თაბუკაშვილი ლაშა

თოვლივით თეთრი თოვლი

 

ორმოქმედებიანი პიესა

 

2000-2001

 

1. ნიკა იშხნელი, 44 წლის, მწერალი

2. ხათუნა, 18 წლის, ბარმენი

3. გუგა, 44 წლის, პოეტი

4. გვანცა, 25 წლის, ჟურნალისტი

5. აფრასიონ ბუაჩიძე, 80 წლის, იდუმალი პიროვნება

6. შლაპიანი ბიჭი, ნიკას წარმოსახვა

 

პიესა დრამატურგიული სამების პრინციპზე დგას: დროის, ადგილისა და მოქმედების ერთობლიობა

 ნათელი კაფე, თუმცა უფრო პაბი ეთქმის, კიდევ უფრო ზუსტად კი პაბი-ბიბლიოთეკა. მაგიდები, სკამები და გრძელი ბარი, უკან ბოთლების წყება. გარშემო, კანტიკუნტად, წიგნებით გაჭედილი თაროები.

ამჟამად პაბი ცარიელია. მხოლოდ თვრამეტიოდე წლის, მაღალ ქუსლებზე შემდგარი, მოკლეკაბიანი გოგონა დგას ბართან და სიგარეტს ეწევა. ტელეფონის ზარი.

 

ხათუნა - (ყურმილს იღებს) პაბი-ბიბლიოთეკა! (იცინის) მაშ, გახსოვს?.. რას მილოცავ, თვრამეტი წლის გავხდი, ეს კი უკვე ასაკია! ჰო, შევურიგდი მაგ უნამუსოს... მომილოცა, საჩუქრად შამპანური მომართვა... რატომ? რატომ შევურიგდი, თუ რატომ წავეჩხუბე? ჰოო, ... მაშ, არ გცოდნია... მისმინე! გუშინწინ თავის მეგობრებში დამპატიჟა, ყველა რაღაც ჭკვიანურს ბაზრობდა და მეც თავი გამოვიდე  ამასწინათ დოსტოევსკის ОკრეტინიМ წავიკითხე-მეთქი! შემეშალა, ეგ გიურზა კი, იმის მაგივრად, დამხმარებოდა... კარგი, მოვრჩეთ. უკვე შევურიგდი. (შამპანურს მოსვამს) ჰო, ცოტა ვყლურწე! ეს პირველზე მოგიყევი, მეორემ კი რა იკისრა, იცი? ბარში შემოვიდა, ყვავილები ფეხებში მომაყარა... მერე რევოლვერი ამოიღო, ბარაბანში ერთი ტყვია ჩადო... (ხმას სულ უფრო მეტ დრამატიზმს ძენს) სამჯერ დაიტრიალა საფეთქელთან და სამჯერ დააჩხაკუნა! მაგ მართლა ბარაბანმა! ... მეე? მე, რასაკვირველია, გული წამივიდა! ჰო, გიჟია, უწიგნური, მაგრამ, უნდა გითხრა, დიდი ვნებების თავი აქვს! ვიინ? ვინ რაგოჟინი? აჰ, ისა?! არა, სულაც არ ჰგავს... თანაც ვაჭრებს ვერ იტანს!

(ცოტა ხანს უსმენს, შემდეგ ღიზიანდება) ბატონი ნიკა არ არის... და შენ, ნატურში, მხოლოდ მაგ ინტერესით მირეკავ! ნუ გავიწყდება, რომ ორმოცს გადაცილებული კაცია და შენნაირ ლაწოებს არც ამჩნევს... ასე რომ, ჩემო დაო, ფეხი არ ჩაგივა! ჰო, კაი, გეხუმრე, რა მოგივიდა? ... (პაუზის შემდეგ) დეიდა ისევ ყავარჯნებზეა და მე ვცვლი... ძალიან ბევრს ვკითხულობ! გადამქანცა! ქალო, მწერლების კაფეა და ხომ უნდა ველაპარაკო კლიენტს რამეზე?! კაფეა, პაბი, თუ ბიბლიოთეკა, მეც მომეთხოვება... ჰო, მართლა, იმ პირველმა... დიჯეიმ... რაღაც მაგარი წიგნი მირჩია, წაიკითხეო... სათაური? მოიცა... (ბლოკნოტს გადაშლის) Оკამა-სუტრაМ არ გესმის? Оკამა-სუტრაМ, რატომ იცინი გიჟივით? რა ვთქვი ასეთი? შეწყვიტე, თორემ დავკიდებ! შეწყვიტე-მეთქი (ყურმის დაახეთქებს) გასკდი შურით!!! გასკდი, გასკდი! რატომ გადაბჟირდა მაინც? (სარკეს იღებს და თმებს ისწორებს. დიდხანს ათვალიერებს საკუთარ თავს და მტკიცედ ასკვნის) შურს!

(სიგარეტს აქრობს და მაგნიტოფონს რთავს. მუსიკის რიტმს აყვება თეძოების რხევით, პერანგს იხდის და ლიფის ამარა რჩება. შემდეგ ტოპ-მოდელების მოკლე ნაბიჯებით დადის აქეთ-იქით და ჟამი-ჟამ ეფექტურ პოზაში შეშდება დოინჯმოყრილი. ხათუნა ვერ ამჩნევს პაბში შემოსულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გაკვირვებით შეჰყურებს მის ОდეფილესМ. მუსიკის რიტმი უფრო მძაფრი ხდება და გოგონაც ოდნავ გაიქნევს მხარს, ბრეტელი მკლავზე უვარდება, ხათუნა, თითქოს ახლა შეამჩნიაო ეს, ნაზი მოძრაობით აბრუნებს ბრეტელს ადგილზე და გაშიშვლებულ მკერდს იფარავს. მუსიკა მთავრდება).

ხათუნა - (ამჩნევს შემოსულ ქალს). ვაიმე! (სასწრაფოდ გადაიცვამს პერანგს). უკაცრავად, ჩემთვის ვერთობოდი!

გვანცა - (ღიმილით) ლამაზი იყო!

ხათუნა-  (კმაყოფილი) დაბრძანდით, ახლავე მოგხედავთ!

გვანცა - არ შეწუხდეთ, საქმეზე ვარ მოსული!

ხათუნა - საქმეზე? (თავი მოყავს წესრიგში)

გვანცა - ბატონი ნიკა მალე მოვა?

ხათუნა - არ ვიცი! არ დაურეკავს!

გვანცა - მობილურის ნომერს ხომ ვერ...

ხათუნა - (სწრაფად) ვერა... არ მაქვს უფლება! არ გეწყინოთ!

გვანცა - გასაგებია. (ჩაფიქრდება) დაველოდო?

ხათუნა - ჰო, ასე აჯობებს! მე ხათუნა მქვია!

გვანცა - გვანცა!

ხათუნა - დღეს ჩემი დაბადების დღეა!

გვანცა - გილოცავ!

ხათუნა - ეჰ, რა მოსალოცია... თვრამეტი წელი?

გვანცა - (ღიმილით) მაშ, მე რაღა ვთქვა?

ხათუნა - (გულწრფელად) ბოდიში! დაბრძანდით რა!

გვანცა - (ჩამოჯდება) ყავას თუ დამალევინებ, ხათუნა?

ხათუნა - თურქული, ესპრესო?

გვანცა - ესპრესო!

ხათუნა - იცით, მე ცოტას ვხედავ...

გვანცა - ბატონო?

ხათუნა - (მორცხვად) ყავაში ვიხედები!

გვანცა - მერე?

ხათუნა - თურქულში ჩაგიხედავთ... ეს ისე, მეგობრულად!

გვანცა - გმადლობთ, ესპრესო მინდა!

(ტელეფონის ზარი)

ხათუნა - (ყურმილს იღებს) პაბი-ბიბლ... აჰ, ბატონო ნიკა... დიახ, ბევრმა დარეკა... ჩავიწერე... ბატონო ნიკა, თქვენ აქ გელიან! გვანცა! (ხმას უწევს) გვანცა! (გაკვირვებული) მოვიკითხო? (გვანცას) მოკითხვას გითვლით!

გვანცა - (ისიც გაკვირვებული) მე მას არ ვიცნობ!

ხათუნა - (დაბნეული) ის თქვენ არ გიცნობთ... მაგრამ მანაც მოგიკითხათ! დიახ... (კიდებს ყურმილს) თხუთმეტ წუთში მოვალო!

გვანცა - კეთილი!

(ჩანთიდან დიქტოფონს და მუყაოს დალუქულ პაკეტს იღებს)

ხათუნა- ჟურნალისტი ხართ?

გვანცა - ისე რა... დამწყები. უფრო მუსიკოსი ვარ!

ხათუნა- კონსერვატორია დაამთავრეთ!

გვანცა - ვერ დავამთავრე, მაჯა ვიტკინე და...

ხათუნა - მერე!

გვანცა - გავთხოვდი!

ხათუნა - (გადაიკისკისებს) ჰა, ჰა, ჰა, ჰა... (უეცრად მოსხიპავს უადგილო სიცილს და ყავას მიართმევს ქალს) ესეც ესპრესო! ინტერვიუ უნდა აიღოთ?

გვანცა - (ცოტა გაბეზრებული) ვაპირებ!

ხათუნა - (ჩაფიქრდება) ეგ საქმე არ უყვარს!

გვანცა - მე შემპირდა!

ხათუნა - რა გაზეთია?

გვანცა - ჟურნალია ახალი... (აწყობს მაგიდაზე)

ხათუნა - მოდი, შენობით ვილაპარაკოთ!

გვანცა - (უხალისოდ) მოდი!

ხათუნა - რამდენი წლის ხარ?

გვანცა - ოცდახუთის!

ხათუნა - დიდი ხანია?

გვანცა - რა?

ხათუნა - რაც ოცდახუთის ხარ?

გვანცა - (თითებზე ითვლის) სამი თვე და შვიდი დღეა!

ხათუნა - შვიდი საკრალური რიცხვია!

გვანცა - უყურე შენ?!

ხათუნა - (სიგარეტს უკიდებს) დეიდაჩემმა ფეხი მოიტეხა და უკვე ორი თვეა, მე ვცვლი ბართან! ძველი ბიბლიოთეკარია!

გვანცა - დეიდა?

ხათუნა - ჰო! (პაუზის შემდეგ) ფეხი მოიტეხა!

გვანცა - ახლა როგორ არის?

ხათუნა - უკეთ... მე კი უკვე შევეჩვიე აქაურობას! საინტერესო ხალხი დადის, მწიგნობარი... მაგრამ ფულს არავინ იხდის, ამხელა არზა მაქვს მევალეების! ალბათ მალე გავკოტრდებით!

გვანცა - ასე ცუდადაა საქმე?

ხათუნა - ბატონი ნიკა ყველას პატიჟებსო, თვითონ კი წიგნის ფულიც ვერ დააგროვა...

გვანცა - აბა, ჟურნალს როგორ უშვებს?

ხათუნა - საკუთარი სახსრებით... ხშირად, ნასესხები. უყვარს ეს ჟურნალი და იძახის... (ბლოკნოტში ჩაიხედავს) ლიტერატურული პროცესის უწყვეტობა... უი, ვერ ვარჩევ დალშე! იცი რა ჰქვია კავალერს ქართულად? ჩოყლაყი! ხომ კაია, ჩოყლაყი?

გვანცა - (ღიმილით) ბევრი ჩოყლაყი გყავს?

ხათუნა - პერსპექტიული მხოლოდ ორი. ერთი ინტელექტუალია, მეორე ცხოველი! პირველი მე დამცინის, მეორეს მე დავცინი და ასე ვატარებთ დროს!

გვანცა - რატომ დაცინი?

ხათუნა - ცხოველია, მაგრამ რომანტიკოსი, პირველს არა ჰგავს!

გვანცა - რომანტიული ცხოველი...

ხათუნა - (აღელვებით) აი, შენ ამბობ ცხოველიო...

გვანცა - სტოპ! ეგ შენა თქვი!

ხათუნა - სულერთია! აი, შენ ამბობ, ცხოველიო, ის კი დიდი ვნებების მატარებელია!

გვანცა - ის, პირველი, დაცლილია ამისგან?

ხათუნა - ჰო, ... ცინიკოსია. გვანცა, რა წიგნია ასეთი, Оკამა-სუტრაМ? რაზეა?

გვანცა - რაზე და... პოზებია დახატული, თან ტექსტიც ერთვის!

ხათუნა - პოზები? რისი პოზები?

გვანცა - ქალის და მამაკაცის. სექსუალური პოზებია... პოზიციები!

ხათუნა - (წამოხტება და მუშტებს კრავს) ოჰ, ეგ კაზიოლი ეგა, კაზიოლი, კაზიოლი!

გვანცა - ვინ?

ხათუნა - ის... პირველი! აუცილებლად იშოვე და წაიკითხე, სულიერად აგამაღლებსო! რა გაცინებს?

გვანცა - ნუ მომაქცევ ყურადღებას!

ხათუნა - არა, კოცნაობით მეც მიკოცნავია, მაგრამ მთავარი, მხოლოდ მენდელსონის ვალსის შემდეგ!

გვანცა - (მექანიკურად) მენდელსონის მარშის!

ხათუნა - გინდაც მთიულური იყოს, ოღონდ ბეჭედი თითზე.

გვანცა - იმ ერთადერთის?

ხათუნა - რა ვიცი, ერთი იქნება, ორი თუ სამი, მთავარია, მხოლოდ ქორწილის ღამეს! თუ მეყვარება, ერთგულიც ვიქნები! (მწარედ) ეჰ, ჩემმა დაქალებმა ხოშიანად იციან, როგორ დაუგონ კაცს მახე!

გვანცა - მერე და რა ყრია მაგ სათაგურში?

ხათუნა - აბა, ხო არ გავბოზდები?!

გვანცა - (ყავა გადაცდება) ჰო, სულაც და სულაც!

(ტელეფონის ზარი)

ხათუნა - (წამოხტება და ყურმილს ეცემა) ალო... უჰ, შე კაზიოლო შენა, გაგაკამასუტრებ, შე სირისტიანო... (პირზე იფარებს ხელს და ყურმილს დააგდებს) დავიღუპე! (კიდევ ტელეფონის ზარი. ხათუნა განაზებული ხმით) პაბი ბიბლიოთეკა! გისმენთ, ბატონო ნიკა... არა! ჩემთან არ გისაუბრიათ... აქ საერთოდ არ დარეკილა! თხუთმეტ წუთში? კი, ბატონო! ჰო, მართლა, თქვენ აქ გელოდებიან! ვიინ? გვანცა! (დაბნეული) მოკითხვა გადავცე? კეთილი... (კიდებს ყურმილს).

გვანცა - რაო, ისევ მომიკითხა?

ხათუნა - (მობოდიშებით) დიახ. (თვალებზე მოისვამს ხელს) რაღაც არეული ვარ დღეს!

გვანცა - (ღიმილით) დაბადების დღე დასკვნების დღეცაა?!

ხათუნა - მოიცა, ჩავიწერ!

(ბლოკნოტში აფიქსირებს ფრაზას, მონდომებისგან ენის წვერსაც ყოფს)

გვანცა - რა ვთქვი ასეთი, უკვდავი?

ხათუნა - მე მომეწონა... და საერთოდ, ძალიან მომწონხარ! აი, ნახავ, ბატონ ნიკასაც მოეწონები!

გვანცა - ხათუნ, მე საქმეზე ვარ მოსული!

ხათუნა - მერე, რამე გაკადრე? ის კეთილშობილი და დასტოინი კაცია... უკაცრავად, ღირსეული! (პაუზის შემდეგ) ისე კი, მაგარი კონსპირატორია, ძნელად თუ ჩაავლებ, ვინ დაყავს მაღლა ოთახში!

გვანცა - შენ რა, ცდილობ ჩაავლო?

ხათუნა - ღმერთმა დამიფაროს... მაგრამ ძალიან მაინტერესებს!

გვანცა - (კიბეს ახედავს) მაღლა ოთახი აქვს?

ხათუნა - ჰო, მთავარი ბინა ცოლ-შვილს დაუტოვა. ვერაზე, ძველ სახლში აქვს ორი ოთახი. რაც ცოლს გაცილდა, უფრო აქ ათევს ღამეს. ლამაზი, მყუდრო ბაითია, ყველა უდობსტვებით... ცოტა შევთვერი... როგორც აქ მოსიარულე ერთი მხატვარი ამბობს, ე ქიქ! თითქოს წკიპურტი მოგხვდაო თავში! თვითონ კი ბოლოს მაგიდას ურტყამს თავს, მანამდე ჯენტლმენია... ე ქიქს ცოტა უქიქინებს. ხომ კოხტად ვთქვი?

გვანცა - რა?

ხათუნა - ე ქიქ, უქიქინებს!

გვანცა - ჰო, მშვენიერია. მიამბე, როგორ წარმოიშვა ეს კაფე?

ხათუნა - კაფე კი არა პაბი-ბიბლიოთეკა... პარიზში ნახა ბატონმა ნიკამ ჯოისის პაბი... (პაუზის შემდეგ) გინდა, საქმე წინ წავიგდოთ! მე რაღაცეებს მოგიყვები, შენ კი ჩაიწერე! ოღონდ ჭორაობა არ იყოს.

გვანცა - მომიყევი!

ხათუნა - (უეცრად დადინჯდება) შეგიძლია დიქტოფონი გამოიყენო. დააჭირე პლაუს!

გვანცა - (პაუზის შემდეგ) ფლეის!

ხათუნა - აბა, პლაუ რომ წერია... კარგი, შემეშალა. ჰო, მართლა, შენ რომ შემოხვედი, ნაომის ვბაძავდი პოდიუმზე! გახსოვს, ბრეტელკა რომ ჩამოუვარდა...

გვანცა - ჰო, ტელევიზორში ვნახე!

ხათუნა - რა ლამაზად გაისწორა, არც კი შეიმჩნია. მე სირცხვილით მიწა გამისკდებოდა... ისე, ცოტა მაინც ვგავდი ნაომის?

გვანცა - უფრო დელაკრუას ქალს, ბარიკადებზე!

ხათუნა - (იცინის, შემდეგ მიამიტად კითხულობს) ეგ რომელია?

გვანცა - (შერცხვება) მაპატიე, უაზროდ გეხუმრე!

ხათუნა - (ნაძალადევი ღიმილით) არაუშავს... მე არ მწყინს! (პაუზის შემდეგ) რა, ულამაზო ქალია?

გვანცა  ძალიანაც ლამაზია... უბრალოდ, უადგილოდ ვიხუმრე!

ხათუნა - ჰოო! (ჩაფიქრდება) ახლა ბატონი ნიკას მეგობრები აქ არ არიან. თვითონ კი რაღაც ტკივილები აწუხებს სპლეტენიაში და...

გვანცა - სად?

ხათუნა - აი, მზის სპლეტენიას რომ ეძახიან... სოლნეჩნოე... ჰოდა, რაღაც ანალიზებს იღებს... ძალიან ტკივა. მარინეც ნერვიულობს!

გვანცა - მარინე?

ხათუნა - ყოფილი ცოლი. კარგი ქალია, მაგრამ ზედმეტად მშვიდი, ამიტომაც გაცილდა ქმარს.

გვანცა - არაფერი მესმის.

ხათუნა - მოკლედ, ახლაც უყვარს, მაგრამ დამღალაო, იძახის, სულ შფოთვაში ვარო, გადავიწვიო!

გვანცა - რამ დაღალა?

ხათუნა - მეც ეგ არ მიკვირს, ასეთი ქმარი გყავდეს და დაიღალო? ვაჟკაცი, ლამაზი, მწერალი...

გვანცა - მწერალი იქნებ რთულია ყოფაში?

ხათუნა - ჰო, მარტივიაო, ვერ იტყვი. ფათერაკიანი კაცია... მაგრამ მაინც არ მესმის! არც ეჭვიანობა ყოფილა, არც უხეშობა, რამ დაღალაო? თვითონ სიმპათიური,განათლებული ქალია, მაგრამ სულ ნერვიულობს. იცი, ისე ექცევა ქმარს... (სიტყვებს ეძებს)

გვანცა - (ღიმილით) როგორც სკოლის დირექტორი ცელქ მოწაფეს?

ხათუნა - (მოხიბლული) აუ, რა კოხტად თქვი, მოკლედ, გაცილდა! ნორმალური საქციელია ეს?

გვანცა - (მხრებს იჩეჩავს) ალბათ ნორმალურია, მაგრამ ცოტა ვიცი, ასეთი ფუფუნების უფლებას რომ აძლევდეს საკუთარ თავს! მაშ ეჭვიანობა არ ყოფილა?

ხათუნა - არა. ბატონი ნიკა ის ტიპი არ არის, ჩემო დაოო, რომ მეუბნებიან და ამავე დროს თვალებით მჭამენ. არ მჭირდება ასეთი ძმადნაფიცები! მოკლედ, ის მარინე... ცოტა დედობრივი ცოლი აღმოჩნდა!

გვანცა - დედობრივი?

ხათუნა - ჰო. გაცილდა, მაგრამ ნერვიულობას მაინც განაგრძობს... დღეს სამჯერ დარეკა, რა უთხრეს ექიმებმაო? (ტელეფონის ზარი) გამორთე, გვანცა! (იღებს ყურმილს) დიახ, მე ვარ, ქალბატონო მარინე! არა, არ მოსულა... აუცილებლად. მე თვითონ დაგირეკავთ! (კიდებს ყურმილს. გვანცას) აი, ხომ დარწმუნდი?! შეგიძლია ჩართო!

გვანცა - დიქტოფონზე მეუბნები?

ხათუნა - ჰო.

გვანცა - მე ის არ ჩამირთავს!

ხათუნა - (ნაწყენი) ამდენი ვიქაქანე... სჯობდა ჩაგეწერა!

გვანცა - (ცივად) ხათუნა, შენ მგონი მამეცადინებ!

ხათუნა - სულაც არა! (ცრემლი ერევა) რატომ ასე ქედმაღლურად, მე ხომ მეგობრულად დაგხვდი?

გვანცა - ნუ გწყინს!

ხათუნა - (ჭიქას ჩააჩერდება) მე ისეთ სოფელში გავიზარდე, რომ დღესაც არ იციან, რა წყობაა... ცარიზმი თუ კომუნიზმი. ოცი კომლია სულ... ჩემი მეზობლის მამიდა კი მგელმა შეჭამა!

გვანცა - რისი თქმა გინდა?

ხათუნა - რა მინდა და... წკვარამი და კურმუხეთი მინდა მეეე... (ხმამაღლა ტირის. შეშინებული გვანცა მხრებზე მოხვევს მკლავებს) რა ვქნა, არ დამიმთავრებია კემბრიჯები...

გვანცა - (საკუთარი ცხვირსახოცით წმენდს ცრემლებს) გეყოფა, პატარასავით იქცევი!

ხათუნა - ჰო, აღარა ვარ პატარა... პატარაობა სჯობდა, ააააა... (აგრძელებს ღნავილს. გვანცა თოთო ბავშვივით არწევს მკლავებში და გოგონაც თანდათან წყნარდება) ელენე თექვსმეტი წლისაა და ბოლონიაში სწავლობს!

გვანცა - (ასეთი გადასვლით დაბნეული) ვინ არის ელენე?

ხათუნა - (სლუკუნით) ბატონი ნიკას შვილი... კემბრიჯზე გამახსენდა... ამ ცხვირსახოცს გაგირეცხავ და მოგცემ!

გვანცა - შენი იყოს... ახალია!

ხათუნა - მაშინ ხურდა უნდა აიღო... (ჩაჩრის ხელში ხურდა ფულს. წყნარდება) შენ კი არ გაბრალებ, მე იმ კაზიოლს ვაბრალებ, კამა-სუტრაო! მაგას არ ვაღირსებ არცერთ პოზას!

გვანცა - (იცინის) არც აღირსო! მე ახლა სასამართლოდან მოვდივარ, ქმარს გავცილდი. ასე რომ, მაპატიე, უხეში თუ ვიყავი!

ხათუნა-  (თვალებს დააჭყეტს) ოფიციალურად გაცილდი?

გვანცა - ჰო.

ხათუნა - რატომ გაცილდი?

გვანცა - მიღალატა!

ხათუნა - ვაიმე! და არ მოკალი?

გვანცა - (სერიოზულად) არა!

ხათუნა - ბავშვი?

გვანცა - (დაღლილად) არ გვყავდა, ჯერ ადრეაო, ასე თვლიდა!

ხათუნა - უუუ, ეგ კაზიოლი ეგა... (სწრაფად) შენ ხომ არ გწყინს?

გვანცა - (იცინის) არა!

ხათუნა - მე მეშინია ასეთი რამეების!

გვანცა - რას იზამ, ტკივილს ზურგი არ უნდა შეაქციო...

ხათუნა - იქნებ შევეგებო კიდეც?

გვანცა - (ინტერესით) უყურე ამას შენ?

ხათუნა - (დამორცხვებით) კარგად გიპასუხე?

გვანცა - ხუთოსანი ხარ!

ხათუნა - ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი მომწონდა! ლამაზი კაცი იყო!

გვანცა - ზედმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობ კაცებზე?

ხათუნა - მგონი კი... იცი, სარაიონო შეჯიბრში მეორე ადგილი ავიღე პინგ-პონგში. ისეთი გახარებული იყო...

გვანცა - ვინ?

ხათუნა - (მოწყენილი) ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი!

გვანცა - მერე?

ხათუნა - მერე ფიზიკის მასწავლებელი შეირთო.

(ტელეფონის ზარი) გისმენთ! დიახ, ბატონო ნიკა, გელოდებათ!

გვანცა - (კუშტად) მოიკითხე ჩემს მაგივრად!

ხათუნა - გვანცამ მოგიკითხათ! (გვანცას) ბატონი ნიკა ამბობს...

გვანცა - მე წავედი!

(დგება)

ხათუნა - გვანცა მიდის! ხუთ წუთში?.. გადავცემ! (ყურმილს კიდებს) ბოდიში მოგიხადა, მოვალო!

გვანცა - (ჯდება) მოვიცდი, სხვა რა გზა მაქვს?!

ხათუნა - რატომ არ გაქვს სხვა გზა?

გვანცა - ხათუნ, ეს ჩემი პირველი დავალებაა, ჯერ შტატშიც არ ვირიცხები. ნიკა იშხნელის ინტერვიუს თუ მოგვიტან, აგიყვანთო, მითხრეს. ძალიან მჭირდება ეს სამსახური და, სულო ცოდვილო, ჯამაგირიც მჭირდება!

ხათუნა - ეს რომ გაიგოს, აუცილებლად... მოგცემს ინტერვიუს!

გვანცა - იმედია, არაფერს ეტყვი!

ხათუნა - რატომ?

გვანცა - (რბილად) იმიტომ, რომ დამამცირებ!

ხათუნა - (მორჩილად) კარგი. არ ვეტყვი.

გვანცა - მოდელი გინდა გახდე?

ხათუნა - უუუჰ, მინდოდა... დიეტაზეც დავჯექი, შიმშილისაგან სინჯებზე გულიც წამივიდა, მაგრამ ამას რა ვუყო?

გვანცა - რას?

ხათუნა - (მკერდზე მოიჭერს ხელს) ზედმეტად დიდი მაქვს!

გუგა - (კიბეზე ჩამოდის) მერე დიდ მკერდს რა სჯობია, ეგ შენი მომავალი შვილების სატრაპეზოა! ბომ!

ხათუნა - (გაოგნებული) თქვენ... შენ... თქვენ ვინა ხართ?

გუგა - (ორმოცს გადაცილებული, მაღალი, წვერგაუპარსავი კაცი. ეტყობა, რომ ახალი გაღვიძებულია) გუგა გახლავართ, გუგა! ბომ!

(ფეხი დაუცდება კიბეზე და ძირს ჩაგრიხინდება. ახლაღა ვამჩნევთ, რომ თავი გვერდულად აქვს გადახვეული არც თუ ახალი ბინტით!

ხათუნა - (მივარდება წაქცეულს) იტკინეთ რამე?

გუგა - (იატაკზე წევს და დაბლიდან შესცქერის) რა ლამაზი ხედია!

ხათუნა - (მუხლებს იფარავს ხელით) იქ როგორ მოხვდით?

გუგა - (დგება და სახვევს ისწორებს) იქ თუ აქ? იქ ნიკას ოთახში მეძინა, აქ კი ჩამოვგორდი!

ხათუნა - როგორ, საიდან?

გუგა - კიბიდან, კუკუშ, კიბიდან!

ხათუნა - თქვენ ვინ ბრძანდებით?

გუგა - სახელი უკვე მოგახსენეთ, პროფესია თუ გაინტერესებთ, პოეტი ვარ. თუმცა ეს პროფესია არ არის, როგორც აუხსნეს ბროდსკის სასამართლოზე!

ხათუნა - გვანცა, რას ბჟოტიალობს ეს კაცი?

გვანცა - აუხსენით გოგონას, ხომ ხედავთ, ღელავს!

გუგა - რა ავუხსნა, ის რომ ლექსის წერა პროფესია არ არის?

გვანცა - როგორ მოხვდით ოთახში?

გუგა - ქუჩიდან... კარი ღია იყო! ბომ!

ხათუნა - ახლა მართლა ბუმ იქნება! (დიდ საფერფლეს წამოავლებს ხელს).

გუგა - (დაღლილად) ოღონდ საფერფლე არა! ჩემმა მეუღლემ სწორედ ეგ ნივთი მტყორცნა აღგზნებულ მდგომარეობაში! (ბართან მიდის და ბოთლებს ათვალიერებს) სასწრაფოდ მოსაფიქრებელია, რა დავლიო!

ხათუნა - (შეკივლებს) არა... ეგ ბუზის წამალია!

გუგა - (დამფრთხალი) ეს უკვე მეტისმეტია! ბუზის მაგივრად დაბრედვა? მაშ, რა ქნას ინტელიგენციამ? პახმელიას გადაყვეს?

ხათუნა - (აღშფოთებით) ეს თქვენა ხართ ინტილიგენტი?

გუგა - ინტი კი არა ინტე!

ხათუნა - აი, რო გდრუზავ თავში საფერფლეს, მერე გახდები ინტე!

გუგა - ვატყობ, საფერფლე მშვენიერი სქესის ტრადიციულ იარაღად იქცა. გთხოვთ, და-ნიშ-ნუ-ლე-ბი-სამებრ მოიხმაროთ იგი! ბომ!

ხათუნა - (სასოწარკვეთით) გვანცა, ვერაფერს ვხვდები, რაღაც უცნაურად ლაპარაკობს... კარიც არ დამრჩენია ღია!

გუგა - (ბოთლებში ფათურობს) კარი არ ჩაგირაზავთ, სულაც და სულაც!

ხათუნა - ერთი უსმინეთ, ამ ბომჟს!

გუგა - რატომ გაუზრდელდნენ ნიმფეტკები?

ხათუნა - (გაუბედავად) ეს მე ვარ კანფეტკა?

გუგა - რატომაც არა? (ვისკის ბოთლს ხსნის) რომელი საათია?

გვანცა - ექვსი!

გუგა - დილის თუ?..

გვანცა - ახლა საღამოა!

გუგა - (წაიმღერებს) დილაა თუ ბინდია... (სვამს და უკმაყოფილოდ გააქნევს თავს) შეკეთებულია ვისკი!

გვანცა - მე მიყვარს თქვენი ლექსები!

გუგა - კარგი გემოვნება გქონიათ! აი, ნიკანდროც მოვიდა!

(ოთახში ნიკა იშხნელი შემოდის. ჯინსები, შავი სვიტრი და ბოტასები აცვია. ხელში კეისი და ყვავილები უჭირავს. მას ფეხდაფეხ ასევე ჯინსებში და სვიტრში გამოწყობილი ბიჭი შემოყვება, ყელზე თეთრი კაშნე აქვს გადაგდებული, თავზე ძველმოდური შლაპა ახურავს. ბიჭი შეხტება და ფეხმორთხმით ჯდება ბარზე).

ნიკა - (ყვავილებს მიართმევს ხათუნას) გილოცავ, დიდი გოგო გაიზარდე!

ხათუნა - უღრმესი მადლობა! საიდან შეიტყვეთ?

ნიკა - ეს საიდუმლოა... დეიდაშენმა მითხრა! გამარჯობათ, ციცინო!

ხათუნა - ბატონო ნიკა... გვანცა ჰქვია!

ნიკა - უკაცრავად, გვანცა. გუგა, როდის მოხვედი?

გუგა - შენს ოთახში მეძინა!

ხათუნა - ჰმ, წაუპლაცკარტა! ჩემი ბრალია, კარი დამრჩენია ღია. ეს არასოდეს განმეორდება, ბატონო ნიკა!

გუგა - (სახვევს ისწორებს) ვიხუმრე! კარი დანით გავაღე! ბომ! ახლა არ მკითხო, თავი სად გაიტეხეო?

ნიკა-  არ გკითხავ! თავი სად გაიტეხე?

გუგა - ჯერ მიშველე, სული მძვრება!

ნიკა - სამი ბოთლი ნაღდი ტეკილა მაჩუქეს... ხათუნ, გახსენი ყუთი!

ხათუნა - ჯერ სიას ხომ არ ნახავთ?

გუგა - ხათქუნა, ჯერ საქმე, გახსენ ყუთი!

ხათუნა - რა მიწოდეთ? ხათქუნაო?!

ნიკა - (გვანცას) დაბრძანდით! რას მიირთმევთ?

გვანცა - უკვე გეახელით!

ნიკა - სულ ორი წუთით... (გვერდზე გადის. მობილურ ტელეფონზე რეკავს). ჰო, ფიდო, წამოვიღე რენტგენის პასუხები... რას უნდა მივხვდე, ჩემთვის ეს აბსტრაქციაა...

გუგა - (ხათუნას მიერ მოტანილ ტეკილას ხუხავს)

ირიჟრაჟა, ქარი ჩადგა,

გადიყარა, დადგა დარი;

ლურჯ ბედაურს მოაქროლებს

მეგობრისთვის მეგობარი!

ხათუნა - (გვანცას) ეს ამ ბომჟის ლექსია?

გვანცა - არა! აკაკის!

ნიკა - რატომ გაგინაზდა ხმა? ცუდია რამე?.. ფიდო, მე ხომ გავიგონე ის ფრაზა... არ გეხერხება ტყუილი და არც შენი სახის ფერი მავიწყდება... რა და შეშინებული იყავი! (იფეთქებს) ბიჭო, ხომ იცი, შენი ყველაზე მეტად მჯერა, სხვა ექიმებთან ნუ გამიშვებ!.. რა იზმენა, უნდა ვიცოდე! როდის? ... როდის იქნება პასუხი? (დაღლილად) კარგი! დავიცდი! (კეცავს ტელეფონს და კეისს ხსნის, ცოტა ხანს გულდასმით ათვალიერებს რენტგენის სურათებს, შემდეგ კვლავ კეტავს კეისს და ბარზე მოისვრის)

შლაპიანი ბიჭი  რა მოხდა, ეჭვობ რამეს?

ნიკა - ექიმები ეჭვობენ!

შლაპიანი - რას გეუბნებიან?

ნიკა - ხან რას და ხან კიდევ რას! თვალებში არ მიყურებენ. მგონი ცუდადაა საქმე!

ხათუნა - (ნიკას ჩუმად) გვანცა გელოდებათ!

ნიკა - ჰო, ახლავე!

შლაპიანი - ტკივილები გაქვს?

ნიკა - ღამე არ მაძინებს!

შლაპიანი- იქნებ აპრილის ექოა, სალდათის ჩექმის?

ნიკა - რაღა დროს ეგაა? თორმეტი წელი გავიდა!

გუგა - ნიკანდრო, მოდი რა, ჩავარტყათ!

ნიკა - ცოტა მაცალე, გუგა! (გვანცას მაგიდას მიუჯდება) უკაცრავად, გალოდინეთ! მოიტანეთ ლექსები?

გვანცა - არა, მე ლექსებს არ ვწერ!

ნიკა - (საფეთქლებს ისრესს) აბა, ვინ დამირეკა გუშინ?

გვანცა - მე დაგირეკეთ, ოღონდ სამი დღის წინ!

ნიკა - და რამეზე შევთანხმდით?

გვანცა - (ამოიოხრებს და კვლავ მაგიდაზე აბრუნებს დიქტოფონს და დალუქულ პაკეტს) თქვენ მე ინტერვიუს დამპირდით!

ნიკა - (დამფრთხალი) როდის?

გვანცა - (მშვიდად) სამი დღის წინ, დილით ძილბურანში და მეც ვისარგებლე ამით!

ნიკა - დილით დარეკეთ?

გვანცა - დიახ!

ნიკა - რატომაა დალუქული?

გვანცა - ეს რედაქციაში შემოსული კითხვებია, მეც არ ვიცი მათი შინაარსი!

ნიკა - ასეთი ინტრიგაა, ხომ?

გვანცა - რედაქტორის იდეაა... თქვენი თანდასწრებით უნდა გავხსნა!

ნიკა - გასაგებია. საათი მეათე. საიდუმლო ინფორმაცია!

გვანცა - ნუ ღიზიანდებით!

ნიკა - მესმის, ეს მხოლოდ მოთელვაა... პატარა, მომხიბლავი, ჟურნალისტური პროვოკაცია... მე წყობიდან გამოვალ, ეს კი უკვე კონტაქტია!

გვანცა - ნუ ღიზიანდებით!

ნიკა - არა, დამეთანხმეთ, რომ ეს გეიმები...

გვანცა - გეთანხმებით!

ნიკა - თან გატყობთ, სულ არ გაინტერესებთ, არც ეს ინტერვიუ და არც ჩემი პიროვნება!

გვანცა - არა, რატომ?

ნიკა - იმიტომ! იმიტომ რომ სხვაგან ხართ!

გვანცა - იქნებ, ამ მარჩიელობას, სჯობდა თვალი გადაგვევლო კითხვებისთვის?

ნიკა - მთელი ჩემი ცხოვრება უპასუხოდ დარჩენილი კითხვებია!

გვანცა - (ცივად) ახლავე დავუძახებ ხათუნას!

ნიკა - რისთვის?

გვანცა - თავის ბლოკნოტში ჩაიწერს ამ გამონათქვამს.

ნიკა - (ამოიოხრებს) ჰოოო, ხათუნას ბლოკნოტი! ყავა ხომ არ გნებავთ?

გვანცა - გმადლობთ, უკვე დავლიე!

ნიკა - (მუცელზე მოიჭერს ხელს და წინ იხრება) სასმელი?

გვანცა - რა გემართებათ?

ნიკა - ცოტა მტკივა... აქ! ახლა გამივლის!

გვანცა - სპაზმია?

ნიკა - (გასწორდება. ცხვირსახოცით იწმენდს შუბლს) იყო!

ხათუნა - (გაუბედავად მიდის მასთან) ბატონო ნიკა, ერთი შეკითხვა მაქვს!

ნიკა - (სულს ითქვამს) აქაც შეკითხვა... ბრძანე!

ხათუნა - რატომ თქვა ლევ ტოლსტოიმ, ანა კარენინა ვარო!

ნიკა - (პაუზის შემდეგ) ეგ ფლობერმა თქვა!

ხათუნა - ანა კარენინა ვარო?

ნიკა - არა, მადამ ბოვარი ვარო!

ხათუნა - (ბლოკნოტში იწერს) აჰა! (პაუზის შემდეგ) და რატომ იბრალებდნენ ქალობას?

გუგა - ნუ ღელავ, ხათქუნ, ორივე გეტეროსექსუალი იყო!

(ტელეფონის ზარი. ხათუნა კნიქსენს აკეთებს)

გმადლობთ, ბატონო ნიკა!

გვანცა - (საქმიანად) ბატონო ნიკა...

ნიკა - (იფეთქებს) გამოთიშეთ ეს ტელეფონი და საერთოდ დაანებეთ ამ ბატონობიას თავი!

გვანცა - ნიკოლოზ!

ნიკა - რაო?

გვანცა - აბა, ნიკანდრო?

გუგა - (ჭიქას ივსებს) ეგ პლაგიატია!

ნიკა - (პირველად შეხედავს ინტერესით გვანცას) ნიკანდრო მეტისმეტი იქნება... ნიკა დამიძახეთ!

გუგა - ხათუნა, ლიმონი, გეთაყვა!

ხათუნა - (რატომღაც დაეჭვებით) რად გინდათ ლიმონი?

გუგა - თვალებში უნდა ჩავიწვეთო!

გვანცა - თვითონ აიღეთ პირველი ბარათი, ნიკა!

(პაკეტს გადმოაპირქვავებს და მაგიდა ოთხკუთხედი ბარათებით ივსება)

ნიკა - როგორც გამოცდაზე?

გვანცა - დაახლოებით!

ნიკა - (თვალებს ხუჭავს, დიდხანს აფათურებს ხელს და ბოლოს ერთ-ერთ ბარათს იღებს) თვითონვე წავიკითხო?

გვანცა - დიახ! (დიქტოფონს რთავს)

ნიკა - გიყვართ თუ არა მამაკაცის პარფიუმერია და რა სუნამოს ხმარობ? ამ სიგიჟეს უნდა ვუპასუხო?

გვანცა - (დაბნეული) არ ვიცი!

შლაპიანი - არ თქვა ახლა, კენზო ან კაშარელიო... შიპრი და ტრაინოი ადეკოლონი არ დაგავიწყდეს!

ნიკა - ეგენი ჩვენ არ მოგვსწრებია!

შლაპიანი - აბა, კარგად გაიხსენე!

ნიკა - შენ მართლა მათუსალასკენ გაქუსლე!

შლაპიანი - გაიხსენე-მეთქი!

ნიკა - (უეცრად სიცილი აუტყდება) ერთხელ მწერლების სემინარზე ტრაინოი ადეკალონი დავლიე!

გვანცა - (შოკირებული) ბატონო?

ნიკა - ჩემი ციმბირელი კოლეგა გამიმასპინძლდა. სხვა არაფერი გვქონდა.

გვანცა - მერედა, რა შეგრძნება...

ნიკა - (აწყვეტინებს) თითქოს პარიკმახერი შევჭამე!

გუგა - (მარილს იყრის მუშტზე) როცა სხვა გზა არ არის? (ახლოს მიიტანს სახესთან მარილიან მუშტს, მაგრამ ხათუნა ისკუპებს და ხელში ჩაარტყამს კაცს)

ხათუნა - (ყვირის) რას ბედავ, შე თავხედო ნარკომანო?

გუგა - (გაოგნებული) ბომ!

ნიკა - (მოტრიალდება) რა ხდება?

ხათუნა - კოკაინს იყრიდა ცხვირში!

გუგა - რა მაბეზღარა გოგო ხარ! ყველაფერი კი არ უნდა თქვა!

ნიკა - ხათუნ, ეგ მარილია და არა კოკაინი! ტეკილას მარილით და ლიმონით სვამენ!

გუგა - თუმც არც კოკაინი იქნებოდა ურიგო! ჰმ, ტეკილაც შარვალზე დამექცა!

შლაპიანი - (მხიარულობს) არა გიშავს, მარილიც ზედ აყრია, არ დააჩნდება!

ხათუნა- (შეწუხებული) მაპატიეთ, ახლავე დაგფერთხავთ! ადექით! (გუგა დგება. გოგონა მის წინ ჩაიცუცქებს და ნაჭრის ხელსახოცით ღონივრად უწმინდავს დასველებულ შარვალს)

შლაპიანი - (შეშფოთებით) Гუყთპძ, სროჩთიტ (გუგა უეცრად შეყვირებს და ჩაჯდება).

ხათუნა - ვაიმე!

ნიკა - რა მოხდა?

ხათუნა - მგონი ვატკინე! იქ!

(გვანცას ისტერიკა ემართება. შლაპიანი ტაშს უკრავს)

ნიკა - (თავზე დაადგება ჩაცუცქულ გუგას) აბა, გეყო მაიმუნობა!

გუგა - (ეშმაკურად ახედავს) დამღუპა კაცი!

ნიკა - ადექი!

გუგა - (დგება და ბოთლს ათვალიერებს) ისე ფაიზაღი ტეკილაა, რამხელა მექსიკური ჭია აგდია შიგ!

ნიკა - ხომ გითხარი, ნაღდია-მეთქი!

გუგა - (ბოთლს ეფერება) აქ რამ მოგიყვანა, შე მექსიკელო შენა!

ნიკა - დაწყნარდი, ხათუნ, ჩამოუშვი მკლავები!

(სახეზე მკლავებაფარებული გოგონა თავს გააქნევს და გარბის)

შლაპიანი  ნიკოლოზ, დაუბრუნდი გვანცას, შენი პასუხები მეც მაინტერესებს!

ნიკა - (გვანცას) კიდევ ავიღო?

გვანცა - (თვალებს იმშრალებს) გთხოვთ!

ნიკა - (ბარათს კითხულობს) ხართ თუ არა ნარცისი?

გვანცა - (დიქტოფონში) ხართ თუ არა ნარცისი?

ნიკა - (ჩაფიქრდება) არა. საკუთარ თავთან რომანს კარგა ხანია მოვრჩი.

გვანცა - შემდეგი ბარათი!

ნიკა - (კითხულობს) ანდერძი თუ დაგიწერიათ ოდესმე?

გუგა - (გაიგონებს) ანდერძის რა გითხრათ, ყველაზე ტკბილი კი საკუთარი ნეკროლოგის დაწერაა.

გვანცა - მაშ, ანდერძი!

ნიკა - ახლა რომ დავწერო, რა მოხდება?

გვანცა - (გაკვირვებით) არც არაფერი!

(ნიკა რაღაცას წერს ქაღალდის მეორე მხარეზე და გოგონას უწვდის ბარათს)

გვანცა - თქვენი ანდერძი წავიკითხო?

ნიკა - გთხოვთ!

გვანცა - (კითხულობს) დამასაფლავეთ მეოცე საუკუნეში!

ნიკა - დიახ. ასეთი ანდერძია!

გვანცა - (ინტერესით) ახლა რომ უკვე ახალი საუკუნეა?

ნიკა - მერე რა!

გვანცა - (დიქტოფონში) დამასაფლავეთ მეოცე საუკუნეში!

გუგა - რა გახდა ერთი ლიმონი?!

ხათუნა - (შემოდის) ახლავე მოგართმევთ, ბატონო გუგა!

(მოაქვს დაჭრილი ლიმონი. გუგა მარილს აყრის ზედ)

ხათუნა - (ბოთლს იღებს ხელში) მე დაგისხამთ!

გუგა - (კმაყოფილი) კარგი აზრია!

ხათუნა - (უეცრად ბოთლს ჩააკვირდება, მაღლა აწევს ხელს და შეჰკივლებს) ვაიმე, ჭია!

(ბოთლი ხელიდან უვარდება, გუგა სპორტულ ვარდნას აკეთებს და ზედ იატაკთან ახერხებს მის დაჭერას)

ნიკა - (შეხტება) რა მოხდა კიდევ?

ხათუნა - (შეშინებული) ბოთლში ვეებერთელა ჭიაა!

ნიკა -ასეც უნდა იყოს!

შლაპიანი - (ბარიდან ჩამოხტება) მყუდრო საგიჟეთია! აბა, შენი ბიბლიოთეკა შევათვალიეროთ, იუზგარ!

ნიკა - მიდი! ისე, რა ხშირად იცვლები?!

შლაპიანი - (ჩაიცინებს) ჰო, მე ხომ ბევრი ვარ!

ნიკა - არც ისე ბევრი! ყველას გცნობთ! აი, შენ...

შლაპიანი - იუზგარ, არ გინდა სახელები... არ შეიძლება!

ნიკა - (სევდიანად) მესმის!

(შლაპიანი ბიჭი თაროებთან მიდის, წიგნებს ათვალიერებს)

გუგა - გეპარდის ნახტომი! თან წვეთიც არ დაღვრილა! ბომ! (მარილს ალოკავს, ლიმონს მოწუწნის და სასმელს გადაკრავს დაჭყანული სახით) თაფლია, თაფლი! განათდი, ღამევ, კუნაპეტო!

ხათუნა - ხომ არ მიბრაზდებით?

გუგა - არამც და არამც!

ხათუნა - (ღიმილით) მაშინ წამიკითხეთ თქვენი ლექსები!

გუგა - (მძიმედ ჩაფიქრდება) ლექსები? კაცმა რომ თქვას, რატომაც არა?! სილანს!

(ნიკა და გვანცაც მისკენ შეტრიალდნენ) სად არის ჩემი რვეული? აჰა! (შარვლის უკანა ჯიბიდან პატარა, გვარიანად დაჭმუჭნილ რვეულს იღებს და გადაშლის) მე ახლა თქვენ წაგიკითხავთ... არა, ამას არა! მე ახლა თქვენ... არა, არც ეს! მე ახლა... ვიპოვე! სათაური Оგრძელი და მოსაწყენი ლექსიМ.

შლაპიანი  შენც მოკლე და საკაეფო დაგეწერა!

გუგა - (რვეულს ფურცლავს) არა, არც ამას არ წაგიკითხავთ... მე ახლა თქვენ წაგიკითხავთ... (ბოლო ფურცელს ჩააშტერდება, შემდეგ რვეულს დაკეცავს და შარვლის უკანა ჯიბეში ინახავს) არაფერსაც მე თქვენ არ წაგიკითხავთ!

ხათუნა - (წყენით) რატომ?

გუგა - (მოკლედ) დახვრეტაა!

ხათუნა - რა?

გუგა - ხმამაღლა ლექსების კითხვა!

გვანცა - ერთი ბარათიც, ნიკა!

ნიკა - (თვალებს ხუჭავს და ხელს აფათურებს მაგიდაზე) თითქოს მაკდურაკს ვთამაშობდე! კლასიკური ОკლასობანაМ, თავზე სალკა მადევს, თვალები დახუჭული მაქვს და ვცდილობ კვადრატში ზუსტად ჩავხტე! მაკ? მაკ! მაკ?

შლაპიანი - დურაკ!

ნიკა - (კითხულობს ბარათს) საყვარელი სტრიქონი ლექსიდან!

გვანცა - (დიქტოფონში) საყვარელი სტრიქონი!

ნიკა - შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი!

გვანცა - (ღიმილით) დაემთხვა!

ნიკა - თქვენს სტრიქონს დაემთხვა?

შლაპიანი - თქვე დამთხვეულებო თქვენა!

გვანცა - დიახ!

გუგა - ნიკანდრო, ნუ გამებუტე!.. მარტო ხომ არ დავლევ?

შლაპიანი - (განაზებული ხმით) დედა, დედა, ვინმეს ლოთი არ ეგონო!

გვანცა - ერთი შეკითხვაც და... შეისვენეთ!

ნიკა - (კითხულობს) გესმით თუ არა ქალების?

გვანცა - გესმით?

ნიკა - ნაკლებად! თითქმის არ მესმის... და ეს მშვენიერია ალბათ!

გვანცა - რა არის მშვენიერი?

ნიკა - ცნობისმოყვარეობა რომ შემრჩა!

გვანცა - გავაგრძელოთ?

ნიკა - (თითს ადებს ხელისგულს) კალათბურთივით მცირე შესვენება!

(გუგასთან გადაჯდება) გაამზადე ორ კაცზე!

გუგა - მზადაა, ძამიკო!

შლაპიანი- წიგნები იცოცხლე, მაგრამ კითხულობს ვინმე?

ნიკა - ხანდახან...

შლაპიანი - პარფუმზე რომ გკითხეს... მგონი ყველაზე კარგი სურნელი ბავშვობაში წაკითხულ წიგნს აქვს!

ნიკა - სხვა სურნელებიც კარგია... მაგალითად მამის... ზღვის და თამბაქოს სურნელი დამდევს, როცა ვიხსენებ!

შლაპიანი - ხშირად იხსენებ?

ნიკა - არ ვიცი, რას ნიშნავს ხშირად... ისე ყველას გიხსენებთ!

შლაპიანი - მართალია, მიტომაც ვართ აქ!

(პაუზის შემდეგ) მაშ, ხანდახან კითხულობენ კიდეც?

ნიკა - (იცინის) რას ჩამაცივდი?!

შლაპიანი  აგაშენა ღმერთმა!

გუგა - ჰა, ვწყვიტოთ, თუ პოლიციას გამოვუძახო?!

ნიკა - გაგვიმარჯოს! (სვამს)

გუგა - ეს თავისთავად... სადღეგრძელოს არ იტყვი?

ნიკა - არა!

გუგა - სულ წასულხარ ხელიდან!

(ტელეფონის ზარი. ხათუნა ყურმილს იღებს)

ხათუნა - (ჩუმად) აღარ დარეკო, შე დებილო... გაიგე, არ ვიხდი ამ დაწყევლილ დაბადების დღეს! მე შენ გიჩვენებ ბარაბნის ტრიალს, შე მართლა ბარაბანო! შე ბაობაბო!.. რა არის და ხე, დიდი ხე! ჩაიხედე Оნეიშენალ ჯეოგრაფიკშიМ, თუმცა მანამდე თხა და გიგო წაიკითხე... კამა-სუტრა კი ბებიაშენს წააკითხე, იქნებ გაახსენდეს რამე! (პირზე ხელს იფარებს) ვაიმე, შემეშალა, ეგ იმ პირველმა მითხრა... ვაიმე, შემეშალა... ვინ პირველმა და პეტრე პირველმა! არ არის შენი საქმე! დიახაც მშვენივრად ვგრძნობ აქ თავს... საინტერესო ადამიანები არიან, ჩვენ ვსაუბრობთ, ვკამათობთ! (შეშინებული) გიკრძალავ! არ გაბედო! (კიდებს ყურმილს)

გუგა - (ნიკას) ბავშვი როგორ არის?

ნიკა - უნდა დარეკოს მალე!

გუგა - მოსწონს იქ?

ნიკა - ძალიან, მაგრამ მაინც აქეთ უნდა!

გუგა - გამაგიჟებენ ეს ბავშვები, აქ რა დარჩენია?

ნიკა - შენგან მიკვირს... როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოს, ჩვენი შვილები მაინც აქ ისურვებენ ცხოვრებას!

გუგა - სულაც არ ვთვლი უცნაურად... ის კი არა, ერთი ესპანელი ძმაკაცი მყავს, არქიტექტორი... საკუთარ ქვეყანაშიც გამარჯვებული კაცია, მაგრამ უკვე ხუთი წელია თბილისს ვერ ააწიწკნა ოჯახმა. მეტ წილ დროს აქ ცხოვრობს, ამ ბარდაკში... თვითონაც ვერ აუხსნია, რატომ. კაცმა რომ თქვას, ამ ახალმშენებლობას რომ ვუყურებ, მგონია, რომ მაგრად იძიეს თბილისზე შური! საერთოდ აღარ მესმის, რა ხდება? ვინ არის ეს ხალხი, რომელი ნაპრალებიდან გამოძვრნენ? გუშინ არარაობიდან გამოჩეკილი ვირთაგვა, ერთი ორი პოლიტიკური ОდიშოვიМ სკანდალით ყველა გაზეთის თავფურცელზეა... თან მნიშვნელობა არა აქვს, კაიკაცობით თუ სიბილწით აღწევ ამას. მთვარია ჩანდე, არ დაგივიწყონ... ისე კი, თუნდაც დედა გაგინოს ყველამ, უკვე რაღაცას წარმოადგენ!

ნიკა - ვულგარული სოციოლოგიაა!

გუგა - თვითონ სოციუმია ვულგარული! ინერტულები არ ვიყავით მე და შენ, უკან არ დაგვიხევია, სახელის მოხვეჭაც ნოლიდან დავიწყეთ, ისე გადაგვიხაზეს წინა ათწლეულები...

შლაპიანი  დიდუ, რაფრა მოწონთ საკუთარი თავი?! კიდევ რას წაიგალობებ, გუგი, Вყე ვ ჩეპნე თ იძ ვ ქეორს ფპთკე.

ნიკა - (იცინის) ტრაბახი არ გიხდება, ძამიკო!

გუგა - (ხელს ჩაიქნევს) თვითონ თუ არ ვიქეთ თავი, სხვა ვინ მოიცლის! მოდი, ჩვენი წასული ძმებისა ვთქვათ!

შლაპიანი  ძლივს არ გავახსენდით?!

(კაცები სვამენ)

ეეე, ნიკოლოზ, ეგ სტაქანი ბოლომდე!

ნიკა - ბოლომდე არ ვსვამ მე ამ ჭიქას,

რენო, რანინო,

შიგ ანგელოსებს, ფეხი უნდა ჩავაბანინო!

(შემოდის ხათუნა)

ხათუნა- ხომ არაფერი გნებავთ?

გუგა - არა, ხათქუნ, სამწუხაროდ, აღარ!

ნიკა - (ჩუმად) მორჩი! (ხათუნას) ხათუნ, იცი, გახდი და ძალიან მოგიხდა!

ხათუნა - არა, ბატონო ნიკა, უბრალოდ, დავიხვეწე!

შლაპიანი  ნო კომენტ!

გუგა - (პაუზის შემდეგ) ღამით შენი ხელნაწერი წავიკითხე! გამკაწრა, მაგრამ ხატვა აკლია.

ნიკა - ვიცი! საერთოდ, მიჭირს წერა. სულ მეგონა, რომ რასაც ვაკეთებ, ეს ჯერ უბრალო მოთელვაა. და უცებ ცაიტნოტში აღმოვჩნდი. სილაღე დავკარგე! გახსოვს ფასკუნჯს ფრენის დროს ძალა რომ ელევა, რას აკეთებს ბიჭი?

გუგა - ბარძაყიდან ხორცს ამოიჭრის და ფასკუნჯს აძლევს!

ნიკა - ჰოდა, ასე უნდა წერდე. ამას თხოულობს შენი ფასკუნჯი!

(გვანცას) უკაცრავად, მიგატოვეთ!

გვანცა - დაგელოდებით!

ხათუნა - (ჩუმად, ნიკას) ეგ ქმარმა მიატოვა!

ნიკა - (ასევე ჩუმად) მეც მივატოვე, ქმარმაც... შენ მაინც დაუჯექი!

ხათუნა - სამუშაო საათებში უფლება არა გვაქვს!

ნიკა - ვინ გაგვიბრაზდება?

ხათუნა - უიმე, სულ ავირიე! (გვანცას მაგიდასთან ჩამოჯდება ОსვეტსკადМ) გვანცა,რას შვება ახლა ლენონის ბიჭი?

გვანცა - გულწრფელად გეტყვი... არ ვიცი!

ხათუნა - იმ მეორემ დამირეკა!

გვანცა - ბაობაბმა?

ხათუნა - ჰო, ნერვები დამაწყვიტა... ნამდვილი ოტელოა!

გუგა - ოტელო სულაც არ იყო ეჭვიანი, პირიქით, ის ზედმეტად მიმნდობი გახლდათ! ბომ!

ხათუნა - ვაიმე, ჩავიწერ! (ენას ყოფს წერის დროს)

ნიკა - ხათუნა  ენა!

ხათუნა - (ჩაზმუვლებით) ბატონო ნიკა, (შიშისგან ენას იკვნეტს)

გუგა - ეგ ფრაზა მე არ მეკუთვნის!

ხათუნა - სულერთია!

ნიკა - (გვანცას შეუვსებს ჭიქას) გასინჯეთ ტეკილა, სტიმულატორია!

გვანცა - გაგვიმარჯოს!

გუგა - (უკმაყოფილოდ) რა ჭირი გვეტაკა ქართველებს, სადღეგრძელოს თქმაც კი გვეზარება!

გვანცა - თქვენ თქვით, გუგა!

გუგა - მე მეზარება! გაგვიმარჯოს! (ჩაფიქრდება) მალე პირიქით დაილევა ხოლმე, რას არ გაუმარჯოს! ბომ!

ნიკა - ჰო, ეგ ულევი თემაა!

გუგა - (სახვევს ისწორებს) არა, როგორ მრეკა საფერფლე საკუთარმა მეუღლემ?

ნიკა - ეტყობა, გადარიე ეგ ბეღურასავით გოგო!

გუგა - გენახა ეგ ბეღურა ბადროსმტყორცნელივით... რამ გაამხეცათ ეს ქართველი ქალები?

გვანცა - (მეზობელი მაგიდიდან) იქნებ ქართველმა კაცებმა?

გუგა - (ჩუმად ნიკას) ოცი წელია ცოლ-ქმარი ვართ და კიდევ ჩემს გამოსწორებას ცდილობს... შენი მარინესი არ იყოს!

ნიკა - ქალებს გაუმარჯოს!

გვანცა - კაცებსაც!

ხათუნა - მეც დავლევ რა!

შლაპიანი - ცხოველებსაც გაუმარჯოს!

ნიკა - ჰო, ფლორას და ფაუნას!

გუგა - (წაიმღერებს) სწრაფია ვით ტალღა, ცხოვრება ჩვენი... რა, არ იცით ეს სიმღერა? ხრჩეიე აეყენ, მხ ეყიტ უ სენჭ!

ხათუნა - (ჩაილაპარაკებს) არასწორი რუსულია! (გვანცას) იცი, რა თქვა ჩემზე, პირველად რომ დამინახა?

გვანცა - ვინ, პირველმა?

ხათუნა-  არა, მეორემ!

გვანცა - რაო?

ხათუნა - დააყარე ამას სნიკერსები და რიხკიტარიკი, რიხკიტარიკიო!

გვანცა - (სიცილ უტყდება) რიხკიტარიკიო?

ხათუნა - ჰო და რახკიტარიკიო! სილა უნდა გამეწნა?

გვანცა - აბა რა გიპასუხო?

ხათუნა - სულ დამავიწყდა... ბატონო ნიკა, რვიანი გავათიშინე, თორემ სულ მობილზე და უცხოეთში რეკავდნენ!

ნიკა - შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, ხათუნ!

გუგა - რატომ იკიდებ ხელს მუცელზე, გტკივა რამე?

ნიკა - ხანდახან, გუგი!

გუგა - მერე მიხედვა უნდა მაგას!

შლაპიანი - შეხედე გუგის, როგორ დაბრძენებულა! (ტელეფონის ზარი. ნიკა მობილურს მიიტანს ყურთან)

ნიკა - ლენიკო... ლენიკო, ახლა ვაპირებდი დარეკვას!.. კარგად... სისულელეა, რაღაც წამომტკივდა... არაფერი სერიოზული! დედაშენმა დაგაფეთა?.. მითხარი, სად ხარ და გადმოგირეკავ... ნუ ღელავ-მეთქი და ტყუილად ნუ ხარჯავ მაგ ლირებს... ჰო, მართლა, ხვალ გადმოგირიცხავ რაღაცა თანხას! ... რას ნიშნავს, არ გჭირდება... ოფიციანტად? ... ახლავე დაანებე თავი! ... იხტიოზავრი ბაბუაშენია დედის მხრიდან! (იცინის) სევდიანი ხმა? გეჩვენება, შვილო! არაფერზე ინერვიულო! მიყვარხარ! (ხმა ებზარება და მობილურს თიშავს)

ხათუნა - რა, ასე ცუდია ოფიციანტობა, ბატონო ნიკა?

ნიკა - (გამოერკვევა) ბოდიში, ხათუნ! ეს იმიტომ ვუთხარი, რომ სწავლაში არ ჩამორჩეს!

ხათუნა-  (ჩაფიქრებით) ჰოოო!

(უეცრად ნიკა ორად იკეცება და ბართან ეცემა. ქალები შეკივლებენ. გუგა წამოაჯენს წაქცეულ ძმაკაცს)

გუგა - რა დაგემართა, ბიჭო?

ნიკა - (სულს ითქვამს) ხათუნ! ყინულიანი წყალი... პირსახოცი და ჭიქა ტეკილა! (კვნესის) და არა ამ თანმიმდევრობით!

ხათუნა - არ მესმის!

გვანცა - ჯერ ტეკილაო! (უეცრად საიდანღაც ამოვარდნილი ქარი ყმუილით შემოანგრევს კარს და ოთახში მაღალი, თეთრწვერა მოხუცი შემოდის. გრძელი, შავი საწვიმარი აცვია. კაცი ჯოხს სკამის ზურგზე ჩამოკიდებს და მაგიდას მიუჯდება. ნიკა ტეკილას ხუხავს და წვალებით დგება ფეხზე).

თეთრწვერა მოხუცი  თქვენ ნიკა იშხნელი ხართ?

ნიკა - გახლავართ!

მოხუცი - აფრასიონ ბუაჩიძე!

შლაპიანი ბიჭი - მიგრძნობდა გული... ახლა კარი გაიღება და აფრასიონ ბუაჩიძე შემოვა-მეთქი!

ნიკა - (გაკვირვებით ათვალიერებს) დაბრძანდით!

აფრასიონი - (საწვიმარს იხდის და სმოკინგში რჩება) ჯერ ბიბლიოთეკას დავათვალიერებ, თქვენის ნებართვით...

ნიკა - კი, ბატონო! ხათუნა, გააცილე სტუმარი!

ხათუნა - აქეთ მობრძანდით! (სტუმარს ბარს უკან გაუძღვება)

გუგა - ვინ არის ეს იმპოზანტური მოხუცი?

ნიკა - არ ვიცი... აფრასიონ ბუაჩიძე ვარო! (ისევ ხსნის კეისს და რენტგენის ფოტოებს ათვალიერებს)

გუგა - (გვანცას მაგიდას მიუჯდებას) რა დღეშია ინტერვიუ?

გვანცა - შავ დღეში!

გუგა - ხომ არ გავიფერადოთ განწყობილება?

გვანცა - ეს როგორ?

გუგა - დავლიოთ თითო ჭიქა, თორემ... წამლეკა თქვენმა დეპრესიამ!

გვანცა - მე არ ვიცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა!

გუგა - სამაგიეროდ, მე ვიცი. დავლიოთ?

გვანცა - ძალიან ტახიკარდიული რიტმია!

გუგა - აბა ბრადიკარდიულით მიზანს ვერ მივაღწევთ! (სვამენ ბრუდერშაფტზე) ახლა კი, გაიღიმეთ, გვანცა, და მაკოცეთ! (გვანცას ეცინება, დგება და ორივე ლოყაზე კოცნის გუგას)

გვანცა - რა არის ეს, თითქოს ზღარბს ვაკოცეო?!

გუგა - გავიპარსავ წვერს... აუცილებლად! ბომ!

ნიკა - (კეისს კეცავს) ახლავე შეწყვიტეთ ეს აღვირახსნილობა!

გუგა - აი, ასეთი შურიანი და ჯაჯღანა ტიპია, თქვენ კი ინტერვიუებს ართმევთ! (მოფარებულიდან ხათუნას კისკისი ისმის)

ხათუნას ხმა- რა მშვენიერია, აუცილებლად უნდა ჩავიწერო!

ნიკა - (გაკვირვებით) შეხედე, რას შობა?

გუგა - მოხუცი უძახე შენ!

აფრასიონი - (დინჯად შემოდის დარბაზში) მშვენიერი ბიბლიოთეკაა... და მეგზურიც მშვენიერი გამაყოლეთ!

ხათუნა - (კმაყოფილი) ბატონ აფრასიონს მოეწონა ჩვენი წიგნები!

აფრასიონი - ჭეშმარიტად. ძალიან მომეწონა, მაგრამ... თუ კითხულობს ვინმე?

ნიკა - რომ გითხრათ, ფუტკარივით ესევა ხალხიო, მოგატყუებთ!

აფრასიონი - ჰმ, პრინციპში ბიბლიოთეკა დღეს მომხიბლავი ანაქრონიზმია!

ნიკა - დაბრძანდით!

აფრასიონი - ჯდება და ჩიბუხს გააბოლებს! სხვათა შორის, ეს ჩიბუხი სოტბის... არა ვტყუი, კრისტის აუქციონზე შევიძინე!

ნიკა - სტალინის ჩიბუხია?

აფრასიონი  არა. ჟორჟ სიმენონის!

ნიკა - უკაცრავად, დაგტოვებთ, ხათუნა მოგემსახურებათ!

აფრასიონი - მე თქვენთან მაქვს საქმე!

ნიკა - (კვლავ ჩამოჯდება) გისმენთ!

ხათუნა - (თავისთვის, გაკვირვებით) მომხიბლავი ანაქრონიზმი? ...

ნიკა - რას მიირთმევთ?

აფრასიონი - ფრეშს დავლევ ფორთოხლის!

ხათუნა - რაო?

ნიკა - ფორთოხალი გაწურე!

ხათუნა - (დაბნეული) გავწურო? ახლავე... (თავისთვის) ფრეში რაღაა?

აფრასიონი - მაშ თქვენ ნიკა იშხნელი ხართ!

ნიკა - თქვენ კი აფრასიონ ბუაჩიძე!

აფრასიონი - გახლავართ! ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ! მდაა... უცნაურია, მაგრამ ვღელავ!

ნიკა - რატომ?

აფრასიონი  უნდა გამცნოთ, რომ ჩვენს შეთანხმებაზე საქართველოს ბედია დამოკიდებული!

 (პირველი აქტის დასასრული)

 ნიკა - ახლა მეც ავღელდები!

აფრასიონი - ეგ ბუნებრივია! შევეცდები სხარტად აგიხსნათ ყველაფერი. მე ამერიკელი ქართველი ვარ... პირველი ტალღის ემიგრანტი!

ნიკა - ბუაჩიძეების სოფელი ისლარია, თუ არ ვცდები!

აფრასიონი - დიახ, ხარაგოულში... ბატონო ნიკა, გაგიკვირდებათ, მაგრამ მე ძალიან მდიდარი კაცი გახლავართ!

ნიკა - ძალიან მდიდარი, თუ ძალიან, ძალიან?!

აფრასიონი - თუ გნებავთ, შეგიძლიათ ათჯერ ახსენოთ ეგ სიტყვა ძალიან!

ნიკა - გასაგებია! მაგრამ ეგეც პირობითი მცნებაა!

აფრასიონი - თუ სიმდიდრე პირობითია, ოთხი მილიარდი დოლარი შეწვდება თქვენს ქედმაღლობას?

ნიკა - ქედმაღლობის რა შემატყვეთ?

აფრასიონი - კეთილი, ასე გკითხავთ, ოთხი მილიარდი საკმარისია?

ნიკა - ისლარს ეყოფა!

აფრასიონი - უადგილოდ ხუმრობთ!

ნიკა - ბატონო აფრასიონ, რამდენი გჭირდებათ?

აფრასიონი  რა?

ნიკა - ფული!

აფრასიონი - ორას დოლარს ვიმყოფინებ!

ნიკა - რა ამბავია?

აფრასიონი- მე, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მდიდარი კაცი ვარ!

ნიკა - ღმერთმა ბარაქა მოგცეთ!

აფრასიონი - ღმერთმა უკვე მიბოძა ბარაქა! არ მისმენთ და ორასი დოლარი გებევრებათ. ორი წლისა გახლდით, როცა სულგანათლებულმა მამაჩემმა ბოლშევიზმის კლანჭებს თავი დააღწია და ამერიკაში წამიყვანა. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა. იქ, უცხოეთში, ქართულ დიასპორასთან კავშირი არ გვქონია... რატომ დასცქერით წამდაუწუმ საათს?

ნიკა - ცოტა არ იყოს, ვჩქარობ... იქნებ მოგვიანებით...

აფრასიონი - გამორიცხულია... არა, ღმერთმანი, მართლა მიკვირს, მილიარდებზე ვსაუბრობთ და თქვენ სადღაც გეჩქარებათ!

ხათუნა - (ჭიქას დგამს მაგიდაზე) თქვენი ფორთოხალი!

აფრასიონი - გმადლობთ, შვილო! (მოსვამს წვენს) ჩინებულია... ამერიკელებს არ უვარგათ ხილი... შესახედად იცოცხლე, მაგრამ გემო...

ნიკა - ორასი დოლარი არ მაქვს!

აფრასიონი - ისესხეთ! თქვენი ავტორიტეტის კაცს ეგ არ უნდა გაუჭირდეს!

ნიკა - ეგ ტრილიონები მამამ დაგიტოვათ?

აფრასიონი  ცხონებულმა მამაჩემმა ერთი ხანჯალი და დასახოცი ბოლშევიკების სია დამიტოვა. ჰო, კიდევ ქართული მიწა მიანდერძა, სხვათა შორის, სწორედ ისლარიდან წაღებული. უმძიმესი კაეშანი რომ მომაწვებოდა, მანქანის საბარგულს ვხსნიდი თვალდახუჭული, იმ ქართულ მიწაში შევაცურებდი ხოლმე ხელს... პატარა ტოპრაკში იყო ჩაყრილი და ხატიდან ჩამოღვენთილი ზეთივით მილბობდა სულს.

ნიკა - თქვენი ჰონორარი ოცდაათ ლარს შეადგენს!

აფრასიონი - მე ორასი მჭირდება, უპირობოდ!

ნიკა - (ცოტა ხანს უხმოდ შესცქერის მოხუცს) იცით, თქვენ ძალიან ჰგავხართ ბაბუაჩემს!

აფრასიონი - მეც შევამჩნიე მსგავსება!

ნიკა - რანაირად, ის ოცი წლის წინ მიიცვალა?!

აფრასიონი - ფოტოებიდან.

ნიკა - სად ნახეთ?

აფრასიონი - თქვენი დოსიე გამოვისყიდე კგბ-დან. რასაკვირველია, ასლი.

ნიკა - ოჯახური ფოტოებიც იქ იყო?

აფრასიონი - პატარა ნაწილი... დანარჩენი კერძო დეტექტივს დავუკვეთე!

ნიკა - ბაბუ, ბაბუ, თქვენს ასაკში... გეკადრებათ?

აფრასიონი - ამახსნევინეთ ვითარება!

ნიკა - 50 ლარი და მორჩა...

აფრასიონი - თქვენ მე დამცინით!

ნიკა - (დაღლილად) ეს თქვენ დამცინით, ბატონო ჩემო! (შლაპიან ბიჭს) რა ვუყო მოხუცს, ამ ასაკის აფერისტი ჯერ არ მინახავს!

შლაპიანი ბიჭი - მოუსმინე, ყურადღებით მოუსმინე! შენ ხომ დიდხანს გჯეროდა თოვლის ბაბუების! ჩვენი თამაშიც გაიხსენე! როგორ ვოცნებობდით, რომ გამოჩნდება მდიდარი, ქართველი ემიგრანტი და მონანიების ნიშნად საქართველოს აჩუქებს მილიარდებს. გახსოვს, როგორ ვანაწილებდით ფულს? ჩხუბიც კი მოგვდიოდა პრიორიტეტებზე.

აფრასიონი-  ნუთუ თქვენი ნდობის დამსახურება ასე ძნელია?

ნიკა - ჰო, ურწმუნო თომა ვარ! იშხნელების დოსიეს გამოსყიდვას, პირდაპირ ჩემთვის მოგემართათ!

აფრასიონი - ხომ უნდა მცოდნოდა წინასწარ, ვის ვაბარებ ამხელა ფულს?! ლუსტრაციის კანონს დავლოდებოდი?

ნიკა - აი, ეს ლაპარაკი უკვე მომწონს. მაშ, თქვენი მემკვიდრე ვარ?

აფრასიონი - (უხერხულად) არა, მემკვიდრე არა... ეს ფული საქართველოს უნდა მოხმარდეს, ამიტომ არავითარ პერსონიფიცირებაზე საუბარიც არ არის... კოორდინატორი იქნებით, შესაბამისი ანაზღაურებით, რასაკვირველია!

ნიკა - (ინტერესით) თქვენ არც კი ცდილობთ მაცდუნოთ! ეს უკვე საინტერესო ხდება!

აფრასიონი - იმიტომ, რომ აბსოლუტურ ნდობას გიცხადებთ!

ნიკა - გმადლობთ, მაგრამ ორასი დოლარი მეტისმეტია!

აფრასიონი - (მკაცრად) არ არის მეტისმეტი და ახლავე აგიხსნით რატომაც. მე ალცგეიმერის ავადმყოფობა აღმომიჩინეს ამერიკაში... მალე ტვინი გამიწყალდება და აღარაფერი მეხსომება...

ნიკა - როგორც რეიგანს?

აფრასიონი - დიახ, ეგ დაავადებაა სწორედ. ამიტომ ვჩაქრობ ფულის დროზე დაბინავებას საქართველოში. ეს ჩემი ვალია სამშობლოს წინაშე. მხოლოდ ასე გამოვისყიდი ცოდვას... აბა, რეიგანივით ხომ ვერ დავემშვიდობები ჩემს ერს?!

ნიკა - როგორც ვხედავ, თქვენ მას ჯერ არც კი მისალმებიხართ!

(მოხუცი თავს ჩაქინდრავს)

აფრასიონი - ხშირად ტკენთ გულს ადამიანებს?

ნიკა - რაც შეიძლება იშვიათად!

გუგა - (რომელიც აქამდე გვანცასთან ერთად კითხულობდა მაგიდაზე გაბნეულ ბარათებს) რა უბედურებაა ეს? ქართველებს ნორმალური შეკითხვების დასმაც კი დაავიწყდათ, პასუხებზე რომ არაფერი ვთქვათ!

გვანცა - მე წინასწარ არცერთი არ წამიკითხავს... ეს რედაქტორის იდეა იყო!

გუგა - ცინცხალი ხერხია ჟურნალისტიკაში!

გვანცა - ნუღარ მამართლებინებთ თავს... ისიც მეყოფა, სამსახური რომ დავკარგე!

გუგა - იცით, რას ვიზამთ ჩვენ? ხვალ, ფხიზელ ჭკუაზე, თვითონვე შევთხზავთ შეკითხვებს და ნიკაც უპასუხებს!

გვანცა - ტყუილად არ მიკოცნია თქვენთვის!

გუგა - ოღონდ ნიკამ არ ამხადოს სკალპი!

გვანცა - (რბილად) ნუ ხუმრობთ ასე!

შლ. ბიჭი - რას შვები, ძმაკაცს წვავ, ბიჭო?

აფრასიონი - (ამთავრებს ჩიბუხის დაბერტყვას და თავიდან გააბოლებს) რას იზამ, საყვედური სამართლიანია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! უნდა გითხრათ, რომ აქ ინკოგნიტოდ ჩამოვედი. ჩემი ლეგენდა  ამერიკელი ქართველოლოგი იყო!

ნიკა - ლეგენდა?

აფრასიონი - დიახ, სპეცსამსახურების ზედმეტ დაინტერესებას მოვერიდე.

ნიკა - ო, არა მგონია, მათ თქვენთვის ეცალოთ!

აფრასიონი - მოიცლიან, მერწმუნეთ, მილიარდებს რომ ჩამოვრიცხავ!

ნიკა - (ინგლისურად) ანლეს მაი მემორი ფეილზ მი...

აფრასიონი - როდის გიღალატათ მეხსიერებამ?

ნიკა - (გაკვირვებული) ინგლისურიც გცოდნიათ!

აფრასიონი - რატომ მიწყობთ გამოცდებს? რასაკვირველია ვიცი, მე ხომ ამერიკის მოქალაქე ვარ! მოკლედ, ჩამოვედი, ბინა ვიქირავე და ვითარების შესწავლას შევუდექი... ორ თვეში სამოქმედო სცენარის კონტურებიც გამოიკვეთა... ხოლო დღეს დილით გამქურდეს, მობილი, ფაქსი, საბუთები, კრედიტკარტები, ქეში, ტანსაცმელი... ყველაფერი წაიღეს. ეს ორასი დოლარიც...

ნიკა - ასი... ასი დოლარი!

აფრასიონი - (ჯიუტად) ეს ორასი დოლარიც ფაქსების გასაგზავნად მჭირდება, რათა ფული გადმოვარიცხინო ჩემს ბანკებს... წინ დიდი სამუშაოა... მოქალაქეობის მიღება... ამხელა ფულის ნელ-ნელა გადმოქაჩვა... ეს ხომ ერთბაშად ვერ მოხერხდება... რად მინდა პანიკა ბირჟაზე?

ნიკა - საელჩოსთვის მიგემართათ!

აფრასიონი - (გაბეზრებულად) ხომ გითხარით, ინკოგნტოდ ჩამოვედი-მეთქი! რატომ ჩააცქერდით ჩემს ხელებს?

ნიკა - უკაცრავად, თქვენი ხელისგულები მაჩვენეთ, თუ შეიძლება!

აფრასიონი - უნდა მიმკითხაოთ?

(უწვდის ხელებს)

ნიკა - ისეთი კოჟრები გაქვთ, თითქოს ბანკირი კი არა, მენავე იყოთ!

აფრასიონი - ნიჩბებს გულისხმობთ?

ნიკა - დიახ... ნიჩბებს... ნავს!

აფრასიონი - ჰოო. მენავეობა ჩემი ჰობია!

ნიკა - ამ ასაკშიც?

აფრასიონი - არც თუ ტაქტიანი შეკითხვაა. უკვე მოგახსენეთ, ჩემი ჰობია-მეთქი. ჩემპიონატებზე არ გამოვსულვარ.

ნიკა - თუმცა, ებრძოლეთ თქვენს დინებებს, მე რა მესაქმება!

აფრასიონი - იქ დინება არ არის! (პაუზის შემდეგ) დავანებოთ თავი ნიჩბებს და ნავებს, საქმეს მივხედოთ!

ნიკა - ხომ არ მოგშივდათ?

აფრასიონი - არა, ბატონო, ბრეგის დიეტაზე ვარ... ეს ფული ტრანშებით წამოვა ჩვენს მიერ დაარსებულ ქართულ ბანკში. მანამდე კი, სანამ ავადმყოფობამ ხელი არ დამრია, დიდი ბიზნეს-გეგმა უნდა შევადგინოთ... პრიორიტეტები და დაცვის მექანიზმები განვსაზღვროთ!

ნიკა - (ღიმილით) მე რომ არაფერი მესმის ბიზნესის?

აფრასიონი - ეგ თქვენი პრობლემა არ არის. აქ ჩემი ექსპერტების ჯგუფი ჩამოვა და ქართველებთან ერთად...

ნიკა  ჩემგან მხოლოდ ორასი დოლარი გინდათ?

აფრასიონი - არა, მტკიცე ნების მეგობარი მჭირდება... აბა ამ კორუმპირებულ ქვეყანაში ვის ვანდო ჩემი მილიარდები, თქვენ უფრო არ იცის?!

ნიკა - კორუფცია ძალზე დელიკატური სიტყვაა!

აფრასიონი - კი, ბატონო, სუპერკორუფცია დაარქვით, მამაძაღლობა, ბოლოს და ბოლოს!

ნიკა - სუპერმამაძაღლობა! კეთილი... რა წარმოშობისაა თქვენი მილიარდები?

აფრასიონი - უნივერსიტეტი რომ დავამთავრე...

ნიკა - ალბათ, ჰარვარდი!

აფრასიონი - არა, ეგ ბოსტონელი სნობების ალმამატერია... მოკლედ, კომპიუტერულ ბიზნესს მოვკიდე ხელი!

ნიკა - როგორც ბილ გეითსმა?

აფრასიონი - (ქედმაღლურად) მე რომ საქმე დავიწყე, ბილ გეითსი მაგიდის ქვეშ დადიოდა.

ნიკა - ორასი დოლარი მაინც ბევრია!

აფრასიონი - ყმაწვილო, მგონი შევცდი თქვენში, ვაჭრობას კადრულობთ?

ნიკა - ღმერთმა დამიფაროს!

აფრასიონი - (მკაცრად) ღმერთმა დაიფაროს საქართველო! ჰო, მართლა, აუდიენცია უნდა გამიხერხოთ, სასწრაფოდ! ქვეყნის პრეზიდენტთან!

ნიკა - ო, ეგ ადვილი საქმეა! მას ეს ძალიან გაეხარდება!

აფრასიონი - ეწე ქძ, არ გაეხარდეს! ქვეყნის გადარჩენაზეა ლაპარაკი!

ნიკა - ასი დოლარი და ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს!

აფრასიონი - ორასს წყალი არ გაუვა და, საერთოდ, ფულს ბედნიერება არ მოაქვს!

ნიკა - სამაგიეროდ, უფულობას მოაქვს უბედურება!

აფრასიონი - შეიძლება ევროთიც გადმოვრიცხოთ პირველი ტრანშები!

ნიკა - (უეცრად) ბატონო აფრასიონ, მე ვერ წაგადგებით მაგ საქმეში!

აფრასიონი - რატომ?

ნიკა - (ჩუმად) მეც ავადა ვარ!

აფრასიონი - რაო, თქვენმა მეგობარმა ფიდომ შეგაშინათ?

ნიკა - (გაოგნებული) ახლა უკვე თქვენ მაშინებთ!

აფრასიონი - სულის სიმტკიცე გჭირდებათ. ძლიერი კაცი მგონიხართ. წინ დიდი საქმეები გველის. სუფთა, ნიჭიერი და გავლენიანი ხალხის ბირთვი უნდა შევქმნათ!

ნიკა - (ჯიბიდან იღებს ფულს) აქ ასოცი დოლარია... და ესეც რისთვის, იცით?

აფრასიონი - ბაბუათქვენს რომ ვგავარ?

ნიკა - და წყალგაუმტარი დრამატურგიისათვის... განსაკუთრებით ქართულ მიწაში ხელის ფათურისთვის... რად გინდათ ნავი და ნიჩბები? ბელეტრისტიკას შეებით.

აფრასიონი - (დგება) არაბივით ვაჭრობთ!

ნიკა - (ამოიოხრებს) ხათუნ, რამდენი გვაქვს სალაროში?

ხათუნა - სამოცდასამი ლარი!

ნიკა - მომიტანე! ესეც ინგლისურის ცოდნისათვის!

აფრასიონი - მე ვაფასებ თქვენს დიდსულოვნებას, მაგრამ...

ნიკა - (მოშლილი) ახლა ვინ არის არაბი?

აფრასიონი - (მშვიდად) თქვენ!

ნიკა - გუგი?

გუგა - ოთხმოცი ლარი მაქვს!

გვანცა - ათამდე მეც მომეპოვება!

ხათუნა - ლარ-ნახევარი ხურდებით!

ნიკა - შეაქუჩეთ! (შლაპიან ბიჭს) რა ნასტირნია ბაბუ?!

აფრასიონი - (ფულს ჯიბეში იდებს. ხათუნა საწვიმარს აცმევს) სხვათა შორის, ნიკა, მამათქვენი რომ ყვებოდა, გახსოვთ? არგენტინაში სელექციის გზით ერთი ცხენი დააპატარავეს. ლილიპუტი ცხენი შექმნეს. ყველაფერი შეუმცირეს, გარდა ერთისა. გული ვერ დაუპატარავეს. საქართველოს ადარებდა იმ ცხენს მამათქვენი!

(გასასვლელისაკენ მიდის და ოდნავ უქნევს თავს შლაპიან ბიჭს. უცებ შეჩერდება) ფრეშის რამდენი მმართებს?

ხათუნა - ლარი.

აფრასიონი - (ხურდებით აძლევს გოგონას) ეტო ვამ ნა ჩაი! (გადის)

ნიკა - (სიცილით) როგორც ლოხს, ისე ამახია!

გუგა - ჩვენს ბებია-ბაბუებს გაუმარჯოს!

ნიკა - ვუსმენდი და ვტკბებოდი მისი ნიჭიერებით.

ხათუნა - სხვათა შორის, თვითონ იყო მომხიბლავი ანაქრონიზმი!

(ყველა გაკვირვებით შეჰყურებს)

(მობილური ტელეფონის ზარი)

ნიკა - (მობილში) გისმენთ... მარინ?.. ტყუილად ღელავ, ყველაფერი რიგზეა! რა და კარგი სურათია... ახლა მოიტანეს რენტგენის პასუხი... რა გატირებს?.. კარგი რა, ნუ მიტირებ ცოცხალს!.. ფიდოს არ დაურეკო, ოპერაციაზეა!

(გათიშავს მობილს და ბარს ეყრდნობა იდაყვებით)

გუგა - რა ხდება, ნიკა?

ნიკა - (სახეს მოისრესს) არც არაფერი, ძამიკო! რატომღაც მგონია, რომ დაუფიქრებლად უფრო სწორ ნაბიჯებს ვდგამდი, ვიდრე ანალიზების შემდეგ!

გუგა - მარინე ნაღდი პენელოპაა! დაემორჩილე წყურვილის გრძნობას!

(საკუთარი ხელით გადაახუხინებს ტეკილას)

ნიკა - ის პენელოპა თვითონ გამცილდა!

შლაპიანი - რატომ მოატყუე, ყველაფერი რიგზე მაქვსო?

ნიკა - არ მინდოდა გული ტკენოდა... რაც არ უნდა თქვა, თხუთმეტი წელი ვიყავით ერთად! ახლა უფრო პრაქტიკულ რამეებზე ვფიქრობ. ბავშვზე გავაფორმო, რაც გამაჩნია, საავტორო უფლება და ასე შემდეგ და... საერთოდ, ჩემს გამო ხარჯი რომ არ ჰქონდეს ლენიკოს.

შლაპიანი - სად მიერეკები, ჯერ ხომ არ იცი საბოლოო პასუხი?! ლამისაა საფლავის ქვა შეისყიდო წინასწარ!

ნიკა - ჰო, თუმცა...

შლაპიანი - რას აპირებ?

ნიკა - თუ ცუდია რამე, არ ვიმკურნალებ... ტკივილს გავიყუჩებ მხოლოდ. თავსაც ვერ დავიბრიდავ, დიდი ცოდვაა!

შლაპიანი - (ირონიით) არ ვიცოდი, ასე ღრმა მორწმუნე თუ იყავი!

ნიკა - (ღიმილით) ღრმა თუ არა, რიგითი მორწმუნე ხომ ვარ?!

გვანცა - ნიკა!

ნიკა - (გამოერკვევა) გისმენთ, გვანცა!

გვანცა - (გაუბედავად) მერვე კლასში ჩემი პირველი თავისუფალი თემა თქვენს მოთხრობაზე დავწერე და თითქმის ნახევარი კლასიც ასე მოიქცა!

ნიკა - (ინტერესით) რომელი მოთხრობა?

გვანცა - Оუხილავი მფარველებიМ!

ხათუნა - (ბლოკნოტით ხელში) ბატონო გუგა, ჩანაწერს ხომ არ გააკეთებთ ამ ბლოკნოტში?

გუგა - საჩივრის წიგნია?

ხათუნა - საალბომო ლექსებისა და ფრაზების კრებულია.

გუგა - საალბომო? აბა, წამიკითხეთ რამე!

ხათუნა - (თმას ისწორებს და ბლოკნოტს გადაშლის)

მე ბავშვობაში მყავდა ძაღლი, სახელად რექსა...

ნადირობაში შემოაკვდა მეზობელ ზემდეგს.

მე გეტყვი ლექსად, დამიბინდა გონება სექსმა...

და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, და ასე შემდეგ...

გუგა - რა გულწრფელი ჩანახატია, ძაღლი, ბავშვობა, ზემდეგი, სექსი...

ხათუნა - თქვენც ჩამიწერეთ რამე!

გუგა - მე ვიფიქრებ ამაზე... ლიმონი მომიჭერი!

(წუწნის ლიმონს და იჭყანება) მაშ ასე... ჯერ ზეპირად და გამოთქმით!

რკინისმკვნეტელა, ტკბილი გეტერა,

ტეკილა მასვა და მომეფერა!

გეტერას მტერი გადაემტერა,

ენდ ითსეთერა, ითსეთერა, ენდ ითსეთერა... ბომ!

ხათუნა - (ტაშს უკრავს) რა უბადლოა, უზადო და სპონტანური... ეეე, და ეთსეთერა რას ნიშნავს?

გუგა - (ალბომში აკეთებს ჩანაწერს) და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ... ინგლისურად!

ხათუნა - აჰ, როგორც პირველ ლექსში, არა?

გუგა - პირველიც ეგ არის და უკანასკნელიც! შეუნახე შთამომავლობას!

ხათუნა - (მკერდზე მიიკრავს ბლოკნოტს) შევუნახავ, უპირობოდ შევუნახავ!

გუგა - (მუსიკას მიაყურადებს) ეს სტივ ვანდერია?

ხათუნა - დიახ!

გუგა - (ჩაფიქრდება) ნეტა რა დაემართება, ერთ მშვენიერ დილას თვალები რომ აეხილოს და ენა მუცელში ჩაუვარდეს?!

ხათუნა - სტივ ვანდერს?

გუგა - დიახ, ბრმა გენიოსს!

ხათუნა - თვალები აეხილოს და ენა მუცელში ჩაუვარდეს? (ჩაფიქრდება) ალბათ თავს მოიკლავს!

გუგა - ჯიგრული ნათქვამია!

ნიკა - (ბართან მიდის, ზედ შემოსკუპებულ შლაპიან ბიჭთან) შენ ეს მითხარი, ვიცი, რომ ჩემს მეტი ვერავინ გხედავს!

შლაპიანი - სრული ჭეშმარიტებაა!

ნიკა - მე კი მომეჩვენა, რომ მოხუციც გხედავდა.

შლაპიანი - აბა მოხუცი?

ნიკა - აფრასიონ ბუაჩიძე. მომეჩვენა, თითქოს გხედავდა და ერთხელ გაგიღიმა კიდეც!

შლაპიანი - (მხრებს იჩეჩავს) მართლაც რომ მოგეჩვენა! აბა, სხვა რა ახსნა აქვს ამას?

ნიკა - (თვალებზე მოისვამს ხელს) აი, ახლა ისევ შეიცვალე! ხან ბიჭი ხარ, ხან ქალი... ხან კი ბევრი ერთად!

შლაპიანი - (ღიმილით) რას მერჩი, ნიკანდრო, ჩვენ ხომ შენს წარმოსახვაში ვართ მხოლოდ!

ნიკა - (თავს გააქნევს) მართალი ხარ... სხვა ახსნა არ არსებობს!

შლაპიანი - შენ ჯობია გვანცას მიხედო... ცოდოა გოგო. თან მგონი, ავარდი კიდეც. მოგეწონა?

ნიკა - ჰო, სამწუხაროდ!

გუგა - (ჩაფიქრებით) ტეკილასაც აღარა აქვს ჭრა!

ნიკა - (გვანცას მაგიდასთან ჩამოჯდება) აღარ გვინდა დღეს შეკითხვები, გთხოვთ... ხვალისთვის გადავდოთ!

გვანცა - როგორც გენებოთ!

(ჩანთაში აწყობს დიქტოფონს და ქაღალდებს)

ნიკა - (უხმოდ შეჰყურებს ამ პროცესს, შემდეგ ხელს დაადებს ხელზე) არ წახვიდეთ!

გვანცა - უკაცრავად, მაგრამ...

ნიკა - დარჩით, გთხოვთ... გეხვეწებით!

გუგა - მე კი გემუდარებით! ბომ!

შლაპიანი - გუგი, მურმანო!

გვანცა - დავრჩები!

ნიკა - გმადლობთ. ცოტა ხანს ჩუმად ვისხდეთ!

(გვანცა ორივე ხელს აღმართავს და თითებს ერთდროულად მიიდებს თვალებზე, ყურებზე და ტუჩებზე)

ხათუნა - (გუგას) მოდით, სახვევს გამოგიცვლით!

გუგა - რაო, აქ აფთიაქიცა გაქვთ?

ხათუნა - მხოლოდ ბინტი!

გუგა - ნაკერთან ფრთხილად ოღონდ!

ხათუნა - მე მედდების კურსებზე ვსწავლობდი!

გუგა - რა უნივერსალური ხარ, ხათქუნ!

ხათუნა - თქვენ კი რენესანსული ტიპი ხართ!

(გადის ბინტის მოსატანად)

გუგა - დააა, ნახვატალას, დევოჩკა!

(სიგარეტს უკიდებს. ხათუნა ბრუნდება)

ხათუნა - ნუ იძაბებით, არ გატკენთ. რა მშიშრები ხართ კაცები და არ თქვათ რა, რა რომანტიული ინტიმიაო!

გუგა - რა რომანტიული ინტიმია?!

ხათუნა - (კეკლუცად) თქვენ სახიფათო კაცი ხართ!

გუგა - ეჰ, ტროლეიბუსში უკვე ადგილს მითმობენ!

შლაპიანი - (მხიარულობს) ჰო, შენც სულ მუნიციპალური ტრანსპორტით დასეირნობ!

ხათუნა - (სახვევს ამაგრებს) ხომ არ გიჭერთ?

გუგა - არა, მაგრამ სურვილი გამიჩნდა, ხშირხშირად გავიტეხო თავი!

შლაპიანი - (სევდიანად) სულ გამომიჩერჩეტდნენ ძმაკაცები!

ხათუნა - აუტანელი ხართ! (გადაიკისკისებს, შემდეგ სახვევს მაკრატლით მოჭრის) ვოლა! მაჩუქებთ თქვენი ლექსების წიგნს?

გუგა - აუცილებლად!

ხათუნა - და რას წამიწერთ ყდაზე?

გუგა - ავტორი გაფრთხილებთ, რომ ლექსების კითხვა სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისათვის!

ხათუნა - რა არაორდინალურია!

გუგა - (დაიკვნესებს) შენ მე ბოლოს მომიღებ, ხათქუნ!

ხათუნა - ვაიმე!

გუგა - (დაფეთებული) რა მოხდა?

ხათუნა - ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. ახლავე გაგიმზადებთ ბუტერბროტს!

(გარბის)

გუგა - ბომ?!

ნიკა - დღეს იყო სასამართლო?

გვანცა - დიახ. დღეს დილით.

ნიკა - უცნაური გრძნობაა, არა?

გვანცა - პირიქით, ძალიან მკაფიო და ცხადი. უცნაური თუ საცნაური ის შეკითხვებია, საკუთარ თავს რომ უსვამ. რა იყო ეს ერთად გატარებული წლები?.. როდის იყავი ნაღდი, მაშინ თუ ახლა?.. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი კლონი იყო გათხოვილი! ლიტერატურამ დამღუპა!

ნიკა - (ეცინება) ეგ როგორ?

გვანცა - (ღიმილით) ძალიან მიყვარდა სათავგადასავლო რომანები! ძლიერი, კეთილშობილი. ღირსებით აღსავსე კაცები... ჩემს უნკასს ვეძებდი!

ნიკა - ვერავინ გადმოხტა კლდიდან?

გვანცა - მიტომაც იყო უნკასი, უკანასკნელი მოჰიკანი... ეს ვეღარ გავთვალე! თუმცა, გათვლებში ისედაც მოვისუსტებ!

ნიკა - თქვენი მეუღლე ალბათ გრძნობდა ამას...

გვანცა - დიახ, მითხრა კიდეც, პიგმალიონები ცუდად ამთავრებენო!

ნიკა - სწორი უთქვამს.

გვანცა - ჰო, არ იყო უჭკუო ბიჭი... საერთოდაც კარგი ბიჭი იყო, აბა ამდენი წელი რა გამაძლებინებდა?.. და კიდევ... ხომ არ დაგღალეთ ჩემი გულწრფელობით?

ნიკა - მე თვითონ არ გკითხეთ? რამე ქონებრივი კონფლიქტი ხომ არ ყოფილა?

გვანცა - ო, არა. ისე არ იფიქროთ, თითქოს ჩემმა ეჭვიანობამ დაანგრია ოჯახი!

ნიკა - მე სხვა რამეს ვფიქრობ, თქვენ თვითონ ხომ არ უბიძგეთ სხვა ქალისკენ, უნკასობა რომ შეაწერეთ?

გვანცა - (ჩაფიქრდება) ეს აზრი მანამდე არ მომსვლია თავში... მაგრამ, არა... არანაირი ძალდატანება ჩემი მხრიდან არ ყოფილა...

ნიკა - ამას თქვენ ამბობთ!

გვანცა - მერწმუნეთ, ძალიან მარტივი ვარ ურთიერთობაში და სრულებით არ ვეძებ სირთულეებს. მისი ღალატი დამანგრევდა, ჯერ კიდევ რომ მყვარებოდა. ისე, რა მყიფე ყოფილა ყველაფერი!

ნიკა - ჰო, იოლად მსხვრევადია! რკინა-ბეტონს ძნელად თუ წააწყდება კაცი!

გვანცა - თქვენ, მგონი მე მამტყუნებთ!

ნიკა - ვინ მომცა ამის უფლება... თან, მე ხომ არაფერი ვიცი თქვენს შესახებ! სულ არ გენატრებათ?

გვანცა - როგორ შეიძლება მოგენატროს სიზმარი, რომელიც დილით აღარ გახსოვს?! თქვენი ერთი ნაწარმოების გმირი ამბობდა, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ვიყო, მინდა ბოთლში წერილი ჩავაგდო, ვარ ამა და ამ გრძედზე და განედზე, მიპოვეთო!

ნიკა - რატომ გაგახსენდათ?

გვანცა - მე არ ჩავაგდებდი ბარათს ბოთლში, პირიქით დავიმალებოდი იმ კუნძულზე!

ნიკა - ცოტა ხომ არ აზვიადებთ?

გვანცა - (ღიზიანდება) ძალიან გთხოვთ, ნუ ნაბავთ მამაშვილურად თვალებს!

ნიკა - (ცივად) მეტი აღარ დალიოთ!

შლაპიანი - ჰა, მუტრუკო, რას უტოკავ, რა თქვა ასეთი?

გვანცა - უკაცრავად! (პაუზის შემდეგ) უფროს-უმცროსობაში ჩავიჭერი, ვატყობ!

(ნიკა ჯერ განცვიფრებული შეჰყურებს, მერე სიცილი უტყდება, გვანცასაც ეღიმება)

ნიკა - და თქვენ ამბობთ, მარტივი ვარო!

გვანცა - (მოულოდნელად) თქვენ როგორ ხართ?

ნიკა - (გაკვირვებული) გმადლობთ, ისე რა...

გვანცა - მე არ გეკითხებით, როგორ ბრძანდებით მეთქი, მე გკითხეთ როგორ...

ნიკა - (აწყვეტინებს) ახლა მივხვდი. ცუდად! და საერთოდ დღეს ეს შეკითხვა...

გვანცა - რაო, ბარტავოი შეკითხვაა?

ნიკა - (სიცილი უტყდება) ზუსტად! (პაუზის შემდეგ) იცით, ერთმა ჭკვიანმა პირატმა რა მოიფიქრა: კლდოვან, რიფებით სავსე ყურეში, ყალბი შუქურა დადგა. შტორმისა და ნისლის დროს გემები დანდობილად მიდიოდნენ ამ შუქზე და იღუპებოდნენ. ასე, ყოველგვარი აბორდაჟების გარეშე, აღწევდა მიზანს!

გვანცა - თქვენ მეკობრე ხართ, თუ მსხვერპლი?

ნიკა - არ მიყვარს სიტყვა მსხვერპლი, მაგრამ ჩემი გემი დალეწილია და გაქურდული! ჩემი ლამაზი კარაველა!

გვანცა - თქვენ ხომ გადარჩით?

ნიკა - გადავრჩი, ნაპირზე გამომრიყა ტალღამ. იცით, რომელი კუნძულის ნაპირზე... (ხმას დაუწევს) იმ კუნძულის, სადაც თქვენ იმალებით!

გვანცა - კეთილი იყოს თქვენი გამორიყვა, მაგრამ რა ვუყოთ ბოროტს და ჭკვიან პირატს!

ნიკა - დავბრიდოთ!

გვანცა - გაგრძელება თუ აქვს ამ ისტორიას?

ნიკა - (ცოტა ხანს უყურებს გოგონას, შემდეგ სიგარეტს მოუკიდებს) სამწუხაროდ, არა!

გვანცა - (ნაძალადევი სიცილით) Кრნჯეპი ყკრნჩთოყჭ!

შლაპიანი - (უკმაყოფილოდ) რა კატა-თაგვობანას ეთამაშები?

ნიკა - ხომ არ გაგიჟდი, წამით დამავიწყდა ასაკი და ის ოხრობა, რაც მჭირს!

შლაპიანი - იმ ანეკდოტს მახსენებ, გასისხლული წიქარა ბიჭს რომ ეხვეწება, ეგ მაკრატელი და სავარცხელი უკან გადააგდე, წინ ნუ ისვრიო!

ხათუნა- (შემოდის თეფშით ხელში) თქვენი ტოსტიკი ინებეთ! ხომ გემრიელია?

გუგა - (ილუკმება) ძალიან, ბომ!

ხათუნა - წიგნი მაჩუქეთ და კიდევ გაგიკეთებთ!

გუგა - უნდა დავძებნო, მე აღარ მაქვს!

ხათუნა - სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს... ახლა გამახსენდა! ოღონდ ყველაზე მაღალ თაროზეა, უნდა აძვრეთ!

გუგა - (უხალისოდ) კიბე?

ხათუნა - კიბეც მოგვეპოვება... წამობრძანდით!

გუგა - (დგება) საით მიმაბუნძულებს ეს ქალბატონი? (ხათუნას გაყვება)

ნიკა - (უხერხულ სიჩუმეს არღვევს) ხომ არ მოგშივდათ?

გვანცა - (დგება) არა, გმადლობთ, ახლა კი ნამდვილად დამაგვიანდა! (ნიკა უეცრად წინ გადაიხრება და კვნესის) რა გემართებათ?

ნიკა - (წვალებით) სპაზმია, ახლავე გამივლის!

გვანცა - (შეშფოთებული) რამე წამალი არა გაქვთ?

(ნიკა თავს უქნევს, ჯიბიდან ტაბლეტებს იღებს და პეშვით ჩაიყრის პირში, შემდეგ ტეკილას გადახუხავს) წამალს ტეკილას აყოლებთ? ეს სად წერია?

ნიკა - (სულს ითქვამს) ჩემს კარაბადინში!

გვანცა - ნიკა, გთხოვთ, ნუ აკეთებთ ამას!

ნიკა - მეცა მაქვს სათხოვარი. არ წახვიდეთ, არ დამტოვოთ მარტო ამ კუნძულზე!

გვანცა - (პაუზის შემდეგ) აკი სიუჟეტის ძაფი გაწყდაო?!

ნიკა - რას გაუგებთ ამ დრამატურგიას! ვინ იცის, იქნებ... რა დაგემართათ?

გვანცა - (თვალს ისრესს) რაღაც ჩამივარდა თვალში!

ნიკა - (სკამზე დასვამს) ახლავე გიექიმებთ!

გვანცა - (ღიმილით) ტეკილას ჩამაწვეთებთ?

ნიკა - არა, სულს შეგიბერავთ! (წელზე მოხვევს ხელს და თვალს გაახელინებს. ნაზად უბერავს სულს) ახლავე გაგინიავებთ მაგ მშვენიერ თვალებს! ეს ალბუციდზე ეფექტურია!

გვანცა - დიახ... ეფე... ქტუ... რია!

ნიკა - რატომ ლაპარაკობთ წყვეტილად, ჩემმა სიახლოვემ ხომ არ აგაღელვათ?

გვანცა - (წვალებით) არა... ნეკნები...

ნიკა - (გაოცებით) ნეკნები?

გვანცა - ჰო... ძალიან მომიჭირეთ ხელი... და... ვეღარ ვსუნთქავ!

ნიკა - ეს პროცედურის ნაწილია!

გვანცა - ამდენი სულის... ბერვისაგან... ძილი მოგერევათ!

ნიკა - ახლა მე ვერაფერი მომერევა! (კოცნიან ერთმანეთს. უეცრად საშინელი გრუხუნის ხმა ისმის).

ხათუნას ხმა - (კივის) ვაიმე! (ნიკა და გვანცა ერთმანეთს შეხედავენ და ხმაზე გარბიან)

ხმები - ჯერ წიგნები მოაცილეთ... სად არის?.. აგერ ფეხსაცმელი მოჩანს... ფეხით გამოვათრიეთ... გადაყარეთ ეს წიგნები... აი, რაღაცას ზმუის!

შლაპიანი - გუგას პოვნას შლიმანი სჭირდება!

(შემოყავთ გაკავებული, დარეტიანებული გუგა, სახვევი ცალ თვალზე აქვს ჩამოფხატული)

ნიკა - (შვებით) პოეტის ჭეშმარიტი ფინალია!

გვანცა - ვიფიქრე, რაღაც აფეთქდა-მეთქი!

ხათუნა - აი, სწორედ ეგ ფრაზა ჩამიწერეთ თქვენს წიგნში!

გუგა - (ხელში ჩაბღუჯულ წიგნს დახედავს) ეს ჩემი წიგნი არ არის, ტომას ელიოტია!

ხათუნა - (მხიარულად) მე კი ვიპოვე თქვენი კრებული, როცა ტყვეობიდან გიხსენით!

გუგა - (რაღაცას ჩაჯღაბნის წიგნში და სკამზე დაეშვება) არა, დღეს ჩემი დღე არ არის, თუმცა არც გუშინ იყო! (უეცრად ახსენდება) ვინა თქვა ჩემზე, ზმუისო! მე არ ვზმუოდი, ელემენტარული ასფიქსია მქონდა.

გვანცა - (ნიკას. ნაზად) მეც მქონდა პატარა ასფიქსია!

ხათუნა - (კითხულობს გუგას ჩანაწერს) მეგობარო, ეს არ არის წიგნი, ხელი ახლე და კაცს შეეხები!

გუგა - ბოდიში ბიბლიოთეკის დაქცევისათვის! ბომ!

ნიკა - გულთან ახლოს ნუ მიიტან! დავალაგებთ! (ტელეფონის ზარი) გისმენთ... ხათუნას? (თვალით ანიშნებს, ყურმილი აიღეო)

ხათუნა - (ბართან მოდის) ალო... ჩვენ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო... შენი იდიოტური შაყირებით კამა-სუტრაზე და... კიდევ ბევრი მახსენდება... დაახვიე აქედან! ჰო, ჰო, დაახვიე-მეთქი! რა იფიქრე, რომ ასეთი მიამიტი და შტერი ვარ? შენ კი გამოსული ბიჭი, ჩემზე კაეფობ?.. მოვრჩეთ, აღარაფერი... (დიდხანს უსმენს) შენ ისევ ხუმრობ! ... ვიზებიც? ... რა საბუთები უნდა შევაგროვო? (უსმენს) გეხვეწები, მართალი მითხარი, მორიგი ხუმრობაა თუ...? ... როგორ, უარაფროდ? მარტო კბილის ჩოთქით ხომ არ წამოვალ? ... არა, არა, ამხელა ხარჯი რა საჭიროა... მე ყველაფერი მაქვს სამოგზაუროდ, ჩემთვის მთავარი თვითონ პარიზია... ვაიმე, მგონი არ ტყუი! ვინ არის დემულენი? ... როგორ თუ დაანგრიოს, ეგ ხომ კულტურული ძეგლია? კარგი, მოვემზადები, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვ, ნუ მომატყუებ, ისედაც შეგირიგდები! (დიდხანს უსმენს. ბედნიერი ღიმილი აღბეჭდია სახეზე) არა, ეს უკვე შენი ფანტაზიებია... ვინც არ უნდა იყოს, ის შენი მეგობარი, იცი, რა რთულია სააგენტოში გასინჯვა? (იცინის) შენ მოწეული ხომ არა ხარ? ისეთი ხმა გაქვს... კარგი, გეყოფა, ისედაც ამერია ტვინი... (უეცარი დაეჭვებით) მანდ ვინ ხითხითებს? ... მომეჩვენა? (შვებით) ჰო, ვიღაც ჩაერთო, ეტყობა... მომისმინე, რა საბუთებია საჭირო?.. (წყენით) გაითიშა... ალო, ალო... გაითიშა! (კიდებს ყურმილს და მაგიდასთან ჩამომჯდარ სამეულს მიეჭრება) ბატონო ნიკა, დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან!

ნიკა - ბრძანე, ხათუნ!

ხათუნა - (ღელავს) მეგობარმა დამირეკა... რაღაც გენიალურ ამბავს მთავაზობს... მე გაბუტული ვიყავი და ახლა, რომ შევურიგდე... მოკლედ, პარიზში მეპატიჟება... ერთი კვირით. (ბედნიერი სიცილით) მსუბუქად წამოდიო, ყველაფერს იქვე ვიყიდითო... უი, ეს რა შუაშია... ავირიე... ისე მოულოდნელად... ძალიან კარგი კულტურული პროგრამაა! ... თვითონ ნამყოფია და იცის! ... ყველაზე მეტად მინდა ბასტილია განახოო, თან დროზე უნდა ჩავასწროთ, თორემ ვიღაც დემულენი ბასტილიის დანგრევას აპირებსო... გამიკვირდა სხვათა შორის, პარიზი თბილისი ხომ არ არის, იქაც ანგრევენ კულტურულ ძეგლებს? და კიდევ... თუმცა Оჩრევო პარიჟაცМ ხომ აიღეს...

ნიკა - (ყვირის) შეწყვიტე! (შემდეგ უფრო მშვიდად) შეწყვიტე ეს ისტერიკა!

ხათუნა - (დაბნეული მისი რეაქციით) რატომ მიბრაზდებით, მე მხოლოდ გიყვებოდით... მინდოდა ვიზებზე დამხმარებოდით... (გაკვირვებული შეჰყურებს უხმოდ მჯდარ სამეულს) და კიდევ... რომ გაგეშვით... უხელფასოში... რა მოხდა, რატომ მიყურებთ სამივე ასე?

გვანცა - (პაუზის შემდეგ დგება და მხრებზე ხვევს ხელს გოგონას) მოდი, ჩამოჯექ, ხათუნ!

ხათუნა - ის ახლა დარეკავს... ტელეფონი გაითიშა!

გვანცა - მომისმინე... ბასტილიის ციხე ორი საუკუნის წინ დაანგრიეს!

ხათუნა-  მერე რა... როგორ თუ დაანგრიეს?

გვანცა - იმ დემულენმა დაანგრია ხალხთან ერთად... ორი საუკუნის წინ!

ხათუნა - (უმწეოდ) ესე იგი?

გვანცა - ესე იგი, შენი ვაჟბატონი უნიჭოდ ხუმრობს... (იფეთქებს) კი არ ხუმრობს, დაგცინის ეგ შობელძაღლი!

ხათუნა - (ხელებს მიიდებს ყურებზე) ნუ ყვირი, გვანცა, გთხოვ, ნუ ყვირი! მე ყველაფერს მივხვდი! (სომნამბულასავით მიდის დახლთან და მექანიკურად ამშრალებს ჭიქებს. უსიცოცხლო ხმით) რატომ დამცინა? რატომ უნდა მოგინდეს ადამიანის დაცინვა... რა საჭიროა ეს? (ტელეფონის ზარი. ხათუნა თავს ჩაქინდრავს, ნიკა ყურმილს იღებს)

ნიკა - გისმენთ! ხათუნას არ სცალია... ჰო, სხვათა შორის, კამა-სუტრა ჩვენს ბიბლიოთეკაში არ არის! იმიტომ, რომ შენი დედიკოს საძინებელში დამრჩა!.. ახლა კი, მე მომისმინე, შე ქარაქუცა! ერთხელაც რომ დაურეკო ხათუნას, ძალიან ცუდად მოვიცლი შენთვის... ჰო, ხუმარა ბიჭო, ნამდვილად არ დავიზარებ! (კიდებს ყურმილს)

გუგა - სეფე ჭიქა ხათუნას!

გვანცა - ერთადერთი სამკურნალო რეცეპტია, ბატონებო?

ნიკა - ხათუნ, გილოცავ დაბადების დღეს! კიდევ ერთხელ!

გვანცა - დაანებე თავი მაგ ჭიქებს და ჩამოჯექი! (ტელეფონის ზარი. ნიკა ყურმილს იღებს).

ნიკა - ბატონო... ხათუნას? ახლავე... (ყურმილს აფარებს ხელს) ხათუნ, მე მგონი ის ბიჭია, მეორეს რომ ეძახი!

ხათუნა - (ყურმილს იღებს) გმადლობთ, ბატონო ნიკა! გამარჯობა... სად ხარ? ჰო, ვხედავ... დამიცადე წუთით... (ყურმილს ხელს აფარებს) შეიძლება ცოტა ხნით გავიდე... აქვე ქუჩის მეორე მხარეს?

ნიკა - წადი, ხათუნ! (ხათუნა წინსაფარს იხსნის, ჩანთიდან სარკეს ამოიღებს, შეათვალიერებს თავს და გვანცას შეხედავს. გვანცა ცერა თითს აუწევს. გოგონა გადის)

გვანცა - როგორ ჩამწარდა დაბადების დღე!

ნიკა - (ღიმილით) თქვენ ხათუნას არ იცნობთ, ხუთ წუთში მისი კისკისი აიკლებს აქაურობას!

გუგა - (რაღაცას აკვირდება გარეთ) რამხელა კამბეჩია?

ნიკა - რომელი?

გუგა - ხათუნას რომ ელაპარაკება... არც მეორე მყავს ტანწერწეტა და ბეჭბრტყელი, ისიც გვარიანი ჯორია, მაგრამ ხათქუნას მეგობარი რაღაც უსაშველოა!

გვანცა - (ღიმილით) ხათუნა მაგას ბაობაბს ეძახის!

ნიკა - რას ერჩით ბაობაბს? (მობილს კრეფს, ცოტახანს უსმენს და ისევ კეცავს)

გვანცა - (შეკივლებს) ვაიმე... ვაიმე!

ნიკა და გუგა - (ერთხმად) რა მოხდა?

გვანცა - (სკამიდან წამოხტება. თვალცრემლიანი) სილა გაარტყა ხათუნას იმ პირუტყვმა (გარბის გასასვლელისკენ. ნიკა უკან გამოედევნება)

გუგა - (სწრაფად ხსნის დანას) ატ, თქვე წუნკლებო! (დაედევნება მათ)

შლაპიანი ბიჭი  რა ვქნა, გიორგი სააკაძის, ხეზე ამძვრალი ბიჭივით უნდა გადმოვცე ბრძოლის ძირითადი მომენტები! აი, ნიკამ ორჯერ მაგრად დააშხუილა კამბეჩს, მაგრამ ძვრა ვერ უყო... რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე! მეორე მუტანტს ჩხუბი არ ცოდნია, ამიტომ ნიკას და გუგის მიერ ჩატეხილმა ცხვირმა ისე დაასევდიანა, რომ მცირე კროსი გამართა ხალხმრავალ ქუჩაზე... მაგრამ რა ვუყოთ ხათუნას კამბეჩს? ჯანი და ახალგაზრდობა მის მხარეზეა... მაგრამ ჩემი ბებერი ძმაკაცების გამოცდილებაც ანგარიშგასაწევი ფაქტორია... და აი, გუგამ მატადორის უზადო გრაციით, მცირე ჩხვლეტა მიაყენა დანით ხათუს მუტირებულ კავალერს უკანა, რბილ ნაწილში... რასაც დაზარალებულის ღმუილი და ბრძოლის ველის დატოვება მოყვა, თანაც ისეთი სისწრაფით, რომ საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებდა, რომ მას სადღაც ძალიან ეჩქარება... ყველაფერ ამას თან ერთვოდა ჩვენი გოგონების კივილი და ქრისტიანული შეგონებები! ახლა ოთხივე აქეთ მორბის. შევეგებოთ მათ...

(ოთახში გვანცას სახეზე ხელაფარებული ხათუნა შემოყავს, მათ ნიკა მოყვებათ, რომელიც ფრთხილად ისინჯავს დაზარალებულ ყბას).

გუგი - (შემოდის ოთახში, დანას ცერად აღმართავს ჰაერში და დასჭყივლებს) გახლავართ ზვიადაური...

ნიკა - (სწრაფად მოტრიალდება და დანას ართმევს ხელიდან) ხომ არ დაჭერი?

გუგა - არა, რომელი ყასაბი მე მნახე? ტაკოში ვუჩხვლიტე ოდნავ!

ხათუნა - (მშვიდად) მკვლელო, მკვლელო, მკვლელო!

გუგა - (დაბნეული) ხათუნ, ოდნავ ვუჩხვლიტე... ტაკოში! და საერთოდ, უფიქსატორო დანაა...

ხათუნა - (დინჯად იმეორებს) მკვლელო, მკვლელო, მკვლელო!

გვანცა - ხათუნ, დამშვიდდი, არაფერი მოსვლია იმ მუტრუკს!

ხათუნა - (შესაშინებელი სიმშვიდით) მე აქ ინტელექტუალურად და სულიერად ამაღლებას ვაპირებდი, ამიტომ გამომიშვა დეიდამ... და მკვლელების, ლოთებისა და გიჟების ხელში მოვხვდი... ეს რაღაც მთვრალი ხომალდია!

ნიკა - ხათუნ...

ხათუნა - (კვლავ მონოტონურად) მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთ... მე ორი თაყვანისმცემელი მყავდა... ორივე მირეკავდა ხოლმე, მწერლებმა და პოეტებმა გამიქციეს ისინი... (უეცრად წყვეტს რეჩიტატივს და კივილზე გადადის) აღარავინ დამირეკავს, აღარც პირველი, აღარც მეორე! რას მერჩოდით, რას მერჩოდით?!

გვანცა - ხათუნ, ბიჭებმა შენ დაგიცვეს...

ხათუნა-  (კივის) რატომ დამიცვეს? რატომ დამიცვეს ასეთი გააფთრებით?! აღარავინ დამირეკავს! (ბარისკენ შემოტრიალდება, ზედ გადაემხობა და ტირის)

გუგა - (მობოდიშებით) ხათუნ, აი ასე მეჭირა დანა... მხოლოდ წვეტი სჩანდა... ტაკოში ოდნავ... (ათვალიერებს ხათუნას გამობზეკილ ტაკოს) ვუჩხვლიტე, მაგრამ მგონი მისამართი შემეშალა...

(ნიკა ხელს კიდებს მას და ხათუნას მომხიბვლელი ადგილების თვალიერებას აწყვეტინებს)

ნიკა - მართლა უჩხვლიტე?

გუგა - სულ ოდნავ... რატომ იღმუვლა, არ ვიცი!

ხათუნა - აღარავის ვეყვარები... არავის ვუყვარვარ!

ნიკა - რა ვქნათ, ისტერიკა აქვს!

გუგა - ამ დროს სილის გაწნაა კარგი, მაგრამ მე არ შემიძლია!

გვანცა - გაგიჟდით, კიდევ სილა რომ მოხვდეს, საერთოდ გადადგება ჭკუიდან!

ხათუნა - აჰ, სილაც უნდა მლეწოთ?! (პირს აღებს და ღნავის) არავის ვუყვარვარ, მიშველეთ!

ნიკა - აბა, ახლა გაჩუმდი! (ხათუნა დამფრთხალად უყურებს მას) შენ ღმერთს უყვარხარ, გესმის, შენ ადამიანი ხარ და ღმერთს უყვარხარ! (დაბნეული ხათუნა სკამზე ეშვება და ხელებს მუხლებზე დაიწყობს)

გუგა - შენ ადამიანი ხარ და ღმერთს უყვარხარ! ბომ! დანა კი მართლა უფიქსატოროა, შეხედე!

შლაპიანი ბიჭი - არ მიაწვა ამ უფიქსატოროს?! მილიციაში ხომ არ იძლევი ჩვენებას? (მობილური ტელეფონის ზარი)

ნიკა - გისმენთ... მარინე, ახლა არ გადამრიო, იმდენჯერ მათქმევინე, მშვიდობა არის მეთქი, სანამ ომი არ დაიწყო, კარგად ვარ, კარგად, შენ თუ არ გამხდი ძალით ცუდად! (თიშავს მობილს და ბარზე მდგომ ტელეფონის ყურმილსაც გადადებს)

გვანცა - (ჩუმად. ხათუნას) ხათუნ, ბიჭებმა შენი ღირსება დაიცვეს... რაც შეეხება კავალრებს, ხვალ მთელი თბილისი რომ გაიგებს, რა კაცებმა გამოიღეს შენთვის ხელი, შენი აქციები ცაში ავარდება!

ხათუნა - (ყურებს ცქვიტავს) მართალი ხარ, იცი?!

გვანცა - (ღიმილით) სარკეში ჩამახედებ? ჩემი სახლში დამრჩა!

ხათუნა - (გამოცოცხლებული) სარკეში კი არა, თუ გინდა სულში ჩაგახედებ!

გუგა - ხათუნ, ვითომ პოდიუმზე ხარ და ჩვენთვის პატარა დეფილე გამართე! მე ხომ შეგისრულე წიგნზე!

ხათუნა - (თმებს ისწორებს) ვაიმე, არ ვიცი...

გუგა - იცი, იცი! (გოგოები გადიან)

ნიკა - (ნატკენ ხელს ისრესს) ქვის ყბები ჰქონდა იმ შობელძაღლს? ახლა მაინც მომიყევი, როგორ გაიტეხე თავი! თან გადაგიხვევ!

გუგა - (იმანჭება ტკივილისგან) ტიემესში ვიყავი, გამოფენაზე და ერთი კოხტა გოგონა გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ლექსებს წერს და ფემინისტური მოძრაობის ლიდერია საქართველოში... ფრთხილად რა...

ნიკა - ბოდიში... მერე...

გუგა - წვიმა წამოვიდა, მას კი ზონტი ჰქონდა... ჰოდა, შევეყუჟეთ ორივე... ჩემს სახლთან რომ მივედით... მომიკიდე რა!.. ვანიჩკა გახსოვს, ჩემი მეზობელი?

ნიკა - აბა, ვანიჩკა?!

გუგა - ძველი პრაშლიაკი! ნაკოლკა ჰქონდა ასეთი: Оფეხები დამბანე, ცელქო!М მოკლედ, მაგ ვანიჩკამ თავის სარდაფში ღამის კლუბი გახსნა და ვიფიქრე, იქ ჩავიყვან ჩემს პასიას-მეთქი, მაგრამ ბატონმა ვანიჩკამ ამიხსნა, დღეს უშიშროების ბიჭები ქეიფობენ და არ ღირს შენი ჩასვლაო. მე ვუთხარი, მეგონა კოტტონ-კლუბი გქონდა, შენ კი ძერჟინსკის კლუბი გაგიხსნია-მეთქი!

ნიკა - (იცინის) რა გიპასუხა, ატრიცალოვკის ბერმუხამ?

გუგა - დაიმორცხვა ცოტა. ბოლოს სახლში მივიყვანე ის პოეტესსა. ანუკი და ბავშვები სიდედრთან ათევდნენ ღამეს...

ნიკა - თავზე დაგადგა?

გუგა -  მოთმინება, თავადო! აქეთ მისმინე... იმ ჩემი ცოდვით სავსე სუფრაჟისტკამ ჯერ ლექსი დაჭექა, ხოლო შემდეგ დასძინა: მე მარტო კალამში კი არა, კარატეშიც უბადლო ვარო, რამდენიმე კატა გააკეთა და ტორშერს, კარადას და თაროებს სულ დედა უტირა. დალეწა ყველაფერი! თან რაღაც გამყივან კლიჩს დასძახოდა!

შლაპიანი ბიჭი  ამას ჰქვია, Пპელვთპმიეოტნძე ობქრვნძე მგპძ!

გუგა - და ამ დროს შემოდის ანუკი! ვიღაც იდიოტმა ხრუსტალის საფერფლე გვაჩუქა შარშან... დანარჩენი იცი! ჩემი ბეღურა წინა ინკარნაციაში ნაღდად ბადროსმტყორცნელი იქნებოდა... Бეზ ზთსთხთ ისე დამაშხუილა წარბში, რომ, ბომ!

ნიკა - პოეტესსა?!

გუგა - იშუსტრა და ფანჯრიდან გადახტა... მაინც ბელეტაჟია, ბომ!

შლაპიანი ბიჭი - აფსუს დროებავ, წინათ მგოსნები მინიმუმ მეოთხე სართულიდან ხტებოდნენ!

ნიკა - ცოლმა ლოგინშიც რომ შეგისწროს ქალთან, მაინც არა უნდა იძახო, ძვირფასო, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეაო! (სიცილით შემოდიან გვანცა და ხათუნა. ხათუნას მცირე ცვლილებები შეუტანია თავის სამოსში და მზადაა ОდეფილესთვისМ).

ნიკა - (მობილს რთავს) ანუკი, გამარჯობა, ნიკა ვარ!.. მგოსანი ჩემთან არის, აქ გაათია ღამე! ანუკი, დამიჯერე, შენს მიერ შერისხული გუგა უმწიკვლოა შენს წინაშე!

შლაპიანი ბიჭი - როგორ უხდება გუგას სიტყვა  უმწიკვლო!

ნიკა - ხომ იცი, არ მოგატყუებ, მერწმუნე, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?! აბა, გკოცნი!

გუგა - (დაძაბული) არა თქვა, ჭკუა რომ მქონოდა, მაგაზე არ გავთხოვდებოდიო?

ნიკა - თქვა!

გუგა - ესე იგი შემირიგდა, ბომ!

ნიკა - აბა, ხათუნ, პოდიუმი გეძახის! (თიშავს მობილს)

ხათუნა - (მეფური ჟესტით) გვანცა დააჭირე პლაუს... უი, ბოდიში, ფლეის! (გვანცა მაგნიტოფონს რთავს. ხათუნა წელში გაიზნიქება და მუსიკას ააყოლებს ტანს)

ნიკა - რა არის ეს? რომაელი ლეგიონერივით რომ დააბოტებ?! აბა, მსუბუქად, მოსწყდი ამ ცოდვილ მიწას... კარგია, მშვენიერია... ასე... ნარნარად, უფრო ნარნარად... ბატონებო, გაარონინეთ ეს ბაღანა პოდიუმზე და ახალი ტროას ომი დაიწყება... გაცურე, ხათუნა, ძირს არ დაიხედო... შენ მაღლა ხარ, დაბლა შენით დარეხვილი მამაკაცები ირევიან, შენ ვერ ამჩნევ მათ... მზისკენ მიცურავ, ლამაზო გედო, შენ არავისთვის გცალია... იარე ხათუნ... შენ საოცარი ხარ, იდუმალი და მიუწვდომელი! შენ შენი ოცნებისკენ მიაბიჯებ! შენ იქ გელიან!

(ხათუნა უცებ შეჩერდება, ხელებს სახეზე აიფარებს და ქვითინი წასკდება)

ნიკა - (მკლავებს შლის) ისევ ღნავის!

გვანცა - (ღიმილით) არაუშავს, ეს კარგი ცრემლებია!

(სცენის აქეთა მხარე ბნელდება და ყველა ბინდში მოექცევა. ბინდიდან ნიკა გამოდის, ხელში სანთელი უჭირავს)

ნიკა - (შლაპინ ბიჭს) აღარ დარეკა ფიდომ, ესე იგი ვერაა საქმე კარგად... ეს სანთელი დღეს ეკლესიიდან წამოვიღე! (ბარის კიდეზე აწებებს სანთელს და ანთებს) მაშ ასე, ჩემო მეგობარო! ძალიან მომენატრე!

შლაპიანი ბიჭი - ჩვენც! ნუ შეეცდები გამოცნობას, ვინ უფრო მეტია ჩემში, ან ვინ გელაპარაკება ამ წუთას! ნურც სახელს დამიძახებ!

ნიკა - რატომ?

შლაპიანი ბიჭი - სხვებს ეწყინებათ... ჩვენ ხომ შენს წარმოსახვაში ვართ! და საერთოდ, ეს ხომ სპირიტიზმის სეანსი არ არის!

ნიკა - (თვალებზე მოისვამს ხელს) სახეები, სახეები, ამდენი საყვარელი სახის კალეიდოსკოპი... ირინკა, გია, თქვენ ერთად ხართ?

შლაპიანი ბიჭი - რასაკვირველია, ერთად! ოღონდ სახელების გარეშე!

ნიკა - აი, შენი სახელი კი არ მახსოვს, ჩემზე ერთი კლასით წინ სწავლობდი... მერე მითხრეს, აფხაზეთში დაიღუპაო!

შლაპიანი ბიჭი - ჰო, ტამიშთან! რატომ ვერ მიტანდი ბავშვობაში?

ნიკა - იმიტომ რომ  დამცინავი და ცინიკოსი მეგონე!

შლაპიანი ბიჭი - ჰო, მე ვგრძნობდი შენს აგრესიას... მერე რაღატომ დათბი?

ნიკა - ღამის სამ საათზე ჭავჭავაძით ვეშვებოდი რუსთაველზე. ჩემს წინ შენ მიაბიჯებდი და ვერ მხედავდი. ქუჩაც ცარიელი იყო... უცებ დაიხარე, რაღაც აიღე მიწიდან, სახესთან მიიტანე და ფანჯრის რაფაზე შემოდე... იმ ადგილს რომ გავუსწორდი, დავინახე, რომ ეს გამხმარი, ობმოკიდებული პური იყო...

შლაპიანი ბიჭი  ყოველთვის სენტიმენტალური იყავი!

ნიკა - მაშ ტამიშთან?

შლაპიანი ბიჭი - ჰო, აფხაზეთში!

ნიკა - სახეები, ამდენი საყვარელი სახე... ბიძინ, ბიძინ!

შლაპიანი ბიჭი - ხომ გთხოვე?!

ნიკა - სულ ბოლოს მე გიკითხავდი ფსალმუნებს, მეუფემ დამავალა... გესმოდა ჩემი?

შლაპიანი ბიჭი - მესმოდა!

ნიკა - უეცრად თვალი გაახილე და თქვი: თოვლი იყო თოვლივით თეთრი... მგონი ტოლსტოის ფრაზაა, მაგრამ ჩემთვის შენს ნათქვამად დარჩა... ჩვენი სიყმაწვილის ქათქათა თოვლი, ახლა ნაშარდალი და ტალახგამჯდარი.

შლაპიანი ბიჭი - (ბარიდან ჩამოხტება, შლაპას მოიხდის და ნიკას ახურავს, შემდეგ თავის თეთრ კაშნეს შემოახვევს კისერზე) გიხდება!

ნიკა - რა, უკვე დროა? ცოტა მეშინია, ბიჭო! უფრო ვაჟკაცი მეგონა ჩემი თავი, მამაჩემივით ვაჟკაცი!

შლაპიანი ბიჭი - მერე და ვინ გითხრა, რომ არ მეშინოდა?!

ნიკა - (ხელს იწვდის წინ) მამა... დედა!.. (პაუზის შემდეგ) არა, ისევ ბიძინა ხარ! მაშ, დანარჩენი იქ გავარჩიოთ, სადაც თოვლი ყოველთვის თოვლის ფერია? ერთი წამით დამელოდე! (შედის მიმქრალ ბინდში, გვანცას) მაპატიეთ, ჩვენ დროში და სივრცეში ავცდით ერთმანეთს! (გოგონა უღონოდ ჩაქინდრავს თავს)

ხათუნა - (გუგას) რა გემართებათ?

გუგა - მე ვტირი, ბომ!

ნიკა - (შლაპიან ბიჭთან ბრუნდება) წავიდეთ, ძმაო! (უეცრად აფეთქებასავით ინთება სინათლე, კვლავ ქარი შემოანგრევს კარს და პაბში სმოკინგში გამოწყობილი აფრასიონი შემოდის. მოხუცი ჯოხის ენერგიული ხმარებით მიდის ნიკასთან, მკლავში ჰკიდებს ხელს და მაგიდასთან მიჰყავს)

 

აფრასიონი - გახსენით კეისი! ასე! ახლა თქვენი რენტგენის ფოტოები მომეცით! სანამ თქვენი ძმაკაცი ფიდო ხალათგაუხდელი მოქრის აქეთ, მინდა აგიხსნათ ერთი ნიუანსი მედიცინაში. ექიმები ამას ფიტობუხუარს უწოდებენ. თქვენ ამასწინათ ჭამეთ ხურმა?

ნიკა - (გაოგნებული) ხურმა? მგონი კი...

აფრასიონი - ნუ გაამტყუნებთ ფიდოს, ბევრ გამოცდილ ექიმს მოსდის ეს შეცდომა... ეს ხურმის კურკაა და არა სიმსივნე... ხანდახან რენტგენზე ცუდ ეფექტს იძლევა ხოლმე... ამას ჰქვია ფიტობუხუარი... ისე ძველი გამოთქმაც არსებობს...

ნიკა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო!

აფრასიონი - დიახ, დიახ, ვირმა რა იცის... არ გეწყინოთ! მომავალში ეს რენტგენის ფოტოები კაბინეტში გააკარით და ხშირხშირად შეხედეთ ხოლმე... თქვენ ალგებრაული წყობის ტვინი გაქვთ და მიხვდებით, რასაც გეუბნებით! ტელეფონი კი ჩართეთ!

ნიკა - (თვალებზე მოისვამს ხელს) რა თავბრუდამხვევი ყოფილა სიცოცხლე?!

(აფრასიონი შლაპიან ბიჭთან მიდის. ის ბარიდან ჩამოხტება)

აფრასიონი - კინაღამ გამომიცნო კოჟრიანი ხელებით... მენავე ხომ არა ხარო!

შლაპიანი ბიჭი - (ღიმილით) ნიკანდროს მახვილი თვალი აქვს!

აფრასიონი - რას იზამ, მოხუცი აფერისტის მოგონებად დავრჩები მისთვის... თუმცა, ხომ არ გავაგრძელო ეს როლი და ოცნებაც ავუსრულო! უჭირს ქვეყანას! მიდი, გამოართვი შენი კაშნე და შლაპა!

(ბიჭი მიდის გაშეშებულ ნიკასთან, ქუდს და კაშნეს მოხსნის, თმაზე გადაუსვამს ხელს)

შლაპიანი ბიჭი - კიდევ ბევრი დაგრჩა საბაჩუნო ამ ცოდვილ მიწაზე, ნიკანდრო! (ბრუნდება მოხუცთან) - ახლა?

აფრასიონი - ახლა ახტი შენს ქანდარაზე!

შლაპიანი ბიჭი - ნიკამ რა ჰქნას?

აფრასიონი - ნიკამ? ნიკამ იცეკვოს!

ნიკა - ხათუნ, დააჭირე ხელი პლაუს!

ხათუნა - ფლეის, ბატონო ნიკა, ფლეის!

(როკენროლის მძაფრი რიტმი შემოიჭრება სცენაზე. ნიკა გოგოებს დააბზრიალებს, გუგა მარტო ცეკვავს)

გუგა - მგონი ვიბრაციაში გავარტყი, ბომ!

(შლაპიანი ტაშს ააყოლებს რიტმს, ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი ჩერჩილის ქანდაკების პოზაში დგას და მოცეკვავეებს უყურებს. ხოლო ნიკას სანთელი იწვის და ჯერ ჩაქრობას არ აპირებს).

დასასრული

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / თოვლივით თეთრი თოვლი