ქიქოძე გერონტი

ეროვნება, ენა და ესთეტიკური კულტურა

 

 

 

იმ საკითხს, რომლის გადაწყვეტასაც ჩვენ აქ ვცდილობთ, ძლიერ დიდი, თითქმის შეუდარებელი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სოციალური თეორიისა და პრაქტიკისათვის, არამედ საზოგადო მსოფლმხედველობისათვისაც: არსებობს თუ არა, პიროვნების გარეშე და მასზე მაღლა, სოციალური ერთეული, კერძოდ, ეროვნება, როგორც შემომქმედი ფსიქიკური რეალობა და ეთიკური ღირებულება. თუ როგორც პირველი, ისე მეორე მხოლოდ და სავსებით პიროვნებას უნდა მივაკუთვნოთ. ამ საკითხსაც თავისი საკუთარი საყურადღებო ისტორია აქვს. ჩვენ მხოლოდ უუმნიშვნელოვანეს მომენტებზე შევჩერდებით.

 

 საშუალო საუკუნეების ქრისტიანული აზროვნებისათვის მხოლოდ ორი ჭეშმარიტი რეალობა არსებობს: პიროვნება და მსოფლიო სამოციქულო ეკლესია.

 

პირველის ეთიკური ღირებულება განსაზღვრულია: იგი სრული არარაობაა ეკლესიის გარეშე; მეორის პირიქით, აბსოლუტური და დამოუკიდებელი ფასი და მნიშვნელობა აქვს. ყოველი სხვადასხვაობა, რომელიც გამომდინარეობს ენის, ეროვნების, სახელმწიფოს, ისტორიული ბედის, ეთნიკური და გეოგრაფიული პირობებისაგან და ხელს უშლის ეკლესიას აღასრულოს თავისი უნივერსალური დანიშნულება, უნდა უარყოფილ იქნას, როგორც მცდარი პრინციპის ნაშობი. განსაკუთრებით დამახასიათებელია ორტოდოქსალური ქრისტიანობის შეხედულება ეროვნებასა და ენაზე, რომელიც არა ერთხელ გამოთქმულა სასულიერო წოდების მიერ ნაციონალური ტენდენციების გაძლიერების ხანაში.

 

 რაციონალისტურმა ფილოსოფიამაც კი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულამდე ქრისტიანული პიროვნების ოპოზიციაში განვითარდა და განმტკიცდა, არსებითად შეინარჩუნა უარყოფითი შეხედულება ეროვნებაზე. ამ ფილოსოფიისათვის ერთადერთი ჭეშმარიტი და ძვირფასი რეალობა პიროვნებაა, პიროვნება არა როგორც სუბიექტი დამოუკიდებელი და განსაზღვრული სოციალური ობიექტის მიერ, ორგანულად შეკავშირებული სოციალური ერთეულთან, საზოგადოებრივ წრესთან, წოდებასთან, ეროვნებასთან, სახელმწიფოსთან, არამედ განყენებული, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინდივიდუუმი, გასაგები თავისი თავის ფარგლებშივე, ყოველივე ისტორიულად აღმოცენებული პირობების გარეშე მდგომი.

 

 რაციონალისტური მსოფლმხედველობა შეეცადა გაენთავისუფლებინა პიროვნება გარეშე ძალთა მაბეზარ მზრუნველობისაგან, ეღიარებინა იგი სრულწლოვნად და დაეყენებინა საკუთარ ფეხზე; დაემტკიცებინა, რომ მას გარდაუვალი და დამოუკიდებელი ღირებულება აქვს, რომ იგი დიადია და მშვენიერი, ან ძლიერი და გონიერი. ამ ცდამ ეს ფილოსოფია უკიდურესობაშმდე მიიყვანა: მან შექმნა უსისლხორცო აბსტრაქცია პიროვნებისა, სინამდვილის აჩრდილი, რომელიც მხოლოდ ”განათლებულ” ფილოსოფოსთა აზროვნებაში არსებობდა.

 

ეს ჰიპოტეტური პიროვნება, დეკარტთან ერთად, უკიდურესი სკეპტიციზმით იწყებს: მას ეჭვი შეაქვს ყველგან და ყველაფერში, ეჭვობს ღმერთის, გარეშე ნივთების, თავის მსგავს არსებათა, თვით თავისივე თავის არსებობაში; ცდილობს განთავისუფლდეს დახავსებული დოგმატებისა და წინასწარი აზრებისაგან. მთელ ამ პროცესში იმისათვის ერთადერთი ფაქტი რჩება შეურყევლად, სახელდობრ ის, რომ იგი აზროვნებს, აზროვნებს მაშინაც კი, როცა ეჭვიანობს და უარყოფს; აზროვნებს, მაშასადამე, არსებობს. ამის შემდეგ თავისივე თავის არსებობაში ღრმად დარწმუნებული, იგი უცნაურ თავგადასავალს განიცდის: ჰობსთან ერთად ის იგნებს, რომ ველური მდგომარეობა საყოველთაო, შეუჩერებელი ომიანობისა მისთვისვე საზარელოა, სდებს პირობას სხვა მასსავით დამოუკიდებელ და თავისუფალ პირებთან და ჰქმნის სახელმწიფოს, რომელზედაც გადააქვს თავისი ნებისყოფის ნაწილი და რომლის სასარგებლოდაც ერთხელ და სამუდამოდ ზღუდავს თავის უსაზღვრო თავისუფლებას. შემდე, ჰერდერთან ერთად, იგი ხედავს, რომ საჭიროა იარაღი თავისი აზრებისა და გულისნადების გამოსათქმელად და სხვებისთვის გადასაცემად და ამ მიზნით იგი ”სრულიად ბუნებრივად იგონებს ენას”* ლეიბნიცთან ერთად, იგი თავისთავს და მთელ სამყაროს აღიარებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ სულიერ სუბსტანციად.

 

 ის, რაც დეკარტმა, ჰობსმა და ლეიბნიცმა ღრმად და ორიგინალურად გამოსთქვეს, მეთვრამეტე საუკუნის მატერიალისტებმა და განმანათლებლებმა ზეზეურად და კიდევ უფრო ცალმხრივად განიმეორეს. მათ უყურადღებოდ დასტოვეს ყველა ის განმასხვავებელი თვისება, რომელიც ერთ ადამიანს მეორისაგან ჰყოფს და დაიტოვეს მხოლოდ ის ნაკვთები, რომელნიც ყველასათვის საერთოა. ეს დანარჩენი წარმოადგენს ”ადამიანს საზოგადოდ”, ანუ სხვა სიტყვებით: ”მგრძნობიარე გონიერ არსებას, რომელიც ტანჯავს გაურბის და სიამოვნებას ელტვის” და ამიტომ ”ეძიებს ბედნიერებას, ე.ი.

 

ისეთს მდგომარეობას, რომელშიც კმაყოფილება სჭარბობს უსიამოვნებას”, უფრო უკეთ: ”მგრძნობიარე არსებას, რომელსაც ძალუძს გონივრულად იმსჯელოს და მორალური ცნებები შეადგინოს”.

 

 ________

 

 * ჩვენ აქ მხედველობაში ახალგაზრდა ჰერდერი გვყავს, ავტორი ”ენის წარმოშობისა”. შემდეგში ჰერდერი თავისი ”ისტორიის ფილოსოფიის იდეებში” იმ აზრს დაადგა, რომ ენა ღვთაებრივი შემოქმედების ნაყოფია.

 

 ასეთია პოპულარული რაციონალიზმის შეხედულება ეროვნებაზე: როგორც კარტოფილის გროვა სწორედ კარტოფილის გროვაა და სხვა არაფერი, ისე ეროვნებაც განცალკევებულ პიროვნებათა აგრეგატია, ხელოვნური ან შემთხვევითი შეჯგუფება და მას არც ერთი თვისება არა აქვს ისეთი, რომლითაც თვითოეული წევრიც არ იყოს აღჭურვილი. ესაა უკიდურესი ატომისტური შეხედულება ეროვნებაზე, მახლობელი ნათესავი ჰობსის ”ხელშეკრულების თეორიისა”. ამ უკანასკნელისათვის ერთადერთი რეალობა სხეულია: სული ფანტასმაა, აჩრდილი სინამდვილისა. ეროვნებას არ შეუძლია იარსებოს, როგორც მხოლოდ სულიერ ერთეულს, როგორც ფსიქიურ ორგანიზმს; ეს ეწინააღმდეგება მატერიალისტურ დოგმას. ეროვნება არ არსებობს, როგორც მატერიალური ორგანიზმი; ამას გვიმტკიცებს ყოველდღიური გამოცდილება, - ვერსად ვერა ვხედავთ ეროვნების მატარებელ სხეულს, როგორც ორგანულ ერთეულს, რეალური ინდივიდუუმის მსგავსს.

 

მაშასადამე, ეროვნება არ არი ჭეშმარიტი რეალობა, იგი გარეგნულად, შემთხვევით შეზავებული ატომთა ჯგუფია, რომელთაგან თვითოეული სხვისდამიუხედავად თავის დამოუკიდებელ ცხოვრებას განაგრძობს; რადგან არც ერთი ძაფი არ არსებობს, რომელიც მას ორგანულად ერთ რომელიმე ასეთს ”ეროვნულ აგრეგატთან” აერთებს, ამიტომ მას ადვილად შეუძლია გამოვიდეს ერთი მათგანის წრიდან და მეორეში გადავიდეს, თუკი ამას თავისთვის სასარგებლოდ სცნობს.

 

 

 

 ყოველი სხვადასხვაობა, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული ენის, რასობრივი ხასიათის, ისტორიული თავგადასავალის, ზნე-ჩვეულების, ხელოვნების, მსოფლმხედველობისა და სარწმუნოების განსხვავებისაგან, უარყოფილია როგორც ისეთი რამ, რასაც არ შეუძლია თავი გაიმართლოს რციონალიზმის უდიდესი სამსჯავროს - გონების წინაშე. მთელი ეს სხვადასხვაობა ნაშთია უარყოფილი წარსულისა, იმ ”ბნელი წარსულისა”, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო განათებული რაციონალისტური და განმანათლებელი ფილოსოფიის შუქით. რაციონალიზმის აღმოცენებასთან ერთად იწყება ახალი ხანა კაცობრიობის ისტორიისა, ხანა განათლებული, თავისუფალი გონების ბატონობისა, რომელიც მთლ მსოფლიოს გარდაქმნის აბსოლუტური, დღესავით ნათლი, მათმატიკურად დამტკიცებული ჭეშმარიტების თანახმად. ეს ის იდეალია, რომლის პრაქტიკულად განხორციელებასაც შემდეგში შეეცადნენ რობესპიერი და სენ-ჟიუსტი, იდეალი მსოფლიო მოქალაქეობის, რომელშიც მხოლოდ ერთი განსხვავება არსებობს - შედარებითი განსხვავება გონებრივობაში, განათლებაში. მათი მამამთავარი რუსსო, აშკარად ამბობს იმ სიტყვებს, რომლებიც დამახასიათებელია მთლი ამ მიმდინარეობისათვის: ”დღეს არ არსებობენ არც ფრანგები, არც გერმანელები, არც ესპანელები და ინგლისელები; არსებობენ კიდევ მხოლოდ ევროპელები, რომელთაც ერთი და იგივე გემოვნება, ერთი და იგივე სულიერი წყობა, ერთი და იგივე ზნე-ჩვეულება აქვთ, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ მიუღია ეროვნული ხასიათი განსაკუთრებული დაწესებულების შემწეობით”. იმავე აზრს ეთანხმება დ.

 

ჰიუმიც თავის გამოკვლევებში ”ადამიანის გონებაზე”: ”დღეს ყველასათვის ცხადია, რომ ყველა ეროვნებისა და ეპოქის ადამიანთა მოქმედებაში დიდი ერთფეროვნება სუფევს და რომ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება თავის პრინციპებსა და მოქმედებაში” (მერვე ნაწილი, თავი 1).

 

 თავის ძირითად შეხედულებებს რაციონალიზმი არ ღალატობს არც ფსიქოლოგიურ თორიაში, არც სულიერი თვისებების დაფასებაში. უძვირფასესი, უმნიშვნელოვანესი მხარე ადამიანის ფსიქიკისა არი გონება, აზროვნება; იგი დაფუძნებულია წარმოდგენათა მექანიკურ ასოციაციაზე. კიდევ მეტი: თვით აზროვნება ასოციაციის ჯაჭვია და სხვა არაფერი; ის მით უფრო ნათელი და გარკვეულია, მით უფრო უახლოვდება ჭეშმარიტებას, რაც უფრო ნაკლებად განიცდის ნებისყოფის და გრძნობის ზეგავლენას. თვით ასოციაციის მიმდინარეობა და, მაშასადამე, აზროვნება, დამოკიდებულია არა ინდივიდუალურ თვისებებსა და ნიჭზე, არამედ ობიექტურ კანონებზე, რომელნიც ისეთივე ულმობელი აუცილებლობით მოქმედებენ, როგორც გარეგანი ბუნების კანონები. ამიტომ აზროვნება არსებითად ერთფეროვანია; საკმაოა იგი განთავისუფლდეს ვნებათა ღელვისა, ცრუმორწმუნეობისა და აფექტთა ზეგავლენისაგან, რომ უსათუოდ მიაღწიოს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და მასთან ერთად ბედნიერებას, რომელიც დამოუკიდებელია დროისა და სივრცის პირობებისაგან და, მაშასადამე, ერთი და იგივეა ყველა გონიერი არსებისათვის აწ უკუღმართად არსებულ წოდებათა, კლასთა და ეროვნებათა განურჩევლად. პირიქით, ადამიანის სულიერი ცხოვრების იმ მხარეს, რომელშიც ყველაზე უფრო იხატება მისი სუბიექტივობა და ორიგინალობა - გრძობასა და ნებისყოფას, რაციონალიზმი ან სრულიად არა სცნობს ფსიქიურ რეალობად, ან უმნიშვნელო და უარყოფით როლს ანიჭებს: როგორც ინდივიდუალური, ისე უმაღლესი სოციალური გრძნობები - წოდებრივი, ეროვნული, სარწმუნოებრივი, - აცალკევებენ და აბრმავებენ ადამიანებს და, მაშასადამე, განკიცხულ უნდა იქნენ საღი გონიერებისა და აბსოლუტური ჭეშმარიტების სახელითაო.

 

 მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფიურმა და მეცნიერულმა მიმდინარეობამ ბოლო მოუღო ფსიქოლოგიურ და სოციალურ ატომიზმს.

 

უწინარეს ყოვლისა, ორმა დიდმნიშვნელოვანმა მოვლენამ იქონია ამ მხრივ გადამწყვეტი გავლენა: რომანტიკულმა ფილოსოფიამ და ჰეგელმა, ერთის მხრივ, ვოლიუნტარისტულმა ფსიქოლოგიამ - მეორეს მხრივ. ამ უკანასკნელმა სულიერი ცხოვრების ცენტრად ნებისყოფა აღიარა, ნებისყოფა, როგორც მთლიანობა ფსიქიური ენერგიისა, როგორც მიმდინარეობა, როგორც პროცესი, რომელშიც იხატება მთელი სიმდიდრე და მრავალმხრივობა ადამიანისა. წარმოდგენანი ან აფექტები შედიან, როგორც შემადგენელი ნაწილი ამ პროცესში, მაგრამ როგორც შეცდომა იქნება, მაგ., მდინარე წვეთების უბრალო შეერთებად ვაღიაროთ, ისევე უსამართლობა იქნება, რომ ადამიანის ფსიქიკა გარეგნულად შეკავშირებულ წარმოდგენათა სისტემად ვცნოთ და უყურადღებოდ დავტოვოთ მისი მიმდინარეობა და მიმართულება. აქედან წარმოდგება ახალი ცნება სულისა, როგორც აქტიური პრინციპისა, რომელმაც ძველი მეტაფიზიკური შეხედულების ადგილი დაიჭირა: ფსიქიური გამოცდილების სფეროში ჩვენ ვხედავთ სულს, არა როგორც სუბსტანციას, ”უცვლელს და დამოუკიდებელ არსებას”, არამედ როგორც აქტივობას, ”ჯამს თვით ჩვენის შინაგან გამოცდილებათა, ჩვენის წარმოდგენისა, გრძნობისა და ნებისყოფისა, როგორც შეგნების მთლიანობას, რომელიც განვითარების საფეხურზე ბოლოს თვით შემეცნებული აზროვნებისა და თავისუფალი ზნებრივი ნებისყოფის სიმაღლეზე ადის” (ვუნდტი: ”ლექციები ადამიანის და ცხოველის სულზე”, ლექცია 30-ე).

 

 რადგან თანამედროვე აზროვნებამ ძირიანად უარყო ის რწმენა, რომ სულ მონადაა უკარო და უსარკმლო, რადგან მან სულიერი ცხოვრების დედაარსად აქტივობა აღიარა, უპირველესი პრობლემა, რომლისთვისაც ანგარიში უნდა გაეწიოს მას, იყო საკითხი ინდივიდუალური შეგნებისა და სოციალური ერთეულის ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ და უდიდესი ისტორიული ღვაწლი რომანტიკული ფილოსოფიისა, და განსაკუთრებით, ჰეგელისა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ სავსებით სცნეს ამ საკითხის მნიშვნელობა და გზა გაუკვალეს მის სამართლიანად გადაწყვეტას. პიროვნება, არა განყენებული, უსისხლხორცო აჩრდილი, არამედ ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ კონკრეტულ სინამდვილეში, განსაზღვრულ ენაზე მოლაპარაკე, განსაზღვრული აზროვნების, ზნე-ჩვეულებების, რწმენის, მორალის და უფლების მატარებელი, გაუგებარია, სანამ მის ვიწრო ინდივიდუალურ საზღვრებიდან არ გამოვალთ. კიდევ მეტი: პიროვნება გასაგებია არა როგორც აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ინდივიდუალობა, არამედ როგორც სუბიექტი, რომელიც რთულსა და მრავალმხრივ დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში იმყოფება სოციალურ ობიექტთან.

 

 რომანტიკული ფილოსოფიისა და ჰეგელისათვის კი სუბიექტური სული არ არის ერთადერთი შემოქმედი ფსიქიური ენერგია: მის ანტითეზას წარმოადგენს ობიექტური სული, რომელიც იხატება უფლებაში, ზნე-ჩვეულებასა და მორალში და ჰქმნის როგორც თავისი გარეგნული განვითარების საფეხურებს - ოჯახს, სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოს.

 

 

უმაღლესი საფეხური შემომქმედი სულისა კი არის მთლიანობა, ანუ სინთეზი სუბიექტური და ობიექტური სულისა, ანუ აბსოლუტური სული, რომელიც ხელოვნებაში, სარწმუნოებაში და ფილოსოფიაში თავის გამოხატულებას, ხოლო უკანასკნელში აგრეთვე თავისივე თავის შეგნებას და აბსოლუტურ დამთავრებას პოულობს.

 

 განუზომელია ის გავლენა, რომელიც ამ შეხედულებებმა იქონია მეცხრამეტე საუკუნის მსოფლმხედველობაზე: მოაზროვნე პიროვნება იგნებს, რომ იგი წარმოადგენს არა განმარტოებულ კუნძულს ცხოვრების თვალუწვდენელ ზღვაში, არამედ სოციალური ერთეულის ცოცხალ ნაწილს, რომლის ზრდა, განვითარება და აღორძინება იმდენადვე სასარგებლოა მისთვის, რამდენადაც განუვითარებლობა, უკანსვლა და გადაგვარება საზარალოა და სახიფათო; რომ არსებობს სხვა ძალაც მის გვერდით და მასზე მაღლა, რომელიც ჰქმნის უფრო დიადს და უფრო მშვენიერს, ვიდრე კერძო პიროვნებას ძალუძს; რომ ეს შემომქმედი, აქტიური ძალა წარმოადგენს უფრო მაღალხარისხოვან რეალობას და ღირებულებას, ვიდრე ინდივიდუალური სული; რომ ის თვით უკვდავია და უკვდავყოფს პიროვნებასაც, რამდენადაც პიროვნება ხელს უწყობს იმის წინსვლას . . . არის დასაწყისი ახალი ხანისა მსოფლმხედველობის განვითარებაში, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია (გერმანელ ისტორიკოს ლამპრეხტთან ერთად) სუბიექტური შეგნების ხანა ვუწოდოთ, წინააღმდეგ წინა საუკუნეების (მეთხუთმეტედან-მეთვრამეტემდის) ინდივიდუალისტური აზროვნებისა.

 

 რა არი ეროვნება თანამედროვე მსოფლმხედველობის თვალსაზრისით?

 

 ”ერი არი სული, ფსიქიური ერთეული”. .

 

. ეს დებულება პარადოქსალურად მხოლოდ იმას ეჩვენება, ვინც ძველი ფსიქოლოგიური თეორიის ნიადაგზე დგას და სულის დედაარსს სუბსტანციაში ეძებს; მართლაც და, თუ სული, ვრცეულობას მოკლებული, ”მოაზროვნე სუბსტანციაა”, როგორც დეკარტემ განმარტა, ან ”უცვლელი, აბსოლუტურად განუვითარებელი, უბრალო არსებაა”, როგორც ჰერბარტს ეგონა, თუ იგი რეალურ ფსიქიურ მოვლენათა გარეშე ან მათ უკან დგას, რათა მათ მუდმივ ცვალებადობასა და მიმდინარეობაში დამოუკიდებლობა და იგივეობა შეირჩინოს, მაშინ ეროვნული სულის არსებობა მეტაფიზიკურ პრობლემად ხდება, რომლის გადაწყვეტაც მეცნიერულ ნიადაგზე ყოვლად შეუძლებელია. სოციალური ცხოვრებსი გამოცდილებაში ეროვნული სულის ასეთ სუბსტანციას, რასაკვირველია, ვერსად შევხვდებით, ან სად უნდა ვეძიოთ იგი? რაიმე ეროვნულ დაწესებულებაში? საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ან ეროვნების თვითეულ წევრში, მისი ინდივიდუალური სულის გვერდით, მისთვის ცალკე მიჩნეულ სფეროში? ამაოა ეს ძიება ეროვნული სულის სუბსტანციისა, როგორც ამაო იყო ინდივიდუალური ”სულის საჯდომის” ძიება დეკარტს მიერ, რომელიც მან ბოლოს ვითომდა პატარა ტვინის ქვეშ აღმოაჩინა, ამაოა და უნაყოფო, იმიტომ რომ არც ფსიქიურ, არც სოციალ-ფსიქიკური გამოცდილების სფეროში არ არსებობს არც ”საჯდომი”, არც თვით სუბსტანცია სულიერ მოვლენათა: ერთიც და მეორეც მეტაფიზიკური კონსტრუქციის ნაყოფია და ყოვლად უადგილოა როგორც ფსიქოლოგიაში, ისე სოციალურ მეცნიერებაში.

 

 სულ სხვა დასკვნამდე მივალთ, თუ იმ ფსიქოლოგიური პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რომელსაც ზევით აქტივობის თეორია ვუწოდეთ. როგორც ინდივიდუალური სულის შინაარსი წარმოდგენათა, გრძნობათა და ნების ლტოლვათა მთლიანოაბში მდგომარეობს და არა მათ უკან დამალულ მეტაფიზიკურს არსებაში, ისე სოციალური ფსიქიკის რეალობაც იმ მოვლენათა ურთიერთობაში იხატება, რომელნიც არსებითად სულიერი შემოქმედების ნაყოფნი არიან, მაგრამ ამასთან ინდივიდუალურ შესაძლებლობაზე შეუდარებლად მაღლა დგანან. ეს სოციალ-ფსიქიური მოვლენანი - ენა, ხელოვნება, სარწმუნოება, მოთოლოგია, მსოფლმხედველობა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ზნე-ჩვეულება და სხვა, ისევე შეურყევლად მოწმობენ ეროვნული სულის რეალობას, როგორც ინტელექტუალური და ემოციონალური ელემენტების არსებობა მოწმობს ინდივიდუალური სულის რეალობას. როგორც იქ, ისე აქ სულის დედაარსი იხატება აქტივობაში, შემოქმედებაში, მიმდინარეობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი მათგანის ასპარეზი უფრო ფართო, დიდი და ამაღლებულია, ვიდრე მეორესი.

 

 

 

 ჩემი აზრის განსამარტებლად და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ერთ მეცნიერულ კანონს, რომელსაც თანამედროვე ვოლიუნტარისტული ფსიქოლოგია (სახელდობრ, ვ. ვუნდტი) ”ფსიქიური რეზულტატების პრინციპს” უწოდებს. ამ პრინციპის მიხედვით, რთული ფსიქიური მოვლენა აღჭურვილია ხშირად არამარტო იმ თვისებებით, რომელნიც თვითეულ მის შემადგენელ ელემენტს ეკუთვნიან, არამედ ახალი მხარეებითად, რომელნიც არც ერთ ელემენტს ცალკე არ ჰქონია. ავიღოთ, მაგალითად, მელოდია. მის შემადგენელ ელემენტებს ტონები და მხოლოდ ტონები წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, მას ახასიათებს ისეთი ფსიქიური თვისებები, რომელიც არც ერთ ტონში ცალკე არ მოიპოვება და რომელიც მხოლოდ მათი შეერთებისაგან გამომდინარეობს. სიმაღლეც, სიძნელეც ანუ ინტენსივობაც თვითეულ ტონს ცალ-ცალკე უცილობლად თან სდევს, მაგრამ მას აკლია ის გამოუთქმელი რაღაც, რაც მელოდიას მელოდიად ხდის და რის ძებნაც თვითეულ ტონში ამაოა.

 

 

 

 ასეთივეა დამოკიდებულება ეორვნებასა და ცალკე პიროვნებათა შორისაც; ეროვნება შედგება ცალკე პიროვნებათაგან და მხოლოდ მათზე და არა ამოცანისებურ სუბსტანციაზე არი დაფუძნებული მისი არსებობა. მაგრამ, როგორც მელოდია მეტია, ვიდრე უბრალო ჯამი შემადგენელი ტონებისა, ისე ეროვნებაც მეტია, ვიდრე ინდივიდუალობათა კონგლომერატი; თუ გნებავთ, იგი სოციალური მელოდიაა, მხოლოდ უფრო თვითმოქმედი და დიადი. ვიდრე მუსიკალური მელოდია. მისი ფსიქოლოგიური შემოქმედების სალაროში შედის აუცილებლად ისიც, რასაც ცალკე პიროვნება ჰქმნის, მაგრამ მის სიმდიდრეს, მრავალმხრივობას ახასიათებს ისეთი რამ, რაც ცალკე პიროვნებას არასოდეს შეუძლია წარმოშვას.

 

 მას შემდეგ, რაც თანამედროვე აზროვნებამ ყურადღება მიაქცია არა მარტო იმიას, რაც სხვადასხვა პიროვნებასა და ეროვნებას ერთიმეორეს ამსგავსებს, არამედ იმასაც, რად მათ ურთიერთისაგან ანსხვავებს და აცალკავებს; მას შემდეგ, რაც მან ისწავლა იმ თავისებურის, ორიგინალურის და განუმეორებელის დაფასება, რომელიც პიროვნებას პიროვნებად, ხოლო ეროვნებას ეროვნებად ხდის. ნიადაგი გამოეცალა ერთფეროვან მსოფლიო მოქალაქეობის იდეალს და მისწრაფებას. დიადია და პროგრესის მამოძრავებელი, უწინარეს ყოვლისა, ის, რასაც ინდივიდუალობა და ეროვნება ჰქმნის ახალს, ანორმალურს, ამ სიტყვის კეთილშობილი მნიშვნელობით, გენიოსურს თავისი მოულოდნელობით, და თავისუფალ კონკურენციაში სხვებთან ერთად კაცობრიობის ცხოვრებას მრავალფერადად და საინტერესოდ ხდის.

 

 

აქ ბუნებრივად იბადება საკითხი, თუ რომელ სფეროში იხატება ყველაზე აშკარად ერის თავისებურება და ინდივიდუალობა, რომელია ის გზები, რომელზედაც იგი არსებითად დამოუკიდებლად დადის და ამით თავის სიმწიფეს გვამცნობს.

 

 მატერიალური კულტურის სფეროში, ტექნიკის, საწარმოო ძალთა განვითარებაში? რასაკვირველია, აქაც, მაგრამ შედარებით ყველაზე ნაკლებად. მატერიალური კულტურის წინსვლას, ისევე როგორც სოციალური და პოლიტიკური წესწყობილების, მეცნიერების, ხელოვნების ფილოსოფიის და სარწმუნოების განვითარებას, საძირკვლად ფსიქიური შემოქმედება უდევს. ეს დღეს არავისთვის საიდუმლოებას არ შეადგენს, გარდა რამდენიმე უკიდურესი მატერიალისტისა. მაგრამ მატერიალური კულტურა, კერძოდ ტექნიკა სწორედ ის სფეროა, რომელშიაც ყველაზე ნეკლებ იხატება სპეციფიკურად ეროვნული, ყველაზე მეტად საერთაშორისო, კაცობრიული სული. თანამედროვე ტექნიკის განვითარებამ სავსებით ნიადაგი გამოაცალა იმ შეხედულებას, რომ მის უაღრეს მატარებლად ერთი რომელიმე რჩეული ერი უნდა ჩაითვალოს - ინგლისელები, ამერიკელები ან სხვა ვინმე. კიდევ მეტი: კაპიტალისტური საზოგადოების ტექნიკა არსებითად განსაცვიფრებელი ერთფეროვნებით მეორდება სხვადასხვა ერის წარმოებაში, იაპონიიდან დაწყებული ინგლისამდე და თანმედროვე სოციალურიდიფერენციაცია, საზოგადოდ ეროვნული სხვადასხვაობის ზრდა, კერძოდ, გაუგებარი იქნებოდა, მართლაც ტექნიკური განვითარება რომ შეადგენდეს კაცობრიობის წინსვლის გადამწყვეტ ფაქტორს.

 

 

 

 ეს გასაკვირალიც არ არი: აქ ადამიანი ბუნების პირისპირ დგას უშუამავლოდ, პირდაპირ; აქ იგი ცდილობს ბუნება დაიპყროს მისივ მექანიკური ძალების საშუალებით, რომელნიც მათემატიკურის, გარდაუვალის აუცილებლობით მოქმედებენ; მოქმედებენ ერთნაირად, ისტორიული და სოციალური წრისაგან თითქმის სრულებით დამოუკიდებლად: ელექტრონის მოქმედება ერთნაირია ჩინეთში, ბრაზილიის უღრან ტყეში და პარიზში; ორთქლი ამერიკის პრერიებში ისეთივე აუცილებლობით ამოძრავებს მანქანებს და მატარებლებს, როგორც მანჩესტერის ქარხნებში ან უნგრულ მაგნატის მამულში. ის განსხვავება, რომელსაც, მიუხედავად ამისა, ვხედავთ სხვადასხვა ერის ტექნიკურ კულტურაში, რასაკვირველია, დამოკიდებულია ეროვნული ნიჭისა და გონების სიმაღლეზედაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იგი ამ ბუნებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელშიც ესა თუ ის ერი ცხოვრობს.

 

 კიდევ უფრო შორს ჭეშმარიტებაზე ის შეხედულებაა, რომელიც ეოვნების მნიშვნელოვან და დამახასიათებელ თვისებას აღებ-მიცემობის ქონაში ან უქონლობაში ხედავს; იმ აზრს კი, რომ თანამედროვე ეროვნების წარმოშობის მიზეზი აღებ-მიცემობის განვითარება არისო, რასაკვირველია, სრულიად არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან.

 

 შეიძლება გვიპასუხონ, რომ აღებ-მიცემობა ჰქმნის ეროვნებას იმდენად, რამდენადაც იგი სპობს ეკონომიკურ კარჩაკეტილოებას და ხელს უწყობს ეროვნული მეურნეობის შექმნას, მასთან ერთად ეროვნების გაერთიანებასო. შეიძლება მიგვითითონ ისტორიულ მაგალითებსა და ფაქტებზე, მაგ., ჩრდილოეთ გერმანიის საბაჟო კავშირზე, რომელმაც მოამზადა და ძლიერ ხელი შეუწყო გერმანელი ერის პოლიტიკურ შეერთებას. ეს კავშირი, როგორც ვიცით, წარმოიშვა 1819 წ. და 1835 წლამდის ეკონომიკურად პრუსიის წინამძღოლობით გააერთიანა დაქსაქსული გერმანიის ყველა ის სამეფო და სამთავრო, რომელნიც შემდეგ, 1871 წელს, ახალ ეროვნულ სახელმწიფოს, გერმანიის იმპერიის ფარგლებში შევიდნენ.

 

 

 

 ეჭვი არ არი, რომ საბაჟო კავშირმა, ე.ი. ეკონომიურმა ერთიანობამ, აქ, ისე როგორც სხვაგანაც, ხელი შეუწყო ეროვნულ სახელმწიფოს წარმოშობას, ე.ი. პოლიტიკურ გაერთიანებას. მაგრამ, განა ეს იმას ნიშნავს. რომ აღებ-მიცემობამ და ეკონომიკურმა განვითარებამ შექმნა თანამედროვე გერმანელი ეროვნება. განა გერმანელი ეროვნება არ არსებობდა 1871 და 1835 წლებამდის, მაშინაც, როცა მისი სამშობლო ეკონომიურადაც და პოლიტიკურადაც დაქსაქსული იყო, დაყოფილი ათას პაწია სამეფოდ და სამთავროდ, როცა ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურადაც და ეკონომიურადაც უცხო ერებთან უფრო მჭიდროდ იყო შეკავშირებული, ვიდრე ურთიერთ შორის: პრუსია-პოლონეთთან, პომერანია-შვეციასთნა, შლეზვიგი და ჰოლშტეინი-დანიასთან, ჰაროვერი-ინგლისთან, სამხრეთ გერმანიის სამთავროები - საფრანგეთთან. ან იქნებ გერმანელი ეროვნება მხოლოდ დღს არსებობს, ძველი გერმანია კი მხოლოდ გეოგრაფიული ცნებაა, შესაძლებლობა და არა ისტორიული რეალობა, უშინაარსო ფიქცია: ის გერმანია, რომელმაც შეჰქმნა მდიდარი ენა, თავისებური ზნე-ჩვეულება, რელიგიური რწმენა და მსოფლმხედველობა, დიადი მუსიკალური კულტურა და შეუდარებელი პოეზია; რომელმაც წარმოშვა ლუთერი და მელანხტონი, დიურერი და ჰოლბაინი, ლესინგი, გოეთე და შილერი, ბახი, მოცარტი, ჰაიდნი და ბეთჰოვენი, ლაიბნიცი, კანტი, ფიხტე, შელლინგი და ჰეგელი.

 

. .

 

 მთელი თანამედროვე აღებ-მიცემობა საერთაშორისო უფროა თავისი ძირითადი ტენდენციით, ვიდრე ეროვნული. მისი უაღრესი სარბიელი მსოფლიო ბაზარია და არა ეროვნების ან სახელმწიფოს მიერ შეზღუდული წრე. ის ეკონომიურდ სხვადასხვა ეროვნებას არა ნაკლებ მჭიდროდ აკავშირებს ერთიმეორესთან, ვიდრე თვითოეული ეროვნების წევრთა ურთიერშორის.

 

 ევროპის საგარეო აღებ-მიცემობა ერთი წლის განმავლობაში (1902 წ.) სჭარბობს სამოც მილიარდ მარკას; თუ ამ უზარმაზარ ციფრს სხვა ქვეყნების აღებ-მიცემობასაც მივუმატებს, დაახლოებით მაინც წარმოვიდგენთ, რა ძლიერი უნდა იყოს აღებ-მიცემობის როლი ინტერნაციონალური ეკონომიური კავშირის განმტკიცებაში. მაგრამ რა მოჰყვა მსოფლიო ბაზრის წარმოშობას და ეკონომიურ განვითარებას? ყოველ შემთხვევაში არა ის, რაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ”აღებ-მიცემობის” თეორიის მიხედვით: არა გაერთიანებული ”ევროპული” ან, მით უმეტეს, ”მსოფლიო” ეროვნების შექმნა, არა გაქრობა ან ჩაჩრდილვა არსებულ ეროვნებათა სხვაობისა და წინააღმდეგობისა.

 

 პირიქით: მეცხრამეტე საუკუნე- ეს მსოფლიო ბაზრის საუკუნე, მასთან ერთად ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების ხანაა.

 

თვითეული ერი თავისი, საკუთარი გზით მოდის, იმ გზით, რომელიც იმის სულიერ დედაარსს შეესაბამება, და ეს მსვლელობა არ შეჩერებულა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, ინტერნაციონალურ აღებ-მიცემობის ზრდის მიუხედავად.

 

 აღებ-მიცემობის ზრდა-განვითარება და ეკონომიური გაერთიანება ხელს უწყობს ეროვნების პოლიტიკურ კონსოლიდაციას, როგორც, პირიქით, პოლიტიკური კონსოლიდაცია, თავის მხრით, ხელს უწყობს ეკონომიურ შეერთებას და ეროვნული მეურნეობის შექმნას.

 

პირველი პროცესის ისტორიული მაგალითია გერმანია, უკანასკნელის - იტალია. იტალიელი ეროვნების სახელმწიფოებრივ შენობას საძირკველი 1859 წელს ჩაეყარა, ხოლო 1871 წელს დამთავრდა: მან თავის მხრით ცხოვრებაში ეროვნული აღებ-მიცემობა და მეუნეობა გამოიწვია. იტალიელი ეროვნება კი, რასაკვირველია, მეცხრამეტე საუკუნის მესამოცე წლებამდისაც არსებობდა. არსებობდა ის დიდი იტალიელი ეროვნება, რომელმაც განუმეორებელი სულიერი კულტურა შექმნა, რომელმაც კაცობრიობას უძღვნა დანტე და პეტრარკა, არიოსტო და ტორკვატო ტასსო, რაფაელი და მიქაელ-ანჯელო, ტიციანი და კორრეჯიო, გალილეი და ჯორდანო ბრუნო, მაკიაველი და ვიკო, ალფიერი და ლეოპარდი. .

 

.

 

 რა დამოკიდებულება არსებობს ეროვნულ შემომქმედ სულსა და სოციალ-პოლიტიკურ წესწყობილებას შორის? ჩვენ სრულიადაც არ უარვყოფთ, რომ აქაც ისევე, როგორც ტექნიკური კულტურის სფეროში, თვითეული ეროვნება ძლიერ ხშირად შობს სპეციფიურს, ორიგინალურს, შესაბამისს თავის ნაციონალურ ხასიათთან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სოციალ-პოლიტიკურ წესწყობილების სფეროშიც საერთაშორისო, საკაცობრიო ფსიქიური შემოქმედება უფრო აშკარად იხატება, ვიდრე ეროვნული, და ეს მით უფრო გარკვევით, რც უფრო წინ მიდის საზოგადოებრივი განვითარება. ორი ნიშანდობლივი თვისება ახასიათებს მთელ დღევანდელ კულტურულ კაცობრიობას თითქმის გამოუკლებლად: კლასობრივი საზოგადოება და კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილება. თანამედროვე საზოგადოების ტენდენცია მიმართულია კლასებად დაყოფილ დემოკრატიისაკენ და ამ ძლიერი ტენდენციის გავლენას ვერც ერთი ეროვნება ვერ გადაურცა, ვერც ოსმალეთი, ვერც სპარსეთი და აღმოსავლეთის სხვა დესპოტიები, რომელნიც კარგა ხანს წოდებრივი და აბსოლუტისტური წყობილების შეურყეველ კერად ითვლებოდნენ. ის, რაც ყველაზე ადრე ორი მოწინავე ერის - ფრანგებისა და ინგლისელების ენერგიამ და გენიოსობამ შექმნა, დღეს მთელი კაცობრიობის კუთვნილება ხდება და აშკარად მოწმობს იმ აზრს, რომ ამ მხრით მსგავსება სხვადასხვა ეროვნებასა და მათ მოთხოვნილებათა შორის უფრო დიდია, ვიდრე განსხვავება.

 

 მიუხედავად ამისა, ზოგიერთნი მეცნიერი და მკვლევარი ეროვნების შექმნაში გადამწყვეტ როლს სწორედ პოლიტიკურ მომენტს აკუთვნებს. მაგალითად, ავსტრიელი სოციოლოგი გუმპლოვიჩი ეროვნებას ახასიათებს, როგორც ’საერთო სახელმწიფოს მიერ წარმოშობილ კულტურულ და სულიერ ინტერესთა მთლიანობას, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად არ საჭიროებს საერთო ენაზე ილაპარაკოს”.

 

საქმის ნამდვილ ვითარებას ეს შეხედლება ისევე უკუღმა ატრიალებს, როგორც ”აღებ-მიცემობის თეორია”, და ამის დასარღვევად იგივე ისტორიული ფაქტებია საკმაო, რომელნიც ზევით მოვიყვანეთ, არა სახელმწიფო ჰქმნის ეროვნებას, არამედ, პირიქით, ეროვნება იწვევს ცხოვრებაში ეროვნულ სახელმწიფოს, ან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, თავისი არსებითი მოთხოვნილებების შესაფერი პოლიტიკური ორგანიზაცია მოიპოვოს.

 

 მთელი მეცხრამეტე საუკუნის ისტორია არი ბრძოლა ეროვნებათა ნაციონალური სახელმწიფოს გულისათვის და ეს ბრძოლა დღესაც არ დამთავრებულა. რით აიხსნება დღევანდელი ჩეხების, პოლონელების, ირლანდიელების და სხვა პაწია ერების ”ბრძოლა სახელმწიფოსათვის”, თუ არა იმით, რომ ეროვნება არსებობს საკუთარი პოლიტიკური ერთეულის გარეშეც, ანვითარებს ნაციონალურ თვითშეგნებას და კულტურად სხვის სახელმწიფოშიც, თუმცა ხშირად გრძნობს ამ მდგომარეობის არანორმალობას, შეუსაბამობას, იტალიელები არასოდეს არ ყოფილან შეერთებულნი საერთო პოლიტიკურ ორგანიზმში 1859 წლამდის. პაწია სამეფოებად დაყოფილი იტალიის ნაწილს ხან გერმანელები ფლობდნენ, ხან ესპანელები, ხან ფრანგები, ხან ავსტრიელები; მიუხედავად ამისა, არ გაჩენილა ცალ-ცალკე ეროვნება ”ორივე სიცილიის სამეფოში”, პიემონტში, ვენეციაში, მოდენაში, პარმაში და პაპის სამფლობელოში; არც ნეაპოლიტანელნი გამხდარან ესპანელებად, ნიცელები - ფრანგებად ან ლომბარდიელები და ტიროლელები - გერმანელებად, იმიტომ რომ სახელმწიფო სინამდვილეში არი არა ”ლევიათანი”, არა ”ენით გამოუთქმელი საშინელება”, რომელსაც შეუძლია ყოველგარი შეუძლებლობა სინამდვილედ აქციოს, შექმნას ან მოსპოს ეროვნული ფსიქიკა, არამედ ისტორიულად აღმოჩენებული ფორმა საზოგდოებრივი ცხოვრებისა და განვითარებისა, რომელსაც თვით ეროვნება ხმარობს თავისი ნებისყოფის განსახორციელებლად და განსამტკიცებლად.

 

 როგორც მონა თავის მონობის მთელ საშინელებას, თავისი გარეგანი ნებისყოფის შებორკვის აუტანლობას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა სულიერად უკვე განთავისუფლებულია, როცა მან უკვე ისწავლა თავისი ინდივიდუალობის დაფასება და ცდილობს მას გარეგნული მოქმედებაც შეუსაბამოს, ისე ეროვნებაც მხოლოდ მაშინ განიცდის მთელ ტრაგიზმს პოლიტიკური მონობისას, როცა იგი უკვე ასულია ეროვნული თვითშეგნების სიმაღლეზე, როცა აშკარად ხედავს წინააღმდეგობას თავის შინაგან მისწრაფებათა და გარეგან პოლიტიკურ მდგომარეობათა შორის. ეს ტრაგიკული და სახიფათო მდგომარეობაა. .

 

.

 

 სულიერად თავისუფალ ეროვნებას შეუძლია ბევრი მშვენიერი და დიადი რამ შექმნას თვით პოლიტიკურ მონობაშიაც კი. სულიერად დამონებული და დამახინჯებული კი მონად დარჩება თვით უთავისუფლეს სახელმწიფოში.

 

 შემცდარია ის აზრი მონტესკიესი და დემესტრისა, რომლის მიხედვითაც ეროვნებად მხოლოდ სუვერენი და არისტოკრატია უნდა ჩაითვალოს, როგოც შემცდარია ის შეხედულება საფრანგეთის მეთვრამეტე საუკუნის რადიკალური ბურჟუაზიისა, რომელიც ოლარმა შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: ეროვნება - ეს შეძლებული და განათლებული საფრანგეთიაო. ეროვნება ყოველივე ამაზე უფრო მაღლა დგას, ამიტომ არი, ყველა საზოგადოებრივი ძალა ერთნაირადაა დაინტერესებული, რომ ის ეროვნება, რომელსაც იგი ეკუთვნის დიადი და კულტურული გახდეს. ეს იმიტომ, რომ პიროვნება, რომელ წრესაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ორგანულადაა შეერთებული ეროვნულ ფსიქიურ ერთეულთან, მთელ მის არსებობასთან, ზრდასთან და განვითარებასთან.

 

 დამოკიდებულება და ერთიერთობა ეროვნებასა და პიროვნებას შორის შეუდარებლად უფრო მჭიდრო და ორგანულია, ვიდრე ეს სოციალ-ატომისტურ თეორიას ეგონა. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება არ არი ცალმხრივი: პიროვნება არა მარტო ექვემდებარება ეროვნული ერთეულის გავლენას, არამედ თვითონაც აქტიურად მოქმედებს მასზე და მით უმეტეს, რაც უფრო მდიდარი და ძლიერია თვითონ ის.

 

 

 

 ერთი თანამედროვე გერმანელი ისტორიკოსი სრულიად სამართლიანად ამბობს: ”ადამიანი საჭიროებს საზოგადოებას არა მარტო როგორც თავის მატარებელს, არამედ როგორც ობიექტსაც, რომელშიც შეაქვს ის, რაც მასში ცხოვრობს, და რამდენადაც უფრო ავტონომიური და ინდივიდუალური ხდება თვით პიროვნება, იმდენად უფრო გაბედულად და ფართოდ ავალებს ის თავის გარშემო იმ წრეს, რომელმაც მასზე უნდა იქონიოს გავლენა და რომელზედაც აგრეთვე მას სურს იმოქმედოს”.

 

 თუ თანამედროვე მატერიალური კულტურა და სოციალ-პოლიტიკური წესწყობილება, როგორც ზევით დავინახეთ, მართლაც საერთაშორისო შემოქმედების ნაყოფს შეადგენს, თუ მასში საკაცობრიო სხვადასხვა ეროვნების გამაერთიანებელი ტენდენციები უფრო აშკარად იხატება, ვიდრე გამაცალკევებელი, ცხადია, რომ სპეციფიურად ეროვნული უნდა ვეძიოთ სხვაგან, სახელდობრ, სულიერი კულტურის სფეროში.

 

აქ ვპოვებთ უწინარეს ყოვლისა იმას, რაც ყველაზე ნათლად ხატავს ეროვნების განუმეორებლობას და დამოუკიდებლობას, რაც შეურყევლად მოწმობს მის სხვასთან შეუდარებელ ნიჭს და გენიოსობას. ეს ეროვნული სული და გენიოსობა ისე რეალურად, ისე ხელშესახებად არსად გამოსჭვივის როგორც ენაში და იმ ფსიქიური შემოქმედების სფეროში, რომელსაც ჰქმნის ადამიანი ენის შემწეობით: ზნე-ჩვეულებაში, ესთეტიკურ და ეთიკურ კულტურაში, საზოგადო და ფილოსოფიურ მხედველობაში, მითოლოგიურ და რელიგიურ რწმენაში.

 

 გაკვრით უკვე მოვიხსენიეთ ძველი, ამ მეცნიერების მიერ უკვე უარყოფილი თეორიების ენის წარმოშობისა. თეოლოგიური აზროვნებისთვის ენა სასწაულებრივი მოვლენაა, განგების მიერ ადამიანთა დასასჯელად ან დასაჯილდოვებლად მოგზავნილი; რაციონალიზმისათვის კი, პირიქით, იგი ბუნებრივი, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული, მზა იარაღია პიროვნების მიერ თავისი აზრებისა და შინაგანი გამოცდილების გამოსახატავად მოგონილი. არსებითად თუმც გარეგნულად შეცვლილი ფორმით, ეს უკანასკნელი ინდივიდუალისტური თეორია ჯერ კიდევ ცოცხლობს ეგრეთწოდებულ ”გამოგონების” და ”წაბაძულობის” თეორის სახელით.

 

 თუ ენა დამოუკიდებელ პიროვნებათა მიერ მოგონილი იარაღია, ბუნებრივად იბადება საკითხი, როგორ მოხდა, რომ შემდეგ ეს ინდივიდუალური იარაღი სოციალურად გარდაიქცა, თავისი წარმოშობის სხვადასხვაობა ერთიმეორეს შეუფარდა და ჩაჩრდილა და მთელი სოციალური ერთეულის გაერთიანებულ გამოხატულებად გარდაიქცა.

 

ყოვლისშემძლე წაბაძულობის შემწეობითაო, უპასუხებს ეს თეორია. ეს წაბაძულობა რაღაც უცნაური მისტიკური, გამათანასწორებელი ძალაა, რომელიც ჯადოსნური შესაძლებლობით ინდივიდუალურისგან ჰქმნის სოციალურს. კიდევ მეტი: საზოგადოება წაბაძულობაა, წაბაძულობა კი ერთგვარი სომნამბულიზმიაო, ამბობს ამ მიმართულების ცნობილი თეორეტიკოსი, ფრანგი სოციოლოგი გაბრიელ ტარდი თავის თხზულებაში ”კანონები წაბაძულობისა”.

 

 ნიჭიერი და არაჩვეულებრივი პიროვნება, ერთადერთი წყარო ყოველგვარი შემოქმედებისა, სრულიად დამოუკიდებლად იგონებს ახალს, უცნობს, გენიოსურს; წაბაძულობის წყალობით ეს ახალი ჯერ იმ ვიწრო წრეში ვრცელდება, რომელიც გამომგონებელს გარს არტყია, შემდეგ კი შეუმჩნეველი ზვავით უფრო ფართო და ფართო წრეებს ედება, სანამ ბოლოს არ დაკარგავს თავის ძალას და ერთ საზღვარზე არ შეჩერდება: ესაა საზღვარი გარკვეული სოციალური ერთეულისა. გენიოსი გიპნოტიზიორი, სოციალური სხეული კი - პასიური მედიუმი, რომელიც მას აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს. ამით აიხსნება, რომ ენა, რომელიც თავდაპირველად ინდივიდუალური იარაღია, ჩქარა მთელი განსაზღვრული საზოგადოებისათვის განგებ, სულიერი შინაგანობის გამომხატველ საშუალებად ხდება. ნიჭიერი პიროვნება ჰქმნის ენას ან წინასწარ მოსაზრებით, შეგნებულად (ინტელექტუალისტური შეხედულება), ან სრულიად უნებლიეთ, რეფლექტურად, შეუგნებლად (ფიზიოლოგიური თეორია):ფსიქიური აღელვების დროს, ძლიერი გრძნობით, ვნებით ან გულისთქმით გამსჭვალული იგი ცდილობს მოძრაობით, ყვირილით და ხმის მოცემით გამოსავალი მისცეს დაგუბებულ ფსიქიურ ენერგიას; ეს ხმა თავის მხრივ პოულობს გამოხმაურებას ახლო-მახლო წრეებში: თვითეული პიროვნება ცდილობს მდგომარეობა და ხმა ასოციაციურად ერთიმეორეს დაუკავშიროს და შემდეგ ანალოგიურ მდგომარეობაში თვითონაც მსგავსი ხმა გამოსცეს. ამგვარად იბადება ენა, წაბაძულობის ნაყოფი.

 

 

 

 ამ თეორიის დასახასიათებლად, საკმაოა გავიხსენოთ როგორ ხსნის იგი ეგრეთწოდებულ ”ხმის ცვლილებათა” ფაქტს. მაგალითად, ცნობილია, რომ ლათინურ სიტყვას ”ცეზარს” სხვადასხვა ეროვნება სხვადასხვანაირად სცვლის: გერმანელი ამბობს ”კაიზერს”, რუსი ”ცარს”, ქართველი ”კეისარ”-ს ან ”ყაისარ”-ს. ამ თეორიის მიხედვით, ეს იმით აიხსნება, რომ ერთს რომელსამე უსახელო პიროვნებას ლათინური სიტყვა შეცდომით წარმოუთქვამს, მისთვის წაუბაძავთ სხვებს და ამგვარად ბოლოს დამახინჯებულიგამოთქმა საერთო ეროვნულ კუთვნილებად გამხდარა.

 

 აქედან ნათლად ჩანს ამ ხელოვნური სოციოლოგიური კონსტრუქციის სისუსტე და ნაკლოვანება: წაბაძულობის თეორიას, ჩვენის აზრით, სრულიად არ შეუძლია ეროვნულ ენათა სხვადასხვაობის ახსნა. როგორ მოხდა, რომ პიროვნებათა იმ ჯგუფმა, რომელიც შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა ცხოვრობს, რომელსაც შემდეგ ქართველი ერი ეწოდება, გამოუკლებლივ სწორედ ”კეისარის” გამომთქმელს მიბაძა. რა ჯადოსნობამ მისცა სწორედ ”კაიზერს” ასეთი აბსოლუტური ბატონობის ძალა ნემანისა და ჩრდილოეთ ზღვას შუა ან ”ცარს” აღმოსავლეთ ევროპაში? რატომ ყველამ ლათინურ ”ცეზარს” არ მიბაძა? ამ სიტყვას ხომ მთელი ეროვნება ხმარობდა, სანამ იგი გერმანულ, რუსულ და ქართულ ენაში შევიდოდა? ცხადია, რომ წაბაძულობა თავისთავად გასაგები მოვლენა არ არის. ცხადია, რომ იგი მეორეხარისხოვანი სოციალური ფაქტორია: თუ ქართველი ერი ერთნაირად სცვლის უცხო სიტყვათა გამოთქმას, ამას სჩადის არა წაბაძულობის შემწეობით, არამედ თანახმად თავისი ეროვნული ფსიქიური ბუნებისა; თუ მისი გამოთქმა განსხვავდება გერმანული ან რუსული გამოთქმისაგან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სულიერი ბუნება, რომელიც საძირკვლად უდევს ენის შემოქმედებას, განსხვავდება გერმანული ერის სულიერი ბუნებისაგან.

 

 

 

 თვით წაბაძულობა ეროვნული წრის ფარგლებში აიხსნება მხოლოდ იმ მჭიდრო სულიერი ნათესაობით, რომელიც მის წევრთა შორის არსებობს; ენის და გამოთქმის სხვადასვაობა კი, და ამასთან ერთად შეუძლებლობა საერთაშორისო წაბაძულობისა, გამომდინარეობს ეროვნულ ფსიქიკათა სხვადასხვაობისაგან, რომელსაც ვერავითარი ”სომნამბულისტური ძალა” ვერ დაჩრდილავს. აქ ადგილი არ აქვს ”შემთხვევას”, ”შეცდომას”, ”თავისუფალ მოგონებას”: პიროვნება სიტყვას სცვლის არა ზეშთაგონებით, არა ”ვინიცობით” ან ხელოვნური კომბინაციის წყალობით, არამედ გარდაუვალი აუცილებლობით, იმ სოციალ-ფსიქიური ერთეულის მიხედვით, რომელსაც ის ეკუთვნის. . . იგი განმარტოვებული არა დგას ამ შემოქმედებაში; მასთან ერთად ათასი და ათი ათასი სხვა, მასავით უსახელო ეწევა იმავე შრომას, იმავე მიმართულებით და თუ შემდეგი ამ შრომისა შეთანხმებული გამოდის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებითად ჰქმნიდა არა პიროვნება, არამედ დიადი ეროვნული სული პიროვნების შემწეობით. წინააღმდეგ ტარდისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალობა, საზოგადოდ, ეროვნება, კერძოდ არი არა წაბაძულობა, არა მედიუმი, რომელზედაც პიროვნება თავის უცნაურ ექსპერიმენტებს ახდენს, არამედ ფსიქიური აქტივობა, განუზომლობა შემომქმედი გენიოსობისა, რომელიც ინდივიდუალობისაგან მხოლოდ იმას ითვისებს, რაც მის დედაარსს არ ეწინააღმდეგება.

 

 

 

 აქ უადგილო არ იქნება გავიხსენოთ ის პრინციპი ფსიქიური რეზულტატებისა, რომელზედაც ზევით გვქონდა ლაპარაკი.

 

რა არი პიროვნება თავისი ნიჭით, აზროვნებით და მეტყველებით ეროვნების გარეშე? რა არი თვით უუმდიდრესი ენა რობინზონისთვის, რომელიც მოწყვეტილია თავის ეროვნებას? - ასოებად დაწყობილ ხმათა სისტემა, მოკლებული ყოველ რეალურ აზრსა და შინაარსს, ან ამაო მოწოდება და ძახილი ძლიერი გრძნობით აღელვებული სულისა, ან აზრით და გულისნადებით აღსავსე წინადადება, რომელიც ვერავითარ გამოხმაურებას ვერ იპოვის და დარცება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა.

 

 პირიქით, რა განუზომელს, ყოველი მხრით შეუდარებელ კულტურულ ძალას წარმოადგენს ენა, იგი არქიტექტონული სისტემა ხმებისა, იმ პიროვნებისათვის, რომელიც ცოცხალი ეროვნული ერთეულის წევრია, შეკავშირებული მის აზრებთან, გრძნობებთან და ნების ლტოლვასთან. . . რამდენ ახალ თვისებას იძენს ენა სოციალური თვალსაზრისით, სულიერ შინაგანობის წარმოდგენათა და გრძნობათა გამომხატველი უძლიერესი და უგავლენიანესი საშუალება, სოციალური გამოცდილების დამგროვებელი და შემნახველი იარაღი, ურომლისოდაც ყოვლად შეუძლებელია კულტურული წინსვლა, სოციალური ნასკვი, რომელიც უფრო მჭიდროდ და საიმედოდ აკავშირებს საზოგადოებას, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ან სარწმუნოებრივი დაწესებულება, ფსიქიური პროცესი, ურომლისოდაც შეუძლებელია აბსტრაქტულ ცნებათა შედგენა და, მაშასადამე, აზროვნების განვითარება: და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ენა გარეგნულად გამოხატულებაა იმ სოციალ-ფსიქიური ჰარმონიისა, რომელსაც ეროვნება ეწოდება და არა ჰეტეროგენულ, ერთიმეორისაგან დამოკიდებულ პიროვნებათა მიერ გამოგონილი იარაღი.

 

 ვუნდტმა აღნიშნა ვილჰელმ ჰუმბოლდტის ღვაწლი, რომელიც ამ მეცნიერს მიუძღვის ენის ფილოსოფიის წინაშე (ვ.ვუნდტი: ”ენა და ეროვნება”, ნარკვევები, გამოც. 2, გვ.

 

27); პირველად ჰუმბოლტმა დაინახა ნათლად ძველი ფილოლოგიის სისუსტე და ნაკლოვანება და დაამტკიცა, რომ ენა არი არა მარტო შედეგი აზროვნების, არამედ მისი მიზეზიც, ”რომ იგი უწინარეს ყოვლისა არი არა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული იარაღი, რომელიც მზად არი ყოველმხირივ მოსახმარად, არამედ თვით იმ სულიერ მოქმედებაში მდგომარეობს, რომელიც მას შეუწყვეტლად ჰქმნის”.

 

 ენა, ამ თეორიის მიხედვით, ”გამომხატველი მოძრაობაა”, თუმცა, რასაკვირველია, უფრო რთული, მრავალმხრივი და არქიტექტონულად აშენებული, ვიდრე სხვა ”გამომხატველი მოძრაობანი”: გულის და მაჯის ცემა, ცვლილება სისხლის დენაში, სუნთქვა, სახის გამომეტყველება, მიხრა-მოხრა და პანტომიმიკა. ამიტომ ის უწინარეს ყოვლისა იმავე საერთო ფსიქოლოგიურ კანონებს ექვემდებარება, რომელსაც სხვა ელემენტარული ”მეტყველი მოძრაობანი”. როგორც, მაგ. , სახის ერთვარი გამოხატულება, სიწითლე, გულის და მაჯისცემის, და სუნთქვის აჩქარება, ხელების მოძრაობა მოგვითხრობს ადამიანის ამაღელვებელ გრძნობებზე; როგორც გაფითრება, სახის შეშლა, გულისცემის და სუნთქვის შეჩერება და ხელების გაშეშება მოწმობს უძლიერეს აფექტს, ისევე ენაც, სიტყვებისა და დალაგებული წინადადებების შემწეობით ხატავს ადამიანის შინაგან გამოცდილებას, ცნებებს, აზრებს, ემოციონალურ მდგომარეობებს, მხოლოდ ბევრად უფრო მდიდარი, ყოველმხრივი, გასაგები, თვითეულ მდგომარეობასთან დეტალურად შესაბამისი საშუალებებით. მაგრამ ერთი ნიშანდობლივი თვისება ანსხვავებს ყველაზე ნათლად ენას სხვა ”მეტყველ მოძრაობათაგან” და ჰქმნის შეუდარებელ იარაღად: ესაა მისი განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის ნებისყოფასთან.

 

 უმრავლესობა ელემენტარულ ”მეტყველ მოძრაობათა” სრულიად დამოუკიდებელია შეგნებული ნებისყოფის გავლენისაგან და შეუგნებლად, რეფლექტურად მოქმედებს: სირცხვილის სიწითლე, შიშის გაფითრება ან ზიზღის და სიძულვილის ჟრუანტელი ხშირად მაშინაც კი ააშკარავებს ადამიანის შინაგან მოძრაობას, როცა მას მისი დამალვა ბევრად ურჩევნია, ძლიერი აფექტების და ვნებათაღელვის ჩაჩრდილვა კი ხომ სრულიად შეუძლებელია, თუნდ უძლიერესი ნებისყოფის საშუალებითაც. სულ სხვაა ენა; ტალეირანმა დიპლომატრი გონებასიმახვილით თქვა: ენა იმიტომ მაქვს, რომ თავის დროზე ვსდუმდეო.

 

ეს თავის დროზე დუმილი კი შეუძლებელი იქნებოდა, ენა რომ ნებისყოფას არ ემორჩილებოდეს.

 

 ენა ისევე, როგორც აზროვნება, აპერცეფციული მოვლენაა და არა ასოციაციური - აი, მოკლედ ის დასიკვნა, რომელზედაც მივიდა თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერება. ეს იმას ნიშნავს, რომ საღი, ჭეშმარიტი აზროვნების დროს ადამიანი პასიურად კი არ ეძლევა წარმოდგენათა ასოციაციას, არამედ განუწყვეტელი შეგნებული ნებისყოფის შემწეობით ცდილობს აზრთა მიმდინარეობა იმ კალაპოტში ჩააყენოს, რომელიც მიზანთან ყველაზე ადრე მიიყვანს; ცდილობს ცნებათა და იდეათა სისტემა არქიტექტონულად დედააზრს დაუქვემდებაროს და უსარგებლო ბილიკებზე სვლას ააცილოს. ენაც ამ შინაგანი აპერცეფციული პროცესის გარეგნული გამოხატულებაა: ნებისყოფა, რომელიც დალაგებულ აზროვნებას ჰქმნის, იმავე დროს მას მის გარეგან მხარეს - ენას უსაბამებს.

 

 დედაენა არი არა შემთხვევითი დამატება ადამიანისა, არამედ თვით იმის აზროვნებასთან ორგანულად შეზრდილი პროცესი, რომლის გამოცვლა თვით იმ აზროვნების ნაჩვევი მიმდინარეობის გამოცვლას მოასწავებს. ის განსხვავება, რომელიც არსებობს სხვადასხვა ენათა შორის გამოთქმის, სიტყვათა სიმდიდრის, მოდულაციის, ხმის აწევის, ხმის ცვლილების, წინადადების დაწყობის და აშენების მხრივ, წარმოდგება არა რაიმე გარეგნულ უბრალო შემთხვევისაგან, არამედ თვით აზროვნების სხვადასხვაობისაგან. მაგ., ეჭვს გარეშეა, რომ წინადადებას თვითეული ეროვნება ისე აშენებს, როგორც იგი აზროვნებს და სიტყვათა თანდათანობა შეესაბამება ცნებათა თანდათანობას; ამიტომ, ვისაც შეუმჩნევია ის განსხვავება, რომელიც არსებობს სხვადასხვა ენას შორის ამ მხრივ, წარმოიდგენს დაახლოებით მაინც, რა დიდი უნდა იყოს განსხვავება მის შემქნილ ეროვნულ ფსიქიკათა შორის.

 

 

 

 ენის იგივეობა გულისხმობს ნებისყოფის და, მაშასადამე, შემოქმედი სულის და ნიჭის იგივეობას, ენის სხვადასხვაობა - პირიქით, ნებისყოფის და მასთან ერთად ნიჭისა და სულის სხვადასხვაობასაც. აქედან ცხადად ჩანს მთელი ტრაგიზმი და საშინელება იმ ეროვნების მდგომარეობისა, რომელსაც აძალებენ მისი ფსიქიური ბუნებისათვის სრულიად უცხო და შეუსაბამელი ენის ტერმინებში იაზროვნოს, ტრაგიზმი ნორჩი თაობისა, რომელიც იძულებულია თავისი ახალი ფრთაგაშლილი აზროვნება სხვის მიერ შექმნილს კალაპოტში ჩასვას.

 

ესაა მუდმივი დისჰარმონია ადამიანის სულიერ შინაგრძნობასა და მის გარეგნულ გამოხატულებას შორის. მუდმივი ბრძოლა ფორმისა შინაარსთან, სურვილისა ასრულებასთან, - უსიტყვო, აუჩქარებელი, ფარული დრამა, რომელიც აუცილებლად პიროვნების დამახინჯებით თავდება.

 

 არსებობს სულიერი ურთიერთობა კულტურული კაცობრიობისა, სულ სხვა პრინციპებზე აშენებული, ვიდრე მატერიალური ურთიერთობა, თუმცა მასზე უფრო მჭიდრო და გავლენიანი; მატერიალური ინტერესები მხოლოდ სივრცის და დროის ვიწროდ შემოფარგლულ წრის საზღვრებში აკავშირებენ, სულიერი ინტერესები კი ჰქმნიან სივრცისა და დროის შემთხვევითი საზღვრებისაგან დამოუკიდებელ სულიერ ერთობას. იქ ბრძოლა და წინააღმდეგობაა, აქ განსხვავებულ ეროვნულ ძალთა სრული ჰარმონია. კაცობრიობის განვითარება არის შეუჩერებელი ზრდა ამ სულიერი ერთობისა.

 

ეროვნებანი ჰქრებიან და თან მიაქვთ თავიანთი მატერიალური კულტურა: ის კი, რაც მათს ნიჭსა და თავისებურებას შეუქმნია დიადი და გენიოსური, სულიერი კულტურის სფეროში, ხელუხლებელ საუნჯედ რჩება მსოფლიო გონებრივ სალაროში; ამ ნაყოფიერების საშუალებით მათი ორიგინალური სული სამუდამოდ რჩება კაცობრიობის განვითარების ფაქტორად..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეთიკა და ესთეტიკა / ქიქოძე გერონტი / ეროვნება, ენა და ესთეტიკური კულტურა