მოსულიშვილი მიხო

უფლის აგარაკი

 

 

(ესე ქართველთა მასობრივ სიმბოლოზე)

 

 დიპლომატიური აკადემიის თვრამეტი წლის სტუდენტს, დიდ ბრიტანეთში რამდენჯერმე რომ არის ნამყოფი და, იქაური და აქაური ცხოვრების შეპირისპირების საშუალება მისცემია, ვთხოვე, ქართველების ეროვნული სიმბოლო დაესახელებინა, ისეთი კი არა, როგორიც თავად ქართველებს აურჩევიათ – ალბათ, გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგი – არამედ ისეთი სიმბოლო, რომელიც უხილავად არსებობს ჩვენს ფიქრებში, ოცნებებსა თუ საქმეებში, სულ თან გვდევს თუ ჩვენ დავდევთ და, თანაც ყველას მიესადაგება.

 

 კარგა ხნის ფიქრის შემდეგ იმ სტუდენტმა მითხრა, რომ ამგვარი სიმბოლო ვერ მოუფიქრებია, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, ამ ჩვენ დუხჭირ და დაჩაჩანაკებულ ცხოვრების სურათებს თუ დავუკვირდებით, ეს სიმბოლო ვერაფრით იქნება რაღაც ღირსეული...

 

 ესე იგი, ჩვენი მასობრივი სიმბოლო, თუკი გაგვაჩნია, ღირსეულად უნდა გვეჩვენებოდეს, მაგრამ სინამდვილეში არ უნდა იყოს ღისეული, რაკი ასეთი ბეკდრული გაუხდია ჩვენი ცხოვრება.

 

 მაინც რა უნდა იყოს ეს მასობრივი სიმბოლო?

 

 ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო ხელშესახები და ჭკუის მისადევნებელი "უფლის აგარაკის" სიმბოლო მეჩვენება.

 

 ქართველი რომ ამ ქვეყანას მოევლინება და ენას ამოიდგამს, ოჯახის წამოზრდილი წევრები სწორედ ამ ქარიზმატული მითით გაუმასპინძლდებიან ხოლმე.

 

 თურმე, არიგებს ღმერთი მიწებს, ყველა ერი მიდის უფალთან, საცხოვრებელს იღებენ და სახლდებიან დედამიწაზე.

 

 ამასობაში ამ ჩვენს ქართველებს გაუშლიათ სუფრა, თამადაც აურჩევიათ და ქეიფობენ, სულ ალავერდებს გადადიან ერთი მეორესთან, ლხინობენ და ლაღობენ, მხიარულობენ და მიწებს რომ არიგებს ღმერთი, აღარ ახსენდებათ.

 

 ჰოდა, უფალი კიდევ არიგებს და არიგებს მიწებს, და ეს მესუფრე ქართველები უმიწოდ რჩებიან, - აბა, კაი სუფრაზე რომ ზიხარ, იქ მიწა რა მოსატანია.

 

 და ბავშვი რომ წუხს, ქართველები უმიწოდ არ დარჩნენო, მთხრობელი განაგრძობს – ჩამოარიგა უფალმა მთელი დედამიწის ალაგები და რომ იფიქრა, მოვათავე საქმეო, სწორედ მაშინ გამოეცხადნენ არაფხიზელ მგდომარეობაში მყოფი ქართველები – მიწა მაინც ხომ გვინდა საცხოვრებლად და რამე გვიბოძე, შენი კვნესა ჩვენო.

 

 და განრისხდა, თურმე, უფალი, რომ - აბა-და, სად იყავით აქამდეო? სადაო? უკვე ყველა მიწები ჩამოვარიგე. ვინც მოვიდა და მთხოვა, ყველას მივუბოძე და აღარაფერი დამრჩა, რაღა მოგცეთო!

 

 იქნება სადმე რამე მაინც იყოსო, რა.

 

 არაო, არაფერი აღარ არისო, დარიგებულია სულო. - და აქ უფრორე განრისხებულა უფალი – რომ ვარიგებდი, მაშინ სად-რას იყავით, რატომ დროზე არ მოხვედით, რატომაო!

 

 სუფრაზე ვისხედით, შენი ჭირი ჩვენ, და შენს სადღეგრძელოს ვსვამდითო.

 

 ჩემსასაო?

 

 ჰო, შენი ოხვრა ჩვენ, სულ დიდი ყანწებითა ვსვამდით.

 

ვეებერთელა, უშველებელი ყანწებითაო.

 

 და ჩაფიქრებულა ღმერთი, თანაც ამ ჩვენს მოქეიფე ქართველებს შეუტყვიათ, რომ ჭკვაში მოსვლია ეს ბოლო ნათქვამი, სულ ყანწებით რომ უსვამთ იმისი სადღეგრძელო და, მართლა ჩემს სადღეგრძელოს სვამდითო? - კიდევ დაუზუსტებია.

 

 მართლა, მართლაო.

 

 და კარგი მაშინო, ერთი სამოთხე ალაგი ჩემთვის მქონდა აგარაკად შემონახული, მაგრამ რახან ჩემი სადღეგრძელო უზამაზარი ყანწებით გისვამთ, თავი არ დაგიზოგავთ, წადით და იმ ჩემს სამოთხეში დასახლდით ორ ზღვას შუაო.

 

 ჰოდა, წავიდნენ ეს ჩვენი ქართველები და იმ სამოთხე ალაგას დასახლდნენ ორ ზღვას შუაო, - ამგვარად დაასრულებს თავმომწონე მთხრობელი ჩვენში მასობრივად გავრცელებულ ამ ზეპირგადმოცემას თუ თქმულებას და გახარებული ბავშვიც შვებით ამოისუნთქავს, - მაინც შეხვედრიათ მიწა ქეიფის მოყვარულ მის წინაპრებს. მიწა კი არა, უფლის აგარაკი.

 

 "უფლის აგარაკი" - აი, ეს მითი თუ ლეგენდა გამოჰყვება დაბადებიდან ქართველს და ასაკის მომატების კვალობაზე თავისი მომლხენი წინაპრებივით იწყებს ცხოვრებას. ცხოვრებას კი არა, სუფრაზე ყოფნას. რადგან ცხოვრება მისთვის გაშლილი სუფრაა, თავისი სუფრის წევრებით, თამადით და ალავერდებით.

 

 ჰოდა, უფრო ხშირად ჩვენებურს სუფრაზე ჰგონია თავი, რასაც უნდა აკეთებდეს, იქაც სუფრა გამოელანდება და ისეთ ქართველს რა ვუთხარი, თამადობაზე რომ არ ოცნებობდეს ძილში თუ ცხადში.

 

სუფრა, გაშლილი სუფრა მისთვის თავისებური ხსოვნაა იმ მითის სუფრისა, რომლიც ზემოთ გიამბეთ. იმ მითის სუფრა კი ერთგვარი მოდიფიკაციაა სახარებისეული დაპირებისა, ასე ვთქვათ, ქართული სამოთხე.

 

 აბა, დავაკვირდეთ:

 

 რა სწყინს ქართველს ყველაზე მეტად?

 

 სუფრაზე მისი სადღეგრძელო თუ გამორჩა თამადას.

 

 რა ენატრება ქართველს ყველაზე მეტად?

 

 კარგ სუფრაზე მოხვედრა და თუკი თამადაც იქნება, ამას რაღა აჯობებს.

 

 რაღა ბევრი გავაგრძელო, ის სამოთხის სუფრა დაუფლებია ქართველის წარმოსახვას, სიზმარსა თუ ცხადს. იცის, რომ თამადა ბევრ სიცრუეს ამბობს მისი დღეგრძელობისას, მაგრამ ის ტყუილებიც მოსწონს – აი, თურმე, რა კარგი ყოფილა. აკი, რაც კარგები ვართ, სულ ქართველები ვართ.

 

 შარშან, საქართველოს ფეხბურთელთა გუნდმა რუსეთის ნაკრები რომ დაამარცხა, ერთბაშად გაკვირვებულ და თან გაცხრებულ რუს კომენტატორს სიმართლე წამოცდა:

 

 "ქართველებს ყოველთვის ჰყავდათ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი არ ჰყოლიათ და საკვირველია პირდაპირ, რომ სწორედ დღეს, რამდენჯერმე ქათველების გუნდი ვიხილეთო".

 

 ჩვენ ფეხბურთი მთლად ფეხბურთი კი არა, ცოტა სუფრაც გვგონია. ბურთის მიმღები ფეხბურთელი ხომ იმავწამს თამადად იქცევა, მერე რა, რომ თამაშის და არა სუფრის, მაინც თამადაა და სანამ სადღეგრძელოს არ იტყვის, ანუ რამდენიმე ფეხბურთელს არ მოატყუებს, ალავერდს, უკაცრავად, პასს არ გადავა არავისთან.

 

 ცნობილი მეცენატი და მრეწველი დავით სარაჯიშვილი ჯერ კიდევ იმ საუკუნის დასაწყისში ამბობდა:

 

 "ჩვენ მერმისი არა გვაქვს. შენ ამბობ (მიმართავს ნოე ჟორდანიას, რომელიც თავის დროზე იტალიას მიავლინა იქაური კოოპერაციის შესასწავლად და აქ გადმოსანერგად; ისე, კი აჯობებდა, მართლა ესწავლა ეს კოოპერაცია! - ავტორი), წვრილი ბურჟუაზია მსხვილს წარმოშობსო, მე კი ამას ვერ ვხედავ; ამისთვის საჭიროა სამოქალაქო კულტურა, ჩვენ კი სოფლელები ვართ; ჩვენებური წვრილი ვაჭრების მიზანია ორიოდე გროში იშოვოს, ჩერქეზულად ჩაიცვას, ლეკური და ხანჯალი დაიკიდოს, "კნიაზი" გახდეს და თავისი მეზობლები ფულის ხარჯვით გააკვირვოს.

 

სომხის მიზანი სულ სხვაა. ის ფულს ფულზე აწებებს, რომ ერთ დროს "კუპეცი" შეიქმნას, კლუბში ჩაეწეროს, ხმოსნად გავიდეს – ერთი სიტყვით, მოქალაქედ გადაიქცეს".

 

 აჰა, ბიზნესშიც კნიაზობა გვსურდა მაშინაც და ახლაც.

 

 

 

 კნიაზობა კიდევ ამ ცხოვრების თამადობა არ არის?

 

 დავაკვირდეთ ჩვენს ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებს. გნებავთ მერუსეთეებს; თუ გსურთ, ადგილობრივ ფუნდამენტალისტებს ანდა სულაც მედასავლეთე-გლობალისტებს. სამივე კატეგორიის "პოლიტიკოსიდან" რომელიც გინდა ავიღოთ, პარლამენტის ტრიბუნასთან, ან უარეს შემთხვევაში, მიკროფონთან რომ მოხვდება, პარლამენტის მიკროფონი იქნება თუ სკანდალური სატელევიზიო გადაცემისა, მაშინვე სადღეგრძელოს თქმას იწყებს, უყანწო და უღვინისჭიქო სადღეგრძელოსი; თანაც დარწმუნებულია, რომ მისი "სუფრის" ფასეულობები გაცილებით სჯობს მოპირდაპირეთა "სუფრებზე" დაწყობილ "ხორაგეულს". მოკლედ, ქართველისთვის, როგორც არ უნდა თანამედროვე პოლიტიკოსად მოჰქონდეს თავი, პოლიტიკა მთლად პოლიტიკა არ არის, ცოტათი სუფრაცაა. შეიძლება, ცოტათი კი არა, გაცილებით მეტად.

 

 თუ წარმოგიდგენიათ საკუთარი სამუშაოს პატივისცემით და უდიდესი პასუხისმგებლობით გამსჭვალული ისეთი ქართველი მწერალი, რომელიც თომას მანივით კოსტიუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი მიუჯდება საწერ მაგიდას ყოველ დილით, საუზმის შემდეგ და, როგორც წესი, სადილობამდე ანდა სულაც ვახშმობამდე იმუშავებს? თანაც ცოტა ხნით კი არა, ლამის ყოველდღიურად?

 

 ისე, კოსტუმის და ჰალსტუხის რა მოგახსენოთ, მაგრამ თანამედროვე ამერიკელ მწერალ სტივენ კინგსაც რომ წელიწადში მხოლოდ სამი დღე – საშობაოდ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და დაბადების დღეს - აქვს დასვენება, ამასწინათ წავიკითხე ინტერნეტში...

 

 რატომ უნდა მაშინებდეს ხოლმე ჩემი შვილის ჯგუფში რამდენიმე ისეთი ლექტორის შესვლა, რომელთა ლექციებიც სხვა არაფერია, თუ არა თამადობა და დაუმთავრებელი ავტოსადღეგრძელოები?

 

 ამ რამდენიმე მაგალითის მოხმობით იმის ნათელყოფა მაქვს განზრახული, რომ წარსულის თუ თანამედროვე, უფრო სწორად, მარადიული ქართველი რეალურ მიწიერ ყოფას – დაბადებას, ბავშვობას, სწავლას, დაკაცებას, შრომას, სიყვარულს, ოჯახს, ნათესაობას, მტრობას, სიბერეს, სიკვდილს და ყველაფერს, რისი ჩამოთვლაც გამომრჩა, უყურებს როგორც სუფრას, როგორც ხსოვნას იმ მითიური სუფრისა და ქეიფისა, როცა ღმერთი მიწებს არიგებდა.

 

უფრო სწორად, ახლაც არიგებს, რადგან ახლაც იმ დროში ვცხოვრობთ.

 

 ქართველს შინაგანად სწამს, რომ თავად იქეიფებს, მოილხენს, სულ ალავერდებს გადავა, სიცრუის კორიანტელში გახვევს თანამესუფრეს, ისეთ სადღეგრძელოებს იტყვის, (იქნებ თამადობამაც მოუწიოს, თამადა თუ დაათრო!), ქუდს ჭერსა ჰკრავს, ისე მოილხენს.

 

 დიდი ამბავი, თუკი ამასობაში ღმერთი მიწებს არიგებს. არიგებს და დაარიგოს, მიწა სუფრასთან რა მოსატანია.

 

 ნამდვილ თუ წარმოსახვით სუფრასთან მყოფი, შეჭიკჭიკებული და თავქარიანი, მარადიული ქართველი დარწმუნებულია, რომ სანამ უფალი მიწებს დაარიგებდეს, თავად კარგადაც იქეიფებს და თანაც მთლად ისე როგორ იქნება, რომ ღმერთმა ერთი სამოთხე-ალაგი არ დაიტოვოს თავისთვის აგარაკად.

 

 დაიტოვებს, აუცილებლად დაიტოვებს, ყოველმიზეზგარეშე შემოინახავს კარგ მიწას და მთვრალი ქართველები რომ გამოეცხადებიან...

 

 თუმცა ისიც იოლი წარმოსადგენია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქართველებმა შეიძლება უფალთან მისვლა დაიზარონ და კაცი აახლონ, ჩვენს სუფრაზე მობრძანდი, - შენი კვნესა ჩვენ - და გვითამადეო!

 

 შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ "უფლის აგარაკის" თქმულებაში ჩადებულ უპასუხისმგებლობას – უფალი მიწებს არიგებს და ქართველებს ამ დროს სუფრიდან ვერ გამოუხსნიათ თავი, ვერაფრით სცილდებიან! – ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ქრისტიანობის ჩვენეულმა გაგებამ.

 

 აი, ვნახოთ, როგორ კარგად შეადარებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანობის ცნებებს:

 

 "დასავლური ქრისტიანობა გულისხმობს, რომ ადამიანის მოვალეობა, როცა კონკრეტულ ფორმას აძლევს რამეს, მდგომარეობს იმაში, რომ ამ საგნიდან უნდა გააკეთოს უსასრულობის არასრულყოფილი და დაბოლოებადი მატარებელი. ეს არის ვარაუდი, რომელიც ამბობს, რომ იდეალურობა არასრულყოფილი კონკრეტულობის მხოლოდ გარეთ კი არ არის მთლიანად, არამედ მის შიგნითაცაა; და მაღლაც ისეა, როგორც დაბლა.

 

ამგვარად, ევროპული კულტურა დაფუძნებულია განხორციელების იდეაზე, რომ ყველაფერს მიეცეს ფორმა, პოლიტიკურ ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებას; მთავარია ფორმის მიცემა. აქედან გამომდინარეობს აგრეთვე არტიკულაცია, რადგანაც ვინც ლაპარაკობს არტიკულაციაზე, ლაპარაკობს ფორმის არტიკულაციაზე. ორთოდოქსული კულტურა იდეალურობით არის შეპყრობილი. საგანი თუ კონკრეტული ფორმა არასოდეს არ არის იდეალი. ხოლო თუ ეს იდეალი არ არის, არაფერიც არ არის. სურვილია, გქონდეს ყველაფერი ან არაფერი; და რადგან ყველაფერი არ არის, ნათელია, რომ აქვთ - არაფერი".

 

 აქედან გამომდინარე, ჩვენი მდგომარეობა გაცილებით სავალალოა, რადგან არც ყველაფერი გვაქვს და არც არაფერი, უფრო სწორად, ჩვენთვის ყველაფერიც სუფრაა და არაფერიც სუფრაა. და შესაძლოა, სწორედ მარადიულ ქართულ სუფრასთან ჩამომსხდარმა მარადიულმა ქართველებმა ათრიეს წვერით ევროპამოვლილი და კათოლიკობამიღებული სულხან-საბა ორბელიანი.

 

სხვათაშორის, ჩვენს მიერ მიჩუმათებული ეს კონფლიქტიც, ისევე, როგორც სხვა უამრავი, ფხიზელ და მართალ შემფასებელს უცდის რა ხანია.

 

 როგორ გგონიათ, სად უნდა ყოფილიყვნენ ბრძოლაში არგამოცხადებული ქართველები, როცა მეფე ერეკლე მარცხდებოდა კრწანისის ომში? ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მიერ გაშლილ სუფრასთან ისხდნენ და მოზრდილ დუმებს ითლიდნენ თავიანთ ჯამებში, სულ არ ედარდებოდათ, მეფე ერეკლე დასუსტდებოდა თუ არა. პირიქით, უხაროდათ კიდეც და ამაში ხელსაც უწყობდნენ – სწორედ ამნაირი ქართველების ხელი და რუსული ოქრო არ ერია მანამდე ლევან ბატონიშვილის ვერაგულ და კარგად დაგეგმილ მკვლელობაში?

 

 სიტყვამ მოიტანა და აქვე უნდა ითქვას, რომ იმ საყოველთაო "ქეიფში", რასაც ქართული ყოფიერება, თუ გნებავთ, ცნობიერება მოუცავს, სუფრიდან განდგომილი, ფხიზელი გამონაკლისებიც გვხვდებიან, ღვინისგან აცა-ბაცად გაქცეული თვალებით მრუდედ რომ არ ხედავენ ცხოვრებისეულ რეალობას, ფხიზლად იყურებიან და მოქმედებენ კიდევაც. ისინი ერთეულები არიან, რომლებიც, ჩემი აზრით, "უფლის აგარაკის" საყოველთაო სიმბოლურობას უფრო ადასტურებენ.

 

 ერთი იმათგანი დავით აღმაშენებელი მგონია, რომლის უმთავრესი დამსახურება მარტოოდენ მოგებული ომები და ეკლესია-ტაძართა მშენებლობა კი არ იყო, რაც ასე ძალიან გვეამაყება ჩვენ, ქართული სამოთხის სუფრაზე მსხდომებს; არამედ ის იყო გონიერი მეფე, რომელმაც ოლივერ კრომველზე გაცილებით ადრე მონიშნა და ცხოვრებაშიც მოუნდომა განხორციელება ახალი პოლიტიკური ცხოვრების ისეთ რეალიებს, რომლებმაც შემდგომში ევროპული ცივილიზაციის აღორძინება გამოიწვიეს.

 

აქ, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიგულისხმოთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც მიზნად მარტოოდენ ქვაბ-ავაზაკთა განსხმა კი არ ჰქონდა ეკლესიის წიაღიდან, არამედ ეს იყო ნება, კუთვნილი ადგილი მისჩენოდა რელიგიას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი ყოვლისმომცველობის პრეტენზია აღარ არსებულიყო. ვეზირთა უპირველესის, ჭყონდიდელის თანამდებობის შემოღება სწორედ ამის ნიშანი გახლდათ.

 

 მეორე მათგანიც მეფე იყო, თუმცა გვირგვინი არა სდგმია. ამ კაცმა გაუგონარი სულიერი ძალისხმევით შეძლო ისეთ უზუსტეს სარკეში ჩაეხედებინა მარტო მაშინდელი კი არა, არამედ სამოთხის სუფრასთან ჩამომჯდარი მარადიული ქართველი, რომ ამ უკანასკნელისგან ტყვია მიიღო ნათელ და, ეტყობა, უფლისგან კურთხეულ შუბლში.

 

რასაკვირველია, ილია ჭავჭავაძეს და მის "ლუარსაბ თათქარიძეს" ვგულისხმობ. ნაწარმოებს, რომელიც სათანადოდ ჯერ არ შეფასებულა ჩვენს მიერ და მომავლის ქართველს უცდის, ჩვენზე უფრო ფხიზელს და იმასაც ბავშვობიდანვე მიხვედრილს, რომ "სამოთხის აგარაკის" მითი ვითომ დარდიმანდობის, ვითომ კაიკაცობის, ვითომ ნამდვილქართველობის, სინამდვილეში კი ჩვენი უპასუხისმგებლობისა და უღირსებობის აპოლოგიაა და მეტი არაფერი...

 

 ჰოდა, უფალი არიგებს და არიგებს მიწებს, და ეს მესუფრე ქართველები კიდევ უმიწოდ რჩებიან, - აბა, კაი სუფრაზე რომ ზიხარ, იქ მიწა რა მოსატანია..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / მოსულიშვილი მიხო / უფლის აგარაკი