ათონელი ზოსიმე

გალობანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონისნი

 

 

რომლისა თავნი იტყჳან: ”ღმერთ-შემოსილი ილარიონ

 იქებოდენ დღეს ჯერისაებრ, ამინ”

 

 

 ...ღმრთისა მამისა ნათელო, ნათლითა მით სულისა წმიდისაჲთა არმური ვნებათაჲ გონებისაგან ჩემისა აწ განაქარვე და ნათელი სიწმიდისაჲ მომმადლე, რათა ღირსებით შევამკობდე დღეს მსახურსა უბიწოსა სიწმიდეთა შენთასა!

 

მსგავსადვე სამოელისსა აღთქუმით იშევ, ღმერთ-შემოსილო მამაო, ღირსო ილარიონ, და სიყრმითგანვე შეიწირე ყოველთა შემწირველისა, ვითარ კრავი უმანკოჲ აღზრდად ბაკსა მას მჴეცთ-შეუვალსა მწყემსთ-მთავრისა ქრისტესა, რომელი დიდებულ არს!

 

ეტრფიალე შენ, მამაო, მარგალიტსა მრავალ-სასყიდლისასა, რომლისა ძებნად განხუედ სიჩჩოჲთგან, ნეტარო, და ახოვნითა სულითა უვარ-ჰყავ ყოველივე სოფლისაჲ, მონაგებნი და თჳსნი, და იგი მოიყიდე დიდებით დიდებული!

 

რომელ ჰგიე ერთარსად სამებაო, ბუნებით მიუწდომელო, არსთა შემოქმედო, შენ უმიზეზოო მიზეზო, ყოველთა დამბადებელო და სიბრძნით მმართებელო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, გიგალობ და გაკურთხევ და ძრწოლით აგამაღლებ!

 

თავადი სიტყუაჲ მამისაჲ საშოდ შენდა გარდამოჴდა უსძლოო, ვითარცა რაჲ წჳმაჲ გონიერსა საწმისსა ზედა, და გუალული კაცთა ბუნებაჲ ცუართაგან მადლისათა მორწყო და აღაყუავილა ჩუენ შორის ნაყოფი სიმართლისაჲ, რამეთუ დიდებულ არს!

 

შიში უფლისაჲ მოიგე თავად სიბრძნისა საღმრთოჲსა და მას შეემსჭუალე სიყრმითგანვე და მთავარი გონებაჲ მფლობელ-ჰყავ ჴორცთა ბუნებისა და ვნებათა აღძრვანი სიბრძნით დაუმორჩილენ სულსა!

 

ემსგავსე შენ, ღმერთ-შემოსილო მამაო, დიდსა აბრაჰამს და დაუტევე ქუეყანაჲ შენი და უცხო იქმენ მისთჳს, რომელი ჩუენთჳს უცხო იქმნა, რათამცა უცხოქმნულნი მამისა წყალობით დამაგნა!

 

მოწყლული ტრფიალებითა საუფლოთა ვნებათაჲთა წარხუედ, ღმერთ-შემოსილო მამაო, ვინაჲ-იგი თავს ისხნა ვნებანი სოფლისა ჴსნისათჳს ღმრთეებით უვნებელმან ღმრთისა მამისა სიტყუამან!

 

ოჳჟამოდ მშობელო მამაო სიტყჳსა უჟამოჲსაო, უჟამოდ გამომავლინებელო ცხოველისა სულისა თანა სწორისა შენისაო, მათ თანავე გადიდებ სამგუამოვნად და ერთღმრთეებად!

 

საკჳრველნი და სასწაულნი მუცლად-ღებისა შენისანი და კუალად უხრწნელად შობისანი განმაკრთობენ, უსძლოო, ვითარ დედაჲ ხარ და ქალწული, ვითარ აწოებ სძესა ყოველთა მზრდელსა უფალსა!

 

იწურთიდი სიყრმითგანვე წერილთა ღმრთივ-სულიერთა და ემსგავსებოდე მოქალაქობასა მას და ცხორებასა პირველთა მათ მამათასა და აწ მათ თანა ჰსუფევ წინაშე ღმრთისა, ღირსო მამაო!

 

ლოცვათა შენთა საჴუმილითა, ღმერთ-შემოსილო, მჴეცთა მათ ლერწმისათა საყოფელნი დასწუენ და მდინარითა ცრემლთაჲთა დაშრიტენ შენ განჴურვებულნი იგი ვნებათა ისარნი, ილარიონ!

 

იხილე ჩუენებით, ჵ ღმერთ-შემოსილო მამაო, დედოფალი ყოველთა დაბადებულთაჲ და გიბრძანებდა წარსლვად ქუეყანად თჳსად, რათა შესწირე ღმრთისა სიმრავლენი ერთა ურიცხუთანი!

 

იხილეთ და გრცხუენოდენ თქუენ, მწვალებელთა კრებულნო, ვითარ ერთარსებით ვჰმონებთ სამებასა და სამთჳთებით ვქადაგებთ ჩუენ ღმრთეებასა და თქუენ შეჩუენებულ გყოფთ თანა ეშმაკით მამით თქუენითურთ!

 

ლხინებაჲ და გამოჴსნაჲ შენ მიერ მიიღო ადამ, რაჟამს მეორე ადამ გჳშევ ჴორცითა და წყევისა მისგან მამულთა ურჩებათა განთავისუფლებულნი სამართლად დედად ღმრთისად გქადაგებთ!

 

აღასრულე, მამაო, ბრძანებული შენდა, ვითარცა სარწმუნომან და გონიერმან მნემან უფლისა თჳსისამან, დაუმზადე თავადსა სერი სულიერი სულთა მათ ცხოვნებულთაჲ, რომელნი შესწირენ მეუფისა!

 

რომელმან დაითმინა ჯუარცუმაჲ ჴორცითა უცოდველმან, კაცთათჳს ჯუარს ეცუმის, მამაო, [და] სოფელი ჯუარს აცუ შენდამი, ბრძენო, ვითარცა ახოვანმან ქრისტესმან, ღმერთ-შემოსილო, და განაქიქენ მთავარნი ბნელისანი!

 

იქმენ, ღმერთ-შემოსილო, სარკე სათნოებისა მხილველთა მათ შენთათჳს და ძეგლ მოღუაწებისა შემდგომთა ნათესავთა საბაძველად და სუეტად ცეცხლისა უბრალოჲთა მით მღდელობითა აღწევნულად კამარათა ცისათა.

 

ოჳჴორცოთა კრებულნი ძრწოლით აღამაღლებენ სამებასა წმიდასა სამწმიდითა შესხმითა და ერთუფლებით ღმრთისმეტყუელებითა და ესრეთ სამითა გუამითა ერთსა ღმერთსა გჳქადაგებენ, სამებით ერთარსებად ცნობილსა!

 

ნეტარ არიან პირნი, ღმრთისმშობლად მქადაგებელნი შენნი დედოფალო, და ვაჲ მათდა, რომელნი არა აღგიარებენ ღმრთისმშობლად და ხატსა შენსა წმიდასა არა თაყუანის სცემენ, - უკეთურნი მწვალებელთა ერნი!

 

ივლტოდე შენ შფოთთაგან სოფლისათა, ღირსო ილარიონ, და ცუდსა დიდებასა სრულიად განეშორე და, ვითარცა მთიები, აღმოსავალით დასავალეთად მიიწიე!

 

ქრისტესთჳს უცხოქმნილმან და მგავსადვე მისა მოწყალემან არა უგულებელს-ჰყავ ტკივნეული ფერჴითა, და ლოცვითა შენითა, ღმერთ-შემოსილო, მკელობელსა სლვაჲ მიანიჭე!

 

ეჩუენა საშინელად დედაჲ ყოველთა შემოქმედისაჲ და უთქუმიდა სასტიკად არა შემწყნარებელსა შენსა, ღმერთ-შემოსილო, და აუწყებდა სათნოებათა შენთა ძალსა!

 

ბუნებით ერთად ვიცნობ და გუამითა სამად ღმრთის ვმეტყუელებ სამებასა წმიდასა და ერთსა ღმრთეებასა, ერთსა მეუფებასა, ერთმთავრობასა და ერთსა ჴელმწიფებასა!

 

ოჳცვალებელმან ღმერთმან შენგან ჴორცნი მიიხუნა უსძლოო, და ერთ გუამად იხილვა ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა, ღმერთი და კაცი, რომლისა მიმართ მეოხ გუეყავ!

 

დიდთა მათ მოციქულთა სურვილითა, ღირსო, აღეგზენ შჳდ წილად და მიიწიე ჰრომედ წინაძღომითა სულისა წმიდისაჲთა და სრულ-ჰყავ საწადელი გონებისა შენისაჲ და ჰღაღადებდი: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!

 

ეწყვე, ღმერთ-შემოსილო, სულთა უკეთურთა, ვითარცა რჩეული მჴედარი მეუფისაჲ, ქუეყანითი-ქუეყანად მიმოსლვითა და სათნოებათა და სასწაულთა შენთა დაფარვითა და სიმდაბლით უჩინოქმნითა!

 

ნათლად ღმრთივ-მოცემულად გიცნობს დასავალი, ნეტარო მამაო, და მხიარულ არს ჰრომი და უფროჲსად განსცხრების თესალონიკე, რამეთუ მას შინა განხუედ სოფლით და მიხუედ წინაშე ღმრთისა, მამაო ილარიონ!

 

დიდებულებაჲ ნიშთა შენთაჲ, სანატრელო, უფროჲს აღემატა, რამეთუ მკელობელთა სლვაჲ მიანიჭე პირველ სიკუდილისა და კუალად შემდგომად სიკუდილისა შენისა თავისუფლებაჲ მიანიჭე ტყუე-ქმნულთა!

 

ღმრთის-ვმეტყუელებ ერთარსად მხოლოსა მამასა და მხოლოსა ძესა და მხოლოსა წმიდასა სულსა, არა თუ სამთა მხოლოსა, არამედ მხოლოსა ერთსა ღმერთსა ბუნებით ღმერთად აღვიარებ და ძრწოლით თაყუანის ვსცემ!

 

ეტლად სიტყჳსა ღმრთისა სახელ-გდებთ ქალწულო, დედაო ღმრთისაო, და დიდებულებათა, რომელნი ყვნა შენ თანა მაღალმან, ჴმამაღლად ვქადაგებთ და ნისტორ[ს] შევაჩუენებთ და ყოველთავე წინააღმდგომთა შენთა!

 

სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი, ღმერთ-შემოსილო მამაო, და მიიცვალე წინაშე უფლისა, ადიდა განსლვაჲ შენი მეუფემან; სასწაულთა მიერ და ნიშთა შეგამკო, რაჟამს შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა შეხებითა შენითა განთავისუფლდეს!

 

ჯერ იყო, ვინაჲთგან სული შენი მეუფემან წინაშე თჳსსა დიდებით მიცვალა, და რათა გუამი შენი ქუეყანისა მეფემან მიიღოს ძალად და სიმტკიცედ, და სამეუფოდ ქალაქად აღმოსლვაჲ შენი იდიდოს შემდგომად ზეცად აღსლვისა!

 

ეჰა სანატრელო, ვითარ არა სათნო იყავ შემდგომად სიკუდილისაცა შენისა პალატთა სამეუფოთა მკჳდრობაჲ, არამედ ჩუენებით აუწყე მეფესა საწადელი შენი უდაბნოჲ, რომელსა შინა სულნელებად სულისა გამოსჩნდი!

 

რომლითა ცხოველ ვარ და რომლისა მიერ ვიშევ ემბაზისაგან მეორედ შობითა, ვადიდებ სამებასა, ერთსა ღმერთსა, მამასა მშობელსა და ძესა შობილსა და გამომავალსა სულსა სახიერსა მამისაგან და ძისა თანა ქებულსა!

 

იხილვნეს შენ შორის საკჳრველნი სასწაულნი - მუცლად-ღებაჲ უთესლოდ და შობაჲ უხრწნელად და შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დედაჲ ქალწული; ეჰა საკჳრველი, არამედ ვინაჲცა ინებოს ღმერთმან, მიერცა ბუნებითნი წესნი იცვალებიან!

 

საუფლოთა მათ ქადაგთა სიტყჳსათა თანაზიარ იქმენ, წმიდაო მამაო ილარიონ, ზეცისა სუფევასა და ქუეყანასაცა ზედა თანამოსაგრე მათდა გამოსჩნდი დასხმითა მით ნაწილთა შენთა უბიწოთაჲთა ჴელთა მიერ ღმრთისმსახურთა მეფეთაჲთა!

 

აწ მოიხილე ჩუენ ზედა მოწყალებით, ჵ ღმერთ-შემოსილო მამაო, მგალობელთა ამათ წინაშე ლარნაკსა შენსა, შვილთა და სამწყსოთა შენთა, და ევედრე ჩუენთჳს მაცხოვარსა ნეშტსა დღეთა ჩუენთასა აღსრულებად მშჳდობით, ოხითა შენითა, ილარიონ!

 

ეჰა, წყალობის-მოყუარეო სულო, შეიწირე ძღუენი უღირსთაგან ბაგეთა და ნუ დასაშჯელად ჩემდა იქმნებინ შესხმაჲ შენი, წმიდაო, არამედ მომიტევე წარმდებად კადნიერსა ძალისა უაღრესსა ჴელყოფაჲ!

 

ბუნებით ერთ ხარ, ჵ ღმერთო სამებაო, ხოლო გუამითა სამად იცნობები, განუყოფელი განიყოფვი განუყოფელად, ხოლო თჳთებანი შენნი შეურევნელად ჰგიან მარადის, მამაო უშობელო, ძეო მხოლოდ შობილო, და სულო წმიდაო გამომავალო!

 

რომელთა არა ჰრწამ შენ ღმრთისმშობლად და ხატსა შენსა არა ჰმონებენ, დედაო და ქალწულო უქორწინებელო, უტყუ იყვნედ ბაგენი მათნი, ხოლო ჩუენ ზედა, მოსავთა შენთა, მადლი შენი მოვედინ და მოწყალებაჲ შენი იყავნ ჩუენგან განუშორებელ!

 

აჰჴედ სიმაღლედ, მამაო, გონიერითა ფრთითა, საქმისა დახედვისა მრჩობლიად წარმართებითა გონებაჲ წარადგინე წინაშე ღმრთისა გუნდთა თანა წმიდათა ზეცისა განწყობილთასა და ღირს იქმენ შენ ხილვად დიდებასა ღმრთისასა, რომელსა განუკუთნე თავი თჳსი სიჩჩოჲთგან მისა მიმართ, ოხად ნუ დააცადებ სამწყსოთა შენთათჳს, ილარიონ!

 

მღჳძარედ იპყრენ, მამაო, თუალნი გონებისანი და მიურულებელად დასცევდ სულისა ნაყოფთა წარპარვისაგან ავაზაკთა ზუაობისათა და სიმდაბლით მარხვითა ლოცვასა თანა წმიდისა სიყუარული მოყუ[ა]სისა მოწყალებისა თანა და ყოველივე მწყობრი წმიდაჲ სათნოებათაჲ, ვითარცა რაჲ მუშაკმან სულიერმან, ზეცისა საუნჯეთა შეჰკრიბე!

 

იქცეოდე, სანატრელო, სოფელსა ამას შინა, ვითარ პირველ ელია, იწროებითა ჴორცთაჲთა, რომლისა-იგი შემდგომად ამაღლებისა ხალენითა მისითა მოწაფე იგი მისი სასწაულთა იქმოდა, ხოლო აქა შემდგომად სიკუდილისა შენისა სამოსელიცა შენი პირად-პირადთაგან სენთა გუემულთა მადლითა შენითა განჰკურნებდა!

 

ნუ დამივიწყებ, მამაო ნეტარო ილარიონ, სამწყსოთა ამათ შენთა წინაშე ქრისტეს მჴსნელისა დედასა თანა ცათა მეუფისასა და ყოველთა წმიდათა ზეცისა უჴორცოთა წინაჲსწარმეტყუელთა და საღმრთოთა მოციქულთა, ნეტართა მღდელთ-მოძღუართა, მამათა და მარტჳლთა, რომელითა თანა აღრაცხილ ხარ, რათა დავიცვნეთ განსაცდელთაგან!.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ათონელი ზოსიმე / გალობანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონისნი