ტაბუცაძე სოსო

ბათუ

 

 

 

ბათუ დანელია პოეტი კაცია. პოეტია იმიტომ, რომ ლორკასებურად იცის _ პოეზია შეუძლებლობაა, რომელიც უეცრად შესაძლებლობად გადიქცევა, და იმიტომაც, რომ მიაჩნია  -  მას ყველა უნდა უგებდეს. სადაგი ყოფის ფაქტზე ერთი შეხედვით ეს მეორე, გულუბრყვილო წარმოდგენა არსებითად ყველა პოეტის მოლოდინი, წადილი და დაუოკებელი წყურვილიც კია. აბა, რად უღირს პოეტს ის ახლადაღმოჩენილი ქვეყანა თუ სხვასაც არ აჩვენა და თავგადასავალი სხვასაც არ უწილადა. ეს წილადობა, რასაკვირველია, ვერ იქნება რიგითი ნარაცია  -  ეს სწორედ შეხების და ამდენად  გაგებისა და წვდომის აქტია.

 

ბათუს უთქვამს ჩემთვის,  -  მთელი ბავშვობა ტირილში მაქვს გატარებულიო. ჩემს სახლში, ყოველ საღამო ჟამს გამოიტანდა ბებიაჩემი ფრონტიდან გამოგზავნილ, გადიდებულ, კარგ ჩარჩოში ჩასმულ შვილის ფოტოს და  მწარედ დასტიროდაო. მე რა უნდა მექნა, ბებიას ტირილზე მეც ლაფაროში გავიდოდი, ჯორკოზე ჩამოვჯდებოდი, გულამომჯდარი ვტიროდი და ცრემლს ვიწურავდიო. გაგებისა და თანაგრძნობის უკეთესი მაგალითი შეიძლება ვერც ბევრი მოვიძიოთ, თუ მაინცდამაინც (ღიმილმოშველიებით!) “ვეფხიტყაოსანს” არ მივაშურებთ, მაგრამ ასე ხელიერთპირად თანაგრძნობას იქაც ვერა ვხედავთ, რადგან გონებაფხიზელი ავთანდილი ცრემლადქცეულ მეგობარს საყვედურს შეაგებებს ხოლმე,  -  ტირილით “რას წადილსა აღისრულებო”. ტარიელის საწადელი ცოტა სხვა რიგისა იყო, ვიდრე მესიტყვეობა და პოეტობაა, მაგრამ ტირილის იმ სერიალებიდან, რაც ბათუს ცხოვრების გზაზე გამოუვლია, პოეტობა კი ნამდვილად გამოდნა. მწუხარების დემონისადმი ეს მორჩილება, სოციალურ პლანში, რასაკვირველია, ძვირი უჯდება, მაგრამ სადაგი ყოფის შემოტევებს ვერა და ვერ დაუხარა თავი. ასე რომ, პოეტობა მისი სულიერი მდგომარეობა კი არ არის მხოლოდ, არამედ სოციალური არჩევანიც. ნურავინ იტყვის, რომ ყოფა, ყოველდღიურობა, წუთისოფლიური არსებობა მეორეული რამაა და შემოქმედმა იგი უნდა უყოყმანოდ ძლიოს. ადამიანური ცხოვრების, მისი ხერხიანობის გადალახვა,  -  ასე უცერემონიოდ რომ შემოქმედის სამოქმედო პროგრამადა ვსახავთ ხოლმე,  -  ასევე დიდი ადამიანური ტკივილის წიაღ თუ მიიღწევა; ტკივილისა, რომელიც შეიძლება შეშლილობის ზღვარზედაც კი გადიოდეს. სოციალური სტატუსისა და პოეტობის შეთავსება ყველაზე რთული რამაა და ხშირად პიროვნების ტრაგიკული ნახლეჩი სწორედ ამ ორ მოვლენას, ამ ორ საგანს შორისა ჩნდება. ვფიქრობ, ბათუს აწი აღარაფერი ეშველება და საბოლოოდ დარჩება პოეტად  -  როგორც სულიერი, ასევე სოციალური მდგომარეობით, რადგან იგი საკუთარ თავს იმდენსა სთხოვს, რომ ვერა გარემოება ამ სავალს ვერ გაუმრუდებს და, კიდევ იმიტომ, რომ ღმერთის მითითებას და საკუთარ თავს უფრო მიაგებს პატივს, ვიდრე ამ ყბადაღებულ გარეგანფენილობას. მისი საფიქრალის გეზი და ვექტორი შინისკენაა მიმართული, რადგან ნეტარი ავგუსტინეს სიტყვას მის გულზეც გადაუვლია:”გარეთ ნუ გადიხარ, შენს თავს დაუბრუნდი. შინაგან კაცშია ჭეშმარიტება”. საკუთარი პოეტური გზის გაწალდვისას ბათუმ იარაღად თარგმანიც გამოიყენა. მისი ამ მიმართულების ცდანი სალექსო მეტყველების გაფართოების ერთგვარ საპილოტე პროგრამად წარმომედგინა, მაგრამ მერე, მოგვიანებით ეს ყველაფერი ახალი სამყაროს მოფლობის ვნებად ექცა და სწორედ ამიტომ, პოეტური თვითდადგინების სიმძიმე თარგმანებზედაც გადაანაწილა. ორიგინალური ვერ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ლექსის თარგმნა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან ლექსი იმ ენის აქტი და ფაქტია, რომელშიც იშვის. ამ ფაქტის გაცნობიერება ხელს მაინც ვერავის ააღებინებს მთარგმნელობით საქმიანობაზე, რადგან თარგმანი პოეტთან ერთგვარი გაჯიბრების, შეტოქების და, გნებავთ, ძლევის ცდაცაა. ამ დაპირისპირებაზე ბათუს ამბიციის კაცი უარს ვერ იტყვის, მაგრამ, აბა, გაითვალისწინეთ, ვის ეტოქება იგი  -  ბორის პასტერნაკსა და იოსიფ ბროდსკის. უთანასწორო ბრძოლაა, დამეთანხმებით, მაგრამ სად არის საშველი?

 

აქვე ერთი ჩანართი უნდა გავაკეთო: ეს ჩანაწერი ბათუს ჩავუკითხე და დამში რომ გავედი,  მითხრა,  -  უთანასწორობაზე რო ამბობ, შენ რა იცი რა მაქვს დაწერილი, რა მიდევს სახლში, ჯერ გამოუქვეყნებელიო. ამ სითამამეშიც, რასაკვირველია, პოეტი გამოსჩანს, რადგან იგი საკუთარ თავს კი არ თხოვს მხოლოდ, არამედ ცხოვრებასაც.

 

...მაგრამ, ისევ ჩემს გზა-კვალს გავაგრძელებ: ვფიქრობ, ბათუმ აირჩია მართებული მთარგმნელობითი პოზიცია  -   იგი კი არ ეტოქება, არამედ უგებს (“გაგება” და ბათუსგამგებიანობა უკვე ვახსენეთ), ერთგულობს, ახალ ენობრივ სივრცეში ცდილობს ადგილი მოუზომოს დიდ პოეტებს. თუ შედარება არ დაგეზარებათ, ნახეთ და დაუკვირდით, როგორ მისდევს, რა ზომა-წონით მიჰყვება თარგმანი დედანს. სწორედ ასე ვამბობ  -  “თარგმანი” და “დედანი”, რადგან მთარგმნელი “მამა-პოეტის” (ჰაროლდ ბლუმის პარადიგმას თუ მივმართავთ) მოზომილ ნიადაგზე საკუთარ ბაღს კი არ აპოხიერებს, არამედ ამ ნიადაგს ახალ ფართობსა ჰმატებს. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს შემოქმედი მთარგმნელის გამოცდილების ქურაში გამოტარებული პოზიცია და ამდენად პატივსაცემი. და მაინც ასეც ვიტყვი: შეიძლება მე პირადად ამ წახნაგით ნათარგმანები არ მექართულლექსებოდეს და არ მელაღებოდეს, მაგრამ ისიც ხომ ვიცი, რომ არც ბათუს ლექსია ლაღი. ამ აზრით, ეს თარგმანებიც, ცხადია, მთარგმნელის ესთეტიკაში თავსდება, მისი სუნთქვის მიხედვით ჩამოიფქვება და ლაგდება. ისიც სათქმელია, რომ იოსიფ ბროდსკის პოეზიის ცივი ნათების გადმოცემა სწორედ ამე ესთეტიკით უფროა შესაძლებელი.

 

და ბოლოს: “...ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში ცხენოსანთა რაზმის ერთმა უფროსმა ბრძანა, ყოველდრე მათრახით ეცემათ ცხენები, რათა ხანგრძლივი დგომისა და უმოქმედობისაგან არ დასნეულებულიყვნენ... ახლა მეც ალყაშემორტყმულივით ვცხოვრობ და ხანგრძლივმა უმოქმედობამ ხელი რომ არ დამატყოს, განუწყვეტლივ ვტირი; ვტირი დაოსებამდე”. ეს სიორენ კირკეგორია, რომელიც პოეტის ბედს ფალარისის სპილენძი ხარში ცოცხლად დამწვათა ხვედრს ადარებს და რომელსაც ადამიანები ვერ უგებენ. Mარადა საქმის გულისგულს თუ ჩავწვდებით, პოეტისათვის სწორედ ვერგაგებაა პროდუქტიული, რადგან მისთვის წინააღმდეგობის ყოველი ცდა პოეტურ მომენტად გადაიქცევა.

 

და სულ ბოლოს: ვფიქრობ, რომ ბათუს პოეტურ ბუნებას ყმაწვილობისას მიღებულმა ტირილის იმ გაკვეთილებმა ფრიად არგო, რადგან ეს ყოფისეული ფაქტი მისი სულიერი აზნაურების საწინდარი აღმოჩნდა. და დღეს ასეც შეიძლება ითქვას: პოეტს ეშინია ტანჯვის დაკარგვისაც და შენარჩუნებისაც, რადგან თუ განსაცდელმა თავისი სიტკბო დაკარგა, პოეზიის წყაროსთვალიც  დაიშრიტება;  ეს კი შემოქმედს კრიზისული თვითდადგინების შანსს უკარგავს და ნიათს აცლის, რადგან პოეზიის სარწყული ჭირთათმენაა. ჩვენს ბათუს კი ეს მდგომარეობა აქამდე არ მოჰკლებია და ადამიანური საწუხარისგან გათავისუფლებას ნამდვილად ვუსურვებ, მაგრამ იმასაც ვეტყვი, რო შემოქმედებითი საწუხარი ღმერთამ არ მოაკლოს. ხომ გახსოვთ,  -  მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულო...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / ტაბუცაძე სოსო / ბათუ