§ 4 .2. განწყობის მნიშვნელობა ქრისტეს სწავლებისადმი მოციქულთა დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში

 

გონივრული ხასიათის უზნაძისეული განწყობა ვლინდება მოციქულთა დამოკიდებულებაში ქრისტეს სწავლებისადმი. მოციქულთა განწყობის დადგენის მცდელობისას შევეცადე დამეკავშირებინა წმინდა წერილში მოთხრობილი ფაქტები იმ რეალურ ისტორიულ ვითარებასთან, რომელიც არსებობდა ისრაელში ქრისტეს დაბადებამდე და დაბადების პერიოდში. მკითხველს ვთხოვ ამ საკითხის გაცნობამდე წაიკითხოს წიგნის მე-4.1 ნაწილი «ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესები» და ყურადღება გაამახვილოს დ. უზნაძის განწყობის თეორიაზე. ისრაელი რომაელთა მიერ იყო დაპყრობილი. ებრაელი ხალხის თავისუფლება დათრგუნული იყო, მთელი

თაობები გაიზარდა რომაელთა ბატონობის პირობებში.

ამ პერიოდში ებრაელ ხალხში პატრიოტული გრძნობა ძლიერდება. ხალხმა მესიაზე იწყო ოცნება. ახალგაზრდა თაობებს ბავშვობიდანვე უნერგავდნენ აზრს მესიის მოსვლის შესახებ.

მესია – ძველებრაული სიტყვაა, «მაშიას» «ცხებულს» ნიშნავს, ე.ი. «მეფეთ ცხებულს», «კანონიერ მეფეს». ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში, დაახლოებით 742–701 წლებს შორის წმ. ესაიას წინასწარმეტყველების წიგნში ნაწინასწარმეტყველებია მესიის მოვლინება. «ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისათვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. საბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას» (ესაია 9,6).

ძველი აღთქმის წიგნებში გაბნეულია 60-მდე პირდაპირი და 270-მდე არაპირდაპირი მინიშნება მესიის მოსვლის შესახებ. ნაწინასწარმეტყველებია მესიის დაბადების ადგილი – ბეთლემი, ქალაქი 1000 მაცხოვრებლით, დრო – სანამ იერუსალიმის ტაძარი არ დაინგრევა. ტაძარი დაინგრა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს. იგი ჯერაც არ არის აღდგენილი. მითითებულია მესიის გენეალოგია. აღნიშნულია, რომ მესიას

მეგობარი უღალატებს და ღალატში 30 ვერცხლს აიღებს. ოცდაათი ვერცხლი დაყრილი იქნება მიწაზე. ამ ფულით ნაყიდი იქნება მიწა. წმინდა წერილში კიდევ მრავალი ფაქტია მოხსენიებული. თეოლოგთა შეხედულებებით, ყველა ნაწინასწარმეტყველები ფაქტი აღსრულდა ერთ პიროვნებაში – იესო ქრისტეში. «იესუ» ეწოდა ღვთის ძეს, რომელიც განკაცდა. «იესო» ნიშნავს «მაცხოვარს», «მხსნელს». «ქრისტე» ებრაული სიტყვის «მაშია» ბერძნული თარგმანია და ნიშნავს «ცხებულს». ეს არ არის საკუთარი სახელი. ეს არის ტიტული მეფის, რომლის მოსვლაზეც ოცნებობდნენ ებრაელები. ებრაელი ხალხი კარგად იცნობდა ძველ აღთქმას და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ღმერთი გამოუგზავნიდა დიდ მეფეს – მესიას, რომელიც დაამყარებდა მარადიულ მეუფებას, იხსნიდა რომაელთა ბატონობისაგან და აღადგენდა ებრაელთა ძველ დიდებას. დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ პოლიტიკურ-სოციალური ვითარების რეალურმა განცდამ და წმინდა წერილის კითხვამ ებრაელ ხალხში ჩამოაყალიბა ზოგიერთთათვის გაცნობიერებული, ხოლო უფრო მეტისთვის გაუცნობიერებელი განწყობა მესიის მოვლინებაზე. მრავალი იუდეველი ამ დღის მოლოდინით ცხოვრობდა, რაც სახარებით დასტურდება. მოსახლეობის უმრავლესობა, როდესაც იგებდა ქრისტეს სწავლებისა და სასწაულების შესახებ, კითხულობდა: «ეს ხომ არ არის მესია?» წმინდა წერილში ხშირად არის საუბარი ადამიანის ზნეობრივ დახვეწაზე. «როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს – მის ქედმაღლურ მზერას» (ესაია 10,12). წმინდა წერილში ბევრია ნათქვამი ცხოვრებისა და რწმენის საკითხებზე. უზნაძის თეორიიდან გამომდინარე, ვინაიდან არავითარი ფსიქიკური პროცესი განწყობის გარეშე არ მიმდინარეობს, ამიტომ არც ებრაელი ხალხია გამონაკლისი. სახარებიდან ნათელი ხდება, რომ ხალხს განწყობა შეექმნა პირველ რიგში როგორც ნაციონალურ-პოლიტიკურ მოვლენაზე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წმინდა წერილში ბევრ სხვა საკითხზეც არის მითითება. განწყობის თეორიიდან გამომდინარე, ეს ვითარება ახსნადია. პირველ ხანებში განწყობა დიფუზური ხასიათისა იყო, მომდევნო პერიოდში კი ის დიფერენცირებული გახდა. იგი დიფერენცირებული გახადა ისტორიულმა ვითარებამ, რეალურმა გარემომ, რომელიც სავალდებულოა განწყობის შესაქმნელად. ამიტომ განწყობა მესიაზე ემყარებოდა ნაციონალურ თავისუფლებას.

შურე თვლის, რომ წმინდა მოციქულებს ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ მესიაზე, როგორიც ებრაელთა უმრავლესობას, რომელთა შორისაც უხდებოდათ ცხოვრება. რეალური ისტორიული ვითარების და წმინდა წერილში მოთხრობილის აღქმამ მათ ჩამოუყალიბა კონკრეტული განწყობა მესიაზე. მათ სჯეროდათ, რომ მოვა მესია – დავითის შტოდან და იხსნიდა ებრაელ ხალხს რომის იმპერიის ბატონობისაგან. ამიტომ მოციქულებს უძნელდებოდათ მესიის იდეის დაკავშირება ქრისტეს სწავლებასთან. მოციქულებიდან მხოლოდ პეტრემ უპასუხა სწორად, როდესაც ქრისტემ ჰკითხა, თუ რად თვლიდა იგი მას. პეტრემ უპასუხა: «შენ ხარ ქრისტე ღმერთის შვილი», რაზედაც ქრისტემ გააფრთხილა, რომ სხვისთვის არ ეთქვა ეს. თუ რატომ გააფრთხილა, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. ქრისტეს ღმერთის შვილობა ძნელი აღსაქმელი იყო მოციქულებისათვის თუნდაც იმიტომ, რომ ებრაელები მონო-

თეისტები არიან, ხოლო ქრისტეს განკაცება წარმოუდგენელი – დაუშვებელი იყო მათთვის. ქრისტეს სწავლებაში პოლითეიზმს ხედავდნენ. მოციქულებს ვერ წარმოედგინათ მესია ჯვარზე გაკრული. ამ ფაქტმა კი მათში ფრუსტრაცია გამოიწვია. ისინი განუდგნენ მასწავლებელს, არ გაჰყვნენ ბოლომდე, უღალატეს. ამას პეტრეს ქცევაც ამტკიცებს, მან სამჯერ უარყო მასწავლებელი. ვერ მიჰყვნენ იმიტომ, რომ არ იყვნენ დარწმუნებულნი ქრისტეს ღმერთობაში, ამიტომ ვერც მისი სწავლება გააცნობიერეს. ვერ გააცნობიერეს იმიტომ, რომ ჯერ არ ჰქონდათ გამომუშავებული განწყობა მესიის ღმერთობაზე. მოციქულებში იმდენად ძლიერად იყო ჩამოყალიბებული განწყობა მესიის ნაციონალურ-პოლიტიკური მიმართულებით, რომ ვერ იწამეს თვალხილული საოცრება – ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. «დაბოლოს, ეჩვენა თვით თერთმეტს, ინახდ მსხდომთ, და დაჰგმო მათი ურწმუნობა და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი» (მარკოზი 16,14).

მოციქულების დამოკიდებულება ქრისტეს სწავლებისადმი ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომელიც აღწერილია წმინდა მარკოზის სახარებაში. იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე ქრისტე წინ მიუძღოდა მის მრავალ მიმდევარს. გზაში მან გვერდზე გაიხმო თორმეტივე მოწაფე და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას. «აჰა ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს, და მისცემენ წარმართთ, და შეურაცხყოფენ მას და სცემენ მას, და აფურთხებენ მას, და მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება იგი» (მარკოზი 10, 33-34). საუბრის დროს ზებედეს შვილებმა იაკობმა და იოანემ სთხოვეს: «მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ» (მარკოზი 10,35). ქრისტემ ჰკითხა, რის შესრულებას მოითხოვთო. «მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში, ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ» (მარკოზი 10,37). პასუხად ქრისტემ უთხრა: «არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?» (მარკოზი 10,38). ძმებმა განაცხადეს – შეგვიძლიაო. ქრისტემ უპასუხა: «მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ – მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს» (მარკოზი 10,40). ამის მოსმენისას ათივე მოწაფე რისხვით აღივსო ძმების მიმართ. ეს შემთხვევა აღწერილია აგრეთვე მათეს სახარებაში იმ განსხვავებით, რომ ქრისტეს ზებედეს ცოლი ევედრება შვილებზე.

მათესა და მარკოზის სახარებაში აღწერილი ეს ისტორია გვარწმუნებს იმაში, რომ მოციქულები არ იყვნენ გარკვეულნი ქრისტეს ახალ სწავლებაში. მათ მესიაზე წარმოდგენა ჰქონდათ, როგორც ისრაელის რეალურ მეფეზე. ამიტომ სთხოვდა ზებედეს ოჯახი, რომ ქრისტეს მის სამეფოში ებოძებინა რაღაც დიდი სოციალური მდგომარეობა იაკობისა და იოანესათვის. ათი მოწაფის განრისხება ძმების მიმართ შესაძლებელია აიხსნას ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტით. ვინაიდან ძმებმა დაასწრეს მათ ოცნების განხორციელების რეალიზაციის დაწყებაში.

ის, რომ მოციქულებმა ვერ იწამეს ქრისტეს მესიობა, ჩანს თომას ქცევიდანაც. აღდგომის შემდეგ, როცა ქრისტე გამოეცხადა მოწაფეებს, მათ შორის არ იმყოფებოდა თომა. მოწაფეებმა თომას უთხრეს: «ვიხილეთ უფალი». მან თქვა: «თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ლურსმნების ნაჭდევს და არ ჩავყობ ნაჭდევში თითს, ხოლო მის ფერდში არ ჩავდებ ხელს, არ ვირწმუნებ» (იოანე 20,25). საუბრიდან რვა დღის შემდეგ, როდესაც მოწაფეები ერთად იყვნენ ჩაკეტილ სახლში, მათთან შევიდა ქრისტე, დადგა მათ შორის და თომას მიმართა, «მოიტა შენი თითი, და იხილე ჩემი ხელები, და მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში, და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს» (იოანე 20,27). თომამ თქვა: «უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!» (იოანე 20,28). იესომ თომას ყველას გასაგონად უთხრა: «რაკი მიხილე, თომა იმიტომ მიწამე, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს» (იოანე 20,29). ქრისტეს ამ სიტყვებით ვრწმუნდებით, რომ მის სწავლებაში გარკვევა ადამიანს თვითონ უნდა მოეხერხებინა. საკუთარი გონების მეშვეობით უნდა დახვეწილიყო. დახვეწილიყო იმდენად, რომ შეეყვარებინა მტერი მისი. ქრისტე ხშირად იგავებით მიმართავდა მასთან მისულ ხალხს და თავის მოწაფეებს, რათა ადამიანი ჩასწვდომოდა იგავის სიბრძნეს და გამოემუშავებინა განწყობა მისი ჭეშმარიტი მოძღვრების მიმართ. ალბათ, გასაგები ხდება ის ფაქტი, თუ რატომ გააფრთხილა ქრისტემ მოციქული პეტრე, არ ელაპარაკა სხვებთან მასზე, როგორც ღმერთის შვილზე.

უზნაძის თეორიის მიხედვით, განწყობის საფუძველზე ყალიბდება მიზანსწრაფული ქცევა, რომელიც არ წარმოადგენს ფსიქიკური პროცესის ინერციას და არც მდგრადობას, რომელსაც პიროვნება ხშირ შემთხვევაში მიჰყავს მცდარ მოქმედებამდე, რაც რეალურად განხორციელდა მოციქულთა შორის. მოწაფეები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდგომ რამდენჯერმე გამოცხადებისა და სულიწმინდის მიღებით, ჭეშმარიტი მიმდევარნი გახდნენ მას შემდეგ, რაც თავის თავში გარდაქმნეს განწყობა და «იყვნენ მუდამ ტაძარში და ადიდებდნენ და აკურთხებდნენ ღმერთს» (ლუკა 24,53).

 

რეზიუმე

 

ადამიანის ქცევა, ფროიდის მიხედვით, ხორციელდება არა მარტო საარსებო გარემოსა და სოციალური ფაქტორების გაცნობიერებული პროცესების გავლენით, არამედ ზოგიერთი იმ პროცესითაც, რომელიც ქვეცნობიერად მიმდინარეობს ნერვულ სისტემაში. ფროიდი განარჩევდა წინაცნობიერსა და ქვეცნობიერს. ქვეცნობიერს ნეიროფსიქოლოგები მიიჩნევენ ადამიანის ფსიქიკური მოქმედების გამაადვილებელ და სარეზერვო ფაქტორად. იუნგის გაგებით სუბიექტის ფსიქიკაში პრევალირებს კოლექტიური ქვეცნობიერის ფენომენი.

არაცნობიერ პროცესებში ადამიანის ტვინი წამში 109 ბიტ ინფორმაციას ამუშავებს, ცნობიერში კი მხოლოდ 102. უცნობია, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია მუშავდება ქვეცნობიერსა და წინაცნობიერში. განწყობა არის რაიმეს მიმართ სუბიექტის დამოკიდებულების განმსაზღვრელი მდგომარეობა. განწყობა თავს იჩენს შეხედულებებში, გრძნობებსა და მიზანმიმართულ ქცევებში. იგი მონაწილეობს ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. დ. უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია.

დ. უზნაძის თეორიის მიხედვით ვერც ერთი ცნობიერი ფსიქიკური მოვლენა ქმედებით ვერ გამოვლინდება განწყობის გარეშე. იმისათვის, რომ ცნობიერებამ დაიწყოს გარკვეული მიმართულებით მუშაობა, აუცილებელია სახეზე იყოს აქტუალური წინასწარი განწყობა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ქცევის მიზანსწრაფულობას და მოწესრიგებულობას.

ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესი არ განსხვავდება ცნობიერისაგან. დ. უზნაძის შეხედულებით, ქვეცნობიერ ფსიქიკურ პროცესს არ გააჩნია არც ერთი სპეციფიკური თვისება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყოფა ცნობიერისაგან. მისი შეხედულებით, ქვეცნობიერი პროცესი, რომელიც რეალურად არსებობს, არის განწყობა და იგი ინტენსიურად შეისწავლება ფსიქოანალიტიკოსების მიერ. განწყობა არ წარმოადგენს სუბიექტის ცნობიერებისაგან გამოყოფილ აქტს, იგი განხილული უნდა იყოს როგორც სუბიექტის მთლიანობის გარკვეული შემადგენელი მოდუსი. ის, რაც რეალურად ქვეცნობიერად მიმდინარეობს ჩვენს ფსიქიკაში, არის განწყობა. გონივრული ხასიათის უზნაძისეული განწყობა ვლინდება მოციქულთა დამოკიდებულებაში ქრისტეს სწავლებისადმი.

 

კითხვები განსჯისთვის

1. რამდენ ბიტ ინფორმაციას ამუშავებს ადამიანი ცნობიერ და არაცნობიერ პროცესებში?

2. ზ. ფროიდის მიხედვით, რა განაპირობებს ადამიანის ქცევას?

3. ჩამოაყალიბეთ უზნაძისეული განწყობის თეორია.

4. შეადარეთ ქვეცნობიერი პროცესი უზნაძის განწყობის თეორიას.

5. დაასაბუთეთ განწყობის გავლენა ქრისტეს სწავლებისადმი მოციქულთა დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

 

 

თავი მეხუთე

რელიგიური ცნობიერება და რწმენა

 

 

§ 5.1. რელიგიური ცნობიერება საზოგადოების ცნობიერების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს რელიგია. იგი ემყარება ადამიანთა წარმოდგენას ღმერთის ან ღმერთების არსებობის შესახებ. რელიგია არის ზებუნებრივი ძალების რწმენა, რომლებიც განაგებენ სამყაროს. ლენსკის (Lenski, 1961) განმარტებით, რელიგია არის «სისტემა რწმენისა იმ ძალების, რომლებიც მართავენ ადამიანის ბედს და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რომლის შემსრულებელია გარკვეული ჯგუფი». ეს განმარტება საკმაოდ ფართოა, ვინაიდან სისტემაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მრავალი სხვადასხვა სისტემა, რომელსაც კავშირი არა აქვს რელიგიასთან, მაგალითად, კაპიტალისტური, კომუნისტური, სოციალისტური და ა.შ. უფრო ზუსტ განმარტებას გვთავაზობს ჯონსტოუნი «რელიგია  ეწოდება რწმენისა და რიტუალთა სისტემას, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე, რასაც თვლის წმინდანად და ზებუნებრივად». როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ იმ სამყაროში, რომელშიც ღმერთი არ არსებობს? XVIII საუკუნიდან დაწყებული, ეს შეკითხვა გასდევს მთელ დასავლურ კულტურას. კითხვა დაისვა მას შემდეგ, რაც თეოლოგებმა და მრავალმა მორწმუნემ შეამჩნიეს, რომ საზოგადოების განვითარებაზე რელიგიის გავლენა სუსტდება.

XIX საუკუნის მიწურულს ნიცშე აცხადებს: «ღმერთი მოკვდა». ქრისტიანული რწმენა ჩვენთვის იყო ის, რაც გვისახავდა ცხოვრების მიზანს. დღეს უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანული რელიგიის მფარველობის და ყოველგვარი სტანდარტების გარეშე, – ამტკიცებდა ნიცშე. იგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ჩვენი ცხოვრება უმიზნოა და არავითარი უმაღლესი არსებანი არ აკვირდებიან ჩვენ ბედს. იგი გვთავაზობდა ზეკაცის შექმნას. რელიგიის გავლენის შესუსტებას სამოქალაქო ცხოვრებაზე ხელი შეუწყო სეკულარიზაციის პროცესმა. სეკულარიზაცია არის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესი, რომლის შედეგად საეკლესიო და სამონასტრო საკუთრება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. რელიგიური იდეები საეკლესიო, სასულიერო გამგებლობიდან გადადის საერო, სამოქალაქო გამგებლობაში, მაგალითად, სასკოლო განათლების სეკულარიზაცია. სეკულარიზაცია ათავისუფლებს დიდ საზოგადოებრივ სექტორებს, კულტურას, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს და ინდივიდებს სანქციონირებული რელიგიური გავლენისაგან. სეკულარიზაციის ხარისხი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში.

რელიგიური რწმენის შესახებ უახლესმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ბრიტანელთა 80%-ს სწამს ღმერთის არსებობა. შეერთებულ შტატებში ტრადიციული ეკლესიების პარალელურად წარმატებით ვითარდება ასეულობით სექტა და კულტი. ირანსა და წინა აზიის რეგიონებში ვითარდება ისლამური ფუნდამენტალიზმი. ჩრდილოეთ ირლანდიაში პროტესტანტები და კათოლიკეები მათთვის მისაღები რელიგიური ორიენტაციის დემონსტრირებას ახდენენ. რომის პაპის მოგზაურობას სამხრეთ ამერიკაში დიდი აღფრთოვანებით ხვდებოდა მილიონობით კათოლიკე. აღწერილი ფაქტები მეტყველებს ღმერთის სიკვდილის შესახებ ნიცშეს აზრის უსაფუძვლობაზე.

სეკულარიზაციის პროცესს მრავალი ასპექტი გააჩნია. თანამედროვე სახელმწიფო გამოყოფილია ეკლესიისაგან. ბევრი სახელმწიფო მოსახლეობის მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით უფროა დაკავებული, ვიდრე მათი სულიერი ჯანმრთელობით. იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ისტორიულად ჩამოყალიბებული იყო ძლიერი კავშირი რელიგიასა და მართვის ფორმას შორის, რელიგიამ დაკარგა გავლენა. მაგალითად, ირლანდიაში, სადაც დომინანტია კათოლიკური ეკლესია, აკრძალულია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გაყიდვა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კერძო ორგანიზაცია მაინც ახერხებს მათ რეალიზაციას. საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს, ქალებს საშუალება აქვთ გაიკეთონ აბორტი, მიუხედავად იმისა, რომ აბორტი კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალულია.

კაპიტალიზმის განვითარება ანგრევს საზოგადოებაზე ეკლესიის გავლენას. ადამიანები ისწრაფიან ქონების დაგროვებისა და მდიდრული ცხოვრებისაკენ. მრავალი საეკლესიო დღესასწაული, მაგალითად, აღდგომა და ქრისტესშობა, უბრალოდ დასვენების დღეებად გადაიქცა. ამ დღეებში ადამიანები ყიდულობენ სხვადასხვა სახის მდიდრულ საჩუქრებს.

საკამათო ხდება რელიგიურ საკითხთა კომპრომისი. რელიგიურ კონფლიქტთა რეგულირების გამო ზოგჯერ ადგილი აქვს რელიგიური პრინციპებისა და რიტუალების გავლენის შესუსტებას. ეს ხდება მოქიშპე მხარეთა გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. ამიტომ სახელმძღვანელოებიდან იღებენ ცალკეულ რელიგიურ საკითხს, რათა არ გამოჩნდეს ზოგიერთი კონფესიის უპირატესობა. ანალოგიური კომპრომისი მოხდა კათოლიკურ ეკლესიაში, როდესაც ოფიციალურად იქნა უარყოფილი ტრადიციული რომაულ-კათოლიკური ლიტურგია. მესა ტარდება მსმენელთა ენაზე. დიდი ხანია ბიბლია იბეჭდება მრავალ ენაზე.

ხშირად გაგვიგია შეგონება, სტუმარს არ უნდა ელაპარაკო პოლიტიკაზე, სექსსა და რელიგიაზე. რატომ ხდება რელიგია გააფთრებული კამათის საგანი? ვინც ეზიარა რომელიმე რელიგიას, მისი პირადი საქმეა. არავის არა აქვს მასში ჩარევის უფლება. ამა თუ იმ რელიგიის აღმსარებელს ყოველთვის აღიზიანებს ნებისმიერი აზრი მისი არჩევანის სისწორის შესახებ. რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იმაში გამოიხატება, რომ იგი ადამიანს ცხოვრების მიზანს უქმნის.

ამ მხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ცნობილი გემთმშენებელი და მათემატიკოსი ა. კრილოვი თავის მოგონებებში ათეისტებისადმი ნაპოლეონის დამოკიდებულების შესახებ. კრილოვი 1921 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ მიავლინა ევროპაში წიგნებისა და ჟურნალების შესაძენად. პარიზში მას მოუხდა ფრანგული ენციკლოპედიის დანართის ტომების წაკითხვა, რომლებშიც გამოქვეყნებული იყო ნაპოლეონის კარნახით ან მის მიერვე დაწერილი ბრძანებები. ამ

ტომებში აღმოჩნდა 1805 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული იმპერატორ ნაპოლეონის მიმართვა თავისი ერთ-ერთი მინისტრისადმი. შამპინს ნაპოლეონი აძლევს მითითებას, რომ მან, როგორც მინისტრმა, მიაქციოს ყურადღება და მეგობრულად ურჩიოს ასტრონომ ლალანდს, თავი შეიკავოს ათეისტური ხასიათის შრომების ბეჭდვისაგან. თუ ლალანდი მეგობრულ რჩევას არ გაიზიარებს, ნაპოლეონი იძულებული იქნება გაიხსენოს მისი უპირველესი მოვალეობა. ის ვალდებულია დაიცვას თავისი ხალხი ზნეობრივი მოწამვლისაგან. ვინაიდან ათეიზმი არის ყოველგვარი ზნეობის დამრღვევი არა მარტო ცალკეულ პირებში, ის საშიშია მთელი ნაციისათვის. ათეიზმი არის საზოგადოებრივი ყოფის დამრღვევი. ის ართმევს ადამიანს სიმშვიდეს და უსპობს იმედს. ცნობილმა ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ასტრონომმა ლაპლასმა ნაპოლეონს აჩუქა თავისი ხუთტომეული – «ციური მექანიკა» – სამყაროს წარმოშობისა და აგებულების შესახებ, რაზედაც გაკვირვებულ ნაპოლეონს უთქვამს: «მე მასში ვერ ვნახე ხსენება შემოქმედისა». აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, თანამედროვეთა ცნობით, ნაპოლეონი ათეისტი იყო. დოსტოევსკი რომანში «ეშმაკეულნი» ზუსტ და ლაკონიურ შეფასებას აძლევს ათეიზმს: «თუ ღმერთი არ არს, ყველაფერი დასაშვებია».

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაერთიანებული ერების ეგიდით ჩატარდა კონფერენცია «გარემო და განვითარება». კონფერენციაზე, ეკონომიკური ზრდის პრობლემასთან ერთად, პირველად ცივილიზაციის ისტორიაში განხილულ იქნა ადამიანთა სამეურნეო მოღვაწეობის შედეგები ჩვენს პლანეტაზე. შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა. კონფერენციის მასალებში კონსტატირებულია, რომ პლანეტა მოიცვა გლობალურმა ეკოლოგიურმა კრიზისმა. გარემოს დეგრადაცია ელოდება. დღეს კაცობრიობა დგას თვითამოწყვეტის ზღვართან. მეცნიერთა პროგნოზით, თუ არ ჩატარდა კარდინალური ღონისძიებები, 20-30 წლის შემდეგ კაცობრიობა დაიწყებს პლანეტიდან სწრაფ გაქრობას. ცოდნით შეიარაღებულმა ჰომოსაპიენს-მა გაანადგურა გარემო და მოწამლა საკუთარი საარსებო პირობები. კაცობრიობის ამ მდგომარეობამდე მისვლის ძირითადი მიზეზი ჩვენი ცივილიზაციის უსულობაა. ადამიანმა თავისი ევოლუციის გრძელ გზაზე მჭიდრო კავშირი დაამყარა ცოცხალ ბუნებასთან – როგორც მცენარეულ საფართან, ისე ცხოველთა სამეფოსთან. კულტურული და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად ადამიანის ურთიერთობა ცოცხალ ბუნებასთან დაირღვა. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებას ტელეეკრანისა და კომპიუტერების საშუალებით აღიქვამს.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანს დაავიწყდა, რომ იგი ჩვენი ბიოსფეროს შვილია. მას აღარ აქვს იმ ბიოსფეროს სიყვარული, რომელმაც არსებობის საშუალება მისცა. ადამიანი ანგრევს ბიოსფეროს. ამ დამანგრეველი პროცესის შესაჩერებლად ბიოლოგ-ევოლუციონისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ედუარდ უილსონმა 1984 წელს გამოიყენა ტერმინი «ბიოფილია», რომელიც, ფრომის მიხედვით, არის ნებისმიერი ცოცხალის მოყვარული პიროვნება. უილსონმა გამოსცა ამავე სახელწოდების წიგნი. ე. უილსონისა და იელის უნივერსიტეტის პროფესორ სტეფან კელერტის ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის ცხრა ტიპი  რედაქციით გამოქვეყნდა ესეთა კრებული სახელწოდებით «ბიოფილიის ჰიპოთეზა”. ბიოფილიის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის 9 ტიპი (ცხრილი 5.1).

დადგა დრო, ტექნიკურმა ევოლუციამ გონიერი ადამიანი რელიგიური გახადოს. ადამიანს დაშვებული შეცდომების გამოსწორება რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბების საშუალებით შეუძლია. თუ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს რელიგიასთან, ნაჩვენებია ცხრილში 5. 2. ცხრილი ემყარება 1988 წლის 8 დეკემბერს მოსკოვში და ამერიკის ოთხ ქალაქში:

ბოსტონში, დეტროიტში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში ჩატარებული გამოკითხვით დადგენილ საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა და ამერიკელი ადამიანები პასუხობდნენ 100 ერთსა და იმავე შეკითხვას, რომელთაგან სამი ეხებოდა რელიგიას. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები. ყოველ ქალაქში შერჩეულ იქნა 1000 ადამიანი. ამორჩევა ხდებოდა კომპიუტერით – შემთხვევით, ქალაქის აბონენტთა წიგნიდან.

ცხრილში 5.2 ნაჩვენებ პასუხთა პროცენტული რაოდენობა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ საბჭოეთის დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდან ბოლშევიკურმა მთავრობამ მისი ბელადის, ლენინის უშუალო მითითებით და აქტიური მონაწილეობით სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა რელიგიას: დახვრიტეს მრავალი სასულიერო მოღვაწე, დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, მეჩეთები და სინაგოგები, აიკრძალა მღვდელმსახურება. საბჭოთა მოქალაქის სოციალურ- პოლიტიკური კარიერა თხოულობდა, რომ იგი  ყოფილიყო კომუნისტური პარტიის წევრი, გამოხატული ათეისტური მსოფლმხედველობით. საზოგადო მოღვაწეების მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათი ოჯახის წევრებიც იძულებულნი გახდნენ ყოფილიყვნენ ათეისტები. საბჭოთა მოქალაქეების თაობები გაიზარდნენ ათეისტური სულისკვეთებით.

საბჭოთა მთავრობამ ადამიანთა ათეისტურ აღზრდაში ეფექტურად გამოიყენა «ჩეკისტთა» ინსტიტუტი. მართალია, ამ ინსტიტუტს სახელი ეცვლებოდა, მაგრამ ფინანსდებოდა კარგად, აღჭურვილი იყო უახლესი სამეცნიერო მიღწევების საფუძველზე შექმნილი ხელსაწყოებით და სინთეზირებული ქიმიური პრეპარატებით. ჩეკისტთა არაადამიანური დამოკიდებულება ხალხის მიმართ მართლდებოდა იდეოლოგიური მოსაზრებით, რომ გარეშე მტერი არ გარდაქმნილიყო შინაურ მტრად. გარეშე მტრად გამოცხადებული იყო კაპიტალისტური სახელმწიფოები თავიანთი იდეოლოგიით. იქმნებოდა კინოფილმები და სხვადასხვა სახის მხატვრული ნაწარმოებები ჩეკისტთა «გმირობაზე». საბჭოთა ხალხები ათეისტური განწყობით აშენებდნენ სოციალიზმს და სწრაფად უნდა გადასულიყვნენ კომუნიზმში. იყო კი როდესმე აშენებული სოციალიზმი საბჭოთა კავშირში? ამ კითხვაზე მარქსი ვეღარ გვიპასუხებს.

აღსანიშნავია ერთი გარემოება. 1943 წლის 4 სექტემბრის საღამოს კრემლში სტალინი შეხვდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამ მიტროპოლიტს. შეხვედრაზე სტალინის მითითებით გადაწყდა, რომ მრავალი წლის ლოდინის შემდეგ დანიშნულიყო მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურის ოფიციალური არჩევნები. მიტროპოლიტად არჩეულ იქნა სერგი სტრაგოროდსკი. ასე დაიწყო ისტორიის ახალი ფურცელი საბჭოთა მთავრობის ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხში. ეკლესიის წარმომადგენლებთან სტალინის პირველ შეხვედრას მოჰყვა მეორე. 1945 წლის 10 აპრილს სტალინმა კრემლში მიიღო მოსკოვის და სრულიად რუსეთის ახლად არჩეული პატრიარქი ალექსი სიმანსკი, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა გარდაცვლილი პატრიარქი სერგი. ამ შეხვედრებით სტალინმა შეცვალა ეკლესიისადმი საბჭოთა მთავრობის კურსი. აღდგა წირვა-ლოცვები, დაიწყო საეკლესიო ლიტერატურის ბეჭდვა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა მეთაური ხდება ნ. ხრუშჩოვი. ის ვერ ერკვეოდა ეკლესიისადმი სტალინის დამოკიდებულების ნიუანსებში. იგი ეკლესიასთან ბრძოლის პერიოდში იყო გაზრდილი. სასულიერო პირებს ხშირად მიმართავდა: «თქვენ ხალხს ტვინს ურევ- თო». ხრუშჩოვი მისი პოლიტიკური კარირის დასრულებამდე აქტიურად ებრძოდა რელიგიას. შორეული წარსულიდან დაწყებული დღემდე მსოფლიოს სამი დიდი რელიგია – ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი – საზოგადოებაში ასრულებს ორ განსაკუთრებულ ფუნქციას:

 -  -  -  აერთიანებს მორწმუნეებს;

 -  -  რელიგიური რიტუალების საშუალებით ახდენს საზოგადოების ცხოვრების რეგლამენტაციას. ამიტომ, ბუნებრივია, რელიგიურ ცნობიერებას დიდი როლი მიუძღვის საზოგადოების კულტურულ ევოლუციაში. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ჩრდილო ინდოეთის ქალაქ კაპილავასტუში, ახლანდელი ნეპალის ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ბრძენი კაპილა, მეფობდა შაკიათა ტომის მბრძანებელი შუდჰოდანა. სამეფო არ იყო დიდი, 30 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ნიადაგი იყო ნოყიერი და ხალხი მშრომელი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით შუდჰოდანას მეუღლემ, მაჰამაიამ, იბანავა ჰიმალაის მთიანეთის ტბაში და მიიძინა წმინდა ხის ქვეშ. სიზმარში ნახა, რომ მარჯვენა ფერდში უმტკივნეულოდ შეუვიდა თეთრი ექვსეშვიანი სპილო. აღელვებულმა ქმარს უამბო უცნაური სიზმარი. მაშინდელი ტრადიციისამებრ მოხუცმა შუდჰოდანმა ქვეყნის ყველა კუთხიდან მოიწვია ვარსკვლავთმრიცხველნი მეუღლის სიზმრის ასახსნელად. მათ სიზმარი შემდეგნაირად ახსნეს: დედოფალს შეეძინება ვაჟი, რომელიც ქვეყანას უმძლავრეს მეფედ მოევლინება, ხოლო თუ განუდგება სააქაოს, გადაიქცევა მხსნელ მეფედ, რომლის სწავლება გაანათლებს ყველას. პირველ შვილზე ფეხმძიმე მაჰამაიმ გადაწყვიტა ემშობიარა მშობლების სახლში. კაპილავასტუდან მშობლიურ სოფელში მიმავალმა მაიამ ლუმბინთან ახლოს ირმების ბაღში მარჯვენა ფერდიდან სასწაულებრივად შვა ვაჟი. დაბადებამ ბუნების ზეიმი გამოიწვია. დადუმდნენ მხეცნი, გაიშალნენ ყვავილები. ახალდაბადებულმა შვიდი ნაბიჯი გადადგა (ზოგი წყარო ოთხ ნაბიჯს აღნიშნავს), ძლევის ყიჟინი დასცა და ლომივით დაიძახა: «მე შეუდარებელი ვარ. ეს იქნება ჩემი ბოლო გარდასახვა». ძველი ლეგენდის მიხედვით, დაბადებულს დაჰყვა სხეულის 32 სპეციფიკური ნიშანი. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს მათი ჩამონათვალი ერნსტ მულდაშევის ნაშრომის 204-ე გვერდზე. მემკვიდრის დაბადებით გახარებულმა შუდჰოდანმა ბრძანა პატიმართა განთავისუფლება და ბევრი ღარიბი დაასაჩუქრა. ბავშვი მიიყვანა ბრძენ ასიტასთან მისი ჰოროსკოპის შესადგენად. მემკვიდრის ბედით დაინტერესებულმა შუდჰოდანმა ისურვა მაიას სიზმრის ხელახლა ახსნა. ყველა ასტროლოგმა ერთი და იგივე პასუხი მოახსენა: «შენს ძეს ორი შესაძლებლობა აქვს ამ ცხოვრებაში, ან დიდი მეფე გახდება, ან მიატოვებს ქვეყნიერებას, რათა ეძიოს ჭეშმარიტება და მსოფლიოს უდიდესი განსხივოსნებული მოძღვარი იქნება». მხოლოდ ერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდა ასტროლოგმა თქვა: «არა, მეფეო, ეს ადამიანი ძალიან დიდხანს, მრავალი სიცოცხლის განმავლობაში იყო ძიებაში. მისი დრო მოვიდა, ის უეჭველად განსხივოსნდება, სხვა შესაძლებლობა არ არსებობს».

დაბადებულ უფლისწულს სიდხარტა (მიზნის მიმღწევი) დაარქვეს. დედის საპატივცემულოდ, ვინაიდან ის გაუტამთა ტომიდან იყო, უფლისწულს გაუტამას უწოდებდნენ. სიდხარტა გაუტამა მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ბუდა შაკიამუნი. ბოლო პერიოდის გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბუდას მამის, შუდჰოდანის, მეფედ მოხსენიება არ არის სწორი. ამ პერიოდში ჩრდილო ინდოეთის ტომებში დემოკრატიული ყოფა იყო დამკვიდრებული. მმართველს (რაჯუს) ირჩევდნენ 12 წლით. აღსანიშნავია ერთი გარემოება – არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს ქალაქ კაპილავასტას არსებობა. აღმოჩენილია იმ წარწერებიანი სვეტის ნანგრევებიც, რომელიც დადგმული იყო ბუდას დაბადების ადგილის აღსანიშნავად.

სიდხარტა გაუტამას დაბადებიდან მეშვიდე დღეს მაია გარდაიცვალა. მას დედობა დეიდამ – მაჰაპრაჯაპატიმ გაუწია. შუდჰოდანი შეწუხებული იყო მემკვიდრის მომავლით. მოხუცმა ვეზირმა დაამშვიდა და ურჩია: «ისე გაზარდე შვილი, რომ არ იცოდეს არაფერი გაჭირვებაზე, ავადმყოფობაზე, სიბერესა და სიკვდილზე. ნუ გააკარებთ იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტს ეძებს, ვიდრე ამქვეყნიური სიცოცხლეა. თუ ასე მოიქცევი, ის არასდროს ჩაუფიქრდება ყოფიერებას და არც სიცოცხლეს მიატოვებს.» შუდჰოდანმა დაუჯერა ვეზირს. შვილს აუშენა სამი სასახლე და ზრდიდა ფუფუნებაში. ყველა მისი სურვილი სრულდებოდა. ბავშვობაში მას არასდროს უნახავს ავადმყოფი, მოხუცი, გაჭირვებული და მკვდარი. გაუტამა სწრაფად იზრდებოდა, ადვილად ეუფლებოდა სიბრძნეს, ლაპარაკობდა მრავალ ენაზე.

16 წლის გაუტამას შერთეს ნათესავი, მზეთუნახავი იასუდარი. იასუდარის მამა განებივრებული ახალგაზრდის სიძეობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გაუტამამ ყველა მოწინააღმდეგე დაჯაბნა ასპარეზობაში, სიბრძნესა და ხელოვნებაში. მის წინაშე ყველამ დამარცხებულად ცნო თავი. მალე ბედნიერ ცოლ-ქმარს შეეძინა ვაჟი რაჰულა.

ასრულდა დედოფლის სიზმარი. მას შემდეგ, რაც ცოლ- შვილიანმა უფლისწულმა იხილა კბილჩაცვენილი მოხუცი, დასნეულებული ადამიანი, მიცვალებული, რომლის სულმა დატოვა სხეული, გონება ჩაუქრა, გული გაუქვავდა და განშორდა მახლობლებს. როდესაც გაუტამამ შეიტყო ისიც, რომ ასეთია ყოველი ადამიანის სიცოცხლის ბოლო, მის სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა. მან ტყის პირას იხილა ყანაში მომუშავე დაქანცული ხალხი, გადახნული მიწა, გასრესილი ჭიაღუები. ამის შემდეგ ხის ქვეშ ფეხმორთხმული მიეცემა ფიქრს და ვერც შეამჩნევს ძონძებში გამოხვეული განდეგილის მიახლოებას. მასთან საუბარი თითქოს ხსნის გზას დაუსახავს. ჩაესახება ბოდხისატყვად (გახდეს გაბრწყინებული) გახდომის პირველი

საფეხური. ამ დროს გაუტამა 29 წლისაა. ის ტოვებს სასახლეს, შორდება ცოლ-შვილს და ახლობლებს, იწყებს განდეგილის ცხოვრებას. მან თითქმის ექვსი წელი გაატარა ტყე- ღრეში ხეტიალსა და სხვა განდეგილებთან ურთიერთობაში. მოგზაურობისას შეხვდა რამდენიმე ბრძენ მასწავლებელს, რომელთაგან აღსანიშნავია ჯაიანიზმის ფუძემდებელ მაჰავირასთან ურთიერთობა. განდეგილების წაბაძვით გაუტამამ იშიმშილა, გახდა, გაშავდა, სიკვდილის პირას მივიდა, მაგრამ სასურველ სრულყოფას

ვერ მიაღწია. მწყემსის ასული ნანდას მიერ მორთმეული ბრინჯით სულმობრუნებულმა სიდხარტა გაუტამამ ჭეშმარიტების შეცნობისათვის გადაწყვიტა საკუთარ თავში ჩაღრმავება. ამისათვის კი საჭირო პირობების შექმნა იყო აუცილებელი. დაიწყო ასკეტური ცხოვრება. მოგზაურობისას მიადგა წმინდა ხეს – ბოდჰის, რომლის ძირშიც გაატარა რამდენიმე ღამე (სურ. 5.1 ).

წმინდა ხის ძირში მჯდომმა სიდხარტა გაუტამამ მედიტაციაში გაატარა დრო. მისი შინაგანი მზერის წინაშე ცნობიერებაში გაიარა უამრავმა ფერისცვალებამ, ვიდრე მასში არ ჩაკვდა ხელახალი აღორძინების ყოველგვარი სურვილი, ვიდრე არ მიაღწია სრულ დანთქმას – პარინირვანას. ასე იქცა ბოდხისატყვა ბუდად, დასძლია საკუთარი არსი, ჩაიკლა გულში ბოროტება, ვნება, უმეცარი სიტყვა და საქმე, ყოველგვარი სურვილი, მიხვდა და ჩაწვდა სიბრძნეს. ადამიანი უნდა გაურბოდეს ცხოვრების სიამეებით ტკბობასაც და უკიდურეს თვითგვემასაც. ბუდა სანსკრიტულად სხივმოსილს ნიშნავს, ნირვანა – ქრობას, დამშვიდებას, პარი – უმაღლესს. ბუდამ მიაღწია უმაღლეს ნირვანას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თურმე ბუდა არასდროს ლაპარაკობდა ნირვანაზე. იგი ცდილობდა არ ეპასუხა შეკითხვაზე – რა არის ნირვანა. ბუდოლოგებმა ნირვანა განმარტეს, როგორც ცნობიერების სიმშვიდე. სხვანაირად ნირვანა ცნობიერების ისეთი გაურკვეველი მდგომარეობაა, როდესაც კარმა (ბედისწერა) კარგავს ზემოქმედებას.

ბუდას გარშემო იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი – ჯერ ხუთი, შემდეგ სამოცი, ათასი... ბენარესში (ახლანდელი სარნახი) მის პირველ ქადაგებას ესწრებოდა ხუთი მოწაფე და ორი ირემი. აქედან იწყება მოგზაურობა მთელ ინდოეთში. იგი შეხვდა მამას და მშობლიურ კაპილავასტუს მცხოვრებთ გააცნო თავისი სწავლების ძირითადი არსი. ბუდამ იცოცხლა 80 წელი (სურ.5.2 ). მისი სული სხეულს გაშორდა კუშნიგარში, სადაც დღეს მოქმედებს პარინირვანას ტაძარი. ბუდასთან გამოსათხოვებლად მივიდნენ ცხოველები კუშნიგარის გარშემო მდებარე ტყიდან. თავი უამრავმა ადამიანმა მოიყარა. გადმოცემის თანახმად ესწრებოდნენ ღმერთებიც. ბუდამ დამსწრეთ უკანასკნელად მიმართა: «ყველაფერ განპირობებულს აქვს რღვევის თვისება. გულმოდგინედ ისწრაფეთ მიზნისაკენ.» ბუდას სწავლებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს, გახდეს ბუდა და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რათა სამყაროს ყველა ცოცხალი ორგანიზმი იყოს თავისუფალი. ბუდას სიტყვების ჩანაწერები მოიცავს 108 ტომს, რომელშიც თავმოყრილია 84000 სასარგებლო მითითება. ამქვეყნიდან მისი განშორების თარიღი უცნობია. სახელდება 544 და 586 წლები. თანამედროვე მეცნიერება ასახელებს უფრო ძველ თარიღს, 400 წელს ძველი წელთაღრიცხვით. 1956 წელს მსოფლიოს ბუდისტებმა ზეიმით აღნიშნეს მისი 2500 წლისთავი, უფრო ზუსტად, ნირვანაში ჩაძირვის თარიღი. ბუდას დაბადებიდან 500–600 წლის შემდეგ დაიწერა მისი ცხოვრება, მითებისა და გადმოცემების კრებული. ბუდას გამოთქმათა უადრეს და კანონად ქცეულ კრებულს «მოძღვრების კვალი» («დჰამაპადა») ეწოდება.

ბუდა თავის მოძღვრებას რელიგიას არ უწოდებდა.

რელიგიად იგი აღიარებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ. ბუდიზმი გავრცელდა თითქმის მთელ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში. ბუდიზმი გაიყო ორ ნაწილად: ჩრდილო და სამხრეთ ბუდიზმად. ჩრდილო ბუდიზმის ცენტრი ტიბეტია. აქვე შედის ჩინეთი, იაპონია, ნეპალი და მონღოლეთი. გავრცელებულია ბურიატებსა და კალმიკებში. სამხრეთის ბუდიზმი გავრცელებულია ინდოეთში, ბირმასა და ცეილონზე. ბუდიზმის გავრცელებას თან სდევდა მოძღვრების შეფასება, შეცვლა და

გადასხვაფერება.

სხვადასხვა მიმართულების ბუდიზმს აერთიანებს ბუდას მიერ დადგენილი ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება:

 -  -  ყოფიერებას ახასიათებს ტანჯვა;

 -  -  ტანჯვას გააჩნია მიზეზი;

 -  - ტანჯვა წარმავალია;

 -  -  უნდა მონახო ტანჯვის გაქრობის გზა.

ჭეშმარიტების დადგენას ბუდამ თითქმის ნახევარი საუკუნე მოანდომა. ეს ის ოთხი ჭეშმარიტებაა, რომელმაც ბუდიზმის ევოლუციის შედეგად ცვლილება არ განიცადა.

ქრისტიანული რელიგია ეფუძნება ბიბლიას. ბიბლია ამოუწურავი წიგნია, რომელშიც ყველაფერია ნათქვამი ღმერთისა და ადამიანის შესახებ. მასში ადამიანი პოულობს გონებრივ შესაძლებლობებს. გავლენის მხრივ ბიბლიაში მოთხრობილ სიუჟეტებს ვერ შეედრება ვერც ერთი გამოთქმული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრი, აგრეთვე ისტორიული და მხატვრული შემოქმედების ნიმუშები.

ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ ბიბლიური აბრაამის ცხოვრების მაგალითიც საკმარისია. მას ადამიანთა შორის სულიერი ცხოვრების დამწყებად მიიჩნევს იეღოველიც, ქრისტიანიც და მუსლიმიც.

როდესაც წარმოიშვა კამათი ლოტსა და აბრაამს შორის ერთად ცხოვრების შეუძლებლობის გამო, რადგან მათ დიდძალი ქონება ჰქონდათ, ერთმანეთში ცილობა ჰქონდათ მათ მწყემსებსაც. მაშინ აბრაამმა უთხრა ლოტს: «ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ» (დაბადება 13,8) და გააგრძელა «განა შენს წინ არ არის მთელი ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ” (დაბადება 13,8). აბრაამის ეს მიმართვა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანთა შორის კამათის შეწყვეტის უნივერსალურ საშუალებად და გამოყენებულ იქნეს ხალხებს შორის ურთიერთობებისათვისაც. სრულიად სამართლიანად ბევრი მას «აბრაამის პრინციპს» უწოდებს.

ბიბლიის მიხედვით კაცობრიობის ისტორია დაიწყო ედემში და გაგრძელდა მესოპოტამიაში. ძველი წელთაღრიცხვით  3000 წელს მესოპოტამია ეგვიპტესთან ერთად ითვლებოდა აღმოსავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად. აქვე, შუამდინარეთში, ახლანდელ ერაყში, მიმდინარეობდა ნოეს ისტორია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნოეს კიდობანი გაჩერდა არარატის მთაზე (აღმოსავლეთ თურქეთში). ბიბლიის გარდა სამყაროს შექმნასა და წარღვნაზე მოთხრობილია ასირიულ და ბაბილონურ წყაროებშიც, რომლებიც მესოპოტამიური წარმოშობისაა.

მრავალი რელიგიიდან მხოლოდ ქრისტიანობა იღებს თავის თავზე უფლებებს, როდესაც აცხადებს, რომ ერთადერთი გზა უკვდავებისაკენ ქრისტიანობაა. ამ რთულ პრობლემას გერმანელი თეოლოგიის პროფესორი ვერნარ გიტა შემდეგნაირად პასუხობს: არსებობს ერთი ღმერთი, ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. ბიბლია გარკვევით ლაპარაკობს იმ ღმერთზე, რომელსაც შესწევს ჩვენი ხსნის უნარი. თუ რომელიმე სხვა რელიგიას შეუძლია ადამიანთა ხსნა, ცნობილი იქნებოდა ღმერთის სახელი. ამიტომ აღარ იქნებოდა საჭირო ქრისტეს ჯვარზე გაკვრა. ხსნისათვის აუცილებელი გახდა, რომ ღმერთს საკუთარი შვილი გოლგოთაზე მსხვერპლად შეეწირა. ჯვარი, რომელზედაც ქრისტე გააკრეს, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს შეცდომებისაგან განბანვის სხვა გზა. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით ღმერთმა მიუტევა ადამიანს შეცდომები და დაგვანახა, ჩვენი ხსნა მხოლოდ იმაშია, რომ პირადად მივმართოთ ქრისტეს და მთელი ცხოვრება ერთგულად ვემსახუროდ. ყველა სხვა რელიგიაში ადამიანმა თავი უნდა იხსნას საკუთარი ძალებით. ახალი აღთქმის მიხედვით ღმერთმა ყველაფერი შექმნა შვილის საშუალებით. ადამიანი კი ხსნას ღებულობს მხოლოდ რწმენით. მოციქულთა საქმეში ამიტომაა გაცხადებული: «და სხვის მიერ არავისაგან არის ხსნა; არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს”(მოციქულთა საქმე, 4,12).

სახარება გარკვევით მიგვითითებს, რომ ხსნისათვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა. მხსნელია იესო ქრისტე – «მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ» (იოანე 14,6).

«ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე» (პირველი კორინთელთა მიმართ 3,11).

ცნობიერების შესაქმნელად აუცილებელია გავერკვიოთ იმ განსხვავებაში, რომელიც არსებობს რელიგიასა და რწმენას შორის, რიტუალსა და ნამდვილ ურთიერთობას შორის. ადამიანს, რომელიც ღებულობს ქრისტეს როგორც პირად მხსნელს, ეძლევა უფლება გახდეს მუდმივი საუფლოს მოქალაქე. ბუნებრივია, ასეთი ადამიანის ცნობიერება განსხვავებულია ათეისტისაგან.

ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში შეიქმნა ახალი რელიგია – ისლამი. სიტყვა ისლამი ქართულად მორჩილებას ნიშნავს. მისი სამშობლო არაბეთია. არაბული სამყარო ისლამის ფუძემდებლად მუჰამედს მიიჩნევს. ისლამი იყოფა მთელ რიგ მიმართულებებად. თითოეული მათგანის მიმდევარი თავს მუსლიმანს უწოდებს. მუსლიმები წმინდა წიგნად ყურანს მიიჩნევენ. როგორც ძველი აღთქმაა იუდეველთათვის, ვედები – ინდოელთათვის, ავესტა – ცეცხლთაყვანისმცემელთათვის, ძველი და ახალი აღთქმა – ქრისტიანთათვის, ასეთივე ფუნქციას ასრულებს ყურანი მუსლიმებისათვის.

ყურანი წარმოსდგება არაბული ზნისაგან და გაბმით, დეკლამირებულ კითხვას ნიშნავს. მუსლიმების აზრით, არსებობს ორი ყურანი – ერთი, რომელიც ზეცაშია ალაჰის ტახტის ქვეშ, ხოლო მეორე მუჰამედის 22 წლის მოღვაწეობის (610-632) შედეგია. ყურანი არაბულ ენაზე 500 გვერდს მოიცავს, შედგება 114 თავისაგან და თითოეულ მათგანს სურა ეწოდება. ყველა თავი დამოუკიდებელია. ყურანის საბოლოო ოფიციალური ტექსტი X საუკუნეში დადგინდა. მის დადგენაში მონაწილეობდა 7 ცნობილი ღვთისმეტყველი. XI საუკუნეში მიღებული იქნა ყურანის კითხვის ორი წესი. ერთი დამუშავებული იყო ეგვიპტეში, მეორე კი – ჩრდილოეთ აფრიკაში, რამაც გამორიცხა შეცდომები ყურანის ტექსტის კითხვის დროს. მუსლიმთა სასულიერო პირებმა ყურანი ღმერთის სიტყვად და უცდომელად გამოაცხადეს: «ყურანი ჩვენი მოვლინებულია ნამდვილად. გადმოსულია ნამდვილად: შენ, მუჰამედ მოგვივლენიხარ მხოლოდ საუწყებლად და გასაფრთხილებლად» (ყურანი, XVIII-106,107). ისლამის წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ზოროასტრიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი და ქრისტიანობა. არაბები ყველა ამ რელიგიას კარგად იცნობდნენ, მაგრამ შექმნეს ახალი. ისლამის წარმოშობას თავისი მიზეზები გააჩნია. ისლამის წარმოშობის დროისათვის ვრცელდება არაბთა პოლიტიკური ცენტრალიზაციის იდეები. ეს იდეები განსაკუთრებული სიძლიერით

აშკარავდება არაბეთის უდიდეს ეკონომიკურ და, ნაწილობრივ, პოლიტიკურ ცენტრში, სავაჭრო ქალაქ მექაში.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / ცაგარელი სულხან / ცნობიერება