მოსულიშვილი მიხო

ბედის საზღვარი

 

 

 

(ტრაგიკომედია ორ მოქმედებად და თოთხმეტ სურათად)

 

 

მოქმედებენ:

 

1. ანრიეტა სარდუ  -  ოტელ "პარიზის" მეპატრონე.

2. ფრანსუა  -  მადამ სარდუს ადმინისტრატორი, მამინაცვალი.

ქართველი ემიგრანტები:

3. ქაქუცა ჩოლოყაშვილი  -  მეამბოხე მეთაური, ყოფილი პოლკოვნიკი.

4. კახაბერ ამილახვარი  -  იურისტი.

5. არჩილ ანდრონიკაშვილი  -  ყოფილი პოდპოლკოვნიკი.

6.

 

საშა სულხანიშვილი  -  ჩოლოყაშვილის თანაშემწე.

7. გაბრიელ ბერიაშვილი  -  "ჩეკას" აგენტი, ყოფილი ბერი დავით გარეჯის მონასტრიდან.

მესინელი მაფიოზები:

8. დონ ჯოტო დი მაჯიო  -  მაფიის შეფი.

9. გვიდო მალტანი, "პადრე"  -  კათოლიკური ეკლესიის ყოფილი მსახური.

10. ლუკა კორაჯო, "კოჭლი სატანა"  -  ყოფილი ქურდი.

11. ანჯელო მალტანი, "ყასაბი"  -  ყოფილი მეზღვაური, "პადრეს" ძმისწული.

12. პასკუალა სელინესკუ, "კობრა"  -  მოლდაველი ბოშა, "პადრეს" საყვარელი.

13.

 

ჯოვანი-დანა  -  დი მაჯიოს მცველი.

ორკესტრი, მოცეკვავეები, ოფიციანტები.

 

 

მოქმედება მიმდინარეობს სიცილიის ქალაქ მესინაში, 1924 წლის შემოდგომაზე, ვთქვათ, ოქტომბერში.

შეიძლება, აქ მოთამაშე მსახიობებმა ორ-ორი როლი შეასრულონ – როგორც მესინელი მაფიოზების, ასევე ქართველი ემიგრანტების მხრიდან.

 

 

 

პირველი მოქმედება

 

სურათი პირველი

 

(ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ლამაზ სანახაობად გადაშლილა ქალაქი მესინა. ისმის ტალღების ხმაური და თოლიების ჩხავილი.

იახტა "მარკიზ დე პომპადურზე" არიან ანრიეტა სარდუ და დონ ჯოტო დი მაჯიო დურბინდით ხელში. საჭესთან დგას ფრანსუა).

 

დი მაჯიო  -  (დურბინდში იცქირება) დიდებული ხედია, დიდებული...

ანრიეტა  -  რა ბრძანეთ?

დიმაჯიო  -  დიახ... იმას მოგახსენებდით... საშინელი ამბავი მოხდა, თქვენ მძიმე დარტყმა გადაიტანეთ. საშინელებაა, პირდაპირ საშინელებაა!

ანრიეტა  -  დიახ, სენიორ!

დი მაჯიო  -  გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება... ისე კი მაქვს ერთი საინტერესო წინადადება...

 

თუმცა ამბობენ, რომიდან აპირებს გამომძიებლის ჩამოყვანასო.

ანრიეტა  -  როდისმე ხომ უნდა იზეიმოს სამართლიანობამ?!

დი მაჯიო  -  ოო, კარგად მესმის თქვენი, მაგრამ გირჩევთ, არ ჩამოიყვანოთ!

ანრიეტა  -  რატომ?

დი მაჯიო  -  სამი დღის წინ ორმოცდაათი წლის გავხდი. (პაუზა). ორმოცზე მეტს არავინ მოგცემსო, მარწმუნებენ, მაგრამ არა მგონია...

ანრიეტა  -  რა შუაშია თქვენი ასაკი?

დი მაჯიო  -  (ფრანსუაზე უთითებს) ამან იცის იტალიური?

ანრიეტა  -  არა, სენიორ. რატომ ახსენეთ თქვენი ასაკი?

დი მაჯიო  -  გამოცდილებას თავისი მოაქვს. ზედმიწევნით ვიცი აქაური ზნე - ჩვეულებანი, სიცილიელთა დაწერილი თუ დაუწერელი კანონები...

ანრიეტა  -  ამით რისი თქმა გსურთ?

დი მაჯიო  -  ჩამოვა ის გამომძიებელი და ვერაფერსაც ვერ დაადგენს... ნუ მიწყენთ, სენიორა!

ანრიეტა  -  და თუ მაინც დაადგენს?

დი მაჯიო  -  (სიგარეტს უკიდებს, დურბინდი კისერზე ჰკიდია ღვედით) თუ ხელჩასაჭიდს იპოვის, ეს უმალ ცნობილი შეიქმნება იქ, ზემოთ და მომიტევეთ გამოთქმაზე  -  გაასაღებენ!

ანრიეტა  -  როგორ შეიტყობენ იქ ძიების შედეგებს?

დი მაჯიო  -  იცით, რას გეტყვით, სენიორა? უკაცრავად, მადამ! ამ ქვეყანაზე მუდმივი და მარადიული არაფერია. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია მაინც იქნება...

ანრიეტა  -  თქვენ გინდათ თქვათ, რომ...

 

მთელი ეს ფსიქოლოგიური დატვირთვა...

დი მაჯიო  -  მე არა... სხვის ნათქვამს გავიმეორებ  -  მაფია უკვდავია! გრძელი ხელი და კარგი სმენა აქვს! (პაუზა). ამის დასაბუთებას ხომ არ ინებებთ? (დურბინდში იცქირება).

ანრიეტა  -  დიახ, მაგრამ მთელი ეს დატვირთვა...

დი მაჯიო  - (პაუზა. დურბინდს მოიშორებს თვალებიდან, გაკვირვებული) დატვირთვა? წესით ოციოდე წუთში უნდა დამთავრდეს. ექსცესები გამორიცხულია და როგორც გემის კაპიტანს უყვარს თქმა  -  East or West, home is best! თქვენ იცით ინგლისური?

ანრიეტა  -  მე დედა ინგლისელი მყავდა, მაგრამ...

დი მაჯიო  -  ოჰ, მომიტევეთ, მადამ, საზიზღარი გამოთქმა მაქვს... ამ ბოლო დროს ინგლისური ვისწავლე - მეთქი, მგონია და ვცდები. არა, განა საუბარი არ მესმის, მაგრამ გამოთქმას ვერაფერი მოვუხერხე.

 

ჩვენი დალოცვილი იტალიური მაინც სხვა არის... და ფრანგულიც!

ანრიეტა  -  მე თქვენს დასაბუთებას ველი, ხოლო ლინგვისტური პრობლემები მერე გავარკვიოთ.

დი მაჯიო  -  რის დასაბუთებას?

ანრიეტა  -  რომ მაფიას გრძელი ხელი და კარგი სმენა აქვს.

დი მაჯიო  -  აა, დიახ, დიახ... და რა დატვირთვაზე ამბობდით? იმ გემის?

ანრიეტა  -  არა, ჩემი ფსიქოლოგიური წნეხი!

დი მაჯიო  -  აა, დიახ, დიახ... მათ იციან, რომ თქვენ რამდენიმე გამომძიებელს მოელაპარაკეთ რომში ამ საქმის თაობაზე, მაგრამ ვერავინ დაითანხმეთ. თუმცა ფულს კი უმატებდით... იციან, რა უნდა გამოიძიონ და რა არა!

ანრიეტა  -  საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან?

დი მაჯიო  - (ჩაიცინებს) არა მხოლოდ საკუთარს!

ანრიეტა  -  აბა, კიდევ ვისას?

დი მაჯიო  -  იმ ყუთებით, ახლა გემზე რომ ტვირთავენ, თვით დიდი კორლეონეა დაინტერესებული  -  ამას სრულიად საიდუმლოდ განდობთ, ღმერთმა დაგვიფაროს და ვინმესთან წამოგცდეთ, მეც კი ვერაფერს გიშველით.

ანრიეტა  -  და იმ კორლეონეს აქაც მოუწვდება ხელი?

დი მაჯიო  -  მოუწვდებაო? რას ბრძანებთ, მადამ, აქედანაა წარმოშობით და ყოველ წელს გვესტუმრება ხოლმე...…მე შემეძლო რამდენიმე გახმაურებული საქმე გამეხსენებინა თქვენთვის, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ანრიეტა  -  (წამოდგება) დიახ, დიახ, ძალიან არასახარბიელო ამბები გამიგონია მაგ თქვენს კორლეონეზე!

დი მაჯიო  -  დაბრძანდით, მადამ, დამშვიდდით! (პაუზა. ანრიეტა ისევ დაჯდება).

 

ასეა თუ ისე, იგი ანგარიშგასაწევი ძალაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ დიდი პოლიტიკური მოღვაწეებისთვისაც კი! ასე რომ, დამიჯერეთ, მოეშვით ლეოპოლდ ფრანჩესკოლიზე ფიქრს, მაინც ვერაფერს უშველით... უკეთესი იქნება, საკუთარ თავზე იფიქროთ.

ანრიეტა  -  არ ვიცი, სენიორ, შეიძლება მართალიც იყოთ...

დი მაჯიო  -  (გააწყვეტინებს) ენდეთ ჩემს ჭაღარას! რაც უნდა იყოს, ბევრი მინახავს ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში... ეგებ არც დაიჯეროთ და გიტარაზეც კი მიმღერია სერენადები ჩვენი დიდებული ქალაქის რამდენიმე მშვენიერი მანდილოსნისათვის... (დურბინდში იყურება ისევ).

ანრიეტა  -  (ატირდება) ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა მეშველება!

დი მაჯიო  -  ო, ოო, ბოდიშს გიხდით, მადამ სარდუ, უღრმეს ბოდიშს! სულ არ მინდოდა თქვენი აცრემლება... მიცვალებულები უნდა ვიდარდოთ, ეს ბუნებრივია, მთელი გულით გითანაგრძნობთ, მაგრამ თუ ცუდად არ გამიგებთ, გახარებულიც კი ვარ!

ანრიეტა  -  (აღშფოთებული) თქვენ გიხარიათ, მხეცურად რომ მოკლეს ჩემი ქმარი? ხოლო ხელებში... ხელებში კი...

დი მაჯიო  -  სენიორა, ძალიან გთხოვთ, ნურაფერს იტყვით!

ანრიეტა  -  ხოლო ხელებში კი ის მოჭრილი...

დი მაჯიო  -  (გააწყვეტინებს) ო, მადამ, რა საჭიროა ასეთი დრამატიზირება!

ანრიეტა  -  მე მხოლოდ ფაქტზე ვლაპარაკობ! და თქვენ ეს ფაქტი გახარებთ?!

დი მაჯიო  -  ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ გულწრფელად გველაპარაკა!

ანრიეტა  -  ესაა გულწრფელობა? მე აღშფოთებული ვარ!

დი მაჯიო  -  დაწყნარდით, სენიორა, დაბრძანდით, გემუდარებით!

ანრიეტა  -  რა დამაწყნარებს, სენიორ, მე ამის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი!

დი მაჯიო  -  დიახ, დიახ, მძიმეა ეს ყველაფერი...

 

ჩემი ძვირფასი დედა რომ გარდამეცვალა, გარეთ აღარ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია.

 

(პაუზა). არ გამიწყრეთ, მაგრამ იცით, რატომ ვთქვი, მახარებს - მეთქი?

ანრიეტა  -  რატომ?

დი მაჯიო  -  აკი მოგახსენეთ, დაღუპულები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ცოცხლებმა ცოცხლებზე უნდა ვიფიქროთ! (პაუზა). განა ეს სილამაზე  -  ეს დიდებული პორტი, თოლიები, კაშკაშა მზე, სიცილიის საოცარი ლაჟვარდი სიხალისეს არ გმატებთ? განა არ გამშვიდებთ ეს დიდებული ბუნება?.. პასუხი არ მინდა, ისედაც ვხედავ, სახე გაგინათდათ. ახლა მე ბედნიერი ვარ, ასე ტრაგიკულსა და მშვენიერს რომ გიცქერით და საშუალება მაქვს გაგანდოთ ჩემი გულისნადები, ჩემი მწუხარება და სიხარული გაგიზიაროთ. თქვენ, მხოლოდ თქვენ და სხვას არავის! სხვა ვერავისთან ვერ შევძლებდი ასე საუბარს...

ანრიეტა  -  არ გინდათ, არ არის საჭირო!..

დი მაჯიო  -  სწორედ ამიტომ გამახარა იმ საშინელმა ამბავმა, რომ შემიძლია თავისუფლად გითხრათ  -  მე თქვენ მიყვარხართ! (ანრიეტა პირს გააღებს საპასუხოდ, არ აცდის). ჩემი ასაკის მიუხედავად, იცით, რამდენჯერ მდომებია, თქვენი ფანჯრის ქვეშ მემღერა ნეაპოლიტანური სიმღერები გიტარის თანხლებით? და თუ თავს ვიკავებდი, მხოლოდ თქვენი ძვირფასი ოჯახის დანგრევის შიშით.

 

მე არ მინდოდა სხვის უბედურებაზე აშენებული ბედნიერება. ამიტომ ვერ ვბედავდი სიყვარულის ახსნას...

ანრიეტა  -  ო, ეს უკვე მეტისმეტია!..

დი მაჯიო  -  სულაც არა! ახლა, როცა თქვენი ძვირფასი მეუღლე თქვენს გვერდით აღარაა, საშუალება მაქვს გამოგიტყდეთ ჩემს უღრმეს გრძნობაში და უმორჩილესად გთხოვთ, არაფერი მიპასუხოთ! დაე, ეს კაშკაშა მზე, სიცილიის ლაჟვარდოვანი ზეცა, ეს დიდებული ზღვა იყვნენ მოწმე ჩემი სიყვარულისა... სიყვარული  -  ეს უაღრესად ტრაგიკული გრძნობაა, და მისი სახელით ყველაფრის მიტევება შეიძლება, ალბათ, ყველაფრის... გესმით, რასაც ვამბობ?

ანრიეტა  -  კარგად მესმის! შეიძლება უფრო კარგადაც, ვიდრე უნდა მესმოდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, სენიორ, რომ...

დი მაჯიო  -  (დურბინდში იცქირება) აგერ, ჩემი კატერიც მოდის! ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ და უმორჩილესად გთხოვთ, კარგად აწონ - დაწონოთ ჩემი წინადადება!.. წასვლამდე კი იმ წინადადებაზე მოგახსენებთ, საუბრის დასაწყისში რომ ვთქვი. თუ გახსოვთ, მე ვწუხდი, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება...

ანრიეტა  -  მახსოვს...

დი მაჯიო  -  მიუხედავად იმისა, თუ რას მიპასუხებთ, იმედი მაქვს, დღესვე მოძებნიან თქვენი ქმარ-შვილის მკვლელს და სწორედ ისევე გაუსწორდებიან, როგორც თავად იკადრა! შესაძლოა თქვენი ოტელის მახლობლად იპოვონ, მოჭრილი ხელებით... ნახვამდის! (გადის, ისმის კატერის ხმა, რომელიც უფრო და უფრო შორეული ხდება და ბოლოს წყდება).

ფრანსუა  -  ღმერთო დიდებულო, ეს იმაზე უფრო დიდი საშინელებაა!

ანრიეტა  -  ყველაფერს მოველოდი, მაგრამ თუ სიყვარულს ამიხსნიდა, ვერ წარმოვიდგენდი!..

 

რა თქვი, რაზე უფრო საშინელებაა?

ფრანსუა  -  თუ დათანხმდები, იმ მკვლელობაზე უარესია!

ანრიეტა  -  ო, ღმერთო, რა მეშველება? (ატირდება).

ფრანსუა  -  არ იტირო, რაღაცას ვიღონებთ, შვილო!

ანრიეტა  -  გაჩუმდი, ფრანსუა, მე შენი შვილი არა ვარ - მეთქი, რამდენჯერ გითხარი!

ფრანსუა  -  სამაგიეროდ შვილივით გამიზრდიხარ! არ გაყვედრი, მაგრამ ზოგიერთი მამა არ გააკეთებს იმას, რაც მე გავაკეთ შენთვის!

ანრიეტა  -  ისევ იმ აქოთებული თურქის საქმეს გულისხმობ, ტაფა რომ ჩავარტყი თავში? ჩემს მაგივრად ხუთი წელი რომ ლესავდი ციხეს!

ფრანსუა  -  მარტო ეგ კი არა, საბრალო დედაშენი? თავს რომ იხრჩობდა და მე კიდევ სენიდან რომ გამოვიყვანე, ორსულად იყო შენზე... ეჰ, ანრიეტა, ბევრი აღარ დამრჩენია. მინდა, პირნათელი ჩავიდე სამარეში, ჩემს კაროლინას უნდა ვუთხრა, ანრიეტა დავაბინავე-მეთქი. ბავშვს მიხედეო, ასე დამიბარა სიკვდილის წინ.

ანრიეტა  -  გაჩერდი, ფრანსუა, ნეტა რაღა შეგიძლია!

ფრანსუა  -  მე არც ისე ბებერი ვარ!

ანრიეტა  -  გაჩერდი მეთქი!

ფრანსუა  -  აი, ნახავ!

 

 

სურათი მეორე

 

(პორტი, სანაპირო ბულვარი. მერხზე ზის ჩოხიანი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. შემოდის არჩილ ანდრონიკაშვილი, იმასაც ჩოხა აცვია, ისიც მერხზე ჩამოჯდება).

 

არჩილი  -  როგორ გიკითხოთ, თავადო?

ქაქუცა  -  არა მიშავს რა. თავად როგორღა ხარ?

არჩილი  -  როგორ ვიქნები...

 

დღესაც უსაქმოდ დავყიალობდი... ან რას ვაკეთებთ ამის მეტს, რაც საზღვარზე გადმოვედით.

ქაქუცა  -  რატომ, პარიზს მიგვეჩქარება!

არჩილი  -  (წამოდგება. გაურკვეველ ნერვიულ მოძრაობებს აკეთებს) სულ დამავიწყდა... (ვიღაცას ჰბაძავს). ხოლო დიდებულ ბინდისჟამს მონმარტრში რომ გაისეირნებ, კაფე "როტონდასთან" ვინმე კოკეტი, რომელიმე ჟოზეფინა ანდა კლოტილდა გადაგეყრება, შემოგძახებს: Allons, Cheri, allons! Allons fair l’amoure!..* (ფრანგულად  -  "წამოდი, ძვირფასო, წამოდი! წამოდი სასიყვარულოდ!").

ქაქუცა  -  (გაეცინება) მოეშვი კახაბერს!

არჩილი  -  (ისევ ჯდება) ნეტავი, არ წამოვსულიყავი, იქ სიკვდილი სჯობდა ამნაირ ყოფას  -  აქ ვის ვჭირდებით, ვის რად ვუნდივართ... ეს წყეული გემიც ახლა გაფუჭდა!

ქაქუცა  -  თუ გგონია, მე მსიამოვნებს, ძალიან სცდები!

არჩილი  -  დავიღალე, ძალიან დავიღალე, თავადო! ამ უმიზნობამ დამღალა! წყლიდან ამოგდებული კალმახივით ვსხმარტალებ! სულს ვღაფავ! საშაც ასეა, შენც და სხვებიც!

ქაქუცა  -  აგერ კახაბერი მოდის.

არჩილი  -  (გაიხედავს) ძალიან კი გამოპრანჭულა...

კახაბერი  -  (შემოდის, აცვია სერთუკი, ახურავს ცილინდრი, უკეთია პენსნე, ხელჯოხს ეყრდნობა და სიგარასაც აბოლებს) ტფილისი არ გახსენდებათ, ბატონებო? (მერხზე ჩამოჯდება).

ქაქუცა  -  ჰო, ვაზის მოყვანაც რომ სცოდნიათ!

არჩილი  -  (წამოდგება, ბოლთას სცემს, აკეთებს გაურკვეველ ნერვიულ მოძრაობებს) ტფილისი რაში გედარდება, აქაც ისე ხარ, როგორც თევზი წყალში! ჩვენ ვიკითხოთ, თორემ...

კახაბერი  -  თქვენ პარიზში არაფერი გაგიჭირდებათ, ჩემზე უკეთ იცით ფრანგული! მე იტალიურიც ვიცი და იმიტომ არ მიძნელდება...

არჩილი  -  ფრანგული და იტალიური რა შუაშია?! მე სხვა რამეს გეუბნები!

კახაბერი  -  რას ბრძანებთ?

არჩილი  -  ჩვენ რომ სისხლს ვანთხევდით ომებში, შენ აი, ამნაირად გამოპრანჭული სორბონაში სწავლობდი და ელისეს მინდვრებზე თუ ბულონის ტყეში დასეირნობდი. შენ უცხოობას მიჩვეული ხარ, მე უსამშობლოდ დიდხანს ვერა ვძლებ!

კახაბერი  -  კი მაგრამ, სად დაამთავრეთ სამხედრო აკადემია, რუსეთში არ სწავლობდით?..

 

და საერთოდ, რა გინდათ თქვათ, ჩემზე მეტად გიყვართ სამშობლო?!

არჩილი  -  რატომაც არა!

კახაბერი  -  თუ შეიძლება, თქვენობით ილაპარაკეთ! ამას მე არ უნდა გასწავლიდეთ!

არჩილი  -  სწავლება ჯერ არავის გაუბედია ჩემთვის! თავიდან მომწყდი, თორემ შუბლს გაგიხვრეტ!

კახაბერი  -  ეგ ჯერ კიდევ საკითხავია!

არჩილი  -  იქნებ დუელშიც გამომიწვიო?

კახაბერი  -  არც მაგას შევუშინდები! (გაიწევენ ერთმანეთისკენ).

ქაქუცა  -  (ყვირილით) რამ გადაგრიათ! (შუაში ჩაუდგება).

 

მთლად დაკარგეთ ღირსება?

კახაბერი  -  რატომ გგონიათ, რომ თქვენზე ნაკლებად შემიძლია ომი! ამ ამბოხებისას სხვებზე ნაკლებად არ მიომია! კაცისკვლის ცოდვასაც კი არ დავრიდებივარ!

არჩილი  -  ო-ხო-ხო-ხო! როგორ აკადრეს და კაცი როგორ მოაკვლევინეს! დიდი ჰუმანისტი ბრძანდებოდა!

კახაბერი  -  როდის აქეთ გახდა კაცის ღირსება შენი დასაცინი!

არჩილი  -  გაყიდული ცხენების ფული გამოილია, სუპი-პიურე, პიურე-სუპი! - ჩვენ შიმშილით გვძვრება სული და ეს ფრანტი კი სერთუკსა და ცილინდრს ყიდულობს, პენსნეთი და ხელჯოხით მოდის და სიგარასაც გვაბოლებს ცხვირში!

კახაბერი  -  რა თქვენი საქმეა, ჩემო ბატონო, მე რას ჩავიცმევ? იქნებ სხვანაირად არ შემიძლია? აი, შეხედეთ (ხელის მტევანს აჩვენებს) ბიძის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი გავყიდე! არ მქონდა უფლება თუ თქვენ შეგკითხოდით?

ქაქუცა  -  (ყვირილით) გაჩუმდით! (წყნარად). თავადები ხართ თუ ვიღაც მეფაიტონეები?! ცოტაღა გიკლიათ, და ერთმანეთს გინებასაც დაუწყებთ!.. (პაუზა). არჩილ, ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ! იმ ცხონებულის ძმა რომ არ იყო, სხვანაირად მოგივლიდი! ახლავე მოუბოდიშე! (პაუზა). გელოდები!

არჩილი  -  (მერხზე ჩამოჯდება) ეჰ, საკუთარ თავს მეც ვეღარ ვცნობ! (კახაბერს). ბოდიშს გიხდით, თავადო!

კახაბერი  -  არაფერია!

არჩილი  -  სიგარას ხომ ვერ მომაწევინებთ?

კახაბერი  -  ინებეთ, ბატონო! (გაუწვდის).

არჩილი  -  (სიგარას თავს მოაკვნეტს, მოუკიდებს) ერთი გუვერნანტი გვყავდა, ფრანგულს გვასწავლიდა მე და სუსლიკას.

 

საწყალი, სულ თვალცრემლიანი იხსენებდა პარიზს. რივოლის ქუჩაზე, ხუთ ნომერში ჩემი მშობლები ცხოვრობენ და თუ იქ მოხვდები, აუცილებლად ინახულეო. ხომ მაჩვენებთ იმ ქუჩას?

კახაბერი  -  გაჩვენებთ, რატომაც არა! მე თქვენ პარიზის მთელ დიდებულებას და მთელ სიღატაკეს გაჩვენებთ. ჩავალთ თუ არა, ნოტღ დამს ვეწვევით. ელისეს მინდვრებს, ბულონის ტყეს, სენის ნაპირებს დავათვალიერებთ. ეიფელის კოშკზე ავალთ. სენ მიშელის, კაპუცინების, მონპაღნასის ბულვარებს მოგატარებთ.

 

ყველა კაფეს გაჩვენებთ  -  "კლოზეღ დე ლილას", "როტონდას", "სელექტს", "მულენ ღუჟს". ვერსალს ვნახავთ, ლუვრსაც... პატარა ქუჩებიც რა ლამაზია  -  ვთქვათ და, დე პირამიდის ავენიუსკენ შეუხვევ, გაივლი ღიუ დე რივოლს და ბნელი ჭიშკრით ტიულრიში გახვალ. ხოლო დიდებულ ბინდისჟამს მონმაღრტღში რომ გაისეირნებ, კაფე "როტონდასთან" ვინმე კოკეტი, რომელიმე ჟოზეფინა ანდა კლოტილდა გადაგეყრება, შემოგიძახებს: Aლლონს, ჩჰერი, ალლონს! Aლლონს ფაირ ლ’ამოურე!.. შენც ადგები და ღიუ დე ლა მონტენ სენ ჟენვიზე წაიყვან, იქ კაი საცეკვაო კლუბია...

არჩილი  -  ეჰ, ჩემი ამბავი რომ ვიცი, პარიზშიც ისე ვიქნები, როგორც აქა ვარ!

კახაბერი  -  რა მოგივიდათ, თავადო?

არჩილი  -  მარტო დავრჩები თუ არა, ერთი ბანჯგვლიანი ბებერი ქაჯი გამომეცხადება. "საქართველო აღარ გაქვსო!"  -  ჩაიქირქილებს, კლანჭებს ჩამიჭერს, სისხლს მადენს. მერმე გულს მომიძებნის და ისე მომიწურავს, ლამის ვიყვირო  -  უკან, უკან წავიდეთ-მეთქი! ან აქ რას ვაკეთებთ  -  გადმოვალთ გემიდან, ვიხეტიალებთ, ამ მერხთან შევიკრიბებით, ვილაპარაკებთ და კვლავ გემზე დავბრუნდებით, სუპსა და პიურეს შევჭამთ, იმ ლოკოკინებს მაინც პირს ვერ ვაკარებთ და დავიძინებთ...

ქაქუცა  -  მოითმინე, ჩემო არჩილ! ჯერ დაბრუნება არ შეგვიძლია.

 

იქნებ იქიდან ვუშველოთ რამე ქვეყანას. ეგებ მთავრობამ გამოიღოს ხელი!

არჩილი  -  მაგათი იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს! (ბოლთას სცემს ნერვიული მოძრაობებით) და საერთოდ, აქეთ სოციალ - დემოკრატების დედა ვატირე და იქით კიდევ სოციალ - ფედერალისტებისა, თუ ძალიან გააჭირეს ესერებისაც და რა ვიცი, რამდენნი არიან... ერთი ციდა საქართველო ას პარტიად გაყვეს, სულ დასაშლელები არიან, მაგათი დედაც...

ქაქუცა  -  არჩილ!

კახაბერი  -  ეჰ, გინებას რა უჭირს, ზოგჯერ უხდება კიდეც! მით უმეტეს სოცდემოკრატებს!

არჩილი  -  ხევსურეთის აჯანყებისას შინ გაუშვეს შეიარაღებული ხალხი, ქაქუცა თუ გაიმარჯვებს, მამულებს მოგვთხოვსო! რუსის ჯარს შეგვატოვეს! ამ წელს ჯერ იყო და მაგათმა ვალიკო ჯუღელმა ყველაფერი დაფქვა "ჩეკაში", მერე კიდევ 24 საათით ადრე გამოვიდნენ ჭიათურაში. თან გვატყუებდნენ, რიზესა და ხოფას შუა არიან იარაღით, სურსათითა და დესანტით დატვირთული გემები გენერალ მაზნიაშვილისა და ნოე რამიშვილის მეთაურობითო. სად იყო ის გემები?

კახაბერი  -  მართალს ბრძანებთ, თავადო!

ქაქუცა  -  რაც იყო - იყო. იმას რაღა ეშველება! მოვეშვათ ამ სოციალ - დემოკრატებს, იქნებ ახლა გვისაშველონ რამე, დიდი ქვეყნების მთავრობებს სთხოვონ დახმარება.

არჩილი  -  არც ერთი მთავრობა ხელს არ გაანძრევს პატარა საქართველოს დასაცავად, ამხელა ვეშაპს, რუსეთს არ გადაიკიდებს. მე ასე მგონია და აგერ ევროპის მცოდნესა ვკითხოთ.

 

ბრძანეთ, ბატონო კახაბერ!

კახაბერი  -  აბა, რა მოგახსენოთ, პოლიტიკაში ძალიან ძნელია პროგნოზების გამოთქმა...

ქაქუცა  -  მაინც როგორ ფიქრობთ?

კახაბერი  -  რაღა დაგიმალოთ, ბატონო ქაიხოსრო და ვშიშობ, რომ თავადი არჩილი მართალია. ევროპას რომ სურვილი ჰქონოდა, აქამდე დაგვეხმარებოდა.

ქაქუცა  -  ყოველ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ ამაში.

არჩილი  -  მაგათ უსინდისობაში სტამბოლშივე დავრწმუნდი  -  კოტე გვარჯალაძე პარაგვაიში რომ გვიშვებდა სამი წლით არხების სათხრელად.

კახაბერი  -  პარიზელი ბატონებისგან ჰქონდა ინსტრუქცია მიღებული.

ქაქუცა  -  ტყუილად კი არ გაიძახის საშა, მე კოტე გვარჯალაძის დედა ავატირეო!

არჩილი  -  ა, ბატონო, ეგეც მე ვარ?

კახაბერი  -  ათასში ერთხელ არაფერი უჭირს...

 

 

სურათი მესამე

 

(სანაპირო ბულვარის მიყრუებული მხარე. დგას მკერდზე ხელებდაკრეფილი "პადრე", გვიდო მალტანი. ბოლთას სცემს "კობრა", პასკუალა).

 

კობრა  -  მთელი ძვლები მეშლება და ლამის ნაწილ - ნაწილ დამცვივდეს, გვიდო!

პადრე  -  (ლათინურად ამბობს "მამაო ჩვენოს") პატერ ნოსტერ, კვი ეს იმ ცელის...

კობრა  -  შენ "პატერ ნოსტერ" იძახე და ეგ მიშველის! ოხ, რა უბედური ვარ, რა საცოდავი! გვიდო, მისმენ თუ არა? პადრე!

პადრე  -  რა გინდა, პასკუალა?

კობრა  -  ვკვდები, პადრე, ვკვდები! დარდმა შემიპყრო, ბანაკის დარდმა!

პადრე  -  მერე მე რა ვქნა, რით დაგეხმარო?

კობრა  -  გადაარჩინე საკუთარ ბანაკს ჩამორჩენილი ერთი საბრალო ბოშა! ის გამითავდა, იმის გულისთვის ჩამოვრჩი ბანაკს! მიშველე, ვკვდები!

პადრე  -  (ჯიბიდან ცელოფანის პარკს ამოიღებს, შიგ თეთრი ფხვნილი ჩანს) აჰა! (გადაუგდებს).

კობრა  -  (პარკს დაიჭერს) საიდან?

პადრე  -  შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

კობრა  -  არა, მაინც, მაინც!

პადრე  -  თავი დამანებე.

კობრა  -  მოიცა, კორლეონეს ყუთები ხომ არ გაგიხსნია?!

პადრე  -  შენთვის უარესსაც ვიზამდი! (აკოცებს).

კობრა  -  არ გეშინია, რომ გაიგონ?

პადრე  -  მხოლოდ ოცდაათი ყუთიდან ამოვიღე თითო პარკი...

კობრა  -  გაიგებენ, გვიდო!

პადრე  -  ნუ გეშინია, გემზე ვერ მიხვდებიან და ვინ აიღო, მაგაზე ნიუ - იორკში კორლეონემ იმტვრიოს თავი!

კობრა  -  შენი მონა ვარ! (ჰკოცნის).

 

აბა, გავიქცეი!

პადრე  -  (დააწევს) დღეს ბევრი საქმე გვაქვს, ძალიან ნუ მიეძალები! (განაგრძობს ლოცვას). სიკუტ ეტ ნოს დიბიტტიმუს დებიტორიბუს ნოსტრის. ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ...

 

(მეზღვაურის დარწეული ნაბიჯით შემოდის "ყასაბი", ანჯელო მალტანი.

 

უსმენს პადრეს და იმეორებს ბოლო ფრაზას).

 

ყასაბი  -  ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ... ძალიან ჟღერს!

პადრე  -  აჰ, შენ ხარ?

ყასაბი  -  (აგდებულად) სალუტ, პადრე!

პადრე  -  (მკაცრად) როგორაა საქმე?

ყასაბი  -  ისე, როგორც "ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ"!

პადრე  -  იფრთხილე, ყასაბო, ძვირი არ დაგიჯდეს ეგ ხუმრობა!

ყასაბი  -  ბოდიშს ვიხდი, სენიორ, არც მიფიქრია თქვენი წყენინება...

პადრე  -  მორჩი. საქმეზე ილაპარაკე!

ყასაბი  -  გემის დატვირთვა დამთავრებულია, სერ!

პადრე  -  კარგად ჩაიარა?

ყასაბი  -  უკეთესად აღარ შეიძლებოდა.

პადრე  -  ყუთების შემოწმება ხომ არ დაუწყია გემის კაპიტანს?

ყასაბი  -  არა, არა მგონია.

პადრე  -  პოლიციელები ხომ არ გამოჩენილან?

ყასაბი  -  არა. პოლიციის პრეფექტი იყო ცოტა ხნით, მიქელე ფერარი.

პადრე  -  რაში დაჭირდა მოსვლა?

ყასაბი  -  კუთვნილი უნდოდა.

პადრე  -  მე მაქვს იმისი ფული.

ყასაბი  -  ეჩქარებოდა. რომში აგზავნის შვილს სასწავლებლად და ჩემი ჯიბიდან მივეცი.

პადრე  -  რამდენი?

ყასაბი  -  განა ერთზე არ ვიყავით შეთანხმებული?

პადრე  -  (პაუზის შემდეგ) აჰა, ახლა აიღე ეს ერთი (ჯიბიდან ამოღებულ პაკეტს მისცემს), მაგრამ იცოდე, კიდევ რომ ჩაჰყო ჩემს საქმეში ცხვირი, საკუთარ თავს დააბრალე, ნათესაობა კი ვერ დამიშლის!

ყასაბი  -  რა მომივა, სენიორ?

პადრე  -  შეიძლება ყელგამოღადრული გიპოვონ სადმე, მიყრუებულ ადგილას!

ყასაბი  -  (პაკეტს ათამაშებს) მეგონა, საქმეს დავაწინაურებ მეთქი.

პადრე  -  ესეც იცოდე  -  თუ ის ფული არ მიგიცია და გგონია, რომ შეიტყაპუნებ, პრეფექტს კი გაასაღებ  -  მწარედ სცდები!

ყასაბი  -  ო, ეგ აზრადაც არ გამივლია...

პადრე  -  მიქელე ფერარი კიდევ გვჭირდება, მის ყოფნა - არყოფნას დი მაჯიო სწყვეტს და ისე არ გაიხადო საქმე, მთელი საგვარეულო ამოგვწყვიტონ!

ყასაბი  -  ო, სანტა მარია! რას გადავურჩი! უკან ინებეთ, სენიორ! (პაკეტს მისცემს). კინაღამ თავი წავაგე ჩემი სიბრიყვით!

პადრე  -  შენ რა უნდა გამომაპარო!

ყასაბი  -  ერთ ბრიყვ მეზღვაურს მეტი რა მოეთხოვება...

პადრე  -  ათი წელია ამ საქმეს მივდევ, შენ როგორ უნდა მომატყუო?

ყასაბი  -  მაპატიეთ, სენიორ, ნუ დამსჯით...

პადრე  -  კარგი, მაგრამ დაიმახსოვრე  -  მეორედ რომ მოინდომო ჩემი გამჭრიახობის ასეთი გამოცდა, თავს წააგებ!

ყასაბი  -  ახალი მოსული ვარ, ვცდები ხოლმე.

პადრე  -  ჰოდა, იფრთხილე. ჩვენთან სამსახური დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

 

აქ შეცდომებს არ პატიობენ. მარტო გაფორმება კი არაა საქმე!

ყასაბი  -  რასაც ვერ გავიგებ, შეიძლება შეგეკითხოთ?

პადრე  -  ხანდახან ეგეც შეიძლება, თვითონაც უნდა გაანძრიო ტვინი! მარტო მაგარი კუნთებით შორს ვერ წახვალ!

ყასაბი  -  აი, მაგალითად, ერთი რამ ევერ გამიგია (ჩიბუხს უკიდებს) წინასწარ რატომ დათანხმდა ის რუსი ორმოცდაათის მოტანაზე...

პადრე  -  (ხელით შეაჩერებს) მოიცა! თანხის რაოდენობა არასოდეს დაასახელო!

ყასაბი  -  კი, სენიორ, კი. (პაუზა). ანდა რა იშოვეს ამისთანა კომუნისტებმა?

პადრე  -  რა იშოვეს, რა ჩვენი საქმეა? ჩვენ ჩვენი ავიღოთ.

ყასაბი  -  ხომ შეიძლება, ის გრაფი არ მოვკლათ და ფულიც ჩვენ დაგვრჩეს?

პადრე  -  შეუძლებელია!.. რუსიც დაეჭვდა თავიდან, მაგრამ დონ ჯოტომ არ დაუთმო  -  ფული წინასწარო. რა გარანტია მაქვსო, გაიძახოდა. სწორედ მაშინ თქვა დი მაჯიომ ისტორიული ფრაზა  -  მაფია უკვდავია და ამის ერთ - ერთი გარანტია ისიცაა, რომ მისი პატიოსანი სიტყვა არასოდეს არ გატეხილაო! მიხვდი?

(პაუზა).

ყასაბი  -  ქრისტეც მაგას არ გვასწავლის?

პადრე  -  რას გვასწავლის, ანჯელო?

ყასაბი  -  იყოს თქვენი ჰო  -  ჰო და არა  -  არაო!

პადრე  -  ეს უკვე მომწონს! ნახე, ორ - სამ წელიწადში თუ კაცად არ გაქციო!

 

(ერთ მერხზე კობრა მოწოლილა, ჩიბუხს ეწევა.

 

მოდის გაბრიელი, ხელში საკვოიაჟი უჭირავს).

 

კობრა  -  ჩაო, გაბრიელ!

გაბრიელი  -  გამარჯობა

კობრა  -  კოხტად გამოწკეპილხარ! ფული იშოვე? რა ულაყივით ბერავ ნესტოებს, გცხელა?

გაბრიელი  -  წავედით?

კობრა  -  მოიცა, გადარეულო, აქ მოდი!

გაბრიელი  -  რა გინდა, პასკუალა?

კობრა  -  მოდი, მომიჯექი.

გაბრიელი  -  არ წავიდეთ? გვაგვიანდება.

კობრა  -  მოდი მეთქი!

გაბრიელი  -  (მიუჯდება) დაგველოდებიან?

კობრა  -  აბა, სად ჯანდაბაში წავლენ? ახლოს მოიწი! ეს არ გინდა? (ჩიბუხს აჩვენებს).

გაბრიელი  -  მე სიგარეტს ვამჯობინებ.

კობრა  -  ჩვეულებრივი არ გეგონოს, ოპიუმი ურევია! გააბოლე და სულ ცაში იფრენ! (მოეხვევა, ჰკოცნის).

გაბრიელი  -  ისეთი ჩანხარ, უამისოდაც კარგად ვიფრენ შენთან!

კობრა  -  ასე ჩემო გადარეულო, ქალივით არ დაიწყე უკადრისობა?

გაბრიელი  -  აბა, რას ვიფიქრებდი!

კობრა  -  შემოგაჯდები, ჩემო ულაყო და ახლავე გნახავ, როგორი ჭენება იცი! (წამოდგომას ცდილობს). ოღონდ ვერ ვდგები!

გაბრიელი  -  (ხელში აიყვანს) სად წაგიყვანო?

კობრა  -  სადმე დავიმალოთ, თორემ მე სხვა ულაყებიც მყავს და იმათ რომ გნახონ, გამოგფატრავენ! (გადიან).

 

(პადრეს და ყასაბს კოჭლობით უახლოვდება "კოჭლი სატანა", ლუკა კორაჯო, ხელში რაღაც შეფუთული უჭირავს).

 

კოჭლი სატანა  -  ჩაო, სენიორებო.

პადრე  -  ჩაო, ლუკა.

კოჭლი სატანა  -  (ყასაბს) რას ჩამოგიყრია ყურები?

ყასაბი  -  არაფერი, ეს ისე...

პადრე  -  მოკლედ, ჩვენი კანონი ასეთია  -  ერთხელ მოგცემთ გამოსწორების საშუალებას, მეორედ კი აღარ დაგინდობთ! მიხვდი, ყმაწვილო?

კოჭლი სატანა  -  მოხდა, სენიორ, რამე?

პადრე  -  უახლოესი მეგობარი ხარ, შენთან რა მაქვს დასამალი. ჩემი ძვირფასი ძმისწული მატყუებდა, პრეფექტს მე მივეცი წილიო, ფულს მართმევდა და გასაღებას უპირებდა!

კოჭლი სატანა  -  ხომ არ გადაირიე, ბიჭო? მარტო შენ და ამას კი არა, მთელ სანათესაოს ზედ მოგაყოლებდნენ! უჰ - უჰ, ეს რომ დი მაჯიომ შეიტყოს? კიდევ კარგი, პადრეს მეგობარი ვარ, თორემ სხვა ამას ხელზე დაიხვევდა და თავის ნებაზე გატარებდათ.

ყასაბი  -  ეს როგორ, სენიორ?

კოჭლი სატანა  -  დაგემუქრებოდათ, დი მაჯიოს ვეტყვიო!

პადრე  -  ეგ არ მაშინებს, კოჭლო სატანა, ვიცი, ვისთან რა უნდა ვთქვა...

კოჭლი სატანა  -  ამით რა გინდათ თქვათ?

პადრე  -  შენ რომ შანტაჟს დაიწყებდი, მე ბონავენტურას საქმეს გაგახსენებდი, რვა რომ აიღე და შეფთან მხოლოდ ხუთი მიიტანე!

კოჭლი სატანა  -  ეგ წვრილმანები ამ ყმაწვითლან რა მოსატანია, განა მეგობრები არ ვართ, ჩემო კეთილო გვიდო?

პადრე  -  რა თქმა უნდა, მეც ამ იმედით გაგანდე ეს საიდუმლო!

კოჭლი სატანა  -  სჯობს, საქმეზე ვილაპარაკოთ.

ყასაბი  -  რა ხდება კარგი და საინტერესო?

კოჭლი სატანა  -  ჯერ თქვენი მითხარით.

 

კარგად ჩაიარა?

ყასაბი  -  ისე, რომ მეტი აღარ იქნება. ამაღამ გავა.

კოჭლი სატანა  -  ძლივს მოვიშორეთ თავიდან. პასკუალა არ გამოჩენილა?

პადრე  -  მაგან არ დამაწყვიტა ნერვები?

ყასაბი  -  (საათზე დაიხედავს) მთელი ნახევარი საათი გადაცდა!

კოჭლი სატანა  -  ხომ არ გაგვაცურა იმ რუსმა კომუნისტმა, მე მაგის დედა?..

ყასაბი  -  აბა, აბა, მაგის კეთილები!..

პადრე  -  მორჩით. გინება არ მოდის ჩვენში!

კოჭლი სატანა  -  რა უჭირს, ათასში ერთხელ!

ყასაბი  -  კარგიც კია, გულს მოიოხებ კაცი!

პადრე  -  გინება არ გამაგონოთ! ჩვენ სხვა გაქანების ხალხი ვართ, რესპექტაბელური!

ყასაბი  -  თუ გაგვაცურა და აქ არა ვარ, ფრანჩესკოლიზე უკეთ გავაფორმებ! (პადრეს შეხედავს).

 

დი მაჯიო თუ გვიბრძანებს!

პადრე  -  სწორია, ყასაბო.

კოჭლი სატანა  -  ჰო, მართალა თვალი ხომ არ მოგიკრავთ დანარჩენი ველურებისთვის?

პადრე  -  მომეშვი, ვერ ვიტან ზანგებს.

ყასაბი  -  რას გვანან, მაგათი...

კოჭლი სატანა  -  ზანგი კი არა...

პადრე  -  აბა, ვინ?

კოჭლი სატანა  -  უცნაური კაბები რომ აცვიათ და არც ქუდები ახურავთ ნაკლებად გასაკვირი.

ყასაბი  -  ირლანდიელები ხომ არ არიან?

კოჭლი სატანა  -  არა.

პადრე  -  (მიხვდა) შენ რა, ის უცხოელები ნახე?

კოჭლი სატანა  -  უფრო მეტიც (შეფუთულს გახსნის), აი ეს ქუდებიც შევიძინე იმათგან.

პადრე  -  (ერთ ცალს აიღებს) საიდან უნდა დაიხურო?

ყასაბი  -  (აიღებს მეორეს) ალბათ აქედან, აი, ასე. (დაიხურავს).

კოჭლი სატანა  -  ნამდვილი კავკასიელი ჯიგიტი ხარ!

პადრე  -  გაგიჟდი, ლუკა? ეს ქუდები რად გინდოდა?

კოჭლი სატანა  -  თქვენთან გამომატანა დი მაჯიომ. კარგ საქმეზე როცა წავალთ, მაშინ უნდა დავიხუროთ ხოლმე.

ყასაბი  -  რატომ?

კოჭლი სატანა  -  დილას ერთად გამოვედით შეფი, მე და პასკუალა იმათ სანახავად, ხომ უნდა გვცოდნოდა, რომელი იყო გასაფორმებელი.

პადრე  -  გასაფორმებელი ახლა რომ მოვა, ამან უნდა გვაჩვენოს.

კოჭლი სატანა  -  ჩვენ ჩვენი ვეცადეთ. ჰოდა, კობრამ გვიამბო კავკასიელ ჯიგიტებზე, რომლებსაც ბავშვობიდან ცხენებზე ზრდიან და იარაღის ხმარებასაც ასწავლიან. გაგიკვირდებათ, მაგრამ ვენდეტა მაგათაც სცოდნიათ!

ყასაბი  -  საკვირველია!

კოჭლი სატანა  -  მერე შეფი დაინტერესდა და ერთ ყურებამდე ულვაშიანთან მიგვაგზავნა. იმან ოთხი ქუიდ მოგვყიდა ერთ `კოლტად და თავიანთი შეფიც გვაჩვენა.

ყასაბი  -  გამაგებინეთ, ეს ცხვრის ტყავის ქუდები რად გვინდა?

კოჭლი სატანა  -  აკი გითხარით, პაროლი შეიცვალა. კაი საქმეზე როცა წავალთ, მიხაკებს კი აღარ ჩავიბნევთ, ამ ქუდებს დავიხურავთ.

პადრე  -  ესე იგი, ანრიეტა სარდუს ამ ცხვრის ქუდში უნდა გამოვეცხადო? აღარ ვარ სიხარულით! აღარ! (ბოლთას სცემს).

 

რამ მოაფიქრა! სულ პასკუალას ოინებია, მაგის დედას ჩავეხუტე! წადი, აქ მომიყვანე, მაგის ძალიან კეთილები!

კოჭლი სატანა  -  აჰ, გინება არ გვინდა, გვიდო, ჩვენ სხვა გაქანების ხალხი ვართ, რესპექტაბელური!

ყასაბი  -  რა უჭირს ათასში ერთხელ!

პადრე  -  წადი, მომიყვანე - მეთქი!

ყასაბი  -  თვითონვე მოდის და ის კავკასიელიც ახლავს, საკვოიაჟი უჭირავს!

პადრე  -  ახლა ულვაშა ჯიგიტს აეკიდა, ხედავთ?

ყასაბი  -  თავისით მოდის ფული!

კოჭლი სატანა  -  ცხვრის ქუდებს უმადლოდეთ, თილისმასავითაა!

 

 

სურათი მეოთხე

 

(შემოდიან გაბრიელი და კობრა).

 

კოჭლი სატანა  -  ესეც იმათნაირი ველური ჩანს, ოღონდ ჩვენებურად ჩაუცვამს.

პადრე  -  მოიცა, იტალიური არ იცოდეს.

კობრა  -  შიში ნუ გაქვთ, წარმოდგენა არა აქვს.

პადრე  -  შენ საიდან იცი?

კობრა  -  მითხრა.

პადრე  -  მიფრთხილდი, პასკუალა, ახლა ამას არ აეკიდო, თორემ...

ყასაბი  -  რაო, კობრა, ვინ ვარო?

პადრე  -  პასკუალა, პაროლი ჰკითხე.

კობრა  -  პაროლი გვითხარით.

გაბრიელი  -  ავე მარია, გრაცია პლენა, დომინუს ტეკუმ.

პადრე  -  გასაგებია. პაშკოვმა გამოაგზავნა?

კობრა  -  პაშკოვის კაცი ხარ?

გაბრიელი  -  აბა, ვინა ვარ!

კობრა  -  კიო.

პადრე  -  ფული მოიტანე?

კობრა  -  ფული მოიტანეო?

გაბრიელი  -  (საკვოიაჟს გაუწვდის) აი, აქაა.

პადრე  -  (გამოართმევს, გახსნის, ჩახედავს) რამდენია?

კობრა  -  რამდენიაო?

გაბრიელი  -  ნახევარი, რომ შეასრულებთ, მეორე ნახევარს მერე მიიღებთ!

კობრა  -  ჯერ ნახევარი მოუტანია, მეორე ნახევარს გასაღების მერე მიიღებთო.

პადრე  -  (ბოლთას სცემს განრისხებული) ის კომუნისტი ღორი არ ენდო მაფიას პატიოსან სიტყვას? ეგებ ფულის ნახევარი თვითონ ამან წაიღო?

ყასაბი  -  ახლავე დავამუშავებ, ბიძაჩემო!

კოჭლი სატანა  -  დავთვალოთ!

პადრე  -  რა დროს დათვლაა!

ყასაბი  -  დავამუშაო?

პადრე  -  მოიცა მეთქი!

გაბრიელი  -  რაო, რას ლაპარაკობენ?

კობრა  -  არაფერს.

გაბრიელი  -  მაშინ მე წავალ (წასვლას აპირებს).

პადრე  -  რაო, კობრა?

კობრა  -  უნდა წავიდეო.

პადრე  -  მოიცადოს!

კობრა  -  მოიცადეო.

გაბრიელი  -  რაღა საქმე გაქვთ ჩემთან?

პადრე  -  პასკუალა, ეს არ უთარგმნო! ანჯელო, უნდა დავამუშაოთ! შენ კი კოჭლო სატანა, გადი, გვიდარაჯე! (კოჭლი სატანა  -  გადის).

ყასაბი  -  მივცხო, არა?!

პადრე  -  ვინ დაიტოვა ფულის ნახევარი, შენ თუ პაშკოვმა?

გაბრიელი  -  აკი გითხარით, პაშკოვმა მეთქი!

პადრე  -  რით დაამტკიცებ შენს სიმართლეს?

გაბრიელი  -  პაშკოვი უნდა ნახოთ. მე კი მაგვიანდება, მშვიდობით.

პადრე  -  ასე ვერ წახვალ! პაშკოვმა რომ შენ დაგადოს ხელი, სადღა გეძებოთ? ჩვენი თანდასწრებით უნდა ნახოთ ერთმანეთი!

გაბრიელი  -  ეს რა, მუქარაა?!

პადრე  -  ასე მოითხოვს საქმე.

გაბრიელი  -  გემზე ბილეთი აღებული მაქვს, უნდა მივუსწრო! მშვიდობით, ბატონებო!

ყასაბი  -  (წინ გადაუდგება) სულაც არ მაინტერესებს შენი ბილეთი, ჯერ პაშკოვი უნდა ვნახოთ! (დანას ამოიღებს და მოიმარჯვებს).

გაბრიელი  -  (რევოლვერს ამოიღებს) უკან დაიხიე! (ყასაბი არ ემორჩილება, ესვრის, ხელში დაჭრის და დანას გადააგდებინებს). დაგცხრილავთ!

პადრე  -  (ხელებს ასწევს) დამიჯერეთ, სენიორ, გამოუსწორებელ დანაშაულს ჩადიხართ საკუთარი თავის წინააღმდეგ!

გაბრიელი  -  რა დანაშაულზეა ლაპარაკი?

პადრე  -  ერთი ჩვენგანიც რომ მოკლათ, ამ ქალაქიდან ვეღარ გახვალთ!

გაბრიელი  -  ვინღა დამიჭერს?

პადრე  -  როგორც ჩანს, ადრე მაფიასთან საქმე არ გქონიათ. მიწის ქვეშაც კი გიპოვიან!

გაბრიელი  -  თავი დამანებეთ, თქვენ თქვენთვის, მე ჩემთვის! ხომ მოგიტანეთ ეს ფული, რატომ არ მიშვებდით?

პადრე  -  პაშკოვს თვით დი მაჯიო ელაპარაკა. რაკი ორმოცდაათზე შეთანხმდნენ, სწორედ ამდენი უნდა მოგეტანათ. არც მეტი და არც ნაკლები!

გაბრიელი  -  რაც გამომატანა, ის მოვიტანე.

 

(გაბრიელს უკნიდან ეპარება კეტმომარჯვებული კოჭლი სატანა).

 

პადრე  -  მაშინ რატომ არ გინდათ პაშკოვთან წამოსვლა?

გაბრიელი  -  იმიტომ, რომ მაგვი...

 

(თავში კეტს ჩაარტყამს კოჭლი სატანა  - , ხელიდან რევოლვერი გაუვარდება. მიესევიან, სცემენ).

პადრე  -  არ უნდა მოვკლათ, ცოცხლად გვჭირდება!

ყასაბი  -  (ცალი ხელით სცემს) როგორ დამჭრა, ამისი კეთილები...

კოჭლი სატანა  -  გაიგე, რასაც გეუბნებიან!

 

(შემოვარდება იარაღმომარჯვებული საშა სულხანიშვილი, ჰაერში ისვრის).

 

საშა  -  დადექით! დადექით - მეთქი! თქვენი დედა რო ავატირე!

 

(მაფიოზები თავს დაანებებენ გაბრიელის ცემას, მოშორდებიან).

 

კოჭლი სატანა  -  ეს მეორე ველური საიდანღა გამოტყვრა?

პადრე  -  ეგ საკუთარ თავს ჰკითხე, კრეტინო! მე სადარაჯოდ გაგიშვი!

კოჭლი სატანა  -  კეტი რომ არ ჩამერტყა, გაგასაღებდათ!

ყასაბი  -  რა დავითარსეთ, ამათი კეთილები...

 

(ხელზე მეორე ხელს იჭერს).

პადრე  -  პასკუალა, ჰკითხე რა უნდა?

საშა  -  ხელები ზემოთ, თორემ ყოფას გიტირებთ!

კობრა  -  ხელები აწიეთ მაღლა.

კოჭლი სატანა  -  ეს ისაა! (ხელებს აწევს).

პადრე  -  აწიე, ანჯელო, თავს ტყუილ - უბრალოდ ნუ შევაკლავთ! (ორივენი ხელებს აწევენ). ვინააო, რა თქვი?

კოჭლი სატანა  -  ამან მოგვყიდა ქუდები დილით!

საშა  -  (კობრას) შენც აწიე ხელები! ჰა, მეთქი! (კობრა ხელებს აწევს). დაიცა, ქალო, შენ აქ რა გინდა? ხან ქუდებს ჰყიდი და ხანაც ულაყებს დააჭენებ, არა?

კობრა  -  ხან ისეა, ხანაც ასე! ისე კი, ყველაზე კარგად შენ დაჭენაობ, შმაგო!

საშა  -  ცხენები და ვირები თქვენსკენ მოიკითხე! შენ არ იცი, მე ვინა ვარ!

კობრა  -  ვინ?

საშა  -  უკვე იმდენი კომუნისტი მყავს მოკლული, რომ ეს ოთხი კაცი აქეთ იქნებით თუ იქით, ჩემთვის სულ ერთია, მაინც ჯოჯოხეთში მოხვდები. გაიგე, დედაკაცო?

კობრა  -  ვერ გავიგე.

კოჭლი სატანა  -  რას ეპაექრები, კობრა, გვიშველე რამე! ო, სანტა მარია, სან რაფაელ, სან მიქაელ! გვიშველეთ!

საშა  -  ეხლა აი, მაგას უთხარი, მოკეტოს, თორე ამ შუადღისას ციდან ვარსკვლავებს დავაკრეფინებ! გაიგეე!

კობრა  -  გაჩუმდი, გიჟია ვიღაც!

საშა  -  აბა, სანამ გადავრეულვარ, ამათ იარაღი ამოაცალე! შენიც ამოიღე! ემაგ ჩანთაში ჩააწყე და აექ დამიდე! ჰა, დროზე! (კობრა იარაღს ამოაცლის თავისიანებს, საკვოიაჟში ჩააწყობს და საშას მიუტანს). ისევ იქ დადექი! (საკვოიაჟში ჩაიხედავს).

 

ვაჰ, ეს რა არი, კაცო? (ერთ შეკვრას ამოიღებს) უყურებ შენა? ბიჭოს! ფულივით არ არი?! ქალო, უთხარიკე, ემაგრე იდგნენ ხელებაწეულები!

კობრა  -  არ გაინძრეთ, გესვრითო!

პადრე  -  ღმერთო, გვიშველე! ეს მართლა გვესვრის,  -  გიჟია ოხერი! მოდით, ვილოცოთ! (იწყებს "მამაო ჩვენოს") პატერ ნოსტერ, კვი ეს იმ ცელის. სანკტიფიცეტურ ნომენ ტუუმ...

საშა  -  რაო, რა მინდაო, ქალო?

კობრა  -  არაფერი, ლოცულობს.

საშა  -  მოკეტოს, თორეე...

კობრა  -  გაჩუმდი, პადრე!

საშა  -  ეხლა გამაგებინე, რა გინდოდათ ამ პატიოსანი კაცისაგან, სეტყვი ღრუბელივით რო დასტრიალებდით, ჰა? ხო არ მოკალით, თქვენი...

კობრა  -  არა, მხოლოდ ნაცემია.

საშა  -  ძაან არაქათგამოცლილი ჩანს, ესეც ხო არ გიჭენებია?

კობრა  -  სადღა აქვს ჭენების თავი, ძლივს დაჩინდრიკობს!

გაბრიელი  -  (დაიკვნესებს, წამოჯდება, თავზე მოიჭერს ხელებს) ვაი, თავი!

საშა  -  გაბრიელ, როგორა ხარ, ჰა, კაცო?

გაბრიელი  -  რა ვიცი... (წამოიწევს). ვაი! (ისევ ჯდება).

საშა  -  რა უნდოდათ, რად გირტყამდნენ?

გაბრიელი  -  ოო, ყველაფერი მტკივა... ვაი, ვაი!

საშა  -  შენ მითხარი, ქალო!

კობრა  -  მე თქვენი ლაპარაკი არ მესმის და რა გითხრათ?

საშა  -  (ფულის შეკვრას აჩვენებს) ჯერ ეს მითხარი, აეს რა არი?

კობრა  -  ფულია.

საშა  -  ესე იგი, სწორი ვყოფილვარ! სადაურია, ქალო?

კობრა  -  ამერიკული დოლარებია.

საშა  -  არ მატყუებ, რო?

კობრა  -  მაშინ მაგ ბებერ ულაყს ჰკითხე!

საშა  -  იცი, რას გეტყვი შენა? აქ ბოდიში მამიხდია და ცოტა წესიერად მელაპარაკე! ბიჭოს! რამდენია?

კობრა  -  ოცდახუთი ათასი.

საშა  -  ვისია?

კობრა  -  მეტს ვერაფერს გეტყვი.

საშა  -  დაიცა, დაიცა, იცი რას გეტყვი? ჯერ ქალის ცოდვა არ მადევს კისერზე, მაგრამ თუ ძაან გაჭირდა, ამასაც ვიკისრებ! გამიგე? გამიგე თუ ვერა?

კობრა  -  მეტი რა გზაა, უნდა გავიგო.

საშა  -  შენი ვერა გამიგია რა! გიყურებ, მთვრალი არა ხარ, მა რაღასა ბლეტავ მაგ თვალებს?!

კობრა  -  ჭენების შემდეგ ასე ვიყურები ხოლმე.

საშა  -  ვის ატყუებ შენა? ვის ატყუებ? დილას ქუდები რო მოგყიდე და მემრე კვიპაროსებში გადავედით, რამე, ერთი - მეორე, მაშინ კოხტად იყურებოდი?! არა, აქ რაღაცაშია საქმე! კაცო, გაბრიელ, მოხვედი ჭკუაზე?

გაბრიელი  -  მოვედი.

საშა  -  შენ მაინც მითხარი, რითვინ გირტყამდნენ, როგორც რო რუსის ბარაბანსა! ამ დედაკაცთან ხო არ გაგიიმასქნებია ის ამბავი, ჩვენ რო ვიცით და იმიტომ ხო არ დაგბეთქეს, ჰა!

გაბრიელი  -  რა ვიცი... (ხელს ჩაიქნევს).

საშა  -  არ იცი და მე ვათქმევინებ! დედაკაცო, ეხლავე მითხარი, რითვინა სცემდით, რა დააშავა!

კობრა  -  ვერ გეტყვი!

საშა  -  ვერ მეტყვი და სუ თითო - თითოდ დაგიხვრეტამ ამ ხალხსა! მგონი, სუ შენი ულაყები არიან, არა? ჰოდა, მეც აი, ამიდან დავიწყებ! (გამოიყვანს ყასაბს, შუბლზე მიადებს რევოლვერს). იცოდე, სამამდინ ვითვლი!

პადრე  -  რა უნდა, პასკუალა?

ყასაბი  -  მიშველე, ბიძაჩემო!

კობრა  -  პაშკოვის საქმე მომიყევიო!

საშა  -  ერთიი!

პადრე  -  რა თქვა?

კობრა  -  სამამდე ვითვლიო!

პადრე  -  უთხარი, რაც უნდა!

კოჭლი სატანა  -  არ უთხრა, პასკუალა, თორემ დი მაჯიო არ გვაპატიებს!

პადრე  -  აბა, ყასაბი გავწიროთ?

კობრა  -  მარტო ყასაბი კი არა, სულ სათითაოდ დაგხვრეტთო!

საშა  -  ორიი!

კოჭლი სატანა  -  მაშინ უთხარი! უთხარი, ჩქარა!

პადრე  -  აგწვა კუჭი? ტკბილია სიცოცხლე, ლუკა?

ყასაბი  -  პასკუალა, ყველაფერი უთხარი! არაფერი მოატყუო!

პადრე  -  როგორც ჩანს, ესენი ერთად მუშაობენ!

ყასაბი  -  ახლა გადავრჩე და სად წამივლენ, ორივეს ერთად გავასაღებ!

საშა  -  სამი!

კობრა  -  კარგი, გეტყვი! ოღონდ, უნდა გაგვიშვა!

საშა  -  აბა, რაში მჭირდებით, თქვენი ხორცი არ იჭმევა და ძვალი!

კობრა  -  აქ ვიღაც მეამბოხეთა მეთაურია ჩამოსული, გრაფი ყოფილა.

 

იმის მოკვლაში რუსი კომუნისტები ორმოცდაათ ათას დოლარს გვაძლევდნენ. ჩვენც ავიღეთ ეგ საქმე.

საშა  -  ვინ თქვენ?

კობრა  -  ჩვენ, მაფიამ.

საშა  -  მაფია რაღა ოხრობაა?

კობრა  -  მაფია მაფიაა!

საშა  -  ვერაფერიც ვერ გავიგე!.. და გაბრიელი რაღა შუაშია?

კობრა  -  მაგას ჰქონდა იმ მეთაურის მოკვლა დავალებული და ვერ გაბედა.

გაბრიელი  -  ტყუილია! ამის კახპა დედა ვატირე!

კობრა  -  კახპა მეძახე, კომუნისტების აგენტი მაინც არა ვარ შენსავით!

საშა  -  დაიცა, ნამდვილად, ქალო?

კობრა  -  პაშკოვმა გვითხრა.

საშა  -  პაშკოვი ვინღაა?

კობრა  -  კომუნისტების საგანგებო რწმუნებული!

საშა  -  მართალია, გაბრიელ? (პაუზა). საცემი კი არა, მოსაკლავი ყოფილხარ, შე ნაბიჭვარო! ქაქუცას მოსაკლავი ფულით გამოიწკიპე, არა? ოხ, შენი დედა კი ვატირე შენი!.. აქ მომხედე, ქალო! რატომ სცემდით?

კობრა  -  ორმოცდაათი გვეკუთნოდა და ოცდახუთი მოიტანა!

საშა  -  დაიცა, დაიცა, კომუნისტები იგეთი ბრიყვები არიან, რო წინასწარ მოეცათ ფული?

კობრა  -  მაფიის სიტყვა კანონია! ამ საქმეში თვითონ დონ ჯოტო დი მაჯიო იყო ჩარეული!

საშა  -  ეგ ვიღა ოხერია?

კობრა  -  ამ ქალაქის მაფიის თავკაცი! ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, პირი გაგვეტეხა... ამან კი მხოლოდ ოცდახუთი მოიტანა.

საშა  -  მეორე ოცდახუთი რა ვუყავიო?

კობრა  -  პაშკოვმა არ მომცაო. გრაფს რომ მოკლავთ, მერე მიიღებთო.

 

პაშკოვთან გამოყოლაზე უარი გვითხრა და ეჭვი ავიღეთ, რომ თვითონ გადამალა... იმიტომ ვცემდით, რომ გვეთქმევინებინა, სად დამალა...

საშა  -  შენ რასაც ამბობ, მართალსა ჰგავს... ამ ნაბიჭვარმაც როგორ ჩაღუნა თავი...

 

მართალია, არა, გაბრიელ? ერთი სული მაქვს, წამებით ამოგხადო სული, მაგრამ ჯერ ქაქუცამ უნდა დაგკითხოს!.. ქალო, ეხლა ეს გამაგებინე, თქვენ ვინა ხართ? მაფიაო თუ რაღაცაო?

კობრა  -  ამის გაგება აქ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება.

საშა  -  ეხლა სწორედ მეტი საქმე არა მაქვს, კითხვა - კითხვით ვიარო ამხელა ქალაქში! მითხარი, დროზე!

კობრა  -  დონ ჯოტო დი მაჯიო მაფიის შეფია! აი, ეს პადრეა, თანაშემწე, გეგმების შემდგენი. ეს კოჭლი სატანა  - ა, საუკეთესო შემსრულებელი. ეს ხელში დაჭრილი კი ყასაბია, დაუნდობლობით გაითქვა სახელი.

 

მე კი კობრა მქვია...

საშა  -  მაშ, რას გაიძახიან, პასკუალაო?

კობრა  -  ეგეც მქვია.

საშა  -  კაი სახელები გქვიებიათ, მე და ჩემმა ღმერთმა... ეხლა ერთი რჩევა უნდა მოგცეთ  -  იმ გრაფის მოკვლაზე ხელი აიღეთ და იმ რწმუნებულის მისამართი მომეცით. პაშკოვიო, არა?

კობრა  -  პაშკოვს დი მაჯიო შეხვდა, მისამართი ჩვენ არ ვიცით!

საშა  -  კარგი, გაბრიელს ეცოდინება.

გაბრიელი  -  პაშკოვი რომში გაემგზავრა ამ დილით.

საშა  -  აქ არა ვართ, შევამოწმებთ... შენ ეს მითხარი, მეორე ოცდახუთი რა უყავი?

გაბრიელი  -  დავმალე.

საშა  -  წამოდი, ეგ სახე დაიბანე ზღვაში, ის ფულიც ავიღოთ და ქაქუცასთან მივიდეთ... შენ კი, გიურზა ხარ თუ ანკარა გველი, ამათ უთხარი, თავი დაგვანებონ, თორემ ფინთად წაუვათ საქმე!

კობრა  -  დაგვეხსენით, თორემ ინანებთო!

პადრე  -  პირობა მიეცი მაფიის სახელით!

კობრა  -  მაფია სიტყვას გაძლევთ!

საშა  -  (საკვოიაჟს აიღებს) ეს მაფია რაღაა, მაინც ვერ გავიგე! თუმცა სულ ერთია... წამოეთრიე, გაბრიელ! (გადიან).

პადრე  -  მადლობა უფალს, რომ ამ ველურებისგან გვიხსნა.

კოჭლი სატანა  -  ყველა წმინდანი ვახსენე გულში და როცა სანტა მარიასთან მივედი, მაშინ გვეშველა!

კობრა  -  თავიდანვე უნდა გეხსენევბინა!

ყასაბი  -  (ხელს იხვევს დახეული ხალათით) სულ ნაკუწ - ნაკუწ - ნაკუწ დავჩეხავ მაგათ!

პადრე  -  გადარჩენისა ვილოცოთ!

ყველანი  -

 

ავე მარია, გრაცია პლენა, დომინუს ტეკუმ;

ბენედიკტა ტუ ინ მულიე რიბუს,

ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს ვენტრის ტუი, იეზუ.

სანკტა მარია, მატერ დეი,

ორა პრო ნობის, პეკატორიბუს,

ნუნკ ეტ ინ ორა მორტის ნოსტრე.

ამენ!

(იწერენ პირჯვარს).

 

პადრე  -  ამ ამბავს დი მაჯიოს ნუ გავაგებინებთ.

კოჭლი სატანა  -  ფულს რომ მოგვთხოვს?

ყასაბი  -  ამ ხელს რომ ნახავს?

პადრე  -  ბოლო - ბოლო ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ პაშკოვის კაცი არ მოვიდა... შენ კი პიჯაკში დამალავ მაგ ხელს...

კობრა  -  უარესი იქნება...

პადრე  -  აბა, რა ვქნათ, პასკუალა, გვაჯობეს კომუნისტებმა!

კობრა  -  ის ულვაშიანი კომუნისტი არა ყოფილა...

კოჭლი სატანა  -  ეს ვინ ყოფილან, ამათი დედა...

ყასაბი  -  ჩვენზე უარესები!

კობრა  -  ხომ გითხარით, მეომარი ხალხია - მეთქი!

პადრე  -  ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!

(გადიან).

 

 

სურათი მეხუთე

 

(ზღვის სანაპირო ბულვარი.

 

კვლავ მერხზე სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და არჩილ ანდრონიკაშვილი. იქვეა სერთუკიანი კახაბერ ამილახვარი და ჩამქრალ სიგარას უკიდებს. შორიდან მოისმის  -  "ჰაი, ქაქუცავ, მაქეთ საითკენ წამოსულხართ, კაცოუ!").

 

კახაბერი  -  (გაიხედავს) საშა და გაბრიელი მოდიან!

საშა  -  (ხელს ჰკრავს გაბრიელს, შემოაბარბაცებს) ემანდ მიეთრიე, შენი დედა რო ავატირე! (ხელში რევოლვერი უჭირავს, მორეში საკვოიაჟი).

ქაქუცა  -  ახლა ამათაც დაიწყეს! თქვენ იმდენს იზამთ, მეც გამაგიჟებთ!.. რა ამბავია, გაბრიელ?

საშა  -  გველი გაგვიზრდია უბეში, კაცო, გველი!

არჩილი  -  არ გვეტყვი, რა მოხდა?

საშა  -  აკი ვიძახოდი, ქაქუცავ, ეგ აქ სასიკეთოდ არ არი მოსული - მეთქი!

კახაბერი  -  რა მოხდა, გაბრიელ, ხმა ამოიღე!

საშა  -  (საკვოიაჟს გახსნის, ფულს დაანახვებს) ეს ქაქუცას მოსაკლავი ფული იყო, ორმოცდაათი ათასი დოლარი!

არჩილი  -  "ჩეკას" აგენტი ყოფილა, ვეჟო? (ჯიბისკენ გაურბის ხელი).

კახაბერი  -  გაჩერდით, ბატონო არჩილ!

არჩილი  -  გაჩერდი  -  არ გაჩერდი, სულ ერთია. ამ თახსირს ხელით ხომ არ დავახრჩობ, იარაღი კი თურქეთში ჩამომართვეს!

საშა  -  თურქეთს ნუღარ მიხსენებ, მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ვატირე, კინაღამ... (შეხედავს ქაქუცას, შეჩერდება). იარაღი ერთის მაგიერ ხუთი ვიშოვე.

 

განა რო მდომოდა, მე ვერ მივაძაღლებდი სადმე, მაგრამ აქ მოვიყვანე, ქაქუცამ გადაწყვიტოს, რას უზამს.

ქაქუცა  -  ჯერ რიგიანად მიამბე, რა როგორ მოხდა!

საშა  -  როგორ მოხდა და აეგრე იყო  -  თავად არჩილისა არ იყოს, ეს უიარაღობა მეც ძალიან მაწუხებდა...

კახაბერი  -  საქმეზე ილაპარაკე!

საშა  -  (თავისას განაგრძობს) უკაცრაული პასუხია და ბოდოშიც მამიხდია, მაგრამ უიარაღო კაცი ნიფხავჩახდილივითა ხარ! ეგრე არ არი?.. ჰოდა, ერთი მოლდაველი ბოშა ქალი ვნახე, გიურზას ეძახიან თუ რაღაცა გველის სახელია... ჰო, კობრა! კობრას ეძახიან.

არჩილი  -  შენ როგორ ელაპარაკე?

საშა  -  იცის რუსული! ჰოდა, ოთხი ბოხოხი მივყიდე ერთ რევოლვერად. `კოლტია, ხომ იცით. მოკლედ, მაგარი რამეა!

არჩილი  -  ქუდები როგორ გაგვიყიდე, ვეჟო?

ქაქუცა  -  იარაღის გულისთვის რომელიმე რომ არ გაგვყიდა, ამაზეც გმადლობთ, უფალო!

საშა  -  რატო რა, იარაღი არ გვინდა, თავადო? ათასი ოხერია, რა გესწავლებათ!

ქაქუცა  -  განაგრძე, განაგრძე!

საშა  -  ცოტა ხანში, გავიხედე და რასა ვხედამ, ეს ჩვენი გაბრიელი არ ელაპარაკება? ვიფიქრე, ერიჰაა, აქ რაღაცაშია საქმე - მეთქი. გავყე ამასა. ერთ სახლში შევიდა და იქიდან ამით (საკვოიაჟზე ანიშნებს) გამოვიდა.

 

ზღვის პირას ის გიურზა უცდიდა, სამ კაცთან მიიყვანა. იღონდ მანმადე ერთმანეთში ჩვენ რო ვიცით, ის გააიმასქნეს... იმ ხალხსა სუ გამოცვლის სახელები ჰქვიათ  -  ეშმაკიო, კოჭლი თერძიო, პასკუალაო, გიურზაო თუ რაღაცა გველია... აქაური მაფია ვართო.

არჩილი  -  შენ რა იმ წყეული კოტე გვარჯალაძესავით მიკიბულ - მოკიბულად ლაპარაკობ! მოკლედ გვითხარი, გული ნუ გადაგვილიე, ვეჟო!

საშა  -  თუ არ გინდათ, სუ გავჩუმდები!

ქაქუცა  -  განაგრძე, ოღონდ მოკლედ ილაპარაკე.

საშა  -  მერმე აემან ერთი იმათიანი დაჭრა ხელში. მიესივნენ და სუ სეტყვი ღრუბელივით უტრიალეს. მე გულმა აღარ მომითმინა, გავიძრე ჩემი `კოლტი და მივუხტი  -  რევოლვერები წავართვი თქვენთვის, ესეც სიკვდილს გადავარჩინე, თორემ ცემით მოკლავდნენ, დავკითხე ისინი და ყველაფერი გავიგე. (`კოლტებს მისცემს ქაქუცას, არჩილს, კახაბერს).

 

ესაა და ეს!

არჩილი  -  ბიჭოს, რა კარგად მოყვა!

კახაბერი  -  ვერაფერიც ვერ გავიგე!

ქაქუცა  -  კარგი, ახლა გაბრიელი ვალაპარაკოთ. (იარაღს მოხერხებულად ინახავს ჩოხის უბეში).

არჩილი  -  ჩვენს ხელში ხარ, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, სიმართლე გვითხარი!

 

(ხანგრძლივი პაუზა).

 

გაბრიელი  -  პირადად ორჯონიკიძისგან მქონდა ქაქუცას მოკვლა დავალებული... გახსოვთ, საზღვარზე "მრავალჟამიერს" რომ ვმღეროდით, მაშინ შემეძლო დავალების შესრულება, მაგრამ გულმა არ გამიშვა...

 

ეგებ იმიტომ, რომ ქაქუცამ სიკვდილს გადამარჩინა. არ ვიცი. იქნებ სიმღერის ბრალიც იყო... რაც თურქეთში გადმოვედით, მთელი გზა მოგვყვება სერგო ორჯონიკიძის რწმუნებული პაშკოვი, ჩოლოყაშვილის მოკვლას მაძალებს.

 

იმ მიზეზით ვუარობ, რომ მეშინია, მეც მომკლავენ - მეთქი! მერე პაშკოვმა ჩემზე ხელი ჩაიქნია და მაფიოზებს მოელაპარაკა ქაქუცას მოკვლაზე.

ქაქუცა  -  ვინ არიან მაფიოზები?

კახაბერი  -  მაფია დანაშაულებათა ორგანიზებული კლანია, თავიანთი თავკაციც ეყოლებათ.

საშა  -  კი, ჰყავათ, რაღაც გრძელი სახელი ჰქვია, დონით იწყება!

ქაქუცა  -  რა თქვეს მერმე მაფიოზებმა?

გაბრიელი  -  ორმოცდაათი ათასი დოლარი მოითხოვეს წინასწარ.

არჩილი  -  წინასწარ როგორ? რომ არ მოეკლათ?

გაბრიელი  -  პაშკოვიც დაეჭვდა, მაგრამ დაარწმუნეს, მაფიის სიტყვა კანონიაო. ჰოდა, იმანაც მე გამატანა ფული. მე ნახევარი მივიტანე, მეორე ნახევარი კი სანაპირო ბულვარზე დავმალე  -  სახლში ხომ მინდოდა წასვლა.

კახაბერი  -  ფული მთლიანად რომ მოგეპარა და გაქცეულიყავი?

გაბრიელი  -  პაშკოვმა მეც მომიჩინა თავისი ხალხი!

არჩილი  -  ეგეც კაი გველი ყოფილა, ვეჟო!

ქაქუცა  -  მერე რა მოხდა?

გაბრიელი  -  ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საშამ გიამბოთ.

კახაბერი  -  თუ საზღვარზე გულმა არ გაგიშვა, ახლა რაღად უწყობდი ხელს ამ მკვლელობას?

გაბრიელი  -  სამშობლოში მინდოდა წასვლა, იქაურობა მომენატრა. შემპირდნენ, გაპატიებთ, თუ ახლა მოგვეხმარებიო. წყნარ ადგილსაც შემპირდნენ.

ქაქუცა  -  საზღვარზე რომ ჩემთვის გესროლა, ვერც მაშინ გადარჩებოდი!

გაბრიელი  -  მაშინ უკვე აღარ შემეძლო თქვენი მოკვლა... ყველაფერი ბედისწერაა! ვერსად დაემალები, ბედი მაინც მოგაქცევს თავის საზღვრებში. თუ ადამიანი ამ საზღვრებს გადალახავს, ეს ბედთან ბრძოლას ნიშნავს.

 

ესეც მისი ბედია, მაგრამ გამონაკლისი. გამონაკლისი კი კანონს ადასტურებს და ერთ ასეთ მოდასტურედ მას ქაქუცა აურჩევია!

საშა  -  დაიცა, დაიცა, ეხლა კი დავიბენი!

ქაქუცა  -  შენ რა იცი, ჩემს ბედისწერას რომ ვებრძვი?

გაბრიელი  -  მე ყველაფერი ვიცი თქვენზე.

ქაქუცა  -  მაინც რა იცი?

გაბრიელი  -  ავსტრიის ფრონტზე ყუმბარის ნამსხვრევმა მარჯვენა ფილტვის თავი გაგიგლიჯა, ვერ უნდა გადარჩენილიყავი და მაინც გადარჩი! მერე დაჭრილმა თურქების ალყაში მოქცეული არწივის ბუდე, სარაყამიში შეინარჩუნე, ოქროს ხრმალი გიბოძა იმპერატორმა  -  არადა, ვერ უნდა შეგენარჩუნებინა! მესოპოტამიის უდაბნოს რეიდი შეასრულე შენი ესკადრონით და ინგლისელებს შეუერთდი  -  ვერც ეს უნდა გაგეკეთებინა! გაქცეულ ნოე ჟორდანიას უნდა გაჰყოლოდი  -  არ გაჰყევი! ოჯახისთვის უნდა მოგევლო, შენ კი ტყეში გახვედი და კომუნისტებს ებრძოლე სამი წელიწადი, უნდა დამარცხებულიყავი, დამარცხება კი სიკვდილს ნიშნავდა, მაგრამ ამ კატა - თაგვობანაში სულ შენ გამოდიოდი გამარჯვებული! ბოლოს ცოლ - შვილის დახვრეტით დაგემუქრნენ და სამშობლოს საზღვრებიც გადალახე,  -  არ უნდა გადაგელახა! ძალიან მინდა, ეს საზღვრები მეც გადავლახო... მორჩა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი...

კახაბერი  -  აქვს ტატოს ასეთი სტრიქონები  -  გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო...

არჩილი  -  გაოცებას ვარ...

ქაქუცა  -  რატომ, თავადო?

არჩილი  -  უცნაურად ილაპარაკა, არ მეგონა!

კახაბერი  -  ასეთ კაცს იმ თახსირებთან რა გინდოდა?

გაბრიელი  -  კაცი შემომაკვდა და იძულებული გამხადეს, მათთან მემსახურა...

არჩილი  -  მანმადე?

გაბრიელი  -  მანამდე ღვთის მეტყველებას ვსწავლობდი დავით გარეჯის მონასტერში...

 

(პაუზა).

 

ქაქუცა  -  რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? შენ რას იტყვი, საშა?

საშა  -  მე ვიტყოდი, რო... მოკლედ, აეგრე ვიტყოდი  -  სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა! ეს კაცი მტერია ჩვენი!

არჩილი  -  მე თუ მკითხავთ, ორმაგად არის დასახვრეტი! ამას იმათთან რა უნდოდა... თუ ვაჟკაცი ხარ, დუელი გავმართოთ და ჩვენი სიკვდილ - სიცოცხლე მაღლა ღმერთმა გადაწყვიტოს.

კახაბერი  -  მოიცა, თავადო! თავისი ბედის საზღვრისკენ მიდის ეს კაცი!.. ესეც არ იყოს, წლევანდელ აჯანყებაში ცოტა ქართველის სისხლი არ დაღვრილა, კიდევ მივამატოთ?

არჩილი  -  ამ თახსირებმა ძმა დამიხვრიტეს! საუკეთესო ქართველები გაწყდნენ ამათთან ბრძოლაში, მკვდრებით გაავსეს მთელი ქვეყანა, ჩვენც მოძმეთა მკვლელებად გვაქციეს და ცოცხალი როგორ დავტოვოთ?

ქაქუცა  -  იყუჩე, არჩილ! ძმა მეც დავკარგე... შენი ძმაც ჩემი მეგობარი იყო.

 

არც ის, არც ვანიჩკა ყარანგოზიშვილი, არც სიმონიკა ბაგრატიონ - მუხრანელი არ იყვნენ დაუნდობლები... შურისძიება გალაპარაკებთ და დიდსულოვნება დაგვიწყებიათ, ბატონებო!

საშა  -  კაცოუ, არ უნდა დაიხვრიტოს, როგორც მოღალატე? არ გამაგიჟოთ, ძაან ფილოსოფიურ აზრებს რო გაიძახის, იმიტომ დავინდოთ? ამის დედა რო ვატირე, ამისი!

ქაქუცა  -  მორჩი! (პაუზა). შენთვის კი სიცოცხლე მიჩუქნია, გაბრიელ ბერიაშვილო!

საშა  -  კარგი რა, კაცო, სამართალი აღარ არი? ადრე ერთი ბერბიჭაშვილი დავიჭირეთ, ილია ჭავჭავაძე მე მოვკალიო, ყველგან იკვეხნიდა და ისიც ასევე გავუშვით  -  რო გავიმარჯვებთ, მაშინ უნდა გაასამართლოს ქართველმა ხალხმაო. ახლა კიდე, ბოდიში მამიხდია ამ სიტყვებზე და, თავის მკვლელს ინდობს!

ქაქუცა  -  მოვამთავროთ მეთქი, ეს ლაპარაკი!.. შენ კი, გაბრიელ, ადექი და იმ პაშკოვის სახლისკენ გაგვიძეხი!

კახაბერი  -  აი, ვინ უნდა დაისაჯოს!

გაბრიელი  -  წასვლას აპირებდა რომში.

ქაქუცა  -  ვცადოთ, იქნებ ხელში ჩავიგდოთ!

არჩილი  -  აბა, გაგვიძეხ! ხო იცი სახლი, ვეჟო?

 

(ყველანი გადიან).

 

 

სურათი მეექვსე

 

(პორტის მიყრუებული მხარე. დგას კისერზე მარჯვენა ხელჩამობმული ყასაბი. წინ და უკან დადიან პედრე და კოჭლი სატანა).

 

კოჭლი სატანა  -  (თავზე შემოირტყამს ხოლმე ხელებს) დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო! გაგვასაღებს! სამივეს ერთად! ეს რა დაგვემართა! ოოხ, დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო!

პადრე  -  მაშ, ის ჩათლახიც წასულა და მოუყოლია?

ყასაბი  -  ყველაფერი!

კოჭლი სატანა  -  სად გიპოვეს?

ყასაბი  -  ხელი შემიხვია თუ არა ექიმმა, თავზე წამომადგნენ.

პადრე  -  ვინ და ვინ?

ყასაბი  -  დი მაჯიო, დარდიანი კობრა და ჯოვანი-დანა!

პადრე  -  მოსაკლავი ვარ, აბა, რა ვარ! საკუთარი ხელით მაქვს გამოსაჭრელი ყელი! საყვარელი მაინც არ იყოს ჩემი!

ყასაბი  -  თვით პადრემ მიბრძანა ყველაფრის მოყოლაო, ასე მიჩურჩულა.

კოჭლი სატანა  -  მართლა, გვიდო?

პადრე  -  არა, რას ამბობ, მაგის კახპა...

 

რად მინდოდა, რაში მჭირდებოდა, ქალი დაილია მესინაში? დაილია და პალერმოდან ჩამოვიყვანდი... შენც სულ ტყუილად უთვალთვალებ, ანჯელო, ხომ ხედავ, რაც არის!

ყასაბი  -  არაფერსაც არ ვუთვალთვალებ!

პადრე  -  მოვა ახლა და...

კოჭლი სატანა  -  (თავზე შემოირტყამს ხელებს) დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო!

პადრე  -  რა ვუპასუხოთ, როგორ მოვიქცეთ, აღარ ვიცი.

 

ერთმა ცინგლიანმა ველურმა ცხვირწინ აგვაცალა ამხელა ფული, ფული ჯანდაბას, ყველაფერი ჩვენი პირით გვათქმევინა! არა, ამას დიდი დი მაჯიო არავის არ აპატიებს, არავის!

კოჭლი სატანა  -  (თავში წაიშენს) დი მაჯიო! დი მაჯიო! ოოხ, დი მაჯიო! დი მაჯიო! დი მაჯიო!

ყასაბი  -  კარგი, მოკეტე! მოკეტე, თორემ ამ ჯავრიან გულზე იმათ მაგიერ შენ გამოგფატრავ! (მარცხენა ხელით ამოიღებს დანას).

პადრე  -  დანა შეინახე, შე ბატო!

ყასაბი  -  (დანას დამალავს) ბატი საგინებელი სულაც არ არის, რომი ბატებმა გადაარჩინეს.

პადრე  -  მერე ის ბატები შამფურზე ააგეს და შეჭამეს, შე ბრიყვო! (პაუზა).

მოდით, ვილოცოთ! სხვა არაფერი არ გვიშველის! (გვერდი - გვერდ დგებიან და "მამაო ჩვენოს" იწყებენ. ყასაბს რამდენჯერმე შეეშლება და პადრე წაუთაქებს).

ყველანი  -

 

პატერ ნოსტერ, კვი ეს იმ ცელის.

სანკტიფიციტურ ნომენ ტუუმ;

ადვენიატ რეგნუმ ტუუმ,

ფიატ ვოლუნტას ტუა,

სიკუტ ინ ცელო ეტ ინ ტერრა.

პანემ ნოსტრუმ კოდიტიანუმ და ნობის ჰოდიე,

ეტ დიმიტე ნობის დებიტა ნოსტრა,

სიკუტ ეტ ნოს დიბიტტიმუს დებიტორიბუს ნოსტრის;

ეტ სე ნოს ინდუკტას ინ ტენტაციონენ,

სედ ლიბრა ნოს ამალო. ამენ.

(პირჯვარს იწერენ).

 

(შემოდის დონ ჯოტო დი მაჯიო, უკან მოჰყვებიან კობრა და პირადი მცველი, ჯოვანი-დანა, რომელსაც მოკეცილი სავარძელი უჭირავს, გვერდი - გვერდ მდგარი მაფიოზების წინ გაშლის და უკანიდან თვითონ დაუდგება).

 

დი მაჯიო  -  ილოცეთ, ილოცეთ, იდიოტებო, იქნებ ამან მაინც გადაგარჩინოთ! (სავარძელში ჩაჯდება, პადრე დაიხრება, ხელზე უპირებს მთხვევას. დი მაჯიო მუშტს ამოარტყამს მუცელში). ისევ იქ დადექი! (მუცელზე ხელებმოჭერილი პადრე თავის ადგილზე დგება).

 

რა ვქნა ახლა, ისევ ეკლესიაში ხომ არ დაგაბრუნო, საუკეთესო გეგმების შემდგენი ვარო, რომ გაიძახი? იქნებ  -  ისევ მეზღვაურად გამეშვი, ყასაბო, თუ კიდევ მიგიღებენ მაგ ხელით! ან შენ,  -  კოჭლო სატანა, ისევ ხომ არ იჯიბგირებდი მატარებელში? წამოგიყვანეთ, კაცებად გაქციეთ და ასე დამიფასეთ, არა? ჯერ ერთი, ის ქუდები რა უყავით? კავკასიელი ჯიგიტების ქუდები?

პადრე  -  აგერ გვაქვს! (ჯოვანი-დანას გარდა ბოხოხებს იხურავენ).

დი მაჯიო  -  ასე ასრულებთ არა ჩემს მითითებებს?! ოხ, თქვენი დედა, აქვე უნდა გამესაღებინეთ სამივენი, ამ გულს რა ვუყო, თორემ... (ადგება, გარშემო უვლის მაფიოზებს, რომლებიც მის მხარეს შებრუნდებიან ხოლმე). როგორ გაჯობათ იმ ერთმა ველურმა? ჰა? მაგრები ყოფილან!

ყასაბი  -  კარგად მუშაობენ თურმე კომუნისტები, სენიორ!

დი მაჯიო  -  ხმა ჩაიკმინდე!.. მაგნაირი ხალხი რომ მყავდეს, აქამდე ხელში მეჭირებოდა მთელი სიცილია! (ყასაბს). შე იდიოტო, თავი როგორ დააჭრევინე, რა გულჩვილობა მოგეძალა? არადა, ფრანჩესკოლის საქმე ისე კარგად მოაკვარახჭინე, დაწინაურებას გიპირებდი!

ყასაბი  -  ვინც დამჭრა, იმას ვურტყამდი! აბა, რა მექნა, ბიძაჩემმა მითხრა, ცოცხლად გვჭირდებაო! იმ დროს ის ულვაშიანიც დაგვადგა თავზე!

დი მაჯიო  -  დარაჯი არ გეყენათ?

კოჭლი სატანა  -  მე ვიყავი, სენიორ, მაგრამ იმ პირველს კეტი ჩავარტყი, იარაღით დაადგა...

დი მაჯიო  -  ვიცი, ვიცი!

კოჭლი სატანა  -  საშიში ხალხი ჩანს, ეგენი უკან არაფერზე დაიხევენ!

დი მაჯიო  -  აბა, მე დავიხიო უკან?

პადრე  -  მაგათ პირი გატეხეს, სენიორ!

დი მაჯიო  -  მაინც უნდა გეჯობნათ! თავი სადღა გამოვყო, ვიღაც გადამთიელებმა ცხვირწინ დადებული ორმოცდაათი ამწაპნეს მეთქი! როგორ გგონიათ, კორლეონე ჩვენთან დაიჭერს საქმეს? ოოხ! მოიტა, ჯოვანი იარაღი, ბარემ დავცხრილავ სამივეს და მეც დავისვენებ და ესენიც! (ჯოვანი-დანა იარაღს გაუწვდის). თუმცა მოიცა! შეინახე! (ჯოვანი-დანა იარაღს ინახავს). რომელი გემით მოვიდნენ?

პადრე  -  "პოსეიდონით".

დი მაჯიო  -  ეგ რომელია?

ყასაბი  -  სტამბოლი - მარსელი, სენიორ, ბერძნული გემი, შესაკეთებლად დგას...

დი მაჯიო  -  დიდხანს იდგება?

ყასაბი  -  ორი - სამი დღე კიდევ უნდა, სამანქანო განყოფილება ჰქონიათ დაზიანებული.

დი მაჯიო  -  ნამდვილად იცი?

ყასაბი  -  ჩემი მეგობარი მუშაობს შეკეთებაზე.

დი მაჯიო  -  დრო კიდევ გვქონია! ძალიან კარგი! ახლა მითხარით, იმ რუსი კომუნისტის სახლი რომელმა იცის, ვინ მივაგზავნე ამ საქმეზე?

ყასაბი  -  მე ვიყავი.

დი მაჯიო  -  თვითონ იმას რომ მოეტანა ფული, ხელში გვეყოლებოდა...

ყასაბი  -  იმ ველურმა, რომში უნდა წასულიყოო,  -  ასე თქვა.

დი მაჯიო  -  მერედა ვერ შეამოწმე? შეცდომას შეცდომაზე უშვებ და იცოდე, მესამედ აღარ გაპატიებ!

კოჭლი სატანა  -  ჯერ გამოუცდელია, კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს!

დი მაჯიო  -  ჰო, ჰო, ხელი დააფარეთ და რა ბაიყუშიც გამოგივათ, მაგასაც ვნახავთ! აბა, ყასაბო, იმ რუსი ღორის სახლისკენ გაგვიძეხი! ხომ იცი მისამართი?

ყასაბი  -  ვია რეჯო, ნომერი ოთხი!

დი მაჯიო  -  მაგის ჯავრს მაინც ვიყრი და სამ იმდენს წავართმევ! (გადიან).

 

 

სურათი მეშვიდე

 

(ვია რეჯო.

 

სახლი, რომელსაც ნომერი ოთხი აწერია. შემოდიან ემიგრანტები).

 

ქაქუცა  -  (იარაღს მოიმარჯვებს) ალყა შემოარტყით! (სახლის გარშემო დგებიან საშა, არჩილი და კახაბერი). შენ კი, გაბრიელ, შიგნით შემიძეხ! (ქაქუცა და გაბრიელი შედიან სახლში. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამოდიან).

გაბრიელი  -  ხომ ვთქვი, რომში აპირებდა წასვლას.

საშა  -  გაქცეულა არა, მაგის დედა რო ავატირე?!

ქაქუცა  -  გაქცეულა!

კახაბერი  -  თუ ამ უბედურის მოკვლის ბრძანება არ მიუღია, მესინაში აღარ იქნება!

არჩილი  -  კომუნისტებს რაში აწყობთ გაბრიელის მოკვლა?

კახაბერი  -  დავალება არ შეასრულა და როგორ გგონიათ, თავზე გადაუსვამენ ხელს?

საშა  -  აბა, წყნარ ადგილს მპირდება სერგო ორჯონიკიძეო?

არჩილი  -  განა არ იცით, რომ ყველაზე წყნარი ადგილი სასაფლაოა?

კახაბერი  -  რა თქმა უნდა, ეს სატყუარაა. წყნარი ადგილი კი არა, ჩასვლისთანავე ადრინდელ მკვლელობასაც გაუხსენებდნენ და დახვრეტდნენ!

საშა  -  ერთი მეც მითხარი, ვინ შემოგაკვდა, გაბრიელ?

გაბრიელი  -  კომისარი!

საშა  -  ვახ! მაგათი კაცი? ბოდიში მამითხოვია შენთან და, რაზე?

გაბრიელი  -  დავით გარეჯში მარიამ ღვთისმშობლის მოოქროვილ, თვალ - მარგალიტით შემკულ ხატს იპარავდა!

საშა  -  კაი გიქნია, მე და ჩემმა ღმერთმა! ქვა ჩაარტყი?

გაბრიელი  -  არა, თავისივე რევოლვერი დავახალე!

არჩილი  -  (შეაჩერებს) მოიცათ, ვიღაც მოდის!

კახაბერი  -  ბევრნი არიან!

ქაქუცა  -  ბატონებო, თუ პოლიციაა, მაგათთან შეტაკება ხელს არ გვაძლევს!

კახაბერი  -  ჩუმად უნდა გავეცალოთ, იარაღი რომ არ გვიპოვონ!

არჩილი  -  ალბათ იმ პაშკოვს უთვალთვალებენ!

გაბრიელი  -  ამ სახლს მეორე მხრიდან აქვს გასასვლელი!

ქაქუცა  -  სახლში შევიდეთ! (იმალებიან).

დი მაჯიო  -  მაშ, ასე... წინა სახლი ორი ნომერი იყო, ეს ოთხი იქნება!

პადრე  -  დიახ, ესაა.

ყასაბი  -  აი, აქ მომიყვანა მიქელე ფერარიმ.

დი მაჯიო  -  შედი ყასაბო და ის რუსი ღორი გარეთ გამომითრიე, თუ დაგხვდა.

 

ჩვენ კი გარეთ ჩავუდარაჯდებით, რომ არ გაიპაროს.

 

ხომ არ გეშინია?!

ყასაბი  -  არა, რას ბრძანებთ, სენიორ! (შედის სახლში, საიდანაც მოისმის რაღაც ხმაური და მალე გამოდის ხელებაწეული ყასაბი, უკან ქართველი ემიგრანტები მოჰყვებიან, ყველას იარაღი აქვს მომარჯვებული).

კოჭლი სატანა  -  კავკასიელი ჯიგიტები!

კობრა  -  ისინი არიან.

პადრე  -  ვიფრთხილოთ! (წინ აეფარება დი მაჯიოს, მასვე მობაძავენ კოჭლი სატანა  -  და ჯოვანი-დანა).

დი მაჯიო  -  ჩვენ ნუ დავიწყებთ სროლას!

პადრე  -  გასაგებია!

კოჭლი სატანა  -  (ჩურჩულით) ვენდეტა მაგათაც სცოდნიათ!

დი მაჯიო  -  წყნარად! ახლა ჩვენ დიპლომატიურ სვლას გავაკეთებთ!

პადრე  -  როგორ, სენიორ?

დი მაჯიო  -  ის ქუდები დაიხურეთ! (მაფიოზები ბოხოხებს იხურავენ).

არჩილი  -  ჩვენი ქუდები!

საშა  -  ვესროლო, თავადო?

ქაქუცა  -  უჩემოდ არ ისროლოს არავინ!

საშა  -  სწორედ ესენი გიპირებდნენ მოკვლას! ასე არაა, გაბრიელ?

გაბრიელი  -  კი, ისინი არიან! უკან რომ დაგვიმალეს, მაგათი მეთაურია!

კოჭლი სატანა  -  დონ ჯოტო, აი, ამ ულვაშიანმა წაგვართვა ფული! იმ უიარაღომ კი მანმადე მოგვიტანა!

დი მაჯიო  -  შენ მოკეტე! შენ კი უთარგმნე, კობრა! საღამო მშვიდობისა, სენიორებო!

კობრა  -  საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ქალაქის მაფიას შეფი გესალმებათ!

საშა  -  აეგ ის მოლდაველი ბოშაა...

ქაქუცა  -  უთარგმნე, კახაბერ! გაგიმარჯოთ, ჩემო ბატონო!

(კახაბერი თარგმნის).

დი მაჯიო  -  (წინ აფარებულ მაფიოზებს გასწევს ხელებით) სენიორებო, იმედი მაქვს, აქ სროლა არ დაიწყება! ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი!

 

(კობრა თარგმნის).

 

ქაქუცა  -  მეც ასე მგონია, ბატონო!

დი მაჯიო  -  თქვენში გრაფი რომელია, სენიორებო?

კახაბერი  -  აქ სამი გრაფი ვართ, თქვენ რომელი გნებავთ?

დი მაჯიო  -  თქვენი ხელმძღვანელი.

ქაქუცა  -  მე გახლავართ, ბატონო!

დი მაჯიო  -  სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!

ქაქუცა  -  ჩემთვისაც!

დი მაჯიო  -  გთხოვთ, ერთდროულად შევინახოთ იარაღი! პოლიცია რომ გამოჩნდეს, უსიამოვნებაში გავეხვევით!

ქაქუცა  -  სიამოვნებით!

 

(ორივე მხარე ინახავს იარაღს. ყასაბი ხელებს დაუშვებს და თავისიანებისაკენ აპირებს გაქცევას).

 

დი მაჯიო  -  შენ ჯერ მანდ იდექი, ბრიყვო! (ყასაბი კვლავ ხელებს ასწევს). გრაფო, ეგებ ეს ყმაწვილი გამოგეშვათ ჩვენსკენ, შიშისაგან გული კოჭებში გაეპარა ალბათ!

ქაქუცა  -  წაბრძანდით, ბატონო.

 

(ყასაბი კვლავ ხელებაწეული დგას).

 

დი მაჯიო  -  დაყრუვდა ეს შობელძაღლი?!

პადრე  -  წამოდი, ბიჭო!

ყასაბი  -  (მაფიოზებისკენ გადადის, პადრეს ამოეფარება) გადავრჩი, ბიძავ!

პადრე  -  მოკეტე!

დი მაჯიო  -  გმადლობთ ნდობისათვის, გრაფ!

ქაქუცა  -  არაფერს, ბატონო!

დი მაჯიო  -  მეც ნდობით გიპასუხებთ! მინდა მოგელაპარაკოთ, სენიორ, ოღონდ სანაპირო ბულვარზე გავიდეთ, იქ ბევრი მიყრუებული ადგილია!

ქაქუცა  -  გავიდეთ, ბატონო!

 

(ცალ - ცალკე  -  ორ ჯგუფად, ერთმანეთის თვალთვალით გადიან ბულვარის მხარეს).

 

დი მაჯიო  -  რაკი მოვშორდით იმ საშიშ უბანს, თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქალაქში!

ქაქუცა  -  გმადლობთ.

დი მაჯიო  -  აი, კობრა, სენიორა პასკუალამ მიამბო თქვენს ზნე - ჩვეულებებზე და გამოგიტყდებით ძალზე დიდი სიმპათიით განვიმსჭვალე! ქუდებიც კი შევიძინეთ... (პაუზა). არც იმას დაგიმალავთ, რომ ის კომუნისტი ორმოცდაათი ათასს გვაძლევდა თქვენს მოკვლაში. რა ვიცოდი, რომ ისინი თქვენისთანა ღირსეული კაცის სიკვდილს მოითხოვდნენ და კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინეთ! ღმერთმა დაგვიფარა, გრაფ! (პირჯვარს იწერს).

 

ისე თქვენ ქრისტიანები ხართ?

კახაბერი  -  დიახ, გახლავართ!

დი მაჯიო  -  საიამოვნოა!.. ახლა ჩვენ იმ საგანგებო რწმუნებულის სანახავად მოვედით, ალბათ თქვენც ეს მიზანი გამოძრავებდათ... მერწმუნეთ, სულაც არ მინდა თქვენი სისხლი დავღვარო, მით უმეტეს დღეს. მაქვს ამის საფუძველი და არ ვისურვებდი, რაიმე ექსცესი მომხდარიყო ჩვენს შორის.

ქაქუცა  -  მოხარული ვიქნები, ბატონო, თუ მშვიდობიანად დავშორდებით ერთმანეთს!

დი მაჯიო  -  ბოლოს და ბოლოს სამართლიანობამ იზეიმა  -  თქვენი მოსაკლავი ფული ახლა თქვენს ხელშია! ჩვენ ამ საქმიდან ხელი დაგვიბანია! მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ იმ... (გინება მოადგება ენაზე, თავს იკავებს) იმ... პაშკოვს ვერ გავუსწორე ანგარიში!

კახაბერი  -  თქვენ ალბათ არც რომში გაგიჭირდებათ მისი მოძებნა!

დი მაჯიო  -  (ღიმილით) ვეცდებით, სენიორ!

ქაქუცა  -  მაშ, მშვიდობით, ბატონებო!

დი მაჯიო  -  ერთი წუთით მოიცადეთ, გრაფ!

ქაქუცა  -  გისმენთ, ბატონო!

დი მაჯიო  -  ამ ქალაქს ჩემი ხალხი აკონტროლებს და სანამ აქ იმყოფებით, უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ.

ქაქუცა  -  კვლავ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენ არავის დაცვას არ ვსაჭიროებთ!

დი მაჯიო  -  კეთილი, კეთილი... და კიდევ ერთი საჩოთირო საკითხი.

ქაქუცა  -  ბრძანეთ.

დი მაჯიო  -  მაგ ფულის დაკარგვით ჩვენი პრესტიჟი გარკვეულწილად შელახულია და ეს ახლავე უნდა გამოსწორდეს! გთხოვთ, თქვენიანები ნუ იხმარენ იარაღს!

ქაქუცა  -  რას აპირებთ, ხომ ვერ ამიხსნით?

დი მაჯიო  -  ვის ევალა იმ კომუნისტის საქმე?

ყასაბი  -  მე, სენიორ!

დი მაჯიო  -  მაშ, მკვდრის ლოცვა თქვი!

(ყასაბი ელდისაგან გაქვავდება).

პადრე  -  შეიბრალეთ, სენიორ!

კოჭლი სატანა  -  ნუ მოკლავთ, ჯერ გამოუცდელია!

ქაქუცა  -  მომისმინეთ, ბატონო...

(დი მაჯიო სწრაფად ამოიღებს რევოლვერს და ყასაბს რამდენიმე ტყვიას დაახლის მუცელში, რომელიც ძირს დაეცემა და იკრუნჩხება).

პადრე  -  (მივარდება) ანჯელო! ანჯელო! (ყასაბი კვდება).

დი მაჯიო  -  (იარაღს შეინახავს) სამწუხაროა, მაგრამ რას იზამთ, ასეთია ჩვენი მკაცრი კანონი! მშვიდობით, გრაფ! (თავისიანებს).

 

ეს წამოიღეთ! (გადის. ჯოვანი-დანა და კოჭლი სატანა  -  აიღებენ ყასაბის გვამს და მიყვებიან. გადიან კობრა და პადრეც).

კახაბერი  -  ესეც მაფია, ცნობილი სიცილიური მაფია!

ქაქუცა  -  თავზე ხელაღებული ხალხი ყოფილა!

არჩილი  -  (ირიბად გახედავს გაბრიელს) ხედავთ, როგორ დახვრიტა დამნაშავე?

საშა  -  ჩვენ კი ამ ჩეკისტს თავზე ხელს ვუსვამთ! ავიღოთ და მივაძაღლოთ, აქ ამის დედა ვატირე, სტამბოლში კიდე კოტე გვარჯალაძისა! (იარაღს წაეტანება).

ქაქუცა  -  რევოლვერს მოეშვი!.. ვინც ამ კაცს ხელს დააკარებს, პირადად ჩემთან ექნება საქმე! და საერთოდ, შეწყდეს ამაზე ლაპარაკი მეთქი, უკვე გითხარით! (პაუზა). ამ ჩემი მოსაკლავი ფულით კი რესტორანში გეპატიჟებით, ბატონებო!

საშა  -  (გაბრიელზე უთითებს) ამასაც, თავადო?

ქაქუცა  -  ამასაც!

არჩილი  -  ანდრონიკაშვილი ჩოლოყაშვილს რაში ჩამორჩენია, მხოლოდ ნიკოლოზის ჟამს ერთი ჩინით გამასწარი!

კახაბერი  -  ახლაც ერთი ჩინით გაგასწროთ, თავადო!

არჩილი  -  როგორ?

კახაბერი  -  თავისი მკვლელი დაინდო!

ქაქუცა  -  (უკმაყოფილოდ) გვეყო ამაზე ლაპარაკი!

არჩილი  -  მაშ, წავიდეთ, ერთი ჩვენებურად წავიქეიფოთ!

საშა  -  წავიდეთ, კაცო, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი! (კმაყოფილი ულვაშებს იგრეხს).

ქაქუცა  -  მაშინ, აქეთ მობრძანდით, ბატონებო!

არჩილი  -  თავადო, მატნის მამულებში ხომ არ გგონიათ თავი, მაქეთ საით გვეპატიჟებით?

ქაქუცა  -  ოტელი შევნიშნე იმ მოედანზე!

კახაბერი  -  სწორი ბრძანებაა.

საშა  -  მერედა ოტელი რა ბედენაა?

კახაბერი  -  ყოველ ოტელს რესტორანიც აქვს! წამობრძანდით, ბატონებო! (ჯოხის კაკუნით გაუძღვება ყველას).

 

 

 

 

მეორე მოქმედება

 

სურათი მერვე

 

(სანაპირო ბულვარი.

 

შემოდის დი მაჯიო. მოჰყვებიან ჯოვანი-დანა და კოჭლი სატანა, მოაქვთ ყასაბის გვამი.

 

მათ მოჰყვებიან კობრა და პადრე).

 

დი მაჯიო  -  აქ დაასვენეთ! (დაასვენებენ. პაუზა. აქვითინდება). ქუდები მოიხადეთ, სენიორებო, ჩვენ უდიდესი ადამიანი დავკარგეთ!

კოჭლი სატანა  -  (დაბნეული მოიხდის ბოხოხს) უდიდესი?

დი მაჯიო  -  დიახ, რამ გაგაკვირვათ? ჩვენ დღეს უდიდესი ადამიანი დავკარგეთ! უფრო მეტიც, ჩვენ მესინის მაფიის სულსა და გულს ვეთხოვებით! უფრო სწორად, მსხვერპლად შევწირეთ, მაგრამ მოგეხსენებათ, უმსხვერპლოდ ჩვენი საქმე ვერ იარსებებს! ჩვენი საქმე კი მარადიულია! ასე არაა, პადრე?

პადრე  -  ჩვენ ყველანი აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია მუდამ იქნება!

დი მაჯიო  -  სწორი ბრძანებაა! (პადრეს). მაფია მარადიულია და ამ საქმეზე დამდგარი კაცი სიცოცხლით თუ სიკვდილით მაფიას დიად საქმეს უნდა ემსახუროს, მისთვის უნდა გაიღოს უკანასკნელი ამოსუნთქვაც კი... ასე არაა, პადრე?

პადრე  -  ასეა.

დი მაჯიო  -  ეჰ, ჩემო პადრე, დავკარგეთ საუკეთესო გამფორმებელი... გახსოვთ ალბათ, რა დიდებულად გააფორმა მამა - შვილი ფრანჩესკოლები  -  ეს ნამდვილი ხელოვნება იყო! და დიდი ხნის განმავლობაში ასეთ კაცს ვეღარ ვიპოვით...

 

აი, რა დიდია ჩვენი მწუხარება! ასე არაა, პადრე?

პადრე  -  ასეა.

დი მაჯიო  -  ჰოდა, ნუ დაამადლი, მიცვალებულის ლოცვა უთხარი!

პადრე  -

 

რეკვიემი ეტერნამ დონა ეი,

დომინე,

ეტ ლიუკს პერპეტუა ლუცეატ ეი.

ამენ!

 

ყველანი  -  ამენ! (პირჯვარს იწერენ).

დი მაჯიო  -  სენიორებო, თქვენ რას იტყვით, ერთი "ავე მარიაც" ხომ არ შევაწიოთ?

კოჭლი სატანა  -  სწორი ბრძანებაა!

დი მაჯიო  -  აბა, მიდი, გვიდო!

პადრე  -

 

ავე მარია, გრაცია პლენა, დომინუს ტეკუმ

ბენედიკტა ტუ ინ მულიე რიბუს,

ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს...…(პაუზა).

ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს... (პაუზა).

ეტ ბენედიკტუს ფრუკტუს... ფრუკტუს... ფრუკტუს...

 

კობრა  -  ვეღარ იგონებს!

დი მაჯიო  -  არა უშავს! ამენ! (პირჯვარს იწერს).

ყველანი  -  ამენ!

დი მაჯიო  -  გსმენიათ, როდისმე პადრეს ლოცვა დავიწყებოდა?!

კოჭლი სატანა  -  არა, სენიორ!

დი მაჯიო  -  ისე დიდია ჩვენი მწუხარება, ლოცვაც კი გვავიწყდება! (პაუზა. სიგარას ამოიღებს, თავს მოაკვნეტს. ჯოვანი-დანა მოუკიდებს, ჩაფიქრებული ეწევა). ისე შენც ძალიან ნუ იდარდებ, გვიდო!

პადრე  -  რატომ, სენიორ: ძმისწული იყო ჩემი!

დი მაჯიო  -  მართალია!..

 

(პაუზა). გარდაცვლილზე მხოლოდ კარგს ამბობენ ან სულ არაფერს, მაგრამ ძალიან ცუდად ეარშიყებოდა ამ ჩვენს პასკუალას! ხოლო პასკუალა ვის ეკუთვნის, მთელმა მესინამ კარგად უწყის!

პადრე  -  ვფიქრობდი, გამოუცდელობით მოსდიოდა!

დი მაჯიო  -  ძალიან ბევრი რამ დააშავა თავისი გამოუცდელობით! (პაუზა). ოცდაათი ყუთიდან თითო - თითო პარკი მოუპრია, მაგის ბინაში აღმოვაჩინეთ! წარმოგიდგენია, თვით კორლეონესთან გვარცხვენდა!

პადრე  -  ო, ეს მეტისმეტია!

დი მაჯიო  -  ერთი პარკი ვერ ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, შენ გექნება, პასკუალა!

კობრა  -  დიახ, მე მომცა!

დი მაჯიო  -  იმედი მაქვს, შენ არ ურევიხარ ამ ქურდობაში!

კობრა  -  მაგას როგორ გავბედავდი!

დი მაჯიო  -  გამიგე, გვიდო? აი, როგორ კაცთან გვქონდა საქმე! შეიძლებოდა მაგისი ნდობა?

პადრე  -  სამწუხაროა. ჩემი რეკომენდაციით მივიღეთ და რა უბრალოდ წააგო თავი!

 

(პაუზა).

 

დი მაჯიო  -  არც იმ კავკასიელ ველურებს შერჩებათ დღევანდელი თავხედობა და არც ის ფული! ბერძნების გემი რამდენიმე დღე კიდევ იდგება პორტში. უფასოდ გავაკეთებ კომუნისტების საქმეს! ეს ვინ ყოფილან, მაგათი დედა, სადაც დაჭირდებათ, პირს იქ გატეხენ! ეგ არაფერი! სალუტ!

ყველანი  -  სალუტ!

დი მაჯიო  -  ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია მაინც იქნება!

ყველანი  -  მაფია უკვდავია.

დი მაჯიო  -  ახლა ყურადღებით მისმინეთ! ამაღამ ვამთავრებთ ოპერაცია "პარიზს!" იმ ველურებს კი ხვალიდან მოვუვლით! (პაუზა). ეჰ, მაინც მებრალება ეს უბედური! ეჰ, ანჯელო, ახლა ბოლო სამსახური უნდა გაგვიწიო... ჯოვანი-დანა, აქ მოდი!

ჯოვანი-დანა  -  გისმენთ, დონ ჯოტო!

დი მაჯიო  -  ამის მაგიერ დღეიდან შენ ხარ გამფორმებელი...

 

დანა აიღე და ხელები დააჭერი. თქვენ კი ოტელ "პარიზის" მახლობლად დადებთ, გულზე დააწყობთ მოჭრილ ხელებს, შემდეგ კი რესტორანში დაჯდებით და კონტროლს გაუწევთ მოვლენათა მსვლელობას! პადრე გიხელმძღვანელებთ! ის სურათები ჩამოახსნევინეთ ანრიეტა სარდუს! არავითარი შემოქმედებითი მიდგომა! გასაგებია?

პადრე  -  გასაგებია!

დი მაჯიო  -  ახლა კი წავედი! თორმეტ საათამდე, სენიორებო! (გასაშლელ სავარძელს თვითონ დაკეცავს, დაიჭერს). დღეიდან ამას სხვა ატარებს! (გადის).

ჯოვანი-დანა  -  (დანას მოიმარჯვებს და გვამისკენ წავა) საქმეს მივხედავ!

პადრე  -  მოიცა, ჯოვანი!

ჯოვანი-დანა  -  რა მოხდა, სენიორ?

პადრე  -  თუ კაცი ხარ, მე მაინც ნუღარ მაყურებინებ! ჩემი ძმისწული იყო!

ჯოვანი-დანა  -  აბა, რა ვქნათ?

კოჭლი სატანა  -  სხვაგან წაიღეთ და იქ მიხედე! (ასწევენ გვამს, გააქვთ).

პადრე  -  (დააწევს) რესტორანში დაგვიცადეთ, ლუკა! მალე მოვალთ მე და პასკუალა!

კოჭლი სატანა  -  არ იდარდო, ყველაფერი ო, კეი იქნება!

(პაუზა. პადრე ჩამოჯდება, თავს ჩაღუნავს. კობრა თავზე ხელს გადაუსვამს).

კობრა  -  კარგი, გეყოფა, გვიდო. ასწიე თავი... მიიღე საკუთარ ბანაკს ჩამორჩენილი საბრალო ბოშა!

პადრე  -  შენი ოპიუმის გულისათვის ანჯელო მომიკლა იმ გველმა!

კობრა  -  მერე მასთან რამ შეგანახინა?

პადრე  -  ვიცოდი, ჩემთან მოვიდოდნენ და დროებით იმ უბედურთან მივიტანე! თვითონაც არ იცოდა!

კობრა  -  რას იზამ, ბოლოს ყველა იქ წავალთ, სადაც ახლა ანჯელოა.

პადრე  -  ყველა წავალთ, მაგრამ ჩვენზე ბევრად ადრე ის ქვემძრომი წავა! აბა, წადი და ესეც ჩაახარე!

კობრა  -  რომ არ მეთქვა, უარესი იქნებოდა!

პადრე  -  ანჯელოს მოკვლას მაინც არავის ვაპატიებ, არავის! (ადგება).

 

წავიდეთ!

 

 

სურათი მეცხრე

 

(მოჩანს მოციმციმე ელექტრორეკლამა  -  HOTEL "PARIS". შესასვლელში დგანან ლურჯფორმიანი ფრფანსუა და ანრიეტა სარდუ. შიგნით, რესტორანში, რომლის ერთ კედელზეც შავჩარჩოიანი ორი სურათი ჰკიდია  -  მამაკაცის და ბიჭის,  -  დგას მაგიდები. ერთ მხარეს პატარა სცენაა მოწყობილი, სადაც კორდებალეტის მოცეკვავენი გამოდიან. იქვეა ორკესტრი, უკრავენ იმდროინდელ მელოდიებს: "ფოქსტროტს", "ჩარლსტონს", "ბოსტონს", "ტანგოს" და სხვა).

 

ანრიეტა  -  (ნერვიულად) ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!

ფრანსუა  -  როგორც დაგპირდა, სწორედ ისეა მოკლული... საშინელი კაცია, საშინელი, მადამ!

ანრიეტა  -  რას ამბობენ, ვინ არისო?

ფრანსუა  -  ყასაბს ეძახდნენ, თვით პადრეს ძმის შვილიაო.

ანრიეტა  -  პადრე ვინაა?

ფრანსუა  -  მეორე კაცია დი მაჯიოს შემდეგ!

ანრიეტა  -  ახლა ეგენი ერთმანეთს დაერევიან!

ფრანსუა  -  არა მგონია! ამბობენ, ბიძამისმა მოკლა, საყვარელს ართმევდაო.

ანრიეტა  -  ვინაა მისი საყვარელი?

ფრანსუა  -  ერთი ბოშა ქალია, პასკუალა.

 

კობრასაც ეძახიან.

ანრიეტა  -  ნუთუ მართლა ამ ყასაბმა მოკლა ჩემი ქმარ - შვილიც?

ფრანსუა  -  ალბათ, ასეა, შვილო!

ანრიეტა  -  მე შენი შვილი არა ვარ - მეთქი!

ფრანსუა  -  მაგრამ შვილივით გამიზრდიხარ.

ანრიეტა  -  აგერ კუბოც მოიტანეს.

 

ახლა წაიღებენ... ო, ღმერთო, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

ფრანსუა  -  ნუ გეშინია, დედაშენის ცხონებას, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ!

ანრიეტა  -  ნეტავი შენ რაღა შეგიძლია! აქ დაჯექი და საქმეს მიხედე! (შედის რესტორანში).

(ფრანსუა შეაჩერებს შემოსულ ქართველებს და რაღაცას ამბობს გაურკვევლად).

კახაბერი  -  რა ბრძანეთ?

ფრანსუა  -  ასე შეიარაღებულებს ვერ შეგიშვებთ!

კახაბერი  -  სად გვაქვს იარაღი?

ფრანსუა  -  აბა, კაბებზე ეს რა ხანჯლები გკიდიათ?

კახაბერი  -  ხანჯლები ეროვნული კოსტიუმის ატრიბუტია!

არჩილი  -  გვერწმუნეთ, აქ არავინ გვყავს მოსაკლავი! (ფულს უდებს ჯიბეში).

ფრანსუა  -  მაშ, იარაღი რატომ გაქვთ? (ფულს უკან უბრუნებს არჩილს).

არჩილი  -  ამ ხანჯლებით ნახევარი ქვეყანა გამოვიარეთ და თქვენი რესტორანი რა გახდა ასეთი?

კახაბერი  -  დაწყნარდით, არჩილ, მოლაპარაკება სჯობია.

ქაქუცა  -  შეგვიშვი ძმობილო, არაფერს დავაშავებთ!

ფრანსუა  -  ერთი ხანჯალი რომ მოგეცათ, კიდევ შეიძლებოდა თვალების დახუჭვა!

არჩილი  -  ერთი შეხედეთ, აქეთაც ჰყოლიათ მექრთამეები! (საყელოში ჩასჭიდებს ხელებს, ზემოთ ასწევს). ახლა ავდგები და აქედან პირდაპირ ზღვაში გისვრი, შე ლოკოკინავ!

ფრანსუა  -  (აყვირდება) თავი დამანებეთ! მიშველეთ! მიშველეთ!

(რესტორნიდან გამოდიან ოფიციანტები, წინ მოუძღვით ანრიეტა სარდუ).

ანრიეტა  -  (მკაცრად) რა ამბავია, ფრანსუა?

ფრანსუა  -  დამსვას და ვიტყვი! (არჩილი დასვამს) ამ... ამ ხანჯლებიან გადამთიელებს რესტორანში ნებავთ შემოსვლა, მადამ! უფლებას არ ვაძლევ და მაპატიეთ გამოთქმაზე, ზღვაში გისვრითო, მემუქრებიან! თითქოს დი მაჯიოს ხალხი იყოს!

ანრიეტა  -  (შეათვალიერებს ემიგრანტებს. კახაბერს გაუღიმებს) კახაბერ ამილახვარს ვხედავ თუ მეჩვენება?

კახაბერი  -  თქვენ არ შემცდარხართ, მადამ ანრიეტა სარდუ! (ხელზე ეამბორება).

ანრიეტა  -  აქეთ რომელმა ქარმა გადმოგაგდოთ?

კახაბერი  -  წითელმა ქარმა!

ანრიეტა  -  ხუმრობთ, მუსიე?

კახაბერი  -  ო, ეს გრძელი ამბავია, მაგრამ თუკი ინებებთ, ახლავე გიამბობთ!

ანრიეტა  -  ესენიც თქვენთან არიან?

კახაბერი  -  დიახ, მადამ.

ანრიეტა  -  შემობრძანდით, მუსიე! (შედიან რესტორანში, სხდებიან. მადამ სარდუ ოფიციანტს უხმობს, კახაბერი მენიუდან ამოარჩევს კერძებს. ოფიციანტი სუფრას შლის.

 

იცვლება მელოდია. საუბრობენ).

კახაბერი  -  დიახ, წითელმა ქარმა!

ანრიეტა  -  კომუნისტებს გულისხმობთ, ხომ? მაგათზე ბევრს წერენ აქაური გაზეთები.

კახაბერი  -  იმას მოგახსენებდით, ეს მეორე აჯანყებაც მარცხით დასრულდა, ვერ გავაძევეთ რუსის ჯარი საქართველოდან... ახლა პარიზში მივდივართ, იქ ჩვენი მთავრობაა გაქცეული. იქნებ გვიშველონ...

ანრიეტა  -  თქვენიანებს რა მოუვიდათ?

კახაბერი  -  თავადებს ხვრეტენ, იმათ ცოლ - შვილს კი აპატიმრებენ...

ანრიეტა  -  როგორ, პატარა ბავშვებსაც?

არჩილი  -  აი, ჩვენი მეთაურის ხუთი წლის შვილს კასრში უპირებდნენ დაწვას, თუ მამამისის ადგილსამყოფელს არ იტყოდა!

ანრიეტა  -  ღმერთო დიდებულო!

კახაბერი  -  ახლა საზღვარზე რომ არ გადმოვსულიყავით, ახლობლების დახვრეტით გვემუქრებოდნენ, დაჭერილი ჰყავდათ ყველანი!

ანრიეტა  -  არავის ინდობენ, ხომ?! დიდი უბედურება მომხდარა, დიდი! (პაუზა). ისე თანამებრძოლები არ გაგიცვნიათ ჩემთვის!

კახაბერი  -  გთხოვთ, მომიტევოთ! თქვენგან მარჯვნივ აჯანყების ხელმძღვანელი, კავალერიის პოლკოვნიკი, გრაფი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. რუსეთ - თურქეთის ომისას სარაყამიშის, ანუ "არწივის ბუდის" დაცვისათვის იმპერატორმა ოქროს ხმალი უბოძა! ხოლო...

ქაქუცა  -  საკმარისია, ამილახვარო!

არჩილი  -  (სიამაყით) მესოპოტამიის რეიდზეც გეთქვა...

კახაბერი  -  მეგობრები ქაქუცას ეძახიან.

ანრიეტა  -  სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! (ხელს გაუწვდის და ჩოლოყაშვილი ეამბორება).

კახაბერი  -  შემდეგ, გრაფი არჩილ ანდრონიკაშვილი, ყოფილი პოდპოლკოვნიკი...

ქაქუცა  -  ბატონო კახაბერ, ეგებ ამ ვაჟბატონის დუელებზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა!

კახაბერი  -  ოო, იგი ბრწყინვალე დუელიანტია, მადამ!

ქაქუცა  -  ხოლო რაც საზღვარზე გადმოვედით, მოიწყინა და ლამისაა ერთი ჩვენგანი დუელში მოკლა!

არჩილი  -  ბოდიში ხომ მოვუხადე, თავადო?

ანრიეტა  -  განა დუელები აკრძალული არ არის თქვენში?

არჩილი  -  მოგეხსენებათ, აკრძალული ხილი გემრიელია... ეგეც არ იყოს, განა მთელი ჩვენი ცხოვრება დუელი არაა? (ხელზე ეამბორება).

კახაბერი  -  საშა სულხანიშვილი, ბატონი ქაიხოსროს უშუალო თანაშემწე...

 

ამ ულვაშმა არ შეგაცდინოთ, საკმაოდ ახალგაზრდაა, ტყვიას ტყვიაში აჯენს!

ანრიეტა  -  სასიამოვნოა! (ხელს გაუწვდის საშას).

საშა  -  დაიცა, კაცო, ბოდიში მამითხოვია და, მეც უნდა ვაკოცო?

კახაბერი  -  შენი ნებაა!

საშა  -  ეეხ, მართლა ჩემი ნება რო იყოს, ამისთანა ქალის ხელზე კოცნას არ ვიკმარებდი! (ხელზე ჰკოცნის).

 

(პაუზა).

 

კახაბერი  -  ახლა რაღა ვქნა? გაბრიელზე რა ვთქვა?

არჩილი  -  არაფერი.

საშა  -  რატომ უნდა დამალოს, კაცო?

ქაქუცა  -  გაბრიელზე საძრახი არაფერი სთქვათ, თავადო!

კახაბერი  -  ეს გაბრიელ ბერიაშვილია, ყოფილი ბერი დავით გარეჯის მონასტრიდან! (სარდუ ხელს გაუწვდის, გაბრიელი აკოცებს). ოო, მადამ, საკუთარი თავი მავიწყდებოდა  -  იურისტი კახაბერ ამილახვარი, გრაფი! (ყველა გაიცინებს. კახაბერიც ხელზე ეამბორება). მახსოვს სორბონა რომ დავამთავრე და ტფილისს ვბრუნდებოდი, თავს ანებებდით საბალეტო დასს და კაფე "მულენ ღუჟის" შანსონი უნდა გამხდარიყავით...

ანრიეტა  -  კი, ასე მოხდა. შემდეგ კი აქეთ გავთხოვდი, იტალიაში... თუმცა ეს თქვენთვის სულაც არ იქნება საინტერესო... (დაინახავს რესტორანში შემოსულ მაფიოზებს და ენა ჩაუვარდება შიშისაგან).

საშა  -  ბიჭოს, ისევ ისინი მოვიდნენ!

კახაბერი  -  დიახ, დიახ, ოღონდ შეფი არ ახლავთ!

არჩილი  -  ამათ რომ ვუყურებ, იარაღისკენ თავისით გამირბის ხელი!

საშა  -  აქ არა ვართ კაცო, რამე, ერთი - მეორე, გავიყვანოთ და უცებ გავუსწოროთ ანგარიში! მაფია - კაფია მე არ ვიცი!

ქაქუცა  -  ბატონებო, ჩვენ დავპირდით, რომ არ ვიომებდით მაგათთან!

კახაბერი  -  მაფია მე არ მესწავლება, ბატონო ქაიხოსრო! სხვა თუ არაფერი, იმ ფულს არ შეგვარჩენენ! ვიფრთხილოთ!

არჩილი  -  არ შეგვარჩენენ და ვნახოთ? ვისი აჯობებს!

საშა  -  ახლავე დედას ვუტირებ (ფეხზე ადგება).

 

აქ  -  ამათ და სტამბულში კიდევ კოტე გვარჯალაძეს!

ქაქუცა  -  დაჯექი ადგილზე (საშა ჯდება) და ეგ კერძი შეჭამე!

საშა  -  (გაბრაზებული) მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ პარაგვაიში არ გაგვიშვა არხების სათხრელად?

(ემიგრანტებს გაეცინებათ.

 

სარდუ ხან ერთს შეხედავს, ხან მეორეს, ვერაფერი გაუგია).

ფრანსუა  -  უკაცრავად, მადამ, თქვენთან სურთ მოლაპარაკება იმ სენიორებს!

(მაფიოზებზე უთითებს).

ანრიეტა  -  (წამოდგება) უკაცრავად, მუსიე, გთხოვთ მოილხინოთ! (მიდის მაფიოზების მაგიდასთან და საუბრობს მათთან).

 

 

სურათი მეათე

 

ფრანსუა  -  დავიღუპეთ, ნამდვილად დავიღუპეთ! ღმერთო, გვიშველე, მთლად ნუ გაგვწირავ და როგორც პარიზში ჩავალ, დიდ შანდალს ავანთებ ნოტღ დამის ტაძარში! აჰ, იარაღი მაინც მქონოდა!

კახაბერი  -  რატომ დაიღუპეთ?

არჩილი  -  ან რად გინდათ იარაღი?

ფრანსუა  -  ოჰ, უკაცრავად, თქვენ იცით ფრანგული?

კახაბერი  -  (გაიცინებს) აბა, როგორ გესაუბრებოდით შემოსასვლელში?

ფრანსუა  -  აჰ, მომიტევეთ, მუსიე. ძალიან ვნერვიულობ. დიდი დილემის წინაშე ვდგავარ... თქვენნაირი ხანჯალი მაინც მქონოდა!

კახაბერი  -  რად გინდათ ხანჯალი?

ფრანსუა  -  რაკი გაინტერესებთ, გეტყვით! (ანრიეტა სარდუ მაფიოზების მაგიდიდან წამოდგება და ოფიციანტებს გაატანინებს ქმრისა და შვილის შავჩარჩოიან სურათებს). აი, ხედავთ, ილაპარაკეს და სურათებიც გააქვს!

არჩილი  -  ვისი სურათებია?

ფრანსუა  -  ლეოპოლდ და ჯორჯო ფრანჩესკოლების! მადამ სარდუს ქმრის და შვილისა! მხეცურად დახოცეს რატუშის მოედანზე! ბოდიში, სიგარეტს ხომ ვერ მომაწევინებთ?

ქაქუცა  -  ჩამოჯექით და მშვიდად გვიამბეთ ყველაფერი!

კახაბერი  -  აი, სიგარა ინებეთ! (აწვდის).

ფრანსუა  -  დიდი მადლობა! (გამოართმევს, თავს მოაკვნეტს, დასუნავს) კარგი თამბაქო ჩანს! (კახაბერი მოუკიდებს). კარგია! (აბოლებს).

 

ამერიკულია?

კახაბერი  -  ინგლისური... აბა, განაგრძეთ...

ფრანსუა  -  მადამ სარდუს მეუღლეს თავისივე მოკვეთილი ენა ედო კბილებში, თვალები დაეთხარათ, ცხვირი და ყურები მოეჭრათ და მკერდზე ეწყო, ხოლო ხელებში შვილის მოჭრილი თავი ეკავა!..

არჩილი  -  ამ შუაგულ ევროპაში ასეთ ველურობას არ ველოდი!

ფრანსუა  -  თქვენც იცით ფრანგული?

კახაბერი  -  (მოუთმენლად) ამ ორი კაცის გარდა ყველამ ვიცით! (უთითებს საშაზე და გაბრიელზე).

ქაქუცა  -  ვერ გავიგე, მკვდრებს რაღას ერჩოდნენ?

ფრანსუა  -  ასეთია მაფიის დაუწერელი კანონი!

არჩილი  -  უფრო უკეთესად ვერ აგვიხსნით?

ფრანსუა  -  დამითმობთ ერთ ხანჯალს?

კახაბერი  -  მოეშვით იარაღს, ეს თქვენი საქმე არ არის!

ქაქუცა  -  განაგრძეთ!

ფრანსუა  -  მაფია გულისხმობდა, რომ ადამიანს კბილები იმისთვის აქვს, ენას დააჭიროს. ყველაფერი არ უნდა იყნოსოს. და არც მოისმინოს. თუ არა და საკუთარი შვილის მოჭრილ თავს დააჭერინებდნენ ხელში... ვიღუპებით, ბატონებო! ანრიეტაც იღუპება, მეც ვიღუპები და ეს აწყობილი სასტუმროც! არადა, როგორ იმატა მუშტარმა! ორკესტრი და მოცეკვავეები ვიქირავეთ, იახტაც კი ვიყიდეთ მარსელში, "მარკიზი დე პომპადური!"

კახაბერი  -  აგვიხსენით, რატომ მოკლეს ამ ქალბატონის ქმარ - შვილი?

ფრანსუა  -  იმ ყუთების გამო...

არჩილი  -  რა ყუთებზეა ლაპარაკი?

ფრანსუა  -  ერთხელ დი მაჯიოს ხალხმა დიდი ყუთები მოიტანა. ამერიკაში გასაგზავნი თურქული კაკალია და რაკი პორტთან ახლოს ხართ, თქვენს სარდაფში შევინახავთო...

არჩილი  -  (საშას) შენი და კოტე გვარჯალაძის არ იყოს, ესეც მიკიბულ - მოკიბულად ლაპარაკობს, ვეჟო!

საშა  -  მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ პარაგვაიში არ გაგვიშვა, კაცო, არხების სათხრელად?!

ქაქუცა  -  კარგი, საკმარისია, საშა...

კახაბერი  -  რა შუაშია თურქული კაკლის ყუთები?

ფრანსუა  -  იმ ყუთებში განა მარტო თურქული კაკალი იყო! მე და ლეოპოლდმა გავხსენით და იმ კაკლის ქვემოთ ცელოფანის პარკებში ოპიუმი ვნახეთ!

კახაბერი  -  აა, კონტრაბანდას ინახავდნენ თქვენთან?

ფრანსუა  -  დიახ...

 

ეს რომ პოლიციას გაეგო, სასტუმროსაც დალუქავდნენ და ჩვენც ციხეში ამოგვაყოფინებდნენ თავს.

არჩილი  -  მერე თქვენ როგორ მოიქეცით?

ფრანსუა  -  ლეოპოლდმა იფიქრა, დი მაჯიოს ოტელის ხელში ჩაგდება უნდა და თავიდან რომ მომიშოროს, იმიტომ გააკეთა ეს ამბავიო. წავიდა და პოლიციის პრეფექტს, მიქელე ფერარის უთხრა... ამის მერე მოხდა ის მხეცური მკვლელობა.

კახაბერი  -  პრეფექტიც ამას ჰქვია!..

ფრანსუა  -  შემდეგ ანრიეტა ორი თვე იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში... უკაცრავად, მუსიე, რამდენს ვლაპარაკობ, მგონი შეგაწუხეთ...

ქაქუცა  -  განაგრძეთ.

კახაბერი  -  ისინი არ გაჩერდებოდნენ!

ფრანსუა  -  დღეს დი მაჯიომ სიყვარული აუხსნა მადამ სარდუს და თან მისი ქმარ - შვილის მკვლელის გასაღებას დაპირდა... და წეღან ოტელის მახლობლად ყველაზე შავ - ბნელი მაფიოზის, ყასაბის გვამი აღმოაჩინეს, თავისი მოჭრილი ხელები ეწყო გულზე...

კახაბერი  -  ყასაბი? (წამოიწევს). სახეზე ნაჭრილობევი აქვს, აი, ასე, სიგრძეზე!

ფრანსუა  -  დიახ, დიახ! პადრეს ძმის შვილი ყოფილა!.. ოჰ, ვიღუპებით, ანრიეტაც იღუპება, მეც და ეს აწყობილი ოტელიც! (უახლოვდებათ მადამ სარდუ).

 

ბოდიში, ბატონებო, უნდა წავიდე! (წამოდგება). წავალ, იარაღს ვიშოვი და თავს შევაკლავ იმ ავაზაკებს! დიდი მადლობა სიგარისათვის! (მიდის, ემიგრანტების მაგიდასთან ჯდება აფორიაქებული მადამ სარდუ).

კახაბერი  -  რა მოგივიდათ, მადამ?

ანრიეტა  -  არაფერი, მუსიე ამილახვარო!

კახაბერი  -  მაინც, მაინც?

ანრიეტა  -  (გაღიზიანებული) შეწუხებად არ ღირს, ჩვეულებრივი მელანქოლიაა!

არჩილი  -  გულახდილად ვილაპარაკოთ, მადამ სარდუ, ვისი სურათები გაატანინეთ?

კახაბერი  -  თქვენი ქმარ - შვილის ხომ არა, მხეცურად რომ მოკლეს მაფიოზებმა?

ანრიეტა  -  ეს იმ ბებერი ენაჭარტალას ბრალია! გამოთვრება და ასეთ სისულელეებს ყბედობს მთელი დღე! ყურადღებას ნუ მიაქცევთ!

არჩილი  -  ვერ დაგეთანხმებით, მადამ!

კახაბერი  -  ეგ მაფიოზები გრაფ ჩოლოყაშვილის მოკვლაში ორმოცდაათი ათას დოლარს იღებდნენ რუსი კომუნისტებისაგან!

ქაქუცა  -  ის ყასაბი კი დი მაჯიომ ჩვენს თვალწინ მოკლა, კარგად ვერ შეასრულე საქმეო!

ანრიეტა  -  (ჩაფიქრებული) მე კი დამპირდა, შენი ქმარ - შვილის მკვლელს მოკლავენო!

 

(პაუზა).

 

საშა  -  მესწავლა რა ეს ფრანგული! ვეღარაფერი გამიგია! არც შენ ისწავლე, არა, გაბრიელ? ვზივართ აქ ბაიყუშებივითა და შავყურებთ ერთიმეორესა. აიღე ჭიქა, აიღე, დავლიოთ მაინცა! (სვამენ).

კახაბერი  -  წეღან ის სურათები რატომ გაიტანეთ?

ანრიეტა  -  მითხრეს, რომ თორმეტ საათზე დონ ჯოტო დი მაჯიო მოვა და ხელს მთხოვს... ჰოდა, ამ სურათებს შეელიეთ, წარსულს ნუღარ გავახსენებთო!

ქაქუცა  -  გასაგებია!

კახაბერი  -  კარგი სვლაა! ამისთანა მშვენიერ ქალს ჩაიგდებენ ხელში და ოტელსაც!

ანრიეტა  -  ო, ეს მეტისმეტია! ჩემი მშვენიერებიდან აღარაფერი დარჩა...

არჩილი  -  არა, არსადაც აღარ მივდივარ, სანამ ამათ დედას არ ვუტირებ!

საშა  -  მეც მაგ დარდმა არ მომკლა?

ქაქუცა  -  მოთმინება იქონიეთ, ბატონებო!

ანრიეტა  -  დღეს ჩემი სტუმრები ხართ, მოილხინეთ, თქვენთან ყოფნისას ყველაფერი დამავიწყდება!

(დასრულდა კორდებალეტის პროგრამა.

 

ახლა სტუმრებისთვის დაიწყო ცეკვები. ამილახვარმა რამდენჯერმე გაიწვია საცეკვაოდ ანრიეტა სარდუ).

არჩილი  -  ეჰ, ქალებმა დაღუპეს ჩვენი კახაბერი!

(იცინიან).

 

 

სურათი მეთერთმეტე

 

(საათი თერთმეტჯერ რეკავს).

 

ანრიეტა  -  ო, უკვე თერთმეტია! (ფეხზე ადგება). ბოდიშს გიხდით, უნდა მიგატოვოთ.

 

სადაცაა დი მაჯიო მოვა. მორთული უნდა დავხვდე!

კახაბერი  -  იქნებ დარჩენილიყავით?

ანრიეტა  -  მეყო, რაც გამოვცადე!.. გავყვები დონ ჯოტოს, მეტი რა გზაა... (წასვლას აპირებს).

ქაქუცა  -  მოიცადეთ, მადამ!

ანრიეტა  -  (მათკენ მობრუნდება) გისმენთ!

 

(პაუზა).

 

არჩილი  -  ბატონებო, სამშობლო ხომ დავკარგეთ და ერთი საბრალო ქვრივის შველაც თუ აღარ შეგვიძლია, შემირცხვენია ასეთი სიცოცხლე!

საშა  -  ჩემს გულშიც მჯდარხარ, თავადო!

 

(პაუზა).

 

ქაქუცა  -  გვიმსახურეთ, მადამ სარდუ!

ანრიეტა  -  (გაოცებული ჩამოჯდება) ო, ლია - ლიაა... თქვენ წინ აღუდგებით მესინელ მაფიოზებს?! თვით დი მაჯიოს?!

კახაბერი  -  პატივს დავდებთ, მადამ!

ანრიეტა  -  ისინი ბევრად მეტნი არიან თქვენზე! პოლიციის იმედი ნუ გექნებათ, ცხვირსაც არ შემოჰყოფენ აქ!

ქაქუცა  -  არავისი იმედი არ გვაქვს, საკუთარი თავის გარდა!

ანრიეტა  -  მერწმუნეთ, ცუდი ამბები დატრიალდება!

არჩილი  -  ისეთი არაფერი მოხდება, რომ არ გვენახოს!

საშა  -  (მოისმინა კახაბერის თარგმანი და თქვა) პირველად მესმის, კაცოუ, ქალს ქმარ - შვილი დაუხოცო და ამ სიტყვებზე ბოდიში მამითხოვია, მემრე კიდე იმისი ცოლად მოყვანა განიზრახო!

გაბრიელი  -  თანაც ისე, რომ ქალის სურვილი არ შეიტყო!

ანრიეტა  -  ჩემი დაცვა განგიზრახავთ, ბატონებო! თქვენი სურვილი სასიქადულოა და მადლობელიც გახლავართ, მაგრამ...

კახაბერი  -  რა მაგრამ?

ანრიეტა  -  მაგრამ წმინდა წყლის ფანტაზიაა!

არჩილი  -  ფანტაზია?

ანრიეტა  -  უფრო მეტიც, დონ კიხოტობა!

კახაბერი  -  რატომ?

ანრიეტა  -  რომ გამომექომაგოთ, სროლა ატყდება. ისინი ბევრად გჭარბობენ და ღირს კი ერთი მოცეკვავე ქალის ღირსება ხუთ ვაჟკაცად? სასიკვდილოდ არც ერთი არ მემეტებით!

კახაბერი  -  აქ სულაც არ ვაპირებთ სიკვდილს! მე ამ ბატონებს პარიზის მთელი დიდებულება და სიღატაკე უნდა ვაჩვენო, დაპირებული ვარ!

ანრიეტა  -  ბევრნი არიან - მეთქი!

არჩილი  -  მტერი ყოველთვის მეტი იყო ჩვენზე!

ანრიეტა  -  ვთქვათ, აქ მოსულებს მოერიეთ, რაც დაუჯერებელია! მერე მთელი ქალაქი წამოვა თქვენზე!

ქაქუცა  -  რამეს მოვახერხებთ, მადამ!

ანრიეტა  -  მერე მე რა ვქნა?

კახაბერი  -  როგორ თუUრა უნდა ქნათ?

ანრიეტა  -  ხომ მიხვდებიან, გარეული რომ ვარ ამ საქმეში?

კახაბერი  -  ჩვენთან ერთად გამოიქეცით!

ანრიეტა  -  ასე რომ მდომოდა, ადრე გავყიდდი ოტელს და პარიზში დავბრუნდებოდი!

არჩილი  -  მაშ, რას აპირებთ?

ანრიეტა  -  რომ გამოვიქცე, ეს სასტუმრო უნდა მივატოვო! პარიზში კი, თუნდაც ბალეტში მიმიღონ, ასეთი შემოსავალი არ მექნება!

ქაქუცა  -  ეს ყველაფერი უფრო რთულად ყოფილა, ვიდრე მე მეგონა!

(პაუზა. არჩილი უთარგმნის საშას და გაბრიელს).

საშა  -  ბოდიში მამიხდია და, განა ფულია ყველაფერი, კაცოუ! მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ...

ანრიეტა  -  ასე რომ, საკუთარ ხვედრს შეგუებული ვარ! თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევით, მეც მოვიგებ და თქვენც!

ქაქუცა  -  გასაგებია!

ანრიეტა  -  ოო, მაგვიანდება! (წამოდგება).

 

ერთხანს მიგატოვებთ, მუსიე! (გადის).

 

 

სურათი მეთორმეტე

 

ქაქუცა  -  ნუ მოიწყენთ, ბატონებო! ხუთნი ვართ, რა უნდა გაგვიჭირდეს?! აბა, საშა, მიხა ხელაშვილმა რა უთხრა მათურელ ფშაველს?

საშა  -  მიხას უთქვამს  -  ეხლა ძალიან დავითვერ, ვიბუღრანავებ რქებითა. იმას უკითხია  -  მიწა რო სთხარო, რად გინდა, იქით რა ამოჩნდებისა? მიხას მიუგია  -  მათურელთ დალევის დღესა საფლავად გამოდგებისა!

(იცინიან).

კოჭლი სატანა  -  არა, ჯოვანი, მომკალი თუ ისევ მატარებლებზე ჯიბგირობა არ მერჩივნოს! მძიმე საქმეა!

პადრე  -  რა აცინებთ, ამათი კეთილები...

კოჭლი სატანა  -  არ გინდა, გვიდო, გინება...

პადრე  -  მოკეტე! კობრა, უნდა მოველაპარაკოთ!

კობრა  -  ჩვენი ფულით ქეიფობენ ეს არამზადები!

კოჭლი სატანა  -  ერთი შეხედეთ! ნამდვილი მხეცები არიან! გულიც ცუდს მიგრძნობს! ნეტავი, ისევ მატარებლებზე დავრჩენილიყავი!..

პადრე  -  ამათ როგორ შეგაშინეს?!

ჯოვანი-დანა  -  დასწრებაზეა საქმე! დავცხრილოთ მაგათი დედა...

პადრე  -  არ გვინდა აყალმაყალი, სადაცაა დი მაჯიო მოვა! საქმე არ გააფუჭო, ჯოვანი, თორემ ყველა წმინდანსა ვფიცავ, გამოგშიგნავ!

ჯოვანი-დანა  -  აბა, რა ვქნათ?

პადრე  -  უნდა მოველაპარაკო! (ბოხოხს დაიხურავს).

არჩილი  -  საშა, მადლს მარილიც მოაყარე. ჩვენ რომ გვიყვარს, ის შაირიც გვითხარი, ვეჟო!

საშა  -  (იწყებს მიხა ხელაშვილის ლექსს)

 

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,

თორო იქნება, ვკვდებოდე

და შენ კი ჩემად სახსოვრად

სააქაოსა რჩებოდე...

 

კობრა  -  (ისიც ბოხოხს დაიხურავს) უჩემოდ როგორ ელაპარაკები?

პადრე  -  წამოდი! (მიდიან ემიგრანტების სუფრასთან).

ქაქუცა  -  დაბრძანდით, ბატონო!

პადრე  -  გმადლობთ, სენიორ! (ჯდებიან ისიც და კობრაც).

კახაბერი  -  ღვინოს ხომ არ ინებებთ?

პადრე  -  არა, მოსალაპარაკებლად მოვედი თქვენთან!

არჩილი  -  ბრძანეთ, ბატონო!

პადრე  -  თქვენ ადრე მაფიასთან თუ გქონიათ საქმე?

კახაბერი  -  არა, მაგრამ ვიცით, რა ხალხიც ბრძანდებით!

კობრა  -  შეურაცხყოფის გარეშე, თუ შეიძლება!

ქაქუცა  -  იფრთხილე, ამილახვარო!

კახაბერი  -  ცუდი არაფერი მითქვამს!

პადრე  -  ერთ ძალზე მნიშვნელოვან ცნობას მოგაწვდით, სენიორებო!

ქაქუცა  -  ბრძანეთ, ბატონო!

პადრე  -  მაგ ორმოცდაათს დი მაჯიო ხელიდან არ გაუშვებს, თითოეული თქვენგანის მოკვლაც რომ დაჭირდეს!

არჩილი  -  არ გაუშვებს და არც ჩვენ დავანებებთ!

პადრე  -  დღეს იმიტომ არ გისწორებთ ანგარიშს, რომ ამ ოტელის დიასახლისი მოყავს ცოლად! ისიც იცის, რომ თქვენი გემი კიდევ ორი - სამი დღე აქ იდგება!

ქაქუცა  -  ამას ჩვენ რატომ გვიყვებით, რატომ გვიხსნით კარტებს?

პადრე  -  მე ჩემი ინტერესი მაქვს!

კახაბერი  -  რა ინტერესია, ეგებ ესეც გვითხრათ?

პადრე  -  რატომაც არა... ჯერ ერთი, თვითონაც ნახეთ, ჩემი ძმისწული რომ მოკლა და მეორეც, მისი სიკვდილის შემთხვევაში მაფიის შეფის ადგილი ჩემია!

კახაბერი  -  თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მოვკლავთ დი მაჯიოს?

არჩილი  -  სხვისი ხელით გნებავთ ეკლის გლეჯა?

პადრე  -  არა მარტო მგონია, დარწმუნებულიც ვარ!

ქაქუცა  -  იქნებ განგვიმარტოთ მიზეზი?

პადრე  -  აკი გითხარით, თუ თქვენ არ დაასწარით, ის დაგასწრებთ! ხოლო დი მაჯიოს მოკვლის შემთხვევაში მაგ ფულზე ხმას არ ამოვიღებ! თანაც უმტკივნეულოდ გაგიშვებთ აქედან!

კობრა  -  შენც კაი ქვემძრომი ყოფილხარ, გვიდო!

პადრე  -  (კობრას) გაჩუმდი და პირველ ქალად გაქცევ ამ ქალაქში! (ემიგრანტებს შეათვალიერებს).

 

აბა, რას იტყვით, სენიორებო?.. ჰო, ისიც არ დამავიწყდეს  -  მადამ სარდუსაც გამოგატანთ და ოტელის საფასურსაც ხელიდან ხელში ჩავუთვლი! ხომ კარგი პირობაა?

კახაბერი  -  სამაგიეროდ დი მაჯიო უნდა მოვკლათ, ხომ?

არჩილი  -  რა მაგის საქმეა, ვის მოვკლავ და ვის არა?!

ქაქუცა  -  მაგ ბინძურ გარიგებაზე ჩვენ ვერ წამოვალთ!

პადრე  -  კარგად დაფიქრდით, ასეთ პირობებზე ამერიკული მაფიაც არ იტყოდა უარს.

ქაქუცა  -  ჩვენი სათქმელი უკვე გითხარით!

პადრე  -  კარგი, ჩათვალეთ, რომ არაფერი მითქვამს! ახლა უნდა გაცნობოთ, რომ დონ ჯოტო დი მაჯიო თორმეტ საათზე აქ მოვა და თუ სიკვდილი არ გინდათ, თქვენც სხვებივით უნდა მოიქცეთ!

კახაბერი  -  მაინც როგორ?

პადრე  -  აქაური წესით, ფეხზე უნდა წამოდგეს ყველა და მდაბლად დაუკრას თავი! თქვენ პატივი გეცით და ეს გაცნობეთ, თორემ აქაურებმა კარგად იციან თავისი საქმე!

ქაქუცა  -  ვიღაც ავაზაკების მეთაურს ფეხზე წამოუდგეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი?!

საშა  -  ჰაი, დედასა, მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ვატირე!

არჩილი  -  სწორედაც!

პადრე  -  მე ჩემი გითხარით! არ გაიგონებთ და რაც მოგივათ, საკუთარ გონებაჩლუნგობას დააბრალეთ!

 

(წამოდგებიან ის და კობრა, თავისიანებთან დაბრუნდებიან და დასხდებიან).

 

საშა  -  (ფეხზე წამოდგება, დოინჯს შემოიყრის) ქაქუცავ, კაცო, მე არავისთვის არაფერი შემირჩენია! ემაგ ტურტლიანს რო ვაპატიო, ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგება!

ქაქუცა  -  დაჯექი!

არჩილი  -  (ისიც ადგება) რა დაგვრჩენია თავმოყვარეობის გარდა! ესეც თუ დავკარგეთ, რაღად მინდა ეს ტიალი სიცოცხლე!

ქაქუცა  -  შენ თუ გგონია, ეგ თახსირი დუელში გამოგყვება, შემცდარხარ, არჩილ!

არჩილი  -  (წყენით) მაგასთან დუელი რად მინდა?

ქაქუცა  -  (იყვირებს) დასხედით - მეთქი! (საშა და არჩილი სხდებიან. წყნარად განაგრძობს).

 

აჩქარებით სოფელი არავის მოუჭამიაო, გეცოდინებათ. (პაუზა). თქვენი დასკვნები მაინტერესებს, ბატონო კახაბერ!

კახაბერი  -  მართალი ბრძანდებით. აჩქარებით შეიძლება თავიც წავაგოთ! სჯობს, კარგად ავწონ - დავწონოთ ყველაფერი... ისე ღრმად შევტოპეთ, არა მგონია შეტაკების გარეშე დამთავრდეს ეს საქმე.

არჩილი  -  მეც სწორედ ეგ მინდა!

კახაბერი  -  არადა, სულაც არაა ეს სასურველი! გაგვიჭირდება მაგათთან შებმა, რადგან მაფია კარგადაა ორგანიზებული და პოლიციასთანაც შეკრულია!

საშა  -  საიდან დაასკვენით?

კახაბერი  -  როგორ გგონიათ, საიდან გაიგო დი მაჯიომ, რომ ლეოპოლდ ფრანჩესკოლიმ დააბეზღა?

საშა  -  იქნებ... იქნებ ამ ქალმა გამოიტანა ამბავი?

კახაბერი  -  ანრიეტა სარდუმ?

საშა  -  ჰო, მაგან!

კახაბერი  -  ტყუილია!

საშა  -  რათა, კაცო!

კახაბერი  -  მაშინ ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ იწვებოდა. ან კი მადამ სარდუს რა ინტერესი ჰქონდა? მოკლედ, ყველა გზას იქით მივყავართ, რომ პოლიციის პრეფექტმა უამბო ყველაფერი...

 

მართალი გვითხრა დიასახლისმა, აქ თუ სროლა დაიწყო, დარწმუნებული იყავით, პოლიცია ცხვირს არ შემოჰყოფს!

არჩილი  -  მეც ეგ მინდა!

კახაბერი  -  ხომ ნახეთ, რა წინადადებით მოვიდა პადრე! სჯობს, ვიფრთხილოთ, საქმე გამოცდილ მოწინააღმდეგესთან გვაქვს. მაგათ ქვეყანა თავისი ჰგონიათ.

საშა  -  (დამცინავი ღიმილით) მიხამ იცოდა, ხელაშვილმა, იმ ცხონებულმა  -  მჯობნის მჯობნი არ დაილევისო!

კახაბერი  -  ამილახვარი მოგიკვდეთ, თუ ვინმეს ჩამოვრჩე! არ მინდა, უაზროდ წავაგოთ თავი!

არჩილი  -  შიში ნუ გაქვთ, თავადო! ჩვენ ჯერ პარიზის მთელი დიდებულება და სიღატაკე უნდა ვნახოთ!

ქაქუცა  -  ბატონებო, რომ არ ვინანოთ, როგორც საკუთარი სინდისი გვიკარნახებს, ისე მოვიქცეთ და მოხდეს, რაც მოსახდენია!

საშა  -  ეგრე რა, მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ვატირე! ხუთი კაცი ვართ, არ გაგვიჭირდება! თუმცა ეს ერთი არ ითვლება, ამ შობელძაღლმა აქეთ რო შემოგვიბრუნოს იარაღი?

გაბრიელი  -  ვიცი, ძნელია ჩემი ნდობა, მაგრამ იარაღს თუ მომცემთ, კაცურად მაინც მოვკვდები!

არჩილი  -  მაგდენს ვეღარ გენდობით!

 

(ცეკვავენ კობრა და პადრე).

 

პადრე  -  გამიგონე, პასკუალა, ასეთი რამ არ ხდება, ასეთ წინადადებაზე არავინ ამბობს უარს!

კობრა  -  თუ ჭკუა ჰქონდათ, უარი არ უნდა ეთქვათ!

პადრე  -  არა მგონია, ნორმალურები იყვნენ!

კობრა  -  ახლა რას აპირებ?

პადრე  -  არ მინდოდა ვენდეტაზე წავსულიყავი! რა გაეწყობა! შენ კი, ლამაზო, ამ ქალაქის პირველ ქალად გაქცევ!

კობრა  -  ამაღამვე მოითავებ საქმეს?

პადრე  -  არა, ჯერ მოიყვანოს ცოლი, სიკვდილი თაფლობის თვისას უფრო ძნელია!

 

 

სურათი მეცვამეტე

 

კახაბერი  -  მადამ სარდუ მობრძანდება!

 

(შიდა გასასვლელიდან გამოდის ღიმილგადაფენილი ანრიეტა სარდუ, აცვია მხრებმოშიშვლებული ცისფერი კაბა, უკეთია მარგალიტის საყურეები და ყელსაბამი. თეთრი მარაო უჭირავს ხელში).

 

კახაბერი  -  ოჰ, პარიზის ვარდო! თქვენ მშვენიერი ხართ, როგორც ყოველთვის!

ანრიეტა  -  გმადლობთ!.. რომელი საათია?

არჩილი  -  თორმეტს ათი წუთი უკლია!

ქაქუცა  -  (ფეხზე ადგება, შევსებულ ჭიქას გაუწვდის) გთხოვთ, ჩვენთან ერთად შესვათ ერთი სადღეგრძელო!

ანრიეტა  -  სიამოვნებით, მუსიე!

 

(დარბაზში ტრიალებს შეშფოთებული ფრანსუა).

 

ქაქუცა  -  გახვრეტილი გროშის ფასი აქვს თავის ქებას. ყველგანაა კარგიც და ცუდიც... ჩვენთვის დაკარგულ საქართველოს გაუმარჯოს თავისი ავკარგიანად... ახლა მას ძალიან უჭირს...

 

(ჭიქებს უჭახუნებენ და სვამენ). მადამ სარდუ, ერი ყველაზე კარგად სიმღერებში ჩანს. ჩვენ სხვადასხვას ვმღერით და ერთ მთლიანობას ვქმნით... აბა, ყვმაწვილებო!

ანრიეტა  -  მაგრამ თორმეტს... სამი წუთი აკლია!

არჩილი  -  საზღვარზე რომ ვიმღერეთ?

ქაქუცა  -  ჰო.

 

(გაბრიელ ბერიაშვილის გარდა ემიგრანტები იწყებენ `მრავალჟამიერს. ქაქუცა გაბრიელსაც ანიშნებს და ისიც აჰყვებათ. კედლის საათი თორმეტჯერ რეკავს.

 

გარედან ისმის “როლს - როისების” სიგნალების ხმა. ფეხზე ადგებიან მაფიოზები, ბოხოხებს დაიხურავენ და შესასვლელში გაჩერდებიან კობრას გარდა. დამფრთხალი მადამ სარდუ ჭიქას მაგიდაზე დადგამს და მომღერლებს მოშორდება. ორკესტრი დაკვრას შეწყვეტს და მხოლოდ "მრავალჟამიერი" ისმის. ღიმილით შემოდის თეთრ შარვალ - პიჯაკში გამოწყობილი დონ ჯოტო დი მაჯიო, ხელში ვარდების თაიგული უჭირავს. უკან შემოჰყვება ორი პირადი მცველი. დი მაჯიო თავის დაკვრით ესალმება ყველას.

 

სხვებიც თავს უკრავენ).

 

დი მაჯიო  -  ისევ წინ გადამეღობნენ ეს ველურები! (თაიგული ხელიდან ხელში გადააქვს მოუთმენლად). რა არის, გვიდო, ეს დაგავალე?

პადრე  -  მე გავაფრთხილე, სენიორ!

დი მაჯიო  -  ხედავთ, არ მომესალმნენ! ამდენს მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან, იმას არ ვაპატიებ! ღირსების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ! ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ მაფია ყოველთვის იქნება!

ყველა  -  მაფია უკვდავია!

დი მაჯიო  -  ახლა მიფრთხილდით, ველურებო, ავუშვი ლომები! აბა, მეგობრებო, აღარ გამაგონოთ ეგ ღმუილი!

პადრე  -  ახლავე გაჩუმდებიან, სენიორ! (ხელით ანიშნებს და კოჭლი სატანა  -  და ჯოვანი-დანა უკან მიყვებიან, ემიგრანტების მაგიდასთან მივლენ).

 

შეწყვიტეთ ეგ ყმუილი!

კახაბერი  -  რა ბრძანეთ?

პადრე  -  (ყვირის) მგლებივით ნუ ყმუით - მეთქი!

 

(პადრე ჯიბიდან "კოლტს" ამოიღებს, და ისაა ამილახვარს უნდა ესროლოს, რომ სულხანიშვილი დაასწრებს, მარცხენას იარაღიან ხელზე აუკრავს და ტყვია ჭერში იქუხებს, ხოლო მარჯვენას ყბაში ამოარტყამს და პადრე ძირს გაიშხლართება. რესტორანში წივილ - კივილი ატყდება, ხალხი გარეთ გარბის. ფრანსუა მაგიდის ქვეშ შეძვრება.

კოჭლი სატანა  -  სერთუკის ჯიბეში ხელაფათურებულ ამილახვარს ესვრის, ხელში დაჭრის. ქაქუცა და არჩილი ერთდროულად ისვრიან და იქვე მიაწვენენ კოჭლ სატანას და ჯოვანი-დანას. სულხანიშვილი დი მაჯიოს მიმართულებით ისვრის.

კობრა ხელჩანთიდან "კოლტს" ამოიღებს და ქაქუცას ესვრის.

 

ამ მოძრაობას დაინახავს გაბრიელ ბერიშვილი და ჩოლოყაშვილს წინ აეფარება, ტყვიები მას მოხვდება და ძირს დაეცემა. არჩილ ანდრონიკაშვილი კობრას მოკლავს.

გადაბრუნებულ მაგიდას ამოფარებული დი მაჯიო ესვრის და მოკლავს კახაბერ ამილახვარს. საშა სულხანიშვილი პირად მცველებს მიაწვენს ძირს, ხოლო პადრე საკუთარ შეფს, დი მაჯიოს ზედიზედ დააცლის "კოლტს". დი მაჯიო ჩაიკეცება. პადრე ახლა მეორე რევოლვერს აიღებს, იმასაც ძირს დავარდნილ დი მაჯიოს დააცლის, კიდევ სხვა რევოლვერს აიღებს, კიდევ ესვრის უკვე კაი ხნის მკვდარ დი მაჯიოს და ა.შ., აღარ ჩერდება. საშა რევოლვერს დაუმიზნებს თვალებაელვარებულ პადრეს).

 

არჩილი  -  (საშას) მოეშვი, გაგიჟდა!

ანრიეტა  -  (კიბეზე ჩამორბის ჩემოდნით და ყვირის) ვიდრე ისინი დაბრუნებულან, სწრაფად, პორტისკენ! ფრანსუა, სად ხარ, ფრანსუა!

ფრანსუა  -  (გამოძვრება მაგიდის ქვემოდან) აქა ვარ, შვილო! ნოტღ დამში უნდა დავანთო დიდი სანთელი  -  ჩვენი გადარჩენისა!

ანრიეტა  -  ეს ჩემოდანი წამოიღე, ჩქარა! (ემიგრანტებს). ბატონებო, ჩქარა "მარკიზ დე პომპადურისაკენ!"

 

(ქართველები თავიანთ მიცვალებულებს აიღებენ და გადიან.

 

კარგა ხნის შემდეგ წამოდგება პადრე, დააბიჯებს დახოცილებში. მივა მაგიდაზე დამხობილ კობრასთან, პულსს გაუსინჯავს).

 

პადრე  -  მიიღე უფალო, საკუთარ ბანაკს ჩამორჩენილი ერთი საბრალო ბოშა! (ამბობს მიცვალებულის ლოცვას ლათინურად).

რეკვიემ ეტერნამ დონა ეი,

დომინე,

ეტ ლიუკს პერპეტუა ლუცეატ ეი.

ამენ!

(პირჯვარს გადაიწერს).

მშვიდობით პასკუალა, მშვიდობით! (ცეცხლს მოუკიდებს იქაურობას და გადის).

 

 

სურათი მეთოთხმეტე

 

(ისმის ზღვის ტალღების ხმაური. ამოდის მთვარე. "მარკიზ დე პომპადურზე" არიან ქაქუცა, არჩილი, საშა, ანრიეტა სარდუ  -  თეთრგადაფარებულ გვამებს დასცქერიან, საჭესთან ფრანსუა დგას).

 

ქაქუცა  -  ეჰ, საწყალი ამილახვარი!

არჩილი  -  ვინღა გვაჩვენებს პარიზის მთელ დიდებულებას და სიღატაკეს... დიდებულ ბინდისჟამს მონმარტრში რომ გაისეირნებ, კაფე "როტონდასთან" ვინმე... (გაჩუმდება).

საშა  -  ეს უბედური გაბრიელიც, კაცოუ! გინახავთ ბერი შპიონი? რანაირად გველაპარაკა ბედის საზღვარზე, არა?

ქაქუცა  -

 

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო,

გარდამატარე ბედის სამძღვარი.

თუ აქამომდე არ ემონა მას,

არც აწ ემონოს შენი მხედარი...

 

არჩილი  -  თვითონაც ბედისწერას გაუმართა დუელი!

ფრანსუა  -  მაპატიეთ, მუსიე, ჩემი ბრალია ყველაფერი! მე რომ არ მომეყოლა...

ანრიეტა  -  დაწყნარდი, მამა, ნუ ნერვიულობ, გენაცვალე.

არჩილი  -  განა ეს კაცი მამათქვენია, მადამ?

ანრიეტა  -  მამინაცვალი...

ქაქუცა  -  შეხედეთ, ოტელი იწვის!

არჩილი  -  მაფიას გრძელი ხელი აქვს!

საშა  -  რა ყოფილა ეს მაფია, კაცო! კომუნისტებს არაფრით ჩამორჩება!

ანრიეტა  -  (ფრანსუას) ღმერთო ჩემო, რა აწყობილი სასტუმრო იყო! მინიმუმ ორასი ათასი დოლარი მაინც დავკარგეთ!

ფრანსუა  -  მეტი თუ არა!

 

(პაუზა).

 

საშა  -  ერთი უყურეთ, კაცოუ, აქაური მთვარეც კი სისხლისფერია!

ქაქუცა  -  ახლა საქართველოშიც ასეთი მთვარეა!

არჩილი  -  (დანანებით) თავი გავწირეთ და რა შეგვრჩა ხელში  -  ორი მოკლული და ეს კოკეტი, დიდი შემოსავლის დაკარგვაზე რომ დარდობს! მართალს გვეუბნებოდა, არ უნდა ჩავრეულიყავით, რა აზრი ჰქონდა ამ თავგანწირვას, ვის სჭირდებოდა? ვის? გმირობა და თავგანწირვა საკუთარ ქვეყანაში უნდა, იქა აქვს ამას აზრი!

ქაქუცა  -  იყუჩე, თავადო, იყუჩე! (პაუზა). ჩვენ ადამიანური ვალი მოვიხადეთ!

საშა  -  მე კოტე გვარჯალაძის დედა რო ავატირე, კინაღამ...

 

(პაუზა). ვიცოდე მაინც, საითაა ის დასაქცევი!

არჩილი  -  რა?

საშა  -  პარაგვაი...

 

(მატულობს ზღვის ტალღების ხმაური).

 

დასასრული

 

 

.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / მოსულიშვილი მიხო / ბედის საზღვარი