პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალი

 

 

რედაქტორი

შალვა აბზიანიძე, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

 

 

 

 

ს  ა რ ჩ ე ვ ი

 

ქცევის სოციალური რეგულაციის საკითხისათვის _ნაიჯელ ჰარვეი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი შალვა აბზიანიძე, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი ანასტასია ქიტიაშვილი, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

 

ღირებულებები და  პროფესიის არჩევანი მარინა კუჭუხიძე, ტბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

 

ქცევის თვითრეგულაცია, როგორც ფიქსირებული  განწყობის ფუნქცია მაია კალანდარიშვილი, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი თამთა შოთაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

რელიგიური ორიენტაციის მქონე პირთა სოციალურ  ფსიქოლოგიური მახასიათებლები

(მართლმადიდებლობის და ბაპტიზმის მაგალითზე)

ნინო ჯავახიშვილი, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

ნინო მამამთავრიშვილი, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

ქართველი სტუდენტების ეთნიკური სტერეოტიპები

შალვა აბზიანიძე, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

მედეა დესპოტაშვილი, თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

 

 

 

 

 

ქცევის სოციალური რეგულაციის პრობლემისათვის

 

 

ნაიჯელ ჰარვეი, შალვა აბზიანიძე, ანასტასია 

ქიტიაშვილი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

ქცევის კვლევა შეეხება ქცევის სოციალური  რეგულაციის პრობლემას. გამოკვლევა ძირითადად  ეყრდნობა ატიტუდის თანამედროვე  მიდგომებს,  განსაკუთრებით ფიშბეინისა და აიზენის ქცევის  რეგულაციის მოდელსა და უზნაძის განწყობის  ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას. კვლევაში ექსპერიმენტულადაა შემოწმებული ჰიპოთეზა იმის  შესახებ, რომ გადაწყვეტილება უშუალო  დეტერმინანტს წარმოადგენს.

 

      განწყობასა და ქცევას შორის კავშირი  მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ფსიქოლოგიაში,  რადგან მიჩნეულია, რომ განწყობა ქცევის  მნიშვნელოვანი დეტერმინანტია და მისგან ქცევის  სანდოდ წინასწარმეტყველება შეიძლება. აღნიშნული  პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ლაპიერის  ექსპერიმენტში დაისვა, რომლითაც ავტორმა აჩვენა,  რომ ადამიანის სიტყვიერად გამოთქმულ განწყობებესა  და ქცევას შორის შეუსატყვისობაა. ლაპიერმა თითქმის  ორი წლის მანძილზე იმოგზაურა ამერიკაში  ორ  ჩინელ სტუდენტთან ერთად; იგი აკვირდებოდა თუ როგორ იღებდნენ წყვილს სასტუმროში. 252  შემთხვევიდან მათ მხოლოდ ერთხელ მიიღეს  მომსახურებაზე უარი. ტურნეს დამთავრებიდან  დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ლაპიერმა 251  სასტუმროს გაუგზავნა წერილი  და მათ  მეპატრონეებს ჰკითხა, მიიღებდნენ თუ არა ისინი  ჩინელ წყვილს თავიაანთ სასტუმროში. მან მხოლოდ  128 მეპატრონის პასუხი მიიღო, რომელთაგან 118  უარყოფითი იყო. აღნიშნული  ექსპერიმენტის  საფუძველზე ლაპიერი ასკვნის, რომ პიროვნების  განწყობა, რომელიც წარსული გამოცდილების  ბაზაზეა ჩამოყალობებული არ იძლევა ადამიანის  მომავალი აქტივობის შესახებ მსჯელობის  საშუალებას.  უარყოფითი შედეგები დაფიქსირდა სხვა  მკვლავართა  ნაშრომებშიც.

      განწყობისა და ქცევის კავშირის პრობლემის  დაყენების შემდეგ განწყობის შესახებ თეორიული  კვლევები ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება:  ერთის მიხედვით განწყობა ქცევის ერთ-ერთ კერძო  ფაქტორია სხვა მრავალ ფაქტორთა შორის; მეორის  მიხედვით განწყობა პიროვნების ერთ-Eერთ ძირითად  დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს (ნადირაშვილი,  1983).

      პირველი მიმართულება მოცემულია დუბის  შეხედულებაში, რომელმაც პირველმა სცადა აეხსნა  ატიტუდსა და ქცევას შორის შეუსაბამობა.

      დუბისათვის განწყობა სტიმულსა და რეაქციას  შორის გამაშუალებელი ცვლადია; განწყობას შეუძლია  გარკვეული მიმართულება მისცეს ქცევას, რისთვისაც  საჭიროა დაუკავშირდეს გარკვეული მიმართულების ქცევას.

      დუბის თეორია არ ითვალისწინებს იმ შინაგან  ტენდენციებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის  გარკვეული განწყობის ფორმირებაზე და მ. შ  ქცევაზეც. დუბთან ფაქტიურად უარყოფილია განწყობის ცნება. მისთვის განწყობა გარკვეულ  მოვლენებთან დაკავშირებული დადებითი ან  უარყოფითი ემოციური ტონის ტოლფასია. დუბისათვის  განწყობის სხვადასხვა კომპონენტები ერთმანეთისაგან  გათიშული მოვლენებია, ამიტომ მათი შეკავშირება და  გაერთიანება ყველა შესაძლო ვარიანტით ერთნაირადაა  შესაძლებელი.

      ჩენმა გააკრიტიკა დუბის შეხედულება. ჩენის  მიხედვით, მართალია განწყობა მრავალკომპონენტიანია, იგი მაინც ერთ მთლიანს  წარმოადგენს, რადგან მისი კომპონენტები მუდმივად  მიისწრაფიან გაერთიანებისაკენ.

      მკვლევართა ნაწილმა  მიუთითა, რომ  განწყობასა და ქცევას შორის შეუსატყვისობა  შესაძლოა იმ ფაქტითაცაა განპირობებული, რომ  ვერბალური პასუხების სტიმულები შესაძლოა იყვნენ  ზოგადნი, ხოლო პასუხების სტიმულები -სპეციფიკურები.

      ვიკერმა (1964) ქცევასა და განწყობას შორის  კავშირის შესწავლისას შემოიტანა ისეთი  ‘სხვა  ცვლადები” როგორებიცაა: სოციალური ნორმები,  ჩვეულებები, პიროვნული თვისებები და სხვა. ავტორმა  შესაბამისი კვლევებით დაამტკიცა, რომ განწყობაზე  სხვა ცვლადების დამატება ხსნის ატიტუდსა და  ქცევას შორის შეუსაბამობას. შუალედური ცვლადების  გავლენის შესწავლა  მრავალმა სოციალური   ფსიქოლოგიის წარმომადგენალმა სცადა. შესაბამისად,  ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს  მრავალი  კვლევა; ყველა ამ კვლევას აერთიანებს ზოგადი  დაშვება იმის შესახებ, რომ ატიტუდის ქცევაში  ასახვის ხარისხი შემთხვევითია და რომ ატიტუდზე  სხვა ცვლადების დამატებით შესაძლებელია ატიტუდი- ქცევა შეთანხმებულობის ახსნა; კვლავებმა  დააფიქსირა, რომ ატიტუდები ან არ უკავშირდებოდნენ  ან სუსტად უკავშირდებოდნენ ქცევას და იშვიათად  ფიქსირდებოდა ატიტუდი-ქცევა კორელაცია ნოლ  მთელ ოცდაათზე მეტი; საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ  ზოგი ატიტუდი გარკვეულ ქცევებს უკეთ  წინასწარმეტყველებდა ვიდრე სხვებს, მაგრამ ეს  კვლევები უფრო აღწერითი ბუნებისა იყო; ასე, რომ  ჩვენ არ ვიცით, თუ რატომ შეიძლება ერთი ქცევის  უკეთ წინასწარმეტყველება, ვიდრე სხვა ქცევის;

მიუხედავად იმისა, რომ გამოვლინდა ადამიანების,  სიტუაციების, დისპოზიციებისა და ქცევების ჯგუფი,  რომელთათვისაც წინასწარმეტყველაბა შეიძლება,  ასევე გამოვლინდა მეორე ჯგუფი, რომლისათვისაც ეს  არ შეიძლება; გამაშუალებელი ცვლადების ზრდასთან  და მათ სხვა ცვლადებთან კავშირის ზრდასთან    ერთად იზრდება  ეს უკანასკნელი ჯგუფი.  

      როკიჩი ქცევას განიხილავს, როგორც ობიექტისადმი ატიტუდითა (Aო) და სიტუაციისადმი  ატიტუდით (Aს) დეტერმინირებულს.

      განწყობის სფეროში უფრო ღრმა ანალიზი  ფიშბეინს ეკუთვნის. იგი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ  ლაპიერის ექსპერიმენტში ნაკვლევია ცდის პირების  განზრახვა და არა მათი განწყობა; იგი იმაზეც  მიუთითებს, რომ      აბსტრაქტული ქცევის განზრახვა, რასაც სასტუმროს  მეპატრონეები გამოთქვამდნენ, არაა საკმარისი არც  რეალური ქცევის წინასწარ-მეტყველებისათვის და არც  განწყობის დადგენისათვის.

      ფიშბეინისა და აიზენის  ‘გააზრებული  მოქმედების თეორია” შეიძლება განვიხილოთ, როგორც  ქცევის ახსნის სხვადასხვა დონეების მომცველი.  ყველაზე გლობალურ დონეზე ქცევა განხილულია  როგორც განზრახვიდან დეტერმინირებული. II დონეზე  განზრახვა დეტერმინირებულია განწყობითა და  სუბიექტური ნორმით.  III დონეზე ატიტიუდი და  სუბიექტური ნორმა ახსნილია რწმენებით – ქცევის  შესრულების შესახებ და სხვების მოლოდინების  შესახებ. მ.შ ფიშბეინის თეორიაში ქცევა საბოლოოდ  ახსნილია რწმენებით, რომლებიც თავის მხრივ  წარმიადგენენ იმ ინფორმაციას, რომელიც ადამიანს  სამყაროს შესახებ აქვს.

      ფიშბეინის შეხედულებით, ლაპიერთან  განწყობასა და ქცევას შორის კავშირი იმიტომ არ  დაფიქსირდა, რომ განწყობა იზომებოდა მოვლენათა  კლასის მიმართ და ქცევა მოწმდებოდა კლასის ერთი,  შესაძლოა არატიპიური, წარმომადგენლის მიმართY. ამ  საკითხს ეძღვნებოდა ბეილსის გამოკვლევა, რომლის  მიხედვითაც, ის ადამიანი, რომლიც ცდის პირს მოსწონდა და ის ადამიანი რომელთანაც იგი  იმეგობრებდა, ორი სხვადასხვა ადამიანია. ე.ი. ჩვენი  განწყობები ერთიდაიგივე ადამიანის მიმართ, როგორც  მეგობრისა და თანამშრომლის მიმართ ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

      ფიშბეინისა და აიზენის  თეორიაში  ხაზგასმულია ადამიანის ქცევის მიმართ ატიტუდები.  იგი არ შეიცავს ისეთ ტრადიციულ ატიტუდებს,  როგორიცაა ობიაქტისადმი, ხალხისა და  ინსტიტუტისადმი ატიტუდები. სოციალური და ქცევის  მეცნიერებების მიერ მითითებული ისეთი ცვლადები,  როგორებიცაა პიროვნული მახასითებლები,  დემოგრაფიული მახასიათებლები, ინსტინქტები და  სხვა თეორიაში ჩათვლილნი არიან გარეგან  ცვლადებად. როგორც ფიშბეინი მიუთითებს,  გარეგან ცვლადებზე  დაყრდნობით ქცევის ახსნა არასწორია, რადგან  მაშინაც კი როდესაც ასეთ ცვლადებსა და ქცევას  შორის კავშირი დაფიქსირებულია, იგი შეიძლება  შეიცვალოს დროის განმავლობასი და პოპულაციიდან  პოპულაციამდე.

      განზრახვის დეტერმინანტი ატიტუდთან ერთად  სუბიექტური ნორმაცაა. სუბიექტური ნორმა მიუთითებს  პიროვნების ნორმას, რომელიც თავის მხრივ არის  იმის აღქმა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების  უმრავლესობა ფიქრობს, რომ მან უნდა შეასრულოს ან  არ უნდა შეასრულოს მოცემული ქცევა. თეორიის  მიხედვით ატიტუდი ქცევის ფუნქციაა; ადამიანი,  რომელსაც სჯერა, რომ მოცემული ქცევის შესრულება  უფრო პოზიტიურ შედეგს განაპირობებს, ვიდრე  უარყოფითს, ქცევის შესრულებისადმი იღებს დადებით  ატიტუდს და პირიქით.

      სუბიექტური ნორმაც რწმენების ფუნქციაა,  მაგრამ განსხვავებული რწემენებისა; კერძოდ  ადამიანის რწმენიასა, რომ ცალკეული ადამიანები ან  ადამიანთა ჯგუფი ფიქრობს, რომ მან უნდა  განახორციელოს ან არ უნდა განახორციელოს  მოცემული ქცევა.

      ფიშბეინისა და აიზენის  თეორიაში განზრახვა  ქცევის უშუალო დეტეტმინანტადაა განხილული.  ქცევის ზუსტი წინასწარმეტყველებისათვის საჭიროა  განზრახვა უშუალოდ ქცევის წინ გაიზომოს.  განზრახვა მოიცავს მოტივაციურ ფაქტორებს,  რომლებიც გავლენას ახდენენ ქცევაზე. თეორიის  მიხედვით განზრახვა მანამ რჩება ქცევის  დისპოზიციად, სანამ შესაბამისი დროისა და  შესაძლებლობებისას ადამიანი სცდის განზრახვის  მოქმედებაში გადატანას.

      საბოლოო ჯამში, ფიშბეინი საკმაოდ  დიფერენცირებულ თეორიას ქმნის, რომელშიც  განწყობის, რწმენის, განზრახვისა და ქცევის ცნებები  საკმაოდ დაწვრელებითაა განხილული. ფიშბეინის  თეორიაში აღნიშნული ცნებები გაერთიანებული არ  არის ერთი ცნებით. მიუხედავად იმისა, რომ ფიშბეინი  განწყობასა და ქცევას შორის კავშირის არსებობაზე  მიუთითებს და იმაზეც, რომ აღნიშნული კავშირი  ფსიქიკური მოვლენებით უნდა იყოს გაშუალებული,  იგი მაინც არ ახდენს თეორიისათვის მნიშვნელოვანი  ცნებების გაერთიანებას განწყობისეული ტენდენციის  გათვალისწინებით. გარდა ამისა, თეორიაში  ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ განზრახვის ქცევაში  გადატანა პიროვნების დამატებით აქტივობას  მოითხოვს და რომ განზრახვის ფორმირებით  პიროვნებაში არ იქმნება ის მთლიანი პიროვნებისეული  მდგომარეობა, რომესაც ქცევაში გადასატანად  დამატებითი აქტივობა არ დასჭირდებოდა.

      აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით  მხედველობაში მისარებია დ. უზნაძის განწყობის  ზოგადფსიქოლოგიური თეორია.        დ. უზნაძემ სათანადო ანალიზის შედეგად  აჩვენა, რომ მიზანშეწონილი ქცევა სამი თვისების  ერთობლივი მოქმედებით იქმნება: ადამიანის  მოთხოვნილება, საგნობრივი ზემოქმედების მიღება და  გამღიზიანებელთა ზემოქმედებაზე გარკვეული  რეაქციით პასუხის უნარი; განწყობა, როგორც  გარკვეული მოქმედების ტენდენციაა მოცემული; სანამ  ინდივიდი ქცევას მიმართავდეს, მას მანამ უკვე აქვს ეს  ქცევა მოცემული განწყობის სახით, რომელიც თავის  მხრივ რეალიზაციისაკენ ისწრაფვის; ქცევა ამ სიტყვის  ფართო მნიშვნელობობით, ყოველ მოცემულ მომენტში,  მისი ამათუიმ განწყობის რეალიზაციად უნდა  ჩაითვალოს. განწყობა ისეთ ფსიქიკურ ფენომენს  წარმოადგენს, რომელსაც ერთდროულად შინაარსეული  და ენერგეტიკული თვისებები აქვს. იგი ქცევას  აღძრავს და მიმართულებასაც აძლევს.

      სპეციფიკური ადამიანური ქცევა ობიაქტივაციის  პლანში ხდება. როგორც ავტორი მიუთითებს, უნდა  განვასხვაოთ ერთმანეთისაგან აზროვნების აქტი,  რომელიც ობიექტივაციისას ალტერნატიული ქცევების  განხილვასა და უპირატესობის მინიჭებაში  მდგომარეობს და ნებელობითი განსჯები, რომელიც  აზროვნების მიერ შერჩეული ქცევის  სოციალურ და  მორალურ მოთხოვნებთან შესატყვისობაში მოყვანას  გულისხმობს. ეს უკანასკნელი აზროვნებით მოძებნილი  ქცევისათვის მოტივის შერჩევაში მდგომარაობს. ამ  პროცესში ფაქტიურად იქმნება ფსიქიკური ქცევა.        განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის  მიხედვით, ნებელობითი პროცესების ერთ-ერთ  ყველაზე არსებით ეტაპს გადაწყვეტილების აქტი  წარმოადგენს. ნებელობითი ქცევის განწყობის  მაფორმირებელი შინაგანი და გარეგანი ფაქტორები  თავისთავად არ არიან მოცემულნი. ისინი ადამიანმა  წარმოსახვისა და აზროვნების დახმარებით  ცნობიერებაში ერთდროულად და აქტუალურად უნდა  წარმოიდგინოს. ნებელობითი ქცევა პიროვნების  შინაგანი სპეციფიკური აქტივობის საფუძველზე  აღმოცენდება. საკმარისი შინაგანი და გარეგანი  ფაქტორების გაერთიანების დროს ხდება  მოფიქრებული ქცევის განწყობის აღმოცენება.  განწყობის შექმნის მომენტი პიროვნებისათვის გადაწყვეტილების აქტის სახით განიცდება. მ.შ.

გადაწყვეტილების აქტით ადამიანს ისეთი მთლიანი  ფსიქიკური მდგომარეობა ექმნება, რომელიც ადამიანის  როგორც ცნობიერებას, ისე ქცევის მიმართულებას  განსაზღვრავს. პიროვნების ეს მთლიანი მომართვა  სამართლიანად ითვლება შეგნებული ქცევის  განწყობად.

      გადაწყვეტილების მოტივი წარმოადგენს  გაცნობიერებას იმ ღირებულებების უპირატესობისა,  რომელიც ამა თუ იმ ქცევას აქვს ადამიანის და  ამიტომაც იგი არის ერთი ქცევის გამართლებაც.  მოტივის როლია ის, რომ იგი ერთ ქცევას მეორე  ქცევით ცვლის – ნაკლებად მისაღებს მეტად  მისაღებით. ე.ი. გარკვეული მოქმედების  შესაძლებლობას ქმნის; მოტივი ისე ცვლის ქცევას,  რომ იგი სუბიექტისატვის მისაღები ხდება; მხოლოდ  მოტივის წყალობით ხდება ქცევა ნებისმიერი.

      მთელი პროცესი შეიძლება შემდეგნაირად  წარმოვიდგინოთ; თავდაპირველად აზროვნების  საშუალებით ხდება მიზანშეწონილი ქცევის დადგენა,  შემდეგ მოტივაციის პროცესია და ბოლოს  გადაწყვეტილების აქტი. ნებელობის აქტი იმაზე  მიუთითებას, რომ ამ მომენტში სუბიექტში აღმოცენდა  განწყობა, რომელიც მის ქცევას დაედება საფუძვლად  და გარკვეული მიმართულებით წარმართავს.  განწყობის შექმნისას პიროვნება აქტიურია და ამ  აქტივობას განიცდის კიდევაც. ნებელობითი  პროცესების საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების  გამოტანა რომელიმე ქცევის სასარგებლოდ, რაც მისი  გადაწყვეტილების ფორმირებასა და ამოქმედებაში  გამოიხატება. პიროვნება მაქსიმალურ აქტივობას  გადაწყვეტილების პროცესში აღწევს, რომლის  დროსაც შეგნებული ქცევის განწყობა იქმნება, რაც პიროვნების დამატებითი ძალისხმევის გარეშე გადადის  ქცევაში.

      აღნიშნული თეორიული ანალიზი საშუალებას  გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ქცევის უშუალო  დეტერმინანტად გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ  და არა განზრახვა. ჩვენი გამოკვლევის ჰიპოთეზაც  სწორედ ამაში მდგომარეობდა.

 

 

 

მეთოდი

 

 

რესპოდენტები და პროცედურა

 

      გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 17-28 წლის  ასაკის 128 რესპოდენტმა (80 ქალი, 48 მამაკაცი).  კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად –საპარლამენტო  არჩევნებამდე ერთი კვირით წინ და არჩევნების შემდეგ  ერთიდაიგივე ცდის პირებზე. ცდის პირებს  ვაფრთხილებდით, რომ მათი პასუხები  კონფიდენციალური იქნებოდა. პროცედურა მარტივი იყო და არ საჭიროებდა დიდ დროს (30 წუთი).

 

 

ინსტრუმენტი

 

      გამოკვლევაში გამოყენებულ იქნა სამი ტიპის  კითხვარი. ერთ-ერთი მათგანი ჩვენს მიერ იყო  შედგენილი. აღნიშნული კითხვარით ცდის პირს  ევალებოდა 10 ბალიან სკალაზე შეეფასებინა  თითოეული პარტია ( სულ   32 პარტია) შემდეგი  ინსტრუქციით: “ამ გამოკვლევის მიზანია შეფასებისა  და გადაწყვეტილების ფსიქოლოგიური მექანიზმის  კვლევა. იგი კავშირში არაა წინასაარჩევნო  კომპანიასთან.

      გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პარტიების  სიას, მათ საარჩევნო დოკუმენტებს, კითხვებს და  შესაბამისად გააკეთოდ არჩევანი”.

      კითხვარი მოიცავდა 17 პუნქტს, რომელთაგანაც  პირველ თერთმეტს შეფასებითი დანიშნულება ჰქონდა,  დანარჩენ ექვსს კი –გადაწყვეტილების მიღების. ცდის  პირები თავდაპირველად აფასებდნენ თითოეულ  პარტიას ისეთი მახასიათებლების მიხედვით,  როგორიცაა პოპულარობა, დემოკრატიულობა  პოპპულისტობა და სხვა. შემდეგ მას უხდებოდა  არჩევანის გაკეთება 32 პარტიას შორის სხვადასხვა  მახასიათებლების მიხედვით, ბოლოს კი იღებდა  გადაწყვეტილებას.              

      ცდის პირები შემდეგ აფასებდნენ ფიშბეინის  კითხვარს, რომლითაც იზომებოდა შემდეგი ძირითადი  ცვლადები: ცდის პირის არჩევნებში მონაწილეობის  მიღების განზრახვა, მისი ატიტუდი, სუბიექტური  ნორმა, მნიშვნელოვანი სხვებისადმი დაქვემდებარების  მოტივაცია. თითოეული კითხვა შვიდბალიან სკალაზე  ფასდებოდა, სადაც (პლიუს 3) მაქსიმალური შეფასება  იყო –სრულიად ვეთანხმები, ხოლო (მინუს 3)  მინიმალური შეფასება—სრულიად არ ვეთანხმები.  აღნიშნული კითხვარებით ხდებოდა ქცევის  განსაზღვრა როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ  პარტიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ დონეზე.

      გამოკვლევაში გამოყენებულ იქნა როკიჩის  კითხვარიც, რომლითაც 7 ბალიან სკალაზე  იზომებოდა ატიტუდი საერთოდ არჩევნებში  მონაწილეობის მიმართ და კონკრეტულ არჩევნებში  მონაწილეობის მიმართ (31 ოქტომბრის არჩევნები).

 

 

ღია ქცევის საზომები

 

 

      ქცევა იზომებოდა არჩევნებიდან ორი კვირის  შემდეგ. ფიშბეინ-აიზენის კითხვარისათვის ქცევა  იზომებოდა უბრალოდ ცდის პირის მიერ არჩევნებში  მონაწილეობის მიღება ან არ მიღების განსაზღვრით.  კონკრეტული ქცევის განსაზღვრისათვის ცდის პირებს  ვეკითხებოდით თუ რომელ პარტიას მისცა ხმა. ჩვენს მიერ შედგენილი კითხვარის ნაცვლად ცდის პირები  არჩევნების შემდეგ ავსებდნენ კითხვარს, რომელიც  პირველი კითხვარის მსგავსი პრინციპით იყო აგებული  იმ განსხვავებით, რომ თითოეული ფაქტორი მოიცავდა  ორი ტიპის კითხვას: პირველი ეხებოდა იმას, თუ  როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ცდის პირს  მოცებული ფაქტორის მიმართ არჩევნებამდე, მეორე კი  – არჩევნების შემდეგ.

პირველი 22 კითხვა შეფასებითი ღირებულებისა იყო,  დანარჩენი კი –გადაწყვეტილების მიღების.        კითხვარის შევსებამდე ცდის პირს ვუჩვენებდით  არჩევნების შედეგებს და ამის შემდეგ ვთხოვდით  შესაბამისი პროცედურის გაკეთებას.

 

 

 

შედეგები

 

            მონაცემები დამუშავდა  `ეს-პე-ეს-ეს~ პროგრამით.        ჰიპოთეზის შესამოწმებლად გამოყენებულ იქნა  ლოგისტიკური რეგრესია. მოდელში ფაქტორების  შეყვანა წარმოებდა ეტაპობრივად. სულ აგებულ იქნა  შვიდი ტიპის მოდელი: I მოდელი – დამოკიდებულ  ცვლადად აღებულ იქნა განზრახვა, დამოუკიდებელ  ცვლადად შეფასებითი ღირებულების 11 და  გადაწყვეტილების მიღების 6 ფაქტორი. აღნიშნული  მოდელით ხდებოდა განზრახვის ფაქტორების დადგენა.  II მოდელით ხდებოდა გადაწყვეტილების ფაქტორების  დადგენა განზრახვის, როგორც დამოუკიდებელი  ცვლადის გათვალისწინების გარეშე. III მოდელში  დამოუკიდებელ ცვლადებს შორის გათვალისწინებული  იყო განზრახვა. IV მოდელით ხდებოდა ქცევის  ფაქტორების დადგენა; ამ შემთხვევაში დამოკიდებულ  ცვლადებს შორის გადაწყვეტილება და განზრახვა არ  შედიოდა. V მოდელში გადაწყვეტილება ქცევის  ფაქტორად განიხილებოდა. VI მოდელი დამოუკიდებელ  ცვლადთა შორის განზრახვა შედიოდა, ხოლო VII  მოდელში ქცევის დამოკიდებულ ცვლადებად  განზრახვაცა და გადაწყვეტილებაც განიხილებოდა. 

      თავდაპირველად დამუშავება ხდებოდა  პარტიების მიხედვით, შემდეგ კი ზოგად დონეზე,  პარტიების გაუთვალისწინებლად, რისთვისაც  გამოყენებულ იქნა ცვლადების საშუალო  მაჩვენებლები.

      ცვლადებს შორის მრავალმხრივი კორელაციის  არსებობის გამოსარიცხად ცვლადებს წრფივი  რეგრესიული ანალიზი გაუკეთდათ, რომლითაც ასეთი  კავშირების არსებობა არ დადასტურდა.

      ანალიზი გაკეთდა ხუთ პარტიაზე. დანარჩენ  პარტიებზე ანალიზი არ გაკეთებულა შერჩევის  სიმცირის გამო. ამ შემთხვევაში განვიხილავთ პარტიის“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” შედეგებს, რადგან ჩვენს გამოკვლევაში აღნიშნული  პარტიისათვის  ყველაზე დიდი შერჩევა  დაფიქსირდა.         

განვიხილავთ მხოლოდ იმ მოდელებს,  რომლებიც ქცევის უშუალო დეტრმინანტებს შეეხება.  სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ როდესაც  ქცევის ფაქტორების დადგენისას ქცევის უშუალო  დეტერმინანტად განზრახვას ვიღებდით, ფიშბეინის  ანალოგიურ შედეგებს ვღებულობდით; კერძოდ, ქცევის  უშუალო დეტერმინანტი მართლაც განზრახვაა  (რ=.5066). მაგრამ როდესაც ჩვენი ჰიპოთეზის  შესაბამისად ქცევის დეტერმინანტებს შორის   გადაწყვეტილებასაც განვიხილავდით, მაშინ ქცევის

უშუალო დეტრმინანტად გადაწყვეტილება  ფიქსირდებოდა (რ=.4851). VII მოდელის მიხედვით,  რომელიც დამოკიდებულ ფაქტორებს შორის  გადაწყვეტილებასაცა და განზრახვასაც შეიცავდა  აღმოჩნდა, რომ ქცევის უშუალო დეტერმინანტი  გადაწყვეტილებაა და არა განზრახვა (რ=.4851). III  მოდელის მიხედვით გადაწყვეტილება როგორც  დამოკიდებული ცვლადი მოიცავს განზრახვას, ხოლო  განზრახვა არ მოიცავს გადაწყვეტილებას.

    თუ ქცევის უშუალო დეტერმინანტი  გადაწყვეტილებაა, მაშინ ცხადია ქცევასა და  გადაწყვეტილებას შორის უფრო მაღალი კორელაცია  უნდა იყოს ვიდრე ქცევასა და განზრახვას შორის.  შესაბამისმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქცევასა და  განზრახვას შორის უფრო დაბალი კორელაციაა (რ= 0.7) ვიდრე ქცევასა და გადაწყვეტილებას შორის (რ=0.8).

    შეფასებებში ვლინდება პიროვნების სოციალური  განწყობები. თითოეული პატრიის დადებითად ან  უარყოფითად შეფასება, რომელიც შესაძლოა  რეალობას არც შეესაბამებოდეს,  მოცემულ  სოციალურ განწყობებზეა დამოკიდებული; ამასთან  დაკავშირერბით  გამოკვლევაში გამოყოფილ იქნა ორი  დამოუკიდებელი ჯგუფი:

     1. პირველ ჯგუფში შედიოდნენ  ის ცდის პირები

                          რომლებმაც  ხმა მისცა  მოცემულ პარტიას

     2. –ის ცდის პირები რომელთაც ხმა არ მისცეს

                          მოცემულ პარტიას.

     1. ---ის ცდის პირები რომელთაც გადაწყვიტეს

 ხმა მიეცათ მოცემული პარტიისათვის.

       2.----ის ცდის პირები, რომელთაც გადაწყვიტეს

ხმა არ მიეცათ

                         მოცემული პარტიისატვის.

ანალიზმა აჩვენა, რომ ის ცდის პირები რომელთაც  ხმა მისცეს პარტიას “მრეწველობა გადაარჩენს  საქართველოს” აღნიშნულ პარტია უფრო პოპულარული მიაჩნდათ, უფრო დემოკრატიული  და  სანდო; მათ მიაჩნდათ, რომ აღნიშნულ პარტიას  გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და გაიმარჯვებდა   კიდეც არჩევნებში; ცდის პირები  შესაბამისად  ხმის  მიცემის მაღალ ალბათობასაც აფიქსირებდნენ.

      მ.შ ის სუბიექტები, რომელთაც ხმა მისცეს  მოცემულ პარტიას მის შეფასებაში უფრო დადებით  ტენდენციას აფიქსირებდნენ, ვიდრე ის ცდის პირები,  რომელთაც ხმა არ მისცეს მოცემულ პარტიას.      

  ანალოგიური შედეგები დაფიქსირდა  გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ცდის პირები,  რომელთაც გადაწყვიტეს ხმა მიეცათ პარტიისათვის  “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს “ აღნიშნუოლ  პარტიას უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე სხვა  პარტიებს.

      მას შემდეგ,  რაც ცდის პირებისათვის  არჩევნების შემდეგ ნათელი გახდა არჩევნების  რეალური შედეგები, აღმოჩნდა, რომ შეფასებებში  მოხდა გარკვეული ცვლილებები. ცდის პირებს  ეძლეოდათ ერთიდაიგივე კითხვები არჩევნებამდე და

არჩევნების შემდეგ. მგ:  არჩევნებამდე----თქვენი აზრით, რამდენად

დემოკრატიულია მოცემული

                პარტია?

არჩევნების შემდეგ---არჩევნებამდე რამდენად

დემოკრატიული იყო

                    მოცენული პარტია? 

      ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგ ცდის პირთან  დადებითი ტენდენციით მოხდა გადაფასება , ზოგთან  კი უარყოფითი  ტენდენციით. მაგ: ცდის პირები  არჩევნების შემდეგ პარტიას “მრეწველობა გადაარჩენს  საქართველოს” უფრო ნაკლებ კორუმპირებულად  აფასებენ, გამარჯვების მეტ ალბთობას აფიქსერებენ  როგორც თბილისში  ასევე საქართველოში; მიაჩნიათ,  რომ არჩევნები ხელახლა რომ ტარდებოდეს მეტად  ისურვებდნენ პარტიის გამარჯვებას, და ხმის მიცემის  ალბათობაც გაიზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ  გადაფასება მოხდა შედეგების შესატყვისად;   პარტიების “საქარველოს აღორძინება” და  “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” შეფასებები  დადებითად გადაფასდა, ხოლო პარტიებისა  “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, “ეროვნულ  დემოკრატიული პარტია”—უარყოფითად.

 

 

 

ზოგადი დასკვნები:

 

 

            ამრიგად, მიღებული შედეგების საფუძველზე  შეიძლება დავასკვნათ, რომ ქცევის უშუალო  დეტერმინანტად გადაწყვეტილება უნდა მივიჩნიოთ და  არა განზრახვა, როგორც ეს ფიშბეინის ‘გააზრებული  მოქმედების თეორიითა’ დაშვებული. 

 

 

      არჩევანის გაკეთებისას ადამიანი კონფლიქტურ  სიტუაციაში ვარდება. არჩევანის გაკეთება  ინტელექტუალური და სოციალური მოთხოვნილებების  გათვალისწინებას გულისხმობს.  თუმცა საბოლოო  ქცევები ადამიანმა  პიროვნული ღირებულებეის  საფუძველხედაც უნდა  შეაფასოს და მიიღოს  გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება განწყობის  ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, წარმოადგენს უკვე არჩეული ქცევის შესატყვისი განწყობის ჩამოყალიბებას. ამ განწყობის ფორმირებაში ფსიქიკური პროცესები მონაწილეობენ; ადამიანი მისი ფორმირებისას  ითვალისწინებს  საზოგადოებრივ და პიროვნულ მოთხოვნებს,  მონაცემებს სინამდვილის საგნების მიმართებების  შესახებ. აღნიშნული ფსიქიკური პროცესები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღებამდე მივყავართ,  უფრო დაწვრილებით ანალიზს საჭიროებენ, რაც  ცალკე კვლევის თემას წარმოადგენს.     

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

ბალიაშვილი,  მ.  სოციალური განწყობის

ჩამოყალიბება და პიროვნების

                  აქტივობა. თბილისი,  1980.

 

ნადირაშვილი, შ.  განწყობის ფსიქოლოგია. ტ. I .

თბილისი, 1983.

ნადირაშვილი, შ.  განწყობის ფსიქოლოგია. ტ, II. 

თბილისი, 1983.

 

უზნაძე, დ.    შრომები.  ტ. VI. თბილისი, 1977.

 

უზნაძე, დ.   ზოგადი ფსიქოლოგია. თბილისი, 1940.

 

უზნაზე, დ.   განწყობის ფსიქოლოგიის

ექსპერიმენტული საფუძვლები.

              ტ. VI;   თბილისი, 1949.

 

 

 

 

 

 

ღირებულებები და პროფესიის არჩევანი

მარინა კუჭუხიძე

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

 

 

      შესავალი

 

      წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო  პროფესიის არჩევანსა და ინდივიდის ღირებულებებს  შორის არსებული დამოკიდებულების შესწავლა.  რამდენადაც ღირებულება არის ის ცენტრალური  კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს ერთი მხრივ  ადამიანის მსოფლმხედველობას, იდეოლოგიას,  არჩევანსა და მეორე მხრივ მის ქცევას, ორიენტაციასა,  და დამოკიდებულებებს გარშემომყოფების,  საზოგადოების, რელიგიისა, და გარემოს მიმართ,  ლოგიკურია რომ მას დიდი მნიშვნელობა უნდა  ჰქონდეს პიროვნების მიერ პროფესიის არჩევანში.

      როკიჩის მიხედვით ღირებულება განისაზღვრება  როგორც სასურველი ტრანსსიტუაციური მიზნები,  რომელთა მნიშვნელობაც ვარირებს ადამიანთა  ცხოვრების წამყავნი პრინციპებიდან გამომდინარე. ღირებულებათა შორის განმასხვავებელი არის  მოტივაციური მიზანი, რომელსაც ის გამოხატავს.       შვარცის თეორია ადამიანის ძირითადი  ღირებულებების შესახებ ორი მთავარი კომპონენტისაგან შედგება. ერთი ახასიათებს  ღირებულებათა 10 მოტივაციურად გამიჯნულ ტიპს.  მეორე, ღირებულებითი ორიენტაციების ამ ტიპებს  შორის დინამიურ ურთიერთკავშირს. თეორია  გვიჩვენებს, თუ რომელი ღირებულებებია მსგავსი,  თავსებადი და ურთიერთდამხმარე და რომელია  ოპოზიციური და კონფლიქტური ერთმანეთის მიმართ.

      განსხვავებული მნიშვნელობის ღირებულებათა  ტიპოლოგია შემდეგ საფუძველზე შეიქმნა: ადამიანური  არსებობისათვის დამახასიათებელ ცვალებადობასთან  შესაგუებლად ჯგუფები და ინდივიდები საკუთარ  მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს გადათარგმნიან  კონცეფციებში, რომლითაც ურთიერთობენ  ერთმანეთში, გამოხატავენ რა მათ ღირებულებების  ენაზე.

 

ღირებულებათა 10 მოტივაციურად განსხვავებული  ტიპი

1. თვითორიენტაციის ღირებულებათა ბლოკის  განმსაზღვრელი მიზანია დამოუკიდებელი ფიქრი და  მოქმედება _ არჩევანი, შემოქმედება და კვლევა.  თვითორიენტაცია გამომდინარეობს ორგანიზმის საჭიროებიდან აკონტროლოს და დაოსტატდეს და ავტონომიის და დამოუკიდებლობის ინტერაქციული მოთხოვნილებებიდან. ეს მოტივაციური ტიპი გულისხმობს ცვლილებას, თავისუფლებას, საკუთარი მიზნების არჩევანს, ცნობისმოყვარეობას და დამოუკიდებლობას.

 

2. სტიმულაციის ღირებულებითი ტიპი გამომდინარეობს ცვლილებისა და სტიმულაციის ორგანიზმის თანდაყოლილი საჭიროებიდან, რათა შეინარჩუნოს აქტივაციის ოპტიმალური მოთხოვნილების დონე. ეს საჭიროებები  დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ თვით-ორიენტაციის ღირებულებებთან. სტიმულაცია და  აგზნება ეფუძნება ბიოლოგიურ საფუძვლებს და განპირობებულია სოციალური გამოცდილებით, რასაც შეუძლია შექმნას ინდივიდუალური განსხვავებები სტიმულაციის ღირებულებათა მნიშვნელოვანებას  შორის. სტიმულაციური ღირებულებების მოტივაციური  მიზანი არის მღელვარება, სიახლე და ცვალებადი  ცხოვრება.

 

3. ჰედონიზმის ღირებულებითი ტიპი  გამომდიდანარეობს ორგანიზმის საჭიროებების და  სიამოვნებების დაკმაყოფილების მოთხოვნილებიდან. ეს  მოტივაციური ტიპი შეიძლება განისაზღვროს, როგორც  პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ  მიმართული.

 

4. მიღწევის ღირებულებათა განმსაზღვრელი მიზანი  არის პიროვნული წარმატება სოციალური  სტანდარტების შესაბამისად კომპეტენციის  დემონსტრირებით. კომპეტენციის დემონსტრირება  მოთხოვნილებად წარმოგვიდგება, თუ ინდივიდს აქვს  გადარჩენის, სოციალური ინტერაქციის და  ინსტიტუციონალური ფუნქციონირების წარმატების  რესურსები. ეს ტიპი აძლიერებს კომპეტენციის  დემონსტრაციას კულტურული სტანდარტების ფონზე  და სოციალურ აღიარებას აღწევს. ეს ღირებულებები  მოიცავს საკუთარი უპირატესობის შინაგან  სტანდარტს.

 

5. ძალაუფლების ღირებულებები ეყრდნობა  უნივერსალური მოთხოვნილებების მრავალ ტიპს.  სოციალური ინსტიტუტების ფუნქციონირება მოითხოვს  სტატუსთა დიფერენციაციის გარკვეულ ხარისხს და  დომინანტობა-მორჩილების განზომილებებს მრავალი  ინტერპერსონალური ურთიერთობის შიგნით.  სოციალური ცხოვრების ამ ფაქტის დაზუსტებისათვის  და ჯგუფის წევრების დათანხმებისათვის ასეთ  ურთიერთობებზე ჯგუფებმა უნდა თავის თავზე  გამოსცადონ ძალაუფლება, როგორც ღირებულება.  ძალაუფლების ღირებულებები აგრეთვე შეიძლება  იყოს დომინანტობის და კონტროლის ინდივიდუალური  მოთხოვნილებების ტრანსფორმაციები, რასაც  ანალიტიკოსები სოციალურ მოტივებს უწოდებენ.  ძალაუფლების ღირებულებების ცენტრალური მოტივია  სოციალური სტატუსის და პრესტიჟის მიღწევა,  ადამიანებზე და რესურსებზე კონტროლი და  დომინირება (ავტორიტეტი, სიმდიდრე, სოციალური  ძალაუფლება, საზოგადოებრივი იმიჯის შენარჩუნება,  სოციალური აღიარება).

   როგორც ძალაუფლების, ისე მიღწევის  ღირებულებები ფოკუსირდება სოციალურ  პატივისცემაზე. მიღწევის მოთხოვნილებები (მაგ.  წარმატება, ამბიციები) გამოხატავს  კონკრეტულ  ინტერაქციაში კომპეტენციის აქტიურ დემონსტრაციას,  ხოლო ძალაუფლების ღირებუბულები (ავტორიტეტი,  სიმდიდრე) გამოხატავს მრავალ გენერალურ  სოციალურ სისტემებში დომინანტური პოზიციის  მიღწევას და შენარჩუნებას.

 

6. უსაფრთხოების ღირებულებათა ტიპის მოტივაციური  მიზანია დაცულობა, ჰარმონია და სტაბილობა  საზოგადოებაში, ურთიერთობებში და საკუთარ თავში. ის წარმოიშვება ბაზისური ინდივიდუალური და  სოციალური მოთხოვნილებებიდან. შეიძლება  განვსაზღვროთ ორი განსხვავებული უსაფრთხოების  ღირებულებითი ტიპი _ ინდივიდუალური და ჯგუფური.  ზოგიერთი უსაფრთხოების ღირებულება ემსახურება უფრო მეტად ინდივიდუალურ ინტერესებს (მაგ.  ჯანმრთელობა), ზოგიერთი _ კოლექტიურ ინტერესებს  (მაგ. ნაციონალური უსაფრთხოება), ხოლო ზოგჯერ  ღირებულებები, რომლებიც მიეკუთვნება კოლექტიურ  ინტერესებს, განსაზღვრავენ პიროვნული  უსაფრთხოების მიზნებსაც.

 

7. კონფორმულობის ღირებულებათა განმსაზღვრელი  მიზანია შეაკავოს მოქმედებები, იმპულსები და  მიდრეკილებები, რომლებიც სხვებს გაანაწყენებენ, ან  ზიანს მიაყენებენ და დაარღვევენ სოციალურ  მოლოდინებსა და ნორმებს. ინდივიდუალური უჩვეულო  მიდრეკილებები შეიძლება იყოს სოციალურად  დამანგრეველი, თუ ურთიერთობები და ჯგუფის  ფუნქციონირება აირევა. კონფორმულობის  ღირებულებები ეხება გარშემომყოფებთან  ყოველდღიურ ურთიერთობებში თავშეკავებას.

 

8. ტრადიციის ღირებულებათა ტიპი ეყრდნობა  მოსაზრებას, რომ ჯგუფები ყველგან ავითარებენ  სიმბოლოებს და ქცევებს, რომლებიც წარმოადგენს  მათი გამოცდილების და ბედის ნაწილს. ეს  საბოლოოდ ხდება სანქციონირებული როგორც

ტრადიციები და ჩვევები, რომლებიც ღირებულია  ჯგუფის წევრებისათვის. ქცევის ტრადიციული  ფორმები ქმნიან ჯგუფური სოლიდარობის  სიმბოლოებს, ეს არის მათი უნიკალურობის  გამოხატულება და მათი გადარჩენის გარანტია.  ტრადიციები ყველაზე ხშირად იღებს რელიგიური  რიტუალების, რწმენების და ქცევის ნორმების ფორმას.  ტრადიციის ღირებულებების მოტივაციური მიზანი  არის პატივისცემა, მიღება და დათანხმება იმ  ჩვევებისა და იდეებისადმი, რომელსაც ერთი კულტურა, ან რელიგია სთავაზობს ინდივიდუუმს.

9. კეთილგანწყობის (ზრუნვის) ღირებულებები  ფოკუსირდება ყოველდღიურ ურთიერთობებში  გარშემომყოფების კეთილდღეობაზე ზრუნვაზე.  ზრუნვის ღირებულებათა მოტივაციის მიზანია იმ  ადამიანების კეთილდღეობის დაცვა და გაძლიერება,  რომელთანაც ის ხშირ კონტაქტში იმყოფება.

 

10. უნივერსალიზმის ღირებულებათა ტიპი ადამიანის  უნივერსალურ მოთხოვნილებებს გამოხატავს.  უნივერსალიზმის მოტივაციური მიზანია გაგება,  ტოლერანტობა და მფარველობა ადამიანისა და  ბუნების კეთილდღეობისათვის. ეს მიზანი  განსხვავებულია კეთილგანწყობის ღირებულებების  ვიწრო ფოკუსისაგან. უნივერსალიზმის ღირებულებათა  მოტივაციური მიზანი გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რომელიც ნათელი ხდება, როცა  ადამიანები კონტაქტში შედიან დიდ ჯგუფებთან და  აცნობიერებენ ბუნებრივი რესურსების დეფიციტს. ხალხს შეუძლია მიხვდეს,  რომ სხვა ადამიანების მიუღებლობა და მათი განსჯა  მათ კეთილდღეობას ჩიხში მოაქცევს, ხოლო გარემოს  დაუცველობა მათ მიიყვანს იმ რესურსების  დაშლისაკენ, რომელზეც დამოკიდებულია მათი  სიცოცხლე. აღმოჩნდა, რომ ასეთი ღირებულებები  შეიძლება არ ჰქონდეს ძალიან პატარა, იზოლირებულ,  ერთგვაროვან კულტურებს.

      ღირებულებები გაცნობიერებული მიზნების  ფორმით პასუხობს სამ უნივერსალურ მოთხოვნას,  რომელსაც ყოველმა ინდივიდმა, ან სოციუმმა უნდა  უპასუხოს: ინდივიდის, როგორც ბიოლოგიური  ორგანიზმის მოთხოვნილებებს, სოციალური  ურთიერთობების კოორდინაციისათვის აუცილებელ  მოთხოვნებს და ჯგუფების ნორმალური  ფუნქციონირების და გადარჩენის მოთხოვნებს.  ღირებულებათა 10 მოტივაციურად განსხვავებული  ტიპი წარმოიშობა ამ სამი უნივერსალური  მოთხოვნიდან. ღირებულებათა ურთიერთობის  სტრუქტურის გაგების გასაღები არის დაშვება, რომ  თითოეული ტიპის ღირებულების მოქმედებას აქვს  ფსიქოლოგიური, პრაქტიკული, ან სოციალური  შედეგები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდეს  კონფლიქტში, ან ეთანხმებოდეს სხვა ღირებულებების მოქმედებებს. 

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / უავტორო / პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალი