ბერძენიშვილი დევი

წმიდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში

 

საპატრიარქოს უწყებანის წინამდებარე ნომერში ვამთავრებთ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის დევი ბერძენიშვილის წერილს. აღნიშნული მოხსენება მომზადდა 2002-04 წლებში წმიდა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის

სავარაუდო გზების დადგენასთან დაკავშირებული სამი ექსპედიციის შედეგებით. ამ ექსპედიციების ხელმძღვანელი იყო ბატონი დევი ბერძენიშვილი. 2004 წლის ექსპედიციაში მის გარდა მონაწილეობდნენ: თბილისის წმიდა მეფე დავით

აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი, კოორდინატორი მიხეილ ფხაჭიაშვილი, ალპინისტი თამაზ შარაშენიძე, არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი გივი ბოლქვაძე, ჟურნალისტი გიორგი

ფხაჭიაშვილი, ოპერატორი პაატა კერესელიძე და ისტორულ მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სასულიერო აკადემიის დოცენტი ელდარ ბუბულაშვილი.

 

წინამდებარე მოხსენება ნაწილია ვრცელი გამოკვლევისა. ექსპედიციის წევრები მომავალში კვლავ აპირებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ანალოგიური ექსპედიციების მოწყობას.

 

ბატონ დევი ბერძენიშვილის აღნიშნული ნაშრომი მოხსენების სახით წაკითხული იქნა მიმდინარე წლის 24-25 ნოემბერს იუნესკოს ეგიდით თბილისში ჩატარებულ სამეცნიერო სიმპოზიუმზე, რომელიც მიეძღვნა ქრისტიანობის ოცსაუკუნოვან

იუბილეს საქართველოში.

     სოფლიდან კარგად ჩანს გოდერძის უღელტეხილით სამცხეში მიმავალი გზა. ყოფილა მეორე გზაც, რომელიც რკინისჯვრის მთაზე ადის, იქიდან კი სამცხისა და იმერეთისაკენ დაეშვება. ჩანართის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდ-

აჭარიდან წამოსულ ანდრიას უნდა გაევლო ირემაძეები. საციხური, აგარა, ღორჯომი, ცივწყაროსმთა, ქვაბისჯვარი, მამლის მთა. ძველ რუკებზე ამ გზაზე ეკლესიათა ნანგრევებია აღნიშნული.

 

     რკინისჯვრის აღმართვას ზეკარის უღელტეხილზე გადმოცემა ანდრია მოციქულს მიაწერს. მართლაც, ანდრიას სასწაულებში ხშირად ჩანს რკინისკვერთხი, თავზე ჯვარგამოსახული, მოციქული მას არა მარტო საყრდენად, არამედ უწმინდურთა გასანადგურებლადაც ხმარობდა. საქართველოში უღელტეხილებზე ქვაჯვართა დადგმა გავრცელებული მოვლენა იყო, რაც ასახულია ტოპონიმიაშიც (ჯვრის უღელტეხილი), მაგრამ რკინის ჯვრები ანდრია მოციქულზე არსებული

გადმოცემებიდან შეიძლება მოდიოდეს. რკინის პალოს მთას ჭანეთისა და ტრაპიზონის საზღვრად ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი, თურქებზე გამარჯვების ნიშნად, რკინის ჯვარი დაუდგამს პასკევიჩსაც იმერეთ-სამცხის ქედზე, ალბათ ზეკარის რკინისჯვრის მიბაძვით. ტრადიციის მიხედვით, ანდრია მოციქულს ჯვარი აღუმართავს იქ, სადაც ახლა გერგეტის სამების ტაძარი დგას. შესაძლოა, ამის საფუძველი იყოს გადმოცემა ანდრიას გადასვლის შესახებ საქართველოდან ალანია-ოსეთში (დარიალან-ოსთა კარი).

 

     გზა რკინის-ჯუარისა ძველთაგანვე იყო ცნობილი და ქართულ წყაროებშიაც იხსენიება. XI ს-ში, მესხი აზნაურების მოწვევით, ბაგრატ IV წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინის ჯუარისა და შეკრბეს არყის ციხეს, თამარ მეფის

წინააღმდეგ აჯანყებულ გიორგი რუსს მიმხრობილმა დადიანმა და მისმა ლაშქარმა გარდამოიარეს რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრჰე. ეს ციხისჯვარი რკინისჯვრის მახლობლად მყოფი ციხეა. აქაც უღელტეხილზე გამავალ გზასთან, ჩანს, ჯვარი მდგარა. XIII ს-ში მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების დროს, ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით მოსულა ადგილსა, რომელ არს რკინის ჯუარი.

 

     ქართლის ცხოვრების ვრცელი ჩანართის მიხედვით, რკინისჯვრიდან ანდრია მოციქულს ოძრახის ხევი ჩაუვლია და სოფ. ზაზენ-გორასთან მისულა. აქ მას კერპები დაუმხია. სოფლის სახელიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს ადგილი წარმართული

ღვთაების თაყვანისცემის პუნქტია. ზადენის კერპი ხომ მცხეთაშიც იდგა (ზედაზენი- ზედა ზადენი). მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტრადიცია აქ მატერიალურ დადასტურებას პოულობს: არქეოლოგიური ძიებით აღმოჩენილია საკულტო დანიშნულების,

ბრინჯაოსნიღბიანი ხარის პატარა ქანდაკება. ის ანტიკური ხანის ქართულ, წარმართულ სარიტუალო ცერემონიაში იხმარებოდა.

 

     ეს პუნქტი შემდგომ ხანებშიაც მნიშვნელოვანი დარჩენილა - ჩანს, ნასოფლარი და სამარხები, გვირაბი, დარანი, წყარო. აქ იდგა ქვაჯვარიც, რომელიც ახლა აღარ ჩანს. შუა საუკუნეებში სოფელი გაზრდილა და XVI ს-ის ბოლოს ზადენ და გორა  სოფლებად გაყოფილა.

 

     ზადენ-გორიდან ანდრია აწყვერს მოსულა, სადაც სამცხის ერი ქრისტიანობაზე მოუქცევია. აწყვერი-სამცხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, შემდგომშიაც ხშირად ჩანს ქართულ წყაროებში, როგორც აწყვერის ღმრთისმშობლის ხატის სამყოფელი.

 

     საქართველოში ჰერაკლე კეისრის (VII ს.) შემოსვლასთან დაკავშირებით, ჯუანშერის ტექსტის 4 ნუსხაში გვხვდება ჩანართი: მოვიდა პირველად ქართლს, სამცხეს და ესმა სასწაულთმოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა

ღმრთისმშობელსა გამოესახა და მიეცა პირველწოდებულისა ანდრიასათAს და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკუდარსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ჰერაკლე ხილვად და თაყუანისცემად ხატისა მის. მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს

დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ.

 

     ქართლის ცხოვრების ჩანართები, დაკავშირებული ანდრია პირველწოდებულის სამცხესა და აწყვერში მოღვაწეობასთან, ასევე ზემოხსენებული ჩანართი, გვაფიქრებინებს - შესაძლოა, მათ ერთი ავტორი ჰყავდეთ. ესაა სამცხე-აჭარის ისტორიული გეოგრაფიის დეტალებში კარგად გარკვეული პიროვნება, ეგების მაწყვერელი ეპისკოპოსიც კი (ანდრია წარმოემართა, მოიწია აწყვერს).

 

     წერილობით ტრადიციას ერთგვარად გაუმყარა საფუძველი აწყვერის არქეოლოგიურმა კვლევამ. დადასტურდა ძველი ქალაქური დასახლება მის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეთა განათხარ მასალაში, საყურადღებოა ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, III ს-ის სამარხში აღმოჩენილი საბეჭდავი ბეჭდები, მითრასა და ანაჰიტის წარმომადგენელთა კულტების სიმბოლოებით. ესენი მიჩნეულია მაღალი წრის წარმომადგენელთა ინსიგნიებად. ეს მასალა აშკარად მეტყველებს უცხო ქვეყნებთან დამაკავშირებელ გზებზე და ეგების აწყვერის ძველ ხელისუფლებაზეც.

 

     აწყვერში აღმოჩენილი ბერძნული მხატვრული კერამიკა, მხარს უბამს ჩანართში ნახსენებ აპოლონისა და არტემიდეს კერპების არსებობას ძველ აწყვერში. ასევე მნიშვნელოვანია იქაურ ციხეში ძველი ფენების დადასტურებაც, რაც ეხმიანება

ჩანართში ხატის პირველად იქ დასვენებას.

 

     წმიდა მოციქულის სამცხეში მოღვაწეობის კიდევ ერთი ანარეკლია სოფელი ანდრიაწმიდა და მისი ეკლესია მდ. ურავლისწყლის მარცხე ნა სანაპიროზე. ეს ეკლესია X ს-ის დარბაზული შენობაა და წმიდა ანდრიას სახელს ატარებს. აქ

დღეობას იხდიან დიდი მარხვის მეხუთე ხუთშაბათს (თებერვალი-მარტი-აპრილი),

მისი შემოსვლის დღეს.

სოფელში გადმოცემაა, რომლის მიხედვითაც, ზადენ-გორადან ანდრია ფოცხოვზე გადმოვიდა და ამ სოფელში მოვიდა. აქ სასწაულები მოახდინა: დაბადებით უსინათლო ქალს თვალები აუხილა; პიტალო კლდეს კვერთხი დაჰკრა და წყარო

გამოედინა, რომელსაც დღესაც ანდრიას წყაროს უწოდებენ. აქედან ანდრია კვალთახევისა და ორფოლას გავლით, აწყვერს მოსულა. ანდრიაწმიდაში მეორე ეკლესია წმ. გიორგის სახელობისაა; მახლობლადაა წმიდა თევდორეს ეკლესიაც.

 

     XVI ს-ში თურქების ბატონობის დროს, სოფ. ანდრიაწმიდა 40-კომლიანი დასახლება იყო, ქართული მოსახლეობით, რომელთა შორის ორი მღვდელი ჩანს.

 

     ეს სოფელი 1705-6 წლებში ვინმე ჰასან აბუბექრის ძეს ეკუთვნოდა და მისი გამოსაღები 310000 ახჩას შეადგენდა.სამცხიდან ანდრია მოციქული დას. საქართველოს მთიანეთში ისევე ზეკარის გზით უნდა წასულიყო. I საუკუნის რომაელი გეოგრაფის - კასტორიუსის რუკაზე აღნიშნული არტაშატ-სებასტოპოლისის გზა სწორედ ასე მიემართებოდა ვარდციხის გავლით.

 

     ამ გზის I საუკუნეში არსებობის დამადასტურებელი ფაქტია არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი პოლემონ II (პონტოსა და კილიკიის მეფე 38-64 წწ.) მონეტა. ამავე გზის მეორე ტოტზე არსებული ხანი ასევე საგზაო პუნქტი უნდა

ყოფილიყო, რადგან ხანი, ხანაგა სპარსულიდანაა შემოსული და გზაზე მოსასვენებელ სახლს აღნიშნავს.

 

     შუა საუკუნეებშიაც მოქმედ ამ გზას წყაროებში ხშირად ვხვდებით. ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: გარდავალს აქედამ გზა კაკას ხიდზედ ბაღდადს. ამ გზას ეწოდებოდა მთით რკინის-ჯუარი. ამავე გზასთანაა დაკავშირებული მთა,

სახელწოდებით ფუნდუკი, სალაშქრო ხევი, კაკასხიდი - ძველი ქვის ხიდის ნაშთით.

 

     ზემოთ განხილული ჩანართების გარდა, განსხვავებები მოიპოვება ქართლის ცხოვრების სხვადასხვა რედაქციებში.

ქართლის ქვეყანაში დასახელებულია ნიგალი, კლარჯეთი, არტაჰან-კოლა. ურბნული რედაქცია კი გვაუწყებს, რომ ანდრიამ და სიმონ კანანელმა პირველად განანათლეს ქართლი. მერმე უკუნ იქცეს და განვლეს ჭორეხი და შევიდა სვანეთს,

გარდავლო მთა და შთავიდა ოვსეთად ქალაქსა მას ოვსეთისასა ბოსფორას.

 

     ზემოხსენებული განსხვავებები, ცხადია, მოითხოვს ხელნაწერთა ამ ადგილების კრიტიკულ შესწავლას. მანამდე კი ცხადია, რომ ანდრია მოციქულის შესახებ გადმოცემები საქართველოს ბევრ მხარეშია გავრცელებული. სოფ. ანდრიაწმიდა არის იმერხევშიც, ართვინის ვილაიეთში. სოფლის სახელი იქაც ანდრიას სახელობის ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს.

 

     ანდრიას შესახებ გადმოცემები შემორჩენილია სამეგრელოშიც, რომლის მიხედვით, წმ. ანდრიამ გაანადგურა მუხასთან მდგომი კერპი კაპუნია და მის ნაცვლად ჯვარი აღმართა. მუხის ფიცრებისაგან კი მან ხალხს ეკლესია ააგებინა. წმიდა მოციქულის შესახებ არსებული წერილობითი ბერძნული ტექსტებიდან ჩანს, რომ ანდრია დაქცეული კერპებისა თუ სინაგოგების ადგილას სხვაგანაც ეკლესიებს აშენებდა.

 

     ჟ. შარდენისა და კრ. კასტელის მიხედვით, წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ძველი ეკლესია ყოფილა ბიჭვინთაშიაც. იქ ყოფილა ჯვრიანი სვეტი, რომლის წინაშეც ხალხი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.

 

     ხალხში შემორჩენილია რწმენა, რომ ძველ ანაკოფიაში ყოფილა ეკლესიის ნანგრევი წმიდა სიმონ კანანელის სახელობისა. 1840 წ. მას გუმბათი ჩაქცეული ჰქონია, მაგრამ შემორჩენილი ყოფილა ფრესკული მხატვრობის ნაშთი. ა.ნ. მურავიოვის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ნიკოფსია.

 

     ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობას საქართველოში ხაზგასმით აღნიშნავდნენ გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე. გადმოცემამ კანონიზაცია მიიღო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე და აღბეჭდილია ამ კრების

ძეგლისწერაში: პირველწოდებული ანდრია, ძმა თავისა მოციქულთაისა პეტრესი. ვიდრე ჩუენადმდეცა მოიწია და ქადაგა საცხოვრებელი ქადაგებაი სახარებისაი ყოველსა ქუეყანასა საქართველოისასა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ბერძენიშვილი დევი / წმიდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში