კალანდაძე მაგდა

ვაღირსოთ ჯილდო, სანამ ცოცხალია

 

 

დორის ლესინგი  -  2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში

 

 

 

 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა შედგა  -  2007 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში დორის ლესინგს  -  ინგლისელ რომანისტ ქალს ერგო. ემოციების ტალღამ ასე თუ ისე ჩაიარა  -  87 წლის მწერალმა მილიონნახევრიანი ჯილდო და შვედეთის აკადემიისგან დიდი პატივი მიიღო; ჩვენი ცნობისმოყვარეობა და ინტერესიც დაკმაყოფილდა და ახლა სწორედ ის დრო დადგა, როცა ასეთი მოვლენების ავკარგიანობაზე, ტენდენციებსა და ათას სხვა საჭირბოროტო მხარეზე საუბრობენ.

 ის, რომ ნობელის პრემიის გამოცხადება წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად არის მიჩნეული, უპირატესად მისი მრავალმხრივი პრიორიტეტებითაა განპირობებული  -  ლაურეატის გამოვლენის კრიტერიუმის ფორმირება თავიდანვე ზოგად იდეალისტურ მიმართულებებს ეფუძნებოდა, რაც დროთა განმავლობაში კონკრეტული ცნებების კომბინირებულ სისტემად იქცა  -  ლიტერატურული ღირებულება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა, გენდერული კონიუნქტურა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება ნობელის პრემიას სწორედ იმ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც საზოგადოებისგან გამორჩეული ყურადღების ღირსი ხდება. კრიტერიუმების მრავალმხრივობა განაპირობებს სწორედ იმ ფაქტსაც, რომ ლაურეატის ვინაობის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, რაც წლევანდელი გამარჯვებულის გამოცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

 

პრემია მოულოდნელი იყო თავად მისი მფლობელისთვისაც  -  როგორც პრესა იუწყება, ლაურეატის გამოცხადების მომენტში დორის ლესინგი შინიდან პროდუქტების შესაძენად იყო გასული. მისი თქმით, აქამდეც იგი არაერთხელ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ახლა უკვე აღარ ელოდა შვედეთის აკადემიისგან ამხელა პატივს. თავად აკადემიის წევრები კი მიიჩნევენ, რომ მათი წლევანდელი ჟესტი სწორედაც დროული იყო. ”შეიძლება ითქვას, რომ 2007 წლის შედეგი ყველაზე უფრო შეჯერებული და გონივრული გადაწყვეტილებაა ნობელის პრემიის მთელი ისტორიის მანძილზე”,  -  განაცხადა ნობელის ლიტერატურული კომიტეტის მდივანმა. დორის ლესინგისათვის ჯილდოს გადაცემის მოტივაციას კი ასეთი ფორმირება მიეცა: პრემია ერგო ქალური გამოცდილების ეპიკურად ასახვის დიდოსტატს, რომელმაც სკეპტიციზმით აღსავსე, გახლეჩილი ცივილიზაცია ადამიანური ხედვისა და ემოციების, დაკვირვების საგნად აქცია. ამჯერად შვედეთის აკადემიამ გენდერულ კონიუნქტურას გაუწია ანგარიში, და თუ აქამდე ნობელის პრემიის ლაურატ ქალთა რიცხვი ათს ითვლიდა, ახლა მათ მეთერთმეტე ნობელიანტი ქალი შეემატათ. თუმცა, საინტერესოა  -  თუ აქცენტირება სამყაროს ფემინური აღქმაზე ხდებოდა, რატომ მაინცდამაინც 87 წლის დორის ლესინგს ერგო პრემია, მაშინ როცა დღესდღეობით არაერთი ქალი მწერალია პოპულარული.

 

ალბათ სწორედ აქ იმოქმედა იმ მრავალმხრივობის პრინციპმა, რაც ზოგადად შვედეთის აკადემიის ჯილდოს ახასიათებს  -  თუ დორის ლესინგის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ვნახავთ  -  გარდა იმისა, რომ მისი ლიტერატურული შემოქმედება და შეხედულებათა სისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია, მწერალი ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ფაქტორია ნობელის პრემიის მინიჭებისას.

 დორის ლესინგი 1919 წელს ირანში დაიბადა. მისი მშობლები ბრიტანელები იყვნენ. 1925 წელს ოჯახი საცხოვრებლად ზიმბაბვეში გადავიდა, სადაც ლესინგმა ბავშვობა და ახალგაზრდობის ნაწილი გაატარა. 1949 წელს, როდესაც მისი მეორე ქორწინებაც წარუმატებელი გამოდგა, მწერალი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, და მალევე თავისი პირველი რომანიც ”ბალახი მღერის” (”The Grass is Singing”. 1950) გამოსცა. წიგნი აფრიკაში თეთრი კოლონისტების თვითნებობასა და უსულგულობას აღწერს, თავად ავტორს კი დიდი წარმატება მოუტანა, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერ რომანისტს. ამჟამად ლესინგი ინგლისში ომისშემდგომი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორადაა აღიარებული.

 

მისი რომანები, მოთხრობები თუ სხვადასხვა თემატიკის ესეები მეოცე საუკუნეში მიმდინარე მთელი რიგი მოვლენების შედეგებზეა ფოკუსირებული. ლესინგის ადრეული რომანების მთავარი თემა აფრიკაში მიმდინარე რასობრივი დაპირისპირებებია, რომელთა წინააღმდეგაც ყოველთვის გამოდიოდა მწერალი. ასევე აფრიკაში ცხოვრებისას აწყდება იგი გენდერული უთანასწორობის მწვავე გამოვლინებებს, სქესობრივი ურთიერთობების არასიჯანსაღეს, რაც იმის წინაპირობა ხდება, რომ მოგვიანებით მისი რომანების მთავარ თემატიკად ფემინისტრური იდეოლოგიები, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები და სხვა სოციალური პრობლემები გვევლინება.

 ”ძალადობის შვილები” (”Children of Violence”) აფრიკული ოჯახის ცხოვრების წესების შესახებ გვიამბობს, იმ წესების, რომლებიც ლესინგისათვის სრულიად მიუღებელი იყო, ასევე კომუნისტურ გაუგებრობაში მწერლის მოყოლასა და შემდეგ თავის დაღწევის პროცესს ასახავს. (1952-1956 წლებში ლესინგი ინგლისური კომუნისტური პარტიის წევრი იყო). ”ძალადობის შვილები” ერთი დიდი სერიის სახელწოდებაა, და ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებულ ნაწარმოებებში ძირითადად მწერლის ავტორბიოგრაფიაა მოთხრობილი  -  გოგონა, რომელიც აფრიკაში იზრდება, ძალიან მცირე ასაკში თხოვდება მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდოს დედასთან ერთად ცხოვრებას. უიღბლო ქორწინება, საზოგადოებაში გამეფებული ტაბუს რღვევა, დაინტერესება პოლიტიკით, კომუნისტური იდეოლოგიებით  -  სწორედ ეს იყო ლესინგის იმდროინდელი შემოქმედებითი გატაცება, თუმცა კი, ბოლოს სწორედ ამ თემებზე წერისას მიხვდა, რომ კომუნიზმის შესახებ მისი ილუზიები სრული უტოპია იყო და მიატოვა პარტია.

 რომანით ”ოქროსფერი რვეული” (“The Golden Notebook”.

 

1962) ახალი პერიოდი იწყება ლესინგის შემოქმედებაში. წიგნი გამოსვლისთანავე საკმაოდ პოპულარული გახდა და კლასიკურ ფემინისტურ ლიტერატურად იქნა აღიარებული, ლესინგმა კი ფემინისტური მოძრაობისა და იდეოლოგიების მომხრე მწერლის სახელი დაიმკვიდრა. რომანის მთავარი გმირი ანა ვულფია. წიგნში პერსონაჟის რამდენიმე მხარეა წარმოდგენილი  -  რიგითი ქალი, მწერალი, საყვარელი, პოლიტიკური აქტივისტი. ანა თავისი ცხოვრებისა და განცდების სხვადასხვა ეტაპების შესახებ ცალ-ცალკე, სხვადასხვა რვეულებში წერს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ იგი მორალურად განადგურებულია, მისი პიროვნება დეინტეგრირებული და დაჩეხილია. ანას ტანჯვა მანამ გრძელდება, სანამ ბოლო რვეულში თავის ყველა ადამიანურ მხარეს არ გააერთიანებს და აღმოაჩენს იმ მთლიანობით ტკბობას, რასაც პიროვნების მრავალმხრივობა ჰქვია.

 

 

ჩვეულებრივი ქალური სისუსტეები, მისივე უფლებები  -  ჰქონდეს საზოგადოებრივი აქტივობის პრეტენზია, ამავდროულად ეწეოდეს თვისუფალ სექსუალურ ცხოვრებას და პლუს ამას  -  იყოს მწერალი ან ჰქონდეს რამე სხვა გატაცება  -  სწორედ ამ და სხვა ფაქტორების ერთიანობას მიიჩნევს ლესინგი გენდერული თანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად, რაც, თავის მხრივ, სუსტი სქესის წარმომადგენელთა უფლებების დაცვისა და არაერთი დამთრგუნველი ტაბუს მოხსნისკენ უმოკლესი გზაა.

 ლესინგის შემდგომ რომანებშიც უკვე ერთმანეთს ენაცვლება გენდერული თუ რასობრივი პრობლემები, პოლიტიკური და სოციალური პროტესტის თემები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მისი შემოქმედება არამარტო თემატიკის მხრივ არის მრავალფეროვანი და საინტერესო. ლიტერატურული მოღვაწეობის 60 წლის მანძილზე მან თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა თავი. რომანების გარდა ლესინგი დრამატურგიული ნაწარმოებების ავტორია, პოპულარულია მისი მოთხრობები, გამოცემული აქვს პოეტური კრებული, და ასევე აქტიურად მოღვაწეობს პუბლიცისტიკა-ესეისტიკის სფეროში. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მკითხველი ჰყავდეს. სხვადასხვა ლიტერატურული პრემიების გარდა, რომელიც დორის ლესინგმა დღემდე საკმაოდ დიდი რაოდენობით დააგროვა, 1995 წლის ივნისში მას ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

 

იმავე წელს მოინახულა სამხრეთ აფრიკა, და 1999 წლის დეკემბერში ბოლო იყო, ვინც გასული ათასწლეულის საპატიო ორდენი მიიღო ”ნაციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის”.

 ასე რომ, 2007 წლის ნობელის პრემია თვისებრივად მართლაც მრავალმხრივი და საინტერესო აღმოჩნდა  -  გენდერული კონიუნქტურისა და პოლიტიკის გარდა, ასევე გასათვალისწინებელია გეოგრაფიული კონტექსტიც  -  წელს შვედეთის აკადემიას საკმაოდ გულუხვი და დახვეწილი რევერანსი გამოუვიდა 60-70-იანი წლების ბრიტანული კულტურის მიმართ. ამით ხაზი გაუსვა იმ საინტერესო ფაქტს, თუ როგორ შეძლო ბრიტანულმა სოციუმმა აღნიშნული დეკადის კულტურულ და სოციალურ პოტენციალთა სხვაობისა თუ მრავალფეროვნების გაერთიანება და კომბინირება.

 ასეა თუ ისე, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება მოულოდნელი იყო როგორც მწერლისთვის, ისე ფართო აუდიტორიისთვის, მაგრამ აკადემიის ასწლიანი გამოცდილების ლოგიკიდან გამომდინარე, დორის ლესინგის გამორჩევა შეუსაბამო და უჩვეულო სულაც არ ყოფილა. თანაც, თუ დავაკვირდებით, შვედეთის აკადემიის ჯილდო თვისობრივად საკმაოდ უცნაური ფენომენია  -  ხშირ შემთხვევაში იგი ავტორისათვის გადაცემულ ფულად ჯილდოსა და მინიჭებულ პატივზე მეტად საზოგადოების შეხედულებათა სისტემებსა და, თუნდაც, ლიტერატურულ გემოვნებაზე ზეგავლენას ითვალისწინებს. ნობელის პრემია ერთგვარი ავტორიტეტია მკითხველებისათვის და კომიტეტის ყოველი გადაწყვეტილებაც ლიტერატურული ორიენტირისა და საზომის დატვირთვას იძენს. სწორედ ამიტომაც შვედეთის აკადემიას საკმაოდ საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია  -  ძალაუნებურად იგი ამა თუ იმ ავტორის ერთგვარ ლობისტად გვევლინება და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობის მიხედვით დადგენილი პრიორიტეტები უკვე არაერთხელ გაჟღერებული და უტრირებულია, მკითხველი მაინც ლიტერატურულ ღირებულებებს ეძებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატთა შემოქმედებაში.

 

თუმცა, ხშირად პოულობს კიდეც  -  შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი ნობელიანტი, თურქი მწერალი ორჰან პამუკი, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ მისცეს პრემია, რაც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მწვავე განცხადებებით გამოვიდა, თუმცა კი, ეს სულაც არ აკნინებს მას, როგორ მხატვრული ღირებულებების მქონე ნაწარმოებების ავტორს. მართალია, დორის ლესინგის ჯილდოს მოტივაცია გენდერული კონიუნქტურით განისაზღვრა, მაგრამ თავის მხრივ ”ქალური გამოცდილებაც” და სამყაროს ფემინური ხედვაც საინტერესო და არც თუ ისე ხშირი მოვლენაა ლიტერატურაში. მით უმეტეს, რომ ლესინგის ტექსტები ცხოვრებისეული გამოცდილებით, საინტერესო თავგადასავლებით, ისტორიებით და მახვილი იუმორითაა შეჯერებული. თხრობის თავისუფალი სტილი და მსუბუქი ირონიით შენიღბული სქესთაშორისი თამაში ამ პატარა ნაწყვეტიდანაც ჩანს: ”კენსინგტონის ქუჩას მივუყვები. თან დონალდ ოგდენი მახლავს  -  დაიჟინა, სადმე სასადილოდ დავსხდეთო. დაახლოებით 60 წლის უნდა იყოს, მსუქანი, წითური და ჭორფლებიანი კაცია. მე ოცდაათის და კიდევ ცოტა მეტის ვარ.

 

უცებ მომიბრუნდა და მეუბნება: ”უნდა მოგახსენოთ, რომ ბოლო დღეებია, საკვებით უფრო ვარ დაინტერესებული, ვიდრე სექსით”. აბსოლუტურად გულგრილად შევხედე  -  შევეცადე, თავი შემეკავებინა და ჩემი გაცოფება არ გამომეხატა  -  მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფრი ასეთი უხამსი და ულამაზო იყო. ან კი სხვას რას ველოდი ამერიკელისგან... ალბათ, თავის დროზე მიმზიდველი მამაკაცი იქნებოდა. სასაცილოა  -  ორივე ჩვენგანს უჭირს იმის შეგნება, რომ ძველებურად მომხიბვლელები აღარ ვართ”. (”სიბნელეში სიარული”(“Walking in the Shade”. 1997)).

 თვითირონიის დიდი ნიჭი არც ახლა დაუკარგავს მწერალს  -  ლაურეატის გამოცხადებისთანავე მასთან სახლში მიცვენილ ჟურნალისტებს ლესინგმა პრემიის მიღებით განცდილი საერთო სიხარულის გაზიარებასთან ერთად ამ ჯილდოს დამსახურების ”მიზეზიც” აუხსნა: ”ვერ გეტყვით, რომ დიდად აღვფრთოვანდი სიურპრიზით...

 

უკვე 88 წლის ვარ და მკვდრებს კიდევ ნობელით არ აჯილდოებენ. ალბათ, იფიქრეს, ბოლოს და ბოლოს ვაღირსოთ ეს ჯილდო, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია და სული არ გაუცხიაო”. 88 წელი დორის ლესინგს 22 ოქტომბერს შეუსრულდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / კალანდაძე მაგდა / ვაღირსოთ ჯილდო, სანამ ცოცხალია