ჩეკურიშვილი ბელა

სვანური დღიურები

 

 

 

ჯნოსიმ თქვა, ეს ამბები დაწერეთ, წლების მერე რომ წავიკითხავთ, გაგვისწორდებაო. და ამას ისეთი შთაგონებული სახით იმეორებდა, შენ თვითონ რატომ არ გინდა დაწერო –მეთქი, ვეღარ ვკითხე.

 

ფაქტობრივად, ჯნოსიმ სტატია შემიკვეთა სვანეთზე.

 მე კი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იცით რა მენატრება ხოლმე? სადმე ისე წავიდე, რომ რედაქტორმა დავალება არ მომაყოლოს ზურგში. ჰოდა, ამჯერად რედაქტორს კი გადავურჩი, მაგრამ ჯნოსი მექცა უზურპატორად და მჩაგვრელად და ჩემდა სამასრცხვიონდ ისიც უნდა გავამხილო, რომ უზურპატორებს სიტყვისშეუბრუნებლად ვემორჩილები. რა ვქნა, მე ხომ ფეხსახსრიანი, სუსტი მწერი ვარ...

 ჰოდა, ვიწყებ: …

 «ოუშენის 12 მეგობარი» რესპუბლიკის მოედანზე დილის 5-ზე შეიკრიბა. რა უჭირს, მშვენიერი ფილმია, არა? მაგრამ ჩვენ უფრო დიდი თავგადასავალი _ სვანეთი გველოდა, ჰოდა, მისტერ ოუშენი სულ უშბის წვერზე არ გვეკიდა?

 

 თეთრი მინიბუსი

 

 მინიბუსი თეთრი იყო და მძღოლიც გულადი ჰყავდა. სახელი ერქვა ასეთი, თორემ ჩვენ არც მისი გულადობა გამოგვიცდია და არც სიმამაცე. აი, გახეთქილ საბურავებს კი, მართლაც გმირულად ებრძოდა.

 

 

 სვანეთისკენ მიმავალი მინიბუსების მძღოლებს რომ ჰკითხოთ, მესტიაში რამდენ ხანში ჩახვალო, გიპასუხებენ 9 საათშიო და თვალსაც არ დაახამხამებენ. თვალი არც გულადის დაუხამხამებია, როცა 15 საათიანი ტანჯვის მერე მესტიის ცენტრში ჩამოგვსხა.

 მანამდე კი, თეთრ მინიბუსს პირველი საბურავი შორაპანთან გაუსკდა. 12-მა მეგობარმა, და მათთან ერთად ზუგდიდში მიმავალმა ერთმა გერმანელმა, ყიჟინით ღია სივრცეს მიაშურა. გერმანელი რესპუბლიკის მოედნიდან გამოგვყვა, კისერზე სამგზავრო ბალიში ეფინა და მთელი გზა ნეტარად თვლემდა.

 «ახლავე გამოვცვლი» - ამბობს ნებისმიერი მძღოლი ასეთ შემთხვევაში და გულადიმაც გულადად გაიღიმა. ღიმილი არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ბიზონის ქანჩი (კლუჩი, ანუ) ხელებში შემოემტვრა. ჰოდა, სანამ თამუსია პირდაპირ ქუჩაში გაფერნილ ქვეშაგებზე თვლემდა, ჩვენ იქვე გზისპირას გადაბარდულ მაყვლის ბუჩქებს შევესიეთ.

 

ტრასაზე გასულ ჩვენს გულად მძღოლს და კიდევ უფრო გულად ლამას მანქანები შხუილით უვლიდნენ და გატეხილი ბიზონის ქანჩის ამბავი ნამდვილად არ ადარდებდათ. მერე უკვე აღარ დამინახავს, თბილისისკენ მიმავალმა ერთმა მინიბუსმა ჩვენსკენ რატომ გადმოუხვია და იქიდან გამომხტარი ბიჭი მისტერ აბალდუის გახარებული რატომ გადაეფსკვნა. ფაქტია, ბიჭს ნიკა ერქვა და ერთ დროს აბალდუისთან ერთად სწავლობდა რომელიღაც ფაკულტეტზე. მაგრამ ნიკას ღირსება მხოლოდ ეს არ იყო. ნიკამ სიმღერა იცოდა, თანაც ბანს ამბობდა და ჩვენს «თამარიონსაც» რაღა უნდოდა?

 მერე ჯნოსი მეუბნებოდა, ის სიმღერები, შენ რომ ტაშს უკრავდი, «მრავალჟამიერი», «იმერული მგზავრული», და «აჭარული ვოისა» იყოო.

 ჰოდა, იმღერეს, იმღერეს და სოფელიც აშენდა!

 ჩვენმა გულადმა მძღოლმა და მეორე მინიბუსელმა ბორბალი წარმატებით გამოცვალეს და ისევ დავიძარით. ისე, გზაში რომ სიმღერები არ მოგვაკლედებოდა, ხომ გჯერათ?

 ჩვენთან ერთად სვანურ მისტერიაში ლამას პლიუსი, ვითიბი, იგივე ბელა მონაწილეობდა და თხა თხაზე ნაკლებიო, ხომ გაგიგონიათ, ვითიბისაც სიმღერის იმისთანა ნიჭი აღმოაჩნდა, საგალობლებსაც კი არაკრაკებდა!

 ბელა «ვითიბით» მოინათლა, აბა ორი ბელა ხომ არ ვიქნებოდით! მეორე ნათლობაც გზაშივე შედგა, ჩემი პლიუსი დაჩი ამეთვისტოდ იქცა. ეს «ნამიოკობანას» რომ ვთამაშობდით, მაშინ მოხდა: დაჩიმ სერგიკუნას სიტყვა «ამეთვისტო» ჩასჩურჩულა ყურში.

 

სერგიკუნამ გაიაზრა რა პრობლემის სიმწვავე, ჯნოსს «დაუნამიოკა» - ფირუზიო. ჯნოსი დაიბნა. მერე დაჩიმ უთხრა თავის მეწყვილე მონადირეს – ლონდრეო. ახლა მონადირე გადაირია, ფირუზთან ლონდრე რა შუაშიაო?! და ფილმის გახსენება დაიწყეს, მაგრამ ფირუზთან მაინც ვერ დააკავშირეს. მე კი მიგრძნო მაშინვე გულმა, ხომ იცით, დედის გული მაინც სხვაა, მაგრამ აბა რას ვიტყოდი. ჰოდა, დიდი თავისმტვრევის მიუხედავად სიტყვა «ამეთვისტო» ვერავინ გაიხსენა, სამაგიეროდ, დაჩის შერჩა მეტსახელად, თუმცა კი, ჯნოსმა ბოლომდე ვერც ამეთვისტო გაითავისა და ბოლო დღეებში ქაიხოსროს ეძახდა. ეს, ისე, ცნობისათვის, მალე «კარავზე» ახალი წევრი «ამეთვსიტო» რომ გამოჩნდება, გოგო არავის გეგონოთ და სოლი არ მოსთხოვოთ...

 სანამ მისტერ აბალდუის ზუგდიდურ მისტერიებზე გადავიდოდე, საბურავისას დავასრულებ: ცოტა ხანში საბურავის აღსადგენად შევჩერდით, და «თამარიონი» ახლა პროფილაქტიკასთან ამღერდა.

 

ლახამურასთან, ხაიშს რომ გამოვცდით, იმიტომ გავჩერდით, რომ ჩვენს წინ მიმავალი მინიბუსისთვის გამსკდარ საბურავში თანაგვევგრძნო. აი, ეცერთან კი, შავღელე რომ გადმოვიარეთ, უკვე ჩვენი საბურავი გასკდა და აქ ოუშენის 12 მეგობარს მოთმინების ფიალა აევსო და ფეხით დაადგა მესტიისკენ მიმავალ გზას.

 გუნდი აშკარად დაიფანტა, ზოგმა ბუჩქებს მიაშურა, ზოგს ეგონა, სწრაფად თუ ივლიდა, იქნებ მესტიამდეც ჩაეღწია. მონადირემ კი აღმოაჩინა, რომ რაღაც ნამეტანი ვაჟკაცური ჩრდილი ჰქონდა და საკუთარ ჩრდილს ფოტოების გადაღება დაუწყო. ამაში უკვე მეც ჩავეზიარე, რადგან საკუთარ ჩრდილს ნაკლი ვერც მე ვუპოვე და კიდევ კარგი მინიბუსი წამოგვეწია...

 

 ზუგდიდის ბაზარი

 

 მისტერ აბალდუი საკუთარ, არც თუ შორეულ წარსულს მუდამ ხალისით იხსენებს. განსაკუთრებით მონასტრის ეპიზოდები მოსწონს ხოლმე, როცა მეტრაპეზედ იყო გამწესებული.

 

ჰოდა, როცა თეთრმა მინიბუსმა ზუგდიდის ბაზართან გააჩერა, სადაც მისტერიული მარაგი უნდა შეგვევსო, აბალდუიმ მეტრაპეზის სადავეები ხელში აიღო, მაგრამ აქ ჩემს ისტერიას წააწყდა, რის გამოც იძულებული გახდა, ბაზარში ორსაათიანი მსვლელობისას გვერდით ვყოლოდი.

 მეტრაპეზეობა დიდი მადლია, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, რომ მისტერ აბალდუი სულ მალე დაჰყრის ფარ-ხმალს, მანამდე კი ზუგდიდის ბაზარში გამწარებული დაეძებდა გოჭის ხორცს და გამუდმებით მიმეორებდა: «ნუ გავიწყდება, რომ კაცები ვართ და ჭამა გვინდაო»! არაფერიც არ მავიწყდებოდა და მისტერ აბალდუის სამონასტრო მისტერიებს საკუთარ სამთო გამოცდლებას ვუპირისპირებდი! და კიდევ კარგი, მშრალი სუპები შევიძინე უხვად! გოჭის ხორცი მაინც ვერ ვიშოვეთ, ჭირმა გაწყვიტა სამეგრელოში ღორები, სამაგიეროდ, მორჩაძემ წარმოთქვა ფრთიანი ფრაზა: ბორშში გოჭიც რომ ჩააგდო, მაინც არაფერი ეშველებაო. აქ უკვე ჯნოსიმ გაიკვირვა, ბორშში გოჭი რატომ უნდა ჩააგდოო? და ლამამ გამოსავალი მოძებნა, ხომ შეიძლება, ჩაგივარდესო?

 ჰოდა, ის საღამო, მომღერალი «თამარიონი» იმის დემონსტრირებას ახდენდა, როგორ იბრძვის გოჭი თავისი უფლებების დასაცავად და არაფრით არ უნდა ბორშში, ლამას კი უკანა ფეხებით უჭირავს მოფართხალე ცხოველი და თავით უპირებს ბორშიან ქვაბში ჩაყუდებას.

 

იხვეწება გოჭი, ბორშში არ მინდაო, მაგრამ ლამას მაგრად უჭირავს და არ უშვებს და არის ერთი ძიგძიგი და ჭიდილი....

 ზუგდიდის ბაზრის ამბავი სომბრეროების ყიდვით დასრულდა და ლამა, აააამირანი და გიორგი მორჩაძე კოლუმბიელი პრეფექტებივით დადიოდნენ სვანეთის მთებში. …

 

 მესტიური მისტერია

 

 ჯერ კიდევ შატილში ჯნოსის ვეუბნებოდი, მესტიაში რომ ჩახვალ, ბარგი იქვე ცენტრში უნდა დაყარო და პირდაპირ მუზეუმისკენ უნდა გაიქცე, ისე რომ არსად გაიხედო-მეთქი. მაგრამ მუზეუმისკენ იმიტომ კი არ უნდა გაიქცე, რომ მაანცდამაინც იქ გინდა შესვლა (თუმცა, ეგ მეორე სასწაულია!) იმიტომ რომ მუზეუმის ეზოდან ყველაზე მაგარი ხედი იშლება! მესტია თუ გინდა ნახო, სწორედ მუზეუმის ეზოდან უნდა გადმოხედო.

 

გზაში პატარა ხიდი შეგხვდება, მის ქვეშ მესტიაჭალა ღმუის, ორი წუთით ამ ხიდზე უნდა დადგე და სურათი გადაიღო. ესეც მესტიის გაცნობის რიტუალის ნაწილია. აქედან მესტიის პატარა ნაგლეჯი ჩანს და მის ფონზე საკუთარ თავსაც თუ დააფიქსირებ, ეს ხიდიც და შენი თავიც მთელი ცხოვრება გეყვარება.

 მესტიის ცენტრში ბარგი არავის დაუყრია, თუმცა კი, სახლი, სადაც ლამამ წაგვასხა, მთლად ცენტრში იდგა. ჩქარა, მუზეუმის ეზოში წავიდეთ-მეთქი, ვიძახდი, მაგრამ ბიჭებმა გადაწყვიტეს, ქართველებად დარჩენილიყვნენ და გულადისთან ერთად მესტიაში ჩვენი მშვიდობით ჩასვლა აღენიშნათ. ასეთია კაცთა მოდგმა...

 გულადის ვენაცვალე და შესაწვავი ხბოს ხორცივით დაბეგვილ გოგოებს და ორ თინეიჯერ ბიჭუნას მაინც გვეყო სულისკვეთება და იმ მუზეუმისკენ გავიქეცით. მერე დიდხანს ვისხედით გალავანზე და კოშკებს ვითვლიდით.

 

რომელთა რიცხვი 46-ია, მათი უმრავლესობა მე-11-12 საუკუნეშია აგებული და ყველაზე ლამაზი რატიანების კოშკია, თეთრი და წელში გამოყვანილი. ამ ყველაფერს კი, როცა ღრუბლები გაფანტულია, თავზე თეთნულდი დაჰქათქათებს და ბანგურიანის მწვერვალები გადმოჰყურებენ.

 მესტია ის ადგილია, სადაც ბუნების სილამაზეს ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზე ერწყმის და უკვე აღარ იცი, რომელს სცე თაყვანი...

 

 

 

 …

 რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი

 

 შუასაუკუნეების ერთი მოგზაური წერდა: ვისაც უნახავს საფრანგეთი და მისი სამეფო კარი და არ უნახავს მარგარიტა ვალუა, მას არც საფრანგეთი უნახავს და არც მისი სამეფო კარი გაუცვნიაო.

 ჰოდა, ვინც მესტიის მუზეუმში არ ყოფილა, ჩათვალოს, რომ საკუთარი ქვეყნის კულტურას არ იცნობს! აქ ფოტოს გადაღება მხოლოდ დერეფნებშია ნებადართული, დარბაზებში კი, სადაც განძია გამოფენილი, სასტიკად გიკრძალავენ.

 განძი კი...

 მაკედონელის დროინდელი მონეტებიდან თუ დავიწყებთ, და კოლხური თეთრის პაწაწინა ვერცხლის მონეტებსაც თუ თვალს გადავავლებთ, მერე ანტიკური ხანის სამკაულებს მოვინახულებთ და იმ დარბაზში გადავალთ, სადაც სვანური

 მაჩუბის ავეჯია და სვანური საბრძოლო იარაღი, ექსკურსიამძღოლი ერთი ხის შუბის წვერს დაადებს ხელს და გეტყვით, რომ ეს წმინდა გიორგის შუბის წვერია. და თქვენ გაიღიმებთ. და ასე გაღიმებული დარჩებით დიდხანს, იმიტომ რომ ხელნაწერთა დარბაზში ადიშის სახარების ხელნაწერის ნახვა გელით, მე-9 საუკუნეში რომ გადაწერეს შატბერდში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა, მერე ოპიზრების მიერ მოჭედილი სახარების ყდაზე მიგითითებენ, მერე იმდენი ოთხთავი ჩაგიმწკრივდებათ თვალწინ, მე-10-11-12 საუკუნეების, შემდეგ დარბაზში კი მე-10 საუკუნის ხატები და ოქროცურვილი ჯვრები, რომ აღარ იცი, ეჭვი შეგეპაროს თუ არა, რომ ის ხის შუბის წვერი წმინდა გიორგის ეკუთვნოდა...

 

 სვანური ხატწერის სკოლა გამორჩულია და თვითმყოფადი.

 

ამ წმინდანებს სახეებიც კი სვანური აქვთ. მე-10 საუკუნის ხატზე ღვთისმშობელი და წმინდა ბარბარეა ერთად გამოსახული, რაც იკონოგრაფიაში იშვიათად გვხვდება, აღარაფერს ვიტყვი 40 მოწამის ხატზე, რომელიც სულ სამია მსოფლიოში, მათ შორის ერთი ბიზანტიურია და უიშვიათეს ქმნილებად მიიჩნევა. მესტიის მუზეუმის ხატი მხატვრული გააზრებით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს ხელოვნებთმცოდნეთა მხრიდან. აქ ინახება ბაგრატ მეოთხის მეუღლის ბორენა დედოფლისეული ღვთისმშობლის ხატი, რომლის უკანა მხარეს დედოფლისავე ხლით მიწერილია ლექსი:

 «რომელმან ეგე, ევას მიუზღე ვალი,

 ჰრქვი რაი გაბრიელს: «ვარ უფლისა მხევალი».

 მაშინ ისტუმრე ქვეყნად მოუვალი,_

 დაემხო ძალი, პირველვე სისხლდამთვრალი,

 ქალწულო, მიხსენ, ბორენა ჭირმრავალი».

 გინხავთ სადმე მართლმადიდებლური ფრესკა, სადაც ღვთისმშობელი ძუძუს აწოვებს ყრმა იესოს? აი, სვანებმა დაწერეს და თანაც მანამდე, ვიდრე ევროპაში რენესანსი დაიწყებოდა

 სვანურ იკონოგრაფიაში წმინდა მხედრების თემა განსაკუთრებით აქტუალურია, წმ. გიორგის გვერდით ხშირად გვხვდება წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი.

 

აქ ბევრია ფეხოსანი წმინდა გიორგის ვერცხლით ნაჭედი ხატები, ასევე ადგილობრივი ავტორების ნამუშვერები. მთავარანგელოზთა ხატები, ნათლისმცემელი, და კიდევ ჯვრები, ჯვრები, ჯვრები...

 და კიდევ დროშა_ ლემი, აბრეშუმის ოქროსფერი დროშა, რომელიც ქარში იბერება და ლომის ფიზიკურ ფორმას იღებს. თავის დროზე ასეთი დროშა თამარმა შეუკერა სვანებს და გამოუგზავნა.

 და კიდევ ვერცხლის სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სატევრები, თოფები...

 სვანები საკუთარ განძს არავის ანდობენ, მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფრი სვანეთში უნდა ინახებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ არათუ მესტიაში, თბილისის მუზეუმებშიც კი არა არის ექსპონატების შენახვის ოპტიმალური პირობები.

 მე-19 საუკუნის ბოლოს სვანეთში იტალიელმა ფოტოგრაფმა და ალპინისტმა ვიტორიო სელამ იმოგზაურა. ის, თუ როგორია მთები მთებიდან, კაცობრიობამ ვიტორიო სელას ფოტოებით დაინახა. სელამ ფირზე აღბეჭდა მე-19 საუკუნის სვანეთი და მესტიის მუზეუმში შეგიძლიათ ეს ექსპოზიციაც იხილოთ.

 და კიდევ, სანამ ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიაში მე-11 საუკუნის ხეში ნაკვეთ კარს ნახავდეთ, მისი ასლი, მხატვარ ბატკა ნავერიანის მიერ ასევე ხეში გამოკვეთილი მესტიის მუზეუმიდან გაგაცელებთ...

 გაცილება ასეთი არ უნდაო და «თამარიონმა» მუზეუმის ფოიეში «წმინდაო ღმერთო» იგალობა.

 იმ დღეს აბალდუიმ და თამუსიამ სიურპრიზი მოგვიწყეს და მუზეუმიდან დაბრუნებულებს წითელი ბორში (უგოჭოდ) და ქათმის ჩახოხბილი დაგვახვედრეს.

 

 

 აბალდუიმ იცოდა, რა მსხვერპლზეც მიდიოდა, მესტიაში მეორედ იყო, თამუსია კი მართლა უნებლიე სიკეთისათვის დაისაჯა იმ დღეს.

 

 ნამცეცუნა

 

 იმ დღეს ოუშენის მე-13 მეგობარი, ნამცეცუნა შემოგვიერთდა. ის 15 საათიანი გზა მარტომ გამოირა, ოღონდ მის მძღოლს გულადი კი არა, ჯოჯო ერქვა.

 

მაგრამ ნამცეცა მარტოობას რას დაგიდევდათ, რაკი ჯოჯომ ჯოჯოხეთში არ წაიყვენა და მესტიამდე მშვიდობით ამგზავრა.

 ნამცეცა ხომ ყველას ზღაპარში ეპატიჟება და ის 10 დღე, რაც ჩვენ სვანეთში გავატარეთ, მისთვის მართლა ზღაპრად იქცა. ჩვენთვისაც ზღაპარი იყო, მაგრამ ნამცეცამ ახალი, პირადი ზღაპრის წერა დაიწყო სვანეთში და ბოლოში რომ გავა, ალბათ ყველას წაგაკითხებთ. მანამდე კი, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს...

 

 ხერგიანები

 

 მესტიაში ჩასულმა მიხეილ ხერგიანის მუზეუმი რომ არ ნახოს, აბა როგორ იქნება! ჰოდა, ჩვენც, ნამცეციანად, იმ მუზეუმისკენ დავიძარით.

 

გზაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა რომ ვნახეთ, «თამარიონმა» რომ უმღერა მესტიელებს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, მუზეუმში მისვლამდე, ალპინისტის დასთან, ნაზო ხერგიანთან უნდა გაგვევლო, აბალდუის განათლების სამინისტროდან რაღაც პაკეტი უნდა გადაეცა მისთვის და ინტერვიუც ჩაეწერა.

 ნაზო ხერგიანი ქორულდის მთიდან ერთი საათის ჩამოსული დაგვხვდა. ქუთაისელი მოსწავლეები წავიყვანეთ მე და აფი გიგანმაო, გვიხსნიდა. მყინვარზეც მინდა წელს ასვლა, შარშან ვერ მოვახერხე და წელს აუცილებლად უნდა წავიდეო, წლები მემატება, მალე ვეღარ შევძლებო, ამბობდა და იცინოდა, 58 წლის ვარ, განა ცოტა წლები მაქვსო?

 ჰოდა, თუ რომელიმე თქვენგანი თავმომწონედ იტყვით, მყინვარწვერზე ვიყავიო, ანდა წასვლა მინდაო და შეყოყმანდებით, შევძლებ თუ ვერა ასვლასო, ნაზო ხერგიანი და მისი 58 წელი გაიხსენეთ, რა...

 მიხეილ ხერგიანს ოჯახში ჩხვიმლიანს ეძახდნენ. მიხეილი რუსებმა დაარქვესო, მისმა ალპინისტმა დისშვილმა, გიორგი ნიგურიანმა მითხრა, ერთხელ. ჩხვიმლიანის მუზეუმი დაკეტილი იყო, მისი დირექტორი სახლში არ დაგვხვდა და ნაზომ პირადად მოგვიბოდიშა. ამასობაში გაწვიმდა და გამოვიქეცით.

 

ვიღაცეები სახლში, ვიღაცეები კი მაღაზიისკენ.

 

 

 მომეცი, ნასოსი!

 

 მესტიის ცენტრში რამდენიმე მაღაზიაა, ერთ მათგანს კი სახელიც ჰქვია: «ტანია». რა უნდა მესტიაში ტანიას, ეს აბა, რა ჩვენი გადასატანია, სამაგიეროდ, იმ მაღაზიაში ბურთები იყიდებოდა. მონადირემ და სერგიკუნამ ეს რომ აღმოაჩინეს, სიხარულის ყიჟინა დასცხეს, მაგრამ ბურთი აშკარად ჩაფუშული იყო და გაბერვას საჭიროებდა. გარეთ გამოსულებმა შენიშნეს, რომ ბურთები გვერდით მაღაზიაშიც იყიდებოდა, თანაც კარგად გაბერილები. მიუბრუნეს ჩაფუშული ბურთი ტანიას და სანამ ამ პორცედურას ასრულებდნენ, მეორე მაღაზია არ დაიკეტა? «ტანია» იმითაც იყო გამორჩეული, რომ გვიანობამდე მუშაობდა. მონადირე ისევ «ტანიაში» შევარდა და ბებერ ტანიას ყელი გამოუწია, შემეშალა, ის ჩაფუშული ბურთი სულაც არ არის ჩაფუშული და უკან დამიბრუნეო.

 

ტანია გულკეთილი იყო და მონადირემაც მისგან ჩუპა-ჩუპსის კანფეტები იყიდა. არა, ბავშვობის ნოსტალგია კი არ ჰქონდა, იქნებ ჩხირებით გავბეროო, იფიქრა. ამ ფიქრებში ლოკა და ლოკა გაურკვეველი წარმოშობის კანფეტები და ენა და ტუჩები ერთიანად გაულურჯდა. ჩხირები მსხვილი იყო, ბურთი ვერ გაიბერა, სამაგიეროდ, მისმა გალურჯებულმა ტუჩ-პირმა ოუშენის 12-ვე მეგობრის აღტაცება დაიმსახურა, რასაც ჩვენთან ვახშმად მყოფი ტელმან ჯაფარიძეც აჰყვა და მონადირეს ყველა გულწრფელად ურჩევდა, აჰა, ეს არყის ჭიქა და შმუთე, თორემ მოიწამლებიო. მონადირეს თავისი შიში არ ეყოფოდა? თან არც არაყი უნდოდა, მაგრამ ვინ შეარჩინდა რომატიულ სილურჯეს!

 ბურთი კი ისევ გასაბერი იყო! მონადირე მაღაზიიდან მაღაზიაში გადარბოდა და «ნასოსი მომეცითო» - იძახდა. სვანები ალმაცერად უყურებდნენ და შენ ვისი სტუმარი ხარო? _ ეკითხებოდნენ. ოთახში შემოვარდნილმა ტელმან ჯაფარიძესაც, გამარჯობის ნაცვლად, ნასოსი მომეციო, უთხრა.

 

 

ტელმანს აშკარად იუმორის ნიჭი ჰქონდა, თანაც აქეთ იყო სტუმრად, თუმცა, მონადირეს მაინც თავისმა გალურჯებულმა ტუჩ-პირმა უშველა იმ მომენტში...

 

 …

 

 …აქა ამბავი კუდის ამოძუებისა

 

 მესტიაში ასულს შეიძლება დაგავიწყდეს სამსახურში გადარეკვა და შენი ჭირვეული შეფი, ქალაქში დარჩენილი მეგობრები, ღამეული გართობები და ცივილიზაციის სიკეთეები, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაგავიწყდება, რომ უშგული გაქვს სანახავი.

 უშგული ყველა ტურისტის მიზანი და ოცნებაა. ზოგს ჰგონია, ასე იმიტომ ხდება, რომ უშგული ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელია ევროპაში, ის ხომ 2300 მეტრზე მდებარეობს. ვინც იქ ჯერ არ ყოფილა, ფიქრობს, რომ შხარის სანახავად მიდის, ზოგმაც ლამარიას ეკლესიის არსებობა იცის, ზოგისთვის ეს იდუმალებით მოცული ადგილია, ქალღმერთ დალის საუფლოა... უშგულში ასულს გგონია, რომ ამის იქით უკვე ღმერთები სახლობენ, რომ ეს კოშკებიანი სოფელი, ენგურს რომ მიუყვება და მის კალაპოტს იმეორებს, ღვთის ანაბარაა დარჩენილი ამ უსასრულო სამყაროში.

 როცა ღმერთი სამყაროს ანაწილებდა, ქართველებმა მისვლა დაიგვიანეს და როცა აზრზე მოვიდნენ, დედამიწის ყველა კუთხე უკვე განაწილებული დახვდათო, ამბობს ძველი ლეგენდა. ადგნენ ქართველები და წავიდნენ ღმერთთან.

 სად?

 სად და უშგულში.

 ჩვენც უშგულში წავედით, ეს უკვე მესამე დღე იყო. წინა საღამოს რომ იწვიმა ხომ გახსოვთ, ხერგიანებიდან რომ გამოგვაქცია, ჰოდა, ის წვიმა მთელი ღამე გაგრძელდა.

 

დილით მომწვანო-ხაკისფერ «უაზში» ჩამსხდრებს კი გვეთანაღრებოდა გული, მაგრამ საწვიმარები ხომ გვაქვსო, ვფიქრობდით...

 სვანეთში სამოგზაუროდ რამდენიმე სახის ტრანსპორტი გამოდგება. ჯიპი (ჰა-ჰა-ჰა), ნივა (კაი, ერთი), საბჭოთადროინდელი ვილისი (ღმერთო გვიშველე!), სატვირთო მანქანა (აი, ეს მესმის!), «უაზი» (უკომენტაროდ).

 ოუშენის 13-მა მეგობარმა (ნამცეცუნაც ხომ მოგვემატა), რომელიც ვერც ნივა-ჯიპ-ვილისში ჩაეტეოდა და ვერც ფინანსურად გაქაჩავდა მათ მომსახურებას, თავიდანვე «უაზს» მიანიჭა უპირატესობა, ვინაიდან თავს ზემოთ მხოლოდ უშგული იყო.

 მძღოლის სახელს, მოდით, ნუ მკითხავთ, ვინაიდან ჩვენი კონტაქტი ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა. გზაში ვილისმა გაგვიჩერა, საით მიდიხართ, მულახთან მეწყერია ჩამოსული, ვერ გადახვალთ, მობრუნდითო. აბა, აბა, ვნახოთ, რა მეწყერიაო, გაიფიქრა ალბათ უაზის მძღოლმა, თანაც როგორ მობრუნდებოდა, ჯერ არის და 200 ლარს კარგავდა, მერე და ოუშენის 13 მეგობარხ როგორ დაგვაჯერებდა, გზა არ არისო? ჰოდა, მივედით მულახამდე.

 მულახი ბევრკოშკებიანი სოფელია. საერთოდ, სვანეთში ერთი სოფელი რამდენიმე ქვესოფლისაგან შედგება, რაც ცოტა არ იყოს, გაბნევს, მაგრამ მერე იაზრებ, რომ ეს მთაა და ხალხი უბან-უბან სახლობს და ცდილობ, ახლა იმ ქვესოფლების სახელებიც დაიხსომო როგორმე. მოკლედ, მულახიც უზარმაზარი სოფელია, მდინარე მულახურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მესტიაში რომ ჩამოდის ზათქით და ქუხილით.

 ჰოდა, მივედით და გავჩერდით.

 

 

ვიდექით და უშგულისკენ მომავალ სხვა მანქანების მგზავრებთან ერთად ვვიშვიშებდით. ძალიან არ გვინდოდა უკან დაბრუნება! აბა, წამოიდგინეთ, მთელი სიმღერებითა და შემართებით ჩავეტენეთ იმ უაზში და... მეწყერი მეწყერად მოგვწონდა, წყალი წყლად და ვიდექით და ვაბირჟავებდით. გაღმიდან სვანები მოადგნენ, მანქანიდან ნიჩბები გადმოიტანეს და ვითომ დამაწყრილი ადგილის გასწორებას შეუდგნენ. ტყუილი მცდელობააო, ხელი ჩაიქნია ლამამ, წავიდეთ, წავიდეთო, ნაპირებზე გაფანტული მოლაშქრეები შეგვაგროვა და «უაზისკენ» წაგვასხა. გზაში კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა: ამ ჩვენს მანქანას რაღაც ისეთი გაუფუჭდა, რომ ჩვენგან დაცლას ითხოვდა. კიდევ კარგი, იქვე პატარა მდელო იყო და ვის ჰქონდა წამოღებული პლასტმასის ჯამის წითელი თავსახური, ახლა უკვე ვერავინ გეტყვით, ბურთზე მეტად ამ თავსახურმა გაამართლა, ჰაერში ვუშვებდით და ვიჭერდით, ვუშვებდით და ვიჭერდით, ჰერი ბიჭოოოო...

 მონადირე შფოთავდა: ეს რა გვყო ამ მეწყერმა, პირში ხომ ჩალა გამოგვავლო და კუდიც არ ამოგვაძუებინაო?

 

 პიკაპი

 

 მესტიაში დაბრუნებულებს უკვე გვშიოდა, და საერთოდ, რაღაც ხშირ-ხშირად გვშივდებოდა ხოლმე, შეძლებისდაგვარად დავპურდით და ისევ ხერგიანის მუზეუმისკენ გავიქეცით.

 

ნაზო და მისი მეუღლე ნუგზარ ნიგურაინი იქ გველოდნენ. თუ გინდათ ქართული ალპინიზმის ისტორია მოისმინოთ, ნუგზარ ნიგურიანი უნდა გაიყოლოთ ექსკურსიამძღოლად. ისიც ალპინისტია, მაშველი, და რომ გაიცნობთ, იტყვით, სვანი და ასეთი მშვიდი?

 გზაში ისევ წვიმა დაგვეწია. ბიჭებმა, ასე არ უნდაო და მესტიის ცენტრში ფეხბურთი გააჩაღეს. აბა, გაბერილი ბურთი ტყუილად ხომ არ უნდა გაეცდინათ, ძლივს იშოვა მონადირემ ნასოსი! სველები და ამოზურზნულები შემოცვივდნენ სახლში და ლამამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო: უშგულის გზის გაწმენდის მოლოდინში დროს ტყუილად დავკარგავთ, ბეჩოსკენ დავიძრათო. აბალდუის ლამას მოულოდნელი გადაწყვეტილებები ერთობ აშფოთებდა ხოლმე და ალტერნატიული გზების ძიებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ...

 ლამა გვპირდებოდა, ჩანჩქერი შ"დგრა ვნახოთ და მერე მეზირის მთაზე ავიდეთო.

 

ავიბარგეთ. რაც გაქვთ, ყველაფერი წამოიღეთ, შეიძლება მესტრიაში აღარ დავბრუნდეთო. «რაც გაქვთ ყველაფერში» კი იმდენი რაღაც იგულისხმებოდა, მათ შორის ჩემი ფენი და ელექტრო მადუღარაც, რასაც საჭმლის ერთკვირიანი მარაგიც დაერთო, რომ ბარგი შეგროვდა? ბარგის უნახავს გაგხდიდათ!

 აბალდუიმ ნატვრა აისრულა და მესტიის მაღაზიაში ხორცი იყიდა! ხორცი ხორცია, ადამიანები წვავენ, ხარშავენ, ხრაკავენ და ჭამაც უხარიათ. მაგრამ არა, აბალდუის განსაკუთრებით უხაროდა! მე კიდევ, სულ არ ვჭამ ხორცს, არანაირი სახით და აბალდიუს აღტაცებას ზედმეტად სკეპტიკურადაც ვუყურებდი: მაგის ყიდვას, «ტუშონკები» გვეყიდა და მისგან გაგვეკეთებიდა სოუზი, არ ჯობდა-მეთქი? კი ვამბობდი, მაგრამ აბალდიუს ჯერ კიდევ ტრაპეზარის მტკიცე იმიჯი ჰქონდა და თავისი გაიტანა.

 მოკლედ, ხორციან-ჭადისფქვილიანად, 13 კაცის სამყოფი კარტოფილები, კომბოსტოები, ჭარხლები, სტაფილოები, მწვანილები მიათვალეთ, ჯნოსის 10 ლიტრი ჭაჭაც და მესტიის მოედანზე წარმოგვიდგინეთ.

 ბეჩოში 5 საათზე საერეისო ავტობუსი მიდიოდა, სვანებით დახუნძლული. აბალდუი და ვითიბი იქ შევტენეთ და ადგილების დაკავება მოვთხოვეთ. აი, საპატრულო პოლიცია საიდან გაეძრო იქ, ვერ გეტყვით, ამ დროს ტანიასთან ვიყავი შესული მაღაზიაში, ფაქტია, რომ გამოვედი, მოედანზე დიდი ორომტრიალი იდგა და ეს ჩვენი მრავალრცხოვანი ჩანთა-ქვეშაგები პიკაპის ძარაზე ფრიალით ცვიოდა.

 ჩვენც ზედ უნდა დაჯდეთ-მეთქი? ჩვენც? სიხარულის ყიჟინა დავცხე.

 

მაგრამ ბიჭებმა, გოგოები მანქანაშიო! მკაცრად გამოგვიცხადეს და მძღოლის გვერდით სამი ერთად მიგვკუჭეს. ვითიბის და აბალდიუს ავტობუსში დისლოცირებული ადგილების დატოვება მოუხდათ, რასაც ახლა სვანების მხრიდან მოჰყვა ყიჟინა.

 პიკაპის მძღოლი ბეჩოს პოლიციის უფროსი იყო და რატომღაც მეგრულად უქცევდა. მისი კეთილი ნება, ეს ბანდა მაზერამდე აეყვანა, ვერაფრით ავხსენით. ფაქტია, აგვიყვანა! არც ის გაუპროტესტებია, მისი მანქანის ძარიდან სიმღერის მაგვარი დონდგოლი რომ ისმოდა მთელი გზა...

 

 

 ჟორჟიკა და ბადრია

 

 მაზერი ბეჩოს თემის სოფელია. აი, ქვესოფლებიან ერთ სოფელზე რომ ვამბობდი, მულახზე, იგივე ხდება ბეჩოშიც. მაზერში ლამას დეიდა გველოდა, რომელიც სკოლის გვერდით ცხოვრობდა. სანამ იამზე დეიდა მოვიდოდა,

 ლამას დეიდაშვილმა თამარმა სკოლის გასაღები მოგვიტანა და ეზოიან-შენობიანად მაზერის ორსართულიანი სკოლა ავითვისეთ.

 აბალდიუ სოუზის კეტებას შეუდგა, მე _ ჭადის ცხობას.

 

იამზე დეიდამ სვანური ღუმელი გააჩაღა, თინეიჯერები წყაროზე წავიდნენ, ბიჭებმა შეშის დაჩეხვა ითავეს. შეშა იყო? ცის ქუხილი!

 სანამ კარვები გაიშალა, სანამ თამარიონმა ყველა სიმღერა იმღერა, წვიმაში ფეხბურთის თამაშის დროს გალუმპული ტანსაცმელი დაშრა, ორი კილო ფქვილისაგან ჭადებიც გამოცხვა და შუაგულში სულგუნებიც ჩალაგდა,

 დიდ-პატარას შიმშილისაგან პირზე მომდგარი დორბლიც რომ შეაშრა უკვე, აბალდუიმ ჩათვალა, რომ ხორცს მოხარშვა ეყო და კარტოფილი ჩააყარა. სოუზი სუნს უშვებდა? სამოთხის ბაღი!

 სუფრა სკოლის სამასწავლებლოში გავშალეთ, გრძელ მაგიდაზე. სალათიც დავჭერით, ჩემო ბატონო, და ჭიქებიც ჩამოვარიგეთ. იამზე დეიდამ ჯამებიც მოგვცა, კოვზებიც და ჩანგლებიც. ვიდექით მე და თამუსია და ამ სამოთხისეულ საჭმელს გულუხვად ვანაწილებდით.

 ცოტა ხანში მეც დავჯექი და სუფრას გავხედე.

 

რაღაც მოწყენილები ჩანდნენ და სოუზის დამატებას არავინ ითხოვდა, უფრო ჭადისკენ და პამიდვრისკენ მიიწევდნენ. ლამა იჯდა ჩემს წინ და ვეკითხები, ხო გემრიელი სოუზია-მეთქი? ლამა თავის შესაშურად ჯანსაღ კბილებს გამალებით ამოძრავებდა, და რომ არ შეჩერებულა, ისე მესროლა: «ჰო, რა, ჟიუ, ჟიუ, პერედაი დრუგომუ».

 ვახ, მერეღა შევხედე ამეთვისტოს თეფშს, გაღეჭილი ხორცები რომ ეყარა და ავხარხარდი! აუუ, რას გაუმართლებს, ვისაც ბოლო ლუკმა შეხვდება ჩასაყლაპადო! გააგრძელა ლამამ და ოუშენის 13 მეგობარი ერთმანეთს შეასკდა! სკოლის დაცარიელებული შენობა აგუგუნდა...

 მონადირემ ბაბუამისის არაყი გააძრო ლიკანის ბოთლით, კაკლის უღელჩაგდებული, მუქი ყავისფერი. ეს სასმელი ჯერ კიდევ შატილიდან მახსოვდა ცეცხლად. წვა ტუჩებიდან იწყებოდა, მერე პირში გრძელდებოდა, ყელში გადადიოდა და ვიდრე კუჭამდე ჩააღწევდა, მის ყოველ მოძრაობას იგრძნობდით! ის ერთი ლიტრი ყველას გვეყო! და სკოლის კიბეებზე უცნობი ფეხის ხმები რომ გაისმა, არც არავის გაჰკვირვებია.

 

ნუსა კი ამბობდა მერე, გულმა იქიდან დამიწყო ფართხალიო, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ყველფერი უკვე ჰაერში ტივტივებდა და ჟორჟიკა და ბადრიაც იმისთანა ღლაპები იყვნენ, რატომღაც რომ გული ამფართხალებოდა!

 როგორც მეორე დღეს ბიჭები ყვებოდნენ, სუფრაზე სიტყვა აღარავის უთქვამს, გიორგი მორჩაძემ აწეული ჭიქა მაგიდაზე დაუშვა და მდუმარედ დაჯდა.

 

და მე ვლაპარაკობდი! და ვალაპარაკობდი და ვალაპარაკობდი და ვლაპარაკობდი... ჟორჟიკას უთქვამს, შხარაზე წაგიყვანო. აქ გავჩერებულვარ. მერე გარეთ გამოსვლა მომინდა, უკან კიბეზე რომ ავდიოდი, ჯნოსი შემხვდა, სად მოდიხარო, ახლა უკვე შენი დაძინების დროაო, ნამცეცას კარვის კალთა ერთი ხელის მოსმით ჩააკარაბაკა და შეგნით მისროლა.

 მერე რა მოხდა, ამაზე სჯობს სხებმა მოყვნენ, იმიტომ რომ დილამდე გაუძნრევლად მეძინა და არც ჩვენს კარავში თავშემოყოფილი ჟორჟიკა დამინახავს, არც მასთან ერთად იძულებით მსმელი ბიჭები, არც მისი მუქარა გამოგონია: დედას ვფიცავარ, კარავს დავჭრი, დედას ვფიცავარო! დანას ატრიალებდა ჟორჟიკა და გოგოები სად არიანო, იძახდა. გათხოვილები არიანო? - უკითხავს. ლამას უთქვამს, არა, ჩემი დები არიანო. არა, შეკითხვა ხომ ფილოსოფიური იყო? და პასუხი მთლად უკეთესი!

 ჩხუბი რომ თავიდან აეცილებინათ, ბიჭები იძულებულნი იყვნენ, გათენებამდე ჟორჟიკა-ბადრიას ტანდემი აეტანათ და მათთან ერთად ესვათ რაღაც ამღვრეული სითხე, მგონი ქერის არაყი.

 

 განბანვა

 

 ნამცეცუნამ მითხრა, წუხელ ისე მშვიდად გეძინა, რამდენჯერმე კინაღამ

 თმები მოგქაჩეო.

 

ეს იმ ღამეს, ჟორჟიკა და ბადრია რომ გვბურღავდნენ. მეორე დღეს თვალის გახელა არავის უნდოდა, ძლივს აიზლაზნენ Qქვეშაგებიდან. არა და, ჩანჩქერ შ"დგრაზე უნდა წავსულიყავით. 12 საათისთვის ლამამ მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა, კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება, ყველაფრიანად ჩალაგდითო და აკვნესებულებმა კიდევ ერთხელ გადავინაწილეთ ჩანთებში კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, კომბოსტო, ჯნოსის არაყი...

 აღმოჩნდა, რომ შ"დგრამდე ვერ მივიდოდით, გზა იყო დამეწყრილი და ძალიან შორიდან უნდა მოგვევლო, ამიტომ ბეჩოსკენ დავეშვით იმ მიზნით, რომ მეზირის მთაზე ავსულიყავით.

 და უკვე ისე ცხელოდაააა! შვიდი კილომეტრი გავიარეთ და ბეჩოს წყაროსთან სული მოვიბრუნეთ. მერე ჯოხებით შევიარაღდით.

 

გუმანით კი ვგრძნობდი, რომ გზა მძიმე იქნებოდა, მაგრამ ჩემს წარმოსახვას თურმე არ შესწევს რეალობის სრულად აღქმა! წვერმოშვებული აბალდუი ჯოხით ხელში ბიბლიურ პატრიარქს ჰგავდა. არა, ეს უნდა გენახათ!

 სვანეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მჟავე წყალია _ ვანურად «სგიმ» და როცა ამბობ მწყურიაო, დიდი პატივით გთავაზობენ. მშვენიერი წყლებია, მაგრამ ბეჩოს წყაროსთან ვითიბის უკვე ისტერიკა სჭირდა: რა არის, ჩვეულებრივი წყალი არსად მოდის? მწყურია ხალხო, მწყურიაოოო!!!

 ჩვეულებრივი წყალი მეზირის მთისკენ მიმავალ გზაზე გამოჩნდა, სადაც წყლის მარაგი შევივსეთ. რაც იმას ნიშნავდა, რომ დიდ-პატარამ ზურგჩანთებში პლასტმასის ბოთლები ჩავიდგით, ჯნოსიმ კი უკვე ათვისებული ჭაჭის ერთი 5 ლიტრიანი წყლით აავსო და ვაჟკაცურად დაიმაგრა ზურგზე. ამას ისიც მიემატა, რომ აააამირანი ერთი პაწაწინა ზურგჩანთითა და ცელოფნის პარკებით იყო წამოსული სვანეთში, თან ამ პარკს ყურიც ჩამოეხა და მხარზე შემოდგმული აპირებდა მეზირის მთაზე ამოსვლას!!! თან მეორე ხელში საძილე ეჭირა! და ასე მაგდანას ლურჯასავით ახუნძლული ამირანი წარბს არ ირხევდა! ბიჭოოოო! ასე როგორ წამოხვედი-მეთქი, დავკივლე და გავჭედე: სვანეთში მოდიოდი თუ ჩოხატაურში-მეთქი, ჩანთა როგორ არ ითხოვე-მეთქი, ნაცნობები თუ არ გყავდა, ჩემთვის დაგერეკა, მე გიშოვნიდი-მეთქი, შენ ლაშქრობა რა გგონია-მეთქი, მთაში საერთოდ გივლია-მეთქი???? მოდი, რაღაც ვქნათ, ეს კაცი გზაში დაგვივარდება-მეთქი და იქეთ-იქით გავიხედე.

 ჯნოსიმ თავისი შუაზე გადამსკდარი ზურგჩანთა კიდევ ერთხელ გახსნა, წყალი უფრო ღრმად ჩადგა, თავისი კარავი მე დამაკრა ზურგზე, თვითონ ააამირანის საძილე დაიკრა და ცოტა გულზე მოგვეშვა: «თამარიონი» პირველ ხმას არ დაკარგავდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გზაზე მაინც...

 წყაროსთან აბალდუიმ ძველი ტრადიცია გაიხსენა და ამ წყაროზე მე თავს ვიბან ხოლმეო – გამოაცხადა, შამპუნი ვის გაქვთო.

 

ნუსას «ჯონსონის» შამპუნი აღმოაჩნდა, ვიღაცეებს ერთჯერადებიც. და იმ სვანურ წყაროზე დიდი თავისბანა გაიმართა. აბალდუის მორჩაძე მიჰყვა, მორჩას _ მონადირე, მერე ნამცეცუნა აკვნესდა, მეც გამტვერილი ვააარო... ბოლოს, თავდაბანილებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ერთი «სუფთა» სურათი გადაიღეეეეს...

 

 მეზირის მთა

 

 სოფელ ბეჩოში არის მთა, რომელსაც მეზირის მთას ეძახიან. მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა «ლიმზირისაგან», რაც «ლოცვას» ნიშნავს, «მემზირ» კი – მლოცველს. სწორედ ამ მლოცველი მთის წვერზე დგას მე-11 საუკუნის ეკლესია «მეზირ თარგლეზელ», ანუ მთავარანგელოზის სახელობის პატარა ბაზილიკა, თლილი ქვისაგან ნაშენი. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ქვა და საშენი მასალა იქ არ მოიპოვება და როგორც სვანები ჰყვებიან, სოფელმა ჯაჭვი გააკეთა და მთის ძირიდან წვერამდე ხელით აიტანეს ქვები.

 

იმასაც ჰყვებიან, რომ ამ ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცი მშენებლობისას მომკვდარა თურმე.

 სვანეთის ბევრ ეკლესიაში, ისევე როგორც ხევსურეთში, ქალის შესვლას კრძალავენ. რასაკვირველია, ეს არაქრისტიანული ცრურწმენაა, მაგრამ ლამა თავისი წინაპრების ტრადიციას მიჰყვა მაინც და გოგოები ეკლესიას არ გაგვაკარა. მერე, უკვე მთიდან დაბრუნებულებს, ქურაში ლელა გურჩიანმა გვითხრა, რომ არ შეხვედით, იმიტომ არ გაგიწვიმდათ, თორემ მაგ მთაზე დიდი ჭაქა-ქუხილი იცისო.

 მაგრამ უკან დაბრუნებამდე ჯერ მთა უნდა აგვევლო. ჯოხები გვქონდა-მეთქი, ხომ ვთქვი, ვითიბიც კარგად მღეროდა-მეთქი, პამიდორი რომ კეჩუპად იქცა, ეგ არაფერი, სადღაც გზა რომ შეგვეშალა, არც ეგ. 7 საათი ვიარეთ.

 

რამდენიმე ადგილას ისეთი ულმობელი ასასვლელი იყო, დედას ვიგინებოდი ხმამაღლა.

 ის იყო, სულს მოვითქვამდით და ბიჭო, რამსიმაღლეზე ვართო, ვიტყოდით, რომ ლამა რომელიღაც შორეული მთისკენ გაგვახედებდა და: აი, იმ მთას უნდა შემოვუაროთო, იტყოდა. გამაკანკალებდა ხოლმე! ეს მე, თავი რომ მომაქვს, მყინვარწვერზე ავედი-მეთქი! დანარჩენები რა დღეში იყვნენ! მორჩას მორჩილად მოჰქონდა ჯნოსის ჭაჭა და ნამცეცუნასთან ერთად ჩამკეტი იყო, სხვა რა უნდა ექნა, ნამცეცამ მოძრაობის უნარი საერთოდ დაკარგა მგონი. ააამირანმა თავისი პატარა ზურგჩანთა მას მოჰკიდა, თვითონ ნამცეცას ზურგჩანთა წამოიკიდა და ზედ თავისი ცელოფნის პარკებიც მიაკიდა.

 

 

 გახვითქულები ჩამოვსხედით და ბიჭებმა საუნა ახსენეს. და აქ ლამას კიდევ ერთხელ გაახსენდა თავისი ყმაწვილკაცობა _ საუნაში გატარებული საღამოები, რომანტიულად დაწყვილებული ახალგაზრდები და დოდო დეიდა: შეგვიშვი რა, დოდო დეიდა, შეგვიშვი რა... ბიჭებს ისე ეცნოთ ეს სურათიიი! სულ დეტალურად გაიხსენეს! ისე რომ, გოგოებიც ავხარხარდით და დოდო დეიდა თვალწინ დაგვიდგა წკეპლით ხელში, საუნასთან ატუზულ ბიჭებს რომ ამრეზილად უყურებდა და «პრავებს უკაჩავებდა»...

 აღარ მიკითხავს, ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან გაიხსენა ვიიბიმ სიმღერა «კიკოლიკო ზალიკო».

 

მაგრამ ჩვენი სვანეთში მოგზაურობის ჰიმნად რომ იქცა, ეს კი ფაქტია. დიდ-პატარა ამ სიმღერაზე შევჯექით:

 «წიინ წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, კიკოლიკო ზალიკო, აბა ჩემო სოფიო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...

 წინა საღამოს ჯნოსის კრუნჩხვისმაგვარი რაღაც დაემართა, ოღონდ არა სხეულში, როგორც ეს ჩვეულებრივ ემართებათ ხოლმე ადამიანებს მაღალი სიცხის, შიშის, ანდა ნერვიულობის დროს, უფრო ტვინისმიერი კრუნჩხვა სჭირდა, რომელიც მის სახმო სიმებში გარდატყდებოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თუ ამ დროს ჯნოსი ხმამაღლა არ დაიღრიალებდა «ააამირან!», მისი ტვინი სრულიად გაითიშებოდა.

 ჰოდა, მაზერის სკოლის ფანჯრებდაგმანულ შენობაში (ფანჯრები კიდევ იმიტომ გვქონდა დახურული, რომ სამეზობლოში მიცვალებული იყო და ჩვენს მხიარულებას მისი ჭირისუფლის ყურთასმენა არ შეურაცხეყო! ასე აგვიხსნა იამზე დეიდამ მორიდებით), ჯნოსი რომ მოულოდნელად შეჰბღავლებდა ხოლმე «ააამირან!», ლამის ყურები დაგვსკდომოდა. მე მაინც, ძალიან მგრძნობიარე აღმოვჩნდი და ჯნოსის ვემუდარებოდი, ცოტა გვერდით დაიყვირე, გეხვეწები, ტანში ჟრუანტელი მივლის-მეთქი. გეფიცებით, არ ვხუმრობდი! «ააამირანის» ყოველ გაგონებაზე ცივი ოფლი მასხამდა და ყურებს გამალებით ვისრესდი.

 ჯნოსი მიმიხვდა, ზოგადად ძალიან მიხვედრილი და მგრძნობიარეა, და საწყალი, სულ თითებზე ითვლიდა, რამდენჯერ წამოურა კრუნჩხვამ ტვინის ხვეულებში, რამდენჯერ მოებჯინა ყელში ამირანის სახელი და რამდენჯერ შეიკავა თავი.

 ჰოდა, რაკიღა თავი ღია სივრცეში დაიგულა, ჯნოსის კრუნჩხვამ ფრთა გაშალა და მეზირის მთისაკენ მიმავალ გზაზე დროდადრო იმისთანა ომახიანი შეძახილი ისმოდა ხოლმე, «თამარიონის» პირველ ხმას დაღლილობა სულ ავიწყდებოდა და ამ შეძახილით წაქეზებული თუნდაც ცხრათავიანი დევების გუნდში შევარდებოდა!

 მე კი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჯნოსი ეშმაკს სცდიდა, ეშმაკი ამირანს, სამივე ერთად კი ოუშენის დანარჩენ მეგობრებს და ის იყო, დაღლილობისგან გულისწასვლას ვაპირებდით, ეს შეძახილი რომ შემოგვესმებოდა, სიცილის ისეთი ნაკვერჩხალი დაგვირბენდა ტანში, რომ კუნტრუშის ხასიათზე გვაყენებდა და ისევ ფეხზე წამოვხტებოდით ხოლმე...

 

 რესპუბლიკის მოედანზე გულადის მინიბუსში რომ ჩავსხედით და ხალხს გადავხედე, ხმამაღლა ვთქვი, ათი დღე თქვენ რა აგიტანთ, ბოლოს მაგრად დავიგრუზებით-მეთქი! ჯნოსიმ თქვა, რას ამბობ, ამ ათ დღეში ერთმანეთი იცი როგორ შეგვიყვარდება და ერთმანეთისთვის როგორი ახლობლები გავხდებითო? ჯნოსი რომ მართალი იყო, ამის ფაქტი სახეზეა, ამ ყველაფერს სულ ჯნოსის სიყვარულით ვწერ, მაგრამ მაშინ, მეზირის მთაზე სულისმოსათმელად რომ გავჩერდი და ჩემს უკან მომავალ ხალხს გავხედე, ვიგრძენი, რომ ეს ადამიანები ძალიან ჩემები არაინ, ჩემი მეგობრები, ერთ გზაზე, ერთი მიზნისკენ რომ მივდივართ ახლა და რომ ყველანი ძალიან მიყვარან: უკან დარჩენილი ნამცეცუნაც, ჩვენი ჩამკეტი მორჩაძეც, პარკებით დახუნძლული ამირანიც, არანაკლებ დახუნძლული და მაინც ვაჟკაცურად მომავალი მონადირეც, სამჩანთიანი ნუსაც, სულ თავში მიმავალი ვითიბიც, მხვნეშარე ჯნოსიც, სომბრეროს წყალობით კოლუმბიელი პრეფექტისჰაბიტუსიანი ლამაც, სიტყვისუთქმელად მომავალი სერგიკუნაც და ნელ-ნელა გზას შეგუებული ამეთვისტო ხომ ისედაც მიყვარდა და მიყვარდა! და გული გამინათდა და ყოჩაღ კარავი-მეთქიიიი! დავიკივლე...

 მერე და მერე დასასვენებლად რომ ვსხდებოდით, ადგომა აღარ გვინდოდა და რა მოხდება, აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით. აბალდუი ჭკვიანური სახით გვიხსნიდა, აქ წყარო არ არის, კარვებს ვერ გავშლითო.

 

ლამა კიდევ, დასვენებასაც არ გვაცლიდა _ დაგვიღამდება., ბანაკს ვეღარ მოვაწყობთ, დაგვიღამდებაო. ბოლოს, უკვე ყოველგვარი ღონე რომ გამოგვეცალა და ჯნოსის ჩანთიდან ამოღებული ის 5 ლიტრიანი წყლის ბოთლიც რომ გავხსენით, ლამამ რომელიღაც მთისკენ გაიშვირა ხელი და აი, იქ უნდა ავიდეთ, ესღა დაგვრჩა გასავლელიო. ივლითო? ეჭვით გადმოგვხედა. რეაქციის თავიც აღარავის ჰქონდა. კი არ ვისხედით, ქვებივით ვეყარენით...

 ლამამ წამოდგა და გზა გააგრძელა. ვითიბი მალე მიჰყვა. ჩვენ ისევ უძრავად ვისხედით და აბალდიუც წამოგვეწია, უკან მორჩა და ნამცეცა მოჰყვნენ.

 

წყალი დალიეს და აბალდუი ამბობს, ისე, ეს წყალი ტყუილად ვატარებინეთ ჯნოსის, სადაცაა წყარო გამოჩნდებაო.

 რაოვო? ჯნოსიმ იკითხა, წყარო სულ წვერზე არ არისო? ჰოდა ჩვენც ერთი დასვენებაღა დაგვრჩაო, მხიარულად თქვა აბალდიუმ და აღმართს ახედა, ლამა სად არისო...

 თითქოს ეს გზა არც გამოგვევლოს, ისე წამოვიჭრით...

 ტყე მოულოდნელად დამთავრდა და ალპური მდელოები დაიწყო. ჯერ კავკასიონის ქედი გამოჩნდა, დათოვლილი მწვერვალებით. მათ პირისპირ ვიდექით და თავზარდაცემულები ვკიოდით.

 გოგოები ყვავილებზე გადაირივნენ და სურათების გადაღება დაიწყეს. მერე უკვე ტბაში ნაბანავები ლამაც დავინახეთ და მე და ნუსამ უკან მომავლებს ყვირილი დავუწყეთ, სანამ ბოლომდე არ ამოხვალთ უკან არ მიიხედოთ, ჩვენამდე რომ ამოხვალთ მერე გაიხედეთო! ჯნოსი და სერგუკუნა მოდიოდნენ.

 

ჩვენამდე, ჩვენამდე ამოდით და მერე მიიხედეთო, ვუყვიროდით.

 მერე კიდევ ერთი პატარა მთა ავიარეთ და ავყმუვლდით! _ ჩვენს წინ უშბა იდგა ხელის გაწვდენაზე! მარჯვნივ თეთნულდი იყო და წრიულად კავკასიონის მწვერვალები. და უკვე აღარაფერი გვახსოვდა! ყველა ერთად ვმღეროდით, სურათებს ვიღებდით, პირველყოფილებივით ვკიოდით... აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით.

 

 ტორიას, პატერ, ტორიას...

 

 როგორც ვთქვი, «მეზირ თარგლეზელ»-თან გოგოები არ მიგვიშვეს. შესვლა კი არა და, შორიდან მოუარეთო, გვითხრეს და თვითონ იმისთანა ღირსებით წავიდნენ ეკლესიისკენ, იფიქრებდით, ტორეადორები ხარებთან საბრძოლველად მიდიანო.

 ჰმ! ხარებთან! კი, აბა!

 რას ვიზამდით, ისევ მოვიკიდეთ ზურგჩანთები და იმ გორისკენ გავემართეთ, სადაც წყარო იყო და მწყემსების ქოხები, _ ქარიშხალი რომ ამოვარდეს, შევეფარებითო, გვარწმუნებდა აბალდუი, თუმცა კი, იმ ქოხებს სახურავიან-გვერდებიანად იმისთანა ღრიჭოები ჰქონდა, აი, ის ბორშში ჩავარდნას გადარჩენილი გოჭი თავისუფლად გაეტეოდა...

 აბალდუი ეკლესიაში შევიდა თუ არა, აღარ მახსოვს, ფაქტია, რომ მეორე გორაზე დაგვხვდა ხარებით გარშემორტყმული.

 კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა არქეოლოგ მარსელინო საუტუოლას 10 წლის ქალიშვილის შეძახილმა: «ტორიას, პატერ, ტორიას!» და საუტუოლამ გამოქვაბულში პირველყოფილ ადამიანთა ნახატები აღმოაჩინა.

 

ის ბიზონები დღემდე უყვარს კაცობრიობას, რომელ ენციკლოპადიასა და კატალოგში აღარ ხატავენ! მაგრამ როცა ოთხმა გოგომ მეზირის მთაზე ხარებით გარშემორტყმული ბალდუი დავინახეთ, დაგვიჯერეთ, ის გამოქვაბულის ბიზონები მაგრად არ გვიყვარდა!

 აბალდუიმ შორიდანვე დაგვიძახა, არ შეგეშინდეთ, მშვიდად წამოდითო.

 

წითელი არავის გვეცვა და წავედით. აბალდუი დიდად მოწყენილი დაგვხვდა: ფოტოაპარატი დავკარგეო. როგორ დაკარგე, ხელში არ გეჭირაო? ჟაკეტის ჯიბეში მედოო და რაკი ჟაკეტი წითელი იყო, ხარები რომ არ გაღიზიანებულიყვნენ, გზადაგზა გადმოვაბრუნე და ისე ჩავიცვიო, ეტყობა მაშინ ამომვარდაო. ჩვენი ფოტოებიო? შევიცხადეთ. ფოტოები კი არა, აპარატი მარიამმა მათხოვაო, მოსთქვამდა აბალდუი...

 ამ ლაპარაკში ხარებმა ძოვა შეწყვიტეს, თავები ასწიეს და მთელი ტანით ჩვენსკენ მოტრიალდნენ. რამდენი ხარი იყო, არ დაგვითვლია, მაგრამ მთელი ჯოგი იყო, მერწმუნეთ! ნელ-ნელა გარს შემოგვერტყნენ და წრეც ნელ-ნელა შეავიწროვეს! ვაიმეეეე, ალყაში გვაქცევენოოოო! გულგახეთქილმა იყვირა ნუსამ და ბალდუის მიეკრო. ამ დროს ერთმა ახალგაზრდა მოზვერმა გადაწყვიტა მუხლი გაეშალა და გოგოებისთვისაც თავი მოეწონებინა და კუნტრუშ-კუნტრუშით პირდაპირ ჩემსა და ნამცეცუნასკენ წამოვიდა.

 

ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით აბალდუისგან. ვის რისი ეშინია, არ ვიცი, მაგრამ რქებმოღერებული ხარის დანახვაზე რომელი შეიკავებდით თავს, მითხარით, რა! ვიკივლეთ მე და ნამცეცამ, სამი ნახტომი გავაკეთეთ პირდაპირ დეკის ბუჩქებში და ჩვენც აბალდუის ამოვეფარეთ მეტეხის ციხის კედელივით.

 ხარები იდგნენ. ჩვენც ვიდექით. ნელ-ნელა გავიჩოჩეთ უკან და ამ დროს შორიდან ვითიბი გამოჩნდა. აუ, ეს მარტოა და გული გაუსკდებაო, ვთქვით და ძახილი დავუწყეთ, ნუ მოდიხარ, მანდ გაჩერდი, ნუ მოდიხარო. ბელა ვარ, ბელაო, იძახდა ვითიბი, თქვენიანი ვარ, თქვენიანიო.

 

ის ხარები ჯერ შემჩნეული არ ჰყავდა, თორემ მარსელინო საუტუოლას ქალიშვილის შეძახილი მონაგონი იქნებოდა ვითიბის სოპრანოსთან! ვითიბი რაღაცას მიხვდა და გაჩერდა. აბალდუიმ ჩვენ ვითომ სამშვიდობოს გაგვიყვანა და ახლა მის საშველად დაიძრა. მამაცი იყოოოო, როგორც რომ ზეზვა გაფრინდაული ბახტრიონის ომში!...

 სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, ის მწყემსების ქოხებიც დავათვალიერეთ და კიდევ ერთხელ შეშინებაც მოვასწარით _ ხარები უკან გამოგვყვნენ. ჩანთები დავყარეთ და ქოხის სახურავზე ავძვერით. ერთი ხარი მოგვიახლოვდა, იდგა და გვიყურებდა. მეორე შორიახლოს გაჩერდა და მოვლენების განვითრებას დაელოდა. სახურავიდან გადმოკიდებული ფეხებიც ავიკეცეთ და გულში ვფიქრობთ, ერთი გემრიელი გამოქანება და ამ დაფხავებულ ქოხს ხარის რქები სულ ნაფოტებად აქცევსო...

 

 

 ხარმა ჩვენი ჩანთები დასუნა და ვერ გეტყვით, რა მოეწონა და რა არა, მშვიდად გაბრუნდა უკან.

 ეკლესიიდან ამოსულ ბიჭებს ქოხის სახურავზე მსხდომნი დავხვდით...

 

 უშბა არ დაგავიწყდეთ!

 

 შეიძლება ითქვას, რომ კარვები პირდაპირ უშბის წინ გავშალეთ. ღამდებოდა და ვინც კარავს არ შლით, წადით და შეშა შეაგროვეთო, ასეთი ბრძანება მივიღეთ. მე, თამუსია და თინეიჯერები დავტრიალდით. შეშა კი შევაგროვეთ, კოცონის დანთებაც მოვახერხეთ, მაგრამ კარგად რომ ჩამობნელდა, მაშინ მივხვდით, რომ მინდორი დანაღმული იყო! ხან ვისი შეკივლება ისმოდა, ხან ვისი, გოგოს და ბოჭის გარჩევა არ იყო, ხარების ფუნაში მორიგეობით ვეფლობოდით! არა და, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კოცონი გვენთო.

 

(ჩანადირს არ უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აქ უნდა ვიხმარო) _პარალონები პირდაპირ ნეხვებში გვეფინა!

 ჯნოსის ჭაჭის დალევას საშველი დაადგა, მორჩაძემ რომ ხელით ამოიტანა 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!

 მერე ვისხედით და ვარსკვლავებს ვითვლიდით, დიდსა და პატარა დათვებს ვცნობდით მხოლოდ. მერე რა, რომ პური არ გვქონდა! სამაგიეროდ ყველი გვქონდა და კეთილი გულები! და აბა, მშრალი სუპები არ მეყიდა! სულგუნი იმდენი იყო, პირდაპირ ცეცხლზე ვწვავდით. მშრალი სუპები კი ვერმიშელის ეფექტს იძლეოდა და ძეხვზეც მიდოდა და შპროტზეც. მე და თამუსიამ ჩვენი რკინის ფინჯნები გავწირეთ და პირდაპირ კოცონში ვდგამდით, ნაკვერჩხალზე. და ვინ უყურებდა რომ იმ წყალში ფერფლი და ნაცარი ერთად ეყარა, ყავადაც კარგად დაილია და ჩაიც დიდებული გამოვიდა!

 ღამით, მე რომ ისევ გათიშულს მეძინა, ნუსამ იგრძნო როგორ მოვიდნენ ხარები ჩვენს კარავთან, დაგვსუნეს, გვერდები მოიფხანეს და მშვიდად წავიდნენ.

 დილით ყველა კარავი ადგილზე იყო.

 დილით ლამამ გვითხრა, რომ არსადაც არ გვეჩქარებოდა და შეგვეძლო რადენიც გვინდოდა გვძინებოდა, გვებანავა და გვეკოტრიალა უშბის ძირას.

 

 

 ჯნოსი დროდადრო გახედავდა ხოლმე ჩვენს წინ ასვეტილ მთას და შეგვიძახებდა: «უშბა არ დაგავიწყდეთ!»

 რა დაგვავიწყებდა!

 ვისხედით და ვუყურებდით.

 ჩანჩქერი შ"დგრაც ჩანდა მეზირის მთიდან, შორიდანაც კი ვარჩევდით, როგორ მოქუხდა.

 მერე ლამამ ის მარშრუტი დამანახვა, რა გზითაც ორი წლის წინ ზალიკო ქიქოძე, მერაბ ხაბაზი და გეგე ოთარაშვილი ავიდნენ ჰოლანდიელებთან ერთად და სამწუხაროდ, მერაბი და ზალიკო დაიღუპნენ. მაშინ «ახალ ვერსიაში» ვმუშაობდი და ამ ფაქტზე მე მომიწია წერა...

 საღამომდე ვისხედით მეზირის მთაზე და ვკოტრიალობდით. მონადირემ, მორჩამ და თინეიჯერებმდა იმ ტბაშიც იბანავეს, ეკლესიასთან რომ იყო. გოგოებმა წყაროს შეუშვირეს ტან-ფეხი, ზოგმა თავიც, მოკლედ, ნუსას «ჯონსონის» შამპუნი ტყუილად არ უტარებია.

 

 მეორე სიმღერა, რომელიც ჩვენ ლაშრობას დაებედა, «ცოლი გამიდიდგულდა» იყო.

 

მორჩაძე იწყებდა ხოლმე ქართლელი გლეხის ხმით: «ცოლი გამიდიდგულდააა, იქით გადამიბრუნდაააა, აღარ გადმომიბრუნდააა»...

 ნეტა რას ბრუნავს ეს ქალიო, ბუზღუნებდა ნამცეცა, დიდი ქარფშუტა ვინმეა, კაბისა და ბაღდადის გულისთვის ტრიალებს წინ და უკანო? ჰო, 21-ე სუკუნეში ნამცეცა რას წარმოიდგენს გლეხის ქალის მიზანმიმართულ ინტრიგებს?! ფაქტია, ჯერაც უცოლოდ მოარულ ჩვენს მოლაშქრეებს ცოლის გადიდგულების ამბავი დიდად ხვდებოდათ გულზე და ვითომ ხუმრობით, სინამდვილეში კი შიშით ამბობდნენ _ აზრზე ხარ, ცოლი რომ იქით გადაგიბრუნდება, როგორ ტეხავსო?

 ჰეიიი, ჯერ სად არიაააან...

 

 

 აქ, ალბათ, დედამ იტირა

 

 სადღაც 4 საათისკენ ლამამ მორიგი მთისკენ გაიშვირა ხელი და პედაგოგის მჭევრმეტყველებით წარმოთქვა: აი, იქ უნდა ავიდეთო. მე კი მეგონა, მთიდან დაშვებას ვაპირებდით! თურმე ჯერ უღელტეხილი უნდა გადაგვევლო და მერე დავეშვებოდით.

 და დავიწყეთ. 2400 მეტრზე ავედით ბეჩო-ეცერის უღელტეხილზე და დაიწყო ისევ ვიღაცეების უკან დარჩენები, ხვნეშა და კვნესა.

 

მაგრამ რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო ეგზალტირებულები ვხდებოდით და იქამდეც მივედით, რომ ლამას მადლობების გადახდა არ დავუწყეეეთ...

 აქ ჯერ კიდევ გაზაფხული იყო და იები ყვაოდნენ. ერთ ადგილას ლურჯი იები გულის ფორმას ხატავდნენ, გავშტერდით.

 

და ლამამ თქვა: აქ ეტყობა დედამ იტირაო...

 კინაღამ მეც ავტირდი, გიორგი ლეონიძე გამახსენდა, დედის ნატირალზე ია ამოდისო...

 ვეშვებოდით და უშბა გვაცილებდა, პირდაპირ თვალს არ გვაშორებდა. შეხედეთ, როგორ გვიყურებსო? გვითვალთვალებსოოო... და ძალიან ამაყები ვიყავით, რომ უშბა გვიყურებდა...

 ჩვენ კიდევ, ჩანჩქერ შ"დგრას ვუყურებდით და გული გვწყებოდა. კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა! და ჩვენც მეზირის მთა აღარ გვყოფნიდა, შ"დგრაც გვინდოდა...

 მერე უკვე ქვევით და ქვევით ვიარეთ, დაღმართი იყო და თითქმის გავრბოდით, თუმცა ესეც კაი დამღლელი იყო. გზაში ხან ძაღლების შეგვეშინდა, ხან სვანების. ცხენოსანი ბიჭები გვხვდებოდნენ გზადაგზა.

 

ერთი მოხუცი ბებოც შემოგვხვდა ცხენზე მამაკაცურად გადამჯდარი. აფარასიძე ვააარო, გვარი რომ ვკითხეთ...

 მორჩაძემ სურვილი აისრულა და ცხენზე შეჯდა. იმ ბილიკებზე რამდენად აჭენა, ეს ნამცეცამ თქვას, მთელი ლაშქრობა მასთან ერთად ჩამკეტი ეგ იყო.

 

 და ჩამოვედით ეცერში. ეცერის თემიც რამდენიმე სოფლისგან შედგება. აქ ლამამ კიდევ ერთხელ გაიშვირა თავისი მრავლისმეტყველი ხელი და კიდევ ერთხელ წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები; აი, იქ უნდა მივიდეთო. ეს «იქ» სოფელი ქურაში იყო, მაღლიდან ეკლესიაც კარგად ჩანდა და მის გვერდით მდგარი წითელსახურავიანი სახლიც.

 ოუშენის თორმეტივე მეგობარი ხომ მიყვარდა, არა? და ამეთვისტოზე ხომ მზე და მთვარე ამომდის, არა? მაგრამ მონადირესთან ერთად სიარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, დამიჯერეთ, იმიტომ რომ, სულ რაღაცით არის გაააჰგიჟებული და შენც ისეთ ენერგიას გაძლევს, ფერნა-ფრენით დადიხააარ...

 ჰოდა, იმ ბილიკებზე მონადირესთან ერთად მოვფრინავდი და გზადაგზა ხევსურულ სიმღერებსაც ვმღეროდით.

 

აბა, რომელი ააამირანები ჩვენ ვიყავით, რომ კრიმანჭული გვემღერა! ჰოდა, ამ სიმღერ-სიმღერაში და ფრენა-ფრენაში თხილის ბუჩქები დავინახეეეთ...

 არაააა, არ გადაგვიხვევია!

 უბრალოდ, თხილი გაგვახსენდა, ნედლი თხილი.

 მერე ნედლი ნოგოზიც.

 მერე ხმელიც.

 მერე ბაჟე და ნიგვზიანი ბადრიჯანიც.

 მერე...

 და ბოლოს ავღრიალდით: გვშიააააა!!!

 ვაჰ, ორი დღე მშრალ სუპებზე ვისხედით, ხალხოოოო!

 ჰოდა, ხაჭაპური მინდა-მეთქი, ხმამაღლა მოვთქვამდი. მონადირე კიდევ, კუბდარი, კუბდარიო _ გაიძახოდა. მერე სერგიკუნა და ამეთვისტო წამოგვეწივნენ და საწყალი თინეიჯერები, ვეღარც ლაპარაკობდნენ, მხოლოდ კვნესოდნენ, მაგათი საყელოც კი ჭამს და აბა, რა დაემართებოდათ...

 

 

 ხორგუანებისკენ მივდიოდით ქურაში. სოფლის გზაზე ვიდექით უკვე...

 

 

 

 

 

 

 ლელა გურჩიანი

 

 ნუსა იხსენებდა მერე, სოფლის ჭიშკრებში ისე გავდიოდით, თითქოს სამოთხის ბაღები იხსნებოდა ჩვენს წინო.

 

უბრალო, ხისა და მავთულის ბადის ჭიშკრები იყო, გლეხების ნაკვეთებს კეტავდა. და ვაღებდით და გავდიოდით, ვაღებდით და გავდიოდით. და სახლები იყო სიპი ქვით ნაშენი, ძველებური, სვანური, დიდი და მაგარი სახლები.

 ჩვენ ლამას პაპიდის ოჯახში მივდიოდით, ოუშენის 13 მეგობარი და მისტერ ოუშენი რასაკვირველია, ისევ არაფრად გვადარდებდა.

 ლამამ ლელა ახსენა, ვითიბიმ იკითხა, ამ სოფელში გურჩიანები სად ცხოვრობენო. ლამამ უთხრა, ქვევითო, აი, ჩვენი რძალიც გურჩიანიაო. ლელა გურჩიანიო? გაუკვირდა ვითიბის. ჰოო-ვო, ლამამ, მასწავლებელია სკოლაშიო. ვაჰ-ო, გადაირია ვითიბი, ახალგაზრდა ქალიაო? ძმა დაეღუპა კოდორშიო? და კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ, რომ თურმე რა პატარაა საქართველო! ვითიბი თურმე თავის სტუდენტობის დროინდელ მეგობართან მიდიოდა სტუმრად და ახლაღა გაიგო.

 

რამდენი წელია არ მინახავსოოო, ამბობდა და წინ გარბოდა.

 რასაკვირველია, შეკივლება და შეცხადება არ აგვცდა. მერე ლელა გურჩიანი ჭიშკართან იდგა და წიწილებივით გვითვლიდა...

 ეზოში მოლი ბიბინებდა. ჩანთები დავყარეთ და ჩვენც ზედ დავეყარეთ.

 მერე, სუფრასთან, სადღეგრძელოში ამეთვისტო ამბობდა: რომ შემოვედიო, ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებდა, საჭმელი იყოო და ვფიქრობდიო, ეს ხალხი ნეტავ ვერ ხვდება, რომ ძალიან მშიაო? და თუ ხვდებიან, რატო ხაჭაპურს არ მიცხობენო?

 

 და ლელამ ხაჭაპური დაგვიცხო? და კუბდრები? და ფხალი და სოუზი და სალათი და ჭიშტვრები გაგვიმზადა? ერთმანეთს აღარავინ უყურებდა, თავაუღებლად ვჭამდით და დროდადრო ნეტარებისგან ვხვნეშოდით. უფრო სწორად, ბიჭები ხვნეშოდნენ, გოგები ვკვნესოდით, როგორც ხდება ხოლმე, რა...

 და მერე, როცა მასპინძელმა გვითხრა, ცხელი წყალი ყველას არ გეყოფათ, მაგრამ გოგოებს შეუძლიათ შხაპი მიიღონო, გაიხსენეთ, რომ ეს სვანეთში ჩვენი ლაშქრობის მე-5 დღე იყო და ამ ხუთი დღის ნახეტიალები ოფლი და ჭუჭყი ტანზე გვქონდა შემშრალ-შემხმარი... ბიჭები ცივი წყლით განიბანნენ.

 ჰო, იმ ღამეს სუფთა თეთრეულში გვეძინა რბილ საწოლებზე...

 ქეიფი მეორე დილას გაგრძელდა.

 

სახლის პატრონი, ვახტანგ ხორგუანი გვიან ღამით მოვიდა. მე უკვე ვიწექი, ბიჭების ლაპარაკი ნანასავით ჩამესმოდა აივნიდან. წვიმდა.

 

 «დაშ გელან»

 

 ეცერი დადეშქელიანების სოფელია. აქ დგას ყველაზე მაღალი კოშკი მთელ სვანეთში და სხვა კოშკებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ბოლოში კი არ ვიწროვდება, სწორად მიემართება, რაღაცნაირად, გაჯგიმულია და პირველი ორი სართული მკვრივი აქვს, ანუ მიწითაა სავსე, რაც შუა საუკუნეებში ციხე-კოშკების სიმაგრისთვის გამოიყენებოდა _ გულამოვსებულ კოშკს კედლისსანგრევი მანქანით ვერ დაანგრევდი.

 სამაგიეროდ, ეცერში უამრავი დანგრეული კოშკია. ჩვენი მასპინძელი გვიყვებოდა, დადეშქელიანებს დრიოდადრო არ მოსწონდათ, რომ სხვა გვარები ძლიერდებოდნე და კოშკები ბევრს დაანგრევინესო.

 დადეშქელიანები სვანეთის თავადებად გვან ჩნდებიან, რომელ საუკუნეში, არ ვიცი, მაგრამ თამარის დროს რომ სვანეთის მთავარი ვარდანისძე იყო, ამას მატიანე გვეუბნება. ლატალის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის სცენა, სადაც მას წელზე ხმალს არტყამს სვანეთის მთავარი ვარდანისძე.

 

 რაც შეეხება დადეშქელიანებს, ხალხი დღემდე ყვება: სვანეთში ყაბარდოდან მონადირე გადმოსულა.

 

ეცერში რომ შემოსულა, სოფლის მღვდელთან მისულა. უკითხავთ, საიდან ხარო. უპასუხია: «დაშ გელან», ანუ დათვს გამოვყევიო. ასე შეარქვეს დაშგელანი ანუ დადეშქელიანი, ზოგიერთ სოფელში დაჩქელანადაც რომ იხსენიებენ.

 მღვდელს ოჯახში მიუღია და თავისი ქალიშვილიც მიუთხოვებია.

 

ეტყობა კარგი ვაჟკაცი იყო ის დათვზე მონადირე, თორემ, ან მღვდელი რატომ გადაირეოდა მასზე, ანდა მისი ქალიშვილი! და მღვდელს სოფლისთვის უთხოვია, ყველამ თითო ხარი მოუყვანეთ საჩუქრადო. ზოგნი ამბობენ, თითო კვერცხიო. მოკლედ, ხარი იყო თუ კვერცხი, ამ ერთ კაცს, საქორწილო საჩუქარი იმდენი მოუგროვდა, რომ იმ მხარეში ყველაზე მდიდარი გამხდარა უცებ.

 

სიმდიდრე კიდევ, ძალიაა, დღესაც და მაშინაც.

 სვანეთის ბოლო მთავარი, არზაყან დადეშქელიანი, რომელმაც ხანჯლით აკუწა მგონი მეფისნაცვალი (ზუსტად აღარ მახსოვს თანამდებობა) გაგარინი, სხვათა შორის, იმ მანანა ორბელიანის სიძე, შეუდარებელი ვაჟკაცი ყოფილა, ახოვანი და წარმოსადეგი. ერთხელ თურმე, მეზობლებს დავა ჰქონდათ, ერთი გალავანს აშენებდა და მეორე ედავებოდა, გასასვლელი იმხელა დატოვე, რომ ხარ-ურემმა გაიაროსო. და ჩამდგარა არზაყან დადეშქელიანი შუაში, შემოურტყამს დოინჯი და უთქვამს, რამხელაზეც ჩემი იდაყვებია გაშლილილი, იმხელა მანძილი მონიშნეთო. იმ ადგილზე დღესაც გზა გადის და დღესაც უკვირთ სვანებს, მაინც როგორი ახოვანი კაცი უნდა ყოფილიყო, რომ დოინჯშემოყრილი მისი იდაყვები ამხელა მანძილს საზღვრავდაო.

 

 სოფელი ეცერი ორი მდინარის დაკხარისა და კედრულას შორისაა გაშენებული. ამ მდინარეებში კალმახიაო ბევრი, გვიხსნიდა მასპინძელი.

 

 დადეშქელიანების გარდა, გადაშენებული გვარია დემეტრიანებიც. მათი კოშკი დღემდე დგას, რომლის ეზოშიც საგვარეულო აკლდამა იყო.

 

სვანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რომ გატაცებული ლევან კალაძის ნეშტის ძებნისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ აკლდამაზე მიიტანა ეჭვი, მე-19 საუკუნეში გარდაცვლილი ადამინების ძვლები ამოთხარეს და თბილისში ექსპერტიზაზე წამოიღეს. რად უნდოდა იმას ექსპერტიზა, ისედაც ხომ ემჩნევა ძვალს სიძველეო, გულდაწყვეტით გვიყვებოდნენ სვანები, აკლდამა როგორ შეურაცხყვეს, გარდაცვლილთა ძვლები როგორ შეაწუხესო. მერე ძვლების ნაწილი ჩამოყარეს სოფელშიო. 12 ადამინი იყო იქ დამარხული. 12 ადამიანის ძვლები წამოიღეს ექსპერტიზაზე.

 

 

 ქურაში, ფხოტრერი

 

 ხომ იცით, რომ სვანეთში ყველა ეკლესია დაკეტილია. დღისითაც და ღამითაც. ვერ გაიგებ, იქ შესვლის უფლებას ერთმანეთს არ აძლევენ, თუ ჩვენნაირ დამთვალიერებელს უფრთხიან.

 

ალბათ უფრო კომუნისტების დროიდან ფრთხილობენ, როცა სვანეთში დიდ-პატარა თამარისდროინდელ განძს დაეძებდა...

 ფაქტია, სოფელში რომ შეხვალ, სადაც მე-10-11-12 საუკუნის ფრესკებიანი ტაძრებია და დაახლოებით ამავე საუკუნის სახარებათა ხელნაწერები, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გასაღები მოიპოვო და ეკლესიაში შეხვიდე. ამისათვის ან ვინმე სვანი უნდა გახლდეს, ანდა სოფლის რომელმე მკვიდრს მოეწონო ძალიან და რატომღაც.

 ქურაშის წმინდა გიორგის ეკლესიის გასაღები ხორგუანებს აქვთ, სწორედ იმათ, ვის ოჯახშიც დავპურდით და დავისვენეთ.

 ეკლესია, რა, სვანეთში ყველა ეკლესია ბაზილიკაა, ერთნავიანი, ანდა სამნავიანი. მაგრამ შეხვალ შიგნით და შტერდები. ჰოდა, ქურაშის ჯგრაგშიც გავშტერდით:

 საკურთხეველში, ხის პატარა ყუთში, მე-12 საუკუნის ხელნაწერი სახარება დევს.

 

 საერთოდ, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები... ჰოდა, სვანეთი თქვენ რა გგონიათ, რაც ბარში ხდებოდა, იგივე მეორდებოდა იქაც, ოღონდ, რატომღაც სვანეთის ეკლესიებში დრო გაჩერდა და ისევ მე-11-12 საუკუნეებია.

 

რატომ მოხდა ასე, ამას აბა, მე როგორ გიპასუხებთ, მხოლოდ იმას გეტყვით., რომ ქურაშის ეკლესიაში ის სახარება ინახება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს მოხსენიებული და რომელიც დღემდე შეუსწავლელია.

 და მთელი 9 საუკუნე კარგად რომ ინახება, ამაში ხომ ეჭვი არ გეპარებათ!

 იქ არის და ხელსაც ვერავინ ახლებს! ერთი ეგაა, რამდენიმე უსულგულო ადამიანს, თუ ვაი მეცნიერს, მისთვის რამდენიმე ადგილას გვერდები ამოუჭრია, (შესასწავლად ვითომ?) და ეს დანით ისე კოხტად გაუკეთებია, ეჭვი არ შეგეპარებათ, ამ ფურცლის მიხედვით გამოკვლევასაც ასევე ლაზათიანად დაწერდა და იქნებ დისერტაციაც დაეცვა?!

 

 ბიჭები გალობდნენ, მე-12 საუკუნის ხელნაწერი კი იდო და სიმშვიდეს აფრქვევდა.

 

 ფხოტრერიც ეცერის თემის სოფელია. ლამა ამბობს, ფხტრერი თქვი, «ო»-ს ნუ უმატებო. მაგრამ მესტიის მუზეუმში, ბატკა ნავერიანის ხეში ნაკვეთ კარს აშკარად «ფხოტრერის ეკლესიის ასლიო», ასე აწერია.

 ეს ტაძარი მე-9 საუკუნისაა, მთავარანგელოზთა სახელობის და ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება და რომელზეც მთავარანგელოზები არიან ამოკვეთილნი, ხელუხლებლად დაგხვდებათ დღესაც.

 

 ჰოდა, ჯერ ამ კარის დანახვა შეგაშფოთებთ, ხელს შეახებთ, მერე ტუჩსაც, და მერე თავსაც მიადებთ. მერე ეკლესიაში შეხვალთ. თუკი სვანი, ან სვენეთზე შეყარებული ვინმე გახლავთ თან, ამ ეკლესიასაც გაგიხსნიან.

 

ფრესკები აქ უკეთესადაა შენახული, ვიდრე ქურაში. ხეზე დაწერილი მათავარანგელოზთა უზარმაზარი ხატიც დაგხვდებათ და ჰოი, ღმერთო, მაღალო! სახარებაც.

 

 უბრალო ამბავია, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები...

 

 ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც რა ხდება? იკითხავთ, რადგან რაღაცნაირ უხერხულობას გრძნობთ ამდენი ხელნაწერი სახარებების ხილვით, არა?

 კი, მაგრამ რაშია საქმე? რამე უცნაურობას ხედავთ იმაში, რომ სახარება ეკლესიაში დევს?

 აჰ, საუკუნეები?

 და თუ მეტი არაფერი, მაშინ ილოცეთ, ანდა იგალობეთ, თუ ამის ნიჭი გაქვთ, საუკუნეებზე ფიქრი კი სვანებს დაუტოვეთ. ხომ ხედავთ, რომ იქ დრო სულ სხვანაირად გადის.

 

 

 სვანეთში მერამდენედ ვიყავი, აღარც მახსოვს და ყოველი იქ ჩასვლა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ ის ბედნიერება, რასაც ახლა განვიცდიდი, ყველა სხვა ემოციას ჩრდილავდა. და ეს იმიტომ, რომ ყოველ ტაძარში, ლაშქრობისას, გზაში თუ სახლში, ჩვენთან ერთად «თამარიონი» იყო და მათი გალობა და სიმღერა მუდამ თან გვახლდა.

 

 

 სხვანაირად სვანეთი ვეღარ წარმომიდგენია.

 და მთელი ეს დღეები, როცა ვზივარ და ამ პოსტებს ვწერ, სწორედ მათი სიმღერა ჩამესმის ყურში და ჩემს «სვანურ დღიურებსაც» მათ ვუძღვნი:

 ჯნოსს, ამირანს, მორჩას, ლამას...

 

 შვიშტოკები და ფუქსავატები

 

 ნეტავ «უაზები» რომ არ ყოფილლიყო, ჩვენისთანები სვანეთში გადაადგილებას როგორ შეძლებდნენ?

 ეცერიდან მესტიამდე რამდენი კილომეტრია, არ ვიცი, და საერთოდ, რატომ გაინტერესებთ ეს მანძილები და საათები?

 მიდით, გაუდექით გზას და დაილევა ბოლოს, აბა რას იზამს?

 თუმცა იმ დღეს, მონადირე და სერგიკუნა რომ «უაზის» საზურავზე ისხდნენ, საკუთარ ცხვირ-პირზე აშკარად მანძილსაც გრძნობდნენ და დროსაც.

 

კი ისხდნენ და... რამდენჯერმე გავაჩერეთ და, ვსხედვართო, რა...

 იმ დღეს აბალდიუს 37 და 5 ხაზი ჰქონდა ტემპერატურა, მაგრამ ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვის მერე მგონი აღარც გვიკითხავს როგორ ხარო. იყო რა, ხომ იყო და...

 მესტია რომ გამოჩნდა, მორჩაძემ თქვა, აუ, მომენატრა მესტია, ასე მგონია სახლში ვბრუნდებიო.

 

 სახლში კი _ აივანზე დაწოლა თავიდან ვითიბიმ მოითხოვა, ოთახში ჰაერი არ არისო. ოთახი სამი იყო, აქედან ჩვენ ორი გვეკუთვნოდა, ორშიც იმ სახლის მდგმურები ცხოვრობდნენ _ ნონა და მისი ქალიშვილები.

 

მათ სახელებს მე ნუ მკითხავთ, ბიჭებს ეცოდინებათ, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ცოცხი ძლივს ვიპოვე, აქანდაზი კი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეზოში წყალს გასასვლელი არ ჰქონდა და იქვე, კიბესთან გუბდებოდა. თამუსიამ ჰკითხათ, ნიჩაბი ან თოხი ხომ არაფერი გაქვთ, წყალს გასასვლელს გავუკეთებო. ეს ერთი დღის წინ ჩასულმა თამუსიამ ჰკითხათ! გოგებმა ისე შეჰხედეს, თითქოს ნიჩბის გამოჭედვა მოსთხოვეს. მოათვალიერა თამუსიამ ეზო, მაგრამ რომ არაფერი ნახა, ჩაიქნია ხელი. და გუბდებოდა წყალიიი და ვხტებოდით ამ გუბეზეეეე და ის გოგოებიც ახალგაზრდები იყვნენ და უნდა გითხრათ, რომ ცუდი ნახტომი არც იმათ გამოსდიოდათ!

 

 თავიდანვე ისე გავნაწილდით, რომ გოგოები ერთ დიდ ოთახში მოგვათავსეს, სადაც ოთხი საწოლი იდგა. საძილეები საწოლებზე გავშალეთ და ხელ-ფეხიც გავჭიმეთ.

 

იმის გამო, რომ ვითიბიმ ოთახზე უარი თქვა, ნამცეცა კი მეორე დღეს ჩამოვიდა, ვაკანსირებული საწოლი ლამამ აითვისა. თურმე ადამიანს კომფორტი ჰყვარებია და კი ვერ მივუხვდით!

 მეორე ოთხში თინეიჯერები და მონადირე განთავსდნენ. თინეიჯერებს, ჩვენგან განსხვავებით საწოლზე მხოლოდ ზამბარები ერგოთ, ამიტომ ზედ პარალონებსაც იშლიდნენ. მონადირე კი იატაკზე იწვა ჭუპრის პოზაში. დანარჩენები აივანზე იწვნენ, შპროტის თევზებივით მშვიდად და უშფოთველად.

 ეცერიდან დაბრუნებულმა აბალდიუმ ავადმყოფობის საბაბით საწოლი მოითხოვა და ამაზე ნუსას მხრიდან ისეთ მზაობას წააწყდა, კინაღამ გადაიფიქრა: ოთახში რომ ჰაერი არ იქნება, სუნთქვა უფრო არ გამოჭირდესო.

 ნამცეცა ისედაც აივანზე იძინებდა. რატომღაც მონადირესაც აივნისაკენ გაუწია გულმა, მონადირეს თინეიჯერები მიჰყვნენ, მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა (რატომ ვეწინააღმდეგებოდი, ეს უკვე აღარ ვიცი) და მაყრულად წოლა იცით რას ნიშნავს? აი, ამას, როცა ერთ სიბრტყეზე იმდენი ხალხი წევს, რომ თავი ბოსტანში გგონია, კიტრებს შორის.

 

მაყარი ხომ გახსოვთ, კარკუჩიდან ჩამოყვანილ პატარძალს რომ გამოჰყვნენ ცხენებით...

 ოუშენის 13 მეგობარს ცხენები არ ჰყავდათ, მაგრამ იმ ღამეს აშკარად კარკუჩელი პატარძლის მაყრებივით იწვენენ და იქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ წოლა ძალიან უხაროდათ...

 

 ადამიანთა კლასიფიკაციის რამდენიმე მცდელობა არსებობს. რა ვქნა, გვარებს ცუდად ვიმახსოვრებ და მეცნიერთა დასახელებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ სამაგიეროდ კარგად მახსოვს, რომ ადამიანები იყოფიან სანგვინიკებად, ქოლერიკებად, მელანქოლიკებად და ასთენიკებად. ზოგი მეცნიერი ქოლერიკს ტოვებს და მხოლოდ სამ ჯგუფს გამოყოფს. აი, ჯნოსი ადამიანებს მხოლოდ ორ კატეგორიად ყოფდა, ყოველ შემთხვევაში, სვანეთში წასვლამდე ასეე იყო: შვიშტოკებად და არაშვიშტოკებად. ყველაზე დიდი შვიშტოკი თამუსია იყო. შევიშტოკი იყავი მაშინ, როცა რაიმე (ჯნოსის აზრით) სისულელეს იტყოდი, ანდა (ჯნოსის აზრითვე) სულელურად მოიქცეოდი, საკუთარი აზრის სხვებისთვის გაზიარებასა და გატანას დაიჩემებდი და ა.შ.

 შვიშტოკების კატეგორიაში ხშირად ბიჭებიც ჰყვებოდნენ, რადგან «ნი ტო» სიტუაცია ხომ ყველას თავს არის...

 მაგრამ მესტიაში ჩასვლისთანავე ნუსამ ჯნოსის ყურისთვის სრულიად ახალი, ქათქათა და სახამებლისგან მოშარიშურე სიტყვა წარმოთქვა: «ფუქსავატი».

 

 

 და ჯნოსის ცნობიერებაში ადამიანები უკვე სამ კატეგორიად დაიყვნენ: შვიშტოკებად, ფუქსავატებად და მაგარ როჟებად. ფუქსავატად გახდომა ეწერა ყველას, ვისაც კი ოდნავ მაინც გადაუცდებოდა ფეხი «მაგარი როჟის» შკალაზე. ძირითადად ეს გოგოებს გვემართებოდა ხოლმე, ხო იცით, ქალს მაინც სუსტი ფეხი აქვს და ხან სად გვიცდება და ხან სად...

 ჰოდა, თვითონ მიხვდით, იმ ღამეს, ეცერიდან დაბრუნებული, კარკუჩელი პატარძლის მაყრებივით აივანზე ჩარიგებული გოგო-ბიჭები შვიშტოკები იყვნენ თუ ფუქსავატები?

 

 

 ლილე

 

 ლილევოდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ზეციერო!

 

 ოქროსი გიდგას სრა-სასახლე, გარს აკრავს ოქროს გალავანი,

 გალავნის ძირას ირმებია, ქიმ-ქონგურაზე _ შევარდნები.

 შენს საღმრთო ხარებს, მეუფეო, რქები ადგათ – რქები ოქროსი,

 იალაღებზე ბუღრაობენ, ირყევიან დიდი ქედები.

 ნებიერი შენი ვერძები რქებით ერთმენეთს აწყდებიან,

 მთთა იმსხვრევა ხერხემალი, ქანაობენ მძიმე ბურჯები.

 ლილევოდა, დიდება შენდა, ბნელი ახლო ვერ გეკარება,

 ზღვასა და ხმელზე დაგიყრია მოელვარე სამკაულები.

 

 

 

 ლილევოდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ზეციერო!

 

 ნაკიფარის ეკლესია

 

 სვანეთში იმიტომ მიდიხარ, რომ გაიგო, რატომ მღერიან სვანები «ლილეს»,

 და გაიგებ თუ არა, ეს უკვე ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

 

 უშგულისკენ მიმავალ გზას წვიმა ხშირად აფუჭებს-მეთქი, ხომ გითხარით, მაგრამ როგორც წესი, დიდხანს არ რჩება ასე და მეორე-მესამე დღეს ასწორებენ.

 იმ საღამოს, ეცერიდან რომ დავბრუნდით და აივანზე კარკუჩელი მაყრებივით გვეძინა, უკვე ვიცოდით, რომ უშგულის გზა გაკეთებული იყო და დილით ადრიანად გავიდოდით.

 

 აი, ხომ სვანეთში ვიყავით არა? და ხომ ზღაპრულ სამყაროში დავაბიჯებდით, არა? და ხომ დავდიოდით და დავდიოდით და დავდიოდით და კიდევ და კიდევ უფრო მეტი ადგილების ნახვა გვინდოდა, არა? მაგრამ ეს დილაუთენია ადგომები გვკლავდა!

 და ამ მურტალი შეგრძნებისგან თავის დასაღწევად ერთი მეთოდი ჭრის: უნდა თვალები დახუჭო მაგრად, მაგრად და ერთი გულიანად შეიგინო!

 და როცა უკვე ყველა ეშმაკს მიაკურთხებ, მერე ისე ლაღად წამოხტები, ვითომც 5 კი არა, 45 საათი გძინებია...

 

 ახლა რით წავიდოდით უშგულში, თუ არა «უაზით»!

 და მძღოლს სახელი ჰქონდააა! არც მეტი, არც ნაკლები _ ჯოჯოს ძმა!

 აი, იმ ჯოჯოსი, ნამცეცუნა რომ მშვიდობით ჩამოიყვანა მესტიაში და ჯოჯოხეთის გზას არ გაუყენა. ფუი, ეშმაკს და, რაკი ჯოჯო ვერაფერს გვაკლებს, მისი ძმა რას გვიზამსო, გავიფიქრეთ სათითაოდ გულში და ოუშენის 13 მეგობარი «უაზში» ავბარგდით.

 ჰო, ჩვენთან ერთად ჩვენი მეზობლებიც ამობარგდნენ _ ქალბატონი ნონა და მისი «ნაჩოსიანი» ქალიშვილი (გოგოს თმა ედგა? საბჭოთა მებუფეტეები სირცხვილით დაიწვებოდნენ!).

 

 

იფარში მივდივართ ქორწილშიო. ჰოო, ზუსტად ის ქალიშვილი, სახლში ცოცხის ადგილსამყოფელის მოძებნა რომ უჭირდა...

 

 იფარი უშგულის გზაზეა. რა გითხრათ, აბა, ამ სოფელზე. ბავშვობიდან რაღაც ჯადოსნურ სიტყვად ჩამესმის: იფარი, იფარი, იფარი...

 ამ სახელს იმეორებდნენ ბებია, ბებიის დები, დედაჩემი.

 მერე, როცა ცოტა წამოვიზარდე და სვანეთში ამოვედით, ყველაზე ნაკლებად ეს სოფელი მომეწონა, ვთქვი კიდეც, იფარში არ დავრჩები--მეთქი, თითქოს ვინმე მტოვებდა, რა...

 

 

 მაგრამ იმავე იფარში რომ ახვალთ, ნაკიფარი იკითხეთ და ეკლესია სად არის-თქო, ქალი იქნება თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჰკითხეთ და იქით გაიქეცით, საითაც მიგასწავლით, იმიტომ რომ ღმერთმა ისურვა, თქვენ ამ სოფელში მოხვედრილიყავით და ნაკიფარის ეკლესიის კედლის მხატვრობა გენახათ.

 სვანეთი ხომ სასწაულების მხარეა და აქ ყველაფერს უნდა მოელოდე, ხელნაწერი ოთხთავები უნდა ნახო, «ლილე» უნდა მოისმინო, უნდა იარო დარეტიანებულმა და კოშკები თვალო და კიდევ, ეკლესიებში უნდა შეხვიდე და ფრესკებს შეხედო.

 ნაკიფარის ეკლესიაში უნდა შეხვიდე და ფრესკებს შეხედო!

 აუცილებლად უნდა შეხვიდე!

 იმოტომ რომ სვანეთში ხარ და სასწაულები გრძელდება.

 ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ხატი ხომ გინახავს?

 ასეთი ფრესკაც ხომ გინახავს?

 სხვა წმინდა მხედრებიც ხომ გინახავს? წმინდა დემეტრე, მაგალითად.

 ნაკიფარში რომ შეხვალ, გაშტერდები.

 იმიტომ რომ შენს წინ ყალყზე შემდგარ, აჭიხვინებულ ცხენებზე წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე სხედან.

 და ცხენები ლამისაა კედლიდან გადმოხტნენ და საბრძოლველად გაქროლდნენ...

 

 

 და რომ უყურებ, არ გჯერა, რომ ეს შუასაუკუნეების ფრესკაა.

 ეკლესია მე-12 საუკუნისაა და მოხატულია მეფისმხატვარ თევდორეს მიერ.

 ამგვარი სითამამეს ბარის ეკლესიებში ვერსად შეხვდებით, მხატვრული ღირებულებით კი ეს ფრესკა ყინწვისის ანგელოსზს უდგას გვერდში.

 და ორივე «ქართული რენესანსის» პირმშოა...

 

 მაპატიოს ოუშენის 13-მა მეგობარმა, მათ ეს ფრესკა არ უნახავთ, იმიტომ რომ ეკლესია დაკეტილი იყო, გასაღები მამაოს ჰქონდა, მამაო კი ქვედა სოფელში იყო და ამოსვლას საღამოსთვის აპირებდა ლოცვაზე, ჩევნ კი მძღოლად ჯოჯოს ძმა გვყავადა და უშგულისკენ მივდიოდით. ეკლესიას გარედან შევხედეთ, მის წინ სურა|თები გადავიღეთ და დავიძარით.

 ოუშენის 13 მეგობარს ეს ფრესკა არ უნახავთ, მაგრამ ცხოვრება ხომ წინ არის და სვანეთი კი ის კუთხეა, სადაც ერთ ჩასვლაზე ყველაფრის ნახვას ვერც მოასწრებ.

 

 

 და არც გინდა, გაისადაც ხომ უნდა ჩახვიდე...

 

 კალა

 

 მურმან ლებანიძეს ლექსების დიდი ციკლი აქვს სვანეთზე. დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო, რას გრძნობდა სვანეთში პირველად ასული ლებანიძე, თუმცა კი, პირველ თავზარდაცემას თუ მეორე, მესამე და მეოთხეც არ მიაყოლე, სადღაც სიზმარში ჩარჩები და ვეღარ გამოხვალ.

 ასე რომ, სვანეთში ვიყავიო, ამაზე აბსურდული გამოთქმა არ არსებობს. «ვიყავი» კი არა, «დავდივარო», უნდა თქვა და მაშინ შეიძლება დაგიჯეროს მსმენელმა, რასაც უყვები.

 

 მართალია, ოუშენის 13-მა მეგობარმა ნაკიფარის ეკლესია ვერ ნახა, მაგრამ იფარში შესულებმა სულ სხვა, ბუნების სასწაული ვიხილეთ: სოფლის ქუჩაზე, პირდაპირ მიწაზე წვიმისგან გუბეებად ჩამდგარ წყალზე თეთრი პეპლების გუნდი იჯდა. ასეულობით პეპელა ჩვენს ყიჟინაზე წამოიშალა და ირგვლივ თოვლის ფანტელებივით აფარფატდნენ. პირველი, რაც თავში მოგვივიდა ყველას, გადავიღოთო, ვიყვირეთ.

 

აბალდუიმ მოასწრო და ვიდეო კადრებიც გადაიღო და ახლაც, როცა ამას ვწერ, პეპლებით გარშემორტყმული ლამა და ვითიბი მიდგანან თვალწინ. კადრში ვიღაცის ხმა ისმის, «საიდან ამდენი?» და ლამას პასუხი: «მაგარია, მაგარიიი»! და მერე აბალდუის ხმა - «რატო დააბიჯეეე»...

 და ასე ვიდექით პეპლების თოვაში...

 

 უშგულის გზაზე რომ მიდიხარ, სჯობს წინ იყურო, იმღერო, მეგობარს ჩაეხუტო, იცინო ან ანეგდოტი მოყვე. თუ სუსტი გული გაქვს, სჯობს გვერდზე რაც შეიძლება იშვიათად მიიხედო და მით უფრო გადაიხედო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, მანქანას ბორბლები პირდაპირ ჰერში აქვს და წამის მეათასედებით გადადის უფსკრულზე.

 აქ ენგური მოდის.

 ეს ის ენგურია, ოქრო რომ ჩამოაქვს და ოქროს საწმისის მითს რომ აგრძელებს.

 

 

 

 უშგულის გზაზეა სოფელი კალა. «ვოი, კალა-უშგული შეკრებილა», _ ამ სოფლის დანახვაზე უნებურად გაგახსენდება მურმან ლებანიძის ლექსი გურამ თიკანაძეზე.

 კალა სპარსულ-არაბულად ციხეს ნიშნავს, ამ სიტყვის სვანური ეტიმოლოგია არ ვიცი, ციხეზეც ვერაფერს გერტყვით, სვანებს აშკარად კოშკებიც ჰქოფნით, მაგრამ, ამ სოფელს ლეგენდად და მითად წმინდა კვირიკეს ეკლესია აქვს და ამითაა ცნობილი მთელ საქართველოში.

 კვირიკობა 28 ივლისს იმართება და გრანდიოზული დღესასწაულია, მთელი სვანეთი იკრიბება და თბილისიდანაც უამრავი ხალხი ჩადიოდა ხოლმე ამ დღისათვის.

 ლაგურკა – ასე ეძახიან კვირიკეს ეკლესიას. და დღემდე მიკვირს, წმინდა კვირიკეს, ამ პატარა ბავშვის სახელზე ასეთი მნიშვნელოვანი სალოცავი რატომ ააშენეს სვანებმა? (ღმერტო შემინდე, ლოგიკურ მსჯელობას უფლის სასწაულები არ ექვემდებარება, მაგრამ მაინც... )

 რაჭაშია კიდევ სოფელი კვირიკეწმინდა.

 

საქართველოს ბარში ამ წმინდანის სახელზე იშვიათია ეკლესია, სვანეთში კი ამგვარი გრანდიოზულობით აღინიშნება.

 შესაძლოა, ამ მთაზე ქრისტიანობამდე რაღაც ძლიერი სალოცავი იყო, რომელიც წმინდა კვირიკეს ეკლესიით ჩანაცვლდა და სვანების ცნობიერებაში ორი რელიგია შეერწყა ერთმანეთს.

 შესაძლოა, არ ვიცი.

 ჰოდა, თუ სვანეთში წასვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ 28 ივლისს დაამთხვიოთ, რომ კვირიკობაზე კალაში ახვიდეთ. ღამეც გაათიოთ, «შინა ვორგილიც» იცეკვოთ, და მოუსმინოთ, როგორ მღერიან სვანები «ლილეს»

 

 

 დიდება, უშგულის მარიამს...

 

 უშგულს რომ უყურებ, რატომღაც ფიქრობ, რომ მდინარე კი არ ჩამოუდის, ეს კოშკები მიუყვებიან მდინარეს.

 უშგულში ოთხი სოფელია: ჯერ მუყმერში შედიხარ, მერე ჩვიბიანი გამოჩნდება, მერე ჩაჟაში, მერე ჟიბიანი.

 

გაღმა დასახლებას ლაგჯვრიშს ეძახიან.

 

 ლამამ აიჩემა, «უაზი» ლამარიამდე აგვიყვანსო. ჯოჯოს ძმა არანაკლები ჯოჯო იყო, მაგრამ მისმა «უაზმა» ლამარიამდე მაინც ვერ გაქაჩა. რომელიღაც მკვეთრ აღმართზე შეეკიდა და სანამ დაგორდებოდა, თავს ვუშველეთ. ენგურის ფლატეებს გადავურჩით და ლამას გადამკიდე, «უაზის» ქვეშ არ ვყვებოდიიით!.

 თანაც ფეხით გვინდოდა იქურობის მირბენ-მორბენა. ზევით კიდევ, ლამარია გველოდა.

 

 

 

 უშგულში ტურისტი კი არ უკვირთ, მაგრამ ჩევნ ისე გზააბნეულები შევესიეთ უშგულის შუკებს, რომ მრავლისმნახველი უშგულელებიც კი გავაკვირვეთ.

 

 

 გვეტყობოდა, რომ პირდაპირ ლამარიასკენ მივდიოდით, თანაც ერთის ამბით, ჰოდა, სვანეთის დაკეტილი ეკლესიების ამბავი ხომ გახსოვთ, ლამარიაც, რასაკვირველია, დაკეტილია, მაგრამ ჩვენ იმისთანა ყიჟინით მივდიოდით, რომ ლამარიამდე მისულებს, გასაღებიანი სვანი უკვე ადგილზე გველოდა და ვიდრე ეკლესიის გალავანსა და თვითონ ეკლესიას გაგვიღებდა, ჯერ დიდიხანს გვაკვირდებოდა.

 

 ჩვენც, ჯერ ლამარიას კოშკზე ავედით. ვაჟკაცსა გული რკინისაო, მაგრამ იქ რკინის გული და შევარდნის მუხლები სულ არ იყო საჭირო, 4 თუ 5 სართული ავიარეთ, ხის კიბე იყო მიყუდებული, ცოტა კი საშიშად ირხეოდა, და ცოტაზეც ცოცვის მარტივი ელემენტების გამოყენება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენი ეგზალტაციის კოეფიციენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე შიშის და პირველ ნაკადად ვითიბი, ჯნოსი, მე და თამუსია ავედით.

 მეორე ნაკადად მორჩაძე და ნამცეცუნა ამოგვყვნენ. მერე ამეთვისტო, მონადირე, სერგიკუნა და ჯნოსიმ იყვირა, ჩაინგრევა ეს კოშკი, ჯერ ჩვენ გვაცალეთ ჩამოსვლაოოოო.

 

 კოშკის ბოლო სართულზე ისეთები ვისხედით, თითქოს საგვარეულო ბრძოლა მოგვეგოს და ერთის ამბით ვიღებდით სურათებს.

 

ხანდახან ვწითლდები ხოლმე, ამ ამბებეს რომ ვიხსენებ.

 ჰოდა, იმდენი ვიჟივილ-ვიხივილეთ, რომ კოშკის ქონგურზე მცხოვრები შევარდნის თუ მიმინოს ბარტყები გავაღვიძეთ. მონადირემ თქვა, შევარდენიაო, და დავუჯერეთ, თორემ შეიძლება მიმინოც იყო, ანდა სულაც ქორი?

 პატარა, ახლად შებუმბლული ბარტყები იყვნენ. იქვე მკვდარი თაგვებიც ეყარა. რომ ავედით, არც შეგვიმჩნევია, ჯერ საკუთარი თავი გვახარებდა და...

 იმ საწყლებს ისეთი ხმაური ჩაესმათ ყურში, რომ დაფეთებულებმა დაიწყეს წივწივი, მაგრამ აბა რაღა დროს.

 და სურათებს რომ ვიღებდით, ამ დროს რაღაც ფრინველი მოასკდა კოშკის სათოფურს და ჩვენს დანახვაზე ისევ უკან გაფრინდა.

 

ამ დროს ბავშვობაში წაკითხული გვრიტის ზრაპარი გამახსენდა, ბოროტმა კაცმა ბუდიდან შვილები რომ ამოუსხა და სახლში წაიყვანა...

 

 ის კაცი, ლამარიას გასაღები რომ ებარა, სიტყვისუთქმელად იჯდა იქვე ხის ფანჩატურში სკამზე და გვაკვირდებოდა.

 იმან რა იცოდა, რომ სიმბოლურად ოუშენის მეგობრები ვიყავით და ხმას არ იღებდა.

 როცა კოშკიდან ყველა ჩამოვედით, ჩვენც ფანჩატურის სკამებზე ჩამოვსხედით და აღარ მახსოვს, სიმღერა ვინ დაიწყო, ანდა პირველი რა იმღერეს.

 ფაქტია, რომ მერე «შინა ვორგილი» დაიწყეს.

 აი, სიმღერა ხომ არ გვაკლდა მთელი ათი დღე არა? მაგრამ ცეკვაში აშკარად გვიჭირდა. ერთი მონადირე ჩამოუვლიდა ხოლმე წრეში გაააჰგიჟებული და ქალთაგანი რომ ვერავინ გაეცეკვებოდა, კიდევ უფრო გიჰჟდებოდა.

 

 

 მოკლედ, უქალობის ნიადაგზე სვანეთში «თამარიონს» «ლომკა» ჰქონდა.

 ჰოდა, უშგულში წასვლამდე, წინა საღამოს, მუშკუდიანების სახლის სამზარეულოში მონადირემ სახელდახელო ცეკვის კურსები გახსნა და დაჩქარებული მეთოდით ოუშენის მდედრ მეგობრებს «შინა ვორგილის» ცეკვის სამი მთავარი ილეთი შეასწავლა.

 ამის მომსწრენი იყვნენ თვით «თამარიონი» და ოუშენის მეგობარი თინეიჯერები.

 ჰოდა, მუშკუდიანების სამზარეულოში შესწავლილ ცეკვას ფართო აუდიტირიაში გატანა ხომ უნდოდა და გაისმა რა ლამარიას ეზოში სიმღერის ხმა, იქვე, შარშანდელი არტგენის ფსტივალისთვის მოწყობილ სცენაზე მონადირე და მისი ქალთა გუნდი საცეკვაოდ აიჭრა.

 

 თამუსიას ერჩივნა, ხელები ბიჭივით წინ მოემუშტა და წარმოსახული ქამრის ბალთაზე წარმოსახული ხანჯალი ჩაებღუჯა. მგონი ვითიბიც ასე იდგა.

 მე და ნუსას მილიტარისტული განწყობა რაღაც არ მოგვეწონა და ორივე ხელი მარჯვენა თეძოზე ჩამოვიდეთ.

 

 

 და წავიდა: შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეეე,

 შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეე...

 რაშოვ რერო რა მაიდაააა, რაშივ ვორუდილა რამაიდაააა...

 

 სიმღერა ხომ მთელ უშგულს ესმოდა, აი, ცეკვის სანახავად, თუ ვინმე ახლომახლო ბალღი იყო, ყველა საცქერად შეიკრიბა.

 ცეკვა ხო ისეთი რაღაცაა, როცა უყურებ, რა ლაღად დასრიალებენ, ფეხები თავისით გითამაშებს და ხელებსაც აღარ იცი რა უყო! მონადირე მაინც, ხელს რომ გაშლიდა და ნიავქარივით ჩამოუვლიდა ხოლმე...

 «შინა ვორგილის» ცეკვასაც რა უნდა, რაღა როკ-ენ როლი და რაღა ეს, მაგრამ იმ სახელდახელო სცენაზე საცეკვაოდ რომ გავმწკრივდით, ჯერ იყო და ფეხი აგვერია, მერე იყო და გული ამოგვიჯდა და ეს თავქეიფა გოგოები უცებ გოდერძი ჩოხელის ფილმის დედაბრებს დავემსგავსეთ «ბაკურხეველი ხევსურიდან», აი, თოფმომარჯევბული ხევსური რომ ცეკვას აიძულებთ...

 მონადირემ რომ დაინახა ჯგუფი ეშლებოდა და შრომა წყალში ეყრებოდა, მესამე ილეთი, მესამეო, შემოგვიძახა და ისევ წრეში ჩაგვაყენა. ჰოდა, კიდევ უფრო დაგვამსგავსა ბაკურხეველ ქალებს...

 

 

 გულს თუ უხაროდა, თქვენ, რა... ჰოდა, გული კი დაგვეღალა და სუნქვაც გაგვიხშირდა, მაგრამ ის «შინა ვორგილი» ბოლომდე ვიცეკვეთ და «თამარიონის» წევრებმაც, რაღაი აცეკვებულები დაგვინახეს, ისეთი ტაში დასცხეს, მგონი, ყველაზე ყრუ ყვავიც კი გამოაფხიზლეს.

 

 მერე, ჩემო ბატონო, იყო სცენაზე ამოვარდნა და ხელების ჩაჭიდება და «პაკლონზე» გამოსვლა და კიდევ და «ერთად-ერთად» და «მოდი, შეც, შენც» და «აბა, ამირანი ავიტაცოთ, ამირანი» და ამის შემხედვარე ის გასაღებიანი კაცი როგორ არ გაგვიხსნიდა ლამარიას კარს, აბა მითხარით?

 

 

 ფუთა დაჩქელანი მელანდება»...

 

 ბიჭები რომ ლამარიაშიც იგალობებდნენ, ხომ გჯერათ? და ვითიბი რომ აჰყვებოდათ, ისიც? და რომ იმ გასაღებიან კაცს ბოლოს და ბოლოს მოვეწონებოდით და ხმას ამოიღებდა, ესეც ხომ გჯერათ?

 

 სვანეთში ჩასვლის დღიდან მურმან ლებანიძის ერთი ლექსი ამოვიჩემე და მთელი დღეები გიჟივით ვიმეორებდი: «საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ, გვარით ლებანიძე, სახელად მურმანი ვარ»_ მეთქი ...… აგერ, ეს ლექსი ჯერ მონადირემ დადო და მერე ნამცეცუნამაც გაიმეორა, ყველას შეგიძლიათ ნახოთ.

 ჰოდა, დავდიოდი და ვიძახდი, ფუთა დაჩქელანი მელანდება-მეთქი.

 

 ლამარიას ეზოში, ქვის უზარმაზარი საკარცხული რომ დგას, იმაზე იჯდა თურმე ფუთა დაჩქელანი (დადეშქელიანი) და უშგულელებს ეუბნებოდა, დამთავრდა თქვენი თავისუფლება, ბეგარა უნდა მიხადოთო.

 უშგულში რომ კაცი ავა და უშგულს და უშგულელებს რომ ნახავს და კიდევ ამ სიტყვებს იტყვის, რისი ღირსია?

 ჰოდა უშგულელებმაც ღვინო მიართვეს ფუთას, სუფრა გაუშალეს ლამარიას გალავანთან და დაფიქრდნენ: ერთი კაცი თუ მოკლავდა თავგასულ თავადს, მისი გვარი დადეშქელიანების რისხვას საშვილიშვილოდ ვერ ასცდებოდა, ჰოდა, სოფელმაც თოფის ჩახმახს თოკი გამოაბა, ფუთას დაუმაზინა და ყველამ ერთად გამოსწია.

 

 

 

 ლამარიას გალავანში დღესაც არის ის სათოფური, საიდანაც თუთა დაჩქელანს ესროლეს.

 და უშგულის დასასჯელად ასულმა დადეშქელიანებმა როცა იკითხეს, ვინ მოკლა ფუთაო, ერთი პასუხი მიიღეს _ სოფლის თოფმაო.

 ამაზე უშგულელებს შეეძლოთ ხატზეც დაეფიცათ, როგორც ხდებოდა ხოლმე სვანეთში და დღესაც ხდება.

 

 აბალდუი და ამეთვისტო თუთას საკარცხულზე ამაყად დასხდნენ, სვანი პატრიარქებივით ხელები მუხლებზე დაიწყეს და სურათი გადაგვიღეთო, გამოაცხადეს. და ვინNარ გადაუღებდათ?

 

 ამ 50 წლის წინ კი უშგულში ასული მურმან ლებანიძე დადიოდა და ჩემსავით იძახდა:

 ფუთა დაჩქელანი მელანდება,

 წარსულის სიზმრები სულ გავცელე,

 ფუთაზე რომანი მენატრება,

 რამხელა ამბავია, თუ დავწერე-ო...

 

 კიდევ?

 

 უშგულელ ზამირ რატიანზეც მოგიყვეთ? 8 შვილი რომ ჰყავს, 6 გოგო და 4 ბიჭი? შარშან მათთან რომ ვცხოვრობდი და წელს ისევ რომ შევუარე?

 და რომ გაიგო, მე და ჩემი მეგობრები ვმღეროდით ლამარიაზე, პატარა სუფრით გამოგვეგება?

 

 ნიჟარაძეების იმ სახლზეც მოგიყვეთ, სადაც გურამ თიკანაძე რჩებოდა ხოლმე და სადაც შხარიდან ჩამოწყვეტილი დაასვენეს?

 

 სვანის ბიჭებზეც, მონადირეს რომ ბურთს აღარ აძლევდნენ? და მონადირემ რომ არაფრით არ დაუტოვა? და მერე ახლა დანა რომ მოსთხოვეს და არც ის რომ არ მისცა? (აფსუს, სად იყვნენ ამ დროს ჟორჟიკა და ბადრია???)

 

 და პატარა გოგოზეც, ნუსას რომ ეპრანჭებოდა და სურათს არ აღებინებდა?

 

 უშგულის ქუჩებზეც მოგიყვეთ, ერთი ალიაქოთით რომ დავიარეთ?

 და ერთმანეთს რომ ისე ხშირად ვკარგავდით, უკვე აღარ ვიცოდით ვინ სად იყო და რა ნახა?

 

 ერთ-ერთ ქუჩაზე კი, ლამას სომბრეროზე რომ ვაკეთებდით სწორებას, ლაპარაკ-ლაპარაკში ვიგრძენით, რომ ჩვენს წინ ნიადაგი ნამეტნავად დარბილდა და ცოტაც და ჩავეფლობოდით, თან ისე კი არა, ბოტასები გაგვსვროდა, კოჭებამდე და ცოტა მეტზეც! და ეს საფლობი, არც მეტი და არც ნაკლები ძროხის ფუნა იყო!

 და არ ვიცი, რატომ ვამჯობინეთ უკან დახევას წინ წასვლა, ეს სულ ლამას სომბრეროს ბრალია, დაზომბირებულები მივდევდით და ჩემს უკან რომ ნუსა აკვნესდა, მახსოვს, აბალდიუც მახსოვს, ამეთვისტოც, კიდევ ვინ იყო, აღარ ვიცი, ფაქტია, რომ ნეხვში ვიდექით და ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან და კიდევ კარგი, ჯოხები გვეჭირა ხელში და კიდევ კარგი, რომ სვანური სახლები შელესილი არ არის და სიპი ქვითაა ნაშენი, და კიდევ კარგი, რომ ადამიანს კლდეზე ცოცვის ინსტიქტი თანდაყოლილი აქვს. ჰოდა, მეკლდეურთა სკოლის ინსტრუქტორს რომ დავენახეთ, ჩვენით იამაყებდა!

 ჯოხები გამეტებულად ჩავარჭეთ ძროხის ფუნაში და კედელზე გვერდულად ავედით, ამას პროფესიონალთა ენაზე ტრავერსი ჰქვია, ჰოდა, აი, ასე გამოვიარეთ, ანუ გავატრავერსეთ, რა...

 

 

 ცივ ოფლდასხმულები მშრალ მიწაზე რომ გადმოვხტით, შუკაში ძროხები შემოვიდნენ, გვერდი აგვიქციეს და უმშრალეს, უმყარეს და უსუფთავეს ბილიკს მშვიდად დაადგნენ!

 არა, ეს სულ ლამას სომბრეროს ბრალია, ნელ-ნელა თვალს რომ ეფარებოდა და ჩვენც უშგულის ქუჩებში ოცდამეთექვსმეტეჯერ დაკარგვა აღარ გვინდოდა და გაფაციცებულები ვცდილობდით, როგორმე ეს სომბრერო არ დაგვეკარგა!

 

 ვიდექით მერე ლენჩებივით და ვუყურებდით უშგულელ ძროხებს, ნება-ნება რომ მიიზლაზნებოდნენ სუფთა ბილიკზე!

 

 ვინ დაადგა პირველად ამ გზასო!!! ეჭვიანად გადავხედეთ ერთმანეთს, მაგრამ აბა ვინ გატყდებოდა! მე და ნუსამ ამ ორი დღის წინ კიდევ ვცადეთ გაგვეხსენებინა, პირველად ვინ შეტოპა იმ ფუნაში და ჩვენც გაგვიყოლა, მაგრამ იმ მამლუქის სახელი ვერაფრით გავიხსენეთ...

 

 ჯოჯოს ძმაზეც მოგიყვეთ, მუყმერში რომ გველოდა თავისი «უაზით» და ფული იმაზე მეტი რომ მოგვთხოვა, ვიდრე შეპირებული ვიყავით? და ლამამაც სიტყუვისუთქმელად რომ ჩაუთვალა?

 და იმაზეც, უშგულიდან წამოსვლისას ყველას დაღრეჯილი და უკმაყოფილო სახე რომ გვქონდა? იმიტომ რომ ერთი დღე ძალიან ცოტა იყო და წამოსვლა არავის გვინდოდა?

 

 იმაზეც, გზაში რომ დაგვიღამდა და ელექტრონით გაჩახჩახებული სოფლები რომ გვხვდებოდა და აბალდუიმ თქვა, აი, რა მიყვარს სვანეთში და რა არ მიყვარს ხევსურეთშიო?

 …

 კიდევ, კიდევ რაზე მოგიყვეთ?

 

 თეთნულზე?

 

 

 გიდი ქცეული ქადაგად

 და ტურისტების ამალა,

 იგდა თეთნულდი ქათქათა,

 თოვლის პერანგის ამარა.

 ყველამ აშკარად, საჯაროდ,

 ხარბი თვალებით დაისრა,

 შერცხვა თეთნულდს და საჩქაროდ

 ღრუბლების კაბა ჩაიცვა...

 

 თეთნულდს სვანეთის პატარძალს ეძახიან. მარადიულ თოვლშია და სულ თეთრად ქათქათებს...

 

 მეზირის მთიდან ქურაში რომ ჩავედით, ჯნოსი რატომღაც მწვერვალების სქესით დაინტერესდა და მოულოდნელად იკითხა, უშბა კაცია თუ ქალიო?

 უშბა კაცია, თეთნულდი ქალი-მეთქი.

 აღფრთოვანდა, საღოლ, როგორ ზუსტად გაარტყიო.

 

 

 მე კი არა, მთელი სვანეთი ასე ამბობს-მეთქი. აბა, როგორ შემეფერებინა შექება...

 

 ეს მწვერვალები ხომ პირდაპირ წყაროა პოეზიის, მითებისა და ლეგენდებისა და ლელა გურჩიანმა იმ საღამოს საკუთარი ლეგენდა მოგვიყვა:

 უშბა ვაჟი იყო და ულამაზესი ქლი უყვარდა, სახელად თეთნულდიო. მაგრამ უშბა კიდევ ერთ ქალს უყვარდა, რომელმაც ვაჟის გული ვერაფრით მოიგო, მაგრამ იმდენი კი მოახერხა, რომ ისინი ერთმანეთს დააშორაო, მისი წყალობით თეთნულდის მშობლებმა უარი უთხრეს შეყვარებულ ვაჟს და ქალიშვილი ცოლად არ გაატანესო. დარდისაგან უშბა გაქვავდა და მთად იქცაო. ეს რომ შეყვარებულმა თეთნულდმა დაინახა, ერთიანად გათეთრდა და ისიც მთად გადაიქცაო.

 იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს შორიდან.

 

მაგრამ უშბაზე შეყვარებულმა ქალმა ესეც ვერ აიტანა, ღრუბელად იქცა და უშბას თავზე შემოეხვია, რომ მისთვის თეთნულდის ცქერა არ დაენებებინაო.

 ამიტომ არის, რომ უშბის წვერი ხშირად არ ჩანს და ღრუბლით არის დაფარულიო...

 

 ჩვენ გაგვიმართლა, მეზირის მთაზე იმ დროს ვიყავით, როცა უშბაზე შეყვარებული ღრუბელი სასერნოდ იყო წასული და შეგვეძლო, ამ უიღბლო მუჯნურისთვის რამდენიც გვინდოდა იმდენი გვეცქირა...

 

 ამის მერე ჯნოსი დაინტერესდა, შხარა? შხარა ვინღაა, ქალი თუ კაციო?

 ლელა გურჩიანმა შხარაზე ზღაპარი არ იცოდა და მეც ვერაფერი გავიხსენე.

 თუ ვინმე დაგვეხმარებით და ჯნოსის ამ ცნობისმოყვარეობას დაუკმაყოფილეეეებთ, რა ვიცი....

 

 

 ახლა კი

 ამბავი უშგულის კოშკებისა

 

 

 უშგულში დღეისათვის 32 კოშკია შემორჩენილი, ყველაზე მჭიდროდ კოშკები ჩაჟაშის უბანშია. რამდენიმე წლის წინ ეს უბანი «იუნესკოს» მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში იქნა შეყვანილი.

 

 

 

 მე-20 საუკუნის დასაწყისში იშგულში 98 კოშკი იყო, მათი ფუნდამენტები დღემდეა შემორჩენილი.

 

ბევრი მათგანი კომუნისტურ «სამშენებლო პოლიტიკას ემსხვერპლა». როგორც სვანები ამბობენ, კოშკები ისეა ნაგები, რომ ძალიან იშვიათია, თავისით დაინგრეს, მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კომუნისტებს საშენი მასალა სჭირდებოდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის ასაგებად. ამას ემსხვერპლა თამარის ციხის კოშკები, იმ ციხისა, რომელიც უშგულელთა ერთ-ერთ თავმოსაწონებელ ადგილს წარმოადგენს. თამარის ციხის კომპლექსი ჩაჟაშის უბანში მდებარეობს. ეს იყო სამეფო კომლექსი, ჩაკეტილი, გალავნიანი ციხე, თავისი საცეცლური კოშკით, დარბაზით, დილეგით და მაცხოვრის სახელობის ეკლესიით.

 

 შარშან უშგულში ჩარკვიანების ოჯახში მოვხვდი. ლაერტ ჩარკვიანის თქმით, მამამისს ახსოვს, როგორ ააფეთქეს ამინალით თამარის ციხის კოშკები, რომლებიც კი არ ჩამოშლილან, ხეებივით წამოიქცნენ თურმე.

 

წაქცეულ კოშკებს კი მერე ლომებით შლიდნენ, რომ ქვები გამოერჩიათო. ამ ქვით სოფელში საბჭოს შენობა, კანტორა, საქონლის ფერმა და მაღაზია აუშენებიათ. თამარის ციხის ქვით ნაგები ეს შენობებიც დღემდეა სოფელში.

 

 კომუნისტური მმართველობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სვანურ კოშკებს ახალი მტერი – უპატრონობა ანადგურებს. მათი უმრავლესობა ხელახლა გადასახურია, წყალი ფუნდამენტში ჩადის, კოშკები იბზარება და იშლება. როგორც ლაერტი ჩარკვიანმა აგვიხსნა, კოშკის გადახურვა ძალიან შრომატევადი საქმეა, იგი ფიქალის ქვით იხურება, უშგულში კი ბევრ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს. საქართველოს მთავრობამ უშგულის კოშკების გადასახურად 80-იან წლებში თითიეულ ოჯახს 100-100 მანეთი გამოუყო, და ბევრი კოშკი მაშინ გადაიხურა.

 

მას შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო ორგანიზაცია «საქართველოს იკომოსს», რომლის დაფინანსებითაც ჩაჟაშის უბანში 11 კოშკი გადახურეს.

 ლაეტი გვიყვებოდა, როგორ დაინგრა მის თვალწინ ამ 3-4 წლის წინ ჟიბიანში ჭელიძეების კოშკი. სახურავის არ ქონის გამო კოშკი გაბზარული იყო, ჩამოინგრა შიდა სართულების გამყოფი, კედლები მთლიანად დაიბზარა და შემობრუნდა.

 

 კოშკები ისეა ნაგები, რომ ზვავი მათ ვერაფერს აკლებდათ. 1987 წელს მურყვანში ზვავმა 10 სახლის დაანგრია, ჭელიძეების ოჯახში 7 წევრი დაიღუპა. თოვლმა 12 მეტრს მიაღწია იმ წელს. პირველი დარტყმა ორმა კოშკმა მიიღო, ზვავის კვალი ქონგურებამდე იყო მისული.

 

კოშკებს ისე აშენებდნენ, რომ საიდანაც ზვავი იყო მოსალოდნელი, კუთხით იდგა და მას რომ ეხეთქებოდა, იყოფოდა, იშლებოდა და სახლებს ნაკლებად აზიანებდა. ჩუბიანში, ასათიანებისა და ჩარკვიანების უბანში 11 კოშკი მდგარა ჩაყოლებით და მათ ზვავის შეკავების დანიშნულებაც გააჩნდათ.

 

 უშგულელები ამბობენ, რომ ყოველ კოშკს თავისი დანიშნულება აქვს და ხოლო ერთ-ერთ მათგანს საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონდა. ეს ჩარკვიანების ისტორიული კოშკია, სადაც შუა საუკუნეებში, ერთ-ერთი საეკლისიო კრება ჩატარდა. კოშკი კლდეზე დგას და მის პირველ სართულზე დღემდეა შემორჩენილი კლდეში ამოკვეთილი პატრიაქის ფეხის საბანი. უშგულში ამობრძანებული ქართველი საეკლესიო მოღვაწეები სწორედ აქ ისვენებდნენ თურმე.

 

 კოშკი გვარის სიძლიერის სომბოლო იყო.

 

ახალ კოშკს ყოველი ოჯახი გვარის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად უყრიდა საძირკველს და შემდეგ მას რამდენიმე წელს აშენდებდა. კოშკები, ძირითადად, 3-4 საერთულიანია, ზოგჯერ 5-იანიც. უშგულში ორი შვიდსართულიანი კოშკიც არის. მათ თავდაცვითი და საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდათ.

 დღეისათვის უშგულში 8 გვარია: ჩარქსელიანი, ნიჟარაძე, რატიანი, ღვარლიანი, ჭელიძე, კაკრიაშვილი, ხაჭვანი და ჩარკვიანი.

 

 უშგულში ასულ სტუმარს ორი მუზეუმის დათვალიერება ელის, ეთნოგრაფიულის და ნიჟარაძეების კოშკში მოთავსებული განძთსაცავის. ეს სამსართულიანი კოშკი უშგულის 7 ტაძრის განძს ინახავს.

 

კოშკი სამუზეუმოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ საცხოვრებელი იყო და არა თავშესაფარი, სოფლის ცენტრში მდებარეობს და სამეთვალყუროდ ადვილია.

 

 სოფლის უხუცესებმა 1926 წელს, სვანეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ყველა ეკლესია დაცალეს და მთელი განძი ლატფარის ტყეში გადამალეს. როდესაც სიტუაცია დალაგდა, ხელისუფლებამ სთხოვა მათ, ჯვარ-ხატები შემოეტანათ და დაცვა დაეყენებინათ. დიდხანს მაცხოვრისMმაცხოვრის ეკლესიაში ინახებოდა ყველაფერი, რაც დღეს უშგულის მუზეუმშია.

 

 სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს უამრავი ხელნაწერი განადგურდა. როგორც თურმე უშგულელი ივანე ჩარქსელიანი ყვებოდა, 40-იან წლებში ჩარკვიანების კოშკიდან ერთი მარხილი ხელნაწერები გამოუტანიათ და დაუწვავთ. კოშკებში ეტრატებით ცეცხლს ვანთებდით და ვთბებოდითო.

 

 

 

 ეს ულამაზესი სოფელი ტურიზმის განვითრების საუკეთესო საშუალებას იძლევა. იგი ეგზოტიკაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრისათვის. სვანეთში ჩასულ ტურისტს სწორედ მისი შუასაუკუნეობრივი სიდიადე ხიბლავს, თუმცა კი, იმისათვის რომ უშგულმა ტურისტები მიიზიდოს, შესაბამისი კომფორტიც უნდა შეუქმნას მათ. უშგულელები ამბობენ, რომ მათ სოფელში თანამდროვე სტლის სასტუმროების აშენება, რაც საერთო ხედს დაამახინჯებს, დაუშვებელია. საოჯახო სასუმროების პრაქტიკა აქ 90-იანი წლებიდან არსებობს. დღეისათვის ტურიზმის დეპარტამენტის აღრიცხვაზე 7 ოჯახია, რომელთაც დადგენილი სტანდარტებით ოფიციალურად შეუძლიათ სტუმრების მიღება და პოტენციურად კიდევ 30 ოჯახია ამისათვის მზად.

 უშგულელები საოჯახო სასტუმროების მომავალს ხედავენ საგვარეულოAკოშკებისა და მაჩუბების იმგვარად მოწყობაში, რომ არც ეგზოტიკა დაიკარგოს და იქ ცხოვრება თანამედროვე სტუმრისთვისაც კომფორტული იყოს.

 

 

 

 წლის მანძილზე მესტიის რაიონი სამი ათას ტურისტს იღებს. ეს ძალიან მცირე ციფრია იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკა თუ გატარდება, ძველ მაჩვენებლებს დაგავაჭარბებთ კიდეც. რადგან დღეს უფრო მეტი სერვისის შეთავაზებაა შესაძლებელი. გარდა ეგზოტიკური საცხოვრებლისა, უშგულში ჩასულ ტურუსტებს სასტუმროს მეპატრონეები სხვადსხვა მარშრუტებს სთავაზობობენ. მაგალითად, გასეირნება შხარის კალთებისკენ, რაც შესაძლებელია ფეხითაც და ცხენებითაც, ასევე გასეირნება ლენკვერის მთისკენ, სადაც თამარის კოშკებია, უღვის უღელტეხილისკენ, რომელიც სვანეთის წყალგამყოფი ქედია. იქ წასვლა ფეხითაც შეიძლება, ცხენითაც და მანქანითაც.

 

ამ ურელტეხილიდან ჩანს მთელი კავკასიონი, შხარა, თეთნულდი, აილამა, უშბა, ლაილა, ყაბრდოს ქედები.

 

 

 უშგულელები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ტურისტებს გიდობა გაუწიონ სხვადსხვა ალპინისტურ მარშრუტებზეც.

 

 

 სვანეთში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილიბელი პირობაა სამანქანო გზების მოწესრიგება. გარემო პირობებიდან გამომდინარე გზები ხშირად ფუჭდება და როგორც უშგულელები ჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ მესტიის საგზაო სამსახურს დაფინანსება არ აკლია, ზოგჯერ თვეობით არ არის უშგულისკენ მიმავალი გზა გაწმენდილი. ეს კი ტურისტებისთვის ეგზოტიკა ნამდვილად აღარ არის.

 

 სანადიროდ წასულიყვნენ ამირან და ძმანი მისნი...

 …

 მესტიაში ჩასულისთვის ყველაზე იოლი სოფელ ლენჯერის ნახვაა, რაღა მჟავე წყალზე ჩაგირბენია და... იქვეა, სამ კილომეტრში და სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, სასწაულები სწორედ იქიდან იწყება.

 რა, არა?

 აბა, მაშ მითხარით, სხვაგან სად გინახავთ გარედან მოხატული ეკლესია?

 შეიძლება ჩენი წინაპრები ეკლესიების გარე ფასადებს ბარშიც ხატავდნენ, მაგრამ სხვაგან სად არის შემორჩენილი?

 აი, ლენჯერის თემის სოფელ ლაშთხვერის მთავარანგელოზების ეკლესია კი გარედანაც მოხატულია და...

 და თანაც, როგორ გგონიათ, რა არის ზედ დახატული?

 ვინც იცით, გაჩუმდით და ნუ წამოიძახებთ, ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც სვანეთში ჯერ არ წასულა და იქნებ გამოიცნოს-მეთქი.

 

მაგრამ ეს ცოტა არ იყოს, რთულია.

 კი, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ რადგან მთაა, იქ წმინდა მხედრები იქნებიან გამოხატულნი? არც შეცდებით, მაგრამ ეს მხოლოდ სამხრეთის ფასადზე. აი, ჩრდილოეთისაზე კი, მხედრებია, მაგრამ სულ სხვა მითოსიდან. წარწერები გვამცნობს, რომ ეს ცხენოსნები ამირანი, ბადრი, უსუპი და სეფედავლე არიან.

 არ ელოდით, არა?

 

 წარმართული რელიგიის ნაშთები სვანეთში თვალშისაცემად არსად ჩანს. მხოლოდ, აი, ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიის გარე კედელზე გამოსახული ამირანის ბრძოლის ამბები გაგაკვირვებს. ეს ეკლესია იმითაა გამორჩეული, რომ საქართველოში მხოლოდ აქაა შემორჩენილი გარე კედლის მხატვრობა.

 ჯერ ხომ ამ მხატვრობის არსებობაა თავისთავად სასწაული და მერე მისი შენარჩუნება საუკუნეების მანძილზე.

 

მაინც რა საღებავით დახატეს, რომ სვანურ კლიმატში, თოვლსა და ყინვაში 9 საუკუნეს გაუძლო?

 

 ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ამირანის ცნობილი მითიდან რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული: «ოდეს ამირან გველეშაპმა გადაყლაპა», «ამირანის და ბაყბაყდევის ბრძოლა» და «ძმანი მისნი»...

 ნეტავ ბაყბაყდევის თვალები განახათ, რა საბრალობელია, მისი საცოდაობით დაიწვებოდით! ამირანი კიდევ, შეუბრალებლად შუაზე უპობს თავს...

 აქ მეორე თვალებიცაა _ ბადრის.

 გაგახსენდათ არა? _ «ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსსა, საქმარედ გამზადებულსა»... ჰოდა, 9 საუკუნის მერეც ბადრის სულ ცისფრად უკამკამებს ის ფუნჯით ნახატი თვალები...

 თუ მხრებს აიჩეჩავთ და იტყვით, საიდან სადაო? სად ქრისტიანობა და სად კიდევ ამირანის ზღაპრებიო?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ისევ ზღაპარი დაგეხმარებათ: ამირანი ხომ ქალღმერთ დალის შვილია, რომელიც მონადირე სულკალმახმა მუვალ კლდეებში მომაკვდავი იპოვა, მისივე თხოვნით მუცელი გაუჭრა და ახალშობილი ამოიყვანა, რომელიც სახლში წაიყვანა და ხარის ფაშვში გაზარდა...

 მოკლედ, ამირანი იმ ქალღმერთის შვილია, სვანეთში რომ სახლობდა, მონადირეებს რომ მფარველობდა და სვანურ მითებში რომ უმღეროდნენ.

 ჰოდა, მარტივად რომ ვთქვათ, ამირანი ძველი სვანებისთვის ღმერთის შვილი იყო, ანუ იგივე ღმერთი და სად გამოსახავდნენ მას თუ არა ტაძრის კედელზე?

 აი, წარმათობისა და ქრისტიანობის შერწყმის ნიმუში.

 აქ ერთმანეთს ხელს არაფერი უშლის...

 ღმერთის ადგილი ტაძარშია...

 

 მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და თუ ვინმეს სხვა მოსაზრება ექნება, მოუსმინეთ და გამიზიარეთ.

 მანამდე კი, რადგან ეკლესიას გარს უკვე შემოვუარეთ, ბარემ შიგნითაც შევიდეთ, მით უფრო, რომ იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა საიდანღაც გასაღები მოგვირბენინეს და კარსაც გვიღებენ.

 შევიდეთ და ღრმად ჩავისუთქოთ.

 იმიტომ რომ ამოსუნთქვას იმისთანა ბგერები ამოჰყვება, გულსაც ამოიტანს მაღლა!

 ჰოი, რომ არ ვაჭარბებ!

 ოუშენის მეგობრებს ჩასუნთქვა დაავიწყდათ და მერე კინაღამ მართლა გული ამოუვარდათ საგულედან!

 აქ, ამ პატარა ბაზილიკაში, ხელუხლებლადაა შემონახული ყოველი ფრესკა, ფერი, შტრიხი, წარწერა...

 აქ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მხატვარმა მე-11 საუკუნეში დახატა. თითქოს, მან მუშაობა ეს-ესაა დაამთავრა და ახლა პირველად თქვენთვის გახსნეს ტაძარიო...

 აქ ისევ მე-11 საუკუნეა.

 

 

 ხომ გითხარით, სვანეთში დრო სულ სხვანაირად გადის_მეთქი.

 და როცა «თამარიონმა» გალობა დაიწყო, ისღა დამჩენოდა თვალები დამეხუჭა, იმ იმედით, რომ გავახელდი, იქნებ ეკლესიაში ის მხატვარი დამენახა, ჯერ კიდევ საღებავიანი ხელებით, ძველებური სვანური ჩოხით...

 

 დარეტიანებულები გამოვედით გარეთ.

 მზე იყო მწველი და მცხუნვარე და ჩვენ გზა ლატალისკენ უნდა გაგვეგრძელებინა, ახალი სასწაულების მოლოდინში...

 

 

 ვარდანისძე

 

 ლენჯერიდან ლატალამდე 7 კილომეტრია.

 კი გაგაფრთხილეთ, მანძილი არ ზომოთ და ნურც საათს დახედავთ-მეთქი, მაგრამ როცა ხელში ყველას მობილური ტელეფონი უჭირავს, ამის თავიდან აცილება ცოტა მოუხერხებელია.

 

 იმ დღეს სახლიდან ძლივს გამოვეტიეთ. ხან რამ შეგვაყოვნა და ხან რამ და ამასობაში ისე ჩამოცხა, აი, მთებში რომ იცის ხოლმე.

 ჩვენ კიდევ, შემწედ და დამხმარედ არც ჯოჯო გვყავდა და არც ჯოჯოს ძმა თავისი «უაზით», ჯანდაბას, სადაც წაგვიყვანდა, წავეყვანეთ!

 და ლენჯერისკენ თუ გაგვიმართლა და სასწრაფო დახმარების მანქანამ გაგვიჩერა, ახლა ლატალისკენ იმ შუაგულ მზეში მივაბიჯებდით და წარამარა მობილურებზეც ვიხედებოდით.

 ვითიბის მზის საწინააღმდეგო კრემი ჰქონდა წამოღებული, ვისვამდით და ვამბობდით, «ზაგარს» მაინც მივიღებთო, მაგრამ თანდათან ჩანდა, რომ ვეღარ ვქაჩავდით, რა...

 ლენჯერიდან ლატალამდე მშვენიერი ტრასაა. დაადექი და იარეეე. რა ტყე და მგლები, რისი უნდა შეგეშინდეს! რაის ბილიკები და ჩრდილები! აგერ შენ და აგერ შენი მზე! ზუსტად ისე, გლეხი კაცი რომ დაფიცებს: მე და ჩემმა მზემაო...

 მოკლედ, ჯგუფი გაიფანტა. აღარც ოუშენი იყო იქ, აღარც ამირანი და ბადრი-უსუპი-სეფედავლე-ჯნოსი-ლამა-მროჩაძე-მონადირე-სერგიკუნა-ამეთვისტოს ამბავს ხომ საერთოდ, ვერ გაიგებდი...

 ჰოდა, ის იყო ვითიბის გზიდან უნდა გადაეხვია, რომ ქალთა ფაქიზ სმენას ავტომანქანის ხმა მისწვდა და მინიბუსი ვის უკვირს სვანეთში, მაგრამ ის თეთრი მინიბუსი, თანაც ცარიელი, თანაც სავარძლების გარეშე, ნატავ საიდან მოდიოდა, ან საით მიდიოდა?

 და ვინმეს აინტერესებდა?

 სამეგიეროდ, აქაოდა მძღოლი მეგრელიაო, თანაც ვსხედვართო, მერე რა რომ გაურკვეველ საგნებზეო, «თამარიონმა» ყელი ჩაიწმინდა და კვლავ ამღერდა.

 

ჰოდა, რადგან მეგრული სიმღერების რეპერტუარი მალე ამოეწურათ, ვითიბის გადახედეს და იმანაც დაიწყო:

 «წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, კიკოლიკო ზალიკოოო, აბა ჩემო სიფიოოო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...

 

 

 და იონა წინასწარმეტყველი სახელობის ეკლესიაც გამოჩნდა.

 სამნავიანი დიდი ბაზილიკა.

 იონა წინასწარმეტყველის სახელზე აგებული ტაძრებითაც არ ვართ განებივრებული არა?

 მე ისევ ამირანის გველეშაპის მუცლიდან გამოსვლის ამბავს დავუკავშირე იონას გამოსვლა გველეშაპიდან...

 ეს მხოლოდ დავუკავშირე.

 არაფერი მითქვამს.

 არ ვიცი.

 ეს ეკლესია არ გვინახავს.

 არ გაგვიხსნეს და მორჩა.

 გასაღები არ იყო და მორჩა.

 ასე გვითხრეს.

 ჩვენც აღარ შევკამათებივართ.

 აზრი არა აქვს.

 სვანეთში კამათს აზრი არა აქვს.

 რაც უნდათ, ისედაც გაძლევენ, უკამათოდ, უშურველად.

 

 და მაცხვარიშისაკენ გავაგრძელეთ გზა.

 სვანეთის სოფლებში ყველაზე მეტი ეკლესია ლატალშია, გვითხრეს, 63-აო

 და ყველაზე მეტი სოფლებიც ლატალის თემშია.

 სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია გზისპირასაა, შემაღლებულ ადგილზე.

 ჰოდა, წინ პატარა მდელო აქვს.

 ის პაპანაქება სიცხეც იქვე იყო.

 ჩვენ კიდევ, მერე რააო და იმ გორაკზე პირდაპირ ავფრინდით.

 მერე ეკლესიას გარს შემოვუფრინეთ და ისევ უკან ჩამოვფრინდით, იმიტომ რომ კარი დაკეტილი იყო, ლამას კიდევ, სიცხისგან ჰქონდა გონება გადაკეტილი, ჰოდა, გასაღების საძებრად კი არ წავიდა, იქვე მდელოზე წამოგორდა. ჩვენც, ცხვრებივით, აქაოდა ბალახიაო, მივბაძეთ...

 არა, ბღავილი არ დაგვიწყია, «თამარიონს» ვუსმენდით.

 ოღონდ, იქ წოლას რამდენ ხანს ვაპირებდით, მაგაზე მგონი არც არავინ ფიქრობდა. მოგვშივდა და ვჭამეთ, მოგვწყურდა და წყაროც იქვე იყო. მეორე გორაკზე რომ პატრა ბაზილიკა იდგა, ისიც მოვინახულეთ, მეტი რაღა გვექნა? გასაღებს ველოდით, იქნებ ციდან ჩამოვარდნილიყო.

 იუ, მართლა, იცით სად ვისხედით? იმ სახლის წინ, სოსო ჯაჭვლიანის ფილმის «სვანის» ეპიზოდები რომაა გადაღებული. ჯნოსიმ სახლი იცნო, მე კი ორი წლის წინ გადაღებაზეც კი მოვხვდი აქ და სოსო ჯაჭვლიანს ინტერვიუც ჩამოვართვი დიდის ამბით...

 

რა ვიცოდი, რას იღებდა!

 

 ჰოდა, უკვე ძალიან რომ დავიღალეთ წოლით და გასაღები ციდან მაინც არ ჩამოვარდა, მაცხვარიშის ეკლესიას პატარა მინიბუსი მოადგა, მაიცდამანც მარკას ნუ მკითხავთ, მშვენიერი მინიბუსი იყო, ასევე მშვენიერი მგზავრებით. გადმოვიდნენ, ის გორაკი ჩვენსავით აიფრინეს, ეკლესიას გარს შემოუფრინეს, მაგრამ შესასვლელი რომ ვერ უპოვეს, ისევ უკან ჩამოფრინდნენ და იმ მინიბუსით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდნეეეენ...

 კონტაქტში შესვლაზე არც გვიფიქრია, ისე ვიყავით, აი, სომნამბულს რომ ეძახიან... ერთი ის დავაფიქსირეთ, შორტიანმა უცხოელმა როგორ საგულდაგულოდ მიიბნია შარვლის ტოტები და მანქანიდან ისე გადმოვიდა. ჯნოსიმ თქვა ეგეც, შეხედეთ, რას აკეთებს, ეკლესიაში შორტით არ უნდა რომ შევიდესო. ჩვენც შევხედეთ. მეტის თავი ვის ჰქონდა რო...

 ის მინიბუსი გაფრინდა და ის იყო, ოუშენის მეგობრები ოფიციალურად მოემზადნენ დასაძინებლად, რომ ორი ჯიპი მოგვადგა.

 

ახლა რომ ვიხსენებ, შეიძლება სამიც იყო და მგონი ნივაც ერია. იქიდანც უცხოელები გადმოვიდნენ, მაგრამ მძღოლები აშკარად ქართველებს ჰგავდნენ და გიდის ფუნქციის შემსრულებელი გოგოც ქართველი რომ უნდა ყოფილიყო, ეს უკვე ნახევრადდახუჭული თვალების მიღმა ვიგრძენით.

 მძღოლები ზარმაცად გადმოვიდნენ, ქართულად, ესე იგი, გიდი კი ენერგიულად დატრილდა, ჯერ სადღაც გადარეკა, და რომ დაადგინა, ერთი ჯგუფი 15 წუთის წინ წასულიყო აქედან, დიდად შეიცხადა, მაგათ მარშრუტში ეკლესიის ნახვა და სადილი ეწერათო. ტელეფონის იქიდან, როგორც ჩანდა, ორივე ქვეპუნქტს აპროტესტებდნენ და გოგო ისე განერვიულდა, თითქოს თვითონ დარჩა უსადილო და სანთელდაუნთები. ის მინიბუსი კი ვერ მოაბრუნა, მაგრამ დანარჩენები ხომ აქ ჰყავდნენ? სანთელსაც დაანთებინებდა და იმისთანას ასადილებდა კიდეც, რომ? სულ კუბდარ-ხაჭაპურებით! ჰოდა, ისევ სადღაც გადარეკა და ორიოდე წუთში გასაღები მართლა ციდან არ ჩამოაგდო?

 ბიჭო, ჩვენ რა შვიშტოკები ვართოოოო, გაოგნდა ჯნოსი ამ შუშპარა გოგოს შემყურე, გასაღები აქვე არ ყოფილაო?

 ჰოდა, ვიდრე გასაღებიანი სვანი იმ უცხოელებს მე-11 საუკუნის ხატებისა და ფრეკების ისტორიებს უყვებოდა, «თამარიონი» ომახიანად გალობდა «ქრისტე აღსდგაო».

 ჰო, მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია ის ეკლესიაა, დემეტრე პირველის მეფედკურთხევის სცენა რომ არის გამოსახული, სადაც მას სამეფო ხმალს არტყამს სვანეთის მთავარი ვარდანისძე...

 

 და არ მითხრათ, ლატალიდან სახლში როგორ დავბრუნდით, იმიტომ რომ მზე თვალით აღარ ჩანდა, ის გრძელი ტრასა კიდევ უფრო დაგრძელებული იყო, მანძილისა და დროის შეგრძნება საერთოდ გამქრალი და ფეხების მოძრაობას სიარული კი აღარ ერქვა, რეფლექსურად ვადგამდით, არც სასწრაფო დახმარების მანქანა შეგვხვედრია და არც მეგრელმძღოლიანი, უსკამებო მინიბუსი. უკვე მესტიაში შევდიოდით, რაღაც მანქანა რომ წამოგვეწია.

 

ვერც გავარჩიე რა იყო, ან პირველმა ვინ შენიშნა, ან ვინ გააჩერებინა, ან მძღოლმა რატომ გაგვიჩერა, თითქმის უკვე მესტიაში ვიყავით და...

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ესსე და წერილები / ჩეკურიშვილი ბელა / სვანური დღიურები