არაბთა სოციალური ერთობის თავდაპირველი ფორმები გვარები და ტომები იყო. ამიტომაც არაბები რელიგიურად დაქსაქსულები იყვნენ. მათში გავრცელებული იყო

მრავალღმერთიანობა. ცენტრალიზაციის იდეამ ხელი შეუწყო ერთღმერთიანობის წარმოშობას. კურიშეიტების ტომის ღმერთმა – ალაჰმა გაბატონებული მდგომარეობა

მოიპოვა არაბთა ტომების ღმერთებს შორის. მუჰამედმა ზუსტად გააანალიზა არაბეთის მდგომარეობა და ღრმა პოლიტიკური მანევრების საშუალებით ყურანის მე-

შვეობით სწრაფად გაავრცელა ისლამი. «მესია, იესო მარიამის ძე, მოციქულია ღვთისა და მისი სიტყვა, რომელიც მარიამს შთაუდო, ღვთისაგან მომავალი სულია. მაშ ღმერთი და მისი მოციქულები იწამეთ, და ნუღარ იტყვით, სამება არისო, თავი დაანებეთ... ვინაიდან ღმერთი ერთი არს. დიდება მას; როგორ ეყოლებოდა ძე?» (ყურანი IV, 169).

ქრისტიანთა და მუსლიმთა ღმერთი მარადიულია, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე. ყველა ადამიანი მის წინაშე თანაბარია. სამყაროში ყველაფერი ღმერთის სურვილით ხდება. ყურანში გაზიარებულია ბიბლიის თითქმის ყველა საფუძველი. ყურანში ხშირად ვხვდებით ბიბლიურ სახელებს. მაგალითად, მოსეს 128-ჯერ, აბრაამს 63-ჯერ, იესოს 49-ჯერ, ნოეს 42-ჯერ, მარიამს 34- ჯერ. ისლამი თვლის, რომ ღმერთმა იუდეველებსა და ქრისტიანებს წმინდა წიგნები გადასცა, მაგრამ მათ დაამახინჯეს ისინი, ამიტომაც მუსლიმებს მათთან ურთიერთობა ეკრძალებათ: «ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ჟლეტა-ხოცვა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით» (ყურანი, XLVII-4). მუსლიმები თავს აბრაამის შთამომავლებად მიიჩნევენ და აღნიშნავენ: «აბრაამ არც ურია ყოფილა, არც ქრისტიანი. ღვთისნიერი და ღვთის ნებას მინდობილი იყო, წარმართთაგანი როდი ყოფილა. ვინც აბრაამის სარწმუნოებას უფრო ემხრობიან, მისივე მიმყოლნი არიან» (ყურანი III-60,61). ყურანში ცვლილებების შეტანა იკრძალება.

წარსულში რელიგიური მრწამსი ნაციონალური ცნობიერების ნაწილი იყო. ყველა ხალხს უყვარდა საკუთარი ღმერთი და ეშინოდა სხვა ხალხის ღმერთების. რელიგიურ საკითხებზე იწყებოდა ომები, დაინგრა და გადაიწვა მრავალი რელიგიური ძეგლი. მასთან ერთად გაქრა მრავალი წერილობითი წყარო. ისტორიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. ახალ ეპოქაში ადამიანი მიხვდა, რომ საჭიროა პატივი მიაგოს სხვის რელიგიას. შრი აურობინდო თვლის, რომ ყველა რელიგია ეხმარება ადამიანს. კერპთაყვანისმცემლობამ ადამიანი სილამაზის დიდი სხივით დაასაჩუქრა, გაუძლიერა მისწრაფება, გახდეს მრავალმხრივ სრულყოფილი.

ქრისტიანობამ ადამიანს სიყვარულის შეფასების უნარი მისცა. ბუდიზმმა უჩვენა დიდი სიბრძნისა და სისუფთავის გზა. ისლამმა და იუდაიზმმა ჩაახედა რელიგიის ერთგულებაში. ინდუიზმმა ადამიანს დაანახა სულის დიდი და ფართო შესაძლებლობა. ამ უნართა ერთმანეთთან გაერთიანებით შეიქმნებოდა რაღაც უდიდესი, რასაც ეწინააღმდეგება ყოველი რწმენის ინტელექტუალური დოგმა და ეგოიზმი.

 

§ 5.2. რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობა კაცობრიობისათვის იდეალი ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტებისადმი სწრაფვა ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა. სამეცნიერო-ტექნიკურმა ეპოქამ განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობის პრობლემა. ადრეულ ცივილიზაციებში რელიგია ითვლებოდა მეცნიერებად. იგი ემყარებოდა რელიგიურ ლიტერატურაში მოცემულ ცოდნას, რომლის ინტერპრეტაცია ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ.

XX საუკუნის პირველი ნახევარი ითვლება ფიზიკის ეპოქად, მეორე კი – ბიოლოგიის. XXI საუკუნის დასაბამი მიჩნეულია თავის ტვინის და ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარების ეპოქის დასაწყისად. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს კამათი ღმერთის არსებობის შესახებ მორწმუნეთა და ათეისტთა შორის შეწყდება. იგი

სხვა მიმართულებით წარიმართება. საკამათო იქნება პრობლემა – როგორია ღმერთი და როგორ მოქმედებს იგი?

იყო პერიოდი, როდესაც მზის ჩასვლასა და ამოსვლას უკავშირებდნენ ჰელიოსის ეტლით გადაადგილებას, ხოლო მიწისძვრებსა და ზღვის მიქცევა-მოქცევას – პოსეიდონის განრისხებას. მეცნიერებამ დაამტკიცა ამ შეხედულებათა მცდარობა. მეცნიერებიც ცდებოდნენ. მაგალითად, ინგლისელი თომას ტომპსონი ფიქრობდა, რომ რადიოს მომავალი არ გააჩნდა, ხოლო რენტგენის სხივების არარსებობა მალე გამოვლინდებოდა. რელიგიური ცოდნა ეხება ყოფიერებას, სიცოცხლის წარმოშობას, მოძღვრებას სულის შესახებ და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მიზანს. ამავე საკითხებს იკვლევს მეცნიერებაც.

რელიგია ვერ ეხმარებოდა ადამიანს ფიზიკური შრომის გაუმჯობესებაში, შრომის იარაღების დახვეწასა და ყველასათვის მისაღები სოციალური ურთიერთობის შექმნაში. ამ საკითხების რეგულირება გახდა მეცნიერების სფერო. მეცნიერება გამოეყო რელიგიას და ხელი შეუწყო მის სეკულარიზაციის პროცესს. მეცნიერებისა

და რელიგიის ურთიერთობამ მიიღო ანტაგონისტური ხასიათი. რელიგია ნელა გადავიდა უკანა პლანზე და ბრძოლა გამოუცხადა მეცნიერებას. დასავლეთის შუა საუკუნეები გახდა ინკვიზიციის ეპოქა. მის კოცონებზე დაიწვა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი აქტიურ შემოქმედებით ასაკში. მეცნიერებისა და რელიგიის ამ პერიოდს ზუსტი შეფასება მისცა XIX საუკუნის ფრანგმა ფილოსოფოსმა შურემ. იგი წერდა, რომ რელიგია პასუხისმგებელია გულის მოთხოვნილებებზე, რაც მის მაგიურ ძალაშია გამოხატული. მეცნიერება დაინტერესებულია გონების პრობლემით, ამიტომ იგი განუსაზღვრელი შესაძლებლობისაა. ერთმანეთს დაუპირისპირდა რელიგია მტკიცებულების გარეშე და მეცნიერება რწმენის გარეშე, მაგრამ მათ არ ძალუძთ ერთმანეთზე გამარჯვება.

ბოლო დროს ცნობიერებამ ახალ ჭრილში გადაიტანა რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირება. მრავალ სასულიერო პირთა და გამოჩენილ მეცნიერთა შრომამ პრობლემას ასეთი ხასიათი მიანიჭა – უნდა მოხდეს რელიგიის გამეცნიერება და მეცნიერების გარელიგიურება. მეცნიერებასა და რელიგიას შეუძლიათ კონფლიქტის გარეშე არსებობა, თუ რომელიმე არ ეცდება მიითვისოს მეორის სულიერი მოქმედების ფუნქცია. ცნობილი მიკრობიოლოგი ლუი პასტერი თვლიდა: «მეცნიერება ადამიანს აახლოვებს ღმერთთან». ალბერტ აინშტაინს მიაჩნდა, რომ «ურელიგიოდ მეცნიერება მოიკოჭლებს, რელიგია კი მეცნიერების გარეშე ბრმაა». მწერალი არნოლდ ტოინბი წერდა: «ისტორიულად, პირველად რელიგია გაჩნდა, მეცნიერება კი წარმოიშვა რელიგიიდან. მეცნიერება არასოდეს ავიწროებდა რელიგიას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს ოდესღაც მოხდეს». მაქს პლანკის მიხედვით, «რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ერთად იბრძვიან სკეპტიციზმისა და დოგმატიზმის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის იარაღი იყო და რჩება – წინ ღმერთისაკენ». გალილეო გალილეი ცდილობდა მოეწესრიგებინა რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება. მან განაცხადა: მეცნიერება არ ებრძვის ღმერთის არსებობას. პირიქით, ის აძლიერებს ღმერთის რწმენას. იგი წერდა, რომ თავის მიერ შექმნილი ტელესკოპით ციურ სხეულთა მოძრაობაზე დაკვირვებისას ესმოდა მუსიკა ღმერთის ხმით. გალილეი ამტკიცებდა, რომ მეცნიერება და რელიგია მტრები კი არა, მოკავშირეებია, რომლებიც ერთსა და იმავე მოვლენაზე ლაპარაკობენ ორი განსხვავებული ენით. იმ პერიოდში, როდესაც ჯორდანო ბრუნო ციხეში იტანჯებოდა, კოპერნიკის შეხედულების მართებულობის დამტკიცებისათვის გალილეიმ განაცხადა, რომ მზის სისტემის ცენტრი დედამიწა კი არა მზეაო. ცნობილი გახდა, რომ გალილეი იზიარებდა კოპერნიკის შეხედულებებს. იეზუიტთა კონგრეგაციამ კოპერნიკის შეხედულება მწვალებლურად გამოაცხადა, ხოლო გალილეის უბრძანა უარი ეთქვა მასზე. გალილეი ფორმალურად დაემორჩილა კონგრეგაციის გადაწყვეტილებებს. მიუხედავად გალილეის შეხედულების სისწორისა, იგი მკაცრად დაისაჯა. მოხუცი ასტრონომი ინკვიზიციის ტყვედ გამოცხადდა. მიზეზი კი იყო ის, რომ როგორ შეუძლებელად მიაჩნდათ ღმერთს შეექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც კაცობრიობა მოთავსდებოდა ცენტრიდან შორს.

რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაც და დაახლოებაც უკავშირდება იმ კამათს, რომელიც დაიწყო ქრისტეს დაბადებამდე ბევრად ადრე. ფილოსოფოსებმა წამოიწყეს კამათი იმაზე, თუ რომელია მთავარი – მატერია თუ ცნობიერება. კამათს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ზოგიერთ ფილოსოფოსთა შეხედულებით ამ კამათით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ფაქტი, თუ რა მდგრადია ერთხელ დაშვებული შეცდომის ინერცია. განა დღიდან ადამიანის გაჩენისა არ უნერგავდა მას ღმერთი, რომ მთავარია სული და მორალურ-ზნეობრივად ცხოვრება. ღმერთის მიერ გამოგზავნილი შვილის წამება ჯვარზე იყო სულის გამარჯვება სხეულზე, რათა ადამიანებს გაეანალიზებინათ ეს ფაქტი. ის გვასწავლის, რომ ადამიანის მორალური ვალდებულებაა სიყვარული, რომელიც იმარჯვებს სიკვდილის შიშზე. ამას ამტკიცებს აგრეთვე იუდას თვითმკვლელობაც, რომელიც მან სინდისის ქენჯნით ჩაიდინა. იგი არის კაცობრიობისათვის ისტორიული გაკვეთილი. ადამიანს უჭირს გააცნობიეროს ქრისტეს სასწაული – მკვდრეთით აღდგომა. ეს მომენტი სწორად არის შეფასებული ნეტარი ავგუსტინეს მიერ: «სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე».

ბუნებრივია, ადამიანს გაუჩნდა კითხვა: რა არის რელიგია? სუბიექტური რწმენა თუ ობიექტური რეალობა, ემოციური თუ ინტელექტუალური ფენომენი, თუ ორივე ეს ერთდროულად არსებული. ამ საკითხზე კაცობრიობა დიდი ხანია კამათობს. აი, რა განაცხადა ცნობილმა გერმანელმა ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა: «საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენელმა თუკი მას სურს გაიზიაროს რელიგიურ და საბუნებისმეტყველო ჭეშმარიტებათა ურთიერთმიმართებანი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რელიგიის უსაზღვრო მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ამ ორ ჭეშმარიტებათა შეჯახებამ, XVII საუკუნიდან მოყოლებული, გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია ევროპის სულიერ ისტორიაზე».

დღეს, ამ კონფლიქტის მორიგებას ცდილობს ტიბეტის მოქმედი სულიერი ლიდერი დალაი-ლამა (სურათი 5.3). 1989 წლიდან მშვიდობის ნობელიანტი დალაი-ლამა ემიგრაციაში ცხოვრობს. ჩინეთის მთავრობის მხრიდან ათწლიანი შევიწროების შედეგად დალაი-ლამა იძულებუ113 სურ. 5.3. ტენცინ გიატსო, XIV დალაი-ლამა (დალაი-ლამა ტიბეტურად ნიშნავს «ოკეანეს», «სწავლების შემნახველს»). დაიბადა 1925 წლის 6 ივლისს, სოფელ ტაკცერში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტიბეტში. იმოგზაურა 41 ქვეყანაში. ტენცინ გიატსო 17 წიგნის ავტორია.

ლი გახდა დაეტოვებინა ტიბეტი თავის 87 ათას მიმდევართან ერთად. მას შემდეგ ცხოვრობს ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარე ქალაქ დარამსალეში. იგი იბრძვის

ტიბეტის დამოუკიდებლობისათვის. სურს დაარწმუნოს ჩინეთის მთავრობა ტიბ ეტის კულტურის უნიკალურობაში. ჩინელებმა ტიბეტში დაანგრიეს 6 ათასი ტაძარი; დაწვეს მრავალი ძველი ხელნაწერი; დახოცეს მრავალი ტიბეტელი, მათ შორის ბერები და მონაზვნები. ვაშინგტონის სასტუმროში მიცემულ ინტერვიუში დალაი-ლამამ საჯაროდ განაცხადა: «მე კი არ ვებრძვი ჩინეთს, მინდა ავაშორო უცოდინარობა». იგი აცხადებს, რომ სულით მეცნიერია. დალაი-ლამას ურთიერთობა

მეცნიერებთან 1979 წლიდან იწყება, როდესაც ჰარვარდის  უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა ჰერბერტ ბენსონმა სთხოვა მიეცა უფლება, მედიტაციაში

მყოფ ბერებში შეესწავლათ ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. კვლევების შედეგებზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

მეცნიერება უკანასკნელ წლებში სისტემატურად ავლენს მოწესრიგებულობის დონეს ატომიდან ბირთვამდე. ამ კვლევებმა მიაღწია კულმინაციურ წერტილს. მომზადდა რეალური დონე ერთიანი ველის თეორიის შექმნისათვის, რომელშიც გაერთიანდება ბუნების ყველა კანონი, რაც იქნება საწინდარი, გავერკვეთ სამყაროს ბუნებაში.

აღსანიშნავია ტრანსცენდენტალური მედიტაციის შემქმნელის მახარაში მახეშ იოგის მოღვაწეობა. იგი ჩასწვდა ვედების სიბრძნეს და მოახდინა მისი რედაქტირება თანამედროვე მეცნიერულ ენაზე. ვედებში აღწერილი ყოფილა თვითურთიერთმოქმედი გონების ველი, რომელიც ბუნების ყველა კანონის მოქმედების საფუძველია. ეს ველი თანამიმდევრულად ქმნის ბუნების ყველა კანონის მრავალფეროვნებას, რომელიც მართავს სიცოცხლეს სამყაროს ნებისმიერ დონეზე. ერთიანი ველის თვითურთიერთმოქმედი დინამიკა იმართება საკუთარი ფუნდამენტური კანონების ერთობლიობით, ზუსტად ისევე, როგორც კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კანონს, მისგან გამოდის ყველა კანონი, რომლითაც იმართება ქვეყანა. ამ კანონთა თვითურთიერთმოქმედების დინამიკა ქმნის ერთიან ველს. თანამედროვე ფიზიკა, კვანტური ველის ერთიანი თეორიიდან გამომდინარე, ავლენს სამყაროს ფუნდამენტური კანონების ზუსტ მათემატიკურ ფორმას. მახარაშის დამუშავებული ვედების მეცნიერება და სამყაროს კონსტიტუციის იგივე ძირითადი კანონები თავს იჩენს მუდმივად თვითურთიერთმოქმედ ცნობიერებაში, რომელიც თვითშემეცნებადია. გამოდის, რომ სამყაროს კონსტიტუცია თანამედროვე მეცნიერების წარმოდგენით და ვედებში იდენტურია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რელიგია და მეცნიერება ამ საკითხში შეთანხმდნენ? შეთანხმება ქრება მაშინვე, როგორც კი ვსვამთ კითხვას – როდის მოხდა ეს? აქ ბიბლია დუმს. ბიბლიის არც ერთ წიგნში არ არის ნათქვამი სამყაროს შექმნის დროზე. ცნობილ ბიოქიმიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატს აიზეკ აზიმოვს წიგნში მოტანილი აქვს ასეთი ცნობა. ბიბლიის ევროპელი კომენტატორები სამყაროს შექმნას ათარიღებენ ქრისტეს დაბადებამდე 3761 წლის 7 ოქტომბრით. 1654 წელს მოღვაწე ინგლისელი არქიეპისკოპოსი ჯეიმს აშერი თვლის, რომ სამყარო შეიქმნა ქრისტეს დაბადებამდე 4004 წლის 23 ოქტომბრის დილის 9 საათზე. ზოგიერთებს დათარიღება გადააქვთ 5509 წელზე. უცნობია, რას ემყარებიან ბიბლიის მიმდევრები თარიღის დადგენისას. მეცნიერულ კოსმოლოგიას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის ზოგადი თეორია. თეორიის საფუძველზე მან დაწერა მათემატიკური განტოლებები, რომელსაც უნდა აღეწერა სამყაროს ევოლუცია დროში. კოსმოლოგია არის მეცნიერება სამყაროს, როგორც ერთიანი ობიექტის, მისი აღნაგობის, მასში მიმდინარე პროცესების, მისი წარმოქმნისა და დროში განვითარების შესახებ.

კოსმოსის ცნება შემოიტანა პითაგორამ და ისიც აღნიშნა, რომ იგი სივრცესა და დროში უსაზღვროა. მას მართავს ღმერთი. პრისტლი ამტკიცებდა, რომ ბუნება მატერიალისტურია, ხოლო სული მისი თვისებაო. ეფესელს მიაჩნდა, რომ კოსმოსი არც ღმერთს შეუქმნია და არც ადამიანს, ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებსო. ეფესელის შემდეგ განვლო 2500 წელმა და ფიზიკოსებმა წამოაყენეს დიდი აფეთქების იდეა. შორეული გალაქტიკების სპექტრის წითელი წანაცვლების ასახსნელად 1927 წელს ბელგიელმა მეცნიერმა, მღვდელმა ჯორჯ ლემეტრმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც არ გააჩნდა სივრცითი და დროის განზომილებები. შემდგომ ლემეტრის ჰიპოთეზამ განვითარება პოვა ფიზიკოსთა ნაშრომებში. 1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა, ჩვენგან უახლოეს 50 გალაქტიკაზე დაკვირვების საფუძველზე, მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება დაადგინა. ჩვენს გალაქტიკას ყველა გალაქტიკა სხვადასხვა სიჩქარით შორდება. რაც უფრო მეტია მანძილი ამ გალაქტიკამდე, მით უფრო მეტია განშორების სიჩქარე. ამ მოვლენას სფეროს გაფართოებას უწოდებენ. დღეისათვის საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, მოხდა დიდი აფეთქება, რომლის შედეგად სივრცე, დრო და მატერია ერთდროულად წარმოიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აფეთქების მომენტში წარმოიშვა ბუნების კანონებიც. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორ შეიქმნა ყველაფერი არაფრისაგან. კითხვას იკვლევს მიკროსამყაროს თეორია – კვანტური თეორია. დაინტერესებულ მკითხველს ამ პრობლემის ირგვლივ დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლია ნ. როინიშვილის და მ. სვანიძის ნაშრომში «სამყაროს ევოლუცია. დიდი აფეთქებიდან დიდ გახლეჩამდე?»

მეცნიერებას გააჩნია მტკიცებულება, რომ დედამიწა და მზის სისტემა შეიქმნა 4,6 მილიარდი წლის წინათ, მთლიანად სამყარო კი 15 მილიარდი წლის წინ. გამოდის,

რომ მეცნიერულად დედამიწა 600-ჯერ უფრო ადრეა შექმნილი, ვიდრე ბიბლიის მიმდევრები ადგენენ, ხოლო მთლიანად სამყარო კი 2 მილიონჯერ უფრო ასაკოვანია. ბიბლიის მიხედვით ღმერთის პირველი მოქმედება სამყაროს შექმნაა. ღმერთი მუდმივად არსებობს, ამიტომ სანამ მან სამყარო შექმნა, დიდმა დრომ გაიარა. ისტორიამ შემოინახა საინტერესო ცნობა. წმინდა ავგუსტინეს ჰკითხეს: «ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა, მანამდე რას აკეთებდაო?» წმინდა ავგუსტინეს უპასუხია: «ჯოჯოხეთს ქმნიდა მათთვის, ვინც ასეთ კითხვას სვამსო». სულის რეინკარნაციის ფართო არჩევანისათვის კრიშნაიტ შრილა პრაბხუპადას  მიაჩნია, რომ ღმერთმა თავიდან შექმნა ორგანიზმთა 8 400 000 სახეობა. პრაბხუპადა იმასაც აღნიშნავს, რომ ღმერთისაგან შექმნილი სახეობები ცვალებადობას არ განიცდისო და არ იზიარებს ჩ. დარვინის ევოლუციის თეორიას.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის თამანშრომელს ე. კოკურინას მიაჩნია, რომ მეცნიერებას დედამიწაზე არსებულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებიდან მხოლოდ 20%-ზე ნაკლები აქვს აღწერილი. კარლ ლინეს შრომების გამოქვეყნების შემდეგ განვლო 245 წელმა და მეცნიერებამ აღწერა 1,7 მილიონი სახეობა. ტაქსონომისტთა მიახლოებითი გამოთვლებით, ამომწყდარ (გადაშენებულ) და არსებულ სახეობათა რაოდენობა 30 მილიონს უნდა აღწევდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სახეობათა წარმოშობა გრძელდება.

 

§ 5.3. მედიტაცია

 

გონების საშუალებით ფსიქიკის მიზანმიმართულ ჭვრეტას მოვლენის, საგნის, იდეის გარშემო მედიტაცია ეწოდება. მედიტაცია კონცენტრირებულია ერთ საკითხზე და თხოულობს ყურადღების გამფანტველი შინაგანი და გარეგანი ფაქტორების შეკავებას. მედიტაციაში მყოფი სუბიექტი დაფიქრებული უნდა იყოს ერთ, რომელიმე კონკრეტულ ხატზე. მედიტაციის პრაქტიკა წარმოიშვა ინდურ იოგაში და ითვლის 2500 წელს. იოგა არის ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც თვითჭვრეტისა და თვითგვემის გზით ადამიანს აძლევს ზებუნებრივ ძალებთან – ღვთაებასთან შეერთების საშუალებას. შექმნილია ფიზიკური ვარჯიშების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მედიტაციის წარმართვას, რის შედეგადაც ადამიანი იმყოფება სულიერ ჰარმონიაში.

მედიტაციას სანსკრიტულად დხიანა ეწოდება. იოგას, მეხუთე საფეხურიდან მერვეს ჩათვლით, რომელსაც რადჟა-იოგა ეწოდება, აერთიანებენ ერთ ტერმინში – მედიტაციაში. ევროპულ ენებში მედიტაცია ლათინურიდან შემოვიდა (ლათ. მედიტატიო წარმოიშვა მედიტორ-დან – დაფიქრება, ჭვრეტა). მედიტაციის მაგივრად ზოგჯერ ტერმინად იყენებენ «ტრანსმედიტაციას» ან «ტრანსს». აღსანიშნავია ერთი გარემოება: ლათინური ფუძე – მედიტაცია – არ არის ზუსტი. ის ვერ ასახავს იმ მნიშვნელობას, რასაც ბუდისტები უწოდებენ დხიანას. დხიანა ასოცირდება ადამიანის მდგომარეობის იმ სტადიასთან, როცა ის თავისუფლდება ტანჯვისა და ინკარნაციის წრისაგან.

შექმნილია მედიტაციის კვლევის სხვადასხვა სისტემა.

ყველა სისტემა ემყარება შემდეგ სავალდებულო კომპონენტებს:

 -  -   - გონების კონცენტრირებას;

 -  -  - შინაგან მობილიზებას (მინდ ფულნესს);

 -  -   -  ცნობიერების გარკვეული მიმართულებით წარმართვას.

ფსიქიკის ასეთი მდგომარეობა მიიღწევა სხვადასხვა მეთოდით. ამიტომ მედიტაციური სისტემები განსხვავებულია ტექნიკური მეთოდებით. არსებობს: კაბალისტური, დინამიკური, ექსტაზის ხელოვნების, ტანტრისტული, ვიპასანისა და სხვა მრავალი მეთოდი. განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა ტიბეტური

მედიტაციის ტექნიკა.

შექმნილია ტიბეტური მედიტაციის სკოლები (სურ. 5.4). მასწავლებლებად მიწვეულნი არიან ბუდიზმის და ინდური ფილოსოფიის მცოდნენი. გაკვეთილებზე ყურადღება ექცევა მოსწავლის ჯდომას. იგი უნდა იჯდეს მოხერხებულად, მისთვის სასიამოვნო პოზაში. სავალდებულოა, რომ ზურგი ჰქონდეს სწორ მდგომარეობაში. არ შეიძლება მედიტაცია დაწოლილ ან მოხრილ მდგომარეობაში. ყურადღება არ უნდა იქნეს გაბნეული გარეგანი გამღიზიანებლებით. ყურადღება კონცენტრირდება რომელიმე ობიექტზე, მაგალითად, ანთებულ სანთელზე. ზოგიერთ მედიტაციურ ტექნიკაში გამოყენებულია სხვადასხვა სიმბოლიკა (სურ.5.5). ყურადღება ექცევა სუნთქვასა და გულის მუშაობას. მედიტაციის სეანსი ტარდება დღეში ორჯერ, დილას და საღამოს 10–30 წუთის ხანგრძლივობით. ზოგიერთი მედიტაციური ტექნიკა მედიტაციას ატარებს დაწოლილ მდგომარეობაში. ზოგი სიარულშიც უშვებს მედიტაციაში ყოფნას.

XX საუკუნეში ზოგიერთ ფსიქოანალიზურ სკოლაში შეიქმნა მედიტაციის მეთოდები, რომლებიც გამოყენებულია ფსიქოფიზიკური ვარჯიშისათვის თერაპევტული მიზნით, აგრეთვე ჰიპნოზსა და აუტოგენურ ვარჯიშებში. მათ არაფერი აქვთ საერთო რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმართულებასთან. პლატონისტები მედიტაციას იყე120 სურ.5.4. ტიბეტური მედიტაციის გაკვეთილი. ნებდნენ თეორიული აზროვნების დასახვეწად, კონკრეტულად მათემატიკის ასათვისებლად.

ყველა ფორმის მედიტაციურ ტექნიკას, მსგავსად პროფესიისა, საკუთარი ლექსიკონი გააჩნია, რომელიც კოდექსს ჰგავს. ეს კი ხშირად მედიტაციის დამწყებთა გაღიზიანებას იწვევს. ეს აღიზიანებს ნეიტრალურ მკითხველსაც, რომელიც ცნობისმოყვარეობის გამო ეცნობა ლიტერატურას მედიტაციის გარშემო. გაღიზიანების შესაკავებლად სასურველია ხაიკუ-მედიტაციის გაცნობა. ხაიკუ იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ჟანრია. სამსტროფიანი ლექსით ითქმება ცოტა და უთქმელი რჩება დიდი რეალობა. ავტორები ლექსებს უკეთებენ კომენტარებს და მკითხველს საშუალებას აძლევენ სურვილის მიხედვით აირჩიოს რომელიმე და მოახდინოს მასზე მედიტაცია. მედიტაციის ტექნიკის გაცნობისათვის საუკეთესო კრებულს წარმოადგენს სამი ცნობილი გურუს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული შრომები. ბუდას სწავლება მრავალი ბუდისტური სკოლის საფუძველი გახდა. ერთ-ერთ ასეთ სკოლას წარმოადგენს ხინაინიკური ტხერავადა, რომლის წარმომადგენელია ცნობილი გურუ დხირავამსა. დხირავამსა დაიბადა ტაილანდში, ტხერავადას რელიგიის მიმდევარი გლეხის ოჯახში. თორმეტი შვილიდან იგი იყო უფროსი ვაჟი. 13 წლის დხირავამსა შეხვდა ბერს, რომლის საუბარმა სიცოცხლეზე მოხიბლა და მან მონასტერში დაიწყო სიარული. ბერმა მონასტერში ოთხი კვირის გატარება შესთავაზა. მოხუცმა ბერმა ის კუთხეში დასვა, თვითონ კი მედიტაციისათვის ჯდებოდა მოპირისპირე კუთხეში.

პატარა დხირავამსას სიბნელის ეშინოდა. ბერმა ურჩია ყოველ ღამეს გასულიყო მონასტრიდან და მისულიყო კონკრეტულ ხესთან, ევლო მანამდე, სანამ შიში არ გაუქრებოდა. ასეთი რიტუალის ჩატარების შემდეგ დხირავამსას შიშის გრძნობა მოესპო. ის, როგორც მორჩილი, წლის განმავლობაში რამდენიმე თვეს ატარებდა მონასტერში იმ ასაკამდე, სანამ არ გახდა ბანგკოკში ბუდისტური უნივერსიტეტის სტუდენტი. დხირავამსა უნივერსიტეტში სწავლობდა ძველ ბუდისტურ ტექსტებს,

პარალელურად მუშაობდა მედიტაციაზე. მასწავლებელმა მას მისცა წიგნი «სიწყნარის მედიტაცია». დხირავამსამ დაიწყო დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. პირველი ვარჯიში, სამუშაო წიგნის მიხედვით, ითვალისწინებდა ბუდას თავისა და მხრების წარმოდგენას ყველა დეტალით. მომდევნო ვარჯიშისას მას უნდა წარმოედგინა დხირავამსას თავზე მჯდარი ბუდა. შემდეგი ვარჯიშები იყო ბუდას ყელის, გულისა და ყველაფრის დანახვა მზის წნულის დონემდე. დხირავამსამ ყველა ეს ვარჯიში აითვისა. დროთა განმავლობაში მან დაკარგა მხედველობითი ხატების წარმოდგენის ინტერესი. დაიწყო სხვა მედიტაციური ტექნიკის ათვისება, რომელსაც «ვიპასანა» ჰქვია. ეს არის მედიტაცია ცნობიერებასა და ყურადღებაზე. მედიტაციის ამ ტექნიკას დხირავამსა საუკეთესოდ მიიჩნევს. 1966 წელს მან ლონდონში მიიღო ჩაოხუნის (მონასტრის მთავარი ბერის) წოდება ბუდა-პადიპას მონასტერში. 1969 წლიდან იგი აშშ-ში ხელმძღვანელობს მედიტაციის სექციას ობერლინის კოლეჯში. დასავლეთში ყოფნისას დხირავამსამ მედიტაცია ვიპასანა უფრო დინამიკური გახადა, გაანთავისუფლა ძველი ბუდისტური რიტუალებისაგან, რათა ყველასათვის ადვილად მისაღები ყოფილიყო.

2003 წლის 13-14 სექტემბერს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბუდისტთა მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია «გონების შესწავლა». მასში მონაწილეობდნენ

ნევროლოგები, ნეიროფიზიოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ფიზიკოსები, ინჟინრები, ლამები და სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული მკვლევრები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო დალაი-ლამამ. კონფერენცია მიმდინარეობდა სპეცსამსახურების გაძლიერებული დაცვით. ეს იყო

რიგით მე-11 კონფერენცია. მანამდე 17 წლის განმავლობაში დალაი-ლამა თავის სახლში, ინდოეთის ქალაქ დარამსალეში, რეგულარულად ატარებდა მეცნიერებთან

შეხვედრებს.

კონფერენციაზე აქტიურად მიმდინარეობდა კამათი მედიტაციის გარშემო. დალაი-ლამა დარწმუნებულია, რომ მეცნიერები მოძებნიან მედიტაციის იმ დადებით მხარეებს, რომლებიც მას გააჩნია მედიცინისა და ემოციური პროცესების კვლევაში. შემთხვევითი არ იყო კონფერენციაზე მედიტაციის შესახებ წარმოშობილი კამათი. ტიბეტელი ბუდისტები ათასწლეულების განმავლობაში ხვეწდნენ და იკვლევდნენ მედიტაციის ტექნიკას, რათა ჩასწვდომოდნენ გონების ბუნების საიდუმლოებას. ამ კვლევის შედეგების ჩანაწერები გაბნეულია ტიბეტურ მონასტრებში. ტიბეტელი ლამები საკითხს მეცნიერულად იკვლევდნენ. დაწერილია მრავალი წიგნი, რომელთაგან ბევრი დღესაც ღირებულია. მასაჩუსეტში ჩატარებულ კონფერენციაზე ბუდისტმა ბერებმა აქტიურად ითანამშრომლეს მეცნიერებთან. შემუშავებულ იქნა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია. ბუდისტების მეცნიერებასთან დაახლოებას ხელი შეუწყო დალაი-ლამას პირადმა თვისებებმა. იგი ხშირად იმეორებდა, ჩემი ბედით რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი გავმხდარიყავი ბერი, ვიქნებოდი ინჟინერიო. იგი გატაცებულია მეცნიერებით. დალაი-ლამა გასაოცარი ცნობისმოყვარეობით აკვირდება ყველა იმ მეცნიერულ მიღწევას, რომელიც მსოფლიოში ხდება. მან განაცხადა, რომ ბუდიზმი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ღიაა მეცნიერული კვლევისათვის. თუ მეცნიერული თანამშრომლობით დადგენილი იქნება მედიტაციის უსარგებლობა, იგი მზადაა კრიტიკულად შეაფასოს ათასწლეულობით არსებული ბუდისტური ტრადიციები. ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯერომ კეიგანმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კვლევების შედეგები ამტკიცებს, ეთიკური ნორმები ჩვენთვის – გონიერი ადამიანისათვის ბიოლოგიური

მოთხოვნილებააო, რასაც დალაი-ლამამ დაამატა: ის,  ვინც სხვას ტანჯვას აყენებს, თვითონ იტანჯება. კონფერენციაზე განხილულ იქნა საინტერესო ფაქტი. ბუდისტები ძალიან მარტივად ახერხებენ მედიტაციის დროს გონების კონცენტრირებას ერთ საკითხზე, რასაკვირველია, გარკვეული ვარჯიშის შედეგად. ადამიანი, რომელიც განეკუთვნება დასავლურ ცივილიზაციას, ამას ვერ ახერხებს, ან სჭირდება დიდი შრომა, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია ცნობიერ პროცესთან. მასაჩუსეტსის კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეცნიერებამ უნდა მიაქციოს ყურადღება და, თუ შესაძლებელი იქნება, შეისწავლოს ბუდისტი ბერების ხატისმიერი აზროვნება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მახარიში მახეშ იოგას (სურ.5.6) მიერ შექმნილი ტრანსცენდეტალური მედიტაცია. მან დაამთავრა ალახაბადეს უნივერსიტეტი. განათლებით ფიზიკოსია და ითვლება ძველი ინდური ფილოსოფიის საუკეთესო მცოდნედ. იგი იყო ცნობილი გურუს, დევის, მოსწავლე, ვისგანაც შეისწავლა იოგა მისი გამოყენებითი მიმართულებებით. მახარიში მახეშ იოგა 1950 წელს ინდოეთიდან გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგრძელებს აქტიურ მეცნიერულ კვლევას სხვადასხვა ლაბორატორიაში. მან შექმნა ტრანსცენდეტალური მედიტაციის კვლევის მეთოდიკა და გაუჩნდა მრავალი მიმდევარი. მრავალი წლის განმავლობაში იგი ითვლებოდა პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, «ბითლზის» მასწავლებლად, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა. მახარიში მახეშ იოგამ ტრანსცენდეტალური მედიტაციის (ტმ) ორი პროგრამა შექმნა: ერთი – მარტივი ტმ, მეორე – მისი უფრო გაღრმავებული ვარიანტი ტმ-სიდხი.

1990 წლის დასაწყისში სხვადასხვა ქვეყანაში 3 მილიონი ადამიანი დაეუფლა ტმ-ის ტექნიკას, ტმ-სიდხს კი –150000. 1970–1990 წლებში სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა 430 სტატია, რომლებშიც აღწერილია ტმ და ტმ-სიდხის რეგულარული პრაქტიკის დადებითი გავლენა ადამიანთა ცხოველქმედების პროცესებზე. 1978 წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრანსცენდეტალური მედიტაციის რელიგიური ბუნების გამო აკრძალა მისი სწავლება საზოგადოებრივ სასწავლო დაწესებულებებში. 1992–1993 წლებში საერთაშორისო ტრანსცენდენტალური მედიტაციის მოძრაობა იწყებს პოლიტიკურ

----------------------------------

სურ. 5.6. მახარიში მახეშ იოგი, რომელმაც 1958 წელს აშშში შექმნა ტრანსცენდენტალური მედიტაციის კვლევის ცენტრი. დღეს მისი პროგრამით მსოფლიოს 25 ქალაქში მუშაობს 200 უნივერსიტეტის 500 ლაბორატორია.

 

--------------------------------------

აქტიურობას. სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება ბუნებრივი კანონის პარტია. 1996 წელს ამ პარტიამ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის არჩევნებში. კანდიდატად დასახელებული იყო ჯ. ხეგელინი.

შორეული წარსულიდან დაწყებული ბუდისტები ახერხებენ მანტრის (ლოცვის) საშუალებით გონების კონცენტრირებას. ამ დროს ისინი ისვენებენ და ახერხებენ გონებაში ჩაღრმავებას. ტვინში წარმოქმნილი აზრები იცვლება მანტრით. ეს კი საშუალებას იძლევა დააკვირდნენ აზრების წარმოშობას და ცნობიერების

გაფართოებას. მანტრა წარმოადგენს შეგუებულობის იმ იარაღს, რომელიც გონებას ათავისუფლებს აზრების მარწუხებისაგან. მახარიში მანტრას არ ანიჭებს არავითარ მისტიკურ და ზებუნებრივ ძალას. იგი ამბობს, ეს არის მარტივი მეთოდი, რომ გონება ზედაპირული აზროვნების გზიდან გადაყვანილ იქნეს უფრო ღრმა ტრანსცენდენტალურ, შემოქმედებით დონეზე. მას, ვისაც ასეთი ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია, მაშინვე უჩნდება კითხვები: გონება გამოყოფილია აზრებისაგან? რა რჩება, როდესაც ქრება აზრები? განა არის შემოქმედებითი ჭკუა გონების თვისება? ბოლო კითხვას მახარიში პასუხობს – კი. მისი აზრით, ადამიანის საბოლოო მიზანი იგივეა, რაც მთელი სამყაროსი. სამყარო არსებობს ღმერთისეული, შემოქმედებითი ჭკუის გამო. ადამიანი არის შემაერთებელი ხიდი ღმერთსა და ყველაფერ შექმნილს შორის.

მახარიშის მიხედვით ადამიანის მიზანია იცხოვროს თავისუფლად. თუ მან ეს ვერ მოახერხა, მაშინ მიზანი უქრება. მახარიშის მიაჩნია, რომ სუფთა ცნობიერება, ყოფის ტრანსცენდენტალური მდგომარეობა არის გონების ბუნება, რომელიც შემოქმედებითი მოღვაწეობის საფუძველია. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გონებას, აზრებისაგან განუყოფელი ზედაპირული ცნობიერებაა. არსებობს აზრთა მრავალი დონე. თუ ჩავუღრმავდებით მათ შინაარსს, აღმოჩნდება, რომ ისინი ეხება ობიექტებს ან მოვლენებს, რომლებიც სამყაროში მიმდინარეობს. დაუდგენელი აზრიც არის აზრი რაღაცის შესახებ.

 როდესაც აზრი ქრება, გონება წყნარდება. გონება ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორე, განსხვავებულ მდგომარეობაში. ამით ის ემსახურება სამყაროს. ხდება რა დამაკავშირებელი ხიდი განსაზღვრულ და განუსაზღვრელ აზრებს შორის, ადამიანი ემსახურება საკუთარ თავს, ხვეწს ინდივიდუალურ ბუნებას, რითიც ასრულებს თავის დანიშნულებას.

ბუდისტ მოღვაწეთა მსგავსად, მახარიში მახეშ იოგა თავისი თეორიის ასახსნელად იყენებს მეცნიერულ კანონზომიერებებს. იგი ემყარება თერმოდინამიკის მესამე კანონს – რაც მცირეა მუშაობა, მით დიდია მოწესრიგება. ტრანსცენდენტალური მედიტაციით გამოწვეული შინაგანი დაძაბულობის დაქვეითება იწვევს ფიზიკური და გონებრივი მოწესრიგების გაზრდას, რის გამოც ცნობიერი გონი ააქტივებს შემოქმედებით საწყისს. შემოქმედებითი საწყისის უკეთ წარმოდგენისათვის  მახარიში იყენებს მეტაფორულ ანალოგიას. აზრის წარმოშობას ის ადარებს ჭაობში გაზის გაჩენას. გაზის ბუშტები წარმოიქმნება ჭაობის ფსკერზე და ნელა იწყებს ზევით ამოსვლას. მოძრაობის დროს ბუშტები ერთიანდებიან, იზრდებიან და ზედაპირზე მათი აღქმა შესაძლებელი ხდება. ასევეა აზრებიც, რომლებიც ადრეული ბავშვობიდან ქვეცნობიერშია შემონახული. ის მოიცავს განცდებს, რეაქციებს, მრავალ მოგონებას და მოთავსებულია ჩვენი ფსიქიკის ძნელად მისაღწევ ნაწილში. გაზის ბუშტები და აზრები ზედაპირისაკენ ისე სწრაფად მოძრაობს, რომ მისი შემჩნევა ძნელდება. ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკა კი გონებას საშუალებას აძლევს შეიგრძნოს აზრების არსებობა სხვადასხვა სტადიაზე. მედიტაციის ეს ტექნიკა ქმნის იმის პირობებს, რომ აზრებს ჩაჰყვეს მანამდე, სანამ არ დადგინდება მათი წარმოშობის წყარო.

ჰარვარდის სამედიცინო ინსტიტუტსა და ლონდონის საავადმყოფოში შესწავლილ იქნა მედიტაციის გავლენა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებზე. 2003 წლიდან, ტიბეტელ ბუდისტებთან შეთანხმებით, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიების მონაწილეობით, უახლესი ძვირად ღირებული მეთოდების გამოყენებით, კელიებსა და კლინიკებში იწყება ორგანიზმზე მედიტაციის გავლენის შემსწავლელი ფართო პროგრამა.

დღეისათვის ცნობილია, რომ:

 -  მედიტაციის დროს ჩონჩხის კუნთები განიცდის რელაქსაციას. აღდგენა ხდება სწრაფად.

 -  მედიტაციაში მყოფი ტვინი მოიხმარს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადს.

 -  მედიტაციის დროს ნივთიერებათა ცვლა დაქვეითებულია.

 -  მედიტაციაში მყოფი პიროვნება ზოგჯერ მძინარეს შთაბეჭდილებას ტოვებს. ელექტროფიზიოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ძილი და მედიტაცია განსხვავებული მდგომარეობაა. მედიტაციის დამთავრების შემდეგ ადამიანი უფრო დასვენებული და ენერგიულია, ვიდრე ძილის შემდეგ.

 -  მედიტაცია დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინის მოქმედებაზე. ამაზე საუბარი მომდევნო პარაგრაფში გვექნება.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / ცაგარელი სულხან / ცნობიერება