§ 5.4. რელიგიური რწმენის ნეირობიოლოგია

 

დღეს ტვინის შემსწავლელი სხვადასხვა დარგები გაერთიანებულია ერთ დიდ მიმართულებად – ნეირომეცნიერებად. ნეირომეცნიერება აქტიურად ჩაება ისეთი

პრობლემის კვლევაში, როგორიცაა: «რატომ სწამთ ადამიანებს ღმერთი». ადრე მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სოციალური საკითხებით და იკვლევდნენ შემეცნების პროცესებს, ამ პრობლემის კვლევის იგნორირებას ახდენდნენ. იგი ითვლებოდა არასერიოზულად, უპერსპექტივოდ.

თუ თვალს გავადევნებთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ისტორიას, ნათელი ხდება, რომ ისინი ვითარდებოდნენ ერთნაირად. გარეგან ფაქტორებზე ვიზუალური დაკვირვება და მათი აღწერა შეერწყა ექსპერიმენტულ მონაცემებს. შესწავლილ იქნა მოვლენათა მექანიზმები და შეიქმნა მათი მოდელები. ასევე ვითარდება ნეირომეცნიერება, რომელიც იკვლევს ტვინის მიკროკოსმოსს. სხვა დარგებთან შედარებით, ნეირომეცნიერებამ განვითარება დაიწყო გვიან. ვინაიდან მისი კვლევის ობიექტი აღმოჩნდა გაცილებით რთული ფიზიკასთან, ქიმიასა და ბიოლოგიასთან შედარებით. ადამიანის ტვინი აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს, გარემოდან ღებულობს ინფორმაციას, ამუშავებს და ინახავს მეხსიერებაში. შენახულ ინფორმაციას იყენებს აზროვნებაში და გამოხატავს

მეტყველებით. ტვინი აყალიბებს პიროვნულ თვისებებს, მისწრაფებებს, ამბიციას და სურვილებს. ღებულობს გადაწყვეტილებებს, იცავს სოციალურ ნორმებს, აფასებს სხვის და საკუთარ ქცევებს და ქმნის ხელოვნების ნიმუშებს.

ტვინში მიმდინარე ამ პროცესების განმახორციელებელ ნეიროდინამიკურ ურთიერთობათა ასპექტებს იკვლევს ნეირომეცნიერება ფუნქციური ვიზუალიზაციის ისეთი უახლესი მეთოდებით, როგორიცაა: ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და კომპიუტერული ერთფოტონიანი ტომოგრაფია. სხვადასხვა ფიზიკურ პრინციპებზე დაყრდნობით, ნივთიერებათა რადიაქტიული გამოსხივებიდან დაწყებული, ლოკალური მაგნიტური კვლევის ცვლილებებით შესაძლებელი გახდა პირველად დავკვირვებოდით აზროვნების პროცესს.

ჩამოთვლილი მეთოდები საშუალებას იძლევა ნებისმიერ კოგნიტურ ამოცანათა გადაწყვეტისას სხვადასხვა სიზუსტით აღირიცხოს თავის ტვინის სტრუქტურებში

ნეირონთა აქტივობის ფორმები.

დადგინდა საინტერესო ფაქტი. პროცესი (მათ შორის შემეცნებითი), რომელიც კონტროლდება ცნობიერებით, წარმოადგენს თავის ტვინში მიმდინარე მოქმედების 5- 10%-ს. გამოთვლითი მუშაობისა და ფსიქიკური პროცესების დიდი ნაწილი არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოქმედებას – მიმდინარეობს ავტომატურად. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნეირონები ავტოპილოტით იმართებიან და არა ცნობიერების აქტიური კონტროლით. ტვინში მიმდინარე პროცესების მართვა მიმდინარეობს ქვეცნობიერად. თუ გავითვალისწინებთ ე. ჰუსერლისა და მისი მიმდევრების მიერ შექმნილი XX საუკუნის ფილოსოფიური მიმართულების ფენომენოლოგიის ძირითად პრინციპებს, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტვინი მუშაობს არაცნობიერად. ხშირ შემთხვევაში არაცნობიერში ტვინი უკეთესად მუშაობს, ვიდრე ცნობიერში. ეს დადგინდა უწონადობის პირობებში მოძრაობის რეგულირების დროს ნათხემში მიმდინარე პროცესების შესწავლით. ფენომენოლოგიის თანახმად, რეალობად ითვლება არა ის, რაც არსებობს ცნობიერების გარეშე, არამედ ის , რისკენაც მიმართულია ცნობიერება. ადამიანის ცნობიერება მიმართულია იმისკენ, რომ გააცნობიეროს ტვინში მიმდინარე არაცნობიერი პროცესები. შესაძლებელია თუ არა თვითცნობიერება? ამაზე ვისაუბრეთ ნაშრომის 1.2. ნაწილში. ფენომენოლოგიის

პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაისვას კითხვა: «ხომ არ არსებობს ცნობიერება ტვინის გარეთ?» არსებობს მკვლევართა მოსაზრება, რომ ცნობიერება

დაკავშირებულია ნატურალურ რიცხვებთან, მაგრამ ვერ  ასახელებენ, სად ხდება მისი ლოკალიზება.

ნეირომეცნიერებათა მიხედვით რელიგიური მრწამსი დაკავშირებულია თავის ტვინის მოქმედებასთან. ეს არ წარმოადგენს რაღაც გამონაკლისს. ნებისმიერი განცდა

და მოქმედება უშუალოდ დაკავშირებულია თავის ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკურ პროცესებთან. მეცნიერული მტკიცებულება, მათემატიკური დედუქცია, მორალზე მსჯელობა, არტისტული გარდასახვა და მათ შორის რელიგიური რწმენის ცნობიერება ტვინის ფუნქციაა. ტვინში მიმდინარე ამ პროცესთა ნეირონალური სუბსტრატის დადგენა არ უნდა იწვევდეს მათ ღირებულებათა

ავტომატურ დაქვეითებას ან სულიერ ფასეულობათა გაქრობას. რელიგიური პერცეფციის გარეგანი რეალობა ვერ დამტკიცდება და არც შეიძლება იქნეს უარყოფილი, თუ დადგინდება რელიგიურ რწმენაში მონაწილე სტრუქტურები.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ თუ დადგინდება რელიგიურობის შემქმნელი ნეირონების პოპულაციები, იგი უფრო გააძლიერებს ღმერთის რწმენას. დამტკიცდება ღმერთის არსებობა, თუ დამტკიცდება, რომ ადამიანს გააჩნია სტრუქტურები ღმერთის ქმედების ემოციურად განცდისათვის. ნეირობიოლოგიის თეორიული შეხედულებები და თავის ტვინის მოქმედების შესასწავლად გამოყენებული თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდები საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს რელიგიურ რწმენაში მონაწილე სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები ნორმასა და პათოლოგიაში.

რატომ აქვს რელიგიას ასეთი დიდი გავლენა ადამიანზე?

დღეს მეცნიერებას ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ გააჩნია. ბოლო ხანს ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით ჩნდება ნეირობიოლოგიური მონაცემები

იმის შესახებ, თუ სად და როგორ ხდება თავის ტვინში რელიგიური ინფორმაციის გადამუშავება. ამ მხრივ აღსანიშნავია პენსილვანიის უნივერსიტეტის ექიმის ენდრიუ ნიუბერგის და მისი კოლეგების წიგნი «ღმერთი არ გაქრება არასოდეს». ერთ-ერთი თანაავტორი, დაქვილი ფსიქიატრი იყო. ნიუბერგი გატაცებულია რადიოლოგიითა და ნეირობიოლოგიით. წიგნში კამათი რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობის შესახებ განხილულია ნეიროფიზიოლოგიური თვალთახედვით, რაც გამოხატულია ქვესათაურში «მეცნიერება ტვინზე და რწმენის ბიოლოგია». წიგნი დაწერილია მკითხველთა ფართო წრისათვის, მაგრამ შეიცავს ბევრ ახალ საინტერესო მონაცემს, რომელიც დააინტერესებს მკვლევრებსაც.

ავტორთა მტკიცებით, ღმერთი არ გაქრება ადამიანთა ცნობიერებიდან. არ გაქრება იმიტომ, რომ რელიგიურ იმპულსს თავის ტვინში თავისი სუბსტრატი გააჩნია. მედიტაციისა და ლოცვის დროს სკანირების შედეგად დადგინდა საფეთქლის უკანა ზემო წილის ნეირონთა პოპულაციის განსაკუთრებული დაბალი აქტივობა. ნეირონთა ამ პოპულაციას ავტორები უწოდებენ «ორიენტაციასთან ასოცირებულ უბანს». ამ ნეირონების ძირითადი ფუნქციაა სხეულის ორიენტირება სივრცეში. ადამიანებს, რომელთაც დაზიანებული აქვთ ეს უბანი, უჭირთ სივრცეში ორიენტირება, სახლთან ახლოს ყოფნის შემთხვევაშიც უძნელდებათ უკან დაბრუნება. როდესაც ნეირონები იმყოფებიან ნორმალურ, მშვიდ აქტივობაში, ადამიანი კარგად გრძნობს განსხვავებას მის პიროვნებასა და გარემოში არსებულ ყველა საგანს შორის. ნეირონების დაბალი აქტივობისას, მაგალითად, მედიტაციისა და ლოცვის მდგომარეობაში, განსხვავების ზღვარი პიროვნებასა და გარემოს შორის ქრება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი წყდება დედამიწას (რეალობას)

და იმყოფება მისთვის უჩვეულო სამყაროში, ერწყმის ღმერთს. ავტორები დაინტერესდნენ ამ საკითხით და გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი იმ კოლეგებზე, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ტიბეტური ბუდიზმით. ცდისპირად შეირჩა რვა პიროვნება, რომლებიც დათანხმდნენ ტვინის სკანირებაზე. ისინი ლაბორატორიაში მოდიოდნენ ცალ-ცალკე და ხელში უკეთდებოდათ ინტრავენოზური მილი, რომლითაც შეჰყავდათ რადიაქტიური ნივთიერება. ამის შემდეგ ცდისპირებს სთხოვდნენ ჩაეტარებინათ მედიტაცია ერთ რომელიმე წარმოსახვით ხატზე.

მედიტაციის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ცდისპირებს ეწყებოდათ იმის შეგრძნება, რომ ისინი შერწყმულნი იყვნენ ამ ხატთან, ხდებოდა ტვინის სკანირება და დგინდებოდა ის სტრუქტურები, რომლებშიც დიდი რაოდენობით გროვდებოდა ნიშანდებული ატომები. მათი კონცენტრაცია კი ნეირონთა აქტივობის დონის მაჩვენებელია. ცდის შემდეგ ხდებოდა აგრეთვე მედიტაციაში და მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ტვინის შედარება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მედიტაციის დროს გააქტივებულია ის ნეირონები, რომლებიც მონაწილეობენ ყურადღების ჩამოყალიბებაში. ეს მიუთითებს, რომ მედიტაციური ტვინი ღრმად კონცენტრირებულია. «ორიენტაციასთან ასოცირებული უბნის» ნეირონთა პოპულაცია ამჟღავნებს დაბალ აქტივობას. ეს ის ნეირონებია, რომლებიც არეგულირებს «მეს» დამოკიდებულებას სივრცესთან. მარცხენა ჰემისფეროს ეს უბანი დომინანტია, ხოლო მარჯვენა დაქვემდებარებული. ნეირონთა დაბალ აქტივობას მკვლევრები ხსნიან იმით, რომ მედიტაციის დროს ტვინი თიშავს ამ პოპულაციისაკენ მიმავალ გარეგან გამღიზიანებელთა თითქმის ყველა აფერენტულ გზას, რის შედეგადაც პიროვნება წყვეტს კავშირს გარემოსთან. პიროვნებას ექმნება განცდა, თითქოს იგი იმყოფება განუსაზღვრელ სივრცეში.

დაქვილის გარდაცვალების შემდეგ ნიუბერგმა გააგრძელა რელიგიური ხასიათის ექსპერიმენტები. ცდისპირებად შეირჩნენ მონაზვნები. ცდა ტარდებოდა ლოცვის დროს. ვინაიდან ლოცვა სიტყვიერია, ხოლო მედიტაცია დაკავშირებულია ხატების წარმოდგენასთან, ამიტომ სკანირებით მიღებულ იქნა განსხვავებული შედეგი. ლოცვისას თავის ტვინში გააქტივებული აღმოჩნდა ის უბნები, რომლებიც დაკავშირებულია მეტყველებასთან. ამ შემთხვევაში საინტერესო იყო ის, რომ ნეირონებს, რომლებიც ასოცირებულია ორიენტაციასთან, დაქვეითებული აქტივობა აღმოაჩნდათ. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მლოცველის ტვინი თიშავს ტვინის იმ უბანს, რომელიც გარემოსთან კავშირს ამყარებს და მლოცველი გადადის განუსაზღვრელ სივრცეში.

ადამიანის შერწყმა სამყაროსთან არ ხდება მხოლოდ იმ ნეირონთა აქტივობის დაქვეითებით, რომელიც ასოცირებულია ორიენტაციასთან. ამ განცდის ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობს ემოციური მუხტი, რომელიც რეგულირდება ლიმბური სტრუქტურების მონაწილეობით (სურ. 5.8). პოლ ეკმანს მიაჩნია, რომ ემოცია არის ცნობიერების პლასტიკური ფორმა, რომლის კონტროლირების სწავლა შეუძლია ადამიანს. შეიქმნა ტერმინი «ემოციური ინტელექტი». ამ ახალი ნეიროფსიქოლოგიური მიმართულების პრინციპები გადმოცემულია ქრისტიან ვაიებახის და ურსულა დაკსის  წიგნში. მასში მოტანილი სავარჯიშოები ადამიანს საშუალებას აძლევს კრიტიკულად შეაფასოს ურთიერთობა საკუთარ გრძნობებსა და მოქმედებას შორის, ისწავლოს საკუთარი რაციონალური ინტელექტის ოპტიმალური გამოყენება. აღნიშნული პრობლემის არსი ჯერ კიდევ 2300 წლის წინ ჩამოაყალიბა არისტოტელემ. იგი მოგვიწოდებდა: «ჭკუით მართეთ

საკუთარი გრძნობები».

ადამიანის თავის ტვინის სტრუქტურის და მასში მიმდინარე პროცესების შესწავლის საფუძველზე ნეირობიოლოგები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ შეუძლებელია შეიქმნას იმ ზონების საბოლოო რუკა, რომლებიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ ფუნქციის შესრულებაზე. სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტაში აქტიურად ებმება სხვადასხვა სტრუქტურები, მათში მიმდინარე რთული პროცესებით.

ტვინი ჩვენი სამყაროს ყველაზე დიდი საოცრებაა. უხეში გამოთვლებით იგი აშენებული უნდა იყოს 1010 ნეირონისა და იმავე რიგის უცნობი რაოდენობისა და ფუნქციის გლიური უჯრედებისაგან (შილბერ, 1999). მოქმედების პოტენციალის საშუალებით ყოველი ნეირონი იღებს ინფორმაციას 10000 ნეირონისაგან და გადასცემს 1000 ნეირონს. ხშირად ტვინის მოქმედებას ადარებენ კომპიუტერს. არტურ ტოგას მიაჩნია, რომ იგი უფრო ინტერნეტს წააგავს. ადამიანის თავის ტვინში ნეირონების პოპულაციებისა და გლიური უჯრედების ასეთი დიდი მასა თავმოყრილია სხვადასხვა სტრუქტურებში. ტვინის სხვადასხვა უბნებში განლაგებული სტრუქტურები ისე ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, როგორც სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტები. ტვინის მოქმედების დირიჟორად შუბლის წილები გვევლინება. მუსიკის დამკვეთი (როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გამოთვალოს ტვინმა) ფსიქიკაა.

ტვინის ნებისმიერი ქმედება ფსიქიკური პროცესის გამოვლინებაა. სამყაროს ვუყურებთ და ვუსმენთ ფსიქიკური პროცესის საშუალებით და არა თვალით და ყურით. ფსიქიკის შემოქმედებითი უნარით განისაზღვრება ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტა, რომელსაც ადამიანი ახორციელებს.

ისტორიულად შუბლის წილის ფორმირება მოხდა ნერვული სისტემის ევოლუციის გვიანდელ ეტაპზე, განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია ადამიანებში და ნაკლებად არის გამოხატული უმაღლეს პრიმატებში.

პრეფრონტალური ქერქის ან შუბლის წილებში განვითარებული მისი ანალოგების მასის ფარდობა მთლიანი ტვინის მასასთან ადამიანებში წარმოადგენს 29%-ს, შიმპანზეში – 17%-ს, გიბონებში – 11,5%-ს, ლემურებში – 8,5%-ს, ძაღლებში – 7%-ს, კატებში – 3,5%-ს. შუბლის წილები არეგულირებს თავის ტვინში მიმდინარე ბევრ პროცესს და სხვადასხვა ქცევით აქტს. შუბლის წილის ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ნევროლოგიური დაავადებებით, გენეტიკური გადახრით ან ტვინის ტრავმით, იწვევს ტრაგიკულ შედეგს, ვითარდება ფსიქიკური დაავადებები და ასოციალური ქცევები.

საინტერესო ისტორია აქვს შუბლის წილის ფუნქციის კვლევას. XX საუკუნის დასაწყისში ნევროლოგებში გაბატონებული შეხედულებით ქერქის ეს ნაწილი უფუნქციოდ იყო მიჩნეული. ბოლო დროის ექსპერიმენტულმა შედეგებმა და კლინიკურმა მონაცემებმა დიამეტრალურად შეცვალა ჩვენი შეხედულება შუბლის წილის ფუნქციაზე. მართალია, მას არ გააჩნია ისეთი განსაზღვრული, კონკრეტული ფუნქცია, როგორიც აქვთ სენსორულ, მოტორულ და ასოციაციურ ქერქს, მაგრამ შუბლის წილები ასრულებს მნიშვნელოვან როლს. შუბლის წილი არეგულირებს ტვინის სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებას. იგი ირჩევს ქცევის ხასიათს და აკონტროლებს მის განხორციელებას, აფასებს ქცევის შედეგს. მიზანსწრაფვა, ლიდერობა, «მეს» განცდა და თვითიდენტიფიკაცია ხორციელდება შუბლის წილების მონაწილეობით. ამ პროცესებში წარმმართველ როლს ასრულებს პრეფრონტალური ქერქი. ქერქის ამ უბნის დაზიანებისას ვითარდება აპათია, განურჩევლობა და ინერტულობა. დაზიანება შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს პიროვნებისათვის. ცნობიერი პროცესები მოქმედებას იწყებს ფიქრის დროს. ამიტომ ცნობიერება და ყურადღება განუყოფელი ნაწილია. ორივე პროცესი მიმდინარეობს მსგავსად.

შუბლის წილის მოქმედების გააზრებისათვის მოვიყვანთ ელხონომ გოლდბერგის მაგალითს.

წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც ხელში უჭირავს ფარანი და ანათებს სცენას. ფარნის დაჭერა ხორციელდება ტვინის ღეროს ნეირონული ცენტრებით. სცენის საერთო განათება ხორციელდება შუბლის წილების ქერქული უბნების მონაწილეობის გარეშე, ხოლო ფარნის შუქის მიმართვა სცენაზე არსებულ კონკრეტულ ობიექტზე არის შუბლის წილების მოქმედების შედეგი.

 

2002 წელს ვინსკონსინის შტატის უნივერსიტეტის ემოციური ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორმა დოქტორმა რიჩარდ დევიდსონმა მაგნიტურრეზონანსულ აპარატის გამოყენებით შეისწავლა მედიტაციაში მყოფ ბუდისტ ბერის მეტიუ რიკარდის ტვინი. რიკარდს ჰქონდა 30 წლის მედიტაციის პრაქტიკა. დადგინდა, რომ რიკარდს გააქტივებული ჰქონდა მარცხენა ჰემისფეროში შუბლის წილის ნეირონები მარცხენა თვალის ზემოთ. ეს ზონა დაკავშირებულია პოზიტიურ ანუ ბედნიერების გამომხატველ ემოციასთან და სტატისტიკურად კორელირებს იმ ადამიანთა ტვინის აქტივობასთან, რომლებშიც დომინირებს პოზიტიური ემოციები იმ ადამიანებისაგან განსხვავებით, რომლებშიც პრევალირებს

ნეგატიური ემოციები. ასეთ ადამიანებს უაქტივდებათ მარჯვენა შუბლის წილები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიკარდის მარცხენა შუბლის წილის აქტივობა გაცილებით მაღალი იყო იმ 150 ადამიანთა ტვინის აქტივობასთან შედარებით, რომლებზედაც ჩატარდა იგივე პროცედურა. უცნობია ის გარემოება, თუ როგორი იყო რიკარდის ტვინის აქტივობა მანამდე, სანამ ის ბერი გახდებოდა. დოქტორი დევიდსონი დარწმუნებულია იმაში, რომ ბუდისტი ბერების ტვინის  აქტივობის შესწავლა საშუალებას მისცემს მეცნიერებას, შეიცნოს მედიტაციის პრაქტიკა, ის, თუ

როგორ უწყობს იგი ხელს ადამიანს, გამოიმუშაოს პოზიტიური ტემპერამენტი.

დევიდსონის აზრით, მრავალსაუკუნოვანი ბუდისტური მედიტაციის პრაქტიკა საშუალებას იძლევა ჩატარდეს ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც დაადგენს, მოქმედებს

თუ არა აზრი თავის ტვინის სტრუქტურაზე. მედიტაციის მეთოდით (ტექნოლოგიით) შესწავლილი იქნება თავის ტვინის პლასტიკურობა. დალაი-ლამა დაეთანხმა დევიდსონს და სთხოვა ბუდისტ ბერებს დროებით ეთანამშრომლათ მეცნიერებთან. დევიდსონმა ექსპერიმენტები ჩაატარა ვისკონსინის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში ჩატარებულმა ნეიროფიზიოლოგიურმა ექსპერიმენტმა მედიტაციის დამწყებ პირებზე და დიდი პრაქტიკის მქონე ბერებზე გამოავლინა საინტერესო ფაქტი. ბერების თავის ტვინში რეგისტრირდებოდა უფრო მაღალი სიხშირის გამა-რითმი, ვიდრე დამწყებ ცდისპირებში. ეს განსხვავება უფრო ძლიერდებოდა მედიტაციის ხანგრძლივობასთან ერთად. გამა-რითმი ნეირონთა ჯამური აქტივობის გამომხატველი რითმია, რომელშიც გაერთიანებულია თავის ტვინის სტრუქტურები ერთი ფუნქციით. გამა-რითმი სიხარულის გამომხატველია. თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც მონაწილეობენ შიშის, აგრესიისა და შეშფოთების რეაქციების რეგულირებაში, ამ დროს დუმან. დევიდსონს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არის ობიექტური გამოხატულება იმისა, თუ როგორ გადადის მედიტაციის დროს ტვინი გარკვეული დონიდან უფრო მაღალზე. იკვეთება პერსპექტივა გარკვეულწილად მივუახლოვდეთ ცნობიერების საიდუმლოების ამოცნობას.

ინტენსიური რელიგიური ცდების პირობებში პიროვნების სამყაროსთან შერწყმა არ არის ერთადერთი თვისება. რელიგიურ ცდაში პიროვნება განიცდის დიდ ემოციურ სიამოვნებას. ნეიროფიზიოლოგთა შეხედულებით, რელიგიური განცდა არ რეგულირდება მხოლოდ საფეთქლისა და შუბლის წილის ნეირონებით. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ლიმბური სისტემის სტრუქტურები.

ლიმბური სისტემა შედგება მორფოლოგიურად განსხვავებული სტრუქტურებისაგან (სურ. 5.8). იგი არეგულირებს შინაგან ორგანოთა მოქმედებას და მონაწილეობს რთული ქცევებისა და ემოციების წარმართვაში. ლიმბური სისტემის სტრუქტურებში ხდება სენსორული ინფორმაციის გადამუშავება. აქვე ყალიბდება მოსალოდნელი ქცევების მოტივაცია. შესწავლილია მედიტაციის მდგომარეობაში მყოფი ბუდისტი ბერის ლიმბური სისტემის ორი სტრუქტურის – ჰიპოკამპისა და ამიგდალას (ნუშისებური სხეულის) – ურთიერთობა. არსებობს მოსაზრება, რომ ჰიპოკამპში

მეხსიერება ერთიანდება ემოციებთან, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. მხედველობით სისტემაში ინფორმაციის გადამუშავებამდე პირველი სიგნალები ხვდება ნუშისებურ სხეულში და იწვევს შიშის ემოციას. რამდენიმე წამის შემდეგ ზუსტი ინფორმაცია მოდის მხედველობითი ქერქიდან, საფეთქლის წილიდან

და ჰიპოკამპიდან. სწორი ინფორმაციის შემდეგ ხდება პიროვნების ადეკვატური რეაგირება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რელიგიური რწმენის ნეიროანატომიურ სუბსტრატს უნდა წარმოადგენდეს ლიმბურ სისტემაში შემავალი ჰიპოკამპი და ნუშისებრი სხეული, პრეფრონტალურ და საფეთქლის წილებში გაბნეულ ნეირონთა პოპულაციები.

ალბათ, საინტერესო იქნება, მოკლედ შევეხოთ, როგორ უკავშირდება ანგულარული ღარის ფუნქცია სიკვდილს. რა არის სიკვდილი – თავის ტვინის ფუნქციის შეწყვეტა თუ მისი სტრუქტურის დაშლა? მრავალი ექიმი თვლიდა, რომ სიკვდილის დიაგნოსტიკა უნდა ემყარებოდეს ტვინის ფუნქციის შეუქცევად შეწყვეტას. ასეთ დიაგნოსტიკას ეწინააღმდეგება თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი. მათ მხარი დაუჭირა ზოგიერთმა ფილოსოფოსმაც. ტერმინი «ტვინის სიკვდილი» ნიშნავს მხოლოდ ინდივიდის ტვინის სიკვდილს და არა ინდივიდი სას. ამის დასამტკიცებლად იყენებენ ფაქტს, რომ ტვინის სიკვდილის შემდეგ აღწერილია მიტოზი ღვიძლში, აგრეთვე თმებისა და ფრჩხილების ზრდა. ზოგჯერ ტვინის სიკვდილის შემდეგ გული აგრძელებს შეკუმშვას.

1968 წელს პოპულარულმა the Council for international Organizations of Medical Sciences-მა 76-ე ტომის 1390-ე გვერდზე გამოაქვეყნა ტვინის სიკვდილის ხუთი პირობა:

1. ინდივიდი არ უნდა რეაგირებდეს გარეგან გამღიზიანებელზე;

2. კუნთური ტონუსი გამქრალია, არ უნდა მოქმედებდეს

რეფლექსები;

3. შეწყვეტილი უნდა იყოს სუნთქვა;

4. არ უნდა არსებობდეს არტერიული წნევა;

5. ელექტროენცეფალოგრამაზე უნდა იყოს სწორი ხაზი, ტვინის სტიმულაციის დროსაც.

შენიშვნაში მითითებულია, რომ ეს ხუთი პირობა არ ვრცელდება პატარა ბავშვებზე, გაყინულ ორგანიზმსა და მოწამლულებზე.

 

-----------------------------------

სურ.5.9. მედიტაციაში მყოფი ტიბეტელი ბუდისტი მოძღვრისა და მხატვრის დრუ-გუ ჩოეგილას თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურიდან რეგისტრირდება ნეირონთა აქტივობა (Шрив,2005)

 

სურ.5.10. ტიბეტელი ლამას ჰიპოკამპისა და ამიგდალას ურთიერთობა მედიტაციამდე და მედიტაციის დროს საწყის ეტაპზე ბერის ტვინში ორივე ამიგდალა აქტიურია და ორივე სრულად უკავშირდება ერთმანეთს.

ბერი იწყებს მედიტაციას. გარკვეული დროის შემდეგ მისი მარჯვენა ამიგდალა

სულ უფრო ნაკლებად აქტიურია. ემოციური მდგომარეობა დომინირებულია მარცხენა ამიგდალას აქტივობით. ბერი წყვეტს მედიტაციას. მისი მარჯვენა ამიგდალა იწყებს გააქტივებას. იგი ხდება თავდაჯერებული.

მარჯვენა ამიგდალას აქტივობა საკმარისი  ხდება, რათა დათრგუნოს ბერის ცნობიერება და იგი განიცდის მრავალ უსიამოვნო მდგომარეობას.

მარჯვენა ამიგდალას აქტივობა ვრცელდება მარჯვენა ჰიპოკამპში – შინაგანი ხედვის, ვიზუალური მეხსიერების უზრუნველმყოფ ძირითად სტრუქტურაში. ამიტომაც გამოცდილება იძენს ვიზუალურ ხასიათს.

მარჯვენა ამიგდალასა და ჰიპოკამპის აქტივობა შორდება მის მაქსიმუმს და რადგანაც იმავე ნახევარსფეროში ვეღარ ვრცელდება, გადადის მარცხენა ამიგდალაში ისეთი ძალით, რომ ის სინაფსები, რომლებიც აკავებენ მარჯვენა-მარცხენა აქტივაციას, წყდება. ასევე ხდება მარჯვენა ჰიპოკამპსა და მარჯვენა ამიგდალას შორისაც.

ბერი გაბრწყინებულია. მარჯვენა ამიგდალას აქტივობის დიდი ნაწილი გავრცელებულია მარცხენაში. მართალია, დარჩენილია მარჯვენა ამიგდალასაკენ

მიმავალი გზები, მაგრამ ისინი ჩართულია ტვინის სხვა სტრუქტურებთან. მის მარჯვენა ჰიპოკამპს უფრო მეტი კავშირი აქვს მარცხენა ამიგდალასთან, ვიდრე

იპსილატერალურთან. სინაპსების შემაკავებელი აქტივობა მარცხენა ნახევარსფეროსაკენ აღარ ფუნქციონირებს.

საუკუნეებია გრძელდება კამათი იდეალისტებსა და მატერიალისტებს შორის სულის შესახებ. კამათის მიზეზს წარმოადგენს არა თვითონ მოვლენის ბუნება, არამედ შემეცნების მეთოდი. ზოგი გარემომცველ სამყაროს აცნობიერებს გრძნობათა ორგანოებით, ზოგი კი გონებით. ზოგი ამბობს – ჩვენ ამას ვგრძნობთ, ზოგი კი – ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. რელიგიურად ადამიანი არის სულის, გონებისა და სხეულის სინთეზი. თუ ერთი შემადგენელი გაქრება, ადამიანი აღარ იარსებებს. ბუდისტურ რელიგიაში არსებობს ცნება ინკარნაციის შესახებ. სულის გარდასახვა ხდება სხვის სხეულში და თან მიაქვს ინფორმაცია. სულის არსებობა აღიარებულია ყველა რელიგიაში. ფილოსოფოსმა რაიმონდ მოუდმა თავის ნაშრომში თავი მოუყარა კლინიკური სიკვდილის შემთხვევაში სულის მოძრაობას – როგორ მოძრაობს სული

გვირაბში და აკვირდება თავის სხეულს გარემოდან. მოუდი აცხადებს: მე არ ვცდილობ დავამტკიცო, რომ სიცოცხლე არსებობს სიკვდილის შემდეგ. საერთოდ, არც ვფიქრობ დამტკიცებაზე. განა ეს შესაძლებელია?

 

----------------------------------------

სურ. 5.11. ტვინის ზედაპირზე მონიშნული უბანი ცნობილია, როგორც ანგულარული ღარი. იგი მდებარეობს ტემპოპარიეტალურ, ოქციპიტალურ უბანში. ფიქრობენ, რომ ის გარკვეულ როლს ასრულებს ტვინის მიერ სენსორული ინფორმაციის ანალიზში.

ნეიროქირურგების თანამშრომლობით ნეიროფიზიოლოგებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ანგულარული ღარი მონაწილეობს სენსორული ინფორმაციის ანალიზში, რის შედეგადაც ადამიანს ეძლევა საშუალება შეიგრძნოს საკუთარი სხეული. პათოლოგიების ან ტრამვატული დაზიანების შემთხვევაში, როდესაც ანგულარული ღარის ფუნქცია გამორთულია, პიროვნებას უჩნდება სამყაროს ხედვის უნარი სხეულის გარედან. აღწერილი მდგომარეობა ანალოგიურია იმ ვითარებისა, რასაც ყვებიან ადამიანები კლინიკური სიკვდილის შემდეგ.

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / ცაგარელი სულხან / ცნობიერება