ჰაუფ ვილჰელმ 

ქარავანი

 

ერთხელ უდაბნოში დიდი ქარავანი მიიზლაზნებოდა. თვალუწვდენელ დაბლობზე, სადაც კაცი ქვიშისა და ცის მეტს ვერაფერს შენიშნავდა, შორიდან მოისმოდა აქლემების ზანზალაკთა ჟღარუნი და ცხენების ვერცხლის ეჟვანთა წკარაწკური. ქარავნის წინ ამდგარი კორიანტელი მის შორიახლოს ყოფნას მოასწავებდა. როდესაც ერთ წუთს /აერის ნაკადი მტვრის ბოლქვებს გადაფანტავდა, კაცს თვალს სჭრიდა იარაღის ელვარება და უცხო სამოსის სიდიადე. ასე წარმოუდგა ქარავანი მოახლოებულ მხედარს. იგი მშვენიერ, ვეფხვის ტყავით დარახტულ არაბულ ცხენზე იჯდა. ცხენის ყირმიზი სადავეები ვერცხლის ეჟვნებით იყო მორთული, თავზე კი წეროს ფრთების ჯიღა ერხეოდა. მხედარს წარმოსადეგი გარეგნობა /ქონდა და მდიდრული სამოსი ამშვენებდა, როგორც ეს ასეთ ცხენზე მჯდომს შეეფერებოდა. თავზე ოქრომკედით ნაქარგი თეთრი ჩალმა ეხურა. ალისფერი ხალათი და განიერი შარვალი ეცვა. წელზე ხმალი ერტყა, ხმალზე ძვირფასი ხეტარი ბრწყინავდა. ჩალმა შუბლზე ჩამოფხატოდა. ხშირ წარბებს ქვემოდან მომზირალი მოელვარე შავი თვალები, კეხიანი ცხვირი და გრძელი წვერი უდრეკ, მამაკაცურ გამომეტყველებას აძლევდა. ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, მხედარმა ცხენს დეზი /კრა და თვალის დახამხამებაში ქარავანს თავში მოექცა. უდაბნოში მარტოხელა მხედრის ნახვა ისეთი უჩვეულო რამ იყო, რომ ქარავანის მცველებს თავდასხმისა შეეშინდათ და შუბებით გადაუღობეს გზა.

    – რა ამბავია! – შესძახა ასეთი მიღებით განცვიფრებულმა მხედარმა. – ერთ კაცს ხომ არ შეუძლია ქარავანს თავს დაესხას!... დარცხვენილმა მცველებმა შემართული შუბები ძირს დახარეს. მცველთა წინამძღოლი უცნობთან მივიდა და შეეკითხა:

    – რა გნებავთ?

    – ვისია ეს ქარავანი? – ჰკითხა მხედარმა.

    – ერთი პატრონი არა ჰყავს, რამდენიმე ვაჭარს ეკუთვნის, – უპასუხა წინამძღოლმა, – ისინი ახლა მექიდან სამშობლოში ბრუნდებიან და, რადგან მგზავრებს ხშირად ავაზაკები ესხმიან თავს, ბადრაგობას ვუწევთ მათ.

    მაშინ ვაჭრებთან მიმიყვანეთ, – სთხოვა უცნობმა.

    – აქ შეუძლებელია, – სიტყვა არ დააყოვნა წინამძღოლმა. – ჩვენ შეუმჩნევლად უნდა ვიაროთ, ვაჭრები კი, სულ ცოტა, თხუთმეტი წუთის სავალზე მაინც ჩამოგვრჩებიან.

    თუ ინებებთ, წამობრძანდით ჩვენთან ერთად და შუადღის შესვენებისას შევასრულებ თქვენს სურვილს.

    უცნობმა ხმა ვერ დასძრა, გრძელი ჩიბუხი ამოიღო, უნაგირზე რომ მიემაგრებინა, გააბოლა და გა/ყვა. წინამძღოლმა არ იცოდა, როგორ მოქცეოდა უცნობს, ვერც იმას ბედავდა, პირდაპირ ეკითხა ვინაობა, ისე კი ყოველმხრივ ცდილობდა სასაუბროდ გამოეწვია. მის აღტაცებულ შეძახილს: –„რა მშვენიერ თამბაქოს ეწევით,“ ანდა: „რა მარდი ფეხები აქვს თქვენს ბედაურს!“ – უცნობი მხოლოდ თავის ქნევით პასუხობდა, ბოლოს შესვენების ადგილს მიაღწიეს. წინამძღოლმა თავისი ხალხი გუშაგებად დააყენა და უცნობთან ერთად დაუწყო ქარავანს ლოდინი. მძიმედ დატვირთულ ოცდაათ აქლემს ჩალვადრები მოუძღოდნენ. მათ უკან მო/-ყვებოდნენ მშვენიერ ცხენებზე მჯდომი ქარავნის პატრონები – შუახანს გადაცილებული, დარბაისელი და სერიოზული შეხედულების ხუთი ვაჭარი. ერთი მათგანი, სხვებზე ახალგაზრდა, უფრო ცოცხალი და მკვირცხლი ჩანდა. ქარავანს მრავალი აქლემი და დატვირთული ცხენი მოსდევდა.

    დასცეს კარვები. აქლემები და ცხენები გარშემო დააყენეს. შუაში დიდი ცისფერი აბრეშუმის კარავი იდგა. იქ შეიყვანა წინამძღოლმა უცნობი. ოქრომკედით მოქარგულ ბალიშებზე ხუთ ვაჭარს მოერთხა ფეხი. თავზე შავკანიანი მონები დასტრიალებდნენ და ნაირ-ნაირ საჭმელ-სასმელს მიართმევდნენ.

    – ეს ვინ მოგიყვანიათ! – შესძახა ახალგაზრდა ვაჭარმა წინამძღოლს. უცნობმა დაასწრო და მიუგო: – ბაღდადელი ვარ, სელიმ ბარუხს მეძახიან. მექაში მივემგზავრებოდი, ყაჩაღები თავს დამესხნენ და შემიპყრეს. ამ სამი დღის წინათ გამოვიპარე და აი, წინასწარმეტყველის წყალობით, შორიდანვე მომესმა თქვენი ქარავანის ეჟვანთა ჟღარუნი. მეც აქეთკენ გამოვეშურე. ნება მიბოძეთ თქვენთან ვიმგზავრო; ვიცი, უღირსს არ გაუწევთ მფარველობას, მე კი დიდვეზირის ძმისწული ვარ და, როცა ბაღდადში ჩახვალთ, სიკეთეს სიკეთით გადაგიხდით.

    სიტყვა აიღო ვაჭართა შორის ასაკით ყველაზე უფროსმა:

    – სელიმ ბარუხ! – თქვა მან, – კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს კარავში. შენი სტუმრობა დიდად გაგვახარებს, მაგრამ ჯერ დაბრძანდი და ჩვენთან ერთად პურ-მარილი მიიღე.

    სელიმ ბარუხმა ვაჭრებთან მოიკალათა და სმა-ჭამას შეუდგა. შემდეგ მონებმა აალაგეს სუფრა, ყალიონები და თურქული შარბათი მოართვეს. ვაჭრები დიდხანს ისხდნენ ჩუმად, ყალიონს აბოლებდნენ, თვალს აყოლებდნენ ცისფერ ბოლს, რომელიც რგოლებად იშლებოდა და ბოლოს /აერში ქრებოდა. სიჩუმე ახალგაზრდა ვაჭარმა დაარღვია: – სამი დღეა ხან ცხენებზე, ხან კი სუფრასთან ვსხედვართ და დროს  სხვაგვარად ვეღარ ვკლავთ. მომწყინდა ძლიერ, ნავახშმევს ყოველთვის მოცეკვავეების ცქერას, სიმღერისა და მუსიკის მოსმენასა ვარ ჩვეული. ხომ არაფერს მოიგონებთ, ჩემო მეგობრებო, ისეთს, რომ დრო უკეთესად გავატაროთ?

    ოთხი ხანდაზმული ვაჭარი ყალიონს აბოლებდა, ეტყობოდათ, ღრმა ფიქრებს მისცემოდნენ.

    – თუ თქვენ ჭკუაში დაგიჯდებათ, ერთ რჩევას მოგცემთ. მოდით, ყოველ შესვენებისას ერთ-ერთმა ჩვენგანმა რაიმე ამბავი მოგვითხროს. ამით დროსაც ადვილად მოვკლავთ, – თქვა უცნობმა.

    – სელიმ ბარუხ, შენი აზრი მართლაც ჭკუასთან ახლოა, – მიუგო ახმედმა, ვაჭრებში ასაკით ყველაზე უფროსმა. – მაშ ვღებულობთ შენს წინადადებას.

    – დიდად მოხარული ვარ, ასე რომ მოგეწონათ ჩემი აზრი, – წარმოთქვა სელიმმა.

    – რომ დარწმუნდეთ შეუძლებელს არაფერს ვითხოვ, პირველად მე გიამბობთ რაიმეს... – ვაჭრები კმაყოფილი სახით ერთმანეთის გვერდით მოთავსდნენ და შუაში სელიმ ბარუხი ჩაისვეს. მონებმა ისევ შეავსეს თასები, დატენეს ყალიონები და თავიანთი ბატონებისათვის ნაკვერჩხალიც მოარბენინეს. სელიმმა თურქული შარბათით ყელი ჩაისველა, გრძელი წვერი ხელით ჩამოივარცხნა და დაიწყო:

    – მაშ ისმინეთ ხალიფა წეროს ამბავი.

 

 

   ხალიფა წეროს ამბავი

 

ერთ მშვენიერ საღამოს ბაღდადის ხალიფა ყასიდი განცხრომით იჯდა ტახტზე. აუტანელი სიცხის გამო მთელ დღეს  თვლემდა და ახლა, ძილის შემდეგ მხიარულ გუნებაზე დამდგარიყო. ვარდის ბუჩქის ტოტისაგან გამოთლილ გრძელ ყალიონს აბოლებდა; დროდადრო მსახურისაგან მოწვდილ ყავას  მოწრუპავდა და სიამოვნებით წვერზე ხელს ისვამდა. ერთი სიტყვით, ხალიფას ეტყობოდა ჩინებულ გუნებაზე იყო. ასეთი განწყობილების დროს მეტად წყნარი საუბრის მოყვარული გახლდათ და ადვილიც იყო მასთან მუსაიფის გაბმა.

    მთავარი ვეზირი მანსორიც მას სწორედ ასეთ დროს მოინახულებდა ხოლმე. აი, ამჯერადაც ეახლა ხალიფას, მაგრამ უჩვეულოდ მოწყენილი. ხალიფამ ყალიონი პირიდან გამოიღო და ჰკითხა:

    – დიდო ვეზირო, რატომ გაქვს ეგზომ შეშფოთებული სახე?

    დიდვეზირმა გულხელი დაიკრიფა, პატრონს თაყვანი სცა და მიუგო:

    – მბრძანებელო, ვერ გეტყვით, რას გამოხატავს ჩემი სახე. ვიცი, მხოლოდ, ქვევით ერთი მეწვრილმანეა, რომელსაც ძალზედ კარგი საქონელი აქვს გასაყიდი და გული მწყდება, რომ ზედმეტი ფული არ გამაჩნია.

    ხალიფას დიდი ხანია სურდა  რითიმე ესიამოვნებინა დიდვეზირი. მან სასწრაფოდ გაგზავნა შავკანიანი მონა მეწვრილმანის მოსაყვანად. მონა მალე დაბრუნდა  მეწვრილმანესთან ერთად. მეწვრილმანე იყო დაბალი, სქელი კაცი, მოყავისფრო  სახის კანით  და დაძონძილი ტანსაცმლით შემოსილი. მის ყუთში ყოველგვარ  საქონელს ნახავდით: მძივებსა და  ბეჭდებს, მდიდრულად მოჭედილ დამბაჩებს, სასმისებსა და სავარცხლებს. ხალიფა და ვეზირი დიდხანს ათვალიერებდნენ ნივთებს. ბოლოს ხალიფამ თავისთვის და მანსორისთვის ლამაზი დამბაჩები აირჩია, ვეზირის ცოლისთვის კი სავარცხელი. ის იყო მეწვრილმანეს ყუთის დახურვა უნდოდა, ხალიფამ იქ პატარა უჯრა შენიშნა და ჰკითხა, აქაც ხომ საქონელი არ გაქვსო, მეწვრილმანემ გამოსწია უჯრა, ამოიღო კოლოფი, უჩვენა მოშავო ფხვნილი და ქაღალდი უცნაური ნაწერით. მისი წაკითხვა ვერც ხალიფამ შესძლო და ვერც ვეზირმა.

    – ეს ფხვნილი ერთმა ვაჭარმა მექის ქუჩაში იპოვა და მე მომცა. რისგან შედგება, არ ვიცი; თუ ინებებთ, შემიძლია იაფად დაგითმოთ. აბა მე რას  ვაქნევ, მაინც არაფრად გამომადგება, – წარმოთქვა მეწვრილმანემ.

    ხალიფამ, რომელიც ხალისით აგროვებდა ძველ მანუსკრიპტებს, თუმცა მათი კითხვა არ შეეძლო, მაინც იყიდა ხელნაწერი ფხვნილთან ერთად და მეწვრილმანე გაისტუმრა.

    ხალიფას მეტად აინტერესებდა – რა ეწერა ბარათში და ვეზირს ჰკითხა: ხომ არ გეგულება ისეთი ვინმე, რომელიც ამის წაკითხვას შესძლებსო?

    – დიდო ბატონო და მბრძანებელო, უპასუხა მან. –  მეჩეთში ცხოვრობს ერთი კაცი, ბრძენ სელიმს ეძახიან. ყველა ენა იცის. ბრძანე, მოიყვანონ, იქნებ ამ საიდუმლოებით მოცულ ბარათსაც მოუხერხოს რამე.

    მალე მოიყვანეს სწავლული სელიმი.

    – სელიმ, ამბობენ, დიდად განსწავლული კაცი ყოფილხარ, – ბრძანა ხალიფამ. – ნახე ერთი ეს ნაწერი. შესძლებ წაკითხვას? თუ შესძლებ, ჩემგან საჩუქრად ძვირფას ხალათს მიიღებ, ხოლო თუ ვერ მოახერხებ, ვბრძანებ, თორმეტი სილა გაგაწნან და ოცდახუთჯერ წნელი დაგკრან ფეხისგულებზე: ცრუ სწავლულს მხოლოდ ასე უმასპინძლდებიან.

    სელიმმა თაყვანი სცა და თქვა: იყოს ნება შენი, მბრძანებელო! – მერე დიდხანს აკვირდებოდა ხელნაწერს. ბოლოს სიხარულით შეჰყვირა:

    – თავი წამაგდებინეთ, თუ ლათინური არ იყოს!

    – რაკი ლათინურია, დროზე ამოიკითხე, რა წერია შიგ! – უბრძანა ხალიფამ.

    სალიმმა დაიწყო ბარათის თარგმნა: „ადამიანო, რომელიც იპოვი ამას, მადლობა შესწირე ალაჰს წყალობისათვის! თუ ამ ფხვნილს შეისუნთქავ და იტყვი „მუტაბორ“, – შეგიძლია ყოველგვარ მხეცად გადაიქცე და გაიგო მხეცის ენა. თუ გსურს  ისევ ადამიანი გახდე, სამჯერ უნდა დაიხარო აღმოსავლეთისაკენ და წარმოთქვა იგივე სიტყვა; მაგრამ გახსოვდეს, სანამ მხეცად ხარ ქცეული, არ გაიცინო, თორემ დაგავიწყდება ჯადოსიტყვა და სამუდამოდ მხეცად დარჩები.“

    წერილში ასეთი რამ ამოიკითხა სწავლულმა სელიმმა. ხალიფა უზომოდ კმაყოფილი დარჩა. მან დააფიცა სწავლული, არავისთვის გაენდო ეს საიდუმლო, აჩუქა ძვირფასი ხალათი და გაუშვა. თავის დიდვეზირს კი უთხრა: ძვირფასი რამ ნივთი შევიძინე! რა სასაცილო უნდა იყოს მხეცად გადაქცევა! ხვალ, დილით ადრე მოდი ჩემთან; ერთად წავიდეთ მინდორში, დავყნოსოთ ეს ფხვნილი და ყური მივუგდოთ ვინ რას ამბობს ჰაერში, წყალში, ტყესა და მინდორში.

        ხალიფა ყასიდმა როგორც კი ისაუზმა და ჩაიცვა, ვეზირიც ეახლა, რომ ბრძანებისამებრ სასეირნოდ გაჰყოლოდა.

    ხალიფამ ფხვნილიანი კოლოფი ქამარში ჩაიჩარა. მხლებლებს უბრძანა სასახლეში დარჩენილიყვნენ და დიდვეზირთან ერთად მარტო გაუდგა გზას. კარგა ხანს ამაოდ  დაეძებდნენ რაიმე სულდგმულს, რომ ფხვნილის ძალა გამოეცადათ, ვეზირმა ხალიფას ურჩია, უფრო შორს წასულიყვნენ ტბისკენ,  სადაც მას წინათ მრავალი ფრინველი ენახა, მათ შორის, ბევრი წეროც. ისინი გარეგნობითა და თავისებური ხმით მუდამ იპყრობდნენ მის ყურადღებას.

    ხალიფა დაეთანხმა ვეზირს და ორივემ ტბისკენ გასწია. ტბასთან რომ მივიდნენ, დაინახეს წერო, რომელიც მედიდურად ბოლთასა სცემდა და ბაყაყებს დაეძებდა.მალე ჰაერში შენიშნეს მეორე წერო, იგი აქეთკენ მოფრინავდა.

    – ულვაშს ვფიცავ, დიდო ბატონო, – თქვა ვეზირმა,–  რომ ეს ორი გრძელფეხა წერო ერთმანეთში ძალიან საინტერესო საუბარს გააბამს. რა იქნება, წეროებად რომ ვიქცეთ?

    – კეთილი! – უპასუხა ხალიფამ. – მაგრამ ერთხელ კიდევ გავიმეოროთ, როგორ უნდა დავიბრუნოთ კვლავ ადამიანის სახე.

    – მართლა! სამჯერ აღმოსავლეთისაკენ დავიხაროთ და „მუტაბორი“ წარმოვთქვათ. მე ისევ ხალიფა გავხდები, შენ კი ვეზირი... მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს გაცინებისაგან, თორემ დავიღუპებით.

    ამ ლაპარაკში ხალიფამ დაინახა, როგორ გადაუფრინა თავზე წერომ და ძირს დაეშვა! მან სწრაფად  გამოიძრო ქამრიდან ფხვნილი, მიაწოდა ვეზირს, რომელმაც მყისვე შეიყნოსა და ორივემ დაიძახეს: „მუტაბორ!“

    მაშინვე დაუვიწროვდათ და გაუწითლდათ ფეხები. ხალიფასა და ვეზირის მშვენიერი ქოშები წეროს უფორმო ფეხებად იქცა, მკლავების ნაცვლად ფრთები გამოესხათ, კისერი წაუგრძელდათ, წვერი გაუქრათ და ტანი ფაფუკი ბუმბულით დაეფარათ.

    – თქვენ მშვენიერი ნისკარტი გაქვთ, ბატონო ვეზირო, – თქვა განცვიფრებულმა ხალიფამ. – ვფიცავ ალაჰს, ჩემს სიცოცხლეში ამის მსგავსი არაფერი მინახავს!

    – დიდად გმადლობთ, – უპასუხა ვეზირმა და თაყვანი სცა. – მაგრამ თუ არ მიწყენთ, მოგახსენებთ, რომ თქვენი მაღალკეთილშობილება წეროდ უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ხალიფად... თუმცა რა დროს ეგაა, მოდით, ყური დავუგდოთ ჩვენს ამხანაგებს და გავიგოთ, გვესმის თუ არა ნამდვილად წეროების ენა.  

    ამასობაში მეორე წერო მიწაზე დაეშვა, ნისკარტით გაიწმინდა ფეხები, ფრთები გაისწორა და პირველ წეროსთან მივიდა. ახლად წეროდქცეულნი სასწრაფოდ მიუახლოვდნენ მათ და ასეთი საუბარი მოისმინეს:

    – დილა მშვიდობისა, ქალბატონო გრძელფეხა, ასე ადრეა და თქვენ უკვე გამოხვედით მინდორზე?

    – გმადლობთ, ძვირფასო ნისკარტტკაცუნა! ცოტაოდენი საუზმე ვიშოვე. იქნებ ისიამოვნოთ ხვლიკის ან ბაყაყის ხორცით?

    – დიდად გმადლობთ, სულ არა მაქვს მადა. აქ სხვა მიზნით მოვედი. დღეს მამაჩემის სტუმრებთან უნდა ვიცეკვო და განვიზრახე, სიწყნარეში ცოტა წავივარჯიშო.

    წერომ უჩეულო მიხრა-მოხრით გაიარა მინდორზე. ხალიფა და ვეზირი განცვიფრებით შეჰყურებდნენ მას. მაგრამ როცა წერო ერთ ფეხზე შედგა და ფრთების რხევა დაიწყო, თავი ვეღარ შეიკავეს და საშინელი სიცილი წასკდათ. გონს მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მოეგნენ. – აი, გართობა თუ გინდა, – თქვა ხალიფამ. – ასეთ რამეს ოქროს ფასადაც ვერ იშოვი. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ  ყეყეჩი წეროები ჩვენმა სიცილმა დააფრთხო, თორემ დარწმუნებული ვარ, იმღერებდნენ კიდეც.

    სწორედ ამ დროს დიდვეზირს გაახსენდა, რომ გარდაქმნის დროს სიცილი აკრძალული იყო, და თავისი შიში ხალიფას გაუზიარა.

    – ვაითუ სამუდამოდ წეროდ დავრჩი, აბა რას ემგვანება  ეს, ჰა? თქვი ერთი ის სულელური სიტყვა, მე ვეღარ გამიხსენებია. მგონი სამჯერ აღმოსავლეთისაკენ უნდა დავიხაროთ და თან წარმოვთქვათ:

    – მუ-მუ-მუ...

    პირი აღმოსავლეთისაკენ იბრუნეს, დაიხარნენ ისე, რომ ნისკარტებით მიწას ეხებოდნენ. მაგრამ, ჰოი, უბედურებავ, ჯადოსიტყვა დაავიწყდათ და რამდენჯერაც არ დაიხარნენ, მხოლოდ მუ-მუ-ს წარმოთქმას ახერხებდნენ. ამგვარად ხალიფა და მისი ვეზირი წეროებად დარჩნენ.

        დამწუხრებულნი დახეტიალობდნენ. არ იცოდნენ, რა ეღონათ ასეთ უბედურ დღეში ჩავარდნილთ. წეროებად ქცეულებს ქალაქში დაბრუნება და თავიანთი ვინაობის გამოცხადება არ შეეძლოთ; ვინ დაიჯერებდა წეროს ხალიფობას და, რომ დაეჯერათ კიდეც, განა ბაღდადის მცხოვრებნი მოინდომებდნენ ხალიფად წერო ჰყოლოდათ! 

    ასე დაძრწოდნენ დიდხანს, იკვებებოდნენ მინდვრის კენკრით, კენკრის აკენკვა გრძელი ნისკარტის გამო უძნელდებოდათ. ხვლიკებსა და ბაყაყებზე გული არ მისდიოდათ, თანაც ეშინოდათ ასეთი სასუსნავით კუჭი არ აშლოდათ.

    ერთადერთი სიამოვნება, რომელსაც ამ დღეებში განიცდიდნენ, ფრენა იყო. ხშირად მიფრინავდნენ ბაღდადში, სხდებოდნენ სახლის სახურავებზე, აინტერესებდათ ენახათ, თუ რა ხდებოდა იქ.

    პირველ დღეს დიდი მოუსვენრობა და გლოვა იგრძნობოდა ქუჩებში,  მაგრამ დაახლოებით მეოთხე დღეს, როცა ისინი ხალიფას სასახლის სახურავზე ისხდნენ, ქუჩაში საზეიმო მსვლელობა დაინახეს. ყველგან გაისმოდა დოლისა და საყვირის ხმა.

    დიდებულად მოკაზმულ ცხენზე წარჩინებული კაცი იჯდა. მას გარშემო ბრწყინვალე მსახურები ეხვია, ტანზე ოქრომკედით ნაქარგი მოლი ეხურა. მხედარს ნახევარი ბაღდადი უკან მისდევდა ყვირილით: „დიდება მიზრას, ბაღდადის მფლობელს!“ სასახლის სახურავზე მჯდომმა წეროებმა ერთმანეთს გადახედეს. ხალიფა ყასიდმა თქვა: ახლა ხომ მიხვდი, რატომ გამიკეთეს ჯადო, დიდო ვეზირო? ეს კაცი, მიზრა, ჩემი  სამკვდრო-სასიცოცხლო მტრის, ძლიერი ჯადოქრის- კაშნურის შვილია. იგი გაჭირვებაში მყოფი, ერთხელ, შურისძიებით  დამემუქრა. იმედს არ ვკარგავ, წამომყევი, ჩემი უბედურების ერთგულო მსხვერპლო, გავემგზავროთ წინასწარმეტყველის საფლავისაკენ, იქნებ ამ წმინდა ადგილმა მოგვიხსნას ჯადო.

    ისინი აფრინდნენ სასახლის სახურავიდან და მედინისაკენ გაემართნენ. 

    ფრენა არც თუ ისე კარგად ეხერხებოდათ. საკმაოდ ნავარჯიშევიც არ იყვნენ.

    – ოჰ, ბატონო, – ამოიოხრა რამდენიმე საათის შემდეგ დიდვეზირმა, – თქვენ ძალიან ჩქარა მიფრინავთ, უკვე დაბნელდა კიდეც, არაქათი გამომელია. კარგი  იქნება, ღამის გასათევ ბინას თუ მოვძებნით.

    ყასიდმა მსახურს თხოვნა შეუსრულა. თავშესაფრის საძებნელად ისინი ძირს, ნანგრევებისაკენ დაეშვნენ.

    ეტყობოდა, აქ ოდესღაც სასახლე იყო. ლამაზად მორთული მრავალრიცხოვანი დარბაზები და სენაკები მოწმობდნენ ყოფილი სასახლის დიდებულებას.

    ყასიდი და მისი თანამგზავრი ერთი გასასვლელიდან მეორისაკენ წავიდნენ. მშრალ ადგილს ეძებდნენ. უცბათ წერო სმანსორი შეჩერდა:

    – ბატონო და მწყალობელო, – წაიჩურჩულა მან. – მინდა გამოგიტყდეთ: გულში რაღაც შიში შემეპარა: აქვე, გვერდით, სულ ახლოს, ვიღაცამ დაიკვნესა და ამოიოხრა კიდეც.

    ხალიფა შეჩერდა, დააყურა და გარკვევით გაიგონა ჩუმი ქვითინი: იგი ადამიანის ტირილსა ჰგავდა.

    ხალიფა გაბედულად გაემართა იმ ადგილისაკენ, საიდანაც გოდების ხმა მოდიოდა. ვეზირი ნისკარტით წასწვდა ფრთებში და სთხოვა, ახალ საფრთხეს არ გადაეყაროო. მაგრამ ამაოდ! ხალიფამ, რომელსაც წეროს ფრთების ქვეშაც კი მამაცი გული უცემდა, რამდენიმე ბუმბული შესწირა, ფრთა გამოიგლიჯა და საჩქაროდ  ბნელ გასასვლელში შევიდა. მალე ერთი კარის წინ აღმოჩნდა. იქიდან გარკვევით მოისმოდა ოხვრა და კვნესა. ნისკარტით კარი გამოაღო და განცვიფრებული ზღურბლზე შეჩერდა. დანგრეულ ოთახს რკინისრიკულიანი პატარა ფანჯარა ოდნავ  ანათებდა.  უზარმაზარი ზარნაშო ძირს იჯდა, დიდრონი თვალებიდან ცერისოდენა ცრემლები სცვიოდა და მოკაკული ჩარბით ჩახრინწულ ხმაზე მოთქვამდა თავის გაჭირვებას.

    როცა მან ხალიფა და ვეზირი შენიშნა, უფრო ხმამაღლა მორთო ყვირილი. ყავისფერი ფრთებით ნაზად მოიწმინდა ცრემლი და ორივეს გასაოცრად, ისე როგორც ადამიანს სჩვევია, წმინდა არაბულ ენაზე წამოიძახა:

    – მობრძანდით, წეროებო, თქვენი მოსვლა ჩემი ხსნის იმედია, მე ხომ წეროსაგან მიწერია ბედნიერება!

    როცა ხალიფა განცვიფრებისაგან გამოერკვა, ჩაიკეცა, გრძელი კისერი დაბლა დახარა, წვრილი ფეხები ნაზად მიმოარხია და თქვა:

    – ზარნაშო, შენი სიტყვებიდან დავრწმუნდი, რომ ჩვენ ყველანი ერთ ბედქვეშ ვყოფილვართ. მაგრამ ტყუილად გაქვს ჩვენი იმედი. ჩვენს უსუსურობას თვითონ მიხვდები, როცა საბრალო წეროების ამბავს მოისმენ. – ზარნაშომ სთხოვა, რაიმე ეამბნათ თავიანთი წარსულიდან და ხალიფამაც მოუთხრო ჩვენთვის უკვე ნაცნობი თავგადასავალი.

    როცა ხალიფამ ზარნაშოს უამბო რაც თავს გადახდათ, მან მადლობა გადაუხადა და უთხრა:

    – ჩემი ამბავიც ისმინე და გაიგებ, რომ შენზე ნაკლებ არა ვარ უბედური. მამაჩემი ინდოეთის მეფე გახლავს. მისი ერთადერთი ბედკრული ასული ლუზა, მაცდურმა კაშნურმა, რომელმაც თქვენ ჯადო გაგიკეთათ, მეც ამ ყოფაში ჩამაგდო. ერთ დღეს მოვიდა მამაჩემთან და მოინდომა, მისი ვაჟიშვილის – მიზრას ცოლი გავმხდარიყავი. მამაჩემი ძალიან ფიცხი კაცია.მან ბრძანა, კიბეებიდან დაეგორებინათ. მაგრამ იმ წყეულმა სახე შეიცვალა და შორიახლო დამიწყო თვალთვალი. ერთხელ ბაღში მარტო ვიყავი. მსახურად ქცეულმა კაშნურმა რაღაც სასმელით სავსე ჭიქა მომაწოდა. დავლიე და სასმელმა ამ საშინელებად მაქცია, შიშისაგან გულწასული მომიყვანა აქ და საზარელი ხმით ყურში ჩამძახა: მახინჯი, თვით მხეცების მიერ შეძულებული, ასე დარჩები სიკვდილამდე, სანამ ვინმე ამ საშინელ გარეგნობას არად ჩააგდებს და შენს ცოლად შერთვას არ მოინდომებს. ამგვარად ვიძიებ შურს შენზე და შენს ამაყ მამაზეო.

    მას შემდეგ მრავალმა თვემ განვლო. დამწუხრებული, მარტოდმარტო განდეგილივით  ვცხოვრობ ამ კედლებში. ყველასაგან მიტოვებული, თვით მხეცებსაც კი ვეზიზღები.  ბუნების სიმშვენიერე ვერ მატკბობს: დღისით ბრმა ვარ, თვალებიდან ბინდი კი მხოლოდ მთვარიანი ღამით მცილდება; მაშინ, როცა მკრთალი სინათლე  კედლებს ეცემა.

    ზარნაშომ თხრობა დაამთავრა და კვლავ ფრთებით თვალები ამოიწმინდა: თავისი ტანჯვის გახსენებამ ცრემლი მოჰგვარა.

    სანამ სეფექალი ამბავს მოუთხრობდა, ხალიფა ღრმა ფიქრებში იყო ჩაფლული. – თუ არ ვცდები, დასძინა მან, –  ჩვენს უბედურებას შორის რაღაც იდუმალი კავშირი არსებობს. მაგრამ როგორ ვიპოვო ამ გამოცანის გასაღები? –  ზარნაშომ უპასუხა: – ოჰ, ბატონო, მეც მაგას ვგრძნობ. ჩემს ბავშვობაში ერთმა ქალმა მიმკითხავა, წერო დიდ ბედნიერებას მოგიტანსო. ვიცი კიდეც, როგორ უნდა ვუშველო თავს.

    ხალიფა დიდად გაოცდა და ჰკითხა, რას ფიქრობო.

    – ჯადოქარი, რომელმაც ორივე გაგვაუბედურა, – მიუგო ზარნაშომ, – თვეში ერთხელ ესტუმრება ხოლმე ამ ნანგრევებს. ჩვენი ოთახის ახლოს დარბაზია. იქ ამხანაგებთან ჩვეულებრივ ქეიფობს. ხშირად დამიგდია მათთვის ყური. ერთმანეთს მოუთხრობენ თავიანთ სამარცხვინო ნამოქმედარს; შეიძლება მაშინ წამოაყრანტალოს ის ჯადოსიტყვა, რომელიც თქვენ გულიდან გადაგივარდათ.

    – ოჰ, ძვირფასო მეფის ასულო, – წამოიძახა ხალიფამ, –  დროზე თქვი, როდის მოდის  ჯადოქარი, ან სად არის ის დარბაზი?

    ზარნაშო ცოტა ხანს შეჩერდა და მერე განაგრძო:

    – ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სურვილს მხოლოდ ერთი პირობით შეგისრულებთ.

    – ბრძანე, ბრძანე! – შესწივლა ყასიდმა. – მითხარ, ჩემთვის სულ ერთია.

    – მეც მინდა გავთავისუფლდე, ეს კი მაშინ მოხდება, თუ რომელიმე თქვენგანი ცოლად შემირთავს.

    წეროები ამ წინადადებამ, ცოტა არ იყოს, შეაკრთო. ხალიფამ მსახურს ანიშნა, მცირე ხნით მასთან ერთად გარეთ გასულიყო.

    – დიდო ვეზირო! – უთხრა კარებს უკან ხალიფამ, – თუმცა ეს უგუნურებაა, თქვენ მაინც უნდა დათანხმდეთ.

    – რას ბრძანებთ, – შეშფოთდა ვეზირი. – დავთანხმდე, რომ ჩემმა ცოლმა თვალები ამომკორტნოს, როცა დავბრუნდები? გარდა ამისა, მე მოხუცი ვარ, თქვენ კი უცოლო ბრძანდებით, თანაც ჭაბუკი და თავისუფლად შეგიძლიათ  შეირთოთ ახალგაზრდა და ლამაზი მეფის ასული.

    – საქმეც ეგ არის, – ოხვრით წარმოთქვა ხალიფამ და ფრთები ძირს დაუშვა. – აბა, საიდან იცით, რომ ის ახალგაზრდა და ლამაზია. ეს იგივეა, თევზი წყალში შეაფასო.

    დიდხანს ეჩიჩინებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, როცა ხალიფა დარწმუნდა, ვეზირს ზარნაშოს შერთვას ისევ წეროდ დარჩენა ერჩია, გადაწყვიტა პირობა თვითონ შეესრულებინა.

    ზარნაშო აღტაცებული დარჩა. მან თქვა: ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვიდით მოსასვლელად, ჯადოქრები სწორედ ამაღამ უნდა შეიკრიბნენო.

    ზარნაშომ წეროებთან ერთად ოთახი დატოვა და ყველანი დარბაზისაკენ გაემართნენ. ისინი დიდხანს მილასლასებდნენ ბნელ გასასვლელში. ბოლოს ნახევრად დანგრეული კედლიდან ნათელი სხივი გამოჩნდა. როცა ახლოს მივიდნენ, ზარნაშომ ურჩია თავი მშვიდად დაეჭირათ. ისინი ჭუჭრუტანიდან მთელ დარბაზს ხედავდნენ. დარბაზი მშვენიერი სვეტებით იყო შემკული. ათასი ფერის ლამპიონები დღის სინათლეს აფრქვევდა. დარბაზის შუაგულში მრგვალი მაგიდა იდგა.  მაგიდაზე ნაირნაირი საჭმელი ელაგა. მაგიდის გარშემო ტახტზე რვა კაცი იჯდა. ერთ-ერთი მათგანი წეროებმა იმ მეწვრილმანედ იცნეს, რომელმაც მათ ჯადოფხვნილი მიჰყიდა. მის გვერდით მჯდომმა სთხოვა მეწვრილმანეს ეამბნა მათთვის ახალი რამ.

    მანაც იქ მყოფთ სხვა ამბებთან ერთად ხალიფასა და ვეზირის ამბავიც მოუთხრო.

    – რა სიტყვა უნდა ეთქვა? – ჰკითხა მეორე ჯადოქარმა.

    – საკმაოდ ძნელი ლათინური სიტყვა: „მუტაბორ“.

        წეროებმა ეს რომ გაიგონეს, სიხარულით კინაღამ ჭკუა დაკარგეს. თავიანთი გრძელი ფეხებით ისე გაიქცნენ ნანგრევების გასასვლელისაკენ, რომ ზარნაშო ძლივს დაეწიათ. იქ ხალიფამ აღელვებით უთხრა ზარნაშოს: მე და ჩემი მეგობრის სიცოცხლის  მხსნელო, ამ სიკეთისათვის ამიერიდან ქმრად მიგულეო.

    შემდეგ მიბრუნდნენ აღმოსავლეთისკენ, სამჯერ დახარეს თავიანთი გრძელი კისრები მზისკენ, რომელიც მთის კორტოხიდან ის იყო ამოიწვერა, და შესძახეს: „მუტაბორ!“

    მყისვე ადამიანებად იქცნენ. უზომოდ გახარებულნი ტიროდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ.

    მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უკან მიიხედეს.

    საუცხოოდ მორთული მშვენიერი ასული იდგა მათ წინ. ქალმა ხალიფას ღიმილით გაუწოდა ხელი და უთხრა:

    – ვეღარ იცანით თქვენი ზარნაშო?-  ხალიფა მისი მშვენიერებითა და სინარნარით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ წამოიძახა:

    – ჩემი უდიდესი ბედნიერება წეროდ გახდომა იყო!

    სამივე ბაღდადისაკენ გაემგზავრა. ხალიფამ თავის სამოსში იპოვა არა მარტო ჯადოფხვნილი, არამედ ფულით სავსე ქისაც. უახლოეს სოფელში იყიდა ყველაფერი, რაც მგზავრობისათვის იყო საჭირო და ასე მივიდნენ ბაღდადის კარიბჭესთან. ხალიფას გამოჩენამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია.

    იგი მკვდრად გამოეცხადებინათ და ხალხს ძალიან გაეხარდა, რომ თავისი საყვარელი მფლობელი ისევ  დაბრუნდა. უფრო მეტად გაღვივდა მათში მატყუარა მიზრასადმი სიძულვილი. ისინი სასახლისაკენ გაემართნენ, დაიჭირეს ბებერი ჯადოქარი შვილიანად. ხალიფამ ბებერი იმ ნანგრევებში გაგზავნა, სადაც ზარნაშოდქცეული მეფის ასული ცხოვრობდა, და ბრძანა, იქ ჩამოეხრჩოთ. შვილს კი, რომელსაც მამის ჯადოქრობისა არაფერი ესმოდა, არჩევანი შესთავაზა: ან მომკვდარიყო, ან ფხვნილი დაეყნოსა. როცა ამან უკანასკნელი არჩია, დიდვეზირმა ფხვნილი მიაწოდა და ხალიფას ჯადოქარმა სიტყვამ იგი წეროდ აქცია.

    ხალიფამ ბრძანა, ჯადოქრის ვაჟი რკინის გალიაში დაემწყვდიათ, ხოლო გალია მის ბაღში დაედგათ.

    დიდხანს ცხოვრობდა ხალიფა ყასიდი თავის ცოლთან ნეტარებით. ყველაზე მეტად ხალიფას ის უხაროდა, როდესაც სადილის შემდეგ დიდი ვეზირი ეწვეოდა ხოლმე. ისინი ხშირად იგონებდნენ წეროების თავგადასავალს და, როცა ხალიფა მხიარულ გუნებაზე იყო, ვეზირს აჯავრებდა: წერო რომ იყავი, აი, ასე გამოიყურებოდიო. ხალიფა სერიოზული სახით და გაშეშებული ფეხებით მიდი-მოდიოდა ოთახში, ყიოდა, მკლავებს ფრთებივით აქნევდა, მერე აღმოსავლეთისაკენ იხრებოდა და თან მუ-მუ-ს იძახდა.

    ხალიფას მეუღლესა და მათ შვილებს ეს წარმოდგენა მუდამ ძალზე ამხიარულებდა.

    ასეთ დროს ხალიფა დიდხანს ყიოდა და მუ-მუ-ს იძახდა. ვეზირი კი ღიმილით ემუქრებოდა: თქვენს მეუღლეს ყველაფერს ვეტყვი, რაზე ვკამათობდით მეფის ასულ ზარნაშოს კარების წინო.

        ამ სიტყვებით დაამთავრა სელიმ ბარუხმა თავისი მოთხრობა. ვაჭრები მეტად კმაყოფილნი დარჩნენ.

    – მართლაც ისე გაიარა დრომ, ვერც ვიგრძენით. – თქვა ერთმა მათგანმა და კარვის კარები გადახსნა. – საღამოს გრილი ნიავი უბერავს და უთუოდ კარგა მანძილის გავლას  შევძლებთ. – თანამგზავრები დაეთანხმნენ, კარვები აკეცეს და ქარავანი გზას გაუდგა. თითქმის მთელ ღამეს მიდიოდნენ. გრილი და ვარსკვლავებით განათებული ღამე იყო. დღისით კი ცხელოდა და სულის მოთქმა ჭირდა.

    ბოლოს მივიდნენ მოხერხებულ ადგილამდე, კარვები დასცეს და დასასვენებლად მოეწყნენ. ვაჭრები უცნობისთვის ისე ზრუნავდნენ, თითქოს მათი ძვირფასი მეგობარი ყოფილიყოს. ერთმა ბალიში დაუთმო, მეორემ საბანი, მესამემ მსახური მიუჩინა. ერთი სიტყვით, უცნობი თავს ისე გრძნობდა, თითქოს საკუთარ სახლში გახლდათ.

    კვლავ ცხელი დღე დაიჭირა. ვაჭრებმა ერთხმად გადაწყვიტეს ღამეს აქ დალოდებოდნენ. სადილის შემდეგ ისევ შეიკრიბნენ. ახალგაზრდა ვაჭარი მიუბრუნდა ასაკით ყველაზე უფროსს და უთხრა:

    – სელიმ ბარუხმა გუშინ მშვენიერი საღამო გაგვატარებინა. რა იქნებოდა, ახმედ, რომ თქვენც მოგეთხროთ რამე, თუნდაც თქვენი ხანგრძლივი ცხოვრებიდან აღებული. ანდა რომელიმე კარგი ზღაპარი გეამბნათ.

    ახმედი კარგა ხანს სდუმდა, თითქოს არჩევდა ეს მოვყვე თუ ისო, ბოლოს დაიწყო:

    – ძვირფასო თანამეინახენო! ჩვენი მგზავრობის დროს თქვენ ერთგულ ადამიანებად გვაჩვენეთ თავი, სელიმიც ჩემს ნდობას იმსახურებს. ამიტომ მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი ჩემი  ცხოვრებიდან, რომელსაც არცთუ ისე ხალისით ვყვები და არც ყველას ვუმხელ. ეს არის აჩრდილებიანი ხომალდის ამბავი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჰაუფ ვილჰელმ / ქარავანი