მოსულიშვილი მიხო

მიხვედრის პარაბოლა, ანუ მსურს მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ

1798 წლის 20 ივლისს ფრანგული კორპუსის წინ მამელუკთა ლაშქარი და გიზას სამი პირამიდა წამოიმართება. ახალგაზრდა კორსიკელი გენერალი, რომელიღაც რომაელი იმპერატორის გამომეტყველებით, თვალს გაუწვდენს ყველაზე მაღალ, ფარაონ ხეოფსის პირამიდას, შიშისმომგვრელი იდუმალებით რომ სდარაჯობს თავის გამოცანას და ნირწაუმხდარი ხმით შესძახებს: "ჯარისკაცებო! ამ პირამიდების სიმაღლიდან ორმოცი საუკუნე გადმოგვყურებს!"

 როგორც უკვე მიხვდით, ეს ნაპოლეონ ბონაპარტეს ფრთიანი გამოთქმაა, რომლის პერიფრაზირება ეგვიპტური ხელოვნების მეტიწილი ნიმუშების ნახვისას შეიძლება და, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუკი ბერლინის მუზეუმში დაცულ დედოფალ ნეფერტიტის, "ქვეყნიერების დედოფლის" შეღებილი კირქვის ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრის სიმაღლის სკულპტურას ვნახავთ, თუნდაც რეპროდუქციებზე. დიახ, ამ ქანდაკებიდან ოცდათოთხმეტი საუკუნე შემოგცქერის.

 ნეფერტიტს ლურჯად შეღებილი სამეფო ტიარა ახურავს. მისი სახის სინატიფე და ქალურობა, მშვენიერ თვალებში აბრწყინებული ღრმა განცდათა სიცინცხალე, ოდნავ გაღებული ნაზი ტუჩები, ბუნებრივი და დიდებული თავდაჭერა, მეფური ბრწყინვალება და ის სასურველი სულიერი თავისუფლება, გამოუცნობ იდუმალებაში რომ დაუდვია ბინა, ჩვენს სულს პირველქმნილი ბედნიერებით აღავსებს და ოცნებებში წარიტაცებს.

 ამ ნამუშევარზე თქმულა, რომ იგი ყველაზე მშვენიერია ქალთა იმ გამოსახულებიდან, რაც კი კაცობრიობას აქამდე შეუქმნია.

პორტრეტული მსგავსება სრულ თანხმიერებაშია სრულყოფილსა და დასრულებულ-ჩამოყალიბებულ, მკაცრ სტილთან. ეს უბრალო ასლი კი არ არის ნატურიდან ანდა მარტოოდენ განყენებული სტილიზაცია ან სქემატურობა, არამედ ორივე ერთად თანაარსებობს შეუთავსებელთა შეთავსების სასწაულებრივი და დაუწერელი კანონით და გამომსახველობითი ოსტატობის გაუგონარი და ლამის თავზარდამცემი მწვერვალია. ისეთი მწვერვალი, ერთ მახვილგონიერ კაცს რომ ათქმევინა - დედოფალ ნეფერტიტს რომ ოდნავ გრძელი ან მოკლე ცხვირი ჰქონოდა, დღეს ჩვენი ცივიზიცია სულ სხვანაირი იქნებოდაო.

 ამ სკულპტურის გენიალური შემოქმედი თუთმესია, რომლის სახელოსნო პატარა სოფელ ტერ-ამარნაში აღმოაჩინეს. სწორედ აქ მდებარეობდა თებედან გადმოტანილი დედაქალაქი აჰეტატონი, "მზის ქალაქი", რომელიც ქრისტეშობამდე მეთოთხმეტე საუკუნეში ააგო ფარაონმა ამენჰოტეპ მეოთხემ, შემდგომში ეჰნატონად სახელდებულმა; სწორედ ამ ძლევამოსილმა მმართველმა, ვინც მრავალღმერთიანობა გააუქმა, მზის ღმერთი ატონი გამოაცხადა ერთადერთ ღმერთად, დანარჩენ ღვთაებათა ტაძრები დაკეტა და მომძლავრებულ ქურუმთა ძალაუფლება დაამხო. ადამიანთა შორის კი მხოლოდ ნეფერტიტს ემონებოდა ეს მკაცრი ფარაონი...

 ამ რელიგიურ-პოლიტიკურ სიახლეს მეტი გასაქნი უნდა მიეცა ხელოვანთათვის და ასეც მოხდა: ამარნულ ხელოვნებაში (საისის, ანუ ახალი სამეფოს ეპოქა) მეტი მოძრაობაა, მეტი ლირიზმი, მეტი ბრწყინვალება, გნებავთ სულიერება თუ ინტიმურობა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ზოგადეგვიპტური სტილიზაციის ჩარჩოებშია მოქცეული, რაც მეტად ნიშანდობლივი მოვლენაა - ძველეგვიპტელი შემოქმედი არ გაურბის ზოგად სქემას, მაგრამ მის სიღრმეში აღმოაჩენს ახალსა და თავისთავადს.

 როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, იმდროინდელი მოქანდაკეები პორტრეტებს ქმნიდნენ თაბაშირის ნიღბით, რომლებსაც ცოცხლებსაც უღებდნენ და მკვდრებსაც. ასევე ხდებოდა თუთმესის სახელოსნოშიც, სადაც აღმოაჩინეს დედოფალ ნეფერტიტის დაუმთავრებელი პორტრეტული ეტიუდი, ამჟამად ისიც ბერლინის მუზეუმშია დაცული და ლურჯტიარიან საბოლოო სკულპტურას თუ შევადარებთ, ვერაფრით ვიტყვით, რომ ვარიაციასთან გვაქვს საქმე, იმდენად დამოუკიდებელი და სრულყოფილი ჩანს. თუმცა თუთმესმა უკეთ იცოდა თავისი საქმე, ვიდრე ჩვენ აქედან შეიძლება მივხვდეთ.

როგორც ჩანს, სწორუპოვარი ოსტატი ნატურიდან მუშაობდა და ეტიუდიდან ეტიუდამდე, ლამის დაუსრულებლად სრულყოფდა ქვეყნიერების დედოფლის მომნუსხველსა და მომაჯადოებელ ხატებას, ანუ იმის გამოხატვა ეწადა, რომ ნეფერტიტის მშვენიერება ზეციდან იყო მოსული.

 რაც ამ ორ სკულპტურაზე ვთქვი, იგივე უნდა გავიმეორო აჰეტატონის, იგივე "მზის ქალაქის" სამეფო დარბაზის მოხატულობაზე, რომლის ერთ ფრაგმენტში ფარაონ ეჰნატონისა და დედოფალ ნეფერტიტის ორი ქალიშვილია გამოსახული. ისინი მუთაქებზე სხედან დედ-მამის ფეხებთან და თამაშობენ. დიდი სიმშვიდითა და ჩუმი სიხარულით სუნთქავს ეს ერთი შეხედვით სქემატური კომპოზიცია. ამ მოჩვენებითი ერთფეროვანი სტილიზაციის მიღმა ორი პატარა გოგონას ცოცხალი ხასიათებია დაჭერილი. ამ ნახატის შემხედვარემ როგორ არ უნდა მოიგონო ჩვენი გენიალური ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის ნამუშევრებსაც ახსოვთ და ჩვენც გვაგონებენ ძველეგვიპტურ შედევერბს.

 მოკლედ, ძველეგვიპტელი ნებისმიერი ხელოვანის ფორმულა, იქნება ის მოქანდაკე თუ მხატვარი, უცვლელია - მოჩვენებითი სქემატურობა ჰარმონიულად უთავსდება შემოქმედის სუბიექტურ ხედვას.

 ეს რომ პოეტის შემთხვევაშიც ასეა, ქვემოთ დავინახავთ.

 ჩვენთვის უცნობი მწერლის დაწერილი უნდა იყოს ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც ფარაონ ეჰნატონის სამარხზეა ამოტვიფრული; ისიც ზემოაღწერილ სკულპტურებსა და ნახატს ჰგავს - მკაცრი სქემის მიღმა უნდა დავინახოთ ნამდვილი, მარად წარუვალი სიყვარული.

 სწორუპოვარი თუთმესისა არ იყოს, ალბათ, იჯდა ჩვენთვის უცნობი მწერალი ფეხმორთხმით, სწორედ ისე, როგორც ეს ლუვრში დაცულ მჯდომარე ქანდაკებაშია და რომელსაც თვალებად მთის ბროლი უზის (მესამე ათასწლეულის შუახანები ქრისტეშობამდე), ფიქრისგან რომ ლამის მართლა მთის ბროლად გადაქცეოდა თვალები და პაპირუსზე გამოჰყავდა იეროგლიფები, ნიმუშიდან ნიმუშამდე სრულყოფდა ნეფერტიტისადმი მიძღვნილ ლექსს, რომელიც კონკრეტულობას უნდა არიდებოდა და მარადიული სიყვარულის ჰიმნად ქცეულიყო, სიკვდილიც რომ ვერ სძლევდა და ნებისმიერ ქალს მიუძღვნიდა ტრფიალებით გულგასენილი კაცი.

 ნუ გაიკვირვებთ, თუკი ვიტყვი, რომ ინჩი-ბინჩი არ გამეგება ლექსისა, მაგრამ რატომღაც ავიკვიატე - ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ლექსის ქართულად გარდათქმა უნდა შევძლო მეთქი. რამდენი ვუტრიალე, რანაირი საზომი თუ რიტმი აღარ მოვსინჯე, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოვარგე. ის იყო, ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ რაღაც მიკარნახა ინტუიციამ.

დავჯექი და თოთხმეტ მარცვლიანი ლექსით ვთარგმნე. დავხედე და მგონი, მოვიხელთე თუ დავიჭირე ძველეგვიპტური ლექსის ბუნებრივი ქართული ჟღერადობა.

კიდევ ბევრი ვარიანტი რომ მქონდა გასაკეთებელი, ეგ არაფერი, მთავარი ნაპოვნი იყო.

 მეც თუთმესივითა თუ იმ უცნობი მწერალივით ნიმუშიდან ნიმუშამდე გავმართე ეს ლექსი და საბოლოოდ რომ გადავიკითხე, მაშინღა დავფიქრდი, - ეს რა გავაკეთე მეთქი. უფრო დაჟინებით რომ დავაკვირდი, ჩემი თარგმანიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ხმა შემომესმა. ხომ არ მეჩვენება მეთქი, კიდევ დავაყურადე, გაოცებულმა ვუსმინე და ეტყობა, არა ვცდებოდი.

 გადავშალე ბარათაშვილის კრებული და ვცადე იმ ძველეგვიპტელი მწერლის მთის ბროლივით სუფთად გამოკრისტალებული თვალებით დამენახა მისი ლექსები. ამ მცდელობის შემდეგ ისეთივე გაოგნებული დავრჩი, როგორც ნეფერტიტის ქანდაკებამ დამცა თავის დროზე თავზარი.

 ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა უმეტესობა ისეთია, დარწმუნებული ვარ, რომ ის მთის ბროლივით უცნობი მწერალიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. აგერ, მაგალითად, - "რად ჰყვედრი კაცსა, ბაოვანო, პირუმტკიცობას?", შესრულებული სწორედ ძველეგვიპტური ხელწერით - ზოგადი სქემატიზმის მიღმა და მასთან თანხმიერებაში მოძებნილი უძლიერესი კავშირი მარადისობასთან.

ასეთივეა "საყურე" თუ "მერანი", "ხმა იდუმალი" თუ "სული ობოლი", რომელი ერთი ვახსენო...

 აი, თუ გნებავთ, "ღამე ყაბახზედ" ავიღოთ; უფრო სწორად, ამ ლექსის ბოლო ათი სტრიქონი, რომელიც, ალბათ, პოეტმა თავის "ნეფერტიტს" - ეკატერინე ჭავჭავაძეს უძღვნა 1836-1841 წლებში, ზუსტი თარიღის დასახელება არ ხერხდება.

 სწორედ ამ სტრიქონებს გთავაზობთ იმ უცნობი მწერლის ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ლექსის ჩემეული თარგმანის გვერდით და თავად დააკვირდით. აქ მხოლოდ იმასღა შევნიშნავ, რომ სათაურები პირობითად ჩემი შერქმეულია.

 ნეფერტიტისადმი

 (ამოტვიფრულია ფარაონ ეჰნატონის სამარხზე)

 ო, რარიგ მიყვარს შენი სულთქმის მწველი სურნელი

 და ვარ ყოველდღე მაგ მშვენების მიწყივ მსურველი.

 ო, რარიგ მინდა, სულ ვისმინო ეგ ხმა საამო,

 რომ მონარნარებს, ვით ჩრდილოის ქარი საღამოს.

 ჭაბუკად მაქცევს სიყვარული შენი, მწყაზარო.

 მომეც ხელები, შენი სული რომ მოვიხელთო,

 მისით ავივსო, შიგ შევსახლდე და მოვისვენო.

 მსურს, მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ.

 დარდი კი მეტყვის - შენ სატრფო აქ არ არისო.

 სატრფოსა ქალსა

 (ამოღებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან "ღამე ყაბახზედ")

 "დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები

 ვერ მომიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!"

 ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,

 ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლა

 და ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,

 რომელთ სიამით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.

 ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,

 რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა,

 მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატფრფოსა ქალსა,

 რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი - თვალსა.

 2000.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მოსულიშვილი მიხო / მიხვედრის პარაბოლა, ანუ მსურს მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ