კვინიკაძე ნესტან

ამერიკა

 

 

 

 

 

პიესა

(ორ მოქმედებად)

 

 

 

 

 

ეს პიესა საქართველოში არსებული ორი მნიშვნელოვანი პრობლემით არის ინსპირირებული.

ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა ორმა ომმა (სამოქალაქო ომი/აფხაზეთის ომი), იმ ხანად, ჩემს ქვეყანაში სამუშაოს გარეშე დატოვა მოსახლეობის დიდი ნაწილი.

გადარჩენის მიზნით, ერთნი ყიდნენ ყველაფერს რაც სახლში ჰქონდათ – ანტიკვარული ვაზებით დაწყებული – საკუთარი სამეცნიერო ნაშრომებით დამთავრებული.

ეს პროცესი, ახლაც გრძელდება და უკვე ბიზნესად იქცა. დღეისთვის არსებობს ყოველკვირეული გაზეთი `სიტყვა და საქმე~, სადაც ყველანაირი ნივთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ იბეჭდება განცხადებები. სწორედ ამ გაზეთზე დაყრდნობით მოვაწყვე ჩემი პიესის ინტერიერი.

ზემოთხსენებული, გადარჩენის მიზნით, - საზოგადოების მეორე ნაწილმა, უფრო ზუსტად კი ქალბატონებმა, ხსნა შორეულ ამერიკაში ნახეს, სადაც მოხუცებისა და ინვალიდების მომვლელებად იქცნენ, - დატოვებულ საკუთარ ოჯახებში გამოგზავნილმა დოლარებმა კი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს გადაარჩინა. 100 ათასამდე ქალმა, საკუთარი ძალისხმევის და ოფლის ხარჯზე, საქართველოს, ურთულეს პერიოდში, ეკონომიკა შეუნარჩუნა.

პიესის მოტივი ზემოთ ხსენებული ორი პრობლემის ლატენტური ანარეკლია, - სწორედ ამერიკაში მომსახურე ერთ-ერთი ასეთი ქალბატონის შვილი, რომელიც დედასთან წასასვლელად ემზადება და ყველაფერს ყიდის, ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდება.

ხომ შეიძლება ასეც ყოფილიყო?

ხშირად ჩვინსავე სოციალურ ფონში ისე ღრმად ვეხვევით ხოლმე, რომ პრობლემასთან გაუცხოებას ვერ ვახერხებთ, არადა ყველგან სადაც თვალი წვდება მზა ფაბულებიც იქვეა...

ჯერ ისევ ყიდიან ადამინები ძვირფას ნივთებს გადასარჩენად, და ჯერ კიდევ შრომობენ საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი ქალები, შორეულ ამერიკაში (და არა მხოლოდ) ლუკმა პურის შოვნისთვის.

ჩვენ კი გამუდმებით გვიმეორებენ, რომ რეფორმების დროში ვცხოვრობთ და ყველაფერი ცუდი წარსულშია.

 

 

 

მოქმედი პირნი:

გოგონა

ქალი

კაცი

ძაღლი

 

 

 

I მოქმედება

 

კედელზე გრაფიკულად გამოსახულია ოთხოთახიანი ბინა. რამდენიმე საგანი და ნივთი უტრირებულია.

 

სცენაზე დგას მაგიდა და სავარძელი. მარცხენა მხარეს შუშაბანდი კვეთს სცენის ნახევარს. შუშაბანდს ფანჯრები აქვს.

გოგონა ოთახის შუაგულში, სავარძელში, ფეხმორთხმული ზის და ტელეფონით საუბრობს, თან თმას თითით იხვევს, პერიოდულად ფრჩხილებსაც იკვნეტს. ფეხით სათამაშო ძაღლს ეფერება, რომელიც თოკით იმართება ზემოდან და ცოცხალ არსებად აღიქმება.

 

 

გოგონა – (ტელეფონზე საუბრობს) და მაგნიტოფონი რომ მივადო და ისე ჩავიწერო?... ნუ, ისეთი ცუდი ჩანაწერი რა იქნება... (იცინის) რაა?... ორ დღეში...

 

ხო... (კარზე ზარია) კაი, კაი... წავედი (დგება). ვიცი, რამდენჯერ უნდა მითხრა?! კაი რა, ნუ ნერვიულობ, ვერ მომატყუებს ვერავინ! ზარია, მოვიდნენ მგონი... წავედი, გკოცნიიიი.

 

გოგონა თვალს მოავლებს ბინას, მაგიდაზე წაქცეულ ჭიქას გაასწორებს, საფერფლეს ნამწვავებისგან დაცლის. კარს მიუახლოვდება. ძაღლი ყეფს.

 

გოგონა აჩუმებს. კარს აღებს.

 

გოგონა – მობრძანდით.

 

ოთახში შუახნის, მაღალი და მსუქანი ქალი შემოდის, ჯინსებით და კედებით, დიდი ზომის მაისურით, დიდი ჩანთით. ხელში ფურცლების შეკვრა უჭირავს, პერიოდულად სახეს ინიავებს. უკან გამხდარი და დაბალი მამაკაცი მოყვება, თხელი წვერით. შარვალი წელს ზემოთ ასდის. ცნობისმოყვარე მზერა და მიხვრა-მოხვრა აქვს.

შემოდიან სცენის შუაგულში.

 

ტრიალებენ.

 

ქალი – კიბე ჭრიალებს, მოაჯირი ტლანქია. დიზაინი მოძველებული...

 

გოგონა უხერხულად უღიმის უცნობებს.

 

გოგონა – ყავას მოგართმევთ.

ქალი – მუშაობის პროცესში? არა, გმადლობთ.

 

გოგონა კიდევ უფრო უხერხულად უკან იხევს და ძაღლს ეფერება.

 

ქალი – (ძაღლს დახედავს) თეთრი, თანაც ყავისფერლაქებიანი კურცჰაარი ახლოდან არასოდეს მინახავს...

 

კაცი კედელზე მიხატულ ოთახებს ათვალიერებს.

 

ქალი – მეტყვი რამეს?

გოგონა – (დაბნეული) ფრინველზე მონადირეა... (ქალს უხერხულად გაუღიმებს.)

ქალი – შენ არ გეკითხები.

კაცი – იატაკი მოწესრიგებულია, სამი პირი ლაქი, ბამბუკის პარკეტი.

ხის კარ-ფანჯარა, საკეტებით.

 

ქალი ჩანთას სავარძელზე მიაგდებს.

 

ქალი – (პაუზის შემდეგ) მდაა... წვიმის, ქარის და მტვრისგან ვინ დამიცავს ნეტა? (გოგონას ჩააცივდება თვალებში.)

გოგონა – ხო, ვეღარ გავარემონტეთ, ასე მოხდა. მამა დაიღუპა, დედა წავიდა და ფული არ მეყო.

ქალი – რა ისტორიას მიყვები? საერთოდ ვერ ვხვდები... კედელზე ნახატებს და ფოტოებს აკვირდება.

ქალი – ეს ვინ არის?!

გოგონა – სოფი ლორენი.

ქალი – (გაბრაზებით) ეს კი არა, აი ეს!

გოგონა – (ჩაიცინებს) ა... ეგ დედაჩემი...

 

 

კაცი _ (შორიდან, სცენაზე აღარ ჩანს) საიმპერატორო მასიური ბრინჯაოს ჭაღია, ექვსი პლაფონით და ერთი ცისფერი ბურთულით, სამი ნათურა, ანუ სულ ცხრა.

ქალი – რა ფერის ბურთულიით?

კაცი – ცისფერი.

ქალი – ტელევიზორი?

კაცი – `გრუნდიგი~, 86 სმ. დიაგონალით.

გოგონა – საერთოდ არ ვრთავ ტელევიზორს... ასე რომ, უხმარია.

ქალი – რატომ? აბა რას აკეთებ?

გოგონა – ვკითხულობ, ან კომპიუტერში...

ქალი – (ხმამაღლა) წიგნები შეგხვდა?

კაცი – აქ ცოტაა: “ერთხელ ამერიკაში”, “ნათლია”, “საუზმე ტიფანისთან”, “ქალის სურნელი”.

 

ქალი გოგონას მიუბრუნდება.

 

ქალი – (ნიშნისმოგებით) ეს არის შენი ბიბლიოთეკა?

 

გოგონას ეცინება.

 

გოგონა – ეგ ნოტებია.

ქალი – (ხმამაღლა) აზრიანად მანდ!

კაცი – ფრანგული წიგნები, 1910 წელს გამოცემული. დამხმარე ფონდების და გარანტიების გამცემი...

გოგონა – (აწყვეტინებს) გრანტების.

კაცი – გამცემი ორგანიზაციების ცნობარი; საფრანგეთში გამოცემული ფრანგული ენის სახელმძღვანელო “მოჟე”, 5 ტომი; პარჩევსკის “ფრანგული ენა ყველასთვის”; სინელნიკოვის ატლასის ოთხტომეული... და ლექსიკონები.

ქალი – ფრანგული იცი?

გოგონა – არა, დედა...

ქალი – სად არის დედა, საფრანგეთში?

გოგონა – არა.

(ქალი ისევ აგრძელებს კედლების თვალიერებას.)

ქალი – სად არის თამრი?

 

გოგონა ფითრდება.

 

გოგონა – თქვენ იცნობთ დედაჩემს? (ფრჩხილებს იკვნეტს.)

ქალი – (ალმაცერად იღიმის) დამშვიდდი, რამ აგაფორიაქა? აქ ამოვიკითხე, ეს ხომ შენი ბავშვობისდროინდელი ნახატია.

(გოგონა ქალს მიშტერებია.)

ქალი – მე და დედიკო თამრი.

 

(ქალი ნახატზე გამოსახულ წარწერას გააყოლებს თითს.)

კაცი – (ექო) პიანინო “როინიში”, “ტიულპანის” ფეხებზე; არა აქვს კლავიშები, სამი ოქროს მედლით, ტალღისებური დაფით.

ქალი – ვინ გააკეთა?

გოგონა – მამა უკრავდა.

ქალი _ (სავარძელში ჩაჯდება.

 

უხეშად ამოისუნთქავს) ასეთ სახლებში როგორ ცხოვრობთ?!

გოგონა – როგორ...

ქალი – გერმანული, იატაკზე დასადგამი საათი; რუმინული გარდერობი;

ინგლისური სამეული, ფრანგული მუხის კაბინეტი, რესტავრირებული; ლომისთავებიანი სკამებით; ვენური ხის სკამები; ორადგილიანი არაბული ტახტი. ეს ახლა ნორმალურია? შენ აცნობიერებ, რამდენი რამე ტრიალებს ამ სახლში?! ერთხელ მაინც ამაზე თუ გიფიქრია?! როგორ იძინებთ, ამხელა კულტურულ ომში?!

გოგონა – ეს ხომ... ჩემს სახლს სხვანაირად მოვაწყობ! (შეშინებულია).

ქალი – აბა ახლა ვისთან ვართ? არა დედა, არა მამა. შენი განცხადება არ იყო გაზეთში? (ქალი სავარძელიდან წამოიწევა. გოგონა ჩაკუზულია და ძაღლს აღარ შორდება.) შენ არ ამბობდი, ყველაფრიანად ვყიდი სახლსო?!

გოგონა – (შეშინებული სახე აქვს) დიახ.

 

რეკავს ტელეფონი.

გოგონა ძაღლიანად ტელეფონის აპარატთან მიდის.

 

გოგონა – ერთ საათში დამირეკე... გთხოვ...

 

მეეც.

კაცი: (ექო) გასაბერი რეზინის ნავი, 2-ადგილიანი, რუსეთის, სანადირო- სათევზაო. ამერიკულ კოსტიუმთან ერთად.

ქალი – ჩაიცვი, გაბერე, გამოიტანე! დამენახე და მანახე. (გოგონას მიუბრუნდება.)

ქალი – რამდენი თევზია? (თან აკვარიუმზე უთითებს.)

გოგონა – 45. ოქროსი.

ქალი – ძაღლი არ ერჩის?

გოგონა – ძაღლს არ ვყიდი.

ქალი – (ნერვიულად დაუმარცვლავს სიტყვებს) ძაღ-ლი არ ერ-ჩისს???!!!

გოგონა – არა, ეს ფრინველებზე ნადირობს...

ქალი – თან მიგყავს?

გოგონა – დიახ...

ქალი – ეგ როგორ? (წამოდგა და ძაღლისკენ გაწია ხელი. ძაღლი უღრენს.)

ქალი – ეგ როგორ ხდება?

 

გოგონა უკან იხევს.

ისმის ხმაური. კაცი გაბერილი ნავით და ამერიკული კოსტიუმით გამოდის.

ქალი სერიოზული სახით ათვალიერებს ნავს. წრეს ურტყამს.

 

 

კაცი ჭურჭლის კარადას ითვისებს.

 

კაცი _ ინგლისური სადილის სერვიზი... ტააკ... ფაიფურებიც...

ძველებური "მადონას" ჩაის სერვიზი ოქროს გირჩებით... (თან თავი ახლოს მიაქვს ნახატებთან, რომ კარგად გაარჩიოს). ჩეხური ბროლის, ხელით ნაკეთი `კრუშონიცა~, დიდი მრგვალი და-სა-დგა-მიიით.

ქალი – ერთი წუთით გაჩუმდი. (ხელებს ზემოთ ასწევს, ნავს აკვირდება...) _ რაღაც გამახსენა ამ ნავმა. რაღაც შეგრძნება მაქვს.

კაცი _ (შეშინებული): ცუდად ხომ არ ხართ?

 

ქალი თითქოს ასტრალში გადის.

 

მერე სავარძელში ბრუნდება, ჯდება.

 

ქალი: მცივა...

კაცი: წაულას ქურქს მოგიტანთ, ზუსტად თქვენი ზომაა.

 

გოგონა ჭიქას უწვდის.

 

ქალი _ (ხელის ქნევით უარს ამბობს.) მხოლოდ გამჭვირვალე ჭიქით...

 

გოგონა ჭიქას გამოცვლის. ამასობაში მამაკაცი ქურქით ხელში გამორბის და ქალს ახურავს. ჭიქის იმიტაციაა გათამაშებული.

 

ქალი – (ძალაგამოცლილი) ერთხელ მარტო დამტოვეს ნავში...

 

სიჩუმეა.

 

ქალი (კაცს) _ კარგად გროვდება?

კაცი – კი, იქ კიდევ ელექტრო გიტარაა, თხილამურები, საკერავი მანქანა.

ქალი (სევდიანად) – რომელი ელექტრო გიტარა?

კაცი _ კორეის გამოშვების, "WASHBURN", 24 ლადით და ჰამბაკერით, შავი, ახალი, შალითა და სადენი მოყვება.

ქალი – კაია.

 

გოგონა გაოგნებული დგას. სახეზე სინანული ეტყობა.

 

კაცი _ მაცივარია მუშა მდგომარეობაში. კიდე ახალი ნოუთბუქი (ერთმანეთს მიაყრის), პენტიუმ 4, ცენტრინოტოშიბასატელაიტიმ55ს325პ-მ-740 ჩანთით. შენ რომ გიყვარს... (თან ეფერება) ყველაფერი არის...

 

შენ მაგიტო თუ ნევრიულობ...

 

გოგონა ძაღლს დასვამს და კუთხეში მიიკუჭება. შუშაბანდთან. ცრემლი ერევა.

ნაწყეტ-ნაწყვეტ ესმის კაცის რეპლიკები: ოვალური... 11 ჭიქით... მელქიორის ბოკალები შამპანურისთვის... ყინულის... “ვიქტორია”...

 

ლეიბები... მუხის ფეხებზე... ფუმფულა ბალიშები... სამფრთიანი სარკე...

ვერც გრძნობს, შუშაბანდის ფანჯრიდან როგორ გამოუყვია ქალს თავი, ზემოდან დასცქერის. გოგონა მოულოდნელად წამოიძახებს:

 

გოგონა _ არა! აღარაფერს ვყიდი!

ქალი _ (სინანულით აქნევს თავს) რა თავქარიანები ხართ ამ ასაკში!... ყველაფრიანად უნდა ვიყიდო. სამოსის და კბილის ჯაგრისის გარდა! ასეთი იყო განცხადების პირობა.

 

ეს ჩემი სამსახურია. მე დრო დავხარჯე.

 

ხმაში სიბრაზე ერევა. ჩანთას ხსნის. გოგონას ცრემლები მოსდის. ქალი ჩანთიდან ბლოკნოტს იღებს. ტელეფონთან მიდის. მოულოდნელად გოგონა მკლავში ეცემა.

 

გოგონა _ (სასოწარკვეთილი) ეგ არ იყიდება!

ქალი _ რაა? (გარდაისახება...

 

კივის). მე აქ ყველაფერი უნდა ვიყიდო!!! ასეთი იყო განცხადება! ვინმემ დაგაძალა?!

გოგონა – (ტირილით) არა!

 

გოგონა ტელეფონს გადაეფარება. ქალი კაცს ეძახის.

 

ქალი – მოდი აქ!!!

 

კაცი გამოვა. მიზანმიმართული სვლით გოგონას მიაუხლოვდება და ხელს სახეში გაარტყამს. გოგონა გაოგნებული უყურებს.

 

გოგონა _ (გამწარებული) წადით აქედან!!! არაფერს არ მოგყიდით!!! თუ არ წახვალთ, პოლიციას დავურეკავ.

ქალი – ტელეფონი შენი აღარ არის... გაიგე! თინეიჯერო!!!

 

გოგონა ღრიალებს, ძაღლი ყეფს.

 

კაცი – სამზარეულოში თეთრი ბუფეტია, ხის ტახტით...

ქალი (კაცს) _ კაი, გაიხადე ეგ. (მშვიდად)

 

კაცი იქით ოთახში გადის.

გოგონა ეცემა ქალს, ხელს კრავს და ნავში ჩააგდებს.

 

 

 

გოგონა _ (კრიჭაშეკრული) შენ არ არსებობ! გაიგე! შენ არ ხარ!

 

გოგონა ძაღლს კიდებს ხელს, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და გარბის.

 

 

 

II მოქმედება

 

კედელზე შეცვლილია დეკორაცია. სცენის შუაში დგას მაგიდა. მაგიდაზე დგას ლამპა და მხოლოდ ამ ლამპის განათებით ვხედავთ მაგიდასთან შემომსხდარ ქალს და მამაკაცს. თეთრებში გამოწყობილები ყავას მიირთმევენ. ერთ წერტილს მისჩერებიან _ ტელევიზორს უყურებენ, რომელიც გრაფიკული დეკორაციის ნაწილია. რეკავს ტელეფონი. ქალი და კაცი ტელეფონს გამოხედავენ, მაგრამ არ იღებენ.

 

ირთვება ავტომოპასუხე.

 

ქალის ხმა _ სად ხარ დედი?... ავად ხო არ ხარ? ამდენი ხანია ვრეკავ. მომისმინე, ყველაფერი გავარკვიე, რა დროს ჩამოდიხარ. ახლა აიღე კალმისტარი და ფურცელი და ჩაინიშნე... მოკლედ... მომისმინე, როგორც კი გამოხვალ, ავტობუსები ცენტრისკენ მოდის, ჩაჯდები, გზად დიდი სასაფლაოებია. არ შეგეშინდეს, მკვდრები არიან მხოლოდ (დაბალ ხმაზე ელექტრონული მუსიკა ისმის), ემოციებს არ აყვე, რო იცი ხოლმე! სივრცემ არ დაგთრგუნოს, არც ხალხმა.

 

ჩვეულებრივად იყავი. რამე შეკითხვა თუ გექნება, თამამად იკითხე. ყველა გიპასუხებს. არ დაიკარგები! ბევრნაირ ადამიანს ნახავ... აქ ყველა მხრიდან მოდიან; ქალები, კაცები, აყვავებული პროვინციების შვილები და მარტოხელა მოხუცები... (მუსიკის ხმა მატულობს)... იცოდე, რომ მე აქ ვარ, გხვდები და ნუ გეშინია.

 

იმწამსვე მიცნობ... ცოტათი შევიცვალე. დედიკო, მოკლედ, გამაგებინე პასუხი.... ხო, ჩემი გამოგზავნილი პალტო ჩაიცვი, აქ აცივდა.

 

ვიცი, არ მოგწონს და დიდი გაქვს. რა ვქნა, უკვე აღარ ვიცი რა მოგწონს. მოკლედ, კიდევ დავრეკავ, შეიძლება მანდ გვიანი იყოს, მაგრამ მაინც დავრეკავ.

 

ხმა წყდება.

 

მხოლოდ მუსიკა ისმის. ხმამაღლა. უფრო მატულობს. ქალი და კაცი ტელევიზორს უყურებენ.

 

ფარდა

 

 

2006

ივნისი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / კვინიკაძე ნესტან / ამერიკა