თაბუკაშვილი ლაშა

მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი!

 

 

                     პიესა ორ მოქმედებად

დაუდგენელი ჟანრი ფენტეზის ელემენტებით

 

 

 

გიო ბაჩა კოსტა ოცდახუთი წლისანი. აფხაზეთში დაღუპული ძმაკაცის ბინაზე იმალებიან, რადგან...

ნია ანუ ბეიბისითერი- 20 წლის. იდუმალებით მოსილი

თეა - 16 წლის. თბილისის ომში უცაბედმა ტყვიამ უკვე ორი წელია ხეიბრის სავარძელს მიაჯაჭვა.

დევი - 45 წლის. დიდი ზეიმურობით ემზადება თავის მოსაკლავად.

გელა დაბალი - ძველი ბიჭები. მუდმივ ლომკაში იმყოფებიან.

 არიან სხვა მონაწილეებიც, მაგრამ ისინი უხილავნი რჩებიან.

 მოქმედება პირველი

ოთახი სცენის ცენტრში. მაგიდა, სკამები.. მაღალ, ძველებურ ზანდუკზე გიტარას ჩახუტებულ კოსტას ძინავს. ბაჩა იატაკზე ზის და ჯოხსა თლის. გიო ელექტროქურაზე მოთუხთუხე პატარა ჯამს დატრიალებს.

შემდგომი მოვლენების დროს, მოძრავი შუქის წყალობით, კიდევ ორი, იზოლირებული ბინა გამოჩნდება. ერთში თეა ცხოვრობს, ხეიბრის ეტლს მიჯაჭვული, თექვსმეტი წლის გოგონა, მეორეში კი ორმოცს მიტანებული, მაღალი, წარმოსადეგი კაცი სახელად დევი.

 

ბაჩა - მალე, სულ მალე მოიხარშება წამალი... მალე, სულ მალე შავ-თეთრი უღიმღამო გარემო მრავალ ხალისიან ფერებად შეიღებება... სწორი ჩხვლეტა და ვავ! მოვა ურყევი რწმენა, რომ ნარკოტიკს მხოლოდ ფარჩაკები ვერ ანებებენ თავს...

გიო  -  დიახ, მხოლოდ სუპერ ფარჩაკები!

კოსტა  -  (ძილბურანში) ჰიტლერმა რომ ხუთი გემი ააფეთქა ნარკუშებით სავსე? გამოყოს მთავრობამ ერთი კატერი.

გიო  -  იყუჩეთ, ძილი არ გაიტეხოთ, კოსტა-ბატონო!

ბაჩა  -  შემდეგ მოვა ილუზია, რომ ყველაფერს ეშველება...

კოსტა  -  (თვალს ახელს და მხართეძოზე წამოწვება) ისე არაა ჩემი მტერი, თქვე მორფინისტებო!

ბაჩა  -  რაო, ეს რა გვაკადრეს, გიო?

გიო  -  (უსაზღვრო გაოცებით) მორფინისტიო?

კოსტა  -  А ჩეს იექე ნე ნპთვმიტყჭ ივრე მსჭ, ქძჩძღ ხუღ?

გიო  -  გამიგია, ყოველი დილა ჩვენი გამოსწორებით დაიწყო?

კოსტა  -  გამოსწორების მცდელობით!

ბაჩა  -  (ჯოხის თლას განაგრძობს) იძირები, იძირები რაღაც ყვითელ მორევში... იძირები, თუ ნელი ვარდნაა? არა, იძირები, თითქოს დაგაპატარავეს და საკუთარ ნაღვლის ბუშტში გტკუცეს თავით...

გიო  -  ანჰიდრიდი მომაწოდე!

ბაჩა  -  (ჯიბიდან დახუფულ შპრიცს იღებს და გიოს აძლევს) იძირები ამ მრუმე ნაღვლის მორევში და პანიკურად ჩალიჩობ, როგორმე ფსკერს მიწვდე ფეხით...

კოსტა  -  (ბუზღუნით) ფანჯარა მაინც გააღეთ, თავი ამხადა რასტვორიტელის სუნმა!

გიო  -  დროზე გეთქვა, დალოცვილო!

(უხილავ ფანჯარას აღებს)

ბაჩა  -  გამიგია, მორევს არ უნდა შეეჭიდო, მინებდი და, ფსკერს რომ იგრძნობ, მძლავრად დაკარი ფეხი და სხვა მხარეს ამოყვინთეო...

კოსტა  -  (გიტარას აწყობს) გამომეღვიძა საბრალოს...

გიო  -  ჯერ პირი დაგებანა, ბულბულო, წირპლიანი თვალებით რომ აგალობდი!

კოსტა  -  (დგება ზმორებით) ახლა არ მითხრა, კბილებიც გაიფერეო!

ბაჩა  -  (ჯოხს მოისვრის) არა ჩანს ფსკერი, არა ჩანს სხვა მხარე...

(კოსტა გადის. გიო ჯამს ათუხთუხებს. ბაჩა გიტარას იღებს და სიმებს ჩამოკრავს).

ბაჩა  -  გამომეღვიძა საბრალოს,

და სინანულით აღვივსე...

გიო  -  წყალი გააცივე?

ბაჩა  -  მაცივარშია!

გიო  -  (ოთახის სიღრმეში მიდის და ჭიქით ხელში ბრუნდება) გავედით ფინიშის სწორზე!

ბაჩა  -  კარგად დააშრე?

გიო  -  გიომ საქმე იცის, ძმაო!

კოსტა  -  (ახალი შემოსული) ინდიელივით მესამე პირში ბაზრობ საკუთარ თავზე?

გიო  -  ამის გული ხომ ვერ მოვიგეთ!

ბაჩა  -  ინდიელი ბელადი,

ნაკოლკები ყელამდი...

კოსტა  -  თუ ყელამდე?

ბაჩა  -  ყელამდი... ასე მინდა!

გიო  -  (ინტერესით) მერე?

ბაჩა  -  ინდიელი ბელადი,

ნაკოლკები ყელამდი,

განდონები ფერადი...

კოსტა  -  მეტს ვერ ქაჩავ?

გიო  -  აცალე, რა!

ბაჩა  -  ინდიელი ბელადი,

ნაკოლკები ყელამდი,

განდონები ფერადი...

მგონი ბუშტი გეგონა,

ბეჯითად რომ ბერავდი!

კოსტა  -  (გამხიარულებული გიოს შეხედავს, მერე ბაჩას მიუტრიალდება და თვითონაც ეცინება) აფსუს, რა ლექსებს წერდა, ახლა კი რითი გვეხმიანება!

ბაჩა  -  მეც მინდა თანამედროვე პოეტი ვიყო!

კოსტა  -  იღადავე, იღადავე...

ბაჩა  -  შენ რა, არ მოგწონს ჩემი პროდუქცია? აბა ასეთ სიქაჯეს ხომ არ ვიკადრებ:

მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, როგორც მინდა...

გიო  -  (დაიკვნესებს) გადაიწვა, ეს ბოზის ნაშობი... გაზზე უნდა გადავიტანო!

ბაჩა  -  არ ბუთქოს! გიო, არ ბუთქოს-მეთქი!

გიო  -  თქი, თქი, თქი... არ ბუთქოს, სულ დაშრა გამხსნელი!

ბაჩა - (ტელეფონის ყურმილს იღებს) სილანს!

კოსტა  -  ვის ურეკავ?

ბაჩა  -  ლალის!

(ძმაკაცები უხმოდ შეჰყურებენ ბაჩას)

ჰო, რა იყო? ჯობია, ახლა დავურეკო, სანამ ფხიზელი ხმა მაქვს... ხმაში ვიწვები ხოლმე!

კოსტა - (ცივად) აბა, შენ იცი!

ბაჩა  -  (პირქუშად) შენ კი ხელი დაგიბანია, არა?

გიო  -  ბაჩა, ოთხი თვეა, ცალ-ცალკე ხართ!

ბაჩა  -  შეეშვი რა არითმეტიკას!

გიო  -  გავიდეთ, კოსტა!

კოსტა  -  მგონი, ნიამ გაიღვიძა!

გიო  -  არა, ბეიბისითთერს ტკბილად ძინავს!

(გადიან. ბაჩა თვალს გააყოლებს მათ და მხრებს იჩეჩავს)

ბაჩა  -  (ტელეფონის ყურმილში გაპრანჭული ხმით) ალლოუ!

ლალის ხმა  -  (გაკვირვებით) გისმენთ...

ბაჩა  -  ბაჩა ვარ, შენი ნახევარი!

ლალის ხმა  -  წარსულში, წარსულში ნახევარი!

ბაჩა  -  დრო პირობითი მცნებაა, ლალი!

ლალის ხმა  -  რა გინდა, პირობითო?

ბაჩა  -  ამნისტია ან პირობითი სასჯელი!

ლალი - დაჭრილი როგორ არის?

ბაჩა  -  ვინ დაჭრილი?

ლალი  -  ბარიგას პირადი დაცვა, ბოდიგარდი, ტყვია რომ მიართვი ფეხში!

ბაჩა  -  (სიმწრით გაქნევს თავს) არ მესმის!

ლალის ხმა  -  მთელი ქალაქი ლაპარაკობს, როგორ გადააგდეთ ბარიგა კილო ოპიუმში...

ბაჩა  -  კილო ოპიუმში?

ლალი  -  ჰო, ერთ კილოში... ან იქნებ ეგ ლიტრებში იწონება?

ბაჩა  -  კიდევ რა იცი?

ლალის ხმა  -  ისიც ვიცი, როგორ გამოექომაგა მას პირადი მცველი და როგორ დაასწარი შენ, მწერალო!

ბაჩა  -  რა დავასწარი?

ლალის ხმა  -  რა და სროლა, სროლა! მხოლოდ ფეხში გაიმეტე, ჰუმანისტო? თუმცა, სწორი ხარ, შენ რომ არა, ის გესროდა!

ბაჩა  -  რა სროლა, რის სროლა...

ლალის ხმა  -  ახლა ვიკივლებ, იცოდე...

ბაჩა  -  აჰ, ოღონდ ეგ არა ქნა!

ლალი  -  გასაგებია, რომ აფხაზეთში იომეთ... ჰო, თუმცა ოსეთშიც...

ბაჩა  -  (რბილად) სამაჩაბლოში!

ლალის ხმა  -  უკაცრავად... მოკლედ, ნურავის ამადლით ამას...

ბაჩა  -  (გაოგნებული) ვის დავამადლეთ, ან როდის!

ლალის ხმა  -  შინაგანად, გულის სიღრმეში...

ბაჩა  -  ლალი, შეგაგინებ იცოდე!

ლალი  -  ეს უკვე რაღაც ახალია, ჰო, მართლა, შენ ძმაკაცებს უთხარი, სისულელეების კეთებას მოეშვან, აღარაფერი შეიცვლება!

ბაჩა  -  რაო?

ლალის ხმა  -  თვითონ იციან, რასაც ვგულისხმობ!

ბაჩა  -  უცხო ხარ, იცი?!

ლალის ხმა  -  (სევდიანად იცინის) არ უნდა გამოიყვანო ქალი წყობიდან!

ბაჩა  -  თორემ ძალაუნებურად გაშიფრავ?

ლალი  -  კარგი, მოვრჩეთ ჯაჯღანს... შენ ის მითხარი, არაფერი გჭირდება?

ბაჩა  -  შენ მჭირდები, მგონი!

ლალის ხმა  -  ვინ გირეცხავთ, გიუთოვებთ...

ბაჩა  -  არის ერთი გოგონა, ბეიბისითერს ვეძახით.

ლალის ხმა  -  ჰო, ბაზარში ვნახე გიოსთან ერთად... გრძელი ნაწნავი აქვს ხომ?

ბაჩა  -  ჰო, ერთ მშვენიერ დილას გამოგვეცხადა და გვითხრა, კახას ნათესავი ვარ, დროებით შემიკედლეთო!

ლალის ხმა  -  თვითონ რა, სხვა ქალაქში ცხოვრობს?

ბაჩა  -  არ ვიცი... ამ თემას თავს არიდებს.

ლალის ხმა  -  მაშ კახას ბინაზე ხართ?

ბაჩა  -  (შეშფოთებული) ლალი, არავისთან წამოგცდეს, ვიმალებით!

ლალი  -  აჰა, გამოტყდი?

ბაჩა  -  შენ არც კი იცი, კახამ ეს ბინა ჩვენ დაგვიტოვა... ომში წასვლის წინ ოთხივემ ღადავით ანდერძი დავწერეთ...

ლალის ხმა  -  მე თუ შემახვედრებთ რამეს?

ბაჩა  -  როგორ არა!

ლალის ხმა  -  რაას?

ბაჩა  -  ვილლას კოტდაზურზე და კოკაინის პლანტაციას ფარცხანაყანებში. მოკლედ, კახამ თავისი ანდერძი მართლა დაამტკიცებინა ნოტარიუსს.

ლალი  -  რამდენი ოთახია?

ბაჩა  -  სამი! წესით უნდა გახსოვდეს... პირველად აქ ვიცელქეთ მე და შენ! თეთრეული სახლში რომ წაიღე გასარეცხად...

ლალის ხმა  -  აჰ, ეგ ბინა?

ბაჩა  -  ჰო, ვერაზე!

ლალის ხმა  -  მაშ მეზობლად ყოფილხარ!

ბაჩა  -  იცი, ისევ დავიწყე ლექსების წერა!

ლალის ხმა  -  სტყუი!

ბაჩა  -  მე არ ვიყო, მე!

ლალის ხმა  -  ბეიბისითერი რა, სექსუალური მუზაა!

ბაჩა  -  აბა რას ამბობ, სხვანაირი გოგოა!

დიახ. თანაც კახას ნათესავია!

ლალის ხმა  -  ან მემკვიდრეობის მაძიებელი!

ბაჩა  -  არა! ვუთმობდით ბინას, მაგრამ უარი თქვა. მიდის მალე!

ლალის ხმა  -  მალე?

ბაჩა  -  ჰო, დიდმთვარობას ველოდებიო... ასე გამოგვიცხადა!

ლალის ხმა  -  დიდი, სავსე, მრგვალი მთვარე... წამიკითხე ლექსი! ოღონდ მაიმუნობის გარეშე!

ბაჩა  -  (პაუზის შემდეგ) ინდიელი ბელადი... მოკლედ, არ მირიგდები?

ლალის ხმა  -  ბავშვივით ხარ, რაც არ გინდა დაიჯერო, ისხლიტავ ხოლმე. როგორ გგონია, გაგებუტებოდი, რომ არ მიყვარდე? სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა კახა და... ეგ ორი ყეყეჩიც.

ბაჩა  -  რას უპირებ ამდენ სიყვარულს?

ლალის ხმა  -  აბა, რა გიპასუხო?

ბაჩა - არა გჯერა, რომ შევეშვები?

ლალის ხმა  -  არა! კარგად იყავი, ბაჩა, თუმცა ცუდად ვერც იქნები, კილო ოპიუმის პატრონი! (კიდებს ყურმილს)

გიო  -  (კოსტასთან ერთად შემოდის) მორჩი?

ბაჩა  -  (მოშლილი) დაასხი რა წყალი იმ ოხრობას, ვიბრიდები ლომკაში!

(შუქის სვეტი მარჯვნივ გადაინაცვლებს... ხეიბრის ეტლში ნორჩი თეა ზის. ხელთ ჯვარი უპყრია)

თეა  -  უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი...

კოსტა  -  (ზანდუკზე ჩამოჯდება) აბა რა ცოდვა, რა უნდა შეუწყალონ თექვსმეტი წლის თეას? თბილისის ომში, საკუთარ აივანზე გასულს, ბრმა ტყვია მოხვდა სადღაც ხერხემალთან.

თეა  -  ოთხი დღეა ფეხის თითებს ვგრძნობ... ოთხი დღეა უკვე და მეხუთე დილა... მეშინია, დავიჯერო, მგონი ოდნავ ვამოძრავებ კიდეც... აი, ახლაც!

(საკუთარ ფეხებს დაჰყურებს შიშით და იმედით)

გიო  -  (ჯამის ფსკერს ათვალიერებს) აი, ნაღდი კონცეპტუალიზმი, შეხედე რა ფერწერაა!

(მაგიდიდან ხმაურით ცვივა ჟურნალები)

კოსტა  -  დალეწა ქარმა ყველაფერი!

ბაჩა  -  აბა ქარი? სიოც არა ჰქრის!

(სკამი ეცლება დაბლიდან და იატაკს დაასკდება)

ვინ გამომაცალა სკამი?

გიო  -  (გაკვირვებული) ვის უნდა გამოეცალა?

(უხმოდ შეჰყურებენ ერთმანეთს)

(გაისმის ოგინსკის პოლონეზის ჰანგები. შუქი ახლა შავ ფრაკში გამოწყობილ, ორმოციოდე წლის, მაღალ მამაკაცს ეცემა. დევი (ასე ჰქვია კაცს) სიგარეტს უკიდებს და ბოლთას სცემს ოთახში).

გიო  -  ბატონმა დევიმ გაიღვიძა!

ბაჩა  -  ვა, ჯერ არ დაუბრედია თავი?

დევი  -  მე ვიცი, რომ თვითმკვლელებს ცალკე ასაფლავებენ...

კოსტა  -  დაუბრახუნე, ჩაუწიოს იმ პოლონეზს!

ბაჩა  -  მიდი და დაუბრახუნე...

დევი  -  ვიცი, მაგრამ არა მწამს, რომ ეს ღვთის გმობაა... მე მხოლოდ ჩემს შეუმდგარ ცხოვრებას ვგმობ! ასე არაა?

თეა  -  ჩემო სათაყვანებელო იესო! თავს ხომ არ ვიტყუებ? არა, ნამდვილად ვგრძნობ... სიზმრებშიც რაღაც ხმები ჩამესმის... ისინი მამხნევებენ, მეფერებიან, ბავშვების ხმები...

გიო  -  რაღაც უცნაური ამბები ხდება ამ სახლში!

კოსტა  -  (ისევ გიტარას იღებს ხელში) იქნებ ბარაბაშკებია?

ბაჩა  -  ან ჩვენი უზნეობით შეშფოთებული ფუძის ანგელოზები?!

გიო  -  ნუ მკრეხელობ, შვილო ჩემო!

(საიდანღაც ნასროლი მუთაქა თავში ხვდება გიოს. სამივე გაოგნებული შეჰყურებს ერთმანეთს)

კოსტა  -  ყველამ ერთდროულად გავრეკეთ?

დევი  -  (შამპანურს ასხამს ჭიქაში) როგორ დავხვდე სიკვდილს? ხევსურივით ხმალმომარჯვებული თუ... თუ სიკვდილი ქალია, ლამაზი ქალი? იქნებ ქედის ვაჟკაცური მოდრეკით, საცეკვაოდ როცა გამიწვევს! (მოსვამს შამპანურს) ღმერთო, როგორ მეზარება საკუთარი თავი!

(კვლავ მიიტანს ბაგესთან სასმელს, მაგრამ უეცრად ადგილზე შეხტება - შეიკუნტრუშებს და მკერდზე გადაიქცევს შამპანურს) ვინ ამომარტყა პანჩური? ვინ მაკადრა...

გიო  -  იმას რაღა აკივლებს?

კოსტა  -  ძმებო, რაღაც ხდება... უკვე მეათე დღეა...

ბაჩა  -  კარგი, თუ ძმა ხარ... (ეცინება) ჰო, მართლა, თორმეტი კალიბრი ეყარა სადღაც!

გიო  -  რად გინდა?

ბაჩა  -  დევიმ მთხოვა... რამდენიმე ვაზნა... სანადიროდ მივდივარო!

გიო  -  (გაახსენდება) ბოლო ბოლო გავიჩხერთ დღეს, თუ მილიციას გამოვუძახოთ?

კოსტა  -  (საიდანღაც კონიაკის ბოთლს აძრობს და ჭიქას ავსებს) დალევთ, ბატონებო? (ბაჩა პირზე ივლებს ხელს და ოთახიდან გარბის) ჰა, არ გინდათ ახლა ბრუდერშაფტზე რწყევა!

გიო  -  (ჯამს აიღებს) გავალ, ვუშველი რამეს!

კოსტა  -  კახა, შენ გაგიმარჯოს, ძამიკო! (კონიაკს გადაკრავს) ახლა შენს ნაანდერძევ ბინაში ვიმალებით შენი ძმაკაცები... ვემალებით შავებს, ბარიგის პადელნიკებს, პოლიციას, საკუთარ ოჯახებს... ხომ კარგად ავაწყეთ ცხოვრება?

დევი  -  (საჯდომზე ისვამს ხელს) ეტყობა მოლანდებები დამეწყო... ვბერდები... ჰმ, ბებერი სანტიაგო, ვაჟკაცი მეთევზე, ლომები რომ ესიზმრებოდა სიბერეში... ყმაწვილკაცური ხილვა. აფრიკის სანაპირო და ლომები! მე... მე რა ჩემი ფეხები დამესიზმრება?

კოსტა  -  იცი, სად გიპოვეთ? გარიჟრაჟზე, თეთრი იასამნით გადაპენტილ ბაღში! ცრიდა!.. ცალი ხელი მოგლეჯილი გქონდა, ორი რაჟოკი მთლიანად დაცლილი, ბოლო ვაზნამდე! ათ ნაბიჯში ლამაზი აფხაზი ბიჭი იწვა წელში გადაცხრილული... იქით კიდევ თენგო და ორი კაზაკი... დიდ, სველ იასამნის ბუჩქზე იყავი გადაწოლილი... და ის თეთრი იასამანი შენი სისხლით იყო შავად შეღებილი!

(შემოდიან ბაჩა და გიო)

ბაჩა  -  იგრძენი რამე?

გიო  -  არა, თავიდან უნდა მოვხარშო! ეტყობა, გაგვიწყალდა უკვე!

კოსტა  -  მორჩით რა, უკვე გული მერევა!

ბაჩა  -  (შემრიგებლურად) ისე, რა მოხდება, ნარკომანობა პრესტიჟული და თანაც სასარგებლო რომ იყოს!

კოსტა  -  ჰო, ზეპური საზოგადოება ტაშს გიკრავდეს, ხოლო შენ, დიდი ბაიანით ხელში, მაღალ მორალს უკითხავდე სამარცხვინოდ ფხიზელ ადამიანებს!

ბაჩა  -  თქვენი სახე მორალური,

არის სექსი ორალური,

ხოლო ტაკო ოვალური,

რხევა არაფორმალური,

გახვევა, ნორმიდან თუ

ზედმიწევნით ნორმალური!

კოსტა  -  (დაეჭვებით) არ მითხრა, ექსპრომტიაო!

ბაჩა  -  (თავმდაბლად) როგორც ყველა შედევრი!

გიო  -  არა, თავიდან უნდა მოვხარშო!

(კოსტა ხელს ჩაიქნევს, ბაჩა კვლავ ჯოხის თლას იწყებს. გიო ნერვიულად დადის ოთახში)

ისე, თუ ატყობთ, რომ ამ გოგოს მოსვლის შემდეგ აინთხლა ყველაფერი?

ბაჩა  -  ნიაზე ამბობ?

გიო  -  ჰო, ბეიბისითერზე, როგორც შენ შეარქვი.

კოსტა  -  რას ერჩი, მშვენიერი გოგოა... მოვიდა, შემიკედლეთო, გვთხოვა...

გიო  -  შენ გჯერა, რომ კახას ნათესავია?

კოსტა  -  აბა, ტყუილი თქვა? მემკვიდრეობა არ აინტერესებს, გვივლის და გვაფუფუნებს!

გიო  -  რაღა მაშინ გამოჩნდა, კილო ოპიუმი რომ გავწიეთ კონონადით?!

ბაჩა  -  რა შუაშია ეს?

გიო  -  რა და მოგზავნილი არ იყოს!

ბაჩა  -  ნუ სულელობ რაღაცას... ისე, იმ დღეს უცნაური ამბავი კი მოხდა... ბაზარში წასვლის წინ ორი ოქროს მონეტა გადმოუვარდა! ორი ოქროს ლარი!

გიო  -  ოქროს ლარი აღარ გამიგია... ასეთი არ არსებობს!

ბაჩა - არა, ეწერა... ოქროს ლარი!

გიო  -  მოკლედ, მაგის მოსვლის შემდეგ ამოძრავდნენ ნივთები... თავზე გვენთხლევა ყველაფერი...

(უეცრად ჩუმდება. მეზობელი ოთახის კართან მაღალი, ნაწნავიანი გოგო დგას)

კოსტა  -  აი, ჩვენი ბეიბისითერიც!

ნია  -  დილა მშვიდობისა!.. ხელი ხომ არ შეგიშალეთ?

კოსტა  -  აბა რას ამბობ?

ნია  -  ახლავე გასაუზმებთ! (საათზე დაიხედავს) უი, რა ტკბილად მძინებია! (გადის)

ბაჩა  -  (თავისთვის) ნარკოტიკი, არკოტიკი, რკოტიკი...

კოსტა  -  (აყვება) კოტიკი, ოტიკი, ტიკი..

ბაჩა  -  იკი, კი...

კოსტა  -  კი?

ბაჩა  -  კი!

კოსტა - ი!

ბაჩა  -  ი და ბებიაშენისა!

(კოსტა ბალიშს ესვრის, ბაჩა სიცილით იჭერს და უკან უბრუნებს)

ნია  -  (შემოდის, სკამზე ჩამოჯდება) მე მალე წავალ!

გიო  -  სად?

ნია  -  ჩემს სახლში დავბრუნდები!

გიო  -  სად არის ეგ შენი სახლი?

ნია  -  (გაკვირვებული მისი ტონით) შორს!

გიო  -  შორს, არა?

ნია  -  მე მალე წავალ და აღარ გაგაღიზიანებ, გიო! სავსე მთვარეს ველოდები!

ბაჩა  -  რას ელოდები?

ნია  -  დიდმთვარობას, ასე არ უნდა ვთქვა?

კოსტა  -  (თავისთვის) შენც კარგა მაგრა გასხია, ჩემო დაიკო!

ნია  -  ოღონდ თქვენი დახმარება დამჭირდება! ახლა ნუ მკითხავთ, წასვლის წინ გეტყვით!

ბაჩა  -  კი, ბატონო! გაგვიძეხ ბერო მინდია, მუხლი შაიბი მგლისაო!

ნია  -  კვირაობით რომელ საათზე იწყება საბვშვო გადაცემები?

კოსტა  -  ალბათ უკვე დაიწყო. ჩართე ტელევიზორი!

ნია  -  (დგება) ასე ვიზამ!

გიო  -  (ნიას გასვლის შემდეგ) რატომ უყურებს სულ საბავშვო გადაცემებს?

ბაჩა  -  რა ვიცი, ინფანტილურია ალბათ... ჰო, მართლა, გახსოვს, რა მოხდა გაცნობისას?

გიო  -  რა?

ბაჩა  -  შენ რომ შეგხედა, გული წაუვიდა.

გიო  -  რა შუაშია ეს... უბრალოდ, ცუდად გახდა!

ბაჩა  -  არა!გაიხსენე. შენ გვიან შემოხვედი, ნია მოტრიალდა, შეგხედა და გული წაუვიდა!

კოსტა  -  (ხელებს გაასავსავებს) უი, კრაკადილიო!

ბაჩა  -  მანამდე არასოდეს გინახავს?

გიო  -  (ჩაფიქრდება) არა, არ მინახავს... დააკვირდი, არც კი გვეუბნება, საიდან ჩამობრძანდა.

კოსტა  -  რატომ ღიზიანდებით ასე?

ნია  -  (შემოდის ლანგრით ხელში. ლანგარზე ყავა და ხილია) სულ მინდოდა მეკითხა, ბეიბისითერი რას ნიშნავს?

კოსტა  -  ბავშვების მომვლელს!

ნია  -  (იცინის) აბა, ბავშვებო, მიირთვით! სხვათა შორის, იქ, ჩემთან, სწავლისგან თავისუფალ დროს, საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ასე რომ, მართლა ბეიბისითერი ვარ! სადილისთვის კარტოფილს მოვხარშავ! (საკუთარ ოთახში ბრუნდება)

გიო  -  ტელევიზორი ჩართო, ბასტი ბუბუს უსმენს.

ბაჩა  -  აკვირდები, შენ რომ გელაპარაკება, თვალს გარიდებს.

გიო  -  ვითომ რატომ?

ბაჩა  -  ცდილობს სახეზე არ შეგხედოს!

კოსტა  -  (ისევ გაასავსავებს ხელებს) უი, კრაკადილიო!

გიო  -  ფაიზაღი დურდომია!

კოსტა  -  მანანამ დარეკა!

ბაჩა  -  გვიან ღამით, მორიგე იყო!

კოსტა  -  რაო?

ბაჩა  -  დაზარალებული თავს კარგად გრძნობსო... პოლიცია ისევ მოსულა!

გიო  -  მერე?

ბაჩა  -  გაჯიქებულა ბოდიგარდი, არ ვიცი, ვინ მესროლაო! ერთი ჩააფარეს თავში და წავიდნენ. მოკლედ, დაცვა არ ბოზობს!

გიო  -  ხომ არ იტყვის, წამლის ბარიგას ვიცავდიო!

კოსტა - მისი იღბალი, დაჭრილი როა, თორემ რომ დაიწყებდა პოლიცია მაგის კენწლას, ძირს არ დაუშვებდა, ჰაერშივე დაფქვავდა ყველაფერს!

გიო  -  კიდევ რაო, მანანამ?

ბაჩა  -  ბოდიგარდი სულ დოლარებით იხდისო!

კოსტა  -  მე კი მეგონა, ყველაფერი ჩვენ წამოვიღეთ!

გიო  -  ცხოვრებაში არ გვიქურდია... ეს უბრალოდ ექსპროპრიაცია იყო!

კოსტა  -  რა ლამაზად გამოჩნდა ის ტყავის ლაპატნიკი... მსუქანი, ელეგანტური ლაპატნიკი... ლაპატნიკი რვა ათასი დოლარით გატიკნილი!

გიო  -  აზრზე მოდი, ჩვენ რა ძვირფასი დასაყენებლები ვართ! იარაღი, დოლარები, კილო ოპიუმი... ოქროს ლარებიც გვქონია!

ბაჩა  -  სადღაა კილო, დაგავიწყდა, ციხეზე რამდენი შევგზავნეთ!

კოსტა - - და რამდენი გაიხმარეთ?

გიო - -რა ხდება? ვის ელაპარაკება?

ბაჩა  -  ნია?

გიო  -  ჰო, ვიღაცას ელაპარაკება!

კოსტა  -  მეც შევამჩნიე, ხშირად მესმის მისი ხმა... საკუთარ თავთან ბაზრობს?

გიო  -  აბა გეგულება იქ ვინმე? ტელეფონიც არ დგას!

კოსტა - - დაუსტვინა? (ნაბიჯს დგამს ნიას ოთახის მიმართულებით, მაგრამ უეცრად მოწყვეტით ეცემა ძირს)

გიო  -  რა დაგემართა?

(ეხმარება ადგომაში. ბაჩა პირდაღებული უყურებს ძმაკაცებს. კოსტა ზანდუკზე ჩამოჯდება!)

ბაჩა  -  იტკინე რამე?

კოსტა  -  ვიღაცამ ფეხი დამიდო! ნაღდად დამიდო, არ მომჩვენებია და არ შემეკამათოთ!

ბაჩა  -  კარგი, დაწყნარდი!

გიო  -  არა, უნდა ვკითხო იმ ნიას, რა ხდება ჩვენს თავს?

ბაჩა  -  გიჟად გინდა ჩაგთვალოს?

გიო  -  (სასოწარკვეთილებით) აბა, რა ვქნა, უკვე დავიზმენდი!

დევი  -  (საკუთარ ოთახში, მაგიდის ფეხზე თოკით ამაგრებს ლულაგადაჭრილ თოფს) მეგონა უფრო ამაღლებული იქნებოდა ეს ბოლო ეტაპი. მაგრამ ფშიკ, არაფერი ხდება, არაფერსა ვგრძნობ! (ჩარჩოში ჩასმულ ფოტოსურათს ათვალიერებს) რა ახალგაზრდები ხართ შენ და მამა ამ სურათში. კოჯორშია გადაღებული. ხშირად მახსენდება ის ღამე... მე, სულ პატარა, შუაში გეწექით, მამა ტერენტი გრანელის ლექსებს კითხულობდა... მერე მერცხლის ბუდე შევამჩნიეთ აივნის კუთხეში... ბუდე პატარა იყო და ბარტყები წამდაუწუმ ძირს ცვიოდნენ... მამა კი სკამზე შემდგარი ბუდეში აბრუნებდა მათ... თან ბუზღუნებდა: ეს დედა მერცხალი ძროხასავით რომ გაწოლილა, რატომ არ მიხედავს თავის ბარტყებსო... დედა მერცხალი - ძროხასავით... ამაზე სიცილი აგვიტყდა... ვიცინოდით და უეცრად სუნთქვა შემეკრა, შემეშინდა ამ უკიდურესი ბედნიერების!

გიო  -  არა, თავიდან უნდა მოვხარშო, უკვე ქსუტუნი დამეწყო!

ბაჩა  -  (შუბლზე შემოიკრავს ხელს) რამ გამომაშტერა? დამისხი, კოსტა, კონიაკი!

გიო  -  ციროზს ეთამაშები?

ბაჩა  -  ჩემი ქორწილის დღეა დღეს!

(კოსტა უხმოდ შეუვსებს ჭიქას)

უკაცრავად, ცოტა ხანს გადით, რა!

კოსტა  -  სულ წავალთ, ბატონო!

(ბიჭები გადიან. ბაჩა ტელეფონის ყურმილს იღებს)

ბაჩა  -  ლალი...

ლალის ხმა  -  გაგახსენდა?

ბაჩა  -  სხვათა შორის, გაცნობის დღეცაა!

ლალის ხმა  -  ჰო, ასე დავამთხვიეთ, მაშინ! ბაჩა, რაღაც უნდა გითხრა!

ბაჩა  -  კარგს არაფერს ველი შენგან, ასე რომ, ახლა ნუ მეტყვი!

ლალის ხმა  -  (ყოყმანით) კეთილი!

ბაჩა  -  ჰო, ნაწვიმარი ბაღი და ვეებერთელა ბუჩქზე გადავარდნილი, მკლავმოგლეჯილი კახა... და სისხლის წინწკლები თეთრ იასამანზე...

ლალის ხმა  -  შენ რა, ტირი?

ბაჩა  -  (თითებს მოისვამს სახეზე) მგონი, არა!

ლალის ხმა  -  მართლა დაწერე ლექსი?

ბაჩა  -  აპა...

ლალის ხმა  -  მოდი, მაინც გეტყვი...

ბაჩა  -  არ მითხრა, ცუდად ვარ!

ლალის ხმა  -  წუწუნი არ იცოდი წინათ!

ბაჩა  -  თავი მინდა შეგაცოდო!

ლალის ხმა  -  შენ მაინც გგონია, რომ რაღაც პედაგოგიურ ექსპერიმენტს ვატარებ? არა, ბაჩა, არა! შენს გვერდით ვიწექი და მეგონა სხვა კაცთან გღალატობდი, ისე გამიუცხოვდი... მანამდე, არ უარვყოფ, უბედნიერესი ქალი ვიყავი!

ბაჩა  -  საპიორი ხომ არა ვარ, პირველივე შეცდომაზე ამაფეთქო!

ლალის ხმა  -  ჩემზე რომ დაგეძინა, გახსოვს?

ბაჩა  -  რა თქვი?

ლალის ხმა  -  ჩემზე რომ დაგეძინა, ჩემზე რომ იწექი, მაშინ დაგეძინა!!!

ბაჩა  -  დაწყნარდი!

ლალის ხმა  -  კარგი, ოღონდ ნურც შენ მომილოცავ ქორწილის დღეს. კარზე რეკავენ, ყურმილი უნდა დავკიდო!

(კიდებს ყურმილს. ბაჩა ცოტა ხანს უძრავად დგას, შემდეგ არეული ნაბიჯით მიდის მაგიდასთან და კონიაკის დიდ ფუჟერს გადაკრავს. კვლავ ჯოხს იღებს და მექანიკურად განაგრძობს მის გათლას)

ბაჩა  -  (თავისთვის) მავანი და მავანი.

იტყვის არის თავანი...

(უეცრად აიქნევს დანას და ხელის მტევანში აპირებს ჩაირტყას, მაგრამ ზურგიდან წამოპარული გიო დანიან ხელს გაუქვავებს)

გიო  -  (დანას წაართმევს) არ გეკადრება ასეთი გეიმები, ძამიკო!

ბაჩა  -  რაზე მითხრა ლალიმ, შენი ძმაკაცები სისულელეებს შეეშვანო!

გიო  -  (ამოიოხრებს) მისი ერთი თაყვანისმცემელი გავიცანით!

ბაჩა - მერე?

კოსტა  -  ცოტა წავქოთეთ ის და მისი ძმაკაცი, მაგრამ შემდგომ რაღაც-რაღაცები გაირკვა!

ბაჩა  -  რა გაირკვა?

კოსტა  -  (უმწეოდ) შენ უთხარი, გიო!

გიო  -  ბაჩა, ქალი, რომელიც ოთხი თვე უშენოდ გაძლებს...

ბაჩა  -  რა გაირკვა-მეთქი?

გიო  -  რა და ლალის საქმრო ყოფილა... გშორდება!

(ბაჩა დაიკვნესებს და თავს ხელებში ჩარგავს)

კოსტა  -  კარგი რა, ბაჩა, ასეთები გადაგვილახავს?

გიო  -  (ჩუმად კოსტას) აცალე, იტიროს!

ბაჩა  -  (თავს მაღლა წევს) ჩემი ბრალია!

გიო  -  (რბილად) ალბათ! მაგრამ გავკარი ასეთ სიყვარულს!

კოსტა  -  რა თავანზე ლაპარაკობდი, ბაჩა?

გიო  -  მთავრობა თხოულობს იარაღის ჩაბარებას!

კოსტა  -  რატომ, ჩვენ უფრო გვჭირდებაო?!

გიო  -  წარსულისთვის მადლობა, მაგრამ იარაღი... მოკლედ, კალვერა რომ ეუბნება კრისს, იარაღი შეიხსენით და მაგიდაზე დააწყვეთო!

კოსტა  -  კაცო, შენ არ გეკითხები, თავანზე გალექსე რა, ბაჩიკ!

ბაჩა  -  (თავს ჩაქინდრავს) ამისმა ფსიქოთერაპიამ ხომ შამცა!

კოსტა  -  გეხვეწები, რა!

ბაჩა  -  მავანი და მავანი

იტყვის არის თავანი,

ჩასაბარებელია,

რკინის ცხელი საგნი...

ჩასაბარებელია!

ჩვენგან ამას ელიან,

მერე რა, რომ სველია,

სველი იასამანი?!

კოსტა  -  მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი!

ბაჩა  -  (აწყვეტინებს) დაასხი!

გიო  -  გეყო, ეგ არ შველის!

ბაჩა  -  აბა, ის შველის?

გიო  -  (მშვიდად) არც ის!

ბაჩა  -  რა შველის, აბა?!

გიო  -  არ ვიცი. მაგრამ განა აუცილებელია... (ჩუმდება)

ბაჩა  -  რა? დაამთავრე!

გიო  -  განა აუცილებელია შეიმსუბუქო ტკივილი?

ბაჩა  -  (თავს ჩაქინდრავს) ჰო, მართალი ხარ! (პაუზის შემდეგ) მაგრამ მაინც დაასხი!

გიო  -  მეც დავლევ!

ბაჩა  -  კახას და ყველას, ვინც წავიდა...

კოსტა  -  მგონი იქით უკეთესი კამპანია შეიკრიბა, აი!

გიო  -  მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?!

(სვამენ)

(ბაჩა კვლავ მკლავებში ჩარგავს თავს და მაგიდაზე გადაწვება)

ბაჩა  -  (თავაუწევლად) დამანებეთ რა თავი! რა უბედურებაა ეს?

კოსტა  -  (გაკვირვებული) ჩვენ გვეუბნები?

ბაჩა  -  (თავს აწევს მკლავებიდან) ჰო, თქვენ... რას მკოცნით და მეფერებით?

გიო  -  (ფრთხილად) შენ რა, ბოდავ?

კოსტა - - ვინ გაკოცა, ვინ მოგეფერა?

ბაჩა  -  (გაკვირვებით) ახლა თმაზე არ მისვამდით ხელს და არ მკოცნიდით?

კოსტა - - ერიჰააა!

ბაჩა  -  (გაუბედავად) მომეჩვენა?

კოსტა  -  ნუ მკოცნი, ნუ მკოცნი,

მეტკინა ტუჩები,

დამეხა ახალი კაბა...

ბაჩა  -  ძმებო, ეს უკვე რაღაც...

გიო  -  (ხანმოკლე ფიქრის შემდეგ) არა, თავიდან უნდა მოვხარშო!

(ბაჩა და კოსტა გაკვირვებით შეჰყურებენ გიოს)

კოსტა  -  (იფეთქებს) გინდა მოხარშე და გინდა დააბასტურმე ეგ ოხერი! ვერ ხედავ, რომ ვერეკებით უკვე?!

გიო  -  ჰოდა, მოვხარშავ!

ბაჩა  -  აკი არ უნდა შეიმსუბუქოო!

გიო  -  (ხელს უქნევს)

სინათლემ უნდა გვაცალოს!

(ქრება სინათლე)

ოჰ, ჩემი თარსი ენა რა ვთქვი! გაზიც გათავდა!

ბაჩა  -  მშრალ სპირტზე ვიჩალიჩოთ!

გიო  -  (ბუზღუნით) სხვა რა გზაა?

(კოსტა სანთლებს ანთებს. გიო წამალს ამზადებს. ბაჩა კვლავ ჯოხის თლას იწყებს)

კოსტა  -  აღარ ჩათავდა ეგ ჯოხი? (უეცრად სიცილი აუტყდება) ბაჩა, შეხედე გიოს!

ბაჩა  -  რა იყო?

კოსტა  -  ფაიზაღი ალქიმიკოსია... შუა საუკუნეებში ინკვიზიციის კოცონი არ აცდებოდა! შეგვიხრაკავდნენ ძმაკაცს ულაპარაკოდ!

ბაჩა  -  (ერთვება კოსტას ფანტაზიებში) მაგრამ გიო კოცონზე ამაყად ავიდოდა და შესძახებდა - ის მაინც თუხთუხებს!

გიო  -  არა, სხვა რამეს შევძახებდი!

კოსტა  -  რას?

გიო  -  ლეგალიზაცია, მეტადონიზაცია და ასე შემდეგ!

კოსტა  -  მართლა შველის მეტადონი?

ბაჩა  -  ერთადერთი ეგ შველის!

კოსტა  -  რაც ნარკოტზე ფული გადის ქვეყნიდან, იმის ნაცვლად მეტადონი რომ შემოეტანა მთავრობას?

გიო  -  მაშინ ზოგი ბიძია ფულს ვეღარ იშოვიდა!

ბაჩა- - ჩემო კოსტა, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ბედნიერებას...

გიო  -  სხვის უბედურებაზე აგებენ!

კოსტა  -  რა ცინცხალი აზრია, უნდა ჩავიწერო! ისე მართლა დაანებებდნენ თავს მეტადონით?

ბაჩა  -  ბევრი დაანებებდა, ბევრი თვით მეტადონზე შეჯდებოდა!

კოსტა  -  (ჩაფიქრდება) ისე, გიო მათაც შესვამდა წამალზე!

კოსტა  -  ვის?

ბაჩა  -  ინკვიზიციის მამებს!

გიო  -  რომელი იდეური ნარკომანი მე მნახე? სტაჟიც კი არა მაქვს!

ბაჩა  -  ჰო, პრინციპში ორი წელია გასული!

კოსტა  -  მაინც არ მესმის, რა მოხდა?! მანამდე რამდენს ამტვრიე ცხვირ-პირი, წამალს არ გაეკაროთო!

ბაჩა  -  მიტომაცაა სატანური! (პირჯვარს იწერს) შორს ჩვენგან!

კოსტა  -  რაღა შორს, ჩახუტებულები ყოფილხართ უწმინდურთან! (უეცრად პირს დააღებს, დაიღმუვლებს და გიჟივით იწყებს სირბილს ოთახში, თან კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს ხელებით) მიშველეთ! მიშველეთ!

ბაჩა  -  რა დაგემართა?!

(გიო და ბაჩა შერყეულ კოსტას ეცემიან და აკავებენ)

კოსტა  -  იქ, ზურგთან... ზურგში... ზურგზე...

(გიო პერანგს ამოუჩეჩავს კოსტას და იატაკზე პატარა კარტოფილი დავარდება)

ბაჩა  -  ცხელი კარტოფილი!

კოსტა  -  (კვნესის) წყალი! (სულმოუთქმელად ცლის გიოს მიერ მიწოდებულ ჭიქას)

ბაჩა  -  (ხელში იღებს კარტოფილს) აუ, რა ცხელია?! ახლახან მოხარშულს გავს!

გიო  -  ჰო, ნია ხარშავს სამზარეულოში!

კოსტა  -  (გაოგნებული უყურებს კარტოფილს) ვინ ჩამიგდო?

ბაჩა  -  არ ვიცი!

კოსტა  -  (ყვირის) ვინ ჩამიგდო კისერში?

(შემორბის ნია)

ნია  -  (შეშფოთებით) - რა მოხდა?

ბაჩა  -  (დაბნეული) ვიღაცამ კარტოფილი ჩაუგდო კოსტას... ზურგიდან მიეპარა!

გიო  -  (ეჭვით უყურებს მას) რატომ გეღიმება, ნია?

ნია  -  განა გავიღიმე?

გიო  -  შენ რაღაც იცი, დარწმუნებული ვარ... გვითხარი, რა ხდება ჩვენს თავს?

ნია  -  გიო, აღარ მოგბეზრდა?

(გადის)

გიო  -  (გასძახებს) სავსე მთვარეს ელოდები, არა?!

ბაჩა  -  როგორ შევაპუნტულოთ ეს მთვარე, როდემდე ველოდოთ?

გიო  -  მე თქვენ გეუბნებით, ნიამ რაღაც იცის...

კოსტა- - რას ნიშნავს, იცის? რა უნდა იცოდეს? ვინ დამიდო ფეხი, ვინ ჩამიგდო კარტოფილი...

ბაჩა  -  (დანას ამოაცლის გიოს ჯიბიდან და კვლავ ჯოხს მოიმარჯვებს) ისევ ატორტმანდა ყვითელი ბლანტი სითხე, ახლა უკვე შავფერშერეული და უხილავმა ხელმა მძლავრი მონასმით შენი ქალის თვალები დახატა... როდის გაქრა ამ თვალებიდან ტკბილად დამცინავი სითბო?

გიო  -  არა, უნდა გვითხრას!

ბაჩა  -  (თავზე მოისვამს ხელს) ვინ მასხამს თავზე.. (ეჭვით დასუნავს ხელისგულს) ჭერიდან ჩამოდის წყალი?

კოსტა  -  (სანთელს მიანათებს) არა!

ბაჩა  -  აბა, რა დამესხა?

გიო  -  ბარბაშკებმა თუ დაგაფსეს... ეს ერთი ახსნა მაქვს!

ნიას ხმა  -  გაიტყიპებით იცოდეთ?

ბაჩა  -  ვის ელაპარაკება?

ნია  -  აღარ გაბედოთ, თორემ გული მეტკინება...

გიო  -  (იღრიალებს) ნია!

(შემოდის ნია. ხელში პირსახოცი უჭირავს)

ნია  -  მოხდა კიდევ რამე?

გიო  -  შენზე უკეთ ვინ იცის?

ნია  -  გიო, შენ უკვე გადაჭარბებული წარმოდგენა შეგექმნა ჩემს შესაძლებლობებზე!

გიო  -  (დაიკვნესებს) ლაპარაკითაც რაღაც სხვანირად ლაპარაკობს!

ბაჩა  -  (საწყლად) ნია, არ გეწყინოს, მაგრამ რაიმე ახსნა თუ აქვს ამას ყველაფერს...

ნია  -  (რბილად) ბაჩა, ჯერ ადრეა, მაინც არ დამიჯერებთ!

კოსტა  -  (აღელვებით) დაგიჯერებთ, დაგიჯერებთ!

ნია  -  (ჩაფიქრდება) არაფრის შეგეშინდეთ! ბავშვები გეთამაშებიან!

ბაჩა  -  აბა ბავშვები?

ნია  -  (სასოწარკვეთით) ცოტაც მაცალეთ, გემუდარებით!

(სახეზე იფარებს ხელებს და სკამზე ეშვება. სამი ბიჭი უხმოდ შეჰყურებს მას)

გიო  -  (მიდის და თმაზე უსვამს ხელს) კარგი, როცა ჩათვლი საჭიროდ, მაშინ გვითხარი!

ნია  -  (ცრემლიანი ხმით), თავის აუწევლად) შენა ხარ, გიო?

გიო  -  ჰო, მე ვარ!

ნია  -  გმადლობთ!

(ზარის ხმა კარზე. გიო ტუჩებთან მიიტანს თითს და ნიას ანიშნებს რაღაცას ხელით)

ნია  -  ვინ არის?

თეას ხმა  -  თეა ვარ, ნია!

გიო  -  (შვებით ამოისუნთქავს და კარს აღებს) მობრძანდი, პატარა ქალბატონო!

(ოთახში თეა შემოგორდება თავისი ხეიბრის ეტლით. კოსტა წამოდგება)

თეა  -  სალამი ყველას და სათითაოდ!

(მოულოდნელად შუქი ინთება)

კოსტა  -  სინათლე მოგვიტანა თეამ!

თეა  -  მიიღეთ ჰუმანიტარული დახმარება! (მაგიდაზე აწყობს პურსა და ფუთას) ეს ძეხვია! ჩემმა კლასელებმა მომიტანეს! ჰო, მართლა, თქვენმა გამხსნელმა, რასტვორიტელს რომ ეძახით...

გიო  -  დიდი რასტროისტვო გამოიწვია მეზობლებში?

თეა  -  დაიხრჩო ხალხი ლამის... მეშინია, რომელიმემ არ გიჩივლოთ! ძლივს გავაკავე ერთი ბრაზიანი ძია! ნია, რატომ არ მკოცნი?

(გოგონები ერთმანეთს კოცნიან)

ბაჩა  -  გერმანიაში წასვლას როდის აპირებ?

თეა  -  (ხელს ჩაიქნევს) შენ გგონია, გეოგრაფია ცვლის რამეს? ერთ ბიჭს, ჩემსავით გაკავებულს, იქ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ...

კოსტა  -  (გაცხარებული) ვინ გაწვდის ამ იდიოტურ ინფორმაციებს?! ზოგს შველიან, ზოგს ვერა... შენ გიშველიან!

თეა  -  (ღიმილით) რახან შენ ასე გინდა, კოსტა?

კოსტა  -  სხვათა შორის, გერმანიასთან დაკავშირებით, ჩვენცა გვაქვს შენთვის საჩუქარი! (ჯიბიდან მსუქან კონვერტს იღებს და მუხლებზე დაუგდებს გოგონას) მერე გახსენი!

თეა  -  დედამ მასწავლა, საჩუქარი ადგილზევე უნდა გახსნაო!

(გაოცებული იღებს დოლარების დასტას კონვერტიდან) ღმერთო ჩემო, რამდენია!

კოსტა  -  სამი ათასი დოლარი!

თეა  -  (საწყლად) ნია, რა ვქნა?

ნია  -  უნდა აიღო!

თეა  -  ბიჭებო, ეს ძალიან ბევრია! დიდი მადლობა! ეს სამი დღეა, თითები ავამოძრავე! გაოგნდა ჩემი ექიმი, არ ველოდიო! წინათ კი საერთოდ ვერ ვგრძნობდი, მიუხედავად ისტერიული ვარჯიშისა!

კოსტა  -  (აღელვებით) შენი თვალით დაინახე?! ხომ არ მოგეჩვენა?!

თეა  -  არა, ხომ გითხარი, ექიმმაც ნახა-მეთქი!

კოსტა  -  ექიმმაც? (ხმა ჩაუწყდება. უხერხულობისაგან გამშრალი ბიჭები ერთმანეთს შეხედავენ. ნია კოსტას მიეჭრება)

ნია  -  (თმაზე ხელს გადაუსვამს) კოსტა, წამოდი! (გაყავს მეზობელ ოთახში)

თეა  -  (ლამისა თვითონაც ატირდეს) რა მოხდა, ბიჭებო?

გიო  -  (მხრებს იჩეჩავს) გაეხარდა!

ბაჩა  -  ძალიან ემოციურია!

თეა  -  (ჩაფიქრდება) გასაგებია! (პაუზის შემდეგ) ახლა კი, მომისმინეთ, რაღაც უნდა გიამბოთ. თან წინასწარ გთხოვთ პატიებას.

გიო  -  ბრძანეთ, პატარა ქალბატონო!

თეა - - ორი წლის წინ, პირველად რომ მოვხვდი ამ წარმტაც ტრანსპორტში... (ხელს დაკრავს ეტლის სახელურს) საშინელი ტკივილები მაწუხებდა და ნარკოტიკით მიყუჩებდნენ! სულ უფრო მეზრდებოდა დოზა! მერე, თანდათან გავეშმაკდი, მტკიოდა თუ არა, მაინც ვიმიზეზებდი ტკივილს, მორფი რომ მიმეღო! ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, ყველაფერს მივხვდი... და გამაყუჩებელზე ვთქვი უარი! ახლა თქვენ რომ გიყურებთ...

გიო  -  (რბილად) ნუ ბოდიშობ თეა, ბოლომდე მოვუგრიხავთ ამ ოხრობას კისერს!

ბაჩა  -  დედას ვუტირებთ! აბა ფარჩაკებად ხომ არ ვივლით?!

თეა  -  თქვენ არ იცით თქვენი თავის ფასი, თქვენი შემხედვარე ბევრი პატარ ბიჭი შესკუპდა ნემსზე...

გიო  -  აჰ, მაგ ცოდვას ნუ დაგვადებ!

თეა  -  (სევდიანად) კარგი, წავგორიალდი, აბა, ბოდიშს არ გიხდით, სინათლე ხომ მოგართვით?!

ბაჩა  -  სინათლეც, პურიც...

თეა  -  კოსტას... კოსტას მადლობა გადაეცით ჩემგან!

(გადის. ბიჭები კარამდე მიაცილებენ მას. შემოდიან ნია და კოსტა)

კოსტა  -  (დარცხვენილი) რას მიყურებთ?

გიო  -  რას უყურებთ, მტირალა ბიჭი არ გინახავთ?

ნია  -  (უკმაყოფილოდ გააქნევს თავს გიოს სიტყვებზე) ყმაწვილებო, სადილს როდის მიირთმევთ?

გიო  -  ჰო, ცხელი, ქაფქაფა კარტოფილი გაასწორებდა!

ნია  -  დამიძახეთ, როცა გადაწყვეტთ! (გადის)

კოსტა  -  (ზანდუკზე ჩამოჯდება, კონიაკს დაისხამს და გადაკრავს) ბარემ ლუპით შემისწავლეთ!

გიო  -  ჰო, თვალი ვერ მოგწყვიტეთ ვერაფრით!

კოსტა  -  მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, გასაგებია?! მიყვარს!

ბაჩა  -  (ფრთხილად) კოსტა!

კოსტა  -  (დაღლილი) რაც არ უნდა თქვა, გულს მატკენ, იცოდე!

(ტელეფონის ზარი. ბიჭები ერთმანეთს გადახედავენ)

გიო  -  ზაურა იქნება... სხვამ არავინ იცის ეს ნომერი! (ყურმილს იღებს) ჰო, ზაურ... იშოვე წყალი? რაო, არ მესმის!.. რა თქვი? დაგაყენეს? ვინ დაგაყენა? მერე რა, რომ ქურდია? კარგი, გადაეცი ყურმილი. შენ კი ცალკე მოგელაპარაკები, შე ბოზის ტრიკო! რაო, ვინ არა ხარ? ზოია? ზოია კოსმოდემიანსკაია არა ხარ?! ოჰ, შე მართლა ზოია! გაწამეს? (ცოტა ხანს უსმენს) მიეცი ყურმილი... გამარჯობა. კი. შორიდან გიცნობ... ახლოს ხარ? კარგი, ამოდი! (კიდებს ყურმილს) ქურდებთან ჩაგვიშვა!

ბაჩა  -  ვიძახდი, არ ვენდობი-მეთქი!

გიო  -  აბა სხვას ვის არბენინებდი ანჰიდრიდზე?

კოსტა  -  აწამეს?

გიო  -  თოკი ჩააბეს და მტკვარში აყვინთავეს, სანამ არ გატყდა!

ბაჩა  -  ვინ ქურდია?

გიო  -  გელა ჰქვია!

კოსტა  -  სერიოზული ვინმეა?

გიო  -  (მხრებს იჩეჩავს) მასეთი განაბი ბალი ათი შაურია, მაგრამ მაინც შარია!

(უჯრას აღებს და პისტოლეტებს ურიგებს მეგობრებს)

კოსტა  -  (ბალიშის ქვეშ ამოდებს იარაღს) ქურდთან იარაღით, ბატონებო? ეს ხომ ბოზურია?

ბაჩა  -  გადავიტანთ მაგ სირცხვილს როგორმე! გადატენე, რას შვრები?

კოსტა  -  (არხეინად) შენს რკინას მიხედე!

გიო  -  (ერთ იარაღს ზურგთან ჩაიდებს, მეორეს კი წინ, ქამარში გაირჭობს) ბარიგამ ქურდთან იჩივლა, ხომ ვამბობდი... გამოიცნობს ზაურას ნავოდკას-მეთქი!

ბაჩა  -  (ჩაიცინებს) ზაურა რომ ნაკოლებს იძლევა, აგერ, ბებიაჩემმა ნინამ იცის, გავარვარებულმა ბარიგამ კი არა?

კოსტა  -  ეტყობა აღარაფერი ჰქონდა გასაწეწი, მართლა ჩვენ წამოგვიღია მთლიანად!

(გიო და ბაჩა ერთხელაც ამოწმებენ იარაღებს, შემდეგ გადატენიან და წელზე ირგებენ)

ბაჩა  -  ზატვორი ჭედავს ხოლმე!

კოსტა  -  თქვენ რა, მართლა ომს აპირებთ? გაწი-გამოწი, მაინც ქურდია!

გიო  -  ქურდი, რომელიც ბარიგავს იცავს!

კოსტა  -  ის იტყვის, კი არ ვიცავ, წამალი მე ჩამომიტანაო!

ბაჩა  -  (ირონიულად) დიახ, უკვე დადერბენკებული ჩეკებად!

გიო  -  ბიჭო, ბარიგა იქვე არ იკივლებდა, ქურდული წამალიაო?!

კოსტა  -  მერე რა, იტყვის, ძაღლები მეგონეთო!

გიო  -  (გაბეზრებული) ის იტყვის, ეს იტყვის, რა გინდა ლოთიანად?

კოსტა  -  (ეცინება) არაფერი, მომავალი დიალოგისთვის გამზადებ!

ბაჩა  -  (პიჯაკს იცვამს და ბუზღუნებს) ბარიგა ვეღარ გადაგიგდია კაცს! იქ ავტომატიანი ჯეელი დაგვხვდა, აქ ქურდი ამოისახა, ხვალ პოლიცია დაგვადგება... (სამჯერ დააკაკუნებს მაგიდის კიდეზე) არა, ასეთ პირობებში მე ვერ ვიმუშავებ, ძმაო!

(გიო და კოსტა იცინიან)

რამდენი ამოვა?

გიო  -  არა მგონია, ჯარი დაგვასიოს, ძალიან თავდაჯერებულად ბაზრობდა. მოიცა, მოიცა, ნიას რა ვუყოთ?

ნია  -  (შემოდის) აღარ მოგშივდათ?

გიო  -  ნია, თუ არ შეწუხდები, ცოტა ხნით გაისეირნე რა?

ნია  -  კი ბატონო, მაინც ვაპირებდი გასვლას! (ჩანთა გამოაქვს მეზობელი ოთახიდან) როდის მოვიდე?

ბაჩა  -  ასე ერთ, ორ საათში!

გიო  -  (კართან ეწევა) შენ არ იფიქრო...

ნია  -  რა?

გიო  -  არ გეგონოს, გოგოები მოგვყავდეს!

ნია  -  ასეც რომ იყოს?..

გიო  -  არა, უბრალოდ, მინდა იცოდე!

ნია  -  (გაუღიმებს) ჭკვიანად მოიქეცით ჩემს მოსვლამდე!

კოსტა  -  ნამდვილი ბეიბისითთერი ხარ!

ბაჩა  -  (ნიას გასვლის შემდეგ) მაინც არ მესმის, რატომ გარიდებს სახეს?

გიო  -  (უკმაყოფილოდ) ალბათ რაღაც დემონურია ჩემში!

კოსტა  -  (გიტარას იღებს და მღერის)

როდის უნდა შემოლეწო,

ჩემი ფანჯრის მინები...

(ზარის ხმა კარზე)

გიო  -  ფრთები გამოისხა დალოცვილმა?

(აღებს კარს. მაღალი, თმაგაცვენილი ბიჭი პირველი შემოაბიჯებს, მას ჯანიანი, უკისრო ახალგაზრდა შემოყვება)

გელა  -  გაუმარჯოს!

(ხელს ართმევს სამივეს)

ეს მეგობარი კაცია, გაიცანით!

(გიო და ბაჩა თავს დაუკრავენ უკისროს, კოსტა ხელს გაუწვდის)

კოსტა  -  კოსტა!

(უკისრო უხმოდ ართმევს ხელს)

გიო  -  დაბრძანდით!

(გელა სავარძელში ჩაეშვება. უკისრო კედელს მიეყრდნობა)

გიო  -  დაჯექი, მეგობარო!

(დაბალი არ პასუხობს. ბიჭები გაკვირვებით გადახედავენ ერთმანეთს)

გიო  -  დალევ რამეს?

გელა  -  არა, გმადლობთ!

გიო  -  (უკისროს) შენ?

(ის კვლავ უპასუხოდ ტოვებს გიოს შეკითხვას)

ბაჩა  -  გაბუტული ხარ ჩვენზე, ძამიკო?

(დაბალი კვლავ არ პასუხობს)

გიო  -  (მოშლილი, გელას) მუმუ ამან დაახრჩო?

გელა  -  აბა მუმუ?

გიო  -  (ხელს ჩაიქნევს) ზაურა რატომ არ ამოგყვათ?

გელა  -  ვერ მოახერხა, სველი იყო ძალიან!

გიო  -  მტკვარში უყვინთავია, როგორც გავიგე!

გელა  -  (გულგრილად) ჰო, დაგვისველდა ცოტა!

გიო  -  გასაგებია!

გელა  -  ტუტუტუ, ასე არ გამოვა, ლამაზო!

გიო  -  ვერ გავიგე!

გელა  -  (ღიმილით) ამხელა ფიშტოთი აპირებ ჩემთან საუბარს?

გიო - აჰ, ესა?

(ქამარში გაჩრილ იარაღს იღებს და გელას უწვდის. ის უხმოდ ჩაიდებს ჯიბეში)

გელა  -  ცოტა არ იყოს, ვჩქარობ, ასე რომ, საქმეს შევუდგეთ!

გიო  -  გისმენ!

(კოსტა ზანდუკზე გადაწვება და ჩუმად აჟღერებს გიტარას)

გელა  -  ეს აკომპანიმენტი აუცილებელია?

კოსტა  -  უკაცრავად!

გელა  -  არ გეწყინოს, ძამიკო! ახლა წამალს რაც შეეხება. ის უნდა დაბრუნდეს. ბევრი მსმენია თქვენზე, ვიცი, რომ ვაჟკაცი და სუფთა ბიჭები ხართ...

გიო  -  გმადლობთ!

გელა  -  (ხელს აიქნევს) მადლობისთვის არ ვამბობ... და არც თქვენს გასაკერად... ასე რომ არ იყოს, შეიძლება უხეშადაც მოგქცეოდით სამივეს!

გიო  -  (მშვიდად) რა დავაშავეთ?

გელა  -  ჰოოო, მაგის ახსნა თუ დამჭირდა...

გიო  -  გელა, აქ არც საბავშვო ბაღია და არც შენა ხარ...

ბაჩა  -  (ჩაერთვება) ბეიბისითთერი!

გელა  -  (წარბს მაღლა აწევს) ვინ არა ვარ?

გიო  -  (ეცინება) ბავშვების ძიძას ნიშნავს.

გელა  -  როცა ქართული არ გყოფნით, ინგლისურს გაურევთ ხოლმე? (სიგარეტს უკიდებს. გიო საფერფლეს მიუჩოჩებს) იცით, რა მიკვირს, ინტელიგენტ, წესიერ ბიჭებად გიცნობთ ქალაქი... ჩვენს სამყაროშიც უყვარხართ, პატივს გცემენ, როგორც ხელოვან, კეთილშობილ ადამიანებს... და ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, როცა საკუთარ ჩარჩოდან ამოხტებით! რა თქვენი საქმეა, ძმურად, ბარიგის მოტყორცნა, დაჭრა და ფათქა-ფუთქი...

გიო  -  გეთანხმები! ნაღდად არ არის ჩვენი საქმე. მაგრამ ასე მოხდა! პრინციპში, მანეთიც არასოდეს მოგვიპარავს...

გელა  -  თუ იმ რვა ათას დოლარს არ ჩავთვლით!

გიო  -  ეს ექსპროპრიაცია იყო!

გელა -  ალბათ ქველმოქმედებას დასჭირდა არა? კი, ბატონო, ეგ ფული თქვენია, რაც შეეხება წამალს..

გიო  -  ისიც ჩვენია, ხოლო თუ პრობლემები გაქვს, შეგვიძლია გაგიყოთ!

გელა  -  კარგად აწონე შენი სიტყვები, თორემ პრობლემები აქეთ გაგიჩნდება!

გიო  -  მაშ, ასეთი მაღალი აზრისა ხარ ბარიგებზე, ჩვენგან რომ იცავ?

გელა  -  (მოთმინებით) მე იმ ნაბოზარს კი არ ვიცავ, ჩემს წამალს ვთხოულობ. იმიტომ, რომ ეგ შმატი მე ჩამომიტანეს! ისიც ვიცი, ნაწილი ციხეზე რომ შეგზავნეთ, მაგაზე როგორ გისაყვედუროთ? ჩემი წამალი წაიღეთ, იმიტომ, რომ არ იცოდით... ამის გამოა, რომ არც თქვენს დასჯას ვაპირებ და არც იმ ქარაქუცა ნაკოლშჩიკის! გასაგებია, თუ...

გიო  -  გასაგებია, გასაგებია!

გელა  -  ჰოდა, მოვრჩეთ ამაზე!

გიო  -  მოვრჩეთ! მაგრამ წამალი არ დაბრუნდება. ის უკვე დადერბენკებული და ჩეკებად გაწყობილი დაგვხვდა. სარეალიზაციოდ! არც ბარიგას, არც მის დაცვას შენი სახელი არ უხსენებია. არც ის უთქვამს, ქურდული წამალიაო! პროცენტებზე დაგვიწყეს შებმა, ოღონდ გაყიდვა გვეცლია მათთვის!

გელა  -  რას იზამ, ზედმეტად სულგრძელი ვარ, ამიტომაც ვღებულობ ტრავმებს! უკანასკნელად გიმეორებ, წამალი მე ჩამომიტანეს!

გიო  -  (გულუბრყვილო ინტონაციით) სარეალიზაციოდ?

გელა  -  (წამოხტება და იარაღზე გაივლებს ხელს) დასცხე!

(გიო ელვისებური მოძრაობით სწვდება მაჯაში და ძლიერი სარმით ძირს დასცემს ბიჭს, შემდეგ ზედ დაახტება და ზურგთან დამალულ პისტოლეტს პირში ჩათხრის. ამასობაში უკისრომაც სცადა იარაღის ამოღება, მაგრამ ჯერ კოსტამ ჩაარტყა თავში გიტარა, ხოლო შემდეგ ბაჩას მუშტს წამოეგო და ისიც იატაკზე გაიშხლართა. კოსტამ სწრაფად განაიარაღა უკისრო)

გიო - (გელას აზის მკერდზე და იარაღის ლულას სულ უფრო ღრმად ჩრის ყელში) ამდენი ტყუილი, მუქარა... გეკადრება განა კაცს? ტიტულს რომ დაკარგავ, ეს, ორჯერ ორია, დანარჩენს კი..

(ჩახმახს გადმოწევს)

ბაჩა  -  (მიდის მათთან) კარგი, გეყოფა! ფრთხილად ჩაწიე, არ გავარდეს!

კოსტა  -  (გალახულებს დაჰყურებს) ერთს კარდენის პიჯაკი აცვია, მეორეს კი არმანისგან, მაგრამ არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე იტალიელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ!

გიო  -  (დგება და იარაღის ლულას წმენდს ცხვირსახოცით) გლანდები არ გქონია წესრიგში, ძმაო! აგერ თქვენი არტილერია! (ტყვიებს ამოყრის და იარაღებს უბრუნებს ფეხზე წამომდგარ წყვილს) სადაც და ვისთანაც გინდათ იქ გავარჩიოთ! ეს შენც გეხება, გერასიმე! (მიმართავს უკისროს)

 

(გელა და მისი მეგობარი უხმოდ გადიან ბინიდან)

კოსტა  -  (ამოიოხრებს) აი, კიდევ ორი მტერი!

გიო  -  ცუდას რად უნდა მტერობა?

ბაჩა  -  კოსტა, რომელი ოდრი ჰეპბერნი შენ მყავდი, გიტარით რომ გადაწყვიტე ბრძოლა?! (უეცრად სახეზე მოისვამს ხელს) ვინ შემასხა წყალი? ვინ შემასხა? (ყვირის) ვინ იმალება ამ სახლში, ბოლოს და ბოლოს?! გამოჩნდი, რომელი ხარ!

 ..........................

(გარიჟრაჟი. ყველას სძინავს. მხოლოდ ბაჩა წამომჯდარა ლოგინზე და ტელეფონის ყურმილს აწვალებს ხელში)

ბაჩა  -  (კრეფს რიცხვს) დილა მშვიდობისა!

ლალის ნამძინარევი ხმა  -  იცი, რომელი საათია?

ბაჩა  -  ღვინის საათია, სექსის საათია!

ლალი  -  მე მძინავს, სექსით შეშფოთებულო ყმაწვილო!

ბაჩა  -  მე კი შენი დილის კოშმარი ვარ!

ლალის ხმა  -  ხარ, ხარ! ეჭვი არ შეგეპაროს!

ბაჩა - - იცი, რატომ გირეკავ?

ლალი  -  ვიცი, ვიცი, რომ ხვალიდან ყველაფერი...

ბაჩა  -  არა. მე შენ გათავისუფლებ!

ლალის ხმა  -  როდის დამატყვევე რო?

ბაჩა  -  იყო ასეთი ეპიზოდი შენს ცხოვრებაში!

ლალი  -  ჰო, მართალი ხარ. იყო! ისე, რომ არ მყვარებოდი, შეგირიგდებოდი კიდეც.

ბაჩა  -  ახლა შევრიგდეთ, ჯანდაბას ჩემი თავი, მე ხომ სულგრძელი პიროვნება ვარ!

ლალი  -  ყურადღებით მომისმინე. მე ვთხოვდები... გესმის? რამ დაგადუმა. ვთხოვდები-მეთქი!

ბაჩა  -  (პაუზის შემდეგ) ჩემგან რას თხოულობ?

ლალი  -  მხოლოდ ერთს, მოიქეცი, როგორც ცივილიზებულ კაცს შეშვენის.

ბაჩა- - არის, უფროსო!

ლალი  -  (ცოტა იმედგაცრუებული) წინათ ტყვიას მესროდი, ეს რომ მეთქვა!

ბაჩა  -  არც ახლაა გვიან, არ დაკიდო ყურმილი! (იარაღს იღებს ბალიშის ქვეშიდან, გადატენის)

ლალი  -  რას შვრები?

ბაჩა  -  ვფიქრობ, გესროლო თუ არა!

ლალი  -  რა გადაწყვიტე?

(ჩაფიქრებული ბაჩა ჯერს ამოიღებს ტარიდან და შემდეგ ტყვიასაც აგდებს ლულიდან)

რა მანიპულაციებს ატარებ?

ბაჩა  -  გადავწყვიტე, არ გესროლო! არა ხარ ღირსი!

ლალი  -  მაშ მართლა მორჩენილა ყველაფერი! ახლა დამშვიდდი?

ბაჩა  -  დიახ, მიცვალებულის პულსივით. ველი შენს ადვოკატებს!

ლალი  -  (იცინის) ქონებას არ წაგართმევ.

ბაჩა  -  (რანევსკაიას ხმით) Вეპნმიე სრღ ამყტსთ მ იეოეგპთსსძ!..

ლალი  -  შენ არც ერთი წერილი არ მოგიწერია!

ბაჩა  -  გულის ფიცარზე ვიწერდი.

ლალი  -  რომ იცოდე, როგორ გამიტეხე?!

ბაჩა  -  არც შენ დამაკელი. აბა, ტკბილი სიზმრები, პატარძალო!

ლალი  -  თავს მოუარე!

(ბაჩა ყურმილს კიდებს)

 მოქმედება მეორე

ოთახში მხოლოდ ნია და ტახტზე ჩამოძინებული გიო არიან. ნია ფრთხილად ალაგებს დიდ ხელჩანთაში იარაღებს და ოპიუმის მოზრდილ ბურთს. დროდადრო მძინარე გიოს გახედავს ხოლმე... ბოლოს სადესანტო ავტომატის ჩატენას ცდილობს ჩანთაში, მაგრამ ვერაფრით ახერხებს

 

გიო  -  (მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით წამოჯდება ტახტზე და სიგარეტს უკიდებს) გაუმარჯოს ბეიბისითთერს... დიდხანს მეძინა?

ნია  -  (ფეხით შესწევს ჩანთას მაგიდის ქვეშ) შხაპი რომ მიიღე, ჩაგთვლიმა!

გიო  -  (დგება) ბიჭები სად არიან?

ნია  -  თეა წაიყვანეს ექიმთან.

გიო  -  ჩაის ხომ არ დამალევინებ?

ნია  -  ახლავე!

გიო  -  თუ ჩქარობ... მერე იყოს!

ნია  -  არა, არ ვჩქარობ... ერთადერთი, ბავშვებს მკვდარი საათი აქვთ და რომ არ დავხვდე... (ენაზე იკბენს)

გიო  -  ვინ ბავშვებს?

ნია  -  არაფერი, ამერია რაღაც!

გიო  -  რა ლამაზი ხარ!

ნია  -  ბატონო?

გიო- - ლამაზი ხარ-მეთქი და მატყუარა!

ნია  -  მატყუარა ძალიან ცუდი სიტყვაა, გიო!

გიო  -  ეგ არაფერი, მე უფრო ცუდი სიტყვებიც ვიცი!

ნია  -  ეგ რა სატრაბახოა?

გიო  -  ვინ გეტრაბახება რო? ჩამოჯექი რა წუთით!

ნია  -  (ჯდება სკამზე) - გისმენ!

გიო  -  სანამ მომისმენდე, მე მოგასმენინებ ერთ პატარა მელოდიას. მოხერხებულად დაჯექი, სკამის კიდეზე ზიხარ!

(რთავს მაგნიტოფონს. გაისმის ღვთაებრივი გალობა. გიო თავს ჩაქინდრავს, თითებს ნიას თითებს გადაჭდობს და ცოტა ხანს ასე სხედან გარინდებით ორივე)

ნია  -  რა იყო ეს?

გიო  -  თუ მელოდიაზე მეკითხები, ამითი გავაცილე მამა უკანასკნელ გზაზე.

ნია  -  მაპატიე.

გიო  -  აბა რა გჭირს საპატიებელი. მე მხოლოდ ერთი რამ მწყინს, არ შეიძლება ასე ძალიან გიყვარდეს...

ნია  -  ვინ?

გიო  -  (მხრებს იჩეჩავს) მშობლები, ძმაკაცები, რა ვიცი, კიდევ ვინ? მე ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ძალიან გიყვარდეს, ყველაფერი რაღაც ზომიერების ფარგლებში უნდა ეტეოდეს.

ნია  -  მოსაწყენი არ იქნება?

გიო  -  ცხოვრება ისედაც არ მოგაწყენს...

ნია  -  ცუდად ხარ?

გიო  -  დღეს ცუდად მხოლოდ ვირი არ გრძნობს თავს!

ნია  -  და ისიც ალბათ ჯანმრთელი ვირი, არა?

გიო  -  (იცინის) ჰო, ჯანმრთელი ვირი!

ნია  -  შემიძლია დაგეხმარო?

(გიო თავს დაუქნევს)

როგორ?

გიო  -  ჩემო უფლიდესო მშვენიერებავ, შენი კოხტა ფეხით ჩემკენ გამოწიე ეგ ჩანთა... და საერთოდ ეგ ავტომატი იკეცება!

ნია  -  ეგ ადვილი საქმეა.

(ფეხით მიუჩოჩებს ჩანთას)

ახლა კი შეგიძლია მკითხო...

გიო  -  რა გკითხო, შე ძუკნა, ვინ მოგაგზავნა ჩვენთან და საერთოდ რას მიკეთებ აქ, ჩემი დაღუპული ძმაკაცის სახლში? რა გკითხო კიდევ, მითხარი და გკითხავ!

ნია  -  მე არ გატყუებ, მე მხოლოდ გიმალავთ...

გიო  -  რაღაცას?

ნია  -  ჰო, ჯერჯერობით, შე... შე...

გიო  -  რაო, სალანძღავი სიტყვები არ გყოფნის?

ნია  -  მყოფნის. შე ვირო... არაჯანმრთელო ვირო! (ამოიოხრებს) თუმცა ვირი უწყინარი და მშრომელი ცხოველია!

გიო  -  ვინ მოგაგზავნა?

ნია  -  არავინ. ეს უცაბედად მოხდა... უცაბედად გავარღვიე კედელი!

გიო  -  ბატონო?

ნია  -  იმ ჩანთის გადაგდებასაც თქვენს საშველად ვაპირებდი! იმ რკინებს აგრესიული გამოსხივება აქვთ!

გიო  -  და ამისთვის კედელი გაარღვიე?

ნია  -  არა. კედელი უცაბედად გავარღვიე და ბავშვებიც ასეთ დღეში ჩავყარე!

გიო  -  (იფეთქებს) რა კედელზე მელაპარაკები?

ნია  -  ჩემი სამყაროს კედელი... მე ხომ სხვა სამყაროდან ვარ!

გიო  -  (თავს მოიქექავს) მაგელანის ღრუბლებიდან, სატურნის თუ...

ნია  -  არა, გიო, ეგ პლანეტებია. მე სხვა განზომილებიდან ვარ, პარალელური სამყაროდან!

გიო  -  არა, ან უნდა გავიჩხირო, ან დავლიო!

ნია  -  (დაღლილი) სჯობია დალიო, გაჩხერით, თუ რას ეძახი შენ მაგას, ვეღარასოდეს გაიჩხერ. მე შენ ფსიქოლოგიური ბლოკი ჩაგიყენე!

გიო  -  ბლოკი, ხომ?

ნია  -  ჰო, საერთოდ შენი ნებართვის გარეშე ამის უფლება არ მქონდა, მაგრამ... ამიტომაც ვარ ცუდად. ჩვენ მძლავრი პარაფსიქოლოგიური ძალა გვაქვს, მაგრამ ობიექტის თანხმობის გარეშე...

გიო  -  (აწყვეტინებს) მომისმინე, მე მთვლი გიჟად, თუ...

ნია  -  (უბრალოდ) არა, მე შენ არა გთვლი გიჟად, პირიქით, შენი ინტელექტუალური ინდექსი საკმაოდ მაღალია!

გიო  -  (ქედს იხრის მადლობის ნიშნად) იმ შენ პარალელოპიპედურ...

ნია  -  პარალელურ სამყაროში!

გიო  -  იქაც საქართველოა?

ნია  -  დიახ, ოღონდ სხვანაირი... აი, დაახლოებით ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ. ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ, მაგრამ ვერ გეხმარებით...

გიო  -  (ინტერესით) რატომ?

ნია  -  (უხერხულად) ჩვენ ხომ თქვენზე ერთი წამით ახლგაზრდები ვართ.

გიო  -  მაგრამ ჩვენს შეცდომებს ითვალისწინებთ, არა?

ნია  -  ჰო, ეს შეიძლება გარკვეულ ეგოიზმადც მოინათლოს!

გიო  -  იმერელი ხარ, ბოშო?

ნია  -  არა, კოლხი!

გიო  -  მარგალი ხარ, ძღაბი?

ნია  -  (წყენით) არა ვარ მე შენი ძღაბი!

გიო  -  ლეკვი ლომისა სწორია

და არა პარალელური!

ნია  -  მე სხვანაირად ვიცი ეგ ლექსი!

გიო  -  არ გამაგიჟო?!

ნია  -  (სევდიანად) მგონი შენ ეს აღარც გჭირდება.

გიო  -  (ჩაფიქრებით) მაშ, იქ, იმ ნანატრ საქრთველოში ცხოვრობ?

ნია  -  დიახ.

გიო  -  ახლა კი ყურადღებით მომისმინე და გადაეცი შენს გამომგზავნ პოლიციურ-პარალელოპიპედურ ორგანიზაციას, ნუ გადაწყვიტეს, რომ მათი დრო დადგა და ჩვენი მგლებივით ერთ სოროში შეყრას მოახერხებენ, რომ მართალს და მტყუანს ერთნაირად გაგვისწორდებიან და მოწმეს არ დაუტოვებენ იმ უკიდეგანო ბოზობას, რასაც ჩვენი თაობა შეეწირა, პატრიოტული დროშის ქვეშ... თავისუფლება, არა? დამოუკიდებლობა, არა? და თურმე სულ სხვა, განსხვავებული თამაშები? გადაეცი, სანამ ფიზიკურად არ გაგვანადგურებენ... სანამ პირში სული გვიდგას...

ნია - (რბილად) მაპტიე, მაგრამ არა მგონია იმ მითიურ ძალებს, რომელსაც თურმე მე წარმოვადგენ, თქვენი განადგურება სჭირდებოდეთ.

გიო  -  მაშ რა?

ნია  -  გიო, ამას თქვენ თვითონ ბრწყინვალედ ახერხებთ.

გიო  -  (წინ გადაიწევა) მაშ ჩვენ თვითონ ხელს ვუწყობთ იმ ბოზებს?

ნია  -  მე არ ვიცი, სიტყვა ბოზს თუ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ გეწყინოს, რა საბრძოლველი თქვენა ხართ? ხელჩაქნეული, დეგრადირებული ნარკომანები... თუმცა ვცდები, ერთი ლოთია!

გიო  -  (გაოგნებული) შენ რა გგონია, მართლა მაროდიორები ვიყავით სუყველა ან რაიმე უკადრისი ჩავიდინეთ? ან აფხაზებთან მქონდა რამე გასაყოფი? და ახლა მეხუთე თაობის უმწიკვლოდ ნამსახურები გვარის კაცი, ვიღაც წუნკალმა უნდა გამშმონოს და პრაკოლები მისინჯოს ხელებზე? შემდეგ კი ფულზე მევაჭროს?

ნია  -  მე უფრო ღრმად გითხარი!

გიო  -  (დაღლილად) როგორ დაგავერბოვკეს ეს ანგელოზი ქალი მაგ წუნკლებმა?

ნია  -  რა ქნეს?

გიო  -  როგორ მოგიგდეს ხელში ორგანოებმა?

ნია  -  (ჩაფიქრდება) რას ნიშნავს ორგანოები?.. და საერთოდ, რა გინდა შენ ჩემგან. გინდა წავიდე?

გიო  -  სამწუხაროდ, ვერსადაც ვერ წახვალ!

ნია  -  სადაც მინდა იქ წავალ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, შენ ის მითხარი, ორგანოები რას ნიშნავს?

გიო  -  (ინტერესით) შენ რა, ურუპინსკიდან ხარ?

ნია  -  (ბეჯითად) მე ვარ პარალელური სამყაროდან, რომელიც მხოლოდ ერთი წამით ჩამოგრჩებათ!

გიო  -  და ახლა იმ ბედნიერ, ნანატრ საქართველოში ცხოვრობთ?

ნია  -  რატომ მარტო საქართველოში?

გიო  -  შენ უკვე მღლი!

ნია  -  შენ კი მტანჯავ! სხვათა შორის, რატომ ვერ წავალ აქედან?

გიო  -  (უხალისოდ) იმიტომ, რომ არ გენდობი!

ნია  -  (უეცრად გაეცინება) რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს, თავისუფლებისათვის მებრძოლო, ბრეივ ჰართ, როგორ უნდა ამიკრძალო წასვლა?

გიო  -  ლოთიანად, ვინ ხარ?

ნია  -  სტუდენტი-ფსიქოლოგი, თან საბვშვო ბაღში ვმუშაობ! (მოიღუშება) ნეტა არ მემუშავა!

გიო  -  კიდევ!

ნია  -  კიდევ ქვრივი!

გიო  -  შენ იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა?

ნია  -  ვიცი. მე ქმარი მომიკვდა, ამიტომ აღმოვჩნდი აქ!

გიო  -  მოიცა, შენ იქ, იმ სამყაროში ქმარი დაგეღუპა?

ნია  -  ყველაფერი გინდა იცოდე?

გიო  -  (მოშლილი) ქვრივო, მოყევი შენი ლავსტორი!

ნია  -  მიჭირს აგიხსნა. თქვენ ჩვენს თვალში გამოქვაბულში გამომწყვდეულ ველურებს გავხართ...

გიო  -  ამ ერთი წამის გამო?

ნია  -  (გაღიზიანებით) რა აიკვიატე ეს წამი? წამი შეიძლება საუკუნეებს უდრიდეს! მოკლედ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, თქვენც მიაღწევთ, ოღონდ არა სისხლით!

გიო  -  მშვენიერი, თოთო აზრია, მაგრამ შენ რატომ ხარ ქვრივი?

ნია  -  მე მიმძიმს...

გიო  -  თქვი!

ნია  -  სკოლის ასაკიდან მოგვწონდა ერთმანეთი, მერე დავქორწინდით...

გიო  -  მერე?

ნია  -  ერთ კვირაში მანქანამ გაიტანა. მეოცნებე იყო, მხიარული, რაღაც გამოგონებებზე ფიქრობდა... შუქნიშანი ვერ შეამჩნია! მერე საბვშვო ბაღში დავიწყე მუშაობა, ცოტა მშველოდა... ჩვენში თვითმკვლელობა დიდ ცოდვად ითვლება!

გიო  -  ჩვენთანაც!

ნია  -  მერე მწარედ შევცდი... ზედმეტად ვფიქრობდი მასზე... ეს კი არ შეიძლება... არ შეიძლება ამდენი გლოვა!

გიო  -  აბა ცეკვა-თამაში უნდა გაგემართა?

ნია  -  არა... მისი სახე არ უნდა წარმომედგინა ასე ხშირად!

გიო  -  ეგ რა შუაშია?

ნია  -  (საწყლად) სულ მისი სახე მედგა წინ... და მინდოდა...

გიო  -  რა?

ნია  -  მინდოდა ერთხელ მაინც მენახა!

გიო  -  მერე ეს რა ცოდვა?

ნია  -  (პაუზის შემდეგ) ჩვენ დიდ ძალას ვფლობთ... ლევიტაციის, ფიქრთ კითხვის...

გიო  -  მაშ მე შენთვის გადაშლილი წიგნი ვარ?

ნია  -  არა. ჩვენ არა გვაქვს ერთმანეთის უფლების გარეშე...

გიო  -  (დაღლილად) განაგრძე შენი ზღაპარი!

ნია  -  თუ არა გჯერა, რა აზრი აქვს?

გიო  -  განაგრძე!

ნია  -  მოკლედ, მის სახეს არ უნდა ჩავფიქრებოდი ასეთი ძალით! თქვენსა და ჩვენს სამყაროში ორეულები არსებობენ, ხშირი არა, მაგრამ იშვიათად კი... მე ვიპოვე ამ სამყაროში მისი ორეული... წყალი დამისხი!

(გიო ბოთლიდან ჭიქას უვსებს).

ნია  -  (სულმოუთქმელად გადაკრავს და სული ეხუთება) რა დამალევინე!

გიო  -  არაყი! (ზურგზე ურტყამს ხელს) ახლა უფრო ლამაზ ზღაპარს მოყვები!

ნია  -  (პაუზის შემდეგ, შემთვრალი) ვერასოდეს ვიგონებდი ზღაპარს, ბავშვები კი მთხოვდნენ, მთხოვდნენ, მე კი ვერ ვიგონებდი! ვერ ვთხზავდი.

გიო  -  მერე რა მოხდა?

ნია  -  (სულ უფრო ეკიდება სასმელი) მერე მანქანამ გაიტანა!

გიო  -  ეს წინა სერიაში იყო... შენს ორეულზე მოყევი...

ნია  -  მე აქ არა მყავს ორეული!

გიო  -  რატომ, აბორტს გადაყვა?

ნია  -  რა არის აბორტი?

გიო  -  მოკლედ, მგლოვიარე ქვრივო, შენ გადაწყვიტე, რომ შენი განსვენებული სატრფოს ორეული სადღაც აქ არსებობს?

ნია  -  (გაკვირვებით) სადღაც? სადღაც კი არა, აქ!

გიო  -   წამით წინ მიმავალ სამყაროში!

ნია  -  (გაუღიმებს) რა კარგია, რომ მიხვდი. რა კარგი ყოფილა დალევა... დამისხი კიდევ!

გიო  -  (ხელს აფარებს ჭიქას) საკმარისია!

ნია  -  (დაასლოკინებს) უკაცრავად... დამისხი, ახლა უფრო ადვილი გახდა ყველაფერი!

გიო  -  ჩვენც ასე ვიადვილებთ ცხოვრებას, ზოგი ნარკოტიკით, ზოგი ალკოჰოლით, ზოგიც ჩათლახობით!

ნია  -  ეს რა იყო, რაც დამალევინე, ჩათლახობა?

გიო  -  (გმინვით) მორჩი. მერე რა მოხდა-მეთქი?

ნია  -  (თვალებს ხუჭავს, ასლოკინებს) ბოდიში... უბრალოდ, ამდენი დაძაბულობის შემდეგ... ისე ჩვენთანაცაა ღვინო... მაგრამ ოც წლამდე არ შეიძლება! მხოლოდ ქორწილზე ერთი ჭიქა!

(თითს მაღლა სწევს)

გიო  -  ისიც მხოლოდ სიძეს, არა?

ნია  -  (წყენით) არა, რატომ... ეს ხომ ქორწილია?! რა ლამაზია ქორწილი, თეთრი კაბა, სიმღერა...

გიო  -  აბა, აბა, ნუ აქეიფდი! მერე რა იყო?

ნია  -  მერე მანქანამ გაიტანა!

გიო  -  (გააფთრებით) ორეულზე გეკითხები!

ნია  -  (ფხიზლდება) ჰოო, დიდი ცოდვა დავიდე... იმ დღეს საბავშვო ბაღში... ისეთი დაჟინებით წარმოვიდგინე მისი სახე, რომ ის უხილავი კედელი გავარღვიე... აქ აღმოვჩნდი და საუბედუროდ ბავშვებიც იმ ველში მოყვნენ.

გიო  -  ეს ის ბავშვებია, ჩვენ რომ გვამწარებენ?

ნია  -  (იცინის) ისინი გეთამაშებიან... ხანდახან კი, როცა მაბრაზებთ... (ასლოკინებს)

გიო  -  (მოულოდნელად) ბუჰ!

ნია  -  (შიშისაგან სკამზე შეხტება) რა მოხდა?

გიო  -  შეგაშინე, სლოკინმა რომ გაგიაროს!

ნია  -  (წყენით) გმადლობთ! ჰო, რას ვამბობდი... მოკლედ, ჩვენ დიდი ფსიქოაკუმულაციის უნარს ვფლობთ...

გიო  -  და მოკლე ჩართვასავით მოხდა რაღაცა, ასეა ხომ?

ნია  -  ასეც შეიძლება ითქვას! მაგრამ ბავშვები ვერ განსხეულდნენ!

გიო  -  აბა თავზე რომ გვამხობენ ყველაფერს?!. თუ ტელეკინეზს ფლობენ?

ნია  -  (დაეჭვებით) საიდან იცი ეგ სიტყვა? თუმცა სულერთია... (თავს მაგიდაზე დებს და ჩათვლემს) მე დამნაშავე ვარ... მათ მშობლებს და ბავშვებს, წარმოიდგინე, როგორ ენატრებათ ერთმანეთი...

გიო  -  (ოდნავ შეაჯანჯღარებს ნიას) გამოფხიზლდი!

ნია  -  (თავს სწევს) ფხიზელი ვარ, ფხიზელი ვარ, ოღონდ აღარ ქნა ეგ ბუჰ!

გიო  -  კარგი. მერე რა ქენი, იპოვე ის ორეული?

ნია  -  მე მსურდა მხოლოდ შემეხედა მისთვის და უკან დავბრუნებულიყავი!

გიო  -  მერე, ვერ ბრუნდები?

ნია  -  (კოხტად ამთქნარებს) დიდმთვარობას ველოდები, ბავშვებიც ხომ უნდა დავუბრუნო მშობლებს?! ეს მხოლოდ დიდმთვარობაზე მოხდება.

გიო  -  და ის ორეული... ორეული იპოვე?

ნია  -  (უხალისოდ) ვიპოვე! ვიპოვე!

გიო- - (ეცინება) რა, მაგრად გაგიტეხა?

ნია  -  რა გამიტეხა?

გიო  -  აბა ასე უხალისოდ რატომ ამბობ, ვიპოვეო, არა ჰგავს?

ნია  -  (ჩაფიქრდება) ტყუპისცალივით! ნაიარევიც კი ყბაზე...

გიო  -  ბატონო?

ნია  -  შენა ხარ, ის ორეული, ის, ვისი ნახვაც მინდოდა, შენ, შენ, შენ.

(წამოიმართება და სილებს აწნის გაოგნებულ გიოს) ჩემი, მხიარული, მშვიდი, ალერსიანი ბიჭის ნაცვლად შენ დამხვდი, აგრესიული ცინიკოსი, ნარკომანი, მკვდრისფერი მოჩვენება... შენ, შენ, დიდი ვაჟკაცი რომ გგონია თავი!

გიო  -  აღარ გამარტყა... მექანიკური რეაქცია მაქვს!

ნია  -  აჰა, მემუქრები კიდეც? მე ხომ შენი დანახვა მინდოდა და უკან დაბრუნება... შენ კი გამოშიგნული კასტრატი დამხვდი!

გიო  -  (მშვიდად) აი, თურმე რაში ყოფილა საქმე?! მოიბეზრე ზღაპრები და მთავარს მიადექი?.. მე გეომეტრიაში ვერ ვერკვევი, თორემ ეგ საქმე, კასტრატებს რაც შეეხება... (ხელს კრავს და ტახტზე მიაგდებს ნიას) ჯენტლმენობა არ დაგვიფასდა, ახლა სხვანაირად ვითამაშებთ!

ნია - (შეშინებული) არა, მე მხოლოდ სულიერ კასტრატობას ვგულისხმობდი... არ დამღუპო, ბავშვებია იქითა ოთახში! მაპატიე!

გიო  -  (პერანგს იხდის) რასაკვირველია, გაპატიებ!

ნია  -  ეს არაჯანსაღი იქნება, მე სხვა მიყვარდა, ის მხოლოდ გგავს!

გიო  -  გავარტყი იმ შენს მოგონილ პრინცს!

ნია  -  (გაოგნებული) მოგონილს?

(უეცრად ისკუპებს ტახტიდან და ჩანთის ჯიბიდან ნაგანს აძრობს, ცოტა ხანს მუხლებზე დაჩოქილი ათვალიერებს იარაღს, შემდეგ კი გიოს დაუმიზნებს. გიოს უეცრად ეცინება და შარვალს იკრავს)

გიო- - მართლა მაზალო იქნება შარვალჩახდილი მიპოვონ დაბრედილი! მაშ ის შენი პრინცი ვაჟკაცი იყო, დადებითი, მეოცნებე და ასე შემდეგ... მე დეგრადირებული, მშიშარა, ბეჩავი... როგორ იქცევიან კაცები თქვენთან, როცა მათ ღირსებას შეეხებიან, შე ფლიდო, ოღონდ გაითვალისწინე, რომ მაგ ნაგანს ტუგოი სპუსკი აქვს!

(ჩაიჩოქებს, კბილებით წვდება ლულაში ნაგანს და მკვეთრი მოძრაობით გამოგლეჯს დაბნეულ ნიას ხელიდან იარაღს).

ახლავე გაკოცებდი, ჩემო კახპუშკა, მაგრამ პირი ზეთითა მაქვს სავსე!

(მიდის ონკანთან, კბილის ჯაგრისს იღებს და კბილების გაფერვას შეუდგება)

ისე, არტილერია ბლომადაა კიდევ მაგ ჩანთაში!

(ზურგს შეაქცევს და კბილებს იფერავს)

ნია  -  (სევდით) შენ კიდევ უფრო ცუდი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე...

გიო  -  (პირსახოცით სახეს იმშრალებს და ნიას მოუტრიალდება) ახლა უყურე, იქითა ქართველო, როგორ უნდა იარაღთან თამაში!

(ტყვიებს ამოყრის საბუდრებიდან, შემდეგ ერთ ცალს ჩადებს, ბარაბანს დაატრიალებს, საფეთქელთან მიიტანს და გაისვრის) ასე თუ შეუძლია შენს ვაჟკაც პრინცს?

ნია  -  ეს მას არ დასჭირვებია საკუთარი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად! შენში კი ყოფილა რაღაც ბავშვური!

გიო  -  (გაკვირვებული სიცილით) ბავშვური?

(მეორე ტყვიას დებს იარაღში)

ნია  -  გიო, ის აღარ არის ცოცხალი, ნუ ეჯიბრები!

გიო  -  (მოეშვება) მე შენ მოგზავნილი მეგონე, შენ კი უბრალოდ გიჟი ხარ!

ნია  -  თქვენი შემყურე გაგიჟდება ადამიანი, აბა რა მოუვა?.. მე ბავშვებზე განვიცდი... ვცდილობ არ დავანახო თქვენი შექანებული ცხოვრება...

გიო  -  სელინჯერის ერთი მოთხრობის პერსონაჟს მაგონებ, ბავშვს რომ შეთხზავს თავისთვის და თვითონვე სჯერა!

ნია  -  მე გულს მიხეთქავს, რომ ბავშვები ამ საშინელ პაროდიას ხედავენ ცხოვრებაზე...

გიო  -  მაშ ჩვენ პაროდია ვართ?

ნია  -  ხართ, ოღონდ ისევ იარაღის ტუტური არ დაიწყო საფეთქელთან, მაინც არ გასროლინებ!

გიო  -  ყოველთვის იდიოტიზმად ვთვლიდი მაგ რულეტკას!

ნია  -  გადამაგდებინე ეგ ჩანთა!

გიო  -  არც იფიქრო მაგაზე!

ნია  -  მე შემიძლია ეგ ძალით გაგაკეთებინო, მაგრამ ყოველ ძალდატანებაზე წლები მაკლდება. მე შემიძლია შენს სულში ჩავიხედო, ოღონდ შენი ნებართვის შემდეგ.

გიო  -  არა.

ნია  -  ოდნავ, ოდნავ!

გიო  -  ოდნავ რაღას ნიშნავს?

ნია  -  სულ ზედაპირზე, ღრმად არ ჩავყვინთავ!

გიო  -  (ირონიით) კარგი, ჩაიხედე, ოღონდ ყვინთვისა და ლასტების გარეშე!

ნია  -  (პაუზის შემდეგ) რამდენი სინათლეა, კეთილი, ნაზი სუნთქვა და... ხელოვნური, ხელოვნური კუპრი... მაგრამ სითეთრე მეტია, მე ვცურავ ამ სითეთრეში, ამ მოვარდისფრო სითეთრეში... ეს კუპრი ხელოვნურია... ის გაირიყება და დარჩება... ღმერთო, რა იშვიათად მიგრძვნია ასეთი ნეტარება!

(უეცრად პროსტრაციიდან გამოდის და შეკივლებს) არა! არა!

გიო  -  (დაფეთებული) რა დაგემართა?

(წყალს შეასხამს სახეზე)

ნია  -  (ღრმად ამოისუნთქავს და წამოდგება) მე უნდა წავიდე!

გიო  -  სად?

ნია  -  (აფორიაქებული) სასწრაფოდ უნდა წავიდე!

გიო  -  (მშვიდად სვამს სკამზე) ბავშვები?

ნია  -  (სახეზე ხელს იფარებს და დაიკვნესებს) ჰო, ბავშვები!

გიო  -  (შემპარავად) დიდმთვარობა?

ნია  -  (კვნესის) დიდმთვარობა! დავიღუპე!

გიო  -  და ის შენი პარალელოპიპედი...

ნია  -  (უეცრად ისტერიული სიცილი აუტყდება) პარალელური!

გიო  -  (მასაც ეღიმება) რა იყო?

ნია  -  მე შენ დაგღუპე!

გიო  -  ეგ როგორ მოახერხე, კუკუშ?

ნია  -  (სახეზე მოკიდებს თითებს და თვალებში ჩახედავს) მე შენ დაგღუპე, მაგრამ ღმერთს ვფიცავარ, არა ვარ დამნაშავე!

გიო  -  რა, მაგრად მომეხაზა?

ნია  -  ძალიან!

გიო  -  მითხარი და შეგინდობ, ჯანდაბას ჩემი თავი!

ნია  -  შენ... შენ მე შეგიყვარდი!

გიო  -  (იცინის) მე შემიყვარდი?

ნია  -  ჰო, ჩემგან ყოველგვარი მცდელობის გარეშე!

გიო  -  სულ ეგ იყო, გული რომ გამიხეთქე? და ამას ეძახი პარაფსიქოლოგიურ აკუმულაციებს, ჩაყვინთვებს და ამოყვინთვებს?

ნია  -  (თავს ჩაქინდრავს) გიო, მე არ ვაჭარბებ!

გიო  -  (მაგიდასთან ჯდება და ჭიქას ავსებს) ნებისმიერი გლეხის გოგო მიხვდებოდა ამას!

ნია  -  (გაოგნებული) მაშ შენ იცოდი?

გიო  -  (ხუხავს არაყს) რა?

ნია  -  რომ...

გიო  -  რომ შემიყვარდი? კი, ვხვდებოდი რაღაცას!

ნია  -  მერე?

გიო  -  რა მერე?

ნია  -  მე ხომ უნდა წავიდე!

გიო  -  (დაბეჯითებით) უნდა წახვიდე, აბა ამ საგიჟეთში ხომ არ დარჩები?!

ნია  -  (გაკვირვებით) და შენ...

გიო  -  შენ გაინტერესებს, მე რა მეშველება? შევიყვარებ ვინმე სხვას...

ნია  -  შენ ეს შეგიძლია?

გიო  -  შემიძლია რომელია, ამითი ვარ სახელგანთქმული! ერთ დღეს ერთი, მეორე დღეს მეორე! (დგება, ონკანთან მიდის და კვლავ კბილების გაფერვას იწყებს)

ნია  -  წასვლას მიადვილებ?

გიო  -  (გაქაფული პირით) არც ასეთი დიდსულოვანი ვარ, ჩემო ერთგულო! თანაც ნუ გავიწყდება, რომ მე ასლი ვარ, შორეული ფანტომი, შენი გულისთვის კი პლასტიკურ ოპერაციას ვერ გავიკეთებ!

ნია  -  (მხრებჩამოყრილი) არა.

გიო  -  რა არა?

ნია  -  შენ არც ასლი ხარ, არც... შენ შენა ხარ!

გიო  -  ფრთხილად, თორემ შენს ფიქრებშიც ჩავიხედავ... ეს დარჩენილი ორი ღინკილა წელიც რომ მომაკლდეს!

(და რადგან გიო ჯიუტად არ ტრიალდება მისკენ, ნია თვითონ მიდის მასთან. გიო წყლის დაგუბებას ვერ ასწრებს, როცა გოგონა პირსახოცს იღებს და სახეს უმშრალებს ბიჭს).

ნია  -  კბილებს მაშინ იფერავ, როცა ცრემლი გდის?

გიო  -  არა. მხოლოდ მაშინ, როცა ნაგანის ლულას ამომივლებენ გლანდებში!

ნია  -  (ჩაფიქრებული) მე კი ვერც წარმომედგინა, ტირილი თუ შეგეძლო!

გიო  -  ნუ იქნები ასეთი უშუალო და მეტი არაყი აღარ დალიო!

ნია  -  ბავშვებს დავხედავ!

(გადის ოთახიდან. გიო სწრაფად მიდის ტახტთან, გამზადებულ შპრიცს ამოიღებს და ჟგუტს გადაიჭერს ხელზე, მაგრამ მისდა გასაოცრად ვერაფრით მიაქვს ნემსი ვენამდე, დიდხანს წვალობს. შემდეგ გაოგნებული ბალიშის ქვეშ ინახავს მთელ მოწყობილობას და ჩაფიქრდება. საფერფლეში პაპიროსიდან თუთუნს გადმოყრის და სწრაფად შეაკეთებს კასიაკს, შემდეგ უგულოდ მიაგდებს იქვე, საფერფლეზე)

ნია  -  (შემოდის) ბავშვებს სძინავთ!

გიო  -  მარტო შენ ხედავ მათ?

ნია  -  ჰო, იცი რა კარგები არიან?

გიო  -  (ფრთხილად) შენ რა, მართლა გამიკეთე ბლოკი თუ რაღაც ჯანდაბა?

ნია  -  (უხალისოდ) ჰო.

გიო  -  (რბილად) სასწრაფოდ მომხსენი... შეიძლება ლომკაში მოვკვდე!

ნია  -  არაფერი მოგივა... ბავშვები თეას ეხმარებოდნენ, მე კი სისხლს გისუფთავებდით... აღარასოდეს მოგინდებათ!!!

გიო  -  ოპერაცია რომ დამჭირდეს?

ნია  -  ყველაფერს ექიმები ჩაგიტარებენ... ჯვარი გწერია!

გიო  -  ბაჩა?

ნია  -  ბაჩაზე კიდევ დამჭირდება რამდენიმე დღე... დავიცალე! ოღონდ სთხოვე, დამთანხმდეს, თორემ მართლა მაკლდება წლები... (უეცრად ეცინება) ჩემს წლებს შენ ნუ ჯავრობ. ჩვენ თქვენზე ორჯერ მეტს ვცოცხლობთ! (მოიღუშება) ოღონდ სიბერე არ მინდა.

გიო  -  იცი, ბაჩამ იქ, ომში ერთი ლექსი დაწერა, პირველი სტროფი მახსოვს მხოლოდ... გითხრა?

ნია  -  მითხარი.

გიო  -  მე არ მჯეროდა სიბერის,

მე არა მწამდა სიკვდილის,

სიკვდილმა ისე იბევრა,

სიბერეს ვინღა მისტირის.

ნია  -  და კახა?

გიო  -  კახაზე ხომ იცი, ნაწვიმარი იასამნის ბაღი და ის ბუჩქი... მკლავმოგლეჯილმა ბოლო პატრონამდე იომა... უცაბედად წააწყდნენ დილის ნისლში ერთმანეთს და წააყარეს კიდეც.

ნია  -  მერე?

გიო  -  (გაიღიმებს) მერე? რა გინდა, ისევ კბილები გავიფერო?

ნია  -  (ნიკაპზე შეახებს ფრთხილად თითებს) ეს ნაიარევი?

გიო  -  ბავშვობაში კონსერვის ქილაზე გავიჭერი! ცელქი ბავშვი ვიყავი ძალიან!

(ორივე იცინის. უეცრად კარის მძლავრი ბრახუნის ხმა და ხმამაღალი, უწმაწური სიტყვებით შეზავებული ხმაური აკრთობს გარინდებას).

ნია  -  ვაიმე, ბავშვები!

გიო  -  სწრაფად ოთახში!

(ხელს დაავლებს ავტომატს, სწრაფად გადატენის, ერთ იარაღს ზურგთან გაიჩრის და კარს აეფარება).

ბაჩას ხმა  -  ჰა, კონსპირატორო, გააღებ კარს თუ ორგანოს მუშაკებს მოვუხმო?

კოსტას ხმა -  გეყო რა, მთელ სახლს გაეღვიძა!

ბაჩა  -  (ეტყობა მთვრალია) აბა, გავბოზდე ამ სიბერეში და ჩემს სასიქადულო პოლისმენებს ვუხმო კარის შესანგრევად?

გიო  -  (ამოიოხრებს და კარს აღებს) სად წვიმდა?

ბაჩა  -  (კოსტას მხარს ჩამოკონწიალებული) ქორწილში, იუზგარ, ახუიტელნი ქორწილში! შენ ლიმონკაღა გაკლია კბილებში. ახლავე გიპოვი ერგედეს.

კოსტა  -  მაინცდამაინც ლალის საქორწინო მაყრიონს შევეფეთეთ!

ბაჩა  -  (ღრიალებს) ქორწილია, ქორწილი, გორკა, თქვე ბოზებო!

კოსტა  -  (ძალით დასვამს ტახტზე) შარო საიდან მოდიხარო. პირდაპირ შევეჩეხეთ, ეს ჯერ შოკში ჩავარდა...

გიო  -  ლალიმ დაინახა?

კოსტა - (სიმწრის ოფლს იწმენდს) დაინახა რომელია?.. ფერი დაკარგა, ამანაც რომ ქამრისკენ წაიღო ხელი...

გიო  -  რა, იარაღი ამოიღო?

კოსტა  -  არა, მოვასწარი და ვუთხარი, თავი არ გაიფარჩაკო-მეთქი. დამიჯერა, მოტრიალდა და წამოვიდა.

გიო  -  მერე?

კოსტა  -  რაღა მერე, გიჟივით დათვრა!

გიო  -  ხომ არ უჩხუბია?

კოსტა  -  არა, პირიქით, ყველას ეფერებოდა და უმტკიცებდა, რომ ერთადერთი გოთვერანი თვითონ ბრძანდება ამ განსპეტაკებულ საქართველოში!

ბაჩა  -  ასეა, ასე! მე თვითონ გავათავისუფლე, თვითონ გავუღე გალიის კარი! ისე არაა ჩემი მტერი, ისე არაა ჩემი მოსისხლე მტერი, მე თვითონ გამეღო ის კარი. (...) რანევსკაიას ხმით.

გიო  -  ბაჩა, ძამიკო, წამოწექი რა!

ბაჩა  -  წოლა საფლავშიც მეყოფა! (მღერის)

დართლოელების ქალასა,

ქვეშ დავუგებდი ჩალასა,

ნელი-ნელ მივაწვებოდი

არ დავატანდი ძალასა!

(კოსტა წელზე შეავლებს ხელს და იარაღს ამოაცლის, სწრაფად ამოყრის ტყვიებს ჯერიდან, შემდეგ ლულიდანაც ამოაგდებს)

გიო  -  გთხოვ, ბაჩა!

ბაჩა  -  ნუ გამინაზდებით, პა დე დე... გთხოვ... გემუდარები, ჩემო ბაჩუნი... ეი, შენ, კოსტა ხარ თუ გიო, იარაღი დამიბრუნეთ და ჟოშკაობას თავი დაანებეთ!

კოსტა  -  ა, ბატონო!

(უბრუნებს ცარიელ იარაღს. ბაჩა ქამარში გაიჩრის. ღიად დარჩენილ კარში ბატონი დევი შემოდის.)

დევი- - (ტაქტიანად) უდროო დროს ხომ არ...

ბაჩა  -  აჰ, ამაზე უკეთეს დროს ვერც ინატრებდა კაცი... კოსტა, სად არის ჩემი თეთრი თაგუნა? სად არის, ჩემი ბუტა??

გიო  -  ის ხომ აფხაზეთში დაკარგე!

ბაჩა  -  (გაჯიუტებული) როგორ, მთელი ომი მხარზე მესვა, მოვიშინაურე ეკზიუპერის მელიის პრინციპით... ჩემი ბუტა, ჩემი თეთრი თაგუნა... ის სადღაც აქ არის!

კოსტა  -  ბაჩა, გონს მოდი, წელიწადია ბუტა აღარ გინახავს!

ბაჩა  -  არა, აქ იყო და მე ვიცი, რაც მოხდა. იმ ნაბოზარი არტემას არანაკლებ ნაბოზარმა კატამ შეჭამა ჩემი ბუტა! კატები რომ თაგვებს ჭამენ, დღეს გაიგეთ, არა? ჰოდა, ახლა ჩამოვიღებ ხიდან მაგ კახპის ნაშობს, არტემას კატას!

(იარაღს გააძრობს და გვერდითა ფანჯარასთან ჩაცუცქდება, ცდილობს, სიბნელეში კატა გაარჩიოს).

დევი  -  (დინჯად) თუ ისტერიკა აქვს, ერთი კარგი სილაქი და უცებ დაწყნარდება!

გიო  -  (დაღლილად) ჩვენ ვერ ვხედავთ ამის აუცილებლობას!

კოსტა - და გთხოვთ, არც თქვენ მიიღოთ ეს საბედისწერო გადაწყვეტილება!

ბაჩა  -  (მონადირესავით ჩასაფრებული) სულ ამ ხეზეა, ოჰ, არტემ, შენ გაგაგორებ მაგ კატის ნაცვლად! (უეცრად წელში გაიმართება და ოფიციალური ტონით მიმართავს დევის) ბატონო დევი, უცაბედად ერთი ბიდონი ვალერიანი ხომ არა გაქვთ?

დევი  -  (გაკვირვებული) უცაბედად?

ბაჩა  -  (გაჯგიმული) მე მინდოდა მეთქვა, შემთხვევით, სადმე ხომ არ გიგდიათ, ერთი ბიდონი ვალერიანი... ჯანდაბას, ნახევარი ბიდონი?!

დევი  -  (დაბნეული) ერთი პატარა შუშა მაქვს, გნებავთ დალიოთ?

ბაჩა  -  (ჩაფიქრდება) ერთი შუშა არ მეყოფა!

დევი  -  (იფეთქებს) აბა ბიდონი ვალერიანი უნდა დალიოთ დასაწყნარებლად?

ბაჩა  -  (გაკვირვებული) მე უნდა დავლიო? (მხარზე ხელს ხვევს დევის) არა, ბატონო დევი... სახურავზე და ხეზე უნდა მოვასხა, რათა ზემოხსენებული და დედაკარგადნამყოფი კატები ერთ დიდ მუშტად შევკრა. ჯერ კარგი გადარბენა მოვუწყო ჟეშტის სახურავზე არტემას და შემდეგ, ხეზე რომ აცოცდებიან ხსენებული კატები, ერთიანად გავუდინო ჟუჟვა!

დევი  -  მე არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ ცოცხალ არსებას ესვრით!

ბაჩა  -  უნდა გატკინოთ გული, მაგრამ დედასაც ვუტირებ. დავხოცავ, დავმარხავ, შემდეგ მოვინანიებ და ცხოველთა დაცვის კომიტეტში შევალ, ან შევაბიჯებ. მოკლედ, როგორც არის!

დევი  -  კი მაგრამ რატომ, რას ერჩით კატებს?

ბაჩა  -  (აგრესიულად) რატომ! თქვენ გაინტერესებთ, რატომ?

დევი  -  (პოზაში დგება) დიახაც, რომ მაინტერესებს, რამ მიგაღებინათ ეს არაადამიანური გადაწყვეტილება!

ბაჩა  -  (გამომწვევად ჩაიცინებს) რატომ, არა? განა ეს თვითმიზანია?

კოსტა  -  დაავიწყდა!

დევი  -  დიახ, რატომ უნდა გაჟუჟოთ უწყინარი ცხოველები?

ბაჩა  -  დღეს მე ამ შეკითხვისთვის მზად არა ვარ!

კოსტა  -  ხომ გითხარი, დაავიწყდა ის თაგუნა-მეთქი!

დევი  -  (მაღლა აღაპყრობს თვალებს) უცნაურია, ღმერთმანი!

ბაჩა  -  სად არის ჩემი ბაიანი!

დევი  -  აკორდეონს ეძებს?

(გიო ბალიშის ძირიდან შპრიცს იღებს სწრაფად)

ბაჩა  -  მომეცი!

კოსტა  -  ბაჩა, მთვრალი ხარ, გაგაგორებს!

ბაჩა  -  (წყნარად) მომეცი, თორემ ფანჯრიდან გადავხტები!

გიო  -  (ბოღმით) აიღე! (ნახევარს გადაასხამს)

ბაჩა  -  (კმაყოფილი ართმევს შპრიცს) ნახევარი გადაგისხია, შე ცელქო!

კოსტა  -  ბაჩა, კახას გაფიცებ არ გაიკეთო!

ბაჩა  -  (შეშლილი სახით) ეს რა იკადრე, შე უნამუსო, კახას მაფიცებ? (ოთახში დააქცევს მთელ წამალს) დაიღვარე ეშმას სისხლო; თორემ ჩემს ძმაკაცებს მართლა ნარკომანი ვგონივარ.

დევი  -  აი, ეს კი კაცური საქციელია!

ბაჩა  -  (სწრაფად მოუტრიალდება) აჰ და ქალური რა შემატყვეთ, გამოტყდით, ბატონო დევი? იქნებ ნაზი მიხვრა-მოხვრა, ან შეფარული ჰომოსექსშუელ?..

დევი  -  (მაგიდასთან ჯდება, გიოს მიერ შეკეთებულ ანაშის პაპიროსს გაიჩრის პირში და ღრმა ნაფაზებით ეწევა) არა, ეს უკვე მეტისმეტია!

კოსტა  -  (ყნოსავს ჰაერს) ბიჭო, პლანის სუნია!

გიო  -  (მოტრიალდება და ტარიანით პირდამშვენებულ დევის რომ შეხედავს, სიცილი აუტყდება) ჩემი შეკეთებული გაუბოლებია!

ბაჩა  -  (ოთახში დაბორიალობს იარაღით ხელში და რაღაცას ეძებს) სად არის ჩემი მარადიული სიყვარული, სად? (მაგიდის ქვეშ ეძებს, შემდეგ ტახტის ქვეშ შეიხედავს) სად არის მარდიული სიყვარული?

კოსტა  -  არტემას კატამ შეჭამა!

ბაჩა  -  ოჰ, არტემ შენი...

გიო  -  (გაუგრძელებს) შავი კატა, არტემ-ჯან!

ბაჩა  -  (უეცრად დაყნოსავს და თვალს ძერასავით დაასობს ბატონ დევის) ვაჰ, თქვენც უქიშინებთ, დევი ბატონო?!

დევი  -  (მიკნავლებული ხმით) რას ნიშნავს ვუქიშინებ, რატომ მეფა... მეფამილიარებით... ისე მართლა რა გემო აქვს ამ ოხერს! რა არის ეს, სასაცილო პაპიროსი?

კოსტა- - გახლავთ!

დევი  -  მერე რატომ მაწევინებთ!

კოსტა  -  რა ვიცი, თქვენ თვითონ გაიჩარეთ პირში და...

დევი  -  (შეშფოთებით) ახლა რა მომივა?

ბაჩა  -  (ხელებს მაღლა აღაპყრობს) ახლა მოვა დიდი ბუა და...

დევი  -  ვაიმე!

გიო  -  (აწყნარებს) არც არაფერი, ბატონო დევი, უბრალოდ შეეცადეთ რაიმე სასიამოვნოზე იფიქროთ!

ბაჩა  -  და არ წარმოიდგინოთ, რომ ბულტერიერი ხართ და უნდა დაგვკბინოთ სუყველა!

დევი  -  (გათიშული. მოეკიდა ანაშა) ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა... მზიანი, ქვიშიანი ნაპირი და ამ გარინდებაში წამომართული, თვალუწვდენელი, ვეებერთელა ტალღა... რომელიც ჯერ მზეს ფარავდა, შემდეგ მთლად უკიდეგანო ზეცას და რაღაც გასაოცარი უსუსურობა მეუფლებოდა ამ მეფური სტიქიონის წინაშე... მოშავო, მოლურჯო მზის ჩამქრობი ტალღა... და ეს სიზმარი მდევნიდა.. მაგრამ ერთი კარგი თვისება ჰქონდა...

ბაჩა  -  სიზმარს?

დევი  -  აარა, ტალღას... თუმცა, ჰო, სიზმარს... ბოლო წამს ეს ტალღა, როგორც წესი, იყინებოდა... უფრო სწორედ, ქვავდებოდა და ოდნავ მორკალულ, თხელ მთას ემსგავსებოდა... მოშავო, მოლურჯო მთა, ზედ თეთრი გვირილებით მოპენტილი... და თვალს რომ ვახელდი, დედის ღიმილი დამნათოდა... შეჭმუხნულ შუბლზე სულს მიბერავდა... (სახეს ხელებში ჩარგავს)

გიო  -  (ჩუმად) რა დაემართა?

ბაჩა  -  დედა მოენატრა!

დევი  -  (თავს მაღლა სწევს) მშია!

კოსტა- - ბატონო?

დევი  -  საოცრად მშია!

კოსტა  -  (გიოს) აათოხლავა მოსაწევმა!

ბაჩა  -  ვიქეიფოთ ასე, ფული მიგვიცია,

გინდა იყოს ჩეკა, გინდა მილიცია...

(გიოს დიდი ნაჭერი პური და ყველი გამოაქვს და დევის აწვდის, ის ხარბად იწყებს ჭამას)

ბაჩა  -  (ჭიქას ჩამოასხამს) ქორწილია, ქორწილი... ლალი, შენს ბედნიერ მომავალს გაუმარჯოს შე.. არა, ვერ შეგაგინებ!

 (სვამს, დაიკვნესებს და ჭიქა ხელში შეატყდება)

დევი  -  (შეშფოთებით) ხელი გაეჭრა!

თეა  -  (ღია კარში შემოგორდება თავისი ეტლით) გაგიჟდით, ძლივს ვაკავებ მეზობლებს!

ბაჩა  -  (ახსენდება) ოჰ, არტემ შენი!

კოსტა- - (ბინტს აძლევს თეას) შეუხვიე ხელი ამ მაზოხისტს!

თეა  -  სასწაულები მითხრა ექიმმა... სასწაულები! (ხელს უხვევს ბაჩას) თუმცა, ყველას თქვენი პრობლემები გაქვთ, მე კი სულ ერთი და იგივეს გავიძახი!

ბაჩა  -  დე გაიხარა პატარა თეამ,

მოიბას თავის ირმის ფეხები...

ქეიფია, ქეიფი!

აბა საკოლმეურნეო დავცხოთ, მა რა ჩემი ფეხების შარაფისტები ვართ?! (მკლავებს გაშლის და წრეს დაუვლის)

კოსტა  -  (გიტარას მოიმარჯვებს)

ყანა ქალებს ვეღარ იტევს,

ვარდებივით მოფენილს,

სილამაზით თვალს მოგტაცებს

ეს პატარა სოფელი და...

რა კარგია ჩემი სოფელი!

ბაჩა  -  (აყვა სიმღერას)

მზეს ამოსვლას არ აცლიან,

მზეს ყანაში ხვდებიან

თვალჟუჟუნა გოგონები

ვაჟებს ეჯიბრებიან!

(დევი დგება და გიჟურ ტემპში მოცეკვავე ბაჩას დინჯად აყვება. კოსტა გიტარას გადმოაბრუნებს და დოლივით აბრაგუნებს)

ბაჩა  -  (უეცრად რეპულ რეჩიტატივზე გადადის)

კოლექტივო, მხარი მხარს, მხარი მხარს,

მხარი მხარს... მივყვეთ ტრაქტორების ჯარს

მხარი მხარს... მხარი მხარს... მხარი მხარს

(ცეკვავს რეპს, თან ზანგური, ოდნავ ორანგუტანგული ხელის მოქნევით აძლევს რიტმს. კოსტა მოულოდნელად ამ უცნაურ რეპს სტი ვუანდერის განგსტერზ პარადაიზს ჩაურთავს...)

დევი -უეცრად აპარატზე, სავარაუდო ფანჯარასთან ჩერდება, წამით ყბა ჩამოუვარდება და ჩურჩულით ამბობს) ეს რა მომაწევინეთ? ეს რა მომაწევინეთ?

კოსტა  -  (წყვეტს დოლის დაკვრას) რა მოხდა, დევი ბატონი!

დევი  -  შეხედეთ, შეხედეთ... ფრინავს... მფრინავი..

ბაჩა  -  (არხეინად) მფრინავი თეფშია? ორი ნაფაზიც და თქვენც იფრენთ, დევი ბატონო!

დევი  -  (ჩურჩულით) ნია ფრინავს... ნია ფრინავს და ტირის!

კოსტა  -  (ინტერესით) ბეიბისითერი ტირის?

დევი  -  (ქალის ხმით) მიშველეთ!

(ბაჩა, გიო და კოსტა ფანჯარას მიეჭრებიან)

კოსტა  -  ვაიმე?!

ბაჩა  -  (გაოგნებული) სახლის გარშემო ფრინავს და ტირის!

გიო  -  (ყბაჩამოვარდნილი) ნია... ნია ფრინავს!

დევი  -  მიშველეთ... მომაცილეთ ეს გალუცინოგენი!

ბაჩა  -  ლოთიანად... ერთდროულად დავიზმენდით?

გიო  -  (გათიშული) ნია დაფრინავს და ტირის!

ნიას ხმა  -  რატომ გაიკვირვეთ, ბატონებო... თეა, არც შენ შეგეშინდეს, ზოგი როცა ტირის, კბილებს იფერავს, მე როცა ცრემლი მდის, ფრენა მიყვარს... ნუ წუხხართ, არაფერი მომივა... გულს ვაყოლებ მხოლოდ... მოდი, ერთად ვიმღეროთ... (მღერის)

მაღლა ცაში ავფრინდები, გადმოვხედავ ქვეყანას, მაგრამ ვერსად ვერ შევხვდები ჩემი სამშობლოსთანას!

(დარეტიანებული ოთხეული ჩუმად აყვება - ორერო რერო, ორერო რერო ორერორერორანუნი...)

 .......................

(დევის ოთახი. მაგიდა, სკამები, ტახტი. მაგიდის ფეხს ორლულიანი, გადაჭრილი თოფი აქვს გამობმული თოკით ჩახმახზე)

დევი - (კარზე კაკუნი აფხიზლებს, დგება და კარს აღებს) მოდი, ბაჩა, მადლობელი ვარ, ჩემთვის რომ მოიცალე! (პირსახოცს დააგდებს თოფზე).

ბაჩა - (სავარძელზე ჯდება და გულგრილად შეავლებს თვალს პირსახოციდან გამოჩრილ ლულას) რა ლამაზად იფრინა გუშინ ბეიბისითერმა, არა?

დევი - დღესაც სიზმარი მგონია... და ის პარალელური სამყაროც, ვინ წარმოიდგენდა? (ამჩნევს, რომ ბაჩამ ჩათვლიმა) შენ რა, კაეფში ხარ?

ბაჩა  -  (ფხიზლდება) არა, მხოლოდ უძილარი! ეს აბრეზი საიდან?

დევი  -  სხვენზე ვიპოვე!

ბაჩა  -  (ინტერესით) თავის მოკვლას აპირებთ?

დევი  -  (გაოგნებული) რა მარტივად კითხულობ ამას?

ბაჩა  -  აბა, როგორ გაგირთულოთ? ეს ვისი ნახატია?

დევი  -  (კიდევ უფრო დაბნეული ამ მოულოდნელი გადასვლით) მოგწონს?

ბაჩა  -  დიახ!

დევი - (უხალისოდ) ერთმა ქალმა დაკიდა... ავტორი უცნობია! ისე, მართლა არის რაღაც სპონტანური...

ბაჩა  -  მოვწევ, თქვენი ნებართვით!

დევი  -  კი, ბატონო, აგერ საფერფლე...

(ბაჩა სიგარეტს უკიდებს და კვლავ ჩათვლემს)

გინდა გაჩუქო?

ბაჩა  -  (თვალს ახელს) საფერფლე?

დევი  -  არა, ნახატი!

ბაჩა  -  მემკვიდრეობაში მომიხსენიეთ!

დევი  -  (ცივად) რატომ მელაპარაკები ასე?

ბაჩა  -  იმიტომ, რომ ბევრს ვიცნობდი, ვისაც ძალიან უნდოდა სიცოცხლე, მაგრამ... (მკლავებს შლის).

(უეცრად წამოხტება და მუხლებში ჩავარდნილ სიგარეტს იღებს)

აუ, კინაღამ ამოვწვი სავარძელი!

დევი  -  ვალერიანის ბიდონი თუ იშოვე?

ბაჩა  -  (გაკვირვებით) რატომ უნდა მეშოვა?

დევი  -  კატების მოზიდვას აპირებდი, ჯერ სახურავზე უნდა მოგესხა და მერე ტირიფზე!

ბაჩა  -  (ინტერესით) ვალერიანით? რისთვის?

დევი  -  ერთად რომ შეგეკრიბა და დაგეხოცა კატები!

ბაჩა  -  ჰოო, მწიფედ ვყოფილვარ გუშინ... ისე, ჩაკაეფებული კატების ჟეშტის სახურავზე გადარბენა დაუვიწყარ ეფექტს მოახდენდა, მაგრამ დახოცვა?

დევი  -  არტემას კატამ ჩემი თაგუნა შეჭამაო!

ბაჩა  -  ჩემი თეთრი ბუტა... ის ხომ ტამიშთან დავკარგე, მთელი ომი ერთად გავიარეთ... ყველაფერი გასაგებია!

დევი  -  რა არის გასაგები?

ბაჩა  -  გავრეკე ეტყობა სიმთვრალეში! მდაა... (ისევ ჩაყვინთავს, უეცრად წამოხტება და სიგარეტისაგან გაბნეულ ნაპერწკლებს იქრობს შარვალზე)

ბაჩა  -  ისე არტემა და მისი კატა კია დასახრჩობი ვალერიანის ბიდონში!

დევი  -  რას ერჩი?

ბაჩა  -  ქვეყანა თავზე გვენთხეოდა და ეგ თავისი გაოფლილი ცოლით დუბაიდან დუბაიში...

დევი  -  (ერთობა ბაჩასთან საუბრით) კარგი, ეგ და მისი გაოფლილი ცოლი დუბაიში ვაჭრობდნენ, კატა რა შუაშია?

ბაჩა  -  კატაც თან დაჰყავდათ.

დევი  -  მერე რა?

ბაჩა  -  მერე ის, რომ კატაც თანამონაწილეა! (უეცრად ეცინება) რაღაც ვერ ავაწყეთ დიალოგი! ჯანდაბას არტემა თავისი კატით... თქვენ მითხარით, საუბარი მინდა შენთანო და აი, მეც მოვედი!

დევი  -  (უმწეოდ) იცი, მე მაინც ვერ ვხვდები, როდისა ხარ სერიოზული და როდის ღადაობ? მოდი, პატარა გამოკითხვას მოგიწყობ!

ბაჩა  -  რა გაინტერესებთ?

დევი  -  ამ ორი წლის წინ შენი ინტერვიუ წავიკითხე და ძალიან დავინტერესდი შენით... შენი მეგობრებით...

ბაჩა  -  რაღაც გინდოდათ გეკითხათ?

დევი  -  ვინ არის შენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

ბაჩა  -  ალუდა ქეთელაური!

დევი  -  არა, უცხოური კლასიკიდან!

ბაჩა  -  მერკუციო!

დევი  -  მერკუციო?

ბაჩა  -  დიახ. გიოს სტენდალის ფაბრიციო უყვარს, კოსტას...

დევი  -  არა, მე შენი მაინტერესებს?

ბაჩი  -  ყველაზე ყველაზე?

დევი  -  ჰო!

ბაჩა  -  დონ კიხოტი! ლექსიც კი დავწერე მერვე კლასში დონ კიხოტზე და, მორიგ პედსაბჭოზე რომ გამიყვანეს, ლიტერატურის მასწავლებელს დონ კიხოტი და დონ ჟუარი აერია. ჰოდა, გამლანძღეს ნაადრევი სექსუალურობის გამო. დონ ჟუანზე წერს ლექსებსო!

დევი  -  კარგი მასწავლებელი გყოლიათ ლიტერატურაში!

ბაჩა  -  ჰო, ჯიგარი იყო. პოეტებს პესიმისტებად და ოპტიმისტებად ჰყოფდა.

დევი  -  იცი, ისე არ მინდა წავიდე, რომ რაღაცებში არ გავერკვე! აი, თქვენი სამეგობრო... ზოგი დაგეღუპათ, ღმერთმა ნათელში ამყოფოთ... შენ და შენი ძმაკაცები... ოჯახიშვილები, რაინდები, ლამაზები, ნიჭიერები... ყველაფერი უხვად დაგაბერტყათ განგებამ... თქვენი პოეზიის საღამოები, გამოფენები, ზაფხულობით ტაძრების აღდგენაზე მუშაობა, სპორტი... ულამაზესი ქეიფები, წარმტაცი გოგონები თქვენს გარშემო... ცნობილი ძველი ბიჭების პატივისცემა. მშვენიერი ბოჰემა და თან უკვე სერიოზული განაცხადი საზოგადო მოღვაწეობაზე...

ბაჩა  -  (გულწრფელად გაკვირვებული) და ეს ყველაფერი ჩვენ? ახლა მართლა ჩავკაეფდი, განაგრძეთ რა!

დევი  -  სად გაქრა ეს? ჯერ იმ ბნედიანებმა გაჯობეს ენერგიით, ნატოს ჯარების დახმარებას რომ გვპირდებოდნენ, მერე ერთმანეთს დაუწყეთ სროლა, თან სამაჩაბლო, აფხაზეთი... პოლიტიკას განერიდეთ, პარტიებში არ შეხვედით... ამავე დროს სულ ცეცხლის წინა ხაზზე იყავით... და ფინალი... ნებსით თუ უნებლიეთ დეგრადირებული, ხელჩაქნეული, განარკომანებული, ნახევრად თუ მთლიანად კრიმინალური...

ბაჩა  -  ამოისუნთქეთ, ბატონო დევი, რა ქადაგად დავარდით?

დევი  -  არა, მე მერე ჩემსასაც გეტყვი...

ბაჩა  -  არა, ჯერ მე გეტყვით!

დევი  -  (გამომწვევად) რას?

ბაჩა  -  რას და ატრაკებთ და გიხარიათ!

დევი  -  (გაოგნებული) ბატონო?

ბაჩა  -  ატრაკებთ და გიხარიათ-მეთქი!

დევი  -  ეგ შენი ვირობა განზე დარჩეს... ვთქვათ, ვახურებ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს?

ბაჩა  -  ეგ გამოთქმაა ასეთი... ისე, თქვენი პროკურორობაღა აკლდა ახლგაზრდებს! თან ყველაფერი ნათქვამია, ცილისწამება... მართალი, ტყუილი ისე აიგლისა ერთმანეთში, რომ... თანაც ვერ ვიტან თაობის სახელით ლაპარაკს... (პაუზის შემდეგ) ისე, მართლა ასეთ დეგენერატებად გამოვიყურებით თქვენს თვალში?

დევი  -  რას ამბობ, არის ღირსეული, ჯანსაღი ნაწილი...

ბაჩა  -  ჰოდა, იმ ნაწილს მოუარეთ თავის მოკვლის ნაცვლად!

დევი  -  აკრძალულ ილეთებს ხმარობ... პირიქით-მეთქი, მე ვამაყობდი თქვენით, რაც ცხრა აპრილს თქვენ იმ ჯალათებს ეომეთ...

ბაჩა  -  ჰო, მაგრა გადაგვიარეს!

დევი  -  არც თქვენ დააკელით... გმირებად გთვლიდათ ყველა!

ბაჩა  -  აბა რა გმირობა... გოგონები დაგვიხოცეს თვალწინ, ჩვენი ქალები... თხელი, უმწეო ქალები!

დევი  -  კარგია თავმდაბლობა, მაგრამ რამდენიმე პირადად შენ გადაარჩინე... გაზეთშიც ეწერა მათი მადლობა!

ბაჩა  -  (ჩაიცინებს) ერთს გავახსენდი კიდეც. წერილი მომწერა წყევლა-კრულვით სავსე!

დევი  -  შენ მიერ გადარჩენილმა ქალმა?

ბაჩა  -  ჰო. ჩემს შვილს შენს მაგალითზე ვზრდიდი, ახლა კი გწყევლი, როგორც ნარკომანს და ხულიგანსო... თან დაამატა, არ გეგონოს ჩემი ძუძუები გლოცავდნენო.

დევი  -  გახსოვს ის ქალი?

ბაჩა  -  აბა საიდან? იმდენი მირტყეს ერთი თვე, ჭერში ვიღიმებოდი! (ჩათვლემს და ფხიზლდება) არა, მისი ძუძუები რაღა შუაში იყო?

დევი  -  ვისი?

ბაჩა  -  იმ ქალის, ეპისტოლარული ჟანრი აღადგინა!

დევი  -  უპასუხე?

ბაჩა  -  რა უნდა მეპასუხა? ქალბატონო, გავიგე, რომ მენსტრუაციული ციკლი დაგერღვათ, სირცხვილი თქვენს ეროვნულ თვითშეგნებას?

დევი  -  (ეღიმება) ეგ რაღა შუაშია?

ბაჩა  -  აბა ვისი რა საქმეა, მე თუ ავად გავხდი?!

დევი  -  არა გაქვს შენ მაგ ავადმყოფობის უფლება!

ბაჩა  -  აი, თქვენც ჩემს მაგივრად წყვეტთ... ისე, ხვალიდან ეგეც მორჩება!

დევი  -  როგორ?

ბაჩა  -  ნიამ რაღაც ბლოკი ჩაუდგა გიოს და ახლა მეც მემუქრება, ნემსს დასანახად ვერ აიტანო!

დევი  -  ბლოკი? სად?

ბაჩა  -  (გაღიზიანებით) ტვინში... ამ ჩვენს უტვინო ტვინში! გიო უკვე შერყეული დადის, როგორია ფხიზელი თვალით ამ ცხოვრების ცქერა?!

დევი  -  (ჩაფიქრდება) გოგონას, რომელსაც ფრენა შეუძლია, ალბათ...

ბაჩა  -  (აწყვეტინებს) კი, ეგეც შეუძლია ბეიბისითერს!

დევი  -  ისე, თუ ატყობ, ბავშვებიც აღარ გვიწყობენ ოინებს!

ბაჩა  -  ჰო, დიდმთვარობა ახლოვდება. ნიას იმედი აქვს, რომ უკან დაბრუნდებიან...

დევი  -  (სევდიანად) იმ ნანატრ საქართველოში?

ბაჩა  -  წარმოიდგენდი ოდესმე, რომ არსებობს სხვა, მშვენიერი პლანეტა...

ბაჩა  -  მე უფრო გასაკვირს ვერ წარმოვიდგენდი...

დევი  -  რას?

ბაჩა  -  რას და რაც ამ ბოლო წლებში მოხდა! მაგრად გავშაყირდით! თავი არ დაგვიზოგავს... ვისწავლეთ, ვიშრომეთ, ვიომეთ... დღეს კი უცხო სხეულებად ვართ მიჩნეული საკუთარ ქალაქში... და ეს საყვარელი ქალაქიც უცხო გახდა... რატომ ტეხავთ ყველაფერს ახლგაზრდებზე... ენის დაცვიდან მოყოლებული დავით გარეჯამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... იყო, მოდიოდა თაობა, თაობები, რომლებიც მზად იყვნენ ლამაზი, ლაღი, თავისუფალი ცხოვრებისათვის... დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, ჩვენი თავი ჩენვე უნდა გვეყუდნეს... მოვინდომეთ და ისეთი ჩაგვაფარეს თავში, რომ აქამდე დაელმებული დავდივართ! ფერი, ფერი ჩაწვა მიწაში ქართველი ბიჭების, პროფესიონალ მოტირლებად ვიქეცით და რისთვის? რისთვის? მესმის, რომ ამ გზას, რაც სხვა ერებმა საუკუნე მოანდომეს, ერთბაშად ვერ გავივლიდით, მაგრამ სად იყო თქვენი, უფროსი თაობის სიბრძნე და გამჭრიახობა, სისხლი რომ გვარწყევინეთ და ახლა, ნარკომანებს, მაროდიორებსა და მკვლელებს გვეძახით... ასეთებიც იყვნენ, მაგრამ რაღაც დიფერენცირება ხომ იყო საჭირო, ერთ ჯოჯოხეთის ქვაბში რომ გადაგვიძახეთ?! მე რომ დავიბადე, უკვე ბოლშევიკი მეჯდა ხიშტით აკვანთან...

დევი  -  რაიმე დიდ შეკითხვას თუ უსვამ საკუთარ თავს?

ბაჩა  -  (უხერხულად შეიშმუშნება) მაქვს ერთი შეკითხვა, რომელიც მაწვალებს.

დევი  -  რა შეკითხვა, შვილო?

ბაჩა  -  რატომ ითვლება ტიტველი თეთრკანიანი ქალი პორნოგრაფიად, ხოლო ასევე შიშველი შავკანიანი ქალი ეთნოგრაფიად?

დევი - (წყნარად) მორჩი მაიმუნობას! გია აბესაძემ თავი დაიწვა რუსთაველზე, ერთმანეთს არ ესროლოთო... ეს ეროვნული ენერგია, წვეთწვეთად ნაგროვები თქვენი წინაპრების მიერ, მთელი ქვეყანა რომ უნდა აებრდღვიალებინა, კანალიზაციის ლუკში გადაასხით...

ბაჩა  -  ისწავლეთ რა პირველ პირში ლაპარაკი... მაგალითად, გადავასხით... ჩავიკეტეთ და ასე შემდეგ!

დევი  -  პირველ პირში კი არა, პირველ რიგში ჩემს თავს ვამტყუნებ და მიტომაც გამოვუტანე განაჩენი!

ბაჩა  -  (რბილად) ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა...

დევი  -  (გამოცოცხლდება) რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება... 66-ე სონეტი! 68-ის პირველი სტრიქონი გახსოვს?

ბაჩა  -  არა!

დევი  -  შენ რატომ უნდა არსებობდე ამ ბინძურ დროში?!

ბაჩა  -  ეგ სამოცდამეშვიდეა!

(კვლავ ჩაყვინთავს)

დევი  -  (მოშლილი) გაიღვიძე, ბოლოს და ბოლოს!

ბაჩა  -  (შეკრთება) შეიძლება ასე გულის გახეთქვა, ბატონო დევი? (დაიხედავს) ისე, სულ ამოვწვი სავარძელი... არც ჩემს შარვალს დავაკელი! თქვენ რომ პასუხებს თხოულობთ, ყველაფერი ნათქვამია უკვე!

დევი  -  (მკაცრად) თუ ყველაფერი ნათქვამია, როგორღა წერთ მწერლები?

ბაჩა  -  სიტყვები უთვალავია, იოლია მათი კომბინირება, მე უფრო მუსიკოსების მიკვირს, სულ შვიდი ბგერა აქვთ და მაინც აჩალიჩებენ რაღაცას!

დევი  -  არ მოგწყინდა ღადაობა?

ბაჩა  -  არა!

დევი  -  აი, ჩემს ასაკს რომ მიაღწევ...

ბაჩა  -  (იფეთქებს) მერე და ვინ აპირებს ამ თქვენს ასაკამდე მიღწევას?!

დევი - (შეშფოთებული) შვილო, შენ მგონი ჩემზე უფრო ცუდად ხარ!

ბაჩა  -  ვინ არის დღეს კარგად? სქელკანიან ახვრებს არ ვგულისხმობ... და საერთოდ, ეს თვითმიზანი არ უნდა გახდეს, კარგად ყოფნა. ნარკომანია ეგ არის, სხვა კი არაფერი... მაგრამ მერწმუნეთ, ბატონო დევი, ის დროც მოვა, როცა კარგად ვიქნებით...

ჰო, მართლა, ტყვიები მოგიტანეთ!

დევი  -  (გაოგნებული) რა?

ბაჩა  -  ვაზნები მოგიტანეთ... თორმეტი კალიბრი?

დევი  -  რატომ?

ბაჩა  -  თქვენ არ მთხოვეთ?

დევი  -  (ტკივილით) შენ ხომ იცი, რისთვისაც მჭირდება?

ბაჩა  -  ხათრი ვერ გაგიტეხეთ... თქვენ ისე მყარად გადაწყვიტეთ თავის მოკვლა, რომ...

დევი  -  მომეცი ვაზნები!

ბაჩა  -  (უწვდის ორ ვაზნას) ინებეთ! ისე, როგორ გგონიათ, კასტანედასავით იტყვიან თქვენზე?

დევი  -  (ვაზნებს ათვალიერებს) რას?

ბაჩა  -  მას აღარ ჰქონდა დრო, ამ ლამაზ უდაბნოში სარბენად! აიხადეთ თავის ქალა, ბატონო დევი, ვინმეს შეიძლება შეეცოდოთ კიდეც!

დევი  -  (ყურადღებით აკვირდება) არა მჯერა...

ბაჩა  -  გამოგიტყდებით და თქვენს ხარჯზე გაფართოებასაც ვაპირებთ... ამ ოთახს შევიერთებთ!

(პაუზა)

დევი  -  მე არავის ვყვარებივარ... ძაღლიც არ მყოლია...

ბაჩა  -  კატა?

დევი  -  (კვლავ ყურადღებით აკვირდება) მე მეგონა კატების თემა ამოვწურეთ!

ბაჩა  -  ჰო, ბრიჯიდი მიხედავთ მაგათ!

დევი  -  (კვლავ ვაზნებს ათვალიერებს) ვინ ბრიჯიდი?

ბაჩა  -  (დაყვინთავს) ბარდო!

დევი  -  მაშ ვაზნები მომიტანე, ხომ?

ბაჩა  -  დიახ. გიმეორებთ, მე თქვენ მაღიზიანებთ, იმიტომ, რომ ბევრს ვიცნობდი, ვისაც სურდა სიცოცხლე, მაგრამ თავი გაწირეს რაღაც პრინციპების გამო... თქვენ კი ელემენტარული ნარცისი ხართ! ისე საკაეფოა თვითმკვლელობის ზღვარზე ცხოვრება!

დევი  -  (ვაზნებს ლულებში აწყობს) მაშ, შე ლაწირაკო, წაქცეულზე გეკაეფება პარადის გამართვა?!

ბაჩა  -  იქით გაწიეთ ლულა, თუ არ შეწუხდებით!

დევი  -  რომ არ გავწიო და შევწუხდე?!

ბაჩა  -  რა, მეგზური გჭირდებათ ჯოჯოხეთის გზაზე?

დევი  -  არა, მაგრამ ერთს მაინც გაგამწარებ!

ბაჩა  -  ეს როგორ?

დევი  -  გაყურებინებ... გაყურებინებ!

(სახესთან მიიტანს იარაღს და ორივე ჩახმახს გამოჰკრავს. ისმის ტკაცანის ხმა. იქვე ბაჩა სწრაფი მოძრაობით აფეთქებს ხლაპუშკას!!)

ბაჩა  -  ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!

დევი  -  (სროლის დროს უკან გადავარდა და ახლა სახეგამურული და გაშტერებული იატაკზე წამოჯდება) რა მოხდა? ეს რა გამიკეთე?

ბაჩა  -  მოდით, ისტერიკის გარეშე!.. ვაჟკაცი არა ხართ? ეს ხომ მაინც თქვენი პრინციპული ქმედება იყო! ხომ დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ შეგიძლიათ... ახლა დაივიწყეთ ეგ უაზრო აკვიატება და იცხოვრეთ! როგორც დარწმუნდით, არავითარი სიდიადე ამ აქტს არ ახლავს... არავითარი ზეიმურობა!

დევი  -  შენ იცი, ჩემო კრეტინო ფსიქოთერაპევტო, რომ მაშინ, ცხრა აპრილს... მოკლედ, ვიდექი ბეტეერებისა და ჯარის წინაშე და ვფიქრობდი, აი, ჩემი ვარსკვლავის საათი, აი ჩემი ტულონი, არკოლეს ხიდი! მთელი ცხოვრება ამ წამისათვის ვემზადებოდი! და გავიქეცი!

ბაჩა  -  ბატონო?

დევი  -  გავიქეცი!

(ტირილი უტყდება)

ბაჩა  -  (მის გვერდზე ჩამოჯდება და დევის თავს მხარზე მიიდებს) ეგ არაფერი... მეც გავიქცეოდი, მაგრამ ვერ მოვასწარი!

დევი  -  (ტირის) ტყუი... შენ და შენმა მეგობრებმა თავი შეაკალით...

ბაჩა  -  არკოლეს ხიდი, დოდის ხიდი... თქვენ ბონაპარტისტიც ყოფილხართ! სწორედ ამისი მეშინოდა, თქვენი პათეტიურობის! სულ ველოდი, როდის დადგებოდით ხორავას პოზაში და ოტელოს მონოლოგს წაიკითხავდით!

დევი  -  (თავს წევს) რა მონოლოგს?

ბაჩა  -  აი, იმ ვენეციელზე, მახვილი ვთხარეო, რომ ამბობს! და მერე... რატომ გადაწყვიტეთ, რომ არავის უყვარხართ, ჩვენ გვიყვარხართ, გიოს, კოსტას, თეას... ნიას!

დევი  -  (ცდილობს გაიღიმოს) არტემას?

ბაჩა  -  აი, უკვე აღარ ვიცი... ან რატომ უნდა უყვარდეთ ახვარ არტემას ეს ინტელიგენტი ადამიანი? ეგ კასტური შეუსაბამობა იქნებოდა! ბოლოს და ბოლოს ნიას გაყევით იმ საოცნებო საქართველოში, ოღონდ ეგ ძირმაგარა ამოიგდეთ სულიდან!

დევი  -  მაშ ეს სადისტური ცირკი ჩემს გადასარჩენად მოაწყვე?!

ბაჩა  -  ცირკს ეძახით, ამხელა სიყვარული გამოგიცხადეთ?!

დევი  -  (პაუზის შემდეგ) გმადლობთ! შენ, ბაჩა, შენ გაქვს რამე დიდი ოცნება?

ბაჩა  -  (დაუფიქრებლად) მაქვს! მინდა ვიწვე თეთრ კუბოში და საქართველოს შხვართი გოგონები ცრემლით დანამულ უხმარ პრეზერვატივებს მაყრიდნენ!

ბაჩა  -  (მღერის) თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით... არა, სხვა სიმღერას გიმღერებთ. გიმღერებთ და გიცეკვებთ!

(დგება და ფეხების ბაკუნით მღერის)

ჟოჟომ ბატკანი იყიდა,

ხუჭუჭა, თეთრი, ბაკუნა...

ადექით და ჩემთან ერთად აბაკუნეთ ფეხები!

(აყენებს გაოგნებულ კაცს და მასთან ერთად ფეხების ბაკუნით მღერის)

ჟოჟომ ბატკანი იყიდა, ხუჭუჭა, თეთრი, ბაკუნა!

გაიგო ჟოჟოს სიმამრმა, კარებზე მიუკაკუნა:

ჟოჟო დაკალი ბატკანი! ან ხორცი მომე ან ტყავი...

(სინათლე ქრება)

 ....................

(ყველა, დევის გარდა, ბიჭების ოთახში შეკრებილა. თავის ეტლში ჩაფიქრებულ თეას გვერდზე კოსტა უზის და წყნარად უკრავს გიტარაზე. გიო კვლავ ჯოხსა თლის, კუთხეში შეყუჟული ბაჩა ცდილობს ცხვირსახოცით გადაჭერილ მკლავში ნემსი გაიკეთოს, მაგრამ უშედეგოდ. ნია ბოლთას ცემს, შემდეგ გიოსთან მიდის და მხარზე ადებს ხელს)

ნია - გიო, უთხარი ბაჩას, რომ ვერასოდეს გაიკეთებს, ნუ ჯიუტობს, თანაც ბავშვებმა გაიღვიძეს, ოთახში შემომყავს!

გიო  -  (ბაჩასთან მიდის) რას ჩალიჩობ, სურვილიც ხომ გაგიქრა!

ბაჩა  -  (საწყლად) ვამოწმებდი, მართლა ასეა თუ არა! ლომკაც გამიქრა, მაგრამ როგორია იდიოტური სიფხიზლე?

გიო  -  როცა მივეჩვევით, აღარ იქნება იდიოტური!

ბაჩა  -  შენს პირს შაქარი... ჩავაგდებ აბა ნაგვის ყუთში!

(მოწყენილი გადის)

ნია  -  ბავშვებო, შემოდით! (კარს აღებს)

კოსტა  -  (თეას) ხომ გავაკეთეთ გუშინ ათი ნაბიჯი, დღეს რა დაგემართა?

თეა  -  (თმაზე უსვამს ხელს) მეშინია! უსირცხვილოდ ბედნიერი ვარ! გიო!

(იღებს უკვე ნაცნობ კონვერტს და გიოს აწვდის) აიღეთ თქვენი დოლარები, დიდი მადლობა, მაგრამ აღ-არ მჭირდება!

გიო  -  დაიტოვე! ეს ჩვენი მზითევია, დაიკო!

(პირდაღებულ თეას ხელი უშეშდება, კოსტა კვლავ გიტარას ააჟღერებს)

ბაჩა  -  (შემოდის, სკამზე დაჯდომას აპირებს, მაგრამ უხილავი ბავშვები სკამს გამოაცლიან და ბიჭი იატაკზე ეპერტყება)

ოჰ, გხედავდეთ მაინც, ან ყური მომცა ხელში რომელიმესი... ნია, ბევრი დარჩა დიდმთვარობამდე, ეს ბანდიტები რომ გავისტუმროთ!

ნია  -  (მკაცრად) თუ ასე იცელქებთ, იცოდეთ... იცოდეთ...

ბაჩა  -  კარგი, დაანებე თავი... ნერვიულობენ ლაწოები!

ნია  -  (საათზე დაიხედავს) ნახევარ სათში... უნდა მოვემზადოთ... დევიც ხომ მოვა?

ბაჩა  -  მოვა, მოვა, ნუ ღელავ!

ნია  -  ყველას ენერგიაა საჭირო!

გიო  -  ჩვენ რა უნდა ვქნათ?

ნია  -  ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ბავშვები შუაში მოვაქციოთ...

ბაჩა  -  ზილინას პონტია!

ნია  -  მერე მთელი სულიერი ენერგია ამ სივრცეში უნდა წარვმართოთ... და ბოლოს გაჩნდება თეთრი კაშკაშა სვეტი... ეს სინათლის სვეტი წაიყვანს ბავშვებს!

გიო  -  შენ?

ნია  -  (ყურადღებით შეხედავს) მერე მე ჩავდგები წრეში!

გიო  -  გასაგებია!

თეა  -  ბავშვებო, როგორ მინდა მოგეფეროთ, მაგრამ ვერ გხედავთ!

ბაჩა  -  მე კი როგორ მინდა გაგტყიპოთ, თქვენი შიშით სკამზე რომ ვეღარ ვჯდები. (უეცრად იცინის) უჰ, თქვე ლაწოებო!

ნია  -  (შეშფოთებით) ჩაიდინეს რამე?

ბაჩა  -  (ჩაიცინებს) ორივე ლოყაზე მაკოცეს!

(ტელეფონის ზარი. კოსტა ყურმილს იღებს)

ლალის ხმა  -  კოსტა ხარ!

კოსტა  -  გახლავართ?

ლალი  -  როგორ გიკითხო?

კოსტა  -  რატომ უნდა მიკითხო, რო?

ლალი  -  გასაგებია! ბაჩას სთხოვე!

ბაჩა  -  (ყურმილს იღებს) გისმენთ!

ლალი  -  გამარჯობა!

ბაჩა  -  გაგიმარჯოს!

ლალი  -  მადლობა მინდოდა მეთქვა...

ბაჩა  -  ბატონო?

ლალი  -  იმ დღეს... შენი ჯენტლმენობისთვის! მე ვიფიქრე, დაგვიშვა პარაბელუმი-მეთქი!

ბაჩა  -  მაგას დამსახურება უნდა!

ლალი  -  სროლის ღირსიც არა ვარ?

ბაჩა  -  (რბილად) რა გინდა, ლალი?

ლალი  -  რაღაც პრაქტიკული საკითხებია... ბინაზე... ნივთებზე...

ბაჩა  -  დაიტოვე ეგ ბინაც და ნივთებიც!

ლალი  -  არა, ბინა არ მინდა, მაქვს! უბრალოდ, მოვალედ ჩავთვალე თავი..

ბაჩა  -  არავითარი ვალი არა გაქვს. რაც შენთვის ძვირფასია, წაიღე. გასაღები ხომ არ დაგიკარგავს?

ლალი - არა! მაგრამ... რა ფხიზელი ხმა გაქვს?

ბაჩა  -  ლალი, მაპატიე, ვჩქარობ!

ლალი  -  არც მეკითხები, როგორა ვარ?

ბაჩა  -  როგორა ხარ?

ლალი  -  კარგად, მაგრამ ცოტა დაბნეული... ჰო მართლა, განქორწინების ქაღალდი არ გვჭირდება?

ბაჩა  -  არა, ჩვენ ხომ ჯვარი გვაქვს დაწერილი, ზაგსი არ ყოფილა.

ლალი  -  ჰო, თუმცა... შენ რას აკეთებ?

ნია  -  (ნაზი ხმით ჩაულაპარაკებს ბაჩას ყურმილში) ვის ელაპარაკები ამდენ ხანს? მომენატრე უკვე!

ლალი  -  (ცივად) შენ დროს არ კარგავ თურმე, მე კი ვღელავდი, როგორ არის-მეთქი!

ბაჩა  -  (ეცინება) დაქალი ღადაობს!

ლალი  -  (აგრძელებს იმავე ინტონაციით) ფან-ფან-ტიულპანიზმს არ კარგავ!

ბაჩა  -  (უეცრად ეცინება) აქეთ მებუტები?

ლალი  -  არა, კი არ გებუტები...

(კოსტა ყურმილს უკიდებს ბაჩას)

ბაჩა  -  (რისხვით) რას შვრები?

კოსტა  -  ახლა მაინც მიხვდი, რომ კატაა?

გიო  -  არ შეგეშალოს არტემას კატაში!

(კვლავ ტელეფონის ზარი. ბაჩა ყურმილს იღებს. ყველა მას შესცქერის)

ლალი  -  ერთი შეკითხვა მაქვს და თავს დაგანებებ!

ბაჩა  -  ბრძანე!

ლალი  -  შენ დამიკიდე ყურმილი თუ...

ბაჩა  -  მე დაგიკიდე!

ლალი  -  აბა, მშვიდობით გევლოს!

ბაჩა  -  კარგად იყავი!

(კიდებს ყურმილს)

კოსტა  -  გილოცავ სვაბოდაზე გამოსვლას, ძმაო!

(უეცრად რაღაც ძალა შემოანგრევს კარს და ოთახში იარაღმომარჯვებული გელა და მისი უსიტყვო მეგობარი შემოვარდებიან. გელას ცალ ხელში იარაღი უჭირავს, მეორეში კი მოკაუჭებული რკინა, გელას რომ ეძახიან ძველი ბიჭები)

გელა  -  (იარაღს ათამაშებს ხელში) გაუმარჯოს კამპანიას!

(დაბალი და უსიტყვო ავტომატს გადატენის)

გიო  -  (დანას გახსნის) გელა გელათი აღებს კარებს!

გელა  -  წამალი მაგიდაზე და მერე ვიფიქრებ, სად გესროლო!

(უეცრად კარებში ორლულიანი თოფით შეიარაღებული ბატონი დევი აისვეტება)

დევი  -  დაყარეთ იარაღი, თორემ დაგაცივებთ ორივეს!

გელა  -  (თავს მიატრიალებს მისკენ) აორთქლდი, ბაბუ!

დევი  -  (უმწეოდ) გაგაბაბუებ მე შენ!

ბაჩა  -  გერასიმემ გვითხრას ორი სიტყვა და წამალი შენია!

ნია  -  აჰ, ბავშვებს ვერ ვაყურებინებ ამას!

(ორივე ხელს გაიშვერს და ადგილზე აშეშებს გელას და მის უტყვ მეგობარს)

გელა  -  (გაოგნებული) რა მოხდა?

კოსტა  -  (მიდის მათთან და იარაღებს ჩამოართმევს) რა და გაგაშეშეს, კუკუშ!

გელა  -  ჰიპნოზია?

(კოსტა მხრებს იჩეჩავს)

სთხოვე, ამიხსნას რა?

ნია  -  ახლა მე მიყურეთ! (გადის და შეფუთულ წამლის ბურთს იქვე მდგომ ვარცლში აგდებს, შემდეგ ბოთლიდან რაღაც სითხეს ასხამს წამალს)

გელა  -  (დაიქსუტუნებს) რა დაასხა? ნავთია?

კოსტა  -  ჰო, ნავთია!

გელა  -  წამალს დაასხა?

(ნია ასანთს გაკრავს და ცეცხლს უკიდებს ნავთიან ოპიუმს)

რას შვრება, ძმებო, გააჩერეთ, წამალს წვავს!

ბაჩა  -  ლამაზდ კი იწვის ოხერი!

ნია  -  (ხელს აუქნევს გაშეშებულებს და ათავისუფლებს მათ) ახლა კი წადით!

(გელა და მისი მეგობარი გონს მოდიან, ჯერ ვარცლს ჩააჩერდებიან, შემდეგ ოთახში მყოფებს)

დაბალი და უტყვი - (მოულოდნელად) შეიძლება ეს ვედრო წავიღო... იქნებ დარჩა რამე წამლიდან!

ბაჩა  -  (მხიარულად) რახან შენ დაილაპარაკე, ძმაო, ალალი იყოს ეგ ნავთიანი ოპიუმი!

გელა  -  იარაღი?

კოსტა  -  აქ დარჩება!

(გელა და გერასიმე კარში გაიძურწებიან)

თეა  -  (სიცილით) სხვათა შორის, არტემამ გიჩივლათ პოლიციაში, წამალს ხარშავენ და მერე სახლის გარშემო დაფრინავენო! ეტყობა, ნიას ფრენა დაინახა.

კოსტა  -  პოლისმენებმა რაო?

თეა  -  შენ ვის აშაყირებ, ახლავე აქ იფრენო და იმდენი ურტყეს არტემას, მართლა ძირს არ დაუშვიათ. მოწეული ეგონათ. დადის ახლა დაბოღმილი და საკუთარ თავს ელაპარაკება.

ნია  -  თეა, მე რომ წავალ, ეს იარაღი და შპრიცები და მთელი ოხრობა მტკვარში გადაყარე. შენ უკვე შეგიძლია სიარული.

გიო  -  მტკვარს კიდევ დანაგვიანება უნდა!

ნია  -  სევდიანო ეკოლოგო, იარაღის ჩამბარებლები თქვენ არა ხართ და რა ვქნათ? ღმერთო ჩემო, დიდმთვარობაა, სწრაფად. ბატონო დევი, თქვენც მობრძანდით! ბავშვებო, შუაში ჩადექით. სანამ სინათლის სვეტი არ გამოჩნდება, არ გაინძრეთ!

(ყველა ერთმანეთს ჩაკიდებს ხელს და წრეს აკეთებენ. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ არაფერი იცვლება)

ნია  -  სულ წამართვა ძალა იმ ორმა შეიარაღებულმა იდიოტმა! დამეხმარეთ! (კვლავ დაძაბული სიჩუმე, სინათლის სვეტი არა ჩანს).

ნია (სასოწარკვეთით) - არაფერი ხდება. გრამი ენერგია არ მოდის თქვენგან, რამ დაგაბეჩავათ, რამ დაგიხუფათ სულები?! რა ვქნა, რით შეგაჯანჯღაროთ?! დევი ბატონო, გაიხსენეთ ის შორეული ღამე და მერცხლის ბუდიდან გადმოცვენილი ბარტყები. იმ ბარტყებივით არიან ახლა ეს პატარები, მათ მშობლები ელოდებიან! ეს არის თქვენი ვარსკვლავის საათი, თქვენი არკოლეს ხიდი! მოიკრიფეთ ძალა! თეა, ამ ბავშვების ნაზმა ენერგიამ დაგაყენა ფეხზე და სიყვარულის უფლება მოგცა...

თქვენ, თქვენ რა გითხრათ, ბიჭებო?! კი, ბევრი გაიღეთ და ცოტა მიიღეთ! ბევრი დაკარგეთ და ცოტა იპოვეთ, მაგრამ ნურავის დაამადლით ამას. საკუთარ ერს არ ებუტებიან! მსხვერპლი, თქვენმა დაღუპულმა მეგობრებმა რომ გაიღეს, ბიჭმა თავი რომ დაიწვა, ამდენი ხეიბარი ახალგაზრდა, ნუთუ ეს მსხვერპლი თქვენ უაზროდ გაღებული გგონიათ? ლამაზი სულის არც ერთი მოძრაობა არ რჩება უპასუხოდ! პასუხმა შეიძლება დაიგვიანოს მხოლოდ! კი, დაგცინეს! ის სისხლიანი კალოც და თქვენი დაღუპული დები და შემდეგ სხვა სისხლიანი ველები და ცაში გაფრენილი თქვენი ვაჟკაცი ძმების სულებიც ბევრმა დაივიწყა, ანგარებით დაბრმავებულმა! მაგრამ დროებითია ეს ყველაფერი! გაიხსენეთ და იტირეთ, ნუ გრცხვენიათ თქვენი ცრემლით... კახა და ის აფხაზი ბიჭი, ნაწვიმარი იასამნის ბაღი და ის დანამული თეთრი ბუჩქი, წვიმითა და კახას სისხლით შეფეთქილი! ვერავინ შეურაცხყოფს იმ ამაღლებულს და ლამაზს, რაც თქვენმა სულმა და სხეულმა გაიღო და ვაი მას, ვინც ამას შეეცდება! პასუხი მოვა, მოვა სულ მალე!

მოიკრიბეთ ძალა, გამაშვებინეთ ეს ბავშვები მშობლებთან, იმ ნანატრ საქართველოში, რასაც თქვენ თვითონ მოესწრებით თქვენს გამწარებულ სამშობლოში!

(უეცრად იფეთქებს და მაღლა აიტყორცნება სინათლის სვეტი. ძალაგამოლეული ნია დაიჩოქებს)

(ხანმოკლე დუმილის შემდეგ მაღლიდან ბავშვების წკრიალა სიმღერა მოისმის)

ბავშვები - წვიმა მოდის, წვიმა მოდის,

წვიმა მოდის, წვიმა მოდის,

მთა და ბარი სველდება!

ჩემი კარგი დედიკო,

ჩემი კარგი მამიკო,

როდის დამიბრუნდება?!

ნია  -  (სუსტი ხმით) ბავშვები გემშვიდობებიან! ახლა მეც უნდა წავიდე, სინათლის სვეტი კიდევ ორი წუთი გაძლებს...

(ტუჩზე ხელს მიიდებს და კოცნას ხელის ლამაზი მოძრაობით მოავლებს ყველას. გიოზე ხელი უღონოდ ჩამოუვარდება, შემდეგ ფეხს შედგამს სინათლეში)

კოსტა  -  უშვებ, ბიჭო?

გიო  -  (სასოწარკვეთით) აბა, ამ საგიჟეთში დავტოვო?

თეა  -  იდიოტო, მას ხომ უყვარხარ, სად უშვებ?

(მოულოდნელად გადმოფრთხიალდება ეტლიდან, სინათლის სვეტში შევარდება და ხელს კრავს ნიას. ნია გიოს ეტაკება. ორივე იატაკზე ეცემა. გოგონა უცაბედად ზემოდან მოექცევა გიოს)

ბაჩა  -  ეს ეროტიკული პოზები ღამისთვის შეინახეთ, ყმაწვილებო! თქვენ, ბატონო დევი, არ წახვალთ? კიდევ არის დრო!

დევი  -  აბა რა მინდა მე იმ აწყობილ ქვეყანაში? იქნებ აქ წავადგე რამეს ან ვინმეს!

თეა  -  (კოსტას მკლავებში ატაცებული) აღარ ჩამსვა იმ წყეულ სავარძელში!

(კოსტა ფეხზე დააყენებს მას და გიტარას იღებს ხელში)

კოსტა  -  (მღერის)

მავანი და მავანი,

იტყვის არის თავანი,

ჩასაბარებელია, რკინის ცივი საგანი!

ჩასაბარებელია, ჩვენგან ამას ელიან,

მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?!

 (ბაჩა აყვება)

ჩასაბარებელია, ჩვენგან ამას ელიან,

მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი!

ბაჩა  -  (მღერის)

გაზაფხულის ქარია,

გულო დარდთან ნაფიცო!

რა კარგი სიზმარია,

დედა, არ გამაღვიძო!

გაზაფხულის ქარია, ქვეყანას უხარია,

რა კარგი სიზმარია, დედა არ გამაღვიძო!

(ერთმანეთს გადახვევენ ხელს და პირველ სტროფს იმეორებენ)

მერე რა რომ სველია, სველი იასამანი?!

ბაჩა  -  არტემ, შე ბოზო!

 

                                            დასასრული

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი!