მოსულიშვილი მიხო

ჟიკჟიკობა ღამე

 

 

(მენიპეა ერთ სცენად)

 

 

 

მონაწილეობენ:

 

ოლა  -  გარდაცვლილი ბებია.

 

ილა  -  გარდაცვლილი პაპა.

 

ილიკო  -  ჯერ ცოცხალი შვილიშვილი.

 

 

 

მოქმედების ადგილი - არჩანდის სასაფლაო.

 

მოქმედების დრო  -  2009 წლის აღდგომის დამდეგი ღამე.

 

 

 

დეკორაცია  -  სცრის, სცრის, სულ წვრილად სცრის არჩანდის სასაფლაოზე და თან ნისლია, ავად ჩამუქებული ნისლი.

 

 

 

ილიკო  -  "ჟიკჟიკობას" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგ ღამეს ეძახიან აქაურები. საფლავებზე გადიოდნენ ამ დროს, თურმე, და ყველა რომ სანთლებს დაუნთებდა თავის მიცვალებულს და აჟიკჟიკდებოდნენ ის სანთლები - ქალაქი გეგონებოდა მთელი სასაფლაოო... ქალაქი, სადაც ერთად იყვნენ ცოცხლები და მკვდრები...

 

(პაუზა). ჰოდა, მეც ჟიკჟიკობა ღამის ლაპარაკი მესმის, ჟიკჟიკობა ღამისა...

 

ოლა  -  ადე, ილავ... (პაუზა) ილავ, ადე მეთქი, კაცო... (პაუზა) ილავ, დაგაყრუა გამჩენმა... (პაუზა) ვაი, ილა შენა და, დიდი ჭირი!..

 

ილა  -  ჰა, რა იყო, ქალო?

 

ოლა  -  სიკვდილი და არგადარჩენა იყო!

 

ილა  -  რამთვენიც თვითმფრინავი გადიფრენს, განა ყველა ჩვენ დასაბომბად მოდის, სამგზავროებია ეგენი, კაცოო... რამ შაგაშინა ეგრე?

 

ოლა  -  ადე, კაცო, სხვას ვამბობ, სულ სხვასა...

 

ილა  -  შენ, რა ვქნა, არ ვიცი, და ცოტა...

 

(პაუზა) ცოტა ხო არ აურიე?!.

 

ოლა  -  ადე, აეთერი მეთქი, კაცო...

 

ილა  -  რათ უნდა ავდგე?

 

ოლა  -  აგე, ნახე, ვინ მოვიდა...

 

ილა  -  ვინა?

 

ოლა  -  ადექი და გაიგებ...

 

ილა  -  ადექი რა, ძალია? აემ ჩვენ სასანთლესა აგურები დასძვრა და ძირსა ყრია... აქაურობა სუ აბალახებულია და... რაღაზე უნდა ავდგე?..

 

ოლა  -  მოვიდა მეთქი...

 

ილა  -  მოვიდა, თორემა თვალი არ გამოსთხაროს სოფელსა...

 

ოლა  -  ეჰ, ილავ, როგორ ტყუილად აჩხარუნებ ემაგ ძვლებსა...

 

ილა  -  ეგრე უნდა...

 

ოლა  -  იიიჰ...

 

ილა  -  მე აქ ჭიებისთვინ ბევრი ხორცი არ ჩამამიტანია და ადვილადაც იმისთვინ ვაჩხაკუნებ ფანდურსავითა... (პაუზა) თოქშ! (შენიშვნა: გაკვირვების გამომხატველი სიტყვა არჩანდულად)

 

ოლა  -  რა, თოქშ? შენც გიკვირს, არა?

 

ილა  -  მართლა მოსულა ესა...

 

ოლა  -  მართლა, აბა, ტყუილათა? ვენაცვალე, აგურებიც გაუსწორებია და სანთლებს გვინთებს...

 

ილა  -  ქალო, ოლავ, რომელია ესა?

 

ოლა  -  ვითომ ვერა სცნობ, არა?

 

ილა  -  კახა არ არი ესა და არც გურიკოა... ლევანო არი?

 

ოლა  -  როგორ თუ ლევანო, ილავ, და გურიკო კიდე ხო პატარაა...

 

ილა  -  ჩემი სეხნია არი ესა, შალიკოსი...

 

ოლა  -  ილიკოა, ჰო... მაგას ენაცვალოს ბებო...

 

ილა  -  და ესა, მეორე?

 

ოლა  -  მაგისი ცოლია, მაიკო.

 

ილა  -  და ისა? სუ იქითა?

 

ოლა  -  ვარაზაულია, კაცო... შალიკოს ცოლი...

 

ჩემი რძლები - ქვარიაული, სვანიაური, ვარაზაული ვერაფერსაც ვერ დამაკლებენ მეთქი... აკი ვამბობდი...

 

ილა  -  ეეე, ოლავ, ოლავ... ყველასა სუ "ურ"-ებად უნდა გადაუკეთო გვარები, თორენა ერთი რძალი ქვარიანი გვყავდა, მერე სვანიძეა და ეს კიდევა - ვარაზაშვილია, ვარაზაშვილი, ვარაზაული კი არა...

 

ოლა  -  არიან და, იყვნენ... მაინც ვერ დამაკლებდნენ ვერაფერსა...

 

ილა  -  რა უნდა დაეკლოთ, რო? თან ქვარიაულიც აღარ არი...

 

ოლა  -  ჰო, ივანესი... და ილავ, რო დეველაპარაკო აემ ჩვენ ბიჭსა, გავაგებინებ, ნეტავი, რამესა?

 

ილა  -  მე რავი, აბა?

 

ოლა  -  ჟიკჟიკობა ღამე არი მაინცა და...

 

ილა  -  ჟიკჟიკობა ღამე, თორენა... შენც ეხლა წითელი კვერცხები და პასკები არ დაჰყლაპო ერთბაშადა.

 

ოლა  -  ვაი, ცხელი ტყვიო მოიჰხვდეს, ვისაც მარტო ჭამა-ყლაპვა უყვარს... ჩემისთანა მშრომელი ვინ იყო ამ სოფელში?

 

ილა  -  არავინ...

 

ოლა  -  გავიტანდი ერთ რიგსა თოხითა და შემოვუბრუნდებოდი მეორესა, გამოვიტანდი მეორესა და გავუყვებოდი მესამესა...

 

კი არ ვისვენებდი სხვებივითა...

 

ილა  -  და პურის ჩაკვრა? პურის ჩაკვრა როგორი იცოდი - ცალი ხელითა!

 

ოლა  -  ჰო, ერთი ხელით თონის კედელს ვეჭიდებოდი, შიგ არ ჩავვარდე და არ ჩავიწვა მეთქი.

 

ილა  -  რათ უნდა გადაივარდნილიყავ, მე სადღა ვიყავ?

 

ოლა  -  შენა? სუ ქალებში დაიპარებოდი და იმიზეზებდი ვენახსა, სათიბსა და საქონელსა...

 

ილა  -  მე ვიმიზეზებდი?

 

ოლა  -  შენა, მა მე?

 

ილა  -  შენ, რა ვქნა, არ ვიცი, და ცოტა...

 

ოლა  -  ჰაი, შე სავათო და სარსარაკო შენა!

 

ილა  -  მეძახე, მეძახე სავათა და... ეგე, ვის გამოემგვანა ეს ჩემი შვილიშვილი...

 

ოლა  -  ვისა და, - მე. ჩემსავით გასთეთრებია თმა, ბებო ენაცვალოს.

 

ილა  -  შენ კი არა, მე დამემგვანა.

 

ოლა  -  ჩემ ჯიშზეა წამოხული, ფხოვლიდანა ვართ ჩვენა ჩამოსულები, ფხოვლიდანა... სუ თეთრები და ლურჯთვალები.

 

ილა  -  მემრე, როდის არი ეგა თეთრი და ლურჯთვალა? შავგვრემანი და შავთვალება.

 

ოლა  -  თავადობას რო მოჰკვეხს დედამაგისი, აი, მაგ ვარაზაანთ ქალმა შეცვალა ცოტაზე. მაგრამ პირისახე?

 

ილა  -  რა?

 

ოლა  -  რა და, პირისახე ჩვენი აქვს, ფხოვლებისა. და ქვისნატეხა ხასიათი კიდევა - სუ ჩვენი.

 

ილა  -  მოვიდეს, ეს მაინც მოვიდეს, ივანესები არ მოდიან აქა, კაკოსები და სანდროსები ხო სუ გადაკარგულ-გადმოკარგულები არიან... ამერიკაშია...

 

ოლა  -  შალიკო და სანდრო თუ აქ არიან, ხო ყოველდღე აქ გვისხედან.

 

ილა  -  ჰო, არ იწუხებენ თავსა.

 

ოლა  -  მაგიტო ჩამოიქცა სასანთლე აგურები.

 

და აბალახდა აქაურობა... (პაუზა) ილავ!

 

ილა  -  რა იყო, ოლავ?

 

ოლა  -  ე ბიჭ რო დაველაპარაკო, გაიგებს ნეტა?

 

ილა  -  აურიე, შენა, ოლავ? აბა, როგორ უნდა გაიგოს?

 

ოლა  -  ჟიკჟიკობა ღამე არი და, - უნდა გაიგოს.

 

ილა  -  ამ ჟიკჟიკობა ღამესა აემ სასაფლაოზე იმდენი სანთელი ინთებოდა, იმდენი, რო... სუ ერთად იყვნენ ხოლმე ცოცხლები და მკვდრები... მაშინ ესმოდათ ერთიმეორისა და აბა, ეხლა გაიხედე, ერთი-ორგან ბჟუტავს სანთელი. მარტო ჩვენ გვინთია და ქვეით კიდე დევიაანთა...

 

ოლა  -  დევიაანთა კი არა, წყლიგიჟიანებს უნთიათ... და იმითვინ ვერ გამოვიდა ხალხი, ნისლი რო არი და რო წვიმს...

 

ილა  -  ჰო, წვრილათა სცრის, წვრილათა... მაგრამა მარტო ამინდის ბრალია ვითომ?

 

ოლა  -  აღარც ყველასა სჯერა ჟიკჟიკობისა და ესეც არი...

 

ილა  -  ჰოდა, მეც მანდა ვარ, ოლავ, მანდა...

 

ოლა  -  ილიკო, შვილო, წადი შინა, წადი და წაიყვა ესენიცა, თორენა დასველდებით სულა...

 

ილა  -  უთხარი, უთხარი, ძაან არ გაიგონოს...

 

 

(პაუზა). და გინდა გაიგოს, დაგიჯერებს? არ იცი, როგორი თავისჭკვისა არი?

 

ოლა  -  მაგას შემოევლოს თავისი ოლა ბებო... შვიდი, რა შვიდი, ცხრა თუ ათი წიგნი აქვს დაწერილი უკვე...

 

ილა  -  ჰოდა, ჩემი ნიჭი გამოჰყვა და იმიტომა სწერამს იმ წიგნებსა.

 

ოლა  -  რომელი შენი ნიჭი, რომელი?

 

ილა  -  აბა, მა ვიღასი?

 

ოლა  -  შენა ბუღალტერ-მოანგარიშე იყავ კოლექტივში და მარტო ივანე გამაიმგვანე და იმყოფინე ისა!.. განა ის კი ნაკლებია? პროფესორი კაცი გამოგვივიდა, ფიზიკის პროფესორი... და მთელი თქვენი გვარი რო ერთად დასჯარდეთ, ამბების მოყოლაში ვერ შეგვედრებით ჩვენა, ჩომახაანებსა...

 

ილა  -  როგორ თუ ვერ შეგედრებით, რეებს იძახი შენა, დედაკაცო, რეებსა!

 

ოლა  -  რეებსა და - სუ სიმართლეებსა! სუ პიტალო სიმართლეებსა!

 

ილა  -  ვინა ხართ ეს ფხოველები ეგეთები, კაცო...

 

ოლა  -  ვინა ვართ და, ისინი ვართ, ვინც მეფე ერეკლეზე უწინ აგვყარეს მთიდანა და დაგვასახლეს ფხოველშია და ზიარშია, ლაკბის ხეობის ტყეებშია... თეთრები და ლურჯთვალები... მოლექსეები და მომყოლები ვიყავით და ვართ ჩვენა...

 

ჩვენნაირი ამბის მომყოლი არავინ იყო ამ არე-მარეზე. ჰოდა, ეს ბიჭიც ხო ამბებსა ჰყვება იმ თავის წიგნებში...

 

ილა  -  თეთრები და ლურჯთვალებიო და... ლურჯთვალასი რა მოგახსენო, მაგრამ გათეთრებულა სულა... ნეტავ, რამთვენი წლისა არი ეხლა?

 

ოლა  -  დაიცა, ეხლავე გეტყვი... კახა ხო პირველი შვილიშვილია და ის არი ამაზე უფროსი ერთი წლითა... (პაუზა) ეგ როდის დაიბადა, იცი?

 

ილა - რავი, გადფამვარდა ჭკვიდამა...

 

ოლა  -  გაღმა ვენახი რო ჩავყარეთ და კახას მსხალი რო დარგო შალიკომა, მაშინა ხო კახა გაჩნდა...

 

ილა  -  გაღმა ვენახი ხო სამოცდაერთში ჩავყარეთ, კაცოო...

 

ოლა  -  ჰოდა, მაშინ დაიბადა კახაცა. და რამთვენისა გამოდის ეხლა?

 

ილა  -  ორმოცდარვისა.

 

 

ოლა - ჰოდა, კახა პირველ დეკემბერს უნდა გახდეს ორმოცდარვისა.

 

ილა - და ესა? ილიკო?

 

ოლა  -  და ეს ილიკო კიდე კახას დაბადებიდანა ერთი წლის თავზე არი დაბადებული, ბიძამისი კაკო რო ჩამოვიდა ჯარიდანა და მთელი იმ თავისი სამსახურის ჯამაგირით ოთხი საბურავი რო ეყიდნა ავტომანქანისა... აი, მაშინ...

 

ილა  -  რამთვენი წელი ეწყო ის საბურავები ზევითა ოთახში, კაცოო, და ვეღარა ჰყიდდა...

 

ოლა  -  ჰო, ვეღარა...

 

ილა  -  და მაშინ ეს ილიკო ყოფილა ორმოცდაშვიდისა...

 

ოლა  -  ჰო, ოლა ბებო ენაცვალოს ამასა, შვიდ დეკემბერს უნდა გახდეს ორმოცდაშვიდისა...

 

ილა  -  და ადრე არ არი?

 

ოლა  -  რა, ილავ?

 

ილა  -  აემ ჩემი სეხნიის აეგრე სუ გათეთრება?

 

ოლა  -  ამას შემოევლოს თავისი ოლა ბებო, ამასა! ფიქრმა გაათეთრა, ფიქრმა... ეგე როგორი დაფიქრებული სდგას ამ ცრიატში. ვერა ჰხედამ?

 

ილა  -  ვხედამ, ოლა, ვხედამ...

 

ოლა  -  ჰოდა, წავა ეხლა შინა და დასწერამს ჩვენზედა.

 

ილა  -  რას დასწერამს?

 

ოლა  -  რასაცა ვლაპარაკობთ ჩვენა აქა... შენა გგონია, მართლა არ ესმის?

 

ილა  -  წადი, შვილო, წადი შინა, კაცოო... ე რა ამაიღე, ე რა არი?

 

ოლა  -  გააჩხაკუნა და გაგვანათა...

 

ილა  -  რა არი ეგა?

 

ოლა  -  ესა რაღაცა ის არი სურათის გადასაღებადა...

 

ეგე, როგორ დადის და დააჩხაკუნებს.

 

ილა  -  ჩვენ გვიღებს სურათსა, კაცო, და როგორ უნდა გამოვჩნდეთ, რომ არა ვჩანვართ?

 

ოლა  -  რა იცი, რო არა სჩანხარ? იქნება სჩანხარ? და აბა, ეხლა გამაიკოხე შუბლი შენებურადა! გაიცინე მეთქი, ილავ, გაიცინე. რასა ჰგავხარ ეგრე პირქუში?

 

ილა  -  მამეშვი, ერთი და... რაცა ვარ, ეგა ვარ! ვა!..

 

ოლა  -  ილიკო, შვილო, აქ მამხედე, რა უნდა გითხრა... გესმის?

 

ილა  -  ჰო, ჰო, ძაან ესმის, ძაანა!

 

ოლა  -  ესმის, მშვენივრად ესმის... ილიკო, შვილო, ეგერ ემანდ კუნელის ბუჩქს ხო ჰხედამ? ემანდა შაშვებსა აქვთ ბუდე და გვიგალობენ ხოლმე... და ეგენი არ დააფრთხო, ისე მიდი მანდა...

 

ილა  -  მართლა იქით მიდის, კაცო...

 

ოლა  -  ეხლა ამ ჩვენი საფლავის ლოდს გამოჰხედე მაგ კუნელის ხავსიანი ტოტებიდანა... გვხედამ მე და ილასა?

 

ილა  -  გვხედამს, გვხედამს...

 

მემრე?

 

ოლა  -  აი, მაქედან გადაგვიღე, სწორედ მაქედანა და ჰნახე მემრე, რაც მოხდება...

 

ილა  -  მართლა გადაგვიღო, კაცო... მართლა ესმის, კაცო... ეგ რო ადრევე არ იყო ამქვეყნისა, აკი მაშინათვე ვამბობდი...

 

ოლა  -  წამო, აბა, ჩვენცა ვნახოთ, რა გამოვიდა.

 

ილა  -  წამო და წამო...

 

ოლა  -  აი, ემაგას გეუბნეოდი, ილიკო, შვილო...

 

ილა  -  ეს, იცი რა მოხდა, ოლა? გითხრა?

 

ოლა  -  მითხარი.

 

ილა  -  აი, ეს სურათის გადასაღები აბარატი რო უჭირამ ხელში ილიკოსა, ეს ხო ანათებს ხოლმე, სანამ გადაიღებდეს.

 

ოლა  -  ხანდისხანა.

 

ილა  -  მემრე ისა, რო ეს კუნელის ტოტები კიდენა ხავსიანია. თანაც როგორი ხავსიანი?

 

ოლა  -  როგორი?

 

ილა  -  სველი. სუ სველია ტოტებიცა და ზედ ამოსული ხავსიცა.

 

ოლა  -  კუნელისა?

 

ილა  -  ჰო, კუნელისა... და ამ სურათის გადასაღებმა რო გაანათა ეს კუნელის ხავსიანი ტოტები და ამ ტოტების მიღმა ჩვენი საფლავის ქვა, ოქროსფრად გაანათა! ოქროსფრადა! მიხვდი?

 

ოლა  -  ჰო, ოქროსფერ ტოტებში გამოიყურება ჩვენი საფლავი.

 

ილა  -  და ამ საფლაფს უკანა რო კაკალია, იმ ხის უკან თავგამოყოფილი პაპაანთ ბიჭიც გამოჩნდა აქა.

 

ოლა - ჰო, ეგე მანდ სადა სდგას...

 

ილა  -  ჟიკჟიკობა ღამის სასწაულია ესა, ჟიკჟიკობა ღამისა.

 

ოლა  -  მართალი ხარ, ილავ... აბა, სხვა დროს კი ვერ გადაიღებდა ეგეთ სურათსა.

 

ილა  -  ვერა, კაცო, ვერა...

 

აბა, სხვა დროს როგორა?

 

ოლა  -  ჰოდა, ილიკო, დაგვიტოვე ეგ წითელი კვერცხები აქა... ეხლა ერიდება და, თქვენ რო წახვალთ, პაპაანთ ობოლი პატრაბიჭი მოვა და იმას უნდა გავატანოთ, მადლია...

 

ილა  -  არ დადო, ეგრე პირდაპირ არ დადო ეგ პასკა, კაცო... ეგრე ხო დასველდება სულა.

 

ოლა  -  ისევ უკან ჩადე, ცელოფანში და თავი კარგად მოუკარი... ძაან გაჭირვებულია ეს პაპაანთ ბიჭი... (პაუზა) წადით ეხლა შინა, წადით. ვერა ხედამთ, რო სუ დაისველდით?

 

ილა  -  დაიცა, ილიკო, შვილო... რაღაცა უნდა მეთქვა და გადამვარდა გულიდანა, კაცოო...

 

ოლა  -  მე ვიცი, ილავ, რაც უნდა გეთქვა...

 

ილა  -  შენ საიდან იცი?

 

ოლა  -  ჩიტმა მომიტანა ამბავი.

 

ილა  -  რომელმა ჩიტმა?

 

ოლა  -  ემანდ, კუნელის ბუჩქებში რო ყვითელნისკატა შაშვი ცხოვრობს, იმანა.

 

ილა  -  კარგი მაშინა...

 

ოლა  -  ილიკო, შვილო, აემ პაპაანთ პატრაბიჭის მამა-პაპა იყვნენ მოსულები ჩვენთანა.

 

ილა  -  აემ პაპაანთ პატრაბიჭსა პაპა ხო აფხაზეთში მოუკლეს რუსებმა და საფლავიც აღარ დარჩა...

 

ოლა  -  და ცხინვალთან კიდე ალყაში მოქცეულმა მაგისმა მამამა ჯერ ხომ ოციოდე მებრძოლი მაინც მოუკლა შეტევაზე წამოსულ რუსებსა და მერე, ტყვია-წამალი რო გამოელია, სათავისო ყუმბარით აიფეთქა თავი, რომ ცოცხლად არ დანებებოდა იმ მტარვალებსაო...

 

ილა  -  ჰო, მამა-პაპის საფლავებიც კი აღარ დარჩა აემ საცოდავ პაპაანთ ბიჭსა...

 

ოლა  -  შეწირულები არიან ეგენი, შეწირულები ამ ჩვენ ქვეყანასა...

 

ილა  -  ეჰ, რამთვენია მაგათნაირი შეწირული...

 

 

მამები აფხაზეთში წვანან, შვილები - სამაჩაბლოში, და შვილიშვილები?

 

ოლა  -  შვილიშვილები უნდა გადარჩნენ, აემ ჟიკჟიკობა ღამის მადლმა უნდა გადაარჩინოს... უნდა გადარჩეს ჩვენებიანთ პაპაანების ოჯახი... და ეს გვთხოვეს, რომ მიგვიხედოს ჩვენ პატრაბიჭსაო...

 

ილა  -  ნუ აურიე, ქალო, შენა... როდის აქეთ არიან პაპაანები თქვენებიანთი?

 

ოლა  -  მაშ, თქვენებიანთია? აკი ვიძახი, რომ მეფე ერეკლეზე უწინდელ ხანაში ჩამოგვასალეს ფხოველში მთიდანა მეთქი. და ეგ პაპააანებიც მთიდან არიან, მთიდანა...

 

ილა  -  მთიდანა კი არა, ის არ გინდა კიდევა?..

 

ოლა  -  მაშ, საიდანა, ილავ?

 

ილა  -  ეეე, ოლავ, შენ რო გისმინო, სუ თქვენებიანთია ყველა და ჩემებიანი აღარავინ არი...

 

ოლა  -  მეფე ერეკლეზე უწინ ჩამოვსახლდით მთიდანა მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა.

 

ილა  -  მაშინ ეგრე დაწერე, ილიკო, რო უთვისტომო პაპაჩემისა და ფხოვლელი ბებია ოლას ლაპარაკი შამომესმა თქო...

 

ოლა  -  სუ ჭკვიანები გყავდათ შენი თამადობითა, რათა უთვისტომო?

 

ილა  -  ეგრე იყო საჭირო, აბა, მაშ, როგორა?..

 

ოლა  -  წადი, ილიკო, წადი, რას უსმენ ამ პაპაშენსა... ამან ხო მარტო ქალების დევნა იცის და მეტი არაფერი... წადი და, როგორც შენ გინდა, იგრე მოჰყევი ამ ჟიკჟიკობა ღამისა...

 

ილა  -  წადი, კაცო, წადი, წაიყვა ეს შენი ცოლიცა და დედაცა, მინამ ეს სანთლები ჩამქრალა.

 

ოლა  -  ალბათ, შორიდან გვიყურებს პაპაანთ პატრაბიჭი და ელოდება თქვენ წასვლასა, რო აეს კვერცხები და პასკა წაიღოს...

 

ილა  -  უსაფლავო მკვდრები ჰყავთ, შვილო, მაგათა, უსაფლავო...

 

და მიგვიხედე აემ ბალღსა...

 

ოლა  -  ჟიკჟიკობა ღამის მადლო და ბედისწერავ, შენ დაიფარე პაპაანების პატრაბიჭი...

 

ილიკო  -  აი, ვუსმენ და ვუსმენ გაფაციცებული, ვუსმენ და ვიმახსოვრებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დამდგარ ჟიკჟიკობა ღამისას, რომ მერე მოვყვე... (პაუზა). მოვყვები, როგორ არ მოვყვები, ისე მოვყვები, როგორც ამათ ილაპარაკეს, მაგრამ... (პაუზა). ძალიან მინდა, მაინც იმ ობოლ ცრემლზე მოყოლილი გამომივიდეს, რომლითაც ადამიანები ხანდახან მეტი ვხდებით ხოლმე საკუთარ თავზე... (პაუზა). ჟიკჟიკობა ღამის მადლი შეგვწეოდეს ცოცხლებსაც და მკვდრებსაც...

 

 

 

დასასრული

 

 

 

2009-2010

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დრამატურგია / მოსულიშვილი მიხო / ჟიკჟიკობა ღამე