მაღრაძე დავით.

კულტურა მეფური ნაკლი

 

  საქართველო წლევანდელი დამოუკიდებლობის დღესასწაულს ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს სტატუსით ხვდება.

  ჩვენი საზოგადოების ვალია დაამტკიცოს, რომ საქართველო ისტორიის შემთხვევითობამ კი არ მიიყვანა ევროპასთან, არამედ იგი კულტურით, ორიენტაციითა და ტრადიციით ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ანუ დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი საზოგადოების ასაშენებლად, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით სასამართლო რეფორმაა უპირველესი, მორალის მხრივ, ასევე უმთავრესია კულტურის რეფორმა.

  პოსტსაბჭოთა სივრცეში კულტურის რეფორმის განხორციელება ძალზე რთულია, რადგან კონტრკულტურა, რომელიც ჩვენში ათწლეულების მანძილზე უპირისპირდებოდა კულტურას, ავანსცენიდან უმტკივნეულოდ არ ჩადის და ბევრი მსახურიც ჰყავს საზოგადოებასა თუ ხელისუფლებაში.

  მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორია და საერთოდ, ხელოვნების ისტორია კონიუნქტურული დითირამბულობით მნიშვნელოვნადაა წარყვნილი და გადაფასებას საჭიროებს. სულიერ მონაპოვრად შერაცხული ფსევდოხელოვნება და სიყალბის ნიაღვარი, როგორც წესი, ჩქმალავს ჭეშმარიტ ღირებულებებს, რომელთა ღირსეულ წარმოჩენასაც ასე უფრთხის კონტრკულტურით გალაღებული უმეცრება.

  ამოსაძირკვია ხელოვნების შეფასების სოცრეალისტური თეორია, რის დეკლარირებასაც ასე კატეგორიულად გაურბიან, იგი ერთი შეხედვით უარყოფილია, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებაში ფესვგადგმული.

  აღნიშნულ შეფასება-გადაფასების საშურ საქმეს ერთი რომელიმე უწყება თავს ვერ გაართმევს. ამისათვის საჭიროა საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სწორი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებსა და საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელსაც გაცნობიერებული აქვს პრობლემა, გააუმჯობესებს სულიერ-ზნეობრივ, ანუ კულტურულ ამინდს სახელმწიფოში.

  სახელმწიფოს მხრიდან კულტურის ხელშეწყობა უპირველესად კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვით გამოიხატება.

  შევეცდები, ორიოდ სიტყვით გამოვხატო საკუთარი პოზიცია საკითხებზე, რომლებიც, ჩემი ფიქრით, უპირველეს საზრუნავთა ზედაპირზეა.

  კანონი კულტურის შესახებ უნდა არეგულირებდეს კულტურის მატერიალური ძეგლების დაცვას, მათზე ზრუნვას, რაც საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის ექსპონატების გატანა-არგატანასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს აგვაცდენდა, სადაც ორმხრივ შეძახილებში კვალიფიციური ხმა, ჯერჯერობით, სუსტად ისმის.

  მიმაჩნია, რომ ექსპოზიციას, ადგილზე თუ უცხოეთში, წინ უნდა უსწრებდეს კონცეფცია, რაც თავიდათავია ნებისმიერი კულტურული აქციისათვის. კონცეფციას უნდა ერთვოდეს პროექტი, რომელშიც მკაფიოდ უნდა ჩანდეს როგორც პროპაგანდისტული, ასევე კომერციული სარგებელი; ხოლო ხელშეკრულება სხვა დანარჩენთან ერთად ითვალისწინებს დაცვით მექანიზმს.

  ვფიქრობ, წესად უნდა დადგინდეს პროექტის ორგანიზატორების (ავტორების) მიერ პროექტის დაცვა პარლამენტის კულტურის კომიტეტის წინაშე, რომელიც მოიწვევს სპეციალისტებსა და მასმედიის წარმომადგენლებს.

  ობიექტურ სირთულეთა დასაძლევად, მიმაჩნია, რომ ისტორიულ სიძველეთა ქრისტიანული ნაწილის ექსპონირება უნდა ხდებოდეს საპატრიარქოს პატრონაჟით, როგორც მისიონერული აქტი.

  წმინდა წერილიდან გამომდინარე, ეს ეკლესიის მსახურთა ერთგვარი ასპარეზიცაა. სხვაგვარად მოციქულებიც წმინდა ნაწილების მოფენისა და ქადაგებისას ნაციონალური საზღვრებით შემოიფარგლებოდნენ და უცხო ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) არ პოვებდნენ, მით უფრო, მოწამებრივ აღსასრულს.

  სახიფათოდ მეჩვენება საერო პირთაგან ეკლესიის მიმართ ნაციონალური მოტივის გამძაფრებისკენ მოწოდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ «უ და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით, თანახმად მისი ხატისა, ვინც შექმნა იგი; სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინდაცვეთილობა თუ წინდაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა, თავისუფალი, არამედ ყველაფერი და ყველაფერში ქრისტე» (პავლე მოციქულის ეპისტოლენი კოლაელთა მიმართ, თავი 2, მუხლი 10, 11).

  არ არსებობს ქართული ქრისტიანობა.

  არსებობს ქრისტიანობა საქართველოში.

  კულტურულ მემკვიდრეობასთან მხოლოდ გენეტიკური კავშირი არანაირი თავმომწონეობის და საზოგადო მოღვაწეობის საფუძველს არ იძლევა. მასზე ზრუნვის წადილი და უფლება მხოლოდ მაშინ ჩნდება და მიიღწევა, როცა პიროვნება თანაზიარია კულტურისა, რისთვისაც თავდადებულია. ასეთ დროს იბადება დიდი პასუხისმგებლობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე საკუთარი თავის წინაშე და ამით შეიცნობა კაცი, ვისაც ნება აქვს მონაწილეობდეს ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში. ვფიქრობ, უკულტურობაა ის, რომ დღეს საქართველოს ხაზინა გაცილებით მეტს ხარჯავს «ახლის» შესაქმნელად, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

  მონუმენტური ხელოვნების პროპაგანდისტული ტენდენცია განვითარებული ქვეყნის ფუფუნებაა და არა წაქცეული ხაზინის მქონე ქვეყნის პრიორიტეტი.

  რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა არ შეწყდეს ხელოვნების ძვირად ღირებული დარგების ტრადიცია, მაგრამ ეს უნდა ხორციელდებოდეს უმკაცრესი კონკურენციის პირობებში და კონკურენცია, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი საფუძველი, უნდა იქცეს საყოველთაოდ, ანუ კვალიფიციური ჟიურის წინაშე სასტარტო ვითარება ყველა პრეტენდენტისათვის თანაბარი უნდა იყოს.

  მეჩვენება, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ურჩევნია გმირების ღვაწლის წინაშე მათ ქანდაკებებთან რიტუალური «პატივით» მოიხადოს მოვალეობა, რომ ამით ნამდვილი პასუხისმგებლობისგან გაითავისუფლოს თავი.

  ვფიქრობ, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის კორექტირებული პროექტი (სართულიანობა, სიმაღლე, გეგმარებითი სტრუქტურა, მასშტაბიუ) და დადგენილ ფარგლებში აგრესიული, გრანდიოზული ქალაქთმშენებლობის შეზღუდვები დააკანონოს.

  სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს სახელოვნებო სამყაროში საბჭოური რეჟიმით ნაკარნახევი ხელისუფლებისგან ხელდასხმული «ხევისბერების» ინსტიტუტი. ხევისბერობა თემური წყობილების სიმბოლოა და არა დემოკრატიული საზოგადოების ატრიბუტი.

  გადასახედია ხელოვნების ქრესტომათია.

  მასკულტურა, როგორც ხელოვნების სუროგატი, ახალი კომუნიკაციის საშუალებებით სტიქიურად ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში იკიდებს ფეხს, მაგრამ სახელმწიფო მოვალეა შეძლებისდაგვარად არეგულიროს ეს პროცესი არა მდარე პროდუქციის ტირაჟირების აკრძალვით, არამედ ნამდვილი ღირებულების შენარჩუნება-ხელშეწყობით. ამ პროცესების რეგულირება (დაბეგვრის მექანიზმი და ა.შ.) კულტურაში სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს საკითხიც კანონით უნდა წესრიგდებოდეს.

  თანამედროვე ეტაპზე ერთ უმნიშვნელოვანეს საქმედ მიმაჩნია საქართველოს სახელმწიფო ნიშნების აღდგენა.

 

 

  ჩვენი ინიციატივა ჰერალდიკის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე (კულტურის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება, 1994 წ.), ერთადერთ მიზანს ისახავდა, საქართველოს დავუბრუნოთ სახელმწიფო დროშა და გერბი.

  ჩვენს ქვეყანას, ევროპაში ერთ-ერთ უძველესს, უნდა ჰქონოდა და აქვს კიდეც სახელმწიფოებრიობისათვის აუცილებელი ატრიბუტიკა: სახელწოდება -საქართველო; დროშა -გორგასლიან-დავითიანი; გერბი -კვართიან-დავითიანი.

  უეჭველად მოსათოკია საქართველოს ისტორიის ყოველ მოსახვევზე ქვეყნისათვის ახალ-ახალი სახელმწიფო ნიშნების თხზვის ენთუზიაზმი. ამას გაუგებრობისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაკნინების გარდა არაფერი მოაქვს.

  ისტორიული ნიშნების იგნორირება საქართველოს სახელმწიფოებრიობის  ისტორიის იგნორირებაა.

  ჩვენს პარლამენტს აქვს პატივი, უფლება და საშუალება, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაუბრუნოს ქვეყანას ისტორიული სახელმწიფო ნიშნები (დროშა, გერბი).

  ზოგი მეცნიერისა თუ პოლიტიკოსის ეჭვი ქართული ისტორიული დროშის, გერბის სინატიფისა და სემანტიკის შესახებ, ვფიქრობ, უსაფუძვლოა.

  ტარნოვსკის დადასტურებული ვარაუდი აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის მიგნებამ უეჭველი გახადა, -საქართველოს დროშის სახე დადგენილია. ეჭვს არ იწვევს საქართველოს გერბის სახეც.

  საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის აღდგენა არის უტყუარი გარანტია ისტორიული ტრადიციისა, -დაცულ იქნეს ნებისმიერი აღმსარებლობის ყველა მოქალაქის უზენაესი უფლება.

  მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ უნდა გამოცხადდეს კონკურსი კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ნიშნების მხატვრულ ინტერპრეტაციაზე დამტკიცებული აღწერილობის მკაცრი დაცვით.

  საზოგადოდ, ტრადიციების შენარჩუნება ერის კულტურაზე მეტყველებს. «დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.» -ჯოყოლა ალხასტაისძეს ათქმევინებს ვაჟა-ფშაველა და საერო კანონზე (სისხლის აღება) ერთი ფრთის დაქნევით მაღლა აყენებს ზეკაცურ კოდექსს. ამით მწერალი სტუმარმასპინძლობის ჩვენებურ ტრადიციას ზნეობის უმაღლეს გამოხატულებად გვისახავს.

  ჯეიმს ჯოისის «დუბლინელების» ერთ-ერთი პერსონაჟი, გებრიელი ამბობს: «ალბათ, ზოგი მიკიჟინებს და მეტყვის, ეგ ტრადიცია (სტუმარმასპინძლობა) ჩვენი ნაკლი უფროა, ვიდრე თავმოსაწონებელი ამბავიო. დაე, ასე იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გახლავთ ჭეშმარიტად მეფური ნაკლი».

 

  ეს მაგალითები მისთვის მოვიხმეთ, რომ კიდევ ერთხელ მივაპყროთ ჩვენი საზოგადოების ყურადღება მასზედ, რომ ევროპული კულტურა უმთავრესად ერთი ფესვითაა ნასაზრდოები და ტრადიციების შენარჩუნებით ხასიათდება.

  რაც შეეხება დღესასწაულებს, საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანას, აქვს თავისი საეკლესიო და საერო დღესასწაულები. ამ გზაზე ხელისუფლების თუ კერძო პირების მხრიდან თვითშემოქმედება მეტად სახიფათოა.

  მარიამობის პარალელურად დედის დღის დაწესება არასწორია, ან მწყემსის დღის აღნიშვნა ლაშარობის საპირწონედ. ხშირად ამგვარი ინიციატივები გათავხედებული ათეიზმითაა ნასაზრდოები და შეფარვით ჭეშმარიტ სარწმუნოებას უპირისპირდება.

  მშვიდობიანი კავკასიის მისაღწევად, რომელსაც ყველა მოაზროვნე კავკასიელი ესწრაფვის, კავკასიის ხალხთა მეგობრობის დღე კი არ უნდა გამოვიგონოთ, არამედ «ალავერდობის» დღესასწაულს შევუერთდეთ, რომელსაც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა აღმსარებლობის კავკასიელები ერთად აღნიშნავენ.

  ვკადნიერდები და საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობ, წესად აქციოს «ალავერდობაზე» კავკასიის სახელმწიფოთა ლიდერების მოწვევა.

  «ალავერდობა» მართლაც შეიძლება იქცეს მშვიდობიანი კავკასიის სიმბოლოდ.

  ენის დღესთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ენის დღე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გვკარნახობს (საქართველოს ეკლესიის კალენდარი), ლაზარეს შაბათს უნდა აღინიშნებოდეს, თოთხმეტი აპრილით კი იქნებ სათავე დავუდოთ ქართული ენის ფესტივალს, სადაც სახალხო მთქმელებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი პოეტები, პედაგოგები, არტისტები, ფოლკლორული ანსამბლები და ა.შ. რაც შეეხება ძეგლს, კარგა ხანია, რაც იაკობ გოგებაშვილმა თავისი «დედა ენით» სამუდამო ძეგლი აუგო ქართულ ენას.

  მშობლიური ენით, კულტურით აღტაცებისაგან გულყრა სრულიად უადგილოა. ქართულ ენაზე, ისევე როგორც ქართულ კულტურაზე, ზრუნვაა საჭირო და სახელმწიფო პოლიტიკის სწორად წარმართვა, რათა როცა მოაწევს ჟამი, გვითხრას მაცხოვარმა: -ლაზარე, გამოვედ გარე.

  საკუთარი სასახლეებიდან კულტურის ჭირისუფლის მანტიით შემოსილ ხელოვნების მსახურთა გახშირებული მოწოდებანი ბიზნესმენთა და ხელისუფლების მიმართ, ხელოვანთა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისკენ, შეურაცხყოფს მათ, ვისაც ხელოვანის მთავარ თვისებად ღირსება ჩაუთვლია და მათი ძალისხმევა ბრძოლაში არც ბიზნესმენთა და არც ხელისუფალთა შემწეობებს არ გულისხმობს. ამიტომ ვთხოვ ყველას, როცა ჩვეულ ამპლუაში პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად საქმიანი წრეების თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, საკუთარი გვარ-სახელით ისაუბრონ. სხვაგვარად, ღირსება, რომელიც ტალანტს ახარებს, ფერმკრთალდება.

 

  გაზ. «ქომაგი», 1999 წ. 25 მაისი 8 ივნისი.

 

 

  ქართული სახელმწიფოებრიობის

სამიათასწლოვანი იუბილეს გამო

 

  პრეამბულა

 

  გამოჩენილ გერმანელ მწერალს, ჰანს მაგნუს ენცესბერგერს საქართველოში სტუმრობისას ცნობილმა ქართველმა მწერლებმა ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც სტუმარი აღნიშნავდა, რომ «ქართველი კულტურული ნაცია უფროა, ვიდრე სახელმწიფოებრივი». ამასთან დაკავშირებით, გაზეთ «ლიტერატურულ საქართველოში» გამოვაქვეყნე წერილი სათაურით «სახელმწიფოს შენება კულტურული ერის უპირველესი მიზანია», რომელშიც ვწერდი: «მგონია, რომ ერი, რომელსაც სახელმწიფოს შენების ტრადიცია, ნიჭი და უნარი არა აქვს, კულტურულ ერად ვერ ჩაითვლება. ერის კულტურა მის სახელმწიფოებრიობაში უფრო ვლინდება, ვიდრე საკუთარი ხელოვნების დემონსტრირების პომპეზურ ენთუზიაზმში. საქართველო, დიდი იმპერიების მეზობელი, არაერთხელ აწიოკებული და დაპყრობილი, ორიათასწლოვანი სამეფოს ისტორიის მქონე, ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ხვდება და, ამდენად, ნაკლებად სახელმწიფოებრივი ნამდვილად არ ეთქმის. თუ ბატონ ენცესბერგერის ზემოთ აღნიშნული ქათინაურია ქართული ხელოვნების მიმართ, მაშინ გასაგებია, მაგრამ მცირე კორექტივს მაინც საჭიროებს, რადგან სახელმწიფოს შენება კულტურული ერის უპირველესი მიზანია.

  ქართველი ერი იმდენადაა კულტურული, რამდენადაც იგი სახელმწიფოებრივია. ხელოვნება მისი სავიზიტო ბარათი გახლავთ».

  ქართველი ერი არ არის არც მომთაბარე ტომი და არც ბოშათა ბანაკი და ის, რომ ორი ათას წელს აღინიშნება ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი იუბილე, მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს და არა მარტო საქართველოს ისტორიისათვის, იგი ლოგიკურად აგვირგვინებს დამოუკიდებლობისათვის ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას.

  მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროები (ბიბლია -ძველი აღთქმა, მითოსი -~არგონავტიკა».), რაც ჩვენს შორეულ წინაპართა ცივილიზაციის გარკვეულ საფეხურზე მეტყველებს და იუბილეს კონტექსტში უცილობლად უნდა აისახოს, შესაძლებელია, ქართული სახელმწიფოს არსებობის მადასტურებელ მეცნიერულ არგუმენტად არ ჩაითვალოს და იუბილეს სახელწოდებიდან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოებრივი ისტორიის ჩარჩოებს მიღმა დარჩეს.

  ამდენად, საიუბილეო კომისიას იუბილეს მთავარ სახელწოდებასთან ერთად, ვთავაზობთ პირობით ქვესათაურს: «საქართველო დასაბამიდან დღემდე».

 

  წინადადებები:

 

  1. ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი იუბილე შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად ასპექტად: ა) ცივილიზაციის ხნოვანება (მითოლოგია, ბიბლია, უძველესი ისტორიული წყაროებიუ), ბ) სახელმწიფო (არქეოლოგიური მასალა, მატერიალური ძეგლები, ქართული და უცხოური წყაროები), გ) სამეფოს ასაკი (ალბათ, ფარნავაზის ეპოქიდან), დ) ქრისტიანობა საქართველოში (ქრისტიანობის გავრცელება მოციქულთა ქადაგება, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მეოთხე საუკუნე., ათასხუთასწლოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია -გორგასლის ხანიდან), ე) ერთიანი საქართველოს ათსაუკუნოვანი ისტორია (ბაგრატ მესამე, ქ. ქუთაისი).

  აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მართებული იქნება სამეცნიერო კონფერენციების გამართვა.

  2. გამოფენებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო მუზეუმები, სახელმწიფო და კერძო გალერეები, ა) ქართული სახელმწიფო ნიშნების გამოფენა ქ. თელავი, სამეფო სასახლე, (სამეფო გვირგვინები -მეფეთა პორტრეტებიდან, კედლის ფერწერა, დროშები, გერბები, თამარის სასაზღვრო ნიშნები ქვის სტელა, მულაჟი, ნუმიზმატიკა, სამეფო ბეჭდები. ერეკლეს დიდი ბეჭედი და ა. ბ) ძირითადად ასლები, რეპროდუქციები, გ) არქეოლოგიური გამოფენა, დ) კარტოგრაფიული გამოფენა (ვახუშტი ბატონიშვილიდან დღემდე, ევროპული რეპროდუქციები,), ე) დამწერლობა ქართული (ქვა, ეტრატი, ლითონი.), ვ) ქართული კოსტიუმების გამოფენა (აქვე შეიძლება გაიყიდოს ბრაილაშვილის ალბომი), ზ) სახვითი ხელოვნება მეოცე საუკუნე (ვფიქრობ, ფიროსმანიდან ფარჯიანის ჩათვლით), თ) თანამედროვე სახვითი ხელოვნების გამოფენა, ი) იქნებ საპატრიარქომ უხელმძღვანელოს ხატების (ჭედურობა, ფერწერა, მინანქარი) გამოფენას (ანდრია მოციქულის შემოტანილი აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ანჩისხატის მაცხოვრის ხატი.).

  3. ა) ქართული ხალხური მუსიკის კონცერტი უცხოელებთან ერთად (ამერიკელები, იაპონელები, სარდინიელები, კორსიკელები.),  ბ) ხალხური ცეკვის კონცერტი.

  4. კონცერტ-საღამო სახელწოდებით «თბილისური ეზო» (რომელშიც ჩაერთვებიან აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, ქურთები და ა.შ.). ეს იქნება ხაზგასმა იმისა, ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე თუ როგორ კარნახობდა ეროვნულ უმცირესობებს თანაცხოვრების დიდ კულტურას, თუ რამდენად უწყობდა ხელს ეროვნული უმცირესობების ნაციონალური კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას, რაც კაცობრიული კრიტერიუმებით ერის ტრადიციულ, საუკეთესო თვისებაზე, ანუ მაღალ კულტურაზე მეტყველებს.

  5. დასკვნითი გალა-კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თანამედროვე ქართული ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლების მონაწილეობით (1993 წელს, პარიზში, იუნესკოს დარბაზში კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ორგანიზებული კონცერტის მიხედვით).

  6. საიუბილეო კონტექსტში ხაზგასმით უნდა წარმოჩნდეს აფხაზების და ოსების ეთნიკური კულტურა.

  7. კათედრალურ და სხვა ტაძრებში აღინიშნოს პანაშვიდი აფხაზეთში დაღუპული და ყველა იმ მებრძოლის სულთა მოსახსენიებლად, ვინც შეეწირა საქართველოს სახელმწიფოებრიობას (შეიძლება ამ რიტუალით  დაიწყოს საიუბილეო ცერემონია).

  8. რაც შეეხება ორდენს, ცენტრალურ საიუბილეო კომისიაში მოარული აზრი -უცხოელთათვის დაწესდეს «ოქროს საწმისის» ორდენი, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მცდარია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ «ოქროს საწმისის» ორდენი დიდი ხანია არსებობს. ეს გახლავთ ესპანური ორდენი -»ოქროს საწმისი», რომელიც ევროპაში «მალტის ჯვართან» ერთად ერთ-ერთი უმაღლესი სტატუსის მქონე ორდენია. მაგალითისათვის: «ოქროს საწმისის» ერთ-ერთი კავალერი ერცჰერცოგი კარლოს ავსტრიელია (იხ. «ორდენები», ავტ. ვაცლავ მერიჩკა, 1966 წ., პრაღა).

  ვკადნიერდები და გთავაზობთ ორდენის იდეის განსხვავებულ ვარიანტს იმ უცხოელთათვის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე, დაწესდეს «თამარის ჯვრის» ორდენი (ვფიქრობ, დასაშვებია რემინისცენცია).

 

  საიუბილეო დღეებს ბეჭედივით უნდა აჩნდეს მწერალ გურამ რჩეულიშვილის შემდეგი სიტყვები: «ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში».

 

  გაზ. «ქომაგი», 1999 წ. 17/II.

 

  კულტურას კულტურა გადაარჩენს

  (გაზეთ «ქომაგის» დაარსების გამო)

 

  თქვენ წინაშეა ქართული პენცენტრის გაზეთი «ქომაგი», რომელიც პენცენტრის წევრებმა დავაარსეთ და მკითხველის პირუთვნელ სამსჯავროზე წარმოვადგინეთ.

  ჩვენი საწუხარი და წადილი, ჩანაფიქრი და მიზანი მსურს წინათქმაშივე განვაცხადო, რათა პარტერში თავიდანვე დაიკავოს ადგილი მტერმაც და მოყვარემაც.

  საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოებრივი კურსი საერთაშორისო ნორმების აღიარებით, იზოლაციიდან თავის დაღწევით, ან უფრო მკაფიოდ, განვითარებული ქვეყნების თანაცხოვრებაში გაერთიანებისკენ სწრაფვით გამოიხატება.

  ჩემი ფიქრით, ალბათ ამ ერთადერთ და რთულ გზაზე გარეფაქტორებით გამოწვეულ სხვა სიძნელეებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი და იქნებ მთავარი ბარიერი -საბჭოური ცნობიერება, უკეთ რომ ვთქვათ, ძვალში გამჯდარი ფარისევლობა და პროვინციული პათოსი.

  საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძლიერია საბჭოური ინერცია და ამდენად, სახელმწიფოს საგარეო კურსსა და რეალურ ყოფას შორის გამოკვეთილი შეუთავსებლობა იქმნება. სწორედ ამ დაშორიშორების დაძლევის, ამ ბარიერის გადალახვის მეტად საშურ საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანის მიზნით დავაფუძნეთ გაზეთი «ქომაგი».

  გაზეთის სახელი -»ქომაგი» ხელოვნების ერთმა მთავარმა დანიშნულებამ -კულტურისა და ზნეობის ქომაგობამ გვიკარნახა, მით უფრო, რომ მორალს მოკლებული პოლიტიკა მასობრივ აგრესიას იწვევს და ხან ნაციზმის და ხან ბოლშევიზმის სახით ვლინდება.

  საზოგადოების მორალურ-ესთეტიკურ თვალსაწიერს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ხელოვანისა და ხელისუფლების ურთიერთობის მოდელი.

  ხელისუფლება როდესაც საკუთარი უსუსურობის, ან არსებული ვითარების მიჩქმალვა-შეფერადებას ლამობს, იგი თავის გარშემო დაქირავებულ მეხოტბეებს იკრებს, ვინც საზოგადოება ილუზიებითა და ნათელი მომავლის იმედით უნდა კვებოს.

 

 

  დღეს, სახელმწიფოს კურსიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად უნდა უარყოს ახლო წარსულის მავნე გამოცდილება -ლაქიებთან ურთიერთობის წესი და ისწავლოს თავისუფალ ხელოვანთა თანაარსებობა, უნდა უარყოს შეშინებულ საქმოსანთან კატათაგვობანა და დამოუკიდებელ მეწარმეს შეეგუოს, უნდა განაგდოს ფიქრიდან მხვნელ-მთესველის ექსპლოატაცია და მიწის მეპატრონე გლეხსა და ფერმერს უნდა სცეს პატივი; ამგვარმა პოზიციამ უმაღლესი ეშელონებიდან ხელისუფლების საწყის საფეხურებამდე უნდა გაჟონოს. სიტყვის თავისუფლების შესანარჩუნებლად სწრაფი რეფორმების გზით უნდა ატაროს დანაშაულებრივ რეჟიმში დავაჟკაცებული სამართალდამცველები, არ უნდა დასჯერდეს ადამიანთა უფლებების დეკლარირებას და რეალურად დაიცვას «Hუმან ღიგჰტს". ერთი სიტყვით, ხსნა ხელისუფლებისა და თავისუფალი მოქალაქეების თანაცხოვრებაშია.

  სავსებით მართებულია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის სწორად გამოყენება, რაც ვფიქრობ, ხორციელდება კიდეც, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, არ გაქრეს გარე სამყაროს ინტერესი ქართველების, როგორც კულტურული ერის მიმართ.

  ამ ძნელ გზაზე რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა უმეცრება იქნება, მაგრამ უნდა გაირკვეს ორიენტირები. პუშკინის, ტოლსტოის, ჩეხოვის, ბლოკის და ა.შ. თაყვანისმცემელთა ნიღბით ძერჟინსკის, ორჯონიკიძის, ჯუღაშვილის, ეჟოვის და ა.შ. საქმის კეთება არც რუსულია, არც ქართული და არც ადამიანური. ახმატოვასა და გუმილიოვის პატივისცემა მათივე მწვალებელთა მსახურებით არ გამოიხატება. არც ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოებაა შესაძლებელი ეკლესიების მნგრეველებთან დაძმობილებით. ამ თემას მისთვის შევეხე, რომ ზემოაღნიშნული პოზიცია მძლავრობს ჩვენში და იგი ყოველივე ღირებულის, საერთოდ კულტურის წინააღმდეგაა მიმართული, და კიდევ იმიტომ, რომ გადასარჩენია საქართველოს დამოუკიდებლობა, ანუ სახელმწიფოებრიობა. ხელშეწყობა სჭირდება ლიტერატურათა ინტეგრაციის პროცესს. დღეს ჩვენს საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სახელოვნებო მიმართულებებზე.

  როგორც ამ საუკუნის ოციან წლებში ქართველ მწერალთა ავანგარდი ცდილობდა, ჩვენც ისევე უნდა ვეცადოთ, რომ ლიტერატურის ევროპულ კალენდარს გავუსწოროთ ქართული კალენდარი; მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენში ხშირად ხდება, რომ ყოველივე ეროვნული მდაბიობად მოვნათლოთ, რომ თანამედროვე ევროპის ლიტერატურიდან, გნებავთ, კინოდან აქა-იქ ამოკენკილი ყოფითი წვრილმანი პრობლემებიდან აქაური ტრაგედიები შევქმნათ, ან სევდიანი მამათმავლების თანაგრძნობით გავითანგოთ და ამ «გზით» დავაღწიოთ თავი პროვინციულ ყოფას.

  დასადგენ-დასახვეწია და ყოველდღიურობაში დასამკვიდრებელი შემოქმედთა საავტორო უფლებები.

  «ქომაგი» ყურადღებას მიაქცევს განათლების თემას. ჰუმანიტარული სახელმძღვანელოების შესადგენად უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა მოძებნა-მოწვევაა საჭირო და არა მხოლოდ ცნობილი პერსონების აზრის გათვალისწინება, მით უფრო, რომ სამოცდაათწლიანმა ფარისევლობამ ბევრ ღირსეულთან ერთად არაერთი პროფანი მეცნიერებისა და ხელოვნების მსახურად წარმოაჩინა.

  ხელოვანიცა და ხელისუფალიც ერთნაირად უნდა მოუფრთხილდეს სახელმწიფოს ბიუჯეტს, ანუ ჩვენი სამშობლოს ხაზინას, რომლის მეშვეობითაც ეროვნული არმია უნდა აშენდეს, უნდა გადარჩეს და განვითარდეს ბიბლიოთეკები, მუზეუმები, უნდა გადარჩეს ისტორიული ძეგლები, გაიცეს შემწეობები მხცოვანთა და მიუსაფართათვის.

  კულტურის გადარჩენა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა და არა თანამედროვე ხელოვანთა გამორჩენითი იდეების ხორცშესხმა, ან მათი ყოფითი პრობლემების მოგვარება.

  ხელოვანის ხვედრი მსახურებაა და არა საკუთარი ქვეყნის მომხმარებლობა.

  მადააშლილ დილეტანტთაგან დასაცავია დედაქალაქი. ამის საილუსტრაციოდ ისიც იკმარებს, რომ «ზემელის» ნაცვლად «რესპუბლიკის მოედანი» «ვიზეიმეთ» და სულ ახლახან, ომის შედეგად დანგრეული უნიკალური შენობების აღდგენის სანაცვლოდ, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, «ლამაზი საბურთალო» აღმოცენდა.

  კულტურას კულტურა გადაარჩენს და არა პომპეზურ სანახაობებზე ტაშისცემა.

  - და კიდევ ერთი და მთავარი, რაც შეეხება ლექსს, მოთხრობას, ესეს, ნახატს, მუსიკას, თეატრს, კინოს, ფოლკლორს, კლასიციზმს, მოდერნიზმს, პოსტმოდერნიზმს -ავასრულოთ გენიალური ნიკალას ანდერძი, ავაშენოთ ქალაქის ცენტრში ხის სახლი, დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე.

 

  გაზ. «ქომაგი», 1999 წელი, 3/II.

 

 

  გზა

 

 

  ჩვენ «ვშველით» ყველაფერს და სინამდვილეში ვერაფერს ვშველით.

  ჩვენ «ვზრუნავთ» ყველაზე და ვერავის ვეხმარებით.

  ქართული კულტურის გადასარჩენად ჩვენი მეცადინეობა ფასადის მოპირკეთებას უფრო  ჰგავს, ვიდრე წასაქცევად გამზადებული შენობის გამაგრებას.

  საბჭოური ინერცია ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ თავი ვერ დავაღწიეთ ხმაურიან ღონისძიებებს. გამოგონილი ღიმილიანი განწყობილებების, ტაშფანდურის ნოსტალგია გვჭამს. ნამდვილი საკეთებელი მდინარის გაღმა რჩება და იქით გახედვაც არ გვინდა, რადგან მართალი საქმე ლაკმუსივით არის -კაცის ინტელექტსა და უნარს აშიშვლებს. მავანს საქმესთან პირისპირ დარჩენა ხელს არ აძლევს, ურჩევნია საქმე დაარქვას კოცონის ირგვლივ გამართულ დავლურს, და საკუთარი, ღონეს მოკლებული აზრები სიბრძნისმეტყველებად გაასაღოს.

  ჩვენ «ვშველით» ყველაფერს და ვერაფერს ვიცავთ.

  რასაც საქართველოში კულტურის კერა დავარქვით, ყველა მათგანზე ზრუნვა ვიკისრეთ. სამწუხაროდ, არის ისეთი «კერები», რომლებსაც კულტურასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო, ხელოვნურადაა შექმნილი და შემოქმედებითი თვალსაზრისით პერსპექტივაშიც ბანკროტი გახლავთ. ალოგიკურია, მაგრამ ასეთი «კერებიც» სახელმწიფოს საზრუნავად ვაქციეთ.

  არ არის მართებული იმ ორგანიზაციათა რეანიმაცია, რომელთა შექმნაც ჭეშმარიტ საფუძველს მოკლებული იყო და მოთხოვნილების შედეგი კი არა, არამედ ვინმე ნომენკლატურული მუშაკის თვითწარმოსაჩენი ახირება გახლდათ.

  ასეთი ორგანიზაციები თავიდანვე განწირულია. ჩვენ კი ვცდილობთ, საქართველოს დაქცეული ხაზინა ვამყოფინოთ ყოველივეს, ასეთი პოლიტიკით ზარალდება სასიცოცხლო მნიშვნელობის კულტურის კერები.

  მეტად საშური საქმეა, გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებანი კულტურაში, შემოსაღებია პრიორიტეტული, ეროვნული ინსტიტუტების სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრას. უფრო ნათლად: უნდა დავადგინოთ, რა არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი -რა ითმენს და რა ინგრევა.

  არ უნდა მოხდეს აღრევა «ეროვნულ ინსტიტუტებსა» და პრიორიტეტულ საზრუნავს შორის. მათი გამიჯვნა აუცილებელია. «ეროვნული ინსტიტუტის» სტატუსი თავისთავად პრიორიტეტს გულისხმობს, მაგრამ ჟამთა სიავის თუ სხვა მიზეზთა გამო, შესაძლებელია რომელიმე ეტაპზე უპირველესი საზრუნავი გახდეს ისეთი კულტურის კერები, რომელთაც «ეროვნული ინსტიტუტის» სტატუსი არ ექნებათ.

  მაგალითად, დღეს, პრიორიტეტულია სოხუმის, ცხინვალის, ჰერეთის თეატრები, მაჩაბლის მუზეუმი და ა. შ. მაგრამ «ეროვნული ინსტიტუტის» სტატუსი სხვა არის. იგი უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით, მაგალითად, უეჭველად ეროვნული ინსტიტუტის სტატუსის ღირსია ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის, მარჯანიშვილის თეატრები, თბილისის უნივერსიტეტი, ქალაქი-მუზეუმი მცხეთა.

  რეგიონებში არსებულ კულტურის კერებს, რომელთაც საბიუჯეტო დაფინანსებას დავუწესებთ, სახსრები მიზნობრივად უნდა მიეწოდოს.

  აღნიშნული საკითხის მოგვარებისას, აუცილებელია იუნესკოს საერთაშორისო აქტების გათვალისწინება.

  კულტურაზე, ხელოვნებაზე ზრუნვას სახელმწიფო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ახერხებს.

  გადასაწყვეტი პრობლემები მრავალია და აუცილებლად დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს.

  პრობლემათა გადასაწყვეტად სახელმწიფოს მთავარი ინსტრუმენტი კანონმდებლობაა: სოციალური დაცვა, საავტორო უფლებათა დაცვა, შემოსავლების გონივრული დაბეგვრა.

  ჩვენ კი ყველაფერს ვედებით და კულტურის ქომაგის სახელის საშოვარზე ვართ გამოსულნი. კულტურას ჭირისუფალი არ სჭირდება, იგი თავადაა ქვეყნის ჭირისუფალი.

  ზღვაში შევედით და ცურვის სწავლის ნაცვლად მაშველ რგოლს ვითხოვთ.

  თუ კულტურის გადარჩენა გვსურს, სასწრაფოდ უნდა დავსახოთ კულტურაზე ზრუნვის სწორი კონცეფცია, რადგან უამრავი სახსარიც რომ გაგვიჩნდეს, თუ სწორი არხებით არ წარვმართეთ და პრიორიტეტები არ განვსაზღვრეთ, შესაძლებელია ქართული კულტურა დავაზარალოთ კიდეც.

  ყველაფერი სახსრებზე არ არის დამოკიდებული.

  ქართულ კულტურას, პირველყოვლისა, კულტურა გადაარჩენს, მოქალაქეთა შინაგანი კულტურა, ანუ სწორი და პრინციპული მიდგომა.

  მაგალითისათვის ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა იკმარებს:

  უცხოეთში, ყოვლად უსახსრომ, ქართულ კულტურას უმაგალითო სამსახური გაუწია, მისი ბედი სასწორზე არ შეაგდო და ქვეყანას შეუნარჩუნა ის, რითაც ქართველს ქართველობა ეამაყება.

  სწორი პოზიცია ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი სახსარი.

  თბილისის ძველი უბნების რესტავრაციისათვის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დიდძალი სახსრები, ჩვენი ფიქრით, არასრულფასოვანი ინდივიდუალური პროექტების განხორციელებას მოხმარდა; უცერემონიო ჩარევის შედეგად ქალაქის ისტორიულმა უბნებმა სახე დაკარგეს. დაზარალდა ორეული, სანაცვლოდ ძველს ცუდად მიმსგავსებული, პროვინციული ნიშნით აღბეჭდილი ახალი უბნები მივიღეთ.

  ჩვენი მეცადინეობა გამოიხატა კულტურის სამინისტროს ახალი დებულებისა და სტრუქტურის შექმნით. შევეცადეთ და, ვფიქრობ, მოვახერხეთ მინისტრთა კაბინეტისთვის წარგვედგინა ცივილიზებული ქვეყნის კულტურის სამინისტროს მოდელი, რაც კიდეც დამტკიცდა. ამ მოდელის მიხედვით, სამინისტროსა და სისტემის ორგანიზაციების ურთიერთობისას პრიორიტეტი, უმეტეს შემთხვევაში, ენიჭებათ უწყებათა სამეცნიერო და სამხატვრო საბჭოებს. აღინიშნა შემოქმედებით პროცესში აბსოლუტური ჩაურევლობის აუცილებლობა, სახელშეკრულებო-საკონტრაქტო სისტემის დამკვიდრება სამინისტროს ქსელში. სამინისტროს აპარატში შემოვიღეთ ექსპერტთა ინსტიტუტი. ერთი სიტყვით, სამინისტრო ზრუნავს დარგის განვითარების პერსპექტივაზე. მისი ფუნქცია არის ტენდენციების მხარდაჭერა და ინიციატივა, კონცეფციების ჩამოყალიბება, ანუ ეროვნული პოლიტიკის გატარება.

  სამინისტრომ უარყო მართვის ტრადიციული, ჩინოვნიკური სტილი. იგი კვალიფიციური სპეციალისტების აზრთა გათვალისწინებით, კონცეპტუალური სადავეებით მართვას ეცდება. ამ მიზნით სამინისტროსთან შეიქმნა მრჩეველთა და მეცენატთა საბჭოები.

  იმედი გვაქვს, რომ მათი თანამშრომლობის შედეგად, მოვამზადებთ და პარლამენტს წარვუდგენთ ცივილიზებულ კანონპროექტს კულტურასა და ხელოვნებაში მეცენატობის სტიმულირების შესახებ

  ჩვენი აზრით, ამ საბჭოების თანამშრომლობა კონიუნქტურული, ძვირად ღირებული აქციების განხორციელებასაც გამორიცხავს და ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას.

  ამას იმიტომ არ მოგახსენებთ, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილი საქმის დაგვირგვინებად მიგვაჩნდეს. ეს საქმის დასაწყისია და ვიცით, რომ აღთქმულ ქვეყნამდე ძალზე შორია.

  საქართველოში შექმნილია კულტურის ხსნის კომიტეტი. რაღა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ მას სახელმწიფოს მეთაური თავმჯდომარეობს. ეს ფაქტი კულტურის მიმართ ხაზგასმულ პატივისცემასა და დამოკიდებულებას ავალებს არა მარტო უწყებათა ხელმძღვანელებს, რომლებთანაც, საქმიდან გამომდინარე, ყოველდღიური ურთიერთობა გვიწევს, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. თუმცა, ზოგჯერ ხელისუფლების უმაღლეს ინსტანციებში განიხილება კერძო ინიციატივები და პროექტები სამინისტროს აზრის გაუთვალისწინებლად.

  კომიტეტი, ჩვენი აზრით, უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც შემწედ დაუდგებოდა ქართულ კულტურას; გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კომიტეტის წევრთა ნაწილმა კოორდინატორის ფუნქციის თავის თავზე აღება, როცა არსებობს კულტურის სამინისტრო.

  პარალელიზმები და პარალელური სტრუქტურები საქმეს აფერხებს და უფრო გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის ბრძოლას ემსგავსება, ვიდრე კეთილი ნაყოფის მიღებისათვის შრომას. თუ იდეა პარალელიზმს არ გულისხმობს, მისი ხორცშესხმისას მით უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

  ჩვენი აზრით, იმ დიდი საქმის მოგვარებას, რასაც კულტურის სამინისტრო ცდილობს, დიდ შემწეობას გაუწევდა «ხელოვნებისა და ხელისუფლების ურთიერთობათა ეროვნული საბჭოს» შექმნა. დარწმუნებული ვართ, საქმეს არსებული ინსტიტუტების ინტეგრაცია უფრო წაადგება, ვიდრე ახალი სტრუქტურების შექმნა.

  ვფიქრობთ, საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ უწყებათა წარმომადგენლები:

  ა) კულტურის საპარლამენტო კომისია; ბ) კულტურის სამინისტრო; გ) მეცნიერებათა აკადემია; დ) ახალგაზრდობის დეპარტამენტი; ე) ტურიზმის დეპარტამენტი; ვ) ვიცე-პრემიერი; ზ) ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი; თ) საგარეო საქმეთა სამინისტრო; ი) საქართველოს საპატრიარქო.

  უნდა განისაზღვროს დიდი ქალაქების სტატუსი. არსებულ ვითარებაში სახელმწიფო სტრუქტურებიდან კულტურას მხოლოდ კულტურის სამინისტრო არ უნდა აფინანსებდეს. კულტურის დაფინანსებაში უნდა მონაწილეობდეს:

  ა) განათლების სამინისტრო (საშუალო სკოლებში სავალდებულო დისციპლინად უნდა დამკვიდრდეს ხელოვნების ისტორია); ბ) საუნივერსიტეტო საბჭო; გ) მეცნიერებათა აკადემია; დ) საგარეო საქმეთა სამინისტრო; ე) ახალგაზრდობის და სპორტის დეპარტამენტები.

  სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საექსპორტო პროდუქციის შესაქმნელად (პოლიგრაფია, კინემატოგრაფია, სახვითი ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ხალხური რეწვა).

  ამ საქმეში აუცილებელია კერძო ბიზნესის ჩართვა.

 

 

 

  სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

  კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა ძეგლების შესახებ ყველა საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ახალი კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების სფერო ერის პრიორიტეტულ საზრუნავს წარმოადგენს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების სფეროს კრიზისიდან გამოსაყვანად საჭიროა:

  ძეგლთა დაცვისა და გამოყენების სფეროში საკანონმდებლო ბაზისის (კანონები, კანონქვემდებარე აქტები, დებულებები, წესდებები, ინსტრუქციები და ა. შ.) განახლება.

  ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციისა და უფლებამოსილებათა გაზრდა.

  საქართველოს ისტორიისა და კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის სფეროს ერთიან სისტემაში მოყვანა.

  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისათვის დაფინანსების წყაროები:

  -სახელმწიფო ბიუჯეტი;

  -ადგილობრივი ბიუჯეტი;

  -სპეციალური და საზოგადო დანიშნულების არასახელმწიფოებრივი ფონდები;

  -საიჯარო გადასახადები ძეგლების გამოყენებისათვის;

  -შემოსავალი ძეგლებზე მომსახურებისა და სამეურნეო საქმიანობიდან;

  -უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დონორობა;

  -შემოწირულობანი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

  -სხვა წყაროები, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.

  ძეგლთა დაცვის ინტერესების უზრუნველყოფა რაიონული დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობისა და მიწათმოწყობის პროცესში.

  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების რეორგანიზაცია დარგის და მართვის სრულყოფის თვალსაზრისით (პარალელიზმის თავიდან აცილება, მართვის რეგიონალიზაცია, ისტორიული ქალაქების სტატუსის შექმნა და ა. შ.).

  ძეგლებზე ორიენტირებული ყველა სახის  ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ.

  განათლების სისტემის ყველა რგოლის დაახლოება ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემატიკასთან.

  ძეგლებს შორის პრიორიტეტის განსაზღვრისას, «იუნესკოს» საერთაშორისო აქტების, საერთაშორისო სტანდარტების, ანუ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა გათვალისწინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

  პირველი რიგის ამოცანად სამუზეუმო საქმეში კვლავ რჩება ჩვენი ეროვნული საგანძურის შენახვისა და დაცვის საკითხები.

  ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ხელოვნების მუზეუმის შენობის საკითხი. შესაბამისი უფლებებით აღჭურვილმა სპეციალისტთა მრავალდარგოვანმა კომისიამ უნდა დაადგინოს დედაქალაქში ყველაზე უფრო შესაფერისი შენობა, რომელიც შემდგომ სამუზეუმო ყველა საერთაშორისო სტანდარტით აღიჭურვება.

  ჩვენი მიზანია გამოვფინოთ ეროვნული საუნჯე, მაგრამ ვიდრე საკადრის პირობებს შევქმნიდეთ, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი კონსერვირება, რადგან ეს საუნჯე მხოლოდ დღევანდელობისთვის არ შექმნილა.

  შენობის პრობლემის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ საგანძურს თავისი მნიშვნელობით ალტერნატივა არ გააჩნია.

  ცივილიზებულ სამყაროში, სახელმწიფოს საზრუნავთა შორის ერთმნიშვნელოვნად, უპირველესია ეროვნული საგანძური -კულტურული მემკვიდრეობა.

  კულტურის სამინისტროს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის ცნობილია. ხელოვნების მუზეუმის განსათავსებლად სპეციალისტებს შესასწავლად ვთავაზობთ ამჟამინდელ მოწაფეთა სასახლეს (არქ. ოტო სიმონსენი) და მიმდებარე უნივერმაღის ერთიან კომპლექსს. თანამედროვე პირობებში მუზეუმების დაცვის თაობაზე მიღებულია სახელმწიფოს მეთაურის შესაბამისი განკარგულება, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ჭიანურდება მისი განხორციელება, ვინაიდან მისი ფინანსური უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა რესპუბლიკაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ყოველივე ეს ცნობილი კრიმინოგენული მდგომარეობის პირობებში ქმნის ძალზე საგანგაშო სურათს, რომელიც დღითი დღე უარესდება.

  არსებულ პირობებში თითოეული მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების დამატებითი, არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვის მიზნით მუზეუმებს აქვთ პროფილის შესაბამისი დამოუკიდებელი სამეურნეო საქმიანობის წარმართვის უფლება (სამხატვრო, სარესტავრაციო, ასლებისა და რეპროდუქციების დამამზადებელი სახელოსნოები), მაგრამ ამ სერიოზული საქმის წამოწყება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი ინვესტიციებისა და საჭირო მასალების უქონლობით ფერხდება. არადა, სხვაგვარად ძალზე სათუო იქნება საქართველოს მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საგანძურზე სახელმწიფო მზრუნველობის განხორციელება, სამუზეუმო ფონდების სრულფასოვანი დაცვა, მათი მეცნიერული დაკომპლექტებისა და დამუშავების, ექსპოზიციებისა და გამოფენების მეცნიერულ-მხატვრული პროექტირების, სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაციის სამუშაოები.

  საქართველოში არსებობს არაერთი უნიკალური კერძო კოლექცია, რომელიც არ შემოდის სახელმწიფო მუზეუმების ქსელში. დაუცველობის გამო, ისინი, პირველ რიგში, ხვდებიან კრიმინალური სამყაროს ინტერესების სფეროში. აუცილებლად მიგვაჩნია, ამგვარი კოლექციების სტატუსის განსაზღვრა, საკანონმდებლო და ფინანსური ბაზის შექმნა მათი დაცვის უზრუნველსაყოფად და სახელმწიფოსა და კერძო მფლობელს შორის ურთიერთობის განსაზღვრისათვის.

 

  ქართული საოპერო ხელოვნების ჭეშმარიტ განძს წარმოადგენდა მუდამ უნიკალური ხმები. ამჟამადაც არაერთი შესანიშნავი მომღერალი გვყავს, რის დადასტურებასაც წარმოადგენს საერთაშორისო კონკურსებზე მიღებული პრემიები და მრავალი კონტრაქტი, შემოთავაზებული მათთვის მსოფლიოს სახელგანთქმული საოპერო თეატრების მიერ. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამჟამად საოპერო ხელოვნება კრიზისულ მდგომარეობაშია, რაც პირველ რიგში, სპექტაკლების განხორციელების სადღეისოდ მიუწვდომელი სიძვირით არის განპირობებული. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად გვესახება სრულფასოვანი სპექტაკლების გარდა, ჩვენში დაინერგოს ოპერების საკონცერტო შესრულების საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკა.

  მუსიკალური საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელთა მიგრაცია ერთგვარად შემაშფოთებელია, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, კატასტროფა არ გახლავთ. ხელოვანი, რომელიც ზოგადად კულტურას ემსახურება, ის ქართულ კულტურასაც ემსახურება. კარუზოს, ჯილის და ა. შ. არასოდეს უმოგზაურიათ საქართველოში, მაგრამ მათმა ხელოვნებამ, რაღა თქმა უნდა, კვალი დააჩნია საქართველოში მუსიკალური ხელოვნების განვითარებას. სხვა საკითხია, ჩვენ როგორ ვიზრუნებთ საქართველოში საოპერო ხელოვნების განვითარებისათვის. ამ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს «ეროვნული ინსტიტუტის» მექანიზმი. საოპერო თეატრს ყველა პირობა უნდა შეექმნას როგორც თანამემამულეთა, ისე უცხოელი საშემსრულებლო ხელოვნების ოსტატთა მიღება-გასტუმრებისათვის და ძირითადი ბირთვის შენარჩუნებისათვის.

 

 

  ბუნებრივად ისმის კითხვა: რის ხარჯზე?

  კვლავ გავიმეორებ: იმის ხარჯზე, რომ მათი მნიშვნელობის მიუხედავად, ყველაფერს არ მოვედებით და სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად დავსახავთ სასიცოცხლო მნიშვნელობის კულტურის კერებს.

  საბალეტო ხელოვნების შენარჩუნებისათვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების პარალელურად უდავოდ სასიკეთო შედეგი უნდა გამოიღოს მუშაობამ სათანადო მონაცემების ბავშვების შერჩევისათვის ქვეყანაში და, შესაბამისად, გაუმჯობესდეს ინტერნატის საყოფაცხოვრებო პირობები.

  წლების მანძილზე მთელი სახელოვნებო ძალების კონცენტრაცია ხდებოდა თბილისში. ეს ვრცელდება ფოლკლორზეც, რაც ეწინააღმდეგება ამ ჟანრის ტრადიციებს. ვფიქრობთ, აუცილებელია შეიქმნას პირობები იმ მოღვაწეთა სტიმულირებისათვის, რომელნიც შეძლებენ ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარებას ადგილებზე მისი ავთენტურობის შენარჩუნების მიზნით.

  სახელმწიფომ ბიუჯეტიდან რომ დააფინანსოს ცეკვისა და სიმღერის თითო ფოლკლორული აკადემიური ანსამბლი, ვფიქრობ, სრულიად საკმარისი იქნება. სხვა დანარჩენს მუნიციპალიტეტები საკუთარი შემოსავლებით უნდა დაეხმარონ.

  კუთხური ფოლკლორი, ჩვენი აზრით, დედაქალაქში კი არ ვითარდება, არამედ კნინდება, კარგავს პირვანდელ სახეს -ხასიათს.

  სახელმწიფომ თვითმოქმედებაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ზრუნვა უნდა გამოიხატოს რეგიონალური თუ რესპუბლიკური ფესტივალების მოწყობით, თვითმოქმედი ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის უზრუნველყოფით, წარჩინებულთა სათანადო დაფასებით, დაჯილდოებით, მატერიალური წახალისებით და არა ბიუჯეტიდან სტაბილური დოტაციის განწესებით.

  დღეს ხშირად გვიწევს საყვედურების მოსმენა ქართული ესტრადის მისამართით. სამწუხაროდ, მართლაც ხშირია ყოველგვარი ესთეტიკური ნორმების უგულებელყოფა და ზოგჯერ უხამსობაც ცალკეული საესტრადო პროგრამებით, დაბალია აგრეთვე საშემსრულებლო დონე.

  კულტურის სამინისტროს ახალი დებულების თანახმად, აღნიშნულ პრობლემაში, კატეგორიულად არასწორად მიგვაჩნია ლიცენზირებისა და მონოპოლიზმის დაწესება, ანუ ძალისმიერი პოლიტიკით რაიმე შეზღუდვებისა და აკრძალვის მექანიზმის ამოქმედება, თუ საქმიანობა ერთა შორის შუღლის გაღვივებით, ძალადობისაკენ მოწოდებით და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით არ გამოიხატება.

  ჩვენი უპირველესი ზრუნვის საგანი უნდა იყოს ელიტარული ხელოვნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მასობრივ კულტურასაც არსებობის უფლება აქვს.

  საკონცერტო დარბაზებმა საკუთარ სალაროზე უნდა იზრუნონ.

  არსებით ცვლილებებს მოითხოვს სახელოვნებო განათლების სისტემა. ამ თვალსაზრისით, კულტურის სამინისტროს პოზიცია ასე შეიძლება გამოვხატოთ:

  აუცილებლად მივიჩნიეთ ქსელის რეორგანიზაცია. გარდა ამისა, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგიური და ხელმძღვანელი კადრების მოზიდვის მიზნით უნდა გაფორმდეს დაწესებულებათა ხელმძღვანელებთან ვადიანი ხელშეკრულებები, ისინი კი, თავის მხრივ, ასეთივე ხელშეკრულებებს დადებენ სპეციალისტებთან.

  გავაუქმეთ სასწავლო დაწესებულებების რესპუბლიკური მეთოდური კაბინეტი 28 საშტატო ერთეულით, რომლის მუშაობის სპეციფიკაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. მის ბაზაზე შევქმენით სასწავლო-სამეცნიერო ჯგუფი 7 საშტატო ერთეულით, რომლის მიზანია კონტრაქტით მოწვეულ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩვენი სისტემისათვის ახალი სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამებისა და გეგმების შედგენა, რომლებიც უპასუხებენ ახალ მოთხოვნებს, საჭიროა აგრეთვე, უცხო ენებზე არსებული სახელმძღვანელოების თარგმნა და დამკვიდრება.

  სასწავლო დაწესებულებას ექნება არჩევანის საშუალება, ანუ ერთ რომელიმე სფეროში სამინისტროს მიერ დამტკიცებული რამდენიმე სახელმძღვანელოდან სასწავლო დაწესებულება, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით აირჩევს შესაფერ სახელმძღვანელოს.

  თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გავაუქმეთ კულტურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რომელიც განთავსებული იყო ძველ სინაგოგაში. აღვადგინეთ 1956 წელს გაუქმებული საქართველოს ებრაელთა ეთნოგრაფიული მუზეუმი. მაგრამ ჩვენი პედაგოგიური კადრების პროფესიული სრულყოფის საჭიროება კვლავ დღის წესრიგში დარჩა. კულტურის სამინისტროს შესაბამისი განყოფილება აღნიშნულ სასწავლო-სამეცნიერო ჯგუფთან ერთად თავის თავზე აიღებს ამ საკითხების კოორდინირებას სხვადასხვა ფორმით. ამ მიზნით ვამყარებთ საქმიან კონტაქტს როგორც რესპუბლიკის, ასევე საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების კათედრებსა და სამეცნიერო სექტორთან.

 

 

  ძალზე მომრავლდა ბოლო დროს ფასიანი სასწავლებლების რიცხვი. ამასთანავე, ბევრი მათგანი ხელოვნურ წარმონაქმნად გვესახება და თავისი პროფესიული კადრებით, სწავლების ხარისხითა და შეუფერებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ვერ პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებსაც კი სახელოვნებო განათლების სფეროში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია შესაბამისი სასწავლებლებისათვის სახელმწიფო ლიცენზირების გამკაცრება.

  თეატრების არსებობისათვის, უფრო სწორად კი, მხოლოდ მათი დაკონსერვებისათვის სამყოფი თანხაც კი უმძიმეს ტვირთად აწევს ბიუჯეტს. ამგვარად, უპერსპექტივო ცხოვრება ინერციით უგრძელდება ყველა კოლექტივს.

  შესაბამისი უფლებამოსილების პირობებში კულტურის სამინისტრო იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რათა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები თეატრალური საქმის გაუმჯობესების მიზნით.

  კერძოდ: 1. სახელმწიფო ბიუჯეტზე დატოვოს სარეპერტუარო თეატრების ნაწილი და შემოიღოს მათთვის პრიორიტეტული დაფინანსება (ეს არ გამორიცხავს ისეთი სარეპერტუარო თეატრების არსებობას, რომლებიც არა ბიუჯეტის, არამედ მათი საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე შეიძლება დაფინანსდეს); 2. თეატრების მეორე ნაწილი გადაიყვანოს იმპრესარიოთა თეატრების პრინციპზე (მოწვეული შემოქმედებითი კადრებით ყოველი ცალკეული დადგმისათვის). ამასთანავე, შემოიღოს ამგვარი დადგმების და ცალკეული პროექტების, მათ შორის საგასტროლო მოგზაურობების სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც განხორციელდება ექსპერტთა შესაბამისი დასკვნების საფუძველზე; 3. შეიქმნას შრომითი ბირჟა თეატრალური პროფესიების წარმომადგენელთათვის.

  ცხადია, ხელოვნებას, კულტურას, მატერიალურად ხალხი უზრუნველყოფს, თუმცა, სახსრების განაწილება -პოლიტიკის განსაზღვრა კვალიფიციურ სპეციალისტთა საქმეა.

  არაპროფესიონალთა მომძლავრებული ენთუზიაზმი კულტურას აშკარა საფრთხეს უქადის.

 

  გაზ. «ლიტერატურული საქართველო»,

1994 წელი, 4 მარტი.

 

  ელიტა. გვირგვინი გამტყდარი

 

  თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ წინამდებარე წერილით რაიმეს დამტკიცებას არ ვაპირებ. საკუთარი აზრების უეჭველობით დასნეულებული არ გახლავართ. უბრალოდ, ჩემი წადილი, რამაც წერილის დაწერა მაფიქრებინა, ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის მემუარულ რომანს «ჩემი წუთისოფელი» (გაზეთი «ქომაგი», ზზ 11-21, 1999 წ.).

  წინამდებარე წერილი იმითიცაა უჩვეულო, რომ რომანის ბეჭდვა ჯერ არ გასრულებულა და მე კი პირველი შთაბეჭდილებების გადმოცემა განვიზრახე. მაგრამ ის, რაც უკვე გამოქვეყნდა, საკმარისი აღმოჩნდა, სიხარულს ეჯობნა მოთმინებით ლოდინისთვის. ჩემი «მოუთმენლობა» ალბათ იმანაც ასაზრდოვა, რომ გამოცდილი რეცენზენტი არ გახლავართ, თუმცა ბატონ ვახუშტისებურად რომ ვთქვათ, ახლა გადამეტებული თავმდაბლობისთვისა და რევერანსებისთვის არ მცალია, «ქომაგის» მკითხველს ზემოხსენებული ნაწარმოების შესახებ ჩემი დამოკიდებულება მინდა გავუზიარო.

  «ჩემი წუთისოფლის» კითხვისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩვენს მეშჩანურ ყოფაში ჟანგბადის ნაკადი შემოიჭრა. ამ პუბლიკაციებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მთელი სისავსით გამოჩნდა ის, რის გამოჩენასაც უკმარისობის განცდით ველოდი.

  მაინც რას ვისაკლისებდი ასე მძაფრად, რა ვაკუუმი შეავსო «ჩემმა წუთისოფელმა»?.. -ეს გახლდათ საზოგადოების ავანგარდის -ქართული ელიტის წარმოჩენის მოლოდინი. ამ შესანიშნავი გალერეის პერსონაჟები მათმა შთამომავალმა, მათივე ზნის კაცმა, ბატონმა ვახუშტიმ «ქომაგის» ფურცლებზე გამოფინა.

  მწერლის ოსტატობა იმდენად მაღალია, რომ ფაქტობრივ მასალასა და ავტორის ფანტაზიას შორის ზღვარი წაშლილია, ან უფრო სწორად, ეს ზღვარი საერთოდ არ არსებობს. და თუმცა, დოკუმენტური პროზის მთავარ ფასეულობად რეალური ფაქტები მიმაჩნია, ვფიქრობ, არსებობს კიდევ მხატვრული სიმართლე, რომელიც ხელოვანის ტალანტისა და ფაქტურის ზედმიწევნით ცოდნის თანხვედრით მიიღწევა და ისევე ფასეულია, როგორც დოკუმენტური მასალა.

  «ჩემი წუთისოფელი» მკითხველში ვირტუალური რეალობის შეგრძნებას იწვევს.

  ქართული ელიტა ჩვენგან სათანადო შეფასებას მოითხოვს და ამ მეტად საშურ საქმეს ემსახურება აღნიშნული მემუარული რომანი.

  ჩვენი საზოგადოება ჯეროვნად ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ სათანადოდ არ წარმოჩნდა და დაფასდა საზოგადოების ის ნაწილი, ვისზეც ვახუშტი კოტეტიშვილი ჰყვება, ვინც სამომავლო ორიენტირად უნდა დაისახოს, რომ სწორება მათზე აიღოს შთამომავლობამ.

 

 

  ელიტისგან გაუცხოება იგივეა, რაც ჩვენს ხელთ არსებულ სამუდამო  ფასეულობაზე უარის თქმა.

  ქართულმა ელიტამ, რომელიც ჩაენაცვლა სამხედრო არისტოკრატიას, შეძლო სამხედრო არისტოკრატიისგან მემკვიდრეობად მიეღო ინტელექტი და რაინდული კოდექსი, რაც ღირსებით ატარა.

  ღირსება. -აი, მთავარი ნიშანი და თვისება, ერის რჩეული ნაწილისა, რომელსაც იგი სიცოცხლის ფასადაც არ თმობს, -ეს მისი ცხოვრების წესია.

  ქართული საზოგადოების ისტორიაში ელიტის სათავედ სწორედ სამხედრო არისტოკრატია გვესახება.

  ელიტარულობის უწყვეტობისას ჯაჭვი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ფეოდალური ხანა -მეფე, რაინდი (თავადაზნაურობა, ანუ სამხედრო არისტოკრატია), გლეხი. ეს არის მიწიერი ჰარმონია-სამკუთხედი, რომლის დაშლის შემდეგ არისტოკრატიის ღირსებას, განსწავლულობას, დახვეწილობას, მხნეობას, ანუ ცხოვრების წესს ემემკვიდრა ელიტა, არა მხოლოდ როგორც ბურჟუაზიული სახელმწიფოს საზოგადოების ზედაფენა, არამედ როგორც რჩეული საზოგადოება; ხოლო შემდგომად, როცა საბჭოეთის ბილწების ნიაღვარმა რეპრესიებით წალეკა ყოველი მაღალი ღირებულება, ელიტის მემკვიდრეობა მხოლოდ ნაწილობრივ იტვირთა ჩვენმა ინტელიგენციამ, რომელიც თითქოს შეეგუა სოცრეალიზმს და მაინც ვერ შეეგუა სოცრეალიზმით გაჟღენთილ «ნაცრეალიზმის» აღზევებას.

  აქვე მინდა აღვნიშნო, ჭაბუა ამირეჯიბის «გორა მბორგალში» ასახული, ზემოხსენებული რეპრესიებით, გულაგებში ჩაკლული ელიტის გადარჩენილი ნამსხვრევები, რომელთაც მწერალმა «ზემელის ცოცხალი სასაფლაო» უწოდა. «ზემელის ცოცხალი სასაფლაო» ხმაწართმეულთა მიერ ნათქვამი საგალობელია, როგორც ნიშანი ელიტის მარადიულობისა.

  მისთვის მიუღებელია სექტანტიზმი. ელიტარული ნიშნის კაცს თავი შინაურად შეუძლია იგრძნოს ნებისმიერ სოციალური ფენის გარემოში, ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაცაა. იგი ერთნაირი ქომაგია ყველასი და თავისი არსით უპირისპირდება მხოლოდღა უნიადაგო ამბიციას. იგი მატარებელია იმ წრფელი სინდისისა, რომელიც ფოლკნერის სიტყვით «ღვთისგან მოვლენილი წყევლაა, რათა ოცნების უფლება მოიპოვო».

  ელიტარულობა ნებისმიერი ჭირ-ვარამის დროსაც გამორიცხავს ყოველგვარ მერკანტილურ, მდაბიურ ქვენაზრახვებს, რადგან ელიტა თავის არსში ატარებს კაცობრიობის მამოძრავებელ მუხტს, -სწრაფვას სრულყოფილების ხატისკენ.

  ელიტა პატრონია ერის კულტურისა, რადგან კულტურის პატრონობა მასზე ზრუნვად და მის მსახურებად ესახება.

  კულტურული მემკვიდრეობის შემქმნელებთან მხოლოდ გენეტიკური კავშირი არანაირ თავმომწონეობის და საზოგადო მოღვაწეობის საფუძველს არ იძლევა. მასზე ზრუნვის წადილი და უფლება მხოლოდ მაშინ ჩნდება და მიიღწევა, როცა პიროვნება თანაზიარია კულტურისა, რომლისთვისაც თავდადებულია. ასეთ დროს ჩნდება დიდი პასუხისმგებლობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე საკუთარი თავის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა გამოარჩევს კაცს, ვისაც ნება აქვს მონაწილეობდეს ქვეყნის კულტურული ცხოვრების, ერის საჭირბოროტო უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტისას.

  ელიტას შესწევს ძალა ხალხში გაფანტული სიბრძნე და მარგალიტი რუდუნებით აგროვოს და მისივე თვისების ნაყოფია ფიქრი მასზედ, რომ იქნებ ეს «უბრალო» ხალხია სწორედ ბრალიანი, ანუ მარილი ამა სოფლისა.

  აქვე მინდა ელიტის კიდევ ერთ ნიშან-თვისებაზე გავამახვილო ყურადღება და ამით კიდევ ერთხელ მივანიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი ჯეროვანი წარმოჩენა. მაგრამ ამისთვის ჯერ ვაჟა-ფშაველას გმირები უნდა შევაწუხო.

  ვაჟას გმირები (ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა, აღაზა.), რომელთაც განსაკუთრებული მისია აქვთ, ვფიქრობ, «ზეკაცურ კოდექსს» მსახურებენ. ისინი ერთი ფრთის დაქნევით მუდამ აღემატებიან არსებულ გარემოს და ამით ბედს შეგუებულ საზოგადოებას დისონანსის საფრთხეს უქმნიან, რაც წარმოშობს კონფლიქტს, რის გამოც თანამედროვეობა ემიჯნება მათ.

  საზოგადოებასთან გაუცხოებით ვაჟას გმირებს ეხმიანებიან და ენათესავებიან «მერანის» ავტორი-გმირი ნიკოლოზ ბარათაშვილი და «ალავერდობის» ავტორი-გმირი გურამ რჩეულიშვილი, თუმცა მათი საზოგადოებასთან კონფლიქტი ნელდება, როცა ისინი საკუთარ მისიას აგნებენ და აცნობიერებენ: «ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება», მეორე შემთხვევაში: «ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში».

  «ზეკაცურ კოდექსსა» და მის მსახურებას მისთვის შევეხეთ, რომ ამგვარი აღმაფრენისა და თავგამეტების მნიშვნელობას ყველაზე უკეთ სწორედ ელიტა აფასებს. მიუხედავად პირადი უბრალოებისა, ელიტას შეუძლია გმირების წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნოს. უფრო მეტიც, მას შეუძლია სხვასაც აგრძნობინოს ეს პასუხისმგებლობა მათი თავგანწირვისა და ფასდაუდებელი ღვაწლის მიმართ. სწორედ ეს თვისებაა, რაც მას ერის საუკეთესო ნაწილად აქცევს.

  ქართულ ლიტერატურაში საზოგადოების გამოსაფხიზლებლად ხშირად კრიტიკული აქცენტი აღებულია მასზედ, თუ «რანი ვართ დღეს». აქვე, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ თანამედროვე ყოფაზე გულნატკენობა საზოგადოების სულიერების მაღალი საფეხურიდან დაბლა დაშვებითაა გამოწვეული. მაგრამ მხოლოდ ასეთი მინიშნება არ კმარა საიმისოდ, რომ მთელი სისავსით წარმოიდგინო, «რანი ვიყავით» სულიერების იმ მაღალ საფეხურზე, საიდანაც დავეშვით, ანუ რა დაიკარგა, რა უნდა ვეძიოთ, სად უნდა ვეძიოთ.

  ამდენად, «რანი ვართ» თუ საზოგადოებისთვის გაწვდილი მამხილებელი სარკეა, გამოსაფხიზლებლად შემოკრული სილაა, «რანი ვიყავით» გამოსავალია, გზის ჩვენება, რადგან მაღალი ზნეობა ყველა დროის სამუდამო ღირებულებაა.

  გზის მაჩვენებელია ვახუშტი კოტეტიშვილის მემუარული რომანი.

  «ჩემი წუთისოფელი» კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მეორე ათასწლეულის ბოლოს, ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება ევროპასთან ისტორიულმა შემთხვევითობამ კი არ მიიყვანა, არამედ იგი ბუნებრივ გარემოს უბრუნდება.

 

  P ჰყვება ბატონი ვახუშტი თავის წუთისოფელს. დგას კოტეტიანთ ძველ კერაზე, თავისი სახლ-ნასახლარის აივანზე და უხმობს ჩვენს საზოგადოებას:

  -ბატონებო, აი, რანი ვიყავით ჩვენ.

 

  გაზ. «ქომაგი», 1999 წელი, 10-23 ნოემბერი.

 

 

  ბონჟურ, მუსიე გოგენ.

  (ხელისუფლება და კულტურა)

 

  საყოველთაოდ ცნობილია, რაოდენ წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანია ხელოვანისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იგულისხმება ნამდვილი ხელოვანი, ხოლო ხელისუფლება ისეთი, როგორიც არის.

  ხელოვანი, რომელიც უზენაესის მსახურად თვლის თავს, ვერ ღალატობს უზენაეს პრინციპებს, თუნდაც მისი პოზიცია ემუქრებოდეს პირად კეთილდღეობას და ეწინააღმდეგებოდეს სახელისუფლებო ტენდენციებს. იგი არათუ არ იღებს რაიმე შემწეობას, არამედ ხელისუფლებისაგან მოწყალების შეთავაზებასაც კი საკუთარი ღირსების შელახვად მიიჩნევს.

  ხელოვანისა და ხელისუფლების ურთიერთობა ხშირად კონფლიქტს იწვევს, რადგან სასწორის ერთ პინაზე დევს ხელოვანის ღირსება და თავისუფლება, ხოლო მეორეზე -ხელისუფლების უსაფრთხოება.

  ვეცდებით, რუბრიკით «ხელოვანი და ხელისუფლება» ჩვენს საზოგადოებას შევახსენოთ და მივაწოდოთ ეპიზოდები იმ შემოქმედთა ცხოვრებიდან, რომელთაც ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი უწევდათ სახელმწიფოს მესვეურთაგან შეთავაზებულ ცდუნებებზე გამარჯვება.

  კანტორ-გუკოვსკაიას წიგნში -»პოლ გოგენი» ვკითხულობთ:

  «მხატვარი გამოსავლის ძებნაში ერთი გეგმიდან მეორეს აწყდება. იგი ხან ვანილის მოშენებაზე ოცნებობს, ხან კი სთხოვს მონფრეილს დაარწმუნოს თხუთმეტკაციანი ჯგუფი, რომ ტაიტიდან წელიწადში სისტემატურად გამოგზავნილ 15 ნახატში 2400 ფრანკი გადაუხადონ (ანუ, მხატვარი ითხოვს უკიდურესად მიზერულ თანხას -ნახატში 160 ფრანკს). მაგრამ ამ საპატიო დახმარების ნაცვლად, მორისისა და შუფენეკერის შუამდგომლობით გოგენი მოულოდნელად დახმარების სახით იღებს 200 ფრანკს განათლების სამინისტროსაგან, რაც მას არისხებს და რასაც იგი სასოწარკვეთამდე მიჰყავს. გოგენი გამოგზავნილ თანხას დაუყოვნებლივ უკან აბრუნებს. «არასოდეს განმიზრახავს სახელმწიფოსაგან რაიმე მემათხოვრა, ჩემი ძალისხმევა ბრძოლაში ხელისუფლების შემწეობას არასოდეს გულისხმობდა, -მრისხანებს გოგენი, -ღირსებამ, რომლის შენარჩუნებასაც მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი, რაღაც დაკარგა».

 

  P კულტურისა და ხელოვნების ზუსტი განსაზღვრება ცალკე განსჯასა და საფუძვლიან კვლევას მოითხოვს, რისი პრეტენზიაც რუბრიკას არა აქვს. ჩვენი მიზანია, ჭეშმარიტ ხელოვანთა ცხოვრებისეული მაგალითებით და ადეკვატური კომენტარით, სათაურში დასმულ პრობლემას, კულტურისა და ხელოვნების დიფერენცირების ძალზე საშურ საქმეს შეძლებისდაგვარად შევეწიოთ.

  გოგენის ცხოვრების აღნიშნული ეპიზოდიდან ნათლად ჩანს მისი ხელისუფლებასთნ დამოკიდებულება.

  გოგენის მხატვრობა -ხელოვნებაა.

  აღნიშნული ქმედება -კულტურული აქტი.

  პოზიცია და ცხოვრების წესი -კულტურა.

 

  გაზ. «ტფილისის უწყებანი»,

1996 წელი, 11-14 ოქტომბერი.

 

 

  სარკმელი საკანში

 

 

  ლამანჩელი კაფეში

 

  ზის ლამანჩელი კაფეში,

  ძველს დაუკვეთავს კონიაკს,

  გახუნებული აფიშა

  სატრფოს ბარათი ჰგონია.

 

  ქლესური გადაძახილით

  თავები წაუქონიათ,

 

 

  ის მიდის მტერზე მახვილით

  სიკვდილი მღერა ჰგონია.

 

  ტრამალის ქარი დაბმული

  საკანის ტიბიკონია,

  ეს სახიჩარი მამული

  რაინდს სამშობლო ჰგონია.

 

  «სამი განზომილება» ავტორივით საპატიმროს ჯურღმულში გამოიწრთო.

  მკითხველის სამსჯავროს წინაშეა ჯაბა იოსელიანის წიგნი «სამი განზომილება», რომელიც ძალიან ჰგავს მის ავტორს, ოღონდ პირველი მოწვევის პარლამენტზე მჯდომს კი არა, თეთრ საყელოზე ბაფთაშებმულს, არისტოკრატული იერის საგანგებოდ გამოწყობილ ვაჟკაცს. სანგრებში ნათრევ, შეტევაზე წასულ ჯაბას ჰგავს, რომელსაც საყელოც მოქცეული აქვს და სახელოც გაგლეჯილი, მაგრამ მასთან არის სამშობლო და მასთან არის სიმართლე.

  მაშ, ასე, მკითხველო, შენ წინაშეა ჯაბა იოსელიანის დოკუმენტური რომანი «სამი განზომილება». მისი ძირითადი, დოკუმენტური ნაწილი აფხაზეთის ომის და ბოლო წლებში საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების ერთგვარი მატიანეა.

  საოცარი დინამიკა, რომელიც კითხვისას ამოსუნთქვის საშუალებას არ იძლევა, ავტორის მაღალ მწერლურ ღირსებაზე მეტყველებს.

  ნაწარმოების, როგორც მატიანის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიცაა, რომ ავტორი გახლავთ არა მხოლოდ ბრძოლების მონაწილე, არამედ მისი წარმმართავი.

  მიმაჩნია, რომ თანამედროვე ისტორია კაბინეტებიდან გაუსვლელად არ იწერება, მეტადრე პროკურატურასა და იზოლატორებში გამოძალული ჩვენებებით. მემატიანეობას უფლების მოპოვება სჭირდება და თავად უნდა იდგე მოვლენათა ეპიცენტრში, რომ აღწერო. ამის მაგალითია ქართული ისტორიოგრაფიის ნიშანსვეტი ვახუშტი ბატონიშვილი, რომელმაც მამის -ვახტანგ მეექვსის განჯაში ყოფნისას შემართა მახვილი და ორჯერ ილაშქრა განმდგარ ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ, დასაჯა ურჩნი და გამარჯვებით მოიქცა.

  მკითხველის წინაშე არსებული მატიანის ავტორის დასახასიათებლად ხაზს ვუსვამთ ერთ გარემოებას: აფხაზეთის სამამულო ომში, ქართული მხარის ამდენ ვიცე-პოლკოვნიკს, პოლკოვნიკსა და გენერალს შორის საშური თავდადებით იბრძვის და ლიდერობს კაცი, რომელსაც სამხედრო ჩინი არ გააჩნია.

  თავგანწირვა, ღალატი, გმირობა, შიში, უპასუხისმგებლობა, გაბედულება, ყოველივე ერთმანეთში გადახლართული მებრძოლი ოსტატის ხელითაა მკითხველისთვის შეთავაზებული.

 

 

  რამდენადაც მკაცრია ადამიანის მისეული შეფასების კრიტერიუმები (ომის დროს ეს სიმკაცრე ლოგიკურიცაა), იმდენად ლოიალურია იგი შეტაკებების ნამდვილი მონაწილეების მიმართ. მას არ ავიწყდება, რომ ეს მეომრები ყოველგვარი გაწვევის გარეშე გადაეშვნენ ბრძოლაში, როცა დეზერტირობისათვის არავინ ისჯებოდა.

  ნაწარმოებში სტრიქონებს შორის ჟონავს მწერლის მეტად ფართომასშტაბიანი ერუდიცია, ფუნდამენტური ცოდნა, რითიც, რა თქმა უნდა, ავტორს თავი არ მოსწონს.

  შესანიშნავი მხატვრული ოსტატობით, თითქმის უხილავი ძაფებით აკავშირებს მწერალი წარსულსა და აწმყოს -სსრკ საპატიმრო ბანაკებსა და დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტს. ამ უხილავი ძაფების არსი ადამიანის ის ნიშან-თვისებებია, რომლებიც გამოქვაბულიდან მოყოლებული, მეასე სართულზეც არ ტოვებენ მას.

  ავტორი ერთმანეთისგან ქრონოლოგიურად ძლიერ დაშორებული ცხოვრებისეული სამი ეპიზოდის ერთგვარ სინქრონიზაციას ვირტუოზულად ახერხებს. ეს ეპიზოდებია: საპატიმრო ბანაკში არაკაცის მხილება, მისი დისერტაციის დაცვის პერიპეტიები მოსკოვში და დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში თავჩენილი ფარისევლობა.

  მწერალი საშური გამჭრიახობით წვდება ამ სამი ეპიზოდის ფარულ მსგავსებას და ერთი ფესვიდან სხვადასხვა დროში განაყარ ტოტებს მშობელ ძირზე აბრუნებს.

  რომანში მიზანმიმართულად არის ჩართული საპატიმრო ბანაკების ეპიზოდები. დაკეცავს შევარდენი ფრთებს და ნოვოჩერკასკის ციხეში გისოსებიდან საკანში შემოვარდება.  თითქოს შევარდენმაც იგრძნო, ვის საკანში უნდა შეფრინდეს. რევოლუციის ღვარცოფით წალეკილ უპატრონოდ გაზრდილ კაციჭამიებს, ცივსისხლიან მკვლელებს, უმოწყალო ზედამხედველებს შორის დადის ამაყი ოჯახიშვილი და ბანაკებიდან ბანაკებში ქუხს მისი სახელიუ გაივლის აქედან ორმოცი წელი და აფხაზეთში იმავე ძალით გაიჟღერებს მისი გმირობა, შუალედში კი თეატრია, პიესები, დოქტორობა, პედაგოგიური მოღვაწეობა.

  «სამი განზომილება» სავსეა მეტად მძაფრი და სულისშემძვრელი ბრძოლის ეპიზოდებით. მწერალი სისხლის წვიმების დროსაც არ კარგავს ვაჟკაცის უმთავრეს თვისებას, მტერსაც დაუფასოს თავდადება.

  ერთ ეპიზოდში ტყვიების წვიმაში მოწინააღმდეგე დაღუპულ თანამებრძოლს არ ეშვება, ბრძოლის ველიდან მოძმის ცხედრის გათრევას ცდილობს. მისი თავგანწირვით აღტაცებული ქართველები ცეცხლს წყვეტენ და მტერს საშუალებას აძლევენ, აასრულოს განზრახული.

  გაოცებას იწვევს მწერლის უნიკალური მეხსიერება, იმდენად, რომ ეჭვი გიჩნდება, მნემოსინე (ბერძნულ მითოლოგიაში მეხსიერების ქალღმერთი) ხომ არ მფარველობს. ორმოცი წლის წინანდელი ამბები ისე დეტალურად, უფაქიზესი ნიუანსების გამოურჩენლადაა აღწერილი, როგორც გუშინდელი.

  ცალკე აღნიშვნის ღირსია თხრობის სიმსუბუქე, სილაღე, წინადადებებსა და ვიზუალურ კადრებს შორის ზღვარი ისე ქრება, რომ ძნელი სათქმელია, ქაღალდზე ნაწერს კითხულობ თუ კინოფირს უყურებ.

  როგორც «ლიმონათის ქვეყანაში» საშკა ნემეცი, ისე «სამ განზომილებაში» არმავირელი იურკა -~ლაგერების მძვინვარე ვეფხვი» გადიან გზას დემონიდან ადამიანამდე. იურკა უცბად წყვეტს ცეკვას და ძმაკაცის ნართან ჩაჩოქილი იწყებს ქვითინს. ეს არ არის  თვალზე შეკავებული ცრემლი, არც წამიერი სინანული. ესაა მოთქმა, განწმენდის დასაწყისი, როცა ადამიანში მშობიარობის ტკივილით დაბადებული ცრემლი ამარცხებს დემონს. მკითხველი იურკასთან ერთად განიცდის კათარზისს, -ეს ჭეშმარიტი ხელოვნება, ანუ ავტორის ბრწყინვალე გამარჯვებაა.

  ცნობილია, რომ თომას ვულფის რომანი «მოხედე, შენს სახლს, ანგელოსო», პერკინსმა შეამცირა, დაამუშავა, ურედაქტორა და მკითხველთა საზოგადოებამ უბრწყინვალესი საჩუქარი მიიღო.

  შეიძლება ჯაბა იოსელიანის ნაწარმოებებს სჭირდება პერკინსის ხელი, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე ბოლო რომანი იზოლატორში დაიწერა, მაგრამ მან, როგორც შემოქმედმა, ხელთ იგდო მთის წვერზე გველის ნადარაჯები ხვითო. მთის წვერამდე ოღროჩოღრო გზით დაიკაწრები თუ პროფესიონალის აღჭურვილობით ახვალ, ვფიქრობ, არ არის მთავარი. მთავარი მაინც ასვლაა და ხვითოს ხელთ ჩაგდება.

  ფიროსმანი არ იყო რემბრანდტი, მაგრამ ფიროსმანი იყო.

  პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ჯაბა იოსელიანის პროტესტი და ბრძოლა ყოველთვის იმთავითვე განწირულია, იგი არასოდეს არის მოგებული, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებულია.

  შევეცდები ავხსნა პარადოქსის საიდუმლო. იგი საბრძოლოდ ისეთ მახინჯ, მაგრამ მონოლითურ მოვლენას ისახავს, რომლის მორევაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, მაგრამ მისი გამარჯვება გაბედვასა და თავგანწირვაშია. მისი ცხოვრების წესი თავდადებულ ბრძოლას, ტანჯვა-წამების მიუხედავად, შუა გზაში გაუტეხლობასა და «გამოუსწორებლობას» გულისხმობს. ეს გაბედვაა, რომ სასოწარკვეთილ, ბეჩაობას შერიგებულ ადამიანებს იმედის ნაპერწკალს უნახავს. მას სჯერა, რომ ყველა მამაკაცში არის ვაჟკაცი, გარდაცვლილი მაინც.

  შინაგანი პროტესტი და მხნეობა აძლევს მას ძალას სტალინის სიცოცხლეში, «ბელადის» დაბადების დღეს ბარაკის სახურავიდან გააყრუოს ბანაკი ყვირილით: რისთვისაც ციმბირის ბარაკის აუტანელი პირობებიდან კვლავ ჯურღმულის გაუსაძლისში ჩაინთქმება («სამი განზომილება»).

  «ლიმონათის ქვეყანაში» მთავარი გმირის -გველესიანის კონფლიქტი გარე სამყაროსთან მხოლოდ საბჭოთა საზოგადოების სიბილწის მიზეზით არ შემოიფარგლება, ეს არ არის დისიდენტის ამბოხი, ამ უთანხმოებას უფრო ღრმა ფესვი აქვს.

  გველესიანი ადამიანთა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ნამდვილ ცხოვრებას ეძებენ და საზოგადოებისგან შემოთავაზებულ ჩარჩოსა და დაწესებულ ნაპირს ვერ გუობენ. იგი უზენაესი სამართლის საპოვნელად არის მოწოდებული და ცხოვრების არსს თავგანწირვაში ხედავს.

  ასეთი ადამიანები არსებულ ყოფას, საზოგადოების დადგენილ მორალს, კანონსა თუ შეფასების კრიტერიუმებს ერთი ფრთის დაქნევით მუდამ აღემატებიან და სწორედ ესაა დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

  ორივე ნაწარმოების ხერხემალი რაინდისა და წუთისოფლის დაპირისპირებაში იძერწება.

  წუთისოფლისაგან ბევრ შხამს იღებს რაინდი, რადგან ეს შხამი სულის საწრთობადაა, ხოლო რაინდი საკუთარი ღირსებით, მხნეობითა და გაუტეხლობით სცემს გახრწნილ წუთისოფელს უკეთესის იმედით. რაინდი და წუთისოფელი მუდამ დაუნდობლად ებრძვიან ერთმანეთს.

  ერთმანეთს ებრძვიან ერთმანეთის გადასარჩენად.

  ოჯახის წევრისადმი გაგზავნილ ერთ პირად წერილს მწერალი გურამ რჩეულიშვილი ასე ამთავრებს: «აბა, შენ იცი, როგორი იქნება შენი პირველი ნამდვილი ამბავი»,

  ერთი რამ ცხადია, რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, ჯაბა იოსელიანის მთელი ცხოვრება და შემოქმედება («სანიტარული მატარებელი», «ლიმონათის ქვეყანა», «სამი განზომილება») არის «ნამდვილი ამბავი».

  როგორც თავშივე აღვნიშნეთ, «სამი განზომილება», მისივე ავტორის მსგავსად, საპატიმროს ჯურღმულში გამოიწრთო. ნოვოჩერკასკის შევარდენივით დაკეცა ფრთები წიგნმა, გამოფრინდა გარეთ და სივრცეებისაკენ გასწია.

 

   ამ სტრიქონებს ოთხმოცდათექვსმეტ-ოთხმოცდაჩვიდმეტ წლებში ვწერდი, როცა შენ, ჩემო ძვირფასო ძმაო, კაცისაგან მოძულებული, საპატიმროში იყავი. ვწერდი საზოგადოების უსამართლო სამართლის საპირწონედ.

  ახლა შენ უზენაესი სამართლის წინაშე დგახარუ სიკვდილს კაცი მიჰყავს, მაგრამ ძმობა ძმობად რჩება.

  მე ისევ შენთან ვარ, ოღონდ ახლა უკვე სანთლით ხელში:

  -ალილუია, ჯაბა.

 

  გაზ. «24 საათი», 2003 წელი, 8 მარტი.

 

  თბილისი ჩვენ ვართ

 

  ცნობილი ფრაზაა: არქიტექტურით იწერება ისტორია. ბოლო ათწლეულში რა ისტორია დაიწერა თბილისში, რა ისტორია დავწერეთ ყველამ ერთად -ხელისუფლებამ და საზოგადოებამ.

  ბოლო ათწლეულში დაწერილი ისტორია, მე მგონი, მაინც მეტყველებს ჩვენს სახეზე. ესაა გაბატონებული სახელისუფლებო კლასისა და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი სახე, რადგან საზოგადოების ბეჩაობითაა ნაკარნახევი ხელისუფლების თავხედობა და განუკითხაობის დანერგვა. საზოგადოების დიდი ნაწილი, აღშფოთებულია იმით, რაც ხდება, მაგრამ ეს შუშაბანდებში წუწუნს ვერ გასცდა და ეს ტენდენცია გარეთ ვერ გავიდა იმ ჟღერადობით, რაც საჭიროა.

  მალე შუშაბანდ-დერეფნად ვიქცევით. ჩვენი საზოგადოება, გარკვეული ნიშნით, მონაწილეა ამ პროცესისა, რადგან პროტესტი ისე ვერ გაახმიანა, რომ ეიძულებინა ხელისუფლება, მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ იმ ღირებულებას, რასაც ძველი ქალაქი ჰქვია. ასე რომ, ხელისუფლების თავხედობა და საზოგადოების უნიათობა ერთად აირეკლება დღევანდელი ქალაქის არქიტექტურაზე. ის, რაც დღეს ხდება, ალბათ, 20-იანი წლებიდან დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირი შეიქმნა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. იმ ხელისუფლებამ ყველა წიგნიერი კაცი მტრად მიიჩნია. ეს მართალიც იყო, რადგან ვერც ერთი წიგნიერი კაცი აღტაცებით ვერ შეეგებებოდა ლექის აღზევებას. ზუსტადაც მიაგნეს იმ ადამიანებს, ვინც არ მიესალმებოდა მათ ხელისუფლებაში არსებობას. მაშინდელი ქალაქი, ის გარემო ქალაქის მცხოვრებლებთან იყო დაკავშირებული; როგორც ის ადამიანები იყვნენ მიუღებელნი ახალმოსული ხელისუფლებისათვის, ასევე მიუღებელი იყო მათი გარემო. ეს არ იყო ის სივრცე, სადაც იცხოვრებდნენ და სულს მოითქვამდნენ, ეს იყო მათი აღქმით მტრული გარემო, სადაც მათთვის ადგილი არ მოიძებნებოდა. ის პრინციპები, რასაც ეყრდნობოდა მათი მსოფლმხედველობა, თუ შეიძლება ამას მსოფლმხედველობა დაერქვას, იმდენად მწირი, უსახური, მახინჯი, მავნე, მკრეხელური იყო, რომ, რასაკვირველია, იმ კულტურულ გარემოსთან კონფლიქტში მოვიდოდა, ვერ შეეგუებოდა. ასეც მოხდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ასე გაგრძელდა და დღემდე გრძელდება. მსოფლმხედველობა ხელისუფლებაში არ შეცვლილა, მემკვიდრეობით გადმოვიდა. გენეტიკაზე არა მაქვს საუბარი, საქმე ისაა, სულიერად ვინ რას ემემკვიდრა, ამაში ვხედავ უწყვეტ ჯაჭვს. ეს ხელისუფლება სულიერი მემკვიდრეა 20-იან წლებში მოსული ხელისუფლებისა, ისეთივე უპატივცემულობით ეკიდება ჭეშმარიტ ღირებულებებს. ბოლო ათწლეულში იძულებული გახდა, გარე სამყაროსგან დახმარებების მიღების სანაცვლოდ დეკლარირება გაეკეთებინა იმ პრინციპებისთვის, რომლებიც მისთვის სრულიად უცხოა, ამიტომაც დეკლარაცია დეკლარაციად დარჩა. მათი ქმედება ყველაზე თვალსაჩინოდ დედაქალაქზე აისახა, რადგან ეს ვიზუალურია. შეიძლება ღრმად ვერ გავერკვეთ ტრანსპორტსა თუ მედიცინაში, მაგრამ ქალაქში თვალნათლივ ჩანს მკრეხელური ცვლილებები. ჩემი აზრით, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, იმას პრობლემასაც ვერ დავარქმევთ; ეს უფრო მეტია, უფრო მძაფრი, ვიდრე პრობლემა. ახლა საქართველოს ბედის, მისი მომავლის განსაზღვრაზეა ლაპარაკი. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის რიგითი პრობლემა, რომელიც მერის ან პრეზიდენტის შეცვლით მოგვარდება. შესაცვლელია მთელი მსოფლმხედველობა. მე არქიტექტორების მიმართ არავითარი პროფესიული პრეტენზია არა მაქვს, თუმცა ხშირად ცდილობენ, საქმე ასე წარმოადგინონ. არც იმის ამბიცია მაქვს, რომელიმე არქიტექტორის პროფესიულ საქმიანობაში ჩავერიო. მე ვლაპარაკობ მსოფლმხედველობრივ კონფლიქტზე. ყველაფერი ერთად იყრის თავს და ამ დამკვრელური მშენებლობების სახით კორუფციის თვალსაჩინო ნიმუში წარმოგვიდგება. როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ ამ კატასტროფას, როგორ მოვახერხოთ, რომ შეწყდეს ეს კამპანია? ყველა ნორმალურ საზოგადოებას სატკივარი საყოველთაო სამსჯავროზე გამოაქვს და იწყებენ ფიქრს, თუ როგორ უშველონ თავს. ჩვენთან ასე არ ხდება, რადგან ამ მსოფლმხედველობის შემკვეთი, პირველი პირი იქნება ეს თუ მისი გარემოცვა, ყველა ცდილობს, რომ სატკივარს თავისი სახელი კი არ დაარქვას, არამედ «გამოცოცხლება» და «აღმშენებლობა». მსჯელობის საგანი იკარგება. ეს ხალხი პოლემიკაში ვერ ერთვება. თუ ცუდად არის საქმე და შენ ამბობ, რომ კარგადაა, რაღაზე ვსაუბრობთ. საუბარი არ შედგება, რადგან სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. აქ ვგულისხმობ არა ქართულ ენას, არამედ აზროვნების კატეგორიას. საზოგადოება დღეს უფრო მხნეა, ვიდრე გუშინ. ყველა საერთაშორისო კონვენცია აღნიშნავს, რომ დედაქალაქის იერსახე არ არის ერთი პროფესიული ამქრის გადასაწყვეტი. დედაქალაქის ისტორია მისი ცხოვრებით იწყება და საზოგადოება ამ ცხოვრების მოწმე კი არა,  მონაწილე უნდა იყოს. ამის უფლება გვაქვს, რადგან საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანებით შეუერთდა მის კონვენციებს. ამდენად, თუ ჩვენი ხელისუფლება წაგვართმევს იმას, რაც იძულებით აღიარა, არ უნდა დავთმოთ და ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ, რათა -შველაზე ადრეა ლაპარაკი, -გარდატეხა მოხდეს. დაიწყოს ამ მკრეხელური კამპანიის შეწყვეტის პროცესი, დაიწყონ ფიქრი იმ ექსპერტებმა და სპეციალისტებმა, ვისაც ეს საქმე ხელეწიფება, და შეიმუშაონ კონცეფცია იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელოს ცხოვრება ამ ქალაქმა.

  ცოტა ხნის წინ პარლამენტში მისულმა პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გასწორდა. ამას იზიარებს ხელისუფლების ყველა შტო, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა დეპუტაციიდან. მე პირადად მიმაჩნია, რომ იქ, სადაც ქალაქის მერი დანიშნულია, ამგვარი განცხადება ცინიზმია. მით უმეტეს, როცა კბილებით იცავენ ამ ვითარებას; არგუმენტი ასეთია: ვინ იცის, იქნებ ქალაქმა არასასურველი კაცი აირჩიოს; ოღონდ არ აკონკრეტებენ, ვისთვის არასასურველი. როგორც ჩანს, პრეზიდენტს საფრთხედ მისთვის არასასურველი პირის არჩევა მიაჩნია, თუმცა ქალაქმა ნამდვილად თავისთვის სასურველი მერი უნდა აირჩიოს, და არა რომელიმე ჩინოვნიკისთვის ან პრეზიდენტისთვის სასურველი პიროვნება. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რომ დედაქალაქის მოსახლეობას არა აქვს ნება, თვითონ აირჩიოს ქალაქის მერი, მაშინ, როცა სხვა ქალაქებში ეს ნებადართულია. ერთსა და იმავე სახელმწიფოში მოსახლეობას გარკვეულ ტერიტორიაზე აქვთ უფლება ქალაქისთავის არჩევისა, დედაქალაქის მკვიდრთ კი ეს უფლება წართმეული აქვთ. სუსტი ხელისუფლება მიდის ხოლმე ასეთ დარღვევებზე. კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ჩვენმა ხელისუფლებამ დეკლარირება გაუკეთა დემოკრატიულ პრინციპებსა და სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობას; ამ სურათის ნიშანწყალი მაინც რომ ეტყობოდეს ჩვენს არსებობას, დაუშვეს საკრებულოს არჩევნები. მაგრამ ნებას არ აძლევენ საკრებულოს, მოქმედება დაიწყოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს მუნიციპალიტეტის დემოკრატიულ მოწყობაზე ლაპარაკი ცინიზმია; ვფიქრობ, დედაქალაქის მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს თავისი კანონიერი უფლებების განხორციელება, უნდა მოითხოვოს, რომ მიეცეს საკუთარი ქალაქისთავის არჩევის უფლება, რაც დღესდღეობით წართმეული აქვს და მიეცეს საკრებულოს მუშაობის საშუალება.

  შეიძლება ის, რასაც ახლა ვამბობთ, ბანალური იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ხშირად გამეორება გვიწევს. დანიშნულ ქალაქის მერს აქვს სრულიად სამართლიანი განცდა, რომ პრეზიდენტმა ყოველ წამს შეიძლება მოხსნას; არჩეული მერი კი გაცილებით უფრო თავისუფალია, მას პრეზიდენტი თავისი სურვილის კვალობაზე ვერ მოხსნის. დღევანდელი მერი თუ ერთი პიროვნების წინაშეა პასუხისმგებელი, არჩეული მერი მთელი საზოგადოების წინაშე გახდება პასუხისმგებელი და ამდენად, პასუხისმგებლობის ხარისხიც გაიზრდება.

  ახლა ქალაქის შესახებ ვლაპარაკობთ. როგორც აღვნიშნეთ, აქ ყველაზე მეტად ჩანს ვიზუალურად, რა ტენდენციები ბატონობს ქვეყანაში. ჩვენი ფასეულობები საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა,    არამარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, არქიტექტურა იქნება ეს, ჭედურობა, ფოტო, მხატვრობა თუ სხვა მუზეუმების ექსპოზიცია. დღეს არ მეგულება არც ერთი მუზეუმის დირექტორი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ძეგლთა დაცვის მესვეური, ვისაც შეეძლოს თქმა, რომ ქართული კულტურის დაცვის საქმე კარგად არის ჩვენი გენერაციის ხელში. ხომ არ არის ამგვარი მდგომარეობა გამოწვეული ხელისუფლების მხრიდან ჭეშმარიტი ღირებულებებისადმი უპატივცემულობით? თუმცა, ფსევდოღირებულებების პატივისცემას და თაყვანისცემას მათ ნამდვილად ვერ დაასწრებ. იყო ტენდენცია ხელისუფლებაში ხელოვანთა არჩევისა. მე მგონი, ეს თანდათან გაწონასწორდება. 90-იანი წლებში ამგვარი მოთხოვნა ლოგიკურად აღმოცენდა, რადგან უცებ გაჩნდა უამრავი ხალხი, ვინც თავს პოლიტიკოსად აცხადებდა და არ გააჩნდა არც ამ საქმის გამოცდილება, არც სათანადო ცოდნა; მიაჩნდათ, რომ რაკი პროფესია არ ჰქონდათ და საერთოდაც, არაფერი იცოდნენ, ამიტომ პოლიტიკოსები უნდა გამხდარიყვნენ. რაც შეეხება ჭეშმარიტი ფასეულობებისადმი დამოკიდებულებას, ამას წინათ დაიბეჭდა ინტერვიუ ანდრეი ბიტოვთან. მწერალი გვიამბობს, რომ პრაღაში, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაიგო -ამ ქალაქში ძველი შენობები, თურმე, არისტოკრატიას გადასცეს, რადგან მათ იციან სიძველეების ფასი და უყვართო.

  ჩვენთან ხელისუფლება დღემდე მძაფრ საფრთხედ მიიჩნევს არტისტული საზოგადოებისაგან  წამოსულ ნამდვილ შეფასებას. ამიტომ მუდამ ათას ხერხს მიმართავდა ხელოვანთა წრეში ადამიანების გულის მოსაგებად. იყო ხალხი, ვინც ამას არ იღებდა. მაგრამ ბევრი იყო ისეთიც, ვისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ხელისუფალთა გვერდით დგომას. ეს, რასაკვირველია, უმეტესწილად, ის ხალხი იყო, ვისაც საკუთარი თავის წარმოჩენისთვის აუცილებლად სჭირდებოდა ხელისუფალთა თანადგომა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

  ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო: ხელისუფლება კონფლიქტშია საზოგადოებასთან, რადგან ხელისუფლება კონფლიქტშია კალენდართან. მან კალენდარს წამოუწყო ბრძოლა, მაგრამ ამგვარი ბრძოლა წინასწარ განწირულია, რადგან მუდამ კალენდრის გამარჯვებით მთავრდება. ვინც საქართველოში ცხოვრობს, ბუნებრივია, მუდმივ კონფლიქტშია საბჭოთა კავშირის მოქალაქეებთან. ბულატ ოკუჯავას გარდაცვალების შემდეგ ერთმა მწერალმა თქვა, ოკუჯავა დისიდენტი არ იყო, მაგრამ თავისი მოღვაწეობით იმპერიის კედლები დაბზარაო. მან თავისი ლექსით, სიმღერით, რომანსით რუსებს ის არისტოკრატია გაახსენა, რომელსაც გულდასმით ნაცარს აყრიდა საბჭოთა ხელისუფლება, რათა მეხსიერებიდან წაეშალათ. მან ამ ფენას მოუხმო, რათა რუს მოქალაქეებს გახსენებოდათ, რომ იმ ხალხის სულიერი მემკვიდრენი არიან; როგორც კი ადამიანს მოთხოვნილება უჩნდებოდა, რომ იმ ხალხისთვის ემემკვიდრა, მაშინვე კონფლიქტში შედიოდა ხელისუფლებასთან. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ხაზი გამესვა -ქართული კულტურის, ჭეშმარიტი ღირებულებების პატივისცემა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ არის ბუნებრივი მოთხოვნილება.

 

 

 

  გაზ. «დედაქალაქი», 2002 წელი, 26 ოქტომბერი.

 

 

 

  თბილიOშობა

 

  «ყველაფერი არის ძლიერ კარგად,

  ყველაფერი ძლიერ ცუდად არის»

 

  საბჭოთა ეპოქა იმითაც ხასიათდებოდა, რომ ყველა «დღესასწაული» უმნიშვნელოვანესი, უზენაესი და ყოვლისმომცველი იყო. საბჭოთა ადამიანს საზეიმო გამომეტყველება უნდა ჰქონოდა და თავი ბედნიერად ეგრძნო. ეს ეპოქა სიყალბით იყო გაჟღენთილი. არავის სჭირდებოდა ნამდვილი, ტრადიციული (საერო თუ საეკლესიო) დღესასწაულები. ლაშარობის ნაცვლად ჩინოსნებმა მწყემსის დღე დააწესეს. ემტერებოდნენ ყველაფერ იმას, რაც კულტურის ნიშანს ატარებდა. ებრძოდნენ განათლებულ ადამიანებს, რადგან განსწავლულს ვერაფრით ატყუებდნენ და ყოველგვარ უბედურებას ზეიმობდნენ. ასეთი ყურით მოთრეული «დღესასწაულია» «თბილისობა», რომელიც საბჭოთა ეპოქამ გამოიგონა. დღესაც გაუნათლებელი ხალხია ხელისუფლების სათავეში. უბრალოდ, კიტელის ნაცვლად, ახლა მათ ჰალსტუხები ამშვენებთ. ბრძოლა «არსებობისთვის» გრძელდება. კვლავ ექიშპებიან კულტურულ ადამიანებს. თბილისი მათთვის მისაღები გარემო არ არის. ნებსით თუ უნებლიეთ, ემტერებიან ძველ უბნებს, რომლებიც რაფინირებულ, დახვეწილ ეპოქას გამოხატავს. ანთროპოლოგიური გადატრიალება მოხდა საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩინებულად აითვისეს, კულტურის სახელით როგორ უნდა ებრძოლონ მართლაც კულტურას, როგორ არ უნდა სცენ პატივი ჭეშმარიტ ფასეულობებს და როგორ უნდა დაამკვიდრონ ფსევდოღირებულებები. ამ პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა თბილისობაც. ნეტავ, რას ზეიმობენ? თბილისის ძველ უბნებს პანაშვიდს უნდა უხდიდნენ, უნდა მიუსამძიმრონ, უჭირისუფლონ, რადგან ისინი დაანგრიეს და გაანადგურეს. ძველი, შესანიშნავი არქიტექტურული ანსამბლების ნაცვლად, სიმახინჯეები წამოჭიმეს და, ალბათ, ამას ზეიმობენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ თბილისობის ეპიცენტრი რიყეა. იცით, რატომ იზიდავთ ეს ადგილები? ერთ დროს არაჩვეულებრივი რიყე ანტითბილისურ გარემოდ აქციეს და ამიტომ. ახლა იქ ფაცხა, კოშკი, ჯარგვალია. იქ ზეიმობენ თბილისობას, რადგან შექმნეს თავიანთთვის შესაფერისი, ბუნებრივი გარემო. ასევე გაანადგურეს ზემელიც, სადაც დღეს აღლუმებს მართავენ. უკანასკნელი ცოცხალი ზემელი, მგონი, თემქაზე გადაასახლეს. დანგრეული ზემელის სანაცვლოდ, კოლმეურნეობა გააშენეს და თბილისის შუაგულში რაიონული ცენტრის შექმნა იზეიმეს.

 

  კულტურა დამარხეს.

 

  თბილისობის «დღესასწაულისთვის» მოცეკვავე შადრევანი უნდა გახსნან. ბევრი ვიბრძოლე, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ საქართველოში იერარქიულად ჩემზე მაღლა მდგომი ბევრია, რომელთა ბრძანებებსაც ჩემი მცდელობით ვერ ვახუნებ. ამ ადგილას პირველი სათეატრო ნაგებობა იდგა ქარვასლით. პროექტის შესაქმნელად მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში საგანგებოდ მოუწვევიათ იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი, რომელიც, სხვათა შორის, ამ მშენებლობაზე დაიღუპა. ოთხსართულიანი შენობის ორი სართული თავიდანვე მიწის ქვეშ ყოფილა. უნიკალური ნაგებობა ვენეციური გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში იყო. თეატრის ფოიე და ფარდა თავად გაგარინის ესკიზებით მოუხატავთ, ინტერიერში ისლამური არაბესკები მონაცვლეობდა. აი, ამ არაჩვეულებრივი თეატრის ნანგრევები აღმოჩნდა თავისუფლების მოედანზე. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი თავიდან დიდად არ დაინტერესებულა. სწორედ ესაა მათი მსოფლმხედველობის ნიშანი -კულტურა დამარხეს და დააშენეს შადრევანი.

  საზოგადოება დაბეჩავებული, დამფრთხალი და შეშინებულია. მოვალეობის მოხდასაც კი გაურბის. ყველა ყველაფერს ეგუება. დამარხულ, ჩაბეტონებულ კულტურას აღარაფერი ეშველება. მომავალ თაობებს, როგორც ჩანს, ასე უკეთ შევუნახავთ.

  რომელიღაც «ნიჭიერს» აზრად მოუვიდა -~თბილისობისთვის გავხსნით შადრევანს, განა ეს ქალაქს არ გამოაცოცხლებს?.» არადა, თბილისის მერიამ გამოიტანა დადგენილება -სანამ არქეოლოგიური კვლევა არ დასრულდებოდა, ყოველგვარი მშენებლობა უნდა შეზღუდულიყო. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ყველაფერი ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

  დღეს ბევრი ეკლესიების მშენებლობას შესდგომია. ნუთუ ასეთი სულიერებითაა გაჟღენთილი ჩვენი საზოგადოება, რომ მაინცდამაინც ეკლესიები უნდა ვაშენოთ?. ეს რომ გულწრფელი წადილი იყოს, არაფერს ვიტყოდი. ბევრს ჰგონია, რომ ანგელოზების მოქრთამვაც შეიძლება, სანაცვლოდ კი სამოთხეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ლუქსი, საუნა და აუზი ელის, მათი ფანტაზია ამაზე შორს ვერ მიდის. ტაძრების მშენებლობის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ხომ შეიძლება, იმას გავუფრთხილდეთ, რაც უკვე გვაქვს? აბანოთუბანი გაქრა. არადა, შეგვეძლო, გვეპატრონა მეჩვიდმეტე საუკუნის მოედნისთვის. ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, როცა ძეგლი მოედანია და იქ დისონანსს შეიტან, მას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ძეგლად აღარ აღიქვამს. ასე რომ, აბანოთუბანი დავკარგეთ.

 

  პასუხსაგები მისია

 

  პარლამენტში იმიტომ ვარ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოვიყენო, მსურს, ძველი თბილისის შესახებ კანონი შევქმნათ. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყოველდღე პესიმისტურ გუნებაზე დადგები, მაგრამ უმოქმედობა არ შეიძლება. ამ გზაზე შედგომა არავის დაუძალებია. თუ დაადექი ბილიკს, შუა გზაზე ხელის ჩაქნევა დაუშვებელია.

  შინ არასდროს ჩავიკეტები. ცხოვრების ისეთი წესი ავირჩიე, მოგება გამორიცხულია. ეს მარადიული პროცესია. ამ სამყაროში ვერასდროს ვერაფერს მოიგებ, მოგებისთვის სხვა გზა არსებობს და სხვა ცხოვრებით უნდა იცხოვრო.

 

  მეფანდურეები ოპერის სცენაზე

 

  საკონცერტო დარბაზში სიმფონიური მუსიკის კონცერტის მოსასმენად ემზადები. იხსნება ფარდა. სცენაზეუ მეფანდურეები დგანან. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამ უკანასკნელთ მაგონებენ. თავისთავად მეფანდურე ცუდი კი არ არის, მაგრამ მისი ადგილი ფოლკლორულ საღამოზეა. ჩვენი ხელისუფლების ჰარმონია დოლ-გარმონია. ალბათ, ამიტომაც აღადგინეს «დღესასწაული», რომელსაც ერთხანს არ აღნიშნავდნენ.

  უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, რა არის კულტურა. მასზე ზრუნვა თანამედროვე ხელოვანთა მომადლიერება ჰგონია. თითოეულმა უნდა გააცნობიეროს, რომ კულტურა არიერგარდია და არა -ავანგარდი. კულტურასა და კონტრკულტურას შორის ბრძოლა კი ყოველთვის მიმდინარეობდა და აქ ახალი არაფერია.

 

  «ლირიკული» გადახვევა

 

  ყოველივე ამაში კორუფცია დევს. მეტად სასიამოვნოა, რომ მთავრობამ თბილისში დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლა ქუთაისიდანაც შეუტია. თუ ასე გაგრძელდა, ჩემი ანგარიშით, კორუფციას რიკოთის უღელტეხილზე გაგუდავენ.

  ბოლოსიტყვაობის მაგიერ

 

  თითქმის ყველა ამბობს, რომ უმთავრესი ამოცანა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაა. უპირველესად, თბილისი უნდა დავიბრუნოთ, უნდა დავიბრუნოთ ქაჯებისაგან, როცა ამას მოვახერხებთ, მერე ყველაფერი თავისით დაბრუნდება.

 

  გაზ. «ახალი ეპოქა», 2001 წ. 26-29 ოქტომბერი.

 

 

 

  არჩევანი -თბილისელებს,

ღირსება -თბილისს

 

  თხუთმეტი საუკუნის ისტორიის მქონე დედაქალაქს, თბილისს და მის დღევანდელ მოსახლეობას ოცდამეერთე საუკუნეში ქალაქის  თავის არჩევის ნება არ მისცე, მიგვაჩნია, რომ ძალაუფლების უზურპაციაა.

  ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ერთპიროვნულად დანიშნული ქალაქის მერი, იმ ერთის, დამნაშავის წინაშეა პასუხისმგებელი, რომელსაც ყოველ წუთს მისი პოსტიდან გაშვება შეუძლია, ხოლო არჩეული -ამომრჩევლის, ანუ საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული.

  ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქის სახელისუფლებო ინსტიტუტი -მერია, ერთი პიროვნების მსოფლმხედველობრივ შეკვეთას ასრულებს.

  ყველა «სიკეთის», რაც ჩვენს დედაქალაქში ხდება (ისტორიულ ნაწილში არქიტექტურული ანსამბლების ხელყოფა, სახელმწიფოებრივ ასპარეზზე წარუმატებელი საქმიანობის რიტუალური «გამარჯვებებით» შენიღბვა და ა. შ.), ვფიქრობთ, ერთი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ თბილისის საზოგადოებას წართმეული აქვს კონსტიტუციური კუთვნილი უფლება არჩევანისა.

  მიგვაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა ვალდებულია მოითხოვოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომაც, კავშირი «ძველი თბილისი» მოგმართავთ ყველას, რომ აქტიურად გამოვხატოთ პოზიცია, რათა ჩვენი ქვეყანა ვაიძულოთ, რომ იქცეს სახელმწიფოდ.

 

  «ქომაგი», 2002 წლის მაისი.

 

 

  პარლამენტში წარმოთქმული სიტყვა

პარლამენტიდან გასვლასთან დაკავშირებით

 

  პატივცემულო დეპუტატებო, სულ ორიოდე წუთით მივიპყრობ თქვენს ყურადღებას, დიდხანს არ შეგაწყენთ.

  ბატონებო, მე ვფიქრობ, რომ საქართველო ისტორიულმა შემთხვევითობამ კი არ მიიყვანა ევროპასთან, არამედ იგი მისთვის ბუნებრივ გარემოს უბრუნდება. ეს რომ ასეა, ამის დასტური უნდა ყოფილიყო ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესი და უპირველესად, მისი ანარეკლი -საქართველოს პარლამენტი. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ზემოთ თქმული ტენდენციის საპირისპირო სურათი მივიღეთ: ითელება ადამიანის უფლებები, შეუტიეს თავისუფალ სიტყვას და თუ ეს აგრესია ჯერ ფრაგმენტულია, ეჭვი მაქვს და ვშიშობ, გარე სამყარომ დახმარებაზე უარი არ გვითხრას. არა ჩანს, რომ ხელისუფლება ჭეშმარიტად დემოკრატიულ ღირებულებებს მთელი სიგრძე-სიგანით აღიარებდეს. სახელისუფლებო ტენდენცია ასეთი გახლავთ: მთავარი საქმის კეთება კი არ არის, არამედ ის, მოსახლეობას მოვაჩვენოთ ყველაფერი თუ არა, რაღაც პოზიტიური რომ მაინც კეთდება. მე ვერ ვხედავ ეკონომიკაში რაიმე სასიკეთო ძვრებს და ვერ ვხედავ იმიტომ, რომ კარგი მხედველობა მაქვს. მე არ ვიცნობ იმ კულტურას, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, გადარჩა. მატერიალური, კულტურული მემკვიდრეობა უკიდურესად სავალალო დღეშია, ხოლო ვაჟა-ფშაველას ჩვენი გადასარჩენი არაფერი სჭირს. დამადლებული სტაბილიზაცია კორუფციის მასაზრდოებელ ნიადაგად იქცა. როცა ხალხი ივიწყებს ხელისუფლებას, ვფიქრობ, ასეთ დროს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როცა ხელისუფლება ივიწყებს ხალხს, ხიფათი გარდაუვალია.

  რაც შეეხება პარლამენტს, პარლამენტიც უკვე იქცა იმ მიცვალებულის გრიმიორად, რომელსაც ქართული პოლიტიკა ჰქვია. ქსენოფობია ინიღბება სამშობლოსთვის გაცხადებული აღვირახსნილი სიყვარულით. პრორუსულობით დაფარული ლაქიაობის საპირწონედ ზოოლოგიური, როგორც წესი, ფარისევლური პატრიოტიზმი დგება. ნებისმიერი სახელისუფლებო პოსტი, მით უფრო, კანონმდებლის, უნდა იყოს საშუალება უკეთესი მიზნის მისაღწევად და არ ვარგა, როცა პოსტზე ყოფნა ხდება თავად მიზანი. მსურს, მომავლისთვის მაინც შეიქმნას პრეცედენტი, რომ არც ერთი თანამდებობის შენარჩუნება არ ღირს საკუთარი პრინციპებისა და ღირსების ფასად. მე ის ადამიანი არ გახლავართ, რომელიც ამ დარბაზის ერთი კარიდან გავა და მეორედან შემოვა. სამწუხაროდ, პარლამენტში, სადაც მდაბიური გარიგებანიც უტიფრად ხდება, ვერ ვხედავ ასპარეზს საზოგადოების გაჯანსაღების წადილის განსახორციელებლად. ამიტომ ვტოვებ პარლამენტს და გავაგრძელებ საქმიანობას იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ჩემი მშობლიური გარემოა. ჩემი პროტესტის მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები უკეთესის იმედით და ბოლოს, მსურს დავამთავრო სიტყვა ტომას ჯეფერსონის სიტყვებით: «ერთადერთი ჯილდო, რომელიც არ მსურდა გადადგომის ჟამს მიმეღო, ეს საზოგადოების უნდობლობა იყო». გმადლობთ.

 

  30.11.2001 წ.

 

  ჟურნალ «ქომაგის» დაარსების გამო

 

  ახალი ქართული ლიტერატურა: ახალი ქართული ლიტერატურა, ჩემი აზრით, არ ნიშნავს მხოლოდ დღევანდელობას.

 

 

  ახალი ქართული ლიტერატურა ის საგანძურია, რომელსაც ყველა მომდევნო გენერაცია თავიდან უნდა მიეახლოს და ეზიაროს. რაც ჭეშმარიტად ფასეულია, მუდამ ახალ ლიტერატურად დარჩება. მუდამ ახალ ლიტერატურად დარჩება ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, დავით კლდიაშვილი, ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, გურამ რჩეულიშვილიუ

  ყოველ ახალ თაობასთან ხელახლა უნდა შედგეს მწერლის დებიუტი.

  დებიუტი უნდა იყოს ჯანსაღი, ანუ უნდა ვეცადოთ, რომ მწერლის პირველი პაემანი მკითხველთან იდეოლოგიით არ დავამძიმოთ. ყმაწვილი ისე არ უნდა მივგვაროთ მწერალს, როგორც ზვარაკი -კერპს. ერთი სიტყვით, ეს შეხვედრა არ უნდა ჰგავდეს მსხვერპლშეწირვას, როცა ჯანსაღი დებიუტის მადლი ქრება ხოლმე.

  თუ ჩვენს თანამედროვეობას ვიგულისხმებთ, ჩემი პირადი აზრი ის გახლავთ, რომ ახალ ქართულ ლიტერატურად დარჩება ვახუშტი კოტეტიშვილის «ჩემი წუთისოფელი», აკა მორჩილაძის წიგნები: «მოგზაურობა ყარაბაღში» და «გადაფრენა მადათოვზე და უკან»უ

  ღმერთმა ქნას, დღევანდელობას იმდენი საჩუქარი გაეკეთებინოს ახალი ქართული ლიტერატურისათვის, რამდენიც საახალწლო ნაძვის ხეს ამშვენებს.

 

  ტრადიცია: ტრადიცია უნიკალური განძია, -კულტურაა.

  კულტურაა, ვფიქრობ, მემკვიდრეობის ზედმიწევნით სწავლა, შესისხლხორცება და პარალელურად საკუთარი გზის ძიება.

  ტრადიციის უარყოფა, მიმაჩნია, რომ უვიცობის შედეგია.

  ცნობისწადილი ტალანტის თვისებაა და ნიჭიერი კაცი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მოიხმარს, რათა დაუოკებელ ინტერესს ასპარეზი მისცეს. ნიკო ფიროსმანი საათობით იდგა ვიტრინებთან და სხვათა ნამუშევრებს აკვირდებოდა.

  ჰერტრუდ სტაინი შემთხვევით არ წერს ჰემინგუეის შესახებ, რომ მის ნაწერებს მუზეუმის სურნელი ახლავს. ჰემინგუეის, ერთი შეხედვით, სუპერთანამედროვე მწერალს, ღრმად ჰქონდა ტრადიციაში ფესვი ჩაშვებული. იგი თავის მასწავლებლებად მიიჩნევდა: ტოლსტოის, დოსტოევსკის, სერვანტესს, მარკ ტვენს, მოცარტს.

  სალვადორ დალი ერთგან აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რასაც ვერ გაექცევი, ეს თანამედროვეობაა. ამდენად, ეცადო ხელოვნურად გაითანამედროვო თავი, ამაო ჯაფაა, ენერგიის ფუჭი ხარჯვა, მოდისკენ სწრაფვაა, მოდისკენ, რომელიც სნობური საზოგადოების განწყობილებათა შესაბამისად მუდამ იცვლება.

 

  თაობა: სახელოვნებო სამყაროში სიტყვა ~თაობა», ვფიქრობ, პირობითი ტერმინია, რადგან ქორონიკონის ერთი მონაკვეთის გარდა, «თაობა» -საერთო მახასიათებელი ნიშნით გაერთიანებულ შემოქმედთა საკრებულოსაც გულისხმობს. ეს ნიშანი შეიძლება ურთიერთაღიარებაც იყოს.

  ლიტერატურის ისტორიაში უფრო საფუძვლიანი ტერმინოლოგიაც კი, ეს იქნება რეალიზმი, ნატურალიზმი თუ ა. შ., გარკვეულწილად პირობითია და იგი დამკვიდრებულია უკიდეგანო სალიტერატურო სამყაროს სისტემურობისთვის, რათა ლიტერატურის კვლევა გახდეს შესაძლებელი.

  რაც შეეხება «თაობას», ჩემი აზრით, თაობა არის ერთი, ორი, სამი ან რამდენიმე ხელოვანი და მათზე ადევნებული დიდი ჯგუფი, რომლის ერთადერთი მიზანია, იმ რამდენიმე ხელოვანის მიღწევაში წილი დაიდოს, ანუ შექმნას სურათი, რომ დროის გარკვეულ ეპიზოდში ყველა მიღწევა საერთოა და ყველა მწვერვალი ჯგუფურად არის დაპყრობილი. ეს ჯგუფი ლამობს საზოგადოებას თავგზა აუბნიოს და ხელოვნურად, ათასი თვალთმაქცური საშუალებით წაშალოს მკაფიო ზღვარი, რომელიც ხელოვანსა და მას შორის არსებობს.

  ხელოვანი, რაღა თქმა უნდა, მოკრძალებულია, რადგან მოკრძალება ტალანტის თვისებაა.

  ჯგუფი უმისამართოდ აქტიურია და ხშირად აღწევს იმას, რომ მოდას კამერტონი დაუდგას, რადგან იცის, რომ ხელოვანს მოდასთან არაფერი ესაქმება. ჯგუფი ამ დროს გარკვეული ხნით ორმაგ შედეგს აღწევს: ერთი, რომ თავი გაუიგივა ხელოვანს, ანუ საზოგადოების თვალში ხელოვანი ერთ-ერთ მათგანად აქცია, და მეორე, ქაფისგან მოიგონა ტალღა, სადაც მხოლოდ მას შეუძლია გალაღდეს.

  ჩემი აზრით, ხელოვნება არ არის პოდიუმი, სადაც სხვისი გარდერობიდან ჩამოხსნილი ნაირ-ნაირი ტანისამოსით დადიან.

  ძალა ერთობაშიაო, -ძველებს უთქვამთ, მაგრამ  ვფიქრობ, ხელოვნებაზე ეს ნათქვამი არ ვრცელდება, რადგან ხელოვნებაში ძალაც, სიმართლეცა და მადლიც ცოტაშია.

  ხელოვანთა ერთობა ჩემში მუდამ ეჭვს იწვევს, რადგან პროფესიული ერთობა ამქარია, რაც ხელოსნების საქმე უფრო მგონია, ვიდრე ხელოვანთა.

  ვფიქრობ, საზოგადოებას ხელოვანის ბიოგრაფიიდან უფრო უნდა აინტერესებდეს მისი ურთიერთობა მეფესთან, გლეხთან, შეყვარებულთან, ყაჩაღთან, ვიდრე მეორე ხელოვანთან.

 

 

 

  ლიტერატურული ჯგუფები:  საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ ლიტერატურული ჯგუფების, ასოციაციების, კლუბების შექმნა, ვფიქრობ, ბუნებრივი პროცესია, რადგან ლიტერატურაში სავალდებულო მასობრივი ერთსულოვნება რეჟიმით თავსმოხვეული ანომალია იყო.

  ასოციაცია იქნება, ჯგუფი თუ გილდია, მიმაჩნია, რომ რაიმე კონკრეტული საქმის ირგვლივ ბუნებრივად იქმნება. ასეთი საქმეა სალიტერატურო ჟურნალი ან გაზეთი, ან რაიმე კულტურული აქცია, ან პროექტი, რომლის განხორციელებასაც ფასი აქვს.

  ისე კი, ვფიქრობ, რომ შემოქმედებითი გაერთიანების საუკეთესო მოდელი ნიკალამ გვიანდერძა: «ავაშენოთ ქალაქის ცენტრში ხის სახლი, დავდგათ სამოვარი, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე».

 

  მკითხველი: ჩემთვის პატივსაცემი მკითხველი ის არის, ვინც მართლაც იცის, რატომაა ნიკო ფიროსმანაშვილი გენიალური მხატვარი, ვისაც ვაჟა-ფშაველას სამყაროში უცხოვრია, მისი საფიქრალი თავის საფიქრალად გაუხდია, განუცდია, ვისთვისაც ძვირფასია ვან გოგის თანაგრძნობა ცეცხლთან წიგნს ჩაჩერებული, დაღლილი მეშახტის მიმართ, ვისაც არ აღაფრთოვანებს ერნესტ ჰემინგუეის თავმომწონეობა, ვინც გულშემატკივრობდა გოგენს, რათა პირველყოფილი უმანკოება ტილოზე გაეჟღერებინა, ვისთვისაც მშობლიურია ნიკო სამადაშვილის ქართლის მზისაგან დახრუკული ქედების სევდა, ვინც სალვადორ დალის მხატვრობაში «არაგულწრფელი მაქინაციებით» არ არის აღტაცებული. ვინც იცის, რომ სათქმელისგან დაცლილი სიტყვებით ჟონგლიორობა პოეზიისაგან შორსაა.

  ერთი სიტყვით, ვისაც. ვისთვისაც, ვინც.

  ვინც თეთრისა და შავის გარჩევისას, უპირატესობას «თეთრ პელიკანს» მიანიჭებს.

   ლექსით აღტაცებული მკითხველი იმ იუველირს მაგონებს, რომელიც უცქერს სამკაულს, რომელზედაც ბევრი რამ სმენოდა, მაგრამ საკუთარი თვალით პირველად ნახა.

 

  «ქომაგი», 2001 წლის ივლისი.

 

 

  მარიამობისთვის

 

  ვზეიმობთ მარიამობას.

  ქართველი ერის დღევანდელი გენერაცია მარიამობის მეორიათასე დღესასწაულს მოესწრო. ჩემი აზრით, უფრო მოესწრო, ვიდრე შეხვდა, რადგან დღესასწაული ორმხრივ სიყვარულს გულისხმობს, ჩვენი საზოგადოება კი, ვფიქრობ, მეტად პასიურია, ან თუ სადმე ენერგია დაგვიხარჯავს, უფრო იმ მიმართულებით, რომ დავშორებივართ დიდ სულიერ დღესასწაულებს.

 

 

  ადრეც მითქვამს და ახლა ვიმეორებ, რომ საკუთარი აზრების უეჭველობით დასნეულებული არა ვარ, თუმცა, რევერანსისთვის არ მცალია. ტკივილით ნაკარნახევი სიმკაცრით შევეცდები, ძალიან მოკლედ გამოვხატო სინანული იმ უღირსებობის გამო, რითიც გაიჟღინთა ჩვენი თანამედროვეობა და ნაკლული განცდით ემოწმება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს.

  დამადლებული სტაბილიზაცია კორუფციის კომფორტად იქცა. ჩინოვნიკთა მიერ ომში დამარცხებულ, გაპარტახებულ სამშობლოს ძარცვას ერთი სახელი -მაროდიორობა შეიძლება დაერქვას.

  გაუთავებელი სახელისუფლებო თათბირები სავსეა ფარისევლობით და იმგვარი პათეტიკური ლირიკით, შთაბეჭდილება იქმნება, თათბირის ბოლოს დამსწრე საზოგადოება გამოთქმით წაიკითხავს საკუთარ ლექსებს.

  ხელოვანთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სამშობლოს მათი სამუდამო ვალი აქვს და საკუთარი ქვეყნის მომხმარებლობით არის გართული.

  პროფანები გულმოდგინედ ისწრაფოდნენ და ისწრაფვიან ხელოვნებისკენ, მეცნიერებისკენ, ხელისუფლებისკენ და შედეგად მივიღეთ «პროვინციული ელიტა».

  უკანასკნელ წუთებს ითვლის ძველი თბილისი. დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ადგილს «ლამაზი საბურთალო» იმკვიდრებს.

  ყბადაღებული «ერთ მუშტად შეკვრა» ომის დროსაა საჭირო, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში ყველას კუთვნილი ადგილი უნდა მიეჩინოს და ყველამ თავ-თავისი საქმე აკეთოს. ეს კონტრაპუნქტი თავად შექმნის ჰარმონიას.

  სახიფათოდ მეჩვენება საერო პირთაგან ეკლესიის მიმართ ნაციონალური მოტივის გამძაფრების მოთხოვნა. ნუ დაგვავიწყდება,  რომ «და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით, თანახმად მისი ხატისა, ვინც შექმნა იგი; სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა, თავისუფალი, არამედ, ყველაფერი და ყველაფერში ქრისტე» (პავლე მოციქულის ეპისტოლენი კოლაელთა მიმართ, თავი 2, მუხლი 10, 11).

  არ არსებობს ქართული ქრისტიანობა.

  არსებობს ქრისტიანობა საქართველოში.

  ჩვენი ყველა უმეცრებისა და უბედურების სათავე გაუნათლებლობა მგონია.

  სწავლება და განათლება უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ამოცანა და მიზანი.

  და ერთიც: ჩვენს სახელოვან შემოქმედებს ნუ მივგვრით ყმაწვილებს, როგორც კერპებს ზვარაკებს. ხელი შევუწყოთ, რომ შედგეს ხელოვანის ჯანსაღი დებიუტი ახალ მკითხველთან, მაყურებელთან, მსმენელთან.

  ვეცადოთ, შევქმნათ განათლებული საზოგადოება, რომ წლების მერე მაინც ქართველი საზოგადოებრიობა არა მხოლოდ მოესწროს, არამედ შეხვდეს მარიამობის დიდ დღესასწაულს.

 

  გაზ. «ახალი ეპოქა», 28 აგვისტო, 2001 წ. 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მაღრაძე დავით / კულტურა მეფური ნაკლი