიტომაა, რომ არ ვაწუხებ ზედმეტი ჭკუის სწავლებით.

ნინიკო - (არ პასუხობს. რაღაცაზე ჩაფიქრებულა. შემდეგ გამოერკვევა) კოკას ლექსები ხომ არა გაქვთ?

ელენე - სამწუხაროდ არა. უნივერსიტეტში პირველ კურსზე მისი ლექსების განხილვა მოეწყო. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დისპუტმა, მაგრამ ხომ იცით მისი ხასიათი... მინიმალური კრიტიკა და სახლში დაბრუნებისთანავე ყველა ლექსი დაწვა, ერთიც არ დაიტოვა.

ნინიკო - (საათზე დაიხედავს, დეიდა ელენე... დიდი მადლობა...

ელენე - (სერიოზულად) ნინიკო, არ მინდა ასეთი განწყობით წახვიდე აქედან. დაელოდე კოკას. მე ხელს აღარ შეგიშლი... (საათზე დაიხედავს) ახლა მოწაფე უნდა მოვიდეს ჩემთან... შენ ჩამოჯექი, მუსიკა ჩართე... მეც მალე შემოგიერთდები.

(გადის)

ნინიკო - (მარტო რჩება, ნიკაპს მუჭზე ჩამოსდებს და სევდიანად ჩაილაპარაკებს).

ვაიმე, ჩემო დედიკო... გაცოცხლდი რა!!!

(მუსიკას ჩართავს, მკლავებს კეფაზე შემოიჭდობს და ცოტახანს ასე ტრიალებს ადგილზე. შემდეგ ჩაიცვამს და ჩუმად მიდის).

 

სურათი მეხუთე

ავანსცენაზე კოკა და ნინიკო. ეტყობა ორივეს სცივა. თბილად არიან ჩაცმულნი.

 

ნინიკო - (უიმედოდ) რა ვქნათ, კოკა?

კოკა - შენამდე ეგ შეკითხვა ჩერნიშევსკიმ დასვა.

ნინიკო - კოკა!

კოკა - ჰო, თუმცა... მე ხომ პოტენციური მამა ვარ, რა დროს ხუმრობაა! (აცემინებს)

ნინიკო - (მექანიკურად) სიცოცხლე.

კოკა - გმადლობთ!

ნინიკო - როგორ ცივა!

კოკა - შენ აირჩიე ეს ადგილი!

ნინიკო - ავირჩიე, იმიტომ, რომ დეიდა ელენეს ვერ ვუყურებ თვალებში.

კოკა - ნინიკო... უნდა დამიჯერო, სხვა გამოსავალი არა გვაქვს... მე ყველაფერს მოვაგვარებ! ჩემი ნაცნობის დეიდა სახლში ღებულობს... ავადმყოფებს. არ შემაწყვეტინო!

ნინიკო - კოკა, კოკა, რა მოგდის?

კოკა - მაგას კითხვა უნდა!

(აცემინებს).

ნინიკო - (ნერვიულობს) სიცოცხლე!

კოკა - (ასევე ნერვიულად) გმადლობთ! მოკლედ, ხვალ უნდა მივიდეთ!

ნინიკო - კოკა, რამ გამოგცვალა ასე?! შენ ხომ ლექსებს წერდი?

კოკა - მერე და ახლა რა ვქნა, აბორტების საწინააღმდეგო ტრაქტატი დავწერო?

ნინიკო - ნუთუ ეს შენა ხარ?!

კოკა - ნინიკო, მელოდრამატიზმის გარეშე, გთხოვ! (დაცემინებას აპირებს).

ნინიკო - (ისტერიულად) აღარ დაამცხიკვო!

კოკა - (გაოცებული) რა არ ვქნა?

ნინიკო - ნუთუ შენთვის გაუგებარია, რომ მიყვარხარ, რომ არ შემიძლია ასეთს გიყურო.

კოკა - როგორს, გრიპიანს?

ნინიკო - მე შენ მიყვარხარ, გესმის?!

კოკა - შექსპირრრ!

ნინიკო - (სახე ეყინება) იცი, დეიდა ელენე ცდება! შენ ნიღაბს არ ეძებ, შენ ნიღაბს არ ეძებ, შენ სწორედ ასეთი ხარ! (კოკა აცემინებს)

ნინიკო - სიცოცხლე!

კოკა - დამანებე რა თავი, შენი სიცოცხლის ძახილით!

ნინიკო - კოკა!

კოკა - (მოშლილი) თავმოყვარეობა არა გაქვს?!

ნინიკო - თავმოყვარეობა? რა დროს თავმოყვარეობაა, როცა გიყვარს!

(კოკა აცემინებს, ნინიკო გარბის)

კოკა - (ამოიოხრებს) ეს რა ხათაბალაში გავები!

(აცემინებს და გადის).

სურათი მეექვსე

კოკას ოთახი. კოკა კვლავ საწერ მაგიდასთან ზის სქელტანიანი წიგნებით გარშემორტყმული. ხელში ქაღალდის საჭრელი დანა უჭირავს და ფურცლებს ჭრის.

 

(ტელეფონის ზარი)

კოკა - მეექვსე რაიმილიცია გისმენთ!

(ღიმილით ატრიალებს ხელში ყურმილს) რა მოსხლეტით დაკიდა ლუიზას სატრფომ?!

(განაგრძობს ქაღალდების ჭრას. ზარის ხმა კარზე. კოკა კარს აღებს და ხასიათწამხდარი ბრუნდება უკან ნინიკოსთან ერთად. ნინიკო საცოდავად მობუზულა სიცივისგან, გათოშილ ხელებს ითბობს და სველ თმას იმშრალებს).

კოკა - მაგრად თოვს?

ნინიკო - ძალიან.

კოკა - (პირსახოცს აწვდის) გაიმშრალე თმა... ქოლგა არ გქონდა?

ნინიკო - (გათიშული გამომეტყველებით) ტროლეიბუსში დამრჩა.

კოკა - ხომ არ გშია?

ნინიკო - ძალიან სტუმართმოყვარე ხარ, ყოველ მოსვლაზე ერთი და იგივე შეკითხვას მაძლევ!

კოკა - მოდი, ვისადილოთ!

ნინიკო - არ მინდა, მეცადინეობდი, ხელი შეგიშალე!

კოკა - ვებოდიშოთ ერთმანეთს და ვატაროთ ასე დრო!

ნინიკო - გიხარია, სწავლას რომ ამთავრებ?

კოკა - არ ვიცი.

ნინიკო - გამოთიშე რა! (მაგნიტოფონზე მიუთითებს).

კოკა - კი, ბატონო, წინათ ძალიან გიყვარდა?!

ნინიკო - შეიძლება დავრეკო?

კოკა - (ეცინება) არა, არ შეიძლება. იცი, მკლავს შენი ზრდილობიანობა!

ნინიკო - (რეკავს) მამა, მიხვედი სახლში?

კოკა - არა, ჯერ არ მისულა!

ნინიკო - მამა, გადაწყდა ჩვენი პრაქტიკის ამბავი... ჰო, ორი თვით, ტალინში! მთელი ჯგუფი უკლებლივ... როგორი ხმა? ჩვეულებრივი ხმა მაქვს! კი, მიხარია! მართლა მიხარია, რატომ არ გჯერა! ამხანაგთან... შენ არ იცნობ! სადილი აივანზეა... მალე მოვალ.

(კიდებს ყურმილს და მოულოდნელად ატირდება)

კოკა - (გაკვირვებული) რა გატირებს?

ნინიკო - მიყვარს მამა...

კოკა - შენ ხომ არ აურიე ამ ბოლო ხანებში?

ნინიკო - წესიერად მელაპარაკე!

კოკა - ძველი ბიჭიც გახდი, ტონალობას მიკონტროლებ!

ნინიკო - (თავისთვის) სახლში შესვლა არ მინდა, არაფერი დამიმალავს მამისთვის... ახლა კი...

(ტელეფონის ზარი).

კოკა - გისმენთ! 22-23-55? ჩვენ საერთოდ არა გვაქვს ტელეფონი!

ნინიკო - იცი რა მომეწონა პირველად შენში?

კოკა - რა?

ნინიკო - შენს წინანდელ რომანებზე რომ არ მიყვებოდი!

კოკა - რა გაგიკვირდა, დედაკაცი ხომ არა ვარ?

ნინიკო - კიდევ რა მახსოვს იცი?..

კოკა - (გაღიზიანებით) ნინიკო, დავანებოთ ამ ლირიკულ წიაღსვლებს თავი! დარწმუნებული ვარ, რომ მშვენიერი მეხსიერება გაქვს!

ნინიკო - (ჩამწყდარი ხმით) კარგი!

კოკა - (რბილად) მაპატიე, გამაწამა ამ დიპლომმა. ადვილად ვღიზიანდები!

ნინიკო - გასაგებია, ბებია სად არის?

კოკა - სასაფლაოზე!

ნინიკო - დედა და მამა ერთად არიან დაკრძალული?

კოკა - ჰო.

ნინიკო - დედა გახსოვს?

კოკა - რამდენჯერ უნდა მკითხო? და საერთოდ რა "გახსოვს", "გახსოვს" აგიტყდა?.. საიდან უნდა მახსოვდეს, როცა ჩემს დაბადებას შეეწირა.

ნინიკო - მაპატიე.

კოკა - გპატობ, ბატონო!

(მოუთმენლად ცემს ბოლთას ოთახში და საათზე იხედება).

ნინიკო - (ნაღვლიანად) გეჩქარება სადმე?

კოკა - (ჩაიბურტყუნებს) ისე რა... ნახევარ საათში უნდა გამომიარონ.

ნინიკო - წავალ მე...

კოკა - მოიცა. მე მგონი, მთავარზე არ გვილაპარაკია.

ნინიკო - მე არ ვიცი, კოკა...

კოკა - სამაგიეროდ, მე ვიცი! ზეგისთვის მყავს შეთანხმებული ის ქალი.

ნინიკო - მე არ წამოგყვები.

კოკა - ნინიკო, გონს მოდი, გირჩევნია!

ნინიკო - მე არ წამოგყვები.

კოკა - აბა რას აპირებ?

ნინიკო - ვიტოვებ.

(მოულოდნელად კვლავ ატირდება, მაგრამ სწრაფად მოსხიპავს ცრემლს).

კოკა - (გაოგნებული) და მე არც მეკითხები, ხომ?

ნინიკო - მე შენ გკითხე!

კოკა - (ყვირის) ხომ არ გავიწყდება, რომ ჩემს შვილზეა ლაპარაკი?!

ნინიკო - (მწარედ) მე არ მავიწყდება!

კოკა - (გვერდულად ჩამოუჯდება) ნინიკო, მომისმინე, ბავშვები ხომ არა ვართ?!

ნინიკო - შენ არა თქვი, ჯერ თვითონ ბავშვები ვართ, რა დროს ჩვენი ბავშვებიაო?!

კოკა - ნინიკო, ჭკუას არ გადამაცდინო!

ნინიკო - იცი, ერთი მშვენიერი აზრი მომივიდა თავში. მოდი ხელი მოვაწეროთ, გადავიხადოთ მშვენიერი ქორწილი, ბადრი და გელა შენი მეჯვარეები იქნებიან, ნანა და ლიკა ჩემი. წავიდეთ საქორწილო მოგზაურობაში გემით, მერე პატარაც გაჩნდება...

კოკა - აი, თურმე რა იდეები გაწუხებს; პრინციპში მე ველოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩამოაგდებდი ამ თემაზე საუბარს. იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო, ქორწინების სახლი ჩემთვის თბილისის გეოგრაფიაში არ არსებობს.

ნინიკო - მაშ არ გინდა, რომ შენი ცოლი გავხდე?

კოკა - შენ წარმოიდგინე, არა.

ნინიკო - მე კარგი ცოლი ვიქნები, ერთგული, მოსიყვარულე.

კოკა - (უეცარი დაეჭვებით) შენ ხომ არ დამცინი?

ნინიკო - არა, დასაცინი რა გჭირს. ერთი ეს მითხარი, რომ გიჩივლო რა მოხდება?

კოკა - (გაოგნებული) რომ მიჩივლო?

ნინიკო - ჰო, მილიციაში. შემაცდინა და ახლა ბავშვის მამობა არ სურს-მეთქი. მაშინ ალბათ ან ციხეში წახვალ, ან ცოლად შემირთავ, არა?

კოკა - (მწარედ ჩაიცინებს) გაიყიდე ბოლოს და ბოლოს, ახლა სინდისიც აღარ შემაწუხებს. დიდი ლოდი მომხსენი გულიდან. შენ რა იფიქრე, შანტაჟით შემაშინებდი? ციხეში წავალ, მაგრამ შენ არ შეგირთავ...

ნინიკო - (ყრუდ) კარგი, გაჩუმდი!

კოკა - არა, მომისმინე. შენ გგონია, იმას ვათქმევინებ, კოკა მხეიძემ მიქარა და ქალი შეეტენაო, გამორიცხულია! გამოჭერაზე რომ ხართ ყველა, მაგიტომ ვერ გიტანთ ახლანდელ გოგოებს. შენ იცი, რომ ამდენ ბიჭურ ორომტრიალებში შიში არ მიგრძვნია და მხოლოდ ახლა გავიგე, რა არის ცხოველური შიში, მას შემდეგ, რაც შენ გამომიცხადე, ბავშვი მეყოლებაო. ყოველ შენს მოსვლაზე გული მისკდება და მიცივდება. ციხეში წავალ და შენ არ შეგირთავ, იმიტომ რომ მძულხარ. იმიტომ რომ ხაფანგი ხარ, გესმის, ხაფანგი!

ნინიკო - გაჩუმდი, გაჩუმდი!

(წამოხტება, ხელს სტაცებს ქაღალდის საჭრელ დანას და მთელი ძალით ჩაარტყამს მკერდში კოკას).

კოკა - მაგ საქმისთვის უფრო წვეტიანი დანა უნდა შეგერჩია, ეგ ქაღალდის საჭრელია!

ნინიკო - (თითს გაიშვერს მისკენ) სისხლი!

კოკა - არაფერია, გაკაწრა მხოლოდ.

(ცხვირსახოცით იწმენდს სისხლს და ძირს დავარდნილ დანას იღებს) ასე რომ გზა ხსნილი გაქვს... (უცებ ამჩნევს, რომ გოგონას ციებიანივით აკანკალებს) რა გემართება?

ნინიკო - (კბილები უკანკალებს) ააარ ვვვიცი!

კოკა - მოდი, აქ დაწექი!

(ტახტზე დააწვენს ნინიკოს, გარბის და წყალი მოაქვს).

დალიე! (იცინის) რა წკაპაწკუპი აუტეხე ჭიქას? (ნინიკო ცოტა ხანს უძრავად წევს, შემდეგ ტახტზე ჩამოჯდება და თმას ისწორებს).

კოკა - ტალინში მიდიხარ?

ნინიკო - ჰო, პრაქტიკაზე.

კოკა - რა ხნით?

ნინიკო - შენ რა, მართლა დაიჯერე რაც გითხარი?

კოკა - მხოლოდ პირველ წუთებში, რომელი მომჩივანი შენა ხარ! მომისმინე, ჯანდაბას ჩემი თავი, მოვაწეროთ ხელი და ორ თვეში დავცილდეთ, ვითომ ხასიათებით ვერ შევეწყვეთ, მადლობა ღმერთს, არავის გაუკვირდება, პანტა-პუნტით ცილდებიან დღეს ერთმანეთს. ოღონდ ბავშვის მოცილება მაინც საჭირო იქნება, ასე გავაკეთოთ. ჩამოხვალ თუ არა, ხელს მოვაწერთ. ბევრი ხმაურის გარეშე...

ნინიკო - არა...

კოკა - რაო?

ნინიკო - ეს არ მოხდება, კოკა!

კოკა - (სასოწარკვეთით) აბა, მეტი რა ვქნა, გამაგებინე!

ნინიკო - დამშვიდდი. ალბათ არ უნდა მეწვალებინე ამდენ ხანს. კოკა, მე ახლა ერთი ადგილიდან მოვდივარ. ეს ერთი თვე, რაც შენ ეს ამბავი გაიგე, მე ბევრს ვყოყმანობდი... მოკლედ, მე თვოთნ გავაკეთე ყველაფერი.

კოკა - (გაოგნებული) რა გააკეთე?

ნინიკო - რაც ასე ძალიან გინდოდა. მოვიცილე!

კოკა - მართალს ამბობ?

ნინიკო - (წამოდგება) ჰო, (შეტორტმანდება, კოკა ხელს შეაშველებს) მე უნდა წავიდე!

კოკა - მოიცა, ერთი რამე ამიხსენი, რაში დაგჭირდა ეს გათამაშება?

ნინიკო - დამჭირდა. ახლა ბევრად უფრო ადვილი გახდა ყველაფერი.

(საწვიმარს იცვამს).

კოკა - (დარეტიანებული) გაგაცილებ!

ნინიკო - (ისტერიულად) არა! არა! არა!

კოკა - (შეშინებული) ჰო, კარგი, კარგი.

(ნინიკო გადის. კოკა ცოტა ხანს უმიზნოდ დაბორიალებს, შემდეგ სავარძელში ჩაეშვება, ცხვირსახოცს მკერდში ჩაიფენს და დაბნეულად გაშლის მკლავებს).

პირველი მოქმედების დასასრული

 მოქმედება მეორე

 

 

სურათი მეშვიდე

 

 

ოთახი, კოკა და ბებია საუზმობენ. ბიჭი რაღაცაზე ძალიან ჩაფიქრებულია, ხანდახან ლუკმაც უჩერდება პირში.

 

ელენე - რა გემართება?

კოკა - (გამოერკვევა) არაფერი.

(სიგარეტს უკიდებს).

ელენე - დაამთავრე საუზმე.

კოკა - აღარ მინდა.

ელენე - ბოლო ხანებში რაღაც აფორიაქებული ხარ.

კოკა - გეჩვენება.

ელენე - (პაუზის შემდეგ) კოკა, სად გაქრა ნინიკო?!

კოკა - (მხრებს აიჩეჩავს) აბა, მე რა ვიცი?!

ელენე - რატომ არ იცი?

კოკა - რატომ უნდა ვიცოდე?!

ელენე - რამე მოხდა თქვენს შორის?

კოკა - ბები, შენ წინათ არ იცოდი ასეთი ჩაციება!

ელენე - ნუ გიკვირს, არც ისე დიდი დრო დამრჩა შენს გვერდით სამყოფად, რომ შენს საქმეებში არ ჩავერიო!

კოკა - არც მასეთ ლაპარაკს ვარ შენგან ჩვეული.

ელენე - როგორ ლაპარაკს?

კოკა - წუწუნა ბებიების...

ელენე - (იცინის) იცი, რას გეტყვი, შენ მაგ კონტრშეტევებს თავი დაანებე. პასუხი გამეცი შეკითხვაზე.

კოკა - რა გინდა, ბები, ამიხსენი!

ელენე - შენ ხომ გიყვარს ნინიკო!

კოკა - ცდები!

ელენე - იქნებ შენ ცდები? იქნებ ის იდუმალი ფანტომი, რომელსაც დაეძებ, გვერდზე გყავს და შენ კი ვერ ხვდები ამას!

კოკა - (მოშლილი) ბები, დამანებე თავი!

ელენე - (მკაცრად) როგორ მელაპარაკები!

კოკა - ბოდიში, (პაუზის შემდეგ) მე თვითონ ვერ გავრკვეულვარ რაღაც-რაღაცეებში ჯერ რიგიანად!

(ელენე მაგიდას ალაგებს)

კოკა - (ეხმარება) ხომ მაპატიე?

ელენე - ნუ გამგუდე სიგარეტით!

(გადის. კოკა ცოტა ხანს უმიზნოდ სცემს ბოლთას ოთახში. შემდეგ ჯდება, დანას მოიმარჯვებს და ფანქრების გათლას შეუდგება. ჟამი-ჟამ ჩაფიქრდება და თვალი უშტერდება. ბოლოს დგება, გაუბედავად მიდის ტელეფონთან. ცოტა ხანს ხელში ატრიალებს ყურმილს. მერე კი თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რიცხვს კრეფს).

კოკა - (ხმადაბლა) ნინიკოს სთხოვეთ! (სახე ეცვლება) წავიდა! სად წავიდა?.. ტალინში? გუშინ? მე ამხანაგი ვარ! ბოდიში... კარგად ბრძანდებოდეთ!

(უძრავად დგას ოთახში, შემდეგ სწრაფად კრეფს ნომერს).

ბადრი, კოკა ვარ! მომისმინე, სასწრაფოდ მჭირდება ფული! ტალინში მივდივარ! გელასაც დაურეკე! რამდენსაც იშოვით! რა დროს ხუმრობაა, ხომ არ გაგიჟდი! მართლა, მართლა... კარგი, გადმომირეკე! (კიდებს ყურმილს, მაგიდის უჯრას გამოაღებს და ფულს ითვლის) ბები!

(შემოდის ელენე, ძველმოდური, გრძელი თეთრი კაბა აცვია, თითქოს ოცი წლით გაახალგაზრდავდა კიდეც).

კოკა - (გაკვირვებული) რა ამბავია, ქალბატონო, ამხელა სილამაზე რომ დაგვატეხეთ თავზე?!

ელენე - (სიცილით) უეცრად ძალიან მომინდა ჩემი ყმაწვილქალობისდროინდელი კაბის ჩაცმა... ამ კაბასთან ხომ დიდი მოგონებები მაკავშირებს. მხეიძეები ყველა ნარჩევი ვაჟკაცები იყვნენ, მაგრამ ბაბუაშენი მათშიც კი მარგალიტივით გამოირჩეოდა, ჭკუას ვკარგავდით მის გამო გოგოები... და უეცრად, ვამჩნევ, რომ ბოლო დროს რაღაც უხშირა ვიზიტებს ჩვენს სახლში. ზის ქანდაკებასავით მაგიდასთან, თვალს არ მაშორებს და აბდაუბდად პასუხობს მამაჩემს შეკითხვებზე... ერთხელაც ბზობაზე წამიყვანა ეტლით... მაშინ ჯერ კიდევ იყო ეტლები. დედაჩემს ვეჩხუბე, რა წესია, ქალიშვილ ქალს მარტო რომ მატანთ მაგ კაცს-მეთქი, მიპასუხა: ელიზბარ მხეიძე ჭეშმარიტი რაინდია და უმწიკვლო რეპუტაციის პატრონიო, უხერხული იქნება დაუსაბუთებელი უარი ვუთხრათ და თავმოყვარეობა შევულახოთო... ძალიან ამაყი კაცი იყო ბაბუაშენი, კოკა! სხვა რა დამრჩენოდა, წავყევი ბზობაზე... ეტლში ასასვლელად ხელი რომ გამომიწოდა, კინაღამ ფეხები წამერთვა... (იცინის) წავედით ასე ჩაქჩაქით სიონისაკენ... გაბუტულებივით ჩუმად ვსხედვართ, ხმას არ ვიღებთ... არც ერთი... მალულად თვალი შევავლე და ვხედავ, კაცის ფერი არ ადევს... სიონს რომ მივუახლოვდით, ეტლი გაჩერებინა, გადავიდა და რევოლვერი საფეთქელზე მიიდო... დგას ასე ფერდაკარგული ეს მშვენიერი ვაჟკაცი და მეუბნება - ელენე, მრავალსიტყვიანობით არ შეგაწუხებთ, ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელშია, ან ეხლავე წმინდა გიორგის ხატთან სიყვარულს შემომფიცავთ, ანდა, ჩემი სიკვდილის ნახვით აქ არ შეგაწუხებთ, ისე კი თავს არ ვიცოცხლებო.

კოკა - (სიცილით) უყურე ერთი, რა ოპერატიულად მოქმედებდა ბაბუაჩემი! შენ რაღა უპასუხე, ცოტა მაინც არ გაიკეკლუცე?

ელენე - სად იყო, ბიჭო, ამის დრო?! ვინ მაცალა განაზება, გული გამისკდა, რამე ისეთი არ ვთქვა და არ დაიგრიალოს საფეთქელში ტყვია-მეთქი... შენნაირი გადარეული იყო ისიც! სხვათაშორის, გარეგნულადაც და ხასიათითაც გაჭრილი ვაშლივით გავხარ ელიზბარს... ჰოდა, სხვა რა დამრჩენოდა, დავიფიცეთ ხატის წინ. ორი კელაპტარი დავანთეთ და დიდხანს ვიდექით გალობითა და საკმევლის სუნით გაბრუებულნი... საკმაოდ ლამაზი წყვილი ვიყავით მაშინ! დაბრუნებისას, სახლს რომ მივუახლოვდით, ელიზბარმა ბზა გამომართვა და ხელზე მეამბორა, და უეცრად ღია ფანჯრიდან გაისმა "რიორიტას" ჰანგები...

(სადღაც ყრუდ შემოდის "რიორიტას" მელოდია).

კოკა - რიორიტა რა არის?

ელენე - სიმღერა იყო ასეთი. საცეკვაო... და მას შემდეგ ეს კაბა და "რიორიტა" იმ ბზობას, იმ საღამოს მაგონებს.

კოკა - ბები, მაპატიე, ცოტა პროზაულ საქმეზე რომ დაგელაპარაკო, შენი მშვენიერი მონაყოლის შემდეგ. ფული მჭირდება სასწრაფოდ!

ელენე - რამდენი?

კოკა - აი, ჩემი კოსტუმისთვის რომ გაქვს გადადებული, ზუსტად ის თანხა მჭირდება.

ელენე - (ნაღვლიანად) მერე და კოსტუმი?

კოკა - ბები, ვერ წარმოიდგენ როგორ მჭირდება, ტალინში მივდივარ ორი დღით, ნინიკოსთან.

ელენე - ნინიკოსთან? (გაიღიმებს) კარგი. (გადის ფულის მოსატანად. ზარის ხმა, კოკა კარს აღებს).

ლენა - (შემოიჭრება ოთახში ყვირილით) რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, წყალი ნუ გრჩებათ მოშვებული-მეთქი. ახლა ჩამოდი და შენი ხელით მოწმინდე იატაკი!

კოკა - (ვედრებით) ჩუმად! ჩუმად! გთხოვთ! ხვალვე მოვიყვან მუშას და...

ლენა - ხვალისა ხვალ იყოს, ბატონო, ახლა კი ჩამობრძანდი, მაგ თავადიშვილობა მოიშალე და შენი ხელით მოწმინდე იატაკი!

კირილე - (რომელიც უძრავად დგას მის გვერდით) დამშვიდდი, ლენა!

ლენა - ჩამოხვალ თუ არა?

კოკა - (მოთმინებადაკარგული, ვედრებით) ჩამოვალ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ნუ ყვირით და ბებიას ნუ გააგონებთ! მაცალეთ, წყალს გადავკეტავ.

(გარბის და წამსვე შემორბის).

ლენა - რა ვქნათ, აბა, კალოშებით ვიაროთ საკუთარ სახლში?

კირილე - დამშვიდდი, ლენა, გენაცვალე!

კოკა - (მოშლილი) გავიდეთ. მე გავამშრალებ თქვენს იატაკს, ოღონდ დროზე გავიდეთ აქედან.

ლენა - მხეიძეობა და კნიაზობა მეფის დროს იყო, ახლა ყველა ერთნი ვართ...

კირილე - ნუ აიშლი ნერვებს, გენაცვალე!

ლენა - დამანებე ერთი თავი, თუ ღმერთი გწამს!

(გადიან. ცოტა ხანში შემოდის ელენე, ფულის შეკვრით ხელში და დაბნეულად ათვალიერებს ოთახს).

ელენე - კოკა, კოკა!

(გადის სამზარეულოში. იქიდან ისმის მისი ძახილი) კოკა! ნეტა, რა იქნა ეს ბიჭი?

(ჩამოჯდება სკამზე და დაბნეულად იწყებს ფულის თვლას, შემდეგ ფულს გვერდზე გადასდებს, ნიკაპს ხელისგულზე ჩამოაყრდნობს და ჩაფიქრდება. სადღაც შორს გაისმის "რიორიტას" მელოდია. ტელეფონის ზარი. ელენე ფიქრებიდან გამოერკვევა და ყურმილს იღებს).

ელენე - ალო... ოჰ, ბადრი, გამარჯობა!.. გმადლობთ, მშვენივრად... არ ვიცი, ხუთი წუთის წინ ოთახში იყო და უცებ სადღაც გაქრა... შეიძლება მეზობლებთანაა... პალტო არ ჩაუცვამს... კარგი, ვეტყვი...

(ყურმილს კიდებს და დგება, რამდენიმე ნაბიჯს გააკეთებს და უეცრად შეტორტმანდება, ძლივს შეინარჩუნებს წონასწორობას, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვრის).

ღმერთო, რა მემართება (შეშინებული) კოკა, მიშველე, კოკა! (უღონოდ ქანაობს აქეთ-იქით. შემოდის კოკა, ვერ ამჩნევს ბებიას და მთელი ძალით ხეთქავს კედელს მუშტს).

ელენე - (სუსტად) კოკა!

კოკა - (ახლაღა შეამჩნევს ბებიას არაბუნებრივ პოზას) რა დაგემართა?

ელენე - არ დამძრა ადგილიდან, საშინელი ტკივილია, კოკა!

კოკა - (შეშინებული) რა მოგდის, ბები?

ელენე -(ნაწყვეტ-ნაწყვეტ) მაგრად ჩამიკარი, მივდივარ, კოკა, მგონი გტოვებ მარტო, ჩემო ბიჭო!

კოკა - ბები!

ელენე - (თვალდახუჭული) მინდოდა სიკვდილის წინ ღიმილი დამეტოვებინა შენთვის, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია გაღიმება...

კოკა - (ღრიალებს) ექიმი, ექიმი სწრაფად! სასწრაფოში დავრეკავ!

ელენე - არა, არა, არ გამიშვა ხელი... არ დაუთმო ჩემი თავი, იქ სიცივეა, სიბნელე... არ გამიშვა კოკა, არ მინდა! ტახტამდე ვერ მივალ, მოდი, აქვე დამაწვინე...

(ბებია-შვილიშვილი იატაკზე ეშვება. კოკა მუხლებში ჩაიდებს ბებიას თავს) კოკა, მივდივარ... არ დაანებო ჩემი თავი, მეშინია... მეშინია... (ხმა უწყდება და გაირინდება).

კოკა - (მკერდში ჩაიკრავს მის სახეს და დაჭრილივით ბღავის).

არააააა!

(მძლავრად და მხიარულად შემოიჭრება "რიორიტას" მელოდია).

 

სურათი მერვე

 

 

კოკას ოთახი. აულაგებელი მაგიდა, აულაგებელი ტახტი, უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი სკამები. შემოდის კოკა, ხელში გაზეთში გახვეული კონსერვები და პური უჭირავს. პალტოს საყელო აწეული აქვს, წვერი კარგა ხნის გაუპარსავი და, საერთოდ, ძნელი საცნობია, ისეა მოტეხილი და მოშვებული. პალტოს იქვე სკამზე მიაგდებს, დაიფერთხავს დამტვერილ პიჯაკს, გადის და ცოტა ხანში უკან ბრუნდება, ხელში პირსახოცი უჭირავს, შეიმშრალებს ხელებს და პირსახოცსაც იქვე მიაგდებს. ჯაყვა დანით კონსერვს ხსნის და პურს ჭრის. ტელეფონის ზარი.

 

კოკა - გისმენთ... ჰო, გელა... სასაფლაოზე ვიყავი, ეს წუთია შემოვედი... ალბათ ორ კვირაში მოვრჩები საფლავს... არა, რა დახმარება, ისიც ზედმეტი იყო, რაც გააკეთეთ... არა, გელა, არ მინდა წასვლა... სახლში მირჩევნია ყოფნა... არა, არ გეწყინოს და მარტო მინდა დავრჩე... ნუ ამოხვალ! კარგი... ნახვამდის!

(კიდებს ყურმილს. მაგიდას უბრუნდება, დანას კონსერვის ქილაში ჩაყოფს და უხალისოდ, მექანიკურად იწყებს ჭამას. ტელეფონის ზარი).

კოკა - გისმენთ... ისევ ლუიზას ეძებ, ძმობილო? რა გიყო, რითი დაგეხმარო, არ იცი ჩვენი ტელეფონების ამბავი?! რას ამბობ, სრულებით არ მაწუხებ, პირიქით, ორი დღე რომ არ დარეკავ, თითქოს მაკლიაო რაღაცა გულზე... ასე რომ, არ მოგერიდოს!

(კიდებს ყურმილს და კვლავ მაგიდასთან ჩამოჯდება. ცოტა ხანს უძრავად ზის რაღაცაზე ჩაფიქრებული, შემდეგ გამოერკვევა, უხალისოდ მოციცქნის პურს და ჭამას განაგრძობს. კვლავ ზარის ხმა, ამჯერად კარზე რეკავენ. კოკა წამოიზლაზნება და გადის).

კოკა - (გაკვირვებული) მობრძანდით!

კირილე - (შემოდის. ხელში კონიაკის ბოთლი უჭირავს) აქა მშვიდობა!

კოკა - დაბრძანდით.

კირილე - (ჯდება, კონიაკის ბოთლს მაგიდაზე დებს) არ გაგიკვირდეს, ჩემო კოკა... უცებ მომინდა მეზობელთან ერთი ჭიქა სასმელი ამეწია! ხომ იცი, კარგი მეზობლობა... (შეცბება) შენ გულში ხომ არ ჩაიდე იმდღევანდელი?.. ლენა კაი გულის ქალია, მაგრამ ხანდახან რო გაბრაზდება...

(წამოდგება, ჯიბეებს მოიჩხრეკავს და სიგარეტს იღებს) შენც შეირთავ ცოლს და ნახავ, რა ჯურის არიან ქალები... მაგრამ (კირილე თითს აწევს გამაფრთხილებლად) ლენაზე ვინმეს გადაბრუნებული რომ წამოცდეს, სისხლს დავღვრი, იცოდე!

კოკა - (ცივად) მე რატომ მეუბნებით ამას?

კირილე - შენ მოგიკვდა ჩემი თავი, მაგი რავა იფიქრე, შენ არ გგულისხმობდი... (კონიაკს გახსნის) არაა წესი საკუთარი სასმელით მოსვლა, მარა... (კოკას ჭიქები მოაქვს, კირილე ჩამოასხამს) ბიძაშვილი გავაცილე ახლა... ერთი ბოთლი კონიაკი იმასთან ერთად გავჭყლიტე... კაი ადგილას მუშაობს, ასეა! (თითს მიიტანს ყელთან) ჰო, ვუთხარი შენი ამბავი... გაგაფორმებს მუშად. თვეში სამას მანეთამდე გექნება, კვირაში ორჯერ დაგჭირდება მისვლა, ისიც ფასონად... სამასი მანეთი გექნება პენსიასავით!

კოკა - გმადლობთ, მაგრამ...

კირილე - რა მაგრამ?

კოკა - მე სხვა პროფესია მაქვს.

კირილე - მუშის სახელს თუ თაკილობ, არ ვიცი და... თითის თითზე დარტყმა არ დაგჭირდება.

კოკა - რატომ ვთაკილობ? მე უკვე ვმუშაობ მეტროში, ღამის ცვლაში.

კირილე - (რატომღაც შეშინებული) რავა, ბურღავ?

კოკა - (იცინის) არა, იქ პროფესიონალები მუშაობენ... მე მხოლოდ ბიგელებს და ვაგონებს ვრეცხავ შლანგით... ესაა და ეს.

კირილე - მერე მაგ კაპიკების გამო იქცევ ჭაჭებს?

კოკა - ბატონო კირილე, მოდით დავანებოთ თავი ამ თემას. თუ გამიჭირდა, აუცილებლად მოგმართავთ.

კირილე - (ცოტა ნაწყენიც) კი, ბატონო...

კოკა - ისე კი, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი...

კირილე - (გამოცოცხლდება) შე კაცო, ერთმანეთს თუ არ გამოვადექით, რაღაა აბა ეს ცხოვრება? ამ ჭიქით, ჩემო კოკა, ქალბატონი ელენეს სადღეგრძელო-შესანდობარი უნდა დავლიო, თუმცა არ გვინდა შესანდობარი, როგორც ცოცხალს, ისე გაუმარჯოს!

(ფეხზე წამოიჭრება, კოკაც დგება).

დიდებული ქალი იყო ცხონებული ბებიაშენი, ჩემო კოკა, გაუმარჯოს და იქ გახარებოდეს შენი წარმატებები.

კოკა - (ჩუმად) გმადლობთ, ბატონო კირილე! დაბრძანდით რა!

(სხდებიან)

კირილე - მდაა. ესე იგი, შენ სულ მარტო ცხოვრობ, ახლა...

კოკა - დიახ! ხანდახან ჩემი მეგობრები ათევენ ხოლმე ღამეს.

კირილე - (თვალს ჩაუკრავს) მეგობარი გოგონები?

კოკა - (ზრდილობიანად იცინის) ბატონო კირილე, ერთი წამით თუ მომიცდით, კარტოფილს შევწვავ.

კირილე - ესეც საკმარისია მისატანებლად... შენ ერთი ეს მითხარი...

კოკა - ბრძანეთ!

კირილე - შენ ახლა... ისა... ბლომად გოგოებს იცნობ, არა?

კოკა - (გაკვირვებული) გოგოებს? კი, საკმარისად.

კირილე - (სუფრის გადასაფარებელს აწვალებს) ჰოდა, ისა... ახლა მარტო რომ ცხოვრობ შენ... ისა... ახლა მარტო რომ ცხოვრობ შენ... ისა... (ნაძალადევად იცინის) ალბათ ძაან მამაძაღლობ, ხომ?

კოკა - (ცივად) ვერ გავიგე...

კირილე - იცი, ეს ცხოვრება ისე მურდლადაა მოწყობილი, რომ ბოლო-ბოლო დავასკვენი, მაგაზე დიდი სიამოვნება არაა... ჰოდა, ისაა... ახლა, გამოჩნდება ხოლმე კაი ვარიანტი, ბინა კი არ არის. აი, ამასწინათ ერთი ცხენივით ქალი დავპატიჟე რესტორანში, ხუთი თუმანი დავხარჯე, წაყვანით კი ვერსად წავიყვანე...

კოკა - (მიხვდა რაშიცაა საქმე) ხავერა არა გაქვთ?

კირილე - ხავერა? (მიხვდა) ჰო, ჰო, სწორედ ხავერაზე ვამბობდი, ახლა მამაკაცები ვართ და რა გვაქვს ერთმანეთთან საპირფარეშო?! ჰა, ჰა, ჰა...

კოკა - საპირფარეშო მშვენიერი კალამბურია, ბატონო კირილე!

კირილე - (გამხიარულებული) ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რო ტყვილა ნუ გავაცდენთ დროს... შენ შენი გოგოები მოიყვანე... ხარჯებს კი მე გავიღებ... ისა... შამპანურის... პურმარილის... მანქანასაც დაგითმობ ხოლმე... და ასე კონსპირაციულად ვატაროთ ეს დრო. მეტი რა შეგვრჩება?

კოკა - მშვენიერი წინადადებაა, ბატონო კირილე, მოვიყვანოთ შხვართა-შხვართა გოგოები და გავახუროთ გრუპენ სექსები მთელი ამბებით... ოღონდ (უეცრად მოიწყენს) ერთი დაბრკოლებაა.

კირილე - (დამფრთხალი) რა დაბრკოლებაა, შე კაცო?

კოკა - (თავს ჩაქინდრავს) ქალბატონ ლენას როგორღა შევხედო თვალებში?

კირილე - რაო?

კოკა - მეუხერხულება რაღაც...

კირილე - კაცო, შენ არ გამაგიჟო? ვინ ეკითხება ლენას ამ ამბავს?

კოკა - მაინც მეუღლეა და...

კირილე - (განცვიფრებული) მერე რა?

კოკა - რა და როგორ შევხედო თვალებში?

კირილე - კაცო, ნუ შეხედავ ამ თვალებში!

კოკა - (ჩაფიქრდება) არ შევხედო?

კირილე - ჰო, აბა რას გეუბნები?! გამაკვირვე ახლა შენ ძალიან, ჩემო კოკა!

კოკა - თუმცა ეს პრობლემა არ არის. ესე იგი, სუფრის ხარჯებს თქვენ გაიღებთ?

კირილე - მაგი რა საკითხავია.

კოკა - ძალიან კი მეუხერხულება, მაგრამ ფირმა სიგარეტების ყიდვაც თქვენ უნდა ითავოთ. ბარიგებში ბლოკი სამი თუმანი ღირს, მე კი, მოგეხსენებათ, მაინც სტუდენტი კაცი ვარ...

კირილე - (გათავხედებული) ახლა მთლადაც ნუ გადავყვებით იმ კახპებს, "კოლხეთზეც" იოლად გადაივლიან.

კოკა - სწორი ბრძანებაა. ზედმეტი არაფერი ვარგა.

კირილე - ხო, თორემ ხომ იცი მაგათი ამბავი... (კონიაკს დაისხამს) შენ მე დამიჯერე და არ წააგებ (ფეხს ფეხზე გადაიდებს და ოთახს შეათვალიერებს) ახლა შენ მიალაგე აქაურობა, მთლად საღორეს ნუ დაამგვანებ...

კოკა - ახლა დავიწყო, თუ თქვენი წასვლის შემდეგ, ბატონო კირილე?

კირილე - მოესწრება. აბა, გაგვიმარჯოს! ჰო, მართლა, შენი ძმაკაცებიც არ აბორიალო ახლა ზედმეტად!

კოკა - დღეს საღამოთი შემიძლია მოვიყვანო ორი...

კირილე - ჰმ, კარგი იქნება...

კოკა - (შეიშმუშნება) ჰოდა... ისა... მერიდება კი...

კირილე - რა გერიდება ბიჭო, ფული? აჰა... რაც გადაგრჩეს შენთვის გამოიყენე.

კოკა - (ფულს გამოართმევს) სულ მინდოდა თქვენთვის მეკითხა, რამდენი წლის ბრძანდებით?

კირილე - ორმოცდახუთის, რა იყო?

კოკა - არაფერი, ესე იგი, არ იქნება მთლად უსინდისობა ჩემი მხრიდან... (არ ამთავრებს სათქმელს, მიდის კირილესთან, ნიკაპში მოკიდებს ხელს და ფულის დასტას მიარტყავს ცხვირში) ნუ ზმუი, ეს ერთი, ეს ორი! ეს სამი, ოთხი, ხუთი... აუჰ, ორმოცდახუთამდე რა ავა, ხელი დამეღალა!

(ხელს უშვებს. კირილე დამდუღრულივით წამოვარდება).

კირილე - დავაჭერინებ! დავაჭერინებ შენს თავს, კაცი არ ვიყო!

კოკა - (მშვიდად) ცხვირის ექსპერტიზა გააკეთებინე!

(ხელში ჩაჩრის კონიაკის ბოთლს და ფულს. კირილე გადის, კოკა მაგიდას ალაგებს)

კირილე - (უეცრად ისევ შემოაბოტებს) კარი ვერ გავაღე!

კოკა - რაო?

(აცილებს კარამდე, შემდეგ ბრუნდება, ჯიბიდან სიგარეტს ამოიღებს, უკიდებს და ტახტზე ჩამოჯდება, ზის ასე უძრავად, რაღაცაზე მწარედ ჩაფიქრებული. ტელეფონის ზარი).

კოკა - (ყურმილს იღებს) გისმენთ... დიახ! (სახე ეცვლება) ნინიკო, შენა ხარ?.. გამარჯობა! როდის ჩამოხვედი? ბებია აღარ არის... უკვე გაიგე? მოხვალ? როდის მოხვალ?.. ახლავე? (ყვირის) გელი! გელი!

(კიდებს ყურმილს და ცოტა ხანს გიჟივით დარბის ოთახში. არ იცის საიდან დაიწყოს მილაგება, ხან რას წაეტანება, ხან რას... შემდეგ სახეზე მოისვამს ხელს და ხვდება, რომ გაუპარსავია. სწრაფად დაიბერტყავს დამტვერილ პიჯაკს და პერანგს, წელზემოთ ტიტვლდება და აბაზანისკენ გარბის... სირბილით ბრუნდება უკან, ერთი ხელის მოსმით მოხვეტავს ჭურჭელს, საჭმლის ნარჩენებს და გააქვს. კვლავ გარბის აბაზანისკენ და ცოტა ხანში გაპარსული სახით შემორბის პირსახოცის ასაღებად. რამოდენიმე წუთის შემდეგ გაპარსული და სადღესასწაულოდ გამოწყობილი შემოდის ოთახში და უმიზნოდ სცემს ბოლთას. უეცრად მუსიკა წყდება და ყველაფერი ბნელდება).

კოკა - ოჰ, თქვენი დედა ვატირე! რა დროს გადაიწვა ეს ოხერი?!

(უჯრიდან სანთლების შეკვრას იღებს, გაანაწილებს ოთახის სხვადასხვა კუთხეში. ალაგებულ ტახტზე ჩამოჯდება და სიგარეტს უკიდებს. კაკუნის ხმა კარზე).

კოკა - (წამოვარდება და კარისკენ გარბის) ახლავე!

(შემოდის ნინიკოსთან ერთად. ნინიკოს კვლავ საწვიმარი აცვია, მას წვიმის მონოტონური ხმაური შემოჰყვება და მთელი მოქმედების მანძილზე თან გასდევს მათ საუბარს).

კოკა - გამარჯობა!

(უხერხულად ართმევენ ერთმანეთს ხელს)

ბოლო ხანებში სულ წვიმაში მოდიხარ! ქოლგა აღარ გრჩება ხოლმე?

ნინიკო - რა ქოლგა?

კოკა - ტროლეიბუსში რომ დაგრჩა მაშინ.

ნინიკო - ჰო...

კოკა - არ გაგიკვირდეს ეს სანთლები, სინათლე გადაიწვა. (ხდის პალტოს).

ნინიკო - კოკა, არ ვიცოდი დეიდა ელენეს ამბავი...

კოკა - ტალინში როგორ გაიგებდი!

ნინიკო - საოცრად დამწყდა გული!

კოკა - ბებიას ძალიან უყვარდი!

ნინიკო - ვიცი.

კოკა - (შუბლზე შემოიკრავს ხელს) სულ დამავიწყდა... (გარბის და შამპანურის ბოთლი შემოაქვს. მაგიდასთან სხდებიან).

კოკა - (შამპანურის ბოთლს ხსნის) გაუმარჯოს შენს დაბრუნებას.

ნინიკო - გაუმარჯოს.

კოკა - კმაყოფილი ხარ?

ნინიკო - მშვენიერი ქალაქია, პატარა, მყუდრო...

კოკა - მე ჩამოსვლას ვაპირებდი...

ნინიკო - სად?

კოკა - ტალინში, შენს სანახავად.

ნინიკო - ბებიამ დიდხანს იწვალა?

კოკა - არა. ჩემს ხელზე გარდაიცვალა. ყმაწვილქალობის დროინდელ კაბაში დავასაფლავეთ. საშინელი ქარი იყო!

ნინიკო - სიგარეტი მომეცი!

კოკა - შენ რა, ეწევი?

ნინიკო - ხანდახან...

კოკა - მამა როგორ არის?

ნინიკო - კარგად.

კოკა - ალბათ ძალიან მოენატრე!

ნინიკო - ჰო, ძალიან.

კოკა - მეც მომენატრე!

(პაუზა)

ნინიკო - მეც ბევრს ვფიქრობდი შენზე, კოკა! ძალიან ბევრს!

კოკა - გუშინ სასაფლაოზე შებინდებამდე დავრჩი. წამოსვლა რომ დავაპირე, შორს, სასაფლაოს სიღრმეში თვალი მოვკარი თეთრ საწვიმარს, შენ რომ გაქვს ისეთს. იქით გავქანდი და გვარიანად დავაფეთე ვიღაც გოგო... მერე უკანასკნელი ავტობუსი ჩამოდგა. სულ მარტო აღმოვჩნდი შავოსანი ქალებით გარშემორტყმული. იცი, ისინი ძალიან სხვანაირები არიან, ადამიანები, რომლებიც შებინდებამდე რჩებიან საჭირისუფლო საფლავებთან, ძალზე განსხვავდებიან ჩვენგან. ჰოდა, ვიჯექი იმ გადაშავებულ ავტობუსში და უეცრად საზარელმა, ენით აუხსნელმა შიშმა ამიტანა. დავინახე, რომ ყოველი მათგანი მე მომჩერებოდა... მიყურებდნენ შავოსანი ქალები და თითქოს მიღიმოდნენ კიდეც... უცნაური იყო ის მზერა... ბრძნული, ალერსიანი, მაგრამ თითქოს... როგორ აგიხსნა... იქიდან მიყურებდნენ... იმ ქვეყნიდან. თითქოს გარდაცვლილთა ლანდებს შორის აღმოვჩნდი. თვალები დავხუჭე და შევეცადე შენზე მეფიქრა... და როგორც კი შენი სახე დავხატე, წამსვე დავწყნარდი... რაღაც საოცრად კარგად ვიგრძენი თავი: ვიცი რა ტკივილი და შეურაცხყოფა მოგაყენე, მაგრამ არ შემიძლია უშენოდ. მიყვარხარ!

ნინიკო - მეც მიყვარხარ. მე შენ არ მიგატოვებ. ოღონდ ნუ გამახსენებ იმ ძველს.

(აქეთ-იქით იხედება), მოდი, მივალაგებ ოთახს.

კოკა - (ღიმილით შეხედავს) ამ ოთახის მილაგება ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე მოგიწევს. (მკერდში ჩაიკრავს) გიყვარვარ?

ნინიკო - მიყვარხარ!

(კოკა ნაზად კოცნის)

კოკა - (უეცრად უკან დაიხევს) რა გემართება?

ნინიკო - არაფერი.

კოკა - ქანდაკებასავით ხარ...

ნინიკო - (უეცრად გამოცოცხლდება) იცი, მე მაინც მივალაგებ აქაურობას. სად არის ცოცხი?

კოკა - რა დროსია!

ნინიკო - რა იცი, (სიცილით) იქნებ დიასახლისად მინდა ვიგრძნო თავი!

კოკა - (გაიბადრება) მაგ შემთხვევისთვის ცოცხი თქვენს განკარგულებაშია, ქალბატონო!

(მოაქვს ცოცხი და აქანდაზი. ნინიკო ასუფთავებს და ალაგებს ოთახს, რაღაც ნერვიული სისწრაფე იგრძნობა მის მოქმედებაში. კოკა ცდილობს დაეხმაროს მას).

ნინიკო - ხელს მიშლი! (ამთავრებს მილაგებას) ხელებს გადავიბან და მოვალ (გადის).

კოკა - (მკლავებს გაშლის და ყირას ჭიმავს).

ნინიკო - (ბრუნდება) ხომ არ გშია? გინდა რამე მოგიმზადო?

კოკა - არა. ნუღარ გახვალ!

(მკლავებს მოხვევს კვლავ და კოცნის).

ნინიკო, რაღაცაშია საქმე, რა გემართება?

ნინიკო - არაფერი, გეჩვენება!

კოკა - არა. რამდენჯერ ხელი მოგხვიე, იმდენჯერ მოიბუზე და აკანკალდი!

ნინიკო - მომენატრე ალბათ და იმიტომ. ხომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი.

(ახლა თვითონ მოხვევს მკლავებს, მაგრამ უეცრად ხელს კრავს, სახეზე აიფარებს ხელებს და ტახტზე დაემხობა).

ნინიკო - (ტირის ისტერიულად) არ შემიძლია, არ შემიძლია!

კოკა - (დაბნეულად) ნინიკო, ნინიკო!

ნინიკო - ვაიმე, არ შემიძლია!

(ტახტზე იკრუნჩხება და ტირის).

კოკა - (გაოგნებული) რა არ შეგიძლია?

ნინიკო - არ ვიცი.

კოკა - ნინიკო, რა მოგდის?

ნინიკო - არ შემიძლია!

კოკა - რას აიკვიატე ეს სიტყვა, რა არ შეგიძლია?

ნინიკო - მოვდიოდი და ვფიქრობდი, ყველაფერს დავივიწყებ, ის ახლა მარტოა, მას მე ვჭირდები...

კოკა - ვინ არის მარტო?

ნინიკო - შენ. შენ ხარ მარტო... ვფიქრობდი. ის ყველაფერს მიხვდა, მე ის მიყვარს, მიყვარს, მიყვარს... მაგრამ არ შემიძლია დავიწყება. მე შენ მიყვარდი! შენი ღიმილი, თავის შემობრუნება თუ ხმის გაგონება ჩემთვის დღესასწაული იყო. მიყვარდი! მაგიტომ დაგთანხმდი ბავშვის მოცილებაზე. ვეღარ გიყურებდი დამფრთხალს, ყალბს, უხეშს... სახედაკარგულს! შენ ხომ არ იცი, რა გრძნობაა, წვიმაში რომ მიდიხარ მარტო, აკანკალებული, გათელილი... როცა ექიმის მოსაცდელში ზიხარ და ექიმის ვაჟი დამცინავი ღიმილით პაემანზე გითანხმდება!

კოკა - მე იმას მოვკლავ!

ნინიკო - მე ბევრი ვიფიქრე იქ, იმ ქალაქში, მაგრამ გადაწყვეტით ვერაფერი გადავწყვიტე... ვიფიქრე, ჩავალ და ყველაფერი გაირკვევა-მეთქი და აი, გაირკვა კიდეც.

კოკა - რა გაირკვა?

ნინიკო - არ შემიძლია შენთან ყოფნა.

კოკა - ვერ მაპატიე?

ნინიკო - არა, აქ რაღაც სხვაა... შენ რაღაც იდეალს ეძებდი, მე კი ვერ დამინახე!

(წამოჯდება, ცრემლებს იმშრალებს).

კოკა - რა უნდა დამენახა, როგორ უნდა დამენახე. შენ ხომ არ მომეცი ამის საშუალება, წამითაც არ მაგრძნობინე, რომ პიროვნება ხარ, რომ საკუთარი რამე გაგაჩნია!

ნინიკო - იმიტომ, რომ შემიყვარდი, გესმის, შემიყვარდი! წამსვე აგყევი, მორჩილად, უხმოდ, ანგარიშმიუცემლად. იმიტომ, რომ კლდეს მეგონა ვიყავი შეფარებული. მე ხომ შენამდე ბიჭისთვისაც არ მიკოცნია... მეგონა, თუ გიყვარს, ქვესკნელშიც უნდა გადაყვე-მეთქი! თურმე არა, თურმე უნდა მეწვალებინე! ფხიზლად და შეუცდომლად, დროის მონაკვეთებზე უნდა გამენაწილებინა ჩემი მოწყალება! ხვალ კინოში წასვლაზე დავთანხმდები, ერთი კვირის შემდეგ კოცნის უფლებას მივცემ... ერთი თვის შემდეგ ცოტას ვაეჭვიანებ, ორი თვის შემდეგ... და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ეგ გინდოდა აუცილებლად?!

კოკა - მე მაშინაც მიყვარდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ამას. ვიღაცას ველოდი და შენი მოსვლა ვერ შევამჩნიე. ზედმეტად ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი. შენ რომ იცოდე, ერთი ორჯერ სიამაყეც კი ვიგრძენი, საკუთარი მამობის გამო, მაგრამ წამითაც არ მივეცი თავს ამაზე ფიქრის უფლება...

ნინიკო - ნუთუ შეიძლება ვერ მიხვდე ამას?

კოკა - შეიძლება. ბებიამ იცოდა ეს და მაგრძნობინა კიდეც!..

ნინიკო - როგორც კი რაღაც ნათელი გაგიჩნდებოდა თვალებში, წამსვე ამოტივტივდებოდა სიტყვა "ხაფანგი" და აღარ იცოდი, როგორ მოგეცილებინა თავიდან. სულ ეგ ხაფანგი გელანდებოდა.

კოკა - იქ, ტალინში ხომ არ მოხდა რამე?

ნინიკო - რა უნდა მომხდარიყო?

კოკა - იქნებ ვინმე შეგხვდა ჩემზე უფრო მიხვედრილი!

ნინიკო - კოკა, კოკა, მე რას გეუბნები, შენ კი რაზე ფიქრობ! შენ, რომელიც ხუთი თითივით მიცნობ, როგორ იფიქრე, რომ მე... შემეძლო ასე სწრაფად...

კოკა - სწრაფად, არასწრაფად, მე არ ვიცი. მერე რას აპირებ?

ნინიკო - ვერ გავიგე, რას მეკითხები?

კოკა - საერთოდ რას აპირებ?

ნინიკო - (უღიმღამოდ) რას უნდა ვაპირებდე, ვიცხოვრებ!

(კარზე კაკუნის ხმა გაისმის. კაკუნი მეორდება. შემდეგ კირილე შემოდის, ნინიკოს დანახვაზე შედგება).

კირილე - კარი ღია დაგრჩენია, კოკა!

კოკა - რა გნებავთ?

კირილე - ბოდიშს კი მოვიხდი ქალიშვილთან... შეიძლება, ერთი წუთით!

(გვერდზე გაყავს კოკა)

ახლა შენ წყენას ნუ ჩაიდებ გულში, არც მე ჩავიტოვებ. მართლა კი არ გიპირებ რაღაცას!

კოკა - მასე იყოს.

კირილე - ჰოდა ახლა... ისა... ლენას კი ნუ ეტყვი ამ ამბავს, არ დამღუპო, ბიჭო!

კოკა - (გაკვირვებული) მაგ რამ გაფიქრებინა, შე კაი კაცო!

კირილე - (შვებით ამოისუნთქავს) ხუმრობით გითხარი, თორე მაგას რავა იზამდი!

კოკა - კარგი, მერე ვეხუმროთ ერთმანეთს, ახლა დაკავებული ვარ!

კირილე - (თან მესაიდუმლის ღიმილით) ვხედავ, ვხედავ და მივდივარ!

კოკა - (უეცარი გაღიზიანებით) რას ხედავ, ჩემი მეგობარია.

კირილე - ჰო, მეგობარია, აბა რა!

კოკა - კირილე, ნერვები ნუ დამაწყვიტე. ერთი და იგივე ნუ გიტრიალებს ტვინში!

კირილე - (შემფრთხალი) კაცო, მე რამე ვთქვი? ვთქვი რამე? მეგობარია და ღმერთმა შეგარგოს!

კოკა - ოჰ, კირილე, კირილე, დიდი არასერიოზული კაცი ხარ, კირილე!

კირილე - (გადის და ბურტყუნებს) რა უნდა ამ კაცს ჩემგან, გიჟია ნაღდად! (გადის).

კოკა - (პაუზის შემდეგ) იქნებ ვცადოთ... იქნებ დავიწყოთ თავიდან! შენ ხომ გჯერა, რომ ახლა სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი.

ნინიკო - არ შეიძლება, კოკა, შენ არ გეგონოს აქ პატიება-არაპატიების ამბავი იყოს. ბოლოს და ბოლოს, ყველა ქალს ძალაუნებურად უხდება იმის გაკეთება, რაც შენ მაიძულე. ეგ არ არის მთავარი! მე არ შემიძლია დავივიწყო შენი შეშინებული, ყალბი სახე. მე არ შემიძლია დავივიწყო ის, რომ შენ, ჩემმა სათაყვანებელმა ბიჭმა, როგორც კი ხიფათი იგრძნე, სანგრის თხრა დაიწყე, შიგ ჩაწექი და მიწაც დაიყარე ზემოდან, არავინ დამინახოსო!

კოკა - საინტერესო ლიტერატურული შედარებაა! კარგია ყველაფერი რომ მითხარი, ახლა მეც ვეღარ გაპატიებ მაგ სიტყვებს!

ნინიკო - ვაწვალეთ, ვაწვალეთ ერთმანეთი და ორივე გადავიწვით!

კოკა - ცდები, მე ჯერ არ გადავმწვარვარ!

ნინიკო - (დგება) წავალ მე, კოკა!

კოკა - გაიხადე!

ნინიკო - რა თქვი?

კოკა - გაიხადე!

(მიდის მასთან და პერანგს ჩამოახედვს).

ნინიკო - (ცოტა ხანს უძრავად დგას და ნახევს გულდასმით ათვალიერებს) ნემსი და ძაფი მომეცი!

კოკა - ნემსი და ძაფი?

ნინიკო - (მშვიდად) ჰო, ნემსი და ძაფი! ასე ხომ არ წავალ?

კოკა - (მოულოდნელად, მორჩილად) კარგი!

(მიდის უჯრასთან)

რა ფერის ძაფი გინდა?

ნინიკო - ლურჯი!

კოკა - შავი მაქვს.

ნინიკო - სულერთია!

(კოკა აწვდის ძაფს და ნემსს. ნინიკო ცდილობს ძაფი ნემსში გაუყაროს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს ამას.

კოკა - ძალიან ძლიერი გახდი. ვეღარ გცნობ.

ნინიკო - მართლა, სულ მინდოდა მეკითხა, ბიჭები როგორ არიან?

კოკა - კარგად.

ნინიკო - ძალიან კარგი მეგობრები გყავს.

კოკა - ერთი მე ვარ ცუდი.

ნინიკო - არა, შენც კარგი ხარ, ყველას უყვარხარ!

კოკა - პირდაპირ ბურძგლავთ ტანში ჩემი სიყვარულით!

ნინიკო - მართლა, მართლა, შენ ბევრს უყვარხარ. ეს უნდა იცოდე.

კოკა - ვატყობ შავი სანთლები უნდა დამენთო, უფრო შეეფერებოდა სიტუაციას.

ნინიკო - გადაიწვა სინათლე?

კოკა - არა. გადაუხდელი მაქვს მთელი თვის და გადამიჭრეს ეტყობა!

ნინიკო - დიპლომი დაამთავრე?

კოკა - თითქმის.

ნინიკო - ახლა რას აპირებ?

კოკა - ზუსტად არ ვიცი... ასპირანტურას მთავაზობენ. მე მთათუშეთში ვაპირებდი წასვლას ორი წლით.

ნინიკო - (ოდნავ ირონიულად) მეცხვარედ?

კოკა - არა, მასწავლებლად. ძმადნაფიცები მყავს მთაში... თუმცა ახლა ვეღარ შევძლებ!

ნინიკო - რატომ?

კოკა - გამიჭირდება შენ რომ ვერ გნახავ.

ნინიკო - იცი, ძალიან მსიამოვნებს ამას რომ მეუბნები. მართლა, მართლა! და იცი, რა მგონია?

კოკა - რა?

ნინიკო - რომ ის გოგონა, რომელიც მომავალში შეგიყვარდება, ძალიან ბედნიერი იქნება შენთან, ამ ისტორიის შემდეგ შენ სხვანაირად მოეპყრობი მას.

კოკა - რას ნიშნავს სხვანაირად?

ნინიკო - უკეთესად, ვიდრე მე მომექეცი.

კოკა - არ იქნება ის სხვა...

ნინიკო - შეტრიალდი, უნდა დავაკერო.

(კოკა ზურგით შეტრიალდება)

კოკა - იცი, რა გამახსენდა?

ნინიკო - (აკერებს პერანგს) რა?

კოკა - მეათე კლასში ერთი გოგო მომეწონა...

ნინიკო - ვინ გოგო?

კოკა - შენ არ იცნობ. ჰოდა, საიდან არ მივუდექი, ვერაფერი გავაწყე, ახლოსაც არ გამიკარა, ერთი კვირა გავატარე ამგვარ წვალებაში, მერე კი ხელი ჩავიქნიე და უმტკივნეულოდ დავივიწყე ეს ამბავი... გავიდა ერთი წელიწადი და სრულიად მოულოდნელად, მისმა მეგობარმა გოგომ გამომიცხადა, რომ ლიას ძალიანაც მოსწონდი, მაგრამ თვლიდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ხარ და ზედმეტად ჩქარობო, ამიტომაც გადაწყვიტა ცოტა გაეწვალებინეო. ხომ წარმოიდგენ როგორ ამადუღებდა ეს ამბავი?! არ გასულა ამის შემდეგ ორი დღე და კონსერვატორიაში ვხვდები ლიას, მეგობრებთან ერთად იყო. იქვე დავაბზრიალე ბადრი და გელა და ისე მოვახერხე, რომ მარტო მე გამეცილებინა სახლში. იმ საღამოს დიდი თოვლი დადო თბილისწი. ფეხით წამოვედით და უეცრად, რატომღაც გადავწყვიტე შური მეძია მასზე და დამცინავად, ქედმაღლურად, კლარკ გეიბლის ღიმილით დავუწყე ლაპარაკი... გაოგნდა საწყალი გოგო, მე კი დარწმუნებული, რომ ხელში სამი ტუზი მიჭირავს, სულ უფრო და უფრო ვუმატებდი დოზებს. და უცებ, როცა ხელი გავუწოდე, აქ ფეხი არ დაგისხლტეს გენაცვალე-მეთქი, თვითონ დამისხლტა და ტყაპანი მოვადინე თოვლში. თანაც ხომ შეიძლებოდა მოხდენილად, სპორტულად წაიქცე, არა, მოჭრილი მორივით გავადინე ბრაგვანი. ვწევარ ასე თოვლში, მეყინება ცხვირი და ვფიქრობ, რა საშუალებით მოვიკლა თავი... მერე ავდექი ნირწამხდარი, გაბითურებული...

ნინიკო - (სიცილით) გოგომ რა თქვა?

კოკა - ხომ არ იტკინე რამეო? მოკლედ, სანამ სახლამდე მივაცილე, ექვსჯერ წავიქეცი. არ ვიცი რატომ მისხლტებოდა ასე უსაშველოდ ფეხი... სახლთან რომ მივიყვანე, გვარიანი ნაცემი ვიყავი, დალილავებული, თოვლჭყაპში ამოგანგლული! ლიამ მითხრა, ამოდი ერთი წუთითო, არა-მეთქი! მაშინ ეზოდან ნუ ჩახვალ, დიდი დაქანებაა, ქუჩით დაბრუნდიო, შენ ნუ ღელავ, არაფერი მომივა-მეთქი, შევდგი ფეხი დაქანებაზე და თურმე ნუ იტყვი, ბავშვებს წყალი დაესხათ სასრიალოდ... მოკლედ, ბოლო კადრი ის გახლდათ, თუ როგორ მისრიალებდა კოკა მხეიძე სამარცხივნოდ ფეხგაჩაჩხული ყინულზე.

(ორივე გულიანად იცინის).

სამი წელი ვემალებოდი მას შემდეგ, სადაც კი დავინახავდი, მეორე ქუჩაზე გადავდიოდი. გუშინ შემხვდა, გათხოვილა, ბავშვი მოყავდა ბაგადან... გავიხსენეთ ეს ამბავი და ბევრი ვიცინეთ.

ნინიკო - შეგიძლია მოტრიალდე!

კოკა - მორჩი?

ნინიკო - კი.

(საწვიმარს დაწვდა. კოკა ეხმარება ჩაცმაში).

კოკა - იქნებ მოიცადო, გადაიღოს წვიმამ.

ნინიკო - არა, უნდა წავიდე.

კოკა - წვიმაში მოხვედი და წვიმაში მიდიხარ.

ნინიკო - ჰო, (სევდიანად) მშვიდობით, კოკა მხეიძე!

კოკა - გაგაცილებ!

ნინიკო - არა (უეცრად შეაცქერდება) შენ რა, ტირი?

კოკა - ჰო, ვტირი.

ნინიკო - ნეტა მომეტყუებინე მაშინ და ყველაფერი ისევ ისე დამეტოვებინა.

კოკა - (ექოსავით) ნეტა მოგეტყუებინე!

(ნინიკო სწრაფად შეტრიალდება და გადის. კოკა გაქვავებულივით დგას, შემდეგ სანთლებს აქრობს. ბარბაცით მიდის ტახტთან და გულაღმა ეცემა ზედ. თანდათან ბნელდება და სიზმარისეული შუქი შემოდის სახლში).

(სცენის სიღრმიდან გამოჩნდება თეთრ კაბაში გამოწყობილი თვრამეტიოდე წლის გოგონა. კოკას ოთახში შემოდის და ინტერესით ათვალიერებას იქაურობას. კოკა ტახტზე წამოჯდება, საფეთქლებს ისრესს და ცოტა ხანს უაზროდ შესცქერის გოგონას).

კოკა - (ყოყმანი) დედა?

დედა - (სწრაფად შემოტრიალდება მხიარულად) კოკა, გაგაღვიძე?

კოკა - დედა!

დედა - რად გძინავს ჩაცმულს?

კოკა - პირველად გხედავ სიზმარში, მაგრამ წამსვე გიცანი!

დედა - რამხელა ბიჭი გახდი! ოთახი კი თითქმის არ შეცვლილა, ყველაფერი ძველებურადაა. ეგ ტახტი კი ამ კუთხეში იდგა. სამშობიაროში რომ მივყავდი, ყველა მაგ ტახტზე ჩამოვჯექით, როგორც ხანგრძლივი მოგზაურობის წინ იციან ხოლმე... მოგზაურობა კი მართლაც ხანგრძლივი აღმოჩნდა.

კოკა - მე ბავშვობაში ვიმუქრებოდი, რომ უკვდავების წყალს ვიპოვიდი და ყველას გავაცოცხლებდი... უპირველეს ყოვლისა, შენ და მამას.

დედა - გახსოვს მამაშენი?

კოკა - ბუნდოვნად, სურნელი მახსოვს მხოლოდ მისი... და კიდევ მახსოვს ლურჯი გარიჟრაჟი და დიდ ოთახში ზღაპრული ლანდებივით აბორიალებული თოფიანი და პატრონაჟიანი კაცები... თურმე სანადიროდ მიდიოდნენ, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ საომრად ემზადებოდნენ და ტირილით ვეხვეწებოდი, მეც წამიყვანეთ-მეთქი.

დედა - ჩვენ ისე ვოცნებობდით შენზე. შენ კი აბაგუნებდი, აბაგუნებდი ფეხებს... უკანასკნელად ამ სარკეში ჩავიხედე და წარმოვიდგინე, თუ რა ლამაზები ვიქნებით სულ მალე, მე და ჩემი შვილი, როცა ამ სარკეში ჩავიხედავთ. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ გოგონა გაჩნდებოდა... და მერე არაადამიანური ტკივილებისა და ტანჯვის შემდეგ დამანახეს შენი თავი... ლურჯი, მწივანა, უსიამო არსების. ვიღაცამ თქვა, რა თეთრი ბავშვიაო, მე კი ვუპასუხე, თეთრი კი არა ლურჯია-მეთქი... მეტი აღარაფერი მახსოვს... ექიმების ბრალი არ იყო. ვერც კი მივხვდი, რომ მივდიოდი. მერე გამოჩნდა უზარმაზარი შავი გვირაბი და ძალიან ძნელი იყო გზის გაღწევა, შორს, გვირაბის ბოლოში, თეთრი სხივი ციმციმებდა და ნაცნობი, გარდაცვლილი ადამიანების ხმები იქით მიხმობდნენ, იმ შუქისაკენ. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მივდიოდი გვირაბის ბოლოსკენ, თანდათან ფართოვდებოდა თვალისმომჭრელი სინათლის ნაკადი და ენით აუწერელი ნეტარება დამეუფლა, ვიგრძენი, როგორ გათავდა სიბნელე და უსაზღვრო სითეთრეში შეიტყორცნა ჩემი სული... (იცინის) რა პირდაღებული მისმენ, დაგავიწყდა, რომ ეს სიზმარია?!

კოკა - ბებიას კი ისე ეშინოდა სიბნელის, მარტოობის, სიცივის... (უცებ ამჩნევს, რომ დედა ნელ-ნელა სცილდება მას და ნისლში იძირება), არ წახვიდე, გთხოვ, ნუ დამტოვებ, მარტო, ან მეც წამიყვანე იმ სითეთრეში...

დედა - (შორიდან) რა სისულელეს ამბობ, კოკა, როგორ შეიძლება?.. ყველაზე დიდი სითეთრე ხომ სიცოცხლეა, არაფერი შეედრება მას!

კოკა - (მუდარით) არ წახვიდე, არ დამტოვო მარტო!

დედა - (ნისლიდან) მე არც გტოვებ... ჩვენ სულ შენთანა ვართ... შენ ვერ გვხედავ მხოლოდ! სიყვარული არ ქრება, კოკა, ჩვენი სიყვარულიც არ გამქრალა, იგი უხილავი მოსასხამივით გევლება სხეულზე... ჩვენ ხომ შენი უხილავი მფარველები ვართ! სიყვარული არ კვდება, არასოდეს, ის თქვენს გარშემოა, ის თქვენს გარშემოა! (ხმა თანდათან მისუსტდა და გაქრა. სიზმრისეული შუქი ნელ-ნელა იფანტება. დღის სინათლე და ქალაქის ხმაური შემოიჭრება ოთახში. კოკა უძრავად წევს ტახტზე. იატაკზე წყლით ნახევრად სავსე სურა დევს. მაგიდაზე და ოთახის კუთხეებში ჩამქრალი სანთლების ნაღვენთია. უეცრად მძლავრი ზათქანი არღვევს გარინდებას. ვიღაცა მთელი ძალით ანგრევს კარს. დარტყმა რამდენჯერმე მეორდება. კოკა ტახტზე შეიშმუშნება. დარტყმები გრძელდება და უცებ ლაწანით და ზრიალით გადმოვარდება კარი და ოთახში დაფეთებული, შეშინებული ბადრი და გელა შემოიჭრებიან. გელა ცდილობს სინათლე ჩართოს.

გელა - გადამწვარია.

ბადრი - (ტახტთან ჩაიჩოქებს) კოკა! კოკა!

გელა - (მის გვერდით ჩაჯდება) რა დაგემართა, ბიჭო!

ბადრი - (შეშფოთებული) კოკა! კოკა!

კოკა - (სუსტად) რა იყო?

ბადრი - (შვებით ამოისუნთქავს) უჰ, შენ რა გითხარი ჩვენი დაფეთებისთვის!

გელა - რამ მიასავათა ასე?!

(უეცრად ოთახში კირილე და ლენა შემოიჭრებიან. ლენას ხელში რკინის ქაფჩა უჭირავს, კირილეს ორლულიანი თოფი).

ლენა - გვიშველეთ! ქურდები! გვიშველეთ!

კირილე - ხელები მაღლა!

(განცვიფრებული ბიჭები ხელებს მაღლა ასწევენ).

ბადრი - ბატონო ჩემო...

ლენა - (კივილით) მოკლეს, მოკლეს, ეს უბედური!

(ქაფჩას მოუქნევს გელას, გელა აიცდენს და უკან გახტება, ლენა მთელ ოთახში დასდევს მას ქაფჩით ხელში).

ბადრი - დაწიე ეგ თოფი, შე კაი კაცო, არავინ მოგვიკლავს, მეგობრები ვართ კოკასი!

გელა - (სიცილით) კოკა, შე უღმერთო, ამოიღე ხმა!

კოკა - (ტახტზე წამომჯდარი) ქალბატონო ლენა, ესენი ჩემი მეგობრები არიან.

(კირილე და ლენა გაშრებიან).

კირილე - კი, მარა, ეს კარის შემონგრევა რაღა იყო? არ გამიგია მე ასეთი მეგობრობა.

ბადრი - ახლავე აგიხსნით: სამი დღის განმავლობაში არც ტელეფონი პასუხობდა, არც კარს გვიღებდა ვინმე... ჰოდა, შეგვეშინდა...

კირილე - ბოდიში, ბატონო!

კოკა - (სუსტად) რას ბრძანებთ, ბატონო კირილე, პირიქით, დიდი მადლობა, ჩემი გულისთვის ამხელა ხლაფორთში რომ ჩაიგდეთ თავი.

კირილე - ჰო, კაი ახლა... (ნასიამოვნებია) წავიდეთ, ლენა!

(გადიან)

ბადრი - (სიცილით) მაგარი შიში გვაჭამეს, ძმაო!

კოკა - (თავს გააქნევს, ცდილობს გონს მოვიდეს) რა მოხდა მაინც?!

გელა - რა მოხდა და, ნინიკო მივიდა ბადრისთან, ყველაფერი მოუყვა და სთხოვა, მარტო არ დატოვოთო. ჩვენც გაგვახსენდა, რომ სამი დღეა არ გვინახიხარ... ესე იგი, იმ დღიდან, რაც ნინიკო წავიდა... გავიკითხეთ ინსტიტუტში, მეგობრებში, არავის ენახე... ტელეფონი არ პასუხობს, სინათლე გადამწვარია, დარაბები დახურული, კარს არავინ აღებს, რა უნდა გვეფიქრა, ხომ ვერ მეტყვი?!

კოკა - ნინიკომ გითხრათ?

ბადრი - ჰო, ნინიკომ.

კოკა - რა რიცხვია დღეს?

ბადრი - ოცდასამი.

კოკა - ესე იგი სამი დღეა...

გელა - ზუსტად სამი დღე!

(კოკა წამოდგება, რამდენიმე ნაბიჯს გააკეთებს, მაგრამ წაბარბაცდება, ბიჭები ხელს შეაშველებენ).

გელა - რა გემართება?

კოკა - მგონი არაფერი მიჭამია ეს სამი დღე!

გელა - (წყლის სავსე გრაფინს იღებს იატაკიდან) პოლ ბრეგის დიეტაზე გადახვედით, ვასია?!

(ბადრი სამზარეულოში გადის და საჭმლის ნარჩენები შემოაქვს. კოკას მაგიდასთან დასვამენ).

გელა - ჭამე!

კოკა - არ შემიძლია!

ბადრი - ცოტა უნდა შეჭამო, დასუსტებული ხარ!

(საკუთარი ხელით აჭმევს, როგორც ბავშვს).

ეს მასწავლებლის ხათრით... აი, ასე! ეს დედიკოს ხათრით! ეს მამიკოს ხათრით! ეს ამ იდიოტის ხათრით, რომ დაყუდებულა და ვერ მოიფიქრებს დარაბები გააღოს!

გელა - მართლა დამდნარი სანთლის ბოლია დაგუბებული!

(ხსნის დარაბებს და ხარბად ჩაისუნთქავს ჰაერს).

გაზაფხული დამდგარა! სამი დღე წვიმდა, მხოლოდ ახლა გადაიღო! კოკა, მოდი ფანჯარასთან, ერთი ჩაისუნთქე მხოლოდ!

კოკა - (ყრუდ) არ მინდა გაზაფხული! არაფერი არ მინდა.

ბადრი - რას ამბობ, კოკა!

კოკა - ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა. ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ჩემს სიცოცხლეს დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა. თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე! შენ კი მეუბნები, გაზაფხულიო! როდის ხდება ეს, ბადრი, როდის ხდება, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ღორს რომ აღმოაჩენ? როდის ვხდებით პირუტყვები?! მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე მახინჯსა და უცხოს ამოვირჩევთ ხოლმე და ისე გეწეპება ეგ ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე! ადამიანს ხომ სინაზის და სიყვარულის უზარმაზარი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში. სად მოვახერხეთ მისი ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ!

(ბიჭები ერთმანეთს გადახედავენ).

გელა - მოდი რა ფანჯარასთნა!

კოკა - არ მინდა ეგ თქვენი გაზაფხული, მე მინდა მოვკვდე!

ბადრი - მშვენიერი სურვილია, გეყოფა, ნუ აგვაქვითინებ ახლა! მე პირადად, ყაბულს ვარ, ერთხელაც გაილახო ასე, ოღონდ ამდენს მიხვდე! ადექი, წავიდეთ, საცოდაობაა ახლა სახლში ყოფნა!

გელა - შეხედეთ, ხალხო, სასულე ორკესტრი მოაბიჯებს!

(ფანჯარაში ყვირის).

მაესტრო, ტუში!

(უეცრად უხილავი ორკესტრი "რიორიტას" დასცხებს).

გელა - მგონი, მართლა შემისრულეს თხოვნა.

კოკა - (თავს სწევს) "რიორიტა" ჰქვია მაგას. (ტელეფონის ზარი. კოკა ნელა დგება და ყურმილს იღებს).

გისმენთ! ალო? ვინ? ვინ იპოვე?! (უეცრად სიცილი უტყდება). შენი ლუიზა იპოვე?! მოგილოცავ, მოგილოცავ ძმაო! აღარ დაკარგო!

 

მის დანარჩენ სიტყვებს ორკესრის გაძლიერებული ჰანგები ახშობენ. კოკა რაღაცას ყვირის ტელეფონში, მაგრამ ჩვენ აღარ გვესმის, რადგანაც ყველაფერს ავსებს გაზაფხულის მარში.

 

1979

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / დარაბებს მიღმა გაზაფხულია