თაბუკაშვილი ლაშა

ნატაძრალზე

 

 

დრამა ორ მოქმედებად

 

მოქმედი პირნი:

მარეხი

ნინო

თამარი

მიხა

დავითი

ლექსო

გიზო

ნათია

თომა

დემნა

ზურაბი

გიორგი

ხვიჩა

 

სურათი პირველი

 

შინდისფრად განათებული სცენის კუთხე. სიღრმეში კათედრა, ზედ გაშლილი ვეება ფოლიანტით. ბერის ტანისამოსში გამოწყობილი მემატიანე ფოლიანტს ფურცლავს. შემდეგ ფრთას იმარჯვებს ხელში, წერას იწყებს და თან კითხულობს საკუთარ დაწერილს.

 

მემატიანე - იდგა ტაძარი. ზედ ურჯულოს საზღვარზე, თვალუწვდენელი მთის წვერზე. და იყო ტაძარს შეფარებული ხალხი მხნე და ზნეკეთილი, ლაღი და გამრჯე, მრისხანე მტერთან და გულგაღეღილი მოყვრად მოსული სტუმრის წინაშე.

იდგა ტაძარი. გამოხდა ხანი და მტრისგან მოსვენებულმა ადამიანებმა თანდათან მიივიწყეს ტაძრისკენ მიმავალი გზა. ფართედ გალოკილ ბილიკს ბალახმა გადაურბინა და ერთ დროს ლამაზად აშოლტილი ერი გაზულუქდა, მოიმჩვარა და დამჭლევდა, ვითა ირემი მგელგაწყვეტილ ტყეში. და მიატოვა ხალხმა ტაძარი. აღარ თბებოდნენ ტაძრის კედლები სანთლის ალითა და ადამიანთა ამონასუნთქი მხურვალე ლოცვით და ვეღარ აღუდგა ობლად დარჩენილი ტაძარი ქარებს ხორშაკიანებს, იწყო ნელინელა დაშლა და აი, ერთხელ ღვინით გარუმბებული გლეხი, საქონელს რომ გაჰკიდებოდა მთაში, უცაბედად ტაძრის გალავანში შეხეტიალდა, გამსუნაგებულმა მზერამ წამსვე აღმოაჩინა მოყანყალებული ქვა და მალე ამდაგვარი ქვებით განმტკიცდა გლეხკაცის ოდა-სახლის ფუძე. და კვლავ გაილოკა ტაძრისკენ მიმავალი ბილიკი, მაგრამ ამჯერად არც ლოცვისთვის, არცა მტერთან საომრად დაიძრა ხალხი, არამედ ტაძრის თლილი ქვების ჩამოსაზიდად. შემდგომში ბარში აიშენეს პატარ-პატარა ციხე-სიმაგრეები, ხით გაწყობილი ქოხების ნაცვლად და გაისმოდა უპირატესად სიტყვა  ჩემია, ჩემთვის და ჩემთან. გაქრა ტაძარი, ვინაიდან განიყვეს სხეული მისი.

და გამოჩნდა მაშინ კაცი სახელად თედორე, კაცი მწიგნობარი და მორწმუნე დიდად და შეუდგა იგი ქადაგებასა და შეგონებას, რათა მოეშალა ხალხს ტაძრის ქვით ნაშენი გალავნები და სახლები, უკან, მთის წვერზე აეზიდა და გაემთელებინა ტაძრის განძარცული სხეული.

და გულს უშანთავდა მისი სიტყვები მათ, ვისაც აღარ ძალუძდა თავის გახრიოკებულ სულში ფათური. ჯერ დასცინოდნენ, შემდეგ გაბეზრებულად დაუწყეს ბღვერა, ბოლოს კი ვიღაცამ მოკლა მათი სულის ამაფორიაქებელი, მოუსვენარი მოქადაგე. და მაშინ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, სინანულით აევსო გული ხალხს, მხურვალედ იგლოვა თედორე და შეარქვა მას ბრძენი. მაგრამ მიუხედავად მისი სიბრძნის აღიარებისა, კაცმა არ ახლო საკუთარ სახლსა და გალავანს ხელი. ამასობაში მტრისთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი გამოლაყება ერთ დროს გონიერი და ღონიერი ერისა და შეუდგა ურჯულო მზადებას ახალი შემოსევისთვის. დაფეთებულმა ხალხმა ძლივძლივობით, დამარილებული სახსრების ჭრაჭაჭრუჭით იწყო კვლავ მთის წვერზე ტაძრის მშენებლობა, ვინაიდან კეტავდა იგი ვიწრო ხეობის ყელს და შეუვალი იყო მტრისთვის. მოიტანეს ქვა და შეუდგნენ პირველი კედლების აყვანას და დაინგრა იგი. თავიდან დაიწყეს და კვლავ ნგრევით დამთავრდა მათი უხალისო შრომა და აქ თვალი გაახილა ხალხმა, მზერა გაიორბა, გაიხსენა თედორეს შემოძახილი და მიხვდა მიზეზს ნგრევისა: მტრის მოსალოდნელი საფრთხით შეშფოთებულმა სოფელმა მოშალა საკუთარი ციხე-გალავნები და პირწმინდად აზიდა ძველი ტაძრის ყოველი ლოდი მთის წვერზე. კვლავ შეუდგნენ შენებას, ამჯერად მხოლოდ ძველი ტაძრის ქვით. მაგრამ რაღაცა აკლდა მათ გარჯას... ძნელი აღმოჩნდა სიტყვა ჩემიდან მცნება  ჩვენამდე მიღწევა, და აშენებს ახლა ერი ახალ ტაძარს ძველი ტაძრის ქვით.

(ბერი ფრთას სათუთად ჩადებს გადაშლილ ფოლიანტში და გადის. სიბნელე).

 სურათი მეორე

(წყაროსთან მოკლე მორზე მარეხი და ნინო ჩამომსხდარან).

მარეხი - შე კაი ქალო, თვრამეტი წლისა დაქვრივდი, ლექსო დიდი ბიჭია უკვე, როდემდე აპირებ მარტო ყოფნას?

ნინო - კაცს მე ვერ გავიჩენ, გათხოვების კი რა გითხრა?

მარეხი - რატომ? გვარიშვილობა დიდებული, ქალად ქალი ლამაზი, ხელის მთხოვნელი ულევი... ბევრი გაწუხებს?

ნინო - (ჩაიცინებს) მოვიდნენ ამასწინათ შუამავლები, მაგრამ ლექსო რომ გამოუვარდა ხანჯლით, სულ ლიწინ-ლიწინით გაასწრეს ღობეებზე!

მარეხი - ჰო, ეჭვიანი ვაჟიშვილი გყავს, შენც ბატონად დასვი ოჯახში! დროა მიხვდეს შენს ასეთ ყოფასაც!

ნინო - რა გითხრა, ჩემო მარეხ, ძალიან მახსოვს ჩემი გიორგი და სხვა კაცი ვერ იარსებებს ჩემთვის!

მარეხი - ლექსო ვნახე გუშინ, მზეჭაბუკს გავდა, სხვათა შორის კოჭლობა შევატყე, რა დაემართა?

ნინო - ცხენმა დაამტვრია, დავითს გაუხედნა ის სულელი კვიცი!

მარეხი - (ჩაცინებით) ისე მართლა უხედნივით რომ სცემს ფლოქვებს ნათიას ჭიშკრის წინ, შენ რავა უყურებ მაგ ამბავს?

ნინო - (ჩაფიქრებით) კარგი გოგოა, მარა ადრე არაა ჯერ?

მარეხი - ადრე-გვიან არ იციან მაგათ!

ნინო - ის ბოვში მეც მომწონს. ჯანმრთელი, მხიარული გოგოა!

მარეხი - საჯიშეთაც ივარგებს, ხო გინდა ლამაზი შვილიშვილები?

ნინო - (იცინის) შენ უკვე ქორწილიც გადაიხადე, მგონი, მე რაღას მეკითხები? ისე კი, ორი წუთის წინ ჩემს გათხოვებას აპირებდი! რაღა დროსია, ბებიობით თუ მემუქრები?

მარეხი - ვინმეს მოგზავნილი არ გეგონო! არამკითხე მაჭანკალი ვარ მხოლოდ! ისე, რო იცოდე, მზითვიც რიგიანი მოყვება!

ნინო - მზითევს ვინ უყურებს, ოჯახის ქალად ივარგოს და...

მარეხი - რაც უფრო ღარიბია აზნაურიშვილი, მით უფრო ამპარტავანი ბრძანდება, ბატონო!

ნინო - (წყენით) ამპარტავნობის რა შემატყე?

მარეხი - თუნდაც ეს გაბუტვა! არ შეიძლება გაგეხუმრო? სუ, თამარი მოდის!

თამარი - კაი გამარჯობა თქვენი, ქალებო!

ნინო - გაგიმარჯოს, დეიდა თამარ!

მარეხი - ხომ მშვიდობით?..

თამარი - მშვიდობა ვინ თქვა ამ აწეწილ დროში?! ყველაფერი ილაპარაკეთ უკვე, თუ მოგრჩათ რამე მოხუცისთვის? ცოტა ხმამაღლა მელაპარაკეთ ოღონდ, თვარა ყურს დამაკლდა ძლიერ!

(ამის შემდეგ დიალოგი თითქმის ყვირილით მიმდინარეობს)

მარეხი - სალაპარაკოს რა გამოლევს? დაბრძანდი!

თამარი - (ჩამოჯდება) უუფ, დავიღალე! (პაუზის შემდეგ) თომა კალატოზი დავინახე, სულ ბუბუნით მიბუნძულობდა დაღმართში!

ნინო - ჰო, არავინ გასულა სამუშაოდ, დილიდან ტაშ-ფანდური გამართეს კაცებმა!

თამარი - ჰო, ეტყობა მაგათ ეძებდა! ისე კი რა უსაშველო გვჭირს, ვაშენებთ, ინგრევა, ვაშენებთ ინგრევა... ა, ბატონო, დავუჯერეთ თომა გადარეულს და მოვშალეთ ჩვენი გალავნები, აშენდა? შენც არ მომიკვდე!

ნინო - თომა მაინც სწორი იყო, ბრძენი თედორეს ანდერძი რომ შეგვასრულებინა!

თამარი - კაი, შენი ჭირიმე, სხვების დახმარება რომ აკრძალა, წესია, მარტო ჩვენმა სოფელმა უნდა აშენოსო, ეგეც მართალია? რა ხნის აშენებული იქნებოდა, ყველა რომ დაგვხმარებოდა.

ნინო - (გაუბედავად) ბრძენის ანდერძი ზუსტად უნდა იყოს დაცული!

მარეხი - ჰო, ქეიფ-ქეიფში უმალ აშენდება ტაძარი!

თამარი - ქვეყანა ინგრეოდა და კიმოთე ცეკვას შვებოდაო... ასეა ჩვენი საქმე (შორიდან შეწყობილი სიმღერა და დოლის ბაგუნი მოისმის). ჯანდაბა და ზურბაბა მაგათ! მონახეს არა დრო? მტერი კარზეა მომდგარი!

ნინო - აბა საკუთარ ეზოში მუშაობდნენ! გული და ხალისი უნდა კარგად შენებას!

მარეხი - რავა, ტაძარი სხვისი ჰგონიათ თუ? სიმაგრე თუ არ მოესწრო, გვიტიროს ყველამ! საზღვარზე ჩვენა ვართ, სხვა კი არა!

ნინო - (ეცინება) კაია, აქედან რომ ვუბრაზდებით! პირდაპირ ბდღვირი ავადინეთ კაცებს!

(ქალები იცინიან)

თამარი - ისე, ამ პატარა სოფელს რომ მოგვჩერებია ყველა, ცოტა რომ წაგვეხმარონ, არაფერი დაუშავდება თედორეს ანდერძს!

ნინო - ყველას თავისი აქვს საშენები!

მარეხი - საზღვარი კი აქაა და ჩვენი სიმაგრეც ყველაზე მთავარი!

ნინო - მოკლედ, ჩვენი ასაგებია და მორჩა, უნდა შევეგუოთ ამას!

(ცეკვა-თამაშის ხმა ძლიერდება)

თამარი - ნეტა რა ულხინთ? კაი, გვეყოფა ამაზე, ისედაც მოშხამული მაქვს გული! აქობამდე რას ბაასობდით?

მარეხი - (ეშმაკური ღიმილით) შვილებზე, დეიდა თამარ, შვილებზე!

თამარი - (ყურზე წაივლებს ხელს) შვილებზეო? (პაუზის შემდეგ) ნინოს ვენაცვალე, ხო იცი, პირდაპირი ლაპარაკი მიყვარს!

ნინო - არც მე მეხერხება ქარაგმა, დეიდა თამარ!

თამარი - შენი ბიჭი რაღაც ძაან უტრიალებს ჩემს ეზო-კარს... იმ დღესაც ბლის ხეზე იყო გასული და სულ ჭინჭრით ავუსუსხე კანჭები!

ნინო - (უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი) რა გითხრა, დეიდა თამარ, ბალი არასოდეს ყვარებია და...

თამარი - (უნებლიედ ეღიმება) ბალზე გიჟდებაო, არ მითქვამს მე!

ნინო - რა ვიცი, გავაფრთხილებ!

თამარი - ჰო, მასე ქენი, გენაცვალე! (უხერხული პაუზა) სწორად გამიგე, შვილო, რამეს კი არ ვუკადრისობთ... ლექსოსნაირი ბარე ორი არ დადის ამ დუნიაზე, ოჯახიც სახელიანი გაქვს, სანიმუშო, მარა სულ ბოვშია ჯერ ჩემი ნათია!

ნინო - (ჩაილაპარაკებს) არც ლექსოა მათუსალას ხნის!

თამარი - მაგას არ ვამბობ მეც, მოვიცადოთ პატარა ხანს!

ნინო - (ეღიმება) მშვენიერი სმენა გაქვს დეიდა თამარ, ტყვილა დაგვაწყვიტე ყელის ძარღვები!

თამარი - კი, როცა ძალიან მაინტერესებს, ყველაფერი მესმის!

(სამივე იცინის)

მარეხი - მოვიცადოთო? ახლა მაგათ კითხეთ თუ ელოდინებათ?

(ხმამაღლა გადაიკისკისებს)

თამარი - ნუ იცი შენ უადგილო ღლაბუცი!

ნინო - (დგება, კაბას ისწორებს) აბა, უკაცრავად ვიქნები თქვენთან.

მარეხი - რატომ აჩქარდი?

ნინო - საქმეს რა გამოლევს, (თამარს) ლექსოს კი მაგრად დავტუქსავ, დეიდა თამარ!

თამარი - (შეწუხებული) ძალიან მკაცრად არ გამიგო, შვილო!

ნინო - აბა, მშვიდობით! (სურას აიტაცებს ხელში და მიდის)

თამარი - (მარეხს) იქნებ არ უნდა მეთქვა?

მარეხი - ნუ სწუხარ, არაფერი სწყენია!

თამარი - დიდი ყოჩაღი გოგოა! ქვრივმა, მარტოხელამ რა ბიჭი გაზარდა!

მარეხი - რა ვიცი, ჭინჭრისთვის კი გაიმეტე და...

თამარი - რა ვქნა აბა? კრუხივით დავქოთქოთებ ბოვშს და გული მისკდება, რომ წარმოვიდგენ სხვის ოჯახში! ბებია ვარ, რა ვქნა?

მარეხი - თვითონ ბაბუდას რომ გეძახის?

თამარი - სულერთი არაა? შე ქალო!

მარეხი - შენს ხელობას თუ ასწავლი?

თამარი - მაგი ხელობა კი არა, მეცნიერებაა! ძაან გონიერი გოგოა, უცებ აუღო ალღო!

მარეხი - კაი საქმეა დასტაქრობა! (დგება) აბა, მეც უნდა დაგემშვიდობო!

თამარი - რავა გამირბიხართ ყველა?

მარეხი - (სიცილით) შენ ოღონდ ნათიაზე გალაპარაკა და დილამდე არ გაუშვებ არავის!

თამარი - (ბუზღუნით) მოგაბეზრეთ ხომ თავი? მოიცა, შენკენ მაქვს გზა!

გამაცილე! (მარეხი წამოდგომაში ეხმარება) ა, შეხე რავა დამდუღრულივით მიფუთფუთობს თომა!

მარეხი - ეგ კი ჩაუმწარებს მაგათ ქეიფს!

თამარი - არ არიან ღირსნი თუ?

(მარეხის მკლავს დაეყრდნობა. ორივე გადის).

 

სურათი მესამე

დოლის ბაგუნით, სიმღერით, ცეკვა-თამაშით შემოდიან აქეიფებული კაცები.

 

მიხა - (მხარზე შემოდებულ ტიკჭორას მიწაზე დებს) ახლა ამ ადგილას დავანათლოთ, წყაროს პირას.

დავითი - დაგვხოცავს, ბიჭო, თომა!

მიხა - ნუ შემიკიკინეთ ამ თომათი, ფეხებსაც ვერ მომჭამს.

ლექსო - (მოიღუშება) მიხა, ნათლიაჩემზე ძვირი არ წამოგცდეს, თორემ ისე გაგლახავ, რომ კარგახანს ჭერში დაიწყებ ღიმილს.

მიხა - (წამოხტება) ამ ლაწირაკს შეხედეთ! (ლექსო ქულაჯის გახდას იწყებს. დავითი და ახალგაზრდა გლეხი შუაში ჩადგებიან)

დავითი - გრცხვენოდეთ, ქეიფის ჩხუბში გადაზრდა ვის გაუგია.

დემნა - (ჩაიხითხითებს) მაგის მეტი რა გამიგია.

მიხა - (იქაჩება) მაგას გვარიშვილობა ხომ არ ატყუებს.

ლექსო - (ჩაიცინებს) აკარი ახლა ამას ყბაში!

მიხა - ბოლო-ბოლო ხუთი წლითა ვარ უფროსი.

გიზო - ჰა, რა ვქნათ, დავიშალოთ? (დემნას) წამო, წავიღოთ ეს ჩვენი ტიკჭორა, მამი!

ახალგზარდა კაცი - ასე ჩავიმწაროთ ეს მშვენივრად დაწყებული დილა?

დავითი - შეგარცხვინოთ ღმერთმა!

ლექსო - (უეცრად გაიღიმებს და სიმღერას იწყებს):

ზეშთაგონებით მოვდივარ,

ასე ურჩი და აშარი,

ღმერთმა სიცოცხლე მაშოროს

შენი მტრის ნაფეშქაშარი!

(მიხა მეორეს ეტყვის მას, დანარჩენები ბანებს დააგუგუნებენ).

დავითი - (სასმისს შეავსებს) ეს ჩვენი წინაპრის ნათელი სულის მოხსენება იყოს, მის კუნთა მარჯვენას გაუმარჯოს, ურჯულოს შემმუსვრელ და დიდი ტაძრის აღმშენებელ მარჯვენას. მტრისთვის მიუდგომელ ციხესიმაგრედ რომ იქცა და მოყვრისთვის ცოდვების გამნბან სასუფევლად. ახლა, როცა მხოლოდ ნაფუძარი დარჩა ჩვენი ძველი დიდებისა, ისევ აიზვირთა მტერი ჩვენს შესამუსრად, მაგრამ უკან დაიხევს ყოველთვის ეშმა ჯვრის წინაშე. დე, ჩვენი წინაპრის ცაში მოფარფატე სული გაგვიძღვეს წინ აბღდვრიალებულ ჩირაღდნად, ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს დასაცავად და ახალი ტაძრის აღსამართავად.

ახალგაზრდა გლეხი - (მკლავს დაიკაპიწებს) უუჰ!

დავითი - (შემცბარი) რა იყო, შე კაცო!

ახალგაზრდა გლეხი - სულ ბუსუსები დამაყარა მკლავზე, აა, შეხედე (შიშველ მკლავს აჩვენებს დავითს. ერთმანეთს გადაეხვევიან).

დემნა - (ნიკაპში ხელს კიდებს მიხას) შენ რამ დაგამუნჯა, კაცო!

მიხა - (თავს წევს მაღლა) ვტირი!

ახალგაზრდა გლეხი  შენ გენაცვალე მაგ ცრემლიან თვალებში, შენა!

(შემოდის აქოშინებული თომა)

დავითი - (შემფრთხალი) თომას გაუმარჯოს, თომას!

გიზო - (თასში ღვინოს ჩამოასხამს და თომას უწვდის) დაგვლოცე, თომა ბიძია!

თომა - (თასს ჩამოართმევს) თქვენი დედები ვატირე მე!

დემნა - ასეთი დალოცვა კი არსად გამიგია!

თომა - ადამიანები ხართ თქვენ?

დავითი - რა დაგემართა, შე კაცო, ცოტა მოლხენას საქმე არასდროს გაუფუჭებია.

ახალგაზრდა გლეხი - სწორედ ტაძრის სადღეგრძელოს ვსვამდით ახლა. დაგვილიეთ ერთი თასი, ბატონო თომა.

თომა - (თასით ხელში) თქვენს სისხლს დავლევ მე!

დემნა - (შემკრთალი) რამ გაგამხეცა, შე კაცო!

თომა - გილხინთ არა, ლაღობთ ხომ? ტაძარი თავისით აშენდება?

გიზო - ერთი დღე რა მოხდა, თომა ბიძია.

თომა - გუშინ?! დავითს ვენახი ჰქონდა შესაწამლი, ამას მიწა გადასაბრუნებელი. ვანო ქორწილში გამოსკდა, ამ ვირმა ხელი იღრძო ჭიდაობაში, ტაძარს კი არა, საღორეს ვერ ააშენებთ თქვენ. ყოველდღე ასე ტყე-ტყე გეძებოთ?

მიხა - კარგი, რამ აგაფეთქა ამ დილაადრიანად, შე კაი კაცო!

თომა - რაო, თავი მოგაბეზრეთ, არა?!

მიხა - მობეზრების რა გითხრა, მონატრებით კი ნაღდად არ მომნატრებიხარ.

თომა - სულს ამოგიყვანთ ყელში, თავბედს გაწყევლინებთ, მერე თუნდაც თედორესავით გამისტუმრეთ!

მიხა - ეს კი ნამეტანი მოგივიდა, თედორეს არ შეადარა თავი, კაცო?

ლექსო - მე რა გაგაფრთხილე, მიხა?

თომა - (ლექსოს ხმაზე შეტრიალდება) შენც აქა ხარ, ლექსო?

ლექსო - მაპატიე, ნათლი!

თომა - სხვას რაღა უნდა ვუთხრა, შეგარცხვინა, შვილო, ღმერთმა! (ჯამს გვერდით მოისვრის და გადის)

ლექსო - ესეც ასე... ახლა კი მართლა წავიდეთ, სირცხვილია!

მიხა - კაი, თუ ძმა ხარ, იმ მთაზე რა ამაპროწიალებს ახლა?

(ტიკჭორას თავქვეშ ამოიდებს და თვალებს მილულავს)

ლექსო - შენი საქმის შენ იცი!

(გადის).

დავითი - სავალალოა ერთობ, სავალალო! აბა, ერთიც შევავსოთ და...

 

სურათი მეოთხე

სიბნელე. თივის ზვინზე თომას სძინავს. უეცრად დაიქუხებს, ელვა გაანათებს გარემოს და ამ მოცისფრო, სიზმრისეულ განათებაში, თივის ზვინზე წამომჯდარი თომა ყრუ ხმით იწყებს ლაპარაკს უხილავ თანამოსაუბრესთან.

 

თომა - რა არის ეს, ხილვა? თუ მესიზმრები?.. მე შენ გიცანი, არასოდეს მინახავს შენი სახე, მაგრამ გიცანი!.. ბრძენი თედორე! ხომ ბრძენი თედორე ხარ?.. რატომ გეღიმება? ეს შენი სიკვდილის შემდეგ შეგარქვა ხალხმა ბრძენი! (მიაყურადებს) დიახ, მეც ასეთად მიმაჩნიხარ!.. ვინ მოგკლა, იცი? ვინ? არა, ეგ არაა სულერთი!.. როგორ თუ ყველამ?.. ყველამ ერთად?.. რატომ?.. ჰო, მესმის, მეც შენსავით ვაღიზიანებ და სულს ვუფორიაქებ მათ! არ იფიქრო, შენ გედრები! მე შენს გაკვალულ ბილიკს მივყვები მხოლოდ! არც ის იფიქრო, საბოლოოდ გადავგვარდით, რომ ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს ვერა ვგრძნობთ, ვგრძნობთ და საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით! ნაკლი რაცა გვაქვს, დროდადრო იმასაც ვხედავთ, მაგრამ ეგაა და ეგ, ამის იქით ნაბიჯსაც ვერა ვდგამთ. უცხოსი არაფერი გვშურს, ერთმანეთის შურმა კი მოგვსპო და ამოგვაგდო! ერთი სახატე გვაქვს ყველას სალოცავი, ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ვერა და ვერ ვისწავლეთ ერთ ხმაში შეწყობილად ლოცვა! ვერ ვისწავლეთ სამშობლოს ერთად სიყვარული და ასე ცალ-ცალკე გვიყვარს ქვეყანა ჩვენი! თუმცა, ალბათ შენს დროსაც ასე იყოს?! მე ერთ კაცს არ მოვუკლავარ, ყველამ ერთად მომკლაო, რომ ბრძანე, ალბათ ამას გულისხმობდი, სამშობლოს ცალ-ცალკე სიყვარულმა ყველას ერთად რომ გაამეტებინა მოსაკლავად შენი თავი!

(პაუზა. თომა უხილავ მოსაუბრეს უსმენს).

დიახ, ორჯერ დავიწყეთ მშენებლობა და ორჯერვე ჩამოგვენგრა უკვე აყვანილი კედლები. მტრის შემოსევის შიშმა მიგვახვედრა მიზეზს და ახლა შენს ანდერძს ვასრულებთ! ხალხმა უკვე მოშალა საკუთარი ციხე-გალავნები და ძველი ტაძრის ლოდები ნატაძრალზე აზიდა. ახლა მართლა გაგვიჩნდა იმედი, რომ ბოლომდე მივიყვანთ ამ საღვთო საქმეს და მტერს შეუვალ ციხე-სიმაგრედ დახვდება ტაძარი.

(თომა კვლავ მიაყურადებს უხილავ თედორეს, სახეზე ნელ-ნელა გაკვირვება და შიში ეხატება).

ეგ რა თქვი, ბრძენო?!. თუ მომესმა?.. რას ამბობ, რას? რაღა ძალამ უნდა დაანგრიოს კვლავ, ახლა ხომ სულ ძველი ტაძრის ქვით ვაშენებთ!.. მაშ, რა გვეშველება, დაჩოქილი გევედრები, გვითხარი, რა გზას ვეწიოთ?!

(კვლავ მიაყურადებს ბრძენს და ახლა შიშნარევ გაკვირვებასთან ერთად, ძრწოლაც ეხატება სახეზე).

არა, არ მჯერა! არ მჯერა, რომ ეს შენა ხარ! ბრძენი თედორე და ასეთი სისასტიკე? თან მე მავალებ მაგ შემზარავი ბრძანების აღსრულებას? ეს შენ არა ხარ, შენ სხვა ხარ, სხვა, თედორეს ნიღაბით!.. ღმერთო მიშველე, ღვთით მოვლენილი ხილვაა თუ ეშმაკეული გამიჯდა ტანში?! (ჯვარს მოიგლეჯს კისრიდან და წინ აიფარებს). განვედ! განვედ! განვედ! (ნელ-ნელა ეხუჭება ფართოდგახელილი თვალები და უღონოდ ჩამოუვარდება მკლავი). მაშ, ჭეშმარიტად შენ ყოფილხარ, ბრძენო! როგორ ვიფიქრო, რომ შენი მოკვლის გამო იძიებ შურს შენს საყვარელ ერზე! მე, შენს ერთგულ მოწაფეს, რა უფლება მაქვს არ აღვასრულო შენი ბრძანება?! იყოს ნება შენი! გემორჩილები, მე უბედური! ვიქადაგებ და მოვიძიებ იმ ყმაწვილ კაცს, მაგრამ რაღა მე ამკიდე ასეთი მძიმე ჯვარი, რაღა მე?!

 

სურათი მეხუთე

ლექსო და ნათია თივის ზვინზე მოკალათებულან.

 

ნათია - სულ მინდოდა მეკითხა შენთვის, იმ დღეს უეცრად რომ ჩამობნელდა, რატომ შეკრთი?

ლექსო - განა შევკრთი?

ნათია - აბა, მომეჩვენა? ისე მომიჭირე ხელი, რომ მკლავი დამილურჯდა!

ლექსო - (დარცხვენით) იცი, ბაშვობიდან გამომყვა სიბნელის შიში. სულ პატარას მესიზმრა, თითქოს ალი მიტაცებდა და... ცხონებული ბებიაჩემიც ისეთ ძილისპირულებს მიყვებოდა ხოლმე, რომ გულგახეთქილი ვეღარც ვიძინებდი!

ნათია - ახლაც გეშინია?

ლექსო - დედაჩემს ღამით ჭრაქსაც არ ვაქრობინებ!

ნათია - ხვალვე მოვდებ მთელ ქვეყანას!

ლექსო - (გულნატკენი) აბა, შენ იცი!

ნათია - (მკლავზე შეახებს ხელს) არ გრცხვენია, მართლა დაიჯერე, რომ შენზე ვიჭორავებ?!

ლექსო - სულ დამცინი და...

ნათია - აბა, აბა, ნუ განაზდები! მაჩვენე ნატკენი ადგილი! (ქულაჯას ხდის ლექსოს და პერანგის სახელოს აუკაპიწებს) მაგრად გაქვს დაბეჟილი! ისე კი, ახია შენზე!

ლექსო - რატომ?

ნათია - როდის მოგისროლა ცხენმა, გახსოვს?

ლექსო - მაინც როდის?

ნათია - თავმომწონედ რომ გადმოხედე, რა ყოჩაღი ბიჭი ვარო, სწორედ მაშინ! როგორც კი გაიპრანჭები, განგება ყოველთვის დაგსჯის!

ლექსო - მაშ შენ სულ დაბეჟილს უნდა გეარა!

ნათია - ვითომ რატომ?

ლექსო - გაუთავებლად იპრანჭები და მიტომ!

ნათია - მე გოგო ვარ!

ლექსო - (მკლავზე დაიხედავს) რაღას ვიფიქრებდი. უკვე გახედნილი მყავდა!

ნათია - (ჩაფიქრებით უსინჯავს მკლავს) აქ დამელოდე (გარბის და ცოტახანში უკან ბრუნდება, ხელში ბალახის კონა აქვს).

ლექსო - ეგ რა არის?

ნათია - სამკურნალო ბალახია, აქვე დავკრიფე! ამას ნატკენზე დაგადებ და ორ დღეში მოგირჩება!

ლექსო - შენ რა, ბაბუდასგან ისწავლე?

ნათია - ჰო, ცოტა რამ გამეგება! (უხვევს მკლავს)

ლექსო - (მიამიტად) სიყვარულს ვერ კურნავ?

ნათია - არ იკურნება!

ლექსო - აბა, მე რა მეშველება?

ნათია - სიყვარულს მოპოვება უნდა! შენ ეგ ცხენის გახედნა ხომ არ გგონია?

ლექსო - გოგოები რა, არ იხედნებით რო? (ტკივილისაგან შეჰყვირებს) მკლავ?

ნათია - არ მიყვარს მუტრუკული ღლიცინი!

ლექსო - რა ვთქვი ასეთი? იმ დღეს აფრასიონის კვიცი რომ გავხედნე...

ნათია - აღარ მორჩები ამ გავხედნე-გამოვხედნეს?

ლექსო - ის კვიცი ძალიან გგავდა შენ! აღარ მატკინო!

ნათია - გატკენ!

ლექსო - რა გეწყინა?

ნათია - აი, შეგიხვევ და წავალ!

ლექსო - რა დავაშავე ასეთი?

ნათია - ცხენს რომ შემადარე!

ლექსო - (გულწრფელად) ცხენზე ლამაზს ვის შეგადარო?

ნათია - ჯერ ეს ერთი, არავისთან მჭირდება შედარება...

ლექსო - მეორე?

ნათია - მეორე ის, რომ შველია ყველაზე ლამაზი!

ლექსო - (გაცხარებით) აბა, რას ამბობ, ცხენზე ლამაზი ადამიანიც კი არ არსებობს!

ნათია - სულ არ არსებობს?

ლექსო - მხოლოდ ერთი!

ნათია - მაინც ვინ?

ლექსო - ეგ დიდი საიდუმლოა!

ნათია - მითხარი!

ლექსო - შენი თმის კულული მაჩუქე!

ნათია - ვაჭრუკანა ხარ?

ლექსო - ხანდახან!

ნათია - ჯერ მითხარი!

ლექსო - კარგი, გენდობი!

ნათია - მაშ ვინ არის ყველაზე ლამაზი?

ლექსო - ერთი გოგოა, მთის სოფელში ცხოვრობს!

ნათია - (გამშრალი) მართლა? სახელი რა ჰქვია?

ლექსო - ნანო, მგონი!

ნათია - სად ნახე?

ლექსო - კვირიკობაზე, ხევში! ახლა შენი თმის კულული მიბოძე!

ნათია - (ამთავრებს გადახვევას) სიტყვა სიტყვაა, მომეცი ხანჯალი!

ლექსო - მე თვითონ შეგჭრი!

ნათია - არა!

(ლექსო ხანჯალს უწვდის. გოგონა თმის კულულს მოიჭრის).

ლექსო - ფრთხილად, ახალი წამახული აქვს პირი!

ნათია - (თმის კულულს უწვდის ბიჭს. ლექსო მისგან გადაიხრება, მაგრამ ნათია უეცრად ხელს კრავს მას, თივაზე გადააქცევს და ხანჯლის წვერს ყელზე მიაბჯენს) ილოცე, უბედურო!

ლექსო - ასე არაფრისთვის მიმეტებ?

ნათია - ხანჯლის წვეტს ნუ უყურებ!

ლექსო - რატომ?

ნათია - თვალები გიელამდება!

ლექსო - სულ ერთია, მაინც მკლავ და...

ნათია - ილოცე სიკვდილის წინ!

ლექსო - რა გაეწყობა? უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, სულ ასეთი მშვენიერი და ლამაზი მიმყოფე ჩემი ნათია!

ნათია - (რბილად) მე შენი არა ვარ!

ლექსო - მაშ ვისი ხარ?

ნათია - დედასი და მამასი!

ლექსო - ეს ჯერჯერობით! (ლოცვას განაგრძობს) ნათიაზე ფიქრში ერთ უსასრულო ლექსს ვწერ! არ დამიმთავრო ეს ლექსი დიდხანს, დიდხანს...

ნათია - არც მერე გავხდები შენი!

ლექსო - მაშ წავსულვარ ნანოსთან მთაში და ესაა! რას შვრები, მართლა მკლავ?

ნათია - (ამოიოხრებს) მართლა!

ლექსო - შეწყალება როგორ დავიმსახურო?

ნათია - თვალები დახუჭე!

ლექსო - (თვალებს ხუჭავს) მაკოცებ?

ნათია - (უკვე მისკენ გადახრილი საკოცნელად კვლავ წელში გასწორდება) ო, რა ტლიკინა ხარ! ვერაფრით დაკაცდი!

ლექსო  მანახე ვინმე, კაცურ საქმეში რომ მაჯობოს! ტყვიას ტყვიაში ვაჯენ, ცხენოსანი უბადლო ვარ, ჭიდაობაში და მუშტში მომრევი არ მყავს, მშვილდისრით წკნელს ვხლიჩავ...

ნათია - რა გეშველება ასეთ ტრაბახას და ბაქიას?

ლექსო - არა, რა ვქნა, თვითონ თუ არ შევიქე თავი, შენგან ამას ვერ ვეღირსები!

ნათია - (დაფიქრდება) იცი რა?

ლექსო - რა?

ნათია - წადი იმ შენ ნანოსთან!

ლექსო - რატომ?

ნათია - წადი! წადი!

ლექსო - შენ?

ნათია - მეც წავალ!

ლექსო - სად?

ნათია - სახლში!

ლექსო - გინდა ორივე წავიდეთ?

ნათია - ნანოსთან?

ლექსო - დაანებე მაგას თავი, ხომ იცი, რომ არ არსებობს არანაირი ნანო!

ნათია - აბა, სად მეპატიჟები?

ლექსო - ჩემთან! დედაჩემი სუფრას გაგვიწყობს და მე ვეტყვი, რომ ამიერიდან ოჯახში სამნი ვიქნებით!

ნათია - ცოლად გამოგყვე?

ლექსო - ჰო!

ნათია - რატომ?

ლექსო - იმიტომ, რომ მიყვარხარ!

ნათია - მე აღარ მეკითხები?

ლექსო - შენ რა, არ გიყვარვარ?

ნათია - რა გაქვს რო საყვარელი?

ლექსო - აბა მე რა ვიცი?

ნათია - (ახლოს მიდის მასთან) იქნებ თვალები? (თვალებში კოცნის ბიჭს) სახლში კი მხოლოდ მაშინ წამოგყვები, როცა ცოტა დარბაისელი გახდები!

ლექსო - (სიცილით) დამიბერდები მაგის ლოდინში!

ნათია - სად შეინახავ ჩემს კულულს?

ლექსო - გულთან!

ნათია - ჰო, ეგ კარგი ადგილია!

(ეხვევიან ერთმანეთს. უეცრად ზარის მძლავრი რეკვის ხმა აკრთობს გარემოს)

ნათია - (ლექსოს მკლავებიდან ითავისუფლებს თავს) ზარი დარეკეს!

ლექსო - (მიაყურადებს) მეათედ შემოკრა ვიღაცამ, რაღაც მოხდა!

ნათია - (შეშფოთებული) გავიქცეთ!

(ლექსო ხელს სტაცებს ნათიას და ორივე სირბილით ტოვებენ იქაურობას).

 

სურათი მეექვსე

ვიღაც ძალუმად რეკავს ზარს. ნელ-ნელა ყველა მხრიდან შემოდის ხალხი

 

დავითი - რა მოხდა?

მიხა - აბა, რა გითხრა, მეც ეს წუთია მოვედი!

თამარი - (აქოშინებული) ვინ რეკავს ზარს?

დავითი - (ყვირის) ჰეი, რომელი ხარ მანდ?

თომა - (შემაღლებულ ადგილზე გამოდის) მე ვარ!

ნინო - რა მოხდა, თომა?

თომა - ზარი მე დავრეკე, ხალხო! მე მოგიხმეთ!

მიხა - ჰოდა, გვითხარი, რაზე დარეკე, რა მოხდა?

თომა - ხილვა მქონდა, ადამიანებო, ბრძენი თედორე გამომეცხადა!

(შემორბიან ნათია და ლექსო. თამარის დანახვაზე, ნათია ცალკე გადგება)

თამარი - რაო? რაო?

დავითი - ხილვა მქონდაო, თომამ!

თამარი - ეგ გავიგე, კაცო!

დავითი - (ხმამაღლა) ბრძენი თედორე გამომეცხადაო!

თამარი - რა გაყვირებს, ეგეც გავიგონე!

დავითი - აბა, მეტი არ უთქვამს არაფერი და...

თომა - გაიგეთ, ხალხო? ბრძენი თედორე გამომეცხადა ხილვაში!

მიხა - მერე, თომას ვენაცვალე, რამდენი ვინმე სიზმარს ნახავს, ყველამ მაგ ზარს თუ დოუწყო რაკარუკი, რაფრა წავა ჩვენი საქმე?

თომა - უცნაური რამ მითხრა ბრძენმა... ჩემი ვალია გამცნოთ ეს და დანარჩენი თქვენ იცით!

მარეხი - თქვი მერე, შე კაცო!

თომა - ოღონდ ყურადღებით მისმინეთ და ერთბაშად ნუ აყაყანდებით!

ნინო - სულგანაბული გისმენთ, თომა, თქვი, ნუ დაგვილიე სული!

თომა - ბრძენი თედორე გამომეცხადა...

მიხა - საიდან იცი, გინახავს რო ოდესმე?

თომა - თვითონ მითხრა, თედორე ვარო!

მიხა - ბრძენი თედორეო?

თომა - თავისთავს ბრძენს ხომ არ უწოდებდა, შე დალოცვილო!

ნინო - მიხა, ნუ უშლი ხელს!

დავითი - ათქმევინეთ ბოლომდე თქვე კაი ხალხო, რა დაგემართათ?

მიხა - კაცო, იქნებ სხვა თედორე იყო-თქო, მიტომ ვიკითხე!

თომა - უშნოდ მხიარულობ, მიხა!

მიხა - ა, ბატონო, პირში წყალი ჩავიგუბე! (ლოყებს ბერავს. ვიღაცას გაეცინება).

თომა - თედორე ბრძენმა მითხრა, ერის ხსნა ტაძრის აგებაშიაო!

მიხა - ეგ ჩვენც ვიცით-თქო ვერ უთხარი?

თამარი - (თავში წაუთაქებს მიხას) აღარ მორჩები?

(მიხა თვალებს გადაატრიალებს და მოჭრილი მორივით დაასკდება მიწას).

დავითი -  ადე, ნუ მაიმუნობ!

(მიხა არ ინძრევა).

თამარი - დაანებე თავი, იწვეს!

თომა - თუ ტაძარი აშენდა, ერიც დღეგრძელი იქნებაო, მითხრა! ხშირ-ხშირად რომ ინგრევა, გრძნეული ძალის კი არა, თქვენი უხალისო შრომის ბრალიაო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერს ცოდვა აწევს და წმინდა მიწა არ ღებულობს თქვენს ნაშენებსო!

დავითი - საშველი რა არისო?

თომა - ერი ცოდვებისაგან უნდა განიბანოსო!

მარეხი - რა ცოდვაა ასეთიო?

თომა - რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?

ნინო - მარტო თედორეს მოკვლა გვეყოფა მძიმე ცოდვად!

დავითი - ასი წლის წინ მოკლულ კაცზე ჩვენ ვაგოთ პასუხი?

თამარი - რაო, რა გვირჩია ბრძენმა?

თომა - (ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ) ხალხო, სიკვდილია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ რა ვქნა, უნდა გითხრათ ამ... ამ ამოსაგლეჯი ენით! (თავს ჩაქინდრავს)

მარეხი - რა იყო. რამ დაგამუნჯა, ასე უცბად, შე კაცო?

ნინო - (შეშფოთებული) რას გვეუბნები ასეთს, თვითონ რომ გული გისკდება?

დავითი - აცალეთ, ქალებო!

თომა - (თავს მაღლა სწევს) ტაძარი რომ აშენდეს და აღარ დაინგრეს, მის პირველ კედელში ყმაწვილი კაცი უნდა ჩაეტანოს ცოცხლადო!

(საკრებულოს მოკლე გმინვა აღმოხდება)

თამარი - (სამარისებურ სიჩუმეში) გაიმეორე, ყურს რომ დავუჯერო!

თომა - (მორჩილად) უნდა ჩაეტანოს მხოლოდ საკუთარი ნებით, უანგაროდ და არაფერი ითხოვოს სანაცვლოდო!

(რაღაც ხანს ყველა გაშტერებით მისჩერებია დამნაშავესავით თავჩაქინდრულ თომას)

მიხა - (მიწაზე წამოჯდება) ხალხო, რას უსმენთ, გაგიჟებულა თომა!

ესაა და ეს (ხალხი დუმს), არ გახსოვს, სტეფანეს რა დაემართა ჩარექი ორნახადის დალევაზე? ცხრათავიან დევებს რომ ებრძოდა მთელი ღამე?

(ვიღაცა შვებით გაიცინებს, ხალხი ნელ-ნელა გონს მოდის).

დავითი - მაინცდამაინც ახალგაზრდა უნდა იყოსო?

თომა - ჰო, ჩვენდა საუბედუროდ, აბა, ეგ რომ არ ეთქვა, ჩავეკირებოდი და მორჩებოდა ამბავი!

მიხა - თქვენ გადამრევთ მე, მაინც უსმენთ?

თომა - (საწყლად) რად მიყურებთ ასე, მე ხომ არ მომიგონია ეს დაწყევლილი!

თამარი - მასეთ რამეს ვინ დაგაბრალებს, შე კაცო? მარა მაგნაირი არაფერი იბჟუტურო ბოვშებთან, თორემ ხომ იცი ჩვენი ყმაწვილების ამბავი, მოინდომებს ვინმე გმირობანას და...

ნინო - მართლა არსად მოყვე, თომა, ტვინი არ აურიო ბოვშებს!

(ლექსო ზურგებს ამოეფარება, დედამისმა რომ ვერ დაინახოს)

მიხა - არაუშავს, თომა, ეტყობა ძლიერი ჭრა ჰქონდა ღვინოს, ასე რომ, რა შენი ბრალია?

თომა - (სასოწარკვეთით) ხალხო, ხალხო, მერწმუნეთ, ჭეშმარიტია, რასაც მე ვამბობ! დამავალა ბრძენმა და როგორ გავჩუმდე? იქადაგე, მოიძიე ერისთვის თავდადებული ყმაწვილი კაციო! ქალებო, რომც ჩამქოლოთ, მაინც ვერ გავჩუმდები!

თამარი - (განცვიფრებით) მაშ, ახალგაზრდებს შეაგულიანებ, კედელში ჩაეტანეთ ცოცხლადო?

თომა - ჰო, თამარ, ჩემი წმინდა ვალია ეს!

თამარი - თომა, მართლა დედების ჩასაქოლად არ გაიხადო საქმე!

მიხა - რავა, მამები დამშვიდებით შეხედავენ ამ საქმეს თუ?

მარეხი - თვითონ უშვილო და უძირო რას მიხვდება ამას?

თომა - შეგარცხვინა, მარეხ, ღმერთმა! თუმცა, რა მწყინს, თქვენებურად მართლებიც ხართ! მაგრამ მთავარი, დიდი სიმართლე მიუწვდომელია თქვენთვის!

მიხა - ცეცხლს ეთამაშები, თომა!

თომა - გაიგეთ, ადამიანებო, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად უნდა მოხდეს ეს უბედურება! სიკვდილია ჩემთვის ამის თქმა, მარა რა ვქნა, რა წყალს ვეცე?

დავითი - (მძიმედ) შენ რას გერჩით, თომა, შენ შენი ვალი გაქვს თედორეს წინაშე, ისე მეც გამიგია, რომ წინათ ასეთი წესით აშენდა ერთი ციხე! ზურაბი ერქვა იმ ჩაკირულ ბიჭს!

ნინო - (უჩვეულო გახარებით) კაცებო, რას მიედ-მოედებით, ნეტა ვიცოდე?! ავარდით იმ მთაზე, დაიკაპიწეთ მკლავები, თქვენი ოფლითა და სისხლით შეზილეთ დუღაბი და აშენდება ის ტაძარი, აშენდება და აღარ დაინგრევა! თქვენი არხეინობის გამო, თომას მიერ გაბრიყვებული ვინმე ყმაწვილი მართლაც რომ ჩაეკიროს, რაღად გიღირთ მერე ან კაცობა, ან სიცოცხლე?

მიხა - თქვენ გადამრევთ მე, რავა, ახლა არ შენდება თუ დანგრევის ეტყობა რამე? თომას ვენაცვალე, ერთი მითხარი, ვთქვათ არავის არ მოუნდა კედელში ცოცხლად ჩამარხვა, მაშინ რა?

თომა - მაშინ აღარაფერს ჰქონია აზრი, ჩემო მიხა!

თამარი - მოკლედ, ბოვშებს აღარ გააგონო შენი ნალოთარი ბოდვები, თორემ მართლა ჩაგკირავ მე შენ!

თომა - თამარ, დაიოკე ეგ შენი კაპუეტი ხასიათი და უქმად ნუ ატარტალებ ენას!

დავითი - მართლაც, არც ისე უბრალოდაა საქმე, როგორც შენ გგონია, თამარ!

მარეხი - ატყობთ, თომას სულ უშვილოები რომ უჭერენ მხარს?!

დავითი - ცდები, მარეხ, მე სხვა რამეს ვამბობ. თუ ყურადღებით მომისმენთ, ყველა კმაყოფილი დამრჩებით. თომა, თედორეს ანდერძით რა უნდა გვექნა ჩვენ? საკუთარი გალავნები დაგვეშალა და ჩვენი წინაპრის მიერ მკრეხელურად ბარში ჩამოზიდული ტაძრის ქვები ისევ ნატაძრალზე აგვეზიდა. აგვეზიდა და ძველი ქვებით აგვეგო თავიდან ახალი ტაძარი! ასეა ხომ?

შეძახილები  ასეა, ასე! ზუსტად თქვი, დავით!

დავითი - შენ გეკითხები, თომა, სადმე გადავუხვიე სიმართლეს?

თომა - (დაფიქრებით) არა, ყველაფერი სწორად თქვი, მაგრამ არ მესმის...

დავითი - ახლავე აგიხსნი! თომა, შენ არ იყავი, სული რომ ამოგვართვი, დაშალეთ თქვენი სამოსახლოებიო?

თომა - მე ვიყავი!

დავითი - მერე არ დავშალეთ?

თომა - მხოლოდ მას შემდეგ, მეორედ რომ დაინგრა ტაძარი!

დავითი - ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა! ეს ამდენი ქვა ძალით რომ აგვაპროწიალებინე მთის წვერზე?

თომა - მართალი ხარ!

დავითი - ხომ დაგიჯერეთ, ხომ დავიწყეთ მშენებლობა?

თომა - მხოლოდ მას შემდეგ, რაც მტრის თავდასხმამ შეგაშინათ!

დავითი - (გაბეზრებულად) ახლა არ ღირს ამაზე-მეთქი! მოკლედ, შევასრულეთ თედორეს ანდერძი, თუ არა?

თომა - ნაწილობრივ კი!

დავითი - ჰოდა, გვაცალე ახლა, დალოცვილო, მიგვაყვანინე საქმე ბოლომდე, მსხვერპლისა და სისხლის გარეშე! ვაფასებთ შენს ერისკაცობას, შენს თავდადებას, მარა შენს სიზმრებს ყმაწვილების სიცოცხლეს ნუ შეგვაწირინებ!

აშენდება ტაძარი, მოვიგერიებთ მტერს და ცხოვრება დაიწყება, ავ თვალს რომ არ დაენახვება ისეთი!

მიხა - შენ გენაცვალე მაგ ოქროს ყანყრატოში, შენა!

დავითი - (რბილად) ამოიგდე ახლა თავიდან ეგ შენი ნაგვიანები ხილვა და მივხედოთ საქმეს!

ნინო - კაცი ხარ კაცური, დავით!

მარეხი - არ გაგვიმთელა დამსკდარი გულები?!

მიხა - თომა, ჩამო ძირს და ზარს აღარ გნახო გაკარებული!

(გარს ეხვევიან დავითს, შიშისგან განთავისუფლებული ხალხი გალაღდა და გამხიარულდა)

მიხა - დემნა, ერთი შენი ტიკჭორა გამოაგორე!

დემნა - რომელი ტიკჭორა, ხო არ მოგლანდებია?

მიხა - რომელი და ურმის უკან რომ მალავ!

დემნა - მაქვს და გიმალავ, კაცო?

მიხა - აი, ეს კი მართალი თქვი. გაქვს და მიმალავ!

(ყველა იცინის)

თომა - (ყვირის) ხალხო, უდროოდ მხიარულობთ!

მარეხი - რას დაგვჩხავის ეს კაცი, მართლა და მართლა!

მიხა - ჰაა, დემნა დახლიდარო, სული მიწყებს ფორიაქს, იცოდე! გამააჩენ იმ ღვინოს თუ შენი ნეკნების თვლა დავიწყო?!

დემნა - (შუბლში იტკიცავს ხელს) ჩემი სიმამრის ღვინოზე ამბობ, კაცო?

მიხა - გინდა პაპიდაშენის დაარქვი, დროზე მოიტა, გირჩევნია!

თომა - (ყელს იხლეჩს) მომისმინეთ, ადამიანები არა ხართ? ქრისტე ღმერთი არ გწამთ?

მიხა - რომ გვწამს, მაგას უმადლოდე, თორე დიდი ხნის გადებული მეყოლებოდი ფეხქვეშ!

თომა - ამასაც მოვესწარი?

(მაღლიდან გადმოხტება მოხუცი, მიხასკენ გაქანდება, მაგრამ ლექსო შეაჩერებს)

ლექსო - არ გინდა, ნათლი, შენ არ გეკადრება მაგაზე ხელის გასვრა!

(ლექსო ხელს უშვებს მოხუცს, მკვეთრად მოტრიალდება და ძლიერი დარტყმით ძირს დასცემს მიხას. უგონოდ გაშოტილი მიხა გაუნძრევლად წევს).

ნათია - (მხიარულად) ახლა კი ნამდვილად არ მაიმუნობს მიხა!

თამარი - ნათია!

ნინო - ლექსო, შენ აქა ხარ?

ახალგაზრდა გლეხი  (დემნას მოტანილ ტიკჭორას იღებს ხელში) მე ვიცი, რაფრა გამოვაღვიძო!

(ტიკჭორიდან ღვინის წვრილ ნაკადს სახეზე დაასხამს მიხას, მიხა შეიშმუშნება)

თომა - მეშინია, ხალხო, მეშინია, ხილვაში ნათქვამი იყო, რომ არ აშენდება უმსხვერპლოდ ტაძარი!

ნინო - კარგი რა, თომა, ნუღარ იმეორებ მაინც!

თამარი - რას შემოუჩნდი, თომა კალატოზო, ამ სოფელს, ვერ ხედავ, თავი რომ გააბეზრე ყველას?

თომა - (ყვირის) რა ვქნა, მეც რომ შემეპაროს ეჭვი, მაშინ რა ვქნა?

ნინო - ერთ უაზრო სიზმარს ნუ შეგვწირავ ყველას!

თომა - (თავზე წაივლებს ხელებს) იქნებ მართლა სიზმარი იყო და ვცდები!

დავითი - (დაყვავებით) აი უკვე ძველი, გონიერი თომა ხარ!

(და უეცრად მძლავრი ნგრევის ხმა წალეკავს ხალხის ჟრიამულს)

ხმები - ტაძარი! ტაძარი დაინგრა! ვაი, უბედურ ჩვენს თავს! დაინგრა, სულ დაინგრა! ღმერთო, რა შევცოდეთ ასეთი? არა, უფალო, არა! ვილოცოთ, ხალხო, ვილოცოთ!

(ყველა მუხლებზე ემხობა გაოგნებული თომას გარდა).

თომა - მაპატიე, თედორე, ჩემი ეჭვები!

მიხა - (წამოჯდება, ყბას ისრესს, ძლივს ახელს თვალებს) რა დამემართა, ცა ჩამომექცა თავზე?

დავითი - (სევდიანად) მართლა ცა ჩამოგვექცა, მართლა! ღმერთო დაგვიფარე!

 

 

სურათი მეშვიდე

 

ლექსოს ქოხი. ლექსო ტახტზე წამოწოლილა. ნინო მაგიდასთან ზის და შვილის გახეულ ქულაჯას კემსავს.

 

ნინო - გძინავს?

ლექსო - არა!

ნინო - რაზე ფიქრობ?

ლექსო - ბევრ რამეზე ერთად. დღისით ხომ არ მიკითხა ვინმემ?

ნინო - (შეყოვნდება, შემდეგ უხალისოდ) კი, ტყემლიანიდან იყვნენ.

ლექსო - რა გვინდაო?

ნინო - რა ენდომებოდათ? ორი ურა კვიცი გვყავს გასახედნი და კარგ ფულს გადავუხდითო.

ლექსო - მერე, როგორ შეუთანხმდი?

ნინო - არ გამიჯავრდე, შვილო, და უარით გავისტუმრე.

ლექსო - (ლოგინზე წამოჯდება) ხუმრობ?

ნინო - არა, ლექსო, რამდენი სულელი და გადარეული ცხოველია, ყველა შენ უნდა მოაჭკვიანო?!

ლექსო - დედი, ეს რა ჰქენი?!

ნინო - აბა, რომელ დედას გაეხარდება, შვილს სულ დაბეჟილს უყუროს, ტყუილად ხომ არ გასწავლე წერა-კითხვა, თან არც ჩვენს გვარიშვილობას შეჰფერის ეგ ხელობა!

ლექსო - (ჩაფიქრებით) კუდაბზიკა დედა მყოლია!

ნინო - (იცინის) ამპარტავნად არ მომნათლო.

ლექსო - კარგი, გეყოფა, ახლა, დაწექი!

ნინო - ცოტაც დამრჩა!

ლექსო - (პაუზის შემდეგ) მაინც არ უნდა გაგესტუმრებია უარით!

ნინო - რა ვქნა, შვილო, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე!

ლექსო - პატივი თუ ეცი რამე?

ნინო - სადილზე უარი მითხრეს, გვეჩქარებაო.

ლექსო - ხვალვე წავალ ტყემლიანში, აი ნახავ!

ნინო - (მშვიდად) ნუ მემუქრები, თორემ მამაშენის ხსოვნას დაგაფიცებ!

ლექსო - (შემფრთხალი) დედი, არ ქნა ეს!

ნინო - დაგაფიცებ!

ლექსო - მამას ხსოვნას გაფიცებ, არ დამაფიცო!

ნინო - (ეცინება, დგება და ლოგინზე გადაუჯდება შვილს) თვითონ გასახედნი კვიცი ხარ ჯერ, შენ ვინ უნდა გახედნო? (შუბლზე კოცნის შვილს)

ლექსო - არ გეწყინოს, ხვალ წავალ იცოდე!

ნინო - ცუდს მიგრძნობს გული, შვილო, გამაწამეს სიზმრებმა...

ლექსო - რას ხედავ ასეთს?

ნინო - დილით აღარ მახსოვს!

ლექსო - ამ ერთხელ და მორჩა! შევთანხმდით? (მკლავებში იხუტებს დედას)

ნინო - უნდა დამემალა შენთვის!

ლექსო - დედაჩემი და ტყუილი?

ნინო - ნამდვილად ბოლო...

ლექსო - (აწყვეტინებს) აღარ განაგრძო! შემიძლია დაგიფიცო, რომ მეტი არცერთ ცხენს აღარ გავხედნი!

ნინო - (ყურადღებით აკვირდება შვილს) ლექსო, რაღაც შეცვლილი მეჩვენები!

ლექსო - (მხრებს იჩეჩავს) შეცვლილი?

ნინო - (ხელში იღებს მის ხელს) რაღაც ხდება შენში, რაღაც ხდება!

ლექსო - (იცინის) შენი სიზმრების შედეგია!

ნინო - არაფერს მიმალავ?

ლექსო - ცდები, დედა! (გადაწვდება და რაღაც წიგნს იღებს ჯორკოდან). ამხელა წიგნი როგორ გადაწერე ხელით?

ნინო - ჩემი მზითევია. წესად იყო, ქალიშვილს საკუთარი ხელით გადაწერილი ОვეფხისტყაოსანიМ უნდა მიეტანა მეუღლის ოჯახში.

ლექსო - რატომ, იყო? ნათიამაც თითქმის დაამთავრა გადაწერა!

ნინო - მშვენიერი საქმეა! სხვათა შორის, თამარი ვნახე ამასწინათ?

ლექსო - ვინ თამარი?

ნინო - ნათიას ბაბუდა! ერთი მითხარი, ბლის ქურდობა როდიდან დაიწყე? კარგი, ნუ მიპასუხებ. ერთსა გთხოვ, იშვიათად გამოჩნდი მაგათ სამოსახლოს.

ლექსო - (აწყვეტინებს) იშვიათად კი არა, საერთოდ ვეღარ მნახავს თამარი!

ნინო - (ფარული შეშფოთებით) რაღაც იოლად იძლევი დაპირებებს!

ლექსო - (პაუზის შემდეგ) დედი, ნათია როგორი გოგოა?

ნინო - კარგი!

ლექსო - ძალიან კარგი თუ... ისე რა?

ნინო - ძალიან კარგი გოგოა!

ლექსო - ყველაზე კარგი?

ნინო - (სიცილით) რას გადამეკიდე?

ლექსო - მიპასუხე!

ნინო - ჰო, ყველაზე კარგი!

ლექსო - ჩვენს მიტან-მოტანებაში?

ნინო - აბა, სხვაგან გეგულება უკეთესი?

ლექსო - მე არა!

ნინო - არც მე და დავიძინოთ უკვე!

ლექსო - დედი, ჭრაქი ჩააქრე!

ნინო - (გაკვირვებით) აღარ გეშინია?

ლექსო - რაღა დროს შიშია, დედი? ჩააქრე!

ნინო - კი, შვილო!

(აქრობს ჭრაქს და თვითონაც წვება)

ლექსო - (სიბნელეში) დედი, ლამაზია?

ნინო - ნათია? კი, ლამაზი ეთქმის!

ლექსო - ეთქმის რა სიტყვაა.

ნინო - (შვილის წყენით შეწუხებული) ლამაზი, ჯიშიანი გოგოა, მეტი რა ვთქვა?

ლექსო - მეტი თქვი, რა!

ნინო - აბა, ძალიან შემეხვეწე!

ლექსო - გეხვეწები!

ნინო - მზეთუნახავია! ახლა დავიძინოთ!

ლექსო - დავიძინოთ! (პაუზის შემდეგ) დედი!

ნინო - რა იყო?

ლექსო - მამაჩემი პირველად სად ნახე?

ნინო - მარიამობას, დღეობაზე!

ლექსო -  რას აკეთებდა?

ნინო - ქეიფობდა!

ლექსო - ნეტა მეც უეცრად ვენახე ნათიას!

ნინო - რას ნიშნავს უეცრად?

ლექსო - რასა და ბალღობიდან ვიცნობთ ერთმანეთს!

ნინო - მერე რა?

ლექსო - რა და უცებ რომ დავენახე, უფრო სხვა თვალით შემომხედავდა.

ნინო - ახლაც მშვენიერი თვალით გიყურებს. ისე კი, არც ნელ-ნელა დასანახადა ხარ ურიგო ბიჭი!

ლექსო - ყველა ყვავს მოსწონს თავისი ბახალა!

ნინო - აბა, ახლა ყვავიც გავხდი!

ლექსო - არა, დედი...

ნინო - კარგი დავიძინოთ! (სიჩუმე. უეცრად ნინო ლოგინზე წამოჯდება) რა დაგემართა, შვილო?

ლექსო - (ნამძინარევი ხმით) რატომ მაღვიძებ?

ნინო - არა, მომეჩვენა, რომ... შენ რა, ტიროდი?

ლექსო - (მხიარული განცვიფრებით) რაო?

ნინო - რამ მომაჩვენა?

ლექსო - სიზმარმა ალბათ! არ აანთო, ძილს დამიფრთხობს!

ნინო - ჰოო... კარგი! (უკან დებს ჭრაქს)

ლექსო - (მთქნარებით) თომამ თუ იპოვა ვინმე?

ნინო - აბა, როგორ იპოვიდა?

ნინო - ვინ გიჟი ჩაეკირება, შვილო, თავისი ნებით?

ლექსო - სამშობლოს თუ დასჭირდა?

ნინო - რა, ადამიანის ცოცხლად დამარხვა?

ლექსო - აბა, უმსხვერპლოდ არ შენდება ტაძარი და...

ნინო - აშენდება, ნამუსიანად თუ იშრომეს! ეგენი, სანამ საკუთარ ეზოში არ დაინახავენ მტერს, სულ ასე არხეინად იქნებიან!

ლექსო - მითუმეტეს! აუცილებელი ყოფილა თავის გაწირვა! მე ამას ვერ ვიზამ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გადადოს თავი?!

ნინო - რისთვის, შვილო? გამოჩერჩეტებულ თომას მოლანდება ჰქონდა ნალოთარზე. ესაა და ეს!

ლექსო - წინათ ძალიან პატივით იხსენებდით, ახლა გამოჩერჩეტდა?

ნინო - ასაკი თავისას შვრება, ლექსო!

ლექსო - ტაძარი რომ მისი ქადაგების დროს დაინგრა!

ნინო - უბრალო დამთხვევაა შვილო, უბრალო დამთხვევა და ამით ისარგებლა თომამ!

ლექსო - შენ აღარ გიყვარს თომა?

ნინო - როგორ არ მიყვარს, მაგრამ იმ ქადაგებას ვერ ვპატიობ, შვილო!

ლექსო - რა ექნა აბა, დაემალა ხალხისთვის?

ნინო - არა, მაგრამ მაინც... ისე კი, იმ ჩაკირულ ბიჭზე, ზურაბზე თქმულება იყო მხოლოდ, სხვა არაფერი! ახლა კი, მართლა ღამე მშვიდობისა, შვილო!

ლექსო - შენმა სიზმრებმა თუ დაგვაცალეს ძილი! (პაუზა) დედი, მამაჩემი ჩაეტანებოდა კედელში?

ნინო - (გულგახეთქილი წამოვარდება ლოგინიდან) არასოდეს, გესმის, არასოდეს!

ლექსო -  რატომ? ხომ გასწირა თავი?

ნინო - ის ბრძოლის ველზე იყო!

ლექსო - ჰო, ბრძოლის ველზე სულ სხვაა! (ამთქნარებს) კარგი, დავიძინოთ!

ნინო - (დამშვიდებული) ლამაზი სიზმრები გენახოს, შვილო!

ლექსო - რაც მითხარი, სულ შენ!

(დედა-შვილი იცინის. ლექსო გვერდზე გადაბრუნდება. ლოგინზე წამომჯდარი ნინო ცოტა ხანს აყურადებს მის სუნთქვას, შემდეგ კი თვითონაც წვება).

 მოქმედება მეორე

 

სურათი მერვე

 

თომა მარტო ზის დუქანში, წინ ღვინით სავსე დოქი უდგას, იდაყვებით მაგიდას დაყრდნობია და სახე ხელებში აქვს ჩარგული. დრო და დრო სვამს. დახლთან მედუქნე დემნა საქმიანობს. გარედან წვიმის ხმაური შემოდის.

 

დემნა - (გარეცხილ ჯამს ამშრალებს ხელსახოცით) როდიდან დაგჩემდა, შე კაცო, მარტო სმა? ხომ იცი, მარტო კაცი პურისჭამაშიცო...

თომა - მხოლოდ ეგა მჭირს შესაცოდი?

დემნა - ვიცი, ჩემო თომა, ვიცი რაც გიხერხავს გულს, მარა რას იზამ, შენ გამოგეცხადა თედორე და ვალიც შენ დაგადო!

თომა - რაღა მაინცდამაინც მე? რატომ შენ არა?

დემნა - აბა, ეგ მე რა ვიცი?

თომა - არ ჩაგთვალა ღირსად და იმიტომ!

დემნა - (ნაწყენი) სატრაბახოდ გქონია, შე კაცო, საქმე და რაღას ჯავრობ!

თომა - შენს დახლს მიხედე!

დემნა - ერთი ეს მითხარი, ერის ჭირისუფლად გთვლიან, ცოტა ჯაჯღანა ჭირისუფლად, მარა მაინც... მაშ, შენი ერი თუ გიყვარს, მაგ ერის ანგარიშში ხომ მეცა ვწერივარ?

თომა - ვაი, რომ წერიხარ!

დემნა - (ნიშნისმოგებით) ჰოდა, შენი ერი თუ გიყვარს, მეც უნდა გიყვარდე!

თომა - (ახედავს) მერე ვინ გითხრა, მძულხარო?

დემნა - (ნასიამოვნები) ასე, შე კაცო! (თავისთვისაც მოაქვს ჯამი).

თომა - (ჯამს შეუვსებს) ჭრა სუსტი აქვს, თორემ არაა ურიგო ღვინო!

დემნა - ჰოო, ღვინო მართლა სანაქებო მაქვს! (ჯამს მაღლა სწევს) ეს შენ გაგიმარჯოს, თომა, დამსახურებული კაცი ხარ, ვაჟკაცი და ავკარგიანი! რას იზამ, იმ დარდით გაგიმარჯოს, შენ რომ ატარებ! (სვამს).

თომა - მადლობელი ვარ.

დემნა - (სახელოთი გაიმშრალებს ნაღვინარ ტუჩებს) ახლა, გულზე ხელის დადებით, მართლა გჯერა, რომ იპოვი ასეთ მოხალისეს?

თომა - ეგ მიკლავს სწორედ გულს, რომ ერის საუკეთესო ვაჟკაცი უნდა ჩავკირო ქვაში!

დემნა - მაშ, შენ გწამს ასეთის არსებობა? მე კი რაღაც ეჭვი მეპარება!

თომა - რატომ?

დემნა - ვინ მოინდომებს საკუთარი ნებით, თანაც უანგაროდო...

თომა - რომ შეიძლებოდეს, მე ხომ ჩავეკირებოდი?

დემნა - შენ რავა არა, ახალგაზრდა კაცი კი, მთელი სიცოცხლე წინ რომ აქვს... რა ვიცი?

თომა - მთელს ერში ერთიც თუ არ გამოჩნდა თავგადადებული, აღარა ვწერივართ ცოცხლებში და ესაა!

დემნა  ჰო, მტერმა რომ გაგვწყვიტოს, დასანანიც აღარ ვიქნებით! ეჰ, მაგის მეტს რას ვუსმენ და რას ვხედავ ამ დახლიდან! ჰაი დედასა, პაპაჩემის მოყოლილი ამბები რომ მახსენდება, ტირილი მინდება, რა ერი ვყოფილვართ, რა ამაყი, რა ძლიერი, რა გონიერი! ვინ დაამადლიდა მაშინ სამშობლოს თავის გაწირვას?

თომა - (ცოტა ხანს ყურადღებით მისჩერებია მედუქნეს) ჰოო, მძიმე დღეში ვართ!

დემნა - (ხელს ჩაიქნევს) ნუ იტყვი!

თომა - ერთი ეს მითხარი, შენმა ბიჭმა რომ გამოთქვას სურვილი, რას იზამ?

დემნა - (ჯამი უშეშდება ხელში) რაღა ჩემს ბიჭს მიახტი, დალოცვილო, ვინ მყავს მაგის მეტი?

თომა - რა მოხდა, ისე გკითხე!

დემნა - (ამღვრეული) კაი კითხვები კი გცოდნია, მე და ჩემმა ღმერთმა. თვითონ უშვილოს და უძიროს, რა გენაღვლება? (უეცარი დაეჭვებით) თომა, ვაჟკაცურად მითხარი, ბიჭთან რამე ლაპარაკი ხომ არ გქონია?

თომა - რაზე?

დემნა - (გააფთრებით) თავს ნუ იგდებ, კარგად იცი, რაზეც! (ფეხზე დგება) თომა, პატივს გცემ, მარა ჩემს ბიჭთან ახლო გაკარებული არ გნახო...

თომა - (სუსხიანად) დახლთან მიდექ, ჩარჩო, შენი ადგილი ნახე!

დემნა -  (მომტყდარი) შენ რა გესმის მამის გულის?

თომა - (მკვახედ) ღვინო მომართვი!

(კვლავ საკუთარ საფიქრალს უბრუნდება. წვიმის ხმაური მატულობს, შორს დაიქუხებს).

დემნა - (სველ დოქს დგამს მაგიდაზე გაუბედავად). ჩამოიქცა ცა!

(თომა არ პასუხობს. გარედან ცხენის ჭიხვინი და რაღაც შეძახილები მოისმის).

ვინ სტუმარია ნეტა ამ თქეშში? (გარეთ გადის და მოკლე ხანში ბრუნდება) სამი ყმაწვილი კაცია, შენი ნახვა უნდათ, საქმე გვაქვსო!

თომა - (ფეხზე წამოიჭრება) ჯერ არ შემოიყვანო! სწრაფად, ცივი წყალი მოიტა!

დემნა - (თომას მოთხოვნით დაბნეული) ახლავე, ბატონო!

(მოაქვს ნავით წყალი. თომა გვერდზე გადგება და პერანგს გაიხდის)

თომა - (წელზევით შიშველი) თავზე გადამასხი!

დემნა - ყინულივითაა, შე კაცო!

თომა - ჰო, ჰო, ეგ მჭირდება სწორედ! ნაღვინები ხომ არ შევხვდები?

დემნა - შენ გგონია, იმ საქმეზე არიან?

(დემნა თავზე ასხამს წყალს, შემდეგ პირსახოცს უწვდის).

თომა - (თმას იმშრალებს) აბა, სხვა რა უნდა იყოს? შემოიყვანე!

(დემნა გადის და სამ იარაღასხმულ ბიჭთან ერთად ბრუნდება).

დემნა - ეს არის სწორედ ბატონი თომა, ყმაწვილებო!

ზურაბი - ზურაბი, ბატონო! (ხელს ართმევს თომას, დანარჩენებიც ასე იქცევიან).

გიორგი - გიორგი!

ხვიჩა - ხვიჩა, ბატონო!

თომა - ჩემი ვინაობა უკვე გცოდნიათ!

გიორგი - დიახ, სწორედ თქვენთან მოვიჩქაროდით!

ზურაბი - მთელი ღამე ვიარეთ!

დემნა - მოისვენეთ, სამოსი შეიმშრალეთ, მანამდე სუფრასაც გაგიშლით!

ხვიჩა - მაგდენი დრო არა გვაქვს, ბატონო!

დემნა - მაშ, არყითა და თეთრი ნიგოზით შეიქციეთ თავი!

თომა - დაბრძანდით, ვიბაასოთ! ტანისამოსს ხომ არ შეიშრობდით ჯერ, გაცივდებით მასე!

ხვიჩა - ჯერ არასოდეს გავმთბარვართ და რა გაგვაციებს, ბატონო ჩემო?

(მაგიდას შემოუსხდებიან)

გიორგი - ჩვენ შორი სოფლებიდან გეახელით, თქვენთან საზღვარზე პირველადა ვართ!

ზურაბი - საქმეზე ილაპარაკე!

ხვიჩა - ვაცალოთ ერთმანეთს.

გიორგი - ბრძენი თედორეს ხილვა თქვენ გქონდათ, თომა ბატონო?

თომა - დიახ მე გამომეცხადა!

ხვიჩა - და დავალებაც თქვენ მოგცათ, არა?

თომა - მართალი ბრძანდებით!

ზურაბი - (მოუთმენლად) მე მზადა ვარ!

თომა - (იბნევა) უკაცრავად?..

ზურაბი - მზად ვარ ჩავეკირო!

გიორგი - (გაღიზიანებით) ზურაბ, ჩვენ რა, სხვა საქმეზე ვართ წამოსული, თუ რა?

ზურაბი - (დიდსულოვნად) დიახ, ესენიც მზად არიან ჩაეკირონ!

თომა - (აღელვებული) რა უბრალოდ ამბობთ ამ სიტყვებს, შვილებო?

ხვიჩა - დრო არ ითმენს, მტერი ახლოა!

თომა - სამი სიცოცხლე არ არის საჭირო

(დუქნის სიღრმიდან მაღალი, მოუხეშავი ბიჭი გამოდის, დახლთან ჩამოჯდება, პურის ყუას მოტეხავს და ნელა დაიწყებს ჭამას. დემნა თვალით ანიშნებს, გადიო, ბიჭი ყურადღებას არ აქცევს მას).

დემნა - გიზო, წადი, საქმეს მიხედე!

გიზო - მოვრჩი ყველა საქმეს!

დემნა - (გამწარებული) მაშინ დავითთან გადირბინე, მარილი გამოართვი, შვილო!

გიზო - რად მიშვებ ამ თავსხმაში?

დემნა - (ამჩნევს რომ სტუმრების ყურადღება მიიქცია) ჩემი შვილია, გიზო!

თომა - დიდებული საქმე ჩაგიფიქრებიათ, ყმაწვილებო, მაგრამ სამი სიცოცხლე არ არის-მეთქი საჭირო!

ზურაბი - ეგ ვიცით!

გიორგი - თქვენ თვითონ შეგვარჩიეთ.

თომა - (უმწეოდ) აბა მე როგორ?..

ხვიჩა - თქვენ ხართ ამ საქმის თავკაცი!

თომა - და ამიტომ მე გამოგიტანოთ განაჩენი? არა, ასე არ ივარგებს! ერთმანეთში მოილაპარაკეთ! მე ნუ დამაყენებთ არჩევანის წინშე!

ხვიჩა - ჯერ ყოველი ჩვენთაგანი გეტყვით, თუ რა პირობას ვაყენებთ!

თომა - პირობას?

ზურაბი - მე დავიწყებ, თქვენი ნებართვით! გამიგია, ოდესღაც ასე ჩაეტანა ვიღაც ბიჭი ციხის კედელში და სიმაგრე ურყევი აშენდა!

თომა - არსებობს ასეთი თქმულება, სხვათა შორის იმ ბიჭსაც ზურაბი ერქვა სახელად!

ზურაბი - (მხიარულად) აუჰ, ზურაბი. მაშ სეხნიებიც ვყოფილვართ?! შემდეგშიც ასე მოგვიხსენიებენ, ზურაბ პირველი და ზურაბ მეორე! (უეცრად ღიმილი ჩაუქრება) არა მეორე არ ივარგებს, სჯობს სოფლის სახელით განგვასხვაონ... მაგალითად...

გიორგი - (უკმაყოფილოდ) თუ ძმა ხარ, შენთვის იოცნებე, შენს გარდა ორი კაცი ვართ აქ!

ზურაბი - არც თქვენ მავიწყდებით, ძმებო, ტყვილა გყწინთ! (თომას) როდის არის საჭირო?

თომა - რა, შვილო?

ზურაბი - აი ის... ჩაკირვა მოკლედ!

ხვიჩა - (თომას) ციხის კედელში!

თომა - ის ციხე არ არის, ტაძარია!

გიორგი - სიმაგრის მაგივრობას ხომ გასწევს?

თომა - დიახ!

ზურაბი - (სულწასულად) ჰოდა, რაღაზეა ლაპარაკი, როდის არის საჭირო-მეთქი?

თომა - (თვალებს დახრის) თუნდაც... თუნდაც ხვალ!

ზურაბი - (ჩაფიქრდება) ცოტა უნდა გადავდოთ, ჩვენებთან დამშვიდობება ხომ უნდა მოვასწროთ?!

გიორგი - (კუშტად) ჩვენ აღარ გვაცლი, დალოცვილო?!

ზურაბი - თქვენ თქვენი თქვით, ვინ გიშლით? (თომას) ახლა კი ჩემს პირობას ჩამოვალ, ბატონო თომა!

თომა - რა პირობას?

ზურაბი - რას და... იმ ციხეს, ციხეა თუ ტაძარი ჩემი სახელი უნდა დაერქვას! ზურაბის ციხე, კარგად ჟღერს. ჰა, რას იტყვით? (იცინის)

თომა - ჟღერადობის რა მოგახსენოთ...

ზურაბი - მომითმინეთ, ჯერ არ დამიმთავრებია! ერმილე ოსტატს უნდა დაევალოს ჩემი სახის გამოთლა ქვაში! თან ძალიან უნდა მგავდეს...

გიორგი - და კიდევ ასი შავოსანი მოტირალი ქალი და მგალობელთა გუნდი...

ხვიჩა - სულ თეთრებში გამოწყობილი!

ზურაბი - (მადლიერების გრძნობით) თქვენ ხუმრობთ, მე კი ძალიან მომწონს! მშვენიერი აზრია! არაფერი უჭირთ, ცოტა რომ წაიტირონ კიდეც! ჰა, ბატონო თომა, ჩაუვლის მერე ჩემი ლამარიკა ზურაბ ნაყანარელის ტაძარს და გული დაეთუთქება, რა ბიჭს ვუთხარი თავის დროზე უარიო (ნასიამოვნები სკამის ზურგზე გადაწვება) ახლა კი, უკაცრავად და თქვენიც თქვით, ძმებო!

თომა -  მომითმინეთ...

ხვიჩა - ბატონო თომა, ჯერ მე და გიორგიც გვალაპარაკეთ!

გიორგი - იტყვი, ხვიჩა?

ხვიჩა - ჯერ შენა თქვი, ბარემ!

გიორგი - კეთილი! მე, თომა ბატონო, ჩემი სიკვდილის სანაცვლოდ მამაჩემის განთავისუფლებას ვთხოულობ!

თომა - ტყვედ არის?

გიორგი - არა, ბატონო, ტყვედ რომ იყოს, რა უჭირს? მესამე წელია მეფის დილეგში იტანჯება ტყუილუბრალოდ!

თომა - როგორ მოხდა ეს, შვილო?

გიორგი - ბეზღობით! მოშურნეებმა მეფის საწინააღმდეგო შეთქმულების თავკაცად მონათლეს!

ხვიჩა - მორჩი, გიორგი?

გიორგი - არა! მე მის განთავისუფლებას და დამბეზღებლების სამაგალითო დასჯას მოვითხოვ! ან ხელ-ფეხი გაგვიხსნან და ოჯახი თვითონ მივხედავთ მაგ ქვეწარმავლებს!

ხვიჩა - ახლა მე ვიტყვი!

ზურაბი - ჰო, ხვიჩა, შენი ჯერია!

გიორგი - ჯერი ვინ მოუზომა?

ზურაბი - რა გაუთავებლად იკბინები, შე კაცო?! კბილები დაგცვდება მასე!

გიორგი - (წამოიმართება) რა ბრძანე, ყმაწვილო?

ხვიჩა - (გაღიზიანებით) გიორგი, შენ რომ ყვებოდი შენს გასაჭირს, მე გისმენდი!

გიორგი - (წყენით) მე რას მერჩი, ხვიჩა?

ხვიჩა - ბატონო თომა, მე ამათსავით არც გვარიშვილობა მაქვს და არც შეძლება! არ გაგიკვირდეთ და... მე ფულს ვთხოულობ! ორას ოქროს, რომელიც ჩემს ოჯახს უნდა გადაეცეს!

ზურაბი - შენ, ძმაო, ტაძრის კი არა, შენი ოჯახის აშენება მოგდომებია!

ხვიჩა - (ყურადღებას არ აქცევს მის გაკილვას) თომა ბატონო, ცხრა და-ძმა მყავს და ხეიბარი მამა, წელს ქვემოთ მთლიანად მოწყვეტილი! დედაჩემი ნაბოლარას მშობიარობას გადაყვა! ერთადერთი მარჩენალი მე ვყავარ ოჯახს, ამიტომ ნუ გამამტყუნებთ!

თომა - მესმის შენი, შვილო!

ხვიჩა - მე ჩემს სამშობლოს ვეწირები, მაგრამ არ მინდა ათსულიანი ოჯახი რომ უპატრონოდ დარჩეს!

გიორგი - ახლა თქვენ განგვსაჯეთ, ბატონო!

თომა - ვაი, რომ გული უნდა გატკინოთ, შვილებო! მშვენიერი ყმაწვილები ხართ, ერისთვის თავდადებული, ვაჟკაცი, დახვეწილი სიტყვა-პასუხის...

ხვიჩა - გმადლობთ, ბატონო, მაგრამ გული რად უნდა გვატკინოთ?

ზურაბი - რა არ გაწყობთ მაგალითად, ჩემს პირობაში?

თომა - თვით პირობის არსებობა, ზურაბ! მთავარი ის გახლავთ, რომ მსხვერპლის გაღება უანგაროდ უნდა მოხდეს!

გიორგი - (განცვიფრებით) მერე და სად ხედავთ აქ ანგარებას?

თომა - (რბილად) თავისთავად სიტყვა ანგარება, მართლა არ გეკუთვნით...

გიორგი - აბა, უდანაშაულო მამის დახსნის ცდაში ანგარებას დამაბრალებს კაცი? ან ხვიჩამ რა დააშავა, როცა ოჯახი შიმშილისგან უნდა იხსნას!

ზურაბი - მაშ, მარტო ჩემი პირობაა ანგარებიანი?

ხვიჩა - გიორგი, რატომ ეშმაკობ? მაშ მე ოჯახის გამო ვეწირები?

გიორგი - აბა?

ხვიჩა - სამშობლოსთვის ვწირავ თავს! შენთვი კი ვექილად დადგომა ნაღდად არ მითხოვია!

გიორგი - რაზე ჩხუბობ, შენ თვითონ თუ გესმის?

ზურაბი - თომა ბატონო, მე სახელს ბრძოლაშიც ვიშოვი! რაც გთხოვეთ, მომავალში ბალღები რომ წამოიზრდებიან, მათთვისაა საჭირო!

თომა - წამით არ იფიქროთ, რომ თქვენი მამულიშვილური განზრახვის სიწრფელეში შემაქვს ეჭვი! თავის გაწირვა ყველა შემთხვევაში გმირობაა, ყმაწვილებო, ამ მხრივ გული წყნარად გქონდეთ, მაგრამ...

ზურაბი - (რისხვით) ჩემმა თანასოფლელმა ბიჭმა ბაირაღი არ დახარა ბრძოლაში და, ვითომ დიდი ამბავიაო... გმირად მონათლეს, მოწამებრივი სიკვდილით ვინც მოკვდა, წმინდანად შერაცხეს და სანთლებს უნთებენ. ჩემი მსხვერპლი კი რითაა ვინმეზე ნაკლები? განსხვავება მითხარით!

თომა - განსხვავება ის არის, რომ ისინი არაფერს თხოულობდნენ სანაცვლოდ! შენ კი, გიორგი, მამაშენის დახსნას რომ ლამობ, ვერ ხვდები, რა სატანჯველს შეუქმნი, როცა გაიგებს, რომ თავისუფლება შვილის სიკვდილის ფასად მოიპოვა!

გიორგი - შვილის გმირულად დაღუპვის ფასად!

თომა - ეგ სულერთია! შვილი მამას არ უნდა ეწირებოდეს! მტერს არ ვუსურვებ ამას!

გიორგი - მე, ხვიჩასი არ იყოს, მამაჩემს კი არა, ჩემს სამშობლოს ვეწირები!

თომა - მესმის თქვენი, შვილებო, მესმის, მაგრამ ყველა წინაპირობა ანგარებად ჩაითვლება!

ზურაბი - რა ანგარებაა ეს?

თომა - პატივმოყვარეობა ანგარებაა, ზურაბ!

ზურაბი - კარგი რა, ბატონო თომა, ხვიჩასავით ფული ხომ არ მითხოვია?

გიორგი - გირჩევ, აქვე მოუხადო ბოდიში ხვიჩას!

ხვიჩა - გიორგი, მე მგონი გაგაფრთხილე, რომ არამკითხე ვექილები არ მჭირდება!

გიორგი - (წყენით) შენ რა უკუღმა გესმის ყველაფერი, ძმაო?!

ზურაბი - ხვიჩა, შენს საწყენად არ მითქვამს!

ხვიჩა - არც გირჩევ ჩემს წყენინებას!

ზურაბი - არც დაგასლოკინოს! ამას უყურეთ, ხმაც რომ დაიბოხა?

გიორგი - მაშ უარს გვეუბნებით?

თომა - მერწმუნეთ, ყმაწვილებო, თქვენზე არანაკლებ მტკივა გული!

ხვიჩა - აღარც ჩაკირვა მინდა, აღარც ოქროები, სანამ ჭიპამდე არ ჩამოგიყვან მაგ ულვაშს, ჩემო გმირთაგმირო!

ზურაბი - (ხანჯალზე გაივლებს ხელს) თუ გინდა აქვე დაგჩუტავ, შე გლეხუჭა.

თომა - გრცხვენოდეთ, დაგავიწყდათ, რა საქმეზე ჩამოხვედით?

ხვიჩა - გიორგი, შუაში არ ჩადგე, თორემ არ დაგინდობ, იცოდე!

გიორგი - (მანამდე გაშველებას რომ ცდილობდა) მასე ხომ? მე არ დაგინდობთ არცერთს! ხომ გადამიარეთ გულზე ორივემ?! ახლა მიყურეთ!

დემნა - ამ დუქანს რას ერჩით, ტყეს მიაქვს აქაურობა და იქ უჟაპუნეთ ერთმანეთს, თქვე კაი ხალხო.

თომა - (წამოხტება და თითო სილას უთავაზებს სამთავეს) ეს არის თქვენი ერისკაცობა, თქვენ გეწვით გული სამშობლოსთვის? მტერი კარზეა მომდგარი, თქვენ კი ერთმანეთის სისხლი არ გენანებათ? აქედან დაიკარგეთ, თქვე ცინგლიანებო, თქვენა!

გიორგი - (ხანჯალს ჩააგებს) ეს დარბაისელი კაცი რა იოლად იქნევთ მუშტებს, ბატონო ჩემო? (გადის. მას თავჩაქინდრული ზურაბი და ხვიჩა გაჰყვებიან).

დემნა - რამე სისულელე არ ქნან გზაში!

(შეშფოთებული თომა უკან გაჰყვება მათ, მაგრამ მალე ბრუნდება).

თომა - არა, სამივემ სხვადასხვა მიმართულებით გაქუსლა! (მაგიდაზე ყრის ვერცხლის ფულს) კიდევაც დაიზრდებიან! გესმის, დახლიდარო, არც ისეა საქმე, შენ რომ გგონია, ეგ დალესილი ბიჭები ერისკაცური გზით ივლიან! (ცხვირს დააცემინებს) აგერ დავამოწმე კიდეც! (ცლის ღვინით სავსე თასს და გადის).

დემნა - (აყირავებულ სკამებს ალაგებს) არ გეკადრება მოხმარება?

გიზო - რა იყო, მთხოვე და უარი გითხარი? (ჩაიცინებს) ისე, რამდენი სულელი დადის ქვეყანაზე ჰა, მამი?

დემნა - (ჩაფიქრდება) ეგ სულელები ათი თავით გჯობიან, შე საქონელო, შენა.

გიზო - (ნაწყენი და გაკვირვებული) ვითომ რატომ?

დემნა - (წელში გასწორდება) რატომ და... რატომ და...

გიზო - ჰო, ჰო, თქვი რატომ?

დემნა - (ვეღარ უპასუხებს) იმიტომ.

გიზო - ასე გეთქვა, შე კაცო, ახლა ნამდვილად მივხვდი!

დემნა - ნუ ღლიცინობ მანდ უშნოდ!

გიზო - შენ რა, გული ხომ არ გწყდება, კედელში ჩაკირვას რომ არ ვკისრულობ?

დემნა - (გულგახეთქილი) არა, შვილო, ეს სიგიჟე რამ გაფიქრებინა?

გიზო - რა ვიცი, ათი თავითო და...

დემნა - ვერ გამიგე, გიზოს ვენაცვალე!

გიზო - აბა რით მჯობიან?

დემნა - (საბოლოოდ იბნევა) არა მე... მე ის მინდოდა მეთქვა...

გიზო - ჰო, ჰო, ამოღერღე, მამი!

დემნა - მე მინდოდა მეთქვა, ეგენი ალბათ ეხმარებიან მშობლებს დალაგებაში-მეთქი!

გიზო - აუ, რამხელა ტყვილი დააწუილე?!

დემნა - რას მიბედავ, შე...

გიზო - (თვალს მოჭუტავს) ჰა, თუ გინდა დავეწევი თომას?!

დემნა - კაი ახლა, შვილო, რაზე მიხეთქავ გულს? ჩამოვსხდეთ, თითო ჭიქა დავლიოთ, დილით დავკალი სწორედ უშობელი...

გიზო - აღარა მშია! (ამთქნარებს) მამი!

დემნა - ჰო, მამა გენაცვალოს!

გიზო - ფული მოიტა! ქალაქში მივდივარ!

დემნა - (რისხვით) ისევ იმ ბოზ დედაკაცთან?

გიზო - თუ გინდა, დავრჩები!

დემნა - (საწყლად) არა, შვილო, წადი! ეგ შეგრჩება, სხვა რა?

გიზო - (ნასიამოვნები) ჯიგრიანი კაცი ხარ, მამი! ახლა ფული მოიტა, ხო იცი, რა ხარჯიანია ქალაქი?!

დემნა - (სულს ამოაყოლებს) მაგაზე კარგად რა ვიცი, შენი გადამკიდე! რამდენი გინდა?

გიზო - ხუთ თუმანს ვიმყოფინებ!

დემნა - (გამშრალი) ამდენი არასოდეს გითხოვია!

გიზო - რა ვი, ეგ შეგრჩებაო და!

(დემნა უხმოდ აძლევს ფულს. გიზო მიდის, კარში შეჩერდება და ფულს გადაითვლის).

გიზო - სამი მანეთი მაინც დამაკელი, ხომ? (თავს გააქნევს წყენის ნიშნად და გადის).

დემნა - (თვალს გააყოლებს და უეცრად გაეღიმება) რა მიკვირს, ჩემი შვილია და...

(გახალისებული დემნა დარჩენილ ღვინოს დაისხამს ჯამში და სულმოუთქმელად ცლის).

 

სურათი მეცხრე

 

ღამეა. ქალები გარს დახვევიან წამოჩოქილ თომას და გამეტებით ურტყამენ.

 

თომა - (თავს არ იცავს) გაგიჟდით, ქალებო!

თამარი - (ღონივრად უქნევს სახრეს) ხომ გაგაფრთხილე, ხომ გაგაფრთხილე!

მარეხი - კარგი, აკმარე, თამარ, ხომ ხედავ, თავსაც არ იცავს.

თამარი - (შედგება. სხვა ქალებიც ჩერდებიან) მეტი აღარ გნახო აქ ახლოს გაკარებული (ქალები მიდიან).

თომა - (უყვირის მიმავალ ქალებს) ჰო, მე ქვა მიდევს საგულეში, ჯალათი ვარ მოწოდებით, მთელი ცხოვრება იმას ვოცნებობდი, ნეტავ ვინმე ჩამაკირინა ორ კედელს შუა-მეთქი. (კვნესით დგება) მგონი ნეკნი ჩამინგრიეს მაგ ჯოჯოხეთის მაშხალებმა. რას მერჩოდი, ბრძენო თედორე! ჩემთვის გებრძანებინა, ჩაეკირეო... ჩავდგებოდი იმ კედელში, ამომიგლისავდნენ ამ დასადუმებელ პირს და მოისვენებდა ყველა გარშემო.

ლექსო - (შემოდის, შეშფოთებით) რა დაგემართა, ნათლი?

თომა - რა ვიცი... (ლექსოს შეხედავს და უეცრად გაეცინება) ქალებმა გამლახეს, ბიჭო.

ლექსო - (თვითონაც ეცინება) რაო?

თომა - შენ აქ საიდან გაჩნდი?

ლექსო - ხმაურზე გამოვედი. წამო, ჩვენთან დაიძინე დღეს!

თომა - არა, შვილო, წავალ ასე ნელ-ნელა.

ლექსო - გაგაცილებ.

თომა - ჰო, წისქვილამდე, თუ არ გეზარება.

ლექსო - ნათლი, სულ მინდოდა შენთვის მეკითხა.

თომა - ბრძანე.

ლექსო - მამაჩემი როგორ დაიღუპა?

თომა - განა შენ არ იცი?

ლექსო - როგორ არ ვიცი, მაგრამ თავიდან მინდა მოვისმინო ცოცხალი მოწმისგან.

თომა - რა გითხრა, შვილო, შუაგულ ომში მეფეს ცხენი მოუკლეს და გიორგიმ თავისი დაუთმო. ეს კი თვითმკვლელობას უდრიდა, ძლივსღა ვიცანით მერე ცხენებისგან გათელილი. მაპატიე, რომ ასე წვრილად გიყვები!

ლექსო - მე ვგევარ მამაჩემს?

თომა - გარეგნულად უფრო ნინოსკენ ხარ გადახრილი.

ლექსო - ხასიათით?

თომა - (ჩაფიქრდება) ხასიათით? გიორგი უფრო მკაცრი იყო, შენ უფრო რბილი ხარ, ალერსიანი.

ლექსო - (წყენით) რახან ქალის გაზრდილი ვარ?

თომა - (გაკვირვებით შეხედავს) ასე ცუდად გესმის ჩემი?

ლექსო - მაპატიე, ნათლი!

თომა-  მე შენს ვაჟკაცობას არ შევხებივარ!

ლექსო - მივხვდი-მეთქი!

თომა - მეტს ნუღარ გამაცილებ, დაბრუნდი! (ფერდზე იკიდებს ხელს).

ლექსო - გინდა, ნათიას ბაბუდასთან მიგიყვან, კარგ მალამოს აკეთებს, უცებ მოგირჩენს იარებს!

თომა -  მაგ ბაბუდამ მიყაყუნა ყველაზე მეტად! საკმაოდ ჯანიანი ქალბატონია. იღბალი, რომ თავის დროზე ცოლად არ შევირთე!

ლექსო - კარგი ერთი, თამარი შენი საცოლე იყო?

თომა - აბა, დიდი სიყვარულობია გვქონდა!

ლექსო - მერე, რად არ მოიყვანე?

თომა - რა ვიცი, შვილო, ჯერ ქალაქში წავედი, თედო კალატოზთან შეგირდად, მისი სული აცხონოს ღმერთმა, შემდეგ ერთ დედაკაცს გადავეკიდე... მოკლედ, აღარ შედგა ეს ამბავი!

ლექსო - ალბათ მაგიტომ გირტყა განსაკუთრებული ხალისით?!

თომა - (ნეკნებს ისინჯავს) ჰო, დამზოგაო, ვერ ვიტყვი!

ლექსო - (ღიმილით) მაშ, სახიფათო ყოფილა ასეთ დასტაქართან მისვლა!

თომა - ნუ იტყვი! კარგი, დაბრუნდი ახლა!

ლექსო - იქნებ გადაიფიქრო და დარჩე, ნათლი!

თომა - არა, შვილო, არ ვარ ჩვეული სხვაგან ძილს! ჭოტივით უნდა გავატარო ღამე!

ლექსო - ნება შენია! მაშ, აქვე გეტყვი ჩემს სათქმელს!

თომა - (უკვე წასასვლელად შეტრიალებული) რა სათქმელს?

ლექსო - ნათლი ბევრი ვიფიქრე...

თომა -  თუ გრძლად აპირებ, ხვალისთვის გადავდოთ, უქეიფოდა ვარ რაღაც!

ლექსო - ორი სიტყვით აგიხსნი ყველაფერს! ეს დღეები ბევრი ვიფიქრე...

თომა - რაზე?

ლექსო - ბევრი ვიფიქრე, მზად ვარ თუ არა-მეთქი!

თომა - (შიშნარევად) რისთვის?

ლექსო - თუ მათქმევინებ, გეტყვი!

თომა -  (დაძაბული) ბრძანე, ბატონო!

ლექსო - მოკლედ... ალბათ არ შევარცხვენ მამაჩემის ხსოვნას და არც შენს ნათელ-მირონს... არ შემაწყვეტინო! მე ჩავეტანები იმ კედელში!..

თომა - (გაოგნებული) რაო?

ლექსო - ჩავეკირები-მეთქი!

თომა - (ცოტა ხანს უაზროდ მისჩერებია ბიჭს, მერე სახეზე მოისვამს ხელს). არა, არა, არა, არა, ოღონდ შენ არა!

ლექსო - რატომ?

თომა - მეკითხები?

ლექსო - ჰო, გეკითხები!

თომა - ლექსო, შვილი რომ მყავდეს, შვილი, ალბათ უფრო იოლად გავიმეტებდი!

Lლექსო -  ეგ რა პასუხია?

თომა - (სახეს სახესთან მიუტანს) ნათლული ხარ, ბიჭო, ჩემი!

ლექსო -  ეგ რამ გათქმევინა, ნათლი? სხვის ნათლულებს რომ აგულიანებ და იმეტებ?

თომა - (სიტყვებს ეძებს) იცი, რას გეტყვი?

ლექსო - რას?

თომა - რასა და დედაშენს უბედურებად მამაშენის გმირობაც ყოფნის!

ლექსო - (ჩაიცინებს) მაშ, საკმარისია ერთი გმირი ოჯახში, არა?

თომა - ლექსო, შვილო, მოდი, დავივიწყოთ ეს საუბარი! ვითომ არც ყოფილა! (შეტრიალდება წასასვლელად).

ლექსო - (საკმაოდ უხეშად შეაჩერებს ხელით, თომა დაიკვნესებს) უკაცრავად, გატკინე, მაგრამ როგორ თუ დავივიწყოთ? მე აქ თამაშს კი არ გეთამაშები! შენ დაგევალა ეგ ამბავი და მიტომ გითხარი! აბა, ბოლომდე მათქმევინე! თანაც კი არ გითანხმებ, გატყობინებ მხოლოდ! დედაჩემს კი ნუ მაცოდებ, მაგაზე ფიქრი ახლა არ მინდა! მოკლედ, შენ რომ ბიჭს ეძებდი, ნათლი, ჩათვალე, რომ ნაპოვნი გყავს და ამაზე მეტს მართლა ნუღარ ვილაპარაკებთ!

(გრძელი პაუზა. თომა გამწარებით აცეცებს თვალებს აქეთ-იქით, ლექსო მშვიდად შეჰყურებს მის ასეთ ყოფას).

თომა - (მოულოდნელად, დამყოლად) კარგი, ლექსო, რახან გადაწყვიტე, მასე იყოს! (პაუზის შემდეგ) პირობა როგორი იქნება?

ლექსო - (გაკვირვებით) რა პირობა?

თომა - შენი პირობა. რას თხოულობ სანაცვლოდ?

ლექსო - რას უნდა ვთხოულობდე?

თომა - (მუდარით) რაღაცა მოითხოვე, ბიჭო!

ლექსო - (გაეღიმება) ეშმაკობა გისწავლია, ნათლი! პირობა გინდა დამტყუო. შენივე ქადაგებიდან ვიცი, რომ ეს უანგაროდ უნდა გაკეთდეს! ასე არაა?

(თომა სახეზე აიფარებს ხელებს). გახარებული უნდა იყო ნათლი, შენ კი ცხვირ-პირი ჩამოგტირის.

(ბეჭზე აკოცებს თომას და მიდის. სახეზე ხელაფარებული მოხუცი არეული ნაბიჯით გადის სცენიდან).

 

სურათი მეათე

 

მკრთალად განათებული საფლავი. ლექსოს იქვე ფეხი მოურთხია და სამარის თავთან დასმულ თეთრად მოლაპლაპე ჯვარს ხელით ეფერება.

 

ლექსო - პირველად მოვედი ღამით შენთან, მამაჩემო, გამიარა სიბნელის შიშმა. მაინც რა შავი, მრუმე ღამეა, უმთვარო და უვარსკვლავო! არა, ერთი ვარსკვლავი მაინც კიაფობს მკრთალად, ნეტა ჩემი თუა? არ ვიცი, რისთვის მოვედი შენთან. დამშვიდობებაა ეს თუ, მალე შეხვედრის იმედი. თუ შევხვდით, შენ დამიძახე, მამა! მე ხომ ვერ გიცნობ. აი ასე ცხოვრობ შენი ცხოვრებით კაცი და ელი, როდის შემოგცინებს შენი ვარსკვლავი. მანაც შემომცინა და მითხრა: აი, შენი უხედნი კვიცი! აი, შენი დასაპყრობი მწვერვალი! აი, შენი ვარსკვლავის საათი! ადექი და რამე ქენი! ამისთვის დაგნათოდი თვრამეტი წელიწადიო! ისიც მითხრა, აი, შენი შავოსანი თმაგაშლილი დედა, აი შენი ლამაზი შეყვარებული! აი, შენი შენზე შეწყვეტილი გვარი! ეგ არის შენი არჩევანიო! მაგრამ ისიც დაამატა, თუ ვარსკვლავს წაყვები, კაცად წაყვები! თუ არა და ქონდრის კაცად იარეო! რა ვქნა, მამა, სხვა რომ ჩაეტანოს ჩემს მაგივრად, სიცოცხლეს ხომ აზრი დაეკარგება! ნეტა რას გრძნობდი მაშინ, მეფეს საკუთარი ცხენი რომ დაუთმე და თავი სასიკვდილოდ გადადევი?! ჩემსავით თუ გეშინოდა ნეტა, ჩემო ვაჟკაცო მამა?

(შორიდან ნინოს განწირული ხმა მოისმის, ლექსო! ლექსო! ბიჭი აკლდამის ქვას ამოეფარება. შემოდის ნინო თმაგაშლილი და სახეჩამოხოკილი, ქმრის საფლავთან ჩაიმუხლებს, ღონე ეცლება).

ნინო - (უღონოდ თავჩაკიდებული) ჩვენი შვილი არ მოსულა აქ, გიორგი? აქ მოვიდოდა შენთან, ვიცი! მე კი გამირბის, რცხვენია ჩემი! (საფლავის ჯვარს ჩამოეყრდნობა და შუბლს მიადებს) უფალო, რა შეგცოდე, რა მძიმე ბრალი მიმიძღვის ან მე, ან ჩემს წინაპარს, ასე რომ გამაუბედურე! რად მაჩუქე გმირი ქმარი, რად მაჩუქე გმირი შვილი, რად? სულ შიშში და კანკალში ვიყავი, რომ რაღაც ამდაგვარს გადაწყვეტდა ჩემი ბიჭი, ჩემი მზეჭაბუკი!.. შეგირცხვა ნათელ-მირონი, თომა, ასე ადრე ვის დასჭირდა ცაში ლექსოს უმანკო სული!

რა შეგცოდე, ღმერთო, ასე რომ მტანჯავ? ან რა დამსახურება მაქვს შენს წინაშე, გმირის ცოლობითა და გმირის დედობით რომ დამაჯილდოვე! რად მარგუნე ამხელა პატივი, რად?!

გიორგი, გიორგი! ნუთუ შენი სული არ ფორიაქობს ახლა! ყველაზე ბედნიერი დედა ხარო, დღეს ვიღაცამ მითხრა. ყველაზე ბედნიერი ვყოფილვარ თურმე, ზარ-ზეიმით რომ მივაცილებ ერთადერთ შვილს ცოცხლად დასამარხავად!

რატომ? რატომ? რა თილისმა აქვს, რა ჯადო ამ სამშობლოს, რა არის ეს სამშობლო, გაუთავებლად მსხვერპლს რომ მოითხოვს? რა თილისმა აქვს ასეთი მის სიყვარულს, რა?!

მაპატიეთ ეს სიტყვები, გიორგი და ლექსო! მაპატიეთ ეს მკრეხელობა მე უბედურს, ვიცი, რომ უნდა გავმაგრდე, ცრემლი შევიშრო, თქვენ როგორც გეკადრებათ, ჩემო ვაჟკაცებო! ქანდაკებად უნდა ვიქცე და ვიმეორო, ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხებთან მეომარია! ერთი შვილ... არ მომასწრო ბედისწერამ შენს გაზრდას, შვილო! და მაინც... ერთი შვილ მაინც გავზარდე ვეფხებთან მეომარია! (გმინვა ამოხდება და საფლავზე დაემხობა, ლექსო ფრთხილად მიიპარება სასაფლაოდან).

 სურათი მეთერთმეტე

თივის ზვინზე ლექსო მიწოლილა, მკლავები თავქვეშ ამოუდევს. შემოდის ნათია. ცოტა ხანს მდუმარედ დაჰყურებს თივაზე წამოწოლილ ბიჭს.

 

ნათია - (სიოსავით) ლექსო!

ლექსო - (თივაზე წამოჯდება) ნათი? აქ როგორ მიპოვე?

ნათია - ვიცოდი, რომ მოხვიდოდი ჩვენს ადგილზე! (გვერდზე მიუწვება) მკლავზე დამადებინე თავი. (ცოტა ხანს ჩუმად წვანან) იცი, აივანზე მეძინა, ბაბუდას ტირილმა გამაღვიძა, მეც უცებ მივხვდი, რაც მოხდა... ცას ავხედე და დავინახე მკრთალი, უსიცოცხლო მზე. სხივებშემოფცქვნილი უფოთლო გვირილასავით და ის მზე უფრო მთვარეს ჰგავდა, მკვდარი ფერი ედო. იცი, მზეს რომ ავხედავ ხოლმე, ყოველთვის ცხვირს მაცემინებს... რას ვლაპარაკობ, მე თვითონ არ ვიცი. თუ გინდა მაკოცე!

ლექსო - ზღვის გემო აქვს შენს ტუჩებს!

(კოცნიან ერთმანეთს).

ნათია - ვტირი და იმიტომ!

ლექსო - ჰოდა, ნუ ტირი!

ნათია - შენ რომ მიდიხარ?

ლექსო - იცი, მე მჯერა, რომ მაინც ვიქნები შენს გვერდზე, ხანდახან მიგრძნობ კიდეც!..

ნათია - ეგ ცოტაა, მე მინდა გხედავდე, ხელით გეხებოდე. (პაუზის შემდეგ) მაშ, შენ ფიქრობ, რომ მერეც...

ლექსო - არ შეიძლება, ამხელა სიყვარული მოკლულ ბაჭიასავით წკაპ, და გაქრეს სადღაც... დარჩება, დაგუბდება. მე ხშირად მიგრძვნია მამაჩემის სუნთქვა სახეზე.

ნათია - შენ იცი, რისთვის მოვედი?

ლექსო - რომ გამომეთხოვო, არა?

ნათია - (თივაზე წამოჯდება) მე მინდა შენი ცოლი გავხდე! (ტუჩებზე დააფარებს ხელს) ჩუ! რამე სისულელე არ თქვა!

ლექსო - (დაბნეული) როგორ?

ნათია - ბუნების წესით, როგორც ხდება!

ლექსო - ნათი, გარიჟრაჟზე მე აღარ ვიქნები!

ნათია - (ჩაეხუტება) ჰო, ლექსო, მოკლე თაფლობის თვე მოგვიზომა განგებამ!

ლექსო - ხვალ...

ნათია - ნუ იფიქრებ ახლა ამაზე! ერთი გასაოცარი ამბავი უნდა გითხრა.

ლექსო - რა ამბავი?

ნათია - იცი, ვინ გამომიშვა შენთან?

ლექსო - ვინ?

ნათია - ვინ და ბაბუდამ! ყველას რომ დაეძინა, კაბა ჩავიცვი და სარკმლიდან ბაღში გადავძვერი. ამ დროს ხელი მტაცა ვიღაცამ, ბაბუდა იყო! სად მიდიხარ ამ კუნაპეტ ღამეშიო. უკანასკნელი გამბედაობა მოვიკრიბე, სად მივდივარ და ლექსოსთან, მისი ცოლი უნდა გავხდე-მეთქი! მიყურა, მიყურა ცოტა ხანს და მითხრა: მართალი ხარ, წადიო!

ლექსო - აღარ მომიყვე!

ნათია - რატომ?

ლექსო - თან ბედნიერი ვარ, თან... (ხანმოკლე დუმილის შემდეგ) ღონივრად უნდა ვიყო ხვალ!

ნათია - არ მესმის.

ლექსო - რა და, საკუთარი თავის შეცოდება თუ დავიწყე, ყველა შემატყობს ამას!

ნათია - დაივიწყე ყველაფერი! გახსოვდეს მარტო ის, რომ დღეს ჩვენი საქორწილო ღამეა! (ერთმანეთს ეხვევიან) ერთი წუთით გამიშვი ხელი! (უბიდან ორ სანთელს იღებს).

ლექსო - (ღიმილით) აქ რომ არ გეპოვნე, რას იზამდი?

ნათია - სახლში მოგადგებოდი! (ერთ სანთელს უწვდის) დაანთე! ახლა კი დავიჩოქოთ! (ორივე იჩოქებს, ანთებული სანთლებით ხელში) უფალო იესო ქრისტე! ძეო ღვთისაო! გვიხილე ცოლად და ქმრად მე და ლექსო! შეგვხედე შენი ლმობიერი მზერით ჩვენ, არა როგორც მრუშებს, არამედ შეყვარებულებს. ვფიცავარ შენს სხივოსან სახეს, რომ არასოდეს, არასოდეს შემეხება საალერსოდ სხვა კაცის ხელი. (ლექსოს) ახლა შენ თქვი!

ლექსო - (ჩურჩულით) რა ვთქვა?

ნათია - (ისიც ჩურჩულზე გადადის) რამე!

ლექსო - უფალო იესო ქრისტე! ძეო ღვთისაო! შეგვიწყალენ ჩვენ შეყვარებულნი!

ნათია - (აქრობს ორივე სანთელს) ამ სანთლებს შევინახავ! (ჩაფიქრებით) თუ ღვთის ნებით, შვილი არ დამრჩა შენგან, მონაზვნად აღვიკვეცები! (ლექსო თმაზე გადაუსვამს ხელს).

ლექსო - ნათი!

ნათია - (ტუჩებზე დაადებს კვლავ ხელს) იყუჩე! შენ დაიმსახურე ეს! ახლა კი მომეხვიე!

ლექსო - რატომ კანკალებ?

ნათია - არაფერია (უეცრად ხელს მაღლა წევს და ცრემლმომსკდარი ყვირის) პირველი მამალი, პირველი... გარიჟრაჟი გვიახლოვდება, ლექსო! ის ჩვენ დაგვაშორებს! (ერთმანეთს ჩაეხვევიან. სიბნელე).

 

 

სურათი მეთორმეტე

ტაძრის ამოსაშენებელი კედლის წინ ხალხი შეკრებილა. ყველასგან ზურგშექცევით, ქანდაკებასავით გაქვავებული დგას ნინო. მის გვერდით მასავით შავებში შემოსილი ნათია დგას მუხლებზე და ორივე ხელით ნინოს ფეხს შემოხვევია.

ავისმომასწავებლად რეკს ზარი. ორ კალატოზს შემოყავს ლექსო. მას შავ შარვალში ჩატანებული თეთრი, ქათქათა პერანგი აცვია. სახე მშვიდი აქვს, ფიქრიანი. ხალხში გმინვა გაისმის.

 

ნინო - (შეკრთება) მოიყვანეს?

ნათია - ჰო, დედავ ბატონო!

ბაბუდა - (ჩუმი მოთქმით) ვაი, შვილო, რა ლამაზი ხარ!

(შავოსანი ბერი ლექსოსთან მიდის, თმაზე ხელს გადაუსვამს და ხატს უწვდის საკოცნელად, ლექსო დაიჩოქებს, ხატს აკოცებს, პირჯვარს გადაისახავს და კვლავ ფეხზე დგება).

ნინო - რას აკეთებს ჩემი ბიჭი?

ნათია - ილოცა და ხატს ეამბორა, დედა ბატონო!

თომა - (მიდის ლექსოსთან, ცალ მუხლზე დაიჩოქებს და ხელზე კოცნის) მაპატიე!

ლექსო - (არ დაანებებს მუხლზე დგომას, წამოაყენებს) არ გინდა, ნათლი, სჯობს პატარა სამლოცველოში შეხვიდე და ჩემთვის ილოცო!

თომა - (ყრუდ) როგორც მიბრძანებ, შვილო! (გადის)

ლექსო - (კალატოზებს მიუტრიალდება) რაღას ველით?

კალატოზები - (არეულად) როცა შენ იტყვი... შენ გელოდებით!

ლექსო - ნუღარ გავწელავთ, ცოდოა ხალხი! (საკრებულოს მიუტრიალდება) მშვიდობით, ხალხო! (ოდნავ მოიდრეკს ქედს, შემდეგ ღრმად ამოისუნთქავს და სწრაფი ნაბიჯით მივა კედელთან, წამით თვალს შეავლებს მას, შემდეგ კედლის ნიშაში ჩადგება) მე მზად ვარ!

ნინო - (სადღაც იცქირება) რას შვება, ჩემი ვაჟი?

ნათია - კედელში ჩადგა, დედავ ბატონო!

პირველი კალატოზი - (თოკი უჭირავს ხელში) ლექსო, უკაცრავად მარა... ხელ-ფეხი უნდა შეგიკრათ!

ლექსო - რატომ?

მეორე კალატოზი - ვერ მოითმენ, აფართხალდები და გადმოანგრევ კედელს...

პირველი კალატოზი - დუღაბი ვერ მოასწრებს გაცივებას.

ლექსო - მაგას ნუ შიშობთ! არც გავტოკდები!

(კალატოზები მუშაობას იწყებენ, კაცები ქუდს იხდიან, შემდეგ ყველა იჩოქებს).

ნინო - რაო, დაიწყეს კალატოზებმა?

ნათია - დაიწყეს, დედავ ბატონო!

პირველი კალატოზი - (უეცრად ქაფჩას გააგდებს ხელიდან) ხალხო, რას მერჩით, რას მაკეთებინებთ!

(არავინ არ პასუხობს).

ლექსო - (რბილად) განაგრძე, კალატოზო!

(ის უხმოდ უბრუნდება სამუშაო ადგილს).

ნინო - შვილო, სადამდის მოგწვდა?

ლექსო - დედა, წადი, გთხოვ!

ნინო - მიპასუხე, შვილო!

ლექსო - დედი, წადი, ნათია წაიყვანე და წადი!

(კალატოზები სწრაფად აგებენ კედელს).

ნინო - შვილო, ლექსო, სადამდის?

ლექსო - (ყვირის) ნუ მაწვალებ, წადი! გაიყვანეთ ქალები აქედან!

(დავითი, მარეხი, მიხა და ბაბუდა დასწვდებიან ნინოს და ნათიას).

ნინო - (ხელს მაღლა აღმართავს) ხელი არ დამაკაროთ მე... მისი დედა ვარ!

ლექსო - კალატოზო, დააჩქარე!

პირველი კალატოზი - (ატირებული, სახელოთი ცრემლს იწმენდს) მეტი რაღა დავაჩქარო?

ნინო - შვილო, ლექსო, სადამდის?

ლექსო - (მოულოდნელად მორჩილად) მკერდამდე, დედა!

ნინო - (თავისთვის) მკერდამდე!

თამარი - წამოდი, გთხოვ! ნუღარ შეხედავ ამას...

ნინო - შვილო, შვილო, სადამდის!

(პასუხი აღარ ისმის, ლექსოს სახე უკვე დაფარეს ქვით კალატოზებმა).

ნინო - ლექსო, რატომ არ მპასუხობ, ლექსო!

(მოტრიალდება. ამოყვანილ კედელს შეხედავს, შეყვირებს და უგონოდ ეცემა ძირს. დაჩოქილი ხალხი ბერთან ერთად გალობას იწყებს).

თომა - (შემოვარდება) შეწყვიტეთ, ახლავე შეწყვიტეთ! გამოანგრიეთ კედელი!

(ეცემა კალატოზებს. მას გამოფხიზლებული ხალხი აკავებს).

შეძახილები  გაგიჟდა? გააკავეთ!.. რა შევწყვიტოთ, რა?..

თომა - (სალტესავით შემორკინულ მკლავებში ფართხალებს) ხილვა მქონდა, ახალი ხილვა!

შეძახილები  ტყუის!.. გაგიჟდა, ვეღარ გაუძლო! არ მიუშვათ კედლამდე!

ნათია - (ფეხზე წამოიჭრება) თქვი, თომა ბიძია, თქვი!

თომა - (ყვირის) მსხვერპლი უკვე გაღებულია! ბრძენი თედორე გამომეცხადა ლოცვაში?

შეძახილები - კალატოზებო, განაგრძეთ, არ უსმინოთ!

მიხა

დემნა

მარეხი - (არეულად) შეწყვიტეთ... ათქმევინეთ... ათქმევინეთ!

თამარი

დავითი

ნათია -  (მიეჭრება თომას, ცდილობს მის განთავისუფლებას) თქვი, ყველაფერი თქვი, დროზე!

თომა - ბრძენმა თედორემ ბრძანა ხალხო, თუ ერს ასეთი თავგანწირული, ასეთი უანგარო შვილი ჰყავს, მას ვერაფერი მოერევაო! მსხვერპლი უკვე გაღებულია, ეს გამოცდა იყო ხალხო, გამოცდა!

დავითი - თომა, ამხელა რაღაც რომ გადაგვალახინე თავში, ახლა მართლა უნდა დაგვარწმუნო, თორემ გვიჭირს შენი დაჯერება!

თომა - (ცოტა ხანს დაბნეული დგას, ყოყმანობს, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით მიდის ხატთან, იჩოქებს და ხატს ეამბორება) ვფიცავ, რომ ჭეშმარიტია ეს აზრი  ნათლით მოსული... ერს, რომელსაც ასეთი გულმხურვალე და თავდადებული შვილები ჰყავს, მარადიული დღეგრძელობა უწერია! რომ აშენდება დიდი ტაძარი, რომ უკან დაიხევს მტერი, რომ გაბრწყინდება ჩვენი ტანჯული სამშობლო!

ნათია - (ფოცხვერივით გაიკაფავს გზას გაოგნებულ ხალხში და ჯერ კიდევ ნედლ კედელს გადმოანგრევს. გულწასული ლექსო მის მკლავებს მიესვენება). ერთი ვინმე მომეკაროს!

ლექსო - (თვალს ახელს) არა, ნათი, არა!

ხალხში შეძახილები  ისევ დაინგრევა ტაძარი! არ აშენდება, არ აშენდება!

თომა - აშენდება!

თამარი - (ჩუმად) როგორ დაიფიცე ტყუილზე? ხილვა ხომ არ გქონია?

თომა - (ღიმილით) ხილვა არ მქონდა, გონების განათება კი მქონდა, ასე რომ ტყუილი არ მითქვამს, თამარ!

შეძახილები  აშენდება კი? აშენდება?

ნათია - (ნინოს დაუსვენებს შვილს მკლავებზე) აშენდება კი არა, ავაშენებთ!

დავითი - ავაშენებთ?

ყველა ერთმანეთს  ავაშენებთ?

ნინო - შვილო, შვილო!

ხალხი - ავაშენებთ?

(მაყურებლის პასუხი უცნობია ჩვენთვის).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / ნატაძრალზე