რამიშვილი შალვა

წერილი ლევან ბერძენიშვილს

 

 

 

«პოზიტიურ-სამეცნიერო პროცესის იდეალურად დასრულების შემდეგაც კი ადამიანი შეიძლება სულიერების მხრივ აბსოლუტურად ცარიელ არსებად დარჩეს.

 

დიდი შეცდომაა დემოკრატიის და ელიტის განხილვა როგორც ურთიერთსაპირისპირო მცნებებისა”.

 

მაქს შელერი, გერმანელი ფილოსოფოსი

 

«დემოკრატიისას პატიოსანი პოლიტიკოსის ატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ბრიყვია, რადგან მხოლოდ ძალიან ბრიყვ ადამიანს შეუძლია გულწრფელად გაიზიაროს ერის ნახევარზე მეტის ცრურწმენები”

 

ბერტრან რასელი, ინგლისელი ფილოსოფოსი

 

პროლოგი

 

ძვირფასო ლევან,

 

ამ წერილში შევეცდები ავხსნა, თუ რატომ დამყარდა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი და ჯერჯერობით რატომ ვერ ხარობენ ნოყიერ ქართულ მიწაზე ლიბერალური იდეები. მინდა, რომ სათქმელს ორიგინალური ფორმა მივცე. ეს გახლავთ ვინმე მითიური პირის, გამოგონილი პერსონაჟის საიდუმლო წერილი შენთან, ლევან ბერძენიშვილთან. შენ ჩემი მეგობარი ხარ. ძირითად ონტოლოგიურ თუ გნოსეოლოგიურ საკითხებში ჩვენ თითქმის კონგენიალურნი ვართ. ამიტომ ჩემთვის ძალზედ საინტერესო იქნება ევროპული ღირებულებების აპოლოგეტის და მათი (ღირებულებების) პოპულარიზატორის, აგრეთვე ბერძნული კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტ ლევან ბერძენიშვილის და ზემოხსენებული პერსონაჟის: ვოლუნტარისტის, დიქტატორისა და ძალაუფლების ფანატიურად მოყვარული პირის პაექრობა. სწორედ ასეთი კაცი მიმართავს ლევანს.

 

მას, ჩემი წარმოსახვის ამ ნაყოფს, ფრანკენშტეინივით შევქმნიდი. მივცემდი ბოკერიას დემაგოგიის ნიჭს, ლევან რამიშვილისეულ განათლებასა და ფანატიზმს, ვანო მერაბიშვილის გლეხურ ცბიერებას და, რაც მთავარია, სააკაშვილის ლტოლვას ძალაუფლებისადმი. ოღონდ აღნიშნული ინგრედიენტების სიმძაფრეს ამ გოლებში (დავარქვათ მას ეს სახელი) ათჯერ გავზრდიდი. რა თქმა უნდა, ასეთი მონსტრი ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ, მგონი კორექტული იქნება თუ მას განვიხილავთ, როგორც ჩვენი ხელისუფლების კრებსით სახეს. ეჭვი მაქვს, რომ ამ წერილში დღევანდელი მმართველი გუნდის ფუნდამენტური მსოფლმხედველური თუ ზნეობრივი პრინციპები ოდნავ უტრირებულად, მაგრამ მაინც ზუსტად წარმოდგება თქვენ წინაშე. ამრიგად, ჩემო ლევან, მე გთავაზობ ერთგვარ ინტელექტუალურ თამაშს (დარწმუნებული ვარ შენ დიდი სიამოვნებით ამყვები მასში).

 

ყურადღებით მიადევნე თვალი სამყაროს ხედვის გოლემისეულ კონცეფციას. ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე განიხილე ის და თუ ძალგიძს დაგმე, ოღონდ ღირსეულად, მოწინააღმდეგის სადარი ემოციური თუ ლოგიკური ძალის მქონე არგუმენტებით. ჩემი აზრით, შენ ეს შეგიძლია.

 

ბოლოს რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შენიშვნა. თუ ჩვენი ოპონენტის წერილს ეტიმოლოგიურად გავაანალიზებთ, მაშინ ზოგიერთ მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი ტექსტი გადატვირთულია უცხოური წარმომავლობის სიტყვებით. ეს არაა თვითტკბობა. მე მსურდა ჩემი იდუმალი გმირის განსწავლულობისა და მისი აზროვნების სოფისტიკური წესისთვის გამესვა ხაზი. გარდა ამისა, თავს მოვალედ ვრაცხ დაბეჯითებით აღვნიშნო, რომ შენს მონა-მორჩილს ამ მითიური პიროვნებისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვს.

 

ერთგვარად მეუხერხულება კიდეც, რომ გოლემი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იდეების გამხმოვანებელი გახლავთ, თავისი შინაგანი მიზანსწრაფულობის და ვნებათა სიმძაფრის გამო, ჩემდა უნებურად, შენს პატივისცემას დაიმსახურებს (ეს შესაძლებელია რომ მოხდეს). კიდევ კარგი, რომ დღევანდელი «იმპერატორი” ინტელექტუალური და ნებელობითი თვისებებით საგრძნობლად ჩამოუვარდება მას. თუმცა სააკაშვილს რომ კლასიკური განათლება მიეღო და ახალგაზრდობაში საკრამენტულ თემებზე ეფიქრა, შეიძლება დამსგავსებოდა კიდეც ჩვენს პერსონაჟს. ასეა თუ ისე, წერილში ჩამოყალიბებული ფილოსოფიური დოქტრინა, ჩემი აზრით, კარგად ხსნის ჩვენი ხელისუფლების მიმდინარე პოლიტიკის არსს. შენ რას ფიქრობ ლევან? მე ველი შენგან გამოხმაურებას.

 

 

ჯერჯერობით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პროცესების რეალურად წარმმართველი პირის კონფიდენციალური წერილი ბატონ Lლევან ბერძენიშვილს

 

ბატონო ლევან, დიდი ხანია თქვენს მოღვაწეობას ვადევნებ თვალს და მსურს გამოგიტყდეთ, რომ ჩემში დიდ სიმპათიებს იწვევთ. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ უნიჭო და საშუალო ნიჭის ადამიანებთან მიხდება ურთიერთობა. ამიტომ განათლებული, ნაკითხი და კარგად მოსაუბრე კაცი ყოველთვის იმსახურებს ჩემს კეთილგანწყობას.

 

თქვენ და თქვენს პოლიტიკურ პარტიას მძიმე დღეები უდგას. მე მსურს გულწრფელად აგიხსნათ თუ რითია გამოწვეული თქვენი პოლიტიკური მარცხი. ის არა მარტო პარტიის ორგანიზაციულ სისუსტეშია, არამედ იმ იდეის ილუზორულობაშია, რომელიც აგერ უკვე 30 წელია გაწერიათ დროშაზე. თუ ასე გააგრძელეთ, მაშინ ეს დროშა არც არასდროს გასცილდება თქვენი მოკრძალებული ოფისის ფლაგშტოკს.

 

ახლა იურიდიული ტერმინი რომ მოვიშველიოთ, საქმის არსებით განხილვაზე გადავიდეთ. ბატონო ლევან, მინდა მოკლედ გავაკეთო ამ წერილში განვრცობილი საკითხების ანონსირება. მიუხედავად ცოდნის იმ მარაგისა, რომელიც კლასიკური განათლების წყალობით მოიპოვეთ და გადაამუშავეთ, აგრეთვე თქვენი დისიდენტური წარსულის გათვალისწინებით, მე მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ მცირედი უნებისყოფობა, ზედმეტი ჰუმანიზმი და ეგალიტარიზმისკენ გაუგებარი მიდრეკილება გახასიათებთ. მე ინტელექტუალურ ორთაბრძოლაში გიწვევთ! ამასთან მაქვს იმედი, რომ წონასწორობიდან (ანუ უძრაობიდან) გამოგიყვანთ და თქვენს ცხოვრებისეულ კრედოზე ახლებურად შეგახედებთ.

 

როგორც ჭკვიან და თავისუფლებისმოყვარე ადამიანს, თქვენ არ გექნებათ ხისტად ორგანიზებული კოგნიტური აპარატი, ხოლო როგორც მეცნიერს, პოსტულირებული სახით მოცემულ ჭეშმარიტებაში შეტანილი ეჭვი შემოქმედებითი წინსვლისთვის აუცილებელ წინაპირობად უნდა მიგაჩნდეთ (ცოგნიტო, ერგო სუმ).

  ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა ყურადღებით წაიკითხოთ ეს წერილი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მომწეროთ პასუხი. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ თქვენს ცხოვრებისეულ კრედოზე წარმოდგენა არა მარტო პოლიტიკური ბიოგრაფიით, არამედ თქვენივე ნაშრომებიდან შემექმნა. არა მგონია, რომ ის (წარმოდგენა) ძირეულად მცდარი იყოს. სხვაა რამდენად ძალმიძს შემოქმედის ნახელავიდან ამ შემოქმედის მსოფლმხედველობაზე ჭეშმარიტი დასკვნის გაკეთება. მოდით თავად განსაჯეთ თუ როგორ გამომდის ეს.

 როცა ოპონენტის პოზიციას აკრიტიკებ, ნათლად უნდა გქონდეს მონიშნული ის რედუტი, რომლიდანაც აწარმოებ შეტევას.

 

ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ თქვენ შესახებ ვიტყოდე ორიოდ სიტყვას, თავად უნდა მკაფიოდ დავაფიქსირო ის ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც შეიარაღებაზე მაქვს აღებული. ეს არცთუ ისე იოლი საქმეა.

 

კარგად რომ დავუფიქრდეთ, ანალოგიური ამოცანა თითოეული ინდივიდისთვის უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ დილემას წარმოადგენს. თავად განსაჯეთ, როგორც კი თავს დავიგულებ რომელიმე მწყობრი ფილოსოფიური სისტემებით გამაგრებულ სანგარში, მაშინვე ხელთ მექნება მზა პასუხები კაცობრიობის მტანჯველ კითხვებზე. რას წარმოადგენს ცხოვრების მიზანი? რა იმალება სიკვდილს მიღმა? რა არს ჭეშმარიტება? (ქუიდ ესტ ვერიტას?) მაგრამ არსებობს კი ამ მარად მედინ სამყაროში ასეთი სანგრები, სადაც ადამიანური გონება სამუდამოდ აფარებს თავს?! თუ მათში ფუნდამენტალისტურ ტოტალიტარულ სისტემებს ვგულისხმობთ (მაგ. კომუნიზმი ან დოგმატური რელიგიური კონფესიები), მაშინ ეს რედუტი კი არა კატაკომბებია, რომელშიც მოხვედრა ინტელექტუალურ ტყვეობას და სიკვდილს იწვევს. აგნოსტიციზმი იგივ ესკეიპიზმია და ნიჰილიზმის დამანგრევი რამ გახლავთ. ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა შედგეს ორი აგნოსტიკის დისკუსია, როცა ისინი გაურბიან არსებით საკითხებზე მსჯელობას. სოციალისტები, ჩემი აზრით, გარეწრები ან გონებრივად ჩამორჩენილნი არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ კაცობრიობის განვითარება და პროგრესი კაცთა მოდგმის ცხოველურ ინსტინქტთა დაკმაყოფილებას ემსახურება.

 

მარქსთან ერთად მათი მზეც ჩაესვენა. მართლმადიდებლები ვერ დაიტრაბახებენ მწყობრი ფილოსოფიური სისტემით. მათი თანამედროვე ყველაზე დიდი მოაზროვნე ბერდიაევიც კი არ მაკმაყოფილებს. გარდა ამისა, ამ მწერლის კითხვისას მე მუდმივად მიჩნდება ერთი ლეგიტიმური შეკითხვა: თუ რატომ მიიჩნევს ის თავს მორწმუნედ მართლმადიდებლად და ეკლესიის წევრად? ეკლესიის წიაღში მოქმედი უამრავი ტაბუ თუ აკრძალვა, მეთოდის რანგში აყვანილი დოგმატური მოდგმა სულს მიხუთავს. მიუხედავად იმისა, რომ იმავე ბერდიაევის შემწეობითაც ძალზე კარგად ვხვდები ხალხოსნურ რელიგიასა და თეოლოგიას შორის არსებულ განსხვავებას, მე მაინც არ ძალმიძს თუნდაც ცნობილ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა ნააზრევით დავიკმაყოფილო ცოდნის წადილი. პანთეიზმი, ტეარდიზმი თუ შტაინერისტული ანთროპოსოფია, მომიტევეთ და, ინტელექტუალურ სპეკულაციად მიმაჩნია. მე 21-ე საუკუნის შვილი გახლავართ.

 

მწყურია ქმედება და საკუთარი გავლენის ექსპანსიისკენ ვარ მოწოდებული. რა შეიძლება მომცეს მეამბოხე ებრაელი ფილოსოფოსის (ბარუხ სპინოზა) მიერ აღმოჩენილმა ბუნებაში დავანებულმა ღმერთმა. თუ ჩემი ბუნება მოითხოვს სხვათა (ჩემი მტრების) ნების დათრგუნვის შედეგად კონკრეტული წარმატების მიღწევას, მაშინ პანთეიზმის (სპინოზას რელიგიური მრწამსი) მიხედვით რას მივაწერო ეს მისწრაფებანი, სატანას თუ უზენაესი სიკეთის მატარებელ აბსოლუტს? ან კიდევ დამამშვიდებს თუ არა რწმენა იმისა, რომ პროტოპლაზმურ-ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი პოტენციალთა წერტილ ომეგამდე (იგივ ღმერთამდე) სავალი გზის ერთ-ერთი საფეხური ვარ? არ მიყვარს ესქატოლოგიური თეორიები. მისტიციზმსაც ეჭვის თვალით ვუმზერ. იმდენი შარლატანი ცდილობს ეზოთერულობის საბურველით საკუთარი დილეტანტიზმის შენიღბვას, რომ ყველაზე ცნობილი მისტიკოსი შტაინერი თავისი ანთროპოსოფიით ერთგვარი სექტის შემქმნელად მესახება. მავანი ჩემს შემთხვევაში ფარ-ხმალსაც დაყრიდა, რადგან ამდენი დოქტრინის კრიტიკული ანალიზის შედეგად ვერცერთი ვერ ამოვირჩიე. მაგრამ აქ სხვა მეთოდის გამოყენებაა საჭირო, რომლის შეფასებასაც თქვენ გთხოვთ, ბატონო ლევან.

 

საკითხი ასე უნდა დაისვას: რას წარმოვადგენ მე? როგორი მოთხოვნები მაქვს გარემომცველი სამყაროსადმი და რა მიზნის მიღწევაში უნდა დამეხმაროს ჩემთვის მისაღები ფილოსოფიური პარადიგმა? ეს პრაგმატული მიდგომა გახლავთ, რომელიც აზროვნების წესებისა და რეფლექსიის კონსტიტუციას კონკრეტული ამოცანის შესრულებას უქვემდებარებს. მე მივიჩნიე, რომ ჩემს ასაკში უკვე თვითკმარ «ჰომო საპიენს”-ად ჩამოვყალიბდი. თუ როგორ _ ეს აღარაა არსებითი. ამოცანის გასაადვილებლად მე არ მაინტერესებს თუ რა გარემოებებმა იქონია გავლენა ჩემი შინაგანი სამყაროს კონსტრუირებაში. მე ფილოსოფიურ დოქტრინას სანუკვარი მიზნის მიღწევისათვის აუცილებელ იარაღად ვსახავ. ხატოვნად რომ ვთქვათ, მე ოკეანის ტალღების მინდობილი კატასტროფის ის მსხვერპლი ვარ, რომელსაც აღარ ახსოვს თუ რას განიცდიდა ჩაძირვამდე ხომალდზე მყოფი, რატომ ჩაიძირა ხომალდი და სად იყო მისი მშობლიური ნავთაყუდებლი. სამაგიეროდ, მე ზუსტად ვიცი თუ რა მინდა ახლა და როგორ უნდა ვიმოქმედო იმისათვის, რათა ღვთის ნებით და ბედის წყალობით კუნძულზე გამოვირიყო.

 

 მაშ ვინა ვარ მე?! რა მინდა და რა არ მასვენებს?! ძალაუფლების წყურვილი, გარემომცველი საგნების და ადამიანების ობიექტური რეალობების სათავისოდ შეცვლის სურვილი...

 

გახლავთ თუ არა ეს ვნებანი ჩემი არსების განუყოფელი ნაწილი?! დიახ! ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე – დიახ! მე მაქვს უეცარი სიკვდილის ირაციონალური შიშით გამოწვეული სურვილი გარეული ნადირის მსგავსად სწრაფად და ხშირად მოვნიშნო ჩემი მოქმედების არეალი. ხან რომელიმე ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტს, ხან რომელიმე ვიზუალურ პროდუქტს ვქმნი და ეთერში ვფანტავ ანუ გამოსაჩენ ადგილას ვათავსებ, რათა ყოველმა სულიერმა იცოდეს – აქ ვიყავი მე. ბუნებაზე ბატონობის ლტოლვა გამოსჭვივის ჩემს ნახელავში. ეპატაჟი, ერთგვარი შემოქმედებითი ხულიგნობა ჩემი მანერაა. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას საზოგადოებრივი მოწყობის სისტემებთან, აქაც კატეგორიულობით გამოვირჩევი (ან მსურს რომ გამოვირჩეოდე). მაგ. სავსებით ლიბერალურ და ტოლერანტულ გარემოში აღზრდილს მაინც მძულს ეგალიტარიზმი.

 

ის ჩემი მომაკვდინებელი შხამია! საყოველთაო ძმობისა და იდილიის სურათ-ხატები ვულგარულ კიჩად მეჩვენება. იმ სულის (ვუწოდოთ მას სოკრატეს დემონის რემინისცენცია) კონვულსიებს, რომელიც ჩემში ბუდობს, არა აქვს რაციონალური ახსნა, ხანდახან საკრალურ არტეფაქტებთან მიახლებისას ან წმინდა წიგნების კითხვის დროს ეს რაღაც (ან იქნებ ვიღაც?) თითქოს თვლემას იწყებს, თავს მანებებს და მეც მისტიკურ ექსტაზს ვეძლევი. მაგრამ შემდეგ ფსალმუნებით მიძინებულ ციხე-სიმაგრეს მოადგება შავებში გამოწყობილი ჰეროლდი და ბუკის მჭახე ხმით აღვიძებს იმას და მეც მასთან ერთად ბრძოლაში ვეშვები. მიცანით, ბატონო ლევან?! ნუ შეიჭმუხნით უკმაყოფილოდ შუბლს.

 

ამბრის ნაზი სურნელით გაჟღენთილ და მზის სხივები შუქ-ჩრდილებით მოქარგულ აზრის ტაძარში, იქ, სადაც ოლიმპიურ სიმშვიდეში თქვენი საყვარელი პლატონი ქადაგებს, მომთაბარე ბარბაროსი შემოიჭრა, რომელიც ჰარმონიულ აპოლონიურ სამყოფელს დიონისიური სიშმაგით დაარბევს. ნიღბები შორს, ბატონო პროფესორო, მოგესალმებით თანამედროვე სამამულო წარმოების ვოლუნტარისტი და დღევანდელი საქართველოს იდუმალი არქიტექტორი.

 

 თქვენ ბევრის მცოდნე კაცი ბრძანდებით, ბატონო ლევან, და იმასაც უნდა ხვდებოდეთ თუ რაოდენ დიდ თავგანწირვას ითხოვს ჩემგან ეს პოზიცია. როდესაც ღმერთები იღუპებიან, როდესაც კოლოსალური ტაძრები ინგრევიან, ფსიქიკური მდგრადობის და ნებისყოფის შენარჩუნება მართლაც ზეადამიანური ამოცანაა.

 

საჭიროა არ მოხვდე ნანგრევებში და გადარჩენილმა მწვერვალისკენ გზა განაგრძო. გზა კი რთულდება. თან არანაირი საგზალი აღარ მიმაქვს. სუსხიანი ქარისგან სამოსი არ მიცავს. მორალური იმპერატივები ბატონ ემანუელ კანტს დავუტოვე, რომელმაც ვერ გამაგებინა ის, რაც თავად არ იცოდა (მას ხო ასე აკვირვებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მის თავზე და მორალური კანონი საკუთარ თავში), კეთილი და ყოვლისშემძლე ღვთის სახე სქოლასტებს მივაჩეჩე (ისინი შემდეგ თავად დანებდნენ რაციონალისტთა თუ სენსუალისტთა შემოტეევებს). თანამედროვე ზილიაზმის იდეა დიალექტიკური მატერიალიზმის აპოლოგეტებს დავუბრუნე (მათ ეს სათამაშო სსრკ-ს დაშლისას დაეკარგათ). ბედკრული სამშობლოს ნაციონალური აღორძინების იდეის დისკრედიტირება ჩემში კოსტავასა თუ გამსახურდიას პრიმიტიულმა შტაინერიზმმა, ხოლო შემდეგ რეაქციულმა პროვინციალიზმმა მოახდინა.

 

ლიბერალური ეფემერა კი საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობამ ჩაკლა. სამაგიეროდ, მე გამოვიბრძმედე და მიმდინარე მოვლენებს საკუთარი ნების ტრიუმფის ჭრილში ვუყურებ. რა თქმა უნდა, ახლავე შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები თუ როგორ ხდება ამ ყოველივეს ექსტრაპოლირება ე.წ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამაზე დასტებად აქვს ნაწერი ჯერ შოპენჰაუერს, შემდეგ ნიცშეს და ფროიდსაც კი. უბრალოდ, ჩემს შემთხვევაში ვოლუნტარისტულმა დოქტრინამ ოდნავი ლიბერალიზაცია განიცადა. მოკლედ იმაზე თუ რაში მდგომარეობს ეს უკანასკნელი (ანუ დოქტრინა): მე ვთვლი, რომ საზოგადოების სეგრეგაცია მისი სულისმიერი პოტენციალების და მოთხოვნების ნიშნით აუცილებელი და გარდაუვალი რამაა.

 

მე მიმაჩნია, რომ არანაირი ბუნებითი უფლებანი ადამიანებს აპრიორულად არ გააჩნიათ, რომ სამართლიანი გაცვლა-გამოცვლის უფუნდამენტურესი პრინციპი მოითხოვს, რომ გარკვეული სიკეთის მოპოვება აუცილებლად საჭიროებს რაღაც ეკვივალენტურის გაღებას. უსაფრთხოება, სიმაძღრე (მათ შორის სულიერიც), განვითარებისა და სრულყოფის შესაძლებლობანი ინდივიდმა კი არ უნდა იჩუქოს, არამედ უნდა დაიმსახუროს. და რაკი კაცთა მოდგმის უმრავლესობას სულაც არ სურს რაიმეს გაცემა სანაცვლო სიკეთეების მიღებისათვის, მაშინ ჯილდოს მოიპოვებს უმცირესობა – მსხვერპლის გაღებისათვის მზად მყოფი სულისმიერი არისტოკრატია.

 

აქ თავს მივცემ ოდნავი გადახვევის უფლებას და აღვნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში სიკეთეებში არა მარტო მატერიალური ფასეულობები (მაგ. ფინანსები) ან რაიმე დეკლარაციით გარანტირებული უფლებები იგულისხმება, არამედ თვითრეალიზაციის ის საშუალებანი, რომლებიც ყოველ აქტიურ ინდივიდში ჩანასახოვან მდგომარეობაში მთვლემარე პოტენციალების ხორცშესხმის საშუალებას იძლევა. თუ თქვენ ეს განმარტება კვლავ ბუნდოვნად მოგეჩვენათ, მაშინ დავამატებ, რომ სიკეთედ ამ შემთხვევაში ვთვლი სოციალური თუ სახელმწიფო იერარქიის საფეხურებს, ხელმძღვანელ თანამდებობებს, გარკვეულ წოდებებს აკადემიურ სამეცნიერო თუ სახელოვნობო წრეებში. ერთი სიტყვით, ყოველგვარ ცენზს ანუ გაკვეულ პირთა დასაშვებობას საკონსტიტუციო, საკანონმდებლო, სამეცნიერო, სახელოვნებო, სამეწარმეო ან რაიმე სხვა საქმიანობაზე.

 

დიახ, ბატონო ლევან, ეს სეგრაციის ის იდეაა, რომელიც დღეს მსოფლიოში გაბატონებულ დემოკრატიულ შაბლონში, როგორც პროკრუსტეს სარეცელში არ ჩაეტევა. მაგრამ მოდით ვცადოთ და უფრო ჩავუღრმავდეთ თემას.

 

სულაც არ მინდა კატეგორიული კაცის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ საზოგადოებრივი თანაცხოვრების პოლიტიკის ერთადერთ მნიშვნელოვან საკითხად ძალაუფლების საკითხი მიმაჩნია. ვინ მართავს, ვინ წყვეტს, ვის ხელშია მილიონთა ბედი? აი მთავარი რამ, რაც უნდა გაირკვეს. ეს თემა გარკვეული საკრალიზაციის გარეშე ვერ განიხილება. ძველ და კარგ დროს, როცა მეფენი უფლის სახელით მბრძანებლობდნენ, ამ საკითხებში ბუნდოვანება არ სუფევდა. ხალხი დაყოფილი იყო არისტოკრატიად და პლებსად (მგონი დამეთანხმებით, რომ ათენისა და რომის რესპუბლიკებიც ასეთ წყობას ინარჩუნებდნენ). ყველამ იცოდა თავისი ადგილი და ცოცვისთვის განწირული ფრენაზე არ ოცნებობდა. წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრებამ ახალი მოთხოვნები დაუყენა ძალაუფლების ხელში ჩაგდების და შემდგომი ხალხის სტაბილურად მართვის აუცილებელ პროცედურებს.

 

პლებსის გონებაში შხამის სახით შეღწეულმა ეგალიტარულმა იდეებმა ყველა მოახლესა თუ მჭედელს აფიქრებინა, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკითხების გადაჭრისას. შეუძლებელია არ გრძნობდეთ ასეთი ერესის საფრთხეს. თქვენ ანტიკომუნისტი ბრძანდებით და კარგად ხვდებით თუ რა შეუძლია მეამბოხე მასის ინდივიდუალობაწართმეულ წარმომადგენელს. მას სურს უფლებანი, თავისუფლებანი, პური და კარაქი, მაგრამ სანაცვლოდ არაფრის Gგაღება არ უნდა. სულ ახლახან მიმდინარე მოვლენები გავიხსენოთ. ხომ დავრწმუნდით, რომ მასას თითქოს სწადია სამართლიანობა, დამოუკიდებელი მედია, თავისუფალი განვითარება და კარგი ეკონომიკური პერსპექტივა, მაგრამ ამ ყოველივეს მისაღწევად თავგანწირვა, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენება, არსებული მოჩვენებითი «სტაბილურობის” დათმობა კი არ სურს. ამიტომ საშუალო სტატისტიკური ქართველი (ე.წ.

 

ოპოზიციურ ლიდერებზეც მაქვს საუბარი) დაშინდა და ბოლოს ჩალის ფასადაც გაიყიდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად ჩემთან მებრძოლნი სინამდვილეში მდაბიო სულის მქონე გლეხუჭები აღმოჩნდნენ. ნამდვილი მეომრების ბელადთა საბრძოლო მძვინვარება მათთვის სრულიად უცხო აღმოჩნდა. ჩემსა და ჩემს გუნდში დღეს გაცილებით მეტია ძალაუფლების პრეისტორიული წყურვილი ვიდრე ვაი-ოპონენტებში, რომლებიც საშუალო გაქანების ადამიანები აღმოჩნდნენ და მეტწილად სინეკურაზე (ისეთი უსაქმური ცხოვრება, როცა მაღალი შემოსავალი გარანტირებული გაქვს) ოცნებობენ.

 

მორალი (რომელიც, ნიცშეს რომ დავესესხოთ, თავისი არსით სუსტი იარაღია) სულაც არ მაბრკოლებს. ზნეობრივი პოზიციიდან ჩემთან ბრძოლა უშედეგოა. მაგრამ მე მგონი უკვე ჟანრს ვღალატობ საკუთარი თავის სულიერ სტრიპტიზს ვიწყებ.

 

აქ კი არაა ამის ადგილი. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ძალაუფლება რჩეულთა სულისმიერ არისტოკრატთა ხვედრია. ამ კეთილშობილთა კასტის წევრობა კი 21-ე საუკუნეში არა მარტო წარმომავლობით, ინტელექტულური თუ ქონებრივი ცენზით, არამედ გამარჯვების მისაღწევად მსხვერპლზე წასვლის მზადყოფნის ხარისხით – სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავგანწირვის უნარით არის განპირობებული. მე ფილოსოფოსი ვარ და მინდა ქაოსს გამოვტაცო ჭეშმარიტება, მოქანდაკე ვარ – მარმარილოს უფორმო ლოდისგან მშვენიერი უნდა შევქმნა, მმართველობა მსურს და მინდა ხალხი ჩემს მტკიცე ნებას აჰყვეს და ახალი ყაიდის საზოგადოება ააშენოს. მაშინ მე ისიც ვიცი, რომ შეიძლება ქაოსმა იმარჯვოს და ნიცშესავით ჭკუიდან გადამიყვანოს. ვგრძნობ, რომ მარმარილოს ლოდი შეიძლება თავზე დამეცეს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც ძალაუფლების წართმევა მსურს, შეიძლება ფიზიკურად გამანადგურონ. და თუ მიუხედავად ასეთი რისკისა, მე კვლავ ჯიუტად მივიწევ წინ, ამასთან მაინცდამაინც პედანტური არა ვარ ბრძოლის იარაღის ამორჩევაში,

მაშინ მე მაქვს გამარჯვების შანსი.

 

უფრო მეტიც, მე უკვე გამარჯვებული ვარ ჩემს პლებეურ ნატურაზე, ჩემი სულის მასასთან მაიდენტიფიცირებელ ჰიპოსტასზე. მე უკვე სულისმიერი არისტოკრატიის წევრი ვარ.

 

 ბატონო ლევან, მსგავსი ნიცშეანური ფილოსოფია გასული საუკუნის დასაწყისში ფაშიზმად ტრანსფორმირდა. ეს მე კარგად ვიცი. მაგრამ რადგან დიალექტიკითაც ვარ ოდნავ დაავადებული – მაინც მიმაჩნია, რომ ვოლუნტარიზმის და ძალის პრიმატებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის დამყნობა ლიბერალიზმის სუსტ ნერგზე სავსებით რეალური ამოცანაა. თეზისი და ანტითეზისი სინთეზს იწვევს. თეზისია ის, რომ მხოლოდ ზეადამიანნი, რჩეულნი, არისტოკრატები ისწრაფვიან ქმედებისაკენ. ამიტომ ასეთი ძალისხმევის, ბრუტალური (დაუნდობელი, უხეში) ბრძოლის შედეგად მთელი მსოფლიოს რესურსი, მატერიალურიც და იდეალურიც მათ უნდა ერგოთ.

 

მასა მათ ფერხთით უნდა გადაეფინოს ფიანდაზად. ანტითეზისია კი ის, რომ ყოველ ადამიანს აქვს თანაბარი და განუყოფელი უფლება იცოცხლოს, ღირსეულად იარსებოს, მიიღოს თანაბარი მონაწილეობა საზოგადოების ბედის გადაწყვეტაში. მიუხედავად რასისა, სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და თავისი ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოქალაქე. ერთი სიტყვით, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას რომ დავესესხოთ: «ყველა ადამიანი თანაბარსწორია და მათ შემოქმედისაგან ბოძებული აქვთ განუსაზღვრელი ხელშეუხებელი უფლებანი, რომელთა რიცხვს განეკუთვნება უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაზე”.

 

 სინთეზი ამ თეზისისა და ანტითეზისისა არის საზოგადოებრივი მოწყობის ის ფორმა, რომელშიც პლებეები კმაყოფილნი არიან თავიანთი არსებობით და მათი დამოკიდებულება რჩეულ სულისმიერ არისტოკრატიასთან (რომელიც განაგრძობს ექსკლუზიურად მართვას) სტაბილური კეთილგანწყობით ხასიათდება. აქ ისმის შეკითხვა: როგორ უნდა მოხდეს ის, რომ ცხვრებიც მთელნი იყვნენ და მგლებიც მაძღარნი? უხსოვარი დროიდან ამ ამოცანაზე თავს უამრავი მონარქი და ბრძენკაცი იმტვრევს. ამ დილემის გადაჭრაში ზემოხსენებული დეკლარაციის ერთი პასაჟი დაგვეხმარება. “ხალხის ერთ-ერთი ძირეული უფლება ბედნიერებისაკენ სწრაფვააო” – გვეუბნებიან მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის დამფუძნებელი მამები.

 

ეს ცოტა არ იყოს აბსტრაქტული ფორმულირებაა. მაგრამ თუ გავაანალიზებთ იმას, თუ რა არის ადამიანთათვის ბედნიერება, მაშინ ვნახავთ, რომ უმრავლესობას ბედნიერების კრიტერიუმად არცთუ ბევრი რამ აქვს დასახული. ყოველდღიური საკვები, ბინა, სექსუალური მოთხოვნების მინიმალური დაკმაყოფილება, უპრეტენზიო გართობათა ხელმისაწვდომობა, თავისნაირებში «ღირსეული” ადგილის მოპოვება და, რაც მთავარია, თავის მოტყუება იმ ილუზიით, რომ კეთილი მმართველი (სახელმწიფო) ზრუნავს მასზე და ფხიზლად დარაჯობს სამართლიანობის საყოველთაო ნორმებს. არამარტო პურითა ერთითაო ნათქვამია და ამიტომ თანამედროვე მოქალაქისათვის ასევე აუცილებელია სულიერი სილოსი: საკუთარი ტრადიციების და ადათ-წესების მარადიულობის რწმენა. ისინი (ტრადიციები) ხომ სწრაფად ცვალებად სამყაროს ბობოქარ ზღვაში ჩაშვებული ღუზის მაგივრობას სწევენ და სტაბილურობის განცდას ბადებენ მასის წარმომადგენელში. მანვე, რაიმე, თუნდაც ფანტასმაგორიული იდეის მეშვეობით უნდა დათრგუნოს სიკვდილის შიში. ხოლო გარკვეული სახის ზეამოცანამ, მეტამიზანმა (მ,აგ.

 

«ქვეყნის გამთლიანების წმინდა მისიამ~) საკუთარი ერის გამორჩეულობის შეგრძნება უნდა ჩაუნერგოს. ბატონო ლევან, მსურს გაუწყოთ, რომ ჩემი აზრით ეს პრობლემები თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების პირობებში იოლად გადასაწყვეტია. სავსებით რეალურია აროსტოკრატთა მმართველობის დამკვიდრება ისე, რომ პლებსს ლანგარზე მივართვათ მოდერნიზებული და დემოკრატიულ იდეალებთან კონგენიალური ანემ ეს ცირცენსეს და სიმშვიდეში ვამყოფოთ. მართლაც, დღეს მსოფლიოს გააჩნია ეკონომიკის ეფექტურად მართვის იმდენად დიდი გამოცდილება, რომ ნამდვილი გონებასუსტი ხარ თუ ხალხს საარსებო მინიმუმით მაინც ვერ უზრუნველყოფ (მეტი მათ მაინც არ უნდათ). ამრიგად, Pანის-ის პრობლემა მოგვარებადია. ამ საკითხში საჭიროა პროცესების თვითდინებაზე მიშვება და მმართველის მხრიდან სამეურნეო საქმეებში მაქსიმალური ჩაურევლობა. ხალხი თავად შეინახავს თავს.

 

გაძღომის შემდეგ მათ რაიმე ნაციონალური იდეის მსგავსი დასჭირდებათ. მასმედიის თანამედროვე საშუალებანი (ვის ვის და მე ამაში უნდა დამერწმუნოთ) ყველაზე ბოდვითი იდეის გაფეტიშების საშუალებას იძლევა. განა ამის დასტური არაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოში, აშშ-ში, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქენი აზიის უდაბნოებში «დემოკრატიის იმპორტის~ იდეით გაცურა. ოდნავი შემოქმედებითი მიდგომა და მოსახლეობის სანახაობრივი მონუსხვისათვის აუცილებელი სპექტაკლის შეთხზვა აქაც არ გაგვიჭირდება. ჩემი მოღვაწეობა ხომ მხოლოდ მსგავსი შოუებით ხასიათდება? გახსოვთ განმუხურში განვითარებული დრამა, როცა ჩვენს საწყალ ჯარისკაცებს რუსმა ოკუპანტებმა სცემეს. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა Dეუს ეხ მაცჰინე-ვით გამოჩენილმა პრეზიდენტმა «მტერს სულ კუდით ქვა ასროლინა”.

 

 დიახ, თქვენ სწორედ მიხვდით, ბატონო ლევან.

 

უმრავლესობას თვალ-მარგალიტი არ უნდა დავუყაროთ ფეხებთან.

 

არისტოკრატია უნდა მართავდეს ქვეყანას ისე, რომ მაინც და მაინც თვალში არ ეჩხირებოდეს პლებსს, მასკულტურით, სუროგატული პროდუქციით, საკუთარი მისიის ილუზორული შეგრძნებით (~საქართველო ღვთისმშობლის წიხლვედრი ქვეყანაა”, «აფხაზეთში დავბრუნდებით, იგი ჩვენი ტკივილია!”, «ნატო – საქართველოს საუკუნოვანი ოცნება!~) დანაყრებული მასა საყოფაცხოვრებო პრობლემებს გადაწყვეტს. შემდეგ საარჩევნო პიარ-აბს გადაყლაპავს და სავსებით «დემოკრატიულად” კვლავ აირჩევს მმართველ არისტოკრატიას (ზუსტად ეს მოხდა ახლახან საქართველოში). მმართველთა ამოცანა საკუთარი ძალაუფლებით ტკბობა კი არა (ეს ხომ ეგზიბიციონიზმია და მდაბიური სულის გამოვლინება გახლავთ), ზეამოცანების გადაწყვეტა, ერის სულისმიერი საგანძურის შევსება და გონებრივი მწვერვალების დასაპყრობი ექსპედიციების აღჭურვა და მისი უზრუნველყოფა უნდა იყოს. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მეცნიერება გახდება. რადგან, ჯერ ერთი, მხოლოდ მას ძალუძს ზეადამიანთა ახალი თაობების შეიარაღება ქაოსთან ბრძოლაში. და მეორეც, სამეცნიერო მიღწევების მასობრივი დანერგვა უფრო უღრმავებს ხალხს ბედნიერების ილუზორულ შეგრძნებას (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომუნიკაციის საშუალებების უახლესი მოდელებით სამომხმარებლო საზოგადოების გაბრუება). ეს ყოველივე გლობალურ ასპექტში განვიხილოთ და დავასკვნათ, რომ თუ ყოველი ქვეყნის სათავეში ასეთი არისტოკრატები აღმოჩნდებიან, ისინი სულისმიერი ნათესაობის გამო იოლად გამონახავენ ერთმანეთში საერთო ენას და პლანეტაზეც წესრიგი და ჰარმონია დაისადგურებს.

 

რჩეულნი ჩამოაყალიბებენ ე.წ. მერიტოკრატიულ წყობას (მერიტოკრატია – ისეთი სისტემის დასახელება, რომლის დროსაც ხელისუფლების ფორმირების პრინციპები უზრუნველყოფენ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან განსაკუთრებულად ნიჭიერთა დაწინაურებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მერიტოკრატია ესაა ნიჭიერთა მმართველობა). სწორედ მერიტოკრატიისას იქმნება სოციუმის ზედა საფეხურზე ანუ აღმა, არისტოკრატიისაკენ მოძრავ ლიფტში მოხვედრის ის წინაპირობები, რომლებიც მმართველების კასტის ახალი სისხლით შევსებას უზრუნველყოფს. გავიმეორებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში აღმატებულ კასტაში მოხვედრის აუცილებელი პირობა არა მარტო ნიჭი ან შრომისმოყვარეობაა, არამედ ნებელობითი თვისებებიც გახლავთ, რომლებიც სულით ძლიერ ინდივიდს საშუალო სტატისტიკური მოქალაქისგან იგივ ფილისტერისაგან და ობივატელისაგან გამოარჩევს.

 

ამრიგად, ამოცანა, რომელიც ოდნავ ზემოთ ასე გადაუჭრელად გვეჩვენებოდა, პროპაგანდა-აგიტაციური ფანდების სრულყოფილი ფლობის შემთხვევაში იოლად იჭრება. ძალაუფლების მქონეთ სამი მთავარი მიზანი უნდა ამოძრავებდეთ:

 

I. თუ შევთანხმდით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უპრეტენზიო მასა წარმოადგენს, მაშინ აუცილებელია მასის წევრთა არსებობისთვის საკმარისი მინიმალური სიკეთეების დისტრიბუცია მოსახლეობამდე. ამასთან მასა ერთგვარ ვეგეტატიურ მდგომარეობაშიც უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს სულის არისტოკრატთა განვითარებისათვის საჭირო საკვები გარემოს შექმნა.

II. ამ გარემოს სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭიროა ახალი იარაღების შექმნა და გამოყენება.

 

ეს იარაღებია: არჩევითი დემოკრატია, ძალაუფლების დივერსიფიკაცია (რაც მასებისთვის ლოკალური საკითხების გადაწყვეტის მინდობაში ანუ თვითმმართველობაში გამოიხატება), ეკლესიის, პროფესიული გაერთიანებების, მარგინალური არასამთავრობო უფლებადამცველი ჯგუფების მეშვეობით ორთქლის გამომშვები საგდულების შექმნა. პროპაგანდისტული საშუალებებით ხალხისთვის ყალბი ზეამოცანების დასახვა და კონსოლიდაცია მათ გადასაჭრელად (ეს ყოველივე დროდადრო განმუხტავს დაძაბულობას, რომელიც ხალხში იქმნება).

III. მასებიდან ბედის რჩეულთა სელექციისათვის მკაფიო კრიტერიუმების დადგენა. ხსენებული სელექციის უზრუნველმყოფი მექანიზმის შემუშავება. შემდგომში რჩეულთათვის განათლების და განვითარების უზრუნველყოფა. მათი ჩართვა ხელისუფლების ვერტიკალში ან საზოგადო მოღვაწეობის რომელიმე სფეროს ელიტაში.

 

პირველი ორი ამოცანა არაა რთული. როგორც კი საშუალო ადამიანი თუნდაც უპრეტენზიო საკვებით კუჭს დაინაყრებს, მისი აღგზნება რადიკალურად შემცირდება. სქესობრივი დაძაბულობის განსამუხტავად მას ძალიან საშუალო გარეგნობის მდედრიც აკმაყოფილებს.

 

პლებსმა ნათლად იცის, რომ მდიდრული ნადიმი და სილამაზით გამორჩეული ძუს ფლობა გარკვეულ რისკს და თავგანწირვას მოითხოვს. ეს ბატონ პროლეტარებს არ ჰქონდათ არაფერი დასაკარგი ბორკილების გარდა. მეშჩანისათვის პროტესტის გამოხატვისას დოვლათის, უფრო სწორად, პატარა დოვლათუკას სრულად დაკარგვის საფრთხე უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორი გახლავთ. ამიტომ ასეთი ადამიანები, თუ მათ დავუცაცხანებთ, დიდი სიხალისით გვიწილადებენ სარჩოს ნაწილს, რითაც უზრუნველყოფენ მათი მბრძანებლების საარსებო პირობებს. საჭიროა მხოლოდ ამ მბრძანებლური მონაცემების მქონე ნეოფიტთა აღმოჩენა და მათი განსაკუთრებულად გამოწრთობა. დიახ, ბატონო ლევან, უმთავრები რამაა ამ ინდივიდების გამოსაზრდელად ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ სრულჰყონ თავისი ინტელექტი და გააძლიერონ ნებისყოფა. ჩამოყალიბდნენ ისეთ ინდივიდუმებად, რომ მათ თავს ზევით გადაშლილ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და სულში არსებულ ზნეობრივ კანონს არა პლებეური გაოცებით ე.ი.

 

შიშნარევი მოწიწებით უმზირონ, არამედ ოლიმპიური სიმშვიდით უჭვრიტონ, როგორც საკუთარი ძალაუფლების გავრცელების პოტენციურ არეალს.

 

ასეთი ახალი, ნიცშეს რომ დავესესხოთ, ტროპიკული ადამიანების მენტორად თქვენც წარმომიდგენიხართ, ბატონო ლევან. თქვენი მოღვაწეობიდან ჩანს, რომ არაორდინალური პიროვნება ბრძანდებით. თქვენ კი, ჩემი აზრით, აქა-იქ არასაკადრის სირბილეებს იჩენთ და «ხალხის” სოციალურ მდგომარეობაზე წუხთ. მიგაჩნიათ, რომ ადამიანების უფლებები და მათი საყოველთაო დაცვა ქვეყნის განვითარების საწინდარია. გულწრფელად წუხხართთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი უფლებების უზრუნველყოფა (ბოდიში ტავტოლოგიისათვის). მგზნებარე პათოსით ამხელთ მთავრობის ძალმომრეობას და საერთოდ ჩემთვის მიუღებელი ჰუმანიზმით უდგებით სახელმწიფოს ფუნქციონირების საკითხს,. ახალმა დროებამ მმართველობის სფეროში ახალი მიდგომები მოიტანა.

 

 

განა ვერ ხედავთ, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ცივი ომისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური ბატალიები დავიწყებას მიეცა. იარაღის შექმნაზე ფული უკვე იმ ოდენობით აღარ იხარჯება. მთელი მსოფლიოს მმართველი ელიტა (მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტებსა და პრემიერებს არ ვგულისხმობ) ცოტა არ იყოს თვალს მიეფარა და მოსახლეობას მედიიდან გადმოღვრილი მილიონობით ტონა ბანგით გაბრუება დაუწყო. კინო, შოუ-ბიზნესი, მასკულტურის სხვა ჟანრები კვაზიპრობლემებზე არიან ორიენტირებულნი (“მსოფლიო ტერორიზმი”, “ეკოლოგიური კატასტროფანი”, “მსოფლიო ბედნიერების, ევდემონისტური იდეალების გამარჯვება”). სადღაც დახურულ კარს მიღმა კი, სანამ ბრბოს საღათას ძილით სძინავს, სრულიად კონკრეტული ინდივიდები გასაოცარი გულმოდგინებით ამზადებენ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც რომელიმე კოსმიური მასშტაბის ხდომილების შედეგად უნდა დამყარდეს. ქრისტიანები ამ ხდომილებას მეორედ მოსვლას უწოდებენ, უფოლოგებმა არამიწიერ ცივილიზაციასთან მესამე ხარისხის კონტაქტი შეიძლება დაუძახონ, გენეტიკოსებმა კი ადამიანის კლონირების ანუ მისი უკვდავყოფის ზეამოცანის გადაწყვეტა დაარქვეს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დაემართებათ ზემოხსენებული მოვლენების შემდგომ ამ პლანეტის მოსახლეთა უმრავლესობას?! პანიკა და ქაოსი – ეს ის სიტყვებია, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ მასების მდგომარეობას იმ საბედისწერო მომენტში.

 

პროცესების გონივრული მართვა და ცივილიზაციის გადარჩენა – ეს კაცობრიობის ელიტის ზეამოცანაა. მომიტევეთ, რომ ძალიან გავუტიე ჩემს აპოკალიპტურ ხილვებში. მაგრამ მოვლენათა განვითარების ეს სცენარი სავსებით სარწმუნოდ მეჩვენება. საკმარისია თქვენი აკადემიური ტრიბუნიდან გადმოიხედოთ და საყოველთაო თანასწორობის ბანგის სმას თავი დაანებოთ, რომ თქვენც დამეთანხმებით ამაში. მაშ, რატომ არ უნდა შევუერთდეთ ჩვენს სულიერ ძმათა პალადიუმს და რატომ უნდა დავკარგოთ დრო ფილისტერთათვის რევერანსების კეთებაზე. მოდით შევუქმნათ მათ ფსევდობედნიერება, ხოლო ძალაუფლება და ენერგია მეტაამოცანების გადაჭრაზე მივმართოთ. არ გირჩევნიათ სიცოცხლე უკვდავების ელექსირის, ან გენიალური ფილოსოფიური კონცეპტის შექმნას ან უცხო ცივილიზაციათა ძიებას შევალიოთ, ვიდრე ქვეყნის სრულ ელექტროფიკაციას ან ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას?! ამ უკანასკნელთა მოგვარება ჩვენი, როგორც მმართველების, პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს.

 

მე კი თქვენ სულ სხვა, გაცილებით მაღალი რანგის სირთულეების დასალაშქრად გეპატიჟებით. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმ ხინჯისა, რომელსაც თქვენი პოლიტიკურ-სოციალური ორიენტაცია შეიცავს და “ხალხის “ სიყვარულით გამოწვეული ე.წ. ჰუმანურობისა, თქვენ მაინც შეძლებთ იგრძნოთ თქვენი მონა-მორჩილის სიმპათია თქვენდამი და ამ წერილის პათოსსაც ჩაწვდებით.

 

 ბატონო ლევან, იმედია მომიტევებთ სითავხედის იმ მცირედი დოზისათვის, რომელიც წერილში გამოვავლინე. ეს ჩემი მოუსვენარი ნატურის დღევანდელი მოდუსი გახლავთ. უღირსი ადამიანების ბოლოდროინდელმა მცდელობებმა, წამართვან ის ადგილი, რომელიც ბედისწერამ მარგუნა, გარკვეულწილად ამაფორიაქა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ცხვრები დაწყნარდნენ და აგრძელებენ მდელოზე კუნტრუშს. მგლები კი ტყის ნაპირზე, ჩირგვებში მოვკალათდით, კმაყოფილნი ვუმზერთ ამ პასტორალს და დაღამებას ვუცდით.

 

პატივისცემით გოლემი

 

 

P.შ.

 

გოლემის მიერ დაწერილი წინამდებარე წერილის დამატება, რომლის გაკეთებაც მან ხსენებული წერილის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა.

 

ბ-ნო ლევან, ველი რა თქვენს გამოხმაურებას და ვუფრთხილდები რა ყველა საქმიანი კაცისთვის ასე ძვირფას დროს, წინასწარ მსურს გთხოვოთ: ჩემთან დისკუსიისას ნუ მოცდებით შემდეგი სამი ტრივიალური არგუმენტის წარმოჩინებით:

 

1. მსოფლიო ცივილიზაციის ზემძლავრი იარაღი, კულტურა, რომლის ტრიუმფალურ სვლას ვერანაირი საზღვრები და წვრილ-წვრილი ავტორიტარული რეჟიმები ვერ შეაჩერებენ, აუცილებლად დამამარცხებს.

 

საქართველო სწორედ ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციის, მისი კულტურის ნაწილია და ამიტომ დღევანდელი სიტუაცია მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებს.

2. თუ მე მერიტოკრატიის მომხრე ვარ და ვქმნი სულის არისტოკრატთა ორდენს, მაშინ რატომ მართავს დღეს საქართველოს ამდენი ბოგანო?

3. თუ მიმაჩნია, რომ პლებეების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ამ უკანასკნელთა მოკრძალებული მასშტაბების გამო, არაა რთული ამოცანა – მაშინ რატომ შია და სწყურია დღეს საქართველოში ამდენ ადამიანს? რატომ არის სოციალური ფონი ასე დაძაბული?

 

თქვენი დრო რომ დავზოგო, ამ შეკითხვებს აქვე გავცემ პასუხს. დავიწყოთ პირველით:

 

1. ბატონო ლევან, მოდით განხილვა თავად მცნება «კულტურის” ანალიზით დავიწყოთ. ვვარაუდობ, რომ თქვენ ”კულტურა” მიგაჩნიათ ცივილიზაციის გონებრივი შრომის შედეგად შექმნილ უნიკალურ სასიცოცხლო გარემოდ, რომელშიც არსებობენ და ვითარდებიან როგორც ცალკეული ინდივიდები, ისე მათი კოლექტიური წარმონაქმნები. კულტურა მოიცავს კაცთა თანაცხოვრების კანონებს, მათ სულიერ მისწრაფებათა ხორცშესხმისათვის აუცილებელ ყალიბს (სულ ერთია ეს მისწრაფებანი სამეცნიერო სფეროს განეკუთვნება თუ სახელოვნებოს). კულტურის გენიალური ნიმუშები შუქურასავით უნათებენ კაცობრიობას გზას ნათელი მიზნისაკენ სავალ გზაზე და ერთგვარ ნიშანსვეტებს წარმოადგენენ, რომელთა მიხედვით სიმბოლურად წარმოგვიდგება ადამიანთა განვითარების და სრულყოფის დიადი ეტაპები. ეს ყოველივე ძალზედ ამაღლებულად ჟღერს. მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ ვიზიარებ კულტურის ფენომენის მსგავს შეფასებას.

 

მიმაჩნია, რომ კულტურა ეს იარაღია, რომლითაც ჩვენმა უხსოვარმა წინაპრებმა ნეანდერტალელების დროიდან მოყოლებული დათრგუნეს თანამოძმეთა შორის ძალმომრეობის ბუნებრივი მტაცებლური ინსტინქტი. ეს კი, არა რაიმე აბსტრაქტული ალტრუიზმის გამო, ან რაღაც ღვთიური ნების მიხედვით გაკეთდა, არამედ ემსახურებოდა ხალხის მასების ეფექტური მართვის მექანიზმის შექმნას. ბელადის ნებას დაქვემდებარებული ადამიანების ცხოველური ინსტინქტი ცნობიერიდან ქვეცნობიერში უნდა განდევნილიყო. თქვენი საყვარელი ფროიდი კი ამბობს, რომ იქ ის (ანუ ინსტინქტი) ვერ მოისვენებდა, ამიტომ ე.წ. სამართლიანობაში, მორალურ იმპერატივებში და რელიგიაში, ერთი სიტყვით «კულტურაში”, სუბლიმირდა. პროგრესის შედეგად იზრდებოდა რჩეულთა მოთხოვნები მათი მომსახურე პერსონალისადმი (კაცობრიობის უმეტესი ნაწილისადმი).

 

აქედან გამომდინარე, მათი ნების არტახები – ე.წ.

 

“კულტურა” გამრავალფეროვნდა. დღესდღეობით პოლიტიკურ ლიდერებად ტრანსფორმირებული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი გამოქვაბულის კაცთა ბელადები 21-ე საუკუნის შესაფერისი ინსტრუმენტებით მართავენ ხალხის მასებს. კულტურა სწორედ ის იარაღია, რომელიც დაპყრობისადმი მათ ექსპანსიურ ლტოლვას ემსახურება. სადაც საჭიროა, ის (კულტურა) ნაირ-ნაირი «ჰუმანური პრინციპებით” ნიღბავს ბელადთა ნამდვილ სახეს. ეს მასებში დაძაბულობის მოხსნის აუცილებელი პირობაა. მაგრამ ზოგჯერ ბელადთა მტაცებლური ნატურა რიგითი ადამიანისათვის შიშის მოგვრელი ცინიზმით იჩენს თავს. საილუსტრაციოდ მსოფლიო დემოკრატიის “მედროშის”, თქვენი სათაყვანებელი ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციის ბურჯის, აშშ-ს ერთ-ერთი სახელოვანი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შემუშავებული “დიდი კეტის” პოლიტიკაც კმარა (Bიგ შტიცკ პოლიცყ).

 

 

ამ პოლიტიკის მთავარი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს “შპეაკ სოფტლყ ანდ ცარრყ ბიგ სტიცკ. Yოუ წილლ გო ფარ” – არ აიმაღლო ხმა, მაგრამ ზურგს უკან დიდი კეტი გეჭიროს. ბევრს მიაღწევ”. როგორც იტყვიან – უკომენტაროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ კაცობრიობა: არც ევროპა, არც აზია და არც ამერიკა, ათასწლეულების მანძილზე არსადაც არ წასულა ე.წ. “პირველყოფილი ზოოლოგიური” სინამდვილისაგან. უბრალოდ თქვენ, ლევან, შეგექმნათ ჩემი აზრით შემდეგი მცდარი შეხედულება: თქვენ ფიქრობთ, რომ კულტურული (ანუ თავსმოხვეული) და ზოოლოგიური (ანუ ბუნებრივი) ცხოვრების წესი მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფებიან.

 

სინამდვილეში კი კულტურა ჩემნაირი მტაცებლების შეიარაღებაში მყოფი ის ბანგი გახლავთ, რომლითაც ეს უკანასკნელნი მსხვერპლს აძინებენ

 

 ბატონო ლევან, რაოდენ საწყენად არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენ თქვენი ფავორიტის – სოკრატეს დარად, რა თქმა უნდა, არ განეკუთვნებით ძალაუფლებისაკენ სერიოზულად მსწრაფლ სუბიექტთა რიცხვს, თქვენ აკადემიური ხერხებით, კულტურული შეტევებით, ყოველგვარი შფოთისა და აყალმაყალის გარეშე გსურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ ეს შეუძლებელია. რომაელები ამბობდნენ ‘შიმილია სიმილიბუს დესტრუუნტურ” - ‘მსგავსი მსგავსით განადგურდება”. განა შეიძლება ჩემი მორევა დამუნათებით, “მსოფლიო თანამეგობრობასთან” აპელირებით, ზნეობრივი არგუმენტების გამოყენებით. როგორც უკვე არაერხთელ აღვნიშნე, ეს ფუჭი რამაა. გამარჯვებას მხოლოდ აგრესიული, ძლიერი და ცბიერი პიროვნება მიაღწევს. ასეთები კი ჩვენში არ დაიმზირება.

 

2. მე დაგეთანხმებით იმაში, რომ ინტელექტუალური პოტენციალის კუთხით დღევანდელ მმართველ გუნდში კატასტროფული მდგომარეობაა.

 

მაგრამ ეს მთელი ჩვენი საზოგადოების დამახასიათებელი სიმპტომია. განა თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები ასე განსხვავდებიან ჩემი ქვეშევრდომებისაგან? რაც ალხანაა, ის ჩალხანაა. დღეს ძლიერი მტაცებლური ინსტინქტების მქონე მგლის ლეკვის გამოზრდა საოცრად რთულია ასეთთა ქრონიკული დეფიციტის გამო. საუკუნოვანმა ყალთაბანდობამ ამ ქვეყნის მოსახლეობაში ჩაკლა დამპყრობლური ინსტინქტის ნიშნები, ინსტინქტისა, რომელიც, როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მთელი ერების პროგრესის გამომწვევი პირველმიზეზია. ჩვენი აგრარული ნაციის საშუალო სტატისტიკური წარმომადგენელი მთელი ცხოვრების მანძილზე მიწაში იჩიჩქნებოდა. ხოლო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ცეკვა-სიმღერას აჩაღებდა. ფოლკლორი...

 

კულინარია... მეტი რა აქვს მსოფლიოს წინაშე აქაურთ თავმოსაწონი? მატიანეს რომელ კუნჭულში იმალებიან ტიტანური გონებრივი ძალისა და ნებისყოფის მქონე გმირები? ვის უნდა აღეზარდა ასეთი რჩეულნი? ჩვენს ფილოსოფოსებს, რომლებიც არასოდეს არ გვყოლია? თუ მხედართმთავრებს, რომლებიც პირველივე ხიფათისას მთებს აფარებდნენ თავს? ბატონო ლევან, ყოველგვარი ფსევდონაციონალური პოზიორობის გარეშე დამისახელეთ ქართველი ლიკურგი და სოლონი. ან იქნებ მარკუს ავრელიუსის ქართველი პროტოტიპი გახსენდებათ? იმ დროს, როდესაც ელინურ-რომაული ცივილიზაცია სინათლეს ავრცელებდა მსოფლიოში, ტყეში მიმალული ჩვენი წინაპარნი პარტიზანული თავგანწირვით ესროდნენ ისრებს პომპეუსის ლეგიონერებს. მოგეხსენებათ თუ რითი დასრულდა ეს. ჩვენი ისტორია დამარცხებათა ისტორიააა. ხოლო დამარცხებისათვის განწირული ხალხი ცუდი ნიადაგია მძლავრი ხე-მცენარეეების აღმოცენებისათვის. რატომ უნდა იყოს მსოფლიო ეპოსის ერთ-ერთი მთავარი მითი ჩვენი ნაციონალური სირცხვილის ილუსტრაცია.

 

მე არგონავტების იმ ექსპედიციას ვგულისხმობ, როცა ერთი მუჭა ავანტიურისტებმა ნაციონალური სიამაყე შეგვირყვნეს. რატომ არ დავესხით თავს ჩვენც შეურაცხმყოფელ აქაველებს თავს? რატომ არ აგებდა შავი ზღვის პირას მაცხოვრებელი კოლხი ფლოტს? რატომ არ მოგზაურობდა? არ იპყრობდა? არ ითვისებდა? სამამულო ისტორია ფრიად მოსაწყენი ლოკალური მნიშვნელობის იგავ-არაკებია. მიუხედავად სახელოვანი წარსულის განდიდების არაერთი მცდელობისა, ჩვენს ისტორიაში მაინც თითზეა ჩამოსათვლელი ეპიზოდები, როცა ქართველები მტერზე იმარჯვებდნენ. ამასთან, ასეთი ბრძოლები მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებდა. სამწუხაროდ, ქართული გეოპოლიტიკური ექსპანსია ყოველთვის იყო და არის ჩონტრადიცტიო ინ ადჯეცტო. ეს ხალხი მხოლოდ ხაჭაპურის ხალხია. ხაჭაპურის ცხობა კი, ჩემი აზრით, მეტად უმნიშვნელო ფუნქცია გახლავთ.

 

ამასთან კულინარული ხასიათის “მოღვაწეობა” სულაც არ მოითხოვს, რომ ის მაინცდამაინც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა აწარმოს. თუ ვინმეს კარგი მზარეული დასჭირდება, ის ასეთს ან დაიქირავებს, ან დაიმონებს. ხაჭაპურის მცხობელებისა და მომღერალ-მოქეიფე ხალხის სახელმწიფო კომიკურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ჩემი მსოფლმხედველობრივი დოქტრინის ხორცშესხმისათვის აუცილებელი საშენი მასალა ჩვენს აგრარული წარმომავლობის სუბიექტებით დასახლებულ ტერიტორიაზე თითქმის არ მოიპოვება. ძლიერი ნების ინდივიდთა გამოზრდა ჩემი და ჩემნაირების დიადი სამომავლო მისიაა. ჯერჯერობით კი ვთამაშობ იმ კარტებით, რომელიც დამირიგეს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ ნებისმიერ თქვენს კოზირზე მე ჩემი ჯოკერი მაქვს.

 

ეს კი თამაშის ჩემი სტილის უპირატესობითაა განპირობებული. ისეთი ფიგურებითაც კი, როგორიც დღეს მმართველ ისტებლიშმენტშია, მე შევძელი თქვენნაირი ინტელექტუალებისა და სტიქიურად აქოჩრილი მასების დამარცხება. რატომ? იმიტომ რომ ცხვრებს ლომი მეთაურობს. დიახ, ამ ცხვრებს, რომელნიც დღეს პარლამენტსა თუ სახელმწიფო ვერტიკალის სხვადასხვა პოსტებზე მოკალათებულან, მწყემსავს ზემოაღწერილი იდეოლოგიით შეიარაღებული რეალ-პოლიტიკოსი (საკუთარ თავს ვგულისხმობ).

 

თქვენ, ლიბერალო ლევან ბერძენიშვილო, აპელირებთ რა ხალხის ნებაზე მოითხოვოს საკუთარი თავისადმი პატივისცემა და უფლებათა დაცვა, ამ უკანასკნელთ (ხალხს) მიიჩნევთ გონის, ნებისა და ისტორიული ცოდნის მატარებელ სუბიექტად და ცდილობთ ის თანაბარუფლებიან მოკავშირედ გაიხადოთ. ამ დროს საბედისწერო შეცდომას უშვებთ. განა არ იცით, რომ როგორც წარსულის, ისე მომავლის ობიექტური ჭვრეტა და განსჯა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

 

ნაციის ნების ტრიუმფი არისტოკრატიის ძალისხმევის შედეგად დგება. პლებსი კი კმაყოფილდება დღევანდელი კვერცხით და ხვალინდელი კეთილდღეობის ილუზიით. მტკიცე ხელით მოქნეული პირველივე კეტი მეამბოხე ბრბოს დააშოშმინებს და მოათვინიერებს. “გლეხი კაცისთვის არავინ არ არის!” ესაა პლებეების რეალური ცხოვრებისეული კრედო. ისინი თავისთვის იბუზღუნებენ, იბუზღუნებენ და ბოლოს ჩვეული გულმოდგინებით გააგრზელებენ ბოსტანში ფორიაქს. ბრბო მაშინ არის საშიში თუ მას ჩემნაირი მტაცებელი ჩაუდგება სათავეში. მაგრამ თქვენი ასე საყვარელი თანაგუნდელები არა მტაცებლის, არამედ უწყინარი ძუძუმწოვრის ხასიათს ავლენდნენ.

 

ეს “ლიდერები” ხან პარლამენტთან შიმშილობდნენ უაზროდ, ხან საიუბილეო ტორტს ჭამდნენ ოფისში და ხანაც ვახტანგურად სვამდნენ, თან ისე უდარდელად თითქოს სულ ახლახან გამანადგურებელი ფიასკო არ ეგემოთ. მათ გულუბრყვილოდ ეჯერათ, რომ უცხოელ ბიუროკრატებს მართლაც სჭირდებათ აქ “დემოკრატიისა” და «პლურალიზმის” არსებობა და განვითარება. ამ ადამიანებმა (და თქვენც, ბატონო ლევან) აჩემეს, რომ “კონსტიტუციური” გზით აპირებდნენ ჩემთვის ნადავლის წართმევას. მინდა გაგანდოთ, რომ კონსტიტუციური გზით ჩემს დამარცხებას ხალხურად მგლის თავზე სახარების კითხვას, ხოლო უფრო ხალხურად – მასტურბაციას უძახიან. ეს კი თავის მხრივ ვერასდროს ვერ მოგიტანთ სურვილთა რეალურ დაკმაყოფილებას. აი რატომაა, რომ მიუხედავად ერთი შეხედვით თქვენ პირისპირ მდგარი ძალების გონებრივი განუვითარებლობისა – თქვენ აგებდით, აგებთ და ყოველთვის წააგებთ.

3. გეთანხმებით, რომ დღეს ხალხი ცუდ დღეშია, სოციალურად დუხჭირი ცხოვრება შავი ჭირივით სტანჯავს ამ ქვეყნის მაცხოვრებელთ. მაგრამ მოდით ქირურგის აუღელვებლობით გავკვეთოთ სოციალური პრობლემის სხეული და შევისწავლოთ მისი ანატომია.

 

დიდი ხნის მანძილზე ჩვენი ხალხი მსოფლიოში რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყნის საბჭოთა კავშირის ხარჯზე ცხოვრობდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში გაბატონებული იდეოლოგიის მანკიერებისა და ქართველის ბუნებრივი სიზარმაცის გამო ჩვენში ვერ განვითარდა სამეურნეო ინსტინქტები. ვერ ჩამოყალიბდა ბურჟუაზია. ამიტომ ის, რომ დღეს ხალხს ასე უჭირს, მათივე ბრალია. დღემდე სახელმწიფოს მმართველებს ისე გვიყურებენ თითქოს ვინმემ დაგვაკისრა ვალდებულება მათი არსებობის უზრუნველყოფისა. აქ მახსენდება ერთი სხარტი ლოზუნგი “Спасение утопающих дело самих утопающих”. დიდი სიამოვნებით დავუთმობდი მცირე ბიზნესის არეალს უბრალო ადამიანებს.

 

ააშენონ სასტუმროები, დაწურონ ღვინო, რესტორნები გამართონ და იშოვონ საარსებო სახსრები. მაგრამ თანდაყოლილი სიზარმაცე და უფხობა ამ მცონარე ხალხს ხელს უშლის ფულის კეთებაში. მე, რა თქმა უნდა, შესაძლებლად ვთვლი სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში გარკვეულ მფარველობის აღმოჩენას, მაგრამ ჩემი ამოცანა ხომ ისეთი ვითარების შექმნაა, როცა მასები მორჩილებაში იმყოფებიან იმ დროს, როცა მათ მიერ შექმნილი დოვლათი მხოლოდ ჩემი განკარგულებისამებრ ნაწილდება. ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კანონზომიერებას, უმცირესი ძალისხმევის, იგივე ეკონომიის პრინციპის თანახმად ამას მინიმალური დანაკარგით უნდა განხორციელება. თუ მოსახლეობა მხოლოდ ჩემ მიერ ასე უხვად გაცემული დაპირებებითა და სხვადასხვა პროპაგანდისტული ფანდებით ძღება, მაშინ სულაც არაა აუცილებელი მეტი მივცე. მით უმეტეს, რომ დაპირებები ძალიან იაფი მიჯდება. “ითხოვე და მოგეცემა” ის უძველესი ბიბლიური აქსიომაა, რომელიც ბუნებრივია დღესაც ძალაშია.

 

ხალხმა, ბატონო ლევან, საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ მოითხოვა მკაცრად თავისუფლებისა და თანასწორობის თქვენთვის ასე სანუკვარი იდეალების ხელშეუხებლობა და უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლება, წართმეული ქონების უკან დაბრუნება. ეს ხალხი მცირედითაც დაკმაყოფილდა. აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სიმშვიდის ე.ი. ჩემი პოლიტიკის უსაფრთხოდ გაგრძელების გარანტიას სოციალური უზრუნველყოფის დღევანდელი მიზერული დონეც იძლევა. “От добра добра не ишут” იტყვიან ამ შემთხვევაში რუსები. მეც არ ვიტკივებ აუტკივარ თავს.

 

აი, სულ ეს არის ის, რისი დამატებაც მსურდა, ბატონო ლევან. გისურვებთ წარმატებებს ჩემთან იდიოლოგიურ დისკუსიაში.

 

ვეჭვობ, რომ დამამარცხოთ. თქვენ საკუთარი პოზიციების დასაცავად ალბათ იდეალისტურ გონებრივ სპეკულაციებს მიმართავთ. გაიხსენებთ დემოკრატიის გამომგონებელ ბერძენ მოაზროვნეებს, ჰუმანისტ ფრანგ განმანათლებლებს, ბენჯამენ ფრანკლინს და თომას ჯეფერსონს. მაგრამ ჩემს მხარეს კაცობირობის ისტორიული გამოცდილება და აზრის ისეთი გიგანტებია, როგორიც მაკიაველი, გობსი, შოპენჰაუერი და ნიცშეა. გარდა ამისა, თქვენს ბანაკშიც მომეპოვება მოკავშირეები. იგივე პატონის Pოლიტია-ში სახელმწიფოს ფილოსოფოსთა რჩეული კასტა მართავს, რუსომ და ვოლტერმა კი ნიადაგი შეუმზადეს ჯერ სისხლისმსმელ ავტორიტარ იაკობინელებს, ხოლო შემდეგ იმპერატორ ბონაპარტეს. აშშ-ს დამფუძნებელ მამებს რაც შეეხება, განა არაფერს გეუბნებათ ის, რომ დღევანდელ საქართველოს მათი შთამომავლები და მემკვიდრენი «დემოკრატიის შუქურას” უწოდებენ.

 

ეპილოგი

 

აი, შენ წაიკითხე ეს წერილი თავისი პოსტსკრიპტუმითურთ, ვიმედოვნებ, რომ ზუსტად გადმოვეცი ის, თუ რა დოქტრინალური მიდგომით გამოირჩევიან ჩვენი მმართველნი.

 

სამწუხაროა ერთი რამ: მსგავს მეტაფიზიკურ თემებზე ახლანდელ სახელისუფლებო წრეებში მხოლოდ ერთ კაცს, ლევან რამიშვილს შეიძლება დაელაპარაკო კომპეტენტურად. მაგ. ქართული პარლამენტის უხუცესმა მიშა მაჭავარიანმა, რომლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, ერთხელ, სხდომის გაძღოლისას ისიც განაცხადა, რომ არ იცის ვინ იყვნენ სტოიკოსები. ეს, რა თქმა უნდა, არც ზენონს და არც სენეკას არ სწყენიათ. მაგრამ თუ ქართული პოლიტიკის ისეთმა სახემ, როგორიცაა მაჭავარიანი, არ იცის ანტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობის შესახებ, მაშინ აბა პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილ ნაირ-ნაირ ბანკირებზე, დეველოპერებსა და შტანგისტებზე რა უნდა ვილაპარაკოთ.

 

შეიძლება ვინმემ ხალხისთვის გაუგებარი თემებით მანიპულირებაში დამდოს ბრალი. მაგრამ მჯერა, თუ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ზოგადსაკაცობრიო, ფილოსოფიური კონტექსტიდან არ განვიხილავთ და ამ საკითხზე საჯარო დისკუსიას არ მოვაწყობთ, მაშინ ვერაფრით ვერ გავარღვევთ იმ დახშულ წრეს, რომელშიც ეს ქვეყანა აღმოჩნდა.

 

საქართველოს ხომ გამუდმებით ეუფლებიან დილეტანტები და ზედაპირული სუბიექტები.

 

შალვა რამიშვილი. 7 აგვისტო 2008 წელი. რუსთავის II ს/ა დაწესებულება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეპისტოლარული / რამიშვილი შალვა / წერილი ლევან ბერძენიშვილს