მოსულიშვილი მიხო

ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა

 

 

 

არა მაშინდელი საქარველოს სხვადასხვა მხარეში მორჭმით განრთხმულ-გაწოლილ ტბებთან, შიგ სარკესავით რომ იცქირებიან ხოლმე დღისით მზე და ღამით მთვარე-ვარსკვლავები და როგორებიცაა – გელაქუნისა, იგივ გოქჩისა; პალიასტომისა, შავს ზღვას რომ ერთვის ვიწრო რამ სრუტით; თავფარავნისა, შეყვარებული ჭაბუკი ვინმე რომ გადასცურავდა ხოლმე; კალმახით სავსე საღამოსი და ტაბაწყურისა; ჟამურისა, საიდანაც ქსანი მოედინება; ჩრდილისა, მაღრანდოლეთისა, მადათაფისა, ხანჩალისა, ხოზაფინისა, ლილოსი, კუმისისა, ხანჯლისა, ჭანდარისა, მადისა, ყელისა, რიწისა, ამტყელისა, ლისისა, კუსი, ერწოსი, - არამედ სწორედ ბაზალეთის ტბასთან, ქრისტეს შობიდან 1626 წელს ქართველი ქართველის წინააღმდეგ აღდგება.

 

 ბაზალეთის ტბასთან, თავსხმა წვიმაში მეფე თეიმურაზ პირველის ჯარი იმ კაცის ლაშქარს შეებმება, რომელიც "არც ავად არის ჩვენს მიერ დაფასებული და არც კარგადა" - როგორც პოეტი ბრძანებს.

 

 მეფის მხარეს იბრძვიან ქართლ-კახელი დიდგვაროვნები, თავ-თავიანთი მხედრობით და ყიზილბაშებიც ეხმარებიან.

 

 "არც ავ, არც კარგ" სააკაძისკენ კი იმერელი უფლისწულის ალექსანდრეს სპანი და ოსმალო მოლაშქრეები.

 

 აქ ისეთი ომი გაიმართება, რომ შემდეგში ვერც ერთი ვაი-პატრიოტი, ეროვნული გრძნობით მოთამაშე მჯღაბნელი ვერ დასთხზავს, თუ როგორ გამოჰკიდებია ერთი ხრმლიანი ქართველი ათ დაზაფრულ თათარს...

 

 ერთმანეთში აირევიან – ჯავშანნი და ხუფთნი, საბარკლულნი და სამკლავენი, მუზარადნი და ჩაბალახნი, ფარნი და ხრმალნი – ოდნავ მოდრეკილნიცა და ნახევარმთვარისებურნიც, პოლოტიკნი და ჩუგლუგნი, შუბნი და ჰოროლნი, ქეიბურნი და ქიბორჯნი; მშვილდები და კაპარჭები, თურქი და სპარსი, ქართლელი და კახელი, იმერელი და ფხოველი; ნაირ-ნაირი ბედაურები – ახტა და ხრდალი, შუბლვარსკვლავა და ფეხკავშა - ამლაკი, სისვი, ყომრალი, ლურჯა, წაბლა, ზერდაგი, რასხი, მრეში, ვეჟანა, ქურანა, ნისლა, ყვიჟილა, რუხა, მურა ინდუშა, თრთვილა, აბრაშა, სარია, თაფლა...

 

 გიორგი სააკაძე აღნაგობით თავის მსგავს დაუთბეგ გოგორიშვილს თავისივე ჯაჭვს გადააცმევს და ბრძოლაში შეაგზავნის.

 

 შეცდება თავისი ყმებით ჩასაფრებული ედიშა ვაჩნაძე, ეს ჯაჭვიანი მხედარი საქართველოს ამწეწ-გადამრევი დიდი მოურავი ეგონება და თავისიანებს შეუძახებს, ყიჟინით მიეტევება.

 

 ხრმალს შემართავს დაუთბეგი, წინაუკმოდ დაიფრენს მტერს.

 

 წინ წაიწევს მერე, მეფეს ეძებს, იპოვის, მიუხტება და შეებრძოლება.

 

 გაუჭირდება თეიმურაზს.

 

 ვიღაც კობაისძე წამოეშველება, გვერდიდან შეუტევს გოგორიშვილს, თუმცა ის ჩაუქი და მკვირცხლი გამოდგება, იგერიებს ამ შეტევას.

 

 "მოურავო, აგრე მაგრად რად დგახარა!" - ახლა მეორე მხრიდან მიეტევება ზურაბ ერისთავი და ბარძაყზე დაჰკრავს ხრმალს. ცხენიდან გადავარდნილ გოგორიშვილს თეიმურაზისები მიესევიან...

 

 ახლა უკვე იცის, თავისი ჯერია და მრისხანე მოურავი ფიცხლად შეიჭრება ომში – ღონივრად ჰკაფავს მარჯვნივ და მარცხნივ.

 

 კვლავაც თავის კახელთ შეეხმიანება ედიშა ვაჩნაძე, მიუხტება და ხრმალთა კვეთება-ფარიკაობით გართულ სააკაძეს შუბს აძგერებს, რკინის სამკერდულზე რომ დაიმსხვრევა და უმალ, ვიდრე იმ ბედითი შუბის ნატეხები ძირს დაცვივა, გიორგის ხრმალი შუაზე გადაუჩეხავს უმუზარადო თავს.

 

 

 

 მერე მოურავი გარსმოხვეულ მეომრებს იფრენს და მეფისკენ გააჭენებს ბედაურს...

 

 ავი, დუხჭირი და ბედკრული ხანაა მაშინდელ საქართველოშიც.

 

 იმდროინდელი ჟამიანობის ახლოდან გასაჩხრეკად ერთ ძველ ხელნაწერშიც შეიძლება ჩავიხედოთ: "საქართველოს დარბაისელნი: მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი, - ესენიც ერთმანეთის მტერნი და მოქიშპენი იყვნენ; არცა ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა და, ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერცარას უზავდნენ, ვერცარას სხვა მტერი წაართმევდა რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არ მოჰკლებიან და არც მოუშლიათ".

 

 დარბაისელნი ხომ ვნახეთ, ახლა სხვებსაც შევხედოთ, არადარბაისელთ: "ადვილ დამჯერებელნი სიტყვათა და მალე გამდრეკნი ჟამსა შემთხვეულებისა რაისამე ზედა; მიმბაძავნი სხვათა ქვეყანისა კაცთა ყოფაქცევისა და ტანისამოსისა; მეცადინენი და მჩემებელნი სწავლათა, და დიდად მახვილ-გონებიანნი, საქვეყნო სარგებელთა არა მძიებელნი, ოღონდ თვით ირგოს რაიმე; თვისთა უფროსთა მალე უარმყოფელნი გამორჩომისა მიზეზისა გამო, და ამასთან მეშურნენი და მბეზღებელნი ერთი მეორისა მეუფროსისადმი თვისისა, ჭორისა და ცუდ-მოთქმის მოყვარენი, და ცუდის საქმისა ამყოლნი და თავხედნიცა; გარნა კეთილის-მყოფელთაცა ეცდებიან ნაცვალ-გებასა".

 

 აი, ასე და ამრიგადაა ვითარებანი და გარემოებანი – ვაი, რომ არცთუ სახარბიელოდ.

 

 ჰოდა, თავსხმა წვიმაა.

 

 როგორც მემატიანე იტყვის, ბაზალეთის ტბასთან ძლიერად "შენივთებულა" ომი.

 

 ერთმანეთში არეულა: ხრმალთა კვეთების, ფართა ფარების ჩახა-ჩუხი, ბეგთარ-მუზარადთა ბჟღრიალი, ქეიბურ-ქიბირჯთა წივილი, ჩუგლუგ-ჰოროლთა შხუილი, მეომართა ხაფი ღრიალი და ხავილი, ბედაურთა ჭიხვინ-ხვიხვინი, დაჭრილთა კვნესა და მომაკვდავთა გმინვა.

 

 და ჟლეტენ და სრავენ ერთმანეთს "ახოვანნი", "მამაცობითა კარგნი და მტერთა შემმართებელნი", "წყობათა შინა სახელოვანი" თვისტომნი, თუკი ყიზილბაშ-ოსმალებს არ ჩავაგდებთ ანგარიშში – იმათ თავიანთი ინტერესი აქვთ.

 

 ტალახში იზილება: კაცთა თმა-წვერი, სისხლი, მხართაგან წასხეპილი თავები, ცხენის ფლოქვებისაგან დათრგუნული დაჭრილნი...

 

 მეფისკენ მიჰქრის მზვაობარი მხედარი – უებრო მეომარი, სვიანი სარდალი, ცბიერ შაჰ-აბასს რომ მიუდგა, აჰყვა, კაი ხანს სდია, მეტოქენი ჩამოიცილა გზიდან, დაუახლოვდა, ბოლოს კი უგანა – მარტყოფის ომი ხომ მოუგო, მარაბდისაც – თითქმის და თავისივე ხელით რამდენჯერმე დაწიოკებული კახეთის ხსნა პაატას მოჭრილ თავად რომ დაუჯდა... ორჯერ გაამეფა თეიმურაზი, იმან კვლავაც შაჰისკენ აიღო გეზი, იმის მაგიერ, რომ მას დაუგდოს ყური და ოსმალეთისკენ გადაიხაროს. ამიტომ უპირებს ტახტიდან ჩამოგდებას...

 

 "მერმე მოვიდა მოურავი, ჰკრა ბატონს თეიმურაზს ლახტი ბეჭსა ზედა, არღარა დადგა და წავიდა", - გვეტყვის ვახუშტი.

 

 წახდება სააკაძე, ვეღარ აღმართავს მეფეზე ხელს, ხრმლის მაგიერ ლახტსღა გადაჰკრავს ბეჭზე და წავა, ოსმალეთს გაიქცევა, გაიქცევა და იქაც წაიქცევა, ხონთქარის სამეფო კარის რთულ ხვანჯებში გაიხლართება და სამი წლის შემდეგ იმისი თავიც დაგორდება ჰალაბ-ქალაქის მტვრიან შარაზე.

 

სხვათა შორის, მისი მტერ-მოყვარე შაჰ-აბასიც იმავე წელს მიიცვლება...

 

 მას შემდეგ მწუხარე ტბაა ბაზალეთის ტბა, იმისი ნახვა თუ ხსენება ყოველი გულშემატკივარი ქართველის სულში წამოშლის ხოლმე სისხლიან სურათებს გათიშული, განაპირებული, გაღმითურ-გამოღმითური, ხიდჩატეხილი თვისტომების მიერ ერთიმეორის ულმობელი ჟლეტისა თუ მოსვრისა...

 

 და ასე იქნება მანამ, ვიდრე 1883 წლის 14 ივლისი არ დადგება.

 

 ამ გამოჩინებულ დღეს პოეტის დალოცვილი მარჯვენით იწერება ლექსი – არა მაშინდელი საქარველოს სხვადასხვა მხარეში მორჭმით განრთხმულ-გაწოლილ ტბებზე, შიგ სარკესავით რომ იცქირებიან ხოლმე დღისით მზე და ღამით მთვარე-ვარსკვლავები და როგორებიცაა – გელაქუნისა, იგივ გოქჩისა; პალიასტომისა, შავს ზღვას რომ ერთვის ვიწრო რამ სრუტით; თავფარავნისა, შეყვარებული ჭაბუკი ვინმე რომ გადასცურავდა ხოლმე; კალმახით სავსე საღამოსი და ტაბაწყურისა; ჟამურისა, საიდანაც ქსანი მოედინება; ჩრდილისა, მაღრანდოლეთისა, მადათაფისა, ხანჩალისა, ხოზაფინისა, ლილოსი, კუმისისა, ხანჯლისა, ჭანდარისა, მადისა, ყელისა, რიწისა, ამტყელისა, ლისისა, კუსი, ერწოსი, - არამედ მაინცდამაინც ბაზალეთის ტბაზე.

 

 თურმე, ბატონებო, ბაზალეტის ტბის ძირას მარადმწვანე წალკოტია, რომელმაც მზიანი ჩრდილები იცის და იმა წალკოტის შუაგულში ოქროს აკვანი ასვენია. იქ ჯერ კაცთაგანი ვერ ჩასულა, მხოლოდ სირინოზები ეხვევიან გარს ოქროს აკვანს, დასტირიან და დამღერიან.

 

 თურმე, ეს აკვანი აქ თამარ დედოფალს ჩაუდგამს, ხოლო ერს კი თავისი ნადენი ცრემლით ტბა კარვად გადაუხურავს.

 

 ის კი არავინ უწყის, თუ ვინ ჩააწვინა ამ აკვანში თამარ დედოფალმა, ან ერმა თავისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაახურა.

 

 იქნებ, ბატონებო, იმ აკვანში ის ყრმა წევს, ვისაც მუდამ ნატრულობს ჩუმი ნატვრით ქართველი?

 

 თუკი აგრეა, ნეტავ იმ სახელოვან ვაჟკაცს, ვისი ხელიც პირველად დასწვდება იმ ოქროს აკვანს!

 

 თუკი აგრეა, ნეტავ იმ დედას, ვინც იმ ყრმას მიაწვდის მადლით ცხებულ ძუძუს!

 

 აი, ამგვარ ლექსს დაწერს პოეტი 1883 წლის 14 ივლისს და სწორედ ამ ნათელი დღის შემდეგ ბაზალეთის ტბის ნახვას, თუნდაც გახსენებას შინაომით აშლილი სამშობლოს სისხლიანი სურათები კი აღარ ჩაეხვევა და სულს ჩამოგვიჟამავს, არამედ სწორედ ეს თამარდედოფლისეული ოქროს აკვანი გაგვინათებს, აგვამაღლებს, გაამთლიანებს ჩატეხილ ხიდს და გაღმითურ-გამოღმითურ ქართველობას დაუკავშირებს ერთმანეთს...

 

 ოღონდ, ამ ლექსის ავტორს ნუ ვიკითხავთ, ამ ლექსის ავტორი ყველამ უნდა ვიცოდეთ და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იმისი მკვლელობა ზურგიდან ჩაცემული ხანჯალი იყო ქართველი ერის გულში და წლების შემდეგ დაინტერესებულ გოგლა ლეონიძეს საგურამოელები ამასაც ეტყვიან:

 

 "ბაზალეტის ტბის" შემთხზველი პოეტის მკვლელობის წლისთავზე ზედაზენის ტყეში მონადირეთაგან დაჭრილი ქორბუდა ირემი "ბარად ჩამოვადრება" და წიწამურში, ზედ იმის მკვლელობის ადგილას ტანჯვა-წვალებით, სისხლის წვეთვა-წვეთვით მიღწეული და ჩაჩოქილი ერთხელაც, უკვე საბოლოოდ, შეჰბღავლებს ზეცას და ასე დალევს სულს..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მოსულიშვილი მიხო / ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა