მოსულიშვილი მიხო

ნამდვილობის ხეივანი, ანუ ალბომი, რომელიც მეფეებთანაც კი თავისუფლად დააგვიანებს

 

ესმა ონიანი. “1939-1999.

 

ფერწერა. გრაფიკა. პოეზია”. შემდგენელი ირინე ონიანი. რედაქტორი ზურაბ ჭუმბურიძე. ინგლისური თარგმანი არიანე ჭანტურია, გერმანული თარგმანი მანანა პაიჭაძე, თამარ ჭუმბურიძე. ფოტოები გურამ წიბახაშვილისა და მანანა კოვზირიძის.

 

დიზაინერი გოგი წერეთელი. კომპიუტერული უზრუნველყოფა ლუკა გოცირიძის. ეძღვნება ესმას მშობლებს ეკატერინე აბაშიძესა და ვასილ ონიანს.

 

 

 ეს ესმა ონიანის ბავშვობისდროინდელი ფიქრი-თამაში იყო.

 “სულ რომ არაფერი არ იყოს”, - ფიქრი ჩაიხვეოდა შიგნით შუბლში თუ უკან, სადღაც, თავის ფუძესთან და...

 “სულ რომ არაფერი არ იყოს?! სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო? – რომ! არ შეიძლება, რომ არაფერი არ იყოს...”

 და თითქოს შემაწუხებლად თრგუნავდა და თან ამით სიამოვნებდა. იმის გამო, რომ იწყებოდა არაჩვეულებრივად ცხადი, ულმობლად გარდაუვალი შეგრძნება ამ ფიქრ-იდეის სისწორისა, ულმობელ-გარდაუვალობისა; ფიქრისა, რომელსაც თავად გადაწყვეტდა ხოლმე რომ წამოეჭრა, გაირინდებოდა სადმე, უფრო ტახტზე წამოწვებოდა და აინტერესებდა, კიდევ ერთხელ განეცადა, გაყოლოდა ამ ფიქრ-თამაშს (რადგან ბავშვი იყო, ასე ეგონა, რომ თამაშობდა), რომ ის რაღაც გამოეწვია, რომელიც იზიდავდა, თრგუნავდა და თან ვერ ეშვებოდა რაღაცით კმაყოფილი.

 “სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო, - არ შეიძლება, რომ არაფერი არ იყოს!”

 იმის გამო, რომ ასე ხედავდა, ამაზე ფიქრობდა, უკვე აღარ შეიძლებოდა არ ყოფილიყო.

 თითქოს ისევ სულში ჩაბრუნებოდა თვალები, გული ჩქროლავდა - სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო?

 და ულმობელი იყო – არაფრის არ ყოფნასაც ყოფნად წარმოიდგენდა.

 იყო ულმობელი ცხადი - “არ შეიძლება, არაფერი არ იყოს! არ შეიძლება, არაფერი არ იყოს! არ შეიძლება, არაფერი არ იყოს!”

 თავის არსებობას სძირავდა გაქრობის შეგრძნებაში და მისი გონება გონებრიობდა თავისი ადამიანური გაქრობის შეგრძნებით. მაგრამ “არაფერი” - “არ შეიძლება, არაფერი არ იყოს!” ულმობელი, გადიდებული, მოუცველ-უსასრულო არაფრის არ ყოფნა – რა საშინელი იყო და თან რა მიმზიდველი...

 ბავშვობისას თამაშ-თამაშით იწყებდა საკუთარი თავისთვის იმ სიამოვნების, ნეტარების მინიჭებას, რომელსაც იწვევდა ამ ფიქრ-თამაშის უცნაური, ასე ნათელი, შეურყეველი სისწორე, ულმობელი გარდუვალობა; ამ ფიქრ-თამაშში გაცხადებული იდეის ულმობელი, აუცილებელი, უსასრულო სისწორე ნეტარებით ტანჯავდა...

 გამოხდება წლები და ბატონი რეზი თვარაძე შეუმცდარი ალღოთი ამოიცნობს და ჩვენც დაგვანახვებს ესმა ონიანის ფერწერისა თუ პოეზიის ფენომენს:

 “ესმა ონიანმა დავანახვა რაღაც სასწაულის ძალით როგორ ჩამოდის თითქოსდა ზესთა წყაროებიდან, ზესთა სოფლიდან სული ინდივიდუალური და რა ფერებად, რა ხმებად გარდაისახება ეს სამყარო, ხილული სამყარო ამ სულში და როგორ მოხდება შერწყმა ამ ორი საოცრებისა, ღვთაებრივი და ხილული სამყაროებისა”.

 ხოლო ეს ღვთაებრივი, ჩემი აზრით, სწორედ ისაა ესმა ონიანის ბავშვობის ფიქრ-თამაშში, რასაც “სულ რომ არაფერი არ იყოს!” ჰქვია; ხილული სამყარო კი - “არ შეიძლება, არაფერი არ იყოს!”

 თითქოსდა შორიდან დავიწყე, მაგრამ შეუძლებელია, ესმა ონიანის ფერწერის, გრაფიკის და პოეზიის ალბომი გქონდეს შინ, საწერ მაგიდაზე; ხშირ-ხშირად ათვალიერებდე, კითხულობდე, ეჩვეოდე მის შემოქმედებას – ნახატებს, ლექსებსა თუ ესეებს; მერე 2000 წელს გამოცემული მისი ლექსების, ესეების და წერილების შედარებით სრული კრებულის დაკვირვებით წაიკითხო და – ამის მსგავსი შესავალი არ დაწერო.

 ეს კი ბავშვობის ფიქრ-თამაშის მოგვიანებული პოეტური დასტურია:

 

 არაფერი

 ვუახლოვდებით ასწრაფებით არაფრის ქარებს,

 არაფერი – ყოფნის ყოფნა დაუსაბამო,

 არაფერი – ყოველივე,

 ჩვენთვის – უბრალოდ არაფერი.

 არაფრის ქარი.

 უსასრულობის ულმობლობა დამანთქევარი,

 უსასრულობა უსასრულოდ – აი ეს არი.

 არრა მკვნესარი, არ მგალობელი,

 არ უშფოთველი, არრა ვნებული.

 არაფერი უფუძეოდ დაფუძნებული.

 უსასრულობა უსასრულოდ – აი ეს არი.

 არაფერი – არა რა ფერი

 ჩამომძიმდება წვეთი ჩვენსკენ ჩამოსაწყვეტად, თრთის –

 აფერადდება მოწყვეტილი, ვიშვებ-ვივსებით,

 არაფერი კი უსადინარო ჯიქანივით კვლავ ასწორდება და აგლუვდება.

 

 და თუკი დავინტერესდებით და ვიკითხავთ, რა არის ესმა ონიანის პოეზია, ამის პასუხსაც სარეცენზიო ალბომის წერილების განყოფილებიდან გაგვცემს ავტორი:

 “ყველაფერი ეს კავშირშია სიჩქარე-ინფორმაციის (აქ და ყველგან პოეტური ინფორმაცია იგულისხმება) ურთიერთმიმართებასთან; პოეზიის ეფექტია – მოსაწოდებელი დროის მაქსიმალური შემცირება სიჩქარე-ინფორმაციის მაქსიმალური ზრდის გამო (“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”). ჭეშმარიტ პოეტურ ნაწარმოებში ჩატევა-ინფორმაცია-მიწოდება მოწასოდებელი დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში ხდება, ვიდრე მდარე ხარისხის ნაწარმოებში, სადაც “ტყუილად დახარჯული” დროის დიდ მონაკვეთებზე აქა-იქ გაბნეული მარცვლებია ინფორმაციისა. დიახ, “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” არის ფორმულა პოეზიის ეფექტისა – რაც შეიძლება სწრაფი, თვალმიუდევნებელი გაელვებით, მეტი თქვას, მოიცვას.

 

რაც უფრო სწრაფია - “მიწოდება-ინფორმაცია-ჩატევა” და ამის გამო თითქმის გალეულია “დრო”, მით უფრო ინტუიციურის, ქვეშეცნეულის, ბედნიერ-უცაბედის შთაბეჭდილებას სტოვებს იგი; სიჩქარის ზრდა – დროის შემცირება გადადის უსასრულოდ მიმლევ დროში, რომელშიც ჩატეული შესაბამისად უსასრულოდ გაზრდილი ინფორმაცია სხვა “სიჩქარის” ადამიანში იწვევს შემთხვევითის, ინტუიციურად მიგნებულის შთაბეჭდილებას” (ესმა ონიანის წერილიდან “ფიქრები პოეზიაზე”).

 ამავე წერილში, სადაც ავტორი თავისი შემოქმედებითი პრაქტიკიდან მიდის თეორიულ დასკვნებამდე და არავითარ შემთხვევაში პირიქით, პოეტური ნაწარმოების “ქმნადობის” სამგვარ პროცესს გამოყოფს:

 “1. შიდა-სისწრაფე-ქვეცნობიერის უბრალო მიყოლა-ფიქსირება გარეთა მაორგანიზებელ სიჩქარესთან შეუღვრელად არის ნაკადი, უფორმობა.

 2. გარეთა განსჯითი, გაუნაზებელ-ნელი სიჩქარის მიერ `მოთხრობილი~ შიდა სისწრაფე გვაძლევს შედეგად იმ მიზანდასახულ, ცივ `ნაკეთობებს~, რომლებიც თავისი მკვდარი ხმით, უსინათლო ყინულ-თვალებით, განზრახ ბრძნულ-ტანჯულად შეჭმუხვნილი შუბლით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათ ასდით გულ-ღვიძლისმიერი სისხლ-ოხშივარი; ხოლო მკვდრის შემოსვა საქორწილო ტანსაცმლით, ვერაფრით ვერ გვაჯერებს იმაში, რომ ის სიცოცხლით, ვნებით და სიყვარულით სავსეა.

 3. თუ გაფაქიზებული, უაღრესად ასწრაფებული გარეთა სიჩქარე დაეწევა და დროის თითქმის არარსებულ მონაკვეთში შეეღვრება შიდა-სიჩქრეს, მაშინ ვიღებთ არც ქაოსსა და არც ცივ გაქვავებას, არამედ იბადება სრულქმნილება, რომელიც უსასტიკეს, გამძაფრებულ წინააღმდეგობათა მოგალობე მთელია.

 

ასეთ ნაწარმოებებში სიღრმე-სირთულე იმდენად შეფარულია ამ სრულქმნის წყალობით, რომ “ქვეცნობიერის” სიღრმეებში “წვდომის” ნიღბით მოქმედ პოეთტა უხეშ, მორახუნე “სირთულეს” ყურმიჩვეული შემფასებელი ვერასგზით ვერ გაიგონებს მას; ანდა გაუაზრებელ შემთხვევითობა-შთაგონებად (აქედან შთაგონებაზე მათი საოცრად მცდარი წარმოდგენა) მიიღებს მას”.

 თუკი ამ პასაჟებმა ვერ დაარწმუნა მკითხველი, რომ ესმა ონიანი ბრწყინვალე ესეისტიც არის, ამდენი ციტირების გამო ბოდიშის მოხდით (არაფა, უკეთესად როგორ გინდა, რომ თქვა!), კიდევ ერთ ადგილს მოვიყვან მისი წერილიდან - “მუსიკა, პოეზია, ფერწერა”:

 “ჭეშმარიტი ფერწერის შემთხვევაში დრო ამოქმედებულია მისი (ფერწერის) სიძლიერის სიღრმეში ჩამთრევი უნარით; მისი ეფექტი უსასრულოდ სვლადია სიღრმეში, როგორც ყოველი დარგის ჭეშმარიტი ნაწარმოებისა. მაგრამ ფერწერის შემთხვევაში ეს არის ფიზიკურად ერთბაშად ხილული გამუდმებული სვლა სიმთლიანიდან ნაწილთა სიღრმისკენ და პირიქით; ეს არის გამუდმებული ხილული მომენტი მთელის ნაწილებად და ნაწილების მთელად გადაღვრა-გადმოღვრისა, ეს არის ნეტარება მთელის მთელად გამუდმებული აღმოცენებისა, - ამ აღმოცენების გამუდმებული დანახვის შესაძლებლობისა აღქმა-სინათლის უჩქარესი გზით”.

 ესმა ონიანის პერსონალური გამოფენის ნახვის შემდეგ, რომელსაც თავად მხატვარი ვეღარ მოესწრო, იორგ ა. ჰენლე იტყვის:

 “მნახველი მიჩვეულია იმას, რომ აკვირდება მხატვრის თანმიმდევრულ ევოლუციას; აქ კი ის ხვდება ხელოვანს, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივ წესებს და კანონებს და, მისი რაიმე ჩარჩოებშო მოქცევა შეუძლებელია; ხელოვანს, რომელიც ყველაფერს ფლობს უბადლოდ, მაგრამ არ ემორჩილება კლასიფიკაციას.

 

ამდენად, საგამოფენო დარბაძში სიარული ბუნებაში გასეირნებას ჰგავდა: მრავალფეროვნება ნაცვლად “წესრიგისა”.

 და რაც კარგად შეიგრძნო აქ ნახსენებმა ფერწერის დამფასებელმა, სწორედ იმაზე ესმა ონიანს უკვე გაცემული აქვს პასუხი:

 “ჭეშმარიტი ნაწარმოების კანონზომიერებაა ისეთი, რომ ის ყველა დროში გამძლეა და მისი “პირადი” სრულყოფილება, როგორც ჩაკეტილი ირგვლივ გალავანში, მოიცავს ყოველივეს, რაც საჭიროა მისი მარადიულობისათვის: ის, რომ დროის ფაქტორი ვერავითარ როლს ვერ თამაშობს უკეთესობა-უარესობაში; ნამდვილები ზემოთ აღმავალ ხაზს კი არ ქმნიან, არამედ ხეივანს. ნამდვილობის ხეივანში დრო მკვდარია და მუდმივი სიცოცხლე სუფევს”.

 ღრმად თუ დავაკვირდებით ფერწერული ამოცანების დასმისა და გადაწყვეტის ესმა ონიანისეულ მიდგომას, შეიძლება დავასკვნათ, რომ თავისი შინაგანი ალალ-მართლობით, საგანთა თუ მოვლენათა არსის (და არა აღწერის!) გადმოცემის განუმეორებელი კულტურით ეს დიდი შემოქმედი (როგორც პოეტი და როგორც მხატვარი) ნიკო ფიროსმანაშვილის გზის ორიგინალური და თავისთავადი გამგრძელებელია (და არა ეპიგონი!).

 ერთ სალაღობო ლექსში (“მეფე ვახუშტის ჰყავდა ნაცნობი...”), სადაც მეფე მოპატიჟეებს მიუგზავნის თავის ნაცნობ ქალს, ესმას, დაპატიჟებული ასეთ პასუხს შეუთვლის მეფეს: `მეფეებთანაც კი ვაგვიანებ, აი, ვინა ვარ ქალი ესმაო~.

 და მართლაც, ესმა ონიანი ის შემოქმედი იყო, ვისაც თავისუფლად შეეძლო მეფეებთანაც კი დაეგვიანებინა, ხოლო ახლა კი, როცა შემოქმედი ამქვეყნად აღარ არის, ეს ალბომი სწორედ ისეთი ხელი-ხელ საგოგმანებია, ისე აღვსილა მხატვრის სულით – ნახატები იქნება, ლექსები თუ ესეები (სადაც მან თავისი ბავშვობის ფიქრ-თამაშის - “სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო!”, “არ შეიძლება, რომ არაფერი არ იყოს...” - ხორცშეხმა მოახერხა), ისე ახლოსაა სრულქმნილებასთან, რომ მასაც, ამ ალბომსაც შეუძლია მეფეებთანაც კი დაიგვიანოს...

 ეს ესმა ონიანის ბავშვობისდროინდელი ფიქრი-თამაში იყო.

 “სულ რომ არაფერი არ იყოს”, - ფიქრი ჩაიხვეოდა შიგნით შუბლში თუ უკან, სადღაც, თავის ფუძესთან და...

 

 

 მინაწერი:

 ესმა ონიანის ნამუშევრების თვალიერება-კითხვისას, დავიჯერო, ტყუილად მახსენდება ხოლმე ერთი ადგილი ტანის ეპოქაში მცხოვრები პოეტისა და მხატვრის ვან ვეის, იგივე მო-ძეს (701-761 წ.წ.) ტრაქტატიდან “ფერწერის საიდუმლოებები”:

 “როცა ხელი ფუნჯებსა და ტუშს მიმართავს, ისეც მოხდება ხოლმე, რომ ეს ხელი დავიწყებაში დახეტიალობს და თამაშობს... ხოლო წლები მთვარის მიღმა მიდიან, მარადისობისკენ. და ფუნჯიც მოუხელთებელ საიდუმლოთა საძებნელად უნდა წავიდეს”.

 

 -----------------------------------------

 

 ესმა ონიანმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სისიტემატურად მონაწილეობდა საკავშირო, ამიერკავკასიის მხატვართა , რესპუბლიკურ და საშემოდგომო, საგაზაფხულო გამოფენებში. მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ლატვიაში და იაპონიაში, სადაც ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით. პარალელურად სისტემატურად წერდა ლექსებს. 1978 წელს მოეწყო მისი ლექსების პირველი კრებულის გარჩევა სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 ესმა ონიანი 1999 წლის 31 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

 

 

 

 ესმა ონიანი ძირითადად პორტრეტებზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ რთული ჟანრია მხატვრობაში, თუმცა მისი ყველა პორტრეტი, სახის ყველა დეტალი თუ შტრიხი ესმა ონიანის დიდ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. ნახატებში დომინირებს წითელი და ვარდისფერი ფერები. მის შემოქმედებას საზოგადოება მაინც "დავით კაკაბაძის" პორტრეტიდან იცნობს, რომელმაც 1982 წელს მიიღო მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის.

 

 ესმა ონიანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მისი ოჯახის წევრების, დედის, დისა და მამის პორტრეტებს..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მოსულიშვილი მიხო / ნამდვილობის ხეივანი, ანუ ალბომი, რომელიც მეფეებთანაც..