ბედოშვილი ლია 

უფალი და უფლისწული

 

 

 

 იყო და არა იყო რა,

                     ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!

     ასე დაიწყო ზღაპარი მოხუცმა.

     - როგორ შეიძლება იყოს და არ იყოს?... ეს მეზღაპრე ცრუპენტელაა!-  იყვირა უფლისწულმა. - ახლავე მიწისქვეშა დილეგში ჩააგდეთ! წყლისა და ნატეხი პურის მეტი არა მისცეთ რა, იყოს იქ მარტოდმარტო და ღამურებს მოუყვეს თავისი სულელური ზღაპრები!

     მეფის ამალამ წრე შემოარტყა მეზღაპრეს. ძლივს წამოდგა მოხუცი, მორჩილად წალასლასდა კარისკენ, ზღურბლთან შეჩერდა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა:

     - მე არ ვიქნები მარტო!

     - რაო, რაო? - გადაიხარხარა უფლისწულმა. - მარტო არ ვიქნებიო?! მთლად გამოყეყეჩებულხარ მოხუცო!

     მეზღაპრე უფლისწულისაკენ შეტრიალდა, მშვიდი, ალერსიანი მზერა მიაპყრო და გაიმეორა:

     - მე არ ვიქნები მარტო!

     - ო, ჯიუტო და უხიაგო ბებერო, ჩემთან შესიტყვებას როგორა ბედავ?! ბნელ, მიწურ დილეგში ვინ იქნება შენთან, ვირთხები თუ ღამურები, ჰა?! ამ ჯურღმულების პატიმრები სიკვდილსა ნატრობენ, ოღონდაც მარტოობის ჯოჯოხეთს დააღწიონ თავი. შეიპყარით ეს თავხედი და ყველაზე ბნელსა და ნესტიან დილეგში ჩააგდეთ, რომ შიმშილითა და სიცივით ამოხდეს სული!

     მოხუცმა მის შესაპყრობად დაძრული შუბოსნები ხელისაწევით შეაჩერა, კვლავ მშვიდი მზერა შეაგება უფლისწულის განრისხებულ თვალებს, მდაბლად დახარა თავი მის წინაშე, შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით გრძელ ტალანს გაუყვა.

     გლუვი, ხავსმოკიდებული კიბე შორს, ღრმა სიბნელეში უჩინარდებოდა, მიწისქვეშეთიდან შმორის სუნი და ნაწყვეტ-ნაწყვეტი გმინვა მოდიოდა. მოხუცი და მეფის ამალა ჩირაღდნის შუქზე ტუსაღთა პირქუშ სამყოფელს უახლოვდებოდა. მძიმე კარი მიიხურა, კარის ღრიჭოში გასაღები აჩხარუნდა და ბებერი მეზღაპრის ირგვლივ უკუნმა დაისადგურა.

 

***

     ნადირობა ბრძანა უფლისწულმა. აფუსფუსდა სასახლე: მწევრების ყეფა, ცხენთა ჭიხვინი, წინწილისა და ბუკის ხმა ერთურთში აირია.

     შავი რაში მოჰგვარეს უფლისწულს - ველთა მეფის ნაბოძვარი. მოოქრული უნაგირი მზის შუქზე თვალისმომჭრელად ელავდა. შავი ფაფარი ბნელ ღამედ ეფინა, ნესტოები უთრთოდა, ფლოქვებით მიწასა თხრიდა და ამღვრეული თვალებით სივრცეს გაჰყურებდა. თორმეტი მეჯინიბე ძლივს აკავებდა რბოლადანატრულს. უფლისწულმა ამაყ კისერზე ხელი მოუთათუნა საყვარელ რაშს და ელვისსისწრაფით მოევლო ზურგზე. სულ მალე მონადირენი ყიჟინითა და სიცილ-ხარხარით ტრიალ ველზე მიჰქროდნენ.

     ერთბაშად ქედანისა და ვეება ძერის ჩრდილი დაეცა მინდორს. დამფრთხალმა ქედანმა უფლისწულს წინ ჩაუქროლა. ნადირობის ჟინით თავგზააბნეულმა ძერამ რაშს ფრთა გაჰკრა. ცხენი დაფრთხა, ერთი დაიფრუტუნა და შურდულივით წინ გაექანა. მთელი ამალა უკან დაედევნა უფლისწულს, მაგრამ ფიცხელ რაშს განა ვინმე დაეწეოდა?

     სამი დღე და ღამე მიქროდა რაში. ბოლოს, რბილითდაღლილი ერთ შავ კლდესთან შეჩერდა. არაქათგამოცლილი მხედარი იქვე ლორთქო ბალახზე წამოწვა და მიიძინა.

     მზე უკვე შუაგული ციდან დაჰნათოდა ქვეყანას. ირგვლივ ჭრიჭინობელები და კუტკალიები გნისაობდნენ. ნაირფერი ყვავილები ყელს იღერებდნენ, თავს აწონებდნენ ერთურთს. უფლისწულმა თვალი გაახილა, ნელინელ წამოდგა და ირგვლივ მიმოიხედა.

     ცის დასალიერამდე კაცის ჭაჭანიც არა ჩანდა. რაშს უხმო, არავინ გაეპასუხა. ტანში უჩვეულო სიმძიმე იგრძნო. თავი შეათვალიერა და შეჰყვირა: მოკლე, გალეული ხელ-ფეხი ძონძებიდან ამაზრზენად გამოსჩროდა; მოგრეხილი, მორგვივით კისერი ვეება თავს ძლივს იმაგრებდა: ზურგზე კი აქლემისმაგვარი კუზი ქვებით სავსე ტომარასავით ეკიდა. ბევრი იტირა და ივალალა საბრალომ, მაგრამ აბა როგორ უშველიდა გასაჭირს. მზის მცხუნვარებამ, შიმშილმა და წყურვილმა თავისი გაიტანა. ჩრდილისა და წყლის საძიებლად უფლისწული შავი კლდისაკენ გაემართა.

     ერთბაშად კლდემ დაიზრიალა და გადაიხსნა. ნაპრალში ბილიკი გამოჩნდა. გაჰყვა ამ ბილიკს უფლისწული და ბევრი იარა თუ ცოტა, ქალაქს მიადგა.

     ქუჩაში მოთამაშე ბავშვებმა პატარა, მახინჯი კაცუნა რომ დაინახეს, სიცილით დაწყდნენ. წინ გაიგდეს და შურდულის სროლითა და ყიჟინით გაედევნენ. თავზარდაცემული უფლისწული ერთ ეზოს შეეფარა. დაღლილობისაგან სულს ვეღარ ითქვამდა.

     ეზოში კი საამოდ შრიალებდა ხეხილის ბაღი: წითელი, თურაშაული ვაშლები, მზისა და მიწის წვენით სავსე ქარვისფერი მსხლები, ხავერდოვანი ატმები, ლალისფერი, მწიფე ყურძნის მტევნები და გახლეჩილი ბროწეულები თითქოს ეძახდნენ: «მოდი, გზავრო, დაგვიგემოვნე, ჩვენეულ მადლს ეზიარეო». ამართა თუ არა მათკენ მოკლე, დაგვაჯული მკლავები, აივანზე შუახნის კაცი გადმოდგა და მთელი ხმით იყვირა:

     - აი, შე არამზადავ, ქურდო და უგვანოვ, სხვის ბაღში დანაყრება განიზრახე? ახლავე მთელ ქალაქს შევყრი და საქვეყნოდ, ქალაქის მთავარ მოედანზე გაგასამართლებთ!

 

***

     ხელფეხგაკოჭილი უფლისწული შუაგულ მოედანზე ეგდო. ნაგვემსა და წყურვილისაგან გათანგულს თაკარა მზე უმოწყალოდ სწვავდა. ფორთხვითა და წვალებით წამოჯდა და იქაურობა მოათვალიერა. ერთი შეხედვით ეს ქალაქი თავისი ქვეყნის ქალაქებისაგან არაფრით განსხვავდებოდა. ღარიბთა პაწია, გვერდულა ქოხმახები, ჭრელი ფუნდუკები, ძველებური ფარნები, დამშრალი აუზი. უცებ საშინელმა აზრმა გაუელვა. გაელდებულმა შიშით შეავლო თვალი გარემოს და გაოცების კივილი აღმოხდა. პაპანაქება მზეში სახლებს, ხეებსა თუ ადამიანებს არ ჰქონდა ჩრდილი. დიახ, ამ უცნაურ ქალაქს ჩრდილი დაჰკარგვოდა.

     დაღამდა, ვარსკვლავებით დაიწინწკლა ცა. პირბადრი მთვარე სინათლის ბურთივით ამოცურდა მთიდან. უკანასკნელად უყურებდა ცასა და ქვეყანას უფლისწული. ხილის ქურდსა და მაწანწალას სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა მზის ამოსვლისას.

     - ეჰ, ოდესმე ვიფიქრებდი განა, რომ მახინჯი, ძონძებში გახვეული, ქურდად შერაცხული, მშიერ-მწყურვალი და ეული უცხო ქვეყანაში გავეყრებოდი სიცოცხლეს? თურმე რა არა ხდება ამ ქვეყანაზე. ვინ ვიყავი და ვინ ვარ?! - მოხუცი, სათნო მეზღაპრე გაახსენდა, ცივმა ოფლმა დაასხა, მწარედ ამოიოხრა: როგორი ცოდვილი ვყოფილვარ, როგორი უგულო და ამპარტავანი. ის მაინც შემეძლოს ჩემგან შეურაცხყოფილებს, დასჯილებსა და შეგინებულებს სიკვდილის წინ ჩამოვუარო, მუხლზე ჩოქვითა და ვედრებით პატიება შევთხოვო მათ. «ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულსო» - კვნესით წარმოთქვა და პირჯვარი გამოისახა.

     უცებ, წმინდა ზარის ხმას რომ ჰგავს, სწორედ ისეთი წკრიალით მთვარის სხივი დაეცა მოედანს და სიკვდილმისჯილის წინაშე დიდებული ტაძარი აღიმართა. თოკები დაწყდა, უფლისწულმა ენითაღუწერელი შვება იგრძნო და განათებული ტაძრისაკენ სიზმარეულივით გაემართა.

     ბევრი უარა ტაძარს გარშემო, კარს კი ვერა და ვერ მიაგნო. მშვიდი, საამო ხმა შემოესმა:

 

     - «იყო და არა იყო რას» იგავი ახსენი და ტაძრის კარი უმალ გაიღება - მწარედ გაეღიმა უფლისწულს და ჩაიჩურჩულა:

     - «იყო და არა იყო რა» ხომ თავად მე ვარ. ვიყავი უფლისწული, ვარ მაწანწალა, პირმშვენიერი ჭაბუკი გონჯ ჯუჯად ვიქეც; აუწონავი სიმდიდრის პატრონს ერთი გროშიც არ გამაჩნია; დიდება ჩემი მთელს ქვეყანაზე ქუხდა, ახლა ბალღებიც კი მასხარად მიგდებენ; სხვათათვის განაჩენი გამომქონდა და თავადა ვარ სიკვდილმისჯილი. ასე რომ, რაც იყო, «იყო და არა იყო რა».

     უეცრად ტაძრის კედელში მაღალი, ჩუქურთმიანი კარი გამოიკვეთა, ნელი-ნელ განიხვნა და უფლისწულმა არამიწიერი შუქით განათებულ ტაძარში შეაბიჯა.

     შორიდან ანგელოსთა გალობა ისმოდა. სანთელ-საკმევლის სუნი სასიამოვნო ბურანში ხვევდა. მაჯლაჯუნა სხეული ბუმბულივით მსუბუქი გაუხდა, გული სიყვარულითა და სასოებით აევსო. უცხო ნათელს თვალი გაუსწორა და შეკრთა: მოვარაყებულ, ბრწყინავ ტახტზე მოხუცი მეზღაპრე იჯდა და ჩვეული, ალერსიანი მზერით შესცქეროდა.

     ცრემლებმა იწვიმა უფლისწულის თვალებიდან. მუხლებში ჩაუვარდა მოხუცს, ფეხებზე მოეხვია და ამოილუღლუღა:

     - მაპატიე, კეთილო მოხუცო, ჩემი სიავე და უვიცობა. ხომ ხედავ ბედმა რა სიმწარე მარგუნა, უცხო მხარეში ვკვდები მარტოდმარტო და მიუსაფარი.

     გაეღიმა მოხუცს:

     - სცდები, უფლისწულო, შენ არასოდეს ყოფილხარ მარტო. ყოველთვის თანა გდევდი - დარშიც და ავდარშიც, ცხადშიც და სიზმარშიც, ჭირშიც და ლხინშიც. რატომ გაოცდი? მე ვარ უფალი ღმერთი შენი. ეს ქვეყნიერება ჩემი შექმნილია. მზე და მთვარე, მიწა, წყალი, და ჰაერი, მცენარეები, ცხოველები, მწერები და ქვეწარმავლები, თქვენ  - ადამიანები - ყველა ჩემგან დადგენილ წესრიგს ემორჩილებით. მოხუცი მეზღაპრის სახით მოვედი შენთან. მოვედი, რომ შენს გულში სიკეთესა და სიქველეს ეხარა. ახლა ხომ იცი, რომ «იყო და არა იყო რა» დიდი სიბრძნეა. ისიც იცი, ამქვეყნად რომ არავინაა მარტო. შენ დიდხანს იცოცხლებ და ბედნიერი იქნები, რადგან ბედნიერებას მოუტან სხვებს!

     ეს თქვა უფალმა და ირგვლივ ფერები არიალდა, ვეება სინათლის თქეშმა წალეკა უფლისწული.

 

***

     თვალი რომ გაახილა, მზე უკვე შუაგული ციდან დაჰნათოდა ქვეყანას. ირგვლივ ჭრიჭინობელები და კუტკალიები გნიასობდნენ. ნაირფერი ყვავილები ყელს იღერებდნენ, თავს აწონებდნენ ერთურთს. მოშორებით შავი რაში ბალახსა სძოვდა. დაიხედა, ალვის ტანზე მდიდრული, სამეფო სამოსი ემოსა ისევ. ყიჟინა შემოესმა. სამეფო ამალა მისკენ მოჰქროდა.

 

***

     გამოხდა ხანი. უფლისწულის მეფედ კურთხევის შემდეგ აყვავდა და გაიფურჩქნა «მზიანეთის» სამეფო. ზღვათა გადაღმა ჰყვებოდნენ საოცარი ხელმწიფის ამბავს. მის სიბრძნესა და თავდაბლობას აქებდნენ. «მტირალი და ღარიბი, უბედური და უსასოო არავინ გვინახავსო მის ქვეყანაში. «ერთს კი ჰკვირობდნენ: მოხუცი მეზღაპრე ჰყოლიაო მეფეს, რომელსაც ღვიძლი შვილივით ევლებაო თავს. მოხუცი კი ყოველ საღამოს ახალ-ახალ ზღაპრებს უყვება. ყოველი ზღაპარი კი, რაღა თქმა უნდა, ასე იწყება:

     «იყო და არა იყო რა,

     ღვთის უკეთესი რა იქნებოდა»...

     და ასე მთავრდება:

     «იყო შაშვი მგალობელი,

ღმერთი ჩვენი მწყალობელი!»

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / საბავშვო / ბედოშვილი ლია / უფალი და უფლისწული