მეათე- მეთორმეტე საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება

ხუროთმოძღვრების ძეგლები

 

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლები

საინჟინრო ნაგებობები

საერო ნაგებობები

 

"მეათე ს-ის უკანასკნელი ათეული წლები და განსაკუთრებით მეთერთმეტე საუკუნე _ უკანასკნელი ეტაპი გაერთიანების წინ  -  დიდი ეროვნული აღტკინების ხანაა, ხანა დიდი შემოქმედებისა, ხანა, როდესაც ხალხის სულიერი ძალები დაძაბულია დიდი ეროვნული მშენებლობისათვის, შედეგი კულტურის ყველა დარგში იჩენს თავს|".

ამ დროსაც ხუროთმოძღვრების გათვითარებაში მთავარი ადგილი საეკლესიო ხუროთმოძღვრებას უნდა მიეკუთვნოს  -  არა ძეგლთა რაოდენობით, არამედ მათი მნიშვნელობით, მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით.

არასრული, მაგრამ შედარებით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამ პერიოდის სამონასტრო ანსამბლების შესახებ (საყურადღებოა, რომ მათი აგების შესახებ წერილობით წყაროებშიც გვხვდება მნიშვნელოვანი ცნობები).

თავისთავად მეათე ს. გარდატეხის პერიოდია ქართულ ხუროთმოძღვრებაშიდერთი მხრივ სრულდება წინა ეპოქის, გარდამავალი ხანის ხუროთმოჟღვრება და მეათე ს-ის მეორე ნახევრიდან სათავეს იღებს ახალი ეპოქის-განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურა.

მეათე ს-ის პირველ ათწლეულებში სამშენებლო მასალის სურათიც იცვლება. კვლავ აღდგა თლილი ქვით მოპირკეთება, რაც მეხუთე-მეშვიდე საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთი ძირითადი ნიშანთაგანი იყო და მეათე ს-ის მეორე ნახევრიდან საფასადო სიბრტყეები მთლიანად თლილი ქვის პერანგშია ჩასმული და ტექნიკური შესრულების დონეც დიდად ამაღლდა. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხუროთმოძღვრებისათვის. იგება უამრავი პირველხარისხოვანი ძეგლი. პირველ ეტაპზე საგრძნობია მათი ორგანული კავშირი გარდამავალი ხანის ხუროთმოძღვრებასთან. შემდეგი დროის ხუროთმოძღვრება ბუნებრივი განვითარების გზას მიყვება.

მეათე-მეთერთმეტე სს-ის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელია საეკლესიო ხუროთმლძღვრების «გამოცოცხლება». ქვეყნის ეკონომიური სიძლიერე ხუროთმოძღვრებაშიც აისახა და გარდამავალი ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი თემათა სიჭრელის ნაცვლად უპირატესობა დარბაზულ და გუმბათიან ტაძრებს ეძლევა. ამ დროს, მეათე ს-ში, მთავრდება ქართულ ხუროთმოძღვრებაში დამკვიდრებული

და განვითარების თავისებური სახის მქონე ბაზილიკების თემა.

ა) ისევ იგება ერთნავიანი ეკლესიები-გავრცელებული მთელს საქართველოში. ის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მუდმივი თანამგზავრია. წინა ხანასთან შედარებით,

 

 

თმოგვის ბაზილიკა

ახალი ის არის, რომ დარბაზის ზომა რამდენადმე მატულობს.  მე-10 ს-ში ჩნდება ინტერიერის მხატვრული დანაწევრებისადმი სწრაფვა. აფსიდის გვერდებზე ჩნდება სამკვეთლო და საჟიაკვნე. მეათე ს-ში სამნაწევრიანი საკურთხეველი ჩვეულებრივი მოვლენაა  -  არბო, დისევი, ვანათი, დაუნა, ზემო ყარაბულახი, სათხე, ჟაბეში, ეხვევის ტაძარი «დედა ღვთისა», ბექთაშენი, პარხალის ზედა ეკლესია, ოთხთა ეკლესიის არსენისეული ეკლესია. ამავე დროს ჩნდება დარბაზული ეკლესიებისათვის უჩვეულო სამკუთხა ნიშები აღმოსავლეთის ფასადზე. მეათე ს-ში მას მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებაში ვხვდებით. აგარა პირველი ტაძარია, რომელიც გუმბათური ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ ნიშებს იყენებს აღმოსავლეთის ფასადზე. შემდეგ იგივეს ვხვდებით მცირე ეკლესიის ფასადზე, ფექთაშენში, ოთხთა ეკლესიის არსენისეულ ტაძარში. მეთერთმეტე ს-ში უკვე ასეთ ნიშებს ქართლშიც ვხვდებით  -  წეროვანი, მილარიხი.

როგორც აღინიშნა იცვლება დარბაზული ეკლესიის ზომები და ისინი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის საგრძნობ სიდიდეს აღწევენ. წინა ეპოქასთან შედარებით მეტი ინტერესი ჩნდება ფასადთა შემკობისა დეკორატიული თაღებითა და ორნამენტაციით და ზოგ შემთხვევაში  -  მაგ. ხცისი (1002 წ.), სავანე (1046 წ.), მაღალაან ეკლესია (მეთორმეტე ს.)  -  თავისი მხატვრული ღირებულებით ეს ერთნავიანი ტაძრები, დეკორატიული მორთვით, გუმბათურ ხუროთმოძღვრებას უტოლდებიან.

ბ) ბაზილიკური თემის მნიშვნელობა საგრძნობლად ეცემა და მეათე ს-ის ქართულ ხუროთმოძღვრებაში მთავრდება ბაზილიკური თემის განვითარება. სამხრეთ საქართველოში აიგო ბაზილიკის დამაგვირგვინებელი ნიმუშები  -  ოთხთა ეკლესია და პარხალი (ორივე ბაზილიკა ახლა თურქეთშია, მდ. ჭოროხის ხეობაში).

ოთხთა ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძარია. მის წარწერაში ცოცხლად იხსენიება დავით კურაპალატი (გარდაიცვალა 1001 წ). სავარაუდოთ ტაძარი მეათე ს-ის მეორე ნახევარშია აგებული, გარკვეული ცვლილება მის აღმოსავლეთ ასადს ნათლად ეტყობა (ფასადი რამოდენიმე მეტრითაა ამაღლებული). ბაზილიკა სამნავიანია, გამოკვეთილი გრძივი ღერძით. დარბაზი რთული პროფილის ბურჯების ოთხი წყვილით სამ ნავადაა გაყოფილი. სიმაღლით მკვეთრად გამოიყოფა ცენტრალური ნავი. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა მოწყობილი. დარბაზის დასავლეთ ნაწილში პატრონიკეა მოწყობილი (შასაძლოა ეს პატრონიკე ტაძრის აგების შემდეგ იყოს მოწყობილი). გარეასახულობით ოთხთა ეკლესიის ფასადები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისაგან. ფასადთა დამუშავება მაღალი ვიწრო დეკორატიული თაღებით, მაღალი პროპორციებითა და ციცაბო კალთებით ბაზილიკათა თემას იმდროინდელი გუმბათური ხუროთმოძღვრების მხატვრული გადაწყვეტის პრინციპს უახლოებს.

თავისი არქიტექტურით პარხლის მონასტრის ეკლესია ახლოსაა ოთხთა ეკლესიასთან. აიგო 973 წელზე უფრო ადრე. იოანე ბერს შატბერდის მონასტერში გადაწერილი პარხლის ოთხთავის ანდერძში ნათქვამია: « წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა ზედა დაიდვა სადიდებლად ღმრთივ გვირგვინოსანსა მეფეთა მეფისა დავით მაგისტროსისაი». ეს იგივე დავით კურაპალატია, რომელსაც 973 წელს მაგისტროსის წოდება ჰქონდა.

გ) გუმბათიანი ხუროთმოძღვრება. ქართულ ხუროთმოძღვრებაში წამყვანია გუმბათური ხუროთმოძღვრება. სწორედ ის «კარნახობს» მთელი ხუროთმოძღვრების განვითარებას. პირველ რიგში გვინდა ვახსენოთ ექსაფსიდიანი ეკლესიები, რომელთა არსებობაც ძირითადად მეათე ს-ით უნდა იფარგლებოდეს. საქართველოში სულ ხუთი ასეთი ძეგლია: ერთი ბოჭორმა (კახეთშია), სამი-გოგება, კიაღმის  -  ალთა, ოლთისი (ტაო-კლარჯეთშია, ახლა თურქეთის ფარგლებშია) და ერთი  -  კაცხი (იმერეთში), ის ყველაზე გვიანდელია და გარდამავალ ხანას მხოლოდ თავისი ტიპით უკავშირდება  (აშენებულია მეთერთმეტე ს-ის დასაწყისში).

ნაგებობათა ეს ტიპი, შესაძლოა, ტეტრაკონქის (ჯვრის ტიპის ტაძრების) ერთგვარი დეკორაციული გადამუშავების შედეგად იყოს მიღებული. თუ არ ჩავთვლით ნინო წმინდის ტაძარს, ის ერთადერთი სახეობაა ქართული გუმბათიანი ტაძრებისა, რომელშიაც გუმბათი კვადრატს არ ეყრდნობა  -  მის დასაყრდნობად გამოყენებულია შუა სივრცის გარშემო სხივებად განლაგებული ექვსი აფსიდის შეხვედრის კუთხეები.

 

გენეტიკურად ამ ტიპს უკავშირდება მომდევნო ეპოქის ორი ფრიად მნიშვნელოვანი ძეგლი  -  კუმურდოს ეკლესია ჯავახეთში 964 წლისა და ნიკორწმინდა რაჭაში, აგებული მეთერთმეტე ს-ის დასაწყისში.

წერილის სიმცირის გამო შეუძლებელია ყველა გუმბათიან ძეგლზე შეჩერება, შევეცდებით მხოლოდ ძირითადი ძეგლები ვახსენოთ.

ასეთ ძეგლთა რიცხვს, პირველ რიგში, ოშკის ტაძარი მიეკუთვნება (სამხრეთ საქართველოშია, ტაოს პროვინციაში, დღეს თურქეთშია). მისი მშენებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები  -  ბაგრატ ერსთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით კურაპალატი, ოთხთა ეკლესიისა და პარხლის ტაძართა მაშენებელი) ძეგლი აგებულია 963-973 წწ-ში.

ოშკის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა, სადაც ჯვრის სამი მკლავი აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა და სამხრეთისა ნახევარწრიულია. დასავლეთისა კი წაგრძელებულია და სწორკუთხა.

უფრო ადრეულ ძეგლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა ტაძრის ზომები. თლილი ქვით მოპირკეთებული ტაძრის ფასადები დეკორატიული თაღებითა და პილასტებითაა შემკული. ეს ძეგლი მცენარეული ორნამენტაციითა და ფიგურული რელიეფების სიმრავლითაც გამოირჩევა. განსაკუთრებით მდიდრულადაა მორთული ტაძრის მთავარი, სამხრეთის ფასადი. მშენებელს, გრიგოლ ოშკელს, უყურადღებოდ არც ტაძრის ინტერიერი არ დაუტოვებია. ქვაზე ნაკვეთ ორნამენტს აქაც დიდი ადგილი უკავია. ჩუქურთმებითაა დაფარული გუმბათტვეშა ბოძები, სვეტისთავები, სამხრეთის გალერიის კამარები და სვეტები.

აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ დავით კურაპალატის კიდევ ერთი ნაგებობა, ხახულის მონასტერი და მისი მთავარი ტაძარი (ესეც ოშკის ახლოს თორთუმის წყლის ხეობაშია აგებული მეათე ს-ის მეორე ნახევარში).

მეთერთმეტე საუკუნე უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში. სწორედ ბაგრატ მესამის მეფობის დროს გაერთიანდა საქართველო. მეთერთმეტე ს-ის პირველ ათწლეულში აიგო საქართველოს ყველა უდიდესი კათედრალი. პირველ რიგში გვინდა ვახსენოთ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი. ტაძარი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს განასახიერებდა. თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით მას განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში.

 

ტაძრის ჩრდილოეთის სარკმლის ქვემოთ წარწერაში აღნიშნულია «ოდეს განემტკიცა იატაკი ქორონიკონი იყო 223» (ეს საქართველოში უძველესი ციფრებია). ქორონიკონი 223, 1003 წელი გამოდის.

გეგმით ის საკმაოდ ახლოსაა ოშკის ტაძართან, თუმცა ბაგრატის ტაძრის ოსტატმა უფრო ხალვათი, ვრცელი შიდა სივრცის მიღება დაისახა მიზნად. ასევე დახვეწილი იყო შენობათა ფასადები. ორნამენტაციას აქაც განსაკუთრებული ტაქტითა და ზომიერებით იყენებდნენ. ტაძარი 1691 წელს საქართველოში შემოჭრილმა თურქებმა ააფეთქეს. მისი რესტავრაცია მრავალი წელია მიმდინარეობს (არქიტექტორი  რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე).

 ალავერდის ტაძარი მეთერთმეტე ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული. გეგმის მსგავსება ოშკისა და ბაგრატის ტაძართა გეგმასთან აქაც საგრძნობია (ალავერდის ტაძარი კახეთში, ალაზნის ველზეა აგებული). ალავერდის ხუროთმოძღვარმა შექმნა გრანდიოზული შიდა სივრცე. გეგმის საფუძველი აქაც ტრიკონქია-სამაფსიდიანი ტაძარი. ოშკისა და ბაგრატის ტაძრებისაგან ტაძრებისაგან განსხვავებით შიდა აფსიდების მომრგვალება გარედან სწორკუთხედშია ჩაწერილი. გუმბათის ყელი აქაც ოთხ მძლავრ ბურჯზეა დაყრდნობილი. თავისი სიმაღლით ეს ტაძარი საქართველოში აგებულ ტაძართა შორის ყველაზე მაღალია და მისი სიმაღლე 50 მეტრს უახლოვდება.

ფასადთა მოსართავად ოსტატი აქაც თაღებისა და პილასტების სისტემას მიმართავს. აღმოსავლეთის ფასადი ამ დროისათვის ჩვეული ხუთთაღიანი მხატვრული გაფორმებითაა შემკული. ტაძარი გარედან და შიგნიდან ნასვრეტებიანი ტუფის შირიმის ფილებითაა მოპირკეთებული (კახეთისათვის უცხოა კედლების გათლილი ფილებით მოპირკეთება).თავდაპირველად მას სამი მხრიდან სტოა გალერეა უვლიდა, ახლა მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილია გადარჩენილი. გუმბათის ყელი, რომელიც აგურითაა ნაგები, მეთხუთმეტე ს-ში, კახთა მეფე ალექსანდრესა და ანა დედოფლის მიერაა აღდგენილი. სავარაუდოა, რომ ალავერდის თავდაპირველი გუმბათის პროპორციები აქაც იქნა დაცული.

მესამე, საქართველოსთვის ასევე უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ნაგებობა სვეტიცხოვლის ტაძარია  -  ქრისტიანული საქართველოს უმთავრესი ცენტრი (ადრეულ ხანაში აქ აიგო პირველი ქრისტიანული ხის ეკლესია, შემდეგ აქ, ვახტანგ გორგასლის დროს, ბაზილიკა იყო აგებული, რომლის ფრაგმენტებიც დღეს სვეტიცხოვლის 

ტაძარშია ჩართული). მეთერთმეტე ს-ში მელქისედეკ კათალიკოსმა ვახტანგ გორგასლისეული დანგრეული ბაზილიკის ადგილზე ახალი გუმბათიანი ტაძრის შენება დაიწყო. ისტორიული საბუთების შეყერებით მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დასრულდა. მისი ხუროთმოძღვარი არსაკიძე, აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი წარწერის თანახმად, მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო.

ვახტანგ გორგასლის ბაზილიკის ფრაგმენტების გამოყენებამ გარკვეული კორექტივი შეიტანა ტაძრის გაგმის არჩევისას, რომელიც ძლიერაა დაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით. აფსიდი მხოლოდ ერთია, აღმოსავლეთით.

საფასადო მორთულობის საფუძველი აქაც დეკორატიული თაღებია. აღმოსავლეთის ფასადზე იგივე ხუთთაღიანი კომპოზიციაა. ფასადებზე თაღოვან სისტემასთან ერთად დეკორატიული მორთულობა ზომიერადაა განაწილებული და ფასადთა აღმავალ ნაწილებზე გარკვეული დეკორაციული აქცენტებია დასმული.

მეცამეტე ს-ის მიწურულში თემურ-ლენგის შემოსევების დროს ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მთლიანად ჩაინგრა გუმბათის ყელი, დაზიანდა პატრონიკეთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ტაძარი აღდგენილ იქნა მეთხუთმეტე ს-ის დასაწყისში, ალექსანდრე პირველის დროს. ამ დროს ტაძარი მთლიანად აღდგა. სწორედ ამ დროსაა აღდგენილი ტაძრის გუმბათის ყელი და დასავლეთის მკლავის მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმავე მეთერთმეტე ს-ში აგებულ ტაძართა შორის არ შაიძლება არ ვახსენოთ სამთავროს საეპისკოპოსო ტაძარი და სამთავისი (პირველი იქვე მცხეთაშია აგებული მეთერთმეტე ს-ის პირველ ნახევარში, მეორე ქართლშია, აგებულია 1010 წ. ). ორივე ტაძრის გეგმაში თავი იჩინა ახალმა ტენდენციამ ტაძრის გეგმის დამოკლებისა, რომელიც შემდეგ, თამარის ეპოქის ძეგლთა გეგმის დამახასიათებელ თვისებად იქცა. ორივე ტაძრის ფასადთა მოსართავად  იმავე თაღოვან სისტემას იყენებენ (სამთავრის ტაძრის თავდაპირველი სახით მხოლოდ სამხრეთის ფასადია გადარჩენილი, ხოლო სამთავისის ტაძრის მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადმა მოაღწია ჩვენამდე). ორივე ტაძრის ფასადების დეკორატიული მორთულობის შესრულება (შემორჩენილი ნაწილების მიხედვით) ბრწყინვალეა. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის სისტემა, ცენტრში აღმართული დიდი ქვითა და სარკმლის ქვემოთ დიაგონალურად განლაგებული რომბებით შემდგომი პერიოდის, თამარის ეპოქის

გლთათვის მიღებულ ნორმად გადაიქცევა

მეთორმეტე ს-ის უმნიშვნელოვანესი კომპლექსია გელათის მონასტერი, რომელიც 1106 წელს  დააარსა დავით აღმაშენებელმა, ქუთაისის მახლობლად (დავით აღმაშენებელი ამ მონასტერშია დაკრძალული). მონასტერი სასულიერო ცხოვრებასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების ცენტრიც იყო. აქ დაარსდა გალათის აკადემია.

მონასტერში მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. იმავე მეთორმეტე ს-შია აგებული აკადემიის შენობაც, სხვა ნაგებობები ცოტა გვიანდელია, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები მეცამეტე ს-შია აგებული, სამრეკლოს ქვედა ნაწილი «წყარო» მეთორმეტე საუკუნისაა, ზედა ნაწილი კი   მეცამეტე ს-შია აგებული.

მთავარი ტაძარი მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრისაა. გეგმის დამოკლების ტენდენცია აქაც თვალსაჩინოა. გუმბათის ყელი ოთხი ბურჯის ნაცვლად, ორ ბურჯსა და აფსიდის მხრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის მხარეს ეკლესიის სამი შვერილი აფსიდი აქვს. სამი მხრიდან, ტაძარს, კარიბჭე აქვს მიშენებული (მათი აგება ალბათ თავიდანვე იყო ჩაფიქრებული).

გელათის ფასადები კარგად გათლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული და დეკორატიულ თაღთა რთული სისტემითაა გაფორმებული. ჩუქურთმა აქ საერთოდ არაა. მრნასტრის სხვა გარე ნაგებობების გარე გაფორმებაში იგივე პრინციპია დაცული. გელათის აფსიდის კონქის მოზაიკა მეთორმეტე ს-საა. ტაძარი მთლიანადაა მოხატული. შემორჩენილი მხატვრობა სხვადასხვა დროსაა შესრულებული, მეთორმეტე საუკუნიდან  მეჩვიდმეტე საუკუნის ჩათვლით.

 

           კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლები

მეათე -მეთორმეტე სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების სრული სურათის დასადგენად საჭიროა გავეცნოთ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო ანსამბლებს. ასეთია დავით გარეჯა. დავით გარეჯელის მიერ დაარსებული, იგი მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, უდაბურ ადგილას. მისი შენობები დიდ ტერიტორიაზეა გაფანტული. არსებითად, აქ რამდენიმე მონასტერია - დავითის ლავრა, ბერთუბანი, უდაბნო, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტუსი და სხვა. კლდეში გამოკვეთილია რამდენიმე ასეული სენაკი, სატრაპეზო, ეკლესია-სამლოცველო. ბევრი მათგანი მოხატულია და შემკულია მოჩუქურთმებული სენაკებით.

 

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებიდან გამორჩეულია შიო-მღვიმის ლავრა თავისი მშვენიერი ქვის კანკელებით.

 

                    საერო ნაგებობები 

მეათე -მეთორმეტე სს-ის საერო ნაგებობებიდან აღსანიშნავია გეგუთის ე.წ. ციხე-დარბაზი, ქუთაისის მახლობლად. მისი ზოგი ნაწილი მეთორმეტე საუკუნეს მიეკუთვნება. თავდაპირველად აქ ერთი ბუხრიანი ოთახი იყო - მეფის «სანადირო სახლი». დიდი დარბაზი აგურითაა ნაშენი და თლილი ქვის მაღალ კვარცხლბეკზე დგას. მისი შუა ნაწილი დიდი გუმბათით იყო გადახურული. გუმბათის ოთხ მხარეს კი დარბაზს თითო ღრმა კამაროვანი უბე («ლივანი») ჰქონდა. მთლიანად დარბაზი დიდ ჯვრისებრ სივრცეს ქმნიდა, მისი სიგრძე-სიგანე 64X43 მ-ია, სიმაღლე 20 მ. ეს აუდიენციების (საზეიმო მიღებათა) დარბაზი იყო. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ შიგნით მათი კედლები მოხატული იყო სხვადასხვა ისტორიული კომპოზიციით.

უმთავრესი სამეფო სასახლეები, რომლებიც ქუთაისში, თბილისში ისნის ტერიტორიაზე არსებობდნენ მეტეხის ეკლესიის გვერდით უფრო დიდი ზომების გახლდათ.

საქალაქო შენობების ნაშთები აღმოჩენილია დმანისის, სამშვილდის, რუსთავის ნაქალაქარებში, გუდარეხის ნამონასტრალში. მათი უმეტესობა დანგრეულია.

ეპოქის საერო ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუშია სვეტიცხოვლის ძველი კარიბჭე, რომელიც 1964-1966 წწ-ში გაიწმინდა და აღდგა თავდაპირველი სახით. ეს მშვენიერი ნაგებობა - დიდი შესასვლელი თაღით, მეორე სართულის თაღოვანივე სარკმლებით. კედლის სვეტებითა და სკულპტურული დეკორით მელქისედეკ კათალიკოსის თაოსნობით აშენდა.

                    საინჟინრო ნაგებობები

საინჟინრო ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია ბესლეთის, დონდალოს, რკონის ხიდები მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-სა. დიდი ყურადღება ექცეოდა ციხესიმაგრეთა მშენებლობას. სიმაგრეების განლაგება შემუშავებულ სისტემას ექვემდებარებოდა. ისინი იცავდნენ უმთავრეს გზებს, ხეობებს, ქალაქებს. ყოველი მათგანი საინჟინრო ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. მათი მდებარეობა თითქმის ყოველთვის მიუვალ კლდეებზე იყო. ძნელი იყო ასეთ ადგილას მასალის მიზიდვაც და შენებაც. საშენ მასალად ხმარობდნენ წესიერი ფორმის, თუმცა არც მაინცდამაინც სუფთად გათლილ ქვას. ამ ციხეთა მხატვრული ეფექტი უმეტესად ემყარება შენობის დაკავშირებას

მთასთან, კლდესთან. ციხე ისეა შეზრდილი მათთან , რომ ხშირად ძნელი გასარჩევიც კია ბუნებრივი კლდისა და კედლის მიჯნა. თვით კედლებიც მძლავრი და მონუმენტურია. ასეთებია ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, ციხე-ქალაქი თმოგვი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / მეათე- მეთორმეტე საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება