თაბუკაშვილი ლაშა

შენკენ სავალი გზები

 

 

დრამა ორ მოქმედებად

 

1. მარიამი -50 წლის.

2. კახა -20 წლის.

3. ირინე -18 წლის.

4. თენგიზი -55 წლის.

                               პირველი მოქმედება

 სურათი პირველი

 

სიბნელეში წყნარად შემოდის კლავესინის მელოდია. ბინდში თანდათან გამოიკვეთება ოთახის კონტურები... შემდეგ ტახტი, მაგიდა, სკამები, წიგნებით სავსე კარადა და გრძელი, ოვალური ფორმის ფანჯარა.

მელოდია წყდება და ოთახი ქუჩიდან შემოჭრილი ხმაურით ივსება. შემოდიან მარიამი და კახა. მარიამი მკლავზე ექაჩება ბიჭს და სკამზე სვამს.

 

მარიამი -(აქოშინებული) მგონი... მგონი დაჭრილი ხართ!

კახა -არაფერია, გამკაწრა მხოლოდ!

მარიამი -მაჩვენეთ, მკლავი!

(გახდის ტყავის კურტაკს, კახას მარცხენა ხელი სისხლში აქვს მოთხვრილი).

მარიამი -(სახეზე აიფარებს ხელს) ვაიმე!

(გარბის ოთახიდან. კახა დგება და ფანჯარასთან მიდის, შემდეგ არცთუ დიდი ინტერესით შეათვალიერებს საკუთარ ჭრილობას. მარიამს ბინტი, პირსახოცი და წყლიანი ტაშტი შემოაქვს).

მარიამი -დაჯექით!

კახა -(კურტაკს წაატანს ხელს) ნუ წუხდებით, ქალბატონო, მე წავალ!

მარიამი -(ძალით სვამს სკამზე) გარეთ მაინც ვერ გახვალთ, დაგიჭერენ!

(ძალით სვამს ბიჭს სკამზე. მკლავს ჩამობანს და შეხვევას იწყებს, კახა რაღაც თავისას ფიქრობს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ პროცედურას, ერთი-ორჯერ შეიჭმუხნება მხოლოდ ტკივილისაგან).

მარიამი -(აფორიაქებული) არც კი ვიცი... იქნებ იოდია საჭირო... ახლავე სისხლს შეგიჩერებთ და სასწრაფოს გამოვუძახებ!

კახა -(სასწრაფოს ხსენებაზე გამოერკვევა და ფეხზე წამოხტება) არავითარი სასწრაფო, ქალბატონო, ესეც საკმარისია!

მარიამი -(ოდნავ დაბნეული მისი რეაქციით) კი, მაგრამ რა მოხდება, რომ გამოვიძახო!

კახა -(რბილად) არ არის საჭირო!

მარიამი -(თანდათან ხვდება) თქვენ ფიქრობთ, რომ მილიციას შეატყობინებენ?

კახა -მიმიხვდით!

მარიამი  -(კვლავ დასვამს სკამზე) ხომ არ გატკინეთ?

კახა -არა!

მარიამი -(მისუსტებული ხმით) რამხელა ჭრილობაა?

კახა -ჰო, ღრმად შესულა!

(მარიამი უეცრად შებარბაცდება და ტახტზე ეშვება).

კახა -რა გემართებათ, ქალბატონო?

მარიამი -(ძლივს პასუხობს) არ ვიცი, ალბათ, მალე გამივლის!

 

კახა -(დგება) წამლებს სად ინახავთ?

მარიამი -სამზარეულოში... თაროზე... ვალოკორდინი!

კახა -რამდენი წვეთი?

მარიამი -ოცი.

(კახა გადის, ჭიქით ხელში ბრუნდება და თვალდახუჭულ ქალს წამალს ასმევს).

მარიამი -გმადლობთ!

კახა -ახლავე უკეთ გახდებით!

მარიამი -(სუსტი ღიმილით) რა სწრაფად შეიცვალა როლები?

კახა -(პაუზის შემდეგ) უკაცრავად, მაგრამ თქვენ ყოველთვის ასე იქცევით?

მარიამი -როგორ?

კახა -აი, შუა ჩხუბში რომ შემოვარდით გასაშველებლად?

მარიამი -მესმის, ხელი შეგიშალეთ, მაგრამ ის ბიჭი ისე ბრმად იქნევდა დანას... თქვენ რომ არ ამფარებოდით, დანა მე მომხვდებოდა! ასე რომ, დახმარების ნაცვლად...

კახა -(ფანჯარასთან მიდის) შეიძლება მოვწიო?

მარიამი -აი, ის სურა გამოიყენეთ საფერფლედ!

(პაუზის შემდეგ)

ისე რა ვაჟკაცობაა, ისინი ორნი იყვნენ, თქვენ ერთი, რას გერჩოდნენ?

კახა -(მხრებს იჩეჩავს) აბა, რა ვიცი... ალბათ ვიღაცაში შევეშალე!

მარიამი -(დაეჭვებით) არც ერთს არ იცნობდით?

კახა -(ქალის გამჭრიახობით ოდნავ გაღიზიანებული) არა.

მარიამი -ბოდიში!

კახა -აი, ფერიც დაგიბრუნდათ!

მარიამი -საერთოდ, არა ვარ ასეთი გულსუსტი... სახელიც ვერ გკითხეთ ამ ფორიაქში!

კახა -კახა!

მარიამი -მე მარიამი ვარ.

კახა -გმადლობთ, ქალბატონო მარიამ, მაგრამ ნუღარასოდეს ჩაერევით ჩხუბში, ამტვრიონ კაცებმა ერთმანეთს თავები, თქვენ რა გენაღვლებათ?

მარიამი -(დაბნეულად) აბა, ასე როგორ შეიძლება?

კახა -(კვლავ გაღიზიანებით) შეიძლება, შეიძლება!

მარიამი -თქვენ ასე მირჩევთ?

კახა -(მკვირცხლად მოტრიალდება და შემცბარი შეხედავს ქალს) ღმერთმა დამიფაროს, მე ჭკუის დარიგებას კი არ გიბედავთ...

მარიამი -(გაიცინებს) მიბედავთ, მიბედავთ, მაგრამ გაქვთ ამის უფლება, ჩემს გამო დაიჭერით... (კვლავ დასერიოზულდება) ძალიან მადარდებს ეგ ჭრილობა, მე მხოლოდ გადაგიხვიეთ და...

კახა -არაფერია!

(კვლავ ფანჯარასთან მიდის).

რას დაქრიან აქეთ-იქით?! ტყუილად აფეთებენ ხალხს!

მარიამი -მილიციელები?

კახა -დიახ!

მარიამი -ის ორი ბიჭი გაიქცა?

კახა -კიდევ კარგი მოასწრეს, ქალბატონო მარიამ. თქვენი მეზობლები...

მარიამი -მე მგონი არავის დაუნახავს ჩვენი აქ შემოსვლა, თუმცა რაზე ვიმარჩიელოთ, ჩავალ და გავიგებ, რა ხდება!

 

(გადის)

კახა -(სწრაფად მოისხამს კურტაკს და ტელეფონზე რეკავს). ლექსო, მანქანას დაახტი და სასწრაფოდ მოდი... ნუგზარის სახელოსნო გახსოვს? იმის მოპირდაპირე სადრბაზოსთან! მოიტანა ფული იმ ხვადაგმა, ავიღე, მაგრამ მერე დაიწყო უშნო ლაპარაკი და მოკლედ, ერთმა ღვთისნიერმა ქალმა შემიკედლა, დაბლა კი ჩვენი ძმები წრიალებენ და ვეღარ გავაღწიე აქედან... ზედ სადარბაზოსთან მოაყენე მანქანა, ბევრმა დამინახა!

(კიდებს ყურმილს, სიგარეტს უკიდებს და ბოლთას სცემს ოთახში, შემდეგ კარადასთან მიდის და წიგნებსა და ნახატებს ათვალიერებს).

მარიამი -(შემოდის, სულს ითქვამს) ყველაფერი რიგზეა. წავიდნენ უკვე! (სახვევს უსწორებს)

გაწუხებთ ტკივილი?

კახა -არა, დამიბუჟდა მხოლოდ!

მარიამი -ახლავე ჩაის დაგალევინებთ!

კახა -გმადლობთ, მაგრამ მეგობარმა უნდა გამომიაროს ხუთ წუთში!

მარიამი -ჰოდა, ხუთ წუთში მშვენივრად მოასწრებთ დალევას! (ყვავილებიან სურას შეავლებს თვალს) დამჭკნარან, მე კი ვერც შევამჩნიე!

(გააქვს სურა, ცოტა ხანში ბრუნდება და სუფრას აწყობს).

მარიამი -აბა, გთხოვთ!

კახა -(ერთხელაც შეათვალიერებს ოთახს) მარტო ცხოვრობთ?!

მარიამი -დიახ, მარტო!

(პაუზა. კახა ჩაის სვამს).

მარიამი -გასადილებდით, მაგრამ თქვენ ისე ჩქარობთ!.. (პაუზის შემდეგ) სწავლობთ?

კახა -(მოტრიალდება) რა ბრძანეთ?

მარიამი -სწავლობთ-მეთქი?

კახა -დიახ, უნივერსიტეტში! (ფანჯარში გაიხედავს და ვიღაცას უქნევს ხელს) აი, მოვიდა კიდეც!

მარიამი -სთხოვეთ თქვენს მეგობარს!

კახა -არა, სამწუხაროდ, ვჩქარობთ ორივე! ამ დღებში გინახულებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! (გადის. მარიამი მარტო რჩება ოთახში).

 

 სურათი მეორე

კვლავ კლავესინის მელოდია. მარიამი მაგიდასთან ზის და უკირკიტებს საბეჭდ მანქანას. ღია ფანჯარაში წვიმის ხმაური შემოდის. ზარის ხმა. მარიამი სათვალეს იხსნის, დგება და კარს აღებს. ოთახში ჭარმაგი, წარმოსადეგი კაცი შემოდის.

 

მარიამი -მობრძანდით, ბატონო თენგიზ!

თენგიზი -სამუშაოს ხომ არ მოგწყვიტეთ?

მარიამი -არა, მოვრჩი უკვე!

თენგიზი -ისევ ტექნიკური თარგმანია?

მარიამი -დიახ!

თენგიზი -რატომ მხატვრულ თარგმანს არ მოკიდებთ ხელს?

მარიამი -არასოდეს მიცდია, თანაც სულ სხვა სპეციფიკაა, ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ?!

 

თენგიზი -უცნაურია, არც კი მახსოვდა... მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი განათლებისა და ნიჭიერების პატრონს არ უნდა გაუჭირდეს წესით...

მარიამი -(სიცილით) როგორ მიხვედით ასეთ დასკვნამდე?

თენგიზი -(ჩუმად) მე ვგრძნობ თქვენს პიროვნებას!

მარიამი -(დაბნეული მისი ინტონაციით) ჩაი დავლიოთ!

თენგიზი -დიახ, დიახ, ვგრძნობ! თორემ არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ვერა ვგრძნობ, ვერ ვხედავ, რაღაც ნაცრისფერი ლაქაა, სხვა არაფერი!

მარიამი -დაბრძანდით, ბატონო თენგიზ!

თენგიზი -(გამოერკვევა) ჩემი ტელეფონი ისევ გაფუჭდა და თქვენის ნებართვით...

მარიამი -დარეკეთ, მე კი მანამდე ჩაის მოვადუღებ! (გადის, თენგიზი უხალისოდ მიდის ტელეფონთან, მექანიკურად კრეფს რიცხვს შემდეგ კიდებს ყურმილს და კვლავ რეკავს. ბოლოს თავს ანებებს ამ უაზრო მანიპულაციებს და სკამზე ჩამოჯდება).

თენგიზი -(შემოსულ მარიამს) სულ დაკავებულია!

მარიამი -არა უშავს, ცოტა ხანში კიდევ სცადეთ!

თენგიზი -ეს ჩემი უსინდისო ტელეფონი წამდაუწუმ ფუჭდება!

მარიამი -(ოდნავი ღიმილით) დიახ, მე შევამჩნიე ეს!

თენგიზი -(შეშფოთებული) თქვენი ხომ კარგად მუშაობს?

მარიამი -(ძლივს იკავებს სიცილს) არ ვუჩივი!

თენგიზი -(დაბნეული ღიმილით) თქვენ რაღაცაზე გეცინებათ.

მარიამი -თუ მომაქცევთ ყურადღებას. ხანდახან მომდის ასე... გამახსენდება რომელიღაც სასაცილო ისტორია და მთელი დღე ამეკვიატება ხოლმე!

თენგიზი -(დაეჭვებით) დიახ, დიახ, გასაგებია!

(მარიამი სუფრას აწყობს).

მარიამი -სამსახურში ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ?!

თენგიზი -(მხრებს იჩეჩავს) ვაშენებთ!

მარიამი -(ფანჯარში გაყოფს თავს) რა გაუთავებელი წვიმაა?

თენგიზი -დილიდან წვიმს!

მარიამი -(ჩაფიქრებით) ზოგს აწყნარებს წვიმის ხმა. (ზარის ხმა. მარიამი კარს აღებს. შემოდის თავიდან ფეხებამდე გალუმპული კახა, ხელში ვარდების უზარმაზრი კონა უჭირავს).

მარიამი -(გამოართმევს ყვავილებს კახას) კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი! შეხედეთ, რამხელა კონაა, ბატონო თენგიზ! ეტყობა კახას ჩემი დამჭკნარი ყვავილები შეეცოდა!

თენგიზი -(მოღუშული დგება) თენგიზი, ბატონო ჩემო!

კახა -(ხელს ჩამოართმევს) კახა!

მარიამი -რა არის ეს, როგორ გაილუმპე?

 

კახა -დღეს უკვე მესამედ ვსველდები და ვშრები! ნამდვილი წარღვნაა გარეთ!

მარიამი -(პირსახოცი შემოაქვს და ძალით უმშრალებს თმას ბიჭს) როგორ შეიძლება ასე?!

თენგიზი -ახლაღა მივხვდი, თქვენ ის ყმაწვილი ხართ, ქალბატონ მარიამს რომ აეფარეთ დანაზე, არა?

კახა -პრინციპში, პირიქით მოხდა, ჯერ ქალბატონი მარიამი ამეფარა, მერე მე ავეფარე...

მარიამი -(ღიმილით) მოკლედ, ერთმანეთს გადავეფარეთ! ხოლო გუშინ კახამ მთელი დღე მატარა ტაქსით ჩემს საქმეებზე! ქუჩაში დამინახა უცაბედად!

(ენერგიულად უმშრალებს თავს).

კახა -(თავის დაღწევას ცდილობს) შემიწყალეთ, ქალბატონო მარიამ!

მარიამი -(თავს გაანებებს) აი, ასე არა სჯობია?

(თმააბურძგნული ბიჭის დანახვაზე ეცინება და სავარცხელს აწვდის).

მარიამი -მაინც რამდენი მატარა გუშინ ტაქსით, არაფრით არ დამტოვა! თქვენ კი არ მოგწონთ ჩვენი ახალგაზრდობა, ბატონო თენგიზ!

თენგიზი -(შემცბარი) მე ეს არ მითქვამს!

მარიამი -კონიაკი მაქვს! (გადის).

თენგიზი -(პაუზის შემდეგ) ის კი არა, ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი, ამას წინათ, ძალიან რომ გამოთათხა თქვენი თაობა, ახლგაზრდების ლანძღვა-გინება მოახლოებული კლიმაქსის ნიშანია-მეთქი!

კახა -(იცინის, შემდეგ შეაჟრჟოლებს და ხელებს მოიფშვნეტს) არ ათბობენ?

თენგიზი -როგორ არა! გცივათ?

კახა -(კვლავ შეაჟრჟოლებს) ჰო, ცოტა, თითქოს...

თენგიზი -არცაა გასაკვირი, სამჯერ თუ დასველდით და სამჯერ გაშრით, კონიაკი გიშველით!

(მარიამი შემოდის და სუფრას აწყობს, შემდეგ ყვავილების კონას იღებს და ქალურად ჩაფიქრდება).

მარიამი -რომელ სურაში ჩავდო ამხელა კონა?!

(კვლავ გადის. კახა სკამზე წრიალებს და სახეს ისრესს).

თენგიზი -თქვენ ტაქსზე მუშაობთ?

კახა -(გაკვირვებით) არა!

თენგიზი -ჰო, მე კი ქალბატონ მარიამის სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ტაქსზე მუშაობთ!

კახა -არა, მეც მგზავრი გახლდით!

თენგიზი -სწავლობთ?

კახა -რა ბრძანეთ?

თენგიზი -სწავლობთ-მეთქი?

კახა -დიახ, უნივერსიტეტში (სახეზე იფარებს ხელებს).

თენგიზი -რა მოგდით?

კახა -რა ბრძანეთ?

თენგიზი -კიდევ გაცივებთ?

კახა -არა, გავთბი უკვე!

მარიამი -(შემოდის, ამჩნევს ღია ფანჯარას) უიმე, ფანჯარა ღია დამრჩენია, გაგყინეთ, ალბათ?!

 

(მიხურავს ფანჯარას და თვითონაც მაგიდას მიუჯდება).

აბა, შევუდგეთ!

თენგიზი -ქალბატონ მარიამს გაუმარჯოს!

კახა - კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო მარიამ! (სვამს, ცოტა ხანს თვალებს დახუჭავს და სახეს ისრესს).

მარიამი -დარეკვა რომ გინდოდათ, ბატონო თენგიზ?!

თენგიზი -ჰო, მართლაც...

(მიდის ტელეფონთან, კვლავ უყურადღებოდ კრეფს რიცხვს და უმალვე კიდებს ყურმილს).

არ არიან სახლში!

მარიამი -ახლა კახას გაუმარჯოს, ძალიან კარგ ბიჭს!

კახა -(თვალდახუჭული) გაუმარჯოს!

მარიამი -(შეშფოთებით) რა გემართება, კახა?

კახა -(გამოერკვევა) რა ბრძანეთ?

მარიამი -ცუდად ხომ არა ხარ?

კახა -(კვლავ ისრესს სახეს) არა, მე მგონი არა!

თენგიზი -თქვენი სადღეგრძელო ითქვა, კახა!

კახა -გმადლობთ!

თენგიზი -გაგიმარჯოთ. მიხარია, თქვენნაირ ახალგაზრდას რომ შევხვდი, თორემ მართალი გითხრათ, ცოტა გული მაქვს გატეხილი თქვენს თაობაზე!

კახა -(თვალებს ისრესს) კლიმაქსიო?

მარიამი -რა თქვი, კახა?

თენგიზი -(მკაცრად) ქალბატონ მარიამს მაინც მოერიდეთ!

კახა -(არეულ-დარეულად) არა, მე ვერიდები... უფრო სწორად, მე მერიდება... მაგრამ თქვენ არა ბრძანეთ რაღაცა მოახლოებული კლიმაქსის შესახებ... აღარ მახსოვს... რაღაცას ამბობდით...

მარიამი -რა გემართება კახა? (შეშინებული).

კახა -(წამოდგება და შებარბაცდება) ვერა ვარ კარგად... მცივა!

მარიამი -(მიდის მასთან და შუბლზე ადებს ხელს) ღმერთო, თურმე იწვის ბავშვი! (თენგიზს) ძალიან მაღალი სიცხე აქვს!

კახა -(თვალდახუჭული) მე წავალ!

მარიამი -სად წახვალ სიცხიანი, რას ამბობ?

კახა -(უნიათოდ უძალიანდება ქალს) არა... არა, ცოტა მცივა მხოლოდ... წავალ... გამიშვით, რა!

(ხელს გააშვებინებს, მაგრამ კვლავ შებარბაცდება და თენგიზი ძლივს ასწრებს ხელის შეშველებას)

უკეთ ვარ, გეფიცებით! წავალ... ძალიან გთხოვთ! (ძალაგამოლეული ბიჭი ვეღარ ეწინააღმდეგება მარიამსა და თენგიზს)

მარიამი -ტახტზე დავაწვინოთ!

კახა -არ მინდა ტახტი...

(თენგიზსა და მარიამს ტახტთან მიყავთ კახა და ზედ აწვენენ) არ მინდა ტახტი!

მარიამი -(თენგიზს) სასწრაფო გამოიძახეთ, გავარვარებულია ბავშვი!

თენგიზი -(ტელეფონს ეცემა) გამოითიშა, მართლა გაფუჭდა!

 

მარიამი -მეზობლისგან დარეკეთ, სწრაფად!

(თენგიზი გარბის)

კახა -(კბილების კაწკაწით) მციიი... ვა... ააა!

მარიამი -გარბის და რაც კი პლედები და საბნები აქვს, ზედ ახურავს ბიჭს) ახლავე გათბები, კახა, ახლავე! აბა, თერმომეტრი ჩაიდე!

კახა -არ მინდა ტახტი... თერმომეტრი... არც თერმომეტრი მინდა...

მარიამი -შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, დამიჯერე, გთხოვ! (ძალით უხსნის საკინძეს და თერმომეტრს იღლიაში უტენის ბიჭს).

კახა -(ბოდავს) ირინკა, გემები შემოდიან ნავსადგურში.

მარიამი -რა თქვი?

კახა -(წამოიწევს) გემები... გემები შემოდიან ნავსადგურში.. ყურეში.. მაგრამ... მაგრამ ძალიან ბევრი მეჩეჩია!

თენგიზი -(შემორბის) ახლავე აქ გაჩნდებიან!

მარიამი -ბავშვს აბოდებს უკვე!

კახა -(კვლავ წამოიწევს) არ ესროლო, არ ესროლო, გოჩა!

(ტახტიდან წამოიჭრება და სადღაც მიიწევს, მარიამი და თენგიზი აკავებენ, მაგრამ ბიჭი ცოტა ხანს მაინც თან დაათრევს ორივეს ოთახში).

მარიამი -კახა, კახა!

თენგიზი -(აქოშინებული) აბა, რას ჰგავს ეს, დაწყნარდი.

კახა -(უეცრად, მკაცრად) ხელი არ გაატოკოთ არც ერთმა, თორემ დაგაცივებთ სამივეს ადგილზე!

თენგიზი -რაო, რას იძახის?

მარიამი -არ გამაგიჟოთ, რა დროს ეგაა?! ბოდავს ბიჭი!

კახა -(უეცრად, წყნარად) ირინკა, მაპატიე, ვერ მოვედი გუშინ! ძალიან დავიღალე, ირინ... აი, ახლა წამოვწვები, ცოტას წავთვლემ და ყველაფერს მოგიყვები! ხომ არ გეწყინება, ორი წუთით რომ წამოვწვე!

თენგიზი -არა, არ გვეწყინება!

კახა -(მთვარეულივით მიდის ტახტთან და მშვიდად წვება)

მგლოვიარე ბინდებით,

იბურება ყვარელი,

ვაზით და სიმინდებით

მიდის გზა საყვარელი!

თენგიზი -(სულს ითქვამს) ასე ლირიულად არა სჯობია?!

მარიამი -(ჩაყვირის ყურში ბიჭს) კახა, კახა, შენი მშობლების ტელეფონი მითხარი!

კახა -(უეცრად წამოჯდება, მკაცრად) მე მამა მომიკვდა!

თენგიზი -დედა!?

კახა -დედა არა მყავს! ცოცხალია, მაგრამ არა მყავს! მამა მყავს!

თენგიზი -მაშინ მამას ტელეფონი გვითხარი!

კახა -(სევდიანად) მე მამა მომიკვდა!

თენგიზი -აზრი არა ქვს გამოკითხვას!

მარიამი -რა ვქნა, ვის შევატყობინო? (თერმომეტრს ამოუღებს იღლიიდან) ღმერთო ჩემო, ორმოცდაერთი!

 

თენგიზი -ორმოცდაერთი?

მარიამი -(სასოწარკვეთით) რა წყალს ვეცე! სად არიან ამდენ ხანს, ცოცხლად იწვის ბავშვი!

თენგიზი -(ოპტიმისტურად) წუთი წუთზე აქ გაჩნდებიან!

კახა -რამდენი გემია, ირინ! დიდი, ხავსმოდებული კარაველები! არასოდეს მინახავს ამდენი გემი ერთად! ბურთი კი დახტის, დახტის, აღარ ჩერდება, ნერვები წაიღო! ირინკა, სად მიდიხარ! ვეღარ გხედავ... ირინკა! (მოულოდნელად, მშვიდად) ნისლში გაქრა... ნისლში გაქრა... ნისლში! (თვალებს დახუჭავს და უღონოდ გადავარდება ბალიშებზე).

მარიამი -რა ვქნა, რა წამალი მივცე? მოდით მაგრად შევფუთნოთ და ოფლი მოვადინოთ!

თენგიზი -დეკას ჩაი მაქვს, თუშეთიდან ჩამოტანილი!

კახა -ლექსო, ხვალ საკონტროლო გვაქვს გეომეტრიაში! ხომ იცი, რა ტიპია ქოთქოთა?!

თენგიზი -(უეცრად გაეცინება) ქოთქოთა ვინ არის?

კახა -(კვლავ წამოჯდება) ქოთქოთა ჩვენი გეომეტრიის მასწავლებელია!

(მარიამი და თენგიზი ცოტა ხანს გაოგნებული შეჰყურებენ აბსოლუტურად ფხიზლად მომზირალ ბიჭს).

თენგიზი -მადლობა ღმერთს, გონს მოვიდა!

მარიამი -(იმედით) ახლა მაინც მითხარი, კახა, თქვენების ტელეფონი!

კახა -მგლოვიარე ბინდებით

იბურება ყვარელი...

 

სურათი მესამე

 

 

კლავესინის მელოდია. მარიამი ფეხისწვერებზე დადის ოთახში, კახა ტახტზე წევს, თავზე მარიამის ნაქსოვი ქუდი ახურავს, გვერდზე სკამი უდგას, სკამზე წამლები და ჭიქაა. ტახტთან "სუდნო" დგას. კახას სძინავს. მარიამი ბალიშს გაუსწორებს და ამ დროს, გარინდებას ტელეფონის მჭახე ზარი გაჰკვეთს.

 

მარიამი -  (სწრაფად იღებს ყურმილს, ბიჭს რომ არ გაეღვიძოს) გისმენთ... გამარჯობათ, ბატონო თენგიზ... სძინავს... მთელი ღამე იბორგა... ახლა დაიძინა, მხოლოდ... არა, ერთი კვირით გავითავისუფლე თავი... სახლში წამოვიღე სამუშაო!.. ახლა თითქმის აღარა აქვს სიცხე... აღარც აბოდებს! აღარაფერია საჭირო... ყველა წამალი ვუშოვე... თანამშრომელმა მომიტანა! ექიმიც გამოძახებული მყავს! გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ!

(ყურმილს კიდებს და მოტრიალდება. თვალგახელილი კახა უხმოდ უყურებს მას).

გაიღვიძე?

კახა - დიახ (პაუზის შემდეგ) მოკლედ თქვენს სახლაფორთოდ გავჩენილვარ ამ ქვეყანაზე! რა ჭირი მეტაკა მაინც, ვერ გამიგია!

 

მარიამი - ფილტვების ანთება გაქვს!

კახა - (გაკვირვებით) ცხოვრებაში არ გავმხდარვარ ავად! ბუნდოვნად მახსოვს, მთელი ღამე ჩემს სასთუმალთან გაატარეთ... თვალებიც უძილო გაქვთ? რატომ გეცინებათ?..

მარიამი - ძალიან გიხდება ჩემი ჩეფჩიკი!

კახა - (თავზე მოივლებს ხელს) კარგი სანახავი ვარ?!

მარიამი - არ გაბედო მოძრაობა!

კახა - გემორჩილებით, მაგრამ ქუჩაში ასე ხომ არ გავალ?

მარიამი - (გაოცებული) ქუჩაში რა გინდა?

კახა - მიიხედეთ რა, უნდა ჩავიცვა!

მარიამი - კახა, არ გადამრიო, რას აპირებ?

კახა - უნდა წავიდე, ქალბატონო მარიამ, აბა აქ ხომ არ დავრჩები?

მარიამი - რატომ ვერ დარჩები?

კახა - უკვე კარგად ვგრძნობ თავს!

მარიამი - ყმაწვილო, თქვენ ფილტვების ანთება გაქვთ, გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა?

კახა - ძალიან გთხოვთ, გამიშვით, რა!

მარიამი - გუშინაც მთხოვდი წვიმაში გაშვებას, ორმოცდაერთი რომ გქონდა სიცხე!

კახა - ახლა ხომ აღარა მაქვს, თქვენ თვითონ არა თქვით?

მარიამი - კახა, ეს ტონა წამლის წყალობით და საერთოდ, რა ხდება, გერიდება?

კახა-  ხომ შეიძლება თქვენთან სტუმრები მოვიდნენ!

მარიამი - ჩემთან თითქმის არავინ დადის! მოკლედ, ექიმი როგორც იტყვის, ისე მოვიქცევი!

კახა - (დაიხედავს და ОსუდნოსМ დაინახავს, გულგახეთქილი) ეს რა არის?

მარიამი  (ირონიულად) აბა, როგორ აგიხსნა?

კახა - და თქვენ...

მარიამი - (მშვიდად) რა მოხდა მერე, ყოველ მოწყალების დას უწევს ამის გაკეთება. (იცინის) სხვათა შორის, ჩემი პირველი წერილი ამასთან დაკავშირებით მივწერე მთავრობას. შვიდი წლის ვიყავი მაშინ. ომში ვითხოვდი გაშვებას, მოწყალების დად!

კახა - მოწყალეო ქალბატონო მარიამ, ხომ არ გახსოვთ, რას ვბოდავდი გუშინ?

მარიამი - (ღიმილით) ვინ არის ქოთქოთა?

კახა - (გაკვირვებული) ქოთქოთა? (სიცილი აუტყდება) ჩვენი მასწავლებლის მეტსახელი იყო სკოლაში. ერთხელ ბებიაჩემი გამოიძახა, რომელიც, სულო ცოდვილო, ცოტა მსუბუქად არის ქართულზე!

მარიამი - რატომ?

კახა - თვითონ როგორც ამტკიცებს, პეტერბურგში მიღებული სწავლა-განათლების გამო! ჰოდა, ჩემმა თერგდალეულმა ბებიამ, არც აცია, არც აცხელა და პატივცემულო ქოთქოთაო, ასე მიმართა ჩემს მასწავლებელს!

 

მარიამი  (იცინის) ბატონმა ქოთქოთამ რა უპასუხა?

კახა - თქვენც გადაგრიეს ამ ბავშვებმა ქალბატონო (უეცრად საბანს შემოიხვევს ტანზე და ტახტიდან წამოხტება) წავალ რა, ძალიან გთხოვთ!

მარიამი - არ გაბედო! (ხელს კრავს და ტახტზე წამოაქცევს) ახლა ისე ხარ დასუსტებული, რომ მეც მოგერევი! აბა, რა გიყო, კახა?! მართლა ხომ არ გაგიშვებ ქუჩაში სიცხიანს, ფილტვების ანთებით? ერთ შეღავათს გაგიწევ მხოლოდ, ჩემს ხალათს და ფლოსტებს დაგითმობ და ხანდახან ადგომის უფლებასაც მოგცემ. რახან ასე შეგზარა ამ ქოთნის დანახვამ! (ОსუდნოზეМ ანიშნებს).

კახა - გმადლობთ, მაგრამ...

მარიამი - (შეაწყვეტინებს) ერთი გამოსავალი გაქვს, დაურეკე თქვენებს და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე მოვიქცეთ! ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს დედაშენთან, რატომ არ მეტყვი ტელეფონის ნომერს?

კახა - (ჩუმად) მე დედა არა მყავს!

მარიამი - მამა?

კახა - ხუთი წლის წინ დამეღუპა!

მარიამი - (პაუზის შემდეგ) დედა გახსოვს?

კახა - (ნერვიულად) დედაჩემი ცოცხალია!

მარიამი - (დაბნეულად) მაპტიე, ვერ გავიგე...

კახა - (მოშლილად) თუ არ გეწყინებათ, სხვა თემაზე ვისაუბროთ!

მარიამი - კი მაგრამ, შენ სად ცხოვრობ?

კახა-  ბებიასთან!

მარიამი - ჰოდა, ბებიას დავურეკოთ!

კახა-  იცით, რა...

მარიამი - რა?

კახა - თუ მართლა არ გაწუხებთ, დავრჩები!

მარიამი - (რაღაცას ხვდება) კარგი, დარჩი! შენ მე არ შემუწახებ! მოდი ახლა, სიცხე გავიზომოთ!

კახა - (ძალაგამოცლილი მიესვენება ბალიშზე) გავიზომოთ.

მარიამი - (დაბერტყავს თერმომეტრს) შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს?

კახა - (მიმქრალი ხმით) უკეთესად! ქალბატონო მარიამ, ვინ იყო ის კაცი, გუშინ რომ...

მარიამი - თენგიზი, ჩემი მეზობელი!

კახა - რამე ხომ არ ვაწყენინე!

მარიამი - არა, არაფერი!

კახა - რაღაც მომენტში გავითიშე...

მარიამი - ჩემი ბრალია, ფანჯრის დახურვა რომ დამავიწყდა! იცი, მარტო ვცხოვრობ და გადავეჩვიე სხვაზე ზრუნვას, უყურადღებო გავხდი!

კახა - თქვენ სად მუშაობთ?

მარიამი- ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, ინგლისურის სპეციალისტი გახლავარ! შენ იცი ინგლისური?

კახა - ინგლისურს მასწავლიდნენ სკოლაში, ბათ მაი ინგლიშ იზ ქვაით ფუარ!

 

მარიამი - გადაგავიწყდა?

კახა - თითქმის, სიმღერა მახსოვს მხოლოდ... მაი ბონი!

მარიამი - (გაიღიმებს და ჩუმი ხმით იწყებს:

 (კახა აყვება მას. ქალი და ბიჭი მღერიან)

მარიამი  მშვენიერი პრონონსი გაქვთ, ყმაწვილო! უნივერსიტეტში სხვა ენას სწავლობ?

კახა - (უხალისოდ) არა, იგივეს. (პაუზის შემდეგ) მე თქვენ მოგატყუეთ, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - არ მესმის!

კახა - მე მართლა ჩავაბარე უნივერსიტეტში, ცოტა ხანს ვისწავლე კიდეც, მაგრამ მერე დამიჭირეს, ზედიზედ ორჯერ და სულ რამდენიმე თვეა, რაც ციხიდან გამოვედი!

მარიამი - თუ არ გსურს, ნურაფერს მომიყვები!

კახა - არა, სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია! პირველად ჩხუბზე დამიჭირეს, მეორედაც რაღაც ამდაგვარზე... ასე რომ, დიდხანს არ მაყურყუტეს!

მარიამი-  კი მაგრამ, ახლა ხომ შეგიძლია აღიდგინო თავი უნივერსიტეტში?

კახა - რასაკვირველია!

მარიამი - (გულუბრყვილო გამომცდელობით) თუ ეს შენთვის არ შეიძლება?

კახა - (გაკვირვებული) რატომ არ შეიძლება?

მარიამი - იქნებ არ მოგცენ მაგის უფლება?

კახა-  ვინ?

მარიამი - აი, იმ შენმა ამხანაგებმა?

კახა - (განცვიფრებით) ჩემმა ამხანაგებმა? (უეცრად ყველაფერს ხვდება და სიცილი აუტყდება) არა, ქალბატონო მარიამ, მე კანონიერი ქურდი არ გახლავართ, ასე რომ, ჩემი სწავლა-განათლება არავისში გამოიწვევს პროტესტს! თქვენ გადაწყვიტეთ, რახან ციხეში ვიჯექი.. (ისევ სიცილი აუტყდება, შემდეგ დასერიოზულდება) მე არც ქურდი ვარ, არც ბოროტმოქმედი, ისე მივედ-მოვედები რაღაცას. მოკლედ, ცოტა აწეწილად ვცხოვრობ, სხვა არაფერი!

მარიამი  ბოდიში!

კახა - რა გჭირთ საბოდიშო?

მარიამი - (გადის და ხალათი და ფლოსტები შემოაქვს) რასაკვირველია, ცოტა პატარა გექნება, მაგრამ რას იზამ?

კახა- თქვენ სამსახურში არ მიბრძანდებით?

მარიამი - არა, სახლში წამოვიღე სამუშაო!

კახა - ქალბატონო მარიამ, შეიძლება ჩემს ამხანაგს დავურეკო?

მარიამი - ამას რა კითხვა უნდა?! მე გვერდით ოთახში ვიქნები. თუ რამე დაგჭირდა, დამიძახე! ტელეფონს ლოგინთან ჩაგირთავ!

(ტელეფონი კახას ტახტთან მიაქვს და გადის).

კახა - (ყურმილს აიღებს და რიცხვს კრეფს, ხმადაბლა) გამარჯობათ, მისს აირინ! მე ერთი უიმედოდ შეყვარებული, ზნეობითა და კეთილშობილი ზრახვებით აღსავსე ახალგაზრდა გახლავართ!.. სულ ტყუილად მეჩხუბები, ირინკა, ფილტვების ანთება დამემართა... არა, რა სავადმყოფო, (უფრო ჩუმად) იმ დღეს რომ გიყვებოდი იმ ქალზე, მარიამზე... სწორედ მასთან სახლში დამარტყა მაღალმა სიცხემ და ახლა უსინდისოდ ვარ წამოკოტრიალებული ტახტზე... ისე, ზრდილობისათვის გადავწყვიტე ვიზიტი გამეკეთებინა... რაც არ უნდა იყოს, ჩემი გულისთვის დანის ტრიალში შემოვარდა! (იცინის) რას სულელობ? სულ სხვა ტიპის ქალია.. და საერთოდ, ნუ გაქვს გადაწყვეტილი, რომ მთელი საქალეთი ჩემზე ნადირობს! მოდი და თვითონ ნახავ! საოცრად კარგი ადამიანია, ლექსო მოგიყვანს, მისამართი იცის! ჰო, მართლა, ბებიაჩემთან გაიარე და საპარსი, კბილის ჯაგრისი და პირსახოცი წამომიღე! გელოდები!

(კიდებს ყურმილს, კურტაკს გადაწვდება, პისტოლეტს იღებს გულის ჯიბიდან და ლეიბის ქვეშ ინახავს, შემდეგ სიგარეტის კოლოფს ხსნის და ასანთს იღებს ჯიბიდან).

მარიამი  (შემოდის) როგორ შეიძლება ახლა სიგარეტი!?

კახა - გემორჩილებით! ქალბატონო მარიამ, გავკადნიერდი და ერთ გოგონას აქ ვთხოვე მოსვლა, რაღაც უნდა მომიტანოს!

მარიამი - შენ მართლა გადამღალე ბოდიშებით! მოდი, შევთანხმდეთ, თუ ვმეგობრობთ, მორიდება არ იყოს!

კახა - ნუ გიკვირთ, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი!

მარიამი - ერთ საათში გასადილებ!

კახა - ნამცეცსაც არ დავტოვებ!

მარიამი -  ყოჩაღ, ახლა მომწონხარ!

(გადის. კახა გვერდს იცვლის და კვლავ ჩასთვლემს. მარიამი მოულოდნელად უკან ბრუნდება, ჩაძინებულ ბიჭს რომ დაინახავს, წამით შეჩერდება, შემდეგ მიდის მასთან და საბანსა და ლეიბს უსწორებს. უცებ, თავისდაუნებურად, იარაღს წაატანს ხელს. დაბნეული ატრიალებს ხელში, შემდეგ მოუხერხებლად წიგნების კარადაში ინახავს. კახა ამ დროს თვალს გაახელს, დაინახავს ამ მომენტს და ჩაახველებს).

მარიამი - (მოიხედავს) გაიღვიძე?

კახა - დიახ.

მარიამი - უცაბედად წავაწყდი შენს რევოლვერს!

კახა - (ღიმილით) ეგ რევოლვერი არაა.

მარიამი - აბა რა არის?

კახა - პისტოლეტია!

მარიამი - ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა! სამწუხაროდ, უფლება არა მაქვს გკითხო..

კახა - თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, ქალბატონო მარიამ, მაგრამ...

 

მარიამი - რა მაგრამ?

კახა - დამიბრუნეთ ეგ რკინის ნაჭერი, უმაგისოდ ავადმყოფი მოწყენილად იგრძნობს თავს!

მარიამი - დაბლა მაღაზიაში სათამაშო ტანკი იყიდება!

კახა - მართლა ჩემი არ გეგონოთ, შესანახად მომაბარეს!

მარიამი - (ნაღვლიანად) კახა, რად გინდა ეს რე... პისტოლეტი?

კახა - ისე, მიყვარს იარაღი!

მარიამი - რას იზამ, განიარაღებით პრობლემა ჩემზე უფრო ჭკვიანმა ხალხმა ვერ გადაჭრა! დროებით მაინც იყოს აქ!

კახა - კი, ბატონო!

(ზარის ხმა კარზე).

კახა - (წამოჯდება) ეს ალბათ ირინკაა!

(მარიამი კარს აღებს. შემოდის ლამაზი, კიკინებიანი გოგონა, მხარზე გადაკიდებული ჩანთით).

მარიამი - მობრძანდით!

ირინე - გმადლობთ! (კახას) თქვენი საპარსი და პირსახოცი ინებეთ, მილორდ! კბილის ჯაგრისი და საპონიც მანდვე ეძებეთ!

(ლოგინში ჩაუგდებს ჩანთიდან ამოღებულ ტოპრაკს)

კახა - ერთი წამით მიიხედეთ, უნდა ჩავიცვა!

ირინე - (ცივად) მე შემიძლია არც მივიხედო!

(მარიამი ჩაიცინებს და გვერდით ოთახში გადის).

კახა - (ხალათს იცვამს) როგორ იქცევი? რა დღეში მაგდებ.

ირინე - (ტაშს შემოკრავს) როგორ გიხდება?! ბეჭებში გაქვს ოღონდ ცოტა განიერი!

კახა - ქალმა შემიკედლა, შვილივით მივლის, შენ კი...

ირინე - (მოულოდნელად მორჩილად) მაპატიე, მაგრამ ისეთი განწყობით მოვდიოდი... ეტყობა, მართლა ნორმალური ქალია!

კახა - მადლობა ღმერთს, რომ მიხვდი!

ირინე - ნეტა ჩემს სახლში დაგმართოდა ეგ ფილტვების ანთება! რამდენიმე დღე მაინც დაგამწყვდევდი, მოგივლიდი, მოგეფერებოდი... შენ ხომ სულ გაქცევაზე ხარ, ერთხელ არ შეარგებ ადამიანს თავს!

კახა - (რბილად) ძალიან გთხოვ, მოეფერე და ბოდიში მოუხადე მარიამს, მე შხაპს მივიღებ და გავიპარსავ მანამდე!

ირინე -  გაგიჟდი? რა დროს შხაპია, ფილტვების ანთება გაქვს!

კახა - რაც გთხოვე, ის გააკეთე!

(გადის)

მარიამი - (შემოდის) რატომ დგახართ ფეხზე, დაბრძანდით!

ირინე - ჯერ კახას დავალება უნდა შევასრულო!

მარიამი -  რა დავალება?

ირინე - ბოდიში უნდა მოგიხადოთ!

მარიამი - (ცივად) არ არის საჭირო!

ირინე - იცით, აქ რომ მოვდიოდი, მილიონი სულელური აზრი მიტრიალებდა თავში! მაგრამ ერთი გამართლება მაქვს, მე ხომ არ გიცნობდით!

 

მარიამი - მარიამი!

ირინე - (კნიქსენს უკეთებს) ირინე!

მარიამი - ახლა მაინც დაბრძანდით!

ირინე - არა! მე კიდევ ერთი დავალება მაქვს შესასრულებელი!

მარიამი - რა დავალება?

ირინე - კახამ მითხრა, მოეფერე ქალბატონ მარიამსო, მაგრამ...

მარიამი - მაგრამ?

ირინე - მაგრამ მე, რატომღაც მისი დავალების გარეშეც გამიჩნდა ასეთი სურვილი!

მარიამი - (ოდნავი ირონიით) ასე სწრაფად?

ირინე - დიახ, ასე სწრაფად!

(მკლავებს გაშლის, მარიამს ჩაეხუტება და აკოცებს. შემდეგ მოტრიალდება და გრაციოზულად ეშვება სავარძელში)

ახლა დაჯდომაც შეიძლება!

მარიამი - ვისადილოთ!

ირინე - გმადლობთ, მე ლექსოსთან ვისადილე!

მარიამი - ლექსო ვინ არის?

ირინე - კახას ერთადერთი ნორმალური მეგობარი! თუმცა მთლად ნორმალური არც ლექსოა, ეგეც გვარიანად უფშვიტინებს!

მარიამი - (სიცილით) ამომწურავი დახასიათებაა!

ირინე - არა, ისე კარგი ბიჭები არიან! ლამაზები, დახვეწილები, ნაკითხები, ოჯახიშვილები და ასე შემდეგ. მაგრამ ყველას... არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო!

მარიამი - უფშვიტინებს?

ირინე - არა, ეგ თავისთავად! მოკლედ რომელი როდის და სად მოიტეხს კისერს, ალაჰმა უწყის! მე მგონი, უბრალოდ ინფანტილურები არიან!

მარიამი -  ირინე, ერთი რამე უნდა გკითხო!

ირინე - ბრძანეთ!

მარიამი - კახას მშობლები ჰყავს?

ირინე - მამა მოუკვდა ინფარქტით. სულ ახლგაზრდა კაცი...

მარიამი - დედა?

ირინე - ჰოო, ეგ რთული საკითხია! დედამისი ცოცხალია, მაგრამ კახა უკვე ოთხი წელია, რაც ბებიასთან გადასახლდა...

მარიამი - რატომ?

ირინე - იმიტომ, რომ ქალბატონი, ქვრივი ნინო ჭავჭავაძისაგან განსხვავებით, ერთი წლის თავზე გათხოვდა კახას მამის საუკეთესო მეგობარზე. შექსპირის არ იყოს, ჯერ ის ფეხსაცმელი არ გაცვეთოდა, რომლითაც ქმრის კუბოს მიყვებოდა... და ასე შემდეგ! კახა მაშინ თოკიდან ჩამოხსნეს!

მარიამი - თავს იკლავდა?

ირინე - დიახ! თხუთმეტი წლის ბიჭი უკეთესს რას მოიფიქრებდა? მერე ბებიასთან გადასახლდა და სულ აეწეწა ცხოვრება!

მარიამი - კი მაგრამ, ბებია?

ირინე - ო, ეს ტიპიური, სათნო და შვილიშვილზე გადაფოფრილი ბებია არ გეგონოთ! დღეში ასი გრამი ОრემმარტინიМ, სხვას არა სვამს. და პასიანსი გონების დაკარგვამდე, ეგოიზმის ფორმულა! ისე, ფულს აძლევს ხოლმე... ძუნწი არ არის. მოკლედ, არსაიდან ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არრას ეტყოდა!

მარიამი - (ჩაფიქრდება) გასაგებია!

(ოთახში გაუბედავად შემოდის გაპარსული და ხალათში შეფუთნული კახა).

მარიამი - (მკაცრად) ახლავე ჩამოიცვი თავზე ჩემი საყვარელი ჩეფჩიკი!

(კახა დაუყოვნებლივ ასრულებს მარიამის ბრძანებას).

ირინე -  (ასევე მკაცრად) და ულაპარაკოდ, ლოგინში! (კახა თავს ჩაქინდრავს, პატიმარივით დაიწყობს ზურგსუკან ხელებს და ლოგინისკენ წავა).

კახა - გემორჩილებით, ოღონდ წუთით მიიხედეთ, თუ შეიძლება!

(მარიამი და ირინე შეტრიალდებიან. კახა სწრაფად გაიძრობს ხალათს და წვება).

მარიამი - მე უნდა წავიდე ცოტა ხნით, სადილი მაცივარშია. ირინე, იდიასახლისე! (ლაბადას მოიცვამს და ქოლგას აიღებს) მგონი, წვიმას აპირებს ისევ (გადის).

კახა - (პაუზის შემდეგ) ხომ გითხარი?!

ირინე - მართლაც კარგი ქალია!

კახა - გუშინ მესიზმრე!

ირინე - (ინტერესით) როგორ?

კახა - ბუნდოვნად მახსოვს, რაღაც კატასტროფულად სექსუალური სიზმარი იყო!

ირინე - (ნაზად) გაიტყიპებით, მილორდ!

კახა - ლექსო რატომ არ მოვიდა?

ირინე - მოერიდა, ყველა ხომ არ შევესევით იმ ქალსო!

კახა - (ამოიოხრებს) სწორია, მეც საკმაოდ თავხედურად გავშინაურდი!

ირინე - როგორც გატყობ, ძალიან მოგწონს აქ!

კახა - იცი, მართლა კარგად ვგრძნობ თავს, დავისვენე!

ირინე - (მოულოდნელად) ამას წინათ სიყვარული ამიხსნეს!

კახა - (ხმას გაინაზებს) დედა, რა ბედნიერი ხარ?! ვიინ?

ირინე - მაღალი, ქერა და ცისფერთვალება ბიჭია! (სიგარეტს უკიდებს და ბოლთას სცემს აქეთ-იქით).

კახა - ნუ ეწევით ავადმყოფის ოთახში! ან ავადმყოფსაც მოაწევინეთ!

ირინე - როგორი თვითდაჯერებული ხარ, ეჭვიანობასაც არ კადრულობ!

კახა - ღმერთმა დამიფაროს! მე შენი მჯერა, ირინ!

ირინე - მე კი არა მჯერა!

კახა - (ნაძალადევი განცვიფრებით) ვისი, საკუთარი თავის?

ირინე - მორჩი! შენი არა მჯერა!

კახა - ბატონო, ბატონო?!

ირინე - ვინ იყო ის მწვანე ჟირაფი, რვაჯერ რომ ეცეკვე ლელასთან!

კახა - რა კარგია, ფერებით რომ აზროვნებ!.. მწვანე ჟირაფი... ცისფერთმიანი, ქერათვალება მიჯნური...

 

ირინე - ცისფერთვალება, ქერათმიანი!

კახა - ბოდიში, შემეშალა. სასწრაფოდ გადავიღებავ თმას და თვალებსაც, მაგრამ მწვანე ჟირაფს მაინც ვერ ვახსენებ!

ირინე - რა ვიცი, ვერაფრით აგაწიწკნეს ერთმანეთს!

კახა - (დაღლილად) რა სისულელეებს იგონებ, ირინ?!

ირინე - ჰო, მილიციამ ვერ გამოგტეხა ვერც ერთხელ და მე რას მოგერევი?!

კახა - (ხმას აუწევს) მართლა არ ვიცი, ვისზე მეუბნები!

ირინე - არ ვიცის დედა იცინოდა, ვიცის დედა ტიროდა  ძველთბილისური ანდაზა.

კახა - (ალერსიანად) მოდი ჩემთან, ჩემო პატარა ძველო ბიჭო, მართლა საოცრად მომენატრე!

ირინე - (ცრემლიანი ღიმილით) მეც მომენატრე!

(ისკუპებს და თავზე დააცხრება ბიჭს).

კახა - ირინკა, ფრთხილად, გადაგედება!

ირინე - გადამედოს, იქნებ მეც მინდა ფილტვების ანთება მქონდეს?! მარიამი ორივეს შეგვიკედლებს!

კახა - (თავს გაითავისუფლებს) ვინ არის ის ქერათვალება, ცისფერთმიანი ახალგაზრდა?

ირინე - ცისფერთვალება, ქერათმიანი..

კახა - ვინ არის-მეთქი?

ირინე - ჰო, მეტი საქმე არა მაქვს, მაგასაც გაგალახინებ!

კახა - (განცვიფრებით) ვინ უპირებს გალახვას?

ირინე - (თავზე წაივლებს ხელებს) დედა, რა თაღლითია?! კაცი ვეღარ მიბედავს შეხედვას ამ ველურის შიშით.. თუმცა, იმ ქერა ბიჭს შენ ვერ მოერევი! კარატისტია!

კახა - თუ კარატისტია, უნდა დავუთმო შენი თავი, სხვა რა გზაა?

ირინე - რატომ არ მეკითხები, მე რა ვუპასუხე?

კახა - რა უპასუხე!

ირინე - შენი ფოტოსურათი ამოვიღე ჩანთიდან და ვაჩვენე! სხვათა შორის, ღირსეულად მოიქცა, შეტრიალდა და წავიდა, ცოტა შემეცოდა კიდეც!

კახა - ირინკა, მართლა ადექი რა, სულ არ გჭირდება ფილტვების ანთება!

ირინე - ოჰ, შე უსინდისო, არც ეჭვიანობ და ლოგინიდანაც მაგდებ! მე შენ გიჩვენებ სეირს!

(ხელებს შეუყოფს იღლიებში)

კახა - (ისტერიული სიცილით) ირინ, გეხვეწები... არ შემიძლია ღაჭუნის ატანა!

ირინე - აჰა, ვერ იტან? აკი არა ვარო ეჭვიანი?

კახა - ვარ! ვარ!

(ირინე თავს გაანებებს ბიჭს, წამოდგება და სავარძელში ეშვება)

ირინე  (დიდხანს უყურებს კახას) შენ მართლა არ იცი... არ გესმის...

კახა - რა?

ირინე - როგორ მიყვარხარ!

 

კახა - (პაუზის შემდეგ) თუ არ შეწუხდები, კურტაკის ჯიბეში ჩაყავი ხელი!

ირინე - (გაკვირვებული) რა ვქნა?

კახა - გულის ჯიბეში ჩაყავი-მეთქი ხელი!

ირინე - (ამოიოხრებს) მშვენიერი გადასვლაა... მე სიყვარულს ვუხსნი, ეს კი... მუტრუკო!

(ხელს ჩაყოფს კურტაკის გულის ჯიბეში და მთელი დასტა ფული ამოაქვს).

ირინე - (გაოგნებული) კახა, რა არის ეს?

კახა - რა უნდა იყოს, ფულია. სამი ათასი მაენეთი!

ირინე - (სუსხიანად) ვისია ეს ფული?

კახა - ჩვენი! ჩემი და შენი!

ირინე - კახა, საიდან ეს ფული?!

კახა - (წაუმღერებს) ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობ...

ირინე - (ისტერიულად) საიდან-მეთქი?

კახა - (მოშლილად) რა გაყვირებს?

ირინე - აბა, საიდან ამხელა ფული?! ახლავე მითხარი, რა ჩაიდინე?

კახა - (უკმაყოფილოდ) ოოჰ, კარგი, გეტყვი... მოვიგე!

ირინე - შენ წინათაც გითამაშია, მაგრამ ამდენი...

კახა - სიმართლე გინდა?

ირინე - მინდა!

კახა - ერთმა ნაძირალამ ეს თანხა მოუგო მეორე ნაძირალას, მეორე ნაძირალამ არ გადაუხადა ვალი პირველს. მაშინ პირველი ნაძირალა ჩემთან მოვიდა და მითხრა, ეს ვალი შენთვის გადმომიბარებიაო! თუ აიღებ, მთლიანად შენი იყოს, მე იმ ოხერის გამწარებაც მეყოფაო!

ირინე - მერე, შენ რა ქენი?

კახა - მივედი იმ მეორე ნაძირალასთან და ვუთხარი, ეგ ფული მე მეკუთვნის-მეთქი, პირველმაც დამიმოწმა. ჰოდა, ავიღე!

ირინე -  მაინც ჭუჭყიანი ისტორიაა!

კახა -  არავითარ შემთხვევაში, და იცი რატომ? იმიტომ, რომ ეგ თანხა ერთ საქმეს უნდა მოხმარდეს!

ირინე - საბავშვო ბაღს უნდა აჩუქო?

კახა - ნუ გადაიღლი თავს ირონიით! ეს ფული ტალინში დამჭირდება!

ირინე - ტალინში რა გინდა?

კახა - რა ვიცი, ვიფიქრე, რომ შენც ასე გადაწყვეტდი!

ირინე - რას? ნუ დამაწყვიტე ნერვები!

კახა - რას და თაფლობის თვის ტალინში გატარებას!

ირინე - რაო, რაო?

კახა - კოტე ჯვარს იწერსო!

ირინე - კახა!

კახა - ერთხელ ხომ წამოგცდა, საქორწილო მოგზაურობა ტალინით დავიწყოთო! დედა ვუტიროთ ამ სამი ათას მანეთს!

ირინე - შენ, მგონი, მართლა ამბობ!

კახა - შორს ლირიკა! საქმიანად ვისაუბროთ! უნივერსიტეტში საღამოს დასწრებულზე აღვიდგენ თავს! პარალელურად ვიმუშავებ! ბინის პრობლემა არა გვაქვს, ბებიაჩემი მოხუცდა და შიშები დაეწყო, აქედან გამომდინარე, დედაჩემთან გადადის საცხოვრებლად! გარდა ამისა, ჩემს მშობელს კეთილშობილი ჟესტი გაუკეთებია და მამაჩემის დატოვებული საკმაოდ დიდი თანხა და პენსია ჩემს სახელზე გადაურიცხავს სალაროში! ასე რომ, დასაწყისში რამენაირად გავიტანთ თავს, მერე კი...

ირინე - მერე კი?..

კახა - ხომ იცი, რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი, რამე სერიოზულს მივაღწევ!

(პაუზა)

ამდენი რომ მაქაქანე, ახლა შენც თქვი, რას ფიქრობ ყოველივე ამის შესახებ?!

ირინე - ბედნიერი ვარ!

(მიდის ლოგინთან)

კახა - არ მომეკარო, გადაგედება-მეთქი!

ირინე - ნუ გააწყალე გული შენი ფილტვების ანთებით! (ეხვევა კახას. ზარის ხმა კარზე) გავალ, თავს მოვიყვან წესრიგში, თორემ დავაბნევ მარიამს! კარი შენ გააღე!

(გადის. კახა დგება, ხალათს იცვამს და კარს უღებს მარიამს. მარიამი შემოსვლისთანავე მოწყვეტით ჯდება სკამზე და სახეზე აიფარებს ხელებს).

კახა - (გაკვირვებით) რა მოხდა, ქალბატონო მარიამ?

მარიამი - (სუსტი ხმით) ირინე წავიდა?

კახა - არა, აქ არის! რა დაგემართათ?

მარიამი - ღმერთო, რა შიში ვჭამე! ვალოკორდინი...

კახა - ოცი წვეთი?

(მარიამი უღონოდ დაუქნევს თავს. კახა სამზარეულოში გარბის)

კახა - (შემორბის ჭიქით ხელში) ინებეთ!

მარიამი - მოკლედ, სულ ერთმანეთის მოვლაში ვართ მე და შენ! (სვამს. გაეცინება. მერე ცრემლი ერევა).

კახა - (დაბნეული) ვერ გავიგე, იცინით თუ სტირით?

მარიამი - (უღონოდ გაასავსავებს ხელებს) მაცალე!

კახა - რა დაგემართათ ასეთი?

მარიამი - გამქურდეს!

კახა - რაა?

მარიამი - ღმერთო, რა შიში ვჭამე!

კახა - სად გაგქურდეს?

მარიამი - ვაკეში, ნაცნობის სადარბაზოში... ორი ბიჭი დამხვდა. ფული მთხოვეს, ერთი თუმნიანი მქონდა და მივეცი, მაგრამ იმ კურდღლისტუჩამ ბეჭედიც შენიშნა...

კახა - კურდღლისტუჩამ?

მარიამი - ჰო, უსაშველოდ აწოწილი ბიჭი იყო. თქვენს თლილ თითებს სამკაული არ სჭირდებაო და ბეჭედიც მომთხოვეს! (უეცრად გაეცინება და თითებზე დაიხედავს) რომელი თლილი თითები მე მაქვს?!

კახა - მერე?

მარიამი - შევეხვეწე, ბეჭედს ნუ წამართმევთ, დედაჩემის სახსოვარია-მეთქი! მაღალმა კი მიპასუხა, ნუ იქნებით ასეთი სენტიმენტალურიო და ბეჭედიც წაიღო! მგონი ნარკოტიკი ჰქონდათ მიღებული!

 

კახა - (საქმიანად) კაეფში იყვნენ?

მარიამი - სად იყვნენ?

კახა - ბეჭედი ძვირფასია?

მარიამი - არცთუ ისე, ვერცხლის ბეჭედი იყო, ძველებური, დედამ მაჩუქა, ინსტიტუტი რომ დავამთავრე! (ხელს ჩაიქნევს) კარგი, გვეყოფა ამაზე, აღარაფერი ეშველება! შენ რატომ დგახარ ფეხზე, ახლავე დაწექი!

(კახა წვება. მარიამი ლაბადას იხდის და სამზარეულოში გადის. შემოდის ირინე).

ირინე - სად არის მარიამი?

კახა - სამზარეულოშია?

მარიამი - (სამზარეულოდან) აქ ვარ, ირინე! (შემოდის) სასაყვედურო მაქვს შენთან, რატომ არ ასადილე ავადმყოფი?

ირინე - რაღაცნაირად საუბარს შევყევით და...

მარიამი - აბა, ახლა სამივემ ერთად ვისადილოთ!

 

 სურათი მეოთხე

 

მარიამი - (სწრაფად იღებს ყურმილს, ბიჭს რომ არ გაეღვიძოს) გისმენთ... გამარჯობათ, ბატონო თენგიზ... სძინავს... მთელი ღამე იბორგა... ახლა დაიძინა, მხოლოდ... არა, ერთი კვირით გავითავისუფლე თავი... სახლში წამოვიღე სამუშაო!.. ახლა თითქმის აღარა აქვს სიცხე... აღარც აბოდებს! აღარაფერია საჭირო... ყველა წამალი ვუშოვე... თანამშრომელმა მომიტანა! ექიმიც გამოძახებული მყავს! გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ!

(ყურმილს კიდებს და მოტრიალდება. თვალგახელილი კახა უხმოდ უყურებს მას).

გაიღვიძე?

კახა - დიახ (პაუზის შემდეგ) მოკლედ თქვენს სახლაფორთოდ გავჩენილვარ ამ ქვეყანაზე! რა ჭირი მეტაკა მაინც, ვერ გამიგია!

მარიამი - ფილტვების ანთება გაქვს!

კახა - (გაკვირვებით) ცხოვრებაში არ გავმხდარვარ ავად! ბუნდოვნად მახსოვს, მთელი ღამე ჩემს სასთუმალთან გაატარეთ... თვალებიც უძილო გაქვთ? რატომ გეცინებათ?..

მარიამი - ძალიან გიხდება ჩემი ჩეფჩიკი!

კახა - (თავზე მოივლებს ხელს) კარგი სანახავი ვარ?!

მარიამი - არ გაბედო მოძრაობა!

კახა - გემორჩილებით, მაგრამ ქუჩაში ასე ხომ არ გავალ?

მარიამი - (გაოცებული) ქუჩაში რა გინდა?

კახა - მიიხედეთ რა, უნდა ჩავიცვა!

მარიამი - კახა, არ გადამრიო, რას აპირებ?

კახა - უნდა წავიდე, ქალბატონო მარიამ, აბა აქ ხომ არ დავრჩები?

მარიამი - რატომ ვერ დარჩები?

კახა - უკვე კარგად ვგრძნობ თავს!

მარიამი - ყმაწვილო, თქვენ ფილტვების ანთება გაქვთ, გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა?

 

კახა - ძალიან გთხოვთ, გამიშვით, რა!

მარიამი - გუშინაც მთხოვდი წვიმაში გაშვებას, ორმოცდაერთი რომ გქონდა სიცხე!

კახა - ახლა ხომ აღარა მაქვს, თქვენ თვითონ არა თქვით?

მარიამი - კახა, ეს ტონა წამლის წყალობით და საერთოდ, რა ხდება, გერიდება?

კახა - ხომ შეიძლება თქვენთან სტუმრები მოვიდნენ!

მარიამი - ჩემთან თითქმის არავინ დადის! მოკლედ, ექიმი როგორც იტყვის, ისე მოვიქცევი!

კახა - (დაიხედავს და ОსუდნოსМ დაინახავს, გულგახეთქილი) ეს რა არის?

მარიამი - (ირონიულად) აბა, როგორ აგიხსნა?

კახა - და თქვენ...

მარიამი - (მშვიდად) რა მოხდა მერე, ყოველ მოწყალების დას უწევს ამის გაკეთება. (იცინის) სხვათა შორის, ჩემი პირველი წერილი ამასთან დაკავშირებით მივწერე მთავრობას. შვიდი წლის ვიყავი მაშინ. ომში ვითხოვდი გაშვებას, მოწყალების დად!

კახა - მოწყალეო ქალბატონო მარიამ, ხომ არ გახსოვთ, რას ვბოდავდი გუშინ?

მარიამი - (ღიმილით) ვინ არის ქოთქოთა?

კახა - (გაკვირვებული) ქოთქოთა? (სიცილი აუტყდება) ჩვენი მასწავლებლის მეტსახელი იყო სკოლაში. ერთხელ ბებიაჩემი გამოიძახა, რომელიც, სულო ცოდვილო, ცოტა მსუბუქად არის ქართულზე!

მარიამი - რატომ?

კახა - თვითონ როგორც ამტკიცებს, პეტერბურგში მიღებული სწავლა-განათლების გამო! ჰოდა, ჩემმა თერგდალეულმა ბებიამ, არც აცია, არც აცხელა და პატივცემულო ქოთქოთაო, ასე მიმართა ჩემს მასწავლებელს!

მარიამი - (იცინის) ბატონმა ქოთქოთამ რა უპასუხა?

კახა - თქვენც გადაგრიეს ამ ბავშვებმა ქალბატონო (უეცრად საბანს შემოიხვევს ტანზე და ტახტიდან წამოხტება) წავალ რა, ძალიან გთხოვთ!

მარიამი - არ გაბედო! (ხელს კრავს და ტახტზე წამოაქცევს) ახლა ისე ხარ დასუსტებული, რომ მეც მოგერევი! აბა, რა გიყო, კახა?! მართლა ხომ არ გაგიშვებ ქუჩაში სიცხიანს, ფილტვების ანთებით? ერთ შეღავათს გაგიწევ მხოლოდ, ჩემს ხალათს და ფლოსტებს დაგითმობ და ხანდახან ადგომის უფლებასაც მოგცემ. რახან ასე შეგზარა ამ ქოთნის დანახვამ! (ОსუდნოზეМ ანიშნებს).

კახა - გმადლობთ, მაგრამ...

მარიამი - (შეაწყვეტინებს) ერთი გამოსავალი გაქვს, დაურეკე თქვენებს და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე მოვიქცეთ! ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს დედაშენთან, რატომ არ მეტყვი ტელეფონის ნომერს?

 

კახა - (ჩუმად) მე დედა არა მყავს!

მარიამი - მამა?

კახა - ხუთი წლის წინ დამეღუპა!

მარიამი - (პაუზის შემდეგ) დედა გახსოვს?

კახა - (ნერვიულად) დედაჩემი ცოცხალია!

მარიამი - (დაბნეულად) მაპტიე, ვერ გავიგე...

კახა -  (მოშლილად) თუ არ გეწყინებათ, სხვა თემაზე ვისაუბროთ!

მარიამი - კი მაგრამ, შენ სად ცხოვრობ?

კახა - ბებიასთან!

მარიამი - ჰოდა, ბებიას დავურეკოთ!

კახა - იცით, რა...

მარიამი - რა?

კახა - თუ მართლა არ გაწუხებთ, დავრჩები!

მარიამი - (რაღაცას ხვდება) კარგი, დარჩი! შენ მე არ შემუწახებ! მოდი ახლა, სიცხე გავიზომოთ!

კახა - (ძალაგამოცლილი მიესვენება ბალიშზე) გავიზომოთ.

მარიამი - (დაბერტყავს თერმომეტრს) შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს?

კახა - (მიმქრალი ხმით) უკეთესად! ქალბატონო მარიამ, ვინ იყო ის კაცი, გუშინ რომ...

მარიამი - თენგიზი, ჩემი მეზობელი!

კახა - რამე ხომ არ ვაწყენინე!

მარიამი - არა, არაფერი!

კახა - რაღაც მომენტში გავითიშე...

მარიამი - ჩემი ბრალია, ფანჯრის დახურვა რომ დამავიწყდა! იცი, მარტო ვცხოვრობ და გადავეჩვიე სხვაზე ზრუნვას, უყურადღებო გავხდი!

კახა - თქვენ სად მუშაობთ?

მარიამი - ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, ინგლისურის სპეციალისტი გახლავარ! შენ იცი ინგლისური?

კახა - ინგლისურს მასწავლიდნენ სკოლაში, ბათ მაი ინგლიშ იზ ქვაით ფუარ!

მარიამი - გადაგავიწყდა?

კახა - თითქმის, სიმღერა მახსოვს მხოლოდ... მაი ბონი!

მარიამი - (გაიღიმებს და ჩუმი ხმით იწყებს:

მყ ბონიყ ის ოვერ ოცეან

მყ ბონყ ის ოვერ ტჰე სეა.

(კახა აყვება მას. ქალი და ბიჭი მღერიან)

მარიამი - მშვენიერი პრონონსი გაქვთ, ყმაწვილო! უნივერსიტეტში სხვა ენას სწავლობ?

კახა - (უხალისოდ) არა, იგივეს. (პაუზის შემდეგ) მე თქვენ მოგატყუეთ, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - არ მესმის!

კახა - მე მართლა ჩავაბარე უნივერსიტეტში, ცოტა ხანს ვისწავლე კიდეც, მაგრამ მერე დამიჭირეს, ზედიზედ ორჯერ და სულ რამდენიმე თვეა, რაც ციხიდან გამოვედი!

მარიამი - თუ არ გსურს, ნურაფერს მომიყვები!

კახა - არა, სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია! პირველად ჩხუბზე დამიჭირეს, მეორედაც რაღაც ამდაგვარზე... ასე რომ, დიდხანს არ მაყურყუტეს!

 

მარიამი - კი მაგრამ, ახლა ხომ შეგიძლია აღიდგინო თავი უნივერსიტეტში?

კახა - რასაკვირველია!

მარიამი - (გულუბრყვილო გამომცდელობით) თუ ეს შენთვის არ შეიძლება?

კახა - (გაკვირვებული) რატომ არ შეიძლება?

მარიამი - იქნებ არ მოგცენ მაგის უფლება?

კახა - ვინ?

მარიამი - აი, იმ შენმა ამხანაგებმა?

კახა - (განცვიფრებით) ჩემმა ამხანაგებმა? (უეცრად ყველაფერს ხვდება და სიცილი აუტყდება) არა, ქალბატონო მარიამ, მე კანონიერი ქურდი არ გახლავართ, ასე რომ, ჩემი სწავლა-განათლება არავისში გამოიწვევს პროტესტს! თქვენ გადაწყვიტეთ, რახან ციხეში ვიჯექი.. (ისევ სიცილი აუტყდება, შემდეგ დასერიოზულდება) მე არც ქურდი ვარ, არც ბოროტმოქმედი, ისე მივედ-მოვედები რაღაცას. მოკლედ, ცოტა აწეწილად ვცხოვრობ, სხვა არაფერი!

მარიამი  ბოდიში!

კახა -  რა გჭირთ საბოდიშო?

მარიამი - (გადის და ხალათი და ფლოსტები შემოაქვს) რასაკვირველია, ცოტა პატარა გექნება, მაგრამ რას იზამ?

კახა - თქვენ სამსახურში არ მიბრძანდებით?

მარიამი - არა, სახლში წამოვიღე სამუშაო!

კახა - ქალბატონო მარიამ, შეიძლება ჩემს ამხანაგს დავურეკო?

მარიამი - ამას რა კითხვა უნდა?! მე გვერდით ოთახში ვიქნები. თუ რამე დაგჭირდა, დამიძახე! ტელეფონს ლოგინთან ჩაგირთავ!

(ტელეფონი კახას ტახტთან მიაქვს და გადის).

კახა - (ყურმილს აიღებს და რიცხვს კრეფს, ხმადაბლა) გამარჯობათ, მისს აირინ! მე ერთი უიმედოდ შეყვარებული, ზნეობითა და კეთილშობილი ზრახვებით აღსავსე ახალგაზრდა გახლავართ!.. სულ ტყუილად მეჩხუბები, ირინკა, ფილტვების ანთება დამემართა... არა, რა სავადმყოფო, (უფრო ჩუმად) იმ დღეს რომ გიყვებოდი იმ ქალზე, მარიამზე... სწორედ მასთან სახლში დამარტყა მაღალმა სიცხემ და ახლა უსინდისოდ ვარ წამოკოტრიალებული ტახტზე... ისე, ზრდილობისათვის გადავწყვიტე ვიზიტი გამეკეთებინა... რაც არ უნდა იყოს, ჩემი გულისთვის დანის ტრიალში შემოვარდა! (იცინის) რას სულელობ? სულ სხვა ტიპის ქალია.. და საერთოდ, ნუ გაქვს გადაწყვეტილი, რომ მთელი საქალეთი ჩემზე ნადირობს! მოდი და თვითონ ნახავ! საოცრად კარგი ადამიანია, ლექსო მოგიყვანს, მისამართი იცის! ჰო, მართლა, ბებიაჩემთან გაიარე და საპარსი, კბილის ჯაგრისი და პირსახოცი წამომიღე! გელოდები!

 

(კიდებს ყურმილს, კურტაკს გადაწვდება, პისტოლეტს იღებს გულის ჯიბიდან და ლეიბის ქვეშ ინახავს, შემდეგ სიგარეტის კოლოფს ხსნის და ასანთს იღებს ჯიბიდან).

მარიამი - (შემოდის) როგორ შეიძლება ახლა სიგარეტი!?

კახა - გემორჩილებით! ქალბატონო მარიამ, გავკადნიერდი და ერთ გოგონას აქ ვთხოვე მოსვლა, რაღაც უნდა მომიტანოს!

მარიამი - შენ მართლა გადამღალე ბოდიშებით! მოდი, შევთანხმდეთ, თუ ვმეგობრობთ, მორიდება არ იყოს!

კახა - ნუ გიკვირთ, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი!

მარიამი - ერთ საათში გასადილებ!

კახა - ნამცეცსაც არ დავტოვებ!

მარიამი - ყოჩაღ, ახლა მომწონხარ!

(გადის. კახა გვერდს იცვლის და კვლავ ჩასთვლემს. მარიამი მოულოდნელად უკან ბრუნდება, ჩაძინებულ ბიჭს რომ დაინახავს, წამით შეჩერდება, შემდეგ მიდის მასთან და საბანსა და ლეიბს უსწორებს. უცებ, თავისდაუნებურად, იარაღს წაატანს ხელს. დაბნეული ატრიალებს ხელში, შემდეგ მოუხერხებლად წიგნების კარადაში ინახავს. კახა ამ დროს თვალს გაახელს, დაინახავს ამ მომენტს და ჩაახველებს).

მარიამი - (მოიხედავს) გაიღვიძე?

კახა - დიახ.

მარიამი - უცაბედად წავაწყდი შენს რევოლვერს!

კახა - (ღიმილით) ეგ რევოლვერი არაა.

მარიამი - აბა რა არის?

კახა - პისტოლეტია!

მარიამი - ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა! სამწუხაროდ, უფლება არა მაქვს გკითხო..

კახა - თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, ქალბატონო მარიამ, მაგრამ...

მარიამი - რა მაგრამ?

კახა - დამიბრუნეთ ეგ რკინის ნაჭერი, უმაგისოდ ავადმყოფი მოწყენილად იგრძნობს თავს!

მარიამი - დაბლა მაღაზიაში სათამაშო ტანკი იყიდება!

კახა - მართლა ჩემი არ გეგონოთ, შესანახად მომაბარეს!

მარიამი - (ნაღვლიანად) კახა, რად გინდა ეს რე... პისტოლეტი?

კახა - ისე, მიყვარს იარაღი!

მარიამი - რას იზამ, განიარაღებით პრობლემა ჩემზე უფრო ჭკვიანმა ხალხმა ვერ გადაჭრა! დროებით მაინც იყოს აქ!

კახა - კი, ბატონო!

(ზარის ხმა კარზე).

კახა - (წამოჯდება) ეს ალბათ ირინკაა!

(მარიამი კარს აღებს. შემოდის ლამაზი, კიკინებიანი გოგონა, მხარზე გადაკიდებული ჩანთით).

მარიამი - მობრძანდით!

ირინე - გმადლობთ! (კახას) თქვენი საპარსი და პირსახოცი ინებეთ, მილორდ! კბილის ჯაგრისი და საპონიც მანდვე ეძებეთ!

 

(ლოგინში ჩაუგდებს ჩანთიდან ამოღებულ ტოპრაკს)

კახა - ერთი წამით მიიხედეთ, უნდა ჩავიცვა!

ირინე - (ცივად) მე შემიძლია არც მივიხედო!

(მარიამი ჩაიცინებს და გვერდით ოთახში გადის).

კახა - (ხალათს იცვამს) როგორ იქცევი? რა დღეში მაგდებ.

ირინე - (ტაშს შემოკრავს) როგორ გიხდება?! ბეჭებში გაქვს ოღონდ ცოტა განიერი!

კახა - ქალმა შემიკედლა, შვილივით მივლის, შენ კი...

ირინე - (მოულოდნელად მორჩილად) მაპატიე, მაგრამ ისეთი განწყობით მოვდიოდი... ეტყობა, მართლა ნორმალური ქალია!

კახა - მადლობა ღმერთს, რომ მიხვდი!

ირინე - ნეტა ჩემს სახლში დაგმართოდა ეგ ფილტვების ანთება! რამდენიმე დღე მაინც დაგამწყვდევდი, მოგივლიდი, მოგეფერებოდი... შენ ხომ სულ გაქცევაზე ხარ, ერთხელ არ შეარგებ ადამიანს თავს!

კახა - (რბილად) ძალიან გთხოვ, მოეფერე და ბოდიში მოუხადე მარიამს, მე შხაპს მივიღებ და გავიპარსავ მანამდე!

ირინე - გაგიჟდი? რა დროს შხაპია, ფილტვების ანთება გაქვს!

კახა - რაც გთხოვე, ის გააკეთე!

(გადის)

მარიამი - (შემოდის) რატომ დგახართ ფეხზე, დაბრძანდით!

ირინე -  ჯერ კახას დავალება უნდა შევასრულო!

მარიამი - რა დავალება?

ირინე - ბოდიში უნდა მოგიხადოთ!

მარიამი - (ცივად) არ არის საჭირო!

ირინე - იცით, აქ რომ მოვდიოდი, მილიონი სულელური აზრი მიტრიალებდა თავში! მაგრამ ერთი გამართლება მაქვს, მე ხომ არ გიცნობდით!

მარიამი -  მარიამი!

ირინე - (კნიქსენს უკეთებს) ირინე!

მარიამი - ახლა მაინც დაბრძანდით!

ირინე - არა! მე კიდევ ერთი დავალება მაქვს შესასრულებელი!

მარიამი - რა დავალება?

ირინე - კახამ მითხრა, მოეფერე ქალბატონ მარიამსო, მაგრამ...

მარიამი - მაგრამ?

ირინე - მაგრამ მე, რატომღაც მისი დავალების გარეშეც გამიჩნდა ასეთი სურვილი!

მარიამი - (ოდნავი ირონიით) ასე სწრაფად?

ირინე - დიახ, ასე სწრაფად!

(მკლავებს გაშლის, მარიამს ჩაეხუტება და აკოცებს. შემდეგ მოტრიალდება და გრაციოზულად ეშვება სავარძელში)

ახლა დაჯდომაც შეიძლება!

მარიამი - ვისადილოთ!

ირინე - გმადლობთ, მე ლექსოსთან ვისადილე!

მარიამი - ლექსო ვინ არის?

ირინე - კახას ერთადერთი ნორმალური მეგობარი! თუმცა მთლად ნორმალური არც ლექსოა, ეგეც გვარიანად უფშვიტინებს!

 

მარიამი - (სიცილით) ამომწურავი დახასიათებაა!

ირინე - არა, ისე კარგი ბიჭები არიან! ლამაზები, დახვეწილები, ნაკითხები, ოჯახიშვილები და ასე შემდეგ. მაგრამ ყველას... არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო!

მარიამი -  უფშვიტინებს?

ირინე - არა, ეგ თავისთავად! მოკლედ რომელი როდის და სად მოიტეხს კისერს, ალაჰმა უწყის! მე მგონი, უბრალოდ ინფანტილურები არიან!

მარიამი - ირინე, ერთი რამე უნდა გკითხო!

ირინე - ბრძანეთ!

მარიამი - კახას მშობლები ჰყავს?

ირინე - მამა მოუკვდა ინფარქტით. სულ ახლგაზრდა კაცი...

მარიამი - დედა?

ირინე - ჰოო, ეგ რთული საკითხია! დედამისი ცოცხალია, მაგრამ კახა უკვე ოთხი წელია, რაც ბებიასთან გადასახლდა...

მარიამი - რატომ?

ირინე - იმიტომ, რომ ქალბატონი, ქვრივი ნინო ჭავჭავაძისაგან განსხვავებით, ერთი წლის თავზე გათხოვდა კახას მამის საუკეთესო მეგობარზე. შექსპირის არ იყოს, ჯერ ის ფეხსაცმელი არ გაცვეთოდა, რომლითაც ქმრის კუბოს მიყვებოდა... და ასე შემდეგ! კახა მაშინ თოკიდან ჩამოხსნეს!

მარიამი - თავს იკლავდა?

ირინე - დიახ! თხუთმეტი წლის ბიჭი უკეთესს რას მოიფიქრებდა? მერე ბებიასთან გადასახლდა და სულ აეწეწა ცხოვრება!

მარიამი - კი მაგრამ, ბებია?

ირინე - ო, ეს ტიპიური, სათნო და შვილიშვილზე გადაფოფრილი ბებია არ გეგონოთ! დღეში ასი გრამი ОრემმარტინიМ, სხვას არა სვამს. და პასიანსი გონების დაკარგვამდე, ეგოიზმის ფორმულა! ისე, ფულს აძლევს ხოლმე... ძუნწი არ არის. მოკლედ, არსაიდან ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არრას ეტყოდა!

მარიამი - (ჩაფიქრდება) გასაგებია!

(ოთახში გაუბედავად შემოდის გაპარსული და ხალათში შეფუთნული კახა).

მარიამი - (მკაცრად) ახლავე ჩამოიცვი თავზე ჩემი საყვარელი ჩეფჩიკი!

(კახა დაუყოვნებლივ ასრულებს მარიამის ბრძანებას).

ირინე - (ასევე მკაცრად) და ულაპარაკოდ, ლოგინში! (კახა თავს ჩაქინდრავს, პატიმარივით დაიწყობს ზურგსუკან ხელებს და ლოგინისკენ წავა).

კახა - გემორჩილებით, ოღონდ წუთით მიიხედეთ, თუ შეიძლება!

(მარიამი და ირინე შეტრიალდებიან. კახა სწრაფად გაიძრობს ხალათს და წვება).

მარიამი - მე უნდა წავიდე ცოტა ხნით, სადილი მაცივარშია. ირინე, იდიასახლისე! (ლაბადას მოიცვამს და ქოლგას აიღებს) მგონი, წვიმას აპირებს ისევ (გადის).

 

კახა - (პაუზის შემდეგ) ხომ გითხარი?!

ირინე - მართლაც კარგი ქალია!

კახა - გუშინ მესიზმრე!

ირინე - (ინტერესით) როგორ?

კახა - ბუნდოვნად მახსოვს, რაღაც კატასტროფულად სექსუალური სიზმარი იყო!

ირინე - (ნაზად) გაიტყიპებით, მილორდ!

კახა - ლექსო რატომ არ მოვიდა?

ირინე - მოერიდა, ყველა ხომ არ შევესევით იმ ქალსო!

კახა - (ამოიოხრებს) სწორია, მეც საკმაოდ თავხედურად გავშინაურდი!

ირინე - როგორც გატყობ, ძალიან მოგწონს აქ!

კახა - იცი, მართლა კარგად ვგრძნობ თავს, დავისვენე!

ირინე - (მოულოდნელად) ამას წინათ სიყვარული ამიხსნეს!

კახა - (ხმას გაინაზებს) დედა, რა ბედნიერი ხარ?! ვიინ?

ირინე - მაღალი, ქერა და ცისფერთვალება ბიჭია! (სიგარეტს უკიდებს და ბოლთას სცემს აქეთ-იქით).

კახა - ნუ ეწევით ავადმყოფის ოთახში! ან ავადმყოფსაც მოაწევინეთ!

ირინე - როგორი თვითდაჯერებული ხარ, ეჭვიანობასაც არ კადრულობ!

კახა -  ღმერთმა დამიფაროს! მე შენი მჯერა, ირინ!

ირინე - მე კი არა მჯერა!

კახა - (ნაძალადევი განცვიფრებით) ვისი, საკუთარი თავის?

ირინე - მორჩი! შენი არა მჯერა!

კახა - ბატონო, ბატონო?!

ირინე - ვინ იყო ის მწვანე ჟირაფი, რვაჯერ რომ ეცეკვე ლელასთან!

კახა - რა კარგია, ფერებით რომ აზროვნებ!.. მწვანე ჟირაფი... ცისფერთმიანი, ქერათვალება მიჯნური...

ირინე - ცისფერთვალება, ქერათმიანი!

კახა - ბოდიში, შემეშალა. სასწრაფოდ გადავიღებავ თმას და თვალებსაც, მაგრამ მწვანე ჟირაფს მაინც ვერ ვახსენებ!

ირინე - რა ვიცი, ვერაფრით აგაწიწკნეს ერთმანეთს!

კახა - (დაღლილად) რა სისულელეებს იგონებ, ირინ?!

ირინე - ჰო, მილიციამ ვერ გამოგტეხა ვერც ერთხელ და მე რას მოგერევი?!

კახა - (ხმას აუწევს) მართლა არ ვიცი, ვისზე მეუბნები!

ირინე - არ ვიცის დედა იცინოდა, ვიცის დედა ტიროდა  ძველთბილისური ანდაზა.

კახა - (ალერსიანად) მოდი ჩემთან, ჩემო პატარა ძველო ბიჭო, მართლა საოცრად მომენატრე!

ირინე - (ცრემლიანი ღიმილით) მეც მომენატრე!

(ისკუპებს და თავზე დააცხრება ბიჭს).

კახა - ირინკა, ფრთხილად, გადაგედება!

ირინე - გადამედოს, იქნებ მეც მინდა ფილტვების ანთება მქონდეს?! მარიამი ორივეს შეგვიკედლებს!

 

კახა - (თავს გაითავისუფლებს) ვინ არის ის ქერათვალება, ცისფერთმიანი ახალგაზრდა?

ირინე - ცისფერთვალება, ქერათმიანი..

კახა - ვინ არის-მეთქი?

ირინე - ჰო, მეტი საქმე არა მაქვს, მაგასაც გაგალახინებ!

კახა - (განცვიფრებით) ვინ უპირებს გალახვას?

ირინე - (თავზე წაივლებს ხელებს) დედა, რა თაღლითია?! კაცი ვეღარ მიბედავს შეხედვას ამ ველურის შიშით.. თუმცა, იმ ქერა ბიჭს შენ ვერ მოერევი! კარატისტია!

კახა - თუ კარატისტია, უნდა დავუთმო შენი თავი, სხვა რა გზაა?

ირინე - რატომ არ მეკითხები, მე რა ვუპასუხე?

კახა - რა უპასუხე!

ირინე - შენი ფოტოსურათი ამოვიღე ჩანთიდან და ვაჩვენე! სხვათა შორის, ღირსეულად მოიქცა, შეტრიალდა და წავიდა, ცოტა შემეცოდა კიდეც!

კახა - ირინკა, მართლა ადექი რა, სულ არ გჭირდება ფილტვების ანთება!

ირინე - ოჰ, შე უსინდისო, არც ეჭვიანობ და ლოგინიდანაც მაგდებ! მე შენ გიჩვენებ სეირს!

(ხელებს შეუყოფს იღლიებში)

კახა - (ისტერიული სიცილით) ირინ, გეხვეწები... არ შემიძლია ღაჭუნის ატანა!

ირინე - აჰა, ვერ იტან? აკი არა ვარო ეჭვიანი?

კახა - ვარ! ვარ!

(ირინე თავს გაანებებს ბიჭს, წამოდგება და სავარძელში ეშვება)

ირინე - (დიდხანს უყურებს კახას) შენ მართლა არ იცი... არ გესმის...

კახა - რა?

ირინე - როგორ მიყვარხარ!

კახა - (პაუზის შემდეგ) თუ არ შეწუხდები, კურტაკის ჯიბეში ჩაყავი ხელი!

ირინე - (გაკვირვებული) რა ვქნა?

კახა - გულის ჯიბეში ჩაყავი-მეთქი ხელი!

ირინე - (ამოიოხრებს) მშვენიერი გადასვლაა... მე სიყვარულს ვუხსნი, ეს კი... მუტრუკო!

(ხელს ჩაყოფს კურტაკის გულის ჯიბეში და მთელი დასტა ფული ამოაქვს).

ირინე - (გაოგნებული) კახა, რა არის ეს?

კახა - რა უნდა იყოს, ფულია. სამი ათასი მაენეთი!

ირინე - (სუსხიანად) ვისია ეს ფული?

კახა - ჩვენი! ჩემი და შენი!

ირინე - კახა, საიდან ეს ფული?!

კახა - (წაუმღერებს) ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობ...

ირინე - (ისტერიულად) საიდან-მეთქი?

კახა - (მოშლილად) რა გაყვირებს?

ირინე - აბა, საიდან ამხელა ფული?! ახლავე მითხარი, რა ჩაიდინე?

კახა - (უკმაყოფილოდ) ოოჰ, კარგი, გეტყვი... მოვიგე!

ირინე - შენ წინათაც გითამაშია, მაგრამ ამდენი...

 

კახა - სიმართლე გინდა?

ირინე - მინდა!

კახა - ერთმა ნაძირალამ ეს თანხა მოუგო მეორე ნაძირალას, მეორე ნაძირალამ არ გადაუხადა ვალი პირველს. მაშინ პირველი ნაძირალა ჩემთან მოვიდა და მითხრა, ეს ვალი შენთვის გადმომიბარებიაო! თუ აიღებ, მთლიანად შენი იყოს, მე იმ ოხერის გამწარებაც მეყოფაო!

ირინე - მერე, შენ რა ქენი?

კახა - მივედი იმ მეორე ნაძირალასთან და ვუთხარი, ეგ ფული მე მეკუთვნის-მეთქი, პირველმაც დამიმოწმა. ჰოდა, ავიღე!

ირინე - მაინც ჭუჭყიანი ისტორიაა!

კახა - არავითარ შემთხვევაში, და იცი რატომ? იმიტომ, რომ ეგ თანხა ერთ საქმეს უნდა მოხმარდეს!

ირინე - საბავშვო ბაღს უნდა აჩუქო?

კახა - ნუ გადაიღლი თავს ირონიით! ეს ფული ტალინში დამჭირდება!

ირინე - ტალინში რა გინდა?

კახა - რა ვიცი, ვიფიქრე, რომ შენც ასე გადაწყვეტდი!

ირინე - რას? ნუ დამაწყვიტე ნერვები!

კახა - რას და თაფლობის თვის ტალინში გატარებას!

ირინე - რაო, რაო?

კახა - კოტე ჯვარს იწერსო!

ირინე - კახა!

კახა - ერთხელ ხომ წამოგცდა, საქორწილო მოგზაურობა ტალინით დავიწყოთო! დედა ვუტიროთ ამ სამი ათას მანეთს!

ირინე -  შენ, მგონი, მართლა ამბობ!

კახა - შორს ლირიკა! საქმიანად ვისაუბროთ! უნივერსიტეტში საღამოს დასწრებულზე აღვიდგენ თავს! პარალელურად ვიმუშავებ! ბინის პრობლემა არა გვაქვს, ბებიაჩემი მოხუცდა და შიშები დაეწყო, აქედან გამომდინარე, დედაჩემთან გადადის საცხოვრებლად! გარდა ამისა, ჩემს მშობელს კეთილშობილი ჟესტი გაუკეთებია და მამაჩემის დატოვებული საკმაოდ დიდი თანხა და პენსია ჩემს სახელზე გადაურიცხავს სალაროში! ასე რომ, დასაწყისში რამენაირად გავიტანთ თავს, მერე კი...

ირინე - მერე კი?..

კახა - ხომ იცი, რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი, რამე სერიოზულს მივაღწევ!

(პაუზა)

ამდენი რომ მაქაქანე, ახლა შენც თქვი, რას ფიქრობ ყოველივე ამის შესახებ?!

ირინე - ბედნიერი ვარ!

(მიდის ლოგინთან)

კახა - არ მომეკარო, გადაგედება-მეთქი!

ირინე - ნუ გააწყალე გული შენი ფილტვების ანთებით! (ეხვევა კახას. ზარის ხმა კარზე) გავალ, თავს მოვიყვან წესრიგში, თორემ დავაბნევ მარიამს! კარი შენ გააღე!

(გადის. კახა დგება, ხალათს იცვამს და კარს უღებს მარიამს. მარიამი შემოსვლისთანავე მოწყვეტით ჯდება სკამზე და სახეზე აიფარებს ხელებს).

 

კახა - (გაკვირვებით) რა მოხდა, ქალბატონო მარიამ?

მარიამი - (სუსტი ხმით) ირინე წავიდა?

კახა - არა, აქ არის! რა დაგემართათ?

მარიამი - ღმერთო, რა შიში ვჭამე! ვალოკორდინი...

კახა - ოცი წვეთი?

(მარიამი უღონოდ დაუქნევს თავს. კახა სამზარეულოში გარბის)

კახა - (შემორბის ჭიქით ხელში) ინებეთ!

მარიამი - მოკლედ, სულ ერთმანეთის მოვლაში ვართ მე და შენ! (სვამს. გაეცინება. მერე ცრემლი ერევა).

კახა - (დაბნეული) ვერ გავიგე, იცინით თუ სტირით?

მარიამი - (უღონოდ გაასავსავებს ხელებს) მაცალე!

კახა - რა დაგემართათ ასეთი?

მარიამი - გამქურდეს!

კახა - რაა?

მარიამი - ღმერთო, რა შიში ვჭამე!

კახა - სად გაგქურდეს?

მარიამი - ვაკეში, ნაცნობის სადარბაზოში... ორი ბიჭი დამხვდა. ფული მთხოვეს, ერთი თუმნიანი მქონდა და მივეცი, მაგრამ იმ კურდღლისტუჩამ ბეჭედიც შენიშნა...

კახა - კურდღლისტუჩამ?

მარიამი - ჰო, უსაშველოდ აწოწილი ბიჭი იყო. თქვენს თლილ თითებს სამკაული არ სჭირდებაო და ბეჭედიც მომთხოვეს! (უეცრად გაეცინება და თითებზე დაიხედავს) რომელი თლილი თითები მე მაქვს?!

კახა - მერე?

მარიამი - შევეხვეწე, ბეჭედს ნუ წამართმევთ, დედაჩემის სახსოვარია-მეთქი! მაღალმა კი მიპასუხა, ნუ იქნებით ასეთი სენტიმენტალურიო და ბეჭედიც წაიღო! მგონი ნარკოტიკი ჰქონდათ მიღებული!

კახა - (საქმიანად) კაეფში იყვნენ?

მარიამი - სად იყვნენ?

კახა - ბეჭედი ძვირფასია?

მარიამი - არცთუ ისე, ვერცხლის ბეჭედი იყო, ძველებური, დედამ მაჩუქა, ინსტიტუტი რომ დავამთავრე! (ხელს ჩაიქნევს) კარგი, გვეყოფა ამაზე, აღარაფერი ეშველება! შენ რატომ დგახარ ფეხზე, ახლავე დაწექი!

(კახა წვება. მარიამი ლაბადას იხდის და სამზარეულოში გადის. შემოდის ირინე).

ირინე - სად არის მარიამი?

კახა - სამზარეულოშია?

მარიამი - (სამზარეულოდან) აქ ვარ, ირინე! (შემოდის) სასაყვედურო მაქვს შენთან, რატომ არ ასადილე ავადმყოფი?

ირინე - რაღაცნაირად საუბარს შევყევით და...

მარიამი - აბა, ახლა სამივემ ერთად ვისადილოთ!

 

 სურათი მეოთხე

მარიამი ბოლთას ცემს ოთახში და ნერვულად იმტვრევს თითებს. ფანჯარში წვიმის ხმაური შემოდის. კახას ტახტი ცარიელია. ზარის ხმა კარზე. მარიამი გარბის და კარს აღებს.

 

 

მარიამი - (ოდნავ გაკვირვებული) მობრძანდით, ბატონო თენგიზ!

თენგიზი - (შესამჩნევად ნასვამია. ხელში შამპანურის ბოთლი და ყვავილები უჭირავს) კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ... იცით, უცებ ძალიან მომინდა... უფრო სწორად, გადავწყვიტე ეგრეთწოდებული მეზობლური ვიზიტის გაკეთება! უდროო დროს ხომ არ მოვედი?

მარიამი - არა, მობრძანდით!

თენგიზი - მაშინ, თქვენის ნებართვით გავიხდი!

მარიამი - მომეცით, დავკიდებ!

თენგიზი - მე თვითონ, მე თვითონ!

(კიდებს საწვიმარს და მაგიდასთან ჯდება).

მარიამი - მშვენიერი ყვავილებია, ბატონო თენგიზ!

(სურაში აწყობს)

თენგიზი - (მიმოიხედავს) კახა სად არის?

მარიამი - ეგ მაღელვებს მეც. ნახევარი საათით გავედი და დაბრუნებისას აღარ დამხვდა. არ ვიცი, რა ვიფიქრო... დღეს დილით ისევ ჰქონდა სიცხე!

თენგიზი - კი მაგრამ, სად წავიდოდა ამ წვიმაში!?

მარიამი - ლექსოსაც დავურეკე, ირინესაც...

თენგიზი - მე მგონი, არ უნდა იყოს უმადური ბიჭი, საბოლოოდ რომ წასულიყო, დაგემშვიდობებოდათ მაინც (უეცრად ეცინება)

მარიამი - (გაკვირვებით) რა გაცინებთ?

თენგიზი - გამახსენდა რაღაც...

მარიამი - (გაღიზიანებით) მაინც?

თენგიზი - პირველად რომ ვნახე თქვენთან, ცოტა ვიეჭვიანე მე სულელმა!

მარიამი - (პაუზის შემდეგ) ხომ არ ისადილებთ?

თენგიზი - უცნაური ჩვევა გაქვთ, როგორც კი რაღაც მნიშვნელოვანის თქმას დავაპირებ, წამსვე ან სადილს, ან ჩაის მთავაზობთ!

მარიამი - (უმწეოდ) ტელეფონზე ხომ არა გსურთ დარეკვა?

თენგიზი - თქვენ მშვენივრად იცით, რომ ჩემი ტელეფონი არასოდეს ფუჭდება!

მარიამი - მაშ, ჩაი...

თენგიზი - აჰა, ახლა ჩაი!

მარიამი - (დაღლილად) ნუ მაწვალებთ, ბატონო თენგიზ!

თენგიზი - (გამოფხიზლდება. შეშფოთებით) მაპატიეთ, ცოტა ნასვამი ვარ!

მარიამი - ხილს მოვიტან!

თენგიზი - სიამოვნებით გეახლებით! შეიძლება შამპანური გავხსნა?

მარიამი - გახსენით!

(გადის და ხილით სავსე ლანგარი შემოაქვს)

თენგიზი - თქვენ არ ინებებთ?

მარიამი - არა, მე არ მინდა!

თენგიზი - აბა, მარტო ხომ არ დავლევ?

მარიამი - (ჭიქას უწვდის) დამისხით! ოღონდ სადღეგრძელოების გარეშე, კარგით?

თენგიზი - (ოდნავი წყენით) არც ვაპირებდი ქადაგად დავარდნას!

მარიამი - სად არის ნეტა ეს ბიჭი?

თენგიზი - თქვენ ძალიან შეიცვალეთ ამ ბოლო ხანში!

მარიამი - არ მესმის!

თენგიზი - საზრუნავი რომ გაგიჩნდათ, თითქოს გამოხვედით მუდმივი აპათიიდან!

მარიამი - რა აპათიაზე ბრძანებთ?

თენგიზი - იცით, მე რას გეძახდით წინათ, სანამ გაგიცნობდით?

მარიამი - ბატონო?

თენგიზი - ქალი ფანჯარასთან... სულ ფანჯარასთან გხედავდით ქუჩიდან! იცით, არიან ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრება რაღაცას ელიან! აი, თქვენც...

მარიამი - (ცივად) მე კახას ველი!

თენგიზი - ნუ იქნებით ასეთი მკაცრი!

(პაუზა)

მე წავალ! (წამოდგება)

მარიამი - (თბილად) ბატონო თენგიზ, ძალიან კარგს იზამთ, თუ დაჯდებით!

თენგიზი - გმადლობთ, რომ არ გამიშვით! (ჯდება)

მარიამი - ხილი მიირთვით!

თენგიზი - (ჭიქას იღებს) თუ ნებას დამრთავთ, მე მინდა...

მარიამი - ხომ შევთანხმდით, სადღეგრძელოს არ ვიტყვითო.

თენგიზი - (ეშმაკური ღიმილით) კი, ბატონო, მე კახა მინდოდა მედღეგრძელებინა!

მარიამი - (სწრაფად დასწვდება ჭიქას) არა, არა, დავლიოთ!

(თენგიზს ეცინება. ორივე სვამს).

მარიამი - (ფიქრიანად) სიცხიანი, ამ წვიმაში...

თენგიზი - ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზე იქნება! (სახეს მოისრესს) ახლა მომეკიდა სასმელი!

მარიამი - ნუღარ დალევთ მეტს!

თენგიზი - არა, მინდა დავლიო! (პაუზა) იცით, დღეს რესტორანში ვიყავი! ერთ ჩემს ყოფილ კურსელს შევხვდი, ერთად ვსწავლობდით პოლიტექნიკურში. საკმაოდ დიდი ობიექტი ჩააბარეს და მასთან შემომთავაზა გადასვლა!

მარიამი - თუ სახარბიელოა თქვენთვის, რა გაფიქრებთ!

თენგიზი - იცოცხლეთ, კარგი კია, მაგრამ ძალიან საყაჩაღო ადგილია! ფული კი ბევრი მექნება...

მარიამი - თქვენც ნუ იყაჩაღებთ!

თენგიზი - ეგ გამორიცხულია, სხვანაირად არც საქმე გაკეთდება და იმ ჩემს მოპატიჟესაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებ!

მარიამი - რა უპასუხეთ იმ თქვენს მეგობარს?

თენგიზი - ვუთხარი, ვიფიქრებ-მეთქი! როგორც გიჟს, ისე შემომხედა! სხვები მეხვეწებიან მაგ ადგილსო... ალბათ, დავთანხმდები!

მარიამი - ჰო, პრინციპში სინდისზე ხელის აღება არასოდეს არაა გვიან!

 

თენგიზი - ნუ იქნებით ასეთი კატეგორიული! თქვენ ბევრი რამ არ იცით... არ იცით, რას ნიშნავს... თავმოყვარე კაცისთვის უცხო სხეულად ყოფნა... ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავუგო ამ ცხოვრებას, როგორც ჩემი ყოფილი მეუღლე მიკიჟინებდა!

მარიამი - ხვალ სხვანაირად იფიქრებთ!

თენგიზი - არ ვიცი... ღმერთმა არ ქნას!

მარიამი - თქვენ მე მაკვირვებთ!

თენგიზი - კარგი, შევცვალოთ თემა!

(პაუზა)

მარიამი - თქვენ მგონი მოზრდილი ვაჟი უნდა გყავდეთ!

თენგიზი - დიახ, ოცდაექვსის ხდება მალე! დიდი ბიჭია, მაგრამ... მაგრამ ერთმანეთის არ გვესმის!

მარიამი - ო, ეს ხშირად ხდება!

თენგიზი - არა, აქ სულ სხვა რაღაცაა, სასაყვედურო არაფერი მეთქმის: სკოლაც და ინსტიტუტიც ფრიადზე დაამთავრა! არასოდეს უჩხუბია, არც სიგარეტი მოუწევია, თითქმის არ სვამს... ღმერთო, რამდენჯერ მინატრია, რამე სისულელე გაეკეთებინა!

მარიამი - (ღიმილით) მამის გულს ვერაფრით მოიგებ!

თენგიზი - (პაუზის შემდეგ მოულოდნელად, სევდიანად) ჩვენს ყმაწვილკაცობაში ასეთ დადებით ბიჭებს გამოქლიავებულებს ვეძახდით!

მარიამი - (შეკავებული ღიმილით) რა ბრძანეთ?

თენგიზი - არა, ისე კარგი ბიჭია, კეთილი... თუმცა რაზე ვტყუი თქვენთან, კეთილი არ არის!

მარიამი - (რბილად) ნუ ლაპარაკობთ საკუთარ შვილზე ასე! ეს ცოტა არ იყოს... არაბუნებრივია!

თენგიზი - (მწარედ) ვიცი, საქმეც მაგაშია, რომ საოცრად მიყვარს, ჩემი სისხლი და ხორცია, ბოლოს და ბოლოს!

მარიამი - იქნებ თქვენ დააკელით სითბო?

თენგიზი - არა, ბევრი ვეცადე გვეამხანაგა! თუმცა, ალბათ, არც არის აუცილებელი შვილისა და მამის მეგობრობა, ევროპაში ხომ ასეა?

მარიამი - ევროპისა აბა რა მოგახსენოთ!

თენგიზი - ერთხელ რაღაც საკვანძო მომენტის გადაჭრისას, ცოლმა მომახლა, რამ გამოგფიტა, საკუთარი შვილისგან მაინც აიღე მაგალითიო! თვითონაც იქ გახლდათ, მაგრამ ხმა არ გაუღია, დედამისის გვერდზე იდგა და უშფოთველად მომჩერებოდა სკოლის დირექტორივით! შევხედე ორივეს და მივხვდი, რომ ისინი უცხონი იყვნენ ჩემთვის...

(კვლავ პაუზა)

და წამოვედი! ახლა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მეუღლემ, ბოლოს და ბოლოს, მომცა განქორწინების უფლება! უცნაურია, სკოლაშიც და ინსტიტუტშიც დიდი ავტორიტეტი მქონდა თანატოლებში... გოგონებსაც მოვწონდი... მერე კი გაირკვა, რომ თუ მთლად ხელმოცარული არა, არიერგარდში მაინც ვიმყოფები! პუნქტი ა აკვანი, პუნქტი ბ ორი მეტრი მიწა სასაფლაოზე და სულ ფიქრობ, რომ ხვალ, ხვალ, ხვალ და არ არის ეს ხვალ. არის მარტო დღეს, დღეს, დღეს... და ეს დღეს არის ნაცრისფერი და რიგითი...

მარიამი - მაგრამ რამდენი ბედნიერი წუთი...

თენგიზი - დიახ, სწორედ წუთი... ერთად რომ აკინძოთ ეს ბედნიერი წუთები, ერთ სამსახურებრივ შესვენებას ძლივს ეყოფა!

მარიამი - სამოცი ბედნიერი წუთი ძალიან ბევრია, ბატონო თენგიზ!

თენგიზი - თქვენ ხუმრობთ, მე კი მაინტერესებს, რატომ არის ადამიანი ასე მარტო! ერთი სული მაქვს წერილი ჩავაგდო ბოთლში, კარგად დავხუფო და ზღვაში გადავუძახო.. მეძებეთ, უკაცრიელ კუნძულზე ვარ! ამა და ამ განედზე, ამა და ამ სიგრძედზე... (პაუზა) უსინდისოდ ავწუწუნდი, მაპატიეთ!

მარიამი - მოდით ერთიც დავლიოთ!

თენგიზი - არა, (დგება, ცოტას შეაბარბაცებს სიმთვრალე) მე ახლა წავალ და კახას ვიპოვი!

მარიამი - აბა, სად იპოვით?

თენგიზი - (რიხიანად) სადმე!

მარიამი - ბატონო თენგიზ, სახლში წაბრძანდით, კახა ალბათ უკვე მალე მოვა!

თენგიზი - (უეცრად მოეშვება) ჰო, თუმცა თქვენ მართალი ხართ! ისედაც შეგაწყინეთ თავი!

მარიამი - არა, რას ბრძანებთ?

თენგიზი - (ხელზე კოცნის მარიამს. შემდეგ საწვიმარს დასწვდება და ნელი ნაბიჯით მიდის გასასვლელისკენ)

რად გავჩნდი ადამიანად,

რატომ არ მოველ წვიმადა!

(გადის. მარიამი ცოტა ხანს უძრავად დგას, შემდეგ სუფრას ალაგებს. ყველაფერი სამზარეულოში გააქვს. ცოტა ხნის შემდეგ ბრუნდება, ოთახს შეათვალიერებს და სკამზე ჯდება).

მარიამი - მგონი მეც მომწონხართ, ბატონო თენგიზ!

(ზარის ხმა. მარიამი კარისკენ გარბის. შემოდის კახა).

მარიამი - (შვებით) მადლობა ღმერთს! რატომ გამიხეთქე გული?

კახა - ნებართვა რომ მეთხოვა, ხომ არ გამიშვებდით?!

მარიამი - სასწრაფოდ გაიხადე და დაწექი! ხომ არ დასველდი?

(ქოჩორზე მოუსვამს ხელს)

კახა - არა!

მარიამი - (თერმომეტრს აწვდის) ჩაიდე!

კახა - ირინკა ხომ არ მოსულა?

მარიამი - აპირებდა მოსვლას! ახლა ალბათ ის და ლექსო მთელ ქალაქში დაგეძებენ!

კახა - არა უშავს, დავურეკავ! (კარადასთან მიდის და რაღაცას ეძებს) ქალბატონო მარიამ, სად არის ჩემი სათამაშო, წასვლის წინაც ვეძებე და ვერ ვიპოვე!

მარიამი - (პაუზის შემდეგ. დამნაშავედ) კახა, უნდა მაპტიო!

კახა - რა მოხდა?

მარიამი - შენი იარაღი ჩვარში გავახვიე და მკტვარში გადავაგდე!

კახა - (გამშრალი) თქვენ ხუმრობთ!

მარიამი - არ შემეძლო სხვანაირად, ყოველ ღამე კოშმარები მკლავდა... იცი, წინათგრძნობასავით მქონდა, რომ ეგ პისტოლეტი რაღაც უბედურებას გადაგყრიდა!

კახა - თქვენ რა, მართლა გადააგდეთ?

მარიამი - ჰო, კახა!

კახა - (ყვირის) რატომ? რატომ მიეცით თქვენს თავს ამდენის უფლება?!

(მარიამი კახას ყვირილზე უნებურად სახეზე აიფარებს ხელებს, უკან დაიხევს და სკამზე ეცემა მოწყვეტით).

კახა - რა დაგემართათ? (დაბნეული)

მარიამი - შემეშინდა!

კახა - ჩამოიღეთ ხელები, მართლა არ გამაგიჟოთ!

მარიამი - (მკლავებს ჩამოუშვებს) შენ მე მიყვირე!

კახა - (ჩუმად) ძალიან გავმწარდი!

მარიამი - (ჩუმად) იმ რკინის ნაჭრისთვის?!

კახა - ხომ გითხარით, უნებლიეთ მომივიდა-მეთქი!

(მარიამი არ პასუხობს)

მაპატიეთ!

(მარიამი არ პასუხობს. კახა კურტაკს მოიცვამს, რაღაცას მოიჩხრეკს ჯიბეში და ლოგინთან მდგარ სკამზე დასდებს).

მარიამი - გაიხადე და ლოგინში ჩაწექი!

კახა - არა, მე წავალ!

მარიამი - გაიხადე-მეთქი!

(კახა ყოყმანობს. მარიამი დგება, მიდის მასთან და კურტაკს ხდის).

მარიამი - არ ვიცოდი, ასე თუ დაგწყვეტდა გულს!

კახა - თქვენ არ იღელვოთ, მასეთ იარაღს ათს ვიშოვი.

მარიამი - უჰ, რა დამაწყნარე? ახლა მართლა აღარ ვიღელვებ!

კახა - (ეცინება) არა, მე მინდოდა მეთქვა...

მარიამი - სიცხე გაიზომე?

კახა - დამავიწყდა!

(თერმომეტრს ჩაიდებს)

მარიამი - გაიზომე და ჩაწექი, ცოტა ხანში გასადილებ!

კახა - (საწყლად) არა მშია!

მარიამი - იცი რას გეტყვი...

კახა - გნებდებით!

(მარიამი მოტრიალდება და გასვლას აპირებს)

კახა - ერთი წამით, ქალბატონო მარიამ!

(მარიამი შეჩერდება)

თვალები დახუჭეთ და ხელი გამომიწოდეთ!

(მარიამი ოდნავ იჩეჩავს მხრებს და თხოვნას უსრულებს, კახა გამოწვდილ ხელზე ბეჭედს უკეთებს მარიამს).

მარიამი - (თვალს ახელს, გაოგნებული) ჩემი ბეჭედი!

კახა - დიახ, წასვლა რომ დავაპირე, აქვე დავდე სკამზე, მაგრამ თქვენ ვერ შეამჩნიეთ!

 

მარიამი - როდის?

კახა - ორიოდე წუთის წინ!

მარიამი - (მოეხვევა ბიჭს) რა კარგი ბიჭი ხარ!

(უეცრად შიშით)

იმ ბანდიტებს წაართვი?

კახა -  არა, ვთხოვე და მომცეს.

მარიამი - კი, მაგრამ როგორ მიხვდი?

კახა - თქვენი აღწერილობით... კურდღლისტუჩა, აწოწილი, კაფე ერთი მეგულებოდა იმ მიდამოებში!

მარიამი - შენი ამხანაგია?

კახა - (ოდნავ წყენით) თქვენ როგორ ფიქრობთ?

მარიამი - ბოდიში!

კახა - დღეს ურთიერთბოდიშობის დღე გვაქვს!

მარიამი - ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარე, ჩემო პატარა რობინ ჰუდო, მაგრამ მეცა მაქვს შენთვის სიურპრიზი!

კახა - მაინც ვერ გამოვიცნობ, ასე რომ, პირდაპირ მითხარით!

მარიამი - ჩემი ძველი ნაცნობობა ჩავრთე და ეს დღეები შენი უნივერსიტეტში აღდგენის საქმეზე დავრბოდი! მგონი მალე სასიკეთოდ გადაწყდება ეს საკითხიც!

კახა - (აღფრთოვანებით) ქალბატონო მარიამ!

მარიამი - უიმე, ჩაიდანი ამიფეთქდება! (გარბის სამზარეულოში. დარეტიანებული, იღლიაში თერმომეტრამოჩრილი კახა უკან მისდევს მას).

 

 სურათი მეხუთე

მარიამის სახლი. კახა ფიქრიანად ცემს ბოლთას ოთახში. ზარის ხმა კარზე. კახა ცოტა ხანს ყოყმანობს, შემდეგ თითქოს რაღაცა გადაწყვიტაო. სწრაფი ნაბიჯით მიდის კარისკენ და აღებს. შემოდის ირინე, მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული.

 

ირინე - (ნაზად კოცნის ბიჭს) სად ხარ მთელი დღე? ჩამოვიღე ტელეფონი!

კახა - საქმეზე გავედი!

ირინე - მერე რას დაძურძუკობ სიცხიანი? მოიშუშე რა ბოლომდე ეგ ანთება, სულ არ მინდა სნეული ქმარი საქორწინო მოგზაურობაში! მარიამი სად არის?

კახა - სამსახურში წავიდა! ძალიან გავანაწყენე!

ირინე  რით?

კახა - მე სულელმა გადავწყვიტე ფული შემეთავაზებინა. თუ ასეთ ახლობლად მთვლით, ნება მომეცით, სადილის თანხა მე გადავიხადო-მეთქი! და ეწყინა!

ირინე -  მართლა სისულელე მოგსვლია!

კახა - აბა, რა მექნა, ამხელა მუტრუკი დავაწექი კისერზე!

ირინე - არა უშავს, მარიამი ოქროა, შეგირიგებს! ამიტომ ვერა ხარ ხასიათზე, თუ, ჩემი მოსვლა გეწყინა?

კახა - შენი მოსვლა მეწყინა!

(მკერდზე მიიხუტებს გოგონას და დიდხანს დგას ასე, რაღაცაზე ჩაფიქრებული).

ირინე - გამიშვი! (თავს გაითავისუფლებს და თმას ისწორებს) თვითმფრინავის ბილეთები აიღე?

 

კახა - ავიღე!

ირინე - სად არის?

კახა - სკამზე. პასპორტებში!

ირინე - (კოცნის ბილეთებს და რამდენიმე საცეკვაო პას აკეთებს ოთახში) სამ დღეში მივფრინავთ, შენ კი ცხვირ-პირი ჩამოგტირის. რამ მიგაპანაშვიდა ასე?

კახა - გეჩვენება!

ირინე - მმაჩში მოელაპარაკე?

კახა - მოველაპარაკე!

ირინე - ყველაფერი რიგზეა?

კახა - რიგზეა!

ირინე - კიდევ კარგი, თორემ ახლა, ამ მდგომარეობაში ერთი თვე ვერაფრით ვერ მოვიცდიდი! არა, რაღაცა ხდება შენს თავს, რა დაგემართა?

კახა - ხომ გითხარი, გეჩვენება-მეთქი!

(ირინე ცოტა ხანს ყურადღებით აკვირდება ბიჭს, შემდეგ ჩანთას დაავლებს ხელს და მეზობელ ოთახში გადის).

ირინეს ხმა  არ შემოხვიდე!

(კახა სიგარეტს უკიდებს და ფანჯარასთან მიდის).

ირინე - (შემოდის საქორწილო, გრძელ თეთრ კაბაში გამოწყობილი) შეგიძლია მოტრიალდე!

კახა - (მოტრიალდება) ირინკა!

ირინე - (ღრმა რევერანსს უკეთებს) გისმენთ, ჩემო მბრძანებელო!

კახა - (გაბრწყინებული სახით) ირინკა!

ირინე - (პოზას არ იცვლის) მე თვრამეტი წელია, ირინკას მეძახიან, თქვი რამე პოეტური, შე სქელკანიანო!

კახა - საოცრად გიხდება, ირინ!

ირინე - მოდი ერთი წუთით სარკესთან მივიდეთ!

(ავანსცენაზე გადიან)

მშვენიერი წყვილი ვართ, არა?

კახა - რის პრინც ჩარლზი და რის ლედი დიანა!

ირინე - (სერიოზულად) გეთანხმები! ახლა სკამზე დაჯექი და ყურადღებით მისმინე!

(ზურგსუკან დაიწყობს ხელებს და ბოლთას ცემს ოთახში) ტალინში ჩასვლისთანავე, უფრო სწორად, პირველ საღამოს, მივდივართ მიუნდი ბარში...

კახა - ირინ...

ირინე - არ შემაწყვეტინო... ჰო, მართლა, შენ არც იცი! სასტუმროს ამბავი გარკვეულია, ვირუში გვექნება ნომერი! მაგრამ სჯობს თავიდან დავიწყო! მაშ ასე... ჩვენებს საქმის კურსში წასვლის წინა დღეს ვაყენებთ! ბრრრ, ცოტა მეშინია, მაგრამ არაუშავს, შეუძლებელია არ მოხიბლო! პრინციპში შეგვიძლია გავიპაროთ, მაგრამ ეს არ ივარგებს, იმიტომ, რომ უკვე ბანალური გახდა, თანაც ჩვენები მეცოდებიან!

კახა - ახლა მე მომისმინე, ირინკა!

ირინე - (მუხლებში ჩაუჯდება ბიჭს) გისმენთ, პატივცემულო საქმროვ!

კახა - გაიხადე ეგ კაბა!

ირინე - (შეშფოთებით) რა, არ მოგწონს?

 

კახა - მომწონს კი არა, ჭკუაზე არა ვარ!

ირინე - აბა, რატომ გავიხადო?

კახა - ერთი წუთით წამოდექი!

(გაკვირვებული ირინე დგება).

ირინე  რა უნდა მითხრა ასეთი?

კახა - (დგება, სიგარეტს უკიდებს და ცოტა ხანს დაჟინებით უყურებს გოგონას) შენ ხომ ხარ ჩემი ვაჟკაცი გოგო?!

ირინე - (შეშფოთებით) კახა, რისთვის მამზადებ?

კახა - ჩვენ ვერ წავალთ ტალინში, ირინ, ვერც ტალინში, ვერც სადმე სხვაგან!

(ირინე უღონოდ ეშვება სკამზე).

დაწყნარდი, მე არ მითქვამს, საერთოდ, ვერ წავალთ-მეთქი! უბრალოდ, გვიან გაზაფხულამდე მოგვიწევს აქ მოგზაურობის გადადება!

ირინე - (უსიცოცხლო ხმით) რატომ?

კახა - მიზეზების მთელი კომპლექსია! ერთი ის არის, რომ ბებიაჩემი გაზაფხულამდე არ აპირებს გადასვლას!

ირინე - ეგ არ არის მიზეზი, შენ მთავარი მითხარი!

კახა - ირინ, ვიცი, როგორც გატკინე გული, მაგრამ დამიჯერე, სხვა გამოსავალი არა მაქვს!

ირინე - (მშვიდად) მითხარი მიზეზი!

კახა - ძალიან გთხოვ, მენდე ახსნა-განმარტებების გარეშე!

ირინე - მიზეზი-მეთქი, თორემ ფანჯრიდან გადავხტები!

კახა - (უხალისოდ) ერთი ჩემი მეგობარი პატიმრობიდან გაიქცა, გუშინ ჩამოვიდა თბილისში... საკავშირო ძებნაა გამოცხადებული!

ირინე - (უსიცოცხლო ხმით) მე ვიცოდი... ვიცოდი, რომ რაღაც ამდაგვარი...

კახა - მისმინე! პირველად რომ დამიჭირეს, ერთ საკანში მოვხვდით, მაგან მიპატრონა, ძმობა გამიწია, საოცრად საყვარელი და უბედური ბიჭია!

ირინე - ეგრეც ვიცოდი!

კახა - ნუ დაიჩემე ეგ სიტყვა! დამამთავრებინე! ის სამი ათასი მანეთიც მაგას მივეცი, არ იღებდა, მაგრამ დავაძალე! პრინციპში ეგ არ არის პრობლემა და ფულზე ნუ გადატეხავ ჯოხს! მთავარი ისაა, რომ ჩემს მეტი პატრონი ახლა მაგას არ ჰყავს. ლექსოც არ იცნობს... გოჩა ქვია, ერთხელ გაგაცანი კიდეც რუსთაველზე, გახსოვს?

(ირინე არ პასუხობს)

ჰო, აბა საიდან გემახსოვრება?! მოკლედ, ერთი ორი თვე უნდა დავმალო და ვუპატრონო, სანამ არ ჩაცხრება აჟიოტაჟი!.. მანამდე, გოჩა ქუჩაშიც ვერ გავა! მერე კი რამენაირად გავაპარებ სადმე! წესით არ უნდა გამამტყუნო, ირინკა!

ირინე - (მშვიდად) მე ვიცოდი... ვიცოდი, რომ რაღაც ამდაგვარი მოხდებოდა! მე ვიცოდი...

 

კახა - რა გემართება, ირინ!

ირინე - მე ვიცოდი... რომ რაღაც ამდაგვარი...

კახა - ირინკა!

(გარბის და წყალი მოაქვს გოგონასათვის, ძალით ასმევს).

ირინე - მიუნდი ბარი... კაბა... ბილეთები..

(ისტერიული სიცილი უტყდება. დამფრთხალი კახა ცდილობს კიდევ დაალევინოს წყალი, მაგრამ ირინე ხელით იშორებს მას).

კახა - ირინკა, რა მოგდის?!

ირინე - (უეცრად წყნარდება) არაფერი! ძალიან კარგი, ასე რომ მოხდა... დღეს თუ არა ხვალ მაინც მოხდებოდა რაღაცა...

კახა - გაიგე, რომ სხვანაირად მე ვერ მოვიქცევი! ჩემს მეტი პატრონი არა ჰყავს, გესმის?! შენ რომ იმის თვალებში ჩაგახედა, აღარ გამამტყუნებდი?!

ირინე - თვალებში? (დგება და ახლოს მიაქვს სახე კახასთან) აბა, მე ჩამხედე თვალებში? ხედავ რამეს? ვერაფერს დაინახავ! ვეღარასოდეს!

კახა - (ცივად) ნუ მაშინებ!

ირინე - (წყნარად) მე არ გაშინებ, რომელი მშიშარა ბიჭი შენა ხარ?! მე მხოლოდ გაგაფრთხილე! წინასწარ!

კახა - (იფეთქებს) აბა, რას მთავაზობ, ძმასავით საყვარელი კაცი გასაჭირში მივატოვო და თვითონ მიუნდი ბარში ვიგრიალო?!

ირინე - გავალ, კაბას გამოვიცვლი!

(გადის. კახა მოწყვეტით დაჯდება სკამზე და სახეს ხელებში ჩარგავს. შემოდის ირინე, ხელში ჩანთა უჭირავს).

კახა - დაჯექი, ირინკა!

ირინე - (სკამზე ეშვება) ჰო, ცოტა ხნით შეიძლება, წასვლის წინ ხომ ასე აკეთებენ?!

კახა - ნუთუ არ გესმის ჩემი?

ირინე - არა!

კახა - ახლა, ამ ცხელ გულზე, თუ...

ირინე - არა! მე გადავიწვი, კახა, დავიღალე! წასვლა რომ ვთქვი, უბრალო წასვლა არ გეგონოს, მე სულ მივდივარ, საბოლოოდ მივდივარ, გესმის?

კახა - შენ თუ ახლა ვერ მიმიხვდი, ვერც ვერასოდეს გამიგებ! მე ყოველთვის ისე მოვიქცევი...

ირინე - როგორც სინდისი გიკარნახებს, არა?!

კახა - რატომ ასე მაღალფარდოვნად?!

ირინე - ჰო, ეს მშვენიერი პოზიციაა, ყველასთან მართალი იყო!

კახა - კაცმა რომ თქვას, რითია ცუდი?

ირინე - შენ.. დიახ, შენ, ჩემთან მართალი ხარ?

კახა - რა ვქნა, არა მაქვს ქერა თვალები და ცისფერი კულულები!

ირინე - (ფიქრიანად) ცისფერი თვალები და ქერა თმა! (პაუზა) მართლა არა გაქვს! (დგება) ახლა შეიძლება დავიძრათ კიდეც! კარგად იყავი და ნურსად მოიტეხ კისერს! ახლა სხვამ დაიწყვიტოს ნერვები შენს გამო! მე, სამწუხაროდ, გადავიწვი! წავედი, კახა! კი არ გაშინებ, უბრალოდ, მივდივარ... მივდივარ და მივდივარ!

(გადის. კახა მარტო რჩება ოთახში. ცოტა ხანს ყოყმანობს, შემდეგ კურტაკს მოისხამს და კართან მიდის, მაგრამ აღარ გააღებს კარს, ნელა გაუშვებს ხელს სახელურს, კურტაკს ჰკიდებს და კვლავ სავარძელში ჩაჯდება).

 პირველი აქტის დასასრული

 

                                  მეორე მოქმედება

სურათი მეექვსე

 

 

კვლავ კლავესინის მელოდია. მარიამი მაგიდასთან ზის და ბეჭდავს. ზარის ხმა კარზე. მარიამი დგება, სათვალეს იხსნის და კარს აღებს.

 

მარიამი - ირინე! (ეხვევა შემოსულ გოგონას) სად დამეკარგე? მთელი კვირაა, აღარ მინახიხარ!

ირინე - როგორ ბრძანდებით, ქალბატონო მარიამ?

მარიამი - არა მიშავს, დაჯექი და მომიყევი შენი ამბები!

ირინე - არა, ვჩქარობ!

მარიამი - დაჯექი, დაჯექი, კახა ერთ საათში მოვა!

ირინე - მე ვიცოდი, სახლში რომ არ იყო! უნივერსიტეტის წინ დავინახე მანქანიდან!

მარიამი - როდის?

ირინე - ხუთი წუთის წინ! სწორედ ამიტომ ამოვედი თქვენთან!

მარიამი - კარგი, ნუ ებუსხები, გამოასწორებს თავის შეცდომებს! შენ ახალი ამბავი არ იცი!

ირინე - რა ამბავი?

მარიამი - კახას უნივერსიტეტში აღდგენას უპირებენ! დღეს სწორედ საბუთებს აფორმებს!

ირინე - ჰოო? ეს კარგია!

მარიამი - (წყენანარევი გაკვირვებით) შენ რა, არ გაგეხარდა?

ირინე - მე ვთხოვდები, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - (პაუზის შემდეგ) თხოვდები?

ირინე - დიახ!

მარიამი - კი, მაგრამ როდის გადაწყვიტეთ, კახას ჩემთვის არაფერი უთქვამს!

ირინე - აბა, რა უნდა ეთქვა კახას?!

მარიამი -  არ მესმის!

ირინე - სხვას მივყვები!

მარიამი - (პაუზის შემდეგ, ნაძალადევი სიცილით) ოჰ, შე პატარა მისტიფიკატორო...

ირინე - მე არა ვხუმრობ, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - (ჩამწყდარი ხმით) ირინე, რა ხდება შენს თავს!

ირინე - (მხრებს აიჩეჩავს) არაფერი, ვთხოვდები, ესაა და ეს! უფრო სწორად, ვიპარები ერთ ბიჭთან ერთად!

მარიამი - ვინ ბიჭთან ერთად?

ირინე - ქერა ბიჭია, ცისფერთვალება... აბა, მეტი რა მოგახსენოთ, ორი კვირაა რაც გავიცანი!

მარიამი - შენ რა, გაგიჟდი თუ მე მაგიჟებ!

 

ირინე - არა, სრულ ჭკუაზე გახლავართ! დაბლა მანქანა მელოდება!

მარიამი - რა მანქანა?

ირინე - ის ბიჭი და მისი მეგობრები მელიან!

მარიამი - ირინე, გონს მოდი, კახას რას უპირებ?

ირინე - კახამ გააკეთა თავისი არჩევანი! ციხიდან გაქცეულ ბანდიტში გამცვალა!

მარიამი - გამარკვიე, რა მოხდა!

ირინე - ახლა აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალოდ ბოლო წვეთი იყო! მომბეზრდა განუწყვეტლად ხიფათის მოლოდინი! არასოდეს მესმოდა მატადორთა ცოლების!

მარიამი - (გაოგნებული) ირინკა, ერთხელ ღალატს მეორე მოყვება, იცოდე!

ირინე - ნუ ეცდებით გადამაფიქრებინოთ, ქალბატონო მარიამ, მე მაგისთვის არ მოვსულვარ აქ! თქვენ მინდოდა მენახეთ წასვლის წინ და ორიოდე სიტყვა დამებარებინა კახასთან!

მარიამი - ირინე, მოიცადე რამდენიმე დღე, ნუ დაიღუპავ თავს!

ირინე - მე ამას სწორად საკუთარი თავის გადასარჩენად ვაკეთებ! მშვიდი, ნორმალური ოჯახის შექმნა მინდა! თქვენმა ფეთიანმა კახამ საკმარისად დამაგლიჯა ნერვები! (ჩაიცინებს) ისტორია მე გამამართლებს!

მარიამი - ძვირი დაგიჯდება ეგ ხუმრობა. საკუთარ თავს ვერ მოატყუებ! (პაუზა) შენ აღარ გიყვარს კახა?

ირინე - (უეცრად წამოხტება სკამიდან) მერე რა, რომ მიყვარს?!

მარიამი - (ისიც ყვირის) არ გესმის, რომ ეს პათოლოგიაა, პათოლოგია. ერთი გიყვარდეს და მეორეს მიყვებოდე.

ირინე - მე კახასთან ბრძოლა ვეღარ შევძელი, თორემ საკუთარ გრძნობას როგორმე მოვუგრეხ კისერს!

მარიამი - მოუგრეხ?

ირინე - დიახ! რა მომცა ამ გრძნობამ? ციხის კართან დგომა, სხვა არაფერი!

მარიამი - არც არფერი სხვა?

ირინე - (სევდიანად) არა, დღესასწაულიც საკმაოდ იყო!

მარიამი - (დგება და გასაღებზე კეტავს კარს) მე შენ არსად არ გაგიშვებ!

ირინე - მომეცით გასაღები, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - ირინე, გონს მოდი!

ირინე - (ცივად) თქვენ ძალიან გაერთეთ დედობანას თამაშით! მომეცით გასაღები!

მარიამი - (შეძრწუნებული) დედობანას თამაშით?

ირინე - დიახ! (ყვირის) საკუთარი არა გყავთ და ვინმეზე გინდათ დახარჯოთ ეგ დაგუბებული პოტენცია... მე კი არ ვთამაშობ, მე ვცხოვრობ, გასაგებია?

მარიამი - (მაგიდაზე დებს გასაღებს) აიღე და წადი!

ირინე - ქალბატონო მარიამ, მაპატიეთ!

მარიამი - (დაღლილად) კახა მოვა მალე!

ირინე - არ ვიცი, რამ გამაბოროტა ასე? (პაუზის შემდეგ) თქვენ კახას აუხსენით თუ შეიძლება, რომ სხვანაირად არ შემეძლო, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული და ამ დროს გამოჩნდა ის ბიჭი... მე მას ვუყვარვარ!

მარიამი - მე ვერაფერს ავუხსნი კახას! ნურაფერს დამავალებ!

ირინე - (ჩანთას აიღებს და გასაღებით აღებს კარს. უცებ მოტრიალდება) იცით, თქვენ რომ არ გამოჩენოდით პატრონად, გამიჭირდებოდა მისი მიტოვება!

მარიამი - (ცივად) კახა თოჯინა არ არის, ვინმეს რომ გადააბარო!

ირინე - (პაუზის შემდეგ) მშვიდობით, ქალბატონო მარიამ. (გარბის, მარიამი გაქვავებულივით ზის დიდხანს. შემდეგ გამოერკვევა, წამოდგება და უაზროდ დადის ოთახში... ბოლოს საბეჭდ მანქანასა და ფურცლებს აალაგებს და თაროზე დებს. შემდეგ ფანჯარასთან მიდის და დიდხანს დგას ასე, რაღაცაზე ჩაფიქრებული).

მარიამი - (უეცრად შეკრთება) ვაიმე, კახა!

(მიდის კარისკენ და აღებს, შემდეგ მაგიდასთან ბრუნდება).

კახა - (შემოდის) კარი ღია დაგრჩენიათ!

მარიამი - არა, ფანჯრიდან დაგინახე და გავაღე!

კახა - რა დაგემართათ, მოხდა რამე?

მარიამი - არაფერი. საბუთები გააფორმე?

კახა - ყველაფერი რიგზეა! მგონი მართლა დავუბრუნდი ჩემს ალმა მატერს! რასაკვირველია, თქვენი წყალობით!

(ცერემონიულად კოცნის ხელზე მარიამს, შემდეგ კართან დაგდებულ ჩანთას იღებს და მაგიდაზე დებს) ბაზარში ვიყავი და ლომივით ვივაჭრე! მართლა კი არა, სულ არ ვიცი ვაჭრობა... მაგრამ შერჩევით ყველაფერი ხარისხიანი შევარჩიე!

მარიამი - რატომ აკეთებ ამას?

კახა - თქვენ გინდათ სტუმრად მაგრძნობინოთ თავი?

მარიამი - (სუსტი ღიმილით) არა!

კახა - მაშ ნუ მსაყვედურობთ! ჰო, მართლა, ქალბატონო მარიამ, შეიძლება ცოტა ხანიც ვიცხოვრო თქვენთან?.. ბებიაჩემმა ჩემს ოთახში ვიღაც ქალი შეასახლა, მომვლელად მჭირდებაო...

მარიამი - ამას რა კითხვა უნდა?

კახა - გმადლობთ! სადილს მე თვითონ გავაკეთებ, არა ვარ ურიგო კულინარი!

(ჩანთას დაავლებს ხელს და სამზარეულოში შეაქვს. შემდეგ ბრუნდება და ტელეფონთან მიდის) ირინკას ვეძებ მთელი კვირაა, ცოტა გამებუტა და მემალება!

 

მარიამი - ცოტა გაგებუტა?

კახა - (ჩაიცინებს) არა, ამჯერად საკმაოდ მაგრად, თუმცა აღდგენის ამბავს რომ გაიგებს, უცებ მოულბება გული! თქვენთვის ხომ არ დაურეკავს?

მარიამი - არა!

კახა - (ტელეფონთან მიდის და რიცხვს კრეფს) ირინეს სთხოვეთ თუ შეიძლება... არ არის? უკაცრავად... გადაეცით, თუ შეიძლება, რომ კახამ დარეკა! გმადლობთ!

(კიდებს ყურმილს და იცინის) ჩემს სახელს რომ გაიგებს ხოლმე, წამსვე ხმა ეცვლება დედამისს! თვალით არ ვუნახივარ, მაგრამ დაუსწრებლად ვერ მიტანს! თუმცა არცაა გასაკვირი!

მარიამი - რატომ?

კახა - რა არ უთხრეს ჩემს შესახებ! ხულიგანიო, ნაციხარიო, ნარკომანიო... და ასე შემდეგ! ცხოვრებაში არ გავკარებივარ ნარკოტიკს!

მარიამი - ვინ უთხრა?

კახა - რა ვიცი, ცოტაა კეთილისმსურველი?

მარიამი - კახა, რაღაცა მინდა გკითხო?

კახა - ბრძანეთ!

მარიამი - პირველად რომ უბრალო ჩხუბზე დაგიჭირეს, ვიცი.

კახა - თქვენ გაინტერესებთ, მეორედ რაზე დამიჭირეს? არაფრის გამო! თუმცა, ყველა ასე ამბობს.

მარიამი - არა, მე შენი მჯერა!

კახა - ერთ დაბადების დღეზე, სადაც საკმაოდ ჭრელი საზოგადოება იყო შეკრებილი, ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა! ყველა იქ მყოფი აგვიყვანეს და ჩემზე აიღეს ეჭვი, როგორც ერთხელ უკვე ნაციხარზე! ამ დროს ნამდვილი დამნაშავე გაიქცა.

მარიამი - ირინეც იქ იყო?

კახა - დიახ და სწორედ მაგ ფაქტორმა გადაწყვიტა ყველაფერი! მე უკვე მოყუჩებული ვყავდით, ირინკა რომ შემოიყვანეს სამორიგეოში... ეს რომ დავინახე, ნერვებმა ვეღარ გამიძლო და ვიყვირე, გაუშვით სუყველა, მე დავჭერი-მეთქი! არ მინდოდა, ირინკა დაეკითხათ!

მარიამი - ნამდვილი დამნაშავე?

კახა - ნამდვილი დამნაშავე თვითონ დაჭრილმა ჩაუშვა, მაგრამ რატომღაც სამი თვის შემდეგ, მანამდე არ ვიციო, იძახდა! მერე, სანამ არკვიეს და აზუსტეს, კიდევ ორი თვე გავიდა... ბოლოს გამომიშვეს! ესა და ეს!

მარიამი - ირინემ იცოდა, რატომ აიღე შენს თავზე დანაშაული!

კახა - კი, გაიგო და ერთკვირიანი ისტერიკა დაემართა, მოკლედ, მაგრად გაწვალდა ჩემი სისულელის გამო!

მარიამი - მე არც ერთ შენს მეგობარს არ ვიცნობ!

კახა - ჰო, ერიდებათ თქვენთან ამოსვლა!

 

მარიამი - (ამოიოხრებს) ერთი რამე არ მესმის, როგორა ხართ ასეთი კარგები, როცა ასეთი ცუდები ხართ!

(კახა იცინის. ტელეფონის ზარი. მარიამი ყურმილს იღებს) გისმენთ... კახას? ვინ კითხულობს?.. ნანა?

კახა - (მხრებს იჩეჩავს) საიდან გაიგო თქვენი ტელეფონი.

მარიამი - ამწუთას. (კახას) ვინ არის ნანა?

კახა - არის ერთი... ირინკა მწვანე ჟირაფს ეძახის! (ყურმილს ართმევს მარიამს) ნანა გამარჯობა, როგორ გიკითხო?.. რას მამზადებ, ასეთი რა უნდა მითხრა? (პაუზა. კახას ყურმილი უცივდება ხელში და ნელა ეშვება ტახტზე) შენ ხომ არ გაგიჟდი?.. ვინ გითხრა? (ყვირის) ეს ჭორია, ჭორი! და ენას ამოგაძრობთ სუყველას, თქვენი... (მარიამს, გაოგნებული) დამიკიდა! ირინკაზე მითხრა...

მარიამი - (ტკივილით) მართალი გითხრა!

კახა - მართალი? (პაუზის შემდეგ) თქვენც გაიგეთ?

მარიამი - თვითონ ირინემ მითხრა! მე არ მინდოდა ასე უცბად...

კახა - (თავს ჩაქინდრავს და ყურმილი უვარდება ხელიდან) ცისფერთვალება, ქერათმიანი?!

მარიამი - ჰო, ცისფერთვალება!

(მის გვერდით ჩამოჯდება და თმაზე ეფერება ბიჭს) ხომ ხედავ, არც კი გაწყნარებ! მე მჯერა, რომ შენ ვაჟკაცი ხარ!

კახა - (დაბნეულად შეხედავს ქალს) რა ბრძანეთ?

მარიამი -  შენ ხომ ვაჟკაცი ხარ?

კახა - დიახ, ალბათ... (დგება, უაზროდ დადის ოთახში, სკამს დაეტაკება და წააქცევს) ეს სიზმარია... მე ეს მესიზმრება!

მარიამი - (უმწეოდ) კახა!

კახა - (თავისთვის ბურტყუნებს) ეს სიზმარია, მე ეს მესიზმრება, (ბარბაცით მიდის ტახტთან და მოწყვეტით ჯდება ზედ).

მარიამი - (ტკივილით შეჰყურებს მის ასეთ ყოფას) კახა, დამშვიდდი!

კახა - წყალი მოიტანეთ?

მარიამი - ამწუთას!

(გარბის სამზარეულოში. კახა დგება, კარს აღებს და გადის. შემოდის მარიამი წყლით სავსე ჭიქით ხელში. დაბნეული დასწვდება კახას კურტაკს, შემდეგ ფანჯარას ეცემა).

მარიამი - (ფანჯრიდან) კახა! კახა!

(კურტაკს მკერდზე მიიხუტებს და კარისკენ გარბის).

 

 სურათი მეშვიდე

 

ოთახი. მარიამი ტახტზე ზის ხელებში თავჩარგული. მაგიდაზე საბეჭდი მანქანა და უწესრიგოდ მიმოფანტული ფურცლებია. ზარის ხმა კარზე. მარიამი სწრაფად დგება და კართან მიდის.

 

 

მარიამი - მობრძანდით, ბატონო თენგიზ!

თენგიზი - გამარჯობათ, ხომ არ მოგაცდინეთ!

მარიამი - (ხელს აიქნევს) არა, კისერი უტეხია ამ სამუშაოს!

თენგიზი - (გაკვირვებით) მოხდა რამე?

მარიამი - არაფერი, დაბრძანდით!

თენგიზი - ჩემი ტელეფონი...

მარიამი - გაფუჭდა?

თენგიზი - დიახ, ასე წამდაუწუმ...

მარიამი - დარეკეთ, მე გავალ!

თენგიზი - არა, ნუ წუხდებით, მხოლოდ ორი სიტყვა მაქვს სათქმელი! (კრეფავს რიცხვს). ლერი, გამარჯობა!.. თენგიზი ვარ! როგორ გიკითხო? (პაუზა) ლერი, არ გეგონო უმადური კაცი, მაგრამ... მოიცა აგიხსნა ჯერ... მე კი ძალიან მინდა, მაგრამ მივხვდი, რომ არ გამოგადგები. ჰო, მყარად გადავწყვიტე, არაა ეგ ჩემი საქმე, შენც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებ... არ გეწყინოს, ძალიან მადლობელი ვარ შენი... მაგრამ რას იზამ... რა შუაშია აქ ხერხემალი? ვიცი, რომ ხელი გამომიწოდე, მაგრამ ასე აჯობებს შენთვისაც და ჩემთვისაც. კარგად იყავი. ღმერთმა ჩემი თავი არ დაგაჭირვოს, თორემ ყველა სხვა შემთხვევაში შენს გვერდით დავდგები! (კიდებს ყურმილს, მარიამისკენ შემოტრიალდება) შეგაწუხეთ, მაგრამ...

მარიამი - (რაღაცაზე ჩაფიქრებული) ოთხჯერ თქვით ОმაგრამМ, ეს უკვე მეხუთეა!

თენგიზი - რა ბრძანეთ?

მარიამი - (გამოერკვევა) არაფერი, მექანიკურად ვითვლიდი, რამდენჯერ თქვით სიტყვა მაგრამ...

თენგიზი - ჰოოო... როგორ ფიქრობთ, მართალი ვარ?

მარიამი - რა საკითხში?

თენგიზი - უარი რომ ვთქვი ახალ სამსახურზე!

მარიამი - უარი თქვით?

თენგიზი - (ოდნავ გაღიზიანებით) თქვენ რა, არ მისმენდით?

მარიამი - (ისიც გაღიზიანებით) აბა რატომ უნდა მესმინა.

თენგიზი - რა ვიცი, მაგრამებს კი ითვლიდით!

მარიამი - პრინციპში, რასაკვირველია, არ უნდა დათანხმებოდით! რახან საყაჩაღო ადგილია...

თენგიზი - არა, რაღაც ხდება თქვენს თავს!

მარიამი - ჰო, ცოტა ვერა ვარ...

თენგიზი - კახასი რა ისმის?

მარიამი - თვენახევარია აღარ მინახავს, ხანდახან რეკავს ხოლმე!

თენგიზი - ცოტა უმადურად მოსვლია!

მარიამი - (მკაცრად) რატომ?

თენგიზი - აბა, არ შეეძლო ერთხელ მაინც ენახეთ?

მარიამი - ესე იგი, არ შეეძლო!

თენგიზი - რაც თქვენ ამაგი გაქვთ დახარჯული...

 

მარიამი - კახასგან ნუ დამიცავთ, ბატონო თენგიზ!

თენგიზი - აზრადაც არ მომსვლია!

(პაუზა)

მარიამი - ნუ გამინაწყენდით, ძალიან აფორიაქებული ვარ!

თენგიზი - მე ვხედავ ამას!

მარიამი - სხვა გზა არა მაქვს, თქვენ უნდა გითხრათ...

თენგიზი - რა, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - დღეს მილიციის სამმართველოდან იყვნენ ჩემთან.

თენგიზი - თქვენთან მოვიდნენ?

მარიამი - დიახ.

თენგიზი - კახას გამო?

მარიამი - დიახ, კახას ეძებდნენ!

თენგიზი - რა ჩაიდინა?

მარიამი - არ ვიცი! გამაფრთხილეს, აუცილებლად შეგვატყობინეთ, თუ გამოჩნდაო!

თენგიზი - სხვა არაფერი უთქვამთ?

მარიამი - არა, ძალზე ზრდილად იქცეოდნენ, თან მამშვიდებდნენ, სერიოზული არაფერიაო! (პაუზა).

თენგიზი - მე ვიცოდი, რომ რაღაც ამდაგვარი მოხდებოდა.

მარიამი - (ცივად) საიდან?

თენგიზი - ცუდად იყო ეგ ბიჭი ატეხილი!

მარიამი - კახა უსინდისობას არ ჩაიდენდა!

თენგიზი - რა გულუბრყვილო ხართ, ქალბატონო მარიამ, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ გავიგე, რომ კახა ძალიან ცუდ წრეში ტრიალებს. განუწყვეტლივ რაღაც ფათერაკებშია გაბმული...

მარიამი - კახა უსინდისობას არ ჩაიდენდა!

თენგიზი - აბა, რა ვიცი, თქვენს სახლაფორთოდ კი გაჩენილა ამ ქვეყანაზე!

მარიამი - რატომ ღიზიანდებით ასე კახაზე?

თენგიზი - (იფეთქებს) იმიტომ, რომ თქვენ ასეთ ყოფაში გხედავთ, მაგ პიჟონის გამო!

მარიამი - (გაფითრებით) ვინ არის პიჟონი?

თენგიზი - ვინ და თქვენი პროტეჟე! უმადური და ეგოისტი... ეგ ბიოლოგიური ბოროტმოქმედია, მე ვიცი მაგის თაობა! საკუთარ ხუშტურებს აყოლილი, პარაზიტი და უმაქნისი თაობა... კრიტიკანობის მეტი რომ არაფერი შეუძლიათ... და სხვათა შორის, თქვენნაირი ლიბერალების ბრალია, ყველაფერი რომ გაუდით! და ეგ თქვენი აბსტრაქტული ჰუმანიზმი...

მარიამი - როგორ აძლევთ თქვენს თავს უფლებას, ასე ზეპირად ილაპარაკოთ მთელ თაობაზე. რა ცოდვა აქვთ ასეთი ამ ბავშვებს? და, საერთოდ, რატომ არის ყველა ჩასაფრებული, რომ თუ ახალგაზრდას ფეხი გადაუბრუნდა, ზვიგენებივით წაესიონ წამსვე!

ქრისტემ რომ უთხრა ბრბოს, ვინც ყველაზე უცოდველია, პირველმა მან ესროლოს ქვა ცოდვილსო, ფარისევლებმაც ვერ გაბედეს ამის გაკეთება, დღეს კი, ეს რომ ეთქვა, ნებისმიერი თქვენგანი პირველი დასწვდებოდა ქვას ჩასაქოლად. იმიტომ, რომ მარტო სხვისი დანაშაულის დანახვა შეგიძლიათ. რა ხართ ასეთი უცოდველები, განსჯის უფლებას რომ აძლევთ თავს. რას ერჩით კახას, თქვენ, რომელიც ყოყმანობდით ვიყაჩაღო თუ არაო, და აქ, ჩემს დასანახად, საკუთარი უკომპრომისობის დემონსტრაცია მოაწყვეთ!

თენგიზი - (გაოგნებული) მე... დემონსტრაცია?

მარიამი - რას თხოულობთ კახასგან, ამ თბილი და სევდიანი ბიჭისგან. რას? იმას, რომ ჯერ სამშობლოს ვერაფერში გამოადგა? იქნებ საკუთარი თაობაც დაადანაშაულოთ ამაში? ჯერ ეგ ბავშვები გაქურდეს და მერე თვითონაც დაიწყეს ქურდობა!

თენგიზი -  (ფეხზე წამოდგება) მე წესიერი შვილი გავზარდე.

მარიამი - (ვეღარ ჩერდება) ხოლო რაც შეეხება თქვენს გამოქლიავებულ შვილს...

თენგიზი - (დარეტიანებული) რა ბრძანეთ?

მარიამი - რა ვბრძანე და თქვენს ქლიავ შვილს ჩემი შვილი ათი თავით სჯობია! აი, რა ვბრძანე!

თენგიზი - თქვენ მე დღეს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეთ, რომ... ვერასოდეს გაპატიებთ! თქვენ ისარგებლეთ სიმთვრალეში წამოროშილი სიტყვებით!

მარიამი - თქვენ კი მსაჯულის როლში გადაწყვიტეთ ხმის დაბოხება... მაშინ, როცა მე დახმარება გთხოვეთ!

თენგიზი - (მოტრიალდება და მიდის) საკმარისად ბევრი ვითმინე...

მარიამი - (მიაყვირებს კარებისკენ მიმავალს) და საერთოდ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი ფენომენალური ტელეფონი ისევ გაფუჭდა, შეგიძლიათ სხვა მეზობელს მიმართოთ! (თენგიზი მოტრიალდება, უნდა რაღაც თქვას, მაგრამ გადაიფიქრებს და ძალუმად გაიჯახუნებს კარს. მუშტებშეკრული მარიამი ნერვიულად დადის აქეთ-იქით, უეცრად გაეცინება და სახეს ხელებში ჩარგავს, შემდეგ კვლავ მოიწყენს და ტელეფონთან მიდის).

მარიამი - (კრეფს რიცხვს) ლექსოს სთხოვეთ, თუ შეიძლება. არ არის? (კიდებს ყურმილს. ზარის ხმა. მარიამი სწრაფად აღებს კარს).

მარიამი - (განცვიფრებული) ირინკა! შენ?

ირინე - (შემოდის) გამარჯობათ, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - (ცოტა ხანს უყურებს) ირინკა!

ირინე - (ნაძალადევი ღიმილით) არ მელოდით?

მარიამი - არა!

ირინე - მე კი მოვედი!

მარიამი - დაჯექი!

(ირინე დაღლილი ჩამოჯდება სკამზე).

ირინე - როგორ ბრძანდებით?

მარიამი - შენ როდის ჩამოხვედი?

 

ირინე - ორი კვირაა!

მარიამი - სად გაატარეთ თაფლობის თვე?

ირინე - ლენინგრადში.

მარიამი - ჰო, მშვენიერი ქალაქია!

ირინე - დიახ!

(პაუზა)

რატომ მათვალიერებთ ასე, ძალიან გამოვიცვალე ამ თვენახევარში?

მარიამი -  როგორ გითხრა?!

ირინე - (ნაძალადევი სიცილით) ნუ მეტყვით!

(პაუზა)

მარიამი - საიდან მოდიხარ?

ირინე - ვიცი, რაც უნდა შემთავაზოთ! ახლახან ვისადილე!

მარიამი - ჩაი?

ირინე - არა, ქალბატონო მარიამ, საქმეზე ვარ მოსული!

მარიამი - გისმენ!

ირინე - კახაზე მინდა გითხრათ!

მარიამი - (შეშფოთებით) შენ რა, გაიგე რამე?

ირინე - დიახ.

მარიამი - სწრაფად მითხარი!

ირინე - კახას ერთი მეგობარი პატიმრობიდან გაიქცა...

მარიამი - ვინ მეგობარი?

ირინე - წყალწაღებული რეციდივისტია... მაგრამ კახას ძალიან უყვარდა...

მარიამი - მერე?

ირინე - მთელი ეს თვენახევარი მალავდა და ინახავდა ქალაქგარეთ, ვიღაცის აგარაკზე. ამ სამი დღის წინ კი, გადაწყვიტა მცხეთის სადგურიდან გაეპარებინა, მაგრამ სადგურზე ოპერჯგუფი დაადგათ თავზე!

მარიამი - საიდან გაიგეს?

ირინე -  მეზობელს აუღია ეჭვი. ერთი წუთით წყალს დავლევ და...

მარიამი - მე მოგიტან! (გარბის სამზარეულოში და წყალი მოაქვს გოგონასათვის).

მერე?

ირინე - მერე ის, რომ იმ ნაძირალამ სროლა აუტეხა მილიციას. აქედანაც ესროლეს და ფეხში დაჭრეს. კახამ კი კაი პარტიზანივით ზურგზე მოიგდო ის უნამუსო და ტყისკენ გაიქცა, მაგრამ სად გაიქცეოდა?

მარიამი - კახას რამე ხომ არ დაუშავდა?

ირინე - არა, მაგრამ მაგ უტვინომ კიდევ უფრო დიდი სისულელე ჩაიდინა!

მარიამი - რა სისულელე!?

ირინე - თბილისში რომ ჩამოიყვანეს, მანქანიდან გადმოსვლისას, ხელი გაითავისუფლა, ოპერმუშაკს გაარტყა და რაღაც სასწაულად გაქცევაც მოახერხა.

მარიამი - (აკანკალებული) და ახლა...

ირინე - (მწარედ) ახლა ძებნაა კახაზე გამოცხადებული!

მარიამი - (თავზე წაივლებს ხელებს) ვაიმე!

ირინე - (უსიცოცხლო ხმით) ჰო, მართლა, რატომა ვარ მოსული! თქვენ უნდა უშველოთ კახას!

მარიამი - როგორ? მითხარი!

ირინე - თუ მოვიდა, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ერთ კაცს.

მარიამი - ვის?

ირინე -  ბესო ჰქვია სახელად. ოპერმუშაკია.

 

მარიამი - შენ რა, გაგიჟდი? კახა დავასმინო?

ირინე -  ბესო კახას ყოფილი მეზობელია, პატარაობისას ძალიან უყვარდა და როგორც უმცროს ძმას, ისე ანებივრებდა. ახლა კი ისე მოხდა, რომ მცხეთაში სწორედ მაგ ბესო მეთაურობდა ოპერაციას.

მარიამი - მერე რა, რომ ბავშვობაში უყვარდა?!

ირინე - ეგ ბესო ჩემთან მოვიდა და მითხრა, კახას ყველა ახლობელი გააფრთხილე, ვისაც კი ხმა მიუწვდება, ურჩიონ, ჩაბარდესო! მილიციამ იცის, რომ შეიარაღებულია!

მარიამი - ღმერთო ჩემო!

ირინე - მოკლედ, თუ გვინდა, რომ გადარჩეს, აუცილებლად უნდა მოვნახოთ! თქვენთან თუ გამოჩნდა, ან დაიყოლიეთ ან ამ ტელეფონზე დარეკეთ!

მარიამი - (ათვალიერებს ქაღალდის ნაგლეჯს) ვისთან?

ირინე - ბესოსთან! ასე სჯობია! კახა ხიფათს გადარჩება და ნაკლებსაც მისცემენ, ბესო რამენაირად დაეხმარება, თვითონაც ძალიან განიცდის, სისხლი კინაღამ ჩაექცა, კახა რომ იცნო!

(პაუზა)

მარიამი - რა წყალს ვეცე, არ ვიცი!

ირინე - მე წავალ!

მარიამი - მოიცადე, ირინკა, ჯერ ნუ წახვალ!

ირინე - არა, მელოდებიან!

მარიამი - ცისფერთვალება, ქერათმიანი!..

ირინე - თქვენ მაინც ნუ იქნებით სასტიკი!

მარიამი - გიყვარს?

ირინე - ძალიან კარგი ბიჭია!

მარიამი - ეჰ, ირინკა, ირინკა...

ირინე - (უეცრად ატირდება და მუხლებში ჩაემხობა მარიამს) რომ წარმოვიდგენ ახლა რა დღეშია, რა გამწარებული და მე მის გვერდით არა ვარ... ოჰ, ეგ უტვინო, უტვინო!

მარიამი - დამშვიდდი, ნუ ტირი!

ირინე - ჰო, ალბათ ტირილის უფლებაც დავკარგე! (ცრემლს შეიმშრალებს) მე წავალ, ქალბატონო მარიამ! მშვიდობით!

მარიამი - (უსიცოცხლო ხმით) მშვიდობით, ირინკა!

ირინე - შეიძლება, ხანდახან მაინც მოვიდე ხოლმე?

მარიამი - რასაკვირველია, აუცილებლად!

ირინე - (კოცნის მარიამს) არ დაგავიწყდეთ, დაიყოლიეთ ჩაბარებაზე!

მარიამი - ვეცდები ირინკა, შენც მიხედე საკუთარ თავს.

ირინე - ამ დღებში გინახულებთ!

მარიამი - ჰო, მოდი!

(ირინე გადის, მარიამი ცოტა ხანს უძრავად დგას, შემდეგ სამზარეულოში გადის, წამალი და ნახევარი ჭიქა წყალი გამოაქვს. ნელა აწვეთებს წყალში წამალს და საბეჭდ ფურცლებს მაგიდის კიდისკენ მიხვეტავს. ჭიქას პირთან მიიტანს და წამალს გადაჰკრავს. შემდეგ დგება და უაზროდ იწყებს ბოდიალს ოთახში, ბოლოს კვლავ ტელეფონთან მიდის, კრეფს ნომერს  უკაცრავად, ლექსო ხომ არ მოსულა? არა? მაპატიეთ! (კიდებს ყურმილს და უღონოდ ეშვება ტახტზე. ზარის ხმა, გათიშული მარიამი უცებ ვერც გაიგონებს, შემდეგ გამოერკვევა, წამოხტება ტახტიდან და კარებს აღებს).

მარიამი - (შეყვირებს) კახა!

(მძლავრად ჩაეხუტება შემოსულ ბიჭს და ცოტა ხანს ასე უძრავად დგანან ორივენი).

მარიამი - (კარს მიკეტავს) კახა, ჩემო კახა! (სახეს დაუკოცნის) რა კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი! რა კარგი ბიჭი ხარ!

კახა - ძალიან მომენატრეთ, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - რა არის ეს, სულ გალუმპულხარ!

კახა - წვიმაში მოვხვდი!

(მარიამი სკამზე სვამს ბიჭს, გარბის, პირსახოცი მოაქვს და ენერგიულად უმშრალებს თავს).

კახა - როგორც მაშინ...

მარიამი - რა თქვი?

კახა - როგორც მაშინ-მეთქი, ფილტვების ანთება რომ დამემართა!

მარიამი - (სევდიანად) ჰო, მართალი ხარ! (პაუზა).

კახა - ნეტა ახლაც ფილტვების ანთება მქონდეს და თქვენი ჩეფჩიკი მეხუროს თავზე!

მარიამი - კახა, მე ყველაფერი ვიცი!

კახა - (სწრაფად) ვინ გითხრათ?

მარიამი - ირინემ!

კახა -  ირინკამ?

მარიამი - ჰოდა, ისიც მითხრა, აუცილებლად უნდა ჩაბრდეს, თორემ კატასტროფით დამთავრდება ყველაფერიო!

კახა - (ჩაიცინებს) მითითებებიც მოგცათ!

მარიამი - კახა, ირინეს ის ბესო ელაპარაკა... მილიციამ იცის, პისტოლეტს რომ დაათრევ!

კახა - არა, ქალბატონო მარიამ, არ ჩავბარდები!

მარიამი - რატომ?

კახა - არ შემიძლია ასე ცხვარივით ჩაბარება, არც ციხე მომნატრებია მაინცდამაინც! და არც ირინკას ეკითხება ვინმე!

მარიამი - შენ გესმის, რომ შეიძლება მოგკლან, წინააღმდეგობა თუ გაუწიე?! (მუდარით) კახა, დამიჯერე!

კახა - (რბილად) მაპტიეთ, მაგრამ მოდით ნუ ვილაპარაკებთ ამაზე!

მარიამი - (სასოწარკვეთით) რა დროს გმირობანას თამაშია?

კახა - (ნაწყენი და გაკვირვებული) აბა რა გმირობანაზე ბრძანებთ, ქალბატონო მარიამ?! სრულებითაც არ მეთამაშება!

მარიამი - ღმერთო ჩემო, შენ არაფერი გესმის!

კახა - (მოულოდნელად) მშია!

მარიამი - რა თქვი?

კახა - სასტიკად მშია, ორი დღეა ლუკმა არ ჩამიდევს პირში!

მარიამი - შენ მოგიკვდა ჩემი თავი!

 

(გარბის სამზარეულოში. კახა ხელს ჩამოდებს მაგიდაზე. სახეს მოისრესს და მომენტალურად იძინებს. შემოდის მარიამი, ხელში ნახევარი ბოთლი კონიაკი და ჭიქა უჭირავს. მძინარე ბიჭის დანახვაზე წამით შედგება, შემდეგ ფრთხილად ალაგებს ყველაფერს მაგიდაზე და ცოტა ხანს დაჟინებით მისჩერებია კახას, ბოლოს, თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, კარისკენ მიდის ფეხაკრეფით).

კახა - (იღვიძებს, დაფეთებულივით წამოვარდება, შემდეგ გონს მოდის და სკამზე ეშვება) უუუფ...

მარიამი - რა იყო?

კახა - სიზმარი ვნახე... (ჩაფიქრდება) მაგრამ აღარ მახსოვს... სურნელი კი აქვე ტრიალებს... თითქოს ჰოპ და ხელს წაავლებო!

მარიამი - ეს ის კონიაკია, შენ და თენგიზმა რომ ვეღარ დაამთავრეთ მაშინ!

კახა - (დაისხამს) გაგიმარჯოთ!

(სვამს)

მარიამი - მოიცა, საჭმელი არ მომიტანია ჯერ!

კახა - (თვალდახუჭული) არა უშავს! (თვალს ახელს) ირინე როდის იყო აქ?

მარიამი - წუთით გაგასწრო! ძალიან აფორიაქებული და შეშინებული მოვარდა, აუცილებლად ჩაბარდესო... ირინკა ძალიან განიცდის შენს ამბავს, კახა! (პაუზა)

კახა - პრინციპში სწორად მოიქცა, დროზე მიხედა საკუთარ თავს!

მარიამი - შენ არ იცი...

კახა - (აგრძელებს) და ძალიანაც კარგი, ცალკე ტვირთად დამაწვებოდა მისი პრობლემა!

მარიამი - ირინკა ძალიან განიცდის!

კახა - ჰო, ალბათ! მაგრამ მაინც სწორად მოიქცა, აბა, რომელი დეკაბრისტი მე ვარ?! (ჩაიცინებს) და არც ეგა მყავს პენელოპე! (კვლავ დაისხამს კონიაკს)

მარიამი - ჯერ არ დალიო! მაცალე სუფრის გაშლა!

კახა - გემორჩილებით!

(მარიამი გადის და საჭმელი შემოაქვს).

მარიამი - ღმერთო ჩემო, პური გამთავებია, შენ მომიცადე, მეზობელს გამოვართმევ!

(სწრაფად გადის, კახა ცოტა ხანს უძრავად ზის, შემდეგ ტელეფონთან მიდის და ნომერს კრეფს).

კახა - ლექსო, გამარჯობა... ქუჩიდან გირეკავ! დღეს გავდივარ ქალაქიდან.. ტყუილად მაცივდები, მაინც არ გეტყვი, სადა ვარ... არ მჭირდება-მეთქი მანქანა. ეგღა მაკლია, შენც გაგხვიო შარში.. ისე, მომენატრა შენთან დალაპარაკება... ნუ აგინებ, ბევრს მეხვეწა ის უბედური, გაიქეცი, თავს უშველეო! მართლა გეუბნები... ლექსო, თავი დამანებე, არ მჭირდება შენი დახმარება! ერთი სათხოვარი მაქვს მხოლოდ... მარიამთან ადი ხოლმე ხანდახან, ხომ იცი, მარტოხელა ქალია! რაო? შენთანც იყო ბესო? არა, ლექსო, არ ჩავბარდები, შენ მაინც ხომ იცი, რომ არ ჩავბარდები, მოკლედ, მარიამი არ მიატოვო... გმადლობთ, ძამიკო, გეხვევი! არ გეწყინოს, უნდა დავკიდო ყურმილი!

(ცოტა ხანს უძრავად დგას, შემდეგ ფანჯარასთან მიდის, შემოდის მარიამი პურით ხელში).

კახა - (მოტრიალდება) თქვენა ხართ?

მარიამი - ხომ არ გაგიფიცხო პური?

კახა - არა (ჯდება და გამგელებული იწყებს ჭამას, მაგრამ მალევე წყვეტს და ჩაფიქრდება).

მარიამი - (ტკივილით უყურებს) რატომ არ ჭამ?

კახა - აღარ მინდა!

(კვლავ ფანჯარასთან მიდის)

მარიამი - ირინკა...

კახა - (მოტრიალდება) რა თქვით?

მარიამი - ირინკა ძალიან ნანობს!

კახა - ირინკა კარგი გოგოა!

მარიამი - (ფრთხილად) შენ კიდევ გიყვარს?

კახა - (იფეთქებს) მერე რა რომ მიყვარს, მე დედაჩემიც მიყვარს, მაგრამ ჩემთვის აღარ არსებობს! (მწარედ) ღალატს ბავშვობიდან მიმაჩვიეს, ქალბატონო მარიამ!

მარიამი - რას აპირებ ახლა?

კახა - ცოტა ხანში წავალ!

მარიამი - საერთოდ?

კახა - რა ვიცი, ვიცხოვრებ. (პაუზა) მაპატიეთ, ავწუწუნდი ცოტა!

მარიამი - ყველაფერი წინაა, კახა!

(კახა მხრებს იჩეჩავს და თავს ჩაჰკიდებს) მოდი ჩემთან (კახა დგება და ტახტზე ჯდება მარიამის გვერდით. მარიამი მკლავს გადახვევს მას. კახა თავს ჩაუდებს კალთაში. მარიამი თმაზე ეფერება ბიჭს და, სადღაც სივრცეში ეყინება მზერა).

კახა - (დგება) ცდებით!

მარიამი - ვცდები?

კახა - დიახ, თქვენ... თუმცა, აბა, რად გინდათ სიტყვები?!

მარიამი - მინდა, მინდა!

(და უეცრად იფეთქებს ქუჩიდან ხმაური, მანქანების და ბორბლების წრიპინისა, სინათლის მკვეთრი ზოლი და მეგაფონის ხმა შემოიჭრება ოთახში).

მეგაფონის ხმა  კახა, ბესო ვარ, დაგვნებდი. სახლი გარშემორტყმულია!

(კახა ფანჯარას ეცემა, შემდეგ გველნაკბენივით მოტრიალდება და იარაღს იძრობს ქამრიდან).

მეგაფონის ხმა  კახა, დაგვნებდი... და სისულელეების გარეშე (კახა კარისკენ გარბის, მაგრამ კარზე ჯვარცმულივით გაკრული მარიამი შეაყოვნებს).

მარიამი - (უსიცოცხლო ხმით) ეს მე დავრეკე, კახა! (გაოგნებული კახა ცოტა ხანს უძრავად დგას და მარიამს უყურებს, შემდეგ მოტრიალდება და ფანჯარას აღებს).

 

კახა - (მტკიცე ხმით)  არ ამოხვიდეთ, ბესო, თვითონ ჩამოვალ! (და იარაღს ფანჯრიდან ქუჩაში ისვრის, შემდეგ გაქვავებულ ქალთან მიდის და თმაზე კოცნის) თქვენ, ალბათ, მართალი იყავით, ქალბატონო მარიამ, არასოდეს არ ინანოთ თქვენი საქციელი!

(გადის. მარიამი წელმოწყვეტილივით მიდის ფანჯარასთან და უღონოდ გადაეკიდება რაფას).

მარიამი - (ყვირის) არ ატკინოთ, არ ატკინოთ, მკლავებს ნუ უტრიალებთ, მკლავებს ნუ უტრიალებთ, არ ეტკინოს...

(რაფიდან ჩამოცურდება და ცოტა ხანს ჩაჩოქილი ზის იატაკზე, შემდეგ წვალებით წამოიმართება და რამდენიმე გაუბედავ ნაბიჯს აკეთებს).

როგორ გადაიხლართა ყველაფერი... წვიმა, კახა, ვიღაც კაცები მეგაფონებით... ირინკას ჩამქრალი სანთლის სურნელი ასდის, თენგიზმა კიდევ რაღაცა თქვა, მე კი არ მახსოვს...

(მთვარეულივით მიდის მაგიდასთან და უაზროდ გადაადგილებს თეფშებსა და ჭიქებს. დგება, აქეთ-იქით იწყებს სიარულს, თითებს იმტვრევს და გათიშული მზერა რაღაცისთვის გაუშტერებია).

პატივცემულო მოსამართლევ, სიკვდილი შემოდის ჩვენს ფანჯრებში.. სიკვდილი და მარტოობა! მე შვილებს მიკლავენ... ჩემს შვილებს... ყველა ჩემი შვილია, ყველა ჩემი შვილია. რა არის ამაში გაუგებარი?

ქალაქს გველეშაპმა შემოხვია ვეება კუდი და წამდაუწუმ თხოულობს მსხვერპლს, ჩვენი გოგო სიცოცხლეს თხოულობს, რათა წყალი მოგვცეს არსებობისა... (წამით შეცბება, თვალს მოავლებს ოთახს და საფეთქლებს ისრესს) არა, ვტყუი! ეს რომელიღაც ზღაპრიდანაა! გველეშაპები ხომ არ არსებობენ, ხომ არ არსებობენ, პატივცემულო მოსამართლევ!

(ისევ მიდის მაგიდასთან, ისევ ნერვიულად უცვლის ადგილს თეფშებს, ჭიქას, ბოთლს).

ობიექტურად, მოწყალეო ხელმწიფევ, თქვენ მართალი ბრძანდებით, მათ დააშავეს და კანონმა ისინი დასაჯა, მაგრამ... მაგრამ, პატივცემულო მოსამართლევ, ნუთუ არაფერი დგას ამ რეალობის მიღმა, სხვა უფრო მართალი და ღრმა სინამდვილე?! ჯერ ხომ ჩვენ გავძარცვეთ ისინი და არაფერი შევთავაზეთ სანაცვლოდ, წავართვით სამართლიანობის გრძნობა... გესმით, მოწყალეო ხელმწიფევ... სამართლიანობის გრძნობა! შევაგდეთ იმ მკაცრს ცხოვრებაში და ჩვენი თამაშის წესები მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის.

 

(თავს დაანებებს თეფშებს და წინ გამოდის. მოტეხილი და მხრებჩამოყრილი).

არ იფიქროთ, პატივცემულო მოსამართლე, მათ კი არ ვამართლებ, მე მხოლოდ მსურს აგიხსნათ მათი აწეწილი სულის მოძრაობა! თქვენ მე არ მისმენთ, თქვენ არ მისმენთ, ამასობაში კი, სიკვდილი და მარტოობა შემოდის ჩვენს ფანჯრებში, უსასრულო ღამესთან ერთად!

(მძაფრად) სად არიან ჩემი შვილები, სად? ყველა ჩემი შვილია, ყველა სევდიანთვალება, ყველა ჩემი შვილია. რა არის ამაში გაუგებარი, ღმერთო ჩემო, რა არის ამაში გაუგებარი?

(ბარბაცით მიდის კარისკენ, აღებს და სინათლე ქრება).

 

 სურათი მერვე

 

გავიდა ორი წელი. მარიამის ოთახში არაფერი შეცვლილა ამ ხნის განმავლობაში. მარიამი მაგიდასთან დგას, ზედ რუკები და პროექტები გაუშლია და გულმოდგინედ ავლებს რაღაც ტეხილ ხაზებს რუკაზე. მაგიდასთან ვეებერთელა ჩემოდანი დგას.

 

ზარის ხმა. მარიამი გამოერკვევა და კარს აღებს).

მარიამი - ო, ბატონო თენგიზ, სადა ხართ, რომ აღარ ჩანხართ?

თენგიზი - (შემოდის) ექვსთვიან მივლინებაში გახლდით, რამდენჯერმე დაგირეკეთ კიდეც..

მარიამი - ჰო, ვერ შემისწრებდით, ბოლო წელიწადი ნათესავთან ვცხოვრობდი სოფელში, სულ ორი თვეა რაც ჩამოვედი!

თენგიზი - მშვენივრად გამოიყურებით!

მარიამი - მე მადლობაც ვერ გითხარით მაშინ, ამდენი ყურადღებისათვის! თქვენი ყვავილებით მთელი პალატა იყო მორთული!

თენგიზი - (ფრთხილად) ახლა როგორ გრძნობთ თავს?

მარიამი - ექიმებს თუ ვენდობით, ახლა ჯანმრთელი ვარ, აღარც ჰალუცინაციები, აღარც დეპრესია... თითქოს თავიდან დავიწყე ცხოვრებაო!

თენგიზი - მოხარული ვარ! (პასუხის შემდეგ) ეს რა რუკებია?

მარიამი - (იცინის) ხომ ვგავარ მრისხანე გენერალს ბრძოლის წინ?

თენგიზი - (ღიმილით)_ ცოტა არ იყოს! ეს ჩემოდანიც?! მიემგზავრებით სადმე?

მარიამი - დიახ.

თენგიზი - კვლავ სოფელში?

მარიამი - არა. კომის ასსრ-ში.

თენგიზი - ბატონო?

მარიამი - კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ახლა სწორედ მარშრუტს ვადგენდი!

თენგიზი - კახასთან მიემგზავრებით?

მარიამი - დიახ, კახასთან!

თენგიზი - (პაუზის შემდეგ) რამდენი დარჩა მოსახდელი?

მარიამი - ორი წელი და 17 დღე.

 

თენგიზი - კი მაგრამ, მარტო მიბრძანდებით?

მარიამი - არა, ლექსო მომყვება, კახას მეგობარი! პრინციპში, დარღვევები რომ არ ჰქონოდა, უფრო მალე გამოვიყვანდით!

თენგიზი - იქაც დარღვევები აქვს?

მარიამი - ეს მე სრულიად არ მიკვირს... თუმცა საქმე რაღაც წვრილმანებს ეხება! (იცინის) ძალიან დახვეწილი იუმორი კი ჰქონია, ისეთ სასაცილო წერილებს მიგზავნის... (უეცრად მოიწყენს) ირინკას კი არც ერთ წერილზე არ უპასუხა... ის კი არა, საკუთარიც გაუხსნელი მოუვიდა...

 

თენგიზი - ძალიან სახლაფორთო მოგზაურობას კი შედგომიხართ...

მარიამი - (წამით თავს დაანებებს რუკას და წელში გაიმართება) ბატონო თენგიზ, ჩვენთან ინსტიტუტში ერთი ქალი მუშაობს... ძალიან ნატანჯი ადამიანია... მას წლები პატიმრობაში აქვს გატარებული. არავის აწუხებს ხოლმე მოგონებებით, მაგრამ ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, თავის წარსულზე დამიწყო საუბარი... თურმე მათი კოლონიის ზონაში, როგორც ეძახიან, დღეში ორჯერ ცხენშებმული ორთვალით საჭმელი შემოჰქონდათ. ცხენს პატარა კვიცი ახლდა ხოლმე, რომლის დანახვაც პატიმარი ქალებისთვის ჭეშმარიტი დღესასწაული იყო. ყველა ანებივრებდა კვიცს, უკანასკნელ ლუკმას უყოფდა, ეფერებოდა... და ერთხელ ასეთ ფერება-თამაშში გართულმა კვიცმა ვეღარ მოასწრო დედასთან ერთად კოლონიიდან გაღწევა. ინსტრუქციით კი მეორე დილამდე ჭიშკრის გაღება, აღარავის შეეძლო.

(ტელეფონის ზარი. მარიამი ყურმილს იღებს).

ჰო, ლექსო... მე უკვე მზადა ვარ... ათ წუთში? კარგი... გელი! (თენგიზს) ლექსომ დარეკა!

თენგიზი - შემდეგ, ქალბატონო მარიამ?

მარიამი - შემდეგ გარეთ დარჩენილმა დედამისმა ჭიხვინი ატეხა, თავის კვიცს უხმობდა... შეეხვეწნენ პატიმარი ქალები ოფიცერს, მაგრამ ჭიშკარი ვერ გააღებინეს... დაფეთებული კვიცი კი აქეთ-იქით დაჰქროდა, გასავალს ეძებდა, მავთულხლართებს აწყდებოდა მკერდით... და აქ თურმე მკერდდასისხლიანებული კვიცი რომ დაინახეს ქალებმა, ბოლოს და ბოლოს, აიძულეს კოლონიის უფროსი, ჭიშკარი გაეღო... კვიცი გარეთ გავარდა და აჭიხვინებულ დედას გადაჭდო კისერი! აქ კი უკვე ქალებს აუტყდათ ტირილი, რადგანაც ყოველ მათგანს თავ-თავისი კვიცი ჰყავდა სადღაც დატოვებული! გასაგებია?!

 

თენგიზი -  რა, ქალბატონო მარიამ?

მარიამი - კახა ჩემი კვიცია, ჩემი კვიცი! და საერთოდ, ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი ცოტ-ცოტა მიუსაფარი ხალხი ვართ, ბატონო თენგიზ, რაღაცა ამაოებას ვართ შებმულნი და მთავარი კი გვავიწყდება... ერთმანეთისკენ სავალი გზების ძებნა... გზების, რომელიც უკვე ბალახმა გაავერანა!

(ჩაფიქრდება და კვლავ რუკას ჩააჩერდება).

თენგიზი - (ჩუმად) მეც ვეძებ ასეთ გზას, ქალბატონო მარიამ, თქვენკენ სავალ გზას! მოკლედ, ჩემი აქამდე უსამართლო ბედი თქვენს ხელთაა!

(ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ)

მე თქვენ მიყვარხართ!

მარიამი - (რუკას ჩასჩერებია) არა!

თენგიზი - (ტყვიანაკრავივით) არა?

მარიამი - არა! ასე არ ივარგებს! სჯობია აქედანაც მატარებლით... პრინციპში ნახევარ დღეს ვაგებთ მხოლოდ..

თენგიზი - (უცებ ვერ ხვდება) მატარებლით?

მარიამი - (თავს ასწევს) დიახ, მატარებლით! რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ამინდზე? ასე არაა?

თენგიზი - (მოულოდნელად გაეღიმება) რასაკვირველია, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ამინდზე! თუ ნებას დამრთავთ, თქვენს ჩემოდანს ჩავიტან.

მარიამი - (გამოერკვევა) დიახ, წასვლის დროა უკვე! (თენგიზი ხელს ჰკიდებს ბარგს და გადის, მარიამი საწვიმარს იცვამს, შემდეგ რუკას გადაუსვამს ხელს).

შენკენ სავალი გზები...

(გადის. ოთახში კლავესინის მელოდია დაიღვრება და, ნაღველთან ერთად, რაღაც გამოუცნობ იმედსაც გვპირდება).

 

                                           დასასრული

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / თაბუკაშვილი ლაშა / შენკენ სავალი გზები