ლებანიძე შორენა

ნაზი შამანაური–რეპორტაჟი

 

 

«რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი. . . შემდეგ  -  19 წლის ასაკში.

 

. . ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს. . . 27 წელი. .

 

. ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია. . . ახალს არაფერს ველი. .

 

. სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს. . . და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე. . .

 

ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერკალამი.

 

. . იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია. . .»  -  (ჟურნალისტ ნაზი შამანაურის დღიურებიდან)

 

 

 

მისი სიცოცხლის ბოლო დღეების ქრონიკა 1983 წლის 11 იანვარს წყდება. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე სპაზმებისაგან საწოლზე მოკუნტული, დაწყლულებული, კანგადაცლილი თითებით წერდა უკანასკნელ ბარათს, რომელიც, წესისამებრ, ლეიბქვეშ უნდა გადაემალა. ღილებდაჭრილი, გახუნებული ხალათის ჯიბეებშიც უბის წიგნაკიდან ამოგლეჯილი ქაღალდის ნაკუწები ეწყო.

 

ხალათი გალეულ, შიშველ ტანზე ჰქონდა მოსხმული. ფეხებზე ძველისძველი ფოსტლები ეცვა. უჩვეულოდ მშვიდი და უძრავი  -  გონდაკარგული  -  გაიყვანეს კარ-ფანჯრებამოგმანული, საძულველი შენობიდან, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყო. . .

 

 

 

 

 

*  *  *

 

ეს ამბავი 1971 წლიდან იწყება. 71-ში ნაზი შამანაურმა უნივერსიტეტი დაამთავრა და დუშეთს დაუბრუნდა. 30-ის იყო.

 

ფრანგული ენის სპეციალისტისა და ჟურნალისტის დიპლომები, პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში მუშაობისა და რესპუბლიკურ გაზეთებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდა.

 

წესით, მშობლიურ რაიონში მის კარიერას ხელი არ უნდა შეშლოდა. წესით, უნივერსიტეტდამთავრებულს, დუშეთის რაიკომის ბეჭდვითი სიტყვის ორგანოს  -  «კომუნიზმის გზის»  -  რედაქციის კარი უნდა შეეღო, მაგრამ. . .

 

საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბე რაიონული გაზეთები დაუსრულებლად აშუქებდნენ დამკვრელური შრომების, სოცშეჯიბრებებისა და ხუთწლედების შედეგებს. პირველი გვერდები რაიკომის ბიუროს, აღმასკომის სხდომებისა და კოლმეურნეობების კრებების ანგარიშებს ეთმობოდა.

 

წერილების განყოფილება პერიოდულად აქვეყნებდა აქტივისტი კომკავშირლებისა თუ სახელოვანი მშრომელების გამოხმაურებებს. «კომუნიზმის გზას» პარტიისა და მთავრობის პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი საკუთარი, უცვლელი გმირი ჰყავდა.

 

ბელა წვერაძე, ნაზი შამანაურის ბავშვობის მეგობარი, «კომუნიზმის გზის» თანამშრომელი 1970-76 წლებში: «დუშეთში ლენინის ორდენოსანი მწყემსი, ყარამან გაგაძე ცხოვრობდა. თვალით არ მინახავს. სულ ცხვარში იყო. ხანდახან მაინც ვწერდით მისი სახელით: «ყარამან გაგაძე მადლობას უხდის პარტიასა და მთავრობას.»

 

რეალური სურათი სულ სხვაგვარი იყო: უშუქობა, უწყლობა, უგზოობა ფშავ-ხევსურეთსა და მთიულეთ-გუდამაყრის ხეობებს მოსახლეობისგან დაცლით ემუქრებოდა. ასფალტის დაგებასა და ჩასანგრევად განწირული კიდული ხიდების გამაგრებაზე არავინ ზრუნავდა.

 

სოფლებიდან 2-3 საათის სავალზე დაშორებულ  სკოლებამდე პატარებს, ზამთრის ყინვებშიც კი, ფეხით უწევდათ სიარული. ყოველდღიური მოხმარების საგნები, პროდუქტები დეფიციტად იქცა. შაქრისა და კარაქის განაწილების პრობლემას სასურსათო ტალონების შემოღებამაც ვერ უშველა. მაღაზიებთან უსასრულო რიგები იდგა. 

 

ნაზი შამანაურს «კომუნიზმის გზის» რედაქციის კარი არ შეუღია. მან დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო.

 

იმჟამად კრიტიკა და თვითკრიტიკა «დროის მოთხოვნა» იყო. «ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის» მომწოდებელი ლოზუნგები ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლისთანავე გამოჩნდა.

 

სამეურნეო დანაშაულებათა ფორმალური  მხილება ჟურნალისტის «წმინდა პროფესიულ მოვალეობად» იქცა.

 

შამანაურმა ფორმალობებზე უარი თქვა. სახალხო ქონების დატაცების, ხაზინის ძარცვისა და გეგმების ყალბი კორექტირების შესახებ საუბრისას მისი მთავარი არგუმენტი ციფრები, ფაქტები, ფოტოები იყო. წლების მანძილზე ფურცელ-ფურცელ ნაგროვები დოკუმენტაცია 200 გვერდს აღემატებოდა.

 

მაგრამ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში ცეცხლთან თამაშს ნიშნავდა. თუ პროფესიასთან დამშვიდობება არ გსურდა და რიგითი მოქალაქის ბედიც გაღელვებდა, აკრძალულ თემებზე პერიოდულად, შეფარვით უნდა გეწერა. ნაზიმ ეს ვერ შეძლო:

 

 

 

1973 წელს საქართველოს რადიოს ახალგაზრდობის გადაცემათა რედაქციამ დუშელ ჟურნალისტს რაიონის მოწინავე მექანიზატორზე ნარკვევის მომზადება დაავალა.

 

ზამთარი იდგა. თოვდა. ემტეესის გაყინულ სახელოსნოში არც გათბობა იყო, არც შუქი. მექანიზატორები დანადგარებს ცვლიდნენ, თან წუხდნენ: «ტექნიკის შესანახი ფარდულები არ გვაქვს. კომბაინები და ტრაქტორები მინდვრად გდებისგან გაიძარცვა, დაიჟანგა. ნაწილს დუშეთის სატყეო მეურნეობას მიაკუთვნებენ, ნაწილს  -  საბჭოთა მეურნეობას, სინამდვილეში პატრონი არ ჰყავს. კულტივატორები, სილოსისა და მარცვალასაღები კომბაინები საამორტიზაციო ვადამდე ჩამოიწერა.

 

სახელმწიფო სესხი არ იფარება. გეგმა არ სრულდება. ხელფასი მცირდება. . . მჭადიჯვრელი, შუახეველი, ბაზალეთელი მექანიზატორები ლამის ერთიანად გაიკრიფნენ თბილისისკენ. ჩვენც წავალთ.»

 

ნაზის მოწინავე მექანიზატორის პორტრეტი რაიონის მიღწევების ფონზე უნდა დაეხატა.

 

კრიტიკული ნარკვევი კი გამოუვიდა. რადიოკომიტეტის ხელმძღვანელობამ მხოლოდ დაგეგმილი გადაცემის მომზადებაზე კი არ უთხრა უარი, სევასტოპოლის დამცველი ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი მასალაც ამოუგდო პროგრამების ფურცლიდან.

 

ერთი წლის შემდეგ პრობლემური სტატია გაზეთ «სოფლის ცხოვრებაში» დაიბეჭდა. ის ნაზის უკანასკნელი პუბლიკაცია აღმოჩნდა. რაიონის ხელმძღვანელობის განაწყენების შიშით, პერიოდულმა გამოცემებმა «აბეზარ» ჟურნალისტთან თანამშრომლობა სამუდამოდ შეწყვიტეს.  

 

 

 

*  *  *

 

ნაზი შამანაურმა მთავარ მიზნად მხილება, მხილება და მხოლოდ მხილება დაისახა. ბიუროკრატიასა და წითელ ელიტასთან საჩივრების ენაზე დაიწყო საუბარი. პარტიული ორგანიზაციების არქივებში წლობით ინახებოდა, შადურის, გამრეკელის, კერესელიძის მდივნობისას ბიუროს სხდომებზე დაუსრულებლად იხილებოდა შამანაურის საპროტესტო წერილები.

 

 

პროტესტი იდეალებსა და რეალობას შორის არსებულმა კონფლიქტმა წარმოშვა.

 

სკოლაში სოციალიზმის ჰუმანურობასა და სამართლიანობას შთააგონებდნენ. ოჯახში «სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი», ომში დაღუპული 19 წლის მამის პატრიოტულ წერილებს უკითხავდნენ. უნივერსიტეტში ჟურნალისტის წმინდა მოვალეობებს  -  მიუკერძოებლობას, უკომპრომისობას, ობიექტურობას  -  შეახსენებდნენ. სასწავლებლის კედლებს მიღმა კი ყალბი ლოზუნგები, უძრაობის ხანა და კორუფციის არნახული მასშტაბები დახვდა.

 

«. . . უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს.» (ნაზი შამანაურის დღიურებიდან).

 

იმედგაცრუებების მიუხედავად, შამანაური ყველაზე დიდი და მძლავრი საბჭოთა იმპერიის ერთგულ მოქალაქედ, ურყევ კომუნისტად დარჩა, რის გამოც დისიდენტური მოძრაობისთვის ალღოს აღება ვერ შეძლო. 

 

70-იანი წლების მიწურულს დისიდენტები იატაკქვეშეთიდან გამოსვლას ის-ის იყო, იწყებდნენ.

 

საჯარო განცხადებებს  -  კონსპირაციულ ბინებში საიდუმლოდ გამართული თათბირები, პეტიციებს საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი და კუსტარულად გამრავლებული პროკლამაციები ენაცვლებოდა. თავისუფალი აზრის გამოხატვა, მიტინგებისა და დემონსტრაციების გარდა, თვითგამოცემის ფურცლებზეც შეიძლებოდა. თვითგამოცემების მიზანი სისტემასთან ბრძოლის პროპაგანდა იყო და არა სისტემის მსახურთა კორუმპირებულობის მხილება. შესაბამისად, «ოქროს საწმისსა» თუ «სამრეკლოში» სამეურნეო დანაშაულებათა ამსახველი პრობლემური სტატიების ადგილი არ იყო. . .

 

 

 

ნაზი შამანაურმა საკუთარ თავს საზოგადოებისგან თვითიზოლირების განაჩენი გამოუტანა.

 

მას არც ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლა სურდა, არც საბჭოური მენტალიტეტის გადაფასება. რაიკომის მდივნის, არჩილ შადურის მიერ შეთავაზებულ სამსახურზეც უარი თქვა და ეროვნული მოძრაობის ლიდერთა თანამოაზრეობაზეც. სრულიად მარტოდმარტო დარჩენილი, სახლს მიეჯაჭვა.

 

კარჩაკეტილობა მისი უმთავრესი თვისება იყო. თანატოლებს მუდმივად საკლასო ოთახის ფანჯარას აკრული, განაპირებული და დედის კალთას მიწებებული ახსოვთ. 

 

დედა  -  სარა ინაშვილი  -  ნაზის ერთადერთი თანამდგომი და გულშემატკივარი იყო. ის დაყვებოდა შვილს «კომუნისტისა» და «სოფლის ცხოვრების» რედაქციებში. ის იყო წაუკითხაობისა და დაუბეჭდაობისთვის განწირული სტატიების უკან დაბრუნების მოწმე.

 

მასაც უკეტავდნენ ბელინსკის ქუჩაზე გამავალ კარს გამომცემლობის დარაჯები. ისიც ათენებდა ღამეს რედაქტორის კაბინეტის მოსაცდელში. ის ახლდა რაიკომისკენ საქაღალდით ხელში მიმავალ შვილს, რომელსაც მთიელთა პრობლემატიკის მომცველი 200-გვერდიანი სტატიის ბედი არ ასვენებდა.

 

მდივანი ია გამრეკელი მასალების ბიუროზე განხილვას დაპირდა. მანამდე პარტიული კრებებისა და პლენუმებისთვის განკუთვნილი დარბაზის კარი შამანაურისთვის მუდმივად დაკეტილი იყო. ერთხელ თვითნებურად სცადა დუშეთის რაიკომის ყრილობაზე მოხვედრა, რომელსაც თვით ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. მილიციის კორდონი გაარღვია, სანახევროდ მიხურულ კარში შეძვრა და, ორიოდე რეპლიკის თქმა თუ მოასწრო, პირზე ხელაფარებული, ჯიკავ-ჯიკავით, მუჯლუგუნებით გაიყვანეს დარბაზიდან.

 

ია გამრეკელმა სიტყვა შეასრულა. ნაზის გამოსვლას ღამის ორ საათამდე ისმენდნენ.

 

ბელა წვერაძე: «რვეულების შეკვრა ეწყო მაგიდაზე.

 

გვერდით მჯდარი დედამისი დაძაბულობისგან ცხვირსახოცს ჭმუჭნიდა. ნაზი თავზე ხელს უსვამდა: «არ ინერვიულო, დედა.»

 

ბიურომ წარმოდგენილი მასალების შესწავლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურად მიიღო.

 

 

 

გადიოდა დრო. ნაზი სულ უფრო და უფრო იშვიათად სტოვებდა სახლს. ერთთავად ვარდისფერ ქვედაბოლოსა და თეთრ ბლუზაში იყო გამოწყობილი. თმა შუბლზე გადაევარცხნა. საქაღალდეების დასტა ჩაეკრა გულში. თავდახრილი და დაძაბული, გაჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას.

 

გადასასვლელთან დიდხანს ყოვნდებოდა. შორს, მოსახვევში თვალმოკრული მანქანის ჩავლას უცდიდა: «ჩვენი მოკვლა უნდათ,»  -  ჩასჩურჩულებდა გვერდით მდგარ დედას. საგაზეთო ჯიხურს ახლოს არ ეკარებოდა: «ფურცლებიდან უხილავი ნაწილაკები მეფრქვევა.» პურის მაღაზიაში არ შედიოდა: «ფქვილში საწამლავს ურევენ.» ახლობლის მიერ მოტანილ კამფეტებს მაგიდის უჯრაში ინახავდა: «მოშხამულია. . .» 

 

ბელა წვრაძე  -  «რაკი სიმართლეს ვერსად მიაგნო, გაწბილება ჯერ სასოწარკვეთაში, შემდეგ ღრმა დეპრესიაში გადაეზარდა. . .

 

ვერაფერს ვშველოდით. სუსტი ნერვების აღმოჩნდა.»

 

ნაზისთვის ყოველგვარი უბედურების სათავე რაიკომის მდივანი იყო. ის პერიოდულად სახესა და სახელს იცვლიდა. ხან არჩილ შადური ერქვა, ხან  -  ია გამრეკელი, ხანაც  -  ჰამლეტ კერესელიძე. თუმცა, სამივე, წარმოება-დაწესებულებებისა და მეურნეობა-კოლმეურნეობების ხელმძღვანელებითურთ, მტრის ერთიან ხატს ქმნიდა.

 

თამარ გოგინაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოფელ პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატის პედაგოგი 60-იან წლებში: «ვეუბნებოდი, რაკი ესა და ეს ადამიანი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, აუცილებლად რამეს კი არ აშავებს, ბუზს სპილოდ ნუ აქცევ მეთქი. ჯიუტი, იმპულსური და ფეთქებადი იყო.

 

განსხვავებულ აზრს არ სცნობდა. უცებ აღმოჩნდებოდა ხოლმე საბრძოლო ფორმაში.”

 

 

 

ამონარიდი გაზეთ «კომუნისტის” 1983 წლის 6 მაისის ნომრიდან: «წუხელ, გვიან ღამით ჩაიმსხვრა დუშეთის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების. . . ფანჯრის მინები. შემდეგ დადგა საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის ფანჯრებისა და გასტრონომიული მაღაზიის ვიტრინის ჯერი. დედა-შვილმა ისინი ქვებით ჩალეწა.

 

მიზეზი?  -  კანტორა და მაღაზია შამანაურის სახლის წინ იდგა და იქიდან «დევნილთ ლაზერით ასხივებდნენ.”

 

            თუმცა, ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო: 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაული გაიმართა.

 

            ნაზიმ სიტყვა ითხოვა. უარი უთხრეს. ძალით გაიკაფა გზა ტრიბუნისკენ. მიკროფონს ხელი დასტაცა და დაიყვირა: «ხალხო, გატყუებენ. . . ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას.

 

. . სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს. . . სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს. .

 

. რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება. . .»  -  ეს  გამოუქვეყნებელი სტატიების პათოსისა და აკრძალული სათქმელის მასებამდე რამენაირი გზით მიტანის მცდელობა იყო.

 

. .

 

            დედა-შვილს თავზე ნაჭერი ჩამოაცვეს და იქვე მდგარ მილიციის მანქანაში შეაგდეს.

 

            მანქანამ გეზი თბილისისკენ აიღო და ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოში შეჩერდა. ნაზი შამანაური და სარა ინაშვილი საექსპერტო კომისიის წინაშე წარსდგნენ.

 

. .

 

 

 

            *  *  *

 

ფსიქიატრიული ჯოჯოხეთი. ხუთი თვე კლინიკაში. ხუთთვიანი წამება. საბჭოთა ფსიქიატრიის მკურნალობის მეთოდები. მოკლეს თუ ავადმყოფობით გარდაიცვალა ნაზი შამანური?

 

 

 

ე.წ. ასათიანის კლინიკა ქართული საბჭოთა ფსიქიატრიის სახე იყო.

 

მასთან შეხება მძაფრი, მტკივნეული განცდებით იწყებოდა. ახალმიღებულს პირადი ნივთების ჩაბარებასა და საჯარო გაშიშვლებას აიძულებდნენ. ერთიც და მეორეც პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვით საბუთდებოდა. პირადი ნივთები, ვთქვათ, გადატეხილი კოვზი, შეიძლებოდა, ნებისმიერ წუთს ცივ იარაღად ქცეულიყო, ტანსაცმლის რომელიმე ატრიბუტი კი, ვთქვათ, საცვლიდან გამოძრობილი რეზინი  -  თავის ჩამოსახრჩობ ყულფად. ალბათ, ამიტომ პაციენტებს ზამთრის ყინვაშიც კი ხალათები პირდაპირ შიშველ ტანზე ჰქონდათ მოსხმული.

 

თუ დისკომფორტით გამოწვეული უკმაყოფილება აგრესიაში გადაიზრდებოდა,  ისტერიკამდე მისულს ზეწრებით კოჭავდნენ, შემდეგ შესაბამისი ინექციებით ადუნებდნენ. ელექტროშოკი, ერთი მიზეზის გამო, არ გამოიყენებოდა: აპარატი 70-იან წლებში გადაიწვა და მის შეკეთებასა თუ ახლის შეძენაზე აღარ იზრუნეს  -  ძვირიც იყო და არაპოპულარულიც, საზოგადოება მას ჯალათის კუნძთან ან გილიოტინასთან აიგივებდა.

 

დღეს მეცნიერები აპარატის პროგრესულობაზე ალაპარაკდნენ.

 

მარინა კურატაშვილი, ექიმი-ფსიქიატრი: «ელექტროშოკურ თერაპიას მაშინ ნიშნავენ, როცა ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილ ავადმყოფზე წამალი არ ჭრის.»

 

80-იანი წლების დასაწყისში უცხოეთიდან ახალი თაობის პრეპარატების შემოტანა ჭირდა. აფთიაქებში შეუზღუდავად მხოლოდ ფრანგული ლეპონექსი, ფტელაზინი და მისი ანალოგი ტრიპტიზინი იყიდებოდა.

 

მწვავე დაავადებების ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა და მიიჩნევა პალოპერიდონი, მაგრამ მას უამრავი გვერდითი მოვლენა ახასიათებს: კუნთების გაშეშებას, დაჭიმვას, ხელების კანკალს იწვევს, შესაბამისად, უკუჩვენებების მომხსნელ კორექტორებს საჭიროებს. ლეპონექსის ერთადერთი გვერდითი მოვლენა სისხლში ცვლილებების შესაძლო გამოწვევაა. ამიტომ პრეპარატის აქტიურ მიმღებს ორ კვირაში ერთხელ მკაცრი კონტროლი  -  ვენური სისხლის ანალიზი  -  სჭირდება.

 

«ათზე მეტს აუღეს სისხლი ლაბორატორიული ცდებისთვის. მსუქნიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია,  -  “მეექვსედ სად გაგონილა სისხლის გამოკვლევა. . . ახლახანს არ ამიღეთ როეზე, საერთოზე, ღვიძლის ფუნქციაზე? .

 

. მენზურა სავსე იყო. . .  ხელი დამიბუჟდა, . .»  -  საწყალი მსუქნიშვილი საწოლქვეშ შეძვრა, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე რას გააწყობდა.» (ნაზი შამანაურის დღიურებიდან).

 

სკანდალი ფსიქიატრიული კლინიკის ცხოვრების წესი იყო. პაციენტებს აღიზიანებდათ: გისოსები, გადაჭედილი პალატები, საავადმყოფოს უნიფორმა, ამინაზინის ნემსები, უგემური საკვები და ამ ყველაფერთან შეგუების კატეგორიული, სასტიკი მოთხოვნა. იძულებითი მკურნალობის შესახებ გამოტანილი განაჩენი მედპერსონალს ცემა-ტყეპის ენაზე საუბარს უკანონებდა.

 

ცემა-ტყეპა  -  წამლის მიღებისას, ცემა-ტყეპა  - შიმშილობისას.

 

სიტყვა «შიმშილობა» ფსიქიატრებს შიშის ზარს სცემდა. საკვების აკრძალვის გამო პაციენტის დაღუპვა მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდა. საჭირო იყო სისხლის ვიტამინებით კვება, მაგრამ გადასასხმელი აპარატურისა და ზონდის გამოყენება პრობლემას მხოლოდ დროებით და ნაწილობრივ ხსნიდა. აცეტონის სუნი არ ქრებოდა. წამლის მიღება რთულდებოდა. . .

 

და იწყებოდა ნამდვილი ომი: გაჯიუტებული პაციენტის გაკოჭვა, სკამზე მიბმა, პირის გასაღებად ცხვირზე ხელის მოჭერა, ლანცეტის სასამდე მიბჯენა. . . 

 

 

 

ამ პირობებში ნაზი შამანაურმა ზუსტად ხუთი თვე გაძლო. პირველი დღეების შთაბეჭდილებები უმძაფრესია:

 

ძალით გახადეს ტანსაცმელი. ძალითვე ჩააცვეს ზოლებიანი ხალათი. მოათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირველ განყოფილებაში, სადაც შიზოფრენიის უმძიმესი ფორმით დაავადებული პაციენტები იწვნენ. აუხსნეს:

 

«სავალდებულოა, უსიტყვოდ დაემორჩილო შინაგანაწესს, დალიო წამლები და მიიღო საკვები”.

 

 

შამანაურმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.

 

«გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს. . . მუცელში მცემდნენ.

 

თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო. . . კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა. . .

 

ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში  -  მუშტს . . ლანცეტით მაწამებდნენ. . . სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ. .

 

. ვიხრჩობოდი. . . იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა. . .

 

კბილები დამემსხვრა. . . პირსახოცი სისხლიანი იყო. . .» (ნაზი შამანაურის დღიურებიდან).

 

დღიურების მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისი ვალიდაა.

 

შამანაურის გადმოცემით, კუშტსა და ჩაფსკვნილს, «მაღლა შეთამაშებული წარბები» და მჭექარე ხმა ჰქონდა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. წესრიგის დასამყარებლად მოჭარბებულ ენერგიას არ ზოგავდა. ურჩებს «გვემა-წამების დამამცირებელი ილეთებით» ათვინიერებდა. პაციენტები «დესპოტს», «ჯალათსა» და «გესტაპოელს» ეძახდნენ.

 

« - ხომ დაგწიწკნე და დაგასისხლიანე. ჯერ სადა ხარ. .

 

. ისეთ რამეს დაგარტყამ, დრუნჩი გვერდზე მოგექცეს, . .»  -  გაჰყვიროდა ვალიდა.

 

მაშ ასე: მოქმედება ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქალთა პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს. პალატებსა და დერეფანში მუდმივი ღავილი, ჩოჩქოლი და ყვირილია.

 

«50 ადამიანი ერთად სცემს ბოლთას. . .

 

ყველა თავისთვის ჩივის, ლაპარაკობს. კარუსელივით, თავბრუს დახვევამდე ტრიალებს ეს წრე. წამლებით გაჭყეპილნი, მთვრალი ინდაურებივით დაბორიალებულნი, ერთმანეთს ეხლებიან, ეცემიან. . . ვიღაც ტირის: «მომეცით ჩემი ვაშლი, თქვენსას ხომ არ გთხოვთ. .

 

.» «მომაშარდვინეთ. . . დამაწვინეთ იატაკზე. საწოლის ღირსი არ ვარ.

 

დამცხეთ ამინაზინი. მაღირსეთ სტელაზინის ამპულის შხამი, რომ როგორმე ჩავძაღლდე.

 

. .» «ჩამაცვით ტრუსიკი. მცივა. . . სად გაგონილა, ქალიშვილი გოგო უნიფხოდ, ულიფოდ ვიყო?» (ნაზი შამანაურის დღიურებიდან)

 

ერთი თვის განმავლობაში ნაზი სტაციონარული ექსპერტიზის პაციენტი იყო.  ექსპერტიზამ სულით ავადმყოფად ცნო: «შიზოფრენია, ბოდვითი ფორმა». სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, დუშეთის რაიონულმა სასამართლომ იძულებითი მკურნალობა შეუფარდა.

 

ნაზი და სარა ერთმანეთს დააშორეს.

 

მარინა კურატაშვილი: «ინდუცირებული ბოდვა აზრების მიმწოდებლის მიერ მიმღებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას გულისხმობს. პირველი მეორესთან შედარებით ინტელექტუალური და, შესაბამისად, ავტორიტეტული პიროვნებაა. ნაზისა და სარას შორის «როლები» შემდეგნაირად განაწილდა: შვილი იდეების მიმწოდებელი იყო, დედა  -  მიმღები. ერთი დაიწყებდა, მეორე აყვებოდა და ისტერიკამდე მიდიოდნენ. გავლენის ქვეშ რომ აღარ მოქცეულიყო, სარა პირველიდან მეცხრე განყოფილებაში გადაიყვანეს და ნაზის ნახვა აუკრძალეს.»

 

ნაზი კიოდა: «დედა!» დედა შორს იყო, მეცხრე განყოფილებაში. იშვიათად, 15-იოდე წუთით შემოჰყავდათ.

 

ექიმი ბრაზობდა: «რაპორტს დავწერ. რატომ შემოუშვით? . . წადი შენს პალატაში. მომწყდით თავიდან.» «დამაცადეთ, ხალხო, შვილი მენატრება.»»არავითარ შემთხვევაში, უფლება არ მაქვს, სამსახურს დავკარგავ.» სარა ცუდად ხდებოდა. ვალერიანის წვეთებით ასულიერებდნენ. ნაზი საფეთქლებს უზელდა: «დედა!»

 

 რამდენჯერმე ეზოში მოჰკრა თვალი.

 

შებინდებულზე, ნაგვის გადაყრისას, მალვით მოჰყვებოდა სანიტარს. იდგა სარკმელქვეშ და ცრემლები სცვიოდა: «შვილო, კარგად ვერ გხედავ.»

 

საახალწლოდ შეახვედრეს. ნაზის გული შეეკუმშა: «დერეფანში ისე მოდის ძველი ნაჭრის ჩანთით, როგორც ვიღაც გლახაკი.» ჩანთაში ვაშლები და შოკოლადი ეწყო. შოკოლადს «გაზაფხული» ერქვა: «ვჩქარობდი, შვილო, რომ თავისთვის რამე არ აგეტეხა. . . არც იფიქრო,  -  ამბობდა დედა,  -  ხომ ნახე, ამნისტია გამოვიდა.

 

. . მალე სახლში ვიქნებით. . . «

 

ექთანმა ხატისოვმა შემოიხედა: «ს ნოვიმ გოდომ, დევოჩკი!» ხმა არავის ამოუღია. «როდის იყო, გესტაპოს ტყვეს დღესასწაული რამედ უღირდა,  -  გაიფიქრა ნაზიმ,   -  განსაკუთრებულ კერძს მაინც შემოგვთავაზებდნენ! ისევ წყალწყალა ვერმიშელის სუპი, რუხი პური, კარაქის თხელი ფენა და ჩაი.»

 

ზინა ექიმმა შემოაბიჯა.

 

მხრებზე პალტო ჰქონდა მოსხმული. ყელამდე ჩექმები ეცვა. სათვალის ზემოდან გადახედა ნაზის: «ჰმ! კრასავიცა.»

 

საღამოს ცოტა წაიმღერეს. ადრე დაწვნენ დასაძინებლად. შუაღამისას მარინა ნუნუს ეცა, საწოლზე გადაითრია და კინაღამ დაახრჩო. ყვირილი ატყდა. მარინა ზეწრებით შეკრეს.

 

მომდევნო ღამეს ებრაელი როზა ლემპერტი გარდაიცვალა.

 

რომ მოიყვანეს, «სადისტებო, ყაჩაღებოო,» ყვიროდა. გაკოჭეს. წამლებით გააბრუეს. დაუძლურდა, მაგრამ მაინც არ ისვენებდა. შვილს მოუხმობდა. უძილობა სტანჯავდა. სამიოდე დღე იცოცხლა.

 

 

8 იანვარს ვალიდამ ჩხრეკა მოაწყო. ხალათის ჯიბეები ამოაბრუნებინა ნაზის. მერე ქვეშაგი გადაქექა. ვერაფერი იპოვა. «ვიცი, რასაც ეძებს მსუნაგი ძაღლივით,  -  გადაულაპარაკა ნაზიმ წუთის წინ შემოყვანილ დედას,  -  დღიურებს.»

 

ნაზი, წესისამებრ, საწოლში წამომჯდარი, ძაფით აკინძულ ქაღალდის ნაგლეჯებზე წერდა. თავიდან მის სტრიქონებში პროტესტი ჭარბობდა. მერე სევდიანი ნოტები გაჩნდა.

 

ბოლოს ყველაფერი სასოწარკვეთამ და სრულმა აპათიამ დაჩრდილა. ქალმა სიკვდილზე ფიქრი დაიწყო:

 

«ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი. . . მეტი აღარ შემიძლია.  ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ.

 

. . ძალები არ გამომლევია. უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია. . .»     

 

ნაზი 12 იანვარს გადაიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში.

 

მუცელი მკვრივი, მტკივნეული და შებერილი ჰქონდა. ქირურგმა ანზორ არველაძემ გონდაკარგული პაციენტი სანიტრებს საოპერაციო მაგიდაზე მოათავსებინა.

 

როგორც კი კანს დანა დაუსვა, მუცლის ღრუდან თითქოს აირით გაბერილი, გატიკული ნაწლავები ამოხტნენ. «ინტოქსიკაციაა?»  -  ქირურგმა ფუნქციადაკარგულ ჯორჯალს ნოვოკაინის ბლოკადა შეასხურა და ტრავმის ან პერიტონიტის ნიშნებს დაუწყო ძებნა. ბადექონი სუფთა აღმოჩნდა. არავითარი ჩირქი და სიმსივნური წარმონაქმნები. არავითარი სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილობა.

 

ანზორ არველაძე, ქირურგი: «ვფიქრობ, მოწამლეს, ან თავი მოიწამლა.»

 

რვა დღის შემდეგ, 1983 წლის 20 იანვარს, ნაზი შამანაური რეანიმაციის განყოფილებაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

 

სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა.

 

ანზორ არველაძე: «ავადმყოფობის ისტორია ჩემამდე არ მოსულა. უშიშროების თანამშრომლებმა წაიღეს.»

 

სარა ინაშვილი ქალიშვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ის ჯერაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყო. საფლავზე მისვლა გარდაცვლილის ახლობელ-მეგობრებსაც აუკრძალეს. მაინც მივიდნენ და, ახალგაზრდა, ლამაზი ქალის ნაცვლად, ერთიანად გაჭაღარავებული მოხუცის ნატანჯი სახე იხილეს.

 

 

 

* * *

 

 

 

სარა ინაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. როგორ შეეწირა მკურნალი ექიმის სიცოცხლე შამანაურის სახელთან დაკავშირებულ სკანდალს.

 

 

 

ნაზი შამანაურის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, დისიდენტების აქტიური

 

ჩარევით, სარა ინაშვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერეს.

 

ქალი დუშეთის სახლს დაუბრუნდა. გარეთ თითქმის არ გადიოდა. მარტო იშვიათად იყო. ძირითადად, დისიდენტები  -  ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრები  -  სტუმრობდნენ.

 

ბელა წვერაძე: «სარას პატრონობა მოდად იქცა. ვფიქრობ, ეს გადაჭარბებული, პომპეზური მზრუნველობა სათნოებამ კი არა, დრომ მოიტანა.»

 

სარა ინაშვილი ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლასაც მოესწრო და შვილის გმირად გამოცხადებასაც. ქუჩას, სადაც ცხოვრობდა, შამანაურის სახელი უწოდეს. შენობა სახლ-მუზეუმად გადააკეთეს.

 

 

            ნაზი შამანაური საბჭოთა რეჟიმს შეწირულ ეროვნულ გმირად იქცა.

 

1983 წლის გაზაფხულზე, «ჰელსინკელებმა» მოსკოვში მცხოვრებ ფრანგ კორესპონდენტებს ამცნეს, რომ: «20 იანვარს თბილისის კლინიკაში წამებით მოკლეს დისიდენტი ნაზი შამანაური». დასავლეთის რადიოსადგურების დღის სენსაციას ანტისაბჭოთა კამპანია მოჰყვა.

 

ჟურნალისტის თამამ ძიებებს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ეწოდა. «შამანაურის საქმე» ყალბი კომუნისტური იდეალების მამხილებელ მთავარ არგუმენტად იქცა. უკვე ღიად, დასაბუთებულად შეიძლებოდა საუბარი განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნის მორიგ, ფსიქიატრიულ მეთოდებზეც. ე.წ. 70-იანელების ანტიკომუნისტურმა პროპაგანდამ ფსიქიატრებს ხელისუფლების ნების აღმსრულებელი «ჯალათების» იარლიყი მიაწება.

 

 

ბრალდებების მთავარი სამიზნე ე.წ. ასათიანის კლინიკა იყო. ეროვნული მოძრაობის ლიდერები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პერსონალს ჯანმრთელი ადამიანის გიჟად გამოცხადებასა და წამებით სიკვდილში ადანაშაულებდნენ. 

 

სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა ნაზი შამანაურის მკურნალი ექიმი მზია გოგიჩაიშვილი. მან ინსულტი მიიღო და, რაკი მარტოხელას მომვლელი არ ჰყავდა,   ქალთა მეოთხე განყოფილებაში, ნაზი შამანაურის პალატის თავზე მოათავსეს. როგორც ამბობენ, ნაზის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ აღარ უხსენებია, თუმცა, ინსულტის მიზეზი ცხადი იყო  -  გოგიჩაიშვილი აქტიურად ფიგურურებდა «ჯალათი ექიმების» ჩამონათვალში.

 

მარინა კურატაშვილი: «ფსიქიატრია და ავადმყოფებთან ურთიერთობა მზიასგან ვისწავლე. . .

 

შეეძლო, საათობით მშვიდად ესმინა ყველაზე მძიმე პაციენტებისთვის. . . ნაზის თითქმის ყოველ დღე იბარებდა და მის დაწყნარებას ამაოდ ცდილობდა. . .»

 

ეროვნული ხელისუფლების პროპაგანდამ შედეგი გამოიღო. ნაზი შამანაური კომუნისტურ რეჟიმს შეწირულ ჟურნალისტად აღიარეს.

 

მხოლოდ დრომ დაადასტურა, რომ თავდაპირველ შეფასებებში მოვლენების ობიექტურ განსჯას ემოცია სჭარბობდა.

 

სახელდებების სიზუსტე ეჭვქვეშ სწორედ პროპაგანდისტული კამპანიის მოთავე ქართულმა ეროვნულმა ძალებმა დააყენეს და აღიარეს: ნაზი შამანაურის მსოფლხედვას დისიდენტობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ის არ ებრძოდა რეჟიმსა და იდეოლოგიას. პირიქით, გულწრფელად სწამდა «ყველა დროის უნიკალური» ფორმაციის. «მთავრობას არ ვუჩივი. ვუჩივი უსამართლობას, უკანონობას,»  -  ვკითხულობთ დღიურებში. კორუმპირებულ ჩინოსანთა სამეურნეო-ეკონომიკური დანაშაულის მხილება განსხვავებულად მოაზროვნეობასთან არ იგივდება. შესაბამისად, ნაზი პოლიტიკური მოღვაწე კი არა, სიმართლისმაძიებელი ჟურნალისტი იყო.

 

საზოგადოების ნაწილისთვის სადავოდ რჩება ფსიქიატრების მიერ დასმული დიაგნოზის სიზუსტე: «ქრონიკული სულიერი დაავადება  -  შიზოფრენია, ბოდვითი ფორმა.»

 

ნარგიზ პაპკიაური, დუშეთის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე 1973-1991 წლებში: «ნამდვილად ავად იყო.

 

. . სამსახურიდან ჩემს გაგდებას უსაფუძვლოდ ითხოვდა. ბავშვებს აიძულებდა, შადურის ოჯახი დაეწყევლათ, ჩემს შვილს უსაფრდებოდა და ქბვებს ესროდა. . .»

 

ბელა წვერაძე: «პატარაობიდანვე მარტოსული იყო, ახლო მეგობრები არ ჰყავდა, თუმცა, ყველას უთანაგრძნობდა, უბრალო ადამიანებს მფარველობდა. საკუთარი კარიერა არ აღელვებდა.

 

ძალიან უჭირდა, პურის ფული არ ჰქონდა, მაგრამ არაფერს ითხოვდა. ერთხელ ოცმანეთიანი ჩავუკუჭე ჯიბეში და კინაღამ იტირა.»

 

 

 

სარა ინაშვილი 1996 წელს გარდაიცვალა. ეროვნული მოძრაობის ტალღა უკვე გადავლილი იყო და დაკრძალვას მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამინი ესწრებოდა. ის შვილის გვერდით დაასაფლავეს.

 

ნაზი შამანაური დღემდე სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტის სიმბოლოდ რჩება. მან არ მიიღო რეალობა და ომი გამოუცხადა ყველაზე მაღალი იდეალების უარმყოფელ სამყაროს, რაც პიროვნულ ტრაგედიად ექცა.

 

 

 

ეს იმედგაცრუება შამანაურს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

 

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / ლებანიძე შორენა / ნაზი შამანაური–რეპორტაჟი