ვარდოსანიძე სერგო 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1921 წლეებში

 

 

თავი I

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და 1917 წლის საეკლესიო კრება

 

 

 

საქართველოს ისტორიაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა და ასრულებს. იგი ქართველთა ფარი იყო მრავალრიცხოვან დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ბუნებრივია, ვისაც სურდა ქართველთა ასიმილაცია, მოსპობა, ბრძოლას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იწყებდა.

 

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლ-კახეთისა და დასავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა, ხო­ლო შემდეგ ვითომც საქართველოს ეკლესიის რეოგრანიზაციის ინტერესებისათვის კათალიკოზ-პატრიარქი ანტონ II რუ­სეთში გაიწვია. 1811 წლის 30 ივლისს რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის რეორგა­ნიზაციის და მართვა-გამგეობის პროექტი მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიის გაუქმებას ნიშნავდა. საქართველოს ეკლესიის ახალი მეთაური ეგზარქოსი - რუსეთის სინოდის წევრი და მისი ნების აღმსრულებელი გახდა.

 

106 წელი გაგრძელდა საქართველოს ეკლესიის ტყვეობა. ქართველი ხალხი არ შერიგებია რუსი ეგზარქოსების: თეოფი­ლაქტე რუსანოვის, ევგენი ბაჟანოვის, პავლე ლებედევის, ევსევი ილინსკის და მათი მსგავსი შოვინისტების - მმართვე­ლობას, თავის ხელთ არსებული ყველა  საშუალებებით  იბრძოდა  ეკლესიური  მონობისაგან განთავისუფლებისათვის. XIX საუკუნის II ნახევრიდან, როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართულ სინამდვილეში დიდ ძალად იქცა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლი სამღვდელოებაც ამ მოძრაობას შეუერთდა.

 

XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე ცაგარელის, ნიკო მარის, ნიკოლოზ დურნოვოს მხარდაჭერით ქართველმა სამღვდელოებამ ეპისკოპოსების კირიონის, ლეო­ნიდის, ანტონის, დეკანოზების კალისტრატე ცინცაძის, ნიკიტა თალაკვაძის, ამბროსი ხელაიას ინიციატივით ჯერ თბილის­ში გამართა საგანგებო სხდომა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, ხოლო შემდეგ კამათმა პეტერბურგში, რუსეთის წმინდა სინოდში გადაინაცვლა (1906წ.), მაგრამ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ყველა საშუა­ლებებით ცდილობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ გაუქმების გადაწყვეტილება არ შეეცვალა.

 

რუსეთის წმინდა სინოდის სხდომაზე არაერთხელ გაისმა - თუ ეკლესიას ავტოკეფალიას მივცემთ ეს ხომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავსო.

 

რუსეთის ხელისუფლებამ ავტოკეფალიისათვის აქტიური მებრძოლი მღვდელმთავრების კირიონის, ლეონიდის, არქიმანდ­რიტ ამბროსის დევნა-შევიწროება დაიწყო, მაგრამ დევნამ კიდევ უფრო განამტკიცა ქართველთა სულიერი ძალა. ამის მა­გალითია მისი უსამღვდელოესობა კირიონი. კირიონმა გადასახლებაში ყოფნის დროს გაუძლო მრავალ ცილისწამებას შევიქროებას და გააგრძელა მეცნიერული მოღვაწეობა. იოსებ ჩიჯავაძის სახელზე გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი კირიონი ამხნევებდა თანამებრძოლებს და შეახსენებდა ავტოკეფალიის საკითხებზე ბრძოლა არ შეენელებინათ.

 

1917 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილებებით ისარგებლა ქართველ­მა სამღვდელოებამ და 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიიღო ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება: 1. ამ დღიდან, ე.ი. 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2. დროებით კათალიკოსის ამორჩევამდე, ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე და 3. საქართველოს ეკლე­სიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები[1]. დამსწრე საზოგადოებას ეპისკოპოსმა ლეონიდმა წაუკითხა სპეციალურ ეტრატზე დაწერილი დამოუკიდებლობის აქტი: “1917 წელსა, მარტის 12 დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო ტა­ძარსა შინა, დღესა კვირიაკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსთ-მთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგანთა წარმომადგენელნი და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობი­სა სავედრებელის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა. რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთ­რივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხ. 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრაბათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოს­პობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალუდვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვე­ტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობი­საი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნაი; ამისათვის უცილობელად ვსცანით და ერთხმად და ერთსულად განვაჩინეთ:

 

ა) ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მართველობაი, ხოლო, ვიდრე კანონიურად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოის ეკლესიისაი, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, და მასთან, განსაგებელად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი.

 

ბ) ვინაითდან საქართველო ქვაკუთხედად თვისისა არსებობისა აღიარებს სრულსა სოლიდარობასა რუსეთისა ახალსა მთავრობასა თანა, განჩინებაი ესე ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს უფალს როძიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდო­მარეს თავადს ლვოვს, სინოდის ობერპროკურორს უფალს ლვოვს და კავკასიის კომისარიატს - ტფილისში.[2] ამ დროს გადასახლებაში მყოფი კირიონი ვიტებსკიდან მიესალმა ავტოკეფალიის აღდგენას:

 

“გილოცავთ ავტოკეფალიას, ხუნდები აეხსნა ივერიის ეკლესიას, რადგან დამონებული იყო ჩვენი ეროვნული სიწმინდე, მდაბიო ერად იყო ქცეული ქართველი ხალხი იგი ტანჯვის ცრემლს ჰღვრიდა, ახლა კი სიხარულის ცრემლს ვაფრქვევთ. გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას”[3].

 

აღმასრულებელ კომიტეტს უნდა შეემუშავებინა რუსეთის დროებითი მთავრობის სახელზე გასაგზავნი დოკუმენტების ტექსტი, საქართველოს  ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, მოემზადებინა საქართველოს ავტოკეფალიური ეკლე­სიის კრება, რომელიც დაადასტურებდა 12 (25) მარტის გადაწყვეტილებას და აირჩევდა სრულიად საქართველოს კათა­ლიკოზ-პატრიარქს.

 

რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება შეეცადა ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი 12 (25) მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

1917 წლის 13 მარტს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ეპისკოპოს ლეონი­დი დროებითი მმართველობის კომიტეტის მდივნის დავით დავიდოვის (დავითაშვილის) თანხლებით გაემართა ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, სადაც იმყოფებოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი ("ოზაკომ") და გადასცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი. სასახლეში ეპისკოპოს ლეონიდს დახვდა კომიტეტის ერ­თი წევრი ბ. ხატისოვი, რომელმაც პასუხად მოსაყდრის განცხადებისა თქვა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი დამოკიდებულება არ შეიძლება იქონიოს; რადგან კომიტეტი იცავს მხოლოდ არსე­ბულ წესწყობილებას და მცხეთაში მომხდარს კი ახალი ფორმა შემოაქვს ეკლესიის ცხოვრებაში. ასეთი პასუხის გამო ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტი სასწრაფოდ შეიკრიბა, რათა გამოემუშავებინა თავისი დამოკიდებულება ამიერკავკასიის ხელისუფლების ახალი უმაღლესი ორგანოს მიმართ.

 

საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში შედიოდნენ ეპისკოპოსები: ლეონიდი კომიტეტის თავმჯდომარე და კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე, ანტონი, პიროსი, პროტოპრესვიტერი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი ნიკიტა თალაკ­ვაძე, მღვდლები პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილები, კალისტრატე ცინცაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე. საერო პირნი: ვასილ ბარნოვი, ანტონ ნატროშვილი, სოფრომ მგალობლიშვი­ლი, გრიგოლ ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, სერგო გორგაძე, პავლე ინგოროყვა, გენერალი გიორგი ყაზბეგი, მწერალი შიო დედაბრიშვილი, პართენ გოთუა, მიხეილ მაჩაბელი, სარგის კაკაბაძე, ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი;[4] კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ გამოთქვა პროტესტი "ოზაკომის ველიკოდერჟავული" სულისკვეთების გამო.

 

1917 წლის 14 მარტს ეპისკოპოსები: ლეონიდი, ანტონი, პიროსი მივიდნენ პლატონ როჟდესტვენსკისთან და გამოუცხა­დეს, რომ მცხეთაში მომხდარი აქტის საფუძველზე იგი გადაყენებულია საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობიდან.

 

პლატონ როჟდენსტვენსკიმ ყურადღებით მოისმინა ქართველი იერარქების წინადადება და უპასუხა - მე ყველაფერს ამას შევატყობინებ პეტერბურგში წმინდა სინოდს დეპეშით, რასაც 3-4 დღე დასჭირდება და შემდეგ განკარგულების თანახმად მოვიქცევიო. ამავე დროს გთხოვთ, ძალას ნუ დამატანთ, ეს თქვენი საქმისათვის კარგი არ იქნება, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც უმწეო არა ვარ. რუსის ჯარისკაცებიც და მთავრობაც მომხრედ მყავსო.

 

თბილისში ფრიად დაძაბული მდგომარეობა შეიქმნა.

 

23 მარტს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის საგანგებო კომისიამ ინახულა "ოზაკომ"-ის კომისიის წევრი, რომელსაც წარუდგინა დეკლარაცია. ამ დეკლარაციით:

 

"1. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის იურისდიქციას უნდა ემორჩილებოდეს მართლმადიდებელი მოსახ­ლეობა ძველი საკათალიკოზოს საზღვრებში: ქუთაისისა და თბილისის გუბერნია, ზაქათალა-ბათომის ოლქი, ბამბაკი, აბოცი, თორთუმი, კისკიმი, გიშის წყლამდე, კახეთის მონაპირე მტკვრის მარჯვენა ნაწილი განჯის გუბერნიისა და სოჭის ოლქის ნაწილი.

 

2. საქართველოს ეკლესიის თავს ეწოდება მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი, რომელიც ამოირჩევა საყოველთაო პირდაპირი, თანასწორ დაფარულ ხმათა ხმის მიცემით (5 წლის ვადით).

 

3. რომ კრედიტები ყოფილ დაწესებულებათა შესანახად გადადებული, რომელნიც იმყოფებიან საკათალიკოზოს საზღვრებში კვლავ უნდა განგრძობილ იქნას, ხოლო ამიერიდან საქართველოს ეკლესიის თავს უფლება ჰქონდეს ხარჯთაღრიცხვის შედგენისა ამ კრედიტის ფარგლებში."[5]

 

"ოზაკომ"-ის წარმომადგენელი დაეთანხმა საქართველოს ეკლესიის დროებითიი მმართველობის დელეგაციის წინადადე­ბებს. მან აღნიშნა, რომ პეტერბურგში დააყენებდა საკითხს მთავარეპისკოპოს პლატონის, სინოდალური კანტორის პროკურორის პოპოვისა და დეკანოზ ორეხოვის გაწვევის შესახებ. თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ პეტერბურგში ასე არ ფიქრობდნენ. ჯერ იყო და მთავარეპისკოპოსი პლატონი ამიერკავკასიისა და თბილისის მიტროპოლიტად გამოაცხადეს, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა არაქართველი მართლმადიდებელი მრევლი, ამავე დროს მითითება მიეცა ამიერკავკასიის დროებით მმართველობას მხარი დაეჭირა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლე­სიის ეროვნული ავტოკეფალიისათვის და გამოაქვეყნა დეკლარაცია.

 

ეგზარქოსყოფილმა პლატონმა დეპეშით აცნობა მომხდარის შესახებ პეტერბურგის საერო და სასულიერო ხელისუფლებას. ამის გარდა მან სცადა შფოთისა და განხეთქილების ჩამოგდება ქართველ სამღვდელოებაში. იგი არ თმობდა სასახლეს, ატარებდა სხდომებს, მაგრამ ქართველი სამღვდელოებიდან თითქმის არავინ ესწრებოდა, როცა საქართველოს ეკლესიის დროებითმა აღმასრულებელმა კომიტეტმა შეიტყო ყოფილი ეგზარქოსის თათბირებში იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის მონაწილეობა, მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოს გიორგის იმერეთის ეპარქიის მმართველის თანამდებო­ბიდან გადაყენების შესახებ.

 

1917 წლის 27 მარტის სხდომაზე საქართველოს საეგზარქოსოს რუსულმა სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება ამიერ­კავკასიის საეგზარქოსოს დაარსების შესახებ და რუსეთის წმინდა სინოდს მოსთხოვა ახლადშექმნილ საეგზარქოსოს უშუალოდ წმინდა სინოდის იურისდიქციაში გადაყვანა. მათი აზრით, ამიერკავკასიის საეგზარქოსოს უნდა დაქვემდება­რებოდა არაქართველი ქრისტიანები. ამ გადაწყვეტილებიდან ჩანდა პეტერბურგის მართველობას თუ ქართველებს ავტო­კეფალიის აღდგენაში ხელს ვერ შეუშლიდა ეროვნულ ავტოკეფალიას დათანხმებოდა საქართველოში, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და მომავალი შფოთისა და ურთიერთშეჯახების საფუძველი გახდებოდა.

 

29 მარტს სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი კომიტეტი, რომელმაც ოფიცია­ლურად პროტესტი გამოუცხადეს მთავრობის გადაწყვეტილებას. შედეგმაც არ დააყოვნა. 4 აპრილს სასახლეში დაიბარეს საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე, ეპისკოპოსი ლეონიდი, ეპისკოპოსი ანტონი, სადაც ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის “ოზაკომის" თავმჯდომარემ ხარლამოვმა გამოუცხადა, რომ ჯარში დიდი აღელვება და უკ­მაყოფილება სუფევს რუს-ქართველთა შორის საეკლესიო საკითხებით გამოწვეული უთანხმოების გამო, დადის ხმები იმის შესახებ, რომ თქვენ რუსებს ავიწროებთ. ეპისკოპოსმა ლეონიდიმ და ეპისკოპოსმა ანტონმა უარყვეს ეს ბრალდება.

 

რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად გამოეგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელიც თბილისში წამოსვლამდე შეხვედრები და კონსულტაციები გაუმართავს ზურაბ ავალიშვილთან და ივანე ჯავახიშვილთან. ეს უკანასკნელი თბილისში გამოგზავნილი დეპეშით საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრებს მოუწოდებდა ეთანამშრომლათ ვლ. ბენეშევიჩთან. 9 აპრილს თბილისში ჩამოვიდა ვლადიმერ ბენიშევჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერს ობიექტურად შეისწავლიდა და ისე მიაწოდებდა ინფორმაციას მთავრობას. საქართველოს ეკლესიის დროებითი კომიტეტის დავალებით პროფ. ვლ. ბენიშევიჩთან მუშაობდნენ დეკანოზები კორნელი კეკელიძე და ნიკიტა თალაკვაძე. სულ მალე ყველასათვის ნათელი შეიქმნა, რომ ბენიშევიჩი რუსული იმპერიული ინტერესების დამცველი იყო და ეგზარქოსყოფილის პლატონის კონსულტაციებით სარგებლობდა. მან მხარი დაუჭირა საქართველოს ეკლესიის ეროვნულ-ტერიტორიულ ავტოკეფალიას, რის გამოც ქართველი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.[7]

 

საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის დავალებით პეტერბურგში დროებით მთავრობასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტ­რატე (ცინცაძე). დელეგაცია 9 ივნისს გაემგზავრა თბილისიდან და 16 ივნისს უკვე პეტერბურგში ჩავიდა. საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები დაწვრილებით მოგვითხრობს პეტერბურგში დელეგაციის საქმიანობის შესახებ. ქართველ სამღვდელოებას დიდი იმედი ჰქონდა პეტერბურგის ქართველობისა და პირველყოვლისა მათ ისინი ინახულეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მ. ჩიჯავაძე, ზ. ავალიშვილი, ნ. გელოვანი, ა. ჩერქეზიშვილი, ირ. წერეთელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგის ქართველობა რუსეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ განსხვავებულ პოზიციებ­ზე იდგნენ, ისინი ერთსულოვანნი იყვნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში და განაცხადეს, ყველაფერს იღონებდნენ, რათა რუსეთის დროებით მთავრობას დაემტკიცებინა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება.

 

17 ივნისს დელეგაცია ზურაბ ავალიშვილისა და ნ. გელოვანის თანხლებით წარსდგა სინოდის ობერპროკურორის ლვოვის წინაშე, რომელსაც სიტყვით მიმართა ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე). მან აუხსნა ობერპროკურორს შექმნილი ვითარე­ბის შესახებ. თავდაპირველად ლვოვმა უპასუხა: "ჩვენ თანახმანი ვიქნებით თქვენი საკითხის განხილვისა და დადები­თად გადაწყვეტაზე, ოღონდ განმარტეთ, რა უფლებრივი მდგომარეობა ექნება ეკლესიას სახელმწიფოში, ან ვინ უნდა აწარმოოს დაბადების, ქორწინების და განქორწინების მოწმობები"[8]. ქართული დელეგაციის აზრით, საქართველოს ეკლესიის დებულების დამტკიცებამდე ამ ფუნქციას შეასრულებდა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათალიკოზი და საკათალიკოზო საბჭო. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, თვით ობერპროკურორიც არ იყო აღფრთოვანებული საეკლესიო სკოლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემით და არაოფიციალურად ქართული დელეგაციის წევრებსაც აგრძნობინა, რომ ადგილებზე წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ გადაწყვეტილებას და იქნებ საეკლესიო სკოლები კვლავ დაინარჩუნოთო.

 

ზურაბ ავალიშვილს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა სინოდის ობერპროკურორი. ამიტომ მან დააყენა საკით­ხი რუსეთის დროებით მთავრობას ეცნო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. სინოდის ობერპროკურო­რის აზრით, საქართველოს ეკლესიის "ტერიტორიალური ავტოკეფალია ხელსაყრელი არ იქნება, ვინაიდან ვერ შევთანხმ­დებით. რუსები უარს ამბობენ დაემორჩილონ თქვენს კათალიკოზს, ბერძნები ავტონომიურ ეპისკოპოსს ითხოვენ, აფხა­ზები უეპისკოპოსო ავტოკეფალიას, რომლებიც ზოგი თქვენსკენ იწევს, ზოგიც რუსებისკენ. სულ სხვა საქმეა კულტუ­რულ-ნაციონალური ავტოკეფალიაო"[9].

 

19 ივნისს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეხვდა რუსეთის სარწმუნოების მინისტრს კარტაშევს, რომელმაც გულახ­დილად განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების დამტკიცება გაჭიანურდება, ვინაიდან რუსეთში უმრავლესობას ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამ თვალსაზრისით, ქართვე­ლების საწინააღმდეგოდ იმოქმედებდნენ, როგორც ესერები, მენშევიკები, ასევე ბოლშევიკებიც.

 

ქართულმა დელეგაციამ სცადა პეტერბურგში სინოდის წევრებთანაც მოესინჯა ნიადაგი. ამ მიზნით 20 ივნისს მათ ინახუ­ლეს ეპისკოპოსი ანდრია უფელი, რომელმაც, მართალია ქართველებს განუცხადა, რომ მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მაგრამ ამავე დროს უსაყვედურა მოსკოვში რუსეთის ეკლესიის ყრილობაზე ჩაუსვ­ლელობა, რაზედაც ეპისკოპოსმა ანტონმა უპასუხა: "არ ვიყავით იმიტომ, რომ თქვენმა საქციელმა გვაფიქრებინა, თუ თბილისში მისალმების ღირსადაც არ ჩაგვთვალეს, მოსკოვში კრების დარბაზშიც არ შეგვიშვებენთქო. როცა დროებითი მთავრობა დებულებას დაგვიმტკიცებს, მაშინ ვაცნობებთ სინოდს თავისუფალ ქართულ ეკლესიას სურს ძმური და მეგობ­რული დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთის სინოდთანთქო"[10]. რუსეთის ეკლესიის სინოდის ზოგიერთი წევრი თავს ისე იჭერდა, თითქოს ქართველების მომხრე იყო. მან სთხოვა ქართული დელეგაციის წევრებს, ოფიციალური თხოვნით მიემართათ სინოდისათვის. ეპისკოპოს ანტონის აზრით, სინოდისათვის მიმართვას შედეგი არ ექნება, ისინი არასოდეს არ სცნობენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას. ეპისკოპოსმა ანდრია უფელმა ქართულ დელეგაციას დაუხატა მომავალი უიმედო მდგომარეობის სურათი, "რა გეშველებათ თქვენს ეკლესიას ჩაგვრა მოელის ურწმუნოებისგან, ახლა საეკლესიო სკოლები წაგართვეს, არსებობის საშუალებას არც ხაზინა მოგცემთ, თქვენ კიდევ არაფერი გაქვთ, რომ თავი შეინახოთ"[11]. ქართულმა დელეგაციამ ღირსეული პასუხი გასცა ეპისკოპოს ან­დრიაუფელს. მას შეახსენეს ქართული ეკლესიის ქონება რუსმა ეგზარქოსებმა გაძარცვეს, მაგრამ ჩვენ გაჭირვებას არ გვე­შინიაო.

 

სინოდის წევრებს აინტერესებდათ, რა ღონისძიებებს მიმართა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითმა კომიტეტმა აღმოსავლეთის პატრიარქებისაგან საქართველოს ეკლესიის ცნობისათვის და რამდენად შეეფერებოდა სიმართ­ლეს ყოვლად სამღვდელო კირიონის ჟენევაში გამგზავრების ამბავი, რატომ სინოდისაგან არ ითხოვთ დებულების დამტკი­ცებასო.

 

ქართული დელეგაცია დარწმუნდა, რომ პეტერბურგში პროფ. ვლ. ბენეშევიჩის აზრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სინოდის წევრების უმრავლესობა იმ აზრისა იყო, რომ ქართველები აგრესიულები არიან, რომ ისინი რუსებს დევნიან, რომ მათი მსხვერპლი გახდა არაერთი რუსი პატრიოტი. ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრიდა სინოდის სხდომაზე პროფ. ვლ. ბენეშევიჩის მოხსენება, რომელმაც თბილისში თავისი მივლინების შედეგები ტენდენციურად წარმოაჩინა. მი­სი აზრი განავრცო პროფესორმა ვერხოვსკიმ, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა რევოლუციურ აქტად მონათლა. უფრო მეტიც, მან ქართველებს "სქიზმაში" (განხეთქილებაში) დასდო ბრალი. სინოდი გრძნობდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას ხელს ვერ შეუშლიდა, ამიტომ იმ აზრისკენ იხრებოდა, რომ ეს ეროვნულ ავტოკე­ფალიას არ უნდა გასცილებოდა. ქართველი პატრიარქი სვეტიცხოველში უნდა ყოფილიყო, ხოლო თბილისში რუსი მიტრო­პოლიტი. ამასთან დაკავშირებით, ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ირაკლი წერეთელს მიმართა "რა გამოდის, ქართვე­ლებმა ხელი უნდა აიღონ დედაქალაქზე და დედა ეკლესიაზე სიონზე, ამას ჩვენ ვერ დავთმობთ და უეჭველად ატყდება სისხლისღვრა, რაც თქვენთვისაც სამწუხარო იქნება"[12]. საქართველოს ეკლესიის პოზიცია აქტიურად დაიცვა კარლო ჩხეიძემ, რომელსაც პეტროგრადში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ჩვენი პატრიარქი არ შეიძლება თბილისში არ დაბრძან­დეს, ჩვენს სიონში უცხოს რა ხელი აქვს. ჩვენი ეკლესიისათვის სულერთი არ არის თბილელი ერქმევა რუსის მღვდელმ­თავარს, თუ სხვა სახელი"[13] აღნიშნავდა იგი. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მიიღო დროებითი მთავრობის მეთაურმა კერენსკიმ, სულ მალე დროებითმა მთავრობამ დაამტკიცდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროე­ბითი დებულება. მან დაადგინა: "1). შეიმუშაოს დროებითი წესები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომა­რეობის შესახებ რუსეთის სახელმწიფოში; 2). მიენდოს საგანგებო კომისიას, რომელსაც შეადგენს მთავრობა, შემუშავება იმ საკითხებისა, თუ რა უნდა გამოეყოს საქართველოს საეგზარქოსოს საკათალიკოზოსათვის გადასაცემად. ამასთანავე, ამ კომისიამ უნდა შეიმუშაოს ზომა და საფუძვლები, რის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა მიეცეს კრედიტი ხაზინიდან და ეს კომისიის დადგენილება უნდა წარედგინოს დროებით მთავრობას განსახილველად; 3) საქართველოს ეკლესიის საბოლოო მოწესრიგებამდე და სარწმუნოების სამინისტროს დაარსებამდე, სინოდის ობერპროკუ­რორს ქართული ეკლესიის მიმართ რჩება იგივე უფლებები, რა უფლებებიც ჰქონდა საქართველოს საეგზარქოსოს მი­მართ"[14].

 

2 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია პეტერბურგიდან თბილისს დაბრუნდა.

 

1917 წლის 13 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ეპარქიის აღდგენის შესახებ. თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის დარბაზში მოხდა საჯარო არჩევნები თბილელი მიტროპოლიტისა. კრებამ ერთხმად დაადგინა ეპისკოპოს ლეონიდის თბილელ მიტროპოლიტად არჩევა. 15 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საეკლესიო წესით მოხდა თბილელ მიტროპოლიტის გამოცხადება. უამრავი ხალხის თანდასწრებით მთავარდიაკონმა დავით სალარიძემ შემდეგი აქტი გამოაცხადა: “განბჭობითა და გამოჭვილვითა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა და სამღვდელოთა და საეროთა დასთა თბილისისა და სხვათა საქართველოს ქალაქთაითა თავდადებულ იქმნა უძველესი საყდარი თბილელ მიტოპოლიტთაი, რომელი ერთი საუკუნე განიცდიდა ქვრივნობასა, ხოლო საყდარსა ამისა ზედა შთაგონებითა სულისაწმიდისა და შემოკრებილთა ერთსულოვან თანხმობითა აღრჩევითა აღიყვანების სრულიად საქართველოს ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი, ვილოცოთ მისთვის და ვთქვათ აქსიოს”.[15]

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იმხანად არსებულ მრავალრიცხოვან პარტიებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა, ბოლშევიკების გარდა ყველა მიესალმებოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას. მაგრამ ამ მხრივ ეროვ­ნულ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები გამორჩეულნი იყვნენ.

 

1917 წლის 23 აგვისტოს ეგზარქოსყოფილმა პლატონმა თბილისი დატოვა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით ვაჩნაძე გადმოგვცემს მას შეუკრებია სამოცამდე შეიარაღებული კაცი და დაუკავებია ყოფილი ეგზარქოსის სასახლე. სიონის ეზოში პატარა ოთახში შეკედლებული ქართული ეკლესიის აღმასრულებელი კომიტეტი კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრის ლეონიდის ხელმძღვანელობით გადავიდა სასახლეში. "ლეონიდიმ ახედა ცარიელ კედლებს, სადაც წინათ რუსი ეგზარქოსების სურათები ეკიდა და ერთ წამს შეჩერდა. მე ვაცნობე ჩემი განკარგულება ეგზარქოსების სურა­თების ჩამოხსნის შესახებ. ლეონიდიმ პირჯვარი გადაიწერა და წარმოთქვა: აღსრულდა ... უფალო შეგვიწყალე და დაგვი­ფარე"[16].

 

ყოფილმა ეგზარქოსმა რუსეთის წმინდა სინოდის სხდომაზე განაცხადა საქართველო თითქოსდა განუდგა მართლმადი­დებლობას, რომ ქართველ სამღვდელოებას არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა ეგზარქოსის რეზიდენცია თბილისში. რუსე­თის დროებითი მთავრობის სარწმუნოების მინისტრის მოადგილემ კოტლიარსკიმ დეპეშით მიმართა ქართველ სამღვდე­ლოებას. იგი ერთის მხრივ ულოცავდა ქართველებს ავტოკეფალიის აღდგენას და ამავე დროს აფრთხილებდა თუ რა გა­ნუჭვრეტელი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ძალადობას რუსი სამღვდელოების მიმართ"[17].

 

ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ დააჩქარა საეკლესიო კრების მოწვევისა და კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოები.

 

1917 წლის 3 აგვისტოს მიიღეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრების წინასწარი თათბირის მოწვევის შესახებ.

 

14 აგვისტოს გაიმართა თათბირი, რომელზედაც მოისმინეს ეპისკოპოს ანტონ გიორგაძისა და დეკანოზ კალისტრატე ცინცა­ძის ინფორმაციები პეტროგრადში ქართული ეკლესიის დელეგაციის საქმიანობაზე. მათ აღნიშნეს, თუ დიდი დახმარება გაუწიეს ირაკლი წერეთელმა, კარლო ჩხეიძემ და პროფ. ზურაბ ავალიშვილმა,[18] ამავე თათბირზე მიიღეს გადაწყვეტი­ლება საეკლესიო კრების 8 სექტემბერს გახსნის შესახებ.

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელი მებრძოლი ეპისკოპოსი კირიონი თითქო ჩრდილში მოექცა. ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა, რომელსაც მეთაურობდა ქრისტეფორე კაპანაძე რუსეთში ინახულა კირიონი და მოუწო­და სამშობლოში დაბრუნება. "კირიონმა ყურადღებისათვის დიდი მადლობა გადაიხადა, მაგრამ მან მტკიცე უარი შემოთ­ვალა კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობაზე. ლეონიდი და მისი მომხრენი მოსვენებას არ მომცემენო"[19]. ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით იგი დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საეკლესიო კრების მოსამზადებელ საქმიანობაში. 13 აგვისტოს იგი დაესწრო სხდომას, სადაც ს. გორგაძემ წაიკითხა მოხსენება "საქართველოს ეკლესია და თანამედროვე მომენტი". 16 აგვისტოს საღამოს ყოვლადსამღვდელო კირიონის თავმჯდომა­რეობით კრების მიერ მოსმენილ იქნა დროებითი მმართველობის კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციის შესახებ. ამავე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება დაარსდეს იურიდიული კომისია სამართლის პროექტის შესამუშავებლად".[20]

 

1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიხსნა საქართველოს ეკლესიის კრება, რომელსაც 430-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. კრება გახსნა თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდმა. დასაწყისშივე აზრთა სხვაობა გამოიწვია კრების თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხმა. არჩეულ იქნა სამანდატო კომისია, კრების პრეზიდიუმი, რომელშიც შევიდნენ როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები. პრეზიდიუმიდან კრებას თავმჯდომარეობდნენ სპირი­დონ კედია, ტრიფონ ჯაფარიძე, გიორგი ჟურული. კრებას დეპეშით მიესალმნენ ბერძნები, რუსები, ბაქოს მაჰმადიანები.

 

9 სექტემბერს საღამოს სხდომაზე წაკითხულ იქნა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის მილოცვა საქართველოს საეკლე­სიო კრებისადმი. მისალოცი დეპეშა მოვიდა კრების სახელზე სინოდის ობერპროკურორის კარტაშევისაგან, რომელიც, მარ­თალია, აღიარებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ფაქტს, მაგრამ ამავე დროს მუქარით აცხადებდა სასუ­ლიერო სასწავლებლების გამოყოფის საკითხი პეტერბურგში საგანგებო კომისიაზე უნდა გადაწყდესო.[21]

 

10 სექტემბერს კომისიის სხდომაზე იხილებოდა პეტერბურგში კარტაშევისათვის გასაგზავნი წერილის ტექსტი, აქვე დაამტკიცეს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის პროექტის შემმუშავებელი კომისიის შემადგენლობა, აგრეთვე საერო და სასულიერო განათლების კომისია.[22] კამათი შეეხო ქართულ ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხარისხებს. პოლიევქტოს კარბელაშვილის აზრით, ქართული ეკლესიისათვის უცხო იყო მიტროპოლიტის წოდება. იგი ბერძნულისა და რუსულის მიბაძვას წარმოადგენსო. კრებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გავიდა პოლიევქტოს კარბელაშვილის წინადადება.

 

საეკლესიო კრებაზე მსჯელობა იქონიეს სოხუმის ეპარქიის პრობლემების გამო. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა სოხუმის ეპარქია ჩამოეშორებინა საქართველოსათვის. ამ საკითხზე საეკლესიო კრების პოზიციას ამაგრებდა ერთი წლის წინ 1916წ. აფხაზთა შუამდგომლობის ტექსტი, რომლითაც მათ მიმართეს რუსეთის სინოდს: "ამჟამად დადის ხმა, რომ სინოდში პროექტია სოხუმის ეპარქიის გამოყოფისა საქართველოდან, რაც სამუდამოდ დააბრკოლებს საეკლესიო ინტერე­სებს აფხაზეთში. ქრისტიანობის აღდგენისათვის, რომელიც გაქრობის გზას ადგია და რომელიც მოხდა ზოგიერთ ეკლესიასთან სრულიად დაუკავშირებელ მიზეზთა გამო, საჭიროა ხალხისა და მოძღვართა დაახლოება, შექმნა ისეთი პი­რობებისა, რაც ხელს შეუწყობს ხალხისა და სასულიერო მმართველობის დაახლოებას. სარწმუნოებრივ საკითხში პოლიტი­კას არ უნდა ჰქონდეს ადგილი... სარწმუნოებრივ ინტერესთა დაცვის გამო გთხოვთ არ გამოგვთიშოთ და არ გამოგვყოთ ძველადვე არსებული წყობილებიდან, რომელიც შექმნილია საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და აფხაზეთის ის­ტორიული და კულტურული ცხოვრების მიერ".[23] საეკლესიო კრებამ გაითვალისწინა აფხაზეთის დელეგატების თვალსაზრისი - კერძოდ, შექმნილიყო აფხაზეთში ეპარქია, რომლის მღვდელმთავარს ეწოდებოდა ბედიელ-ცხუმელი. ეპარქიის მღვდელმთავარს ქართულთან ერთად უნდა სცოდნოდა აფხაზური და მეგრული.

 

11-16 სექტემბერს საკლესიო კრებაზე იხილებოდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის პროექტი. მიიღეს გადაწყ­ვეტილება 13 ეპარქიის გახსნის შესახებ. დებულების თანახმად საქართველოს ეკლესია იყოფოდა ეპარქიებად. ეპარქიის უმაღლესი მმართველობითი ორგანო იყო საეპარქიო კრება.

 

დებულების თანახმად იქმნებოდა საეკლესიო სასამართლო, რომელიც იყოფოდა საოლქო, საეპარქიო და საკათალიკოზო სასამართლოებად. კრებაზე კამათი გაიმართა იმის შესახებ, აუცილებელი იყო თუ არა საკათალიკოზო საბჭოს წევრისათ­ვის უმაღლესი განათლება. ამ საკითხზე შექმნილმა კომისიამ სასწავლო ცენზის აუცილებლობას დაუჭირა მხარი. მაგრამ დელეგატთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ეს თვალსაზრისი. საეკლესიო კრებაზე ცხარე კამათი წარმოიშვა დეკანოზ კორნე­ლი კეკელიძის გამოსვლის გამო, რომელიც აღნიშნავდა,  რომ კათალიკოზ-პატრიარქისა და ეპისკოპოსისათვის ბერობა აუ­ცილებელი პირობა არ ყოფილიყო. კრების მონაწილეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა კ. კეკელიძის ეს მოსაზრება. კრებამ შესაძლებლად მიიჩნია მიეცათ უფლება სასულიერო პირთათვის წვერისა და თმის შეკრეჭისა.[24] საეკლესიო კრებამ დი­დი ყურადღების მოისმინა სასკოლო კომისიის მოხსენება და დაადგინა საქართველოში არსებულ ქალთა და ვაჟთა სასუ­ლიერო სასწავლებლების გიმნაზიებად გადაკეთება, სადაც სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთ­მობოდა სასულიერო საგნებს. საქართველოს ისტორიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას.

 

17 სექტემბერს კრებამ თავისი მუშაობა დააგვირგვინა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნებით. კრებაზე გამოიკვეთა ორი კანდიდატურა მიტროპოლიტ ლეონიდისა და ეპისკოპოს კირიონის სახით. შეიქმნა ხმის დამთვ­ლელი კომისია დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის თავმჯდომარეობით. ქართველი ინტელიგენციის უმრავლესობა მხარს უჭერ­და ეპისკოპოს კირიონის კანდიდატურას. სპეციალური დეპუტაცია პართენ გოთუას, სოფრომ მგალობლიშვილისა და იპო­ლიტე ვართაგავას შემადგენლობით ეწვია მიტროპოლიტ ლეონიდის და ურჩია მოეხსნა თავისი კანდიდატურა ეპისკოპოს კირიონის სასარგებლოდ. მიტროპოლიტმა ლეონიდიმ უარი განაცხადა - მარწმუნებენ, რომ მე გავიმარჯვებო.

 

სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობდა 430 დელეგატი. 11 ხმით მეტი მიიღო და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, სახელწოდებით კირიონ II.[25] კირიონი და ლეონიდე არჩევნებს არ დასწრებიან, არჩევნების შემდეგ ახლად არჩეული კათალიკოზ-პატრიარქი შემოიყვა­ნეს სიონის საპატრიარქო ტაძარში, უგალობეს "აქსიოს". მიტროპოლიტმა ლეონიდმა, არჩევნების შედეგებით აღელვებულ­მა, თავი შეიმაგრა და მიულოცა უწმიდეს კირიონს "მე მიორკეცდება ძალღონე, რომ მარტო არა ვარ და მეგულებით ჩვენი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცს ვდებ მთელი ჩემი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში".[26] აღნიშნა მან.

 

საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ქუთათელ მიტროპოლიტად ანტონ გიორგაძე, ჭყონდიდელად ამბროსი ხელაია, ურბნელ ეპისკოპოსად დავით კაჭახიძე, ალავერდელ ეპისკოპოსად პიროს ოქროპირიძე.[27] კრებამ უცვლელად დატოვა ეკლესიის დროებითი მმართველობის გადაწყვეტილება იმერეთის ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილის შესახებ. თბილელ მიტროპოლი­ტად დარჩა ლეონიდი. “კრებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გააუქმა თბილელი მიტროპოლიტის სახელო და თბილელის ეპარქია არ შეუთავსა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს. ამის გამო დაირღვა საეკლესიო კანონები და ნიკეის კრების მე-8, ხოლო ანტიოქიის მე-18 მუხლი, რომელთა მიხედვით ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსის მოღვაწეობა ყოვლად დაუშვებელია.”[28] საეკლესიო კრებამ შეიმუშავა "ძეგლისწერაი წმიდისა და ღვთითგანბრძობილისა კრებისაი", რომელშიც ნათქვამი იყო "ჩვენ მღვდელმთავარნი, მღვდელნი და დიაკონნი ქართველთა სანათესავოისანი და ჩვენივე წარმომავლინებელნიცა, სურვილისამებრ და აღრჩევისა ქართველისა ერისა, ვაცხადებთ თავსა ჩუენს, მწყემსად და მწედ წმინდისა ივერიის ეკლესიისა. აღვთქვამთ და ფიცს ვსდებთ მსახურებად მისდა ყოველთა სულითა, ყოველთა აღმოფშვინვამდე ჩუენდა, ამინ".[29]

 

საეკლესიო კრების შემდეგ მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს ეკლესიის მართველობის მოწესრიგებისათვის. იყო აზრი კათალიკოზთან დიდი საბჭოს და უხუცესთა კრებულის შექმნის საკითხებზე. კათალიკოზის ხუთი წლის ვადით არჩევის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით “უხუცესთა კრებული არის კოლექტიური პასუხისმგებელი და აღმასრულებელი დაწესებულება დიდი საბჭოსი,  რომელიც ახორციელებს საეკლესიო ცხოვრების ადმინისტაციულსა და სამეურნეო-საფინანსო დარგებს. იგი არ ერევა ეკლესიის სარწმუნოებრივი ცხოვრების აყვავების საქმეში რომელიც სავსებით მიკუთვნებული აქვს კათალიკოზს”.[30]

 

საქართველოს ეკლესიის საკათალიკოზო საბჭო რეგულარულად იკრიბებოდა და ერთი სხდომის დღის წესრიგი: 1917 წლის 21 წექტემბერი 1. ყოფილი სასინოდო კანტორის ჩაბარების საკითხი; 2. ეგზარქოსის ყოფილი კანცელარიის ჩაბარების საკითხი; 3. კათალიკოზის სასახლეში მცხოვრები რუსი ბერების გასახლების საკითხი; 4. საკათალიკოზო ჟურნალ “სვეტიცხოველის” გამოცემის საკითხი.[31]

 

საეკლესიო კრების შემდეგ სულ მალე 1 (14) ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ვითარებაში მოხ­და კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II აღსაყდრება.

 

სპეციალური მოსაწვევი იტყობინებოდა: “მოწყალეო ხელმწიფევ! სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ 17 სექტემბერს ჩვენი ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქად აღირჩია მისი უწმინდესობა კირიონ II. პირველ ოქტომბერს მცხეთას სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდება კურთხევა და საყდრად აყვანება მისი უწმინდესობისა. იმედია ყველა, ვისთვისაც ცხოვნების განახლებისა და თავისუფლების პრინციპს მნიშვნელობა აქვს, სიხარულით შეხვდება ამ დღესა, რითაც საქართველოში იწყება ახალი ხანა საეკლესიო ცხოვრებისა”.[32]

 

წირვის დამთავრების შემდეგ, როცა კათალიკოზი კირიონი თანმხლებ პირებთან ერთად ტაძრიდან უნდა გამოსულიყო მიართვეს წერილი. წერილის ავტორი იტყობინებოდა, როგორც კი პატრიარქი ეზოში გამოვიდოდა, მას ხალხიდან დაქირა­ვებული მკვლელი ესროდა. კირიონ II, მიუხედავად ასეთი ინფორმაციისა, ნელი ნაბიჯით გასასვლელისკენ გაეშურა. ამ დროს მასთან გაჩნდა ათამდე შეიარაღებული პირი ყარამან კიკნაველიძის ხელმძღვანელობით, ლოცვა-კურთხევა აიღო პატრიარქისგან და შესძახა _ მომეცით ხელი თქვენო უწმინდესობავ! აბა ვინმემ გაბედოს თქვენზე იარაღის აღმართვა... კირიონ II დაცვის თანხლებით ტაძრიდან გამოვიდა. ფაქტი ფრიად დამაფიქრებელი იყო. მზადდებოდა ახალი დიდი შეთქ­მულება, სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება ამ ფაქტს უბრალო ინციდენტად აღიქვამდა, მაგრამ შემდგომი მოვლენე­ბის მსვლელობამ ყველაფერი ნათელი გახადა.

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და კათალიკოზ-პატრიარქის არჩევის შემდეგ, თბილისში უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორის სახელზე მოვიდა მრავალრიცხოვანი დეპეშები, მათი ავტორები იყვნენ, როგორც უბრალო ადამიანები, ასევე გამოჩენილი მეცნიერები, განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლები.

 

ავტოკეფალიის აღდგენით გამოწვეული, ქართველი ხალხის სიხარული, კარგად ჩანს კონსტანტინე სიმონიშვილის წერილ­ში:

 

"უწმიდეს კირიონს!

 

დღეს, როდესაც ყველა ქართველი ვისაც კი უდუღს ქართული სისხლი და ხარობს, მეც მათ შორის ერთი, ნებას ვითხოვ სულით და გულით მოგილოცოთ ეკლესიის აღდგენა და მერე თქვენი უწმიდესობის არჩევა სრულიად საქართველოს კათა­ლიკოზ-პატრიარქად. აგრეთე გადმოგცეთ მოლოცვა მთელი დაობლებული ბორჩალოს მაზრის ქართველი ერისაგან. ბორჩა­ლოს ქართველები არ კარგავენ იმედს. ახლა მაინც ამოვა მზე იმათი და იქაურ მრავალ გაპარტახებულ ეკლესიისა, რომელნიც უპატრონობის გამო სხვა ერებისგან დაჩემებულ იქნა და ზოგიც ძალით წართმეული".

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო ერის პოლიტიკური და რელიგიური თავისუფ­ლების მძლავრი ბიძგის მიმცემი, მას გულგრილი არავინ დაუტოვებია.

 

 

 

 

 

 

თავი II

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელ საქართველოში /1918-1921 წლებში./

 

 

 

1917 წლის 12 (25) მარტის სვეტიცხოვლის დამოუკიდებლობის აქტს, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მოჰყვა, დიდი სიხარულით შეხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამ დროს პეტერ­ბურგში მოღვაწე ქართველები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს იცავდნენ რუსეთის დროებითი მთავრო­ბის წინაშე. ამ მხრივ გამორჩეულია იყო პროფესორ ზურაბ ავალიშვილის, კარლო ჩხეიძისა და ირაკლი წერეთელის დამსა­ხურება.

 

საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის დავალებით, 1917 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე იმ­ყოფებოდა პეტერბურგში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, დეკანოზი კალისტრა­ტე ცინცაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.[1] ირაკლი წერეთელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ეკლესიის დელეგა­ციის მოთხოვნებს. მან დელეგაციის წევრებს უთხრა - მიუხედავად იმისა, რომ ცუდ დროს მოგიხდათ აქ ჩამოსვლა, ყო­ველ ღონეს ვიხმარ, რომ ეს საკითხი მალე გაირჩეს. თუ არა, შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ.[2]

 

საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის სახელით ეპისკოპოსმა ანტონ გიორგაძემ წერილით მიმარ­თა ირაკლი წერეთელს "ჩვენი ეკლესიის საქმეში სინოდი ჩარეულა, დაუდგენიათ კათალიკოზი დააბინაონ მცხეთაში, ხო­ლო რუსის მიტროპოლიტი თბილისში. ე.ი. ქართველებმა უნდა აიღონ ხელი დედაქალაქზედ, დედა ეკლესიაზედ, სიონ­ზედ. ამას ჩვენ ვერ დავთმობთ და უეჭველად ატყდება სისხლისღვრა, რაც თქვენთვისაც სამწუხარო იქნება".[3]

 

ვიმეორებთ, ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა ყველაფერი გააკეთეს რუსეთის დროებით მთავრობას რომ ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ზურაბ ავა­ლიშვილი უკვე თბილისში ჩამოვიდნენ იმედი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა უკეთ ჩასწვდებოდა საქართ­ველოს ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემებს.

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დიდი სიხარული გამოიწვია ქართველ სამღვდელოე­ბაში. უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კირიონ II წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: "თქვენ რჩეულნო ივერიისანო, უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერ­თობა, ერთსულოვნება და დროის ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არის იმისა, ვითარმედ "აღსდგებიან მკუდარნი". სა­ქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანეთა შინა კაცობრიობისას საქმეთა თვისთა საგმი­როთა".[4]

 

საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომის მუშაობაში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, მონაწილეობდნენ თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდი და არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა). ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭო 1918 წლის 28 მაისს შეიკრიბა. სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. სხდომაზე მოისმინეს მოხსენება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ და დაადგინეს: "საქართველოს დამოუკი­დებელი რესპუბლიკის გამოცხადების აღსანიშნავად კვირას 2 ივნისს წირვის შემდეგ სიონის ტაძრიდან და ქაშვეთის ეკლესიიდან მისი უწმინდესობის კათალიკოზ-პატრიარქის და თბილელი მიტროპოლიტის ზემდგომლობით სამღვდელოე­ბა გაემართება ლიტანიით თავისუფლების მოედანზე, სადაც გადახდილ იქნება სამადლობელი პარაკლისი".[5]

 

2 ივნისი, კვირა დღეს, განსაკუთრებით საზეიმო დღე იყო თავისუფლების მოედანზე. თბილისის მოსახლეობა, ვისთვი­საც ძვირფასი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, აქ მოსულიყო. ქართველი სასულიერო იერარქთათვის ეს იყო ორმა­გად სასიხარულო დღე ასწლოვანი დამამცირებელი მონობისაგან განთავისუფლდა საქართველოს ეკლესიაც და სახელმწი­ფოც. "აღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ", ასე დაიწყო თავისი სიტყვა უწმიდესმა კირიონ II, რომელმაც მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენა და მოუწოდა ერთიანობისა და სამშობლოს უანგარო სამსახურისაკენ.

 

საქართველოს ეკლესია მომდევნო წლებშიც ასევე განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავდა სახელმწიფოებრივი დამოუკი­დებლობის აღდგენის დღეს. 1919 წლის 19 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოსად­მი მიმართვაში უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი აღნიშნავდა - მიმდინარე თვის 26 რიცხვი წარმოადგენს ბრწყინვალე ეროვნულ დღესასწაულს და ეკლესიაც მოვალეა მონაწილეობა მიიღოს მის ზეიმობაში" - საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა წერილით მიმართა ალავერდის ეპისკოპოს პიროსს, ჭყონდიდელ და ცხუმელ-ბედიელს ამბროსის, ურბნელ დავითს, ქუთათელ-გაენათელ ნაზარს, რათა გაეცათ სათანადო განკარგულება ეპარქიებში საქართველოს დამოუკიდებ­ლობის დღის შესაფერის დონეზე აღსანიშნავად. უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდის აზრით, თავისუფლება ყველაფე­რია თითოეული პიროვნებისათვის და მთელი ერისათვის. "იგი მეტად ნაზი და აზიზი ბუნებისაა. იგი მარტო იქ ხარობს და ფესვებს იდგამს, სადაც ტრიალებს `სული უფლისა", ე.ი. სადაც ადამიანი ადამიანს სცნობს, ერთიმეორეს აფასებს, თითოეული პიროვნება ხელშეუხებელ საუნჯედაა ცნობილი, სხვისადმი სამსახური, სხვისთვის თავდადება, სხვისი ამაღ­ლება და გახარება საკუთარ ბედნიერებადაა აღიარებული, სადაც ყველამ იცის საკუთარი თავის ალაგმვა, შეზღუდვა, და­ჭერა და შევიწროება, რომ მეზობელს, თავის მსგავს ადამიანს არავითარი ზიანი, არავითარი უსიამოვნება, არავითარი მწუხარება სიმწარე არ მიაყენოს, არც სიტყვით და არც საქმით".[6] უწმიდესი ლეონიდის ამ სიტყვებს აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს ჩვენთვის.

 

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპაში სპეციალური მისიით წარგზავნა დელეგაცია ზ. ავალიშვილის, დ. ღამბაშიძის, კ. ჩხეიძისა და ირ. წერეთლის შემადგენლობით, რომელთაც ყველაფერი უნდა ეღონათ, რათა ევროპის სახელმწიფოებს ეც­ნოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ "ანტანტის სახელმწიფოები საქართველოს იურიდიულ ცნობას აჭიანურებდნენ. ამის მიზეზი არც ისე ძნელი გამოსაცნობი იყო. გამარჯვებულ მოკავშირეთა ძირითადი მიზანი 1919 წელს რუსეთის საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და ამ ქვეყანაში კაპიტალისტური წყობილების აღდგენა იყო, რა­შიც მთავარ იმედს კოლჩაკისა და დენიკინის არმიებზე ამყარებდნენ. ეს გენერლები კი ერთიანი და განუყოფელი რუსე­თის რეამინაციისათვის იბრძოდნენ".[7] როცა ანტანტამ ამიერკავკასია დე-ფაქტოდ აღიარა, ეს ფაქტი საქართველოში დიდ წარმატებად აღიქვეს, ამის გამოძახილი იყო 1920 წლის 17 იანვარს თავისუფლების მოედანზე სრულიად საქართვე­ლოს კათალიკოზ-პატრიარქ ლეონიდის მიერ საზეიმო პარაკლისის გადახდა, სადაც უწმიდესი ლეონიდი აღნიშნავდა: "ქვეყნიერებაზე გონიერი არსებისათვის დამოუკიდებლობაზე უძვირფასესი არ არსებობს რა კაცისათვის, თუ ის ღირსეუ­ლად ატარებს ამ სახელს, თავისუფლება მაცოცხლებელი მზეა და ამ დამოუკიდებლობის, თავისუფლების ღირსად გამოგვაცხადეს და გვიცნეს დღეს ევროპისა და ამერიკის უძლიერესმა ერებმა".[8]

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოპერატიულად ეხმაურებოდა არა მარტო საქართველოს საერთაშორისო აღია­რების პრობლემებს, არამედ მეზობელ ქვეყნებთან საზავო ხელშეკრულების თითოეულ მუხლს. 1917 წლის 12 მარტის საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ მიიღეს საქართველოს საკათალიკოზოს ტერიტორიის, საზღვრების შესახებ რომლის თანახმად - საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის იურისდიქციას ექვემდებარება მართლ­მადიდებელი მოსახლეობა აფხაზეთიდან, ვიდრე გიშის-თავამდე აღმოსავლეთით, გიშის წყალი და ხაზი მტკვარ-არაქსის შესართავამდე: სამხრეთით - მტკვარი ალაზნის შესართავიდან ქციის შესართავამდე, აქედან მთები, რომელნიც მისდევენ მდინარე ბორჩალოს აუზის მარჯვნით და მიადგებიან მტკვარ-არაქსის წყალგამყოფ ქედს. და შემდეგ თვით ეს წყალგამ­ყოფი ქედი, ვიდრე აბოცამდე. აქედან საზღვარი გადაჰკვეთს ართაფჩაისა, ჩილტირ-ჩაის სათავეებს. მიჰყვება ხელახლა მტკვარ-არაქსის წყალგამყოფ ქედს, შემდეგ ირაჯლუს ქედს, დაჰკვეთს ჭოროხის აუზს. გურჯი ბოღაზთან და ლაზისტა­ნის ქედით მიადგება შავ ზღვას გონიიდან გაგრამდე.[9] როცა დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ თურქეთთან დადო საზავო ხელშეკრულება, აქ არსად არ იყო საუბარი ბათუმის ოლქის, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების მართლ­მადიდებელი მოსახლეობის შესახებ. 1918 წლის 10 ივლისს სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყრ­დემ თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდმა წერილით მიმართა საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს, სადაც აღნიშნა ამ საკითხის მკაფიოდ არ წარმოჩენამ შეიძლება დიდი ვნება მოუტანოს საქართველოს ეკლესიის ინტერესებს. "ამიტომ ვკადნიერდები და მოკრძალებით ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს ახლავე ინებოს შუამავლობა საქართველოს ეროვნული საბჭოს წინაშე, რათა თურქეთთან დადებული ზავის პირობებში შეტანილ იქნას ცალკე მუხლად იმგვარი დებულება, რომ ბათუმის ოლქის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მართლმადიდებელი მონასტრები, ეკლესიები და ერი, როგორც განუკვეთელი ნაწილი სრულიად საქართველოს საკათალიკოზო ეკლესიისა, კვლავინდებურად დარჩნენ უკანასკნელის წიაღში და მართვა-გამგეობაში".[10]

 

საქართველოს საკათალიკოზო საბჭო ოპერატიულად გამოეხმაურა საინგილოში მართლმადიდებელ ქრისტიანთა პრობლე­მებს, რომელიც 1918 წელს შეიქმნა. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია მ. ჯანაშ­ვილის, რ. ივანიცკის (ინგილო) და ქრ. ციცქიშვილის შემადგენლობით, კომისიას დეტალურად უნდა შეესწავლა შექმნი­ლი ვითარება და შესულიყო წინადადებით ამიერკავკასიის მაჰმადიანთა მუფთის წინაშე, რათა გავლენა მოეხდინა მაჰმა­დიანებზე...

 

საკათალიკოზო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სოჭის რაიონში შექმნილი ვითარება, სადაც დენიკინის რაზმებმა არაერთხელ დაარბიეს ქართული სოფელი პლასტუნკა, გაძარცვეს ქართული ეკლესია. საკათალიკოზო საბჭომ სთხოვა მთავრობას ქმედითი ზომები მიეღო ქართველი მოსახლეობის დასაცავად.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში არ ერეოდა. მათ მიიღეს კანონი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ, თუმცა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარე­ბოდა კიდეც მას.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II ხელმძღვანელობით ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარების მიუხედავად ცდილობდა დაებრუნებინა თავისი ისტორიული ფუნქცია. მაგრამ ამ გზაზე დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა. 1918 წლის 27 ივნისის გაზეთმა "საქართველომ" სამწუხარო ცნობა მიაწოდა ქართველ მკითხველს: "სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი, უწ­მიდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს სოფ. მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში... 27 ივნისს დი­ლით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში". გაზეთ "საქართველოს" რედაქცია მოერიდა იმის თქმას, რაც ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს - კათალიკოზი რევოლვერის ტყვიით იყო განგმირული. ცნობილი საზოგადო მოღ­ვაწე რ. ინგილო (ივანიცკი) წერდა: "მარტყოფის მონასტრის საიდუმლო უცნობია! რა მოხდა წმ, ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის... საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც".

 

უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II დაკრძალეს 1917 წლის 7 ივლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში. ფრიად დამაფიქრებელი იყო დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის სიტყვა, რომელშიც ჩანდა ის საშინელი ატმოსფერო რომელშიც უხდებოდა მოღვაწეობა კათალიკოზ კირიონ II - “არ ვიცი შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია – აღნიშნავდა ნ. თალაკვაძე – ვერ გამიგია რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგარ, დამშვრალ მცხოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილი ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისს სიბრძნე გამოცდილებით ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოვიქეცით... ქედმაღლობა, გამძვინვარებული შური, საარაკო თავხედობა გამოვიჩინეთ...”[11]

 

საქართველოს ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიის პირველი კათოლიკოზ-პატრიარქის, ბრწყინვალე მეცნიერის და მოღვა­წის, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II მკვლელობამ ფრიად დაამწუხრა საქართველო, დაიწყო გამოძიება, გაჩნდა მკვლელობის სხვადასხვა ვერსიები, აგორდა ჭორებიც, მაგრამ იმხანად საქართველოში შექმნილი ვითარების გამო გამძაფ­რებული გრძნობები თანდათან დაცხრა და მარტყოფში დატრიალებული ტრაგედიაც მიეცა დავიწყებას. მარადიულობაში გადავიდა იმ ადამიანთა სულებიც, ვინც ბევრი რამ იცოდა მარტყოფში მომხდარი ამბების შესახებ. უფროსების მონათხრო­ბიდან მხოლოდ თითო-ოროლა კაცს გაუგონია 1918 წლის 27 ივნისის ტრაგედიის შესახებ.

 

XX საუკუნის 90-იან წლებში ქართულ პრესაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორები ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას, რა მოხდა მარტყოფის მონასტერში თითქმის ოთხმოცდა ორი წლის წინ, რატომ დარჩა გაურკვეველი ილია ჭავჭა­ვაძის მუხანათური მკვლელობის მსგავსი ტრაგედია. კირიონ II მკვლელობის საქმის მოძიებისა და შესწავლის მიზნით აუ­ცილებელია განვიხილოთ კათალიკოზ-პატრიარქის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ვერსიები და ვაჩვენოთ მათი მეტნაკლები სანდოობა.

 

I ვერსია. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კირიონ II თავი მოიკლა საკუთარი რევოლვერით. ეს შემზარა­ვი სიცრუე გაავრცელეს კირიონ II მტრებმა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზების გასაყალბებლად და მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით. კაცი, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის შეუდრეკელი ბრძოლის გამო გადაიტანა დამცირება, შევიწროება და განსაცდელი, სულიერად არასდროს არ გამტყდარა და საქართველოს ეკლესიის მეთაურობის ჟამს იკლავს თავს? - როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? - წერდა დეკანოზი ნ. თალაკვაძე, მაშინდელმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ტყვიები, რომელიც კათალიკოზ-პატრიარქს ჰქონდა მოხვედრილი, მიცვალე­ბულთან დაგდებული რევოლვერისა არ იყო. როგორც ქრისტეფორე კაპანაძის მოგონებიდან ირკვევა (მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა დ. კაპანაძემ), კათალიკოზ-პატრიარქს 26 ივნისს გადაუწყვეტია მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში წასვლა, სამუშაო მასალებიც წაუღია. თან მიჰყვებოდნენ არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი), ქრისტეფორე (კაპანაძე) და ვასილ კბილაშვილი, მაგრამ უწმიდეს პატრიარქს ეტლში ჩაჯდომისას გახსენებია, რომ საპატრიარქო ბიბლიოთეკიდან უნდა წამოეღო რაღაც წიგნები, ამიტომ ქრისტეფორე კაპანაძე დარჩენილა და მეორე დღეს წიგნებიც წაუღია მარტყოფში, მაგრამ იქ უკვე ტყვიით განგმირული კათალიკოზის ნეშტი დახვედრია. კაცი, რომელმაც სამუშაო წიგნები წაიღო, თავის მოკვლას არ განიზრახავდა. გამოძიებამ, რომელსაც ი.კობიაშვილი წარმართავდა 1919წ. 11 აგვისტოს დადგენილებით ვერავითარი ეჭვი ვერ შეიტანა კათალიკოზის თვითმკვლელობაში? კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II თავის მოკვლის ცრუ ვერსია გაავრცელა გაზ. "ახალი სიტყვის" გარშემო შეკრებილმა კირიონ II მოძულე ხალხმა. სწორედ მათი სურვილი იყო, კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II ნეშტი მარტყოფშივე დაეკრძალათ უჩუმრად, მაგრამ არ გამოუვიდათ".[12]

 

II ვერსია. კირიონ II მკვლელობა დაბრალდა არქიმანდრიტ ტარასის (კანდელაკი), რომელიც მას თან ახლდა მარტყოფში. ამ ვერსიის მომხრენი აცხადებდნენ, რომ ოთახი, რომელშიც კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ II ისვენებდა, ერთის მხრივ ციცაბო კლდეს ეყრდნობოდა, და მასში მხოლოდ იმ ოთახიდან შეიძლებოდა შესვლა, სადაც არქიმანდრიტი ტარასი იყო. დილით, როცა პატრიარქი არ გამოვიდა, შევიდნენ და ტყვიით განგმირული ნახეს თავისსავე საწოლში. ცნობილი საზოგა­დო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი წერდა, რომ არქიმანდრიტი ტარასი მოისყიდეს და გააჩუმესო. ეს ვერსია ნაკლებად და­საჯერებელია, რადგან არქიმანდრიტი ტარასი იყო კირიონ II პირადი მდივანი და იკონომისი. თან ახლდა მას გადასახლე­ბაში, ეხმარებოდა და უმსუბუქებდა გასაჭირს. მანვე უპატრონა კირიონ II მდიდარ მემკვიდრეობას და მოწესრიგებული გადასცა სიძველეთა მუზეუმს. და, თუ დღეს საქ. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტსა და საისტორიო არქივში კირიონ II ფონდებია, ეს არქიმანდრიტ ტარასის დამსახურება იყო.

 

III ვერსია. კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II მკვლელობაში ბრალი დასდეს მიტროპოლიტ ლეონიდს (ოქროპირიძე). ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე ერთად იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ისინი ერ­თად იყვნენ 1906 წლის იანვარში პეტერბურგში სინოდის სხდომაზე და იგერიებდნენ ქართული ეკლესიის მოძულეთა შე­მოტევებს. შემდეგ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიამ ავტო­კეფალია აღდგენილად გამოაცხადა, შეიქმნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტი ეპისკოპოს ლეონიდის მეთაურობით. დაიწყო მზადება დიდი საეკლესიო კრების ჩასატარებლად, რომელსაც უნდა აერჩია სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი, ქართველ მორწმუნეთა ჯგუფი ქრისტეფორე კაპანაძის მეთაურობით ჩავიდა რუ­სეთში და მოსთხოვა კირიონს სამშობლოში დაბრუნება, მან მადლობა მოახსენა ქართულ დეპუტაციას ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, მაგრამ მტკიცე უარი განაცხადა - საქართველოში ლეონიდი და მისი მომხრეები წყალს არ დამიწმენ­დენო. იგი მაინც ჩამოიყვანეს საქართველოში და თითქმის გაპატრიარქებულ ლეონიდს აჯობა არჩევნებში. ეს მომენტი გამოიყენეს ქართული ეკლესიის არაკეთილმოსურნეებმა და მათ შორის გააღვივეს შუღლი და დაპირისპირება. კათოლი­კოს-პატრიარქსა და თბილელ მიტროპოლიტს შორის წარმოშობილი უთანხმოებანი დაიხვიეს ხელზე ლეონიდის მტრებმა და გაავრცელეს ის აზრი, რომ კათალიკოზ კირიონ II მკვლელობაში ბრალი მიტროპოლიტ ლეონიდს მიუძღვისო.

 

IV ვერსია. კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II მკვლელობაში ზნეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ჟურნალ "ახა­ლი სიტყვის" გარშემო შემოკრებილი კალმოსნები. ამ ჟურნალში სისტემატურად ქვეყნდებოდა ჯაჭვაძის წერილები, რო­მელთა ავტორები შეურაცხყოფას აყენებდნენ კათოლიკოზ-პატრიარქს კირიონ II და მის ერთგულ სასულიერო პირებს: მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე), დეკანოზ ნ. თალაკვაძეს და სხვ. "ეგზარქოსის კარეტით კათალიკოზი დასეირნობს ხოლმე თბილისის ქუჩებში... ერთი კათედრიდან ექსორია ვუყავით ერთ ეპისკოპოსს და მის ადგილზე დავსვით ბევრად უარესი".[13]

 

სტატიის ავტორი გულისხმობდა იმერეთის ყოფილ ეპისკოპოსს გიორგი ალადაშვილს, რომელსაც ჯერ კიდევ საქართვე­ლოს ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ ჰქონდა ეპარქია ჩამორთმეული ეგზარქოს პლატონის მომხრეობის გამო.

 

სტატიაში "კირიონ კათალიკოზის წირვა და სიონის წაბილწვა"[14] ავტორი თავხედურად წერდა: "დროა კათალიკოზის თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს, მან საკმარისად შეგვარცხვინა ჩვენ მთელ ქვეყანაზე... კირიონი საქართ­ველოს ეკლესიას დაღუპვის მეტს ვერაფერს მოუტანს და კიდევაც დაღუპავს მას..." "ჩვენ ვგმობთ კათალიკოზის მოქმე­დებას". ასეთი წერილები იყო ერთგვარი შექეზება კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II მტრებისა, მტრები კი მას ბევრი ჰყავდა. ჯერ კიდევ 1917 წლის 1 ოქტომბერს, როცა მცხეთაში, სვეტიცხოველში დიდი ზეიმით ჩატარდა კათალიკოს-პატრიარქად კირიონ II აღსაყდრება, წირვის შემდეგ პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად გაემართა გასასვლელისაკენ. ამ დროს მას გადასცეს წერილი, რომელშიც ეწერა, როგორც კი ტაძრიდან გამოვიდოდა, ხალხში დამალული მკვლელი აუცილებლად ესროდა. შეიქნა ჩოჩქოლი, პატრიარქი არ შეყოვნებულა, ამ დროს მასთან მოვიდა ყარამან კიკნაველიძე, რომელმაც შესძახა, მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ; აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა. და ასე გამოიყვა­ნეს პატრიარქი სამშვიდობოს.

 

მეორე დამაფიქრებელი ინციდენტი მოხდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლოს, როცა კათოლიკოსმა კირიონმა საქართველოს საკათალიკოსოს საქმეთა მმართველად და მდივნად არ დაამტკიცა ეგზარქოსების ჯაშუში დავით დავიდოვ-დავითაშვი­ლი. ეს უკანასკნელი ორჯერ რევოლვერით მოსაკლავად შეუვარდა კირიონ II სამუშაო კაბინეტში და, თუ არა მორჩილ გერმოგენის ვაჟკაცობა, შეიძლება უბედურება უფრო ადრე დატრიალებულიყო.

 

უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საკათალიკოზო საბჭოს დავალებით დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ მისი უწმინდესობის საფლავის ქვა დაამზადებინეს ნეოფიტე აგლაძეს. 1919 წლის 10 ივნისს საფლავის ქვა დადგეს. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II სახელი უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა ი. იმედაშვილის მოსწრებული თქმით “ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე! ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი”.

 

კათოლიკოზ-პატრიარქს კირიონ II უკომპრომისო პოზიცია ეჭირა ე.წ. რუსული ეპარქიის საკითხისადმი, მან საერთოდ არ უპასუხა რუსეთის პატრიარქის ტიხონის ქედმაღლურ წერილს. ასე მოხდა გარეშე მტრებისა და შინაური ორგულთა ინტერესების თანხვედრა. კირიონ II მკვლელობა განხორციელდა ფრიად გააზრებულად. კვალის დაფარვის მიზნით მკვლელებმა თვითონვე შეთხზეს და საზოგადოებას მიაწოდეს მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. საქმე რომ ორგანიზებულ დამნაშავეობასთან გვქონდა, ამას ადასტურებდა კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II მკვლელობის შემდეგ მომხდარი ამბები. 1918 წლის სექტემბერში მოწამლეს (საკუთარმა სიძემ) ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), საკუთარ სახლთან მოკლეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე (კირიონ II საარჩევნო აგიტაციის მეთაური პროვინ­ციებში), მცხეთაში მოკლული ნახეს არქიმანდრიტი მირიანი... დავით დავიდოვმა და მისმა ბანდამ მიზანს მიაღწია. იგი დიდხანს ეწეოდა საკათალიკოზო საბჭოს კანცელარიის გამგისა და მდივნის რანგში "მოღვაწეობას". სხვა უღირსნიც აღზევდნენ, ხოლო ტანჯული ქვეყნის ტანჯული მამამთავრის მკვლელობის საიდუმლოება დღემდე გამოუცნობი დარჩა.

 

საქართველოს მთავრობა არ ჩარეულა ახალი პატრიარქის კანდიდატის შერჩევის საქმეში. 1918 წლის 28 ნოემბერს შედგა საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილელი მიტროპოლიტი და საქართველოს კათა­ლიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ლეონიდი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი, დეკანოზები ნ. თალაკვაძე, კ. კეკელიძე, კ. ცინცაძე, პ. ბარათაშვილი, გ. გვაზავა, პ. გოთუა, პ. ინგოროყვა, ქრ. კაპანაძე, მ. მაჩაბელი. სხდომამ გამოიტანა განჩინება:

 

"1. დაუყოვნებლივ, რამდენადაც შეიძლება მოკლე დროში, არჩეულ იქმნას კათალიკოზ-პატრიარქი, ვინაიდან ამას მოით­ხოვს, როგორც საეკლესიო ინტერესები, ისე საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და მისი საერთაშორისო მდგომარეობა; 2. უარყოფილ იქნას აზრი კათალიკოზის ასარჩევად საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევისა; 3. ვინაი­დან კათალიკოზი დაუყოვნებლივ უნდა იქმნას არჩეული, საკათალიკოზო საბჭოს კანონიერად მიაჩნია მიტროპოლიტ ლეო­ნიდის არჩევა კათალიკოზად".[15] საკათალიკოზო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული დადგენილების წინააღმდეგ გამოვიდ­ნენ დეკ. ნიკიტა თალაკვაძე და ქრ. კაპანაძე. საკათალიკოზო საბჭოს უმრავლესობა თვლიდა, რომ მიტროპოლიტმა ლეო­ნიდმა უკვე საჭირო ხმების რაოდენობა ჯერ კიდევ 1917 წლის 17 სექტემბერს I საეკლესიო კრებაზე მიიღო. საკათალიკო­ზო საბჭოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ეპარქიების პოზიციას. მან № 4479 მიწერილობით ეპარქიების საბჭოებს მოსთხოვა წერილობით დაედასტურებინათ საკათალიკოზო საბჭოს 1918 წლის 28 ნოემბრის განჩინების სამართ­ლიანობა. საეპარქიო საბჭოების უმრავლესობამ წერილობითი დასტური მისცა, საკათალიკოზო საბჭოს გადაწყვეტილებას. საინტერესოა ამ მხრივ ეპარქიებიდან მოსული წერილების შინაარსი. ფოთის ტაძრის სამრევლო კრების თათბირს, რომე­ლიც 1918 წლის 30 ივნისს გამართულა ი. ბობოხიძის მოხსენების საფუძველზე დაუდგენია: 1. მართალია საეკლესიო წესების მიხედვით დაქვრივებული ეკლესია 40 დღის განმავლობაში არ უნდა ეძიებდეს ახალ მღვდელმთავარს, მაგრამ ვინაიდან რუსეთის ბოლშევიკების მხრიდან მოსალოდნელი შემოსევის გამო დღეს საქართველოს ნორჩი რესპუბლიკა და მისი ავტოკეფალური ეკლესია დიდ საფრთხეში არიან ჩავარდნილი, ამისათვის პოლიტიკური მოსაზრება და დიპლომა­ტიური სიბრძნე თხოულობენ, რომ საქართველოს ეკლესიას ერთი საათითაც არ უნდა მოშორდეს მისი ნამდვილი თავი. მოჭირნახულე მამამთავარი".[16] თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგენიც, მაგ. ზუგდიდიდან მღვდ. ტროფიმე ჯოხთაბერიძე შინაგან საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ დეპეშაში აცხადებდა პროტესტს. ეს არის კათალიკოსის არჩევის არაკანონიე­რი, არადემოკრატიული გზაო".[17] ანონიმი ავტორი კი მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასადმი გაგზავნილ წე­რილში საკითხს ასე სვამდა - ვინ მისცა საკათალიკოზო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად წყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გვყავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სი­ცოცხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში".[18]

 

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიტროპოლიტ ლეონიდის სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად კურთ­ხევა შესრულდა 1919 წლის 23 თებერვალს კვირას სვეტიცხოველში. საქართველოს მთავრობამ სპეციალური მატარებელი დანიშნა მცხეთაში მორწმუნეთა წასაყვანად. უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდის კურთხევას დაესწრნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთისა და აზერბაიჯანის მისიის ხელმძღვანელები. მცხეთაში იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ზურაბ ავალიშვილი, იუსტიციის მინისტრი შ. ალექსი-მესხიშვილი, საგარეო საქ­მეთა მინისტრის მოადგილე საბახტარიშვილი.

 

უწმიდესმა ლეონიდმა ლიტურგიის დამთავრების შემდეგ წარმოთქვა სიტყვა, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოე­ბას. საზოგადოებისადმი ფრანგულ ენაზე წარმოთქმულ სიტყვაში გ. გვაზავამ აღნიშნა: შეხედეთ, რა სიხარულითა და ენთუზიაზმით ხვდება ყველა უწმიდესსა და უნეტარესს კათალიკოზ-პატრიარქს. გარდა სარწმუნოებრივი გრძნობისა, აქ მოქმედებს კიდევ სხვა ძალა. უნდა მოგახსენოთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოზი მატარებელია ეროვნული იდეოლოგიისა, იგი გამომხატველია საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისა. სწორედ ეს იდეა ტრიალებს ეხლა საქართ­ველოში და აღელვებს ყველას გულს".[19]

 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის გარკვეული გაუგებრობები წარმოიშვა ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 26 ნოემბრის კანონის მიღების შემდეგ, როცა: 1. ყოვე­ლი ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა; 2. ხსენებულ სკოლებში დაიხურა კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისათვის".[20] ეს გადაწყვეტილება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ათეისტური მიმართულების აშკარა გამოხატულება. მაგრამ ხელისუფლება მარტო ამით არ შემოიფარგლა. მი­სივე გადაწყვეტილებით სახალხო განათლების სამინისტროს გადაეცა ყოფილი სასულიერო სასწავლებლების ქონება-შენო­ბები და იქიდან გამოძევებულ იქნა სასულიერო პირები, როცა ეკლესიის წარმომადგენლები მათ მოაგონებდნენ, რომ ისი­ნიც კანონიერი მეპატრონეები იყვნენ ამ ქონებისა, სასამართლოსკენ უთითებდნენ, წადით და იქ დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენიაო. მთავრობამ სპეციალური დეკრეტით ეკლესიებს, მონასტრებს ჩამოართვა მიწები, ვენახები, სათიბები, ტყეები, წისქვილები, ე.ი. არსებობის სახსარი მოუსპო მათ. ასევე რკინიგზაზე იყო მოძღვართა თანამდებობანი, რომელნიც მთავრობამ, როგორც არასაჭირო გააუქმა. ყოველივე ამან აიძულა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმი­დესი და უნატარესი ლეონიდი წერილით მიემართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომა­რის ბ-ნ ნოე ჟორდანიისათვის. წერილში უწმიდესი ლეონიდი აღნიშნავდა _ ვერ გამიგია, რით დაგვაყენეს კანონის გარე­შე? მონასტრებში, ეკლესიებში ადამიანები ცხოვრობენ და რით იარსებონ მათ თუ მიწა არ ექნებათ?.. რომელიც სახელმ­წიფოებრივი საქმე უნდა გარიგდეს მშრომელი ბერების შიმშილისაგან გაწყვეტით და ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიული ნაშთების განზრახ დანგრევა-განადგურებით?.. ჩვენი მთავრობა სოციალისტურია და პრინციპულად ვერ შეგუებია ეკლე­სიას. თანახმა ვარ, დიახაც ნუ შეეგუებიან ურიერთს ეკლესია და სოციალისტები დროზე დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაშორებაშიც სავალდებულოა სამართლიანობა და ჩვენც მარტო სამართლიან გაყრას ვთხოულობთ სახელმწიფოსაგან სხვა არაფერს".[21]

 

უწმიდეს ლეონიდს მიაჩნდა, რომ თუ მთავრობა ცივილიზებული ფორმით განცალკევებას დაუჭერდა მხარს ეკლესიისა­გან უნდა შეესყიდათ მისი უძრავ-მოძრავი ქონება, ხოლო მისი ინტერესების უგულებელყოფა მოსაწონი არ იყო, იგი მოა­გონებდა მთავრობის თავმჯდომარეს "საქართველოს ეკლესია უმთავრესი და უთვალსაჩინოესი ფაქტორია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისა. ჩვენს ეკლესიას განსაზღვრული დამსახურება მიუძღვის იმ პირობების შექმნაში, რომელთა მეოხე­ბითაც დღეს ჩვენს სამშობლოს დაჰყურებს ეროვნული დროშა და სახელმწიფოებრივ ღვაწლს ეწევა ჩვენს დედაქალაქში დამფუძნებელი კრება".[22] როგორც მოსალოდნელი იყო, მისი უწმიდესობის ლეონიდის წერილს მთავრობის მხრიდან კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, ამიტომ 1919 წლის 15 მაისს უწმიდესი ლეონიდი შეხვდა მთავრობის თავმჯდომა­რეს, სადაც დაწვრილებით გაანალიზეს საქართველოს ეკლესიის გარშემო შექმნილი პრობლემები. მთავრობის თავმჯდომა­რემ, ნ. ჟორდანიამ საქართველოს ეკლესიის მეთაურს აღუთქვა, რომ ახლო მომავალში მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილე­ბას მონასტრებისათვის კერძო მესაკუთრის ნორმით მიღებული მიწების დატოვების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, საქმე წინ არ წავიდა. 1919 წლის 9 ივნისს უწმიდესი ლეონიდის ნ. ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო ჩვენი შეხვედრიდან თვე გადის და დღევანდელობამდე ამ საკითხისა არა ვიცით რა. მონასტრების მდგომარეობა დღითიდღე უა­რესდება. ბერები ზოგნი შიმშილისაგან იხოცებიან, ზოგნიც კი არაფერს საიმედოს აღარ ხედავენ გარშემო. გარბიან მონასტ­რებიდან და ამის გამო საქართველოს საამაყო ისტორიული ნაშთები სულ უპატრონოდ დატოვებულნი ხდებიანო".[23] მართალია, 1919 წლის ივნისში დამფუძნებელი კრების საფინანსო-საბიუჯეტო კომისია დამფუძნებელი კრების პრეზი­დიუმის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნავდა "გაახლებთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს სამღვდელოების, საკათედრო ტაძრებისა, საკათალიკოზო დაწესებულებათა შენახვისათვის 1918 წლის პირველი აგვისტოდან 1919 წლის პირველ იანვრამდე გაწეული ხარჯების დასაფარავად. 2.501.777 მანეთის დახმარები­სათვის. კანონპროექტი კომისიამ განიხილა და მიიღო".[23] მაგრამ რეალური დახმარება ეკლესიას არ მიუღია.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ეკლესიას ფაქტიურად უნდობლობა გამოუცხადა და რელიგიის შესახებ მიღებული კანონით იგი გაუთანაბრა საქართველოს მომქმედ სხვადასხვა კონფესიების “ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის იზოლაცია სახელმწიფო პოლიტიკისაგან, რადგან მან კარგად უწყოდა ეკლესიის დიდი ისტორიული ავტორიტეტი ქართველ მოსახლეობაში, რომლის ძირითადი ნაწილი ეკლესიასთან ერთად, სახელმწიფოში გატარებული რეფორმის წინააღმდეგი შეიძლებოდა გამოსულიყო”.[24]

 

ერთადერთი დადებითი რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გააკეთა ეს იყო 1920 წლის 17 თებერვლის მთავრობის დადგენილება კავკასიის სინოდალური კანტორის გაუქმების შესახებ, ხოლო 7 აგვისტოს დადგენილებით რუსული, ბერძნული და ოსური სამრევლოები დაექვემდებარა საქართველოს ეკლესიას.[25] ამით დასრულდა სამწლიანი გაურკვევლობა, ურთიერთდაპირისპირება და ინტრიგები, რომელსაც მიმართავდა რუსეთის სინოდი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, როცა მათ დაარსეს ამიერკავკასიის საეგზარქოსო და მასში გააერთიანეს არაქართული მრევლი. ისინი ედავებოდნენ საქართველოს საკათალიკოზოს ქონებას, ეკლესია-მონასტრებს. მართალია ოფიციალურად 1920 წლიდან ისინი იძულებულნი გახდნენ დამორჩილებოდნენ სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს, მაგრამ 1921 წლის თებერვლის შემდეგ როცა საქართველო კვლავ რუსეთის საოკუპაციო ჯარებით აივსო რუსული სამრევლოები კვლავ დაუპირისპირდნენ საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს და აღარ ემორჩილებოდნენ მას. რა თქმა უნდა მათ უკან ისევ რუსეთის ეკლესია იდგა.

 

1921 წლის 11-12 თებერვალს ვითომც "აჯანყებული მშრომელების~ დასახმარებლად საქართველოს საზღვრები გადმო­ლახა ბოლშევიკური რუსეთის XI არმიამ. საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დადგა. 1921 წლის 21 თებერ­ვალს თბილისში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელ­მაც იმსჯელა შექმნილ ვითარებაზე და სპეციალური წერილით მიმართა მცხეთა-თბილისის, ურბნისის, ქუთაის-გაენა­თის, ჭყონდიდისა და ცხუმ-ბედიის ეპარქიებს:

 

"1. ეკლესიებში დაუყოვნებლივ გადახდილ იქნას პარაკლისები მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის; 2. ეკლესიებში წინამძღვრების მიერ განმარტებულ იქნას დღევანდელი ომის მნიშვნელობა; 3. სამრევლო საბჭოების მიერ გადადებულ იქნას ეკლესიის ქონებისგან შეწირულებანი ომისაგან გამოწვეულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად; 4. მათ მიერ მიღებულ იქნას ზომები ტაძართა განძეულობისა და სიწმინდეთა დასაცავად; 5. იმავე საჭიროებისათვის წირ­ვა-ლოცვის დროს შეკრებილ იქნას ნებაყოფილობითი შეწირულობა; 6. კრებულის წევრთა მიერ მიღებულ იქნას ყოველგ­ვარი ზომები ჯარში გაწვეულთა ოჯახების სულიერ მოთხოვნილებათა დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად".[26]

 

საკათალიკოზო საბჭოს წერილით მიმართა უწმიდესმა ლეონიდიმ 1921 წლის 22 თებერვალს, სადაც უნდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე: 1. სად და როგორ იქნას დაცული ომისაგან მოსალოდნელ საშიშროებისაგან სოფლებისა და ქალაქის ეკლესიების განძეულობა და სიწმინდე? 2. სად იქნას დაცული საკათალიკოზო საბჭოს ქონება და არქივი? 3. როგორ შეიც­ვალოს ეკლესიის მართვა-გამგეობის წესები ამ შიშიანობის ჟამს? 4. როგორ მოვიქცე პირადად მე, ვინიცობაა ჩვენმა მთავრობამ მოახდინოს ქალაქის ევაკუაცია? 5. რა ზომების მიღებაა საჭირო საკათალიკოზოში ომისაგან შექმნილი არაჩ­ვეულებრივი პირობების გამო".[27] საქართველოს ეკლესიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საკითხს, როცა მთავრობამ მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭომ მიიღო დადგენილება საეკლესიო განძეულობის, ძვირფასი ხატების თბილისის ეკლესია-მონასტრებიდან გამოტანი­სა და ქუთაისში ევაკუაციის შესახებ. ამავე დროს მან თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო დაცვა რკინიგზაზე განძეულობის უსაფრთხოდ გადატანისათვის. საკათალიკოზო საბჭოს სპეციალური რწმუნებით აღიჭურვა ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) და არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), რომელნიც პასუხს აგებდნენ განძის უსაფრთხოება­ზე. უწმენდისმა ლეონიდმა ასეთი წერილით მიმართა დიმიტრი ლაზარაშვილს: “მამაო დიმიტრი, მთავრობა მზად არის მოგვცეს მცველები და გადავიტანოთ რკინიგზით ჩვენი განძეულობა ქუთაისში. თუ ჩვენ ყველა ამას მივიტანთ ვაგზლამდე. აბა დატრიალდი იშოვე რამდენიმე ურემი და ჩააბარე რკინიგზაზე. რაც შეიძლება ჩქარა”.[28] 24 თებერ­ვალს უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდმაც დატოვა თბილისი და ქუთაისში წავიდა, ხოლო საკათალიკოზო საბჭოს დროებითი თავმჯდომარის მოვალეობას დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ასრულებდა. როცა მთავრობამ მიიღო გადაწყვე­ტილება ემიგრაციაში წასვლის და ამავე დროს საქართველოს ეროვნული სიწმინდეების, განძის წაღების შესახებ, ეს იყო თავზარდამცემი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ლეონიდისათვის, რომელმაც სასწრაფო აუდენცია ითხო­ვა ნოე ჟორდანიასთან და უსიამოვნო საუბარიც ჰქონდა მასთან. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა 11 მარტს, განძეულობით დატვირთული კრეისერი "ერნესტ რენანი" ბათუმიდან გავიდა. საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნატარესი ლეონიდი 13 აპრილს თბილისში დაბრუნდა... აღარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღარც საეკლესიო სიწმინდენი, პატრიარქი თითქოს უცხო ქალაქში დაბრუნდა გაპარტახებული ქუჩები, დაღვრემილ-გა­ტანჯული ქართველობა და გახარებული უცხო ტომელნი. ასეთი გამხდარიყო ქართველთა დედაქალაქი... “ახალმა ხელისუფლებამ პირველი სიურპრიზი დაახვედრა მას. საპატრიარქოს ჩამოართვა ერთადერთი ავტომობილი... წინ კიდევ ბევრი უსიამოვნებანი იყო მოსალოდნელი".[28]

 

 

თავი III

 

სასულიერო პერიოდიკა: ჟურნალ "სვეტიცხოვლის" და "ახალი სიტყვის" პროფილი

 

 

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის გადაწყვეტი­ლებით შეიქმნა საქართველოს ეკლესიის ყოველკვირეული ოფიციალური ორგანო, ჟურნალი "სვეტიცხოველი", რომლის რე­დაქტორად დაინიშნა პავლე ინგოროყვა. ჟურნალის დანიშნულება კარგად იყო გაცხადებული სარედაქციო წერილში "მომენტისათვის", სადაც აღნიშნული იყო: "ჟურნალი თავისი სახელით გვაგონებს წმიდა აკვანს ჩვენი სულიერი აღორძი­ნებისას, იგი თავის ვალად დაისახავს ხელი შეუწყოს ეკლესიის ერთგულ შვილთა დარაზმვას ახალი ცხოვრებისათვის საბრძოლველად სარწმუნოებრივი ცხოვრების აყვავებისა და წარმატებისათვის".[1]

 

ჟურნალი თავის ფურცლებზე დიდ ადგილს უთმობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებს, მკაცრი კრიტი­კის ქარცეცხლში ატარებდა რუსეთის დროებითი მთავრობისა და ეკლესიის სინოდის პოზიციას საქართველოს ეკლესიის მიმართ რ. ივანიცკის /ინგილო/ მართებული შენიშვნით "რევოლუციურმა რუსეთმა ისეთივე დამოკიდებულება გამოიჩინა მცირე ერების მოთხოვნილებისადმი, როგორც დასამარებულ რუსეთის თვითმპყრობელობამ, ველიკორუსთა პრიმატი ძველებურად გამოცხადებულია რუსეთის სახელმწიფოს მაცოცხლებელ ძარღვად. ცალმხრივად გაგებული დიდი და განუ­ყოფელი რუსეთის იდეა გამოსჭვივის იმაში, რომ სახელმწიფოს მესვეურნი სასტიკად ებრძვიან ერთა აღორძინებას და ფაქტიურად უარყოფენ საქვეყნოდ აღიარებულ თვითგამორკვევას".[2] სტატიის ავტორის აზრით, ბიუროკრატიული რუსეთის ნარჩენების მიერ დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც ნაციონა­ლურ ავტოკეფალიას იმეტებს, ქართველებისათვის მხოლოდ საძირკველი იქნება ეკლესიის განახლებისა, იმ ავტოკეფა­ლიისა, რომელიც საბოლოოდ გაათავისუფლებს საქართველოს ეკლესიას.

 

ჟურნალი დაწვრილებით აშუქებდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის მიერ პეტერბურგ­ში გაგზავნილი დელეგაციის მუშაობის ანგარიშს, საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მოსამზადებელი კომისიის სხდომის ანგარიშებს. იგი აცნობდა საზოგადოებას საეკლესიო კრების დღის წესრიგს, ჩატარების ვადებს, საეკლესიო კრების დელეგატების არჩევის წესს. ჟურნალი განმარტავდა რამ განაპირობა თბილელის კათედრის აღდგენა და ტფილე­ლი მიტროპოლიტის არჩევნები. დროებითი მთავრობის მიერ  დამტკიცებულ  დებულებაში  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწოდეს ქართველთა კათალიკოზ-პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ამით ხაზი გაესვა საქართველოს ეკლესიის ნაციონალურ ავტოკეფალიას და თბილისის კათედრა განუმზადეს ეგზარქოს ყოფილ პლატონს. რომელიც ამიერკავკასიის ეგზარქოსად უნდა გამოცხადებულიყო. ეს რომ არ მომხდარიყო, 12 მარტის დადგენილებით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითმა კომიტეტმა აღადგინა თბილელი მიტროპოლი­ტის კათედრა: "13 აგვისტოს კრებამ ერთხმად დაამტკიცა თბილელ მიტროპოლიტად ლეონიდი".[3]

 

15 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ მთავარდიაკონმა დავით სალარიძემ გამოაცხადა: "განბჭობითა და გამოწვილვითა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა და სამღვდელოთა და საეროთა დას­თა თბილისისა და სხვათა საქართველოს ქალაქთაითა თავდადგმულ ექმნა უძველესი საყდარი ტფილელ მიტროპოლიტ­თაი, რომელიც ერთი საუკუნე განიცდიდა ქვრივობასა, ხოლო საყდარსა ამასა ზედა შთაგონებითა სულისა წმიდისა და შემოკრებილთა ერთსულოვან თანხმობით აღრჩევითა აღიყვანების სრულიად საქართველოს  ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი გურია-ოდიშისა ყოვლად უსამღვდელოესი ლეონიდი".[4]

 

ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებში არქიმანდრიტი ნაზარი ეხებოდა ბერ-მონაზონთა კრების საკითხებს, რა გზებითა და საშუალებებით იყო შესაძლებელი ბერ-მონაზვნური ცხოვრების აღდგენა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. ჟურნა­ლი არ ივიწყებდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ, გარდაცვლილ პირებსაც სტატიაში "ახლო წარსულიდან".[5] საზოგადოებას შეახსენებდა მღვდელ ილარიონ ჯაშის ნათელ სახელს, პიროვნებისა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა 1905-06 წლებში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის საზოგადოების დარაზმვის საქმეში, მი­სი პროკლამაციები თუ მამხილებელი სტატიები, ეგზარქოს ნიკონისათვის მიუღებელი იყო. მამა ილარიონი საქართველო­დან გააძევეს, შემდეგ კი რუსეთში გადასახლებული 1911 წელს მოკლეს კიდეც. მაგრამ ქართველი საზოგადოება არ ივიწ­ყებდა მას - შენდობა ტანჯულ გმირსა! სალამი თქვენ სულით მრავალწამებულის წამებულნო ნეშტნო - ასე ამთავრებდა წერილს "ახელის" ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება.

 

ჟურნალში დიდი ადგილი ეთმობოდა რუსეთში მიმდინარე მოვლენების ანალიზს. ამ მხრივ საინტერესო დაკვირვებანი აქვს რ. ივანიცკის, რომლის აზრითაც რუსეთში თებერვლის რევოლუციის მონაპოვრის დამარცხება უცილობლად გამოიწ­ვევდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობას. ჟურნალში დაწვრილებით იყო განხილული რუსეთის საეკლე­სიო კრებაზე პლატონ ეგზარქოსყოფილის სიტყვა, რომელშიც კრებას მუქ ფერებში დაუხატა 1917 წლის 12(25) მარტის შემდგომ საქართველოში შექმნილი ვითარება და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ეგზარქოსობიდან გადააყენა სამმა ეპისკოპოსმა, რომ თბილისში მართლმადიდებელ ქრისტიანებს დევნიან, რომ ქართველების ბრბომ ეპისკოპოს ლეონიდის მეთაურობით დაიკავა ეგზარქოსის სასახლე, რომ ხელისუფლებამ სათანადო შეფასება უნდა მისცეს ამ ფაქტებს. ბუნებ­რივია, პლატონ ეგზარქოსყოფილის გამოსვლამ რუსი შოვინისტების გააფთრება გამოიწვია, მათ მოსთხოვეს ხელისუფლე­ბას გადამჭრელი ზომები მიეღო ქართველების წინააღმდეგ. ჟურნალში პლატონის ჭორების გასაბათილებლად დაბეჭდი­ლია თბილისის მილიციის უფროსის ყაჩუხოვის მოხსენება ა. ჩხენკელისადმი, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი, რა ვითა­რებაში დაიკავა საქართველოს ეკლესიის დროებითი მართვა-გამგეობის კომიტეტმა მიტროპოლიტ ლეონიდის მეთაურო­ბით ყოფილი ეგზარქოსის სასახლე, როგორ ჩატარდა აღწერები და ქონებრივი გაყოფის კომისიის ჩამოსვლამდე როგორ დაილუქა ეგზარქოსის სამუშაო ოთახები. მილიციის უფროსი დასძენდა, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო.

 

ჟურნალში დაიბეჭდა "წესი, რომელი იქმნების ხელდასხმასა ზედა ეპისკოპოზისა",[6] "კურთხევაი და საყდრად აღყვანე­ბაი კათოლიკოზისაი".[7] რომელიც ძველი ხელნაწერების მიხედვით აღადგინა დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ. ჟურნა­ლის მესამე ნომერი ეძღვნება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას და კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნებს. "დასაწ­ყისსა მეათცხრამეტისა საუკუნისასა დაყენებულ იქმნა თვითთავობაი ეკლესიისა ჩუენისაი, წარიტაცეს ჩუენგან მამაი მა­კურთხეველი და დაგუამორჩილეს ჩვენ საყდარსა უცხოსა. ამისა გამო შეირყა ტრაპეზი ჩუენი და მოოხრდენ სავანენი ჩუენნი... შემოვკრბით დღეს, რათა განვამტკიცოთ გუამი ეკლესიისა ჩუენისაი, შთავბეროთ მას შინა სული ცხოველი, შემოვზღუდოთ იგი მოძღურებითა მართლისა სარწმუნეობისაითა და შევმოსოთ იგი კუართითა ჯეროვანისა მართვა-გამ­გეობისაითა".[8] ჟურნალში აღწერილი იყო პირველი საეკლსიო კრების მიმდინარეობა და კათალიკოზ-პატრიარქად კირიონ II  არჩევა. ჟურნალი ფართოდ იხილავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას, საკათალიკო­ზო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II წერილებს მსოფლიო პატრიარქ ბასილ III, რო­მის პაპის, ყოველთა სომეხთა კათალიკოზის გევორქ V მიმართ, რომლებშიც გამოთქმული იყო სურვილი თანამშრომლობი­სა და ურთიერთობისა. ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი თანამშრომ­ლობას სთავაზობდა განსხვავებული კონფენსიების წარმომადგენლებს, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ ეხებოდა დოგმა­ტურ სფეროს, თუმცა საქართველოს ეკლესიის მეთაური კარგად ხედავდა, რომ საქმე ეხებოდა მრავალრიცხოვან სომხურ დიასპორასთან და კათოლიკე ქართველებთან ურთიერთობის ურთულეს პრობლემებს. ჟურნალში დაბეჭდილი იყო ცნობი­ლი რუსი სლავოფილისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მებრძოლის ნიკოლოზ დურნოვოს მისალმება ქართ­ველი სამღვდელოებისადმი, რუსეთის საეკლესიო კრების მიმდინარეობის ქრონიკა, საქართველოს ეკლესიის კათალი­კოზთა, კათალიკოზ-პატრიარქთა მამადმთავრობის ქრონოლოგია, რომელიც შეუდგენია პავლე ინგოროყვას. ამ ქრონოლო­გიით უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II იყო 123-ე მამადმთავარი.

 

ჟურნალში დაიბეჭდა დეკანოზ კორნელი კეკელიძის პოლემიკური მოხსენება, რომელიც მან წაიკითხა 1917 წლის საეკლე­სიო კრებაზე "ღვთისმსახურება და სამღვდელოება",[9] რომლის ძირითადი დებულებანი შემდეგია: "1. საჭიროა ჩვენი ღვთისმსახურება გამარტივდეს, ცხოვრებას დაუახლოვდეს და, შეძლებისდაგვარად, შინაარსით და ფრაზეოლოგიით საშუალო მლოცველ-მორწმუნეთათვის გასაგები იყოს; 2. საღვთო და საეკლესიო წიგნების საბეჭდავად უნდა შემოღე­ბულ იქნას მხედრული ანბანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს წიგნები ფართო მასისათვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება; 3. კრებულის წევრთათვის სავალდებულო არ უნდა იყოს ეკლესიის გარეთ ანაფორის ტარება; 4. მათთვის არც გრძელი თმებისა და წვერის ტარება უნდა იყოს სავალდებულო, ესეც კერძო სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული".[10] საქართველოს საეკლესიო კრებამ არ გაიზიარა დეკ. კ. კეკელიძის მიერ წარმოდგენილი დებულების არც ერთი მუხლი. ჟურნალი "სვეტიცხოველი" გამოკვეთილად იყო საქართველოს საპატრიარქოს ორგანო, მაგრამ სარედაქციო კოლეგიის ზოგიერთმა წევრმა (მღვ. ილია შუბლაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი) მოინდომეს ჟურნალის საპატრიარქოს ოპოზიციურ ორგანოდ გადაქცევა, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ მღვ. იოსებ ჩიჯავაძე, ალექსი მიქელაძე, კალისტრატე ცინცაძე. ამ დაპირისპირებამ ჟურნალის გაუქმება გამოიწვია, რაოდენ სამწუხარო იყო, რომ ასე კარგად დაწყებული საქმე პირადმა ამბიციებმა შეიწირა.

 

1918 წლის 25 თებერვალს გამოვიდა ახალი სასულიერო ჟურნალი "ახალი სიტყვა", რომლის რედაქტორი იყო ქრისტეფო­რე ციცქიშვილი და მატერიალური მხარდამჭერი თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდი, როგორც ჟურნალის სარედაქციო წე­რილი იტყობინებოდა მათი მიზანი იყო "საქართველოს ეკლესიის ფაქტიური განახლება, და ბრძოლა ყოველგვარ ჩაგვრა-უსამართლობასთან".[11] ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებას, რომ ჟურნალი "ახალი სიტყვა" საქართველოს არცერთ ბიბ­ლიოთეკასა და წიგნსაცავში არ მოიპოვება და მხოლოდ კერძო კოლექციაში შემორჩა, უფრო დაწვრილებით გავაცნობთ ჟურნალის პუბლიკაციებს საზოგადოებას. ჟურნალში დაბეჭდილ პუბლიკაციების უმრავლესობას ავტორები ფსევდონიმე­ბით აქვეყნებდნენ, თუმცა ცნობილია თითოეული ფსევდონიმის ავტორის ვინაობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მღვ. ქრისტეფორე ციცქიშვილის  პუბლიკაციები,  რომელიც  მიმართული იყო საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის უწმიდე­სი კირიონის, საკათალიკოზო საბჭოს წევრების წინააღმდეგ. იგი ყველაფერში მოითხოვდა განახლებას, "არ კმარა საქართ­ველოს საეგზარქოსოს საქართველოს საკათალიკოსო დაერქვას, არ კმარა ძველი ტიტულების აღდგენა, ძველის საკათალი­კოზო შესამოსლების გამომზეურება, საჭიროა ფხინობა, შემოქმედებითი მუშაობის გაჩაღება, უნარი მოქმედი ძალების შემჩნევისა, დაფასებისა და მათი შეთანხმებულად დარაზმვისა. ეკლესიური ცხოვრების განახლებისა".[12] ჟურნალის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი ააშკარავებდა აშკარა დაპირისპირებას საკათალიკოზო საბჭოს წევ­რებს შორის. ერთ მხარეზე იყვნენ უწმიდესი და უნეტარესი კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ II და მისი მომხრეები, მეო­რე მხარეზე თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდი თავისი თანამოაზრეებით. ეს დაპირისპირება გამოწვეული იყო 1917 წლის 17 სექტემბრის არჩევნებით. მიტროპოლიტი ლეონიდი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ საპატრიარქო ტახტზე პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი ლეონიდი უნდა ასულიყო, ისინი გაოგნებული დარჩნენ კენჭისყრის შედეგებით, სადაც უპირატესობა მოიპოვა ეპისკოპოსმა კირიონმა და გახდა ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი კათალიკოზ-პატრიარქი. ლეონიდ მიტროპოლიტის მომხრეებმა საკათალიკოზო საბჭოში მოიყარეს თავი და იქიდან დაიწყეს ბრძოლა უწმიდესი კირიონის წინააღმდეგ. მიტროპოლიტ ლეონიდსა და კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II შორის სულ წვრილმან საკითხებზე განსხვავებული აზრი დიდ დავაში გადაიზრდებოდა ხოლმე. მაგალითად როცა კათალიკოზმა მოინდომა მცხეთის ჯვრის მონასტრის მღვდელ-მონაზონის მირიანის არქიმანდ­რიტად კურთხევა, მიტროპოლიტმა ლეონიდმა განაცხადა, რომ მცხეთის ჯვარი თბილისის ეპარქიაში შედის, ხოლო მირია­ნის არქიმანდრიტობა ნაადრევიაო.[13] კათალიკოზმა მღვდელმონაზონი მირიანი არქიმანდრიტად და დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე მღვდლად მაინც აკურთხა, მაგრამ საკათალიკოზო საბჭომ, რომელსაც კირიონ II ავადმყოფობის გამო მიტროპო­ლიტი ლეონიდი თავმჯდომარეობდა, არქიმანდრიტ მირიანს და მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს მღვდელმსახურება აუკრძა­ლა.[14] 1918 წლის 28 მარტს ავადმყოფობის შემდეგ კათალიკოზი კირიონ II პირველად დაესწრო საკათალიკოზო საბჭოს სხდომას და ზემოთხსენებულ სასულიერო პირებს მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ურთიერთობანი საკათალიკოზო საბჭოში. ჟურნალი აცხადებდა: "23 მაისს საკათალიკოზო საბჭო რვა წევრმა (12-დან) შეიტანა პროტესტი იმ თვითნებობის შესახებ, რომელიც გამეფებულია საბჭოში კათალიკოსის მიერ".[15] ჟურნალში დაბეჭდილი მოხსენება[16] არის საშინელი ცილისწამებისა და თავხედობის ნიმუში, რომლის ავტორები უწმი­დესი კირიონს ბრალს სდებდენ საეკლესიო მართვა-გამგეობაში აბსოლუტიზმისა და მონარქიზმის დამყარებაში, მათი აზ­რით, კათალიკოზ-პატრიარქს არ ჰქონდა უფლება სასულიერო სასწავლებლების ავტონომიაში ჩარევისა, მღვდელმონაზონ მირიანის კურთხევისა, ტიმოთე ბაკურაძის მღვდლად კურთხევისა, ისინი საყვედურობდენ უწმიდეს კირიონ II საკათა­ლიკოზო საბჭოს დაუკითხავად საბჭოს წევრებს აძლევს შენიშვნას, რომ ეკლესიისათვის "თავდადებული ადამიანი დავით დავიდოვ-დავითაშვილი არ აირჩია საკათალიკოზოს კანცელარიის მდივნად, რომ ის თავისი სურვილით აჯილდოებს სასუ­ლიერო პირებს ჩვენგან დაუკითხავადო.

 

თუ კარგად დავაკვირდებით უწმიდესი კირიონ II მიმართ ჟურნალში წამოყენებულ ბრალდებებს, დავინახავთ, რომ საქ­მე გვაქვს კათალიკოზ-პატრიარქის წინააღმდეგ მოწყობილ ორგანიზებულ შეთქმულებასთან, როგორ შეიძლება კათალი­კოზ-პატრიარქს აუკრძალო მღვდელმონაზონის, არქიმანდრიტის და დიაკვნის მღვდლის ხარისხში აყვანა? რატომ ეჯავრე­ბოდათ ჟურნალის ავტორებს მირიან ბერი? იმიტომ, რომ მას რამდენჯერმე იხსნა კირიონ II დიდი განსაცდელისაგან. ხო­ლო ტიმოთე ბაკურაძე იყო კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩევნებამდე. იგი დაუდ­გომელი ბუნების კაცი იყო და ხელმძღვანელობდა ე.წ. "დიაკონთა" მოძრაობას, რომელიც 1916-17 წლებში გაიშალა სა­ქართველოში და მიმართული იყო მღვდლების უფლებების შეზღუდვისაკენ. უწმიდესმა კირიონ II ტიმოთე ბაკურაძეს მღვდლად კურთხევით, სავსებით სწორად დიაკონთა ამ საშიშ მოძრაობას, რომელიც ანარქიას უქადდა ეკლესიას, გამოა­ცალა იდეური ხელმძღვანელი. რაც შეეხება დავით დავიდოვ-დავითაშვილის პიროვნებას, იგი იყო ეგზარქოსების ჯაშუ­ში, ურწმუნო ადამიანი, რომელიც დასცინოდა სასულიერო წოდებას, მისთვის არ არსებობდა იერარქიული მორჩილება, ამიტომ კათალიკოზ კირიონ II უარი მისთვის საკათალიკოზო კანცელარიის მდივნობაზე სავსებით სწორი იყო, თუმცა იგი უადგილოდ არ დარჩენილა. ჯერ თბილისის სამიტროპოლიტოს კანცელარიას განაგებდა, ხოლო კირიონ II მუხანათური მკვლელობის შემდეგ საკათალიკოზოს კანცელარიას. თანამშრომლობდა "ჩეკასთან", კათალიკოზ-პატრიარქ ქრისტეფორეს დროს გადაასახლეს კიდეც, თითიც მოაჭრეს გადასახლებაში. იმდროინდელ საზოგადოებაში მუსირებდა ის აზრი, რომ და­ვით დავიდოვ-დავითაშვილს კავშირი ჰქონდა კირიონ II მკვლელობასთან მარტყოფის მონასტერში.

 

ასევე ტენდენციურობით გამოირჩეოდა ჟურნალში დაბეჭდილი მასალა, რომელიც ავტოკეფალიის ერთი წლისთავს ეძღვნე­ბოდა. სტატის ავტორის აზრით, "ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა დაგვირგვინდა იმით, რომ ეგზარქოსის კარეტით იმის მაგივრად კათალიკოზი დასეირნობს ხოლმე თბილისის ქუჩებში... ერთ-ერთი კათედრიდან ექსორია ვუყავით ერთ ეპისკოპოსს და მის ადგილზედ დავსვით იმაზე ბევრად უმდარესი".[18] სტატიის ავტორი გულისხმობდა იმერეთის ყო­ფილ ეპისკოპოსს გიორგი ალადაშვილს, რომელიც ავტოკეფალიის აღდგენის დროს ეგზარქოს პლატონის ინტერესებს იცავ­და და ამიტომ სავსებით კანონიერად ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითმა კომიტეტმა გადააყენა თანამდებობიდან. რაც შეეხებოდა მის შემცვლელ მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს, თუ ის ამ თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო, რა­ტომ გაგზავნეს პეტერბურგში დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებისათვის, როგორც საქართველოს ეკლესიის დელეგა­ციის მეთაური? ნუთუ არ სცხვენოდა უსახელო სტატიის ანონიმ ავტორს, როცა კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II რუსე­თის სინოდის ერთგულ მოხელეს უწოდებდა.18 რუსეთის სინოდის ერთგული სამსახურისათვის არ გადაასახლებდნენ კირიონს სანაქსარიის უდაბნოში ჟანდარმერიის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. რა შეიძლება ვუწოდოთ თუ არა ანარქიი­საკენ მოწოდება ჟურნალის სტატიას, სადაც პირდაპირ მოუწოდებენ მორწმუნე საზოგადოებას, სამღვდელოებას, არ დაემორჩილონ კათალიკოზ კირიონ II.[19] ჟურნალის კორესპონდენტები ცდილობდნენ კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ II საზოგადოების თვალში დაახასიათონ, როგორც უწიგნური, საეკლესიო ხუცურის უცოდინარი პიროვნება, "მირიანის კურთხევას დავესწარი დიდ ხუთშაბათს - წერდა გრ. ხერხეულიძე - მწირველი ბრძანდებოდა კათალიკოზი. თავის დრო­ზე მოართვეს წიგნი, რომ წაეკითხა შესაფერისი, მირონის საკურთხი ლოცვები... ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი, როცა ვხედავდი და მესმოდა, თუ როგორ ბორძიკობდა ყოველ სიტყვაზე პატრიარქ-კათალიკოზი, როგორ ჩერდებოდა სიტყვე­ბის ამოსაკითხავად და ბოლოს მრავალს მათგანს მაინც გადამახინჯებულ გადასხვაფერებულად ამბობდა".[20] კათალი­კოზი კირიონ II იყო გამოჩენილი მეცნიერი, მის ნაშრომებს პატივს სცემდნენ ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდ­რე ცაგარელი, ალ. ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და ასეთი ფართო დიაპაზონის მკვლევარ-ღვთისმეტვეყლი სახარების ტექსტს ვერ კითხულობდა? ეს ხომ აშკარა ცილისწამება იყო.

 

ცილისწამების კულმინაცია იყო ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია "კირიონ კათალიკოზის წირვა და სიონის წა­ბილწვა".[21] სტატიის ავტორი, რომელიც ჯაჭვაძის ფსევდონიმს იყო ამოფარებული, კატეგორიულად სვამდა საკითხს "დრო არის, კათალიკოზის თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს. მან საკმარისად შეგვარცხვინა მთელ ქვეყანა­ზეო".[22] ავტოკეფალიისათვის მედგარი მებრძოლი, ზნეობრივი და სულიერი სიკეთის განსახიერება უწმიდესი კირიო­ნი, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ ევროპაშიც, შემარცხვენელი კი არა, საამაყო იყო საქართველოს ეკლესიისათვის, მრევლისა და საზოგადოებისათვის. შეიძლება თამამად განვაცხადოთ, რომ ჟურნალის მიზანმიმართულმა ცილისმწამებლურმა, შეურაცხმყოფელმა სტატიებმა გარკვეულად იდეურად შეამზა­დეს ნიადაგი, რათა საქართველოს ეკლესიის მტრებს 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში ვერაგულად მოეკ­ლათ კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ II. ჟურნალში მხოლოდ ორი სიტყვით იყო გამოცხადებული, რომ კირიონ II გარდაიც­ვალა და იმავე ნომერში ახალ საკათალიკოზო კანდიდატზე დაიწყო მსჯელობა. გაზეთის რედაქცია მკრეხელობას სჩადიოდა, როცა დასცინოდა 1918 წლის 7 ივლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ბრწყინვა­ლე სიტყვას, რომელიც მან წარმოსთქვა განსვენებული კირიონ კათალიკოზის წესის აგებაზე. ჟურნალი ავითარებდა იმ მცდარ აზრს, თითქოს კათალიკოზმა "თავი მოიკლაო". მაშინ, როცა იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კათალიკოზ-პატრიარ­ქი კირიონ II მოკლულ იქნა წინასწარი განზრახვით და რომ მკვლელები შენიღბული მოქმედებისდა მიუხედავად, საზოგა­დოებისათვის იმთავითვე ცნობილი იყო.

 

ჟურნალი "ახალი სიტყვა" არა მარტო კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II ებრძოდა, არამედ მის მომხრეებსაც. ცილისწამე­ბას, შეურაცხყოფას, ჟურნალის ფურცლებზე ვერ გადაურჩნენ ვერც ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე და დეკა­ნოზი ნიკიტა თალაკვაძე. ჯერ იყო და ჟურნალში დაიბეჭდა ინფორმაცია, თითქოს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი თავს ანებებდა ეპარქიას და მონასტერში მიდიოდა საცხოვრებლად.[23] ცილისწამებით აღშფოთებული ქუთათელი მიტ­როპოლიტი ანტონი ჟურნალის რედაქციისგან მოითხოვს "ჭინჭრის" ფსევდონიმს ამოფარებული ავტორის ვინაობის გამჟღავნებას და პირდაპირ პოლემიკას. ჟურნალი მას მარტის ავტოკეფალისტს უწოდებდა, რაც სინამდვილეს არ შეეფე­რებოდა. ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. რაც შეეხება მარტის ხსენებას, ფაქტია, რომ 1917 წლის 9 მარტს (ძვ. სტილით ს.ვ.) დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ბინაზე ნამდვილად შედგა საიდუმლო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, სოსიკო მერკვილაძე, ალექსანდრე ლომთათიძე და ანტონ გიორგაძე. აქ გადაწყდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, მომხდარიყო 12(25) მარტს სვეტიცხო­ველში. აქვე შეიმუშავეს დამოუკიდებლობის აქტი. ამიტომ ანტონ გიორგაძის ეგზარქოს პლატონის მომხრედ გამოცხადე­ბა იყო მიზანმიმართული ცილისწამება.

 

რაც შეეხებოდა დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძეს, ჟურნალის რედაქცია მას ადანაშაულებდა საკათალიკოზო საბჭოში კათალი­კოზ-პატრიარქ კირიონ II აქტიურ მხარდაჭერასა და მისი გარდაცვალების შემდეგ საკათალიკოზო საბჭოს წევრების ცი­ლისწამებაში. რაც ასევე არ შეეფერებოდა სინამდვილეს.

 

ჟურნალი არაფერს ამბობდა, რა ბედი ეწიათ საკათალიკოზო საბჭოსა და სამღვდელოების იმ წარმომადგენლებს, რომელ­ნიც ერთგულად მხარში ედგნენ კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II. მარტყოფში მტარველის ხელით მხეცურად მოკლული კირიონ კათალიკოზის შემდეგ, 1918 წლის 18 სექტემბერს მოწამლეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, რომელსაც მტრებისგან მოსყიდულმა საკუთარმა სიძემ გვარად რედიგერმა ვერცხლისწყლი შეურია საჭმელში. ასევე მოკლეს 1918 წლის შემოდგომაზე მცხეთაში მირიან არქიმანდრიტი. საკუთარი სახლის წინ უცნობმა პირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე. საკათალიკოზო საბჭოდან გააძევეს დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე...

 

ჟურნალი "ახალი სიტყვა" უფრო მეტ პატივისცემას ამჟღავნებდა თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდისა და მისი მომხრეე­ბის მიმართ. ჟურნალი 1918 წლის პირველ ნომერში იტყობინებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში 14(27) იანვარს წმ. ნი­ნოს ხსენების დღის სადღესასწაულო წირვის შესახებ, სადაც "მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა მიტროპოლიტმა ლეონიდ­მა".[24] ხოლო კათალიკოზ-პატრიარქმა შესაფერისი სიტყვა თქვაო. როგორც სჩანს, ჟურნალის რედაქციას თვით უგრძვ­ნია ეს და იმ აზრების საწინააღმდეგოდ, რომ ჟურნალი თბილელი მიტროპოლიტის ინტერესების გამომხატველია, აცხა­დებდა, რომ "მიტროპოლიტ ლეონიდს არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდა და არ აქვს ჩვენს ჟურნალთან. თვინიერ იმისა, რომ ის ერთი ხელმომწერთაგანია".[25] ჟურნალმა დიდი როლი შეასრულა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რათა საეკლესიო კრების მოუწვევლად კათალიკოზის ტახტზე აეყვანათ თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდი. ამ მიზნით, არაერთი სტატია დაიბეჭდა, სადაც ავტორები მოითხოვდნენ შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინე­ბით, დაუყოვნებლივ მომხდარიყო ლეონიდის კათალიკოზ-პატრიარქად კურთხევა.

 

საკათალიკოზო საბჭომ 1918 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და მოსთხოვა ეპარქიებს წერი­ლობითი სახით გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული მასალებიდან ჩანს, ეპარქიების უმრავლესობამ გაიზიარა ეს თვალსაზრისი, თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა იმ აზრმა, რომელიც კრების გარეშე კათალიკოზ-პატრიარქად მიტროპოლიტ ლეონიდის კურთხევას უჭერდა მხარს.

 

ჟურნალში იბეჭდებოდა არაერთი სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის შიდა პრობლემებს. მაგალითად, ჯილდოების საკითხზე, ჟურნალის კორესპონდენტ ივანე ნაჭყებიას აზრით, გასაუქმებელი იყო "დეკანოზის", "იღუმე­ნის", "ბლაღოჩინის", "არქიმანდრიტის" ხარისხი. 1920 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებამ ზუსტად განსაზღვრა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო არქიმანდრიტი, ვინ დეკანოზი, დებულებამ მღვდელმთავრების გარ­და, სასულიერო პირებს აუკრძალა მიტრის ტარების უფლება. ჯერ კიდევ თბილელ მიტროპოლიტად ყოფნის დროს, ლეო­ნიდს "პრინციპიალურად არასასურველად მიაჩნდა" ყოველგვარი ჯილდოები, როგორც მეფის რუსეთის ხელისუფლების გავლენის გამოხატულება, ამიტომ მისი მამადმთავრობის დროს გაუქმდა ყველა სახის ჯილდო საქართველოს მართლმადი­დებელ ეკლესიაში.

 

ჟურნალში დიდი ადგილი ეთმობოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხებს. ჟურნალის რედაქცია გრძნობდა საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებს და აღნიშნავდა: "სამშობლო განსაცდელშია, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და თვით არსებობაც კი გადასავარდნზეა შემდგარი".[26] ჟურნალის რედაქცია გრძნობ­და ახალი რესპუბლიკა ეს ამიერკავკასიის ფედერაციის სახით იქნებოდა, თუ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლი­კის, ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა გარდაუვალი იყო, ამიტომ აუცილებელი ღონისძიებანი დაუყოვნებლივ უნდა გატარებულიყო. ჟურნალის აზრით, ამ გამოყოფით მოხდებოდა: 1) სამღვდელოების შემადგენლობის განწმენდა-დასუფ­თავება იმ არასასულიერო და ანტიეკლესიური ელემენტებისაგან, რომელიც ამ წრეში შემორიყა გაბატონებულმა სახელმ­წიფომ და 2) თავისუფალი ეკლესიის სამღვდელოების საზღვარგარეთისებურად ქონებრივი უზრუნველყოფა".[27] სამწუხაროდ, არ გამართლდა ჟურნალის რედაქციის ვარაუდი. მართალია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეკ­ლესია სახელმწიფოსაგან და სკოლა ეკლესიისაგან გამოყო, მაგრამ ეს გამოყოფა მოხდა რევოლუციურად, ეკლესიას ჩამოართვეს საეკლესიო ქონება: მიწები, სასულიერო სასწავლებლები. ფაქტობრივად გაძარცვეს იგი. ამის შესახებ კათა­ლიკოზ-პატრიარქმა, უწმიდესმა ლეონიდმა არაერთხელ მიმართა ნ. ჟორდანიას, მაგრამ მთავრობის მეთაურის დახმარება სიტყვიერ დაპირებას არ გასცდენია. ჟურნალი ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებულ "კანონპროექტს სასწავლებლებიდან სასულიერო პირთა განდევნის შესახებ". მისი მართე­ბული შენიშვნით "განვლენ დრონი. დღეს ზნეობრივად აწეწილი და პარტიებად დაქსაქსული ერი გონს მოვა და ჩვენშიაც, როგორც ყველგან და ყოველთვის, ასეთი მდგომარეობის შემდეგ შეიგნებენ ნამდვილ სამღვდელოების დიად ფასსა და მნიშვნელობას".[28]

 

ჟურნალში დაიბეჭდა საყურადღებო წერილები საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის ეპარქიის მღვდელმთავრების, უფლებამოსილების შესახებ. რედაქციის აზრით, კათალიკოზ-პატრიარქი არის პირველი თანასწორთა შორის და არა უპი­რატესი. საქართველოს ეკლესიაში ასე იყო 1927 წლამდე, ვიდრე ამ აზრების გამტარებელი თვითონ არ გახდა კათალი­კოზ-პატრიარქი და არ მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიის კოლექტიური მართვა-გამგეობის ორგანოს საკათალიკოზო საბჭოს გაუქმების შესახებ.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: ჟურნალმა "სვეტიცხოველმა", რომელიც სრულიად საქართველოს საკათალი­კოზოს ოფიციალური ორგანო იყო. დიდი როლი შეასრულა ავტოკეფალიააღდგენილი ქართული ეკლესიის როლის საზოგა­დოებაში გაცნობიერების თვალსაზრისით. რაც შეეხებოდა ოპოზიციურ ჟურნალ "ახალ სიტყვას", ჟურნალში გამოქვეყნე­ბულ სტატიებში ფსევდონიმებს ამოფარებულნი მიტრ. ლეონიდი, მღვდელი ილია შუბლაძე, დავით კაჭახიძე, ივანე ნაჭ­ყებია, ქრისტეფორე ციცქიშვილი, დავით დავითაშვილი და სხვები სამწუხაროდ, ტენდენციურად აშუქებდნენ საქართვე­ლოს ეკლესიის, საკათალიკოზო საბჭოსა და კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს. ტენდენ­ციურობა ზოგჯერ პირად შეურაცხყოფასა და ზღვარსგადაცილებულ თავხედობაში გადადიოდა, რაც საქართველოს ეკლე­სიის ავტორიტეტს ვნებდა. “ახალი სიტყვის” წარმომადგენლები მართალია, მომავალში ჟურნალს ვეღარ სცემდნენ, მაგრამ კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსისაც დაუპირისპირდნენ. ეს ჯგუფი საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის ლოზუნგით გამოდიოდა. მათ საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით სრუ­ლი განადგურებისაგან იხსნეს ეკლესია, მაგრამ მას დაუკარგეს თავდადებული მრევლის თანადგომა და დიდი სულიერე­ბა.

 

 

 

 

სერგო ვარდოსანიძე

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში

თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ვარდოსანიძე სერგო / საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1921 წლეებში