მოსულიშვილი მიხო

გაქვავებული ქალაქის პარაბოლ

 

 

(ორიოდე სიტყვა ჯემალ ქარჩხაძის “განზომილების” თაობაზე)

 

 “განა სანაკლიო – მსგავსად სტაბიუმისა და პომპეუსისა – ლავისა და ფერფლის სქელი ფენით, ვითარცა უხვად მოსული თოვლით, თანაბრად დაფარული, ათასჯერ უფრო ლამაზი არ იქნება, ვიდრე ეს ნაგავია, უკან რომ – შენ ნუ მიიხედავ, შენ წინ იყურე – მოვიტოვეთ!”

 იონა კამკამიძე (პერსონაჟი).

 

 სიტყვამ დაიწყო და სიტყვა დაასრულებს ყველაფერს, და შეიძლება ნიჭიერი მწერლის მიერ გამოსახულმა სიტყვიერმა ხატებმა თუ მწკრივებმა ხანდახან დაფარული გამოამჟღავნონ, გარდა ხილულისა, უხილავი და მოულოდნელი განზომილება აღმოაჩნდეთ – მერე უკანა რიცხვით იმის დადგენაც მოხერხდება, რომ ავტორს ამ ტექსტით თავისი აღსასრულიც უგუმანია...

 

 თავის საბოლოო ინტერვიუში, რომლის დასრულებაც, ამ რომანისა არ იყოს, ვერ მოასწრო, ჯემალ ქარჩხაძე მეტყვის:

 

 “ენის გრძნობა შეიძლება შევადაროთ მუსიკალურ სმენას: როგორც შეუძლებელია ოპერა სავალალო შედეგებამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს მუსიკალური სმენა არა აქვს, ასევე შეუძლებელია რომანიც იმავე სავალალო შედეგამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს ენის გრძნობა არა აქვს”.

 

 ამ შეხედულების პოზიტიური დასტური თავად მწერლის ბოლო რომანი, “განზომილება” გახლავთ, რომელიც, როგორც ავტორისგან მსმენია, ჩაფიქრებული იყო ტრილოგიად; აქედან პირველი წიგნი, სახელად “გვირაბი”, რომელიც ოთხ ვრცელ თავს მოიცავს (“დეკადენტური დილა”, “კონცენტრაცია რიკოთზე”, “კვარცხლბეკი” და “პირველი წიგნის დასასრული”) დამთავრებულია, ხოლო მეორე წიგნი ორი ვრცელი თავისგან შედგება: “სანაკლიო” და “პრ. დიდებულიძე”; ამათგან ეს უკანასკნელი დამთავრებული არ არის. როგორც თვითონ ამბობდა, მეორე წიგნის დასრულებამდე სამ-ოთხ ფორმამდე, თუ მეტი არა, კიდევ იყო საჭირო.

 

 საჭირო კი იყო, მაგრამ ვერაგი ავადმყოფობა აღარ აცლიდა, ღრღნიდა და აწამებდა, თუმცა მწერალი მაინც წინ მიდიოდა, რაკი, როგორც რომანის დასაწყისში – “დასაბამ სიტყვაში” გვითხრა, - სხვა გზა არა ჰქონდა.

 

 დაკვირვებული მკითხველი, რომლის ზუსტი რიცხვი მწერლის ანგარიშით ასოცდაექვსია (თავად გვარწმუნებს, რიცხვი შემოწმებულიაო და ჩვენც ნუ ვიკითხავთ, რანაირად დაითვალა!), თავად დარწმუნდება, რომ ვერაგ სენთან ბრძოლასა და კირთებას მწერლური ხმის ტონალობა ოდნავადაც არ შეუცვლია ბატონი ჯემალისთვის – კვლავაც ირონიულ-პაროდიული, ზოგჯერ გროტესკამდე მისული, წყალწყალა და ზედაპირულ იუმორს გვარიანად გაცდენილი, ოსტატის კარგად გამოზომილი ხელწერით ქმნიდა ამ თითქოს მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ურთულესი რომანის არქიტექტურას, რომელიც ულმობლად და მართლად ასახავს ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში საქართველოს თავზე დატრიალებული ტრაგიკომედიის მთელ არსს, სიღრმეს, სიგანეს, სიმაღლესა თუ მაცდუნებლად მოძრავ ჰორიზონტს – ვითომ თავისუფლებას, რომლის მოპოვებამ თუ ციდან ჩამოვარდნამ და დამხვდურთა შინაგანმა მოუმზადებლობამ უამრავი გარეგანი თუ შინაგანი კატაკლიზმი გამოიწვია, რასაც თავისთავად ვაი-პატრიოტული კოცონის აგიზგიზება მოჰყვა.

 

 აი, როგორი ოსტატობით გამოხატავს ამ მდგომარეობას მწერალი:

 

 “პატრიოტიზმის ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში კი, სადაც ნაკურთხი წყალი თავდაუზოგავად დუღდა, ყველაფერი ჩაიხარშა, აიზილა და აიფულხა. ფენები და ქანები ერთმანეთში აირია. წინანი უკან აღმოჩნდნენ და უკანანი წინ, მარჯვენანი მარცხნივ და მარცხენანი მარჯვნივ, ზემოთანი ქვემოთ და ქვემოთანი ზემოთ, აქეთურნი იქით და იქითურნი აქეთ.

 

რაღაც ფსკერზე მიიწვა და რაღაც ფსკერიდან აიფხიკა. ლექი აიშალა და ყოველივე გაიჟღინთა. ქაფმა ნაღებობა მოინდომა და ნაღები აქაფდა. არეული მონასტერი კიდევ უფრო აირია და, თეთრისა და შავის გარჩევა შეუძლებელი შეიქნა, ვინაიდან შავი თეთრობას იჩემებდა და თეთრი, იმის შიშით, რომ შავად ჩათვლიდნენ, ვეღარ ბედავდა თქმას, თეთრი ვარო”.

 

 მოკლედ, ამდენი პატრონის ხელში უპატრონოდ დარჩა მონასტერი და ამგვარ ყოფაში ჩავარდნილ მონასტერს ვინც ეპატრონებიან, მშვენივრად ვიცით...

 

 თუ დავუკვირდებით, ისიც კი საინტერესოა, გვირაბის გადაკეტვის რამდენნაირ ვერსიას შემოგვთავაზებს ავტორი, ანდა როგორ იცვლება და ციმციმებს რომანის მთხრობელის, იონა კამკამიძის დისწულის სახელდება – იაკობი: სანდრა “ჟაკს” ეძხის, კამბეჩა – “იაკო”-“იაკოპოს”, კაი ყმა – “დიეგოს”, აზამათ ლომგული – “ჯაკომოს”, თანაკლასელი მედეა – “იაშას”, ხოლო თავად ბიძია იო – “დიეგოს”.

 

 რომანში გამოყვანილი ბევრი დასამახოვრებელი პერსონაჟის გვერდით, როგორნიც არიან: სალომე ერისთავი თავის მამიდებიანად, მთხრობელის დედ-მამა და დაიკო, ავტოგასამართი სახელოსნოს თანამშრომელი რომეო, - უფრო, ალბათ, ასტვაცუროვი, ვიდრე მონტეგი, შეიძლება მთლად რომეო ტერ ასტვაცუროვიც კი; სანაკლიოს ეროვნული მოძრაობის ლიდერები – ეგრეთ წოდებული პოლიტელიტა – კრეონტ წილოსანი; მისი საგანგები საქმეთა რწმუნებული, კარლო წუწუნავა; კუტუბიძე; დოქტორი ხერხეულიძე; სხვანი და სხვანი, კვლავაც შევხვდებით მწერლის მიერ წარმატებით ნაპოვნსა და ხორცშესხმულ პერსონაჟს – “ბიძაჩემ იონას”, რომელიც ზემოთმოხსენიებულმა იმ ასოცდაექქვსმა მკითხველმა უკვე შეიყვარა ამავე სახელწოდების მოთხრობიდან, 1987 წელს “მერანის” მიერ გამოცემულ წიგნში “ანტონიო და დავითი” – რომ არის დაბეჭდილი. აქვე ნაწილობრივ მოვასწრებთ უფრო საინტერესო პერსონაჟის – პრ. დიდებულიძის გაცნობას...

 

 მოთმინება არ მყოფნის, ახლავე არ ჩამოგითვალოთ სანაკლიოში უფრო მეტად სახელგანთქმული პოლიტიკური პარტიები: “სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირი”, “ლიბერალ-დემოკრატთა რადიკალური ფრთა”, “შავგვრემან ქალთა კავშირი”, რომელსაც შეუერთდა “მამალ ქალთ ასოციაცია” და ეს ორივენი “წვეროსან ქალთა” საბაზო გართიანებად იქცა; ყოფილ კომკავშირელთა ეროვნულ-პატრიოტული ძმობა – “კომკა”, რომელიც “სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირს” შეუერთდა “ახალგაზრდა ქართლოსიანელის” სახელით; “დემოკრატიული შტურმი”, იგივე “დემშტრუმი”...

 

 “განზომილებაში” ავტორი შემოგვთავაზებს ეროვნული მოძრაობის ლიდერების – შონიასა და კვაშალის ხელმძღვანელობით წიფის გვირაბის გადაკეტვის გამო კონცენტრირებული მგზავრების (ლამის მთელი საქართველოს) “აუდიორუქას” სამ ფრაგმენტად – ეს ლოდინით გაბეზრებული ადამიანების უბრალო ლარაკი არ არის, ამ აუდიორუქით შეიძლება მთელი ქვეყნის სულიერი, ზნეობრივი და ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა, ისე კარგად არის მოსმენილი და ჩაწერილი.

 

ხოლო მესამე ფრაგმენტში რომ წაიკითხავ: “ამ ლექსთსათხზეველ ენაზე რომ პროზას ვწერ, ეს გმირობა არაა, ბრატ?”, - შეუძლებელი გიორგი ბაქანიძე არ დაგიდგეს თვალწინ, თუკი იცნობდი.

 

 თავად ავტორი ირწმუნება:

 

 “ამ წიგნში სიმბოლოებს ტყუილად ნუ დაუწყებთ ძებნას, სიმბოლო მდინარის გაღმა მხარეა, მე კი მამულები გამორმა მხარეს მაქვს და შიგ ისეთი კოშკი მიდგას, საძირკველიდან სახურავამდე სადა და გამჭვირვალე აზრის აგურითაა ნაშენი”-ო, მაგრამ სწორედ ამ შეხედულების კონტრაპუნქტად, თუნდაც მის გასაუქმებლად, მთელი რომანის სიმბოლოდ თუ ხატად ქმნის ზღაპარს – “უფლისწული და ურჩხული” (კლასიკუირ დაპირისპირება), რომელიც ხალხური ზღაპრისგან განსხვავებით გამიორჩევა თავისი გართულებული და კარგად მიგნებული აგებულებით – უფლისწული, რომელმაც სამყაროს გაღმა დარჩენილი ნაპრალი უნდა დაგმანოს, რადგან იქიდან ქვეყნიერების დამასნეულებელი შხამი ჟონავს, ორ ერთიმეორეზე გადაბმული გველეშაპის შიგანში განთავსებულ სხვადასხვა ქვეყნებში დადის და ცდილობს, შეაგნებინოს იქაურებს, რომ ურჩხულის შიგანში არიან და არა სინათლეზე, და ეს კირთება მანამდე გასტანს, ვიდრე არ გაწყდება ეს მოჯადოებული წრე, სანამ სინათლეზე არ გამოვა, რათა ხელდახელ შეებას და ჯერაც ცოცხალი ურჩხულების მოჭრილი თავები ზეაღმართულ ხელებში დაიჭიროს და ასე დადგეს წარმავლობის მთვლემარე მდინარეში; ხოლო ურჩხული მაშინ აღესრულება საბოლოოდ, როცა მისი წიაღიდან უკანასკნელი მფრთხალი კაცი გამოვა...

 

 როგორც ვხედავთ, ამ ნაწარმოებში კვლავაც “სანაკლიო” არის ასახული, ვითომცდა დასავლეთ საქართველოს ერთი ქალაქთაგანი, თუმცე ესეც ადვილი მისახვედრია: იმხანად, როცა ჯემალ ქარჩხაძის “განზომილება” იბეჭდებოდა, “ცისკრის” ერთი თანამშრომელი, იმ ასოცდაექვსი მკითხველიდან ერთ-ერთი, რომანის კორექტურის კითხვა რომ უწევდა, ქუთაისში მიდიოდა ავადმყოფის სანახავად და რომ შეეკითხნენ – სად მიდიხარო? – სანაკლიოშიო! – მიუგო.

 

ასე იგივდება მკითხველის ცნობიერებაში რეალური და მოგონილი ქალაქი, თუმცა ეს გაიგივება დიდხანს არ გასტანს...

 

 გამაოგნებლად მთავრდება რომანი, კი არ მთავრდება, მოულოდნელად წყდება...

 

 დაახლოებით ისევე, როგორც გიტარის გაწყვეტილი სიმი გვავიწყებს მისგან გამოცემულ სმენის დამატკბობელ ბგერებს და სიმის აღსასრულზე ჩაგვაფიქრებს...

 

 დასანანია გაწყვეტილი სიმი.

 

 და მით უფრო დასანანია მწერალი, რომელიც სააქაოდან წავიდა და ბოლომდე ვერ მიიყვანა თავისი “გედის სიმღერა”, თუმც “გედის სიმღერად” შესაძლოა მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული მოთხრობა – “მაგნოლიის ყვავილი, ანუ ბებია ანას გარდაცვალება” ჩაითვალოს, სადაც უფრო მეტად იგრძნობა და ჩანს კიდეც ის წინათგრძნობა, რომლის შესახებაც თავიდანვე მოგახსენეთ.

 

 ისიც დასაშვებია, რომ ვისიმე ახირებულმა გონებამ მწერლის გარდაცვალება რომანის ფინალად ჩათვალოს – მწარე და ტრაგიკულ დასასრულად...

 

 ...და რომანს რომ წაიკითხავ, უგზო-უკვლოდ გამქრალი სიტყვების ადგილზე დაინახავ გაქვავებულ სანაკლიოს – თავისი ქუჩებით და სახლებით, მდინარითა და მცხოვრებლებით, გაჩერებული დროით – თითქოსდა იონა კამკამიძის ნანატრი ეროვნული ბუხარი, ანუ ვულკანი ამოქმედებულა და მსგავსად სტაბიუმისა და პომპეუსისა, ლავისა და ფერფლის სქელი ფენით, ვითარცა უხვად მოსული თოვლით, თანაბრად დაუფარავს, გაუქვავებია და ტრაგიკულად გაულამაზებია ქალაქი, რომელიც ისედაც უფსკრულში იყო გადაჩეხილი.

 

 დასასრულს კი, იმ ასოცაექვს მკითხველს, რომელიც ყველაფერს ყურადღებითა და დაკვირვებით კითხულობს, რაც ყურადღებით და დაკვირვებით არის წასაკითხი, თავი უნდა დავანებო, ხოლო დანარჩენს კი იონა კამკამიხის სიტყვით მივმართო:

 

 “ჩვენი საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, როცა ზეგარდმო მესაჭემ სამყარო ახალი სიჩქარეში გადართო, ადამიანმა უგუნურებითა და ქედმაღლობით ზურგი შეაქცია დამწერლობას, რის შედეგადაც გადაგვარების ხიფათი დაემუქრა, ვინაიდან დამწერლობა საკაცობრიო გენიის არა მარტო უმნიშვენლოვანესი ნაყოფია, არამედ ერთადერთი ნაყოფიც, რომელშიც ადამიანმა თავის ღვთაებრივი სახის გამომჟღავნება და აღბეჭდვა შეძლო. აქედან გამომდინარე, ვინც დამწერლობას ზურგი შექცია, მან საკუთარ ღვთაებრივ ბუნებას შეაქცია ზურგი და პირი ეშმაკისკენ ქნა”.

 

 ასე რომ, მოდით, ისევ ჩვენი ღვთაებრივი ბუნებისკენ ვქნათ პირი და დაკვირვებითა და ყურადღებით წავიკითხოთ “განზომილება”...

 

 1999 წლის მარიამობა.

 

 მინაწერი:

 ამ ჩანაწერს რომ ვათეთერბდი, ქარჩხაძეებთან დავრეკე, იმ ბოლო მოთხრობის სათაური დავაზუსტე, რომელიც უახლოეს ხანში მომცრო წიგნადაც გამოვა, თან მარიამობაც მივულოცე მწერლის ოჯახს. იმ ღამით ქალბატონ ლეილას სიზმარი ენახა – მწერლი მისულიყო, სამზარეულოში დამჯდარიყო, მეუღლისთვის მკტივანი ხელი ეჩვენებინა და შეეჩივლა: მუშაობა მინდა, მაგრამ ძალა აღარ შემწევსო....

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მოსულიშვილი მიხო / გაქვავებული ქალაქის პარაბოლ