მოსულიშვილი მიხო

მთელ ირლანდიაში თოვს

 

 

 

“თოვლი ათოვდა მთელ დედამიწას, როგორც მოახლოება აღსასრულის ჟამისა; წყნარად ათოვდათ ცოცხლებსაც და მკვდრებსაც”.

 ჯეიმზ ჯოისი – “მიცვალებულნი”.

 

 ღმერთო, ეს რა თოვლი მოდის მახვიგონიერ, დაუდეგარ და მეამბოხე ირლანდიაში, რა ბარაქიანად ბარდნის, რა უსინდისოდ დაუთოვია ვერცხლურა ზღვაში ჩაძირული ზურმუხტის კუნძული – “ერინი”, მისი ოთხივე პროვინცია – კონაჰტი, ლენსტერი, მანსტერი, ოლსტერი; მისი ოცდაექვსივე საგრაფო – ამათ ნუღარ ჩამომათვლევინებთ...

 

 მთელ ირლანდიაში თოვს...

 

 თოვს ცენტრალურ დაბლობზე – მსხვილ-მსხვილ ფანტელებს ბარდნის უტყეო ბორცვებსა და გორაკებზე, ფიფქები მსუბუქად ეფინება ტორფიანსა და ქვანახშირიან ალენის ჭაობებს, ქვიშიან და ეწერ ნიადაგებზე ამოსულ მდელოებს.

 

 

 

 სასტიკქარიანი თოვლის ბუქი ამდგარა განაპირა რაიონებში მდებარე დაბალ და საშუალო მთიანეთის ღრმად დანაწევრებულ ჭიუხებზე, კლდეებსა და ფრიალოებზე, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კერის მთებზე და მათ შორის ყველაზე მაღალ, 1041 მეტრის სიმაღლის მთას, კარანტუილს თოვლის სიმრავლე ვეღარ უტვირთია და ზოგგან შვავებად ჩამომზღვლეულა.

 

 ათოვს ტექტონიკურ-მყინვარული ანდა სულაც კარსტული წარმოშობის ქვაბულებში არსებულ ტბებს – ლოხ-კორიბსა თუ ლოხ-მასკის, ლოხ-რის თუ ლოხ-ნესს... ფანტელები ღაღად ეშვებიან ქვეყნის მთავარი მდინარის, შენონის ჩამუქებულ, მშფოთვარე ტალღებში...

 

 ათოვს ეულს სასაფლაოს პატარა ბორცვზე, თოვლი სქლად დასდებია წაფერდებულ ჯვრებსა და სამარის ქვებს, დაბალი ჭისკრის ბოძებს, ეკლიან ბუჩქებს (ჯოისი).

 

 მთელ ირლანდიაში ბარდნის...

 

 ათოვს დაბა-სოფლებს და ვრცელ ქალაქებსაც – კორკსა და ლიმერიკს.

 

 ათოვს დაღლილ და ცინიკურ დედაქალაქს, მის პირქუშსა და კუშტ ქუჩებს.

 

 მოდიან და მოდიან მუქი ფანტელები, ტრიალებენ, ბრუნავენ, მაღალ ბოძებზე განათებული ფარნების სინათლეებში ირევიან, ვერცხლისფრად ელავენ, დაჭირხლულ ხეებზე და სახლებსა თუ კათოლიკური ეკლესიების შპილებზე იხურხლებიან. ქვაფენილებზე, ხიდებზე და მდინარე ანნა ლიფშიც ცვივიან...

 

 ო, რა ბარაქიანად, ხვავრიელად, ულმობლად, უსინდისოდ ბარდნის მთელ ირლანდიაში! რა უცნაურად და საკვირველად!

 

 მახვილგონიერ, დაუდეგარ და მეამბოხე ირლანდიაში...

 

 “ვეფხისტყაოსნით” შთაგონებული იოლად გადაგვაქვს მოქმედება სხვა ქვეყნებში და ოცნების სურათებში უღლიდან დახსნილი საქართველო გვესახება”, - იტყვის თავისი მინიატურული წიგნის, “ირლანდიური მელოდიების” შესავალში როსტომ ჩხეიძე და ამასაც დასძენს, - “მათგან ჩემთვის ირლანდიაა ყველაზე მახლობელი, მამის საუბრებით, წიგნებით, ფანტაზიით შეთვისებული, თორემ იქ ჩასვლას იქნებ ვერც ვერასოდეს ვეღირსო”.

 

 ჩემთვისაც!

 

 ჩემი სიყვარული ირლანდიისადმდი ლია იმერლიშვილის მიერ თარგმნილი ჯეიმზ ჯოისის “დუბლინელებით”, აგრეთვე “ჯაკომო ჯოისით” და “ულისეთი” იწყება, ნიკო ყიასაშვილს რომ უთარგმნია და დიდებული ესეების წიგნიც დაუწერია – “სცილასა და ქარიბდას შორის”, დავით კაკაბაძის მშვენიერი აბსტრაქციით რომაა გაფორმებული; ეს სიყვარული ოთარ ჩხეიძის ესეიდან – “სამშობლო ჯეიმზ ჯოისისა” და გურამ დოჩანაშვილის “საქმიდანაც” მოდის – მოთხრობის პროტაგონისტთან, ლუკასთან ნამდვილი მწერლები მოდიან თავ-თავიანთი ქვეყნებით, რომელთაც ჟამთასვლა ვერ წაშლის და, იმათგან მესამეს ირლანდია აქვს და ხანდახან ისე ხვავრიელად, ისე უნამუსო ათოვს...

 

 ჰო, თოვს და თოვს, ბარდნის და ბარდნის, არც გადაღების პირი უჩანს, - მთელ ირლანდიაში ბარდნის და თუმცა მასალა შემოუკრებია, მაინც თერთმეტ წელს ანდომებს როსტომ ჩხეიძე ამ ხუთი პორტრეტის დახატვას, ხუთი ჩინებული ესეის შეთხზვას და გულდაწყვეტილიცაა, რაღაი ისეთი ძარღვი ვერ უპოვია ტომას მურის პოეზიაში თუ ბიოგრაფიაში, ქარგად რომ გაიშლებოდა, ამდგარა და თავისი ციკლისათვის სათაური უსესხია მისგან – “ირლანდიური მელოდიები”...

 

 რაღა თქმა უნდა, განსხვავებანიც საკმაოდაა, მაგრამ, რა დასამალია და, უცნაური კავშირებიც მოჩანს საქართველოსა და ირლანდიას შორის, ტომას მურსა და გიორგი მთაწმინდელს შორის, ჩარლზ პარნელსა და ილია ჭავჭავაძეს შორის, უილიამ ბატლერ იეიტსსა და ვაჟა-ფშაველას შორის, თუნდაც იმ კელტიბერებსა და ამ იბერებს შორისაც – ხასიათის წარუვალი თვისებებით, არსებობის წესით, გაუტეხლობით, დაუმორჩილებლობით, თუ გნებავთ დარდიმანდობით და დაუდევრობითაც...

 

 თოვს, თოვს, რა უბედურად თოვს ირლანდიაში და ჩამომარცვლილა თერთმეტი წელიწადი, კრიალოსანივით ჩამომარცვლილა და აჰა, “ირლანდიული მელოდიების” მკითხველის თვალწინ ხუთი ტრაგიკული და მართალი კაცი დააბიჯებს თოვლით გადათეთრებულ და ჩამობურულ კუნზულზე, მეექვსეც დაილანდება მოშორებით:

 

 პირველი მათგანი ჯონათან სვიფტია, “გულივერის” სახით სარკე რომ დაუდგა აქეთ დაჩაგრულ ირლანდიელებს, იქით კიდევ თავგასულ ინგლისელებს, თუმცა ვერც ვერაფერი შეცვალა და ფრიდრიხ ნიცშესი არ იყოს, შეიშალა კიდეც...

 

 მეორე – პერსი ბისი შელია, თავზეხელაღებული ინგლისელი პოეტი, არავის რომ არ შეჰპუებია – არც რომის პაპს, არცა თავისი სამშობლოს ხელისუფალთ და არცა დაეჭვებულ ირლანდიელებს, ინგლისის კაბალისგან თავდასახსნელად რომ მოუწოდებდა, რადგან, ავტორის სიტყვით: “სრულებით არა კმაროდა შენი ქვეყნის თავისუფლება: გინდა შენ ყოფილხარ დაპყრობილი და გინდა სხვა მოგიქცევია შენს საზღვრებში”. რამდენი რუსი მწერალი ჩამოსულა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში: პუშკინი თუ გრიბოედოვი, ლერმონტოვი თუ ტოლსტოი, ბულგაკოვი თუ ესენინი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი, და რა სავალალოა, რომ ერთი მათგანიც ვერ ამაღლდა პერსი ბისი შელის სიმარლემდე...

 

 მესამე – ირლანდიისათვის თავგადადებული ჩარლზ სტიუარტ პარნელია, ვინაც საკუთარ თავზე გამოსცადა სავალალო უმადურობა სამშობლოსთვის თავშეწირვის სანაცვლოდ, ჩვენი ილია ჭავჭავაძისა არ იყოს. სხვათაშორის, სწორედ პარნელის სახელი გაიხმიანებს ილია ჭავჭავაძის წერილებში, ინგლის-ირლანდიის პოლიტიკურ ვითარებას რომ ეხება და, პარნელისა და გლადსტონის საპარლამენტო ბრძოლებს მიმოიხილავს.

 

 მეოთხე - უილიამ ბატლერ იეიტსია, ბელადი ირლანდიური რენესანსისა, კელტური საგების ამაღორძინებელი, რომლებიც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში შეიქმნა პროზაულად, თავიდან ზეპირად ვრცელდებოდა, მეთორმეტე საუკუნიდან სისტემატური შეგროვება დაიწყეს; ეს იყო აღორძინება “წიქარა ძროხის წიგნისა” (ადრინდელი ვერსიით “ხარის გამოდევნა კუალნგედან”) – ირლანდიული ეროვნული ეპოსისა თუ უალის ციკლის საგებისა, რომელთა მთავარი გმირი ზღვის დამლაშქრავი ქუჰულეინია ანდა ქაოლტი, ვინც ღმერთების ციხე-სიმაგრეს შემოარტყა ალყა; ეს გახლდათ ძველი ბარდების – დონაჰ მორის, მიურედაჰ ალბანაჰის, გოფრეი ფიონნის ტრადიციების გამოხმობისა და სამშობლოს სამსახურში ჩაყენების წარმატებული ცდა, რომელიც ჩვენს ვაჟა-ფშაველას ღვაწლსაც მოაგონებს ავტორს – ესეც დამაფიქრებელი პარალელია...

 

 მეხუთე კი ის გენიოსია, რომელზეც ფოლკნერი იტყვის, ღვთაებრივმა ცეცხლმა დაბუგაო და რომლის შენიშვნებით გადაჭრელებულ “ულისეს” სიკვდილამდე თან დაატარებდა ტომას ვულფი.

 

მარტოოდენ ესენი კი არა, ბევრი კარგი მწერალი მოდის ჯოისიდან ერნესტ ჰემინგუეის თამადობით – იწონებს, იწუნებს თუ ეკამათება, სულ ერთია, ჯოისის ხანაა ლიტერატურაში.

 

 “...სხვაგვარად როგორ გინდა ახსნა მწერლის უცნაური გაორება – იდეის ათვალწუნება (ირლანდიის დამოუკიდებლობის) და მისი ყველაზე ერთგული მიმდევარის (ჩარლზ პარნელის) მიმართ ღრმა თანაგრძნობა და მოწიწება?!@” – იკითხავს “ირლანდიური მელოდიების” ავტორი და ერთი ასეთი ახსნაც შეიძლება არსებობდეს:

 

 ახალგაზრდა ჯოისი, გარკვეულწილად მედგარი ჰენრიკ იბსენის მიბაძვითაც, ყოველგვარ დოგმას აუჯანყდება, რაოდენ ძვირფასი და მარადიულიც გინდა იყოს – რელიგიური, პოლიტიკური თუ ფილოსოფიური, უარჰყოფს ყველაზე სანუკვარსაც – ირლანდიას (“ირლანდიაა ბებერი დედაღორი, თავისსავე გოჭებს რომ თქვლეფავს”) და ქვეყანას ტოვებს, ლამის რელიგიის რანგში აიყვანს თავის შემოქმედებას, მაგრამ შემდეგში უარყოფილი სამშობლო გაუგონარი ძალით, ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან.

 

თავად განსაჯეთ – შეეკითხებიან, როდის დაბრუნდები ირლანდიაშიო და კითხვას შეუბრუნებს – როდის მიმიტოვებიაო. და მართლაც, სულ ირონიული დუბლინი უდგას თვალწინ, სულ დედაქალაქზე წერს.

 

 1906 წლის 25 სექტემბერს რომიდან ასეთ წერილსაც გამოუგზავნის თავის მუდმივ ადრესატს, სტანისლოს ჯოისს:

 

 “დროდადრო, ირლანდიას რომ ვიხსენებ, იმაზე ვფიქრობ, თუ რა დაუმსახურებლად მკაცრი ვიყავი მის მიმართ. ვერაფრით ვერ გადმოვეცი (“დუბლინელებში” მაინც) დუბლინის მთელი მომაჯადოებლობა; სხვათა შორის, რაც იგი მივატოვე, ვერც ერთ ქალაქში, ალბათ პარიზის გარდა, თავს ვერ ვგრძნობდი საკუთარ ტყავში. მე ვერ გადმოვეცი მისი გულისშემძვრელი პროვინციალობა, მისი სტუმართმოყვარეობა. ბოლოს დასახელებულ ღირსებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროპაში ვეღარსად აღმოაჩენთ”.

 

 ნურც იმას დავივიწყებთ, ყველა ნათესავს რომ ემუდარებოდა, გაეგზავნათ ირლანდიური გაზეთები, აფიშები, ასე განსაჯეთ, ტრამვაის ბილეთებიც კი... მოკლედ, ჯოისი სულ დუბლინშია, წავიდა და დარჩა კიდეც, მიატოვა და თან წაიღო თავისი ქალაქი, გააუკვდავა, ისეთი სიტყვები მიუსადაგა, რომ იმათით, თუკი დუბლინი დაინგრევა, ქალაქისა და მისი მცხოვრებლების რესტავრაციაც შეიძლებაო, - წერდა ს. კ.

 

 კარანი.

 

 იმის თქმა მინდა, რომ ჯეიმზ ჯოისს სამშობლო კი არ სძულდა, პირიქით, ძალიან უყვარდა, მაგრამ ვაი-პატრიოტული აღტკინებით კი არა, ფასიზმში რომ ექნებოდა ბოლო, არამედ ნამდვილად, ნაღდად – ისე, როგორც ყველა გენიალურ მწერალს, სერვანტესი იქნება, შექსპირი თუ რუსთაველი და ვაჟა, უყვარს თავისი ქვეყანა.

 

 და ის მეექვსე, ამ ხუთეულის შორიახლოს დაილანდება მეთქი, რომ ვთქვი, ტომას მურია, რომლის “მწუხრის ზარები” ეგებ იმ საგალობლის ბერძნული თარგმანით არის შთაგონებული, გიორგი მთაწმინდელს რომ შეუთხზავს თავის დროზე...

 

 ამასობაში არ დავივიწყოთ, რომ მთელ ირლანდიაში თოვს, თოვს და ბარდნის, ბარდნის და არც გადაღებას უჩანს პირი...

 

 ორიოდე სიტყვა იმ მეთოდზეც მინდა ვთქვა, რითაც როსტომ ჩხეიძის ეს ესეები გახლავთ შესრულებული. თუმცა რა ვთქვათ, თავადვე წერს, რომ ჯერ კიდევ 1923 წელს ტომას ელიოტმა “ულისეში” წერის განსხვავებული მეთოდი დაინახა – შორეული პარალელის მონაცვლეობა წარსულსა და აწმყოში, რომლის საწყისებისთვისაც იეიტსის შემოქმედებაში მიუგნია. ელიოტი ჯოისის ამ მეთოდს სამეცნიერო აღმოჩენის ტოლფასად თვლისო. ვგონებ, მეტიც შეიძლება ითქვას – ამ თეორიამ ისეთივე გადატრიალება მოახდინა ლიტერატურაში, როგორც თეორიულ ფიზიკაში ალბერტ აინშტაინის “ფარდობითობის თეორიამ”. სწორედ ჯოისის თეორიით სარგებლობს ირლანდიური ციკლის ესეების ავტორი – გამითიურებულ ირლანდიაზე წერს, მის ბედუკუღმართობაზე და თვალწინ თავისი სამშობლოს ხატი უდგას – შორეული პარალელის მონაცვლეობა აწმყოში და წარსულში!

 

 ოღონდ ესეც გავიხსენოთ და მოვინიშნოთ: “ირლანდიელები პატარა ერია – სულ ოთხი მილიონი” – წერს ნიკო ყიასაშვილი, - “მათი შინაგანი, სულიერი რეზისტენცია “დიდი ინგლისელი ძმის” ელონომიკური და კულტურული დაწოლის წინააღმდეგ გასაოცარია... და სევდიანი...” რადგან მშობლიური გელური ენა, თან რომ მოიტანეს ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში შოტლანდიიდან შემოსულმა კელტიბერიულმა ტომებმა, ლამის გამქრალა, ორმოცი ათასი ადამიანი თუღა ლაპარაკობს მასზედ. 1921 წელს, ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ირლანდიური კი აღიარეს ინგლისურთან ერთად ოფიციალურ სახელმწიფო ენად, მაგრამ რად გინდა, დაუდევრობითა თუ ბედოვლათობით თვალსა და ხელს შუა უქრებათ, უფრო ინგლისურად ურჩევნიათ ლაპარაკი...

 

ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს...

 

 დავხურავ ამ მინიატურულ, ცეროდენა წიგნს, მხატვარ ნინო ზაალიშვილს რომ გაუფორმებია, ოთარ ჩხეიძეს რომ ურედაქტორია, უსასყიდლოდ რომ აწყობილ-დაკაბადონებულა ფირმა “პეტიტში”, გამომცემლობა “ლომისს” რომ დაუსტამბავს – სულ ხელისგულისოდენა, ჯუჯა და ლილიპუტი თუ გნომი წიგნი, “ირლანდიური მელოდიები”; ვუმზერ, ვუყურებ, მივჩერებივარ და ვხედავ:

 

 ხუთი ტრაგიკული და მართალი კაცი დააბიჯებს თოვლით გადათეთრებულ და ჩამობურულ კუნზულზე, მოშორებით მეექვსეც დაილანდება...

 

 ყურადღებით ვაკვირდები ყველას და ერთი იმათგანის (იეიტსი) ნათქვამი მახსენდება: “მათი ნაკვთებიდან ირლანდიის ისტორია იმზირება!”

 

 ექვსივ ემათგანს ვუმზერ, მივჩერებივარ, შევცქერი, ვათვალიერებ და უნებურად ის ამომხდება, რითაც ეს ჩანაწერი დავიწყე და უნდა დავამთავრო კიდევაც:

 

 ღმერთო, ეს რა თოვლი მოდის მახვიგონიერ, დაუდეგარ და მეამბოხე ირლანდიაში, რა ბარაქიანად ბარდნის, რა უსინდისოდ დაუთოვია ვერცხლურა ზღვაში ჩაძირული ზურმუხტის კუნძული – “ერინი”, მისი ოთხივე პროვინცია – კონაჰტი, ლენსტერი, მანსტერი, ოლსტერი; მისი ოცდაექვსივე საგრაფო – ამათ ნუღარ ჩამომათვლევინებთ...

 

 მთელ ირლანდიაში თოვს...

 

 1997 წლის ნოემბერი..

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მოსულიშვილი მიხო / მთელ ირლანდიაში თოვს