ლებანიძე შორენა

უშბის თეთრი ღამეები

 

 

ალპინისტის დღიურები, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ზაფხულის გახმაურებული, ქართულ-ჰოლანდიური ექსპედიციის წევრის, გელა ოთარაშვილის ნაამბობის მიხედვით დაიწერა. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის ივლისში უშბის სამხრეთ მწვერვალის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე «მიშლიაევის მარშრუტის” გავლისას ორი ქართველი მთამსვლელი  -  მერაბ ხაბაზი და ზაალ ქიქოძე  -  დაიღუპა.

 

 

 

12 ივლისი, სვანეთი

 

მაზერიდან საათნახევრის სავალზე ხელისგულივით მოშიშვლებული ბექობი ფოთლოვან-წიწვოვან ტყესთან წყდება. ირგვლივ ხავსმოდებული ჯირკვები და ხვიარებიანი ტოტებია. ეკალ-ბარდიან ბილიკებს, გაშლილ ტაფობებს დოლრის ხეობისკენ მივყავართ.

 

ხიდად გადებულ მორებქვეშ ნადნობი ყინულისაგან კალაპოტშეცვლილი წყალი მიედინება. გაღმა მესაქონლეების საზაფხულო ქოხები დგას. მერე აღმართი იწყება და ქვა-ღორღიან, ხრიოკ ფერდზე გზა ქვეითად, სერპანტინით გრძელდება. მარჯვნივ «ვერძის შუბლზე» გადმოკიდებული ჩანჩქერი მოჩქეფს. ლურჯ სივრცეში უშბის შავი სილუეტი იკვეთება.

 

ალპური სარტყლისა და მთისწინეთის საზღვარზე ვართ. ტყე მეჩხერდება. ტანმაღალ ხეებს ჯუჯა მცენარეები და დაგვალული ბუჩქები ცვლის.

 

ბოლოს ბუჩქებიც ქრება. სწორხაზოვანი ქედის გადათეთრებულ ზოლს ზემოთ შხელდა ანათებს. ქვევით, ჩანჩქერის თავზე, მყინვარებისგან დანალექი მორენა მოჩანს. მიწაყრილი გგონია. მიუახლოვდები და, ფეხი შეიძლება, ნატეხ ქანებსა და ლოდებს შორის, მტვრისგან ფერშეცვლილი თოვლით ამოვსებულ ნაპრალში ჩაგიცდეს.

 

«მონადირეთა ღამისსათევზე» მოხერხებულ საკარვე ადგილს ვეძებთ. ჰენრი, ოჯახითურთ, ადგილობრივი გამცილებლების კვალზე, მაზერისკენ ეშვება. ჰანსი და რეი რჩებიან.

 

სამივე ჰოლანდიელია.

 

თბილისში მცხოვრები ჰენრის მარშრუტი ალპურ ზოლზე წყდება. ჰანსსა და რეის გეზი სამხრეთ უშბის ჩრდილო-დასავლეთ კედლისკენ აუღიათ. ჰენრი ეგზოტიკის მოყვარული ტრეკერია, ჰანსი და რეი  -  სვანეთის ექსპედიციის მონაწილე პროფესიონალი მთამსვლელები.

 

ექსპედიცია შარშან, საქართველოში რეის ჩამოსვლისთანავე დაიგეგმა. ჰოლანდიელ სტუმარს ზალიკო ქიქოძე მასპინძლობდა, რაც პირველი შემთხვევა არ იყო. აქტიური ალპინისტური წარსულის საკომპენსაციოდ ზალიკომ ბოლო წლებში ტურისტების მეგზურობა აირჩია. ცხოვრების ახალი წესი პროფესიით არქეოლოგ სამთო ფოტოგრაფს შედარებით მარტივ მთებზე, მაგალითად, მყინვარწვერზე ასვლის საშუალებას აძლევდა.

 

ახლა კი «დიდ ავიაციაში» დაბრუნების შანსიც გაჩნდა  -  «მიშლიაევი», რომლისთვისაც სამზადისი ზამთრიდან დავიწყეთ. ჟინვალის წყალსაცავის მახლობლად, ყინულის კედელზე ვცოცავდით, ბოტანიკურში ვვარჯიშობდით. ზალიკო, ასაკის მიუხედავად, ფორმაში იყო. ბოლოს რომ ვკითხე, უშბისთვის მზად თუ ხარ-მეთქი, ეს 58 წლის კაცი «ტურნიკზე» ჩამოეკიდა და 14-15-ჯერ აიწია.

 

მერაბ ხაბაზისთვის მსგავსი შეკითხვა არ დამისვამს. მწვერვალის აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კალთებს კარგად იცნობს. «გაბრიელის» ტრადიციულ გზაზეც უვლია და «მიშლიაევის» არატრადიციულ ღარში გაძრომაც უცდია. წარმატებაც ჰქონია, წარუმატებლობაც.

 

89-ში უკანასკნელი აღმართის 200-მეტრიანი მონაკვეთიდან უამინდობას გამოუბრუნებია. 97-ის ზამთარში, ზვავში მოყოლილს, მარცხენა ფეხი დაუმტვრევია. 8-ათასიან ევერესტსა და 7-ათასიან აკონკაგუაზე ასვლის მერეც, ჰიმალაებისა და ანდების მწვერვალებს ისევ 4-ათასიანი უშბა ურჩევნია. ალბათ, ამიტომ, საკმაოდ დატვირთული ალპინისტური სეზონის მიუხედავად, მასზე ძალების მოსინჯვის შანსს წელსაც არ უშვებს ხელიდან. სვანეთის შემდეგ პამირში მიდის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ბოლო 7-ათასიანი დალაშქროს. ლენინის პიკზე ფეხის დადგმა «თოვლის ჯიქის» ტიტულის მოპოვებას ნიშნავს.

 

ვერ ვიტყვი, მერაბის მსგავსად ორმწვერვალიანი მასივისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდეს, ან ზალიკოსავით «მიშლიაევის ბუხარში» გაძრომაზე ვოცნებობდე. გრანდიოზულობის შეგრძნება უშბისადმი გულგრილს არავის სტოვებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ტექნიკური სიძნელეების გადალახვის სურვილი, წმინდა სპორტული აზარტია.

 

ამიტომაც წინააღმდეგი არ ვარ, აღმოსავლეთ კალთაზე ორჯერ წარმატებულად გავლილი «გაბრიელის გზა» ახალი, ბევრად რთული და საინტერესო, მარშრუტით გავამრავალფეროვნო.

 

«მიშლიაევის» ღარის დამუშავება პირველად შარშანწინ, ოქტომბრის დამდეგს ვცადეთ. «მონადირეთა ღამისსათევიდან» შეუიარაღებელი თვალითაც კარგად გამოჩნდა ახალდათოვლილ კედელზე დამრეცად გაკვალული თეთრი ზოლი  -  გაყინული «ბუხარი», რომლის გავლა, მარტივი მიზეზის გამო, გადავიფიქრეთ: კლდის არაერთგვაროვან ზედაპირზე გალიგვებული წყაროების, თოვლის ნადნობის, სხვადასხვა სისქის ბოთლისებური ყინულისთვის გამიზნული აღჭურვილობა არ გვქონდა.

 

წელს ჰოლანდიელებმა მეექვსე კატეგორიის მარშრუტის დასამუშავებლად საჭირო მთელი არსენალი მოიმარაგეს: ყინულის ჩაქუჩები და ნაირგვარი პალოები, «შლიამბურები», «ზაგლადკები», რკინის კიბეები. . . კედლის ტექნიკურ სირთულეს 3700 მეტრის სიმაღლიდან ვერტიკალურად და ოდნავ დამრეცად გაჭრილი 250-მეტრიანი რელიეფური ღრმული ქმნის. ერთი შეხედვით, მწვერვალისკენ სწორხაზოვნად მიმავალი გამოკვეთილი და ლოგიკური გზაა. არც ორიენტაციის დაკარგვა გემუქრება, არც ტრავერსი გჭირდება, ვერსად გადაუხვევ.

 

ქედზე გადაადგილების შემდეგ «ბუხარს» ფერდობებამდე აჰყვები და მეორე დღეს უშბის თავზე ხარ. ქედი და ფერდობები მარტივი ამბავია. აი, «ბუხარი» კი. . .

 

ღამდება. კარვებს ვშლით და ვიძინებთ.

 

 

 

14 ივლისი

 

ქედის ბოლოს, სვეტის ძირში ვართ. ჰანსი, რეი და მერაბი თოკებს კიდებენ.

 

რთული სამუშაოა. ღარი ზოგან ღრმად იჭრება კლდის გულში, ვიწროვდება, კუთხეს ქმნის. მერე ფორმას იცვლის, გლუვდება, ქიმები, შვერილები ქრება და გაბათქაშებულ კედელს ბზარსაც ვერ უპოვი. «შლიამბური» უნდა გამოიყენო. ხუთმეტრიან მონაკვეთზე აცოცებულმა, კედელი დახვრიტო, პალო ჩაარჭო, ელიფსური რკინის კაუჭი  -  «კარაბინი»  -  გამოსდო, შიგ თოკი გაატარო და დაბლა დარჩენილებს ჩასძახო: «პერილა მზად არის.»

 

წინ ჰანსი მიდის. რეი მიჰყვება. გზამკვლევები არიან.

 

«პირველობის» სურვილი ექსპედიციის დაგეგმვისთანავე გამოთქვეს. კავკასიონზე ადრე არასდროს ყოფილან. ლანდშაფტის თავისებურებები აინტერესებთ. დავთანხმდით. მეწინავეობა, განსაკუთრებით უცნობ მარშრუტზე, ყამირის ათვისებას ჰგავს, აზარტს ბადებს. ძნელი კია.

 

გაუთვალისწინებელი საფრთხის მოლოდინი გძაბავს, ქანცის გაწყვეტამდე იღლები.

 

მაღალი დონის პროფესიონალი უნდა იყო, შესაბამისი აღჭურვილობაც გქონდეს.

 

ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

 

15 ივლისი

 

დილაადრიან ვიწყებთ მოძრაობას  -  ჯერ ჰოლანდიელები, მერე მერაბი, ზალიკო და მე. უკვე გამზადებული სამი თოკი («პერილა»), ანუ 150 მეტრი, უნდა გავიაროთ, დარჩენილი 100-მეტრიანი მონაკვეთი დავფაროთ და კლდოვან ფერდამდე (“კრიშამდე”) ავაღწიოთ.

 

ღარი ნესტიანია. სადღაც ზემოდან წანწკარის ხმაც ისმის. შორიდანვე შესამჩნევი სისველე გვაფიქრებინებს, რომ ფერდიდან კედლის ვერტიკალზე ნადნობი ყინული მოწვეთავს. წლევანდელი ზამთრის უხვთოვლიანობამ, გაზაფხულის სუსხმა და ზაფხულის ხვატმა, 12 საათიდან გადმოწვერილმა მზემ შესაძლოა, ალპური ზონისთვის ნაკლებად დამახასიათებელი წყალვარდნილები წარმოშვას. ამიტომ აჩქარება სჯობს. არ გამოდის.

 

ოთხი თოკი გვაქვს. თითოეულზე მორიგეობით მივცოცავთ. დიდი დრო გვჭირდება. მე  -  მითუმეტეს: ბოლო «პერილას» ვხსნი, ჰოლანდიელებს ვაწოდებ, ჰანსის ზურგჩანთას მივათრევ  -  ტვირთმოკიდებული მარშრუტის დამუშავებას ვერ შეძლებს. ე.ი. ორმაგი გზის გავლა მიწევს.

 

შუადღე ახლოვდება. 150-მეტრიანი მონაკვეთის ჩამოტოვების შემდეგ წანწკარის ნაცვლად თქრიალი ჩაგვესმის.

 

თითქოს კანტი-კუნტი და თანდათან გახშირებული წვიმა მოდიოდეს, სახეზე, ხელებზე კედლიდან ანასხლეტი წვეთები, მერე შხეფები გვეცემა. ვერაფერს ვხედავთ. დამრეცი, კუთხოვანი ქიმები გვეფარება. თოკი სველ ზედაპირს ეხახუნება, შვერილებს შორის მიძვრება და უცებ, ღმერთო, დიდებულო, წყალში შედის. . . ნაჟური, ნაკადული კი არა, ფერდიდან, «ბუხრის» ყელის გავლით, სვეტზე გადმოკიდებული ჩანჩქერია.

 

რა ვქნათ? ქედზე დასაშვები «პერილა» არ გვაქვს.

 

ე.ი. უკან ვერ გავბრუნდებით, ვერც ჰოლანდიელებს მივატოვებთ. თოკზე დაკიდებულები, ნესტიან და ვიწრო ღარში, სადაც კარვის გაშლა კი არა, ხეირიანად წელში გამართვაც არ ხერხდება, ღამეს ვერ გავათევთ. გზა უნდა განვაგრძოთ.

 

ზალიკო ზურგჩანთას ტოვებს. წინაურდება. მივყვები. სწრაფად, შეუფერხებლად ვმოძრაობთ.

 

ნადნობი ყინულის უხვი დინება მარწუხივით გვიჭერს. ერთიანად ვილუმპებით. ცოტაც და, «კრიშაზე» ვართ. «პერეგიბიდან» მერაბს ვერ ვხედავთ. ამოსვლას აგვიანებს. უცებ ყვირის: «მიშველეთ!» ჩანჩქერის შუაგულში ჰკიდია და, სპაზმებისაგან ძალაწართმეული, გაშეშებული, დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

 

«რეი!»  -  ჰოლანდიელებს გასძახის ზალიკო.

 

რეი ბაქანზე ეშვება და «პოლისპასის» (თოკებისაგან აწყობილი სამაშველო სისტემა) გამზადებაში გვეხმარება. გაქაფულები ვმუშაობთ.

 

ვიცით, 100-იოდე მეტრიდან დაქანებულ გამთოშავ, კოკისპირულ ნაკადში მოხვედრა მერაბისთვის, რომელსაც მწვერვალზე ყოველ წუთს მოსალოდნელი ხელ-ფეხის მოყინვა, «ცივი ღამისთევები» განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის, სარისკოა.

 

ღარში დამხმარე თოკის ბოლოს ვუშვებთ. გადის ათი წუთი, ოცი, ნახევარი საათი. მერაბი «პერეგიბიდან» ბაქანზე გადმოგვყავს. ცუდად არის, ძაგძაგებს. ცხელი წყალი გვჭირდება, მაგრამ სად არის? ზურგჩანთა, რომელშიც პრიმუსი მედო, თავქვეჩაკიდებული ხრამისკენ მიფრინავს.

 

მეორე პრიმუსი ჰანსის ზურგჩანთაშია. ის დაბლა, ღარის წყლიან მონაკვეთქვეშ, ზალიკოს ტვირთის  - კარვის  -  გვერდით დარჩა. ე.ი.

 

ყველაზე მთავარი  -  სითბო და თავშესაფარი  -  არ გვაქვს.

 

ზურგჩანთების ამოსატანად «ბუხრის» ყელში ჩაბრუნება გამორიცხულია, რადგან ამ გაწამაწიაში ქანცი გაგვიწყდა, დაბნელდა, წყლის ნაკადმაც ოდნავ შესამჩნევად იკლო  -  ხელახლა დასველება არ აგვცდება.

 

ჰოლანდიელების კარავი ათიოდე მეტრის სიმაღლეზეა გაშლილი. მერაბი დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. ჩვენ მისი აყვანის ძალა აღარ გვაქვს. «ცივი და სველი ღამისთევა» გველის.

 

16 ივლისი

 

თენდება. ჰანსი და რეი ზემოთ მიდიან, რომ «მაგთის» დაფარვის ზონიდან მაშველს დაუკავშირდნენ. ზალიკოს ზურგჩანთა ამომაქვს. ღარი მშრალია.

 

დინება შუადღისას განახლდება, წვეთ-წვეთ ჩამონაჟონი წყარო ჩანჩქერად იქცევა, ღამე დაიწრიტება და დილის სუსხი გაყინავს.

 

კარავს ვშლი. მერაბი შეგვყავს. ხელებს ვუზელ. მკლავი გაშეშებული აქვს. აღარ სუნთქავს. ჯერაც თბილია.

 

«უნდა დავბრუნდეთ,  -  ვამბობ,  -  მაშველს ვერ დაველოდებით.

 

კაცმა არ იცის, როდის მოვლენ.»

 

«კარგი,  -  თავს მიქნევს ზალიკო,  -  დღესვე დავიძრათ, სანამ ხელ-ფეხი მემორჩილება.» კარვიდან გამოსვლისას, ჩერდება. ხმაამოუღებლად დაჰყურებს მერაბს. საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

 

«შენ რას გერჩი, თორემ აქედან ჩამსვლელი არ ვარ,»  -  მეუბნება.

 

დაგვაგვიანდა. წყალი თქრიალით მოჩქეფს. ზალიკო ჩადის. დაახლოებით 35 მეტრის მანძილზე ჩერდება. თოკს მივყვები.

 

თვალებს არ ვუჯერებ. ღარიდან ამოვარდნილა და კედელზე, ჩანჩქერქვეშ, თავდაღმა ჰკიდია. ყინულის ნატეხები და კლდის ნაშალი თუ მოხვდა, ან ძლიერმა ნაკადმა დააკარგვინა წონასწორობა... ტვირთს ვართმევ და «ჟუმარების» ჩამოსატანად ვბრუნდები კარავში, რომ ზევით აცოცებაში დავეხმარო. 10-15 წუთში ვეშვები. ისევ თავქვე ჰკიდია. მაჯისცემა არ ისმინება.

 

განადგურებული, არაქათგამოცლილი მივცოცავ «ბუხრის» ყელში.

 

ქედამდე ჩაღწევა არ მიფიქრია. «პერილა» არ მაქვს. ზალიკოს ვერ გადავუჭრი. რომც მქონდეს, რა გამოქაჩავს? ენერგიის ხარჯვა არ ღირს. სჯობს, ადგილიდან ფეხმოუცვლელად მაშველს დაველოდო.

 

კარავს არ ვიყენებ. წეღან შუაზე გადაგვეხა. მერაბისა და ზალიკოს ზურგჩანთებიდან საძილე ტომარასა და ვერცხლისფერი ქაღალდების პაკეტს ვიღებ.

 

კონვერტისებური საძილე ტომარა იშლება. საბანივით ვიფარებ. ქაღალდს მჭიდროდ ვიკრავ ტანზე. თოვლსა და ყინულს უხვად ვიმარაგებ, რომ სითხე არ მომაკლდეს. სისველე ნაკლებად მაწუხებს. დროდადრო ამიტანს კანკალი, გადამივლის. ხელ-ფეხი მიბუჟდება.

 

ძილ-ბურანში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვარ. ძლიერი ემოციები მტოვებენ. სასოწარმკვეთი აღქმა, რომ მრისხანე, უკაცრიელ მთას ყიამეთში მარტოდ-მარტო ვარ შერჩენილი, ქრება. არ ვიტანჯები. არ მტკივა. არ ვფიქრობ. მხოლოდ ველოდები.

 

18 ივლისი

 

ამინდი ფუჭდება.

 

თოვლის «სარკოფაგში» ვწევარ. ყინულს ვკვნეტ. წვეტიანი, ბასრი საგანი მეცემა. ფერდობიდან ჩამომსხვრეული ლოლუაა. ვფხიზლდები. გუგუნი მესმის. ზემოთ ვიხედები.

 

მეჩვენება, თუ მართლა ვერტმფრენია? ხელს ვუქნევ. ვერ მიახლოვდება. ეგ არაფერი. რაც მთავარია, იციან, გვეძებენ. დღეს თუ ხვალ მოგვაგნებენ.

 

19 ივლისი

 

თოვლი ხრაშუნობს.

 

მგონი, ვიღაც მოდის. ბუნდოვნად ვარჩევ სილუეტებს.

 

“ვინ ვარ?”  -  მეკითხებიან. ვერ ვცნობ. თურმე, გიაა, აფაქიძე, ბიძინა გუჯაბიძე, აფი გიგანი, ნიკა ერქომაიშვილი.

 

20 ივლისი, თბილისი, ღუდუშაურის კლინიკა

 

აი, სასწაული! ფეხსაცმლიდან წყალი გადმოასხეს, კიდურებს კი თავისუფლად ვამოძრავებ. სამოსი სველია, მაგრამ ფილტვების ანთების კვალიც არ ჩანს. მხოლოდ წონა მაქვს აღსადგენი. ძვალი და ტყავი ვარ. გადასასხმელი სისტემები გამოფიტულ სხეულს მინერალებით მიმარაგებს.

 

ზონდი ყლაპვას მიადვილებს. სიცოცხლეს ვუბრუნდები და მომხდარის აღქმა-გააზრებას ვიწყებ. შორიდან, გარეშე პირივით შევყურებ ყინულებში ჩარჩენილ გელა ოთარაშვილს და მართლა გულწრფელად მაოცებს მისი გადარჩენა. ხელახლა გავდივარ საბედისწერო მარშრუტს, სადაც 20-30-იოდე მეტრის არეალში ტრაგედია დატრიალდა. დღეს უფრო ახლოს ვარ მეგობრების სიკვდილთან, ვიდრე მაშინ. . .

 

მაინც რა მოხდა, რისი აცილება შეგვეძლო, რა ვერ მოვახერხეთ, ან რამ გამაძლებინა: ფიზიკურმა მომზადებამ თუ შინაგანი რეზერვების დროულად და სრულად ამოქმედებამ?

 

არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემას მთელი ცხოვრება სჭირდება.

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / ლებანიძე შორენა / უშბის თეთრი ღამეები