ჯიბრან ჯიბრან ხალილ 

 

იესო, ძე კაცისა

 

 

სიტყვანი და საქმენი მისნი თქმულნი და დამოწმებულნი მისთა მხილველთაგან

 

ინგლისურიდან თარგმნა – მანანა გიგინეიშვილმა

 

 

 

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის «იესო, ძე კაცისა»

 

 

1923 წელს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა პატარა წიგნი «წინასწარმეტყველი», რომელსაც სალიტერატურო კრიტიკა აღფრთოვანებით შეხვდა, უმოკლეს დროში 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და უმალვე ითარგმნა მსოფლიოს ხალხთა ოცზე მეტ ენაზე. წიგნის ავტორი იყო ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – არაბი მხატვარი, არაბულ და ინგლისურ ენებზე დაწერილ იგავთა და შეგონებათა რამდენიმე წიგნის ავტორი.

 

«წინასწარმეტყველს» მოჰყვა ინგლისურადვე დაწერილი «იესო, ძე კაცისა», რომელმაც კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა ავტორს.

 

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი დაიბადა 1883 წელს ლიბანის მთებში ჩაკარგულ პატარა სოფელში, მარონიტთა, ლიბანის ქრისტიან არაბთა, ოჯახში. 8 წლისა იყო, მამამისი რომ დააპატიმრეს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო. ამას ქონების კონფისკაციაც მოჰყვა და ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. 12 წლისა იყო, როცა უკიდურესი სიღატაკისგან თავის დასაღწევად დედა, ლიბანელ ქრისტიან ღვთისმსახურთა ტრადიციული ოჯახის შთამომავალი, შვილებიანად გადასახლდა

ამერიკაში.

 

აქამდე ხალილის სწავლა-განათლებას სოფლის მღვდელი უძღვებოდა. ბოსტონში იგი ემიგრანტთა სკოლაში მიაბარეს. ნიჭიერმა არაბმა ბიჭუნამ მაშინვე მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება სხარტი გონებით, ინგლისური ენის სწრაფი ათვისებით, განსაკუთრებით კი ხატვით. მალე ბოსტონის ხელოვანთა წრეშიც მიაქციეს მას ყურადღება, მფარველობას უწევდნენ, გამოფენებში მონაწილეობის საშუალებას აძლევდნენ.

 

15 წლის ხალილი მარტო დაბრუნდა სამშობლოში, რათა სფუძვლიანად შეესწავლა არაბული ენა და კულტურა. იგი 4 წელს სწავლობდა ბეირუთში, უმაღლესი ტიპის სასწავლებელში, «სიბრძნის სკოლაში». 1905 წელს დაბრუნდა ბოსტონში. მალე თავს დაატყდა დიდი უბედურება. ორიოდე თვის განმავლობაში გარდაეცვალა დედა, ძმა, და. 19 წლის ხალილი დარჩა ბოსტონში უმცროსი დის ანაბარა.

 

 ქალაქში საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო არაბული ემიგრაცია. ხალილი არაბულ გაზეთებსა და ჟურნალებში აქვეყნებდა სტატიებს, მისტიკური და ფილოსოფიური ხასიათის ესეებს, იგავებს.

 

 ერთხანს ჯიბრან ხალილ ჯიბრანი თავის ძირითად მოწოდებად მხატვრობას მიიჩნევდა. 1908 წელს ორი წლით გაემგზავრა პარიზში, სწავლობდა ხელოვანთა სკოლაში, ათენ-აღამებდა მუზეუმებსა და გამოფენებზე. ამ პერიოდში მას ურთიერთობა ჰქონდა ევროპის კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან: როდენთან, დებიუსისთან, როსტანთან, სარა ბერნართან, რასელთან, ცნობილ ირლანდიელ პოეტთან – იიტსთან, დახატა მათი პორტრეტები. მისი ნახატები იმჟამინდელ სამხატვრო მიმდინარეობათაგან სრულიად განზე იდგა.

 

ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა პირველი თხზულებები – «ცრემლი და ღიმილი», «დამსხვრეული ფრთები», «ველის ნიმფები», «მსვლელობა» – არაბულად დაწერა. მისმა წიგნებმა ემინ რეიჰანის, ასევე ლიბანელი ქრისტიანი არაბის, ყურადღება მიიპყრო.

 

და დაიწყო ორი მწერლის შემოქმედებითი მეგობრობა. ორივე ორენოვანი მწერალი იყო, ორივე აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურულ ტრადიციათა სინთეზისთვის იღვწოდა.

 

 ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ინტერესთა სფერო იყო დასავლური აზროვნება ანტიკურობიდან მოკიდებული თანამედროვეობამდე, ასევე – ძველი აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებები, არაბული კულტურის სულიერი ფასეულობანი.

 

  ხალილ ჯიბრანი თავის თხზულებებს სახელდახელოდ ზეპირად უთარგმნიდა თავის მფარველსა და მეგობარს, რომლის აზრს დიდად აფასებდა. ეს იყო მერი ჰასკელი, დახვეწილი პიროვნება, პოეტი, პედაგოგი, მეცენატი. ხალილ ჯიბრანისა და მისი მიმოწერა, ასევე მერის ჩანაწერები, შესანიშნავი წყაროა მწერლის შემოქმედების მკვლევართათვის. მერი ჰასკელი შეეცადა არაბულის შესწავლას, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 1918 წლიდან ჯიბრან ხალილ ჯიბრანი წერს მხოლოდ ინგლისურად, აქვეყნებს ნაწარმოებებს: «შეშლილი», «წინამორბედი», «წინასწარმეტყველი», «წინასწარმეტყველის წალკოტი», «ქვიშა და ქაფი» და სხვა. (აქვე შევნიშნავ, რომ სკოლაში შეცდომით დაწერილი მისი სახელი Kაჰლილ  ნაცვლად Kჰალილისა შერჩა მის ინგლისურენოვან წიგნებს. სწორია: ხალილ ჯიბრანი ან სრულად – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი).

 

 1912 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში და ჩაერთო იქაურ კულტურულ ცხოვრებაში. აქვე გარდაიცვალა კიბოთი 1931 წელს, 48 წლისა. მისი ანდერძისამებრ, გადაასვენეს მშობლიურ სოფელ ბიშარში, დაკრძალეს მონასტერში, რომელიც გადააკეთეს მის მუზეუმად. აქვე ინახება მისი ნახატების უმეტესობა.

 

იუნესკომ 1983 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა ჯიბრან ხალილ ჯიბრანის დაბადებიდან 100 წლისთავი და მისი შემოქმედების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა შეახსენა კულტურულ სამყაროს.

 

როდენი ჯიბრან ხალილ ჯიბრანს «მეოცე საუკუნის უილიამ ბლეიკს» უწოდებდა, რადგან მისი მხატვრობისა და ნაწერების სულისკვეთება დიდი ინგლისელი მისტიკოსი მწერლისა და მხატვრის მონათესავედ მიაჩნდა.

 

ეგებ იმის გახსენებაც ღირდეს, რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედი ინაუგურაციის დროს წარმოთქმულ თავის ცნობილ ფრაზას («ნუ კითხულობთ, რა მოგცათ თქვენმა ქვეყანამ, იკითხეთ, თავად რა მიეცით თქვენს ქვეყანას») სწორედ ჯიბრან ხალილ ჯიბრანს დაესესხა.

 

 ჯიბრან ხალილ ჯიბრანის თხზულებები კარგა ხნის წინათ ითარგმნა დიდი რუსი არაბისტის აკადემიკოს ი. კრაჩკოვსკის მიერ. 2002წელს გამოქვეყნდა არაბულიდან და ინგლისურიდან რუსულად თარგმნილ მის თხზულებათა მოზრდილი კრებული,

რომელშიც შესულია 12 ფრაგმენტი თხზულებიდან «იესო, ძე კაცისა».

 

  «იესო, ძე კაცისა» ზუსტად 85 წლის წინათ, 1928 წლის ნოემბერში, გამოქვეყნდა და «საუკუნის ლიტერატურულ ქმნილებად» აღიარა სალიტერატურო კრიტიკამ.

 

 ნაწარმოები იწყება იაკობ მოციქულის მონათხრობით, რელიგიის არსზე საუბრით: იესოს მთის მწვერვალზე აჰყავს თავისი მოწაფეები, გადმოახედებს, დაანახვებს ულამაზეს სანახაობას, აღუწერს მშვენებას მიწისას და აუწყებს, რომ ყოველივე ხილულის მიღმა არის მისი სასუფეველი, სადაც მასთან ერთად მეუფე იქნება ყოველი ადამიანი. ნაწარმოების დასაწყისშივე გაცხადებულია არსი რელიგიისა: ორი სამყარო – მიწიერი და ზეციური, მიწიერი მეუფება და სულიერი მეუფება; სულიერი ამაღლებით ადამიანი უკავშირდება სულის საუფლოს და წუთისოფლიდან თავის ღვთაებრივ სამშობლოში, ზენა სოფელში, გააღწევს («რელიგია» ხომ ლათინურად ხელახალ კავშირს ნიშნავს). მოციქული გადმოგვცემს მაცხოვრის ნათქვამს: «ამა ქვეყნის მეუფენი არიან მონები, რომლებიც განაგებენ მონებს». ადამიანში არის ღვთაებრივი ნაპერწკალი. ეს მისი «მეა».

 

ადამიანმა ნაპერწკალი ცეცხლად უნდა გააღვივოს, თავისი ღვთაებრივი არსი უნდა შეიცნოს, ამაღლდეს და მარადიული ღირებულებები დაამკვიდროს.

 

პირველსავე მონათხრობში გამოჩნდება იუდა, რომელიც იუდეის ამქვეყნიური დიდებით არის ატანილი და ამქვეყნიურ პატივს მოელის იესოს სასუფეველში. იესოს გზა სულიერი მეუფების გზაა. მას უპირისპირდება ამქვეყნიური მეუფების

წყურვილი. ორი სამყარო იკვეთება და ისიც ნათლად ჩანს, რომ ყველა ცოდვა-მადლი, ყველა გამოვლინება სიკეთისა თუ ბოროტებისა იმას ეფუძნება, თუ რა მიმართებაშია ადამიანი ამ ორ სასუფეველთან, რომლისკენ მიილტვის.

 

ნაწარმოები 79 მონათხრობისგან შედგება. მთხრობელნი არიან: მოციქულები, ღვთისმშობლის დედა – ანა, იოანე ნათლისმცემელი, მარიამ მაგდალენელი, იოსებ არიმათიელი, კაიაფა, მღვდელთმოძღვარი ანა, პილატე პონტოელი, მისი ცოლი, სიმონ კვირინელი, ბარაბა, იუდას დედა, რომელიღაც ფილოსოფოსი, ვიღაც ლოგიკოსი, ჯარაექიმი, პოეტი, მეწაღე, აფთიაქარი, ვაჭარი, ვიღაც ქვრივი და ა. შ.

 

ხსენებული ორი ფასეულობა – წარმავალი და წარუვალი, წუთისოფელი და ზეცის სასუფეველი – განსაზღვრავს ყოველი მთხრობლის ზნეობრივ ორიენტირს, პიროვნულ ღირსებას თუ უღირსობას, განაპირობებს პიროვნების დამოკიდებულებას იესოსადმი – კაცად განსხეულებული ღმერთისადმი და, ამდენად, – საკუთარი არსისადმი, ადამიანის ფენომენისადმი.

 

მთხრობელნი თავიანთ დამოკიდებულებას ავლენენ იესოს მიმართ. ზოგი მეორე პირში მოგვმართავს, მაგრამ ყოველი მათგანი თითქოს საკუთარ თავთანაა დარჩენილი და ხმამაღლა ფიქრობს. გულწრფელია ყველა. გულწრფელია ისიც, ვინც შეიყვარა იესო და შეუდგა მას ეკლიან გზაზე, და გულწრფელია ისიც, ვინც მოიძულა იგი. მკითხველისთვის ნათელია, რომ სხვადასხვაგვარია ადამიანთა სულიერი წყურვილი. ზოგმა არც კი იცის, რომ სულს შეიძლება სწყუროდეს. და იხატება ორი ათასწლეულის წინანდელი საზოგადოება. მხოლოდ რამდენიმე მთქმელი მეორდება. მთხრობელთაგან ზოგს ახალი აღთქმიდან ვიცნობთ, ზოგი მწერლის მიერ გამონაგონი პიროვნებაა. კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ამბებს, კონკრეტულ განცდებს გადმოგვცემენ. ესენი არიან პირველი საუკუნის მკვიდრნი, იესოს მხილველნი, მისი თანამედროვენი. მათი საშუალებით იხატება ზოგადად საზოგადოება, მისი ფართო სპექტრი. გულს გვიხსნიან სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა სოციალური ფენის, სხვადასხვა ხელობისა და ასაკის, სხვადასხვა ცნობიერების ადამიანები. იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველური ხილვებიდან მოკიდებული იერუსალიმელი მეწაღის ბუნდოვანი აზრების ჩათვლით ნაჩვენებია ლამის ყველა შესაძლო ასპექტი ქრისტეს მიმართ ადამიანთა დამოკიდებულებისა.

 

ზოგს იესოს ნათქვამის აზრი არ ესმის და ხმის გაგონება სიამოვნებს; ზოგს ხმაც აღიზიანებს; ზოგს ჰგონია, რომ პავლე მოციქულზე უკეთ ესმის მისი, რადგან, პავლესგან განსხვავებით, უხილავს იგი და მოუსმენია მისთვის. არადა, ისიც კი ვერ გაუგია, მოციქული რატომ იმოწმებს ძველ წინასწარმეტყველთ, რა საერთო აქვთ მათ იესოსთან.

 

ღვთისმეტყველებაში უღრმეს განსწავლულობასთან ერთად ხალილ ჯიბრანის შემოქმედებითი ნიჭის მასშტაბურობა ნაწარმოების დიდ შემეცნებით ღირებულებას განაპირობებს და ძლიერი ემოციური ზემოქმედების ძალას ანიჭებს მას.

 

სახარებისეული მყარი შესიტყვებები და ენობრივი ფორმულები ძირითადად თავს იჩენს მოციქულთა მონათხრობში, სხვათა

ამაღლებული სულიერებით დამუხტულ საუბარშიც. ჯიბრანის ხატოვანი ენა ძველი და ახალი აღთქმის სიმბოლო-ალეგორიებითაა ნასაზრდოები.

 

ქრისტიანულ სასულიერო მწერლობაში სიმბოლო აუცილებლობამ მოითხოვა. ჩვეულებრივი, თუნდაც მდიდარი და დახვეწილი ენა გრძნობადი სამყაროს გამოხატვას იყო მორგებული. დიდ სირთულედ ესახებოდათ ზეგრძნობადის გადმოცემა გრძნობადი აღქმისთვის შესაფერ ენობრივ ფორმებში. ამიტომ იყო, რომ არაერთი შემოქმედი ჩიოდა, სიტყვა ვერ იტევსო სათქმელს. «ბრძნად მეტყველება ვერცხლია წმინდა, ხოლო დუმილი – ოქრო რჩეული». – სოლომონ ბრძენიდან მომდინარე ამ აზრს სხვადასხვა დროის მრავალი შემოქმედი იმეორებდა სხვადასხვა ვარიაციით. სიმბოლო სულიერი მნიშვნელობით დატვირთული ტევადი ხატია და ითავსებს იმ შინაარსს, რასაც ჩვეულებრივი ენობრივი ქსოვილი ვერ იტევს. სიტყვა სადაც უძლურია, სადაც დუმილი უჯობთ, მაგრამ უჭირთ დადუმება, იქ ღვთისმეტყველნი და სულიერების ბჭეს მიმდგარი მწერლები სიმბოლოს მოიშველიებენ ხოლმე. «შროშანი», «ლიბანის კედარი», «გზა», «ქორწილი», «სიძე», «მწყემსი», «ფარა», «მოძიებული ცხვარი» და სხვა მრავალი – ბუნებრივი კუთვნილებაა ჯიბრან ხალილ ჯიბრანის მთხრობელთა მეტყველების კულტურისა.

  ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურულ-შემოქმედებით პროცესში ერთმანეთისგან გაუთიშველი იყო შემეცნებითი, ეთიკური და ესთეტიკური კატეგორიები.

 

ღვთაებრივს რაც გვაახლოებდა, ის იყო სიკეთეცა და მშვენიერებაც. სახარების თემასთან ერთად ხალილ ჯიბრანმა თითქოს შემოქმედებითი მეთოდიც იმჟამინდელი შემოგვთავაზა. მსოფლმხედველობრივ-ეთიკურ-ესთეტიკურ იდეათა ამგვარი სინთეზია მის წიგნში, მაგრამ ამასთანავე თანამედროველიტერატურისთვის დამახასიათებელი ხელით შესახები სიცხადე და თვალით დასანახი კონკრეტულობაც ახლავს თხრობას.

 

გოლგოთის მისტერიისადმი დამოკიდებულება უამრავი გზით გამოვლინდა ისტორიის მანძილზე. მრავალი გენიალური ქმნილება, მრავალი შედევრი ლიტერატურისა, მხატვრობისა, ქანდაკებისა, მუსიკისა მიეძღვნა ამ თემას. და მაინც, ხალილ ჯიბრანმა შეძლო თანამედროვე ადამიანის წინაშე ახალი ძალით გაეცოცხლებინა მაცხოვრის ღვაწლი, შეძლო ახალი ფიქრების, აზრების, ახალი ემოციების აღძვრა. საღვთო წერილის განმარტებას სასულიერო მწერლობის სპეციალური დარგი – ეგზეგეტიკა ემსახურებოდა. დიდი ღვთისმეტყველნი და წმინდა მამანი დიდი ეგზეგეტიკოსები იყვნენ. ხალილ ჯიბრანი თანამედროვეობას მხატვრულ განმარტებას სთავაზობს თითქოს. ჯიბრანის ეს წიგნი დახვეწილი ლიტერატურული ქმნილებაა და თან თითქოს ხატოვანი განმარტებაა, მხატვრული ეგზეგეზეა კაცობრიობის სულიერი განვითარების უმთავრესი საკითხისა.

 

ყოველი მთხრობელი საუბრობს თავისი პიროვნების, თავისი შინაგანი სამყაროს შესაფერისად; ყოველი მათგანი თითქოს უნებურად მონახავს აზრისა და გრძნობის შესაბამის ფორმას, სიმბოლოს, ალეგორიას; ზოგჯერ  რიტმი დაიმორჩილებს ფრაზას,  ზოგჯერ რიტმული პროზა ჰიმნის რიტმში გადაიზრდება; ეს ხან სიყვარულის საგალობელია, ხან მოთქმა და სამძიმარია, ხან ღვთის სადიდებელია. ზოგჯერ რიტმი რისხვას დაატრიალებს, ზოგჯერ გალობის ინტონაციასა და ჰანგს

მოიყოლებს; ზოგჯერ ვგრძნობთ სული ყელში რომ ებჯინება მთხრობელს, ზოგჯერ ლამის მთქმელის შეკრულ კოპებსა და ბოღმით გადმოკარკლულ თვალებს ვხედავთ.

 

მახარებელნი სხვადასხვა გონებრივი და ზნეობრივი დონის ადამიანთა სულებს ეხებიან. ვისაც მეტის დატევა შეუძლია, სახარება მეტს ეტყვის; სხვას კი ეტყვის იმდენს, რამდენის აღქმაც მას შეუძლია.

 

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნიც ასეა, მაგალითისთვის: ვინმე ეფრაიმი, იერიქონის მკვიდრი, ვაჟის ქორწილში სტუმრად იწვევს იესოს, ემუდარება და თან დაატანს, ერთხელ ხომ ეწვიეო მექორწინეთ კანას გალილეაში. იესო მიუგებს: «მართალს იტყვი, ერთხელ ვიყავი სტუმრად ქორწილში, მაგრამ ამიერიდან მე აღარ ვიქნები სტუმარი, თავად მე ვარ სიძე». ეფრაიმს არაფერი უთხრა ამ პასუხმა, ვერ მიხვდა, რომ თავად იესომ მიიწვია იგი, უხმო მას. და ეფრაიმი კვლავ შეევედრა სწვეოდა. მას არც ის ესმის, საყვედურით რატომ გაუღიმა იესომ.

 

ერთნი ჩაიკითხავენ ნაწარმოების ამ მონაკვეთს და ეფრაიმივით განზე დარჩებათ ფრაზა: «თავად მე ვარ სიძე». ამით ხომ იესომ ეფრაიმს უხმო ღვთაებრივი ქორწინებისკენ, სულის ამაღლებისკენ მოუწოდა. იერიქონელმა ვერ შეისმინა ხმობა, ამ შეხვედრამ ვერ შეძრა მისი სული. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მაინც მოხდა მის ცხოვრებაში, უქმად მაინც არ ჩაუვლია იესოსთან შეხვედრას. ეფრაიმმა ეგებ პირველად შეაფასა კრიტიკულად თავისი თავი, «ალბათ მეორე სასწაულს ვეძებდიო», – გაიფიქრა მან.

 

ფაქიზ ლიტერატურულ ალღოსა და ღვთისმეტყველებაში ღრმა განსწავლულობაზე დაფუძნებული ასეთი ქვეტექსტი უამრავია ნაწარმოებში. ქვეტექსტი იმის ქვეტექსტია, რომ იგი სიტყვათა შორის უნდა ამოიკითხოს მკითხველმა. სათქმელმა

ზოგჯერ გონების თვალის გარეშე უნდა შეაღწიოს მკითხველის სულსა და გულში.

ყოველ სიმბოლოზე, ალეგორიასა და ქვეტექსტზე გამოწვლილვით საუბარი არაა ამ პატარა შესავალი წერილის მიზანი.

 

მკითხველი თვითონ იგრძნობს, რომ ამ საოცარ წიგნს დიდი შემეცნებითი და ესთეტიკური ზემოქმედების ძალა აქვს და პიროვნების გააქტიურებას იწვევს, ძლიერი ემოციური მუხტით აახლოებს და აკავშირებს მკითხველს კაცობრიობის სულიერი ცხოვრების ნიშანსვეტთან, გოლგოთის მისტერიასთან.

 

ლიტერატურული კრიტიკა აღნიშნავდა, რომ «ეს წიგნი სულის სიმშვიდის მაძიებელი ყოველი ადამიანის თაროზე უნდა იდოს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი რელიგიის მოსავია მკითხველი».

 

ხალილ ჯიბრანის «იესო, ძე კაცისა» ამ თემაზე დაწერილ ურიცხვ თხზულებათაგან ერთი საუკეთესო დამოწმებაა მაცხოვრის რეალური არსებობისა, ღვთის სიტყვის განკაცებისა. მასში გადმოცემულია მძაფრი ემოციით ნაამბობი იმათი, ვინც შეუდგა იესოს, ვისაც უყვარდა  და ვისაც სძულდა იგი, ვინც უღალატა მას და ვინც გულგრილი დარჩა მისთა საქმეთა გამო, ვინც საკუთარი თავი იპოვა მისით და ვინც საქილიკოდ და საკიცხავად მიიჩნია იგი, ვინც ჯვარს აცვა და ვინც ეთაყვანა.

 

  წიგნი პატარ-პატარა თავებისგან შედგება. ყოველი მათგანი სხვადასხვა პიროვნებათა ინდივიდუალურ დამოკიდებულებას გამოხატავს. ვინც კიცხავს და ლანძღავს «ძეს კაცისას», ის არა მხოლოდ საკუთარ პიროვნებას გვიჩვენებს, ისიც თავისი გულგრილობით, სიძულვილითა და უდიერობით აცოცხლებს მაცხოვრის ხატს, აფუძნებს და ემოწმება მის სიდიადეს. მკითხველისთვის ნათელია, რომ ქრისტეა საზომი ყველაფრისა და ყოველივესი. მისდამი დამოკიდებულებაში ვლინდება ყოველი მთხრობელი და ხედავს მკითხველი, ვინ ფხიზლობს, ვინ ღრმა ძილშია, ვის ცნობიერებაში რა ძალით კიაფობს ან ბჟუტავს ნათელი. გესმის, გეცოდება და ხედავ, რომ მათი პიროვნული ტრაგედიაა იესოს ვერ დანახვა: ღვთაებრივი არსი ადამიანისა – მისი «მე», ვერ ცნობს სამყაროს ღვთაებრივ არსს. უარმყოფელნიც თავიანთი უარყოფით ადასტურებენ მის რეალურობას და ღვთაებრიობას. მათი მონათხრობიც, მათგან ქირდვაც და კილვაც არის დამოწმება და დადასტურება, რადგან მკითხველისთვის ცხადია, რომ ამ პიროვნების დამოკიდებულება სწორედ ასეთი უნდა იყოს. იესოს ძაგებითა და სიძულვილით ყოველი მათგანი ააშკარავებს საკუთარი სულის სიღატაკესა და იესოს დიდებულებას.

 

განსწავლულ მჭევრმეტყველს, ბერძენ და რომაელ რიტორთა მსმენელს, იესო მიაჩნია ყველაზე დიდ მჭევრმეტყველად, რომელიც «წელიწადის დროთაგან ქსოვდა სათქმელს» და ისე ელაპარაკებოდა ხალხს, თითქოს «მთა ესაუბრებოდა ბარს»; ვიღაც სხვა ფიქრობს, რომ იესო იყო ყველა ხუროზე უკეთესი ხურო; ვაჭარს მიაჩნია, რომ იესოსავით არავინ იცოდა ვაჭრობა; ბარაბას აზრით, კეისარზე და პომპეუსზე უკეთესი წინამძღოლი იყო; ჯარაექიმი ფიქრობს, რომ იესოსავით არავის

ემორჩილებოდა სასიცოცხლო ძალა; პოეტი გვარწმუნებს, რომ იესო უდიდესი პოეტია პოეტთა შორის.

 

სტუმრობის თემას რამდენიმე მონათხრობში ვხვდებით. იესოს სტუმრად იწვევენ გიორგი ბეირუთელი, ანდრია და პეტრე მოციქულები, ეფრაიმი, ლევი და სხვანი. ყველა სტუმრობას თავისებური დატვირთვა აქვს. საერთო კი ისაა, რომ ქრისტე სტუმრად უნდა იწვიო, საკუთარ სულში უნდა მიუჩინო ადგილი. იგი ეწვევა იმათ, ვისაც «ღვთის საკურთხევლად აქვს თავისი გული» გარდაქმნილი.

 

მარიამ მაგდალენელი სტუმრად იწვევს მას და, როდესაც იესო მიუგებს: «მე უკვე ვარ შენს სახლში», მარიამი ხვდება, რომ მის სულს ეწვია ღმერთი და ეფრაიმივით კი არ უმეორებს მოპატიჟებას, ასევე სიმბოლოთა ენას შეაგებებს: «ხომ არ ინებებდი ჩემი ღვინის და ჩემი პურის გასინჯვას?» მეორე მონათხრობშიც მარიამ მაგდალენელი სიმბოლოთა ენით გვესაუბრება: «ერთ საღამოს ვიხილე გზად მიმავალი. არა, იგი არ მიდიოდა, იგი თავად იყო გზა და იყო გზაზე». თვით ეს ნათქვამი მეტყველებს მარიამის არსებაში მომხდარ ძვრაზე. ასე მხოლოდ მას შეუძლია თქვას, ვინც იცის, რომ ადამიანის სული განვითარების გზას გადის, ვისაც სულიერი თვალი აეხილა და შეიცნო, რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები: «მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება».

 

  სწორედ იოანე ღვთისმეტყველს, ქრისტეს ყველაზე საყვარელ მოწაფეს, ალაპარაკებს მწერალი სამყაროს «შესაქმემდე» არსებულ ღვთაებრივ სიტყვაზე, ჟამზე ადრე შობილი, ანუ უჟამო სიტყვის, ჟამში მოქცევის საიდუმლოზე, ღვთის განსხეულებაზე. იოანე მახარებელი გვესაუბრება ღვთაებრივი შემოქმედების კოსმიურ დღეებზე, ეონზე, პლერომაზე ანუ სავსებაზე, ღვთის სიტყვის განკაცების მარადიულ საიდუმლოზე, რომლის გამოხატულებას ხედავს იგი სხვადასხვა ერების

უძველეს კულტურათა წიაღში. ბუნებრივია, ასეთი საუბრის მოსმენა სწორედ იოანე მახარებლისგან, პნევმატური სახარების ავტორისგან, გვმართებდა. და მკითხველი ხედავს, რომ «პირველითგან იყო სიტყვა» – ეს პირველი მუხლი იოანეს სახარებისა – თურმე რა გრანდიოზული სიბრძნის დამტევია. სიტყვის განსხეულების ძველთაგანვე აღთქმული იდეა ასაზრდოებდა მრავალ სხვადასხვა რელიგიასა და ფილოსოფიურ აზრს. პირველ საუკუნეთა ქრისტიანი მამები, ქრისტიანობის აპოლოგეტები, სოკრატესა და პლატონს უწოდებდნენ «ქრისტიანებს ქრისტემდე», რადგან ისინი კაცობრიობას მოძღვრავდნენ იმ ლოგოსის, იმ სიტყვის შესახებ, რომელიც ბეთლემში «ხორციელ იქმნა». იოანე მახარებელი ახსენებს ინდოეთს, ეგვიპტეს, ორფევსს, პრომეთეს. იგი გოლგოთამდე ბევრად ადრე ხედავს შემოქმედი სიტყვის ძალის გამოვლინებას. და ეს ყველაფერი მიეწოდება მკითხველს უბრალოდ, ლაღად, ისე რომ ამ საკითხებში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მკითხველი გაოცდება ჯიბრან ხალილ ჯიბრანის განსწავლულობითა და მასშტაბური ხედვით; მაგრამ ვისთვისაც ეს სფერო არ ყოფილა ფიქრისა და განსჯის საგანი, იმათ ნაწარმოების მხატვრული ძალა და ემოციური მუხტი აგრძნობინებს სიტყვის განსხეულების დიად საიდუმლოს.

 

ვიღაც მწყემსის სიზმარს ზმანებათა სფეროში გადავყავართ. ძველი სამყარო, თვით ანტიკური საბერძნეთიც, ელოდა ქრისტეს, «ქრისტემდე ქრისტიანის» იდეა აქაც იჩენს თავს. პანს თურმე ძველადვე მოუსმენია «ჩურჩულით გამხელილი სახელი ქრისტესი».

ქრისტიანობის უნივერსალურ არსზე მიგვანიშნებს მოგვთა ნათქვამი: «ვიხილეთ ნათელი ჩვენი ღვთისა მის თვალებში და ღიმილი ჩვენი ღვთისა – მის ბაგეებზე». და ამას ეხმიანება სპარსი ფილოსოფოსის მონათხრობი. მისთვის ახლობელია ღმერთი, რომელსაც იესო «მამად» უხმობდა; მისთვის, ზარათუშტრას მიმდევრისთვის, მისაღებია ღმერთი, რომელიც არის «ნათელი ადამიანის სულში».

 

  თემა და მიზანი ჯიბრან ხალილ ჯიბრანის თხზულებისა ისეთია, რომ სიმბოლო-ალეგორიათა გარდა, მის ფრაზას დაჰყვება იდუმალი ძალა. ეს ხან სიტყვათა შორის უნდა იგრძნო, ხან მცირე მინიშნებით, ხან რიტმით. იესოს შობა და მოგვთა სტუმრობა იხატება ღვთისმშობლის დედის, ანას, მონათხრობით. ღვთისმშობლისა და მოგვების საუბარზე ნაწარმოებში არაფერია ნათქვამი, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ «მარიამი გაოცებული და გაოგნებული იყო». იდუმალება თან ახლავს მოგვთა სტუმრობას და მკითხველის ყურადღებას ამ იდუმალებისკენ წარმართავს ღვთისმშობლის დედის ნათქვამი: «ეგებ ჩემმა ასულმა იცის რაღაც, რაც ჩემთვის უცნობია. ეგებ მეც გამიმხილოს».

 

ნაწარმოებში სახარების იგავის განწყობილება შემოიჭრება მწყემსის ნაამბობით. იხატება ბუკოლიკური გარემო: ფარა, იალაღი, სალამურის ჰანგი, დაკარგული ცხვრის მოძიება. მწყემსის შინაგანი სამყარო გადმოიშლება მკითხველის წინაშე. იგი ვერ გაჰყვა იესოს, მისი სული სხვა გარემოსთვისაა მზად.

 

იოსებ არიმათიელი ადამიანს ბუნების ღვთაებრივი ჰარმონიის ნაწილად წარმოგვიდგენს. მკითხველს უმძაფრესი ემოციით ეუფლება აზრი, რომ ყოველი ჩვენგანის ხელი ურევია სხვათა ჩადენილ დანაშაულში, რომ ჩვენ თუ არ დავეცით, სხვა არ დაეცემა. მის მონათხრობში ჩაქსოვილი საღვთისმეტყველო სიმბოლოები («გრძელი დღე», სისხლის ნაწვეთალიდან ამოზრდილი მუხა და ნეკერჩხალი, თესლის გავრცელება სხვა ქვეყნებში და სხვ.) პოეტური სიმსუბუქით მიეწოდება მკითხველს და გვიჩვენებს, რომ იესოს ცხოვრების რიტმი დედამიწის რიტმია, რომ მიწაში ჩაღვრილი მისი სისხლით დედამიწა გარდაიქმნება. ნაკადული რომ ზღვისკენ მიიკვლევს გზას, – ეს დედამიწის სიცოცხლის წესია. ადამიანიც ასევე უნდა მიისწრაფოდეს ღვთისკენ.

 

მწერალი სტეფანე პირველმოწამის შესახებ გადმოგვცემს ვინმე ნაამან გადარენელის მონათხრობს. არ არსებობს მოწამის ღვაწლის ამსახველი ნაწარმოები, რომელიც არ ასახავდეს, მარტვილის შეუდრეკელობას. უმდიდრესი ლიტერატურა მიეძღვნა მოწამის მიერ სიკვდილის შიშის დათრგუნვას. და მაინც, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა შეძლო ამ მრავალმხრივ დამუშავებული თემის ახალი ემოციური ძალით დამუხტვა. მოვუსმინოთ ნაამანს: «სტეფანე რომ მიწაზე დაეცა, ხელები გაშალა, თითქოს თავისი მოძღვარივით ჯვარზე მომკვდარიყოს. მკლავები ფრთებს მიუგავდა, თითქოს გასაფრენად იყო გამზადებული. და როცა უკანასკნელი სხივი ჩაუქრა თვალებში, ჩემი საკუთარი თვალით ვიხილე ღიმილი მის ბაგეზე. ეს ღიმილი სიოს ჰგავდა, ზამთრის მიწურულს წამოქროლილ სიოს, გამოზაფხულების აღთქმასა და დაპირებასავით რომაა. აბა, როგორ აღგიწეროთ ეს ღიმილი? ამ ღიმილით სტეფანე თითქოს ამბობდა: «სხვა მხარეში რომ მოვხვდე, სხვა ხალხმა რომ მიმიყვანოს ჩასაქოლად სხვა მოედანზე, მაინც ვაღიარებ იესოს, რადგან იგია ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება არის ჩემშიც».

 

რამდენიმე დედის განცდებია გადმოცემული ნაწარმოებში. ანდრია და პეტრე მოციქულების დედა ბედნიერია, რომ მისი ორი ვაჟი იესოს გზას გაჰყვა. მაგრამ იქვე მკითხველი მოისმენს გალილეველი ქვრივის რისხვას და ვაებას. მას სძულს იესო, რადგან ვაჟიშვილმა მიატოვა და იესოს გაჰყვა. და ამათ გვერდით იუდას დედის დარდს და ვარამსაც შევიტყობთ. იგი მკითხველს მიმართავს: «წადით, სხვა ქალს ჰკითხეთ, იუდას დედაზე უფრო პატივსაცემს. მიდით იესოს დედასთან. მასაც მახვილი აქვს გულში ნაძგერები. იგი გეტყვით ჩემზეც და თქვენ ყველაფერს უკეთ გაიგებთ». ვეფხისა და მოყმის ბალადიდან სულისშემძვრელი სამძიმარი გაუცოცხლდება ქართველ მკითხველს.

 

  ბაბილონელი ასტროლოგი გვესაუბრება სასწაულებზე, რომელთაც ისე მივეჩვიეთ, აღარც კი მიგვაჩნია სასწაულად. ასტროლოგი შეგვახსენებს რკოდან მუხის აღმოცენებას, რისი შემსწრეც ვართ ყოველ გაზაფხულზე; თესლში არსებულ ღვთაებრივ ნაპერწკალზე დაგვაფიქრებს და ადამიანის სულში ჩაბუდებული ღვთაებრივი ცეცხლის გაღვივებაზე გვესაუბრება, გვარწმუნებს, რომ ადამიანის სულშიც ხდება ასეთი სასწაული, რომელიც პაწია რკოს რტომრავალ მუხად გარდაქმნის. მას მიაჩნია, რომ იესოს სახით თვით სასწაულმოქმედი დრო-ჟამი გამოგვეცხადა კაცის ხატით.

 

უდაბნოდან მოსული კაცი შეესწრება იესოს მიერ იერუსალიმის ტაძრიდან მეკერმეთა და მოფარდულთა განდევნას. მას არაფერი სმენია იესოზე და პირველად იხილა იგი. მაგრამ მის სულში აღძრული კითხვა – «ვინ არის ის კაცი, განმარტოებით რომ დგას სხვა ტაძარივით?» – ამხელს, რომ მისი სულიც შეძრა იესოს ხილვამ. თუმცა მას არც «ტაძრის» სიმბოლიკა ესმის და ვერც საკუთარ განცდებში გარკვეულა.

 

ვინმე იოთამი რომაელ ნაცნობს მიმართავს და ცხადად წარმოაჩენს ქრისტეს მოძღვრების საპირისპირო მისწრაფებებს რომის იმპერიისას: «შენ გირჩევნია მართო ქვეყნები, ვიდრე თავად შენ გმართავდეს სული. შენ ამჯობინებ დაიმორჩილო და დათრგუნო კაცთა მოდგმა და იყო კრული და გმობილი, ვიდრე დაეტიო შენს რომში და იყო კურთხეული, სვებედნიერი».

 

რომის იმპერიულ ამბიციებს – დაპყრობას, დაჯაბნას, სანახაობით მასების გაბრუებას – უპირისპირდება კაცთა გულებში სიყვარულისა და სიმართლის დამკვიდრება.

 

ვიღაც ბენიამინი ფიქრობს, რომ იესო «უფრო დიდი იყო, ვიდრე სახელმწიფო და ვიდრე კაცთა მოდგმა, უფრო დიდი იყო, ვიდრე ჯანყი და ამბოხი. იგი იყო ერთადერთი და მარტომყოფი. და იგი იყო მღვიძარება სულისა». ერთი მთხრობელი მეორეს ეპასუხება. სხვანი აკი ამბობდნენ, იესო ღატაკთა ამბოხებას ცდილობდაო ამა ქვეყნის ძლიერთა წინააღმდეგ. მთხრობელნი ერთმანეთს არ ეპაექრებიან, ერთმანეთის ნათქვამი არც იციან. მკითხველი კი ფიქრდება იესოსთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო თვალსაზრისზე და ხედავს პიროვნებათა ფართო სპექტრს, – არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელს, არა მხოლოდ დრო და ჟამით განპირობებულ ზრახვებს, აზრებს, ემოციებს ადამიანებისას, არამედ – ზოგადსაც, უნივერსალურსაც.

 

იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც ერთხელ უკვე გვესაუბრა გონებამიუწვდომელ საღვთისმეტყველო საკითხებზე, ბიბლიურ კოსმოგონიაზე, კვლავ გველაპარაკება და გულწრფელად გვიმხელს, როგორ დაავიწყა შიმშილმა რიდი. სამყაროს დაბადებაზე

მოსაუბრე უსაყვარლესი მოწაფე ქრისტესი ამჯერად გვიყვება ორი ვაშლი როგორ აჭამა მაცხოვარმა. იოანე მოულოდნელად საუბარს წყვეტს და გვეტყვის: «კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ როგორ გითხრათ? დიდ სიყვარულს სიტყვა ვერ იტევს. წამლეკავი მოგონებები მდუმარებას ითხოვს». და დაძაბულობით გაწყვეტილი მისი საუბარი მკითხველსაც ითრევს ამ მღელვარე მდუმარებაში.

 

სოსანა, ღვთისმშობლის ყმაწვილქალობის დროინდელი ნაცნობი, ჰაგიოგრაფიული მწერლობისთვის დამახასიათებელი მხატვრული გამომსახველობითი ხერხებით გვესაუბრება მარიამზე: «ნორჩი იყო, მაგრამ გონებით მხცოვანს ჰგავდა. ყვავილობის ჟამიც დასდგომოდა და თან რთვლობის ჟამიც. მისი სიცოცხლის გაზაფხული მწიფე ნაყოფით იყო დახუნძლული».

 

ხალილ ჯიბრანი ჯვარცმის მთელ პროცესს აღწერს ღვთისმშობლის განცდათა ფონზე. სოსანას ცნობიერების დონე ვერ მოიცავს ღვთისმშობლის სიდიადეს. ეს თავადაც კარგად ესმის, მაგრამ მისი ნაამბობით მკითხველიც ხვდება, რომ ესაა მხოლოდ ის, რაც სიტყვამ და ჩვეულებრივმა ცნობიერებამ შეძლო, რომ ამის მიღმა უნდა შეძლებისამებრ წარმოვისახოთ და შევავსოთ ღვთისმშობლის ხატება. «ქალი მარად უნდაიყოს წიაღი და აკვანი, მაგრამ სამარე – არასდროს!» – ასე დამოძღვრავს ღვთისმშობელი თავის თანამოასაკეს და ურჩევს, წინ არ აღუდგეს შვილის სურვილს, თავისუფლება არ შეუზღუდოს მას, რაკი დედის მიტოვება და შორს გაჭრა გადაუწყვეტია. ამ სიტყვებში ჩაატია ხალილ ჯიბრანმა დედაშვილობის მარადიული იდეალი.

 

ნაწარმოების დასასრულს კვლავ წამოიჭრება იუდას თემა. პირველი მონათხრობიდან ამქვეყნიური დიდების მაძიებელი იუდა ახსოვს მკითხველს. თვითმკვლელობამდე იუდას ათქმევინა ხალილ ჯიბრანმა: «იესოს სამეფო იყო გული კაცისა». ბევრი დაწერილა ცოდვისა და ღალატის შესახებ. კვლავაც ბევრი დაიწერება, მაგრამ არ შენელდება ჯიბრანის სიტყვათა ძალა: «იუდამ დაასრულა თავისი უბადრუკი სიცოცხლე, რომელიც ნისლის კოტორივით თავს დასტრიალებდა რომაელთაგან დამონებულ მის ქვეყანას... კაცი ნატრობდა სამეფოს, რომელშიც თვითონ იქნებოდა წარჩინებული. იესოს სურდა სასუფეველი, რომელშიც ყოველი კაცი იქნებოდა წარჩინებული».

 

მარიამ მაგდალენელი მესამედაც გაგვესაუბრება. იგი, ვინც პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე, კიდევ ერთხელ ემოწმება მას: «ჩვენ, რომელთაც გვიყვარს იესო, ვიხილეთ იგი ჩვენი თვალით, მან რომ აგვიხილა, იმ თვალით. ხელით შევეხეთ მას». მარიამის დამოწმებას სხვა დატვირთვა აქვს. «მეც ერთი თქვენგანი ვიყავი... თქვენ გძულთ იესო, რადგან იგი არის ძე ღვთისა... თქვენ ერთმანეთიც გძულთ, რადგან ყოველ თქვენგანს თავი მიაჩნია სხვებზე აღმატებულად. თქვენ არ შეგიძლიათ ეძმოთ სხვა ადამიანს». მარიამ მაგდალენელია ის პიროვნება, რომელმაც პირველმა განიცადა ქრისტიანული სასწაული. სინანულით წმინდანად გარდაქმნილი მარიამ მაგდალენელის ნათქვამს განსაკუთრებული ძალა აქვს.

 

იესოს თანამედროვეთა 78 მონათხრობს ერთვის 79-ე. იგი ეკუთვნის 19 საუკუნის შემდეგ მცხოვრებ ვინმე ლიბანელს, რომელიც თავად ავტორად აღიქმება. რიტმს დამორჩილებული მისი მონათხრობი მაცხოვრისადმი მიმართული ჰიმნივითაა. ლიბანელი გონების თვალს ავლებს კაცობრიობის მიერ გოლგოთის მისტერიის შემდგომ განვლილ გზას. კაცთა მოდგმამ ცოტა რამ შეიგნო. კაცობრიობა ისევ დგას მარადიული პრობლემის წინაშე: იუდა საშოვარზეა გადაგებული, მაცხოვრის სახელი ისევ სალოცავად ან საკიცხავად აქვთ ადამიანებს, სიმონ კვირინელი ისევ ეზიდება ჯვარს, ისევ მოისმის ლურსმნებზე ჩაქუჩის ხათქუნი, ჯვარცმა გრძელდება, ხელისბანაც ისევ გრძელდება; ოღონდ ანა, კაიაფა, პილატე, მწიგნობარნი თუ ფარისეველნი, იუდა თუ ლონგინოზ ასისთავი – ეს ჩვენ ვართ, ვინც არ მივყვებით იესოს გზას.

 

ტაძრები მრავლადაა აღმართული. ადამიანები დიდი მოწიწებით სცემენ თაყვანს უხილავ ღმერთს, იდეას ღვთისას, რომელიც მათი ყოველდღიური საქმიანობისგან გარიდებულად მიაჩნიათ. მათთვის ნუგეში არაა «ღმერთი, მათსავით კაცი. მას ხომ სიკეთით და სიწმინდით უნდა ემსგავსონ, სიყვარული და მიტევება მასავით შეძლონ». და ამიტომ «არ ცნობენ სიტყვას, ღვთის ძეს, კაცად მოვლენილს, შემოუსაზღვრელს, შემოსაზღვრულს ჩვენი სხეულით».

 

და სრულიად ცხადი ხდება, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა სათაურად რატომ აირჩია «იესო, ძე კაცისა», თუმცა ნაწარმოებში ნათლად ჩანს, რომ იესო არის ბიბლიურ წინასწარმეტყველთაგან აღთქმული მესია, მაცხოვარი, ცხებული, «პირველითგან ყოფილი სიტყვა», ძე ღვთისა, ჟამზე ადრე შობილი და ჟამში მოქცეული, კაცად მოვლენილი ღმერთი. «ძე კაცისა» – ეს ასპექტი ქრისტესი გვაუწყებს, რომ კაცთათვისაც შესაძლებელია მასავით ცხოვრება, მისი ბაძვა.

 

და ლიბანელი მიმართავს უფალს, მიმართავს გულისტკივილით, რადგან მისი სახელით ფუჭ დიდებას წაეპოტინა ბევრი, ბევრი დახარბდა გვირვინსა და კვერთხს – ამქვეყნიურ პატივს; გვიხატავს სულიერ მიუსაფრობას იმ ადამიანებისას, რომელნიც მრავალრიცხოვანი ჯალაბით არიან გარშემორტყმულნი, მაგრამ საკუთარი სულისგან არიან გაგარეულებულნი. ასეა, როცა ღვთაებრივი არსი ადამიანისა, მისი «მე», უარყოფს ღვთაებრივ არსს სამყაროსას – ქრისტეს, კაცად განსხეულებულ ღმერთს.

 

მაგრამ ლიბანელის მიმართვაში დიდი იმედიც ღვივის. მარიამ მაგდალენელისა და მარჯვენა ავაზაკის გზას ბევრი გაივლის. ბევრს უკვე გაუვლია. ლიბანელს უნახავს, თავისუფალი, საკუთარ ბორკილთაგან თავდახსნილი, მაცხოვრის ბაძვით ამაღლებული მრავალი ადამიანი. ღვთისმშობლის თვალთა ნათელია თურმე ყოველი დედის ალერსიან გამოხედვაში; «და უფლის დედის ხელი არწევს ყველა ყრმის აკვანს, და ჩვრებში ახვევს ის სათუთად ყველა პატარას»; თურმე «ხელის ფათურით რომ მიიკვლევს გზას, უფლის თვალია იმ ბრმის თითებში». ადამიანი არ არის მიტოვებული, ჯვარცმა და აღდგომა არა მხოლოდ აწმყოში ხდება ყოველ წამს, ყოველ წუთს, – ქრისტე მომავალშიც წაუძღვება კაცობრიობას. «შენი სიტყვები ჩურჩულია მომავლის მკვიდრთა», – ამბობს ლიბანელი და გვაუწყებს რომ მარადიულია მისი ღვაწლი, რომ მაცხოვრის სიტყვებით ისაზრდოებს მომავლის მოდგმა; ქრისტე იშვება იმათ სულებში, ვინც ჯერ არ დაბადებულა, და მიჰმადლებს მათ მღვიძარებას სულისას.

 

ლიბანელმა გვითხრა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ მოძღვრება როდია, რომელიც ზოგს ასე ესმის და ზოგს სხვაგვარად, არამედ ფაქტია, რომელიც მხოლოდ სულიერად შეიძლება გავიგოთ, ფაქტია, რომელიც სამყაროს ნაწილი გახდა.

 

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ამ წიგნში ცოცხლად დგანან ჩვენ წინაშე იესოს მოყვასნი და მოძულენი. და მოგვითხრობენ ისე გულწრფელად, ისეთი ძალით, ისეთი სიყვარულითა თუ სიძულვილით, რომ მონაწილე და შემსწრე ვხდებით მონაყოლისა.

 

                                                                                                                      მანანა გიგინეიშვილი

 

 

 

იაკობი, ძე ზებედესი

 

სასუფეველთა შესახებ

 

 

 გაზაფხულის ერთ დღეს იდგა იესო იერუსალიმის მოედანზე და ცათა სასუფეველზე ესაუბრებოდა სიმრავლეს ერისას.  და კიცხავდა იგი მწიგნობართა და ფარისეველთ, რომელნიც მახეს უგებენ  და გზაზე ხნარცვს უთხრიან სასუფევლის მაძიებელ კაცს. იესო იმათი ძვირის ხსენებაში იყო და იქადნებოდა.

 

ბრბოში ერივნენ ფარისეველთა და მწიგნობართა ქომაგნი. და სურდათ ხელი აღემართათ იესოზეც და ჩვენზეც.

 

ხოლო მან აირიდა მათი რისხვა, გაეცალა იქაურობას და ქალაქის ჩრდილო კარიბჭისკენ გაემართა. და გვითხრა ჩვენ: «ჟამს ჩემსას არ მოუწევია ჯერ. მრავალი მაქვს სათქმელი თქვენდა და მრავალი მაქვს საქმნელი, ვიდრე მივეცემი სოფელსა ამას».

 

და მერმე თქვა მან, და იყო სიხარული და ხალისი მის ხმაში: «წავიდეთ ჩრდილო მხარეში და შევეგებოთ გაზაფხულს. გამომყევით მთებში. ზამთარი მიილია და ლიბანის მთებიდან თოვლი მოიწევს ბარად, რათა თავისი ხმა შეუზავოს გალობას

ნაკადულებისას.

 

«ხეხილის ბაღებმა და ვენახებმა ძილს წაართვეს თავი და გამოფხიზლდნენ, რათა მიესალმონ მზეს და ძღვნად მიართვან მომწვანო ლეღვები და ჩაქარვებული მტევნები».

 

და წაგვიძღვა იგი, და მივსდიეთ ჩვენ. გავყევით იესოს იმ დღესაც და შემდეგაც.  მესამე დღეს, ნაშუადღევს, ჰერმონის მთის წვერზე ავედით. და იდგა იესო და დაჰყურებდა ბარის ქალაქებს.

 

მისი სახე სხივს ისროდა ბაჯაღლო ოქროსავით. და გაშალა მკლავები და გვითხრა: «იხილეთ მიწა, მწვანე ქათიბით მოკაზმული, და იხილეთ ნაკადულები და ჩქერები, ვერცხლის არშიებად რომ შემოვლებიან მისი სამოსის ნაწიბურებს.

 

«ჭეშმარიტად მშვენიერია მიწა და მშვენიერია ყოველივე, რაც არის მას ზედა.  «ხოლო რასაც უმზერთ თქვენ, ყოველივე ამის მიღმა არის სასუფეველი. და იქ იქნება მეუფება ჩემი. და თუ ამჯობინებთ, და თუ ნამდვილად ისურვებთ, შეგიძლიათ გამომყვეთ და თქვენც მეუფებდეთ ჩემთან ერთად. «თავს დარქმული არ გვექნება მუზარადი, ხელთ არ გვექნება ხმალი, არც კვერთხი. ქვეშევრდომთ ვეყვარებით და არ ექნებათ ჩვენი შიში».

 

ასე იტყოდა იესო. და თვალი ჩემი დავსებული იყო მიწის სამეფოთათვის, ყველა ქალაქის, ყველა გალავნისა და გოდოლ-ბურჯისათვის. და სურდა ჩემს გულს გაჰყოლოდა მოძღვარს მის საუფლოში.

 

  და მერმე გამოჩნდა იუდა ისკარიოტელი. იგი წარუდგა იესოს, მიმართა მას და უთხრა: «იხილე, ვრცელნი არიან სამეფონი სოფლისანი. იხილე ქალაქები დავითისა და სოლომონისა. მათ უნდა დაჯაბნონ რომაელები. იყავ მეუფე ჰურიათა, მხარში დაგიდგებით ფარითა და მახვილით... და გავიმარჯვებთ».

 

იესომ მოისმინა და მოუბრუნდა იუდას. და სახე მისი რისხვას აფრქვევდა. და თქვა მან გრგვინვასავით ზარდამცემი ხმით: «განვედ ჩემგან, სატანავ! ხომ არ გგონია, მისთვის ჩავერთე ჟამთა სვლაში, რომ ორიოდ დღით განვაგო ჭიანჭველების ბუდე?!

  «ტახტი ჩემი, საყდარი ჩემი უხილავია შენი მზერისათვის. მან, ვისი ფრთებიც დედამიწას გარეშემოწერს, სავანედ და თავშესაფრად ვით ეძიოს მიგდებულ-მივიწყებული ბუდე?!

 

«ცოცხალს პატივი ვით მიაგოს და ცოცხალი ვით აღამაღლოს შესუდრულმა მკვდარმა?!

 

«სასუფეველი ჩემი არა არს ამა სოფლისა. და ტახტი ჩემი არ აღიმართება თქვენთა წინაპართ თავის ქალებზე.

 

«თუ ეძიებ შენ რაიმეს სხვას და არა – სასუფეველს სულისას, უმჯობესია შენდა, დამტოვო მე აქ და დაეშვა შენთა მიცვალებულთა მღვიმეებისკენ, სადაც გარდასულ დროთა გვირგვინოსნებს დარბაზობა გაუმართავთ, რათა თავიანთ

სამარხებში პატივი მიაგონ მამა-პაპათა ძვლებს.

 

«როგორ ბედავ მაცთუნო ფუჭი დიდების გვირგვინით, როცა შუბლი ჩემი ვარსკვლავთა ხომლის გვირგვინს ეძიებს და თან ეძიებს გვირგვინს ეკლისას!

 

«გარდასულ მოდგმათაგან ნალოლიავები ოცნება რომ არა, არ მოვევლინებოდი სოფელს, მზეს არ მოუწევდა ჩემი მოთმინების ხილვა, მთვარეს არ მოუწევდა ჩემი ჩრდილის დაფენა თქვენს გზებზე.

 

«დედის სურვილი რომ არა, არ გავიკარებდი ჩვილის სახვევებს და ზეცათა სივრცეში დავრჩებოდი.

 

«ყოველი თქვენგანის დარდი რომ არა, რა მქონდა სავალალო და სატირალი?!

 

«ვინ ხარ შენ, და რა გსურს, იუდა ისკარიოტელო? რატომ გინდა მაცთუნო მე?

 

«ნუთუ ნამდვილად გამზომე და ამწონე, და დარწმუნდი, რომ სწორედ მე უნდა წარვუძღვე ჯუჯათა ლაშქარს და ზეციური ლაშქრის უხილავი ეტლები წარვმართო იმ მტრის წინააღმდეგ, რომელიც დაბანაკებულია მხოლოდ თქვენს სიძულვილში და დათარეშობს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს შიშში.

 

«ბევრი მღილი დაღოღავს ჩემს ფერხთით. და მე როდი ვაპირებ მათთან შებმას. თავი შემაწყინეს მქირდველთაც და შემბრალებელთაც, რომელნიც ლაჩრად მიმიჩნევენ, რადგან ალყად არ შემოვადგები ქალაქებს, მათთან ერთად არ შევუტევ

გალავნებსა და გოდოლ-ბურჯებს.

 

«ჭეშმარიტ სიბრალულს ბოლომდე უნდა გატანა. შეიძლებოდა ჩემი სვლა წარმემართა სხვა სამყაროსკენ, სადაც სხვა სულიერნი მკვიდრობენ. მაგრამ ვით შევძლო?!

 

«თქვენს მღვდელთმოძღვრებსა  და თქვენს მეფეებს სწყურიათ სისხლი ჩემი. და მიიღებენ, ვიდრე ვარ ამა სოფლად. მე არ გარდავალ ღვთაებრივ განჩინებას. ჩემი მეუფება არ წარიმართება განუგებლად.

 

«აცალეთ, უმეცრებამ იბოგინოს, ვიდრე არ მოიმკის შედეგს.

 

«აცალეთ ბრმებს, გაუძღვნენ ბრმებს ხნარცვისაკენ.

 

«აცალეთ მკვდრებს, დაფლან თავიანთი მკვდრები, ვიდრე მიწა არ შეიძვრება თავისი ნაყოფის სიმწარით.

 

«მეუფება ჩემი არა არს ამა სოფლისა. იქ იქნება სუფევა ჩემი, სადაც სიყვარულით და სიხარულით შეხვდება ერთმანეთს სიცოცხლის სილამაზით აღტაცებული ორი ან სამი კაცი, და სადაც გამიხსენებენ მე».

 

მერმე უეცრად მიუბრუნდა იუდას და უთხრა: «უკან დაიხიე. სუფევა შენი არასდროს იქნება ჩემს სასუფეველში».

 

***

 

ბინდდებოდა. და მოგვიბრუნდა იესო და გვითხრა: «ქვევით ჩავიდეთ. ღამდება. ვიაროთ ნათელში, ვიდრე ნათელი არის

ჩვენთან».

 

მერმე იგი მთიდან დაეშვა და ჩვენ გავყევით მას. და შორიახლო მოგვდევდა იუდა.  

 

და ბარად რომ ჩამოვედით, უკვე დაღამებული იყო.

 

და თომამ, დიოფანეს ძემ, უთხრა იესოს: «მოძღვარო, უკვე ბნელა და გზას ვერ ვიგნებთ. თუ ინებებ, წაგვიძეხ, აგერ, ლამპრები რომ ციმციმებენ იმ სოფლისკენ, საზრდელს და თავშესაფარს ვიპოვით იქ».

 

და მიუგო იესომ თომას და უთხრა: «მაღლა რომ აგიძეხით, გშიოდათ. ბარად ჩამოგიძეხით და კიდევ უფრო გშიათ. მაგრამ ამაღამ ვერ დავრჩები თქვენთან. უნდა განვმარტოვდე».

 

მაშინ სიმონ-პეტრემ წამოიწია წინ და თქვა: «მოძღვარო, ნუ მიგვატოვებ ამ სიბნელეში. ნება გვიბოძე, დავრჩეთ შენთან აქ, ამ შარაგზაზე. ღამე და მწუხრის აჩრდილები დიდხანს არ გასტანს. ინათებს და დილა სწრაფად მოგვაგნებს, შენ თუ იქნები ჩვენთან».

 

და მიუგო იესომ: «ამ ღამეში მელს სორო აქვს და ფრინველთ ცისათა – ბუდე. ხოლო ძესა კაცისას მიწაზე არა აქვს ადგილი, სადაც თავს მიიდრეკს. ახლა უნდა განვმარტოვდე. თუ ისურვებთ, ისევ მიხილავთ ტბასთან, სადაც პირველად შეგხვდით».

 

მერმე ჩვენ წავედით გულდამძიმებულნი, რამეთუ მისი დატოვება არ იყო ჩვენი ნება.

 

ბევრჯერ შევჩერდით და მივიხედეთ მისკენ. და ვიხილეთ იგი, ძალმოსილი და მარტომყოფი, მაღრიბისკენ მიმავალი.

 

ერთადერთი ჩვენს შორის, ვისაც არ გაუხედავს მისკენ და არ უხილავს მისი სიმარტოვე, იყო იუდა ისკარიოტელი.

 

იმ დღიდან იუდა გულჩათხრობილი ჩანდა, გაგვინაპირდა და, ვფიქრობ, შიში ჩაუდგა თვალის უპეებში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჯიბრანი ჯიბრან ხალილ / იესო, ძე კაცისა