ჰამსუნი კნუდ 

მისტერიები

 

თარგმანი რუსულიდან

 

შარშან, შუა ზაფხულში, ნორვეგიის ერთი პატარა ზღვისპირა ქალაქი მეტისმეტად უჩვეულო ამბების ასპარეზად გადაიქცა. უეცრად გამოტყვრა უცნობი კაცი, ვინმე ნაგელი, უცნაური და თვალთმაქცი, რომელმაც საოცარი ამბები დაატრიალა, შემდეგ კი როგორც გამოჩნდა, ასევე მოულოდნელად გაუჩინარდა. ამ კაცთან ჩამოდიოდა აგრეთვე ვიღაც ახალგაზრდა და საიდუმლოებით მოცული მანდილოსანი. ღმერთმა უწყის, რა საქმეების გამო მოდიოდა ეს ქალი მასთან, თუმც ორი-სამი საათის მეტს არც რჩებოდა და უკანვე ბრუნდებოდა. მაგრამ ეს მაინც არაა დასაწყისი...

დასაწყისი კი, აი, როგორი გახლავთ: ერთხელ, იქნებოდა დაახლოებით საღამოს ექვსი საათი, სანაპიროზე მდგარი ხომალდის გემბანზე რამდენიმე მგზავრი გამოჩნდა, მათ შორის იყო ერთი მამაკაცი, რომელსაც ყვითელი კოსტიუმი ეცვა და თავზე ხავერდის ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა. ეს მოხდა თორმეტი ივნისის საღამოს. იმ დღეს ქალაქში ბევრ ადგილას ალმები ააფრიალეს ფრეკენ ჰელანის ნიშნობის აღსანიშნავად, რომელიც სწორედ თორმეტ ივნისს უნდა შემდგარიყო. ცენტრალური სასტუმროს შიკრიკი მაშინვე ავიდა გემზე და ყვითელკოსტიუმიანმა მამაკაცმა მას თავისი ბარგი ჩააბარა. ერთ-ერთ შტურმანს კი თავისი ბილეთი მისცა. მერე მოჰყვა წინ და უკან სიარულს, თითქოს ნაპირზე გადასვლას აპირებსო. ეტყობოდა, ძალზე ღელავდა. როცა გემზე მესამე ზარის ხმა გაისმა, აღმოჩნდა, რომ გემის ბუფეტში ანგარიშის გასწორება ვერც კი მოესწრო.

და აი, სწორედ იმ წუთს, როცა ემზადებოდა დანახარჯის გასასტუმრებლად, უეცრად შედგა, შენიშნა, რომ გემი დაძრულიყო. ცოტა არ იყოს, შეცბა, მერე კი ხელით ანიშნა სასტუმროს შიკრიკს და მოაჯირიდან გადასძახა:

– ჩემი ბარგი სასტუმროში მიიტანეთ და ოთახი მომიმზადეთ.

გემი უკვე ფიორდიდან გადიოდა ამ მგზავრთან ერთად. ეს მგზავრი კი იოჰან ნილსენ ნაგელი იყო.

შიკრიკმა ურიკით წაიღო მისი ბარგი, რომელიც მხოლოდ ორი პატარა ჩემოდნისა და ქურქისგან შედგებოდა, – დიახაც, ქურქისაგან, თუმც პაპანაქება ზაფხული იდგა, – გარდა ამისა, იყო ხელის სამგზავრო ჩანთა და ვიოლინოს ბუდე. არც ერთ მათგანზე ინიციალები არ იყო აღნიშნული.

მეორე დღეს, დაახლოებით შუადღისას, იოჰან ნაგელი ორცხენიანი ეტლით მიადგა სასტუმროს. ასევე და უფრო მარჯვედაც შეიძლებოდა გემით ჩამოსულიყო, მაგრამ მაინც ეტლი არჩია, თან ზოგიერთი ნივთიც მოიყოლა: წინა საჯდომზე ჩემოდანი იდგა, მის გვერდით კი სამგზავრო ჩანთა, პალტო და თასმებიანი მოსასხამი ეწყო. მოსასხამის თასმებზე ამოქსოვილი იყო ინიციალები: ი.ნ.ნ.

ჯერ ეტლიდან არც კი გადმომხდარიყო, რომ მაშინვე თავისი ოთახი მოჰკითხა სასტუმროს პატრონს. როცა მეორე სართულზე მოთავსებულ ოთახში შეიყვანეს, კედლების სისქის შემოწმებას შეუდგა, მეზობელი ოთახებიდან ხმა ხომ არ გამოვაო. შემდეგ კი უცებ ჰკითხა მოახლეს:

– რა გქვიათ?

– სარა.

– სარა, შეგიძლიათ რაიმე მაჭამოთ? მაშ, სარა გქვიათ? მოიცადეთ, – თქვა ისევ, – ოდესღაც ამ სახლში აფთიაქი ხომ არ იყო?

– დიახ, მაგრამ მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა, – მიუგო გაკვირვებულმა სარამ.

– ოჰო, ბევრმა წყალმა? ამან მაშინვე განმაცვიფრა, რაწამსაც დერეფანში შემოვედი. ამას სუნით კი არ მივხვდი, არა, არა, ისე, როგორღაც ვიგრძენი. დიახ. დიახ.

სადილად ძირს ჩამოვიდა, ჩუმად იჯდა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მისი თანმხლები ორი ბატონი, გუშინ მასთან ერთად გემით რომ ჩამოვიდნენ, მაგიდის მეორე ბოლოში იჯდა. ნაგელის შემოსვლაზე ერთმანეთს გადახედეს და კინაღამ გადაიხარხარეს მის დაბნეულობაზე, რომლის წყალობითაც გუშინ ასეთი ამბავი დაემართა. ნაგელმა ისე დაიჭირა თავი, ვითომც არაფერი მესმისო, სწრაფად ისადილა, დესერტზე თავი გააქნია უარის ნიშნად და სკამიდან, თითქოს გადმოცურდაო, უეცრად წამოდგა. სიგარა გააბოლა და ქუჩაში გავიდა.

გვიან ღამემდე აღარ გამოჩენილა. თითქმის სამი საათი სრულდებოდა, რომ დაბრუნდა. სად იყო? შემდეგ გამოირკვა, რომ მეზობელ ქალაქში ყოფილა, ფეხით გაუვლია და გამოუვლია მთელი ეს გრძელი გზა, რომლითაც ეტლში მჯდარი ჩამოვიდა ამ დილით. ეტყობა, გადაუდებელი საქმე ჰქონდა. კარი რომ გაუღო სარამ, მთლად ოფლში იყო გახვითქული, მაგრამ მაინც რამდენჯერმა გაუღიმა მოახლეს, ჩანდა, მშვენიერ გუნებაზე იყო.

– ღმერთო ჩემო, რა დიდებული ყელი გაქვთ, ძვირფასო! – თქვა მან, – ჩემი აქ არყოფნისას ხომ არაფერი მომსვლია ფოსტით? უჰ, მთელი სამი დეპეშა!.. მომისმინეთ, პატივი დამდეთ და ეგ სურათი კედლიდან ჩამოხსენით, გეთაყვა. მაშინ თვალში ეკალივით აღარ დამიწყებს ჩხვლეტას. პირდაპირ აუტანელია, ვიწვე აქ, საწოლში, და სულ მაგას ვუცქირო. ნაპოლეონ მესამეს მართლაც არ ჰქონია ასე მწვანე წვერი. გმადლობთ.

სარა რომ გავიდა, ნაგელი ისევ ოთახის შუაგულში დარჩა, იდგა მდუმარედ, ფეხმოუცვლელად. თვალგაშტერებული მისჩერებოდა კედლის რომელიღაც წერტილს და, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ თავს უფრო და უფრო ძირს ხრიდა, სულაც არ ინძრეოდა. ეს კი კარგა ხანს გაგრძელდა.

ოდნავ ტანდაბალი კაცი იყო ნაგელი, საოცრად მიბნედილი მზერა და ქალური ბაგეები ჰქონდა მის შავგვრემან სახეს. ერთ თითზე უბრალო, ტყვიისა თუ რკინის, ბეჭედი ეკეთა. მხარბეჭიანი იყო, ოცდარვა-ოცდაათიოდე წლისა თუ იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ოცდაათ წლისაზე მეტი მაინც არა. თმა საფეთქლებთან შეჭაღარავებოდა.

ნაგელი ღრმა ფიქრიდან გამოერკვა და მძლავრად შეირხა, ისე მძლავრად, გეგონებოდათ, ასე განგებ გააკეთაო. კაცს შეიძლება ეფიქრა, ამდენ ხანს იმიტომ იდგა, იმას სწონიდა, უკეთ როგორ შევირხეო, თუმცა ოთახში მარტოდმარტო იყო. შემდეგ შარვლის ჯიბიდან ამოიღო რამდენიმე გასაღები, ცოტაოდენი ხურდა ფული და რაღაც მედალი, წყალწაღებულთა გადარჩენისათვის რომ იძლევიან, რომელიც საოცრად გაცვეთილ, გაქუცულ ლენტზე იყო მიბნეული. ეს ნივთები საწოლის გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე დააწყო. შემდეგ ბალიშის ქვეშ შეაცურა საფულე, ჟილეტის ჯიბიდან ამოიღო საათი და პატარა შუშა, ეტიკეტით: «შხამი». საათი, ვიდრე ძირს დადებდა, ერთ წუთს ხელში ეჭირა, შუშა კი ჯიბეში ჩაიდო ისევ, შემდეგ თითიდან ბეჭედი წაიძრო და პირი დაიბანა. თმა თითებით მოიწესრიგა, რადგან სარკე არ ჰქონდა.

დაწვა თუ არა, გაახსენდა, რომ ბეჭედი პირსაბანზე დაავიწყდა. მაშინვე წამოდგა და თითზე გაიკეთა, თითქოს ამ საცოდავი რკინის ბეჭდის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიაო. ბოლოს გახსნა სამი დეპეშა, მაგრამ ძლივს მოასწრო პირველის წაკითხვა, რომ სიცილი აუტყდა, ნაზი, წყნარი სიცილი. იწვა და იცინოდა, სრულიად მარტო, თავის თავთან განმარტოებული. უჩვეულოდ ლამაზი კბილები ჰქონდა. უეცრად სახე ისევ მოეღუშა და ცოტა ხნის შემდეგ დეპეშა საოცრად გულგრილად გადაისროლა განზე, მაგრამ საკითხი, ეტყობა, დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს შეეხებოდა: სამოცდაორი ათას კრონს იძლეოდნენ მამულში და სულ ნაღდს ჩაუთვლიდნენ, თუ ახლავე დასთანხმდებოდა. მშრალი, მოკლე, საქმიანი დეპეშები ჩანდა და სასაცილო აქ სულაც არა იყო რა, მაგრამ დეპეშებს ხელს არავინ აწერდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ნაგელს ჩაეძინა. ორი სანთელი, რომლის ჩაქრობა დაავიწყდა და მაგიდაზე ენთო ისევ, ანათებდა მის სუფთად გაპარსულ სახეს, გულმკერდს და თანაბარ სინათლეს აფრქვევდა მაგიდაზე გაშლილ დეპეშებს.

მეორე დილით იოჰან ნაგელმა ფოსტაში გაგზავნა შიკრიკი, რომელმაც მას რამდენიმე გაზეთი მოუტანა, მათ შორის საზღვარგარეთულიც, – წერილები კი აღარ მიუღია. ვიოლინოს ბუდე ოთახის შუაში მდგარ მაგიდაზე დადო, თითქოს სურს ვინმეს აჩვენოსო, გახსნით კი არ გაუხსნია და არ ამოუღია ინსტრუმენტი.

მთელი დილა ისე გაატარა, რომ არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ორი ბარათი დაწერა, შემდეგ კი ოთახში ბოლთას სცემდა და რომელიღაც წიგნს კითხულობდა. მერე ქალაქში გავიდა და თავისთვის ერთი წყვილი ხელთათმანი იყიდა, ცოტა მოგვიანებით კი ბაზარში წავიდა, ათ კრონად ქერა ლეკვი შეიძინა და მაშინვე სასტუმროს პატრონს აჩუქა.

ასე რომ, მთელ დღეს სასარგებლო არაფერი გაუკეთებია. ქალაქში არავითარი საქმე არ ჰქონდა, სტუმრად არავის სწვევია და კაცისშვილი ნაცნობი არ ჰყავდა. სასტუმროში, ცოტა არ იყოს, კიდევაც უკვირდათ მისი უჩვეულო გულგრილობა ყველაფრისადმი, თვით საკუთარი საქმეებისადმიც კი. დეპეშები დღემდე ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდაზე ეყარა და ყველას შეეძლო შიგ ჩაეხედა. მათ აღარ მიჰკარებია იმ საღამოს შემდეგ, რაც მიიღო. უცნაური ჩვეულებაც ჰქონდა, – უპასუხოდ ტოვებდა შეკითხვებს. სასტუმროს პატრონმა ერთი-ორჯერ სცადა შეეტყო, ეს კაცი რისთვის ჩამოსულიყო ამ ქალაქში, მაგრამ ნაგელმა ორჯერვე გამოცვალა საუბრის თემა. კიდევ ერთი უცნაური საქციელი ჩაიდინა დღეს: თუმცა არავის არ იცნობდა აქ და არც ვინმეს ელაპარაკებოდა, სასაფლაოს ჭიშკართან მაინც შეჩერდა ერთი ახალგაზრდა ქალის წინ, შეხედა და, თავისი საქციელის გასამართლებლად ერთი სიტყვაც რომ არ უთქვამს, მდაბლად დაუკრა თავი. ქალი ყურებამდე გაწითლდა. ამის შემდეგ ეს თავხედი მთავარი გზით მღვდლის კარ-მიდამოსაკენ გაემართა და მას ახლოსაც კი ჩაუარა. მეორე და შემდგომ დღეებშიც ასევე გაისეირნა. კარს გვიან ღამით უღებდნენ, რადგან სასტუმრო იკეტებოდა, ის კი მუდამ გვიან ბრუნდებოდა.

მესამე დილას კი, როცა ნაგელი თავისი ოთახიდან გამოდიოდა, სასტუმროს პატრონმა თავი დაუკრა და რამდენიმე თავაზიანი სიტყვა უთხრა. ორივენი ვერანდაზე გავიდნენ და სკამებზე ჩამოსხდნენ. სასტუმროს პატრონი ერთი ყუთი ახალი თევზის გაგზავნის თაობაზე შეეკითხა.

– ხომ ვერ მეტყვით, როგორ გავგზავნო ეს ყუთი?

ნაგელმა ყუთს გადახედა, გაიღიმა და უარის ნიშნად თავი გააქნია.

– არა, ამ საქმისა არაფერი გამეგება, – მიუგო მან.

– ნუთუ? – გაიკვირვა სასტუმროს პატრონმა, – მე კი ვფიქრობდი, რომ თქვენ შეიძლება ბევრი გიმოგზაურიათ, მრავალ ქვეყანაში ყოფილხართ და გინახავთ, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევაში.

– ოჰ, არა, მე ცოტას ვმოგზაურობდი.

– მართლა?

მცირე ხნის დუმილის შემდეგ სასტუმროს პატრონმა უთხრა:

– ალბათ, საქმე გქონდათ... სულ სხვა რამით იყავით დაკავებული... კომერსანტი ხომ არ ბრძანდებით?

– არა.

– მაშ, აქ საქმის გამო არ ჩამოხვედით?

არაფერი უპასუხა. ნაგელმა სიგარას მოუკიდა და გააბოლა, თან მზერა სივრცისათვის მიეშტერებინა. სასტუმროს პატრონი გვერდიდან ადევნებდა თვალს.

– ვიოლინოზე ხომ არაფერს დაგვიკრავთ? ვნახე, ვიოლინო ჩამოგიტანიათ, – უთხრა ისევ სასტუმროს პატრონმა.

– აჰ, არა, მისი დაკვრა უკვე მივატოვე.

რამდენიმე ხნის მერე ნაგელი წამოდგა და სიტყვის უთქმელად გავიდა, მაგრამ მეორე წუთსავე დაბრუნდა და თქვა:

– მისმინეთ... რომ არ დამავიწყდეს... როცა გნებავთ, შეგიძლიათ ანგარიში წარმომიდგინოთ. ჩემთვის სულერთია, როდის გადავიხდი.

– გმადლობთ, – მიუგო სასტუმროს პატრონმა, – აჩქარება რა საჭიროა. თუ აქ დიდხანს დარჩებით, შეიძლება უფრო იაფადაც გიანგარიშოთ. მე ხომ არ ვიცი, ფიქრობთ თუ არა აქ დიდხანს დარჩენას?

ნაგელი უეცრად გამოცოცხლდა და მაშინვე უპასუხა, თანაც სრულიად უმიზეზოდ სახეზე ოდნავ წამოწითლდა.

– დიახ, შესაძლებელია, ამაში წარმოუდგენელი არაფერია, რომ აქ დიდხანს დავრჩე, – თქვა მან, – ყველაფერი მდგომარეობას გააჩნია. სიტყვამ მოიტანა და თქვენთვის იქნებ არც მითქვამს, რომ აგრონომი გახლავართ, მემამულე, მოგზაურობიდან ვბრუნდები და შესაძლებელია აქ რამდენიმე ხანს ვიცხოვრო. იქნებ ამის თქმაც დამავიწყდა... ჩემი გვარია ნაგელი, იოჰან ნილსენ ნაგელი.

ეს უთხრა თუ არა, მაშინვე მივიდა სასტუმროს პატრონთან და მეტისმეტად გულითადად ჩამოართვა ხელი, თან მოუბოდიშა, რომ აქამდე არ წარუდგინა თავისი თავი. მის განცვიფრებულ სახეზე ირონიის ნატამალიც კი არ შეინიშნებოდა.

– ახლაღა ვიფიქრე, რომ შეგვეძლო უფრო უკეთესი და წყნარი ოთახი შემოგვეთავაზებინა, – უთხრა სასტუმროს პატრონმა, – თქვენ პირდაპირ კიბის თავზე ცხოვრობთ, ეს კი ყოველთვის როდია სასიამოვნო.

– არა, გმადლობთ, ეგ სულ ზედმეტია. მშვენიერი ოთახი მაქვს და ფრიად კმაყოფილიც გახლავართ. ამასთან, ჩემი ოთახის ფანჯრებიდან მთელი ბაზარი მოჩანს, ეს კი მე მართობს კიდევაც.

ცოტა ხნის მერე სასტუმროს პატრონმა უთხრა:

– მაშ, რამდენიმე ხანს უნდა დაისვენოთ? ყოველ შემთხვევაში, თქვენ გნებავთ ზაფხულის გარკვეული ნაწილი აქ გაატაროთ?

– ორი-სამი თვე, შეიძლება მეტიც, ჯერ არც მე ვიცი ზუსტად. მდგომარეობას გააჩნია. მომავალი გვიჩვენებს.

ამ დროს მათ ახლოს ჩაიარა ვიღაც კაცმა, რომელმაც სასტუმროს პატრონს მდაბლად დაუკრა თავი. ეს იყო ულამაზო, დაბალ-დაბალი, ერთობ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი. დიდი გაჭირვებით მიდიოდა, მაგრამ მაინც საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ. მართალია, მან თავი მდაბლად დაუკრა სასტუმროს პატრონს, მაგრამ შლაპა არ მოუხდია. სამაგიეროდ, ნაგელმა მოიშვლიპა თავიდან ხავერდის ქუდი.

სასტუმროს პატრონმა კაცს თვალი გააყოლა და თქვა:

– მაგ კაცს ჩვენ მინუტი დავარქვით. სრულ ჭკუაზე არ არის, მაგრამ ძალზე საცოდავია და ისე კეთილი გული აქვს, რომ...

ეს იყო და ეს, რაც ამ კაცზე ითქვა.

– რამდენიმე დღის წინ, – თქვა უცებ ნაგელმა, – გაზეთში წავიკითხე ერთ კაცზე, ტყეში რომ მკვდარი იპოვეს. ვინ იყო ეს კაცი? მგონი, კარლსენი ერქვა. აქაური იყო?

– დიახ, – მიუგო სასტუმროს პატრონმა, – აქაური. ექიმბაშის შვილი იყო, შეიძლება აქედან კიდევაც ხედავთ იმ ქალის სახლს. აი, ის, წითელსახურავიანი რომაა. ის-ის იყო არდადეგებზე ჩამოვიდა ის ახალგაზრდა და მაშინვე თავი მოიკლა. ძალიან მეცოდება, დიდად ნიჭიერი ჭაბუკი გახლდათ და მალე მღვდლად გაამწესებდნენ. ძნელია რამეს თქმა ამაზე, მაგრამ ვერაა მაინცდამაინც დალაგებული საქმე. რაკი ორივე მაჯის არტერიაა გადაჭრილი, ეს ხომ არ შეიძლება უბედური შემთხვევის გამო მომხდარიყო. თანაც პატარა დანა იპოვეს, თეთრტარიანი ჯიბის დანა. პოლიციამ ის გუშინ საღამოს იპოვა. ალბათ, აქ რაღაც სიყვარულის ამბავი იმალება.

– ოჰო! მაგრამ არსებობს კი რაიმე ეჭვი, რომ თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე?

– დიახ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ასე არ იყო. ზოგიერთები იმასაც კი ფიქრობენ, ალბათ, გახსნილი დანა ეჭირა ხელში, ტყეში ასე მიდიოდა, წაიბორძიკა და ისე დაეცა, რომ ორივე არტერია გადაისხიპაო. ხა-ხა-ხა-ხა! ეს ძალზე საეჭვოა, ძალზე საეჭვო, მაგრამ მას, ცხადია, ნაკურთხ მიწაში დაკრძალავენ. არა, სამწუხაროდ, მას არ წაუბორძიკებია.

– თქვენ ამბობთ, რომ დანა გუშინ საღამოსღა იპოვეს, მაშასადამე, ის მის გვერდით არ ეგდო.

– არა, მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოცილებით ეგდო. როცა არტერიები გადაიჭრა, შორს გადაისროლა დანა და ის შემთხვევით, სრულიად შემთხვევით იპოვეს.

– ოჰო! მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა დანის გადასროლას, როცა ჭაბუკი ორივე მაჯაგადაჭრილი იწვა და სისხლისაგან იცლებოდა? უამისოდაც ყველასათვის ნათელი იქნებოდა, რომ მას მაჯები დანით ექნებოდა გადაჭრილი.

– დიახ, ღმერთმა უწყის, ეს რა განზრახვით ჩაიდინა, მაგრამ, როგორც გითხარით, აქ რაღაც სასიყვარულო ამბავი იმალება. ამის მსგავსი არაფერი მსმენია. რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ, მით მეტად უცნაური მგონია ეს ამბავი.

– მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ აქ აუცილებლად სასიყვარულო ამბავი იმალება?

– სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა ძალიან ძნელია რაიმე გადაჭრით ითქვას ამის თაობაზე.

– რატომ არ შეიძლება, რომ ჭაბუკი მოულოდნელად დაცემულიყო? ის ხომ, ალბათ, მეტისმეტად უცნაურად იწვა, – მუცლით მიწაზე, სახე კი გუბეში ჰქონდა წაყოფილი...

– დიახ, საშინლად დასვრილიყო, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს, ესეც შეიძლება განგებ მოეწყო. იქნებ ამგვარი გზით სურდა თავის სახეზე სიკვდილთან ბრძოლის კვალი დაეფარა? ვინ იცის...

– რაიმე პატარა წერილი მაინც არ დაუტოვებია?

– ამბობენ, თითქოს მიდიოდა და რაღაცას წერდა ქაღალდის ნაგლეჯზე. სხვათა შორის, წესად ჰქონია სიარულის დროს წერა. იმასაც ფიქრობენ, რომ დანა ფანქრის წასათლელად ამოიღო, თუ რაღაც ამის მსგავსს, ჰოდა, დანიანად დაეცა და ჯერ ერთი მაჯა გადაისხიპა და მერე – მეორე, თანაც იმ ადგილებში, სადაც არტერიებია. ხა-ხა-ხა-ხა! მაგრამ მან ნამდვილად დატოვა წერილი, ხელში ქაღალდის ნაფლეთი ეჭირა, რომელზეც შემდეგი სიტყვები ეწერა: «ოჰ, ნეტავი თქვენი ფოლადიც ისევე მახვილი იყოს, როგორც თქვენი უკანასკნელი «არა»!»

– რა სისულელეა. კი მაგრამ, დანა ბლაგვი იყო?

– დიახ, ბლაგვი.

– განა არ შეეძლო წინასწარ გაელესა?

– ეს მისი დანა როდი იყო.

– მაშ ვისი?

სასტუმროს პატრონი ერთ წამს ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– ფრეკენ ჰელანისა.

– ფრეკენ ჰელანისა? – ჰკითხა ნაგელმა და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჰკითხა, – ვინ არის ეგ ფრეკენ ჰელანი?

– დაგნი ჰელანი. მღვდლის ქალიშვილია.

– ოჰო! ფრიად საოცარია. გაგონილა ამგვარი საქმე?! მაშ, ჭაბუკს ასე ძლიერ უყვარდა?

– დიახ, რა თქმა უნდა, უყვარდა. თუმც ჰელანი ვისღა არ უყვარს... ასე რომ, ის ერთადერთი როდია.

ნაგელი ღრმა ფიქრს მიეცა და აღარაფერი უთქვამს, მაგრამ სასტუმროს პატრონმა დაარღვია დუმილი:

– ყველაფერი, რაც გითხარით, საიდუმლოა და გთხოვთ...

– მართლა? – მიუგო ნაგელმა, – სრულიად დამშვიდებული ბრძანდებოდეთ.

როცა ამის მერე ნაგელი სასაუზმოდ ძირს ჩავიდა, სასტუმროს პატრონი იდგა სამზარეულოში და ყველას უყვებოდა, შვიდ ნომერში მცხოვრებ ყვითელ ბატონს დიდხანს ვესაუბრეო.

– აგრონომია, – თქვა სასტუმროს პატრონმა, – საზღვარგარეთიდან დაბრუნებულა. ამბობს, აქ რამდენიმე თვეს დავრჩებიო. ღმერთმა უწყის, რა კაცია.

 

II

როგორღაც ისე მოხდა, რომ იმავე საღამოს ნაგელი მოულოდნელად შეხვდა მინუტს და მათ შორის მოსაწყენი და ხანგრძლივი საუბარი გაიმართა, რომელმაც სამ საათს მაინც გასტანა.

ეს ყოველივე კი ასე დაიწყო:

იოჰან ნაგელი სასტუმროს კაფეში იჯდა და გაზეთს კითხულობდა, როცა მინუტი შემოვიდა. მაგიდებს კიდევ რამდენიმე კაცი უჯდა, მათ შორის ერთი ჩასქელებული გლეხის ქალი, მხრებზე წითელი და შავი ნართის ნაქსოვი თავშალი რომ წამოესხა. ეტყობა, მინუტს ყველა იცნობდა, რადგან ზრდილობიანად დაუკრა თავი ყველას, როცა კაფეში შემოვიდა, მაგრამ ხმამაღალი შეძახილებითა და სიცილით უპასუხეს. გლეხის ქალი წამოდგა კიდეც და მასთან ცეკვა მოინდომა.

– ოღონდ დღეს არა, ოღონდ დღეს არა, – ორჭოფულად მიუგო მან ქალს, ქუდმოხდილი პირდაპირ სასტუმროს პატრონისკენ გაემართა და ჰკითხა:

– ნახშირი სამზარეულოში შევიტანე. სხვა საქმე ხომ არაფერი გაქვთ დღეისათვის?

– არა, – მიუგო სასტუმროს პატრონმა, – სხვა რაღა საქმე უნდა მქონდეს?

– მართალი ბრძანდებით, – ძლივს ამოღერღა მინუტმა და უკან დაიხია გაუბედავად.

საოცრად მახინჯი იყო ეს კაცი. ნაზი ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ საზიზღარი, გარეთ გადმოყრილი წინა კბილები მეტისმეტად აუშნოებდა. ფიზიკური ნაკლის წყალობით ძლივს დაიხლართებოდა! თმა თითქმის მთლად გაჭაღარავებული ჰქონდა, წვერი კი – შავი, მაგრამ ისე შეთხელებული, რომ ყველგან კანი გამოსჭვიოდა. მინუტი ოდესღაც მეზღვაური ყოფილა, ახლა კი თავის ნათესავთან ცხოვრობდა, რომელსაც პატარა ნახშირის სავაჭრო გაეხსნა ნავმისადგომის მახლობლად. როცა ვინმეს ელაპარაკებოდა, ძალზე იშვიათად თუ ასწევდა თავს, ან სულაც არ ასწევდა.

ერთ-ერთი მაგიდიდან დაუძახეს: ნაცრისფერ, საზაფხულო კოსტიუმში გამოწყობილი ვიღაც ბატონი გაცხოველებით უქნევდა ხელს და თან ლუდიან ბოთლს აჩვენებდა.

– აქ მოდით და ერთი ჭიქა დედის რძე გადაკარით, თანაც მინდა შეგათვალიეროთ, უწვერობა გიხდებათ თუ არა, – უთხრა მან.

წელში მოხრილი და ქუდმოხდილი მინუტი მოკრძალებულად მიუახლოვდა მაგიდას. ნაგელის ახლოს რომ გაიარა, დიდი მოწიწებით დაუკრა თავი და ბაგეები ოდნავ შესამჩნევად შეარხია. ნაცრისფერკოსტიუმიანი ბატონის წინ შეჩერდა და წაიჩურჩულა:

– გთხოვთ ასე ხმამაღლა ნუ მელაპარაკებით, ბატონო რწმუნებულო. განა ვერ ხედავთ, რომ აქ უცხოებიც არიან?

– კი, მაგრამ, ღმერთო ჩემო, – თქვა რწმუნებულმა, – მე ხომ მხოლოდ ერთი ჭიქა ლუდი შემოგთავაზეთ? თქვენ მოდიხართ და მლანძღავთ, ძალზე ხმამაღლა რად მელაპარაკებითო.

– არა, ვერ მიმიხვდით და უნდა მომიტევოთ, მაგრამ როცა აქ უცხო ხალხია, მე მაინცდამაინც არ მსურს ძველი ოინების გამეორება. არც ლუდის დალევა შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, ახლა არა.

– მართლა? დალევა არ შეგიძლიათ, ლუდის დალევა არ შეგიძლიათ?

– არა, გმადლობთ, ახლა არა!

– ოჰო, მადლობას ახლა არ მიხდით? მაშ, როდის გადამიხდით? ჰა-ჰა-ჰა! თანაც მღვდლის შვილი ბრძანდებით. ცუდი არ იქნებოდა, ყურადღება მიგექციათ იმისთვის, როგორ ლაპარაკობთ.

– ო, თქვენ სულ ვერ გამიგეთ, მაგრამ, დაე, ეგრე იყოს.

– აბა, აბა, სისულელეს თავი დაანებეთ! რა მოგივიდათ?

რწმუნებულმა ძალით დასვა მინუტი სკამზე, ის ცოტა ხანს იჯდა, მერე კი ისევ წამოდგა.

– არა, თავი დამანებეთ, – უთხრა, – ვერ დავლევ. ამ ბოლო ხანებში სმის დროს თანდათან უფრო ცუდად ვხდები, ღმერთმა იცის, რატომ. გონს მოსვლას ვერ ვასწრებ, რომ ვთვრები, მაშინ კი მართლაც ყოველგვარ სისულელეს ვროშავ.

რწმუნებული წამოდგა, ხელში ჭიქა ჩასჩარა მინუტს, პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა და უთხრა:

– გაგიმარჯოთ!

ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. მინუტმა თავი ასწია, თმა უკან გადაიყარა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

– თქვენ რომ გესიამოვნოთ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წვეთს დავლევ, – თქვა მან ბოლოს, – სულ ცოტას, რომ პატივი მქონდეს ჭიქა მოგიჭახუნოთ.

– სულ გამოცალე! – დაუყვირა რწმუნებულმა და მაშინვე ზურგი შეაქცია, რომ არ გადაეხარხარა.

– არა, ვერ გამოვცლი, სულ ვერ გამოვცლი. ან რატომ უნდა გამოვცალო, როცა არ მსიამოვნებს? ნუ მიწყენთ, გეთაყვა, ეგრე ნუ მოღუშავთ სახეს... იქნებ სჯობდეს ამჯერად ავასრულო თქვენი სურვილი, რაკი აუცილებლად გნებავთ. მგონი, თავში არ ამივარდება უცებ. სასაცილოა, მაგრამ სულ ვერ ვიტან მაგარ სასმელს. გაგიმარჯოთ!

– სულ, სულ, – დაუყვირა რწმუნებულმა ისევ, – ბოლომდე გამოცალეთ! აი, ეგრე! ახლა კი დავსხდეთ და სახე დავმანჭოთ. ჯერ კბილები დააკრაჭუნეთ, მერე კი წვერს შეგაჭრით და ათი წლით გაგაახალგაზრდავებთ, მაგრამ ჯერ კბილები უნდა დააკრაჭუნოთ.

– არა, მაგას ვერ გავაკეთებ, მაგას ვერ გავაკეთებ ამ უცხო ხალხის თანდასწრებით. ნუ ითხოვთ ამას ჩემგან... ნამდვილად ვერ ვიზამ, – მიუგო მინუტმა და წასვლა დააპირა, – არც მცალია.

– არც გცალიათ? რა საწყენია, ხა-ხა-ხა! ძალზე საწყენია! მაშ, თქვენ არც გცალიათ, არა?

– დიახ, ახლა დრო არ მაქვს.

– მომისმინეთ, არც მაშინ გეცლებათ, რომ გითხრათ, უკვე სხვა სერთუკზე ვფიქრობ-მეთქი, იმის ნაცვლად, ახლა რომ გაცვიათ? მოიცა, ერთი შევხედო! სულ დაკონკილა, აი თვითონვე ნახეთ! თითის დაკარებასაც კი ვერ იტანს... – რწმუნებულმა პატარა ნაჩვრეტს მიაგნო მინუტის სერთუკში და შიგ თითი შეჩარა, – მაუდი ისე დაძენძილია, რომ თითის მიკარებასაც ვეღარ უძლებს, ნახეთ, ნახეთ ერთი!

– ღვთის გულისთვის, თავი დამანებეთ! რა დაგიშავეთ? თავი დაანებეთ ჩემს სერთუკს!

– გეუბნებით, რომ ხვალვე გამოგიგზავნით სერთუკს, ამას გპირდებით... მოიცა, დავითვალო. ერთი, ორი, ოთხი, შვიდი... დიახ, გპირდებით ამას შვიდი კაცის თანდასწრებით... მაგრამ დღეს მაინც რა დაგემართათ? ასე რამ გაგაცხარათ, გაგაბოროტათ? ლამის ყველა ფეხით გაგვქელოთ. დიახ, დიახ, სწორედ ასეა. ასე კი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის იქცევით, რომ თქვენს სერთუკს თითით შევეხე.

– მომიტევეთ, გეთაყვა, თქვენი განაწყენება სულაც არ მიფიქრია, ისიც კარგად იცით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენი გულისათვის, რასაც კი მოისურვებთ, მაგრამ...

– აბა, მაშინ მე მსურს, რომ დაბრძანდეთ.

მინუტმა ჭაღარა თმა შუბლიდან უკან გადაიყარა და დაჯდა.

– მშვენიერია, ახლა კი პატივი დამდეთ და გააკრაჭუნეთ კბილები.

– არა, მაგას ვერ ვიზამ.

– მაშ, ვერ იზამთ, ჰა? ჰო თუ არა?

– ღმერთო ჩემო, რა დაგიშავეთ? ნუთუ აღარ მომეშვებით და მომასვენებთ? სწორედ მე რატომ უნდა ვიყო ყველას მასხარა? აგერ, უცხო კაცი იცქირება აქეთ. მე ეს შევამჩნიე, თვალს არ გვაცილებს და, ცხადია, გულში იცინის. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე: პირველად, როცა აქ მობრძანდით, როგორც რწმუნებული, ექიმმა სტენერსენმა დამიჭირა და მაშინვე გასწავლათ, თავი როგორ უნდა შეგექციათ ჩემით, ახლა კი თქვენ ასწავლით, აი, იმ უცხო ბატონს. ასე რომ, ერთიმეორისგან სწავლობთ რიგრიგობით.

– კარგი, კმარა. თანახმა ხართ თუ არა?

– არა, გესმით! – შესძახა მინუტმა და სკამიდან წამოხტა, მაგრამ თითქოს თავისი უკმეხობის შეეშინდაო, კვლავ დაჯდა და დასძინა, – მე არც კი შემიძლია კბილების გაკრაჭუნება, დამიჯერეთ.

– არ შეგიძლიათ? ხა-ხა-ხა! ნურას უკაცრავად, შეგიძლიათ. თქვენ დიდებულად აკრაჭუნებთ კბილებს.

– ღმერთმანი, არ შემიძლია.

– მაგრამ ადრე რომ შეგეძლოთ?

– დიახ, მაგრამ მაშინ მთვრალი ვიყავი, აღარაფერი მახსოვს, ყველაფერი ამერია თავში. იმის მერე ორი დღე ვიყავი ავად.

– სრული სიმართლეა, – თქვა რწმუნებულმა, – მაშინ მთვრალი იყავით, გეთანხმებით, მაგრამ, სხვათა შორის, რატომ ლაქლაქებთ ამას ამდენი ხალხის თანდასწრებით? მე კი ამას არასდიდებით არ ვიზამდი.

სწორედ ამ დროს სასტუმროს პატრონი კაფედან გავიდა. მინუტი გაჩუმდა. რწმუნებულმა კი კვლავ შეხედა და უთხრა:

– აბა, რა გადაწყვიტეთ? ნუ ივიწყებთ სერთუკს.

– მახსოვს, – მიუგო მინუტმა, – მაგრამ არ მსურს და არც შემიძლია დალევა. ეს იცოდეთ.

– თქვენ გსურთ და შეგიძლიათ კიდეც, ვთქვი მე და თუნდაც დამჭირდეს, რომ ძალით ჩაგასხათ... – ეს თქვა თუ არა, რწმუნებული ადგა და მინუტის ჭიქას წამოავლო ხელი, – აბა, პირი დააღეთ!

– არა, ღვთის მადლმა, ლუდს პირს აღარ დავაკარებ! – დაიყვირა მღელვარებისაგან გაფითრებულმა მინუტმა, – და ვერავითარი ამქვეყნიური ძალა ვერ გამაკეთებინებს ამას. უნდა მომიტევოთ, ლუდი ძალზე ცუდად მოქმედებს ჩემზე, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვიტანჯები ხოლმე. შემიბრალეთ, გევედრებით. რაკი ასეა, მირჩევნია... მირჩევნია ისევ კბილები გავაკრაჭუნო ლუდის დაულევლად.

– ეს უკვე სხვა ამბავია, ეშმაკმა დალახვროს, ეს სულ სხვა ამბავია, რაკი ამის გაკეთება ლუდის დაულევლად გნებავთ.

ბოლოს და ბოლოს, მინუტმა დაიწყო თავისი საშინელი კბილების კრეჭა და კრაჭუნი, რითაც იქ დამსწრეთა გულიანი ხარხარი გამოიწვია. ნაგელი, ჩანდა, ისევ გაზეთს კითხულობდა. ისევ გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან.

– უფრო ხმამაღლა! უფრო ხმამაღლა! – დაუყვირა რწმუნებულმა, – უფრო ხმამაღლა გააკრაჭუნეთ, თორემ არაფერი გვესმის.

ზის მინუტი სკამზე, ორივე ხელით მაგრად ჩასჭიდებია, თითქოს ეშინია, ძირს არ გადმოვარდეს, და რაც ძალა და ღონე აქვს, კბილებს ისე აკრაჭუნებს, რომ ლამის ტვინი შეერყეს. ყველანი იცინიან, გლეხის ქალი კი ისე ხარხარებს, რომ თვალებზე ცრემლი ადგება.

– ღმერთო ჩემო, რა მასხარა ყოფილა! – ყვირის ის და სიცილისაგან იგუდება, – აჰ, ეს რწმუნებულიც!..

– აი, ესეც ასე! ამაზე ხმამაღლა გაკრაჭუნება კბილებისა აღარ შემიძლია, – თქვა მინუტმა, – მართლა აღარ შემიძლია, ხომ ხედავს ღმერთი, მერწმუნეთ, ამაზე მეტი აღარ შემიძლია.

– კარგი, კარგი, ცოტა დაისვენეთ და ისევ შეუდექით საქმეს. კბილები აუცილებლად უნდა გააკრაჭუნოთ. შემდეგ კი წვერსაც შეგაჭრით. ახლა ლუდი დალიეთ. დიახ, უნდა დალიოთ, აი აქ დგას უკვე თქვენთვის მომზადებული.

მინუტმა მხოლოდ თავი გააქნია და კრინტი არ დასძრა. რწმუნებულმა ქისა ამოიღო, სუფრაზე ოცდახუთერეიანი მონეტა დააგდო და თანაც უთხრა:

– წინათ ათ ერედ აკეთებდით ამას, მაგრამ თქვენთვის ოცდახუთიც არ მენანება, გასამრჯელოს გიმატებთ. აბა!

– ნუღარ მაწამებთ, მაგას არ გავაკეთებ.

– არ გააკეთებთ? უარს მეუბნებით?

– ღმერთო შემიწყალე! ბოლოს და ბოლოს თავი დამანებეთ და მომასვენეთ! არ დაგემორჩილებით რაღაც სერთუკის გულისათვის, მეც ხომ ადამიანი ვარ. რა გნებავთ ჩემგან?

– ახლა კი მომისმინეთ, რას გეტყვით: როგორც ხედავთ, ამ სიგარის ფერფლს ვყრი თქვენს ჭიქაში, ხომ დაინახეთ? შემდეგ ამ პაწაწკინტელა ასანთსა და კიდევ ამ პატარა ასანთსაც, ორივეს ვყრი ჭიქაში, თქვენ წინ რომ დგას. ასე! ახლა კი გეფიცებით, რომ თქვენს ჭიქას მთლიანად გამოცლით. დიახ, მთლიანად გამოცლით მაგ ჭიქას, რადაც უნდა დაგიჯდეთ.

მინუტი წამოხტა. ჩანდა, როგორ აუკანკალდა მთელი სხეული, ჭაღარა თმა ისევ შუბლზე ჩამოეშალა. იდგა ასე და თვალებში შესცქეროდა რწმუნებულს. რამდენიმე წამმა განვლო.

– არა, ეგ მეტისმეტია, მეტისმეტი! – წამოიძახა გლეხის ქალმაც, – ეგ არ ქნა! ღმერთო დიდებულო!

– მაშ, არ გსურთ, უარს ამბობთ? – ჰკითხა რწმუნებულმა. ისიც სკამიდან წამოდგა და მინუტის წინ გაჩერდა.

მინუტი თავს ძალას ატანდა, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ყველას მისთვის მიეშტერებინა თვალი.

მაშინ მოულოდნელად წამოდგა ნაგელი ფანჯარასთან მდგარი სუფრიდან, მაგიდაზე დააგდო გაზეთი და ოთახის შუაგულისაკენ გაემართა.. დინჯად მიდიოდა, უხმაუროდ, თუმცა საყოველთაო ყურადღება მაინც მიიპყრო. იგი მინუტის გვერდით შეჩერდა, ხელი დაადო მხარზე და ხმამაღლა, გარკვევით უთხრა:

– თუ აიღებთ ჭიქას და სახეში შეასხამთ ამ ძაღლის ლეკვს, ათ კრონ ნაღდ ფულს მოგცემთ, თანაც დაგიხსნით მოსალოდნელი ყოველგვარი შედეგისაგან, – ნაგელმა თითი პირდაპირ რწმუნებულის სახისაკენ გაიშვირა, – აი, ამ ძაღლის ლეკვზე გეუბნებით.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჰამსუნი კნუდ / მისტერიები